ჯეინ ეარი (თა­ვი მეც­ხრე) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თა­ვი მეც­ხრე)

ნახევრად შიმშილობამ და საშინელმა სიცივემ წინასწარი პირობები შექმნა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას გადამდები სნეულება სწრაფად მოსდებოდა. ავადმყოფობამ ოთხმოცი ბავშვიდან ერთდროულად ორმოცდახუთი ჩააწვინა. მეცადინეობა შეწყდა. სასწავლებელში გამეფებულ წესრიგს აღარავინ იცავდა, ხოლო ის აღსაზრდელები, რომლებიც ჯერ კიდევ კარგად იყვნენ, დიდი თავისუფლებით სარგებლობდნენ. ექიმი დაჟინებით მოითხოვდა, რომ კარგად მყოფ ბავშვებს ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მეტი დრო სუფთა ჰაერზე გაეტარებინათ. ასეც რომ არ ყოფილიყო, არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის თვალი ედევნებინა ან ოთახებში გამოვეკეტეთ. მის ტემპლს მთელი ყურადღება გადატანილი ჰქონდა ავადმყოფ ბავშვებზე. მთელ დღეებს მათთან ატარებდა და ლაზარეთიდან, რამდენიმე საათით მოსასვენებლად, მხოლოდ ღამით გამოდიოდა. მასწავლებლები საქმეს ვერ აუდიოდნენ. ისინი ბარგს ულაგებდნენ და გასამგზავრებლად ამზადებდნენ ბავშვებს, რომელთაც, საბედნიეროდ, გამოუჩნდნენ ნათესავები და მეგობრები და იკისრეს, მოეცილებინათ ისინი ამ გადამდები სენით მოწამლული ადგილისთვის. მრავალ მათგანს უკვე შეყროდა სენი და შინ მხოლოდ იმიტომღა გაემგზავრა, რომ იქ დაელია სული. ზოგმა წასვლაც ვეღარ მოასწრო - ლოვუდშივე გარდაიცვალა. ისინი იქვე დამარხეს სწრაფად და ყველასგან შეუმჩნევლად. გადამდები სნეულების ბუნება ვერავითარ დაყოვნებას ვერ ითმენს. ამიტომაც ლოვუდში სენმა ძლიერ მოიკიდა ფეხი და სიკვდილიც მისი ხშირი სტუმარი გახდა.

ლოვუდში მხოლოდ შიშმა და სევდამ დაისადგურა. ოთახები და დერეფნები საავადმყოფოს სუნით გაიჟღინთა. წამლებითა და სამკურნალო სურნელოვანი აბების ახრჩოლებით ამაოდ ცდილობდნენ სიკვდილიანობა დაეძლიათ. ამ დროს ლოვუდის კედლებს იქით, ციცაბო გორაკებსა და ტყით დაფარულ, თვალწარმტაც ადგილებში უღრუბლო მაისი ბრწყინავდა. სასწავლებლის ბაღი ათასფრად გადაშლილ ყვავილებში ჩაფლულიყო. ყვაოდა გათამამებული და ხის ტოტებივით რტოებგაშლილი წითელი ბალბა, შროშანი, ვარდი და ტიტა. წითლად და ვარდისფრად აყვავებული ზიზილები არშიასავით შემორტყმოდა პატარ-პატარა კვლებად დაყოფილ ადგილს. დილა-საღამოობით ასკილის ყვავილები ჰაერში აფრქვევდნენ ახალგაშლილი ვაშლის ყვავილების მსგავს სურნელებას. ლოვუდის აღსაზრდელთა უმრავლესობა უკვე ვეღარ ტკბებოდა ამ საამო სურნელებით. ამ ყვავილებითა და მწვანე ბალახით ახლა მხოლოდ გარდაცვლილთა კუბოებს ამკობდნენ.

ბუნების ასეთ თვალწარმტაც სიმშვენიერეს სრულყოფილად მხოლოდ მე და ის ბავშვები შევიგრძნობდით, რომელნიც ავადმყოფობას გადავურჩით. ნება დაგვრთეს და ჩვენც დილიდან საღამომდე ტყეში დავეხეტებოდით. რაც გვსურდა, იმას ვაკეთებდით, სადაც გვინდოდა, იქ მივდიოდით და უკეთესადაც ვცხოვრობდით. მთელი ამ ხნის განმავლობაში მისტერ ბროკლეჰერსტი და მისი ოჯახის წევრები ლოვუდს ახლოსაც არ გაჰკარებიან. არც მის საშემოსავლო და საყოფაცხოვრებო საკითხებში ერეოდნენ. გადამდები სნეულების შიშმა ანჩხლი და გულბოროტი ეკონომიც გააქცია; მის ადგილზე ახალდანიშნულ, ლოუტონის ლაზარეთიდან გადმოსულ მნე ქალს მისთვის არ მიუბაძავს. ის მეტი თავისუფლებით სარგებლობდა და უფრო გულუხვადაც გვიმასპინძლდებოდა. ისიც უნდა ითქვას, რომ ბავშვები, რომელთაც ჭამის მადა შეგვრჩა, ძალიან ცოტანიღა დავრჩით. ავადმყოფებს ხომ სულ მცირე ულუფაც ჰყოფნიდათ. აი, ალბათ, ეს იყო მიზეზი, რომ საუზმისთვის განკუთვნილ ჯამებს ახლა პირამდე გვივსებდნენ. მახსოვს, ხშირად დრო არ რჩებოდათ, რომ ჩვენთვის საუზმე მოემზადებინათ. ასეთ შემთხვევაში მოზრდილ ნაჭრებად დაჭრილ ღვეზელს ან პურსა და ყველს გვირიგებდნენ. ჩვენ თან მიგვქონდა, ტყეში. იქ თითოეული ჩვენგანი თავისი ამორჩეული ადგილისკენ მიეშურებოდა და საუზმობდა. მეც მქონდა ჩემი საყვარელი ადგილი. ეს გახლდათ მდინარის შუაგულში ბრტყელზედაპირიანი, თეთრი და მშრალი ლოდი. ქვასთან მისასვლელად ფეხზე ვიხდიდი და ფეხშიშველი წყალში შევტოპავდი ხოლმე. ქვის ზედაპირი იმდენად ფართო იყო, რომ მე და ჩემს ახალ მეგობარს, ვინმე მერი ენ უილსონს თავისუფლად გვყოფნიდა. მიხაროდა საკმაოდ ჭკვიანი და დაკვირვებული გოგონას, მერი ენ უილსონის მეგობრობა. მეტად მიზიდავდა მისი გონებამახვილობა და თავისებურება. თანაც თავი ისე თავმდაბლად ეჭირა, რომ მის სიახლოვეს დიდ თავისუფლებას ვგრძნობდი. ის ჩემზე რამდენიმე წლით უფროსი იყო და ცხოვრებასაც, რასაკვირველია, ჩემზე უკეთ იცნობდა. ხშირად ისეთ ამბებს მიყვებოდა, რომელთა მოსმენა ძალიან მიყვარდა და მთლიანადაც აკმაყოფილებდა ჩემს ცნობისმოყვარეობას. რაც შეეხება ჩემს ნაკლს, ის ამისთვის არასოდეს მკიცხავდა. როცა რამეს ვუყვებოდი, არასოდეს მაწყვეტინებდა. მას კარგი თხრობა ეხერხებოდა, მე კი - ანალიზი; მას რჩევა-დარიგების მოცემა უყვარდა, მე კი - შეკითხვების. ჩვენ ჩინებულად შევეწყვეთ ერთმანეთს. თუ ამ მეგობრულმა ურთიერთობამ ვერავითარი სიკეთე მოგვიტანა, სიამოვნება მაინც გვაგრძნობინა.

სად იყო ამ დროს ელენ ბერნსი? რატომ მასთან არ ვატარებდი თავისუფლების ამ სანატრელ დღეებს? ნუთუ გადამავიწყდა? თუ იმდენად უმადური ვიყავი, რომ მომბეზრდა მისი წმინდა მეგობრობა?

მერი ენ უილსონი ვერაფრით შეედრებოდა ჩემს პირველ მეგობარს. მას მხოლოდ თავშესაქცევი ამბებისა და ახალ-ახალი ჭორების თხრობა ეხერხებოდა. ელენ ბერნსი კი სხვა თვისებებით იყო დაჯილდოებული. მისი საუბარი, თუკი ვინმეს ბედნიერება ხვდებოდა წილად, მისთვის მოესმინა, მსმენელში მაღალი იდეალებისადმი სწრაფვას ავითარებდა.

ეს სრული ჭეშმარიტებაა, მკითხველო. ვიცოდი და ვგრძნობდი ამას. მიუხედავად იმისა, რომ სრულქმნილი არსება არ ვიყავი და უამრავი ნაკლიც მქონდა, მაინც არასოდეს მბეზრდებოდა ელენ ბერნსის მეგობრობა. ან კი რა გააქრობდა ჩემში მისდამი გაღვივებულ ასეთ სათუთ სიყვარულსა და თაყვანისცემას? განა ოდესმე დაუფლებია ჩემს გულს მას შემდეგ ასეთი გრძნობა? სხვანაირად არც შეიძლებოდა. ელენ ბერნსი ხომ ყოველთვის და ყველგან ნამდვილსა და გულწრფელ მეგობრობას მიწევდა. ამ მეგობრობას, აბა, რას დააკლებდა ან ცუდი განწყობილება, ან გულარძნილობა. მაგრამ ელენ ბერნსი ახლა ავად იყო; უკვე რამდენიმე კვირა გავიდა და თვალიც არ მომეკრა. არც ის ვიცოდი, ზედა სართულზე რომელ ოთახში იწვა. როგორც მახსოვს, ის ტიფით დაავადებულ ბავშვებთან აღარ დაეწვინათ ლაზარეთში, რადგან ჭლექით იყო ავად. ჩემი უცოდინარობის წყალობით, ეს ავადმყოფობა სრულიად იოლი მეგონა, რომელსაც დრო და მზრუნველობა განკურნავდა.

ეს აზრი იმ გარემოებამ უფრო განმიმტკიცა, რომ მის ტემპლმა ერთხელ თუ ორჯერ, თბილ, მზიან ამინდში დაბლა ჩამოიყვანა და ბაღში გაასეირნა. მე მაშინაც არ დამრთეს ნება, ახლოს მივსულიყავი და დავლაპარაკებოდი. საკლასო ოთახის ფანჯრიდან შევცქეროდი და გარკვევით ვერც ვხედავდი, რადგანაც შეფუთნილი იყო და აივნის ქვეშ, ჩემგან საკმაოდ მოშორებით იჯდა.

ერთ საღამოს, ივნისის დამდეგს, მე და მერი ენ უილსონი მარტონი დიდხანს, გვიანობამდე დავრჩით ტყეში. ჩვეულებისამებრ, სხვებისაგან განცალკევებულნი, ისე შორს წავედით, რომ გზა აგვებნა და იძულებულნი გავხდით, გზის გასაგნებად განმარტოებით მდგარ პატარა ქოხში შევსულიყავით. ამ ქოხში ვიღაც კაცი და ქალი დაგვხვდნენ. ისინი გარეული ღორების ჯოგს მწყემსავდნენ და რკოთი და წიწიბოთი ასუქებდნენ. მთვარე კარგა ხნის ამოსული იყო, უკან რომ დავბრუნდით. ბაღის კართან ექიმის ცხენი დავინახეთ. მერი მაშინვე მიხვდა, რომ რომელიღაც ბავშვი ძალიან ცუდად უნდა ყოფილიყო, რადგან მისტერ ბეიტსი ასე გვიან მოეყვანათ. ჩემი ამხანაგი შიგნით შევიდა, მე კი რამდენიმე წუთს გარეთ, ბაღში დავრჩი. მინდოდა, რამდენიმე მცენარის ფესვი, რომელიც ტყეში ამოვთხარე და ვშიშობდი, დილამდე არ დამჭკნობოდა, ჩემს კვალში ჩამემატებინა. საქმე დავამთავრე და ცოტა ხანს კიდევ შევიცადე. ცის ნამი მოხვდა თუ არა ყვავილებს, ირგვლივ საამური სურნელება დადგა. საღამო საამო, მშვიდი და თბილი იყო. ჩამავალი მზის სხივებით გაბრწყინებული დასავლეთი კარგ ამინდს გვიწინასწარმეტყველებდა. ბინდით მოცული აღმოსავლეთიდან მთვარე მედიდურად ამოდიოდა. ამ სანახაობამ მეტად გამიტაცა და ისეთი სიამოვნებით ამავსო, როგორიც ბავშვის გულს შეუძლია განიცადოს. უცებ გონებაში გამიელვა აზრმა, რაზეც წინათ არასოდეს მიფიქრია:

"რა საშინელება უნდა იყოს ლოგინში წოლა და სიკვდილის მოლოდინი, როცა ქვეყანა ასე თვალწარმტაცია! - ოჰ, რა ძნელია მასთან განშორება და წასვლა სადღაც... და მერე, ვინ იცის, სად?"

და მაშინ ჩემი გონება პირველად შეეცადა ღრმად ჩასწვდომოდა ზეცისა და ჯოჯოხეთის საიდუმლოებას. ჩემს სიცოცხლეში პირველად მომიცვა შიშმა და ჩიხში მოვექეცი. მიმოვიხედე და ოთხივ კუთხით მხოლოდ პირდაღებული უფსკრული დავინახე. მხოლოდ იმ ერთ წერტილსღა შევიგრძნობდი ფეხქვეშ ურყევად, რომელზეც ვიდექი, დანარჩენი კი რაღაც უფორმო ღრუბლებად და ცარიელ სიღრმედ წარმომიდგა. შიშით ვთრთოდი იმის გაფიქრებაზე, რომ, აი, თუ ოდნავ გავინძრეოდი, დედამიწას მოვწყდებოდი და ამ ქაოსში ჩავინთქმებოდი. ამ ფიქრებით გართულს, სადარბაზო კარის გაღების ხმა შემომესმა. მისტერ ბეიტსი მომვლელი ქალის თანხლებით გამოვიდა, ცხენზე შეჯდა და გზას გაუდგა. ის იყო მომვლელი ქალი კარის დახურვას აპირებდა, რომ მასთან მივირბინე:

- როგორ არის ელენ ბერნსი?

- ძალიან ცუდად, - მიპასუხა მან.

- მის სანახავად გამოიძახეს მისტერ ბეიტსი?

- დიახ.

- რა თქვა ექიმმა?

- მან თქვა, რომ გოგონას ჩვენთან დიდხანს ყოფნა აღარ უწერია.

ეს სიტყვები რომ გუშინ მომესმინა, ალბათ, მხოლოდ იმას ვიფიქრებდი, რომ მას თავის საკუთარ სახლში, ნორთუმბერლენდში უპირებდნენ გაგზავნას. აზრადაც არ მომივიდოდა, რომ ამ სიტყვებით მომვლელი ქალი მის სიკვდილს გულისხმობდა. ახლა კი ყველაფერს მაშინვე მივხვდი. ნათელი გახდა, რომ ელენ ბერნსის დღეები დათვლილი იყო. ის სულთა სამეფოში მიემგზავრებოდა, თუკი ასეთი სამეფო მართლაც არსებობდა. შიშმა შემიპყრო. ეს შიში ღრმა მწუხარებამ შეცვალა. ბოლოს, ერთი ძლიერი სურვილი დამებადა: როგორმე უნდა მენახა იგი. მომვლელ ქალს ვკითხე, თუ რომელ ოთახში იწვა.

- მის ტემპლის ოთახში, - მიპასუხა.

- შეიძლება ავიდე და ვესაუბრო?

- ოჰ, არა, ჩემო კარგო! ეს შეუძლებელია. ახლა კი დროა, შენ თვითონ შიგნით შემოხვიდე. თუ კიდევ გარეთ დარჩები, შენც გაცივდები და ავად გახდები. ხომ ხედავ, ნამით დაიფარა ირგვლივ ყველაფერი.

მომვლელმა ქალმა სადარბაზო შესასვლელის კარი დახურა; მე კი განის კარიდან შევედი შენობაში და საკლასო ოთახისკენ გავემართე. სწორედ დროზე მივედი. სრული ცხრა საათი იყო და მის მილერი განკარგულებას იძლეოდა, აღსაზრდელები დასაძინებლად წასულიყვნენ.

ძილი არ მეკარებოდა. ასე, ორი საათის შემდეგ, დაახლოებით თერთმეტ საათზე, ფრთხილად წამოვდექი. ყველა ჩემს მეგობარს უკვე ღრმად ეძინა; ოთახში ჩამიჩუმი არ ისმოდა. საღამურ პერანგზე კაბა გადავიცვი, ფეხშიშველა კართან მივიპარე და შენობის იმ ნაწილისკენ გავეშურე, სადაც მის ტემპლის ოთახი მეგულებოდა. მისი ოთახი შენობის მეორე, სულ ბოლო ნაწილში იყო, მაგრამ გზა კარგად ვიცოდი. ზაფხულის უღრუბლო ცაზე მოქათქათე მთვარის შუქი სარკმლებიდან დერეფანში აქა-იქ იჭრებოდა და გზის გაკვლევას მიადვილებდა. ქაფურისა და ხის ქერქისგან გამოხდილი ძმრის სუნით მივხვდი, რომ ტიფით დაავადებული ბავშვების ოთახს ვუახლოვდებოდი. ამ კარს სწრაფად გავცდი იმის შიშით, რომ მომვლელ ქალს, რომელიც მთელ ღამეებს უთევდა ავადმყოფებს, შეიძლება შევემჩნიე და უკანვე დავებრუნებინე. მე კი აუცილებლად უნდა მენახა ელენ ბერნსი. სიკვდილის წინ გულში უნდა ჩამეკრა, უკანასკნელად მეკოცნა, ერთხელ კიდევ მომესმინა მისი სიტყვები და მეც მეთქვა უკანასკნელად რამე.

კიბეზე ჩავედი, მთელი ქვედა სართულის დერეფანი გავიარე; ორივე კარი უხმაუროდ გავაღე და დავხურე; ბოლოს, მეორე კიბეს მივაღწიე; ამ კიბეს ავყევი და მის ტემპლის ოთახის წინ აღმოვჩნდი. კარის ქვემო ჭრილიდან და გასაღების ჭუჭრუტანიდან სინათლის შუქი გამოდიოდა. იქაურობა ღრმა მდუმარებას მოეცვა. უფრო ახლოს მივედი, დავინახე, რომ კარი ოდნავ ღია იყო. ალბათ, იმიტომ, რომ სუფთა ჰაერი შეეშვათ იქ, სადაც ავადმყოფობას ამდენ ხანს დაედო ბინა. დიდხანს აღარ დამიყოვნებია; მოუთმენლობა თანდათან მატულობდა; მღელვარებისგან გული მელეოდა; მთლად აცახცახებულმა, კარი შევაღე. თვალებით ელენს ვეძებდი. ვშიშობდი, მის ნაცვლად სიკვდილის აჩრდილი არ შემფეთებოდა. მის ტემპლის საწოლთან სულ ახლოს პატარა საწოლი იდგა, რომელსაც თეთრი ფარდა ნახევრად ფარავდა. ფარდა ისე იყო ჩამოფარებული, რომ ზეწრის ქვეშ გარკვევით დავინახე ელენის სხეული, მაგრამ სახე კი არ უჩანდა. მომვლელ ქალს, რომელსაც რამდენიმე ხნის წინ ბაღში ველაპარაკე, რბილ სავარძელში ჩასძინებოდა. მაგიდაზე მკრთალად ანათებდა ნახევრად ჩამწვარი სანთელი. მის ტემპლი არსად ჩანდა. როგორც შემდეგ შევიტყვე, ის ქვედა სართულზე, ტიფით დაავადებულთა ოთახში გამოეძახათ, სადაც ერთ-ერთ ბავშვს თურმე სიცხისგან აბოდებდა. როგორც იქნა, გავბედე და შიგნით შევედი; საწოლთან შევჩერდი. ხელით უკვე შევეხე ფარდას, მაგრამ, ვიდრე გადავწევდი, ვამჯობინე, გამოვლაპარაკებოდი. კვლავ შიშმა ამიტანა, ელენის ნაცვლად მის ცხედარს არ შევხებოდი.

- ელენ, - წავიჩურჩულე, - გღვიძავს?

ის შეტოკდა. ფარდა გადასწია და დავინახე მისი ფერმკრთალი, განაწამები, მაგრამ სრულიად დამშვიდებული სახე. მასში იმდენად მცირე ცვლილებები შევნიშნე, რომ შიში მაშინვე გაიფანტა. - ნუთუ ეს შენა ხარ, ჯეინ? - მკითხა მან თავისი ნაზი ხმით.

"ოჰ! - გავიფიქრე მე, - მას სასიკვდილო არაფერი სჭირს; ისინი ცდებიან. ეს რომ ასე იყოს, არც ასეთი დაწყნარებული სახე ექნებოდა და არც ასე მშვიდი საუბარი შეეძლებოდა~.

საწოლზე ავედი და ვაკოცე. ვიგრძენი, რომ შუბლი ცივი ჰქონდა, სახე - მეტად გამხდარი და გაყინული; ხელებიც მთლად გასცივებოდა, მაგრამ ის მაინც ძველებურად იღიმებოდა.

- როგორ მოხვედი აქამდე, ჯეინ? უკვე მეთორმეტე საათია. სულ რამდენიმე წუთია, რაც საათის რეკვა გავიგონე.

- შენს სანახავად მოვედი, ელენ. გავიგე, რომ ძალიან ავად ხარ, ძილი არ მომეკარა; მინდოდა, მენახე და დაგლაპარაკებოდი.

- შენ გამოსამშვიდობებლად მოსულხარ, ჩემო კარგო, სწორედ დროზე მომისწარი.

- საით მიემგზავრები? შინ ხომ არ აპირებ წასვლას?

- დიახ. გრძელ გზას დავდგომივარ. ჩემს სამუდამო სამყოფელში მივდივარ.

- ოჰ, არა, არა, ელენ! - ვუთხარი და ხმა ჩამიწყდა. საშინლად ვიტანჯებოდი. ვცდილობდი ცრემლები შემეკავებინა. მას კი ამ დროს საშინელი ხველა აუტყდა, მაგრამ მომვლელ ქალს ამ ხმაურზე არ გაჰღვიძებია. ხველამ გადაუარა თუ არა, ქანცმილეული და მეტად განაწამები, ისევ წამოწვა და წაიჩურჩულა:

- ჯეინ, შენ ფეხშიშველა ხარ და ეგ პაწაწინა ფეხები გაგიცივდება; ჩაწექი ჩემთან და საბანი გადაიფარე.

ასეც მოვიქეცი. მან ხელი მომხვია, რაც შეეძლო, მეც ახლოს მივიწიე და გულში ჩავეკარი. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ მან ისევ ჩურჩულით განაგრძო:

- მე უსაზღვროდ ბედნიერი ვარ ახლა, ჯეინ. როდესაც ჩემს სიკვდილს შეიტყობ, ნუ აღელდები და ნურც იჯავრებ, სამწუხარო არაფერია. ჩვენ, ყველანი, სიკვდილის შვილები ვართ. ერთ მშვენიერ დღეს ყველანი დავიხოცებით. ავადმყოფობა კი, რომელიც მე შემხვდა, არც ისეთი მტკივნეულია; ის თანდათანობით და მეტად ფრთხილად მიმაცილებს საფლავამდე. დამშვიდებული ვარ, რადგან არავის ვტოვებ ამქვეყნად ისეთს, რომელსაც დიდად დაამწუხრებს ჩემი სიკვდილი. მხოლოდ მამა მყავს, მან კი დიდი ხანი არაა, რაც ცოლი შეირთო და დიდად არ მომისაკლისებს; ახალგაზრდა ვკვდები და მრავალ ამქვეყნიურ ტანჯვა-წამებას ავიცილებ თავიდან. ჩემი ხვედრი ყოველთვის დუხჭირი ცხოვრება იქნებოდა, რადგანაც მე არც ისეთი თვისებები გამაჩნია და არც ისეთი ნიჭი, რომ გზა ჩემით გამეკაფა ცხოვრებაში.

- იცი ან ხედავ, საით მიემგზავრები, ელენ?

- დარწმუნებული ვარ ყველაფერში. მჯერა, რომ ღმერთთან მივდივარ.

- მერედა, სად არის ღმერთი? ან რა არის ღმერთი?

- ის, ვინც მე და შენ ამქვეყნად გაგვაჩინა, და რომელიც არაფერს სპობს, რაც შეუქმნია. მჯერა მისი ძლიერების და მთლიანად ვენდობი მის კეთილ საქმეს. უკვე საათებს ვითვლი იმ დიადი წუთების დადგომამდე, როდესაც კვლავ დავბრუნდები და ვიხილავ ქვეყნიერების დამაარსებელს.

- მაშ, შენ დარწმუნებული ხარ, რომ მართლა არსებობს ზეციური ცხოვრება და ჩვენი სულებიც იქ მოხვდებიან სიკვდილის შემდეგ?

- დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს ასეთი სამეფო; ისიც მჯერა, რომ ღმერთი მოწყალეა. ყოველგვარი შიშის გარეშე, უდრტვინველად ვთავაზობ მას ჩემი სხეულის უკვდავ ნაწილს. ის ხომ ჩვენი მამაა, ჩვენი მეგობარი. მე მიყვარს ის და მწამს, მასაც ვუყვარვარ.

- სიკვდილის შემდეგ კვლავ გიხილავ, ელენ?

- დიახ, შენც იმავე ბედნიერ სამეფოში მოხვდები, იგივე ყოვლისშემძლე და ყოვლისმხილველი მამა მიგიღებს. ამაში ეჭვიც არ შეგეპაროს, ჩემო კარგო ჯეინ.

ახლა უსიტყვოდ განვაგრძობდი გამოკითხვას. კვლავ ვეკითხებოდი გონებაში, ჩემთვის. მაინტერესებდა, სად იყო ეს სამეფო, არსებობდა თუ არა ის. უფრო მაგრად შემოვხვიე ხელები ელენს. უფრო ძვირფასი გახდა ის ჩემთვის, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ვიგრძენი, ძალა არ შემწევდა, განვშორებოდი მას, გამეშვა სადმე. მის გვერდით ვიწექი და სახე ჩამალული მქონდა მის მხართან. უცებ მან უტკბესი ხმით წამჩურჩულა:

- რა კარგად ვგრძნობ თავს. ამ უკანასკნელმა შეტევამ ცოტათი დამქანცა. ახლა თავს ისე ვგრძნობ, თითქოს დავიძინებ კიდეც. ნუ მიმატოვებ, ჯეინ, მინდა, რომ ჩემ გვერდით იყო.

- შენთან დავრჩები, ძვირფასო ელენ. ამიერიდან ვერავინ განმაშორებს შენს თავს.

- ჩათბი, ჩემო კარგო?

- დიახ.

- ღამე მშვიდობისა, ჯეინ.

- ღამე მშვიდობისა, ელენ.

ჩვენ ერთმანეთი გადავკოცნეთ და მალე ჩაგვეძინა.

როდესაც გამეღვიძა, უკვე გათენებულიყო. რაღაც უჩვეულო მოძრაობამ გამომაფხიზლა. თვალი გავახილე. ვიღაცის მკლავებში მეძინა. მომვლელ ქალს ვეჭირე ხელში. ის დერეფანში მიდიოდა და უკან მივყავდი საერთო საძინებელი ოთახებისკენ. საყვედური არ მიმიღია, ჩემი საწოლი რომ მივატოვე და ელენთან გავიპარე. გარშემო მყოფთ სხვა დარდი გასჩენოდათ. აღარავის შეეძლო ჩემს მომაბეზრებელ კითხვებზე პასუხი გაეცა. ერთი თუ ორი დღის შემდეგ შევიტყვე, რომ, როცა მის ტემპლი გათენებისას თავის ოთახში დაბრუნებულიყო, ელენის საწოლში ვენახე. სახე თურმე მის მხრებში მქონდა ჩამალული, ხელები - კისერზე შემოხვეული. ასე ჩამძინებოდა, ხოლო ელენს კი ღმერთისთვის მიებარებინა სული.

მისი საფლავი ბროკლბრიჯის ეკლესიის ეზოშია. მისი სიკვდილის შემდეგ, დაახლოებით თხუთმეტი წლის განმავლობაში, ეს საფლავი მხოლოდ მწვანე მოლით დაფარულ ბექობს წარმოადგენდა. ახლა კი იქ რუხი მარმარილოს ქვაზე ამოკვეთილია მისი გვარი, სახელი და ლათინური სიტყვა - ღესურგამ.

თავი მეათე

აქამდე დაწვრილებით აღვწერე ჩემი ცხოვრების ყველა უმნიშვნელო ამბავი. ჩემი არსებობის პირველ ათ წელს მივუძღვენი წიგნის ამდენივე თავი. მაგრამ სრულებით არ ვცდილვარ ავტობიოგრაფიული ცნობები მიმეწოდებინა მკითხველისთვის. მხოლოდ ისეთ მოგონებებს შევეხე, რომლებიც საერთოდ რაიმე ინტერესს იწვევდა. ახლა დუმილით მსურს ავუარო გვერდი თითქმის რვა წლის განმავლობაში განცდილსა და მომხდარ ამბებს. მაგრამ ჩემი სათავგადასავლო ამბების ერთმანეთთან დასაკავშირებლად კიდევ რამდენიმე სტრიქონია საჭირო.

როდესაც სნეულებამ თავისი გაიტანა და ლოვუდი მთლად დაცარიელდა, ეპიდემია თანდათანობით გაქრა. მაგრამ ამ ავადმყოფობით გამოწვეულმა უბედურებამ და აურაცხელმა მსხვერპლმა საზოგადოების ყურადღება მიიქცია. ავადმყოფობის წარმოშობის მიზეზები ძირფესვიანად გამოიკვლიეს და დადგენილმა ფაქტებმა საერთო გულისწყრომა გამოიწვია. ჯანმრთელობისთვის სრულიად უვარგისი ადგილმდებარეობა, საკვების მეტისმეტი სიმცირე და უხარისხობა, მლაშე და აშმორებული წყალი, ყოვლად უვარგისი ტანსაცმელი და ცხოვრების სხვა მძიმე პირობები - აი, თურმე, რა იყო ავადმყოფობის მიზეზი. რასაკვირველია, ყოველივე ამან სასიხარულო ამბები ვერ მოუტანა მისტერ ბროკლეჰერსტს, მაგრამ სასწავლებლისთვის მეტად სასარგებლო მოვლენად იქცა.

საგრაფოს მდიდარმა და ქველმოქმედმა პირებმა დიდი თანხა გაიღეს, რათა ჯანმრთელობისთვის უკეთეს ადგილას აეგოთ უფრო კეთილმოწყობილი შენობა. სხვა მრავალი ცვლილებაც მოხდა. სრულიად ახალი წესები შემოიღეს და, ამასთანავე, როგორც კვება, ისე ჩაცმულობაც გაგვიუმჯობესეს. სასწავლებლისათვის განკუთვნილი თანხა კომიტეტის გამგებლობაში გადავიდა. მისტერ ბროკლეჰერსტი სამსახურიდან მთლიანად არ გაუთავისუფლებიათ. თავისი სიმდიდრისა და, ამასთანავე, მაღალი თანამდებობის პირებთან ოჯახური თუ ნათესაური კავშირის წყალობით, ის ხაზინადრად დატოვეს. ახლა მას მოვალეობის შესრულებაში უფრო განათლებული და კეთილშობილი ადამიანები ეხმარებოდნენ. როგორც ინსპექტორს, თავისი საქმისთვის რომ თავი გაერთმია, საჭირო იყო კომიტეტის იმ წევრთა დახმარება, რომელთაც უკეთ შეეძლოთ შეეთავსებინათ ზუსტი ანგარიშიანობა გონიერებასთან, მომჭირნეობა - ცხოვრების კარგ პირობებთან, ხოლო სამართლიანობა - სიბრალულის გრძნობასთან. ყველა ამ სიახლის დანერგვის შედეგად, სასწავლებელი ნამდვილად სასარგებლო დაწესებულებად იქცა და დიდი სახელიც მოიხვეჭა. ამ ახალი ცვლილებების შემდეგ, მე, როგორც მისი მუდმივი ბინადარი, კიდევ რვა წლის განმავლობაში დავრჩი მის კედლებში: ექვსი წელი, როგორც მოსწავლე და ორიც - როგორც აღმზრდელი. ამ ორმხრივი გამოცდილების საფუძველზე თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ეს სასწავლებელი ნამდვილად მნიშვნელოვან, დიდი სარგებლობის მომტან სააღმზრდელო დაწესებულებად გადაიქცა.

ჩემი ცხოვრება ამ რვა წლის განმავლობაში მეტად ერთფეროვანი იყო, თუმცა თავს უბედურად არ ვგრძნობდი. დამთავრდა უმოქმედობის ხანა და საშუალება მომეცა, მიმეღო ნამდვილი აღზრდა-განათლება. ზოგიერთი საგნისადმი განსაკუთრებული მიდრეკილება აღმომაჩნდა. დიდი სურვილი მქონდა, სწავლაშიც თავი გამომეჩინა. უდიდეს სიამოვნებას განვიცდიდი და მეტი ხალისით ვშრომობდი, როდესაც ჩემი სწორი პასუხით მასწავლებლები კმაყოფილნი რჩებოდნენ, განსაკუთრებით კი ისინი, რომელთაც დიდ პატივს ვცემდი. სასწავლებელში არსებული ყველა შესაძლებლობა გამოვიყენე. რამდენიმე ხანში პირველ კლასში გადამიყვანეს და ყველაზე კარგ მოსწავლედ ვითვლებოდი. დამთავრებისთანავე მასწავლებლის წოდებაც მომანიჭეს, იქვე დამტოვეს და შემდეგ, დაახლოებით ორი წლის განმავლობაში, გულმოდგინედ ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. ორი წლის შემდეგ კი ჩემი პირადი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

სასწავლებელში მომხდარი დიდი ცვლილებების შემდეგაც, მის ტემპლი კვლავ კარგა ხანს დარჩა ამ დაწესებულების მმართველად. მის რჩევა-დარიგებებს უნდა ვუმადლოდე, თუ ჩემში ცოდნა ან რაიმე საუკეთესო ჩვევა მოიპოვება. მისი მეგობრობა და სიახლოვე ჩემთვის დიდი ნუგეში იყო. ის ჯერ დედის, შემდეგ აღმზრდელის და ბოლოს კი მეგობრის მაგივრობას მიწევდა. სწორედ ამ ხანებში მის ტემპლმა ჯვარი დაიწერა სასულიერო პირზე, მისი ღირსების შესაფერის მეტად კეთილშობილ ადამიანზე და მეუღლესთან ერთად შორეულ საგრაფოში გაემგზავრა. ამდენად, ეს ერთადერთი, ჩემთვის ყველაზე ახლობელი ადამიანიც დამშორდა.

იმ დღიდან კი, რაც მან მიმატოვა, მთლად გამოვიცვალე. მასთან ერთად გაქრა ყველა გრძნობა და მოგონება, რომელთა გამოც ლოვუდი მშობლიურ კერად მიმაჩნდა. მის ტემპლისგან შევითვისე მისი საუკეთესო ზნე-ჩვეულებანი. ჩემი გრძნობა შეეჩვია მისებურ მშვიდ აზროვნებას, გრძნობებისა და ფიქრების უკეთ დამორჩილებას, დაკისრებული მოვალეობის პირნათლად შესრულებასა და თადარიგიანობას. აღუშფოთებლად და კმაყოფილად ვატარებდი ჩემი ცხოვრების დღეებს. როგორც საკუთარ, ისე სხვათა თვალშიც მეტად წესიერ და უწყინარ ადამიანად ვითვლებოდი.

ალბათ, თვით ბედისწერა ჩადგა მისტერ ნესმითის სახით ჩემსა და მის ტემპლს შორის. ვხედავდი, ეს ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, სამგზავრო ტანსაცმელში გამოწყობილი, როგორ ჩაჯდა საქორწინო ცერემონიალის შემდეგ საფოსტო ეტლში. გავყურებდი ამ ეტლს, რომელიც ნელ-ნელა ავიდა გორაკზე და მალე კლდის ქიმს მოეფარა. მე კი დავბრუნდი ჩემს ოთახში და სრულ სიმარტოვეში გავატარე ის დღე. მის ტემპლის პატივსაცემად, გაკვეთილების უმეტესობა იმ დღეს არ ჩატარებულა. დიდხანს მიმოვდიოდი ოთახში; მეჩვენებოდა, რომ ვწუხდი მხოლოდ იმაზე, რაც დავკარგე და ვცდილობდი, მომეფიქრებინა, რით შემევსო ის. როცა ფიქრებიდან გამოვერკვიე, დავინახე, რომ უკვე მოსაღამოებულიყო. ჩემთვის ახლა სხვა რამეც ნათელი გახდა, სახელდობრ ის, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემში ძირფესვიანი გარდატეხა მომხდარიყო. მთელ ჩემს არსებას ნიშანწყალიც კი აღარ ეტყობოდა იმ გავლენისა, რაც მის ტემპლისგან აქამდე შემეთვისებინა. ჩემს ძვირფას აღმზრდელს თან გაჰყოლოდა ის მყუდრო და მშვიდი გარემო, რითაც აქამდე მასთან ერთად ყოფნის დროს ვსულდგმულობდი ლოვუდში. ახლა, მარტოდმარტო დარჩენილმა ვიგრძენი, რომ ჩემს პირვანდელ მეს დავუბრუნდი და სწორედ ისეთივე გავხდი, როგორიც წინათ ვიყავი. ძველმა გრძნობებმა კვლავ იჩინეს თავი; ეს სრულებითაც არ ნიშნავდა, რომ საყრდენი გამომეცალა, მაგრამ ამ ცხოვრებას ჩემთვის აზრი დაეკარგა. სულიერი სიმშვიდე კი არ გამქრალიყო, არამედ სწორედ ის ძალა გამომეცალა, რაც ამ სიმშვიდისთვის იყო საჭირო. რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემთვის მთელ ქვეყნიერებას ლოვუდის კედლები წარმოადგენდა. არაფერი ვიცოდი, მისი წესებისა და იქ გამეფებული ჩვეულებების გარდა. ახლა კი კარგად მივხვდი, რამდენად თვალუწვდენელი იყო ეს სამყარო. მათ, ვისაც ჰყოფნიდა გამბედაობა, მიეღოთ ცხოვრებაში ნამდვილი ცოდნა და გამოცდილება, წინ ელოდებოდათ ათასნაირი იმედი, შიში, განცდა და მღელვარება ამ საშიშროებით მოცულ ფართო ასპარეზზე.

ფანჯარასთან მივედი, გამოვაღე და გადავიხედე. აი, შენობის ორივე მხარე, ბაღი, ლოვუდის საზღვრები, მის იქით ჰორიზონტზე კი მთის მწვერვალთა სილუეტები. თვალი მოვავლე ყველაფერ ამას და მზერა ყველაზე შორეულ იისფერ მწვერვალზე გადავიტანე. როგორ ვნატრობდი, გადამევლო ეს მთები, კლდეთა საზღვრებში მოქცეული უსასრულო ტრამალები. ამ გადაულახავ ჩარჩოებში ჩარაზული, ყველაფერი საპყრობილედ მეჩვენებოდა. თვალი გავაყოლე თეთრ გზას, რომელიც ერთი მთის ძირში მიხვეულ-მოხვეულად მიიკლაკნებოდა და იქვე ხეობაში იკარგებოდა. როგორ მინდოდა ამ გზას გავყოლოდი დაუსაბამოდ, სადღაც შორს... გამახსენდა ის დრო, როცა ამავე გზით ეტლით მოვდიოდი. ისიც მომაგონდა, თუ საღამოს ბინდბუნდში როგორ დავეშვით ამ ფერდობზე. თითქოს საუკუნე გასულიყო იმ დღის შემდეგ, რაც პირველად ლოვუდი ვიხილე. მას შემდეგ აღარსად წავსულვარ. არდადეგებსაც სასწავლებელში ვატარებდი; მისის რიდს არასოდეს მოუსურვებია, გეიტსჰედში წავეყვანე სტუმრად. ჩემს სანახავად არც ის და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრი არ მოსულა. გარე სამყაროსთან არაფერი მაკავშირებდა, არც წერილი და არც სხვა რაიმე ამბავი, სასწავლებელში გამეფებული წესები, მოვალეობანი, ზნე-ჩვეულებანი, იქ გაბატონებული აზრები, შეხედულებანი, ერთი და იგივე ხმები, სახეები, სიტყვები, ერთნაირი ჩაცმულობა და მუდამ ერთი და იმავეს სიყვარული და სიძულვილი; აი, ყველაფერი, რაც მე ვიცოდი ცხოვრების შესახებ. ახლა ვიცი, რომ ეს სრულიადაც არ იყო საკმარისი. მხოლოდ იმ საღამოს ვიგრძენი, როგორ დავიქანცე ერთფეროვანი ცხოვრებით ამ რვა წლის განმავლობაში. თავისუფლება მწყუროდა. მის ნატვრაში ამომდიოდა სული, მისთვის ვლოცულობდი დღედაღამ გამუდმებით. ჩემი ვედრება თითქოს ნიავის მსუბუქმა ქროლამ გაფანტა. მაშინ ლოცვა-ვედრებას თავი ვანებე და სულ სხვა რამეს, სულ მცირედს შევთხოვდი განგებას: შეეცვალა ჩემი ცხოვრება, მოეცა ახალი ძალა და ენერგია. მაგრამ ეს ხვეწნა-მუდარაც უსაზღვრო სივრცეში გაიფანტა.

- მაშინ ჩემი ადგილსამყოფლის გამოცვლა მაინც მაღირსე, ღმერთო! - წამოვიძახე თითქმის სასოწარკვეთილმა.

ზარმა მამცნო, რომ ვახშმობის დრო იყო და ქვედა სართულზე მიხმობდნენ. მეც იქით გავეშურე.

დაძინებამდე იმდენი საქმე მქონდა, საშუალება არ მომეცა, შეწყვეტილ ფიქრებს დავბრუნებოდი. ხოლო გვიან, ძილის წინაც კი, ოთახში შესვლისთანავე, ჩემთან ერთად მცხოვრებმა მასწავლებელმა ქალმა გაუთავებელი საუბარი გამიბა სრულიად უმნიშვნელო ამბებზე და ამით ხელი შემიშალა. როგორ ვნატრობდი, ჩასძინებოდა და გაჩუმებულიყო! მეჩვენებოდა, თუ კვლავ იმ აზრს დავუბრუნდებოდი, რომელიც თავში უკანასკნელად სარკმელთან მომივიდა, რამე გამოსავალს ვიპოვიდი და შვებასაც ვიგრძნობდი.

როგორც იქნა, მის გრეისმა ხვრინვა ამოუშვა. ეს იყო უელსელი მსუქანი ქალი, რომლის ხვრინვა ყოველთვის თავს მაბეზრებდა. მაგრამ იმ ღამით, გავიგონე თუ არა ეს ხმა, ძალიან გამიხარდა. ახლა უკვე ხელს ვეღარავინ შემიშლიდა. ჯერ კიდევ ბუნდოვანი ფიქრები კვლავ გამოცოცხლდნენ.

"კვლავ ახალი მონური შრომა! მაგრამ მაინც არის მასში რაღაც მიმზიდველი, - ვესაუბრებოდი ჩემს თავს (მხოლოდ გონებაში გამიელვა ამ აზრმა და ხმამაღლა არაფერი მითქვამს). - დიახ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი. ეს არც ისე მომხიბლავად ჟღერს, როგორც სიტყვები: თავისუფლება, აღტაცება, სიხარული - ესენი ჩემთვის სასიამოვნოდ მოსასმენი სიტყვებია... მაგრამ მხოლოდ სიტყვები. ისინი იმდენად შორეულნი და განუხორციელებელნი არიან, რომ მათი მოსმენაც კი დროის უბრალოდ დაკარგვა იქნებოდა. მაგრამ მუშაობა? ეს ხომ სინამდვილეა? ეს ხომ ყველა ადამიანს შეუძლია. მეც რვა წელი გავატარე აქ. ახლა მხოლოდ და მხოლოდ ერთი აზრი მასულდგმულებს: სხვაგან ვიშოვო ადგილი. ნუთუ ამის მიღწევაც შეუძლებელია? ნუთუ ჩემი სურვილი განუხორციელებელი დარჩება? დიახ, დიახ, საბოლოო მიზანი არც ისე ძნელი მისაღწევი უნდა იყოს. ამისთვის მხოლოდ გონიერი მოქმედებაა საჭირო".

საწოლზე წამოვჯექი, რომ უფრო კარგად მომეაზრებინა ყველაფერი. სუსხიანი ღამე იყო. მხრებზე შალი წამოვისხი და კვლავ ღრმად წავედი ფიქრებში.

"რა მსურს? ახალი სამუშაო სრულიად ახალ ადგილას, სხვა ხალხში და ახალ პირობებში. ეს იმიტომ მინდოდა, რომ უკეთესზე ფიქრი უნაყოფო იყო. მაგრამ როგორ შოულობენ ადამიანები ახალ სამუშაო ადგილს? ვფიქრობ, მეგობრების დახმარებით. მე კი მეგობრები არ მყავს. ამქვეყნად ბევრია უმეგობრო ადამიანი, რომელმაც საკუთარ თავს თვითონ უნდა მიხედოს და იზრუნოს მასზე. მაშ, როგორ იქცევიან ეს ადამიანები ამ შემთხვევაში?~

მე არ შემეძლო ამის თქმა და ვერც ვერავინ გამცემდა პასუხს. თავს ძალა დავატანე, რომ გონება სწრაფად ამუშავებულიყო, უფრო სწრაფად მეფიქრა და გამოსავალი მომეძებნა. ვგრძნობდი, როგორ ფეთქავდა სისხლი საფეთქლებში, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაურკვეველ მდგომარეობაში ვიყავი. ჩემს ცდას არავითარი შედეგი არ გამოუღია. წამოვდექი და, ამ უნაყოფო ფიქრებით შეშფოთებული, ოთახში მიმოვდიოდი. ფანჯარასთან მივედი და ფარდა გადავწიე. ცაზე რამდენიმე ვარსკვლავი შევნიშნე, სიცივისგან მაკანკალებდა და კვლავ საწოლს დავუბრუნდი.

თითქოს კეთილმა ფერიამ ჩემი იქ არყოფნით ისარგებლა და ჩემთვის ესოდენ სასურველი პასუხი სასთუმალზე დამახვედრა. როგორც კი დავწექი, გონება მაშინვე გამეხსნა და თითქოს ვიღაცამ წამჩურჩულა: ყველა, ვინც ახალ სამუშაო ადგილს ეძებს, განცხადებას წერს და შაირის საგრაფოს გაზეთში აქვეყნებს.

- მაგრამ, როგორ? - არ ვიცოდი, როგორ აცხადებდნენ.

პასუხი თითქოს ვიღაცამ წყნარად წამჩურჩულა: - განცხადება და მის გამოსაქვეყნებლად საჭირო თანხა კონვერტით უნდა გაგზავნო გაზეთ "ჰერალდის" რედაქტორის სახელზე. იშოვი თუ არა თავისუფალ დროს, წაიღე და გაგზავნე. პასუხის მისაღებად კი შენი მისამართი დააწერე: ლოუტონის საფოსტო განყოფილება. მოთხოვნამდე ჯ. ე. წერილის გაგზავნიდან ერთი კვირის შემდეგ შეგიძლია მიაკითხო და პასუხი მოითხოვო. თუ პასუხი დაგხვდა, შეგიძლია შესაბამისად იმოქმედო.

გეგმა გონებაში რამდენჯერმე ავწონ-დავწონე, კმაყოფილება ვიგრძენი და ჩამეძინა.

დილით ძალიან ადრე ავდექი, განცხადება დავწერე; ზარის დარეკვამდე კონვერტში ჩადება და მისამართის დაწერაც კი მოვასწარი. განცხადებაში შემდეგი ეწერა:

"ახალგაზრდა ქალს, რომელსაც შესაფერისი ცოდნა და აღმზრდელის გამოცდილებაც აქვს (მე ხომ მასწავლებლობის ორი წლის გამოცდილება მქონდა), სურს მოეწყოს აღმზრდელის თანამდებობაზე ოჯახში თოთხმეტ წლამდე ასაკის ბავშვებთან (ვიფიქრე, რადგან მე თვითონ მხოლოდ თვრამეტი წლის ვიყავი, უხერხული იქნებოდა აღსაზრდელად ამეყვანა ჩემი ასაკის ბავშვები და მეკისრა პასუხისმგებლობა მათზე). მას შეუძლია ბავშვებს მისცეს კარგი განათლება, ასწავლოს ყველა საგანი ინგლისურ ენაზე და, გარდა ამისა - ფრანგული, ხატვა და მუსიკა (ჩვენი დროისთვის სასწავლო საგანთა ასეთი შეზღუდულობა, მკითხველო, მაშინ სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო). მისამართი: ჯ. ე. საფოსტო განყოფილება, ლოუტონი - შაირის საგრაფო~.

მთელ დღეს განცხადება უჯრაში მქონდა ჩაკეტილი. ჩაის შემდეგ კი სასწავლებლის ახალ მმართველს ვთხოვე, ნება მოეცა, ლოუტონში წავსულიყავი, რადგან ჩემთვის და ჩემი ამხანაგებისთვის ზოგიერთი წვრილმანის ყიდვას ვაპირებდი. ის სიამოვნებით დამთანხმდა და მეც გზას გავუდექი. ლოუტონამდე ორი მილი მქონდა გასავლელი. ნისლიანი დღე იყო, მაგრამ ჯერ კიდევ გვიან ღამდებოდა. რამდენიმე მაღაზიაში შევიარე. წერილი საფოსტო ყუთში ჩავუშვი. უკან დაბრუნებისას კი, მართალია, დავსველდი, მაგრამ გულმა უკვე შვება იგრძნო.

მომდევნო კვირა მეტად გრძელი მეჩვენა. ამქვეყნად ხომ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული და ეს კვირაც, როგორც იქნა, მიიწურა. ერთ მშვენიერ შემოდგომის დღეს, საღამო ხანს, კვლავ ფეხით გავუდექი ლოუტონისკენ მიმავალ გზას. ეს მეტად თვალწარმტაცი საცალფეხო გზა მდინარის გასწვრივ ხეობაში მიიკლაკნებოდა. მაგრამ იმ დღეს ეს სანახაობა სრულებით არ მხიბლავდა. ჩემს წერილზე უფრო ვფიქრობდი, რომელზედაც დიდად ვიყავი დამოკიდებული და რომელიც ქალაქში შეიძლება ჯერ კიდევ მისულიც არ იყო.

ლოუტონში წასასვლელად ფეხსაცმლის ყიდვა მოვიმიზეზე. პირველად ეს საქმე მოვაგვარე და შემდეგ ფეხსაცმელების მკერავიდან პატარა, სუფთა და წყნარი ქუჩით საფოსტო განყოფილებისკენ გავემართე. ფოსტაში მოხუცი ქალი დამხვდა, რომელსაც რქის ჩარჩოიანი სათვალე გაეკეთებინა და ხელებზე შავი, უთითო ხელთათმანები წამოეცვა.

- წერილი ხომ არ არის ჯ. ე.-ის სახელზე? - ვიკითხე მე.

მან სათვალის ზემოდან გადმომხედა. შემდეგ რომელიღაც უჯრა გამოსწია და ძებნა დაუწყო. ისე დიდხანს ეძებდა, რომ იმედი გადამეწურა. ბოლოს, კონვერტი ამოიღო, თვალებთან ახლოს მიიტანა და ასე ხუთი წუთის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღებით ათვალიერებდა. შემდეგ კი დახლიდან წერილი გადმომაწოდა და თან დიდი ცნობისმოყვარეობითა და ეჭვის თვალით დამაცქერდა. წერილი მართლაც ჯ. ე.-ის სახელზე იყო გამოგზავნილი.

- მხოლოდ ერთი წერილია? - კვლავ ვკითხე მას.

- მეტი არ არის, - მითხრა მან. წერილი ჯიბეში ჩავიდე და შინისკენ გამოვეშურე. მაშინვე არ შემეძლო მისი გახსნა. სასწავლებლის შინაგანაწესის მიხედვით, სრულ რვა საათზე ადგილზე უნდა ვყოფილიყავი, ახლა კი უკვე რვის ნახევარი იყო.

მისვლისთანავე მრავალნაირი მოვალეობა მიცდიდა: ვიდრე გაკვეთილებს მოამზადებდნენ, ერთი საათი გოგონებთან უნდა გამეტარებინა; რიგით, იმ საღამოს ლოცვებიც მე უნდა წამეკითხა და თვალყური მედევნებინა მათთვის დაწოლის დროსაც. ეს საქმიანობა მოვათავე და სხვა მასწავლებლებთან ერთად ვივახშმე. მაშინაც კი ვერ დავრჩი მარტო, როდესაც დასაძინებლად დავემშვიდობეთ ერთმანეთს, რადგან მე და მის გრეისი ერთ ოთახში ვცხოვრობდით. სასანთლეში სანთლის პატარა ნაჭერიღა დარჩენილიყო. ვშიშობდი, ის არ გაათავებდა ლაპარაკს, სანამ სანთელი მთლად არ ჩაიწვებოდა. მაგრამ მის გრეისს, საბედნიეროდ, მძიმე ვახშამმა ძილი მალე მოჰგვარა. ტანსაცმლის გახდა ძლივს მოვასწარი, რომ მან ხვრინვა ამოუშვა. სასანთლეში ერთი გოჯისოდენა სანთელიღა დარჩენილიყო და ოდნავ ბჟუტავდა. წერილი სწრაფად ამოვიღე, ბეჭდის ადგილას ასომთავრული ფ. ეწერა. მაშინვე გავხსენი და შევნიშნე, მეტად მოკლე იყო.

`თუ ჯ.ე.-ი, რომელმაც გასულ ხუთშაბათს თავისი განცხადება გამოაქვეყნა შაირის საგრაფოს გაზეთ "ჰერალდში", ნამდვილად ფლობს ყველა ზემოაღნიშნულ საგანს და შეუძლია წარმოადგინოს საჭირო ცნობა და დახასიათება თავისი აღზრდისა და ცოდნის შესახებ, მაშინ შეგვიძლია შევთავაზოთ მას აღმზრდელის ადგილი ერთი ბავშვისთვის, რომელსაც ჯერ ათი წელი არ შესრულებია. გასამრჯელოდ მიიღებს ოცდაათ გირვანქა სტერლინგს წელიწადში. ჩვენი თხოვნაა: ჯ. ე.-მა გამოგზავნოს დახასიათება, გვაცნობოს თავისი გვარი, სახელი, საცხოვრებელი ადგილი და სხვა ცნობები მისამართზე: მისის ფეიერფექსი, თორნფილდი, მილკოტის ახლოს - შაირის საგრაფო~.

წერილს დიდხანს ვათვალიერებდი. ხელნაწერი ძველებური და საკმაოდ გაურკვეველი იყო. ეტყობოდა, რომ იგი ხანში შესული ქალის დაწერილი უნდა ყოფილიყო. ამ ამბით კმაყოფილი დავრჩი. თან იდუმალმა შიშმა შემიპყრო. საკუთარი თავის ხელმძღვანელობა თავად ვიკისრე და, ვაითუ, რაიმე არასასიამოვნო ამბავს გადავყროდი. ყველაზე მეტად ამქვეყნად იმისკენ მივისწრაფოდი, რომ ჩემი ძიების შედეგი ყოფილიყო ღირსეული, შესაფერისი და კანონიერი. ჩემი საქმე კარგად იწყებოდა, რადგანაც ხანში შესული ლედი მწერდა წერილს. მისის ფეირფექსი წარმომიდგა ქვრივის თავსაბურსა და შავ სამოსში, საკმაოდ ცივ, მაგრამ თავაზიან ადამიანად. ის, ალბათ, ძველი ინგლისელი დარბაისელი მანდილოსნის განსახიერება იქნებოდა. თორნფილდი! ეჭვგარეშეა, ასე ეწოდებოდა მის სამფლობელოს, მეტად მომხიბვლელ და გემოვნებით მოწყობილ მამულს. თუმცა, მისი წინასწარ წარმოდგენა ძალიან გამიძნელდა. მილკოტი - შაირის საგრაფო. ერთი წუთით გონებაში ინგლისის რუკა წარმოვიდგინე. დიახ, ვიცი, სადაც არის ეს ადგილი. ვიცოდი, სადაც მდებარეობდა საგრაფო და თვით ქალაქიც. შაირის საგრაფო ლონდონთან სამოცდაათი მილით უფრო ახლოა, ვიდრე ის მიყრუებული ადგილი, სადაც მე ვიმყოფებოდი ამჟამად. ყოველივე ეს უფრო მიმზიდველს ხდიდა ამ მხარეს. ვნატრობდი, წავსულიყავი იქ, სადაც სიცოცხლე და მოძრაობა ჩქეფდა. მილკოტი დიდი სამრეწველო ქალაქია მდინარე ე-ს ნაპირზე. ეჭვს გარეშეა, იქ სიცოცხლე დუღს და გადმოდის. მით უკეთესი; მთლიანად შეიცვლება ჩემი ცხოვრება. მაგრამ ჩემს ოცნებას ქალაქის ქარხნების საკვამურები და შავი ბოლის ღრუბლებით დაფარული ცა კი არ ასაზრდოებდა, არამედ იმედი, რომ თორნფილდი ქალაქიდან საკმაოდ დიდი მანძილით იქნებოდა დაშორებული.

ამ დროს სასანთლე წაიქცა და ფთილაც ჩაქრა.

მეორე დღეს ახალი ნაბიჯი უნდა გადამედგა, საიდუმლოს გულში ვეღარ შევინახავდი. ვინმესთვის უნდა გამეზიარებინა ჩემი ამბავი, რათა ჩემი მიზანი განმეხორციელებინა. ნაშუადღევს, შესვენების დროს, სასწავლებლის მმართველი ვნახე და დაწვრილებით ვუამბე, რაც გადავწყვიტე. არ დამიმალავს, რომ ვაპირებდი ახალი სამუშაო ადგილის შოვნას, სადაც გასამრჯელოს ორჯერ მეტს მივიღებდი ლოვუდთან შედარებით (იქ მხოლოდ თხუთმეტ გირვანქა სტერლინგს ვიღებდი წელიწადში). მასვე ვთხოვე, ეცნობებინა ეს ამბავი მისტერ ბროკლეჰერსტის ან კომიტეტის სხვა რომელიმე წევრისთვის, რათა ნება დაერთოთ და ცნობები მოეცათ. სასწავლებლის მმართველმა ამ საქმეში შუამავლის როლი სიამოვნებით იკისრა. მან მეორე დღესვე საქმის ვითარება მისტერ ბროკლეჰერსტს გააცნო. ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ეს ამბავი აუცილებლად უნდა ეცნობებინათ მისის რიდისთვის, რომელიც ჩემს ნამდვილ მეურვედ ითვლებოდა. ამიტომაც იყო, რომ მისის რიდს წერილი გაუგზავნეს. პასუხმაც არ დააგვიანა. ის იტყობინებოდა, რომ შემეძლო მოვქცეულიყავი ისე, როგორც მსურდა, რადგანაც მან უკვე დიდი ხანია, უარი თქვა ჩემს პირად საქმეებში ჩარეულიყო. წერილს კომიტეტის ყველა წევრი გაეცნო. ბოლოს, რამდენიმე ხნის შემდეგ, რომელიც მე საუკუნედ მეჩვენა, გამგზავრების ოფიციალური ნებართვა მივიღე. ამიერიდან ჩემი ცხოვრების პირობები შეძლებისდაგვარად უნდა გამეუმჯობესებინა. ამავე დროს, იმასაც დამპირდნენ, რომ, რადგანაც ლოვუდში ყოველთვის საუკეთესოდ ვიქცეოდი, ჯერ როგორც მოსწავლე და შემდეგ როგორც მასწავლებელი, დაუყოვნებლივ მომეცემოდა სათანადო დახასიათება და მოწმობა ჩემი ცოდნისა და აღზრდის შესახებ, რასაც ხელს მოაწერდნენ ამ სასწავლებლის ინსპექტორები.

გაგრძელება შემდეგ ნომერში