მთავარი როლი (ნაწილი VIII) - გზაპრესი

მთავარი როლი (ნაწილი VIII)

გამიხარდა, ბიბის ჩემი მეგობრები და მათი ქმრები რომ მოეწონა და მეც თავი გამოვიდე.

- ყველანი არაჩვეულებრივები არიან. არ იცი, როგორ მიყვარს ჩემი გოგოები, თუმცა დღეს საკმაოდ მკაცრი დაკითხვა მომიწყვეს. ყველაფრის გაგება უნდოდათ.

- ჩემზე? - ბიბიმ წარბები აზიდა.

- ჰო, - მსუბუქი ღიმილი გადავიფინე ტუჩებზე, - ყველაფრის, ბოლო წვრილმანამდეც კი.

- რატომ ხართ ქალები ასეთი ცნობისმოყვარეები? ისიც ხომ არ გკითხეს, სექსში როგორიაო?

მის შეკითხვაზე ფხუკუნი ამიტყდა.

- ნუ, დაახლოებით, - კეკლუცად გავხედე, მაგრამ მაინცდამაინც არ მესიამოვნა, ქალები რომ გაგვკილა. როგორც ჩანს, ეს შემეტყო სახეზე, რადგან მაშინვე შეშფოთდა.

- ცუდად ხომ არ გამომივიდა?

- თითქმის, - მშრალად მივუგე, - ისინი ჩემი მეგობრები არიან, ბიბი. და ჩვენ ვენდობით ერთმანეთს.

- მესმის, განა არ მესმის, ამიტომაც არ ვიზოგავ თავს, რომ დადებითი შთაბეჭდილება მოვახდინო თითოეულზე. საერთოდ დამავიწდა ჩვენი მოლაპარაკება სამსახურის თაობაზე, ისე გამიტაცა მათთან ურთიერთობამ: ვხუმრობ, ლამის ვფლირტაობ სამივესთან, ბიჭებთან საქმიანად ვსაუბრობ, თან თვალს არ გაშორებ, ისეთი ლამაზი ხარ. ვერასდროს წარმოვიდგენდი, ასეთი იდეალური სხეული თუ გექნებოდა, თავბრუს მახვევ... მეტი რა გავაკეთო? - ბოლოს ხუმრობით დაამთავრა.

- არც არაფერი. მთავარია, ზედმეტი არ მოგვივიდეს. ცოტა არ იყოს, ვნანობ, ეს თამაში რომ წამოვიწყე. სინდისი მქენჯნის, ჩემი ყველაზე ახლობელი ადამიანების მოტყუება რომ მიწევს.

თანაგრძნობით შემომხედა და ხელზე ხელი მომიჭირა.

- ნუ განიცდი, არ ღირს. ისეთს არაფერს აკეთებ, რომ მერე სანანებელი გაგიხდეს. აქ ერთად იმიტომ აღმოვჩნდით, რომ დიდი ხანია, ვიცნობთ ერთმანეთს და გვსიამოვნებს ერთად ყოფნა. ასე არ არის? დავანებოთ სხვა ყველაფერს თავი. სავსებით ბუნებრივია, ძველ მეგობრებთან შეხვედრა და დროს ტარება ჩვეულებრივი ამბავია. ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. შენი არ ვიცი და, მე ამ ყველაფრისგან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ჩვენი ურთიერთობა ერთი თვის შემდეგაც გაგრძელდება, გუშინ ხომ არ გაგვიცნია ერთმანეთი, ამიტომ არ ღირს, ამის გამო, სინანული განიცადო.

უნდოდ შევხედე. მიხვდა, რამაც გამიელვა, და სასწრაფოდ დაამატა:

- ვიცი, ვიცი, რომ ცოტას ვაჭარბებ. მე და შენ ახლო მეგობრები არასდროს ვყოფილვართ და რაც იყო ჩვენ შორის, ისიც მე გავაფუჭე, მაგრამ რა ვქნა, ვცდილობ, ხალისი დაგიბრუნო და რაღაცებს მივედებ-მოვედები.

გამეღიმა. მისმა სიტყვებმა დამამშვიდა. მხარზე ოდნავ მივეყრდენი და ვუჩურჩულე:

- მადლობა, ბიბი. შენ კარგი ადამიანი ხარ.

- უბრალოდ კარგი? - თეატრალური ჟესტით ჩამიკრა თვალი და ღვინით სავსე ბოკალი, რომელიც სამი თითით ეჭირა, მაღლა ასწია. - მეგობრული პაემნის სადღეგრძელო იყოს!

ეჰ, ნეტავ შემეძლოს, მხოლოდ მეგობარი მერქვას!.. მაგრამ, რატომღაც, უფრო მეტი მინდა, მისთვის ვიყო, ვიდრე მეგობარი...

ჩემი დაქალები ზრუნავდნენ ჩემზე, უნდოდათ, ბედნიერი ვყოფილიყავი. მართლა ძალიან განვიცდიდი, რომ მათი მოტყუება მიხდებოდა, რადგან ისე გულწრფელად უხაროდათ ბიბის გამოჩენა, რომ თავს ევლებოდნენ. მათი წარმოდგენით, ჩემს ბედნიერებას მხოლოდ მამაკაცი აკლდა. ბოლო მომენტამდე არ ვიზიარებდი მათ `თეორიას~, უფრო მეტიც, სასაცილოდაც არ მყოფნიდა, მაგრამ ბიბის გამოჩენამ და მის მიმართ ხელახლა გაჩენილმა გრძნობამ მეც ჩამაფიქრა. ბოლოს და ბოლოს, ახალგაზრდა ქალი ვარ და სიყვარული მჭირდება. ახლა უკვე აღარ მეცინებოდა ბანალურ ფრაზაზე: `ისინი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ~. თუმცა, მაინც არ მსურდა, ბოლომდე დამეთმო ჩემი პოზიციები, თან - ასე ადვილად. ჩემი გეგმა ერთობ სარისკო იყო, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებდი. გადავწყვიტე, თამაში ბოლომდე მიმეყვანა, მერე კი, როცა ქორწილი ჩამთავრდებოდა, სიმართლე მომეყოლა ჩემი გოგოებისთვის.

მაგრამ სიმართლე რის შესახებ?

მართალია, ბიბი სულ სხვა კუთხით გავიცანი იმ დღეს, როცა ჩემთან დავპატიჟე, და სრულიად განსხვავებული შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე, მაგრამ იმ დღიდან მოყოლებული, მასთან ურთიერთობა ტანჯვად მექცა. თითქოს გამოცდას მიწყობდა ცხოვრება და ჩემზე იყო დამოკიდებული, გავუძლებდი თუ არა ამ გამოცდას. მთელი საღამოს განმავლობაში გაფაციცებული ვადევნებდი თვალს ბიბის ქცევას, მის ჟესტებს, საუბრის მანერას და ნაკლს ვერ ვპოულობდი. ის საოცრად მომხიბვლელი იყო, ქალებთან - ნაზი, მამაკაცებთან - ძლიერი, ჩემთან - მზრუნველი. ვიჯექი სუფრასთან, ვსინჯავდი კერძებს და გემოს ვერ ვატანდი. მთელი გულისყური ბიბისკენ მქონდა. იმ წუთებში მხოლოდ მასზე ვფიქრობდი და სხვა არაფერზე. ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ საკუთარ დაქალებსაც კი არ ვაქცევდი ყურადღებას, გამუდმებით თავზე რომ დაგვფოფინებდნენ მე და ბიბის, თითქოს ეს სუფრა საგანგებოდ ჩვენთვის ყოფილიყო გაშლილი და არა - მეგისა და მისი მომავალი მეუღლის პატივსაცემად. მას მერე, რაც დაკითხვა მომიწყვეს, ფაქტობრივად, აღარ მაწუხებდნენ. ეს მათი ტაქტიკური სვლა იყო. ვხვდებოდი, რომ შესაძლებლობას მაძლევდნენ, დავრჩენილიყავი ბიბის გვერდით, მეყურებინა მისი ლამაზი თვალებისთვის, მესაუბრა მასთან, მეფლირტავა ისე, როგორც არასდროს. ალბათ სურდათ, ეს დღე ჩემთვისაც განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი ყოფილიყო.

განა ამას არ ამტკიცებდა ბიბის კოცნაც? თვალები დავხუჭე და თავი გავაქნიე, მაგრამ ვერაფრით შევძელი კოცნის სცენის გონებიდან ამოგდება. როგორც სასურველ ქალს, ისე მკოცნიდა. განა არ ვიყავი ასეთი? ჩემი აზრით, ვიმსახურებდი ისეთ მამაკაცს, როგორიც ბიბი იყო.

მთავარი ის იყო, რამ უფრო მოხიბლა ჩემში. იქნებ მხოლოდ კაბამ? რა თქმა უნდა, კაბამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. მას ხომ არასდროს ვუნახავვარ ასეთ ფორმაში, ამიტომაც უფრო ადვილად მოირგო ქალის გულთამპყრობლის როლი და ჩემთან ფლირტაობაც გაუადვილდა. მას ხომ ნებისმიერი ქალის მოხიბვლა შეუძლია, თუ მოინდომა. მე კი... რა ვიცი, ხანდახან უიმედობა მიპყრობს, როცა მის გვერდით წარმოვიდგენ თავს. განსაკუთრებით, იმ ფორმაში, სახლში რომ ვარ ხოლმე - ლინზების გარეშე, უმაკიაჟოდ და პიჟამაში. ასე რომ დამინახოს, დარწმუნებული ვარ, უკანმოუხედავად გაიქცევა, როგორც წლების წინ...

ჰო, ეს შეიძლება, კიდევ ერთხელ გამეორდეს. როგორც კი ჩვენი შეთანხმების ვადა ამოიწურება, ისეთ სახეს მიიღებს, თითქოს ერთმანეთს არ ვიცნობთ და გაქრება. ამისთვის აქედანვე უნდა ვიყო მზად, რომ გული არ მეტკინოს. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ იქნება?

არ ვიცი, როგორ გავუძლებ ამ ერთ თვეს. მხოლოდ ერთხელ ვაკოცეთ ერთმანეთს და ყველაფერი უცებ გართულდა. ასე თუ გაგრძელდა, რა იქნება შემდეგ? შევძლებ კი თავის შეკავებას? წინ მთელი თვეა... კარგი, დავუშვათ, იგი მხოლოდ თავის როლს ასრულებდა და არავითარი ქვენა გრძნობა არ ჩაუქსოვია ამ კოცნაში, მაგრამ როგორ გავიგოთ მისი უცნაური ინტონაციით და სულისშემძვრელი მზერით წარმოთქმული სიტყვები: `და თუკი არ ვთამაშობდი, მაშინ?~

რა თქმა უნდა, სასიამოვნო იქნებოდა, ჩვენი ურთიერთობა უფრო გაღრმავებულიყო და სიყვარულში გადაზრდილიყო, მაგრამ ასე გარისკვა არ შემეძლო. წლების განმავლობაში კარგად დავამუღამე, რომ შეჩვევა მწარე იმედგაცრუებად შეიძლება შემოგიბრუნდეს. მე ხომ, უბრალოდ, არ ვარ გაჩენილი სასიყვარულო ურთიერთობებისთვის, მით უფრო - ოჯახის შესაქმნელად.

ფიქრი ზარის ხმამ შემაწყვეტინა. ჩემი შეშინებული და დამფრთხალი ფიქრები ჰაიჰარად შევრეკე გონების რომელიღაც კუნჭულში და კარის გასაღებად გავემართე.

სპორტული ღონისძიებების მარკეტინგის უფროსი მეახლა, რომლის სახელი აღარ მახსოვდა, თემური თუ თამაზი ერქვა. სიფრთხილე უნდა გამომეჩინა, რომ შეცდომით სხვა სახელით არ მიმემართა.

- მობრძანდით, - მოკლე შემოპატიჟებით შემოვიფარგლე.

ახალგაზრდა კაცი საქმიანი სახით შემოვიდა ოთახში და ტახტზე მოკალათდა.

მე წინ დავუჯექი და მოსასმენად მოვემზადე. მანამდე ყავა შევთავაზე.

- არა, გმადლობთ, ქალბატონო ელენე. პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ, თქვენი ნებართვით. ბრაზილიიდან დელეგაციას ველოდებით ტურნირის მოსაწყობად. შეიძლება, უმაღლესი ლიგის რომელიმე ფეხბურთელიც გვეწვიოს, ცნობილი, რა თქმა უნდა, ამიტომ შთამბეჭდავი დახვედრაა საჭირო. როგორც ყოველთვის, თქვენ მოგმართეთ. მახსოვს თქვენი გამართული საღამოები. ვიმედოვნებთ, არც ახლა გაგვიცრუებთ იმედს.

საუბრის განმავლობაში თავს ვუქნევდი ჩემს კლიენტს, ვიღიმოდი, საჭირო სიტყვებსაც ჩავურთავდი, მაგრამ გონებით მაინც ბიბისთან ვიყავი. პარალელურად ორ რამეზე ვფიქრობდი, რაც კონცენტრაციაში ხელს მიშლიდა.

მოველაპარაკე თემურს თუ თამაზს (მაინც ვერ გავიხსენე, რა ერქვა) - რა სახის ფურშეტი თუ სადილი სურდა, რამდენ პერსონაზე და რამდენად გრანდიოზული. ამავდროულად, წამითაც არ მავიწყდებოდა ბიბის ტუჩების გემო - ერთდროულად ვნებიანი, ნაზი და მთრთოლარე, თითქოს ყოველ წამს ელოდა, როდის ვკრავდი ხელს და მოვიშორებდი თავიდან. არადა, იმ წუთებში ყველაფერი გადამავიწყდა - მიხაროდა, რომ მოურჯულებელმა ჭირვეულმა, ზღაპრული პრინცის მოჯადოება შევძელი. ამ უცნაურმა მეტაფორებმა ღიმილი მომგვარა.

- გაქვთ იდეა, სად აჯობებს ფურშეტის გამართვა? - მკითხა სტუმარმა.

მისმა შეკითხვამ მაიძულა, რეალობას დავბრუნებოდი. ადრე არასდროს გადავრთულვარ ფიქრით სხვა რამეზე, ყოველთვის მთლიანად ვეფლობოდი ჩემს სამუშაოში, ახლა კი...

- არასტანდარტული გარემო აჯობებს, ჩემი აზრით, - ვუთხარი და საჟურნალე მაგიდაზე შემოდებული ალბომი გავუწოდე, - დაათვალიერეთ ეს ფოტოები. იქნებ თქვენთვის მისაღები შეარჩიოთ. როგორ გითხრათ, ისეთ ადგილებში გამიმართავს საღამოები, რომ... საგამოფენო პავილიონებში, მატარებლის ვაგონებში, სასტუმროს ფოიეებში, აუზებზე, სახლის სახურავებზე... უბრალოდ, ახლა ზამთარია და დიდი შესაძლებლობა არ გვეძლევა. მინდა გითხრათ, რომ ბანალური და ტრადიციული გადაწყვეტილებები არ მხიბლავს. ჩემი მიზანია, არაორდინარული, ინოვაციური პროექტები განვახორციელო, თანაც - სრულად მისადაგებული კლიენტის სურვილებთან. ვიტრაბახებ და გეტყვით, რომ ეს იქნება უნიკალური პროექტი, რომელსაც ვერც ერთი სხვა კომპანია ვერ შემოგთავაზებთ.

მამაკაცი წამოდგა, ხელი ჩამომართვა და კარგა ხანს მიყურა გამომცდელი მზერით, მერე კი თქვა:

- ჩვენი მარკეტინგის სამსახურს გადავცემ თქვენს წინადადებებს, თუმცა, ვფიქრობ, წინააღმდეგობა არ შეგვხვდება. ჩათვალეთ, რომ დაკვეთა უკვე მიიღეთ, ამაზე მე ვიზრუნებ, ქალბატონო ელენე. ვიცი, რა და როგორ შეგიძლიათ.

- გმადლობთ. გარწმუნებთ, იმედგაცრუებული არ დარჩებით.

სტუმარი კარამდე მივაცილე და დავემშვიდობე.

ესეც ასე! საკმაოდ მსხვილი დაკვეთა მივიღე. მთავარია, კარგად განვახორციელო და ყველა კმაყოფილი დარჩეს. თუ ყველაფერი მეგადონეზე გამომივიდა, ჩემი პორტფოლიო კიდევ ერთი ულამაზესი პროექტით შეივსება. ეს კიდევ ახალი შეკვეთის პერსპექტივას გამიჩენს. მაგარია!

სხვა დროს ასეთ სიტუაციაში გახარებული გავვარდებოდი სამზარეულოში და შოკოლადის კექსის მომზადებას შევუდგებოდი, მერე მოვკალათდებოდი ჩემს სავარძელში, ჩავრთავდი წყნარ მუსიკას და კექსით ჩავიტკბარუნებდი პირს, რომ ახალი პროექტის დაკვეთა ასე აღმენიშნა, ახლა კი სულ სხვა გიჟურმა სურვილმა წამომიარა: რა მოხდება, ბიბის რომ დავურეკო და ჩემი სიხარული გავუზიარო? ან `უარესი~ - სადმე ბარში დავპატიჟო, რათა ჩემი ახალი შეკვეთა `დავასველოთ~?

ღმერთო ჩემო, რა მემართება? სად წავიდა ის ელენე, განმარტოებას რომ ეძებდა გამუდმებით? რატომ მომინდა მაინცდამაინც ახლა და მაინცდამაინც ბიბისთან გულის გადაშლა?

არა, რა თქმა უნდა, ამას არ გავაკეთებ. ბიბისთან წამოწყებული მთელი ისტორია მხოლოდ ჩემი დაქალების `დასაბოლებლად~ არის გამოგონილი და - მორჩა. სხვა რამეში ბიბი არ მჭირდება! მკაცრად შევუძახე თავს, მაგრამ ხელი მაინც ტელეფონისკენ გამირბოდა, იქვე რომ ეგდო, საჟურნალე მაგიდაზე. ერთი მცირე მოძრაობა და...

თითქოს ამას ელოდებოდაო, მოულოდნელად, ჩემი მობილური აწკრიალდა. ისე დავიბენი, ეგრევე ვეცი, არც დამიხედავს, ვინ მირეკავდა, ტელეფონი ყურთან მივიდე და ვუპასუხე.

- როგორ არის ჩემი პრინცესა?

თითები მაგრად მოვუჭირე მობილურს, ძლივს შევძელი მისი ხავერდოვანი ხმის გაგონებაზე მოგვრილი სიხარულის დაფარვა.

- არა მიშავს რა. ამწუთას სწორედ შენზე ვფიქრობდი, - ჩემდა უნებურად წამომცდა და ხელისგული შუბლზე მივირტყი, რას ვფიქრობ, ბიბის ამას რომ ვეუბნები-მეთქი?! - როგორ უნდა გაგრძელდეს მომავალში ჩვენი საერთო გეგმა, - სასწრაფოდ დავამატე.

- ასეც ვფიქრობდი, - მისმა დამცინავმა ინტონაციამ გამაწითლა. დავიჯერო, მართლა ასე ზუსტად ხვდება ჩემს აზრებს, თუ უბრალოდ, მე მაფიქრებინებს, რომ ხვდება?

- რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, - სხაპასხუპით მომაყარა, - ჩემი კომპანიის ხელმძღვანელს ხომ იცნობ? ელგუჯას. ჰოდა, საქმიან სადილს მართავს, სადაც ახალი სტრატეგიები უნდა განიხილოს ბიზნესმენებისთვის. რა თქმა უნდა, მე, როგორც ამერიკაში სტაჟირებაგავლილი სპეციალისტი, მიწვეული ვარ.

- მშვენიერია, - მის მაგივრად გამიხარდა. იქნებ ნელ-ნელა წაიწიოს წინ, სანამ მე დავეხმარები.

- მაგრამ მას სურს, რომ მეგობარ გოგონასთან ერთად მივიდე სადილზე. მოწვეული ჰყავს აგრეთვე პარტნიორები და პროდუქციის პოტენციური შემსყიდველები. ასე რომ, `ჩარლის გოგონები~ თავიანთი ქმრებით იქ იქნებიან.

- `ჩარლის გოგონები~?

- მგონი, კარგი მეტსახელი მოვუძებნე შენს დაქალებს. აბა, დააკვირდი, თუ ასე არ არის: ლილი ქერაა, კატო - შავგვრემანი, მეგი კიდევ - `რიჟა~... თუ ჟღალთმიანი, როგორც არის, რა.

ორივეს გაგვეცინა.

- იცი რა, ბიბი? თუ გცალია, საღამოს შევხვდეთ სადმე ბარში და ჩვენი წარმატებისა დავლიოთ. მეც მივიღე დღეს ერთი გრანდიოზული შეკვეთა.

- გილოცავ! შენი წინადადება კი ერთობ მაცდურად ჟღერს. სად და როდის?

- სადაც პირველად შევხვდით. რაღაც საქმე მაქვს დასამთავრებელი, ვფიქრობ, ერთ საათში მოვრჩები, მერე კი სმს-ს გამოგიგზავნი.

- შევთანხმდით. დაველოდები შენს მესიჯს... და რაც შეეხება სადილზე მიპატიჟებას? წამოხვალ ჩემთან ერთად?

- რა თქმა უნდა, - ყოყმანის გარეშე ვუპასუხე, - სხვა რა გზა მაქვს? გოგოებმა იქ მარტო რომ გნახონ, იფიქრებენ, ნაჩხუბრები ვართ.

- და მართალიც იქნებიან, - გაიცინა ბიბიმ, - კარგი, მოვილაპარაკეთ. იმედია, ბარში მალე შევხვდებით. იცოდე, მოუთმენლად ველი შენს სმს-ს.

ტელეფონი გავთიშე და ჩემი საქმეების საქაღალდეს ნაღვლიანად დავხედე. ეჰ, აჯობებს, რაც შეიძლება სწრაფად დავამთავრო შევსება, თორემ დამერხევა. რაც მალე დავამთავრებ, მით უფრო მალე ვნახავ ბიბის. ოღონდ თავი ხელში უნდა ავიყვანო, რომ საბოლოოდ არ დავკარგო კონტროლი სიტუაციაზე, თორემ დავიღუპები.

მაგრამ სიტუაცია მალევე შეიცვალა. მასთან შესახვედრად გავედი თუ არა, დამირეკა და მითხრა, სამსახურიდან ჯერ ვერ გამოვდივარ, ელგუჯა არ მიშვებს და ერთი საათი მაინც მოგიწევს ლოდინიო. დავღონდი, მოვლენების ასეთ შეტრიალებას არ მოველოდი. მან კი უცებ იპოვა გამოსავალი: ჩემს ბინაში ადი და იქ დამელოდე, რაღა ბარში უნდა იყურყუტო, სანამ მოვალო. ცოტა არ იყოს, მეუხერხულა, მაგრამ მაინც დავთანხმდი. გასაღები დაბლა, დაცვასთან მაქვს დატოვებულიო. გამიკვირდა, კორპუსს რა დაცვა სჭირდება-მეთქი, მაგრამ თურმე ასეთი კორპუსებიც ყოფილა თბილისში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ კორპუსში რომელიმე მინისტრი ან პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ფიგურა ცხოვრობს.

ჩემს ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როცა ვიღაცის ცარიელ ბინაში შევდიოდი პატრონის გარეშე. მაგრამ ეს ბიბის გადაწყვეტილება იყო და არა ჩემი, ამიტომ სანერვიულოც არაფერი მქონდა.

ბინაში შესულს გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა. უზარმაზარი `აპარტამენტი~ ჰქონია, ჩემსავით სორო კი არა. თან, ისეთი გემოვნებით იყო მოწყობილი, ქალსაც კი შეშურდებოდა. ერთადერთი, რაც არ მომეწონა, ჭერიდან დაშვებული ფარდები იყო, როგორიც წინათ უყვარდათ თბილისში, ლამის იატაკს რომ ეხება. ჭერში შიდა სანათები იყო ჩამონტაჟებული, კედლებზე კიდევ - ლამაზი ბრები. განსაკუთრებით შანდლები მომეწონა, ცხოველებისთავიანი განშტოებებით. კამოდზე ფერადი მინისგან ჩამოსხმული მინიატიურული ბოთლები ელაგა, ოღონდ - ცარიელი. ასეთები ადრე არავისთან მინახავს. მისაღების გარდა ბინაში კიდევ რამდენიმე ოთახი იყო, მაგრამ იქ შეხედვა ბიბის გარეშე ვერ გავბედე.

სასტუმრო ოთახი ავეჯით არ იყო გადატენილი. მოდერნისტულ სტილში ჰქონდა მოწყობილი. მხოლოდ რბილი სამეული, ჭურჭლისმინებიანი თანამედროვე კარადა, შუშის მაგიდა და, რაც მთავარია, ბუხარი. თუმცა, ბუხარი უფრო დეკორაცია იყო ალბათ, ვიდრე მოქმედი. აბა, სად გინახავთ, მაღალსართულიან კორპუსში ვინმეს ბუხარი ჰქონოდეს გაკეთებული? მაგრამ ლამაზი იყო და ოთახს მდიდრულ ელფერს სძენდა.

არა, არა, მე და ბიბი სხვადასხვა სამყაროს მივეკუთვნებით. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. ადრევე ვიცოდი, რომ მდიდარი მშობლების შვილი იყო, მაგრამ მთლად ცალკე თუ ცხოვრობდა და თანაც ასეთ ბრწყინვალე ბინაში, ვერც წარმომედგინა.

თურმე ტყუილად ვიტყუებდი თავს. მისთვის დამახასიათებელმა ნაზმა მზერამ და ინტიმურმა ღიმილმა შეცდომაში შემიყვანა. ფაქტია, ბიბი მომნუსხველი, მხიარული ექსტრავერტია, რომელიც ადვილად ახერხებს ქალების გულის მონადირებას. მე კი ინტროვერტი ვარ, რომელიც ყოველდღიურად ახდენს თავდაჯერებული, საქმიანი ქალის იმიტირებას, ასე რომ სჭირდება სამსახურში.

ფაქტია, ბიბი სიცოცხლით სავსე ადამიანია, რომელსაც ურთიერთობები ხიბლავს. მე კი ნიღბით დავდივარ, რომელსაც მხოლოდ მაშინ ვიხსნი, როცა შინ ვბრუნდები.

ფაქტია, ბიბი და მე სრულიად სხვადასხვა სამყაროს განვეკუთვნებით. ის მხოლოდ იმიტომ მეფლირტავება, რომ საკუთარი მიზნებისთვის მსხვერპლი გაიღოს და არა იმიტომ, რომ გრძნობები გაუჩნდა ჩემდამი, მე კი მასზე უგონოდ ვარ შეყვარებული.

ნუთუ ისეთი სულელი ვარ, რომ ბავშვობის შეცდომას კიდევ გავიმეორებ? მე ხომ მხოლოდ პლატონურ სიყვარულისმაგვარს მოვითხოვდი მისგან? როგორც ჩანს, თვითონ წამოვეგე სხვისთვის დაგებულ ანკესზე.

და აი, ახლა ვდგავარ იმ ადამიანის სახლში, ვინც ჩემი გული ხელმეორედ ააფორიაქა. რაღა მაქვს დასამალი? ხომ ვოცნებობდი, ბიბის მართლა შევყვარებოდი და მასთან რეალურადაც გამება რომანი? მისმა კოცნამ ყველაფერი შეცვალა. მან თამამად გადალახა ის კედელი-ზღვარი, რომლის აღმართვასაც ასე საგულდაგულოდ ვცდილობდი. არადა, ჩემს ფანტაზიებში სწორედ ასეთი გიჟური ვნებით სავსე წარმომედგინა ჩვენი პირველი კოცნა...

კიდევ ერთხელ მიმოვიხედე ირგვლივ და თავი სინანულით გადავაქნიე. აჯობებს, დროზე წავიდე აქედან, სანამ ბიბი დაბრუნებულა და ისევ არ გადავქცეულვარ მისი მომხიბვლელობის ტყვედ. იმდენ ხალხში არ მოერიდა, ჩემთვის ეკოცნა და, ცარიელ ბინაში, მარტო რომ დამიგულებს, რა შეაჩერებს? სასწრაფოდ ამოვხიე ბლოკნოტიდან ფურცელი, ორიოდე სიტყვა წავაწერე და შუშის მაგიდაზე დავდე, გამოსაჩენ ადგილას.

გაგრძელება შემდეგ ნომერში