ჯეინ ეარი (შარლოტა ბრონტე) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (შარლოტა ბრონტე)

თავი პირველი

იმ დღეს სასეირნოდ გასვლა შეუძლებელი იყო. მართალია, დილით ერთი საათი დავეხეტებოდით ფოთლებშემოძარცულ ბუჩქნარში, მაგრამ ნასადილევს (მისის რიდი ადრე სადილობდა, თუ სტუმრად არავინ ჰყავდა) ზამთრის ცივმა ქარმა დაჰბერა, ცაზე შავი ღრუბლები მოჯარა და ისეთი წვიმა წამოვიდა, რომ მისი სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. ასეთ ამინდში გასეირნებაზე არავის უფიქრია.

გულში ვზეიმობდი. არ მიყვარდა დიდხანს სეირნობა, ისიც ნაშუადღევს, ცივ ამინდში. ჭირის დღესავით მძულდა, როცა შებინდებისას შინ ხელფეხგაყინულები ვბრუნდებოდით; გულს სევდით მივსებდა ჩვენი აღმზრდელი ქალის, ბესის, დაუსრულებელი ბუზღუნი; იმის გახსენება კი, რომ ელიზა, ჯონი და ჯორჯიანა რიდები გარეგნულად ჩემზე ბევრად უკეთესები იყვნენ, უფრო მიმატებდა ნაღველს და საკუთარ თვალში მამცირებდა.

ელიზა, ჯონი და ჯორჯიანა ახლაც სასტუმრო ოთახში, დედის გარშემო შეკრებილიყვნენ. ქალი ბუხრის წინ, დივანზე იწვა, ირგვლივ საყვარელი შვილები ეხვია (ისინი ამჟამად არ ჩხუბობდნენ, არც ყვიროდნენ) და სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა. მისის რიდი მიკრძალავდა მათთან ახლოს ყოფნას. ეს გარემოება კი, როგორც თვითონ ამბობდა, თითქოს აწუხებდა. მისის რიდს ჩემი საქციელი არ მოსწონდა. მან განმიცხადა, რომ, ვიდრე ბესი არ შემაქებდა ან საკუთარი თვალით არ ნახავდა, რა გულმოდგინედ ვცდილობდი მესწავლა საზოგადოებაში ქცევის წესები, მიმებაძა საუკეთესო ბავშვებისთვის, ვყოფილიყავი უფრო მხიარული, ალერსიანი, გულღია, უფრო ბუნებრივი და გამგონი, მანამდე ბავშვებს ახლოს არ გამაკარებდა. არადა, ყოველთვის მოკლებული უნდა ვყოფილიყავი იმ დიდ სიამოვნებას, რასაც დაუყვედრებლად იღებდნენ ხოლმე უზრუნველი და ბედნიერი პატარები.

- რა თქვა ბესიმ, განა რა ჩავიდინე ასეთი? - ვიკითხე მე.

- ჯეინ, არ მიყვარს, როცა მედავებიან ან წარამარა მეკითხებიან. ბავშვებს ეკრძალებათ უფროსებისადმი უკმეხი მიმართვა. დაჯექი სადმე და ვიდრე ზრდილობიან ლაპარაკს არ ისწავლი, ჩუმად იყავი.

სასტუმრო ოთახის გვერდით, პატარა სასადილო ოთახში შევიპარე, წიგნების კარადიდან ამოვირჩიე ერთ-ერთი ტომი, რომელშიც ყველაზე მეტი ნახატი იყო, ფანჯრის რაფაზე ავძვერი და იქ თურქულად ფეხმორთხმული მოვკალათდი. მერე ფანჯარაზე წითელი შტოფის ფარდები ჩამოვუშვი და გარე სამყაროსგან ორმხრივ განმარტოებული აღმოვჩნდი. მარცხნივ ალისფერი ფარდის ნაკეცები მფარავდნენ, მარჯვნივ კი კრიალა ფანჯრის მინები მიცავდნენ ნოემბრის მოსაწყენი და ცივი ამინდისგან, თუმცა უამინდობას აქ, ჩემს თავშესაფარშიც, ცხადად ვგრძნობდი. წიგნის ფურცვლისას დროდადრო ვაკვირდებოდი, თუ როგორ ნელ-ნელა ილეოდა ზამთრის ხანმოკლე დღე. შორს გაცრეცილი ღრუბლები და ნისლი გაწოლილიყო, უფრო ახლოს სველი მოლი და ქარიშხლისგან ტოტებდაწეული ბუჩქნარი მოჩანდა; მოზუზუნე ქარის ქროლით გაგულისებული წვიმა კი კოკისპირულად ასხამდა, თითქოს ყველაფრის წალეკვის სურვილს შეეპყრო.

მე კვლავ დავუბრუნდი წიგნს, ბევიკის `ბრიტანეთის ფრინველთა ისტორიას~. გულახდილად რომ ვთქვა, ნაკლებად მიზიდავდა ილუსტრაციების ქვემოთ მინაწერი ტექსტის შინაარსი. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სრულიად პატარა ვიყავი, ზოგიერთ ადგილს მაინც ვერ ვტოვებდი უყურადღებოდ. ამ ადგილებში აღწერილი იყო ზღვის ფრინველთა თავშესაფრები იმ მიყრუებულ კლდეებსა და კონცხებზე, სადაც მხოლოდ ეს ფრინველები ბუდობენ. ნორვეგიის ნაპირები, უკიდურესი სამხრეთ ლინდენეზიდან ნორდკაპამდე, სადაც უამრავი კუნძული გაფანტულა.

მხარე, სადაც ჩრდილოეთის

ოკეანე ღელავს ვრცელი,

შფოთვით უვლის კუნძულს თულის,

უშორესს და უკაცრიელს.

და იქ, სადაც ატლანტის

ოკეანე თვალუწვდენი,

ქარიშხლიან ჰებრიდებზე

მოაგორებს ტალღას ძლიერს!

ასევე უყურადღებოდ არ შემეძლო დამეტოვებინა ლაპლანდიის, ციმბირის, შპიცბერგენის, ახალი მიწის, ისლანდიისა და გრენლანდიის ყინულოვანი ნაპირების აღწერა, არქტიკული ზონის ეს ფართო ჰორიზონტი. უდაბური ადგილები და მოსაწყენი სივრცეები, მუდმივი თოვლისა და ყინვის სამყარო; გაქვავებული, ყინულოვანი, თვალუწვდენელი ადგილები, უკიდეგანო ველებს რომ მოგაგონებთ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ზამთარს თავის სავანედ უქცევია და ყოველწლიურად ყინულის ახალ-ახალი ფენებით იფარება, ალპებივით ცამდე აზიდულა, კიდევ უფრო მაღლა მიიწევს, პოლუსს გარს ევლება და იქ გამეფებულ საშინელ სიცივეს კიდევ უფრო ამკაცრებს. ამ უსიცოცხლო თეთრ სამყაროზე საკუთარი შეხედულება შემექმნა. მართალია, ბუნდოვანი, ბავშვის გონებისთვის ნახევრად მიუწვდომელი, მაგრამ მან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. წიგნის ყოველი ახალი თავის შინაარსი და მოხატულობა იმგვარად შერწყმოდა ურთიერთს, რომ თავისებურ ელფერს აძლევდა აქაფებულ ტალღებში განმარტოებულ კლდეებს, განსაცდელში ჩავარდნილ, უკაცრიელ ნაპირზე გამორიყულ დამსხვრეულ გემს, ცივსა და ფერმიხდილ მთვარეს, წამით ღრუბელთა საფარს რომ დაუსხლტება, რათა კვლავ გადმოხედოს დაღუპულ გემს, რომელიც ზღვის ფსკერისკენ მიექანება.

ვერ გადმოგცემთ იმ გრძნობას, რასაც იწვევდა ჩემში განმარტოებული სასაფლაო, წარწერიანი საფლავის ქვა, ჭიშკარი, ორად ორი ხე, ჰორიზონტი და ჩამონგრეული კედლები, რომლებიც ერთ დროს სასაფლაოს ყორედ ჰქონია შემოვლებული. აი, ცაზე ნამგალა მთვარე ანათებს, ის საღამოს მოახლოებას გვატყობინებს. მდუმარებით მოცულ ზღვაში ქარიშხალს გადარჩენილი ორი გემი ურჩხულებს მივამსგავსე, ხოლო ის გვერდი, სადაც ეშმაკი ქურდს მოპარულ ფუთას ართმევს, სწრაფად გადავფურცლე, რადგან შიშმა ამიტანა. უფრო მეტიც, გულის კანკალით შევყურებდი შავრქიან მოჩვენებას, რომელიც მოშორებით, კლდეზე მოკალათებული, სახრჩობელის გარშემო მოფუსფუსე ხალხს ათვალიერებდა.

თითოეული სურათი თავისთავად დასრულებულ მოთხრობას წარმოადგენდა. ისინი, ჩემი ჩამოუყალიბებელი გრძნობისა და განუვითარებელი გონებისთვის ჯერ კიდევ იდუმალებით იყვნენ მოცულნი, ღრმა ინტერესს აღმიძრავდნენ, რადგან ეს მოთხრობები ისეთივე მიმზიდველი და საინტერესო მეჩვენებოდა, როგორც ის ზღაპრები, რომელთაც ბესი გვიამბობდა ხოლმე საღამოობით ზამთარში, თუკი კარგ გუნებაზე იყო. მას მაგიდა საბავშვო ოთახში შემოჰქონდა, ბავშვებს ნებას გვაძლევდა გარს შემოვსხდომოდით, თვითონ მისის რიდის თეთრეულის მაქმანს ან საღამურ ქუდზე მოვლებულ დანაოჭებულ არშიებს აუთოებდა და თან ჩვენს დაძაბულ სმენას ხიბლავდა ძველთაძველი ზღაპრებიდან და ბალადებიდან ამოღებული სათავგადასავლო და სამიჯნურო ნაწყვეტების მოყოლით. როგორც მოგვიანებით შევიტყვე, ბესი თურმე ზოგიერთ ნაწყვეტს "პამელადან" ან ჰერცოგ ჰენრი მორლენდელის ცხოვრებიდან გვიამბობდა. მუხლებზე ბევიკის წიგნი მედო და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ყოველ შემთხვევაში, ეს მაშინ ბედნიერებად მიმაჩნდა. ვშიშობდი, მყუდროება არავის დაერღვია ჩემთვის, მაგრამ ესეც მალე მოხდა - პატარა სასადილო ოთახის კარი გაიღო.

- სად ბრძანდებით, ქალბატონო? - გაისმა ჯონ რიდის ხმა. ის ერთი წამით შეჩერდა. ოთახში ვერავინ შენიშნა.

- სად ეშმაკებში წავიდა? - განაგრძო მან. - ლიზი! ჯორჯიანა! - გასძახა თავის დებს. - ჯეინი აქ არ არის. დედას უთხარით, ეს საძაგელი გომბიო, ალბათ, გარეთ დაეხეტება წვიმაში. საზიზღარი ცხოველი!

- რა კარგია, რომ ფარდა ჩამოვუშვი, - გავიფიქრე, მხოლოდ იმასღა ვნატრობდი, ჩემი თავშესაფარი არ აღმოეჩინათ. ჯონ რიდს, რა თქმა უნდა, ეს არ შეეძლო, რადგან გამჭრიახობა და ალღოს სწრაფად აღების უნარი არ გააჩნდა. ელიზამ კი, შემოყო თუ არა თავი ოთახში, მაშინვე განაცხადა:

- დარწმუნებული ვარ, ფანჯრის რაფაზე იქნება, ჯონ! - იმის შიშით, რომ საფრიდან ჯონს თვითონ არ გამოვეთრიე, მაშინვე გამოვედი.

- რა გინდა? - ვკითხე გაუბედავად და უხერხულად.

- "რა გინდა" კი არა, თქვი, რა გნებავთ, მისტერ რიდ? - შემისწორა მან. - რა მნებავს? მინდა, აქ მოხვიდე, - თვითონ სავარძელში ჩაჯდა, ხელით მანიშნა, მივახლოვებოდი და მის წინ გავჩერებულიყავი.

ჯონ რიდი ამ დროს უკვე მოსწავლე იყო, დაახლოებით თოთხმეტი წლისა, ჩემზე ოთხი წლით უფროსი. მე მაშინ მხოლოდ ათი წელი შემისრულდა; ის თავისი ასაკისთვის საკმაოდ დიდი და მსუქანი ყმაწვილი გახლდათ. სახე ფართო ჰქონდა, მეტად ფერნაკლული და მუწუკებიანი, ნაკვთები კი - ჯმუხი. ჭამა ძალიან უყვარდა და სუფრაზე ყველაფერს ხარბად სანსლავდა. მისი თვალები ჭამის დროს მეტად უაზრო გამომეტყველებას იღებდა. მართალი რომ გითხრათ, დიდი უსიცოცხლო და დონდლო ვინმე იყო. იმის მაგივრად, რომ სასწავლებელში ევლო, "სუსტი ჯანმრთელობის~ გამო "დედიკომ" ის ერთი თვით შინ მოიყვანა დასასვენებლად. მისი მასწავლებლის, მისტერ მაილსის თქმით, ბავშვი უფრო უკეთ იგრძნობდა თავს, თუ შინიდან შედარებით ნაკლებ ნამცხვარსა და ტკბილეულს გამოუგზავნიდნენ. მაგრამ დედის გული, აბა, ამ აზრს როგორ შეურიგდებოდა? პირიქით, მისის რიდი ფიქრობდა, რომ ჯონის სისუსტე მეტისმეტი გადაღლითა და შინაურებზე დარდით იყო გამოწვეული.

ჯონს მაინცდამაინც დიდად არ უყვარდა დედა და დები, მე კი ვძულდი. ყოველთვის მაშინებდა და უდიერად მექცეოდა. ეს ხდებოდა არა ორჯერ და სამჯერ კვირაში, ან მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ დღეში, არამედ - გამუდმებით, ყოველ წამს. ყოველ მის მოახლოებაზე შიშით ვთრთოდი; სხეულის ყოველი ნაკვთი მიცახცახებდა. იყო ისეთი წამებიც, როცა შიშისაგან გაფართოებული თვალებით შევცქეროდი, რადგან ვიცოდი, მისი მუქარისა და ცემა-ტყეპისგან არავინ დამიფარავდა.

მოსამსახურეები ვერ გამომექომაგებოდნენ, რადგან არავის სურდა ახალგაზრდა პატრონის განაწყენება; მისის რიდი კი თვალს გვარიდებდა და ყურს იყრუებდა. ჯონი მისი თანდასწრებითაც მცემდა და მლანძღავდა. უფრო ხშირად კი ეს მისგან დაფარულად ხდებოდა.

ჯონ რიდის ნება-სურვილს ყოველთვის უსიტყვოდ ვასრულებდი. ამჯერადაც მაშინვე მივუახლოვდი მის სავარძელს. რამდენიმე ხანს იმით ერთობოდა, რომ ენას მიყოფდა. ვგრძნობდი, მალე ჩამარტყამდა. გული მიკანკალებდა და მაინც ვიდექი და ველოდი. მაშინ მხოლოდ მის საზიზღარ და მახინჯ გარეგნობაზე ვფიქრობდი. მან თითქოს ამოიკითხა ჩემს სახეზე ეს აზრი და მოულოდნელად, უსიტყვოდ, ისე ძლიერად მითავაზა, რომ დავბარბაცდი. წონასწორობა რომ არ დამეკარგა, ტორტმანით სამი ნაბიჯი უკან გადავდგი.

- ეს იმისთვის, დედას ასე უხეშად რომ მიმართე, - მითხრა მან, - ესეც, ფარდის უკან რომ დაიმალე, ეს კი იმ გამომეტყველებისთვის, რომელიც ამ ორიოდე წუთის წინ შენს სახეზე ამოვიკითხე, შე ვირთხა, შენა!

მე უკვე შეჩვეული ვიყავი ჯონ რიდისგან ასეთ შეურაცხყოფას და თავში აზრადაც არ მომსვლია წინააღმდეგობის გაწევა. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორ ამეცდინა დარტყმა, რომელიც, ჩვეულებრივ, მის ასეთ საქციელს მოჰყვებოდა ხოლმე.

- რას აკეთებდი ფარდის უკან? - მკითხა მან.

- ვკითხულობდი.

- მაჩვენე წიგნი.

კვლავ ფანჯარასთან მივედი, წიგნი ავიღე და მივუტანე.

- რა ხელი გაქვს ჩემს წიგნებთან? დედა ამბობს, რომ სამოწყალოდ გინახავთ. მამაშენმა არაფერი დაგიტოვა, გროშიც კი არ გაბადია. განა შენ კეთილშობილი ადამიანების ისეთ ბავშვებთან ერთად უნდა იზრდებოდე, როგორებიც ჩვენა ვართ? შენ უნდა მათხოვრობდე. შენ იმავე საჭმელს უნდა ჭამდე, რასაც ჩვენ? ან იგივე გეცვას, რაც ჩვენ გვაცვია? ხომ იცი, დედა სამოწყალოდ გაცმევს. გასწავლი, როგორ უნდა ჩემს წიგნებში ხელის ფათური. ეს სახლიც მე მეკუთვნის და წიგნებიც. ყოველ შემთხვევაში, ამ სახლ-კარის ბატონ-პატრონი რამდენიმე ხანში მე ვიქნები. გასწი ახლა და კართან დადექი, ფანჯრისა და სარკისგან რაც შეიძლება მოშორებით.

თავდაპირველად განზრახვას ვერ მივუხვდი და კვლავ დავემორჩილე. მან წიგნი აიღო, დამიმიზნა და, ის იყო, უნდა ესროლა, რომ შეშინებულმა შევკივლე და უნებურად განზე გადავხტი. ვეღარ მოვასწარი, წიგნი მომხვდა, დავეცი, თავი კარს მივარტყი და გავიტეხე. საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ჭრილობიდან სისხლმა დამიწყო დენა. მალე შიში გაქრა და მხოლოდ ტკივილიღა მაწუხებდა.

- ბოროტო, საზიზღარო, მკვლელო, - გავკიოდი მე, - შენ ადამიანს კი არა, მონების სისხლისმსმელ ჯალათებს, რომაელ იმპერატორებს მაგონებ.

წაკითხული მქონდა გოლდსმიტის `რომის ისტორია~ და ჩემი შეხედულებაც მქონდა ნერონზე, კალიგულასა და სხვებზე. გულში კიდეც ვამსგავსებდი მათ ჯონს, მაგრამ არასოდეს მომსვლია აზრად, ეს ხმამაღლა განმეცხადებინა.

- რაო, რაო? - დაიღრიალა მან. - ეს მე მითხარი? გაიგონეთ თუ არა, ელიზა, ჯორჯიანა? არ უნდა ვუთხრა დედას? დამაცადე, მაგრამ ჯერ...

გამხეცებული მომვარდა, ხელი ჩამავლო მხრებსა და თმებში, აღარაფერი ახსოვდა. ახლა კი ნამდვილად დავინახე მასში ჯალათი და მკვლელი. ჭრილობიდან სისხლი წვეთწვეთად კვლავ ჩამომდიოდა კისერზე. ტკივილი აუტანელი იყო. ამ გრძნობამ სძლია შიშს და ახლა მე მივვარდი მას გააფთრებული. არ მახსოვს, რა ჩავიდინე, მაგრამ ის კი მახსოვს, როგორ ღრიალებდა - ვირთხა, ვირთხაო. ქომაგიც მალე გამოუჩნდა. ელიზა და ჯორჯიანა მისის რიდის დასაძახებლად ზედა სართულზე გაიქცნენ. მან, ბესისა და მოსამსახურე ქალის, ებოტის თანხლებით მოირბინა. გაგვაშველეს და ყური მოვკარი სიტყვებს:

- ღმერთო ჩემო, რამ გადარია ეს ბავშვი? გინახავთ ოდესმე ასეთი სიკაპასე? - მერე გავიგონე მისის რიდმა რომ თქვა: - წაიყვანეთ და წითელ ოთახში ჩაკეტეთ.

ოთხმა ხელმა ამწია და ზედა სართულზე ამათრია.

თავი მეორე

გზად საშინელ წინააღმდეგობას ვუწევდი. ამან ბესისა და ებოტის კიდევ უფრო განუმტკიცა ცუდი შეხედულება ჩემზე. მართალი რომ ვთქვა, მოთმინება დავკარგე ან, როგორც ფრანგები ამბობენ, თავს აღარ ვეკუთვნოდი. სწორედ ამ უჩვეულო სიანჩხლის გამო იყო, რომ შეუბრალებლადაც დამსაჯეს. ჩემში მეამბოხე მონის სულმა გაიღვიძა და სასოწარკვეთილმა მტკიცედ გადავწყვიტე ბოლომდე მებრძოლა.

- ხელები შეუკარით, მის ებოტ, ცოფიან კატას ჰგავს. რა სირცხვილია! რა თავის მოჭრა! - კიოდა ქალბატონის პირისფარეში. - გაუგონარი ამბავია, მის ეარ, ვის უნახავს, ხელი შეუბრუნო ახალგაზრდა ჯენტლმენს და ისიც შენი კეთილისმყოფლის ვაჟიშვილს, შენს ახალგაზრდა ბატონს.

- ბატონს? ვინ არის ჩემი ბატონი? განა მე მოსამსახურე ვარ?

- არა, შენ მოსამსახურეზე ბევრად ნაკლები ბრძანდები, შენი თავის რჩენაც არ შეგიძლია. აი, აქ დაჯექი და შენს დანაშაულს დაუფიქრდი.

ამ სიტყვებით მათ ქალბატონი რიდის მიერ მითითებულ ოთახში შემათრიეს და სკამზე დამაგდეს. ხელი გამიშვეს თუ არა, როგორც დაჭიმული ზამბარა, ჩემდა უნებურად ისე წამოვხტი ადგილიდან, კვლავ ოთხმა ხელმა გამაკავა.

- თუ წყნარად არ დაჯდები, დაგაბამთ, - მითხრა ბესიმ. - მის ებოტ, მათხოვეთ თქვენი წვივსაკრავები, ჩემსას ახლავე დაწყვეტს. - მის ებოტი მიბრუნდა, რომ მსუქან ფეხზე წვივსაკრავი მოეხსნა. მივხვდი, უცნაურ ბორკილებს მიმზადებდნენ და აპირებდნენ, უფრო მეტად შეელახათ ჩემი თავმოყვარეობა. გონს მოვედი.

- ნუ იხსნით! - წამოვიძახე მე, - არ გავინძრევი, - და ამის დასამტკიცებლად ორივე ხელით სკამს ჩავებღაუჭე.

- მაშ, გახსოვდეს და ნუ გაინძრევი, - მითხრა ბესიმ. ხელი კი მაშინ გამიშვა, როდესაც დარწმუნდა, რომ ნამდვილად დავემორჩილე. ის და ებოტი კვლავ გულხელდაკრეფილნი, შუბლშეკრულნი იჭვნეულად მაკვირდებოდნენ, თითქოს ჩემი სიტყვები არ სჯეროდათ.

- ასეთი რამ წინათ არასოდეს ჩაუდენია, - უთხრა ბოლოს ბესიმ, - მაგრამ მის ამგვარ სიანჩხლეს ყოველთვის ვამჩნევდი.

გავიგონე ებოტის პასუხიც:

- ჩემი აზრი ამ ბავშვის შესახებ ხშირად გამიზიარებია მისის რიდისთვის. ისიც, რასაკვირველია, მუდამ მეთანხმებოდა. დიდი გაიძვერა უნდა იყოს! არასოდეს მინახავს ამ ხნის ბავშვი ასე გულჩათხრობილი.

ბესიმ აღარაფერი უპასუხა. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა:

- შენ უნდა იცოდე, რომ მისის რიდი სამოწყალოდ გინახავს. სახლიდან რომ გაგაგდოს, ღარიბთა თავშესაფარში მოგიწევს ცხოვრება.

ვერაფერი ვუპასუხე. ეს ჩემთვის ახალი ამბავი არ იყო. რაც თავი მახსოვდა, სულ ამას ჩამჩიჩინებდნენ; საყვედურები ჩემი მუქთახორობის შესახებ განუწყვეტლივ ჩამესმოდა ყურში, სულს მიწუხებდა და განუზომელ ტკივილს მაყენებდა, მაგრამ კარგადაც ვერ გავრკვეულიყავი, თუ რა ხდებოდა ჩემ გარშემო.

- ვის უტოლებ თავს - ელიზას, ჯონსა და ჯორჯიანა რიდებს? - დაუმატა მის ებოტიმ. - ვერ ხედავ, რამდენად კეთილია მისის რიდი, რომ მათთან ერთად გზრდის? მათ დიდი ფულადი შემოსავალი აქვთ, შენ კი არაფერი გაბადია. შენი ვალდებულებაა თავმდაბლობა. უნდა ეცადო, მუდამ ასიამოვნო მათ. ამ ყველაფერს მხოლოდ შენს საკეთილდღეოდ გეუბნებით, - შედარებით ალერსიანად დაუმატა ბესიმ, - თუ იშრომებ და ეცდები, ყოველთვის ასიამოვნო მათ, ვფიქრობ, არც ისინი დაინანებენ თავშესაფარს შენთვის. მაგრამ, შენ თუ გაუგონარი იქნები და სიანჩხლეს არ დაიშლი, მისის რიდი სახლიდან გაგაგდებს.

- გარდა ამისა, ღმერთიც დასჯის ასეთ ადამიანს. სრულიად ადვილი შესაძლებელია, სიკვდილითაც დასაჯოს. მერე რაღას იზამს? - თქვა მის ებოტიმ. - წამო, ბესი, მარტო დავტოვოთ. რა კარგია, რომ მასავით გულქვა არა ვარ. როდესაც მარტო დარჩები, ილოცე, მის ეარ, მაგრამ, თუ ცოდვებს არ მოინანიებ, ვინ იცის, რა მოხდება, იქნებ ბუხრიდან ეშმაკიც კი ჩამოძვრეს და სადმე გაგაქროლოს.

ამ სიტყვებით ოთახიდან გავიდნენ და კარი გაიკეტეს.

დიდი დარბაზი, რომელსაც წითელ ოთახს უწოდებდნენ, კარგა ხნის მიტოვებული იყო. იქ იშვიათად თუ იძინებდა ვინმე, უფრო სწორად - არასოდეს. ამ მდიდრულად მოწყობილ ოთახს მხოლოდ მაშინ გაიხსენებდნენ, როდესაც მოზღვავებული სტუმრებისთვის აღარსად ჰქონდათ მოსასვენებელი ადგილი. ამ დიდ სახლში ის ყველაზე ფართო და მდიდრულად მორთული იყო. მის შუაგულში კვარცხლბეკივით აღმართულიყო წითელი ხის სვეტებიანი საწოლი, მუქი წითელი ფარდებით. ასეთივე ფერის ფართონაკეცებიანი ნაქარგი ფარდები სანახევროდ ფარავდა ორ უზარმაზარ ფანჯარას. საწოლის ქვედა მხარეს მაგიდა იდგა. ზედ წითელი სუფრა ეფარა. ნოხიც მეწამული იყო და კედლების ფერს ეხამებოდა. მასში ალაგ-ალაგ მიხაკისფერი ჭარბობდა. მუქი წითელი ხის გარდერობი, სატუალეტო მაგიდა და სკამები სარკესავით პრიალებდა. ამ მუქი ფერების ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა მაღალი საწოლი თეთრად მოქათქათე ბუმბულის ლეიბებითა და ბალიშებით. საწოლს თოვლივით თეთრი გადასაფარებელი ამშვენებდა. საწოლის თავთან თეთრ შალითაში გახვეული ფართო და რბილი სავარძელი იდგა. მის წინ კი ფეხის მოსასვენებელ პატარა სკამს შეამჩნევდით. ეს სავარძელი ჩემს წარმოდგენაში სამეფო ტახტის ელფერით ბრწყინავდა. ოთახი ცივი იყო, რადგან ცეცხლს იშვიათად ანთებდნენ; მდუმარებით მოცული - იმიტომ, რომ მოშორებული იყო ბავშვთა ოთახსა და სამზარეულოს; განმარტოებულიც, რადგან შიგ იშვიათად თუ შეიხედავდა ვინმე. შაბათობით მხოლოდ მოსამსახურე თუ შევიდოდა და სარკეებსა და ავეჯს მთელი კვირის მტვერს გადაწმენდდა. ძალიან იშვიათად მისის რიდიც ესტუმრებოდა ხოლმე ამ ოთახს, ათვალიერებდა საიდუმლო უჯრაში ჩაწყობილ სხვადასხვა საოჯახო ხელნაწერს, ძვირფასი ნივთების შესანახ კოლოფსა და გარდაცვლილი მეუღლის მინიატიურულ სურათს. სწორედ ამ სიტყვაში იყო ჩაქსოვილი წითელი ოთახის მთელი საიდუმლოებაც. მიუხედავად იმისა, რომ მეტისმეტად მდიდრულად იყო მორთული, ახლოს მაინც არავინ ეკარებოდა.

აი, უკვე ცხრა წელია, რაც მისტერ რიდი გარდაიცვალა. ამ ოთახში დაულევია სული; აქვე ესვენა თურმე და მესაფლავეებს აქედანვე გაუტანიათ მისი კუბო. იმ დღიდან, საშინელი შიშით შეძრწუნებულნი, ოთახში იშვიათადღა შედიოდნენ.

დაბალ სავარძელზე, მარმარილოს ბუხრის ახლოს, სადაც ენამწარე ებოტიმ და ბესიმ მიმატოვეს, გაუნძრევლად ვიჯექი. ჩემ წინ საწოლი იდგა. მარჯვნივ - მაღალი მუქი ფერის გარდერობი, რომლის გაპრიალებულ კარზე სხვადასხვა ფერის სხივები არეკლილიყო. მარცხნივ, ფარდებით დაფარულ ფანჯრებს შორის, უზარმაზარი სარკე ამართულიყო, რომლის შიგნით მდიდრულად მორთული ოთახი და საწოლი მოჩანდა. ჯერ კიდევ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ მათ კარი ნამდვილად ჩამიკეტეს. როგორც იყო, ადგომა გავბედე. კართან მივედი და, ღმერთო ჩემო! დაკეტილი დამხვდა. ალბათ, არც ერთი საპატიმრო არ ყოფილა ასე საგულდაგულოდ ჩაკეტილი. უკან გამოვბრუნდი. სარკის წინ უნდა ჩამევლო. მოჯადოებულმა, უნებურად მის სიღრმეში ჩავიხედე და ყველაფერს თვალიერება დავუწყე. სარკის ფანტასტიკურ სივრცეში ყოველი საგანი უფრო მუქი ჩანდა და ყოველი ნივთი თითქოს გაყინულიყო. სარკიდან უცნაური და პაწაწინა არსება მიმზერდა გაფითრებული სახითა და აკანკალებული ხელებით. ამ გაქვავებულ სამყაროში იგი მართლაც მოჩვენებას ჰგავდა მოელვარე და შიშისგან გაფართოებული თვალებით. ის იმ პაწაწინა, ნახევრად ზღაპრულ ფერიებსა თუ ეშმაკეულ სულებს მივამსგავსე, რომლებიც ბესის მონაყოლ ზღაპრებში განმარტოებული, უდაბური და ხავსმოკიდებული ჭაობებიდან მოევლინებოდნენ ხოლმე დაგვიანებულ მგზავრებს.

ჩემს ადგილს დავუბრუნდი.

ცრუმორწმუნეობრივმა შიშმა შემიპყრო, მაგრამ ვგრძნობდი, ეს შიში ჯერ კიდევ არ გაბატონებულიყო ჩემზე. სისხლი მიდუღდა; მეამბოხე მონის განწყობა ჯერ კიდევ ბობოქრობდა ჩემში და ძალას მმატებდა. წარსული, მთელი თავისი სიმწარით, თვალწინ ნათლად წარმომიდგა. მოძალებულ გრძნობებს უნდა გავმკლავებოდი, ვიდრე მძიმე აწმყო თავის საშინელ ბრჭყალებს შემახებდა.

მომაგონდა ჯონ რიდის გახელებული ძალმომრეობა, დედამისის სიძულვილი, მისი დების სიამაყით სავსე გულგრილობა, მოსამსახურეთა უსამართლო მოპყრობა და ყოველივე ეს ჭის ფსკერიდან ამოტივტივებული შავი, ბინძური ნალექივით აიმღვრა ჩემს ისედაც განაწამებ გონებაში. ნეტავ, რატომ მაწამებდნენ ასე? რისთვის ვცახცახებდი შიშით ყოველთვის? მუდამ დამნაშავედ მე რად მაცხადებდნენ და ბრალიც მუდამ მე რად მედებოდა? ნუთუ მართლა არ შემეძლო მესიამოვნებინა მათთვის? ყველა ჩემს ცდას - მომეპოვებინა რომელიმეს სიყვარული - რატომ უნდა ჩაევლო ამაოდ? რატომ ექცეოდნენ კარგად ან რისთვის უყვარდათ თავნება და ეგოისტი ელიზა? ნუთუ შეიძლებოდა კადნიერი, ღვარძლით სავსე და ანჩხლი ჯორჯიანას გაღმერთება? ალბათ, მისი სილამაზე, ვარდისფერი ღაწვები და ოქროსფერი, მბზინავი კულულები ატყვევებდა ყველას და დანაშაულსაც ამითვე გამოისყიდდა ხოლმე. ჯონს ხომ არავინ სჯიდა და ყველაფერს უსრულებდნენ, თუმცა მტრედებს ხშირად ახრჩობდა, ახალგამოჩეკილ წიწილებს ხოცავდა, ცხვრებს ძაღლებს უსევდა, სათბურში მკვახე ყურძენს იპარავდა, ორანჟერეაში კი საუკეთესო ნარგავთა კვირტებს ანადგურებდა. დედას ბებრუცანას ეძახდა და ხშირად დასცინოდა. არ მოსწონდა მისი სახის მოყვითალო ფერი, თუმცა თავად სწორედ ამით მიაგავდა დედას. ის მისის რიდს არასოდეს ემორჩილებოდა, ხშირად დაუხევია და გაუფუჭებია მისი აბრეშუმის კაბები და მაინც მისი "საყვარელი შვილიკო" გახლდათ. მე კი სულ მცირე დანაშაულსაც არავინ მაპატიებდა. ძალ-ღონეს არ ვზოგავდი, ყველაფერი კარგად გამეკეთებინა, მაგრამ მაინც აბეზარს, უხასიათოს, გაუგონარსა და მატყუარას მეძახდნენ დილიდან საღამომდე.

წაქცევის მერე თავი ჯერ ისევ მტკიოდა; ჭრილობიდან სისხლი კვლავ მოწვეთავდა; მაგრამ ამ უმსგავსო საქციელისთვის ჯონი არავის გაუკიცხავს. მე კი იმის გამო, რომ გავბედე და ხელი შევუბრუნე, შევეცადე, მისი მხეცური დარტყმა თავიდან ამეცილებინა, საერთო გულისწყრომა დავიმსახურე.

- უსამართლონი! უსამართლონი! - დაჟინებით ვიმეორებდი ჩემთვის. ტანჯვამ, რომელიც თავს გადამხდა, თითქოს წლები შემმატა, დამაჭკვიანა და ახლა დიდი ადამიანივით ვაზროვნებდი. გამბედაობა მიკარნახებდა და მაქეზებდა, აუტანელი ჩაგვრისგან თავის დასახსნელად რაიმე გზა მომეძებნა. სახლიდან გაქცევა გადავწყვიტე, მაგრამ, თუ ამას მოვახერხებდი, შიმშილით უნდა მომეკლა თავი.

ოჰ, როგორ გამამწარეს იმ საშინელ დღეს! გონება ამერია, გული ამოვარდნაზე მქონდა! ოჰ, რა წყვდიადით იყო მოცული და რა გაურკვეველი იყო ჩემთვის ის სულიერი ბრძოლა, რაც მაშინ გადავიტანე. პასუხი ვერ მეპოვა კითხვაზე - რატომ ვიტანჯებოდი ასე; ვერ გეტყვით, რამდენი წელი მაშორებს იმ გარდასულ დროს, მაგრამ ყველაფერი დღესავით ნათელია.

როგორც ჩანს, გეიტსჰედ-ჰოლში ზედმეტი ვიყავი; ყველას თვალში ეკლად ვესობოდი. მისის რიდსა და მის შვილებთან საერთო ენა ვერ გამოვნახე; არც მათ მსახურებთან მწყალობდა ბედი. მაგრამ, თუ მათ არ ვუყვარდი, არც მე მიყვარდა ისინი. ან კი რისთვის უნდა ეზრუნათ ისეთ არსებაზე, რომელსაც არც ერთი მათგანი არ უყვარდა? ან რატომ მოექცეოდნენ თბილად უქნარას, მათგან ხასიათით, მისწრაფებებითა და უნარით სრულიად განსხვავებულს; ბოროტ ბავშვს, რომელიც არასოდეს ასიამოვნებდა მათ, არც ერთი მათგანის აზრს არ იზიარებდა; მათ საქციელს სიძულვილით უპასუხებდა და თავის სულშიც ამ სიძულვილს აღვივებდა. დარწმუნებული ვარ, მე რომ მხიარული, სიცოცხლით სავსე, უდარდელი, თავნება, ლამაზი და ანცი ბავშვი ვყოფილიყავი, თუნდაც სხვის მოწყალებაზე მყოფი და უთვისტომო, მისის რიდი უფრო გულკეთილად მომექცეოდა, მისი შვილები მეტ სითბოს გამოიჩენდნენ, დამიმეგობრდებოდნენ და აღარც მოსამსახურეები ამიგდებდნენ აბუჩად.

დღის სინათლე თანდათანობით ტოვებდა წითელ ოთახს. დაახლოებით ხუთი საათი იქნებოდა. ღრუბლიანი დღე იყო. ბინდი ჩამოწვა და მთლად ჩამობნელდა. მესმოდა, როგორ განუწყვეტლივ შხაპუნობდა წვიმა შემოსასვლელი კიბის ფანჯრის მინებზე. ქარი კი სახლის უკან, ხეივანში, დაუსრულებლად ზუზუნებდა. სიცივე ძვალ-რბილში გამიჯდა და გამბედაობამაც მიმტყუნა. მარტოობის, სასოწარკვეთილების, დამცირებისა და საკუთარი უძლურების ჩვეულმა გრძნობებმა იმძლავრა და ჩემში ისედაც ჩაფერფლილ აღშფოთებას ცივი წყალივით გადაევლო. ამ ოჯახში ყველა ბოროტად მთვლიდა. შესაძლებელია, ასეც იყო. განა შიმშილით თავის მოკვლაზე ფიქრი დანაშაული არ არის? ნუთუ მართლა მზად ვიყავი სიკვდილისთვის? ნუთუ გეიტსჰედის საყდრის საკურთხევლის თაღებქვეშ მოქცეული აკლდამა ასე მიმზიდველ სამარადჟამო სავანედ მივიჩნიე? როგორც მითხრეს, იქ, აკლდამაში მისტერ რიდი განისვენებდა. მომაგონდა თუ არა მისტერ რიდი, შევძრწუნდი. კარგად არ მახსოვდა ის, თუმცა ვიცოდი, რომ მისტერ რიდი ჩემი მკვიდრი ბიძა იყო - დედაჩემის ძმა. მას წამოვუყვანივარ ობოლი ჩვილი თავის სახლში. სიცოცხლის უკანასკნელ წამებში მისის რიდისთვის პირობაც კი ჩამოურთმევია, რომ ჩემთვის ეპატრონა და საკუთარი შვილივით აღვეზარდე. შესაძლებელია, ქალბატონი რიდი ფიქრობდა, პირობა შევასრულეო. ვიტყოდი, რომ მან მართლაც შეასრულა პირობა, რამდენადაც საკუთარი ბუნება ამის ნებას აძლევდა. ან კი რისთვის უნდა ყვარებოდა ძალად თავსმოხვეული გოგონა, მისთვის და მისი ოჯახისთვის სრულიად უცხო არსება, რომელთანაც მეუღლის სიკვდილის შემდეგ აღარაფერი აკავშირებდა? ვატყობდი, ამ აღთქმის შესრულება ძალიან უმძიმდა. არ შეეძლო ყვარებოდა და დედის მაგივრობა გაეწია ვიღაც უხასიათო ბავშვისთვის, რომელიც მის ოჯახურ მყუდროებაში შეჭრილიყო.

დარწმუნებული ვიყავი, მისტერ რიდი რომ ცოცხალი ყოფილიყო, კეთილად მომექცეოდა. მაგრამ ახლა ეს ჩამობნელებული კედლები, ქათქათა საწოლი და მქრქალად მბრწყინავი სარკე, რომელშიც დროგამოშვებით მოჯადოებულივით ვიმზირებოდი, მახსენებდა ყოველივეს, რაც გარდაცვლილთა სულების შესახებ მსმენოდა. ისიც გამეგონა, რომ, თუ მიცვალებულებს უკანასკნელ სურვილებს არ შეუსრულებდნენ, ისინი საფლავებში საშინლად იტანჯებოდნენ. მათი სულები კვლავ მოევლინებოდნენ ხოლმე დედამიწას, რათა დაესაჯათ ფიცის გამტეხნი და შური ეძიათ დაჩაგრულთათვის. უცებ თავში უცნაურმა აზრმა გამიელვა; იქნებ მისტერ რიდის სულმა, შეშფოთებულმა იმით, რომ მის დისშვილს ასე ცუდად ექცევიან, მიატოვოს ეკლესიის თაღებქვეშ მოქცეული საფლავი ან მიცვალებულთა უხილავი სამყარო და მომევლინოს, აი, აქ, ამ ოთახში. ცრემლები მოვიწმინდე და სლუკუნი შევწყვიტე, მეშინოდა, ჩემს ასეთ მწუხარებას არ გამოეწვია რაიმე ზებუნებრივი ხმა, რომელიც ჩემს დამშვიდებას შეეცდებოდა; ან სიბნელიდან შარავანდედით გაბრწყინებული მისი სახე არ მომვლენოდა და სიბრალულით ჩემკენ არ გადმოხრილიყო. აჩრდილის გამოჩენა, რომელსაც ვითომდა უნდა დავემშვიდებინე, ვგრძნობდი, უსაზღვრო შიშით ამავსებდა და მეტი განსაცდელის მომტანი იქნებოდა. ამიტომ მთელი ძალით შევეცადე, ეს აზრი თავიდან მომეშორებინა და შიში დამეძლია. თვალებზე ჩამოშლილი თმა უკან გადავიყარე, თავი ავწიე, რომ უფრო გაბედულად დამეთვალიერებინა წყვდიადით მოცული ოთახი. აი, სწორედ ამ დროს კედელზე რაღაც სინათლის შუქი გამოჩნდა. - იქნებ ეს ფარდის ჭუჭრუტანიდან შემოჭრილი მთვარის სხივია? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს. - არა, მთვარის სხივი ხომ უძრავი იქნებოდა, ის კი ირხევა. სხივმა ჯერ ჭერზე გადაინაცვლა და შემდეგ თავსზემოთ აციმციმდა. ახლა ვიცი, რომ ეს სხივი სახლის წინ, მდელოზე მომავალი ადამიანის ფარნიდან შემოიჭრა. მაგრამ მაშინ, როდესაც ჩემი გონება მომზადებული იყო რაღაც საშინელებისთვის და ნერვებიც, გადატანილი ტანჯვა-წამების გამო, აწეწილი მქონდა, სწრაფად მოფარფატე ნათელი სხივი საიქიოდან მომავალი აჩრდილის მაცნედ მივიჩნიე. გულს ბაგაბუგი გაჰქონდა; სისხლი სახეში მომაწვა; ფრთების შრიალიც კი შემომესმა; ვიგრძენი, თითქოს ვიღაც მომიახლოვდა. შიშისგან სუნთქვა შემეკრა; საშინელ წამებას განვიცდიდი; გამძლეობამ ერთბაშად მიმტყუნა; კარს მივვარდი და სასოწარკვეთილმა მთელი ძალით დავუწყე ნჯღრევა. დერეფანში აჩქარებული ნაბიჯების ხმა გაისმა და გასაღები გადაატრიალეს. ბესი და ებოტი შემოვიდნენ.

- მის ეარ, ავად ხომ არა ხართ? - მკითხა ბესიმ.

- რა საზარელი ხმა იყო, შიშით კინაღამ გული გამისკდა, - წამოიძახა ებოტიმ.

- გამიყვანეთ აქედან! გამიშვით საბავშვო ოთახში! - გავიძახოდი მე.

- რისთვის? იტკინე რამე? ხომ არაფერი მოგეჩვენა? - კვლავ შემეკითხა ბესი.

- რაღაც სანთლის შუქი შევნიშნე და ვიფიქრე, მას მალე აჩრდილიც მოჰყვება-მეთქი.

ბესის ხელს მთელი ძალით ჩავებღაუჭე. ბესის არ უცდია ხელი გაეშვებინებინა.

- მან განგებ დაიყვირა, - განაცხადა ებოტიმ ზიზღით, - და რა წივილ-კივილი ატეხა?! რამე რომ სტკენოდა, კიდევ ჰო, მაგრამ ამით მხოლოდ ჩვენი შემოტყუება ნებავდა. კარგად ვიცი მაგის ოინბაზობა.

- რა მოხდა? - გაისმა მისის რიდის მბრძანებლური ხმა და თვითონაც ფართოდ გახსნილი საღამური ქუდის ლენტების ფრიალითა და სამოსის შარიშურით გამოჩნდა დერეფანში.

- ებოტი, ბესი, მგონია, ვბრძანე, რომ ჯეინ ეარი მარტო უნდა დაგეტოვებინათ წითელ ოთახში, სანამ თვითონ არ მოვიდოდი მის გამოსაყვანად.

- მის ჯეინი ისე ხმამაღლა ყვიროდა, ქალბატონო... - თავი იმართლა ბესიმ.

- გაუშვით, შიგნით შევიდეს, - მომესმა პასუხად. - ბავშვო, ხელი გაუშვი ბესის, უნდა იცოდე, რომ ასეთი საქციელით ვერაფერს გახდები. თვალთმაქცი ბავშვები ძალიან მეჯავრება. ჩემი ვალია, გიჩვენო, რომ ასეთი ოინებით შორს ვერ წახვალ. ახლა დამატებით ერთი საათი კიდევ დარჩები აქ და მხოლოდ იმ პირობით გაგათავისუფლებ, თუ წყნარად იქნები და სრულ მორჩილებას გამოიჩენ.

- მისის რიდ, შემიბრალეთ და მაპატიეთ, თუ შეიძლება. მე ამას ვერ გადავიტან. სხვანაირად დამსაჯეთ, როგორც გნებავთ, ნამდვილად მოვკვდები, თუ თქვენ კიდევ...

- გაჩუმდი, ასეთი თავშეუკავებლობა კიდევ უფრო აუტანელია. - და მას მართლაც აუტანელ არსებად მივაჩნდი. ის მე გამოცდილ მსახიობად მთვლიდა, ალბათ, ისეთად, რომელიც სავსეა ღვარძლით, სულმდაბლობითა და ორპირობით.

ბესიმ და ებოტიმ უკან დაიხიეს. მისის რიდმა, რომელსაც მობეზრდა ჩემი დაუსრულებელი, გულის გამგმირავი ქვითინი, ხელი მკრა, სიტყვის შეუბრუნებლად უკან, წითელ ოთახში შემაგდო და კვლავ ჩამკეტეს. დერეფანში სწრაფი ნაბიჯების ხმა გაისმა. მისი წასვლის შემდეგ, როგორც ჩანს, გული წამივიდა და გრძნობა დავკარგე.

თავი მესამე

მხოლოდ ერთი რამ მახსოვს: როდესაც გონს მოვედი, ისეთი გრძნობა მქონდა, როგორც კოშმარული სიზმრიდან გამოფხიზლებულ ადამიანებს აქვთ ხოლმე. ჩემ წინ მუქი შავი ზოლებით დასერილი თვალის მომჭრელი სინათლე შევამჩნიე. ჩემამდე გაურკვევლად აღწევდა ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვებიც, თითქოს მათ ქარისა თუ წყლის ხმაური ახშობდა. მღელვარებამ და შიშმა იმდენად შემიპყრო, ძალა არ შემწევდა გავრკვეულიყავი, რა ხდებოდა ჩემ ირგვლივ. ცოტა ხნის მერე ვიგრძენი, რომ ვიღაც შემეხო და ისე ფრთხილად ცდილობდა, როგორმე ლოგინზე წამოვმჯდარიყავი, რომ გავოცდი. ასეთი ზრუნვა ამ სახლში არავისგან მახსოვდა. ბალიშს თუ ვიღაცის მკლავს მივესვენე და შვებით ამოვისუნთქე.

ხუთი წუთის შემდეგ ეს გაურკვევლობა გაქრა და ახლა უკვე ნათლად დავინახე საბავშვო ოთახი. ჩემს საკუთარ საწოლში ვიწექი და წითლად მოელვარე შუქიც ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლიდან გამოკრთოდა. მაგიდაზე სანთელი ენთო; ჩემს საწოლთან ახლოს ბესი შევნიშნე, თასით ხელში. იქვე, სავარძელში, ვიღაც ჯენტლმენი იჯდა ჩემკენ გადმოხრილი. ის არც გეიტსჰედის მცხოვრები იყო და არც რიდების ახლო ნათესავი. ამ სრულიად უცხო ადამიანის დანახვაზე შიში გაქრა, დავმშვიდდი და ენით გამოუთქმელი შვება ვიგრძენი. ბესის ზურგი შევაქციე (თუმცა, მისი იქ ყოფნა გაცილებით ნაკლებ უსიამოვნო იყო - ებოტისთან შედარებით). უცნობი ჯენტლმენის სახეს შევცქეროდი და თვალმოუშორებლად ვათვალიერებდი. მაშინვე ვიცანი. ეს ჯენტლმენი მისტერ ლოიდი გახლდათ, მეაფთიაქე. მისის რიდი მას მოსამსახურეთა ავადმყოფობის დროს იწვევდა ხოლმე, ხოლო მას და მის შვილებს ექიმი მკურნალობდა.

- აბა, მიცანი ვინა ვარ? - მკითხა მან. მეც მაშინვე წარმოვთქვი მისი გვარი და სახელი და ხელიც გავუწოდე. მისტერ ლოიდმა ხელი ჩამომართვა, გამიღიმა და მითხრა, მალე კარგად გახდებიო. ამ სიტყვებით ისევ ლოგინში ჩამაწვინა და ბესის მიმართა, ფრთხილად იყავი, ღამით არავინ შეაწუხოსო. მერე რამდენიმე რჩევა მისცა, უთხრა, კიდევ შემოვივლიო და, ჩემდა სამწუხაროდ, მალე დაგვტოვა. თითქოს დამცველი და მეგობარი მყავდა, სანამ ის ჩემი საწოლის ახლოს, სავარძელში იჯდა, მაგრამ, გაიხურა თუ არა კარი, ოთახში ჩამობნელდა და სევდა კვლავ მძიმე ლოდივით დამაწვა გულზე.

- ახლა მაინც არ დაიძინებთ, მის? - მკითხა ბესიმ უფრო ალერსიანად.

ძლივს გავბედე მეპასუხა, ვშიშობდი, უხეშად არ ეპასუხა.

- ვეცდები.

- იქნებ დალიოთ ან შეჭამოთ რამე?

- არა, გმადლობთ, ბესი.

- მაშინ მეც დავიძინებ, უკვე პირველი დაიწყო. თუ ღამით რამე დაგჭირდეთ, დამიძახეთ.

რა უჩვეულო ყურადღებაა. ამან გამაბედვინა მეკითხა.

- ბესი, რა დამემართა? ავად ხომ არა ვარ?

- მე მგონი, წითელ ოთახში ტირილისგან გული წაგივიდათ. უეჭველად მალე გამოკეთდებით.

ბესი საჯალაბოში შევიდა და გავიგონე, სარას უთხრა:

- სარა, ჩემთან დაიძინე საბავშვო ოთახში, არ შემიძლია იმ საცოდავ ბავშვთან მარტო დარჩენა. შეიძლება, დილამდე ვეღარც კი იცოცხლოს. ნეტავ, რატომ წაუვიდა გული? იქნებ მართლა მოეჩვენა რამე? მისის რიდიც მეტისმეტად შეუბრალებლად მოექცა.

სარა ბესისთან ერთად შემოვიდა. ქალები დაძინებამდე ნახევარ საათს მაინც ლაპარაკობდნენ ლოგინში ხმადაბლა. მათ ჩურჩულს აქა-იქ მოვკარი ყური და გავიგონე, რაზედაც საუბრობდნენ:

- თეთრმა ლანდმა ჩაუქროლა წინ და სადღაც გაქრა თურმე. ლანდს დიდი შავი ძაღლი მოსდევდა. კარზე სამჯერ დაუბრახუნებიათ, ეკლესიის ეზოში სინათლე სწორედ მის საფლავზე გამოჩენილა და... - ათასი ამგვარი ამბავი.

ბოლოს, ორივეს ჩაეძინა. ბუხარში ცეცხლი მინელდა და მაგიდაზე სანთელი დაიწვა. მე კი ის უგრძესი ღამე თეთრად გავათენე. სმენა, მხედველობა და გონებაც შიშმა მოიცვა, ისეთმა შიშმა, როგორიც ბავშვებმა იციან მხოლოდ.

წითელ ოთახში მომხდარ ამბავს მწვავე ტკივილი და ხანგრძლივი ავადმყოფობა არ მოჰყოლია, მაგრამ ამ შემთხვევამ იმდენად ააფორიაქა ჩემი სული, რომ სამუდამო დაღი დააჩნია ჩემს ცხოვრებას. დიახ, მისის რიდ, თქვენი წყალობით ამდენი ტანჯვა-წამება მხვდა წილად. მაგრამ ვალდებული ვარ, მოგიტევოთ, რადგანაც არ იცოდით, თუ რას იქმოდით. ალბათ, ასეთი საქციელით ცუდ თვისებებს ებრძოდით ჩემში და მათი აღმოფხვრა გსურდათ.

მეორე დღეს შუადღისას წამოვდექი ლოგინიდან. ჩავიცვი და, შალში შეფუთნილი, საბავშვო ოთახში ბუხრის წინ დავჯექი. საშინელ სისუსტეს ვგრძნობდი და წინადღით გადატანილი სულიერი ტანჯვა დიდად მაწამებდა. ფარულად ღაპაღუპით ჩამომდიოდა ცრემლები. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ახლა უნდა მეგრძნო, რადგან რიდების გვარის არც ერთი წარმომადგენელი შინ არ იყო. ისინი დედასთან ერთად ეტლით წასულიყვნენ სასეირნოდ. ებოტი მეორე ოთახში რაღაცას კერავდა, ბესი იქვე მიმოდიოდა, სათამაშოებს თავის ადგილს უჩენდა, უჯრებს ალაგებდა და ხანგამოშვებით მისთვის უჩვეულო სინაზით მომმართავდა ხოლმე. თავი სამოთხეში უნდა წარმომედგინა. აქამდე, რაც უნდა გამეკეთებინა, მათგან მუდამ საყვედურებსა და უმადურობას ვიყავი ჩვეული. ასეთმა ცხოვრებამ იმდენად გამაწამა და დამქანცა, რომ ჩემ ირგვლივ გამეფებულ მყუდროებასაც კი აღარ შეეძლო დავეწყნარებინე.

ბესი სამზარეულოში ჩავიდა და ჩინური ფაიფურის თეფშით ნამცხვარი ამომიტანა. თეფშზე ნათელი ფერებით იყო დახატული სამოთხის ჩიტი ხვართქლა ბალახისა და გაუშლელი ვარდის კოკრებისგან მოწნულ ბუდეში. ეს თეფში ყოველთვის განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევდა ჩემში. არაერთხელ მითხოვია, ნება მოეცათ, ხელში ამეღო და კარგად დამეთვალიერებინა ეს ლამაზი სურათი. დღემდე ეს ბედნიერება არავინ მარგუნა. ახლა კი ძვირფასი თეფში მუხლებზე მედო და ბესიც ალერსიანად მთხოვდა, ნამცხვარი მეჭამა. დაგვიანებული იყო მისი დიდსულოვნება. ეს იმ ბევრ სხვა, დიდი ხნის ნანატრ სურვილებს ჰგავდა, რომელთა შესრულებაზეც ძალიან დიდხანს გვეუბნებიან უარს და, თუ ოდესმე მაინც გვისრულებენ, მათ უკვე ფასი აღარა აქვთ. ნამცხვრისთვის ხელი არ მიხლია, ჭამა არ შემეძლო. დავცქეროდი თეფშს და მეჩვენებოდა, თითქოს ჩიტის ფრთებსა და ყვავილებს ფერი დაჰკარგოდათ. ნამცხვარი გვერდზე გადავდე. ბესიმ ახლა წიგნი შემომთავაზა. წიგნის გახსენებაზე წამიერად გამოვცოცხლდი და ვთხოვე, ბიბლიოთეკიდან "გულივერის მოგზაურობა~ მოეტანა. ამ წიგნს მუდამ სიამოვნებით ვკითხულობდი. მასში აღწერილი ამბები ნამდვილი მეგონა. ამიტომაც ჯადოქრულ ზღაპრებთან შედარებით, ამ წიგნისადმი უფრო დიდ ინტერესს ვიჩენდი. ამ ზღაპრებში აღწერილ ფერიებს ამაოდ დავეძებდი ფუტკარას ფოთლებზე და მაჩიტებს შორის. მათ ვერ ვპოულობდი ვერც სოკოების ძირებში და ვერც კედლებზე ასული სუროს ფოთლების საფარქვეშ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში