მთავარი როლი (რომანი) - გზაპრესი

მთავარი როლი (რომანი)

ცხოვრებაში პირველად შევხვდი ახალ წელს მარტო. არავის ნახვა არ მინდოდა, არსად წასვლა და არავისთან მხიარულება. ისეთი ბათქაბუთქი ატყდა ოცდათერთმეტში, ყურებზე ავიფარე ხელი. გულს მირევდა ეს საშინელი ხმაური და პეტარდებით განათებული ცაც, ხელისგულივით რომ მოჩანდა ჩემი ბინის ფანჯრებიდან. ადრე მიხაროდა ახალი წლის დადგომა, ორი-სამი კვირით ადრე ვემზადებოდი, ახლა კი... როგორც ჩანს, კიდევ ერთი ეტაპი გავიარე ჩემს უღიმღამო ცხოვრებაში და სხვა ხანაში გადავედი - დადინჯების და სერიოზული ჩაფიქრების ხანაში. როგორც ჩანს, მომიწევს ღირებულებების გადაფასება, სხვა თვალით უნდა შევხედო მოვლენებს და საგნებს, გეგმა უნდა შევადგინო და მთელი ძალისხმევით მივხედო ჩემს პირად ცხოვრებას. გული გამიწყალეს - რატომ არ თხოვდები, რატომ არავინ გყავს, პატარა ხომ არა ხარ, დროა, ოჯახის შექმნაზე იფიქრო, - და ასე შემდეგ. გარკვეულად, მართლებიც არიან ალბათ ჩემი მეგობრები. დრო ხომ გადის. არა, დრო კი არ გადის, ჩვენი ცხოვრება გადის, გადის და ამოკლებს ჩვენს სიცოცხლეს.

ისე, დრო სიზმარში უფრო მარდია, ვიდრე ცხადში. ფიქრებშიც ბევრად სწრაფია. ფიქრისას დრო შეგიძლია მართო კიდევაც, ხან წარსულში გადაისროლო, ხან - მომავალში. კარგი მხედარი თუ ხარ, შეგიძლია, მერანივით გააქროლო წინ და უკან ან ადგილზე აცეკვო. აი, რეალურ ცხოვრებაში კი დრო არავის ემორჩილება. ის ყველას ერევა, უმართავია და ისე მიდი-მოდის, არავის გვეკითხება, გვაძლევს თუ არა ხელს მისი უთავბოლო გარბენა-გამორბენა.

აი, გუშინ კიდევ ერთხელ გადაიწია სამყაროს პატარა ისარმა ციფერბლატზე და ახალი წელი დადგა. ჩემს დროს უზარმაზარი ისარი ზომავს, თითქოს წამების დათვლას საერთოდ არ კადრულობს და პირდაპირ საათიდან საათს ახტება წვეტიანი ისარი. ამასობაში ასაკმა ისე მომიკაკუნა, თვალის დახამხამება ვერ მოვასწარი. არ გეგონოთ, მთლად ბებერი ვარ. არა, ჯერ სულ რაღაც ოცდაექვსი წლის ვარ, თუმცა ვიღაცისთვის ეს ასაკი საგანგაშოა, კრიტიკული. თურმე ახლა თუ არ გავთხოვდი, მერე ძალიან გამიჭირდება. თურმე, ვიღას ენდომება ოცდაშვიდი და მეტი წლის გოგოსთან უღელში შებმა?!. მეცინება. ორმოცდაშვიდი წლის ქალებიც მინახავს, რომ გათხოვილან და ორმოცდაჩვიდმეტისაც. გააჩნია, როდის ჩამოიქროლებს ისარმომართული ამური თუ ეროსი შენს ფანჯრებთან და ზუსტი გასროლით შეგაქანებს - დროა, ქალბატონო, შენი გათხოვების დროა, ბედი კარს მოგადგაო. არადა, როგორც მეგი ამბობს (ჩემი სამიდან ერთ-ერთი დაქალი), ისე გაღარიბდა სიყვარული, კარდაკარ დადის და მოწყალებას ითხოვსო.

ჰოდა, აი, აღარ ვფიქრობ დროზე. მე მას გამოვეცალე და... ვიწყებ თავიდან!

მონიტორს თვალი მოვაცილე და მოსაწვევ ბარათს, რომელიც გვერდით მედო, კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი. მეგი თხოვდება და ქორწილში მეპატიჟება. ძალიან გავევროპელდით ეს ქართველები. ჩვენი საქორწილო ტრადიციები ნელ-ნელა ევროპულ რელსებზე გადადის. ისე, არ დავმალავ და, ბევრი რამ მეც მომწონს კათოლიკური ქორწინების წესებში, მაგრამ - არა ყველაფერი. ძალიან ლამაზი ცერემონიალია ჩვენებური ჯვრისწერა. თავზე დაგადგამენ გვირგვინს, დადიხარ წრეზე ხელში ანთებული სანთლით და თვალები გიბრწყინავს... სამაგიეროდ, მოდიდან ყველაზე ლამაზი სცენა გადავიდა - გახსოვთ ალბათ, სიძე-პატარძალი გადაჯვარედინებული ხმლების ქვეშ რომ გაივლიდა. ხომ გახსოვთ? მეც მახსოვს, თუმცა ახლა ასე აღარ ხდება. ახლა კათოლიკეებს ვბაძავთ. აქაც მოდური გახდა ქორწილამდე ქალების ცალკე და მამაკაცების ცალკე ქორწილისწინა ღამის გატარება. მეცინება. მაგარი ხამები ვართ ქართველები, მოგვინდა ევროპელებივით ცხოვრება. ისე, ცხოვრება ყველგან ერთნაირია, უბრალოდ, მას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირად ფუთავენ.

ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გამიგრძელდეს, მეგი თხოვდება. იგი ერთადერთი გაუთხოვარი დაქალია ჩემს სამ მეგობარს შორის. ლილი და კატო უკვე გათხოვილები არიან. ჩემზე აღარაფერს ვამბობ, უკვე იცით, რომ ჯერ კიდევ ბედის მაძიებელი ვარ.

კიდევ ერთხელ გადავიკითხე მოსაწვევი ბარათის ტექსტი. ოქროსფერი საღებავით გამოყვანილი ასოებით შედგენილი წინადადება განაჩენს ჰგავდა, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარება. ჯვრისწერაზე მეგობარ მამაკაცთან ერთად ვარ მიპატიჟებული. ჰო, ჰო, ნუ გეღიმებათ. ზუსტად ასე წერია - "გეპატიჟებით მეგობარ მამაკაცთან ერთად". და ასე რომ არ მოვიქცე, წასულია ჩემი საქმე, სამივე დაქალს ერთ დღეს დავკარგავ. წარმომიდგენია, როგორ მჭორავენ ახლა სამივენი და დამცინიან. რა "შტუკა" მოვუწყვეთ ელენეს, ზის ახლა ალბათ სასოწარკვეთილი და თავს იმტვრევს იმაზე ფიქრით, ასე უცებ სად იპოვოს პოტენციური საქმროო. ვერ მოგართვით, გოგოებო! ვიცი, როგორც უნდა მოვიქცე და ისეთ "შტუკას" გაგიკეთებთ, ღრმა სიბერემდე რომ არ დაგავიწყდებათ!

უკვე მოვიფიქრე, როგორ უნდა მემოქმედა, მაგრამ მაინც ვაჭიანურებდი ამ უსიამოვნო მომენტს. არა, არ ავალაპარაკებ ამ საყვარელ მაიმუნებს, ჩემს საუკეთესო დაქალებს, და ისე მოვაწყობ, რომ ჩემს გამოჩენაზე, უფრო სწორად, ჩვენს გამოჩენაზე პირი დააღონ.

როგორც იქნა, თავს ძალა დავატანე და ლეპტოპი გავხსენი. ეს მხოლოდ გართობაა, სხვა არაფერი, - ვიმშვიდებდი თავს, სანამ ჩემი თითები კლავიატურაზე დარბოდა და მამაკაცებს ათვალიერებდა. დალოცოს ღმერთმა ეს "ფეისბუკი": რომ არა სოციალური ქსელები, განცხადების გამოქვეყნება მომიწევდა გაზეთში, დაახლოებით ასეთი ტიპის - "ვარ ლამაზი, კეთილი, პატიოსანი ქართველი ქალი. ოშმ-ით (ოჯახის შექმნის მიზნით) ვეძებ ასეთ და ასეთ მამაკაცს და ასე შემდეგ. რა საზიზღრობაა! მოდი და, სიმწრით ნუ გაგეცინება.

აქ კი, "ფეისბუკში", სულაც არ გჭირდება მსგავსი განცხადების გამოქვეყნება. მთავარია, ლამაზი იყო, კარგი ფოტოები გედოს და დამაინტრიგებელი სტატუსები გამოამზეურო. მერე რა, თუ ფილოსოფოსებს მოჰპარავ და შენად გაასაღებ?! მაგას ვინ უყურებს? მნიშვნელოვანი ისაა, რომ ძლიერი სქესის ყურადღება მიიპყრო, თორემ ძალიან არ მიხვდნენ, ვისი გამონათქვამები მიითვისე. ჭირივით მეზარება ახლა კაცის ძებნა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვეს ამ მატრაკვეცებმა.

წერილებს გადავხედე. ცამეტი კაცი მწერს, თანაც ცამეტივე - სისულელეს. როგორ გინდა, ამდენ უაზრო თაყვანისმცემელში ღირსეული კანდიდატურა შეარჩიო? არადა, ხვალ სამსახურში უნდა გამოვცხადდე. მერე რა, რომ ბედობაა და წესით, უნდა ვისვენებდე. ჩემს უფროსობას სულაც არ აინტერესებს, რის დაბედებას ნატრობენ თანამშრომლები. ისე, კარგი სამსახური მაქვს. მომწონს. კულტურული პროგრამების კოორდინატორი ვარ. ყოველი ახალი ღონისძიების დაგეგმვისას იმაზე ვფიქრობ, რა გავაკეთო საინტერესო, რომ მოწვეული სტუმრები აღვაფრთოვანო. ახლაც ამაზე უნდა ვფიქრობდე, სასიძოებს კი არ უნდა დავეძებდე სოციალურ ქსელში.

პირველივე წერილის ავტორის გვერდზე გადავედი, რომელიც მხოლოდ ერთ სიტყვას მწერდა - "გამარჯობა". მამაკაცმა მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება - სასიამოვნო სახე, მომხიბვლელი ღიმილი... და მეტი არაფერი. სამწუხაროა, მაგრამ ეს საყვარელი ბიჭი არ გამომადგება. მე სუპერმენს ვეძებ. ტყუილად გეცინებათ. მინდა, ისეთ მამაკაცთან ერთად გამოვცხადდე ჩემს დაქალებთან, რომ შურით გასკდნენ. ეს ხომ მხოლოდ თამაშია, მე ხომ რეალურად არ ვეძებ საქმროს? ჰოდა, რადგან ასეა, კარგი მაინც ვიპოვო ვინმე, ზედმეტად კარგი.

ცამეტივე წერილი გადავიკითხე, ფოტოები შევათვალიერე და შევღონდი. მათგან არც ერთი არ გამომადგებოდა იმ როლისთვის, რომელიც "ჩემს კაცს" უნდა ეთამაშა. იგი თავდაუზოგავად უნდა შესჯიბრებოდა "მექორწილე ფანატებს" - ლილის, კატოს და მეგის. ჩემთან ერთად უნდა ევლო ქორწილამდე გამართულ ყველა საღამოსა თუ პიკნიკზე. რა დამამცირებელი ტრადიციაა, შეურცხვათ ცხვირი ამ ევროპელებს! თავი ჩავქინდრე და ხელები კეფაზე შემოვიჭირე. მერე თვალდახუჭული გადავწვდი სიგარეტის კოლოფს და ბოლო ღერი ამოვიღე. მორჩა, დღეის შემდეგ აღარ ვეწევი. ამ მავნე ჩვევას ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავემშვიდობო. რაღა სიგარეტს მოვაკვლევინო თავი! ის არ მეყოფა, უკაცობა რომ მკლავს? სულაც არ გამიჭირდება მოწევაზე უარის თქმა. მთავარია, ერთხელ ვთქვა რამეზე, არა-მეთქი, და - მორჩა, ვერავინ გადამათქმევინებს. ძალიან პრინციპული ვარ. ამასობაში სიგარეტის კვამლი ტალღასავით იშლებოდა ჰაერში და მაღლა მიიწევდა.

თვალწინ დამიდგნენ ჩემი დაქალები. ბოლო დროს ისინი აღარ მახსენებენ, რომ მამაკაცი მჭირდება, რომ გაუთხოვარი არ უნდა დავრჩე, მაგრამ ეს რა შეღავათია ჩემთვის? განა ვერ ვხედავ მათ თანაგრძნობით სავსე მზერას, შესაბრალისი თვალებით რომ მიყურებენ, რაც უარესია, ვიდრე წარამარა შეჩიჩინება. ის კი არა, როცა რომელიმესთან სტუმრად მივდივარ, აუცილებლად დამახვედრებენ ხოლმე ვინმეს, თავიანთი ქმრის რომელიღაც ძმაკაცს, და მიმიზნებენ, ნახე, რა კარგი ბიჭია, შენთვისაა ზედგამოჭრილი, ძალიან მოუხდებით ერთმანეთსო. ხანდახან მეჩვენება, რომ შუბლზე ტაბლოსავით მაწერია ორი გამანადგურებელი სიტყვა - "უიმედო მარტოხელა".

ნამდვილად სტრესში ვარ, შეიძლება გავგიჟდე ამათი გადამკიდე. სულ მაინტერესებდა, როდის უფრო იყვნენ ადამიანები სტრესში, უქმე თუ სამუშაო დღეებში, და ახლა აღმოვაჩინე, რომ უქმე დღეები პირდაპირ მისწრება ყოფილა სტრესისთვის. როცა მარტო ხარ და სერიოზული საფიქრალი გაქვს, თან გამოსავალს ვერ პოულობ, ეგრევე სტრესში ვარდები. სამსახურში კი რამეზე მაინც გადაერთვები, ვიღაცას დაელაპარაკები და გულს გადააყოლებ. თუმცა, ვისთვის როგორ. ზოგს ისეთი დაძაბული სამუშაო აქვს, სახლში უფრო პოვებს შვებას, სიმარტოვესა და სიჩუმეში.

ისე, მართალი არიან ჩემი გოგოები. ასე გაგრძელება ნამდვილად სიგიჟის ტოლფასია. აუცილებლად უნდა შევიცვალო ცხოვრების წესი. აწი ძველებურად აღარ გაგრძელდება. აი, მეგის ქორწილში თვალისმომჭრელ მამაკაცთან ერთად გამოვცხადდები და ყველას თვალს დავუყენებ. მეგი ყველაზე მეტად განიცდის ჩემს სიმარტოვეს, ამიტომაც შევპირდი, საზეიმო განწყობილებას არ ჩაგიშხამებ და კაცთან ერთად გესტუმრები-მეთქი. კიდევ კარგი, ეს იქნება ბოლო ქორწილი, სადაც მეჯვარის როლს შევასრულებ, ამიტომ მცდელობად ღირს. მერე იქნებ მართლა შევუდგე ცხოვრების თანამგზავრის ძებნას. ვაღიარებ, პატარა აღარ ვარ, დროა, მეც მოვეკიდო ოჯახს.

იმდენად დამღალა ძებნის პროცესმა, თვალები მეტკინა. ავდექი, გავიზმორე, სხეული დავჭიმე და ფანჯარა გამოვაღე. მეორე დღეა, ბარდნის და ბარდნის. ფანტელები შემაშფოთებლად უხვად ცვივა მიწაზე. ცა თოვლით ისე დამძიმებულა, გეგონება, საცაა, თავზე ჩამოგემხობაო. დღისით მიყვარს ასეთი ცის ყურება. აიხედავ მაღლა და უყურებ, როგორი ჭუჭყისფერია ცის თაღი. უხვი ფანტელები სახეზე გეცემა და რაც უფრო დიდხანს უყურებ, მით უფრო გეჩვენება, რომ ჰაერში იწევი და მაღლა და მაღლა ადიხარ, ჭუჭყისფერი ცისკენ. ეს ერთადერთი სასიამოვნო პროცესია ჩემთვის ზამთარში, რომელსაც ვერ ვიტან თავისი სიცივით, ყინვით, თოვლით, თეთრი მთვარით და ვერგამთბობი მზით.

ფანჯარა დავხურე და ისევ ლეპტოპს მივუბრუნდი. ყველა პრეტენდენტი, თითქოს პირი შეკრესო, ერთსა და იმავეს მიმეორებდა - გავიცნოთ ერთმანეთი, შენი მობილურის ნომერი მომეცი, რა ლამაზი ხარ, არ გინდა შევხვდეთ?.. მე კი არც ტელეფონის ნომრის მიცემა მინდა, არც შეხვედრა, არც მათთან გასეირნება და საერთოდ... არ მინდა ის, რაც მათ შეფარვით უნდათ - ჩემთან სექსი. დიდი მადლობა! საშინელი სამყაროა ეს ვირტუალური. აქ ყველას ყველაფრის უფლება აქვს, რაც უნდათ, იმას მოგწერენ, წარბს არ შეარხევენ ისე. თავხედურად მიგითითებენ ლოგინისკენ და არც შეგეკითხებიან, ისე ურცხვად მოინდომებენ შენს საწოლში ჩაგორებას. ჩემი სოცქსელური კონტაქტი ბოლო დროს სპორტის სახეობას დაემსგავსა. მამაკაცები თითქოს ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს, პირველი რომელი "მომჩანგლავდა". მე კი ვეძებ მამაკაცს, რომელიც დამთანხმდება, მოკლე დროით ჩემი კავალერი გახდეს, არც მეტი, არც ნაკლები.

ჩემი სამსახურის გადამკიდე, ისედაც ხშირად მიწევს ინტერნეტთან ურთიერთობა. ახლა კი სპეციალურად ჩავუჯექი სასურველი კანდიდატურის ძებნის მიზნით. ამ საყოველთაო ობობას ქსელში დავიჯერო, ერთი კაცი არ გამოჩნდება, რომელიც ჩემს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს?

ბოლო ხანებში ექვსჯერ მაინც ვიყავი პაემანზე. აქ გაცნობილ კაცებს შევხვდი. რა მექნა, პოტენციურ საქმროს ვეძებდი. ამაოდ. მოლაპარაკებულებივით ყველას ერთი მიზანი ჰქონდა - სექსი, სექსი და სექსი. ჩემი ამოცანა, თავბრუდამხვევად სიმპათიური მამაკაცი მეპოვა, უფრო და უფრო შეუსრულებელ მისიად მეჩვენებოდა. ყველა შანსი უკვე ნულს გაუტოლდა. ჩემს სარწეველა სავარძელში გადავქანდი და ნესტოებთან გამოჟონილი ოფლი მოვიწმინდე. სწორედ ამ დროს ჩემი მზერა საკუთარი "ფეისბუკის" გვერდის მარჯვენა მხარეს მისწვდა, სადაც რამდენიმე ფოტოა ხოლმე გამოტანილი და წერია: "შეიძლება, მათ იცნობდეთ". ავატარზე დავაწკაპე და ერთი საინტერესო უცნობის გვერდზე გადავედი. რაღა უცნობი... იმდენად ნაცნობი და ახლობელი სახე გამომიტანა მონიტორმა, ოხვრა აღმომხდა. მოცინარი ცისფერი თვალები, ქარიზმატული ღიმილი, ლოყებზე ფოსოები, რაც პატარა, ეშმაკუნა ბიჭს ამსგავსებს. მინდოდა მომნუსხველი მამაკაცი? - ვიპოვე კიდევაც. პრობლემა ის იყო, რომ ბიბი კოკაიას ეჭვი არ ეპარებოდა თავის მომნუსხველობაში. ამაზე უარესი კი ის იყო, რომ მან იცოდა, როგორ მოქმედებდა პირადად ჩემზე მისი მომნუსხველობა. შეგნებულად არ მივაშტერდი მის ჟრუანტელის მომგვრელ ღიმილს და თვალი მხოლოდ სტატუსზე შევაჩერე: "სარეკლამო სფეროს გამოცდილი ტოპმენეჯერი ამერიკიდან დაბრუნდა! დაგიმტკიცებთ, რომ არ შემცდარხართ, წარმატება გარანტირებული გექნებათ!" აი, განცხადება! აი, თავის შეთავაზება! ვიცოდი, ნიუ-იორკში რომ ცხოვრობდა წლების განმავლობაში. მგონი, სწავლობდა კიდევაც იქ. მიიღებდა გამოცდილებას, აბა, რა. თან ასეთი გარეგნობის კაცი არსად დაიკარგება, მით უმეტეს, ჭკვიანიც თუ არის. კიდევ ერთხელ შევხედე ფოტოსურათს. საერთოდ არ მეჩვენა შეცვლილი - ისევ ისეთივე თავდაჯერებული, ამბიციური, ქარიზმატული ჩანდა.

ერთხანს მეგონა, რომ გამოვიმუშავე მისი მომხიბვლელობის საწინააღმდეგო იმუნიტეტი, მაგრამ აი, დადგა მომენტი და მივხვდი, როგორ ვცდებოდი. გამახსენდა ერთი საღამო. ჩემს ძმას, ტეტეს, ოცდაერთი წელი შეუსრულდა და დაბადების დღე დიდი ამბით აღნიშნა. სწორედ იმ საღამოს მივიღე გადაწყვეტილება, ახალი ცხოვრება დამეწყო. იმ დღიდან მოყოლებული, მართლაც ბევრი რამ "გადავიკეთე" - შევიცვალე გარეგნობა, ხასიათი, გავხდი უფრო თავდაჯერებული, მოწესრიგებული და, საერთოდ, სულ სხვა ადამიანად ჩამოვყალიბდი. ბიბის მადლიერიც კი უნდა ვიყო ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ცხოვრებაში პირველად სწორედ მასთან ვიგრძენი თავი მიმზიდველ ქალად. იმ დასამახსოვრებელ საღამოს, ტკბილ მოგონებად რომ იქცა, ბიბი მეფლირტავებოდა, მზრუნველად მევლებოდა თავს და ყურადღებას არ მაკლებდა. მაგრამ როგორ უნდა მეპატიებინა მისთვის ის, რაც შემდეგ მოხდა? ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა, როგორც არასდროს, ძალიან მინდოდა, "მისტერ ამბიციურობას" ვენახე. ამის გაფიქრებაზე ისე შევკრთი, მხრებში გავიშალე და "მაუსი" ხელიდან გავაგდე, თითქოს ცეცხლი წამეკიდაო. ცუდი, ძალიან ცუდი იდეაა ეს.

მეორე მხრივ, მე მჭირდება კავალერი, ყველაზე მომნუსხველი და სექსუალური კავალერი მთელ პლანეტაზე. ისეთი, რომლის დანახვაზე ჩემი დაქალები დარწმუნდებიან, რომ ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რიგზეა. განა რა, განა არ შემიძლია, ამისთანა "ცხელ" ბიჭებთან რომანი გავაბა, ამისთვის ყველანაირი მონაცემი მაქვს, მაგრამ, უბრალოდ, არ მინდა.

ელენე, - შევძახე ჩემს თავს, - არ დაგავიწყდეს, ვისზეა ლაპარაკი. ეს ხომ მოუხელთებელი მისტერ ბიბია! ის არ იყო, თავს რომ გაწონებდა? მან არ გამოიყენა მოხიბვლის ყველა ხერხი, არსებული თუ არარსებული, რომ ეჭვი არ შეგპაროდა მის გულწრფელობაში? და როცა მისი მომხიბვლელობის ტყვე გახდი, სწორედ მაშინ არ გატრიალდა და წავიდა? ეს ის არ იყო, რომელმაც შუა გზაზე მიგატოვა ისე, რომ უკან არ მოუხედავს?!

მაგრამ ეს ყველაფერი იყო იქ და მაშინ. ახლა სხვა საქმეა. ახლა აქ ვარ და სხვა დროა. დაე, ნახოს და დარწმუნდეს, როგორ შევიცვალე.

შენ რა, სიამაყე საერთოდ აღარ შეგრჩა? - ჩამძახოდა ჩემი მეორე "მე". - არ იფიქრებს ბიბი, რომ ისევ ისეთივე უიმედო მარტოხელა ხარ და დროებით კავალერს ეძებ? იტყვის, შემომიჩნდა ეს გოგო, რაღაც უნდა, რომ გაიჩალიჩოსო. ან უარესი - იფიქრებს, რომ ისევ ხარ მასზე შეყვარებული.

არა, სულაც არ ვფიქრობ ასე. ეს იქნება ნამდვილი საქმიანი გარიგება და - სხვა არაფერი. რა, არ შეიძლება, გარიგება დადო ადამიანთან? წამითაც არ დავუჯერე ჩემს ცნობიერებას, სადაც მეორე ელენე იყო ჩასახლებული და ჯიუტად ჩემსაზე დავდექი. ბიბი ყველა პარამეტრით აკმაყოფილებდა ჩემს კრიტერიუმებს - სიმპათიური, ლამაზიც კი, წარმატებული, მომხიბვლელი, სწორედ ერთი იმათგანი, ვისაც ქალები ყოველთვის ხარბი მზერით აცილებენ. მასთან ერთად თუ გამოვჩნდები, ერთხელ და სამუდამოდ დავარწმუნებ ჩემს მეგობრებს იმაში, რომ მეც შემიძლია ყველაზე სასურველი მამაკაცის გულის მონადირება და თუ აქამდე არ ვაკეთებდი ამას, მხოლოდ კარიერის გამო.

თითებს ვაკაკუნებდი მაგიდაზე და ვაანალიზებდი სიტუაციას. ფაქტობრივად, არჩევანის საშუალება არც მქონდა. სოციალურმა ქსელმა ვერ შეძლო ჩემთვის მისაღები კანდიდატურის შემოთავაზება, ამავდროულად, მონიტორიდან იდეალური მამაკაცი ქარიზმატული ღიმილით მომჩერებოდა.

მობილური მოვიმარჯვე. ერთმა უბრალო მოძრაობამ, რასაც ტელეფონის ხელში აღება ჰქვია, ჟრუანტელი მომგვარა, მთელი სხეული ამიკანკალა. მობილური ცივად დავაბრუნე თავის ადგილზე.

დაუჯერებელია: რაც უფრო დიდხანს ვაკვირდებოდი ბიბის ცისფერ თვალებს, მისი მგრძნობიარე ტუჩების მოყვანილობას, ოდესღაც კინაღამ რომ შეეხო ჩემს ტუჩებს, მით უფრო უიმედოდ მეჩვენებოდა სიტუაცია. იმ დაუვიწყარ ღამეს ჩვენ შორის ნაპერწკალი გაკრთა და თუმცა ყველაფერი ცუდად დამთავრდა, ვერ დავივიწყე. არაფერი ისე არ უბრუნებს თურმე ადამიანს თავდაჯერებულობას, როგორც ახალგაზრდობის გახსენება. მე შევძელი, როგორღაც გადამეხარშა ის იმედგაცრუება, რომელიც მაშინ დამეუფლა და ჩემდა სასარგებლოდ, სრულიად სხვა ადამიანი გავხდი. კარგი იქნება, ჩემი ახალი იმიჯის დემონსტრირებას მის თვალწინ თუ მოვახდენ, რათა ბიბი მიხვდეს, რამდენი რამ დაკარგა... მაგრამ სათქმელად ადვილია, გასაკეთებლად კი - ძნელი. ვხვდებოდი, რომ რისკზე მივდიოდი. რვა წლის გასვლის შემდეგ სულაც არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მოზარდობის გატაცება გადალახული მქონდა. თითქოს ყველაფერი მქონდა, ამბიციური რომ გამოვჩენილიყავი, - ჩემი გარდერობი სავსე იყო სახელობითი ტანსაცმლითა თუ ფეხსაცმლით, წარამარა ვიცვლიდი ვარცხნილობას და მუდამ სხვადასხვანაირად გამოვიყურებოდი, ვმართავდი ბრწყინვალე პრეზენტაციებს და ყოველთვის ქებასა და მოწიწებას ვიმსახურებდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სულის სიღრმეში დაურწმუნებლობის მცირე ნაწილაკი მაინც მრჩებოდა - ვაითუ შემომხედოს და ეგრევე გატრიალდეს, ვერც კი შემამჩნიოს, როგორც ეს ერთხელ უკვე გააკეთა, მერე რა ვქნა? სად წავიდე მერე?

გეგმა, მთავარი გეგმაა, კარგად გაწერილი, გონივრულად მოფიქრებული მოქმედების გეგმა, რომელიც ყველა წვრილმანს გაითვალისწინებს და მხოლოდ ემოციებზე არ იქნება აგებული. ახლავე დავჯდები და მოვიფიქრებ, რა სახის სატელეფონო საუბარი უნდა შედგეს ჩვენ შორის. ამჯერად ყველაფერი ჩემზე იქნება დამოკიდებული.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სვეტა კვარაცხელია