მთავარი როლი (ნაწილი VII) - გზაპრესი

მთავარი როლი (ნაწილი VII)

ჩემმა ხელოვნურმა უდანაშაულო მზერამ მეგიზე არ იმოქმედა. მან მაჯაში ჩამავლო თითები და ლამის ძალით წამათრია ქალების ტუალეტში, სუნამოს სურნელით რომ იყო გაჟღენთილი. ასე მეგონა, მთელი რესტორანი ჩვენ მოგვჩერებოდა, სირცხვილისგან ალმური წამეკიდა. კატო და ლილი უკვე იქ გველოდნენ. ან როდის მოასწრეს ჩვენზე ადრე შემოსვლა? გაოცებული დავრჩი. გოგონებს მოუთმენლობისგან სული ელეოდათ, მაშინვე გარს შემომეხვივნენ და შეკითხვები დამაყარეს.

- ელო, ღმერთო ჩემო, სად იპოვე ასეთი `დაცემა კაცი~? მაგარი ვიღაცაა!

- მაგარი კი არა, სიტყვები არ მყოფნის! თვალს ვერ ვაშორებ, ისეთი ლამაზია!

- გავგიჟდი, ისე მომეწონა! ჰე, მიდი ახლა, მოგვიყევი დროზე!

შვებით ამოვისუნთქე, ახლა უკვე მომეცა ძალა. სიხარულისგან სიცილი წამსკდა, ორივე ხელი მაღლა ავწიე და თავდაჯერებულმა მივმართე სამივეს:

- მაცალეთ ცოტა, სული მოვითქვა!

- ელენე სვანიძე! თუ ახლავე არ იტყვი, რა ხდება, უკიდურეს ზომებს მივმართავ, იცოდე! - ჩურჩულნარევი ხმით დაისისინა მეგიმ, წინ გადამიდგა და დოინჯი შემოიყარა.

ვიცოდი, როგორ საფრთხილო მდგომარეობაშიც ვიყავი. ერთი შეცდომა და ყველაფერი წყალში ჩამეყრებოდა, არც ისე ადვილი იყო მათი გაცურება, ამიტომ ისევ ავწიე ხელები და სამივეს სათითაოდ გადავხედე, ვითომ გნებდებით-მეთქი.

- კარგი, კარგი, ახლავე გეტყვით, ოღონდ ცოტა ამომასუნთქეთ. რამ გაგაგიჟათ? ისედაც გამაცალა სიქა ბიბიმ, ჯერაც ვერ მოვსულვარ გონს.

- შენ გინდა თქვა, რომ...

- როგორ, უკვე?

- ერთი ამას უყურეთ, რა ეშმაკი ყოფილა!

- დაგუბებულ წყალში მეტი ბაქტერიებიაო...

ერთმანეთს არ აცლიდნენ წამოძახილებს.

გავიცინე და ფოიეში გამოვედი, თან უკან ვიხედებოდი, ვითომ ერთი სული მქონდა, ფეხდაფეხ გამომყოლოდნენ. მერე იქვე მდგარ სავარძელში ჩავჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე და ჩემი ახალი ფეხსაცმელი `გავამარიაჟე~. თვითონაც ვტკბებოდი მისი ცქერით. 9-სანტიმეტრიანი ქუსლი ყოველთვის თვალში საცემია, მით უფრო, თუ თავისუფლად დადიხარ ასეთ ქუსლებზე შემხტარი.

რამდენიმე საათის წინ, როცა ბიბის კარი გავუღე, მამაკაცი ადგილზე გაშეშდა, არ მოელოდა, ასეთ ფორმაში თუ მიხილავდა, მერე ხელი გამომიწოდა და მაიძულა, დავტრიალებულიყავი. მეც არ დავზარდი და ერთი პირუეტი გავაკეთე.

- უბადლოდ გამოიყურები! - დაიჩურჩულა მან დაბალი, ძლივს გასაგონი ხმით.

და იმ მომენტიდან ზუსტად ასეთი შეგრძნებით ვიყავი აღვსილი. ვინც კი შემომხედავდა, თითქოს ამ ფრაზას მიმეორებდა, რომელიც მხოლოდ ბიბის ხმით ჩამესმოდა ყურში: `უბადლოდ გამოიყურები~. რაღაცნაირი ჯადოს მოქმედებით გაქრა ჩემი მეხსიერებიდან იმ საღამოს საშინელი მოგონებები, როცა მან მიმაგდო, სიცივისა და დამცირებისგან აკანკალებული მარტო დამტოვა აივანზე და თავის ძმაკაცებს შეუერთდა, რომლებიც აშკარად დამცინოდნენ. ცხოვრებაში პირველად ჩავიცვი ასე თამამად, თუმცა კი რესტორნის ეტიკეტი ამას ისედაც მოითხოვდა. ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა თითქოს მაშიშვლებდა, ისე აშკარად გამოკვეთდა ჩემი სხეულის ყველა ნაწილს. გარდა ამისა, ღრმა დეკოლტე და გამომწვევი ჭრილი, რომელიც მარჯვენა ფეხს მთელ სიგრძეზე აჩენდა, კაცს კი არა, ქალს გააყრევინებდა თვალებიდან ნაპერწკლებს. ბიბის სახეზე აღბეჭდილი შეცბუნება და ჟინი ცოტა ყალბი რომ არ ყოფილიყო, ვიტყოდი, რომ ექსპერიმენტმა გაამართლა და ის ბატი გოგო, რომელსაც ბიბი წლების წინ იცნობდა, ყელმოღერებულ გედად გადაიქცა.

ჯერ კიდევ პირველად რომ შევხვდი მოსალაპარაკებლად, მაშინ შევნიშნე მის თვალებში აღფრთოვანება. მას კი არა, ჩემს თავსაც კი დავუმტკიცე, რომ შემეძლო სხვა ადამიანად გარდაქმნა, თუმცა ამისთვის დიდი შრომა დამჭირდა. ახალი იმიჯის შექმნას წლები მოვანდომე და ეს არ იყო მხოლოდ ფიზიკური გარდასახვა, შინაგანი ბუნებაც უნდა `გამესხლა~, ახალი თვისებები უნდა დამემყნო ზედ და ჩემი პირვანდელი მეს-გან სრულიად ახალი, ჯიშიანი ქალი დამეყენებინა. ეს ყველაფერი მოვახერხე, თუმცა კი, დიდი ძალისხმევის შედეგად. ერთი კია, თუ გარშემო მყოფებს შეეძლოთ, ჩემი სილამაზით დამტკბარიყვნენ და ხარბი მზერა მიმოეტარებინათ ჩემს სხეულზე, შინაგან სამყაროში შეღწევა სასტიკად ეკრძალებოდათ, განსაკუთრებით - უცხო პირებს. ამ გზას ვერა სულიერი ვერ გაივლიდა, მით უფრო - მამაკაცები.

პუბლიკის წინაშე კონტაქტური ლინზებით ვჩნდებოდი, შეუდარებელი მაკიაჟით და ელეგანტურ სამოსში გამოწყობილი. ჩემი სამი საუკეთესო დაქალი ხშირად ხუმრობდა ამ საკითხზე, თუმცა, სამივე ზრუნავდა თავის გარეგნობაზე და ჩემზე არანაკლებ გამოპრანჭული დადიოდა.

ხშირად მიფიქრია, რას იტყოდნენ ჩემი მეგობრები, `ახალი~ ელენეს მიღმა ნამდვილი რომ დაენახათ, სწორედ ისეთი, როგორიც ბიბის ვახსოვდი. ის ერთადერთი იყო ჩემს ნაცნობებს შორის, თუ ტეტეს არ ჩავთვლი, რომელსაც ბავშვობიდან ვიცნობდი. ტეტე რას ფიქრობდა იმ წლებში ჩემზე, სულერთი იყო, ის ჩემი ძმა გახლდათ და მიყვარდა, ბიბი კი... ბიბი გატრიალდა და წავიდა. მაშინ იმდენად იმოქმედა ჩემზე მისმა საქციელმა, რომ, სკოლა დავამთავრე თუ არა, ყველა კლასელთან გავწყვიტე კონტაქტი, ახლოს არ გავკარებივარ არც ერთს, რომ როგორმე წარსული დამევიწყებინა.

ისეთი აღტყინებული ვიყავი, გადავწყვიტე, ჩემი გოგოები გამეღიზიანებინა. ახლა უკვე თავი ქუდში მქონდა, ისინი ვერაფერს მიხვდნენ, ამიტომ სავარძლიდან წამოვხტი და სარკეს მივაშურე, რათა ტუჩებზე პომადა გადამესვა.

- დამშვიდდით, გოგოებო. ჩვენ ახალი დაწყებული გვაქვს ურთიერთობა და ჯერ მხოლოდ ვეჩვევით ერთმანეთს.

- ო-ო-ხხხ! - თითქმის ერთდროულად ამოიოხრა სამივემ.

სიცილი ვერ შევიკავე, მათ იმედგაცრუებულ სახეებს რომ შევხედე.

- არ გეწყინოთ, კარგი? როგორც კი ჩვენ შორის რამე მოხდება, აი, ისეთი, პიკანტური, გპირდებით, რომ მაშინვე მოგიყვებით.

ამწუთას სულაც არ ვეშმაკობდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი არაფერი მოხდებოდა... ან იქნებ მომხდარიყო კიდევაც? კონტრარგუმენტმა ჟრჟოლა მომგვარა.

- ისეთ ბიჭს, როგორიც ბიბია, დიდხანს ლოდინი არ მოუწევს! - შენიშნა მეგიმ, რომელიც ჩემს მიტოვებულ სავარძელში ჩაეშვა. - საშინლად მაგარი ვიღაცაა.

მომეჩვენა, რომ ჩემი დაქალის ხმის ნოტებში შური გაკრთა, ამიტომ ეკლიანი ფრაზისგან თავი ვერ შევიკავე:

- ეჭვიც არ მეპარება, რომ ის დაუვიწყარ ეფექტს მოახდენს თქვენზე, გოგოებო!

- კივილამდე მიიყვანს ადამიანს! - ემოცია ვერ მოთოკა კატომ.

- თუ მამაკაცურ სექსუალურობას შოკოლადის მიმზიდველობას შევადარებთ, როგორც ამას წინათ ერთ-ერთ ჟურნალში წავიკითხე, - ლილიმ საინტერესო თემას გვერდი ვერ აუარა, - მე პირადად, ბიბის შვეიცარიული შოკოლადის უმაღლეს ხარისხს გავუტოლებდი.

`ბიბი შოკოლადი... მ-მ-მ...~ - წამით მეც კი წარმოვიდგინე.

მოულოდნელად სამი წყვილი თვალი გაოცებული მომაჩერდა. თავდაპირველად ვერ მივხვდი, რა მოხდა, მაგრამ უეცრად გავიაზრე - თურმე ხმამაღლა წარმომითქვამს ჩემი ნაფიქრი. მეგი ატკარცალდა.

- შენმა სახემ ყველაფერი შენ მაგივრად თქვა.

არა, ასე არ უნდა მოხდეს! მოლაპარაკების თანახმად, ჩვენი ურთიერთობა პლატონურს არ უნდა გასცდენოდა. მე ხომ არ ვარ ისეთი სულელი, რომ სერიოზულად აღვიქვა ბიბის მოხიბვლის ხელოვნების ჩვეულებრივი არსენალი და დავდნე, როცა ის ხელს მკიდებს, თითებზე მეფერება და ყოველი შესაძლებლობისთანავე მიხუტებს მკერდზე? ჩვენ ხომ ყველაფერზე მოვილაპარაკეთ, ასე არ არის?

ლილიმ და კატომ ჩაიხითხითეს და სარკესთან გადაინაცვლეს მაკიაჟის შესასწორებლად.

- თავი დაანებე. ვერ ხედავ, უკვე ყურებამდეა შეყვარებული და ერთი სული აქვს, მასთან მივიდეს? - თქვა ლილიმ.

- სულაც არ ვარ შეყვარებული, - ნირწამხდარმა წამოვიყვირე, თან ვცდილობდი, როგორმე დამეფარა გრძნობა, რომელიც აშკარად სიყვარულს გამოხატავდა.

ბიბი თავის სტიქიაში იყო. დიდებული მიღება, უგემრიელესი კერძები, საინტერესო ადამიანები, ჭკვიანური საუბრები და ულამაზესი ქალი გვერდით. მეტი რაღა იყო საჭირო სრული ბედნიერებისთვის?

დარბაზში მივბრუნდი. ბიბიმ თვალი მომკრა თუ არა, მზერა აღარ მოუშორებია ჩემთვის. მეც ამაყად თავაწეული, ბალერინას ნაბიჯებით მივიწევდი მისკენ. მის მზერაში აშკარად იკითხებოდა, რომ ჩემში რაღაც განსაკუთრებულს ხედავდა. თითქოს მეუბნებოდა, შენამდე ბევრი გოგო შემხვედრია, ბევრიც `გამისინჯავს~, მაგრამ ასე ერთმანეთში შერწყმული შინაგანი ხიბლი, ბრწყინვალე გონება და თავბრუდამხვევი გარეგნობა არავის ჰქონია, ამიტომ დიდი სურვილი მაქვს, უფრო ახლოს გაგიცნოო.

მივუახლოვდი თუ არა, მორცხვი ღიმილი შევაფრქვიე, რამაც გამაოგნებლად იმოქმედა მასზე. დავინახე, როგორ შეცბა, თითქოს თავბრუ დაეხვაო, და იქვე მდგარი სკამის ზურგს ჩაეჭიდა. მისი თვალები დაჟინებით მიშტერებოდა ჩემს ტუჩებს. ადვილი მისახვედრი იყო, ამწუთას მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა - მაგრად მივეკარი მკერდზე და კოცნით დაელბო ჩემი პომადიანი ბაგეები.

უკაცრავად, ბიბი... სხვა რომ არაფერი, ახლა არც დროა ამის და არც ადგილი... თუმცა...

მე ხომ უნდა დავარწმუნო ყველა, რომ მიყვარს იგი და მასაც ვუყვარვარ. ჩვენ ხომ შეყვარებული წყვილი ვართ. იმაზე უფრო დამაჯერებელი რა იქნება, ახლა რომ ვაკოცნინო?

`არც გაიფიქრო! ახლავე ამოიგდე თავიდან ეგ სულელური აზრი!~ - მკაცრად შევუძახე ჩემს თავს, თუმცა ჩემი თვალები სულ სხვა სურვილს ამჟღავნებდა და ამ რეალობას ვერსად გავექცეოდი.

`იქნებ ღირს კიდევაც, რომ ვცადო?~ - ვებრძოდი ჩემს გრძნობებს.

ბიბიმ სკამი გამოსწია და სანამ დავჯდებოდი, ოდნავ შემეხო მხარზე. ისე ამიტანა თრთოლამ, მასაც კი არ დარჩენია შეუმჩნეველი. ავხედე. გაკვირვება არ ეხატა სახეზე. ეს ნიშნავდა, რომ ამას ელოდა. როგორი თავდაჯერებულია! მიუხედავად იმისა, რომ გეგმის მიხედვით, წმინდა საქმიანი ურთიერთობა უნდა შეგვენარჩუნებინა, საკუთარ სხეულს ვერაფერს ვუხერხებდი, რომელსაც არ შეეძლო არავის მოტყუება და ალერსს მოითხოვდა.

- გოგოები დიდი შთაბეჭდილების ქვეშ არიან, - ხმადაბლა ვთქვი.

- ჩემგან?

- არა, ჩემი ახალი აიფონისგან, - გავიცინე, - რა შეკითხვაა?!

- დიდი კმაყოფილებით გავაკეთებდი დღეს იმის დემონსტრირებას, როგორ გვიყვარს ერთმანეთი. მთავარია, შენ მიბრძანო და თითები გაატკაცუნო.

- ისედაც არ გამოგდის ცუდად, ნუ ცელქობ.

- უკეთესადაც შემიძლია, - მრავალმნიშვნელოვნად მიჩურჩულა და თითის წვერები ნაზად გადაატარა ჩემს შიშველ მკლავზე.

`ჯილდოდ~ ჩემგან მსუბუქი ამოოხვრა მიიღო, თავი ვერ შევიკავე. დაზაფრულს სუნთქვა შემეკრა. უეცრად ხელი მაჯაზე მტაცა და ცერი შიდა მხარეზე დამადო, სადაც გულის ფეთქვა ისინჯება. ყურებამდე გავწითლდი, რადგან ვგრძნობდი, როგორი ბაგაბუგი გაჰქონდა ჩემს გულს, ეს კი აშკარა ნიშანი იყო იმისა, რომ ის ისევე მაღელვებდა, როგორც მე მას.

- მადლობა. უკვე საკმარისია.

ჩემმა ხმამ გამყიდა, მაგრამ განზე გაწევა მაინც არ მიფიქრია. სიახლოვისგან გათამამებულმა ბიბიმ, რომელიც სავარაუდოდ, ჩემი სუნამოს სურნელითაც გაბრუვდა, მოულოდნელად წელზე მომხვია ხელი და მჭიდროდ მიმიკრა. ისარგებლა ჩემი სისუსტით.

- სულაც არ არის საკმარისი, - მიჩურჩულა და თვალი თვალში გამიყარა, თითქოს ელოდა, როდის შევეცდებოდი მის შეჩერებას, მაგრამ იმედოვნებდა, რომ მაინც არ შევაჩერებდი.

- ჩვენ ასეთი მოლაპარაკება არ გვქონია...

აღარ მისმენდა. თავი კიდევ უფრო დახარა და ტუჩებზე შემეხო... არა, კი არ შემეხო, მაკოცა... მაკოცა იმ მიზნით, რომ გაეგო, რა რეაქცია ექნებოდა მის სხეულს ჩემი ტუჩების დაგემოვნებისას. ჰო, ზუსტად ასე მკოცნიდა - თითქოს აგემოვნებდა ჩემს ტუჩებს... როგორც ჩანს, დარწმუნებული იყო, რომ კოცნაზე კოცნით ვუპასუხებდი, ნაზად დავუბრუნებდი პასუხს ისე, როგორც ნამდვილ შეყვარებულებს შორის ხდება, როცა ისინი ეს-ესაა, ეცნობიან ერთმანეთს. ვერც ახლა შევიკავე თავი და ისევ მსუბუქი ოხვრა აღმომხდა, კმაყოფილების ოხვრა. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა, რომ ბიბის საკუთარ თავზე კონტროლი დაეკარგა.

ჩემ ირგვლივ სამყარო მზის გულზე დადებული ნაყინივით დადნა და გაქრა... როცა ოდნავ გამოვფხიზლდი, მე თვითონ გამიკვირდა ჩემი თავის, ისეთი მოულოდნელი მგზნებარებით ვპასუხობდი მის კოცნას, რომელიც მდაგავდა, ვნების ბურანში მხვევდა და მისადმი ლტოლვას მიორმაგებდა... მიექვსმაგებდა... მიცხრამაგებდა... მიათმაგებდა... თითქოს მინდოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამერწმუნებინა იმაში, თუ რა დაკარგა ჩემი მიტოვებით.

- ამ საღამოს, როგორც კი შენი კარის ზღურბლთან დაგინახე, ოცნებად მექცა, შენთვის მეკოცნა, - ზედ ყურის ბიბილოსთან მიჩურჩულა გაცხელებული ბაგეებით და გამერიდა...

მე კი მინდოდა, ეს წუთი კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო, მენანებოდა ამ წამების გაწყვეტა, ამ ტუჩებთან განშორება, იმ სითბოს დათმობა, რომელსაც ისინი მანიჭებდნენ... საშინელი მოთენთილობა ვიგრძენი. უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, ავდექი და ფოიეში გავედი.

თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ნათხოვარი სხეულით ვმოძრაობდი. ვერაფრით ვახერხებდი ხელების, ფეხების, თეძოების დამორჩილებას, არც ტუჩები მომყვებოდა, ასე მეგონა, დამებრიცა-მეთქი, თვალები დამებინდა და საღად აზროვნების უნარი წამერთვა.

ბიბი უკან გამომყვა. ფოიეში არავინ იყო. არასდროს დამავიწყდება მისი გაოცებული თვალები, როცა კვლავ მივუშვირე ვნებით აალებული ტუჩები და ვაკოცე, ჯერ მოკრძალებულად, მერე უფრო თამამად, ბოლოს კი მომთხოვნად. საოცარი მხურვალებით უპასუხა ჩემს კოცნას. თითები თმაში შემიცურა, ჩემი თავი ხელისგულებში მოიქცია და გონდაკარგულივით დამიწყო მოფერება. იმწუთას ორივეს ყველა და ყველაფერი დაგვავიწყდა, მათ შორის ჩვენი გარიგებაც, რომლის თანახმადაც, სრულიად სხვა როლი უნდა შეგვესრულებინა ამ სახიფათო თამაშში. რაღა დროს პლატონური სიყვარული იყო, როცა ცეცხლი მოგვდებოდა ორივეს!..

უეცრად ბიბიმ ოდნავ უკან დამწია და მაიძულა, გავჩერებულიყავი. თვალებში ჩამხედა, რათა ამოეკითხა, რას განვიცდიდი იმწუთას. არ ვიცი, რას ელოდა... შეცბუნებას? დამორცხვებას? შეშფოთებას, რომ ურთიერთობა დადგენილ საზღვრებს გასცდა? არა, ასეთი რამ არც ჩემს თვალებში იკითხებოდა და არც ჩემს გულში. ამაში დარწმუნებული ვიყავი, რადგან მთელი სხეული მასთან სიახლოვის სურვილით მქონდა აალებული. მან ეს დაინახა. დაინახა თავისი უტყუარი მამაკაცური ალღოთი და მიხვდა, თუკი მე ასეთი რამეების წინააღმდეგი არ ვიყავი, მას წინ არაჩვეულებრივი, ბევრად უფრო სასიამოვნო დღეები ელოდა, ვიდრე წარმოიდგენდა. აშკარა იყო, სიტუაცია შეიცვალა.

- მგონი, დაიჯერეს, - ამის თქმაღა მოვახერხე.

- არ ვიცი, მათ რა იფიქრეს, მაგრამ მე ნამდვილად დამაჯერე, - ხმადაბლა მითხრა და თითები ნაზად მიმოატარა ჩემს ტუჩებზე, რომელზეც სულ ახლახან ნახევრად მორცხვი ღიმილი გამომესახა.

- არაჩვეულებრივად თამაშობ შენს როლს, - მივუგე აფორიაქებულმა.

- იცი, რა აზრი მომივიდა? მშვენიერი იქნებოდა, მართლა რომ გაგვება რომანი. მე და შენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ვხვდებით, რაზეც მივდივართ. თუკი ასე გვსიამოვნებს ერთმანეთის შეხება, რატომაც არა? ყოველგვარი ვალდებულების გარეშე თითოეული მივიღებთ იმას, რაც გვინდა, - არც ისე ფრთხილად შემომაპარა.

მისმა ნათქვამმა ისე იმოქმედა ჩემზე, თითქოს ღვინით სავსე ჭიქა შემოესხას ვინმეს სახეში.

- მაგრამ შენი კოცნა არ იყო მთლად დამაჯერებელი! - აპილპილებულმა მივახალე. ამჯერად უკვე აღარ მეპარებოდა ეჭვი მის სიყალბეში.

ჩემდა გასაოცრად, უეცრად სახე გაუფითრდა და ნიკაპი აუკანკალდა.

- გგონია, რომ ჩემი კოცნა მხოლოდ სცენარის ნაწილი იყო და გავითამაშე? გეთანხმები, რომ თავიდან ასეც მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ეს ადრე იყო, დღეს კი ყველაფერი შეიცვალა. არავისთვის არაფრის დამტკიცება არ მსურს. უბრალოდ, ვეღარ გავუძელი ცდუნებას, არ მოვფერებოდი შენნაირ ქალს, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცის გაგიჟება შეუძლია. თუმცა, ვხედავ, არ გჯერა ჩემი... და თუკი არ ვთამაშობდი, მაშინ?

გაკვირვებისგან თვალები გამიფართოვდა, წარბებს ქვემოდან გავხედე.

- როგორ? და ჩვენი გეგმა?

- გეგმები იცვლება ხოლმე, - მითხრა და ხელზე ხელი ძლიერად მომიჭირა.

თავი ხელში ავიყვანე და ცივად გავიცინე, მაინც არ დავუჯერე. ამასობაში ხელიც გავაშვებინე.

- ნუ იცინი. გგონია, ამ სიცილით გამაგრილებ? რომ იცოდე, ამან უფრო გამითბო გული, ვიდრე ჩემმა დღევანდელმა წარმატებულმა პრეზენტაციამ.

- შენთან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი, ბატონო ბიბი. დიდად არ მჯერა შენი მოტივაციის, მაგრამ ამჯერად გაპატიებ და მეორედ არ გაივლო გულში, რომ ჩემთან რომანის გაჩაღებას შეძლებ! - ერთობ მკაცრად გამომივიდა.

- ესეც პირველი გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით, - მან გაიღიმა იმ იმედით, რომ ხუმრობაში ავყვებოდი, - მიდი, აღიარე.

- რა ვაღიარო? - ვერ მივუხვდი.

- რომ შენც ძალიან მოგეწონა.

- ვერ ეღირსები! - მივუგე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე, რამაც კიდევ უფრო ამომიბურცა მკერდი ღრმად ამოღებულ გულისპირში.

- მაშინ, გავაგრძელებ მანამ, სანამ არ აღიარებ! - მითხრა და თითები ჩემს შიშველ ზურგზე ჩაასრიალა, - დამიჯერე, მთელი ღამე შემიძლია, ასე გავაგრძელო და დიდად ნასიამოვნებიც დავრჩები.

შეშფოთებულმა ავხედე და სწრაფად ამოვთქვი:

- კარგი, კარგი. მეც მომეწონა. კმაყოფილი ხარ?

- შენი დაჭიმული ზურგი და შეუპოვარი გამოხედვა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ხელი შეგიშვა, - ამ სიტყვებით, ხელებაწეულმა ორი ნაბიჯით უკან დაიხია, - მაგრამ მაგ თვალებში უეცრად გაელვებულმა შიშმა მიმახვედრა, რომ ჩემმა კოცნამ ისევე ძლიერად იმოქმედა შენზე, როგორც ჩემზე შენმა, - ამ სიტყვებით ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.

- შენ ისევე გინდოდა ეს, როგორც მე, - მიჩურჩულა.

ყასიდად გავიცინე, ხელი ვკარი და ნიღაბაფარებულმა დაუდევრობით მივუგე:

- იშვიათად თავდაჯერებული ბიჭი ხარ.

- ჩემი პროფესიის ადამიანისთვის თავდაჯერებულობა აუცილებელი თვისებაა. ვფიქრობ, ეს უკვე გამიჯდა ხასიათში...

მისი ტრაბახი სწორედ რომ დროული აღმოჩნდა. ამით ვისარგებლე და ვკითხე:

- ჰო, მართლა: რა ქენი, მოასწარი თენგოს გაცნობა? გამონახეთ საერთო ენა?

ამის გაგონებაზე ჩრდილმა გადაურბინა სახეზე, აშკარად არ ესიამოვნა და გააოცა ჩემმა გარდაქმნამ. ნიკაპზე ხელი მოისვა, გამომცდელად ჩამაშტერდა თვალებში და დახშული ხმით მომიგო:

- კარგი კაცია... დანარჩენი ორიც კარგი ტიპია, ვერაფერს ვიტყვი...

გულში ჩავიცინე, რომ მისი განიარაღება ამგვარად შევძელი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში