მთავარი როლი (ნაწილი IX) - გზაპრესი

მთავარი როლი (ნაწილი IX)

ერთი საათიც არ გასულა, შინ რომ მოვედი და ტელეფონმა დარეკა. მივხვდი, ბიბი იქნებოდა. ვიცოდი, საყვედურებით ამავსებდა, მაგრამ ამისთვის წინასწარ მოვემზადე. გზად შინისკენ მხოლოდ ამაზე ვფიქრობდი. ალბათ ისიც მიხვდა, რომ შემეშინდა. ძნელი იყო, ცდუნებისთვის გამეძლო, მით უფრო, მასთან სახლში, მყუდრო, ლამაზ ბინაში.

- გისმენ, ბიბი, - უდარდელი ხმით ვუპასუხე მის ზარს, თითქოს საერთოდ არ მაღელვებდა, რაც გავაკეთე.

- "ბიბი, მაპატიე, რომ ვერ დაგელოდე. სასწრაფოდ გამომიძახეს სამსახურში. ვფიქრობ, გამიგებ, ასეთი სიტუაცია შენი პროფესიის ადამიანისთვის უცხო არ უნდა იყოს", - ის ჩემი წერილის ტექსტს კითხულობდა.

კინაღამ სიცილი ამიტყდა, ისეთი გაგულისება იგრძნობოდა მის ხმაში.

- ელენ, რას ნიშნავს შენი ბარათი?

- ჩვეულებრივი წერილია, გაუგებარი რა არის? - მშვიდად მივუგე. - იმიტომ კითხულობ ასე გამწარებული, რომ რამე გაუგებარი იყო? - თავს ვიკავებდი, რომ არ ავხარხარებულიყავი. მომწონდა, რომ ბრაზდებოდა.

- ვერ დამირეკე, თუ წასვლას აპირებდი? გიჟივით გამოვვარდი სამსახურიდან, დიდხანს არ ვალოდინო-მეთქი.

- მართლა? ეგ არ მიფიქრია, მაპატიე. უბრალოდ, დაცდა არ შემეძლო.

- ერთი სული მქონდა, ბინის კარს როდის შემოვაღებდი. მეგონა, ყველაზე დამაინტრიგებელი ქალი ოთახში დამხვდებოდა, ფანჯარაში მომზირალი, შენ კი მთელი იდილია წყალში ჩამიყარე.

- ნუ მსაყვედურობ, რაც იყო, იყო. ვეცდები, გამოვასწორო ჩემი შეცდომა, ოკეი?

- თანაც - ახლავე. მიდი, ლამაზად ჩაიცვი და წამოდი.

- სად, შენთან? - ლამის მუხლები მომეკვეთა.

- არა, ჩემთან არა. ვიცი, რომ აქ მოსვლის და ჩემთან მარტო დარჩენის გეშინია, გგონია, ვერ ვხვდები?

- საიდან მოიტანე?! - მართალს ამბობდა, მაგრამ მაინც არ გავტყდი.

- გგონია, დავიჯერე, რომ სამსახურში გამოგიძახეს? მაშინ, სახლში რატომ ხარ? შენ მხოლოდ საბაბი გინდოდა, რომ არ შემხვედროდი სწორედ აქ, განმარტოებულად, ჩემს ბინაში. არადა, როცა მითხარი, შევხვდეთ და ჩვენი წარმატებები ერთად აღვნიშნოთო, იცი, რამდენი სიხარული იგრძნობოდა შენს ხმაში?! ჩემს თავზე გამომიცდია: როცა რაღაც კარგი ხდება ჩემს ცხოვრებაში, მინდა, მთელი სამყაროს გასაგონად ვიყვირო. გულახდილად რომ გითხრა, გამაკვირვე. გამოტყდი, რომ შეგეშინდა.

- ნუ სულელობ, სულაც არ შემშინებია, უბრალოდ, მარტო ყოფნა მომბეზრდა და წამოვედი. ლოდინი არ მიყვარს და რა ვქნა?

- კარგი, ეგრე იყოს. ახლა კი ჩაიცვი და დამელოდე. ნახევარ საათში გამოგივლი.

- სად მივდივართ?

- ჩემს საყვარელ რესტორანში. ისეთი კაბა ჩაიცვი, რომ თვალი ყველას შენზე დარჩეს, გასაგებია? გამომწვევი.

ახლა კი გულიანად გავიცინე.

- კარგი, დაგიჯერებ.

- ჰოდა, მოვდივარ. დამელოდე.

ამ სიტყვებით ტელეფონი გათიშა. რაღა უნდა მექნა? უარს ვეღარ ვეტყოდი. მისი გაბრაზება არ მაწყობდა, შეიძლებოდა, მთელი გეგმები ჩამშლოდა. გარდერობი გამოვაღე და კაბის შერჩევას შევუდექი.

- კმაყოფილი ხარ? - ბიბის ტუჩები ჩემს ყურთან მოეტანა და მეჩურჩულებოდა.

წამით გავქვავდი, გამიჭირდა მისკენ შებრუნება, რადგან ვიგრძენი, მისი სიახლოვით მუხლები მეკვეთებოდა.

როგორც იქნა, მოვტრიალდი.

- რა თქმა უნდა, შესანიშნავი საღამოა. აქ არ მიწევს თამაში, არავინ გვიცნობს და ბუნებრივად ვიქცევით.

- არადა, თამაშიც კარგად გეხერხება, - ირონიულად ჩაიცინა, - ისე კარგად გამოგდის შეყვარებული ქალის როლის შესრულება, ჰოლივუდის მსახიობებსაც კი შეშურდებოდათ.

- რა სისულელეა, ეგ როლი ჯერ არ გამითავისებია, - გავწითლდი, - ასეთ რამეებში ძალიან უნიჭო ვარ.

- რას მელაპარაკები! პატარა მატყუარა! ხომ ხედავ, ჩვენი ურთიერთობა უფრო და უფრო მჭიდრო ხდება. ჩემთან უფრო ლაღად რომ არ გრძნობდე თავს, მე არ ამირჩევდი დღევანდელი საღამოსთვის თანამგზავრად. წარმატებებს ძალიან ახლო მეგობრები აღნიშნავენ ხოლმე ერთად. შენ კი მე დამირეკე. თუ ამას დავამატებთ შენს უცნაურ ფარულ მზერებსაც, რომელსაც გამოაპარებ ხოლმე ჩემკენ და რომელსაც ყოველთვის ვამჩნევ, კიდევ - შენს რეაქციას ჩემს კოცნაზე, მაშინ უნდა ჩავთვალო, რომ სიხარულის მიზეზი მაქვს.

- საიდან მოიტანე ეს ყველაფერი? - გველნაკბენივით გავერიდე, მივხვდი, რომ ჩემს ყველა ფიქრს კითხულობდა.

- თუ ასე არ არის და ვცდები, მაშინ ვიტყვი, რომ იმედგაცრუებული ვარ და ახლავე მოვიწყენ. ძალიან გინდა, მოწყენილი მამაკაცის გვერდით გაატარო საღამო? ვიცი, რომ შემთან რომანტიკული ურთიერთობის უფლება არ მაქვს, მაგრამ იმასაც ვგრძნობ, რაღაც სხვა რომ ხდება ჩვენ შორის. ისეთი რამ, რასაც თავიდან არც ერთი არ ვგეგმავდით.

ვერაფერი ვუპასუხე. თვალები დავხარე და იატაკს ჩავაჩერდი.

- რატომ მოიღუშე? არ მოგწონს აქ ყოფნა?

თავი ავწიე და შევხედე.

- როგორ არა, მომწონს. კარგია აქ, კმაყოფილი ვარ.

- მაშინ, რა გჭირს? ჩემმა ნათქვამმა შეგიცვალა ხასიათი?

მან ხელი შუბლზე შემახო. ისე ნაზად მისვამდა თითებს, თითქოს ნაოჭებს ასწორებსო. მე კი მის შეხებაზე ჩემი მემართებოდა. ერთიანად დამსუსხა, სიამოვნებისგან მკლავებზე კანი ამეხორკლა. ნუთუ არ შემიძლია, გულგრილობის ნიღაბი ავიფარო? აბა, რას ვაკეთებდი მთელი ეს წლები, რას ვასწავლიდი ჩემს თავს?

როცა ბიბიმ ხელი ჩამოიღო, შვებით ამოვისუნთქე და მტკიცედ გადავწყვიტე, დაძაბულობისგან გავთავისუფლებულიყავი.

- ხომ არ გავიწყდება ჩემი პროფესია? მინდა თუ არ მინდა, ყველაფერს ვაკვირდები, რა როგორ არის მოწყობილი, ინტერიერი რამდენად სასიამოვნოა, მიმტანები როგორ ემსახურებიან კლიენტებს, როგორ ართმევენ თავს რთულ დავალებებს. ჰოდა, როცა ამ კუთხით გადავერთვები, მავიწყდება, ვისთან ვარ და რატომ.

- და ისიც გავიწყდება, რომ მოილხინო?

- ნუ, მთლად ასე არ არის, მაგრამ გარკვეულწილად, ალბათ ჰო.

მისმა უნდო გამოხედვამ მიკარნახა, რომ ერთი სიტყვაც არ დაიჯერა, მაგრამ აღარ ჩამძიებია.

- ამ რესტორანში იცი, რა ქორწილები იმართება? შენს დაქალს ვურჩევდი, აქ გადაეხადა საქორწინო სუფრა.

- ეს მისი გადასაწყვეტია, თუმცა, მართლა კარგი ადგილია. საკონცერტო პროგრამაც გემოვნებითაა შერჩეული. ორი წლის წინ მეც მოვაწყვე აქ კოქტეილის საღამო ჩემი ერთი კლიენტის დაკვეთით.

- შენ როგორ ქორწილზე ოცნებობ?

- მე? - დავიბენი. - მე გათხოვებას არ ვაპირებ.

- მოიცა, რა. გათხოვებას ყველა ქალი აპირებს, ორჯერ და სამჯერაც კი.

ისევ გავწითლდი.

- მე არ ვაპირებ-მეთქი, გასაგებად ვთქვი, - ცივად გავუმეორე.

- მაინც, მაინც? ისე, იდეაში როგორ წარმოგიდგენია შენი ქორწილი?

უცებ გიჟურმა აზრმა გამიელვა და არც ვიცი, რატომ, მეოცნებესავით ამოვთქვი:

- მე მინდა ისეთი გარემო, სადაც კედლების მაგივრობას აკვარიუმი გასწევს. აბა, წარმოიდგინე, იჯდე სუფრასთან, ირგვლივ კი, ოთხივე კედელი დიდი აკვარიუმი იყოს, შიგ ზვიგენები და ფერად-ფერადი თევზები დაცურავდნენ. არ არის რომანტიკული?

გაოცებულმა გამომხედა და მხოლოდ ეს მითხრა:

- "დაცენტრილი" ხარ.

- კარგი, კარგი, სულ დამავიწყდა, შენ რომ ზღვა არ გიყვარს.

კიდევ უფრო გაკვირვებული სახე მიიღო და ყრუდ მკითხა:

- ვინ გითხრა ეს?

- მგონი, ტეტემ. მახსოვს, ზღვაზე რომ მიდიოდა ბიჭებთან ერთად, სულ გაბრაზებული იყო, ბიბი არ მოდისო. ცურვა არ იცის და წყლის ეშინიაო.

მეგონა, გაიცინებდა ჩემს ნათქვამზე, მას კი, პირიქით, სახე მოექუფრა.

- გამოიცანი, - საკმაოდ ცივად მომიგო.

არ ვიცოდი, როგორ გამომესწორებინა სიტუაცია. ვერ მივხვდი, რა ეწყინა. ჩემდა საბედნიეროდ, ამ დროს მელოდია აჟღერდა და ვალსის საცეკვაო ჰანგები დაიღვარა დარბაზში.

- წამო, ჯობია, ვიცეკვოთ, - იმავე ტონით მითხრა.

როგორ შემეძლო, უარი მეთქვა, როცა მაჯაზე მექაჩებოდა და საცეკვაო მოედნისკენ მივყავდი. თავბრუ მეხვეოდა, აზრები ამერია, გონებაში ერთი ჭკვიანური მიზეზიც კი ვერ მოვიფიქრე, მასთან ცეკვაზე უარი რომ მეთქვა. ერთი წუთიც და უკვე გვიანი იყო - ფეხები თავისთავად აჰყვა მუსიკის ტაქტს. ბიბიმ ხელები წელზე შემომაჭდო, მე კი მხრებზე დავულაგე ჩემი მკლავები და დავტრიალით. ნელა ვმოძრაობდით, ძალიან ნელა. ბიბი თანდათან უფრო მიზიდავდა თავისკენ, უფრო და უფრო ძლიერად მხვევდა წელზე ხელს, სანამ ჩვენი სხეულები ერთმანეთს მჭიდროდ არ მიეკრა - ჩემი მკერდი მისას ეხებოდა, მისი თეძოები - ჩემსას.

- ასე უკეთესია, - ჩამჩურჩულა და მსუბუქად დამატრიალა.

ჩემი სამივე დაქალის ქმრები (მეგიც, ფაქტობრივად, უკვე გათხოვილი იყო) შორს იდგნენ ცეკვისგან. არც ერთ მათგანს ამის ნიჭი არ გააჩნდა. არ მახსოვს, რომელიმე მათგანს ოდესმე ეცეკვოს. მეცხრე სართულიდან გადახტომას უფრო სიამოვნებით დათანხმდებოდნენ ალბათ, ვიდრე ქალთან ცეკვას. ლილისა და კატოს ქორწილშიც კი არ უცეკვიათ სიძეებს და თავს იმით იმართლებდნენ, დიდი გოიმობაა სიძე-პატარძლის ტრადიციული ცეკვაო. მე ასე არ ვფიქრობდი და ამიტომ მაღიზიანებდა მათი შეხედულება. აი, ბიბისთან სულ სხვაგვარად იყო საქმე. ის არაჩვეულებრივად ცეკვავდა და წარმოვიდგინე, რას იზამდა თავის ქორწილში. ნამდვილად არ გამოიდებდა თავპატიჟს, მოჰკიდებდა ხელს თავის პატარძალს და დაუვლიდა. ამ სცენის წარმოდგენამ ოცნებაში გადამისროლა. თავი პატარძლის ადგილას წარმოვიდგინე და... მესიამოვნა.

კიდევ კარგი, მივხვდი, რომ წარსულის გახსენება სიმშვიდეს უკარგავს. ნეტავ, რატომ? არც მე ვიხსენებ სიხარულით განვლილ წლებს, მაგრამ მისი რეაქცია რატომღაც, ცოტათი უჩვეულოდ მომეჩვენა. არა მხოლოდ უჩვეულოდ, არამედ უცნაურადაც კი. იქნებ სწორედ წარსულში იმალება მისი გამაოგნებელი საქციელის ახსნა? ტეტეს დაბადების დღეზე მკვეთრად გახატული ყურადღება ჩემ მიმართ, მერე სრული გარდაქმნა და ხელის კვრა, ამას დამატებული დაცინვა და შეურაცხყოფა ნაცნობ-მეგობრების თვალწინ, და აი, კვლავ ღიად გამოხატული მოწონება. არა მგონია, თამაშობდეს. ერთხელ მაინც მივხვდებოდი სიყალბეს. მისი ჩემდამი სიმპათია მართლა გულწრფელი ჩანს, ამაში აქამდეც არ შემპარვია ეჭვი.

- მოდუნდი, ნუ ხარ ასე დაძაბული, - მითხრა და წელზე მოხვეული მარჯვენა ზემოთ, მხრებისკენ დაძრა. მუსიკის ტაქტს აყოლებული მისი თითები თითქოს ვალსის სვლებით მიმოდიოდნენ ჩემს ზურგზე. ამ შეხებისგან განა შემეძლო მშვიდად ყოფნა? დაძაბული ხარო! ვიქნები, აბა, რა! ქვედა ტუჩი ლამის მოვიკვნიტე, როცა ბიბის სუნთქვა ყელთან მომელამუნა. სუნთქვა შევიკარი. გამაბრუებელი მამაკაცური სურნელი, ნუშის არომატთან შეზავებული, თავისუფლებას მიზღუდავდა, მძაბავდა და მაბნევდა. მეგონა, დავღოღიალებდი პარკეტზე, კი არ ვცეკვავდი.

- უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს შენ გვერდით ყოფნა, - მითხრა, როცა დამატრიალა და კვლავ მკერდზე მიმიკრა. ისე ჩამბღუჯა, კინაღამ გული გამიჩერდა. მინდოდა, ცეკვა არასდროს დამთავრებულიყო.

- რა ჰაეროვანი პირუეტები გამოგდის! - ღიმილით შემაქო.

- ჩემთან ცეკვა განიჭებს სიამოვნებას? - კეკლუცად ავხედე.

- შენთან ჩახუტება, - დააზუსტა მან და მოშიშვლებულ მხარზე ოდნავ შემახო ტუჩები.

ენით აუწერელ ნეტარებას განვიცდიდი მის მკლავებში მოქცეული. თვალები დავხუჭე, თავი მკერდზე მივადე და რიტმულად დავტრიალდი მასთან ერთად. ამქვეყნად ყველა და ყველაფერი გადამავიწყდა, მხოლოდ ამ საოცარი წუთებით ვტკბებოდი. რა უნდა იყოს ასეთ წამებზე უკეთესი?! ნამდვილად არაფერი. ოჰ, ბიბი, ბიბი... ნამდვილი სრულყოფილება ხარ!

ღმერთო, რაზე ვფიქრობ? ნუთუ დამავიწყდა, რომ ამქვეყნად სრულყოფილი არავინაა? თვალები გავახილე და ირგვლივ მიმოვიხედე, რომ ნეტარების ეს წუთები სამუდამოდ აღმებეჭდა მეხსიერებაში. ამ ძვირფას საღამოს ბევრჯერ დავატრიალებ გონებაში, განსაკუთრებით - ზამთრის საღამოებში, როცა მარტო ვიქნები ჩემს პატარა ბუნაგში და მასზე ვიფიქრებ უმაკიაჟოდ, ხალათში ჩაფუთნილი და ცხვირზე სათვალედაკოსებული.

- რა კარგი იქნებოდა, მელოდია არასდროს მთავრდებოდეს, - თქვა ბიბიმ და შუბლიდან თმა სათუთად გადამიწია.

მის სახეს შევხედე. სურვილით ანთებოდა ლურჯი თვალები, მკვეთრად მოხაზული ლამაზი ტუჩები და ფიქრებში ჩემს თავს შევუძახე: "ნუ ოცნებობ მასზე".

- ოდესღაც ყველაფერი მთავრდება, - ნაღვლიანად შევნიშნე და მისი მკლავებიდან თავი გავითავისუფლე.

მსუბუქად შეიჭმუხნა შუბლი და ყურადღებით დამაცქერდა.

- წამოდი, რამე ტკბილი შევჭამოთ.

შევეცადე, ღიმილი გამომეხატა და ქუსლების პაკაკუპით ჩვენი მაგიდისკენ გავემართე. ჩემს თავს ვერ ვპატიობდი, რომ ბავშვობის გატაცებას წლების განმავლობაში სერიოზულად არ შევებრძოლე - ბიბისადმი ჩემი სიყვარული უფრო და უფრო ღრმავდებოდა...

ბიბიმ მანქანა ჩემი სახლის წინ გააჩერა და ძრავა გამორთო. ვიცოდი, ელოდებოდა, როდის შემოვიპატიჟებდი შინ, ფინჯანი ყავის დალევის საბაბით. არც იყო გასაკვირი. ორივე ვგრძნობდით, რომ ჩვენ შორის რაღაც ხდებოდა, მაგრამ მე ამის აღიარებას გავურბოდი. ამიტომ გადავწყვიტე, დავმშვიდობებოდი და კიდევ ერთი სარისკო ნაბიჯი არ გადამედგა. დამფრთხალი თვალები მივაპყარი და ხმადაბლა ამოვთქვი:

- დიდი მადლობა, მშვენიერი დრო გავატარე. - თავაზიანი, არაფრის მთქმელი ფრაზა იყო, რომელიც მილიონჯერ მითქვამს სხვა ადამიანებისთვის.

- მე კი ველოდი, რომ სხვა რამეს მოვისმენდი.

- სხვა რამეს? რას გულისხმობ? - ჩემს ხელოვნურ მიამიტობას საზღვარი არ ჰქონდა.

- სხვა სიტყვებს - გულწრფელს, თბილს... იმის აღიარებას, რომ ერთმანეთისკენ ძალაუნებურად მივიწევთ, რომ პლატონური არ გამოგვდის და ერთი მაგის დედაც... როცა ასეთ რამეებს მოვისმენდი, გიპასუხებდი, მეც ასევე-მეთქი და კიდევ ერთხელ რამე კარგი მოხდებოდა. მაგრამ მე უკან დახევა არ მჩვევია, ამიტომ ამ თამაშს არ ვითამაშებ, ელი.

იგი გამუდმებით სხვადასხვა ვარიაციას უძებნიდა ჩემს სახელს და ხან ელის მეძახდა, ხან - ელენს, ხანაც - ელს ან ელენიკოს. მე კი მსიამოვნებდა, რადგან ერთადერთი მამაკაცი იყო ამქვეყნად, ვისაც ამის უფლება ჰქონდა.

მისმა ნათქვამმა ისე შემაშინა, ეგრევე შემეტყო, მზერა დამიფრთხა და ტუჩები ამითრთოლდა.

- რომელ თამაშს? - ძლივს გასაგონად შევეკითხე.

- რომლის გარშემოც მე და შენ ვტრიალებთ და ერთ ადგილს ვტკეპნით. ეს არ არის კოცონზე გადახტომა, ელ, რომელი უფრო მაღლა ახტება, რომ არ დაიწვას. აქ გრძნობებით გვიწევს მოქმედება და არა - სპორტული ხერხების გამოყენებით. ორივენი ამოფარებული ვართ ჩვენს შეთანხმებას და არ გვინდა გამოვტყდეთ, რომ ორივეს უფრო მეტი გვსურს ერთმანეთისგან.

იმწამსვე მოვარიდე მზერა და ცარიელ ქუჩას გავხედე. თითებით ნერვიულად ვჭმუჭნიდი ჩემი პალტოს კალთას და არ ვიცოდი, რა მეპასუხა.

- ცდები, ბიბი, - როგორც იქნა, ამოვღერღე ყველაზე დიდი სიცრუე.

- პატარა მატყურა, - დაიჩურჩულა, ჩემკენ გადმოიხარა და შეეცადა, თვალებში ჩაეხედა.

შემეძლო, რაც მომესურვებოდა, ის მეთქვა, მაგრამ თვალები?.. თვალებისთვის რა მომეხერხებინა? სწორედ მათ არ შეეძლოთ ტყუილის თქმა. იყო დრო, როცა ჩემს თვალებს სათვალის მინებში ვმალავდი, მაგრამ ახლა "ჯავშნის" გარეშე და გულახდილად შეხედავდნენ ბიბის - ჩემი შავი, ბრიალა თვალები, გულწრფელობის უსაზღვრო ტბა, როგორც მეგის უყვარს თქმა. ჩამაცქერდებოდა ბიბი ახლა ამ თვალებში და ვიცოდი, რასაც დაინახავდა მასში - რომ პირველი შეხვედრისთანავე მსურდა მის გვერდით ყოფნა, პირველი კოცნისთანავე და ახლაც, პირველი ვნებიანი ცეკვის შემდეგაც.

ის ელოდებოდა, როდის შევხედავდი. გაქვავებულივით იჯდა, ოდნავადაც არ გარხეულა. ნელა ავწიე თავი, თითქოს არ მსურდა ამის გაკეთება და შევხედე. ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა: მისი - მტკიცე და შემფასებლური, ჩემი - შეცბუნებული და უხერხული. წამიც და ჩემს თვალებშიც აბრიალდა სურვილის ცეცხლი.

ბიბის მეტიც რა უნდოდა! ეგრევე თავისკენ მიმიზიდა და ტუჩებზე დამაკვდა...

თუკი ჩვენი პირველი კოცნა დაზვერვით ხასიათს ატარებდა, სანამ ორივემ დავკარგეთ კონტროლი ჩვენს თავზე, ეს კოცნა სრულიად განსხვავდებოდა წინასგან. იგი მომთხოვნი იყო და მგრძნობიარე, ყველა ბარიერის გადამლახავი, ვნებით გაჯერებული და სურვილით გადავსებული. ჩუმი კვნესა აღმომხდა, როცა ბიბის ტუჩები შემეხო. თითებით მისი პიჯაკის კიდეებს ჩავეჭიდე და მამაკაცი ჩემკენ დავქაჩე, თითქოს მის სხეულთან შერწყმა მწადდა. არ მაკმაყოფილებდა ეს სიახლოვე, უფრო ახლოს მსურდა მასთან ყოფნა, მასში მინდოდა ვყოფილიყავი, ერთ სხეულად გარდავქმნილიყავით, ერთ დიდ ვნებად...

ბიბის გულწრფელი პასუხი უნდოდა ჩემგან - მან ის მიიღო. კოცნას თავდავიწყებული კოცნითვე ვპასუხობდი, აღგზნებული, ათრთოლებული, ტოლს არ ვუდებდი ალერსში, სრულიად დავკარგე სირცხვილის შეგრძნება, სისხლი უფრო და უფრო დუღდებოდა ჩემს სხეულში, ტკივილამდე ცხელდებოდა და ფეთქავდა არტერიებში. გაჩერება არ მინდოდა. არც მას სურდა გაჩერება. არც შეეძლო. ყველაზე თამამმა ფანტაზიებმაც კი შეისხა ფრთები. ხელებსაც არ ვაჩერებდი, ვეფერებოდი მის მკერდს, ყელს, კისერს, თმას...

- ელე... - მომესმა ჩურჩული.

- მმმ... - პასუხის გაცემის თავი არ მქონდა.

მოულოდნელად კოცნა შეწყვიტა, საზურგეზე მისავათებული გადაწვა და მკითხა:

- ახლა მაინც დარწმუნდი, რომ არ ვთამაშობ?

იმდენად უადგილო იყო მისი შეკითხვა, გამოფხიზლება ვერ მოვასწარი და უაზროდ დავეკითხე:

- რაზე მელაპარაკები? - ამის თქმა და ეგრევე გონს მოვეგე. გაკვირვება კი გამოვიხატე სახეზე, მაგრამ როგორც ჩანს, უნიჭო იმიტაცია გამომივიდა, რადგან ბიბის ეშმაკურად გაეღიმა. მან ჩემი სახე ხელისგულებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა.

- არ ვიცი, დამეთანხმები თუ არა, მაგრამ რაღაც მომენტში შენი გეგმა, გამოგონილ სასიყვარულო ურთიერთობაზე, კონტროლიდან გამოვიდა. ახლა რა უნდა მოვუხერხოთ ამას?

გამომცდელი მზერა მივაპყარი, თითქოს იმის გაგება მინდოდა, შეიძლებოდა თუ არა მისი გულწრფელობის დაჯერება.

გაგრძელება ჟურნალის შემდეგ ნომერში