მთავარი როლი (ნაწილი IV) - გზაპრესი

მთავარი როლი (ნაწილი IV)

სამზარეულოს ხელთათმანი მოვირგე და ქვაბს სახურავი ავხადე. სასიამოვნო სურნელმა ცხვირში შემიღიტინა. საქონლის ხორცის კონსერვი ვიყიდე და მაკარონში ჩავშუშე. გემრიელი გამოსულა. ბოლოს შავი პილპილი მოვაყარე და მარილიც დავამატე, გემოვნებით. ნელ ცეცხლზე გავაგრძელე შუშვა, რომ არ მიმწვარიყო. ალბათ არ ღირდა, ამდენი ძალისხმევა გამომეჩინა ვახშმის მოსამზადებლად, მაგრამ ვნერვიულობდი. და როცა ვნერვიულობ, ყოველთვის რაიმე კერძის მომზადებას ვიწყებ. უამრავი საშუალება არსებობს სტრესის მოსახსნელად: ხანგრძლივი გასეირნება, სატრენაჟორო დარბაზი, მედიტაცია, მაგრამ მე ერთადერთი "რეცეპტი" მამშვიდებს - კულინარია.

ჯერ კიდევ სკოლიდან მიყვარდა სამზარეულოში ტრიალი. მხოლოდ აქ შემეძლო, თავი დამეღწია ჩემი საცოდავი მარტოობისთვის, მერე კი, თვრამეტი წლის ასაკში, როცა მამა გარდამეცვალა, სულ მივეჯაჭვე სამზარეულოს.

შუადღეს ბიბიმ დამირეკა, თუ შეიძლება, საღამოს შემოგივლი, რათა ჩემი ახალი როლის დეტალები განვიხილოთო. "ახალი კი არა, მთავარი როლის, გამოშტერებულო", - გავიფიქრე ღიმილით და ხელის კანკალით შევუდექი კერძების მომზადებას.

უკვე ყველაფერი მზად მქონდა, სუფრაც გავშალე. როცა გაშლილ მაგიდას გადავხედე, უღრმესი კმაყოფილება დამეუფლა. რომ იტყვიან, თავი მოვიკალი. შემწვარი თევზი ლიმონით, ტკბილი ფლავი ფორთოხლით, ქიშმიშითა და ვაშლით, შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, სტაფილო პომიდორში, რომელიც ჯერ კიდევ ზაფხულში დავაკონსერვე, დაბოლოს, ხორციანი მაკარონი. უნდა ვაღიარო, რომ ამჯერად ძალ-ღონე არ დავიშურე, სტრესი ბოლომდე მომეხსნა. აბა, ამდენი კერძის ნახევარ დღეში მომზადებას ეხუმრებით?! ბოკალი მოვიმარჯვე და "ოჯალეშის" კარგა დიდი ყლუპი მოვსვი, თუმცა, ამ დიდებული ღვინის გემო ვერ ვიგრძენი. ორი ბოთლი შემოვდგი მაგიდაზე. კარგა ხანია, ეს ღვინო შენახული მქონდა. ერთმა კლიენტმა მომართვა საახალწლოდ ხუთი ლიტრი და ჯერ ხელიც არ მიხლია. ან კი როდის ვახლებდი?! ახალ წელს თხუნელასავით შევძვერი ლოგინში და დავიძინე. არც მომდევნო დღეებში მყოლია სტუმრები. ასე რომ, ახლა ნამდვილად გამომადგა.

ბიბი წუთი-წუთზე მოვიდოდა, მამაკაცი, რომელთანაც ვითომ რომანი მქონდა და რომელსაც უნდა დაერწმუნებინა ჩემი დაქალები, რომ სულაც არ ვიყავი "უიმედო მარტოხელა". ახლა სასიყვარულო რომანს რომ ვწერდე, სწორედ ასე დავარქმევდი ჩემს "ნამოღვაწარს". ხომ კარგი სათაური გამოვიდოდა? მაგარი!

ეჰ, როგორმე უნდა გადავაგორო ეს ერთი ქორწილიც. მეგი უნდა გავათხოვო, "ქორწინების ფანატების" ბოლო წარმომადგენელი, და ერთხელ და სამუდამოდ დავისვენებ. მერე აღარ მომიწევს თავის მოჩვენება, რომ წარმატებული და მდიდარი საქმიანი ქალი ვარ, რომელიც სავსებით ბედნიერია მამაკაცის გარეშეც.

არადა, მართლა არ განვიცდიდი ჩემს მარტოობას. პირიქით, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვცხოვრობდი ჩემთვის მშვიდად, წყნარად, ნერვებს არავინ მიშლიდა, არავითარი პასუხისმგებლობა არ მქონდა დაკისრებული და საღამოს კისრისტეხით არ მოვრბოდი შინ, ემანდ ქმარი არ გამიჯავრდეს-მეთქი! ახლა კი, როცა ჩემი უახლოესი მეგობრებიდან კიდევ ერთი და ამჯერად უკანასკნელი თხოვდებოდა, დაუკმაყოფილებლობის მსუბუქი შეგრძნება დამეუფლა. როცა ჩემი გათხოვილი დაქალების კომპანიაში მოვხვდებოდი ხოლმე და ქმრებთან მათ დამოკიდებულებას ვუყურებდი, აშკარად ვხედავდი სასიყვარულო ურთიერთობის ნიშნებს: ხელების მსუბუქი შეხება, თვალებით მიალერსება, ხუმრობების გაცვლა-გამოცვლა, რომელიც მხოლოდ ორს ესმის... მიყვარდა მათთან დროს ტარება, ამასთან, გამუდმებით მეჩვენებოდა, რომ მათ გვერდით სრულიად ზედმეტი ვიყავი. აი, ისე, გამოთქმა რომაა: "მესამე ზედმეტია". ეს აზრი მოსვენებას მიკარგავდა.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, ცოტათი მაინც ამოვისუნთქავ და შესაძლებლობა მომეცემა, რამდენიმე ხანი მაინც არ ვიგრძნო თავი ზედმეტად მათ გვერდით. მთავარია, ამ ერთი თვის განმავლობაში, სანამ საღამოები მოეწყობა და აქეთ-იქით ერთად მოგვიწევს სიარული, არაფერში ჩავიჭრა, მერე კი ჩვეულებრივ რუტინას, სამსახურს დავუბრუნდები, რაც ყველაზე კარგად გამომდის.

მკვეთრმა კაკუნმა შემაკრთო და ჩემდა უნებურად შევხტი, მიუხედავად იმისა, რომ ბიბის ველოდი. კიდევ ერთი ყლუპი მოვსვი, თვალი წამით შევავლე საკუთარ გამოსახულებას სარკეში, ღრმად ამოვიოხრე და კარის გასაღებად გავეშურე.

მის დანახვაზე დამაჯერებელი ღიმილი გამოვისახე ტუჩებზე, რომელიც წლების განმავლობაში მქონდა ათვისებული, ჩემი სამუშაოს გადამკიდეს. როცა მისი აღტაცებული მზერა დავიჭირე, გავიფიქრე, ტყუილად არ მიწვალია, თავის ასე დაჭერა რომ ვისწავლე-მეთქი. თავმომწონე ქალის იმიტირება მშვენივრად გამომდიოდა.

- ეს - შენ, - ბიბიმ ჰერბერების საუცხოო თაიგული გამომიწოდა - წითელი, ყვითელი და აგურისფერი ჰოლანდიური გვირილების.

ნეტავ, ბანალური წითელი ვარდები რატომ არ მომიტანა? არ აწყობდა? ისე, ვარდების თემა ბოლო წლებში ძალიან გაცვდა საქართველოში. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თითქოს მოდიდან გადავიდა ეს მეფური ყვავილი. ახლა კიდევ არა უშავს, მაგრამ პირველ ხანებში, მგონი, ყველა ერიდებოდა საჩუქრად ახლობელთან ვარდების მიტანას. როგორც ჩანს, "მისტერ მომაჯადოებლობას" შთაბეჭდილების მოხდენა სურდა და, უნდა გამოვტყდე, გამოუვიდა კიდეც. მართალია, არც ჰერბერები მხიბლავდა დიდად, მაგრამ ამ გაგანია ზამთარში უკეთესი რა უნდა ეშოვა კაცს?! მართლა და მართლა, სპეციალურად ხომ არ გამოიწერდა ჩემი გულისთვის ჰოლანდიიდან ქრიზანთემებს ან ჰორტენზიებს!

- დიდი მადლობა, რატომ შეწუხდი? - თაიგული ცხვირთან მივიტანე და დავყნოსე, მაგრამ სურნელი ვერ შევიგრძენი. ყვავილის ეს სახეობაც მე მგავს ალბათ: გარეგნულად ლამაზია, სურნელი კი არა აქვს, ანუ, გარედან მტერს უბრმავებს თვალს, შიგნიდან კი - მოყვარეს.

- რა შეწუხებაა?! - შეთქმულივით გამიღიმა ბიბიმ და ზღურბლზე გადმოაბიჯა. - ხომ უნდა მოვირგო შენი შეყვარებულის როლი?

იმედგაცრუების ჩხვლეტა ვიგრძენი. სწორედ ამისთვის მოვიდა - განვიხილოთ მისი მომავალი როლის დეტალები. არადა, თურმე მინდოდა ისე, უბრალოდ ეჩუქებინა ჩემთვის ყვავილები, ყოველგვარი როლისა და პირობების გარეშე.

- კარგი აზრია... შემოდი.

- ოოო, როგორი მადის აღმძვრელი სურნელია!

- იმედია, ნაჭამი არ ხარ, თორემ გავგიჟდები, იცოდე, - გავუღიმე.

- ოუ, ეს რა ამბავია! - წამოიძახა, მაგიდას რომ მიუახლოვდა.

სახეზე გაკვირვება გამოესახა. სიცილი ამიტყდა და ხელით ვანიშნე, დაჯექი-მეთქი.

- სტუმრებს ელოდები?

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

- უბრალოდ, კერძების მომზადება მიყვარს. ჩემთვის ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა.

- კერძები გურმანებისთვის, არა? სუფრას რომ გადახედავ, სწორედ ასეთი შთაბეჭდილება დაგრჩება ადამიანს. - შენიშნა ბიბიმ.

ხელები გადავაბანინე და სუფრას მივუსხედით. პირველ რიგში, თევზი გადაიღო და, ერთი ლუკმა გასინჯა თუ არა, ისეთი სიამოვნება დაეტყო სახეზე, თითქოს შეუდარებელ კომპლიმენტს მეუბნებოდა. საჭმლის მომზადება ხომ მიყვარდა და მიყვარდა, მაგრამ როცა ჩემს კულინარიულ შედევრებს დადებითად აფასებდნენ, ეს არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. ბიბი კმაყოფილებას ვერ ფარავდა. წამით წარმოვიდგინე, როგორი გამომეტყველება ექნებოდა, როცა სხვა, უფრო დიდ სიამოვნებას დაიკმაყოფილებდა და ამის გაფიქრებაზე ხელი ამიკანკალდა. ღვინით სავსე ბოკალი სასწრაფოდ დავდგი მაგიდაზე, რომ ჩემი ხელის კანკალი არ შეემჩნია.

- დიდებულია.

- ესეც გასინჯე, - ვუთხარი და ეკლერებით სავსე თეფში მისკენ მივწიე. ერთმანეთის მიყოლებით სამი ცალი გააქანა პირისკენ ისე, რომ თვალიც არ დაუხამხამებია. მიხაროდა, ასე რომ მოსწონდა ჩემი ნახელავი. მზად ვიყავი, ყველაფერი შემეთავაზებინა, რაც სუფრაზე იდო, ოღონდ კი გამეჭიანურებინა მოსალოდნელი საუბრის დაწყება, რომლისთვისაც მესტუმრა.

მიუხედავად ბიბის ვიზიტის მიზნისა, განგვეხილა დეტალები, როგორ გაეკვირვებინა ჩემი დაქალები თავისი როლით, უცნაური ის იყო, რომ მისი ჩემს ბინაში ყოფნის ფაქტი იმაზე მეტად აღმაგზნებდა, ვიდრე მოველოდი.

ჩემი სახლი ჩემი ციხესიმაგრე იყო - ერთადერთი ადგილი, სადაც თავისუფლად შემეძლო, დავმალოდი გარე სამყაროს და ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც სინამდვილეში გახლდით. აქ არ მიწევდა საქმიან ქალად თავის წარმოჩენა, სიამაყის გამოჩენა და დახვეწილი მანერების ხელოვნურად გამოყენება. როგორც კი ზღურბლს გადმოვაბიჯებდი, ყველაფრისგან ვითავისუფლებდი თავს - კონტაქტური ლინზებისგან, მაკიაჟისგან, ტანსაცმლისგან... ერთი სიტყვით, საქმიანი ქალის ნიღაბს ვიხსნიდი. ტანთ რომ გავიხდიდი, სიამოვნებით მოვიცვამდი საშინაო ხალათს ან ჯინსის შარვალსა და ფართხუნა მაისურს და ნეტარებას ვეძლეოდი.

წლები დავკარგე იმისთვის, რათა წარმატებული პიროვნების იმიჯის მიღმა მდგარი, დაბნეული, საკუთარ თავში დაურწმუნებელი გოგონა დამემალა, როგორიც ერთ დროს ვიყავი. მაგრამ შინ დავბრუნდებოდი თუ არა, ისევ ძველი ელენე ვხდებოდი და ეს მახარებდა.

ღვინის ბოკალს ხელი დავავლე და თავი ბაღისკენ გავიქნიე:

- თუ დანაყრდი, არ გინდა, ჰაერზე გავიდეთ?

- ამდენი დელიკატესის მირთმევის შემდეგ არა მგონია, ადგილიდან დაძვრა შევძლო, - ხელი მუცელზე დაიტყაპუნა, - მოდი, უბრალოდ, ვისხდეთ.

ვიცოდი, რომ საკუთარი სიმშვიდისთვის ჩემთვის უკეთესი იყო, ავმდგარიყავი და ბაღში გავსულიყავი, მაგრამ ვერ ვინძრეოდი. ბიბის ჟესტმა მაიძულა, შემეხედა მისი მუცლისთვის, ფართო მკერდისა და ძლიერი მკლავებისთვის, რომელზეც რელიეფურად ამობურცოდა კუნთები. შავი პერანგი ეცვა და საოცრად უხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შავი ფერი არ მიყვარს, მას ძალიან უხდებოდა და ვერც წარმომედგინა, სხვა ფერი უფრო როგორ უნდა მოეხდინა. მის ცისფერ თვალებს ძალზე მკვეთრ ელფერს სძენდა შავი.

მოულოდნელად შიმშილის გრძნობამ ამიტაცა, რომელიც კერძებით სულაც არ იყო გამოწვეული. მისი პროვოცირება შეუდარებელი მამაკაცური სხეულის სიახლოვემ მოახდინა.

- ძალიან შეიცვალე, იცი? - თქვა მოულოდნელად.

მისი ხმის მსუბუქმა ინტონაციამ მაიძულა, თვალებში შემეხედა. მის მზერაში წამით გაელვებული ნდომის ნაპერწკალი შევნიშნე, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ჩემს წეღანდელ "შიმშილის" შეგრძნებას.

- ახლა ალბათ აღარ ვგავარ იმ დარტყმულ გოგოს, არა?

შევნიშნე, რომ ამის გაგონებაზე ოდნავ შეკრთა. ვეღარ მოასწრო თავის მომაჯადოებელ ღიმილში ამ შეკრთომის მიმალვა.

- ბავშვობაში სასტიკები ვართ ხოლმე, - თავი იმართლა.

სკოლის დროინდელი მოგონებები კვლავ ამომიტივტივდა. მახსოვს, ჩემი დაუდევარი ჩაცმულობა, მსხვილმინიანი სათვალე და ინტელექტის მაღალი დონე თანაკლასელებში ირონიას რომ იწვევდა. ზურგს უკან ხშირად დამცინოდნენ ყოველივე ამის გამო. ბუნებრივი სიმორცხვე არ მაძლევდა უფლებას, მეტოქეობა გამეწია ამბიციური, თავხედი თანატოლებისთვის, ამიტომ თითქმის მივეჩვიე მოსაწყენი დამზეპირებლის რეპუტაციას. არადა, სულაც არ ვიზეპირებდი არაფერს. უბრალოდ, ნათელი გონების გოგო ვიყავი და რასაც ვკითხულობდი, ეგრევე ვითვისებდი. მიუხედავად ამისა, ყველას ეგონა, რომ დღე და ღამე ტექსტების დაზეპირებაში ვიყავი, რათა თავი განათლებულად წარმომეჩინა. თავის გამოჩენა კი ძალზე იშვიათად მსურდა, მხოლოდ მაშინ, როცა ტეტე ბიბის მოიყვანდა ჩვენთან სახლში. აი, მაშინ კი საკუთარი ტყავიდან ვძვრებოდი, რათა მას მომხიბვლელი ვჩვენებოდი. ის მეხუმრებოდა, ყურადღებას იჩენდა ჩემ მიმართ. ეს იყო მიზეზი, რომ ეტაპობრივად, ჩემდა უნებურად, შემიყვარდა კიდევაც.

დავავლე ხელი ჩემს ბოკალს და კარისკენ გავემართე.

- მე დარტყმული გოგო ვიყავი, - ჯიუტად გავიმეორე.

ბიბიც ადგა და უკან გამომყვა. ზურგი მეწვოდა, რადგან მის მზერას ვგრძნობდი, ერთიანად გამიხურდა სხეული.

- მე შენ ასე არასდროს გეძახდი.

- ვიცი, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ.

კარი, რომელიც ბაღში გადიოდა, ხელის კვრით შევაღე და დაველოდე, რათა ბიბი წინ გამეტარებინა, მაგრამ იგი პირდაპირ ზღურბლთან შეჩერდა და იდაყვზე წამავლო ხელი.

- ვიცი, შენ არ გინდა ამაზე საუბარი, მაგრამ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავარკვიოთ ის ამბავი, - ხმადაბლა და მომთხოვნი ტონით მითხრა.

მისი თითების შეხებამ ხელი გამითბო. თითქოს რაღაც ნაპერწკალი გაკრთა ჩვენ შორის.

- ახლა არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას, რაც იმ ღამეს მოხდა.

- ცდები, - თქვა და ოდნავ მომიჭირა თითები, მერე კი ხელი შემიშვა, - მაშინ მე უკანასკნელი იდიოტივით მოვიქეცი.

გავჩერდი და შევხედე. თვალებში წამით უცნაური გამომეტყველება გაუკრთა - მტკივნეულად დაუცველი ადამიანის გამომეტყველება, რაც არაფრით ესადაგებოდა წარსულში თავხედი ბიჭუნას ბუნებრივად გამომუშავებულ თამამ თვისებებს.

- მაგრამ არა თავიდანვე, ცოტა მოგვიანებით.

- სამაგიეროდ, ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში. - დაიჟინა მან, თან თვალს არ მაშორებდა, თითქოს მაიძულებდა, ყველაფერი დაწვრილებით გამეხსენებინა.

მის ტუჩებს შევხედე და გამახსენდა, როგორი იმედით შევყურებდი, როდის მაკოცებდა მაგ ტუჩებით, და როგორ ერთბაშად, წამში დაიმსხვრა ჩემი იმედი, როცა ძმაკაცებს აჰყვა და სიცილით გამეცალა.

- თავს ნუ იდანაშაულებ. ისე, რომ ვთქვათ, განა რა მოხდა? თითქმის ვაკოცეთ ერთმანეთს. შენმა მეგობრებმა შეგვამჩნიეს და გაგვაშაყირეს. შენც ადექი და თქვი, რომ ეს ხუმრობა იყო, - ამ სიტყვებით ხელი ვუბიძგე პატარა მაგიდისკენ, რომელიც ვერანდაზე იდგა, - და შენ მართალი იყავი.

ბიბის ჯიუტმა მზერამ მიკარნახა, რომ მზად იყო, ყველაფერი ბოლომდე აეხსნა, მაგრამ ეს სულაც არ შედიოდა ჩემს განზრახვაში. დიდი ხანია, მივიღე გადაწყვეტილება, წარსულისკენ არ გავიხედო და თავიდან არ განვიცადო შერცხვენის ის სცენა. თუკი მსურს, მთელი თვე შეყვარებული ქალის როლი ვითამაშო, აჯობებს, არ გავიხსენო ბავშვობის უიმედო გატაცება.

- ელე, სულაც არ იყო ისე, როგორც შენ გგონია.

- მაპატიე, ახლავე დავბრუნდები, - ამ სიტყვებით სამზარეულოში გავვარდი. დრო მჭირდებოდა, რომ შოკის მერე გონს მოვსულიყავი, რომელიც მისი თითების შეხებამ გამოიწვია.

ბიბის არ უცდია ჩემი შეკავება, მიუხედავად იმისა, რომ შევატყვე, ამის დიდი სურვილი ჰქონდა. რა უნდა ეთქვა? რით უნდა ემართლებინა თავი? - რომ უკანასკნელ ნაძირალად იგრძნო მაშინ თავი, რომ ის საღამო ჯადოსნური იყო მანამდე, სანამ ყველაფერს გააფუჭებდა?

მალევე დავბრუნდი. იდაყვით გამოვაღე კარი, რომელიც აჭრიალდა და ბიბიმ გამოიხედა. სინი მომქონდა, რომელზეც ხილითა და ნამცხვრით სავსე ორი თეფში ელაგა. ბიბი დასახმარებლად წამოხტა და მოულოდნელად შევამჩნიე, როგორი ხარბი მზერა მოავლო ჩემს თეძოებს, მკერდს და ოდნავ მოშიშვლებულ მუცელს, ხელების აწევის დროს რომ გამომიჩნდა ტოპის ქვეშ. მართალია, ბავშვობიდანვე სპორტული ფიგურა მქონდა, მაგრამ მომწიფების ასაკიდან, საჭირო ადგილებში მსუქუბი სიმრგვალეები გამიჩნდა, რაც მომაჯადოებელ ქალურობას მძენდა, იმდენად მაცდუნებელს, რომ ვატყობდი მამაკაცებს, ერთი სული ჰქონდათ, ოღონდ კი ჩამხუტებოდნენ. სწორედ ეს სურვილი გამოეხატა ბიბის სახეზე.

- ნება მომეცი, დაგეხმარო.

- მადლობა, - ვუპასუხე საყვარელი, მორცხვი ღიმილით, რაც სულაც არ ესადაგებოდა ჩემი იმიჯის ქალს. არადა, სწორედ ასეთი წარვუდექი პირველ შეხვედრაზე იქ, ბარში.

მან სინი ჩამომართვა და მაგიდაზე შემოდგა.

- შენი კულინარიული შესაძლებლობები და ეს ლამაზი ბაღი თავისი ყვავილებით მაფიქრებინებს, რომ საშინაო საქმეებისთვის დრო არ გენანება. მახსოვს, ტეტეს და მამაშენსაც თვითონ უმზადებდი სადილებს და ოთახებშიც ყველგან ყვავილებით სავსე ლარნაკები გედგა. გგონია, არ მახსოვს? ყველაფერი აქ არის, თავში, - და საჩვენებელი თითი საფეთქელზე მიიკაკუნა.

- დედა რომ გარდაიცვალა, ძალიან პატარები ვიყავით, ამიტომ ბავშვობიდან ვცდილობდი, მამასა და ტეტესთვის მყუდრო ოჯახური ატმოსფერო შემექმნა.

- მესმის, როგორ გაგიძნელდებოდა დედის გარეშე, განსაკუთრებით სკოლის პერიოდში, როცა შენს კლასელებთან ურთიერთობა არ გამოგდიოდა. წეღან შენს თავზე რომ თქვი, დარტყმული ვიყავიო, თვალებში წყენა ჩაგიდგა. მართალია, ხმამაღლა არასდროს მიხსენებია შენი თანდასწრებით ეს სიტყვა, მაგრამ ვაღიარებ, რომ გულში მეც ასე ვფიქრობდი. იმედია, ამდენი წლის შემდეგ ჩემს აღსარებას წყენით არ მიიღებ...

- არა, რას ამბობ! შეგეძლო, არც გეთქვა, ისედაც ვიცოდი.

მერე დავსხედით და საუბარი გავაგრძელეთ. ახლა უკვე დაწვრილებით მოვუყევი ჩემზე, რას ვსაქმიანობდი, რა ადგილი მეკავა საზოგადოებაში...

- შთამბეჭდავია შენი წინსვლა ბიზნესში, მაგრამ დიასახლისის ამპლუაში უფრო მომწონხარ. უამრავი გოგო მინახავს, საქმეში ძალიან წარმატებული მოდელიც, მსახიობიც და ბიზნესვუმენიც, რომლებიც გაზქურასთან არასდროს მდგარან, რომლებიც გაურბიან საყოფაცხოვრებო პრობლემებს და მიჭირს შენი მათთან შედარება. მათგან განსხვავებით, შენში ვხედავ ქალს, რომელიც თავის სახლზეა მიჯაჭვული. როგორ გახდი ასეთი კეთილშობილი, ან როგორ უთავსებ სამსახურს და სამზარულოს ასე ჰარმონიულად ერთმანეთს?

- რა ვიცი... დროთა განმავლობაში გავიზარდე და სხვანაირად შევხედე ცხოვრებას, - მაცდუნებლად გავუღიმე.

ბიბიმ სკამი გამომიწია. გაოცებულმა შევხედე - არ ვიყავი მიჩვეული გალანტურ კავალრებს - და დავჯექი.

- როგორც მივხვდი, წარსული არ უნდა გავიხსენოთ. ეს თემა განსჯას არ ექვემდებარება. მაშინ, ხომ არ აჯობებს, ჩვენს გარიგებაზე ვისაუბროთ? გინდა, რომ დავაჯეროთ შენი დაქალები, თითქოს ოდესღაც რომანი გვქონდა, თუ ვითომ ეს ახალი სასიყვარულო ურთიერთობაა შენს ცხოვრებაში?

- უნდა ვთქვათ, რომ ადრე არასდროს შევხვედრივართ ერთმანეთს, ამიტომ მეორე ვარიანტი უფრო მომწონს.

- ანუ მე ახალი მამაკაცი ვარ შენთვის და შენ ამით ტკბები, არა? - ამ სიტყვებით გახუხული ორცხობილას რამდენიმე პატარა ნაჭერი აიღო და პირისკენ გააქანა, თითქოს მზესუმზირას აკნატუნებსო.

შეცბუნებულს ღაწვები შემეფაკლა. მას კმაყოფილმა ღიმილმა გაუპო ბაგე, აშკარად სიამოვნებდა, დაბნეულს რომ მხედავდა.

- ერთი სიტყვით, - ვთქვი და პაუზა გავაკეთე, თან აჭარხლებული შევუდექი ფორთოხლის გაფცქვნას, - იმისთვის, რომ ყველაფერი ბუნებრივად გამოიყურებოდეს, მოგვიწევს, ხშირად ვიაროთ ხელიხელჩაკიდებულებმა, ხანდახან წელზეც უნდა მომხვიო ხელი, თუ წინააღმდეგი არ იქნები.

- შენ რა, დამცინი? რას მიქვია, წინააღმდეგი ვიქნები?! პირველსავე შესაძლებლობას არ გავუშვებ ხელიდან, ოღონდ კი ჩაგიხუტო. მაგრამ იმის მეშინია, როცა რეალურ ქმედებამდე მიდგება საქმე, გაბრაზებული არ გამექცე. ისე, კოცნაზე რას იტყვი?

- არავითარი კოცნა! - ლამის ვიყვირე და უხერხულობის დასაფარავად, ნახევარი ფორთოხალი გავიქანე პირისკენ, თან ლამის დაუღეჭავად გადავყლაპე.

- მაგრამ წყვილები ხანდახან კოცნიან ერთმანეთს. ბუნებრიობისთვის ეს აუცილებელიც კია. ხომ გინდა, რომ დაგვიჯერონ?

პასუხად რაღაც ჩავიბურტყუნე, ძალიან დავიბენი. ასე მეგონა, სახე კი არა, მთელი სხეული გამიწითლდა სირცხვილისგან.

- ვატყობ, ეს შეშლილი პროექტი უდიდეს სიამოვნებას მომანიჭებს. - გულიანად გაიცინა. - მოდი, ნუღარ შევუდგებით მარჩიელობას, რა როგორ იქნება, ახლავე ვიმოქმედოთ, კარგი? - ამ სიტყვებით მაგიდიდან გადმოიხარა, მხრებში ჩამაფრინდა და მიმიზიდა. გული ამიჩქარდა, ქვედა ტუჩი უცერემონიოდ გავილოკე და გამჭოლი მზერით მივაჩერდი.

- ნუ გეშინია, მე სამაგალითო კავალერი ვიქნები.

სწორედ ამის მეშინოდა ყველაზე მეტად...

რომანის დასაწყისი იხილეთ ტეგზე #მთავარი როლი