ჯეინ ეარი - თა­ვი მეო­თხე - გზაპრესი

ჯეინ ეარი - თა­ვი მეო­თხე

- სრულიად სწორია, სერ. მაშ, იმედი მექნება, რომ ამ ბავშვს ჩარიცხავთ თქვენს სასწავლებელში და მისი მდგომარეობისა და მომავლის შესაფერისად აღზრდით.

- დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ქალბატონო, ის ჩაირიცხება ერთ-ერთ საუკეთესო სასწავლებელში და, დარწმუნებული ვარ, მადლიერიც დარჩება თავისი არჩევანით იმ ფასდაუდებელ უპირატესობათა გამო, რომელიც ამ სასწავლებელს აქვს.

- მაშ, რაც შეიძლება მალე გამოგიგზავნით, მისტერ ბროკლეჰერსტ. მერწმუნეთ, ძალიან მინდა, მალე გავთავისუფლდე იმ პასუხისმგებლობისგან, რომელმაც ესოდენ დამქანცა.

- ეჭვი არ მეპარება, ეჭვი არ მეპარება, ქალბატონო. ახლა კი მშვიდობით ბრძანდებოდეთ. ბროკლეჰერსტ-ჰოლში დაახლოებით ერთ ან ორ კვირაში დავბრუნდები. მთავარი დიაკონი ჩემი კარგი მეგობარია და ამაზე ადრე არ გამომიშვებს. მის ტემპლს ვაცნობებ ყველაფერს და სასწავლებელში მიღების დროს მას დაბრკოლება არ შეხვდება. ნახვამდის.

- ნახვამდის, მისტერ ბროკლეჰერსტ. მოკითხვა გადაეცით მისის ბროკლეჰერსტს, თქვენს ქალიშვილებს, ავგუსტასა და თეოდორას, და პატარა ბრაუტონ ბროკლეჰერსტს.

- სიამოვნებით, ქალბატონო. შენ კი, პატარა გოგონა, გაჩუქებ, აი, ამ წიგნს, რომლის სათაურია "სახელმძღვანელო ბავშვებისთვის~. ლოცვებთან ერთად იკითხე. განსაკუთრებით, ყურადღება მიაქციე იმ ადგილებს, სადაც მოთხრობილია მართა გ-ს უეცარი და შემაძრწუნებელი სიკვდილის ამბავი. ეს ის გაუგონარი გოგონა იყო, რომელსაც ძალიან უყვარდა გამოგონილი ამბებისა და ტყუილების ლაპარაკი.

ამ სიტყვებით მისტერ ბროკლეჰერსტმა მომაწოდა ყდაში ჩასმული თხელი წიგნი. მერე დარეკა, რომ ეტლი მოერთმიათ, და დაგვტოვა კიდეც.

მისის რიდი და მე მარტო დავრჩით. რამდენიმე წუთს ხმა არ ამოგვიღია. ის კერავდა, მე კი თვალყურს ვადევნებდი. ამ დროისთვის ის ოცდაჩვიდმეტი წლის ქალი იქნებოდა: საშუალო ტანის, ძვალმსხვილი, საკმაოდ ჩასუქებული, მრგვალი მხრებითა და ფართო პირისახით. ქვედა ყბა და განიერი ნიკაპი წინ წამოზრდოდა. შუბლი ვიწრო ჰქონდა, ხოლო ცხვირი - სწორი და ტუჩები - პატარა. ქერა წარბების ქვეშ მოციმციმე თვალებში სიკეთის ნატამალიც არ უჩანდა, თმა ჩალისფერი ჰქონდა, სახე კი შავგვრემანი, რომელზეც მუდამ მოყვითალო ფერი დაჰკრავდა. ის სრულიად ჯანმრთელი იყო და ავადმყოფობა არ იცოდა. მეტად მოხერხებულსა და ჭკვიან დიასახლისს კარგად ესმოდა საოჯახო საქმეთა მართვა. ის მარტო მეთვალყურეობდა როგორც შინაურ, ისე მოიჯარეთა საქმის წარმოებას. მხოლოდ საკუთარი შვილები არ ემორჩილებოდნენ, დასცინოდნენ და აბუჩად იგდებდნენ. მისის რიდს გემოვნებით ჩაცმა-დახურვა უყვარდა და მოხდენილად ატარებდა ძვირფას სამკაულებს.

მისის რიდის სავარძლიდან კარგა მოშორებით ვიჯექი დაბალ სკამზე და ვაკვირდებოდი მის იერსა და სახის ნაკვთებს. ხელში ის პატარა წიგნი მეჭირა, რომელშიც აღწერილი იყო მატყუარა ბავშვის უეცარი სიკვდილი. ეს მოთხრობა ჩემთვის იყო განკუთვნილი, როგორც შესაფერისი გაფრთხილება. ყველაფერი, რაც მოხდა და მთელი იმ საუბრის შინაარსი, რაც მისის რიდმა გადასცა მისტერ ბროკლეჰერსტს, მეტად აღმაშფოთებელი იყო. მაშინ საშინელი ტკივილი მომაყენა. თითოეულ სიტყვას ისევე მწვავედ განვიცდი ახლაც, როგორც მაშინ, მათი საუბრის დროს, და გულისწყრომამ კვლავ იფეთქა ჩემში.

ხელსაქმით გართულმა მისის რიდმა თავი ასწია. ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. თითებმა შეწყვიტეს მარდად მუშაობა და მან მიბრძანა:

- ახლავე დატოვე აქაურობა, საბავშვო ოთახში ადი. - ჩემმა გამოხედვამ თუ სხვა რამემ, როგორც ჩანს, შეურაცხყო იგი. მის სიტყვებში, თუმცა დაფარული, მაგრამ გადაჭარბებული სიანჩხლე იგრძნობოდა. ავდექი, კართან მივედი, მაგრამ კვლავ უკან გამოვბრუნდი. ფანჯრისკენ გავემართე, თითქმის მთელი ოთახი გავიარე და მას მივუახლოვდი.

უნდა მელაპარაკა. შეუბრალებლად გამთელეს და სამაგიერო უნდა გადამეხადა. მაგრამ როგორ? რა ძალა შემწევდა? რით უნდა მიმეზღო სამაგიერო ჩემი მტრისთვის? ძალ-ღონე მოვიკრიბე და უხეშად მივახალე:

- მე მატყუარა არა ვარ. თვალთმაქცი რომ ვიყო, გეტყოდით, რომ მიყვარხართ, მაგრამ გულახდილად გეუბნებით, რომ მძულხართ. ჯონ რიდის შემდეგ, ამქვეყნად ყველაზე მეტად თქვენ მეჯავრებით. ეს წიგნი კი მაცდური გოგონას შესახებ შეგიძლიათ თქვენს შვილს, ჯორჯიანას მისცეთ, რადგანაც სწორედ მას ეხერხება ტყუილი.

მისის რიდს ხელები ჯერ კიდევ უმოქმედოდ ეწყო საკერავზე. თვალი თვალში გამიყარა და ცივ მზერას არ მაცილებდა.

- კიდევ რის თქმას აპირებ? - მკითხა მან ისეთი ტონით, რომლითაც მხოლოდ მოზრდილ ადამიანებს მიმართავენ და არა ჩემებრ პატარებს.

მისი სახის გამომეტყველებამ და ხმამ ჩემში მისი სიძულვილი კიდევ უფრო მეტად გააღვივა. აცახცახებულმა და თავშეუკავებელი მღელვარებით შეპყრობილმა ისევ განვაგრძე:

- მიხარია, რომ ჩემი მკვიდრი ნათესავი არა ხართ და, ვიდრე ცოცხალი ვარ, ძალუას აღარასოდეს დაგიძახებთ. არც თქვენს სანახავად მოვალ, როცა გავიზრდები. ხოლო, როდესაც შემეკითხებიან, როგორ მეპყრობოდით ან მიყვარხართ თუ არა, გულახდილად ვიტყვი, რომ უსამართლოდ მექცეოდით და თქვენი ხსენებაც კი ავად მხდის.

- როგორ ბედავ, ჯეინ ეარ, რით აპირებ ამის დამტკიცებას?

- როგორ ვბედავ, მისის რიდ? როგორ ვბედავ? ვბედავ იმიტომ, რომ ეს სრული სიმართლეა. თქვენ ფიქრობთ, რომ მე გრძნობა არა მაქვს და უსიყვარულოდ და კეთილი მოპყრობის გარეშე არსებობა შემიძლია? ასეთი ცხოვრება აუტანელია ჩემთვის. თქვენ კი სულაც არ გებრალებით. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე არ დამავიწყდება, როგორ შემაგდეთ წითელ ოთახში, როგორ უხეშად მკარით ხელი და გამძვინვარებულმა იქვე ჩამკეტეთ, თუმცა საშინლად ვიტანჯებოდი, ცრემლები მახრჩობდა და სასოწარკვეთილი გემუდარებოდით: მისის რიდ, შემიცოდეთ, შემიბრალეთ-მეთქი. ასე ხომ იმიტომ დამსაჯეთ, რომ თქვენმა ბოროტმა ბიჭმა უდანაშაულოდ მცემა და იატაკზე წამაქცია. სწორედ ამ ამბავს ვუამბობ ყველას, ვინც შემეკითხება. ხალხი თქვენ კეთილ ქალად გიცნობთ, მაგრამ თქვენ გულქვა და ცუდი ადამიანი ხართ. თქვენ თვითონ ხართ მატყუარა.

ჯერ კიდევ პასუხი არ დამემთავრებინა, რომ სულიერი შვება და სიხარული ვიგრძენი. თავისუფლებისა და საზეიმო განწყობილების უცნაური გრძნობა დამეუფლა, რომელიც წინათ არასოდეს მიგრძნია. მომეჩვენა, თითქოს თვალით უხილავი ბორკილი დაიმსხვრა და მე ბრძოლით დავიბრუნე სამუდამოდ დაკარგული თავისუფლება. ეს სიხარული არცთუ უმიზეზო გახლდათ. ცხადად ჩანდა, რომ მისის რიდი შეშინდა, ხელსაქმე კალთიდან ჩამოუცურდა, ხელები რამდენჯერმე მაღლა ააპყრო, ადგილზე ვეღარ ისვენებდა და სახე ისე ემანჭებოდა, თითქოს ტირილს აპირებდა.

- ჯეინ, შენ ცდები. რა დაგემართა? რატომ კანკალებ ასე ძალიან? წყალს ხომ არ დალევ?

- არა, მისის რიდ.

- იქნებ სხვა რამე გინდოდა? მერწმუნე, მინდა, შენი მეგობარი ვიყო.

- თქვენ არა ხართ ჩემი მეგობარი. განა თქვენ არ უთხარით მისტერ ბროკლეჰერსტს, რომ ცუდი ხასიათი მაქვს და მატყუარა ვარ. ლოვუდში ყველას გავაგებინებ, რაც ხართ და რაც ჩაიდინეთ ჩემ წინააღმდეგ.

- ჯეინ, ჯერ შენ ამ ამბებში ვერ ერკვევი. ბავშვებმა თავიანთი ნაკლი უნდა გამოასწორონ.

- მე მატყუარა არ ვარ, - წამოვიძახე ხმამაღლა, მოთმინებიდან გამოსულმა.

- მაგრამ უნდა დამეთანხმო, რომ მეტად თავშეუკავებელი ხარ, ჯეინ. ახლა კი საბავშვო ოთახში დაბრუნდი, ჩემო ძვირფასო, და ცოტა ხანს წამოწექი.

- ნუ მეძახით ძვირფასს. წამოწოლა არ შემიძლია, გამგზავნეთ ახლავე სკოლაში, მისის რიდ. მე მძულს აქაურობა.

- დიახ, მე მართლაც მალე უნდა გავგზავნო ის სკოლაში, - ჩაიბუტბუტა მისის რიდმა, მერე ხელი წამოავლო თავის ხელსაქმეს და ოთახიდან სწრაფად გავიდა.

ბრძოლის ველზე გამარჯვებული მარტო დავრჩი. ეს იყო ყველაზე ცხარე ბრძოლა, რომელმაც პირველი გამარჯვება მომიტანა. რამდენიმე ხანს ნოხზე იმავე ადგილას ვიდექი, სადაც მისტერ ბროკლეჰერსტი იდგა. ეს განმარტოება და იმის შეგრძნება, რომ გავიმარჯვე, სიამოვნებას მგვრიდა. პირველად გავიღიმე კიდეც და კარგ გუნებაზეც დავდექი, მაგრამ ეს დიდი სიამოვნება სწრაფად გაქრა. ბავშვს არ შესწევს მოზრდილებთან ისეთი ბრძოლის უნარი, როგორიც მე გამოვიჩინე მაშინ. მათ არ შეუძლიათ საკუთარი გრძნობების ადვილად და მთლიანად გამომჟღავნება ისე, რომ საბოლოოდ, სინდისის ქენჯნა და ამით გამოწვეული სულიერი ტკივილი არ იგრძნონ. ცამდე ატყორცნილი და ყოვლის შთანმთქმელი ცეცხლით აგიზგიზებული ტრამალი თუ გამოდგებოდა ჩემი სულის ემბლემად, როდესაც მისის რიდს ბრალს ვდებდი და ვემუქრებოდი. ხოლო ხანძრის შემდეგ მთლად გადაბუგული და ჩაშავებული იგივე ტრამალი უკვე აშკარად წარმოგიდგენდათ ჩემს სულიერ განწყობილებას, რომელიც ნახევარი საათის დუმილისა და ფიქრის შემდეგ დამეუფლა. მივხვდი, რამდენად უგუნური იყო ჩემი საქციელი და რაოდენ სამწუხარო, რომ ჩვენ ერთმანეთი ასე შევიძულეთ.

პირველად შურისძიებით განვიმსჭვალე. ეს გრძნობა ღვინოსავით მეკიდებოდა, რომელიც ტკბილია და გათბობს, მაგრამ ბოლოს უსიამოვნო ჟანგის მსგავსი გემო დამიტოვა პირში, რამაც მაფიქრებინა, რომ ვიწამლებოდი. ახლა სიამოვნებით წავიდოდი და მისის რიდს პატიებას შევთხოვდი, მაგრამ გამოცდილებით ვიცოდი და, ამასთანავე, ნაწილობრივ ალღოთიც ვხვდებოდი, ის ხელს მკრავდა და ორმაგი სიძულვილით მიპასუხებდა. ამით კი ხელმეორედ ააფორიაქებდა ჩემს ისედაც მშფოთვარე გრძნობებს.

სიხარულით უკუვაგდებდი ამ უსიამოვნო ლაპარაკს, რომ უფრო კეთილშობილური და სათუთი გრძნობები გამეღვივებინა ჩემში. ვგრძნობდი, მეტი ყურადღება უნდა მიმექცია მაცდური აზრების დათრგუნვისთვის და ნაკლებად მეფიქრა პირად სევდასა და სასოწარკვეთილებაზე. რომელიღაც წიგნი ავიღე. არაბული ზღაპრები აღმოჩნდა. ჩამოვჯექი და კითხვა დავაპირე. ფიქრებში ისე ღრმად წავედი, რომ წიგნის შინაარსი არ მესმოდა. იმ ადგილებში, რომლებიც წინათ დიდად მხიბლავდა, ახლა საკუთარ აზრებს ვკითხულობდი. სასადილო ოთახის მინის კარი გამოვაღე და გარეთ გავიხედე. ბუჩქნარში ტოტიც არ იძვროდა. მთელ იმ არემარეზე გამეფებულ მკაცრ ყინვას ვერაფერს აკლებდა ვერც მზე და ვერც ქარი.

თავზე კაბის კალთა წამოვიფარე, ხელებიც მასში ჩავმალე და ბაღში სასეირნოდ გავედი. ჩემს სულს ახლა განმარტოება სურდა და გულმაც მიყრუებული ადგილისკენ გამიწია. თვალს აღარ ახარებდა უმოძრაო ხეები და დაბლა დაცვენილი ნაძვის გირჩები; არც მოწითალო, ყავისფერი ფოთლები, რომლებსაც ქარი ზვინებად დგამდა და ყინვა ერთმანეთზე აწებებდა. ჭიშკარს მივეყრდნე და ველებისკენ გავიხედე, სადაც ცხვარი უკვე აღარ ძოვდა. დაცარიელებულ მინდვრებში დაბალი, ყინვისგან დამზრალი და თრთვილით გადათეთრებული ბალახიღა შეიმჩნეოდა. ბნელი დღე იყო; ცა შავ, სათოვარ ღრუბლებს დაეფარა. ხანგამოშვებით თოვლის თეთრი ფიფქები ცვიოდა და გაყინულ ბილიკსა და თრთვილით შეფიფქულ მინდვრებს თეთრად ეფინებოდა. ვიდექი ასე. ვგრძნობდი, რომ მეტად უბედური ვიყავი და დაუსრულებლად ჩემთვის ვიმეორებდი: რა უნდა ვიღონო? რა მეშველება?

უცებ გავიგონე, ვიღაცის წკრიალა ხმა მიხმობდა: - მის ჯეინ, სადა ხართ? მოდით აქ, ისაუზმეთ.

კარგად ვიცოდი, რომ ეს ბესი იყო, მაგრამ არ გავნძრეულვარ. მერე ბილიკზე მისი სწრაფი და მსუბუქი ნაბიჯის ხმაც შემომესმა.

- ოჰ, რა გაუგონარი ბავშვი ხართ! - მითხრა მან. - რატომ არ მოდიხართ, როცა გეძახიან?

იმდენად უსიამოვნო ფიქრებით ვიყავი გართული, რომ ბესის სიახლოვე ახლა ჩემთვის მაინც სასიხარულო აღმოჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ ის, ჩვეულებრივად, რაღაცაზე გულმოსული იყო. ისიც უნდა ვაღიარო, რომ ყოველივე იმის შემდეგ, რაც თავს გადამხდა მისის რიდთან, განწყობილიც არ ვიყავი, რაიმე ყურადღება მიმექცია აღმზრდელი ქალის უგუნებობისთვის. მხოლოდ ის მსურდა, დავმტკბარიყავი იმ ბედნიერებით და მეგრძნო ის სითბო, რომლითაც სავსე იყო ამ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალის გული. ორივე ხელი წელზე შემოვხვიე და ვუთხარი: - კარგი, ბესი, ნუ მიჯავრდებით.

ამდენი სითამამე და გულწრფელობა არასოდეს გამომიმჟღავნებია. როგორც ჩანს, ეს ბესისაც ესიამოვნა.

- რა უცნაური ბავშვი ხართ, ჯეინ, - მითხრა მან და გადმომხედა, - პატარა, მარტოობის მოყვარული, მოხეტიალე არსება! მგონი, სკოლაში გგზავნიან, არა?

თავი დავუქნიე.

- ნუთუ გული არ გწყდებათ, რომ ტოვებთ თქვენს საბრალო ბესის?

- რას დაეძებს ბესი, მე წავალ თუ დავრჩები, ის ხომ ყოველთვის მიჯავრდება?

- იმიტომ გიჯავრდებით, რომ ასე თავისებური, მშიშარა და მორცხვი პატარა გოგონა ხართ. უფრო თამამი უნდა იყოთ.

- იმიტომ, რომ უფრო მეტი მომხვდეს, არა?

- სისულელეა. კარგად რომ არ გექცევიან, ეს ცხადია. დედაჩემმა, რომელიც გასულ კვირას ჩემს სანახავად იყო აქ, მითხრა, რომ არც ერთ თავის შვილს არ უსურვებდა თქვენს ადგილას ყოფნას. ახლა კი შევიდეთ შინ, სასიამოვნო ახალი ამბავი უნდა გითხრათ.

- არა მგონია, რაიმე კარგი იყოს, ბესი.

- რა გინდათ ამით თქვათ, ჩემო ბავშვო! რატომ მიმზერთ ასეთი ნაღვლიანი თვალებით? იცით, მისის რიდი, მისტერ ჯონი და ახალგაზრდა ქალბატონები სტუმრად არიან მიწვეული ჩაიზე. თქვენ კი ჩემთან ერთად დალევთ ჩაის. მზარეულს ვთხოვე, ნამცხვარი გამოგიცხოთ. შემდეგ კი დაგეხმარებით ტანსაცმლის გადათვალიერებაში. სასწრაფოდ უნდა ჩაგილაგოთ ჩემოდანი. მისის რიდს სურს, ხვალ ან ზეგ სასწავლებელში გაგგზავნოთ. ამოირჩიეთ, რა სათამაშოების წაღება გინდათ თან.

- ბესი, პირობა მომეცით, რომ წასვლამდე არ გამიჯავრდებით.

- კარგი, მაგრამ თქვენც კარგად უნდა მოიქცეთ და ჩემი აღარ უნდა გეშინოდეთ. ნურც შეკრთებით, თუ მკაცრად გეტყვით რამეს. ეს ძალიან მაჯავრებს.

- უკვე შეგეჩვიეთ და არა მგონია, ოდესმე შემეშინდეს თქვენი. მალე, ალბათ, სულ სხვა ადამიანების უნდა მეშინოდეს.

- თუ შეგეშინდებათ, ისინი შეგიძულებენ.

- როგორც თქვენ, არა, ბესი?

- არა, მის, მე არ მეჯავრებით. დამიჯერეთ, ამ სახლში ყველა ბავშვზე მეტად მიყვარხართ.

- მე ეს თქვენთვის არასოდეს შემიმჩნევია.

- ასეთი პატარა და ასეთი მოხერხებული? უკვე სულ სხვანაირად ლაპარაკობთ. რამ მოგცათ ამდენი გამბედაობა და სიმტკიცე?

- მალე მივდივარ აქედან და, გარდა ამისა... - ის იყო, დავაპირე მეთქვა, რაც მოხდა მისის რიდსა და ჩემ შორის, მაგრამ მალევე გადავიფიქრე. ვამჯობინე, ამ საქმეზე საერთოდ არაფერი დამცდენოდა.

- გატყობთ, გიხარიათ, რომ მშორდებით.

- სრულიადაც არა, ბესი. ახლა თითქმის ვწუხვარ კიდეც.

- ახლა და ისიც თითქმის! რა გულგრილად ამბობს ამას ჩემი პატარა ქალბატონი. ისიც ვიცი, კოცნა რომ გთხოვოთ, უთუოდ უარს განმიცხადებთ და მეტყვით, უმჯობესია, არ გაკოცოო.

- დიდი სიამოვნებით გაკოცებთ, ბესი. დაიხარეთ! - ბესი დაიხარა. ჩვენ გულწრფელად გადავეხვიეთ ერთმანეთს და, სრულიად დამშვიდებული, შინ შევყევი. სრულ მყუდროებაში დრო მშვიდად გავატარეთ. გვიან საღამოს ბესიმ ყველაზე საინტერესო ამბები მომითხრო და რამდენიმე ტკბილი სიმღერაც მიმღერა. ასე რომ, ერთხელ ჩემთვისაც გამოიმეტა ცხოვრებამ თავისი მანათობელი მზის შუქი.

თავი მეხუთე

ცხრამეტ იანვარს, დილით, როდესაც საათმა ხუთჯერ დარეკა, ბესი სანთლით ხელში საკუჭნაოში შემოვიდა. მე უკვე თითქმის ჩაცმული დავხვდი. მის მოსვლამდე დაახლოებით ნახევარი საათით ადრე ავდექი. ჩამავალი მთვარის შუქზე, რომლის სხივები ჩემი საწოლის ახლოს ვიწრო სარკმლიდან შიგნით იჭრებოდა, ხელ-პირი დავიბანე და ტანსაცმელი ჩავიცვი. იმ დღეს გეიტსჰედს ვეთხოვებოდი. უნდა გავყოლოდი ეტლს, რომელსაც ექვს საათზე ჩვენს ჭიშკართან უნდა ჩამოევლო. ჩემს გასაცილებლად მხოლოდ ბესი წამომდგარიყო, საბავშვო ოთახის ბუხარში ცეცხლი გაეჩაღებინა და საუზმეს მიმზადებდა. ისევე, როგორც ყველა სხვა ბავშვს, გამგზავრების წინ მღელვარების გამო ჭამა არ შემეძლო. ბესი ამაოდ მაძალებდა ჩემთვის მომზადებულ რძესა და პურს. ხელი ვერაფერს ვახლე. მან რამდენიმე ნამცხვარი ქაღალდში გამიხვია და სამგზავრო ჩანთაში ჩამიდო. მერე პალტო ჩამაცვა, ქუდი დამახურა; თვითონ შალში გაეხვია და ასე დავტოვეთ საბავშვო ოთახი. მისის რიდის ოთახს რომ ჩავუარეთ, მკითხა:

- ნუთუ არ შეხვალთ და არ გამოემშვიდობებით მისის რიდს, მის ჯეინ?

- არა, წუხელ, თქვენ რომ დაბლა ვახშმობდით, მისის რიდი ჩემს ოთახში შემოვიდა, საწოლს მოუახლოვდა და გამაფრთხილა, რომ წასვლისას არც ის და არც ჩემი ბიძაშვილები არ შემეწუხებინა და მათთვის დილის ძილი არ დამეფრთხო. თან ისიც დასძინა, მახსოვდეს, რომ ის ყოველთვის ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო და ამიერიდან ყველგან პატივისცემითა და მადლიერებით უნდა მოვიხსენიო.

- თქვენ რაღა უპასუხეთ, მის?

- არაფერი, სახეზე საბანი წავიფარე და კედლისკენ გადავბრუნდი.

- ცუდად მოქცეულხართ, მის ჯეინ.

- არა, ბესი, ძალიან კარგად მოვიქეცი. თქვენი ქალბატონი ჩემი მეგობარი არასოდეს ყოფილა. ის ყოველთვის ჩემი მტერი იყო.

- ოჰ, მის ჯეინ, ნუ ამბობთ ამას!

- ნახვამდის, გეიტსჰედო! - წამოვიძახე, როდესაც დარბაზი გავიარეთ და წინა კარიდან გავედით.

მთვარე ჩასულიყო; უკუნეთს მოეცვა იქაურობა. ბესი გზას ფარნით ანათებდა. მისი შუქი სველ საფეხურებსა და ქვიშით მოკირწყლულ გზაზე ციმციმებდა. ზამთრის ცივი დილის სუსხი კბილს კბილზე მაცემინებდა და, რაც შემეძლო, მივიჩქაროდი. მეკარის ქოხში სინათლე მოჩანდა. შიგნით შევედით. მეკარის მეუღლე ახალი ამდგარი ჩანდა, რადგან ცეცხლს ის იყო ანთებდა. ჩემი ბარგი ჯერ კიდევ წინაღამეს წამოიღეს და ახლა, თასმებგადაჭერილი, კართან შევნიშნე. ექვსს რამდენიმე წუთიღა აკლდა, სრულ ექვს საათზე კი შორით მომავალი დილიჟანსის ბორბლების ხმაურიც შემომესმა. კართან მივედი და დილიჟანსის ფარნების შუქს გავცქეროდი, რომელიც სიბნელეში სწრაფად გვიახლოვდებოდა.

- მარტო გზავნით? - იკითხა მეკარის ცოლმა.

- დიახ.

- შორს არის, სადაც მიდის?

- აქედან ორმოცდაათი მილი იქნება.

- ოჰ, რა დიდი მანძილია! მიკვირს, ნუთუ მისის რიდს არ ეშინია, რომ ამ სიშორეზე მას მარტოდმარტო გზავნის.

ოთხცხენიანი, მგზავრებით სავსე დილიჟანსიც მოვიდა, ჭიშკართან გაჩერდა. გამყოლი და მეეტლე ყვირილით გვაჩქარებდნენ. ჩემი ბარგი მაღლა შეაგდეს და ძლივს მომაშორეს ბესის, რომელსაც კისერზე ვეხვეოდი და გაუთავებლად ვკოცნიდი.

- აბა, თქვენ იცით, როგორ გაუფრთხილდებით ამ ბავშვს, - ეუბნებოდა ის გამყოლს, რომელმაც ხელში ამიყვანა და დილიჟანსში ჩამსვა.

- კარგი, კარგი! - გაისმა პასუხად. კარი მოაჯახუნეს; ვიღაცამ დაიძახა, წავედითო, და დილიჟანსიც დაიძრა. ასე გამოვეთხოვე ბესისა და გეიტსჰედს. მივეშურებოდი, როგორც მაშინ ვფიქრობდი, შორეული, იდუმალებით მოცული და სრულიად უცნობი სამყაროსკენ.

ამ მოგზაურობიდან ცოტა რამ მახსოვს. მხოლოდ ის ვიცი, რომ დრო ძალიან გაგრძელდა და მომეჩვენა, თითქოს რამდენიმე ასეულ მილზე მეტი გავიარეთ. გავცდით რამდენიმე ქალაქს და ბოლოს ჩვენი დილიჟანსი ერთ-ერთ ძალიან დიდ ქალაქში გაჩერდა, ცხენები გამოუშვეს და მგზავრებიც გადმოვიდნენ, რომ ესადილათ. გამყოლმა სასაუზმოდ სასტუმროში შემიყვანა, მაგრამ მალევე დამტოვა, რადგან არაფრის ჭამა არ შემეძლო. დავრჩი ამ უზარმაზარ ოთახში და იქაურობის თვალიერება დავიწყე. ორივე მხარეს ბუხარი გიზგიზებდა. ჭერის შუაგულში დიდი ჭაღი ეკიდა; მაღლა, ერთ-ერთ კედელზე, წითლად შეღებილი პატარა ქანდარა შევნიშნე, სადაც მრავალნაირი მუსიკალური საკრავი ეწყო. სასტუმროში დიდხანს ბოლთას ვცემდი და მთელი ამ ხნის განმავლობაში საშინელ შიშს განვიცდიდი. მეჩვენებოდა, რომ ვინმე შემოვიდოდა და მომიტაცებდა. ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ არსებობდნენ რაღაც ავი სულები, რომლებიც ბავშვებს იტაცებდნენ. ასეთ ამბებს ბესი ხშირად გვიყვებოდა ხოლმე ცეცხლის პირას. ბოლოს გამყოლიც დაბრუნდა. ერთხელ კიდევ ჩამსვეს დილიჟანსში. ჩემი მფარველი მაღლა ავიდა, კოფოზე წამოჯდა, საყვირს ჩაბერა და დილიჟანსიც ქ. ლ-ის ქვაფენილზე ხმაურით გაუდგა გზას.

საღამო ბურუსიანი იყო და ცრიდა. ბინდი ჩამოწვა. ვიგრძენი, რომ მართლაც დიდი მანძილით დავშორდი გეიტსჰედ-ჰოლს. უკვე აღარ გვიწევდა ქალაქებზე გავლა და მიდამოც გამოიცვალა. ახლა ჰორიზონტზე მაღალი, რუხი გორაკები ჩნდებოდნენ. ბინდი სიბნელემ შეცვალა. მალე გავივაკეთ. გარშემო ტყეს დაებურა იქაურობა. მთელ იმ არემარეზე წყვდიადმა დაისადგურა და ძალიან დიდხანს მესმოდა, როგორ დათარეშობდა ძლიერი ქარი ხეებს შორის.

ქარის ზუზუნი ნანასავით ჩამესმოდა და მალე ჩამეძინა. დიდხანს არ მძინებია. დილიჟანსის უეცარმა შეჩერებამ გამომაღვიძა. კარი უკვე გაეღოთ; ჩვენ წინ ვიღაც შევნიშნე და მსახურს მივამსგავსე, რადგან ფარნის შუქზე ძლივს გავარჩიე მისი სახე და ტანსაცმელი.

- არის აქ ვინმე პატარა გოგონა, ჯეინ ეარი? - იკითხა მან. მე ვუპასუხე, დიახ-მეთქი. ამის მერე ეტლიდან გადმომიყვანეს, ჩემი ბარგი ჩამოიღეს და ეტლიც მაშინვე დაიძრა.

დიდხანს ჯდომისგან დავიხუთე; ბორბლების ხმაურმა და ჯანჯღარმა გამაბრუა. ბოლოს, როგორც იქნა, ძალ-ღონე მოვიკრიბე და გარშემო მიმოვიხედე. მიუხედავად იმისა, რომ წვიმდა, ქარი ქროდა და ძალიან ბნელოდა, მაინც შევამჩნიე ჩემ წინ აღმართული რაღაც კედელი, რომელშიც ღია კარი შევნიშნე. ჩემმა ახალმა გამყოლმა შიგნით შემიყვანა, მერე კარი მიხურა და გადაკეტა. ახლა უკეთ დავინახე, რომ ის ძალიან დიდი შენობა იყო და უამრავი ფანჯარა ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ გეტყვით, ჩემ წინ ერთი სახლი იყო თუ სახლები. მხოლოდ რამდენიმე მათგანიდან გამოკრთოდა შუქი. გავყევით კენჭებით მოფენილ ფართო ბილიკს და მალე შესასვლელი კარის წინ აღმოვჩნდით. მსახურმა დერეფანში გამატარა, რომელიღაც ოთახში შემიყვანა, სადაც ცეცხლი გიზგიზებდა, და მარტო დამტოვა.

ცეცხლს მივეფიცხე. გათოშილ ხელებს ვითბობდი და თან ოთახს ვათვალიერებდი. სანთელი არსად ჩანდა. მხოლოდ ბუხრის ალი აშუქებდა იქაურობას. მოციმციმე მკრთალ შუქზე დავინახე შპალერაკრული კედლები. მისაღები ოთახი ნოხით, ფარდებითა და პრიალა, წითელი ხის ავეჯით მოერთოთ. რასაკვირველია, ის არ ჰგავდა გეიტსჰედ-ჰოლის ფართო და დიდებულ სასტუმრო ოთახს, მაგრამ საკმაოდ კეთილმოწყობილი იყო. ვაკვირდებოდი კედელზე ერთ-ერთ სურათს და ვცდილობდი, გამეგო მისი შინაარსი. ამ დროს კარი გაიღო და ოთახში სანთლით ხელში ვიღაც შემოვიდა. მას კიდევ სხვა ქალი მოჰყვებოდა უკან.

პირველი მაღალი ლედი იყო. როგორც შევნიშნე, მას შავი თმა, შავი თვალები, მაღალი შუბლი და ფერმკრთალი სახე ჰქონდა. მხრებზე შალი წამოესხა და მეტად სერიოზული გამომეტყველებით, წელში გამართული, ჩემკენ მოდიოდა.

- ბავშვი პატარაა, როგორ გამოგზავნეს მარტო? - წარმოთქვა მან და სანთელი მაგიდაზე დადგა. ერთი თუ ორი წუთი დიდი ყურადღებით მიყურებდა და მერე დაუმატა:

- უმჯობესია, ახლავე ლოგინში ჩავაწვინოთ, - შემდეგ მე მომიბრუნდა, მხარზე ხელი დამადო და მკითხა:

- დაიღალე?

- ოდნავ, ქალბატონო.

- ალბათ, გშია კიდეც? მის მილერ, ავახშმეთ, სანამ დაიძინებდეს.

- პირველად მოგაშორეს მშობლებს და სკოლაში გამოგგზავნეს, ჩემო პატარა გოგონა, არა?

მე ვუპასუხე, რომ მშობლები აღარ მყავდა. შემდეგ მან მკითხა, თუ როდის გარდაიცვალნენ ისინი; გამომკითხა წლოვანება, გვარი, სახელი და დაინტერესდა, შემეძლო თუ არა წერა, კითხვა ან კერვა. ბოლოს ხელი ნაზად შეახო ჩემს სახეს და თქვა: იმედი მაქვს, კარგი ბავშვი იქნებით, - და მის მილერს გამაყოლა.

ლედი, რომელიც ოთახში დავტოვე, დაახლოებით ოცდაცხრა წლის იქნებოდა. მეორე კი, რომელმაც წამომიყვანა, რამდენიმე წლით მასზე უმცროსი ჩანდა. პირველის ხმამ, გარეგნობამ და სახის გამომეტყველებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მის მილერი კი სრულიად ჩვეულებრივ ადამიანად წარმომიდგა; მიუხედავად აღაჟღაჟებული სახისა, გამომეტყველებაზე შეატყობდით, რომ უამრავი საზრუნავი ჰქონდა. მისი სიარული და მოქმედება კი იმ ადამიანებს მოგაგონებდათ, რომელთაც ყოველთვის აუარებელი საქმე აწუხებთ ხოლმე. გულში გადავწყვიტე, რომ ის უმცროსი მასწავლებელი უნდა ყოფილიყო და, როგორც მოგვიანებით შევნიშნე, ჩემი აზრი მართალი გამოდგა. მის მილერი წინ მიდიოდა და ამ დიდსა და უთავბოლოდ ნაგებ შენობაში ერთი ადგილიდან მეორეზე, დერეფნიდან დერეფანში გადავყავდი. გავიარეთ თუ არა შენობის ის ნაწილი, რომელიც სევდის მომგვრელ მდუმარებას მოეცვა, უცებ ბავშვების ჟრიამული შემოგვესმა და ჩვენც მაშინვე საკმაოდ ფართო და გრძელ ოთახში შევედით. შესვლისთანავე შევნიშნე, რომ ოთახის თავსა და ბოლოში ნაძვის ხის დიდი მაგიდები იდგა. თითოეულ მაგიდაზე ორ-ორი სანთელი ენთო. მაგიდებს გარშემო თითქმის ყველა წლოვანების, ასე ცხრა-ათი წლიდან ოცი წლის ასაკამდე, გოგონები შემოსხდომოდნენ. შინ ჩამოქნილი ქონის სანთლის მკრთალ შუქზე მომეჩვენა, რომ ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ, თუმცა სინამდვილეში ოთხმოცს არ აღემატებოდნენ. ბავშვებს ყველას ერთნაირი, ძველებურ მოდაზე შეკერილი, მდარე ხარისხის შალის კაბები ეცვათ ტილოს გრძელი წინსაფრებით. ეტყობა, მეცადინეობისთვის განკუთვნილ დროს შევედით, რადგან ყველა მათგანი მეორე დღისთვის გაკვეთილებს ბუტბუტით ერთად იმეორებდა. ხმაურიც, რომელიც მე შემომესმა, უეჭველია, ამით იყო გამოწვეული.

მის მილერმა მანიშნა, კართან ახლოს, ხის სკამზე დავმჯდარიყავი, თვითონ კი, შემოვიდა თუ არა, იქვე გაჩერდა და ხმამაღლა განაცხადა:

- ჯგუფხელებო, წიგნები შეაგროვეთ და თავის ადგილას დააწყვეთ!

სხვადასხვა ადგილიდან ოთხი მაღალი გოგონა წამოდგა, მაგიდებს შემოუარეს, სახელმძღვანელოები მოაგროვეს და წაიღეს. მის მილერმა კვლავ გასცა განკარგულება:

- ჯგუფხელებო, ვახშმისთვის ლანგრები შემოიტანეთ!

იგივე მაღალი გოგონები გავიდნენ და მალევე დაბრუნდნენ. თითოეულს ხელში ეჭირა სავსე ლანგარი, რომელზეც რაღაც საჭმელი უკვე წინასწარ იყო განაწილებული. თითოეულ ლანგარზე წყლით სავსე სურა და თითო ტოლჩა იდგა. საჭმელი ჩამოარიგეს, ხოლო წყალს კი ყველა ბავშვი ერთი და იმავე ჭიქიდან სვამდა. ჩემი ჯერიც დადგა. ძალიან მწყუროდა და მხოლოდ წყალი მოვსვი. საჭმლისთვის კი ხელი არ მიხლია, აღელვებისა და დაქანცულობისგან ჭამა არ შემეძლო; მხოლოდ ის შევნიშნე, რომ თხლად დაჭრილი შვრიის პური შემოიტანეს.

ვახშამი დამთავრდა თუ არა, მის მილერმა ლოცვები ჩაიკითხა და ჯგუფხელები გაათავისუფლა. შემდეგ, ორ-ორად დაწყობილი, ზემოთ ავედით. ძალა არ შემწევდა, საძინებელი ოთახი დამეთვალიერებინა. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ეს ოთახი სამეცადინო ოთახივით გრძელი ჩანდა. იმ ღამეს მის მილერთან მეძინა და ტანსაცმლის გახდაშიც ის მომეხმარა. ჩავწექი თუ არა, საწოლების გრძელ მწკრივს გადავხედე და შევნიშნე, რომ თითოეულ საწოლში ორ-ორი ბავშვი წვებოდა. ათ წუთში სანთლის შუქიც გაქრა და ამ სიჩუმესა და უკუნეთ სიბნელეში მალე ჩამეძინა.

ღამემ სწრაფად გაიარა. გზამ ისე დამღალა, სიზმარიც კი არ მინახავს. მხოლოდ ერთხელ გამეღვიძა და გაშმაგებული ქარის ზუზუნი და კოკისპირული წვიმის ხმა შემომესმა. მის მილერი უკვე ჩემ გვერდით იწვა. როცა მეორედ გავახილე თვალი, ზარის ხმამაღალი რეკვა ისმოდა. გოგონები უკვე ამდგარიყვნენ და იცვამდნენ, გარიჟრაჟი ჯერ კიდევ შორს იყო და ოთახს მხოლოდ ერთი თუ ორი სანთელი ანათებდა. მეც უხალისოდ წამოვდექი. სუსხიანი დილა იყო. სიცივისგან მთლად აცახცახებულმა, ძლივს მოვახერხე ჩაცმა. ხელ-პირი კი მხოლოდ მაშინ დავიბანე, როცა პირსაბანი ტაშტი გათავისუფლდა. ეს კი არც ისე იოლი იყო, რადგან ექვსი ბავშვი მხოლოდ ერთი ტაშტით სარგებლობდა. ზარი კვლავ დარეკეს. ყველა ორ-ორად დაწყობილი ჩავედით. იქ მის მილერმა კვლავ წაიკითხა ლოცვები და შემდეგ ხმამაღლა ბრძანება გასცა.

- ჯგუფებად მოეწყვეთ!

ხმაური რამდენიმე წუთს კიდევ გრძელდებოდა. ამ ხნის განმავლობაში მის მილერი განუწყვეტლივ იმეორებდა: - სიჩუმე, დაწყნარდით!

სიჩუმე ჩამოვარდა და დავინახე, რომ გოგონები ოთხ ჯგუფად გაყოფილიყვნენ და თითოეულ ჯგუფს მაგიდების გარშემო, სკამების წინ, ოთხი ნახევარწრე შეეკრა. ყველას წიგნი ეჭირა ხელში. მაგიდებზე კი, თავისუფალი ადგილების წინ, ეწყო სქელტანიანი წიგნები, რომლებიც სახარებას ჰგავდა. რამდენიმე წუთს სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კვლავ გაისმა ხმადაბალი კითხვით გამოწვეული გაურკვეველი ზუზუნი. მის მილერი ჯგუფებს შორის მიმოდიოდა და ცდილობდა, დაეწყნარებინა ისინი. გაისმა შორეული ზარის წკრიალი და ოთახში მაშინვე სამი მასწავლებელი შემოვიდა. ისინი მაგიდებისკენ გაემართნენ და ყველამ მისთვის განკუთვნილი ადგილი დაიკავა. კართან ახლოს, მეოთხე მაგიდასთან, კიდევ ერთი ცარიელი სკამი იდგა და მის მილერი სწორედ იქით გაეშურა. ამ მაგიდის ირგვლივ ყველაზე პატარა გოგონები შეკრებილიყვნენ. მეც ამ დაწყებით ჯგუფში ამომიკითხეს და ყველაზე ბოლოს დამაყენეს.

მეცადინეობა დაიწყო. დილის მოკლე ლოცვა და საღვთო წერილის რამდენიმე თავი გაგვამეორებინეს, ბოლოს დიდხანს გვიკითხავდნენ ნაწყვეტებს სახარებიდან, რაც ერთ საათს გაგრძელდა. მეცადინეობა დამთავრდა და თითქმის გათენდა კიდეც. ზარის ხმა ამჯერად უკვე მეოთხედ შემოგვესმა, კვლავ დავეწყვეთ და სასაუზმოდ მეორე ოთახში შევედით; როგორ მიხაროდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, შესაძლებლობა მომეცა საჭმელი მეჭამა! მე ხომ მთელი წინა დღის განმავლობაში ლუკმა არ ჩამედო პირში და იმდენად დავსუსტდი, რომ შიმშილისგან გული მიმდიოდა.

სასადილო ოთახი დიდი, მაგრამ დაბალჭერიანი და ბნელი იყო. ორ გრძელ მაგიდაზე ჯამები ჩაემწკრივებინათ. ორთქლის ჭავლმა მიმახვედრა, მათში ცხელი საჭმელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, ჩემდა სავალალოდ, საჭმლის სუნმა ჭამის მადა მაშინვე დამიკარგა. საერთო უკმაყოფილება შევნიშნე, როდესაც ეს სუნი სხვა ბავშვებმაც იგრძნეს. პირველი ჯგუფიდან მოწინავე მწკრივებში, სადაც ის მაღალი გოგონები იდგნენ, ჩურჩული გაისმა.

- საშინელებაა, ფაფა კვლავ მიმწვარია!

- სიჩუმე! - წამოიძახა ვიღაცამ. ეს უკვე მის მილერი კი არა, ვიღაც მაღალი კლასის მასწავლებელი უნდა ყოფილიყო, პატარა, შავგვრემანი, კოხტად ჩაცმული, მაგრამ არასასიამოვნო შესახედაობის ქალი. მას ერთ-ერთი სუფრის თავში დაეკავებინა ადგილი. მეორე მაგიდასთან კი უფრო წარმოსადეგი ლედი შევნიშნე. ამაოდ ვაცეცებდი თვალებს და ვეძებდი იმ ქალს, რომელიც წინაღამეს ვნახე. ის არსად ჩანდა. მის მილერმა მაგიდის ბოლოში დაიკავა ადგილი, სადაც მე ვიჯექი. ხანში შესული ქალი კი, რომელიც უცხოელს წააგავდა და, როგორც შევიტყვე, ფრანგული ენის მასწავლებელი იყო, მეორე მაგიდასთან დაჯდა. კვლავ წაგვიკითხეს გრძელი ლოცვა, ამას მოჰყვა გალობა და მხოლოდ ამის შემდეგ შემოუტანა მსახურმა მასწავლებლებს ჩაი და ჩვენც ჭამას შევუდექით.

შიმშილისგან დასუსტებულმა, რამდენიმე კოვზი ფაფა ისე გადავყლაპე, არც კი მიფიქრია, გემო გამესინჯა. შიმშილი ცოტათი დავიკმაყოფილე თუ არა, მაშინვე მივხვდი, რა უგემურ და გულის ამრევ საჭმელს შევექცეოდი. მიმწვარი ფაფა დამპალ კარტოფილზე უარესია. თვით საშინელი შიმშილიც კი უძლურია მის წინაშე. კოვზების მოძრაობაზე შევატყვე, თითოეული ბავშვი რა უხალისოდ შეექცეოდა საჭმელს და ძალით ცდილობდა, თავისი წილი როგორმე გადაეყლაპა. გოგონების უმრავლესობამ საჭმელი ხელუხლებელი დატოვა. მალე საუზმე დამთავრდა, მაგრამ არავინ დანაყრებულა. ლოცვები მაინც გვათქმევინეს, ღმერთს მადლობა შევწირეთ წყალობისთვის, თუმცა მშივრები დავრჩით. დამთავრდა თუ არა მეორე საგალობელი, სასადილოდან პირდაპირ საკლასო ოთახისკენ გავეშურეთ. ყველაზე ბოლოს მე გამოვედი სასადილო ოთახიდან. მაგიდებს შორის მიმავალმა თვალი მოვკარი, რომ ერთ-ერთმა მასწავლებელმა თასი ხელში აიღო, ფაფას გემო გაუსინჯა და სხვა მასწავლებლებს გადახედა. თითოეულის სახეზე უკმაყოფილება ამოვიკითხე. ერთ-ერთმა მათგანმა, ყველაზე უფრო მსუქანმა მასწავლებელმა, ჩურჩულით ჩაილაპარაკა:

- რა საძაგლობაა, არ რცხვენიათ?

გაკვეთილები დაახლოებით თხუთმეტი წუთის შემდეგ დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში საკლასო ოთახში გამაყრუებელი ხმაური იდგა. როგორც ჩანს, ასეთ დროს გოგონებს ნებას აძლევდნენ, ხმამაღლა, თავისუფლად ელაპარაკათ, და ისინიც ამ უფლებით სარგებლობდნენ. საუბარი საუზმეს შეეხებოდა და თითოეული თავის უკმაყოფილებას გამოთქვამდა. საბრალო ბავშვები! აი, ერთადერთი ნუგეში, რითაც დარდს იქარვებდნენ. მასწავლებლებიდან ოთახში მხოლოდ მის მილერი დარჩა, რომელსაც უფროსი კლასის მოსწავლე გოგონები გარს შემოხვეოდნენ და სერიოზულად ელაპარაკებოდნენ. აღსაზრდელები მეტისმეტად აღელვებულნი ჩანდნენ. რამდენიმემ მისტერ ბროკლეჰერსტი ახსენა, რაზედაც მის მილერი უარის ნიშნად თავს აქნევდა და მაინცდამაინც დიდად არ ცდილობდა, საერთო გულისწყრომისა და მღელვარებისთვის ხელი შეეშალა; ნამდვილად თვითონაც იზიარებდა მათ აზრს.

საკლასო ოთახში საათმა ცხრაჯერ დარეკა, მის მილერმა გარშემოხვეული გოგონები მიატოვა, ოთახის შუაგულში დადგა და ხმამაღლა განაცხადა:

- სიწყნარე! ადგილებზე!

წესრიგი დამყარდა. აურზაური შეწყდა და ხუთ წუთში სიჩუმე ჩამოვარდა. უფროსი კლასის მასწავლებლებმა თავიანთი ადგილები დაიკავეს, მაგრამ ყველა მათგანი თითქოს რაღაცას უცდიდა. ოთახში, ორივე მხარეს, ხის გრძელ სკამებზე წელში გამართული ოთხმოცი გოგონა გაუნძრევლად იჯდა. უცნაური სანახავი იყო მთელი ეს კრებული: თმა ყველას სადად ჰქონდა დავარცხნილი, ერთ კულულსაც კი ვერავის შეამჩნევდით. ყელს უფარავდათ მაღალი, მაქმანშემოვლებული მრგვალი საყელოები, ყავისფერი კაბები ეცვათ და თითოეულს ხელსაქმისთვის განკუთვნილი პატარა ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული (ეს ჩანთები მთიელი შოტლანდიელების ქისებს წააგავდა). ფეხთ შალის მაღალყელიანი წინდები და სოფელში შეკერილი ფეხსაცმელი ეცვათ, რომლებიც ბრჭყვიალა თითბრის აბზინდებით იკვრებოდა. დაახლოებით ოცზე მეტი ზრდადასრულებული გოგონაც ასევე იყო გამოწყობილი. ეს ტანსაცმელი მათ სრულებით არ უხდებოდათ და თვით ყველაზე მშვენიერთაც კი რაღაც უცნაურ იერს აძლევდა.

ვათვალიერებდი მათ და ხანგამოშვებით მასწავლებლებსაც ვაკვირდებოდი. ძალიან არც ერთი არ მომწონდა. მათ შორის ყველაზე მსუქანი, უხეში მეჩვენებოდა, შავგვრემანი - მეტად ანჩხლი, უცხოელი - სასაცილო და, ამასთანავე, მკაცრი. ლოყებღაჟღაჟა მის მილერი კი მეტად საბრალო ჩანდა, მუშაობით მეტისმეტად გადაღლილი, მრავალი ჭირის მნახველის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ისევ მათ ვათვალიერებდი, როდესაც უცებ ყველა ფეხზე წამოდგა, თითქოს რაღაც ძალამ წამოაყენაო.

რა მოხდა? არავითარი ბრძანება არ გამიგონია და ვიდრე გავერკვეოდი, კვლავ დასხდნენ, ყველა ერთ მხარეს იყურებოდა. მეც თვალი მათ მზერას გავაყოლე და დავინახე ლედი, რომელმაც გასულ ღამეს სასწავლებელში მიმიღო. ბუხრებში ცეცხლი ოთახის ორივე მხარეს გაეჩაღებინათ და ისიც ერთ-ერთთან, ოთახის ბოლოში, გაჩერდა. ახალშემოსულს, რომელიც აუღელვებლად და დინჯად ათვალიერებდა აღსაზრდელთა მწკრივებს, მის მილერი მიუახლოვდა და, როგორც ჩანს, რაღაც ჰკითხა. როცა პასუხი მიიღო, უკან გამობრუნდა და თავის ადგილას დადგა. შემდეგ კი ხმამაღლა განაცხადა:

- პირველი ჯგუფის ჯგუფხელებო, გლობუსები შემოიტანეთ!

სანამ გაცემული ბრძანება შესრულდებოდა, ლედი დინჯად გაემართა ოთახის მოპირდაპირე მხარეს. პატივისცემის გრძნობა, საერთოდ, დიდად იყო განვითარებული ჩემში და ახლაც ნათლად მახსოვს ის თაყვანისცემა, რომლითაც მისდამი განვიმსჭვალე. მოწიწებით ვადევნებდი თვალს მის ყოველ მოძრაობას. ახლა, დღის სინათლეზე, გარკვევით დავინახე, რომ ის მაღალი, ტანადი და მშვენიერი ქალი იყო. კეთილი, მუქი თაფლისფერი თვალები და გრძელი წამწამები უფრო მკვეთრად აჩენდნენ მისი მაღალი შუბლის სითეთრეს. ორივე მხარეს, საფეთქლებზე, მუქი წაბლისფერი თმა მშვენიერ კულულებად ეფინებოდა (მაშინ მოდაში არ იყო არც ძალიან გრძელი კულულები და არც უკან გვირგვინად ჩახვეული თმა). შავი ხავერდით გაწყობილი მეწამული ფერის კაბაც უკანასკნელი მოდის მიხედვით შეკერილი ეცვა. სარტყელზე ოქროს საათი ჰქონდა მიმაგრებული (საათები მაშინ ძალიან იშვიათად იხმარებოდა და ისე არ იყო გავრცელებული, როგორც ახლა). დაე, მკითხველმა თვითონ დაუმატოს ამას მშვენიერი სახის ნაკვთები, სპილოსძვლისფერი ნათელი კანი, წარმოსადეგი ტანადობა, ამ აღნაგობის შესატყვისი მიხრა-მოხრა, რომელშიც ზომიერი სიამაყეც ჩანდა და, რამდენადაც ჩემს სიტყვებს შეუძლია გადმოგცეთ, თქვენ თვალწინ დაგიდგებათ მის ტემპლის სურათი. მარია ტემპლი - ასე ამოვიკითხე ერთხელ მის ლოცვანზე, როდესაც მენდნენ და ეს წიგნი ეკლესიაში გამატანეს.

ლოვუდის სასწავლებლის ზედამხედველი (ამ საქმეს განაგებდა ეს ლედი) მიუჯდა მაგიდას, რომელზეც ორი გლობუსი იდგა, და პირველი ჯგუფის აღსაზრდელები გამოიძახა. განკარგულება გასცა, რომ მის ირგვლივ დამსხდარიყვნენ, და გეოგრაფიის გაკვეთილი დაიწყო. დაბალი ჯგუფის აღსაზრდელებიც გამოიძახეს. გაკვეთილები ისტორიაში, გრამატიკასა და სხვა საგნებში ერთ საათს გაგრძელდა, რასაც მართლწერისა და არითმეტიკის გაკვეთილები მოჰყვა, მუსიკის გაკვეთილი კი მის ტემპლმა ჩაუტარა რამდენიმე გოგონას. თითოეული გაკვეთილის ხანგრძლივობა განსაზღვრული იყო და, როცა საათმა თორმეტი დარეკა, მის ტემპლიც წამოდგა:

- მსურს, რამდენიმე სიტყვა ვუთხრა აღსაზრდელებს, - განაცხადა მან. ის იყო შესვენებისთვის ჩვეული ხმაური იწყებოდა, რომ მისი ხმის გაგონებისთანავე სიჩუმე ჩამოვარდა და მანაც განაგრძო:

- ამ დილით თქვენ ისეთი საუზმე გქონდათ, რომ ჭამა ვერ შეძელით. ალბათ, ისევ გშიათ. განკარგულება გავეცი, საუზმედ პური და ყველი მოგიტანონ.

მასწავლებლებმა განცვიფრებით გადახედეს მას.

- ეს ჩემი პასუხისმგებლობით მოხდება, - დაუმატა მის ტემპლმა, რათა მათთვის საქმის ვითარება განემარტა და შემდეგ სწრაფად დატოვა ოთახი.

პური და ყველი მაშინვე შემოიტანეს და დაგვირიგეს. ყველა დანაყრდა და დიდად ნასიამოვნები დარჩა. ამას მოჰყვა განკარგულება:

- ბაღში! - ბავშვებმა თავზე დაიხურეს უბრალო, ფერადბაფთებიანი ჩალის ქუდები, წამოისხეს უხეში ქსოვილის რუხი ლაბადები და გარეთ, სუფთა ჰაერზე გავიდნენ. მეც ასევე გამოვეწყვე და საერთო დინებას გავყევი ბაღისაკენ სუფთა ჰაერზე.

ბაღს გარშემო იმსიმაღლე კედლები ჰქონდა შემოვლებული, რომ მის გარეთ რამეს დანახვა ყოვლად შეუძლებელი იყო. ერთ მხარეს გადახურული ვერანდა მოჩანდა. ბაღის შუა ნაწილი ყვავილნარის პატარ-პატარა კვლებად იყოფოდა და ფართო ხეივნებითა და ბილიკებით იყო შემოსაზღვრული. ამ კვლებს აღსაზრდელები ამუშავებდნენ, თითოეულ კვალს თავისი მომვლელი ჰყავდა მიჩენილი. ალბათ, როცა ბაღი ყვავილებით იფარებოდა, ეს კვლები მეტად ლამაზი სანახავი იქნებოდა. მაგრამ ახლა, იანვრის მიწურულს, ყველაფერი ზამთრის სუსხს მოესპო და დაეჭკნო. გარშემო მიმოვიხედე; კანკალმა ამიტანა; ისეთი ცივი დღე იყო, რომ გარეთ სეირნობა არც კი შეიძლებოდა. მართალია, არ წვიმდა, მაგრამ ოდნავ ჟინჟღლავდა; დედამიწა გუშინდელი ღვართქაფის შედეგად ჯერ კიდევ სველი იყო; მოყვითალო ბურუსს იქაურობა ჩამოებნელებინა. გოგონებს შორის უფრო ჯანმრთელნი დარბოდნენ და თამაშობდნენ, ფერმკრთალ და სუსტ ბავშვებს კი თავი ერთად მოეყარათ და სითბოსა და თავშესაფარს აივნის ქვეშ ეძებდნენ. ხოლო, როდესაც ჩამოწოლილი ბურუსის სუსხი აკანკალებულ ბავშვებს ძვალ-რბილში გაუჯდათ, რამდენჯერმე გავიგონე გულის სიღრმიდან ამოსული ყრუ ხველების ხმა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში