მთავარი როლი (ნაწილიIII) - გზაპრესი

მთავარი როლი (ნაწილიIII)

შევცქეროდი ბიბის და თვალს ვერ ვაშორებდი. მის სახეს ეგრევე ფანტაზიების სამყაროში გადავყავდი. ლამაზი მირაჟების შექმნა ყოველთვის მეხერხებოდა, რაც მერე და მერე ძალიან დამეხმარა ჩემს საქმიანობაში, ამიტომაც მიმიჩნევენ ღონისძიებების საუკეთესო სპეციალისტად. მაგრამ ახლა ჩემი ფანტაზიები აშკარად ეროტიკული ხასიათის იყო, რაც სინდისის ქენჯნასაც კი მგვრიდა, რადგან ბიბისთან საქმის გამო ვიყავი მოსული და არა - გასართობად. არადა, ეს კაცი ნებისმიერი ქალის ოცნებას ასახიერებდა თავისი გარეგნობით. საკმარისი იყო, შეგეხედათ მისი მოღიმარი თვალებისა და საკოცნელად შექმნილი ტუჩებისთვის, რომ გული შეგტოკებოდათ. პერანგის მიღმა დამალული ფართო მხრები და სანთელივით ჩამოქნილი წვრილი, გრძელი თითები აუცილებლად აღუძრავდა ნებისმიერ ქალს სექსუალურ ფანტაზიებს. წამით მეც კი წარმოვიდგინე მისი თლილი თითები ჩემს შიშველ ზურგზე და იმხელა ნერწყვი გადავაგორე, ხელისგული მივიფარე ხორხზე, ბიბი არ მიმიხვდეს-მეთქი.

დიახ, ასეთი "დაცემა" მამაკაცი მჭირდებოდა ჩემი დაქალების გულის მოსაგებად. ბიბი, როგორც არავინ, საუკეთესოდ ერგებოდა ამ როლს, თუ, რა თქმა უნდა, შევძლებდი, უკუმეგდო ის სულელური ოცნებები, ხანდახან უსირცხვილოდ რომ გამკრავდა გულში, - რეალურადაც სიამოვნებით შევხვდებოდი მას და სერიოზულ ურთიერთობაზეც არ ვეტყოდი უარს.

პაემანზე იშვიათად დავდიოდი, თუ არ ჩავთვლით იმ ბოლო ექვს შეხვედრას, მთავარი როლისთვის რომ ვეძებდი საუკეთესო მამაკაცს. მიმაჩნდა, რომ პაემანი, საუკეთესო შემთხვევაში, ძალზე დამღლელია, უარეს შემთხვევაში კი - მომაკვდინებლად მოსაწყენი. მამაკაცებს ნერწყვი მოსდიოდათ ჩემს დანახვაზე და ერთი სული ჰქონდათ, როდის გამიცნობდნენ, მერე კი ყირაზე დგებოდნენ, ოღონდ კი თავი მოეწონებინათ. ზოგიერთები კი აშკარად ჩემს გამოყენებას ცდილობდნენ. იცოდნენ, რომ წარმატებული ბიზნესლედი ვიყავი და სერიოზული კავშირები მქონდა.

ცხოვრებაში სამი ხანმოკლე რომანი გამოვიარე, თითოეული ორ თვეზე მეტხანს არ გაგრძელებულა. როცა ვხედავდი, რომ ურთიერთობა სერიოზულ ეტაპზე უნდა გადასულიყო, ეგრევე უკან ვიხევდი. იმიტომ არა, რომ ხანგრძლივი ურთიერთობის წინააღმდეგი ვიყავი, უბრალოდ, ვგრძნობდი, რომ ჯერ არ შევხვედროდი იმ ერთადერთსა და განუმეორებელს. ამიტომაც, "გაპრანჭულ" საღამოებს, სადაც თვალებით ფლირტაობა და შებმა-დაკერვის პროცესი ყველასთვის წარუმატებლად მიმდინარეობდა, შინ მყუდროდ ჯდომა და მარტოობა მერჩივნა. მაგრამ ახლა, როცა უკვე მეგის გათხოვების დრო დადგა და ერთადერთი გაუთხოვარი თუ გასათხოვარი დაქალი ვრჩებოდი, სერიოზულად დავფიქრდი საჭირბოროტო საკითხზე - ნუთუ, იმხელა ბედნიერებაა წარმატებული ბიზნესლედობა, რომ მარტოხელობას ვამჯობინებ?

ბიბი აუჩქარებლად სვამდა თავის ყავას, თითქოს დროის მოგებას ცდილობსო. ალბათ უნდა, რომ ვინერვიულო. წამით იმანაც კი გამიელვა გონებაში, ნეტავ, საერთოდ არ დამერეკა და ძებნა ისევ ინტერნეტში გამეგრძელებინა-მეთქი! უფრო იოლია ფოტოების თვალიერება, ვიდრე ასე პირდაპირ უყურო ამ სასწაულებრივი ცისფერი თვალების დაჟინებულ გამოხედვას.

როგორც იქნა, ბიბი ყავის სმას მორჩა და საზურგეზე გადაწვა, ფეხებგაჩაჩხული. ასე კიდევ უფრო სექსუალური გამოჩნდა. ჩემდა უნებურად, ირგვლივ მიმოვიხედე, სხვა ქალების რეაქცია მაინტერესებდა. რამდენიმე წყვილი თვალი მართლა ჩვენ მოგვჩერებოდა, თანაც - მართლა ქალების, ოღონდ არა - ჩვენ, არამედ - ბიბის, და ისე ხარბად ავლებდნენ მზერას, რაღაც მომენტში დავიბოღმე კიდეც.

- იქნებ უფრო დაწვრილებით მიამბო, რას საქმიანობ და, საერთოდ, რაში გამოიხატება შენი საქმიანი კონტაქტები?

ღიმილი ვერ შევიკავე. ის ჩემში სარგებელს ეძებდა, ეს აშკარა იყო.

- კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი ვარ, - მოკლედ მოვუჭერი.

ამწუთას თამაშმა ჩემს მინდორზე გადმოინაცვლა. მხოლოდ ცივი ობიექტური ფაქტები უნდა გადმომელაგებინა, რათა მისი ინტერესი ამით უფრო გამეღვივებინა და მეტი შთაბეჭდილება მომეხდინა. რაც უფრო იდუმალი რჩება ქალი, მით უფრო მეტ ყურადღებას იჩენენ მამაკაცები მის მიმართ. ეს კარგად მქონდა ათვისებული. დარწმუნებული ვიყავი, ჩემი საქმიანი ალღოს თავის სასარგებლოდ გამოყენების შანსს ბიბი ხელიდან არ გაუშვებდა. ჩემთან ურთიერთობით მას მართლა ეძლეოდა შესაძლებლობა, ცნობილ ბიზნესმენებთან დაემყარებინა კონტაქტი. ეს ნამდვილად შემეძლო, არ ვიტყუებოდი.

- გსმენია "ტენგოლკომპანიის" შესახებ რამე? - შევეკითხე.

- სპორტული საქონლის კომპანია?

- სწორედ ის.

იმისთვის, რომ დრამატული ეფექტი გამეძლიერებინა, პაუზა გავაკეთე. ამის აუცილებლობა, რა თქმა უნდა, არ იყო, რადგან ნებისმიერი ადამიანი ისურვებდა თენგო კირვალიძის გაცნობას, რომელიც ამ კომპანიის დამფუძნებელი გახლდათ.

- თენგოს ძალიან კარგად ვიცნობ, ჩემი ახლობელია. ანუ, სწორედ იმ დაქალის საქმროა, რომელიც თხოვდება. სწორედ მის ქორწილამდე პერიოდში მჭირდება შენი დახმარება. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუკი ერთმანეთს გაგაცნობთ და დაგაკავშირებთ. ერთად წავალთ პიკნიკზე, შეგიძლია, ლუდი დალიო მასთან, პოკერი ან ჯოკერი ითამაშოთ და რა ვიცი... უამრავი შესაძლებლობა არსებობს მასთან დასაახლოებლად.

შუა და საჩვენებელი თითი მაცდურად გავატკაცუნე, აქაოდა, ხომ ხედავ, რა მაგარ რამეს გთავაზობ-მეთქი. ამასთან, მოვემზადე, მორიგი სატყუარა გადამეგდო მისთვის და ღიმილით გავაგრძელე:

- რაც შეეხება ჩემს მეორე დაქალს, ლილის, მისი ქმარი თბილისში ოქროულობის მაღაზიების მფლობელია, "ცისფერი დიამონდის" ყველა მაღაზია და ფილიალი მისია.

- და რა გვარია ეს კაცი?

- ანტონ შუბლაძე. დავიჯერო, არ გაგიგონია?

- კი, როგორ არა. მაგას, თუ არ ვცდები, რუსეთშიც უნდა ჰქონდეს ბიზნესწილები.

- იტალიაშიც, სხვათა შორის, - ნიშნის მოგებით დავამატე.

- აჰა...

- აი, მესამე დაქალის მეუღლე კი, ანუ კატოსი, - დუდუ ბოლქვაძეა. კომპიუტერული ტექნიკის უზარმაზარ ფირმას ფლობს, "დუმაუსია" მისი სახელწოდება.

მინდოდა, ველური ცეცხლი დამენახა ბიბის თვალებში, სიხარბით ანთებული მზერა, მაგრამ - თქვენც არ მომიკვდეთ, საკმაოდ კერკეტი კაკალი აღმოჩნდა. ყურადღებით გაჯერებულ მზერას არ მაშორებდა, თითქოს სურდა გამოეცნო, სინამდვილეში რა მოტივი მამოძრავებდა მისი მისამართით. არც მე დამიხამხამებია თვალი, ჯიქურ გავუსწორე მზერა.

- მდაა... შთამბეჭდავი სიაა, - დამნებდა ბოლოს და, როგორც იქნა, გამოტყდა: - არ მოგატყუებ და, მხიბლავს იდეა, ასეთი კალიბრის ბიზნესმენები გავიცნო, - თითქოს ყოყმანი გაერია ხმაში.

- ...მაგრამ? - შევეშველე.

- მაგრამ მინდა გავიგო, მე რატომ მომმართე. ისეთი ლამაზი გოგო, როგორიც შენ ხარ, არ უნდა განიცდიდეს თაყვანისმცემლების ნაკლებობას. გაფიცებ ყველაფერს, მე რატომ ამირჩიე? - გამომცდელად შემომღიმა.

"განსაკუთრებით, იმ საბედისწერო საღამოს შემდეგ, არა?" - გულში დავაბოლოვე მისი აზრი. გამოუთქმელი ფრაზა ჰაერში გამოეკიდა, მაგრამ ამწუთას ორივენი სწორედ ამაზე ვფიქრობდით, ამაში ეჭვიც არ მეპარებოდა. რა გაეწყობა, მზად ვარ, ამაზეც ვილაპარაკო, თუკი თვითონ მოისურვებს. თუ არ მოისურვებს, მოგონებები ფსკერისკენ დაეშვება და ძველებურად ყველაზე დიდ და ძლიერ სტიმულად დარჩება ჩემს ახალ ცხოვრებაში.

გულის სიღრმეში ერთმა რამემ მაინც ძალიან გამახარა. ბიბი დარწმუნებული იყო, რომ მამაკაცები ბუზებივით მეხვეოდნენ.

- დამიჯერებ, რომ გითხრა, ეს ბედისწერაა-მეთქი?

- არ დაგიჯერებ, - მშვიდად მომიგო.

- არ ვხუმრობ. "ფეისბუკში" "დავსეირნობდი", უცებ შემთხვევით, შენს სტატუსს გადავაწყდი და...

შეგნებულად არ დავამთავრე ფრაზა: ვიფიქრე, ამ ანკესზე წამოეგება-მეთქი, მაგრამ მისი სახის გამომეტყველებით მივხვდი, რომ შევცდი, მან ჩემი ტყუილი არ ჭამა.

- და შენ მე მისურვე, არა?

მის ხმაში გამკრთალმა სევდამ, ცოტა არ იყოს, გამაკვირვა, მაგრამ სანამ მის განწყობილებას გამოვიცნობდი, თვითონვე განაგრძო:

- იფიქრე, ამას კონტაქტები სჭირდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვაჭრობისთვის მიზეზი მაქვსო?

- ასპროცენტიანი ხარ! - წამოვიყვირე და დაბნეული ადგილზე გავქვავდი.

ალბათ რა საწყალი შესახედავი ვიყავი ახლა. რა თქმა უნდა, სასიხარულო იყო, რომ შეიძლებოდა, დასთანხმებოდა ჩემს წინადადებას, მაგრამ, მეორე მხრივ, ვაჭრობა რომ მიწევდა, ეს თითქოს მე უფრო მამცირებდა, ვიდრე მას. ხელები მოვმუშტე და მაგიდის ქვეშ, მუხლებში შევმალე, რომ არ დაენახა.

- და მაინც, სრულიად გაუგებარია ჩემთვის, მაინცდამაინც მე რატომ მთხოვე დახმარება.

არ მეგონა, ასეთი დაჟინებით თუ მოითხოვდა ჩემგან პასუხს. მივხვდი, მომიწევდა, სიმართლის რაღაც ნაწილი მაინც გამენდო მისთვის.

- საქმე ისაა, რომ მე ძალიან დაკავებული ვარ, საკუთარი ბიზნესი მაქვს - კორპორაციულ საღამოებს ვაწყობ კერძო შეკვეთებით. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, დღე და ღამე ხალხში მიწევს ტრიალი, - მინერალური წყლით სავსე ჭიქა ავიღე და ოდნავ მოვსვი, - იშვიათად თუ გამომიჩნდება თავისუფალი დრო და იმასაც შინ ვატარებ, ჩემთვის. პაემანზე სასიარულოდ არ მცალია, - და გულახდილად ავუხსენი, რომ ფუჭი საუბრებისთვის დროის დაკარგვა არ მიყვარს, არ შემიძლია, ყალბად გამოვხატო ინტერესი თვითკმაყოფილ რეგვენებთან დიალოგის დროს და ატანა არ მაქვს, როცა პირველივე ჭიქის შემდეგ ჩემს შებმაზე გადადიან; რომ ჩემთვის უფრო სასიამოვნოა, რაიმე სასუსნავი ვიყიდო, სამზარეულოში ჩამოვჯდე და რაიმე გემრიელი კერძი მოვამზადო. - სამწუხაროდ, ჩემს ფანატ დაქალებს სხვა არაფერი აქვთ სალაპარაკო. მათ მიაჩნიათ, რომ სამზარეულოსადმი ჩემი სიყვარული ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა ჩემი უიმედო მარტოობისა.

ამ ლაპარაკში მოულოდნელად რაღაც აზრმა გამიელვა და სრულიად სხვა თემაზე გადავრთე ჩვენი საუბარი.

- მაპატიე, ბიბი, არც კი მიკითხავს, გყავს ვინმე? შეყვარებული ხომ არ ხარ?

რა სულელი ვარ! თითქოს ჭკვიანი მგონია ჩემი თავი და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მომსვლია აზრად, რომ შეიძლებოდა, ბიბის მეგობარი ქალი ან თუნდაც ცოლი ჰყოლოდა.

- არანაირი ვალდებულება, - გაშალა ხელები, - არც ცოლი, არც მეგობარი ქალი, - ამ სიტყვებით ჩემკენ გადმოიხარა და საჩვენებელი თითი დამიქნია.

მეც გადავიხარე მისკენ. როგორც კი სიახლოვის საშიშ დისტანციას მივუახლოვდი, უკეთესად შევძელი მის ცისფერ თვალებში გაფანტული მწვანე წერტილების და ცალ ლოყაზე გაჩენილი პატარა ფოსოს შეთვალიერება. ყოველთვის მომწონდა მამაკაცის ლოყებზე მსგავსი პატარა ფოსოები, ამიტომაც ძლივს შევიკავე თავი, ხელი არ გამეშვირა და თითით არ შევხებოდი ამ საყვარელ ფოსოს.

- ერთ პატარა საიდუმლოს გაგიმხელ, - უეცრად ჩურჩულზე გადავიდა, - არაფრით დავთანხმდებოდი შენთან შეხვედრას, ვინმე რომ მყოლოდა. მე შენ ვინ გგონივარ?.. - ხუმრობით დაამატა და შეთქმულივით გამიღიმა. ამ ღიმილმა მისი მამაკაცური მომხიბვლელობა კიდევ უფრო გამოკვეთა.

მსუბუქი თავბრუსხვევა ვიგრძენი. ყავისა და მისი ოდეკოლონის შერეული სურნელი ჯადოსავით მოქმედებდა ჩემზე. მისკენ რომ გადავიხარე, უფრო მძაფრად შევიგრძენი ეს სურნელი. როგორ მომინდა, ხელი გამეწვდინა მისკენ, ჩავხუტებოდი და მის ძლიერ მკერდზე მიმედო თავი!..

- გეხუმრე, რატომ შეგეცვალა სახე? - გულიანად გაიცინა და კვლავ სკამის საზურგეზე გადაწვა, რითაც ინტიმური სიახლოვის საშიში დისტანცია წამში გაანადგურა.

ქვედა ტუჩი ლამის მოვიჭამე, რადგან საერთოდ დამავიწყდა, ამწუთას რაზე ვსაუბრობდით.

- ტეტე როგორ არის? საუკუნეა, არ მინახავს. ისევ ხომ არ ბრაზობს ჩემზე?

- კარგადაა, უოლ-სტრიტის მგელზე ნაკლებად როდი შრომობს, - მეც გავიცინე.

- ისევ საბანკო საქმეებშია ჩაბმული?

- აბა, რა. გრძელვადიანი კრედიტების მთავარი ინსპექტორია.

- მე არ მახსენებს?

- სიმართლე გითხრა, არასდროს უხსენებიხარ. არ გვქონია შენზე საუბარი, რა ვიცი, - უხერხულად ავიჩეჩე მხრები. მართლა ასე იყო და ხომ არ მოვატყუებდი!

- უნდა დავურეკო ერთი, - გაიღიმა ბიბიმ.

- დაურეკე. ბათუმშია. ორი წელი იქნება, თბილისში არ ჩამოსულა. მგონი, ღამეებსაც კი ბანკში ათენებს.

- მართლა ასე უყვარს თავისი საქმე?

- კარიერამ ასე იცის, ძალიან ჩამთრევი რამეა, - თავი დავუქნიე.

- გეთანხმები. ისედაც, კაცები სულ სხვა ხერხებით ცდილობენ ცხოვრებაში გზის გაკაფვას. მიკვირს, საზღვარგარეთ რომ არ წავიდა.

- მუშაობა რომ დაიწყო, ვეღარ წავიდა, თორემ აპირებდა.

ამ ლაპარაკში ისევ გამახსენდა ის საღამო, ტეტეს დაბადების დღე. პირველი შემთხვევა იყო, როცა ჯინსის შარვალი კაბით შევცვალე. მინდოდა, თავი ზრდასრულ ადამიანად მეგრძნო. ტაფტის ფართხუნა ქვედაბოლო მეცვა, რომელიც ყოველი ნაბიჯის გადადგმაზე უცნაურად შრიალებდა. ბიბი, როგორც ყოველთვის, იმ საღამოს თავის სტიქიაში იყო. გეგონებოდათ, ტეტე კი არა, თვითონ არის წვეულების მთავარი გმირიო. გამუდმებით ყურადღების ცენტრში იმყოფებოდა. მე კი, პირიქით, ვცდილობდი, ჩრდილში დავრჩენილიყავი. მხოლოდ ოცნებაში თუ შემეძლო დამეშვა, რომ მისნაირ ბიჭს ჩემნაირი გოგოსთვის შეიძლებოდა, ყურადღება მიექცია.

მაგრამ მოხდა სასწაული და რაც უნდა უცნაურად მოეჩვენოს ვინმეს, მან მე შემამჩნია. რესტორნის აივანზე გავედი და ისიც გამომყვა. მთელი საათი ვლაპარაკობდით ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ, ვიცინოდით, ვხუმრობდით. მისი ინტერესი და ყურადღება საკმარისი იყო, რომ გავფურჩქნილიყავი, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თითქოს ეგზოტიკური ვარდივით გავიშალე. ასეთი ძლიერი ემოცია მანამდე არ გამომეცადა და აჟიტირებული ვიყავი. ახლა უკვე აღარ მიქმნიდა უხერხულობას კაბა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც სპეციალურად იმ საღამოსთვის ვიყიდე. არც სათვალე მიქმნიდა დისკომფორტს, რომლის გარეშე ერთი მეტრის მანძილზე ვერაფერს დავინახავდი. იმწუთას ყველაფერი მიყვარდა და მიხაროდა. ხუმრობა ხომ არ იყო, თვით ბიბი კოკაია მეფლირტავებოდა!

კი, ცუდად დამთავრდა ის საღამო და ყველაფერი ჩამშხამდა, მაგრამ ისეთი მძაფრი შეგრძნებები განვიცადე, რომ მიზნად დავისახე, კვლავ გამომეცადა. ჩემს თავს ავუკრძალე უკან, წარსულისკენ მიხედვა. ახლა უსიმპათიურეს ბიბისაც კი არ შეუძლია, ეს აზრი შემაცვლევინოს.

- ბოლო დროს სწორედ მის დაბადების დღეს შევხვდით მე და შენ ერთმანეთს, გახსოვს? - თქვა ბიბიმ და ჩემი მოდური ჩაცმულობა დაკვირვებით შეათვალიერა. თითქოს ჭიანჭველებმა დამირბინეს შიშველ კანზე. ასე მეგონა, მამაკაცი თითებით შემეხო.

ყოველი დეტალი მახსოვდა იმ საღამოდან, ისიც კი, რა ეცვა და - რა ფერებში. განსაკუთრებით, ყავისფერი ტყავის ქურთუკი დამამახსოვრდა, რადგან გარეთ გასულს უეცრად შემაჟრჟოლა, ოღონდ - არა სიცივისგან, არამედ მისი სიახლოვისგან, და ბიბიმ თავისი ქურთუკი მომახურა მხრებზე. მომახურა და ხელები არც აუღია ჩემი მხრებიდან. ახლაც მახსოვს ის შეგრძნება, როგორ გამიხურდა ორივე მხრისთავი, სადაც ბიბის ხელები ესვენა. მერე შამპანურით სავსე ბოკალი მომაწოდა. მეც ავდექი და ცხოვრებაში პირველად, ბოლომდე გამოვცალე. ეგრევე მომეკიდა და ღაწვები ამიფორაჯდა. მერე ბიბიმ თავისკენ შემომაბრუნა. მე თავი დავხარე, რადგან მზერას ვერ ვუსწორებდი, მან კი ნიკაპქვეშ ამომდო ხელი, თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა. ჩამხედა და... არასდროს დამავიწყდება მისი მაშინდელი სექსუალური ღიმილი.

- მოგვიწევს იმაზე ლაპარაკი, რაც იმ საღამოს მოხდა.

ძალა იმდენად წამერთვა ამის გაგონებაზე, რომ გარხევა ვერ შევძელი, თითქოს პარალიზებული გავხდი. მოულოდნელად ხელის ზურგზე მისი თითების გასრიალება ვიგრძენი. სიტუაციას კონტროლიდან გამოსვლა ემუქრებოდა, თანდათან ვიძაბებოდი. ყველაზე უკეთ ვიცოდი, რომ მისი განუმეორებელი მომხიბვლელობა ერთგვარი იარაღი იყო ქალის გულის მოსანადირებლად. ეს სკოლის პერიოდიდან დამამახსოვრდა. რამდენი გოგო მინახავს მის გამო ატირებული! ამიტომ დღემდე ვარწმუნებდი თავს, რომ მისი მომნუსხველობა ვერაფერს დამაკლებდა, ჩემთან მიმართებაში მისი ჯადოსნური მაგია აშკარად უძლური იყო. ყველანაირად ვცდილობდი, გულგრილობა გამომეხატა, მაგრამ ბიბიზე ამას არ უმოქმედია. ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რომ არის ისეთი რამეებიც, რაც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება. ბიბის შემთხვევაში, ჩემი რეაქცია მხოლოდ ინსტინქტით იყო ნაკარნახევი, სექსუალურ გატაცებად იქცა; ჰორმონები იყო ყველაფერში დამნაშავე, მაგრამ ამჯერად როგორმე თავი ხელში უნდა ამეყვანა.

ნაძალადევად გავიცინე, მაჯის საათს დავხედე და თავდახრილმა ვთქვი:

- სასიამოვნოა შენთან ჯდომა და წარსულის მოგონებების ამოქექვა, მაგრამ ჩემი წასვლის დროა, საქმეები მელოდება.

- რა თქმა უნდა, - დამეთანხმა ბიბი. არც კი უგრძნობინებია, რომ ჩემი გაქცევის მიზეზი არ დაიჯერა. - ალბათ კიდევ ერთხელ მოგვიწევს შეხვედრა, რომ ყველაფერი გავიაროთ.

- გავიაროთ?

ისე გაიღიმა, თითქოს სიამოვნებას ანიჭებდა ჩემი შეცბუნება.

- თუ გინდა, რომ შენმა დაქალებმა დაიჯერონ ჩვენი სიყვარული, ღირსეული ლეგენდა უნდა მოვიფიქროთ და ცოტა პრაქტიკაც გავიაროთ ნაზი გრძნობების გამოვლენის საკითხში.

"ნაზი გრძნობების გამოვლენის საკითხშიო?.. რაზე ლაპარაკობს?" - კოპები შევიკარი.

როცა დაბნეულობა შემატყო, გულიანად ახარხარდა და ხელზე ხელი მომიჭირა.

- ნუ ნერვიულობ, - დამშვიდება დამიწყო, - ვიხუმრე. თუმცა, მზად უნდა ვიყოთ პასუხის გასაცემად ისეთ კითხვებზე, რომელსაც უეჭველია, ვერ გავექცევით. შენი დაქალები რომ ცნობისმოყვარეები იქნებიან, ეჭვიც არ მეპარება, ამიტომ შეკითხვებსაც ძალიან ყოფითსა და ინტიმურს შეარჩევენ. ასე არ არის?

- მაგალითად? - გუნება წამიხდა.

- მაგალითად, სად გავიცანით ერთმანეთი, როგორ შემიყვარდი ან შეგიყვარდი, აქამდე სად ვიმალებოდი და ასე...

- მართალი ხარ, - როგორც იქნა, შუბლი გავხსენი, - წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ დაგირეკო, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება?

- რა პრობლემაა?! - მხიარულად წამოიძახა ბიბიმ, ხელი შემიშვა და წამოდგა.

როცა დანახარჯი გადაიხადა, გვერდით ამომიდგა და კიდევ ერთხელ შემეხო ხელზე, ვითომ შემთხვევით. მე კი ჩემი დამემართა. მისმა შეხებამ მსუბუქი თრთოლა მომგვარა. რა ადვილია მისთვის, ასე მხიარულად თქვას, არ არის პრობლემაო!..