ჯეინ ეარი (თა­ვი მეხ­უთე) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თა­ვი მეხ­უთე)

ჯერ კიდევ არავის დავლაპარაკებოდი, როგორც ჩანდა, არც ისინი მაქცევდნენ ყურადღებას. ვიდექი განმარტოებული, მაგრამ განმარტოებას ხომ მიჩვეული ვიყავი და ეს დიდად არ მაწუხებდა. აივნის სვეტს მივეყრდნე, ჩემი ნაცრისფერი წამოსასხამი ტანზე მაგრად შემოვიხვიე და ვცდილობდი, არ მეფიქრა სიცივეზე, რომელიც ძვალ-რბილში მატანდა. მინდოდა, ფიქრითა და გარემოს თვალიერებით გავრთულიყავი, დამევიწყებინა შიმშილი, რომელიც შიგნეულს მიღრღნიდა. ჩემი ფიქრები იმდენად ბუნდოვანი და ფრაგმენტული იყო, რომ საჭიროდ არ მიმაჩნია, გადმოგცეთ. ჯერ კიდევ ვერ გამერკვია, სად ვიყავი. მეჩვენებოდა, თითქოს გეიტსჰედი და ჩემი წარსული ცხოვრება განუზომელი მანძილით დამშორდნენ. აწმყო ბუნდოვანი და შეუცნობელი იყო, ხოლო, რაც შეეხება მომავალს, მასზე წარმოდგენაც არ მქონდა. თვალი მოვავლე ირგვლივ ბაღს, რომელიც ქალთა მონასტრის ბაღს მაგონებდა. შემდეგ მზერა გადავიტანე სახლზე, რომლის ერთი ნახევარი მეტად ძველი და ჟამთა ვითარებისგან გახუნებული ჩანდა, მეორე კი სრულიად ახალი. ამ ახალ ნაწილში განლაგებული იყო საკლასო ოთახები და საერთო საცხოვრებელი. მისი ცხავისებური, ვიწრომინებიანი ფანჯრები შენობას ეკლესიის იერს აძლევდა. კარზე გაკრულ ქვის აბრაზე ეწერა:

"ლოვუდის უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი - შენობის ეს ნაწილი აღდგენილია ამავე საგრაფოს წარმომადგენლის, ნეოუმი ბროკლეჰერსტის მიერ". "ეგრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქუენსა ზეცათასა - მათეს სახარება. 5, 16".

რამდენჯერმე გადავიკითხე ეს სიტყვები. ვიგრძენი, ვინმეს ახსნა-განმარტების გარეშე ძალა არ შემწევდა, მათი აზრი გამეგო. ჯერ ისევ ვფიქრობდი წარწერაზე "თავშესაფარი" და ვცდილობდი, მეპოვა რამე კავშირი წარწერის პირველ სიტყვებსა და სახარებიდან ამოღებულ სტრიქონებს შორის, რომ სწორედ ჩემ უკან ხველების ხმა გავიგონე. იძულებული გავხდი, თავი მომებრუნებინა. ჩემთან სულ ახლოს გოგონა დავინახე, ქვის სკამზე იჯდა, წიგნს ჩაჰყურებდა და, ეტყობოდა, ყურადღებით კითხულობდა. სადაც ვიდექი, იქიდანვე გავარჩიე წიგნის სათაური. ეს იყო "რასელასი" . სათაური უცნობი იყო ჩემთვის და ამიტომაც - მიმზიდველი. როცა მან წიგნი გადაშალა, შემთხვევით ზევით აიხედა და მეც მაშინვე გამოველაპარაკე.

- საინტერესო წიგნია? - უკვე გადაწყვეტილი მქონდა, მეთხოვა წიგნი რამდენიმე დღით.

- მე მომწონს, - მიპასუხა მან რამდენიმე წამის შემდეგ, ამ ხნის განმავლობაში კი მათვალიერებდა.

- რა წერია შიგ? - კვლავ ვკითხე. არ ვიცი, როგორ მეყო გამბედაობა, პირველს დამეწყო საუბარი უცნობ გოგონასთან. ეს ნაბიჯი სრულიად უჩვეულო იყო ჩემი ბუნებისა და საქციელისთვის. ძალიან მომეწონა, რომ ის ასე გატაცებით კითხულობდა, მეც ხომ მიყვარდა კითხვა. ჯერ კიდევ უშინაარსო და მხოლოდ საბავშვო წიგნებს ვკითხულობდი, რადგან არ შემეძლო ჩავწვდომოდი და გამეგო უფრო სერიოზული წიგნების შინაარსი.

- შეგიძლია, გადაავლო თვალი, - მიპასუხა გოგონამ და წიგნი გამომიწოდა. წიგნი გადავათვალიერე, ერთი თვალის გადავლებითაც დავრწმუნდი, რომ შინაარსი ნაკლებად მიმზიდველი უნდა ყოფილიყო, ხოლო მისი სათაური "რასელასი" უინტერესო და მოსაწყენი იყო ჩემი განუვითარებელი გემოვნებისთვის. შიგ არაფერი იყო ნათქვამი არც ფერიებზე და არც ბოროტ სულებზე; ამ წვრილი შრიფტით ნაბეჭდ წიგნში ვერც ფერად-ფერად სურათებს აღმოაჩენდით. წიგნი უკან დავუბრუნე. მან მშვიდად გამომართვა და უსიტყვოდ გადაშალა. ის იყო კვლავ გატაცებით უნდა დაეწყო კითხვა, რომ გავბედე და კვლავ შევეკითხე.

- ხომ ვერ მეტყვი, რას ნიშნავს წარწერა იმ ქვის აბრაზე, კარზე რომ არის გაკრული? რას ნიშნავს ლოვუდის თავშესაფარი?

- ეს ის სახლია, სადაც შენ მოხვედი საცხოვრებლად.

- რატომ უწოდებენ თავშესაფარს? განა ის რამეთი განსხვავდება სხვა სასწავლებლებისგან?

- ის სანახევროდ სამოწყალო სასწავლებელია. შენ, მე და ყველა დანარჩენი აქ მყოფი ბავშვი, სამადლოდ აღსაზრდელი ბავშვები ვართ. შენ ობოლი ხარ, ალბათ. დედა გყავს მკვდარი თუ მამა?

- ისინი ისე ადრე გარდაცვლილან, რომ არც ერთი მათგანი არ მახსოვს.

- ყველა აქ მყოფ გოგონას ან დედა არ ჰყავს, ან - მამა, ან სულ არ ჰყავს მშობლები. აი, რატომ უწოდებენ ამ სახლს ობოლთა აღსაზრდელ თავშესაფარს.

- ჩვენ ფულს არ ვიხდით? უფასოდ გვინახავენ?

- ან ჩვენ ვიხდით, ან - ჩვენი ნათესავ-მეგობრები, თითოეულ ჩვენგანზე თხუთმეტ გირვანქა სტერლინგს.

- მაშ, რატომ გვიწოდებენ სხვის მოწყალებაზე მყოფ ბავშვებს?

- იმიტომ, რომ თხუთმეტი გირვანქა სტერლინგი საკმარისი არ არის ჩვენი კვებისა და სწავლისთვის. დანარჩენ თანხას ქველმოქმედნი აგროვებენ ხელმომწერთა შორის.

- ვინ არიან ეს ქველმოქმედი ადამიანები?

- სხვადასხვა კეთილმოსურნე ქალბატონი და ჯენტლმენი ლონდონისა და მის მეზობლად მდებარე საგრაფოებიდან.

- ვინ იყო ნეოუმი ბროკლეჰერსტი?

- როგორც აბრა გვამცნობს, ეს იყო ლედი, რომელმაც შენობის ახალი ნაწილი ააშენა და რომლის ვაჟიშვილიც განაგებს და მეთვალყურეობს აქ ყველაფერს.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ის არის ამ დაწესებულების მფლობელიცა და მმართველიც.

- მაშ, ეს სახლი არ ეკუთვნის იმ მაღალ ლედის, რომელიც საათს ატარებს და რომლის ბრძანებით დღეს პური და ყველი დაგვირიგეს?

- მის ტემპლს? ოჰ, არა! ნეტავ, ასე ყოფილიყო. ის ვალდებულია ყველა აქაურ საქმეზე პასუხი აგოს მისტერ ბროკლეჰერსტის წინაშე. მისტერ ბროკლეჰერსტი თვითონ ყიდულობს ჩვენთვის სურსათ-სანოვაგეს და ტანსაცმელს.

- ის აქ ცხოვრობს?

- არა, ის დიდ სახლში ცხოვრობს, რომელიც ორი მილითაა დაშორებული აქედან.

- კეთილი ადამიანია?

- სასულიერო პირია და ამბობენ, ბევრ კეთილ საქმესაც აკეთებსო.

- მაშ, შენ ამბობ, რომ იმ მაღალი ქალის გვარი მის ტემპლია?

- დიახ.

- დანარჩენი მასწავლებლების გვარებიც იცი?

- წითელლოყებიანი მის სმიტია. ის ხელსაქმესა და ჭრა-კერვას გვასწავლის. ჩვენ აქ თვითონვე ვიკერავთ ტანსაცმელს, წამოსასხამებს, პალტოებსა და, საერთოდ, ყველაფერს. შავთმიანი დაბალი მასწავლებელი მის სკეჩერდია. ის ასწავლის გრამატიკას, ისტორიას და ეხმარება მეორე კლასს გაკვეთილების მომზადებაში. ის კი, რომელიც მუდამ შალმოხურულია და ჯიბის ცხვირსახოცი ყვითელი ბაფთით გვერდზე აქვს დამაგრებული, მადამ პიეროა. ის საფრანგეთიდან, ლილიდანაა და ფრანგულს ასწავლის.

- მოგწონს მასწავლებლები?

- საკმაოდ.

- შენ მოგწონს ეს პატარა შავგვრემანი ქალი, მადამ... მე შენსავით კარგად ვერ გამოვთქვამ მის გვარს.

- მის სკეჩერდი ფიცხია, გაფრთხილდი, არ აწყენინო. მადამ პიერო კი ცუდი ადამიანი არ არის.

- მაგრამ მის ტემპლი ყველაზე უკეთესია, არა?

- მის ტემპლი ძალიან კარგია და ჭკვიანი, ის სხვებზე მაღლა დგას და სხვებზე გაცილებით მეტი იცის.

- დიდი ხანია, აქა ხარ?

- ორი წელია.

- ობოლი ხარ?

- დედა არა მყავს.

- ბედნიერი ხარ აქ?

- ძალიან ბევრს მეკითხები. ამჯერად საკმარისია, ახლა უნდა წავიკითხო.

ამ დროს გაისმა ზარის ხმა, რომელმაც სადილობა გვამცნო. ყველანი შენობაში შევედით. მადის აღმძვრელი სურნელება, რომლითაც სავსე იყო სასადილო ოთახი, ახლა ოდნავ მეტად თუ აღიზიანებდა ჩვენს ყნოსვას დილის საუზმესთან შედარებით. ორი უზარმაზარი თუნუქის ჭურჭლით შემოიტანეს სადილი, რომელსაც ორთქლის მოსქო ჭავლი და მძაღე ქონის სუნი ასდიოდა.

მაშინვე შევნიშნე, რომ ძველი ხორცის ნაჭრები და უგემური კარტოფილი ერთმანეთში აერიათ, მოეხარშათ და წვენი მისგან დაემზადებინათ. თითოეულმა აღსაზრდელმა ამჯერად საკმაოდ უხვად მიიღო თავისი წილი. ძალით ვჭამდი და თან ვფიქრობდი, ნუთუ ყოველდღე ასეთი საჭმლით გაგვიმასპინძლდებიან-მეთქი. სადილის დამთავრებისთანავე დავბრუნდით საკლასო ოთახებში. გაკვეთილები განახლდა და მეცადინეობა ხუთ საათამდე გაგრძელდა. ნაშუადღევს კიდევ ერთი საყურადღებო ამბავი მოხდა. გოგონა, რომელსაც მე გამოველაპარაკე ვერანდაზე, მის სკეჩერდმა ისტორიის გაკვეთილიდან გამოაგდო და უბრძანა, დიდი საკლასო ოთახის შუა ადგილას დამდგარიყო. ასეთი სასჯელი მეტად სამარცხვინო მეჩვენა, განსაკუთრებით, ასეთი დიდი გოგონასთვის. ის მაშინ ცამეტი წლის ან უფრო მეტისაც იქნებოდა. ვფიქრობდი, მის სახეზე უდიდესი მწუხარება და სირცხვილი აღიბეჭდებოდა, მაგრამ, ჩემდა გასაოცრად, ის არც ტიროდა და არც წითლდებოდა, დანაღვლიანებული იყო, მაგრამ მაინც მშვიდად იდგა ყველასთვის თვალსაჩინო ადგილას.

"როგორ შეუძლია ყოველივე ამის ატანა ასე მშვიდად და მტკიცედ?~ - ვეკითხებოდი ჩემს თავს. მის ადგილას ვისურვებდი, მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე. ის კი ისე გამოიყურებოდა, თითქოს სრულიად სხვა რამეზე ფიქრობდა და არა საკუთარ სასჯელზე. დიახ, სრულიად სხვა რამეზე, რაც მას არ ეხებოდა. გამიგონია, რომ სიზმრებს ზეზეურად ხედავენ და, ნუთუ, მასაც ასე დაემართა? თვალმოუშორებლად დასჩერებოდა იატაკს, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მას მაინც ვერ ხედავდა. ის მხოლოდ თავისი სულის სიღრმეში იყურებოდა. ეტყობა, მოგონებებმა გაიტაცა და ვერ ამჩნევდა, რაც მის თავს ხდებოდა სინამდვილეში. ნეტავ, გამაგებინა, როგორი ბავშვია - კარგი თუ ცუდი?

ხუთი საათის შემდეგ ჩვენ ისევ შემოგვიტანეს საჭმელი: ერთი ფინჯანი ყავა და შავი პურის პატარა ნაჭერი. მე სიამოვნებით შევექეცი, მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა, უფრო მეტი რომ ყოფილიყო. სანახევროდ მშიერი ვიყავი. ჭამის შემდეგ ნახევარი საათი დაგვასვენეს, შემდეგ ისევ ვიმეცადინეთ. მერე თითო ჭიქა წყალი და შვრიის პური მოგვიტანეს. ბოლოს კი ვილოცეთ და დავიძინეთ. აი, ასე ჩაიარა ჩემმა პირველმა დღემ ლოვუდში.

თავი მეექვსე

მეორე დღე წინა დღესავით დაიწყო. ისევ სანთლის შუქზე ავდექით და ჩავიცვით; მხოლოდ იმ დილით იძულებული გავხდით, ხელ-პირის დაბანაზე უარი გვეთქვა - დოქებში წყალი გაყინული დაგვხვდა. ჩრდილო-აღმოსავლეთის სუსხიანი ქარი მთელი ღამის განმავლობაში ძლიერად გაწიოდა ჩვენი საწოლი ოთახის ფანჯრების ჭუჭრუტანებში. სიცივისგან ლოგინში გვაცახცახებდა. სუსხიან ქარს დოქებში წყალი ყინულად ექცია.

სანამ ლოცვებისა და სახარების კითხვისთვის განკუთვნილი საათ-ნახევარი გავიდოდა, მთლად გავითოშე. ბოლოს, როგორც იქნა, საუზმის დრო დადგა. ამ დილით ფაფა არ იყო დამწვარი, ჭამა შეიძლებოდა, მაგრამ ძალიან ცოტა მოგვიტანეს. ოჰ, როგორი ცოტა მეჩვენა ჩემი წილი. ორი იმდენიც რომ ყოფილიყო, ალბათ, სიამოვნებით შევჭამდი!

ამავე დღეს მეოთხე ჯგუფის სიაში შემიყვანეს. ახლა მეც ყოველდღე უნდა მომემზადებინა გაკვეთილები და გამეკეთებინა ის, რაც ყველა აღსაზრდელს ევალებოდა. აქამდე მხოლოდ მაყურებელი ვიყავი და ვათვალიერებდი ყოველივეს, რაც ლოვუდში ხდებოდა; ამ წუთიდან კი მისი აქტიური მონაწილე გავხდი. ზეპირობას მიუჩვეველს, თავდაპირველად მეჩვენებოდა, რომ გაკვეთილები საკმაოდ ვრცელი და ძნელიც იყო. საგნების ხშირმა ცვლამ ხომ მთლად დამაბნია. როგორ გამიხარდა, როცა ნაშუადღევს, დაახლოებით 3 საათზე, მის სმითმა ხელში მომაჩეჩა ორი იარდის სიგრძის მარმაშის არშია, ნემსი, სათითე, მიბრძანა, დავმჯდარიყავი სადმე, საკლასო ოთახის წყნარ კუთხეში და მარმაშისთვის ამომეხვია. დანარჩენი აღსაზრდელების უმეტესობა ამ დროს კერვით იყო გართული. მხოლოდ ერთი კლასის გოგონები ჯერ კიდევ მის სკეჩერდის სკამის ირგვლივ იდგნენ და კითხულობდნენ. ოთახში სიჩუმე იყო. ისმოდა, რას კითხულობდნენ, როგორ უპასუხებდა თითოეული მოსწავლე და მის სკეჩერდის ქებას იმსახურებდა თუ გაკიცხვას. ინგლისის ისტორიის გაკვეთილი იყო. მოპასუხეთა შორის თვალი მოვკარი ნაცნობ გოგონას, რომელსაც ვერანდაზე გამოველაპარაკე. გაკვეთილის დაწყებისას ის ყველაზე წინ იდგა აღსაზრდელთა შორის, მაგრამ გამოთქმაში რამდენიმე შეცდომისა თუ სასვენ ნიშნებზე ყურადღების გაუმახვილებლობის გამო, უცებ კლასის ბოლოში დააყენეს. ასეთ დამამცირებელ ადგილზეც კი მის სკეჩერდი მას თვალს არ აცილებდა და შენიშვნას შენიშვნაზე აძლევდა. ხან კი შემდეგი სიტყვებით მიმართავდა:

- ბერნს (ეტყობა, ეს მისი გვარი იყო. აქ გოგონებს გვარებით მიმართავდნენ, ისევე, როგორც მოსწავლე ვაჟებს მიმართავენ ხოლმე, საერთოდ), ბერნს, გაასწორე ფეხი, გვერდზე ნუ დგამ. ფეხის წვერები შემოატრიალე, როგორც წესია. ნიკაპი როგორ წინ გამოგიშვერია, გასწორდი, გიბრძანებ, მაღლა ასწიე. ნებას არ მოგცემ, ასე იდგე ჩემ წინ და ა.შ. და ა.შ.

ერთი თავი ორჯერ წაიკითხეს, შემდეგ წიგნები დახურეს და მასწავლებელმა გამოკითხვა დაიწყო. გაკვეთილი ჩარლზ პირველის მეფობას ეხებოდა. კითხვები მრავალნაირი იყო: წყალწყვა, გადასახადები, გემთმშენებლობისთვის გაწეული ხარჯები და სხვა. მოსწავლეთა უმრავლესობას უძნელდებოდა ასეთ შეკითხვებზე პასუხის გაცემა. მაგრამ, როგორც კი კითხვა ბერნსამდე მოაღწევდა, პატარა სიძნელეც კი მაშინვე ქრებოდა და პასუხს სწრაფად იძლეოდა. ჩანდა, ამ გოგონას გონებამ მეხსიერებაში კარგად აღბეჭდა გაკვეთილის დედაარსი და ამიტომაც მზად იყო, ყველა კითხვაზე ეპასუხა. მეგონა, მის სკეჩერდი შეაქებდა მის ყურადღებიანობას, მაგრამ ამის ნაცვლად მან უეცრად წამოიძახა:

- შე ბინძურო და საძაგელო ბავშვო! ამ დილით ფრჩხილებიც კი არ გაგისუფთავებია.

ბერნსმა არაფერი უპასუხა. მისმა დუმილმა გამაოცა.

`რატომ? - ვფიქრობდი, - განა არ შეუძლია აუხსნას, რომ ამ დილით მას არ შეეძლო არც ფრჩხილების გასუფთავება და არც პირის დაბანა. წყალი ხომ გაყინული დაგვხვდა~.

ჩემი ყურადღება მის სმითმა მიიპყრო. მან ნართის შულო დამაჭერინა. თან ძაფს ახვევდა და თან დროგამოშვებით მეკითხებოდა, ვყოფილვარ თუ არა სკოლაში წინათ, შემეძლო თუ არა კერვა, ქსოვა, ქარგვა, ამოხვევა და სხვ. სანამ არ მომეშვა, თვალყური ვეღარ მივადევნე მის სკეჩერდის საქმიანობას. როდესაც ჩემს ადგილს დავუბრუნდი, ის უკვე რაღაც ბრძანებას იძლეოდა, რომლის აზრი ვერ გავიგე. ბერნსმა მაშინვე დატოვა საკლასო ოთახი, გაემართა პატარა ოთახისკენ, სადაც წიგნები ინახებოდა, და იმწამსვე უკან დაბრუნდა. ხელში რამდენიმე ერთად შეკრული წკეპლა ეკავა. ეს ავის მომასწავებელი იარაღი მოკრძალებული რევერანსით ბერნსმა მის სკეჩერდს გადასცა. შემდეგ წყნარად, უსიტყვოდ მოიხსნა წინსაფარი და მასწავლებელმაც მაშინვე თორმეტჯერ დაუზოგავად დაჰკრა ზურგზე ერთ კონად შეკრული წკეპლა. ბერნსს ერთი ცრემლიც კი არ ჩამოვარდნია თვალიდან. კერვა შევწყვიტე. ამ სანახაობის შემყურეს, მწარე სიბრაზისგან ხელები მიცახცახებდა. ბერნსის დაფიქრებულ სახეზე ნაკვთიც არ განძრეულა, არც ჩვეულებრივი გამომეტყველება შეუცვლია.

- ჯიუტო ბავშვო! - წამოიძახა მის სკეჩერდმა, - ვერაფერი გამოასწორებს შენს ბინძურ ჩვევებს. ახლავე უკან წაიღე წკეპლები.

ბერნსი დაემორჩილა. სწორედ მაშინ შევხედე მას დაკვირვებით, როცა იმ ოთახიდან გამოდიოდა, სადაც წიგნებს ინახავდნენ. ცხვირსახოცს ჯიბეში იდებდა და ცრემლის ნაკვალევი ოდნავღა ბზინავდა მის გამხდარ ღაწვზე.

ლოვუდში ყველაზე სასიამოვნო დროდ საღამო ხანს თამაშისთვის განკუთვნილ საათებს ვთვლიდით. ერთი ნაჭერი პური და ერთი ყლუპი ყავა, რომელსაც ხუთ საათზე გვაძლევდნენ, შიმშილს თუ არ გვიკლავდა, ცოტათი მაინც გამოგვაცოცხლებდა და ძალას შეგვმატებდა ხოლმე. მთელი დღის მეცადინეობით გამოწვეული დაძაბულობა კლებულობდა. საკლასო ოთახებში ახლა უფრო თბილოდა, ვიდრე დილით, რადგან ბუხრებში ცეცხლს უფრო მეტად აჩაღებდნენ. ცეცხლი სანთლის მაგივრობას გვიწევდა. წითლად მოგიზგიზე ნაკვერჩხლები, უზედამხედველობით გამოწვეული უწესრიგობა და მრავალნაირი, ერთმანეთში არეული წამოძახილი, თავისუფლების სასიამოვნო გრძნობას ქმნიდა.

იმ დღეს, საღამოთი, როცა მის სკეჩერდმა გაწკეპლა თავისი აღსაზრდელი ბერნსი, მე ჩვეულებრივ დავეხეტებოდი მაგიდებს, მერხებსა და მოკისკისე გოგონებს შორის მარტოდმარტო, უმეგობროდ. მარტოობას მაინცდამაინც არ განვიცდიდი. ბოლოს ფანჯარასთან მივედი, ფარდა გადავწიე და გარეთ გავიხედე. ბარდნიდა. ქარის მონაყარ თოვლს უკვე დაეფარა ფანჯრის ქვედა მინები. ყური მივადე ფანჯარას და, მიუხედავად გამაყრუებელი მხიარული ჟრიამულისა, კარგად გავიგონე, როგორ მწუხარედ ზუზუნებდა ქარი.

შესაძლებელია, რამდენიმე ხნის წინ მყუდრო ბინა და მოსიყვარულე მშობლები რომ დამეტოვებინა, უსაზღვრო სინანული მეგრძნო; ქარი მაშინ უფრო სევდით ამივსებდა გულს. ეს გაურკვეველი ქაოსიც მეტად ააფორიაქებდა ჩემს სულიერ სამყაროს. ახლა კი რაღაც უცნაურმა განცდებმა, ჩემდა უნებურად, ციებცხელებიანის აღტყინებამ შემიპყრო. ვნატრობდი, ქარს უფრო ძალუმად ეზუზუნა, სიბნელე უკუნეთით შეცვლილიყო, ხოლო ხმაური და უწესრიგობა - ყვირილით.

მერხებს გადავახტი, მერე მაგიდებს შორის გავძვერი და ასე მივედი ბუხართან. იქ, ბუხრის საცავ მაღალ კართან, წყნარად, მუხლებზე დაჩოქილი იდგა ბერნსი. ყველასგან განცალკევებულს, არ ესმოდა, რა ხდებოდა მის გარშემო. ნაკვერჩხლების მკრთალ შუქზე წიგნს გატაცებით კითხულობდა.

- შენ ისევ "რასელასს" კითხულობ? - ვკითხე და მის უკან დავდექი.

- დიახ, - მიპასუხა, - საცაა დავამთავრებ.

ხუთიოდე წუთის შემდეგ წიგნი დახურა. გამიხარდა. ახლა, გავიფიქრე, შემიძლია ავიყოლიო საუბარში. მის ახლოს იატაკზე დავჯექი.

- შენი გვარი, ვიცი, ბერნსია. მაგრამ რა გქვია?

- ელენი.

- შორიდან ხარ?

- შორეული ჩრდილოეთიდან. ეს შოტლანდიის საზღვრებთან ახლოსაა.

- დაბრუნდები ოდესმე უკან?

- იმედი მაქვს. თუმცა არავის შეუძლია წინასწარ განსაზღვროს თავისი მომავალი.

- ალბათ, ძალიან გინდა ლოვუდიდან წასვლა?

- არა, რატომ უნდა მინდოდეს. მე ხომ აქ ცოდნის მისაღებად გამომგზავნეს. რა აზრი აქვს უკან დაბრუნებას, სანამ დასახულ მიზანს არ მივაღწევ.

- კი მაგრამ, ის მასწავლებელი, მის სკეჩერდი, ასე ბოროტად რომ გექცევა?

- ბოროტად? სრულიადაც არა! ის მკაცრია. ვერ იტანს ჩემს უწესო საქციელს.

- მე რომ შენს ადგილას ვიყო, შევიძულებდი მას, წინააღმდეგობას გავუწევდი. თუ წკეპლით მცემდა, ჯოხს ხელიდან გამოვგლეჯდი და ცხვირწინ დავუმტვრევდი.

- ამას შენ ვერ გაბედავდი. მაგრამ, თუ ჩაიდენდი, მისტერ ბროკლეჰერსტი გაგრიცხავდა სასწავლებლიდან. ეს კი დიდად შეაწუხებდა შენს ნათესავებს. უმჯობესია, მოთმინებით აიტანო დამცირება, რომელსაც შენს მეტი ვერავინ გრძნობს, ვიდრე აჩქარდე და შენი წინდაუხედაობით ისეთი რამ ჩაიდინო, რაც ყველა შენს ახლობელს გაამწარებს. გარდა ამისა, სახარება გვიქადაგებს, ბოროტებას სიკეთით ვუპასუხოთ.

- მაგრამ როგორი დამამცირებელია, ყველას თანდასწრებით გაგწკეპლონ და დაგაყენონ ოთახის შუაგულში. მერე შენ საკმაოდ მოზრდილი გოგონა ხარ. აი, მე შენზე გაცილებით პატარა ვარ, მაგრამ მეც ვერ ავიტანდი ამისთანა სასჯელს.

- შენი მოვალეობაა, ყველაფერი აიტანო, თუ ეს აუცილებელია. უნებისყოფობა და სისულელეა იმის თქმა, რომ ვერ აიტან იმას, რაც ბედის წყალობით დაწესებულა.

განცვიფრებული ვუსმენდი. არ შემეძლო ჩავწვდომოდი ამტანობის ასეთ ფილოსოფიას. გაუგებარი იყო ჩემთვის და კიდევ უფრო ნაკლებად თანავუგრძნობდი იმ შემწყნარებლობას, რომელსაც ის იჩენდა თავისი დამსჯელის მიმართ. დღემდე მგონია, რომ ელენ ბერნსი ჩემი თვალისთვის მიუწვდომელი სინათლით ჭვრეტდა საგნებს. ეჭვიც კი დამებადა, იქნებ ის მართალი იყო და მე ვცდებოდი. მაგრამ ამ საკითხზე უფრო ღრმად ფიქრის თავი აღარ მქონდა და, უფრო ხელსაყრელი შემთხვევისთვის გადავდე.

- ელენ, შენ ამბობ, რომ ნაკლი გაქვს? მაინც რა? მე კარგი მგონიხარ.

- მაშ, ჩემგან ისწავლე. ადამიანი არ უნდა შეაფასო გარეგნობით. როგორც მის სკეჩერდი ამბობს, მე ბინძური ბავშვი ვარ; იშვიათად თუ მოვუნახავ ნივთს თავის ადგილს; ყველაფერი უწესრიგოდ მიყრია. დაუდევარი ვარ; მავიწყდება ყველაფერი; მაშინ ვკითხულობ, როდესაც გაკვეთილებს უნდა ვსწავლობდე; არ ვიცი, როდის რა უნდა ვაკეთო; ზოგჯერ შენსავით ვიტყვი ხოლმე, ვერ ავიტან დადგენილ სისტემატურ წესრიგს-მეთქი; ყველაფერი ეს კი ძალიან აღიზიანებს მის სკეჩერდს, რომელიც ბუნებით ფაქიზი, წესიერი და მომთხოვნია.

- ამავე დროს, ფიცხი და ბოროტია, არა? - დავუმატე.

მაგრამ ელენ ბერნსი არ დაეთანხმა ჩემს ნათქვამს. ის დუმდა.

- მის ტემპლიც ისეთივე მკაცრია შენდამი, როგორიც მის სკეჩერდი?

მის ტემპლის ხსენებაზე მის ნაღვლიან სახეს კეთილი ღიმილი მოეფინა.

- მის ტემპლი სიკეთის სრული განსახიერებაა. მას გული სტკივა, თვით ყველაზე ცუდი აღსაზრდელის მიმართაც რომ იჩენენ სიმკაცრეს. ის ხედავს ჩემს შეცდომებს, მაგრამ ის მათზე ლმობიერად მითითებს. თუ რაიმე კარგს ჩავიდენ, ქებასაც ვიმსახურებ. მის ტემპლის ასეთ გონივრულ, ლმობიერ საყვედურებსაც კი არ შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ჩემზე და აღმოფხვრას ჩემი ნაკლი. აი, კიდევ ერთი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ბუნებით უნაკლო არ ვარ. წარმოიდგინე, მის ქებასაც კი, რომელსაც მე დიდად ვაფასებ, არ შეუძლია გადამაქციოს წესიერ და წინდახედულ ბავშვად.

- რა საოცარია, - ვთქვი მე, - არადა, რა ადვილია ყურადღებიანი იყო.

- შენთვის ადვილია, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ამ დილით თვალყურს გადევნებდი და შევნიშნე, როგორი ყურადღებით უსმენდი. დაბნეულობა არ გეტყობოდა, როდესაც მის მილერი გიხსნიდა და გეკითხებოდა. ჩემი ფიქრები კი მუდამ სადღაც შორსაა. იმის მაგივრად, რომ მის სკეჩერდს გულმოდგინედ ვუსმენდე და ყველაფერს ვითვისებდე, რასაც ის მიხსნის, ხშირად მისი ხმაც კი არ მესმის. ბურანში ვეხვევი. მეჩვენება, რომ ვარ ნორთუმბერლენდში, დიიპდენში, და ხმები, რომლებიც გარშემო ისმის, ჩვენი სახლის ახლოს პატარა მოჩუხჩუხე ნაკადულის ხმაური მგონია. მხოლოდ მაშინღა ვფხიზლდები, როცა მეკითხებიან და უნდა ვუპასუხო. რადგანაც ოცნებით მოლანდებულ ნაკადულს ვუსმენ, ვერ ვიგებ, რასაც კითხულობენ და პასუხიც მზად არ მაქვს.

- მაგრამ დღეს როგორ კარგად უპასუხე!

- ეს უბრალო შემთხვევითობაა. თემამ, რომელსაც ჩვენ ვკითხულობდით, დამაინტერესა. დღეს, იმის ნაცვლად, რომ დიიპდენზე მეოცნება, ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორ შეუძლია ადამიანს, რომელსაც სურს სამართლიანი იყოს, მოიქცეს ისე უსამართლოდ და წინდაუხედავად, როგორც ამას ზოგჯერ ჩარლზ პირველი სჩადიოდა. იმაზე ვფიქრობდი, რა სამწუხაროა, რომ ასეთი პატიოსანი და სამართლიანი ადამიანი თავისი სამეფო უფლებების იქით ვერაფერს ამჩნევდა. რა კარგი იქნებოდა, უფრო შორსმჭვრეტელი ყოფილიყო და ეგრძნო თავისი დროის მიზნები და მისწრაფებანი. მაგრამ, მიუხედავად ყოველივე ამისა, მე მაინც მომწონს ჩარლზ პირველი, პატივს ვცემ და მებრალება. საწყალი, როგორ შეუბრალებლად მოკლეს. მისი მტრები მასზე უარესები აღმოჩნდნენ. მათ დაღვარეს სისხლი, რომლის დაღვრის ნებაც არ ჰქონდათ. როგორ გაბედეს მისი მოკვლა!

ახლა ის თითქმის თავის თავს ესაუბრებოდა. დაავიწყდა, რომ მე არ შემეძლო მის საუბარს ჩავწვდომოდი. მე ხომ არაფერი ვიცოდი იმ საკითხზე, რაზედაც ის მელაპარაკებოდა, და შევეცადე, ჩემთვის საინტერესო თემას დავბრუნებოდი.

- შენი ფიქრები მაშინაც გაფანტულია, როდესაც მის ტემპლი გიხსნის გაკვეთილს?

- არა, რასაკვირველია, ისე ხშირად არა, რადგან მის ტემპლი ყოველთვის ამბობს რაიმე ახალს, ისეთს, რაც ჩემს ფიქრებზე უფრო საინტერესოა. მისი ენაც სასიამოვნოა და ის ამბებიც, რომლებსაც ის გადმოგვცემს. ხშირად იმ საკითხს ეხება, რომლის გაგებაც მწადია.

- მაშ, მის ტემპლის გაკვეთილზე კარგად გიჭირავს თავი?

- დიახ, ეს ჩემდა უნებურად ხდება. თავს ძალას არ ვატან, მაგრამ, თუ მხოლოდ იმას ვუსმენ, რაც მაინტერესებს, მაშინ რაღა ფასი აქვს ასეთ თავდაჭერას?

- ძალიან დიდი. შენ კარგად იქცევი მათთან, ვინც შენც კარგად გეპყრობა. ეს ასეც უნდა ხდებოდეს. ხალხი რომ ყოველთვის კეთილი და მორჩილი იყოს ბოროტი და უსამართლო ადამიანებისადმი, მაშინ ბოროტებას უფრო ფართო გზა მიეცემოდა. მათ არაფრის შიში არ ექნებოდათ და არც არასოდეს გამოსწორდებოდნენ; უფრო და უფრო მეტ უსამართლობას ჩაიდენდნენ. როცა ჩვენ უმიზეზოდ გვცემენ, ჩვენც დარტყმას დარტყმით უნდა ვუპასუხოთ. ნამდვილად მწამს, რომ ასე უნდა ვიქცეოდეთ; თანაც ასეთ ადამიანებს ისეთი ძალით უნდა დავკრათ, რომ მეორედ დარტყმა ვეღარ გაბედონ და სამუდამოდ ვასწავლოთ ჭკუა.

- იმედი მაქვს, აზრი შეგეცვლება, როცა გაიზრდები. ჯერჯერობით, შენ მხოლოდ პატარა, გამოუცდელი გოგონა ხარ.

- მე ასე მესმის, ელენ. მე უნდა მძულდეს ადამიანები, რომლებიც, რაც უნდა გავაკეთო მათ სასიამოვნოდ, მაინც განაგრძობენ ჩემს ათვალწუნებას. უნდა შევებრძოლო მათ, ვინც ჩემს უსამართლოდ დასჯას მოინდომებს. ეს ისევე ბუნებრივია, როგორც ის, რომ უნდა მიყვარდეს ისინი, ვინც ალერსიანად და სიყვარულით მეპყრობა, და ავიტანო სასჯელი, რომელიც დავიმსახურე.

- ამ მოძღვრებას მხოლოდ წარმართი და ველური ტომები იცავენ. ქრისტიანები და განათლებული ერები უარყოფენ მას.

- არ მესმის, რატომ?

- ძალადობით არ დაიძლევა ბოროტება და არც შურისძიებით - უსამართლობა.

- მაშ, როგორ, რა საშუალებით?

- წაიკითხე ახალი აღთქმა. ყურადღება მიაქციე, რას ქადაგებს ქრისტე და როგორ მოქმედებს. მისი სიტყვები შენთვის კანონი უნდა იყოს და მისი საქციელი - მაგალითის მომცემი.

- რას ქადაგებს ქრისტე?

- გიყვარდეთ თქვენი მტრები; დალოცეთ ისინი, თუნდაც გწყევლიდნენ; მიუზღეთ სიკეთე ბოროტებისა და სიძულვილის სანაცვლოდ.

- მაშ, მე მისის რიდი უნდა მიყვარდეს? ან ვლოცავდე მის ვაჟიშვილს, ჯონ რიდს? ეს სრულიად შეუძლებელია.

ელენ ბერნსმა მთხოვა, ამეხსნა, რას ნიშნავდა ჩემი სიტყვები. მეც მაშინვე ვუამბე ყველაფერი ჩემს განვლილ ტანჯვასა და უბედურებაზე. სევდით სავსე ვყვებოდი, რასაც განვიცდიდი, არც არაფერს ვუმატებდი და არც არაფერს ვაკლებდი.

ელენმა ბოლომდე მოთმინებით მომისმინა. ველოდი, რომ რამეს მეტყოდა, მაგრამ ის დუმდა.

- აბა, რას იტყვი? - შევეკითხე მოუთმენლად, - განა მისის რიდი ცუდი, გულქვა ადამიანი არ ყოფილა?

- უდავოა, ის ცუდად გექცეოდა, მაგრამ იცი, რატომ? მას შენი ხასიათი არ მოსწონდა, როგორც მის სკეჩერდს - ჩემი. ერთი წუთითაც არ გავიწყდება არც ერთი მისი სიტყვა და ყველაფერი ის, რაც მან ჩაიდინა შენ მიმართ. როგორც ჩანს, მის უსამართლო საქციელს ღრმა კვალი დაუტოვებია შენს გულში. ჩემს გრძნობებზე კი უსამართლობა ასეთ დაღს ვერ დატოვებს. განა უფრო ბედნიერი არ იქნები, რომ დაივიწყო მისი სიმკაცრე და გულქვაობა, რომელიც ასე გაფორიაქებს, სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა, არ უნდა ვმტრობდეთ ერთმანეთს და შემდეგ არ უნდა ვიხსენებდეთ ჩვენდამი ჩადენილ უსამართლობას. თითოეულ ჩვენგანს ამქვეყნიური ცოდვები მძიმე ტვირთად აწევს, მაგრამ მწამს, მალე დადგება ჟამი, როდესაც ეს ცოდვილი სხეული თავიდან მოიშორებს მიწიერ საზრუნავს; ყოველი მძიმე დანაშაული ჩამოგვცილდება ცოდვილ ხორცთან ერთად და იდღესასწაულებს განწმენდილი სული. ეს არის ცხოვრებისა და აზროვნების მარადიული პრინციპი. ეს სული ისევე წმინდა იქნება, როგორც მაშინ, როდესაც ქვეყნიერების შემოქმედი შთაბერავს ხოლმე ყოველ ადამიანს დაბადებისას. ის კი ბოლოს, საიდანაც მოვიდა, იქვე ბრუნდება თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანზე უფრო წმინდა და ზნეობრივად მაღლა მდგომ არსებას დაუკავშირდეს, გაიაროს დიდების ყველა საფეხური ცოდვილი ადამიანის სულიდან შარავანდედით მოსილ უწმინდეს სერაფიმამდე, და არ მოხდეს პირიქით, რომ ადამიანის სულს ეშმაკი დაეუფლოს. არა, მე ეს არ მჯერა. მე სხვა რწმენა მაქვს, რომელიც ჩემთვის არავის უსწავლებია. მასზე იშვიათად ვლაპარაკობ, მაგრამ ის სიამოვნებას მანიჭებს და მას დაუსაბამოდ ვებღაუჭები. ის ყველას იმედია: ქმნის მარადიულ სასუფეველს, მკვიდრ თავშესაფარს, სადაც აღარც შიშია და არც განსაცდელი. გარდა ამისა, ამ მოძღვრებით კარგად განვასხვავებ ერთმანეთისგან დამნაშავესა და მის მიერ ჩადენილ ბოროტმოქმედებას. რამდენადაც უნდა მძაგდეს ჩადენილი ბოროტმოქმედება, მაინც შემიძლია მივუტევო დამნაშავეს; ამ რწმენის გამოა, რომ შურისძიება არასოდეს მიშფოთებს სულს; არც დამცირება და უსამართლობა იწვევს ჩემში უკმაყოფილებას და სულით არ ვეცემი. ვცხოვრობ მშვიდად და ველი აღსასრულს.

ელენს ამის მეტი აღარაფერი უთქვამს. ჩვეულებრივზე უფრო მეტად ჩაჰკიდა თავი. გამომეტყველებაზე შევამჩნიე, ჩემთან საუბრის გაგრძელება აღარ სურდა და ჯობდა, ღრმა ფიქრებში წასული, აღარ შემეწუხებინა. მას დიდხანს არ დასცალდა საკუთარ ფიქრებთან განმარტოება. რომელიღაც ჯგუფხელი, მოზრდილი, თავხედი გოგონა მიუახლოვდა მას და მკვეთრი კემბერლენდური კილოთი უთხრა:

- ელენ ბერნს, თუ არ წახვალ და შენს უჯრას არ მოაწესრიგებ, ხელსაქმეს ადგილს არ მიუჩენ, ახლავე წავალ და მის სკეჩერდს მოვახსენებ, მოვიდეს და თავისი თვალით ნახოს ყველაფერი.

ელენმა ამოიოხრა; ოცნებიდან გამოერკვა, წამოდგა და დაუყოვნებლივ, სიტყვის შეუბრუნებლად დაემორჩილა.

თავი მეშვიდე

პირველი სამი თვე ლოვუდში საუკუნედ მეჩვენა. უნდა ვთქვა, რომ ეს ჩემთვის ოქროს ხანა არ იყო; მიწევდა დამქანცველი ბრძოლა ათასგვარ სიძნელესთან; უნდა შევგუებოდი ახალ წესებსა და ჩემთვის არასასურველ გაკვეთილებს. იმის შიში, რომ თავს ვერ გავართმევდი ამ საქმეს, უფრო მეტად მაშინებდა, ვიდრე ჩემი უბედობით გამოწვეული ცხოვრების სიდუხჭირე. თუმცა ამისი ატანაც ძნელი იყო. მთელი იანვარი, თებერვალი და მარტის პირველი ნახევარი ისე მიიწურა, რომ სასეირნოდ ბაღის კედლების გარეთაც კი ვერ გამოვდიოდით. იმ ზამთარს დიდი თოვლი დადო. მერე კი თოვლის დნობამ შეგვიშალა ხელი; მისგან ატალახებული გზა თითქმის გაუვალი გახდა. მხოლოდ ეკლესიაში ვახერხებდით სიარულს. ასეთ ხელის შემშლელ პირობებშიც კი ყოველდღე ერთი საათი მაინც უნდა გაგვეტარებინა სუფთა ჰაერზე. ღარიბული ტანსაცმელი ვერ გვიფარავდა მკაცრი სიცივისგან. მაღალყელიანი ფეხსაცმელი არ გვქონდა, ხოლო რაც გვეცვა, მათში თოვლი ადვილად ჩადიოდა და შიგვე დნებოდა. უხელთათმანოდ ხელები გვაზრებოდა და ხელ-ფეხი გვეყინებოდა. კარგად მახსოვს, როგორ ვიყავი ამის გამო შეწუხებული ყოველ საღამოს, როგორ ვიტანჯებოდი, როდესაც გასივებულ, მთლად დასისხლიანებულ ფეხებზე დილით ისევ უნდა ჩამეცვა ფეხსაცმელი. საკვების სიმცირეც სულს გვიხუთავდა. როგორც მოზარდებს, მუდამ კარგი მადა გვქონდა; ხოლო ის, რასაც ჩვენ ვიღებდით, მისუსტებულ ავადმყოფსაც კი ძლივს ეყოფოდა. საკვების ასეთი ნაკლებობა მძიმე ხვედრად ყველაზე პატარა აღსაზრდელებს გვაწვა. როგორც კი შემთხვევა მიეცემოდათ, ეს დამშეული მოზრდილი გოგონები ართმევდნენ პატარებს საჭმელს ხან მოფერებით და ხანაც მუქარით. რამდენჯერ გამინაწილებია ორი მოზრდილი მშიერი გოგონასთვის სანატრელად ქცეული შავი პურის ნაჭერი, რომელსაც ჩაისთან ერთად ვიღებდით, მესამისთვის კი დამითმია რამდენიმე ყლუპი ყავა. იმ მცირეოდენს კი, რაც ფინჯანში მრჩებოდა, შიმშილით გამოწვეული მალული ცრემლის ღვრით ვსვამდი.

იმ ზამთარს ყველაზე მოსაწყენი კვირა დღეები იყო. ფეხით უნდა გაგვევლო ორი მილი ბროკლბრიჯის ეკლესიამდე, სადაც ჩვენი პატრონი წირავდა. გარეთ გასვლამდე სიცივე უკვე ძვალ-რბილში გვქონდა გამჯდარი; ეკლესიაში უფრო და უფრო ვიყინებოდით და, ვიდრე დილის წირვა დამთავრდებოდა, სიცივისგან ვცახცახებდით. სადილობამდე დიდი დრო რჩებოდა; უკან აღარ ვბრუნდებოდით, ამიტომ წირვებს შორის ვიღებდით ცივად მოხარშულ ხორცსა და პურს ისეთივე მცირეს, როგორც ყოველი ჭამის დროს.

ნაშუადღევის წირვის შემდეგ სახლში ფართო გზით მოვეშურებოდით. გზადაგზა უამრავი პატარ-პატარა ბორცვი გვხვდებოდა. ჩრდილოეთის თოვლიანი მწვერვალებიდან მონაბერი ზამთრის სუსხიანი ქარი სიცივით სახეებს გვიწვავდა.

მაგონდება, როგორ მსუბუქად და სწრაფად მოაბიჯებდა ამ დროს მის ტემპლი ამ თავჩაქინდრული ბავშვების მწკრივებს შორის თავისი შოტლანდიური წამოსასხამით, რომლის კალთებსაც სუსხიანი ქარი ხან განზე უფრიალებდა და ხან მჭიდროდ ახვევდა გარს. ის გვამხნევებდა, მაგალითს გვიჩვენებდა, რომ სულით არ დავცემულიყავით და მუდამ "მამაცი ჯარისკაცებივით~ წინ გვევლო, როგორც მას უყვარდა თქმა. დანარჩენი მასწავლებლები კი, საბრალონი, თვითონ იმდენად ნაწამებნი ჩანდნენ, რომ თავი აღარ ჰქონდათ, ჩვენ გავემხნევებინეთ.

ოჰ, როგორ ვნატრობდით მოგიზგიზე ბუხრის სინათლესა და სითბოს უკან დაბრუნებისას. მაგრამ პატარებისთვის ეს მიუღწეველი იყო. სასკოლო ოთახში ბუხარს მაშინვე ორ მწკრივად მოზრდილი გოგონები შემოუსხდებოდნენ ხოლმე, მათ უკან პატარები ჩაიცუცქებოდნენ და საცოდავად ეკვროდნენ ერთმანეთს, გათოშილ ხელებს კი წინსაფრის კალთებში მალავდნენ.

ასეთ დროს ჩვენს ნუგეშს ჩაი წარმოადგენდა; ამ დროს პური ორმაგად გვეძლეოდა, ე.ი. მთელი ნაჭერი ნახევრის ნაცვლად, თან ცოტაოდენ კარაქსაც გამოიმეტებდნენ ხოლმე, ეს იყო ყოველკვირეული გამასპინძლება, რომელზეც ვოცნებობდით კვირიდან კვირამდე. ჩვეულებრივ, მე ვახერხებდი ამ გულუხვად გაცემული ვახშმის ნახევარი ჩემთვის დამეტოვებინა, დანარჩენი კი, იძულებული ვიყავი, გამენაწილებინა.

კვირა საღამოს ვატარებდით წმინდა მათეს V, VI, VII თავებისა და საეკლესიო კატეხიზმოს ზეპირობასა და გამეორებაში. მერე კი ვისმენდით გრძელ ქადაგებას, რომელსაც მის მილერი გვიკითხავდა. ის გაუთავებლად ამთქნარებდა და დაღლილობას ვერ მალავდა. ლოცვების კითხვის დროს შესვენება მეტად ხშირად გვიწევდა, რადგან პატარებს ძილი ერეოდათ; ისინი მესამე-მეოთხე რიგებში თავიანთი სკამებიდან ძირს ცვიოდნენ და, ნახევრად ცოცხალ-მკვდრებს, ძლივს წამოაყენებდნენ ხოლმე ფეხზე. გამოსაფხიზლებელი წამალი კი მხოლოდ ის გახლდათ, რომ მათ ხელის კვრით წინ, საკლასო ოთახის შუაგულისკენ უბიძგებდნენ და აიძულებდნენ, ფეხზე მდგომთ, ბოლომდე მოესმინათ ქადაგება. ხანდახან იქაც ეკეცებოდათ მუხლები და, უღონონი, ძირს, იატაკზე ზედიზედ ცვიოდნენ. რომ არ წაქცეულიყვნენ, ჯგუფხელები მაღალზურგიან სკამებს შეუყენებდნენ-ხოლმე.

აქამდე გადაკრული სიტყვითაც კი არ მიხსენებია, გვინახულებდა ხოლმე თუ არა მისტერ ბროკლეჰერსტი ლოვუდში. ეს ჯენტლმენი ჩემი ჩამოსვლის პირველ ხანებში, თითქმის ერთი თვის განმავლობაში, წასული გახლდათ. ვფიქრობ, ის ისევ სტუმრად იყო თავის მეგობარ ქორეპისკოპოსთან. მისი იქ არყოფნა დიდ შვებას მგვრიდა. საჭირო არ არის, მოვიხსენიო ის მიზეზები, რომელთა გამოც ასე ძლიერ მეშინოდა მისი მოსვლისა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ის დღეც დადგა, როდესაც ის ლოვუდში ვიხილე.

ერთხელ, ნაშუადღევს (უკვე სამი კვირის მისული ვიქნებოდი ლოვუდში), ასპიდის დაფით ხელში, ღრმად ჩაფიქრებული ვიჯექი და რაღაც თავსატეხ მაგალითს ვიყვანდი მრავალნიშნა ციფრების გაყოფაზე. თავი ავწიე, ფანჯარაში გავიხედე და, ჯერ კიდევ ფიქრებში გართულმა, თვალი მოვკარი, რომ ფანჯრის წინ ვიღაცამ ჩაიარა. მაშინვე, ჩემდა უნებურად, ვიცანი მისი გამხდარი ლანდი. ორი წუთის შემდეგ, როდესაც მთელი სკოლა, მასწავლებლების ჩათვლით, ფეხზე ადგომით, როგორც ერთი კაცი, ისე მიესალმა მას, საჭირო აღარ იყო თვალით მეძებნა და გამომერკვია, თუ ვის ესალმებოდნენ ესოდენ დიდი პატივისცემით. მან დიდი ნაბიჯებით გაიარა საკლასო ოთახი და უცებ მის ტემპლის გვერდით, რომელიც აგრეთვე ფეხზე წამომდგარიყო, აისვეტა. დავინახე იგივე შავი ბოძი, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ გეიტსჰედში, ბუხრის წინ, ხალიჩაზე იდგა და შუბლშეკრული, პირქუში გამომეტყველებით მათვალიერებდა. ახლა მე ცალი თვალით ვუმზერდი `არქიტექტურის ამ უნაკლო შედევრს~. დიახ, არ შევმცდარვარ. ეს მისტერ ბროკლეჰერსტი იყო. ღილებით ბოლომდე შეკრული პალტო კიდევ უფრო გამხდარსა და მაღალს აჩენდა და თითქოს მის სახეს სიმკაცრეს მატებდა.

მე ჩემი მიზეზი მქონდა, რომ მისი გამოჩენისთანავე თავზარი დამცემოდა. ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორი დაუნდობელი გადაკრული სიტყვებით დამახასიათა მისის რიდმა მის წინაშე. ისიც მახსოვდა, როგორ აღუთქვა საზეიმოდ მისტერ ბროკლეჰერსტმა, რომ წინასწარ შეატყობინებდა მის ტემპლსა და სხვა მასწავლებლებს ჩემს უზნეობას. მთელი ამ ხნის განმავლობაში შიშით ვძრწოდი, რომ ერთხელაც ის თავის დანაპირებს შეასრულებდა. ყოველ ცისმარე დღე ველოდებოდი ამ ადამიანს, რომლის მონაყოლიც გაამხელდა ჩემს წარსულ ცხოვრებას და სამუდამოდ საძაგელი ბავშვის სახელით მომნათლავდა. და, აი, ახლა ეს ადამიანი აქ იყო. ის მის ტემპლის გვერდით იდგა და ჩუმად ყურში რაღაცას ეჩურჩულებოდა. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ის ახლა ჩემს ცუდ საქციელს ააშკარავებდა მის წინაშე. ამიტომაც აუტანელი მწუხარებითა და მღელვარებით შევყურებდი მის ტემპლს და ყოველ წუთს ველოდი, რომ მისი შავი თვალები სიძულვილითა და ზიზღით შემომხედავდნენ. თან ვუსმენდი კიდეც. რადგანაც ისე მოხდა, რომ მათთან ახლოს ვიჯექი, კარგად მესმოდა, რაზედაც ლაპარაკობდნენ. საუბრის შინაარსმა სულიერი სიმშვიდე დამიბრუნა.

- იმედი მაქვს, მის ტემპლ, ძაფი, რომელიც ლოუტონში შევიძინე, გამოდგება. იმასაც ვფიქრობ, ამავე ძაფით შეიძლება ქალის მიტკლის პერანგებიც შეკერონ. სათანადო ნემსებიც შევარჩიე. გადაეცით მის სმითს, რომ სიაში გამომრჩა სარუფიო ნემსები, მაგრამ მომავალ კვირას რამდენიმე შეკვრას გამოუგზავნიან. თუმცა არავითარ შემთხვევაში თითო აღსაზრდელზე თითო ნემსის მეტი არ უნდა გაიცეს. მეტი რომ ექნებათ, დაუდევრობას გამოიჩენენ და დაკარგავენ. კიდევ ერთი, მის, მინდა, რომ მაღალყელიან, შალის წინდებს ძალიან გაუფრთხილდნენ. როდესაც ბოლო დროს აქ ვიყავი, სამზარეულოს ეზოში შევედი და თოკზე გასაშრობად გაფენილი ტანსაცმელი დავათვალიერე. უამრავი შავი, მაღალყელიანი წინდა მეტად სავალალო მდგომარეობაში ვნახე - ამოუკემსავი და მოუვლელი. ზოგიერთი იმდენად გაუფრთხილებლადაა ნახმარი, რომ ადგილ-ადგილ გამოგლეჯილია. ეს კი მარწმუნებს, რომ დროზე არ კემსავენ მათ.

ის შეჩერდა.

- თქვენი მითითებანი შესრულებული იქნება, სერ, - უპასუხა მის ტემპლმა.

- კიდევ, აი, რა მსურს, მის, - განაგრძო მან, - მრეცხავმა ქალმა მითხრა, რომ რამდენიმე გოგონას კვირაში ორჯერ კაბებზე მარმაშიანი საყელო გამოუცვლია. ეს მეტისმეტია. მათ უფლება აქვთ, კვირაში ერთხელ გამოიცვალონ.

- ამის მიზეზს ახლავე მოგახსენებთ, სერ. აგნესა და კატერინა ჯონსტონები მეგობრებმა გასულ ხუთშაბათს ჩაიზე მიიპატიჟეს ლოუტონში. მეც ამ შემთხვევის გამო ნება დავრთე, გამოეცვალათ საყელოები.

მისტერ ბროკლეჰერსტმა თავი დაუქნია.

- კეთილი. ამ ერთხელ არა უშავს რა. მაგრამ, თუ შეიძლება, ასეთი შემთხვევები ხშირად ნუ მოხდება. მე სხვა რამ უფრო მაოცებს. ეკონომი ანგარიშს მაბარებდა და შევიტყვე, რომ ორი კვირის განმავლობაში ორჯერ გაცემულა მეორე საუზმე; ყველი და პური დაგირიგებიათ ბავშვებისთვის. როგორ მოხდა ეს? ერთხელ კიდევ გადავხედე შინაგანაწესს და არსად არის ნახსენები მეორე საუზმე. ვის მოუვიდა აზრად ასეთი სიახლე? ან ვისი პასუხისმგებლობით გაიცა ის?

გაგრძელება შემდეგ ნომერში