ჯეინ ეარი (თა­ვი X) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თა­ვი X)

ეს საბუთები დაახლოებით ერთ კვირაში მივიღე. ასლი მისის ფეიერფექსს გადაეგზავნა. მან საპასუხო წერილით შემატყობინა, რომ მიღებული ცნობებით კმაყოფილი იყო და მთავაზობდა, დამეკავებინა აღმზრდელის ადგილი მასთან სახლში იმ დღიდან ორი კვირის შემდეგ.

სამზადისს შევუდექი. ორმა კვირამ სწრაფად გაიარა. ჩემი ჩაცმულობა არცთუ ისე მდიდრული იყო, მაგრამ სრულად აკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნილებებს. ბარგი ჩემოდანში ჩავალაგე. ეს სწორედ ის ჩემოდანი იყო, რომელიც ამ რვა წლის წინ გეიტსჰედ-ჰოლიდან ჩამოვიტანე. ჩემოდანს თასმები გადაუჭირეს და მუყაოს ნაჭერი მიაკრეს წარწერით. ნახევარ საათში ტვირთის მზიდავი უნდა გამოეძახათ, რომ ის ლოუტონში წაეღოთ. მე კი გადავწყვიტე, მეორე დილით ფეხით ჩავსულიყავი იქ ეტლის შესახვედრად. გავწმინდე ჩემი შავი შალის სამგზავრო კაბა, მოვიმზადე ქუდი, ხელთათმანი და ხელსათბური; გადავათვალიერე ყველა უჯრა, რომ არაფერი დამრჩენოდა. ბოლოს, როცა საქმიანობას მოვრჩი, ცოტა ხანს დასასვენებლად ჩამოვჯექი. მაგრამ ესეც ვერ შევძელი; მთელი დღის მღელვარებამ და ფეხზე ტრიალმა საშინლად დამქანცა. ჩემი ცხოვრების ერთი ხანა იმ დღეს წარსულს უნდა ჩაჰბარებოდა, მეორე დღიდან კი ახალი იწყებოდა. ამ შუალედში ძილი შეუძლებელი იყო და მღელვარებით ვადევნებდი თვალს იმ ცვლილებებს, რომლებმაც თავი იჩინეს.

- მის, - მითხრა მსახურმა, რომელიც შემხვდა დერეფანში, სადაც შეშფოთებული აჩრდილივით დავეხეტებოდი, - ქვემოთ ვიღაცას თქვენი ნახვა სურს.

- უთუოდ ტვირთის მზიდავი იქნება, - გავიფიქრე და არაფერი მიკითხავს, ისე გავეშურე ქვედა სართულისკენ. ჩავუარე სასტუმრო ოთახსა და სამასწავლებლოს, რომლის კარიც ნახევრად ღია დამხვდა და, ის იყო, სამზარეულოსკენ გავემართე, რომ ვიღაც ჩემკენ გამოიქცა.

- ის არის, ის, ნამდვილად, ვიცანი! მე მას ყველგან ვიცნობ, - წამოიძახა უცნობმა ქალმა, ხელი მომკიდა და შემაჩერა. შევხედე. დავინახე ახალგაზრდა ქალი, რომელიც კარგად ჩაცმულ მოსამსახურე ქალს უფრო წააგავდა. მიუხედავად ახალგაზრდობისა, ის უკვე დასრულებულიყო. მის მშვენიერ სახეს ცოცხალი და ნათელი გამომეტყველება, შავი თმა და შავი თვალები ამშვენებდა.

- აბა, გამოიცანით, ვინა ვარ? - მკითხა მან ისეთი ხმითა და ღიმილით, რომელიც მაშინვე მეცნო. - დარწმუნებული ვარ, თქვენ მთლად არ დაგავიწყდით, მის ჯეინ.

თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, რომ უკვე ვიცანი. აღტაცებული გადავეხვიე და კოცნა დავუწყე.

- ბესი! ბესი! ბესი! - მხოლოდ ამის თქმაღა მოვახერხე. ის თან იცინოდა და თან ტიროდა. შემდეგ ორივენი სასტუმრო ოთახში შევედით. ცეცხლის პირას ასე სამიოდე წლის პატარა ბიჭუნა იდგა შოტლანდიური კუბოკრული ქსოვილის შარვალ-ხალათში.

- ეს ჩემი პატარა ბიჭია, - მაშინვე მითხრა ბესიმ.

- მაშ, შენ უკვე შენი ოჯახი გქონია, ბესი?

- დიახ, დაახლოებით ხუთი წელი იქნება, რაც მეეტლე რობერტ ლივენზე დავიწერე ჯვარი. პატარა ბობის გარდა, გოგონაც მყავს, რომელსაც სახელად ჯეინი დავარქვი.

- მაშ, გეიტსჰედ-ჰოლში აღარ ცხოვრობ?

- მე ახლა მეკარის მიერ მიტოვებულ საყარაულო ქოხში ვცხოვრობ.

- მიამბე, როგორ არიან ისინი? ყველაფერი დაწვრილებით მიამბე, ბესი. მაგრამ ჯერ დაჯექი. ბობი, მოდი ჩემთან, კალთაში ჩაგისვამ. მოხვალ? - ბობიმ ირჩია დედას მიკვროდა.

- ძალიან მაღალი არ გაზრდილხართ, მის ჯეინ. არც სრული ხართ, - განაგრძობდა მისის ლივენი. - როგორც ჩანს, არც ისე კარგად გინახავენ სასწავლებელში. მის რიდი თქვენზე გაცილებით მაღალი და სრულია, ხოლო, რაც შეეხება მის ჯორჯიანას, თქვენ ორი გამოიჭრებით მასში.

- ალბათ, ჯორჯიანა ძალიან ლამაზია, არა, ბესი?

- ძალიან. გასულ ზამთარს დედასთან ერთად ლონდონს წავიდა და იქ მისმა სილამაზემ ყველა აღტაცებაში მოიყვანა. ერთ ახალგაზრდა ლორდს შეუყვარდა, მისი ცოლად შერთვაც გადაწყვიტა, მაგრამ მისი მშობლები წინ აღუდგნენ მათ ქორწინებას და იცით, რა მოხდა? მან და ჯორჯიანამ გადაწყვიტეს, გაქცეულიყვნენ და ასეც მოიქცნენ; მაგრამ მალე იპოვეს და გზაშივე დააკავეს. ისინი საკუთარმა დამ, მის რიდმა გასცა. დარწმუნებული ვარ, მას შური უფრო ამოქმედებდა. ახლა დები როგორც ძაღლი და კატა, ისე არიან ერთმანეთში. მუდამ ჩხუბობენ.

- ჯონ რიდი როგორღაა?

- ოჰ, მისი საქმე არც ისე კარგად არის, როგორც მის დედას სურდა. ის ხომ კოლეჯში სწავლობდა, მაგრამ, მგონია, გამორიცხეს. შემდეგ მისმა ბიძებმა გადაწყვიტეს, ვექილი გამოსულიყო და კანონმდებლობა შეესწავლა, მაგრამ ისეთი თავგზააბნეული ახალგაზრდაა, მისგან დიდი არაფერი გამოვა.

- გარეგნობით როგორია?

- ძალიან მაღალია. ზოგიერთები მას მოხდენილი გარეგნობის ყმაწვილკაცად თვლიან, მაგრამ მე ასე არ მგონია. ჯონს ძალიან სქელი ტუჩები აქვს.

- მისის რიდზე რაღას მეტყვი?

- მეტისმეტად გასუქდა. თუმცა სილამაზე შეინარჩუნა, მაგრამ სულიერად არ უნდა იყოს დამშვიდებული. ვაჟიშვილის საქციელი არ მოსწონს. ჯონი ძალიან ბევრ ფულს ფლანგავს.

- მისის რიდმა გამოგგზავნა, ბესი?

- ოჰ, არა. დიდი ხანია მინდოდა თქვენი ნახვა და, როდესაც თქვენი წერილიდან შევიტყვე, რომ სადღაც შორს მიემგზავრებით, გადავწყვიტე, გამგზავრების წინ, ვიდრე ახლოს იმყოფებოდით და შემეძლო თქვენამდე მოღწევა, მენახეთ.

- ვშიშობ, იმედი გაგიცრუე, როგორსაც ელოდი, ისეთი არ აღმოვჩნდი, არა, ბესი? - ვუთხარი სიცილით. შევნიშნე, რომ ბესის გამოხედვა, მიუხედავად იმისა, რომ ღრმა პატივისცემის გრძნობით იყო გამსჭვალული, აღტაცებას სრულებით არ გამოხატავდა.

- არა, მის ჯეინ, სრულებითაც არა, თქვენ საკმაოდ მშვენიერი ხართ. ნამდვილ ლედის დამსგავსებიხართ. ამაზე მეტს არც მოველოდი. ბავშვობაშიც არ ყოფილხართ ლამაზი.

გამეღიმა ბესის გულახდილ პასუხზე. ვიგრძენი, რომ ის მართალი იყო. აქვე უნდა გამოგიტყდეთ, რომ მისი პასუხი მთლად გულგრილად არ მომისმენია. თვრამეტი წლის ასაკში ყველა ადამიანს სურს, რომ ის მოსწონდეთ და თუ ვინმე მას დაარწმუნებს, რომ მისი გარეგნობა არც ისე მომხიბვლელია, როგორც სხვების, არ შეიძლება ამან სიამოვნება მიანიჭოს.

- ვფიქრობ, თქვენ ძალიან ჭკვიანი იქნებით, - განაგრძო ბესიმ, რომ დავემშვიდებინე, - რა ისწავლეთ? დაკვრა თუ შეგიძლიათ?

- დიახ, ვუკრავ ცოტას.

ოთახში, მართლაც, იდგა ფორტეპიანო. ბესი მიუახლოვდა მას, ახადა და მთხოვა, რაიმე შემესრულებინა. მეც ერთი თუ ორი ვალსი დავუკარი და ისიც აღტაცებული დარჩა.

- მის რიდები ვერ უკრავენ ასე კარგად! - განაცხადა აღფრთოვანებულმა, - ყოველთვის ვამბობდი, რომ თქვენ აჯობებდით მათ სწავლაში. ხატავთ კიდეც?

- აი, ბუხართან, კედელზე სურათს რომ ხედავ, ჩემი დახატულია.

ეს იყო წყლის საღებავებით შესრულებული პეიზაჟი. ის სასწავლებლის მმართველს ვაჩუქე მადლობის ნიშნად იმ სამსახურისთვის, რომელიც მან კომიტეტის წევრების წინაშე გამიწია. მან სურათი ჩარჩოში ჩასვა და კედელზე ჩამოკიდა.

- ძალიან ლამაზია, მის ჯეინ! ეს სურათი არაფრით ჩამოუვარდება მის რიდების ხატვის მასწავლებლის მიერ შესრულებულ სურათებს, მაგრამ მის რიდები ხომ ამის მსგავსსაც ვერაფერს დახატავდნენ. ფრანგული ენაც შეისწავლეთ?

- დიახ, ბესი, ვკითხულობ და ვლაპარაკობ ფრანგულად.

- ქარგვაც და კერვაც იცი?

- დიახ, ვიცი.

- ოჰ, მთლად ლედი გამხდარხართ, მის ჯეინ! ყოველთვის მჯეროდა, რომ ეს ასეც იქნებოდა. ასე რომ, ცხოვრებაში თქვენ ადვილად გაიკაფავთ გზას ნათესავების დაუხმარებლადაც. ჰო, მართლა, მინდოდა ერთიც მეკითხა: გსმენიათ რამე მამათქვენის ნათესავებზე, ეარების გვარის შესახებ?

- არასოდეს არაფერი მსმენია ჩემს სიცოცხლეში.

- თქვენც ხომ იცით, მისის რიდი ყოველთვის ამბობდა, ისინი ღარიბები და უბრალო წრიდან გამოსული ადამიანები არიანო. შესაძლებელია, მართლაც ღარიბები არიან, მაგრამ სარწმუნოა, რომ ისევე, როგორც რიდები, კეთილშობილთა გვარს ეკუთვნიან. ერთ დღეს, დაახლოებით შვიდი წლის წინ, ვინმე მისტერ ეარი მოვიდა გეიტსჰედ-ჰოლში და თქვენი ნახვა სურდა. ქალბატონმა უთხრა, რომ თქვენ გეისტჰედში აღარ ცხოვრობთ და სასწავლებელში ხართ, რომელიც ორმოცდაათი მილით იყო დაშორებული ჩვენგან. როგორც ჩანს, მას ეს ძალიან ეწყინა; დიდხანს დარჩენა არ შეეძლო; რომელიღაც უცხო ქვეყანაში მიემგზავრებოდა; ჩქარობდა, რადგან გემი ლონდონიდან ერთსა თუ ორ დღეში გადიოდა. ის ნამდვილ ჯენტლმენს ჰგავდა და დარწმუნებული ვარ, მამათქვენის ძმა უნდა ყოფილიყო.

- რომელ ქვეყანაში მიდიოდა, ბესი?

- რომელიღაც შორეულ კუნძულზე, ათასი მილის დაშორებით, სადაც ღვინოებს აყენებენ, ჩვენმა მოურავმა მითხრა ასე.

- მადეირაზე? - ვკითხე მე.

- დიახ, სწორედ იქ. სწორედ მაგ სიტყვას ამბობდნენ.

- მაშ, გაემგზავრა?

- დიახ, რამდენიმე წუთიც არ დაყოვნებულა ჩვენთან. მისის რიდს საუბარში ძალიან ამაყად ეჭირა თავი, ხოლო მისი წასვლის შემდეგ "უსახელო ვაჭრუკანას~ უწოდებდა. ჩემი მეუღლე, რობერტი ფიქრობს, რომ ის ღვინით მოვაჭრე უნდა ყოფილიყო.

- დიახ, ადვილად შესაძლებელია, - ვუპასუხე მე. - ან, იქნებ, რომელიმე ღვინით მოვაჭრის მოხელე.

მე და ბესი ვიგონებდით წარსულს და დაახლოებით ერთი საათი ვსაუბრობდით. შემდეგ კი იძულებული გახდა, დავეტოვებინე, რადგან მეტი დრო არ ჰქონდა. მეორე დილით ის კვლავ ლოუტონში ვნახე რამდენიმე წუთით, როდესაც ეტლს ველოდებოდი. ერთმანეთს სასტუმრო "ბრო კლეჰერსტის" კართან დავშორდით.

თითოეული ჩვენგანი თავისი გზით წავიდა. ის გაუდგა გზას ლოვუდის მთებისკენ, რომ იქ გეიტსჰედ-ჰოლისკენ მიმავალ დაქირავებულ ეტლს შეხვედროდა. მე კი ჩავჯექი მილკოტისკენ მიმავალ დილიჟანსში, რომელსაც უნდა მივეყვანე თორნფილდში, სადაც სრულიად ახალი ცხოვრება, ახალი მოვალეობა და უცნობი გარემო მელოდა.

თავი მეთერთმეტე

რომანის ყოველი ახალი თავი წარმოდგენის ახალ მოქმედებას წააგავს. და ახლა, მკითხველო, როდესაც თქვენ წინ ფარდა აიხდება, წარმოიდგინეთ ოთახი მილკოტის სასტუმრო "ჯორჯში", რომლის კედლებზე ისეთი ულაზათო, დიდ-დიდი სურათებით მოხატული შპალერია გაკრული, როგორსაც, ჩვეულებრივ, სასტუმროებში იყენებენ ხოლმე. ასეთივეა ფეხქვეშ დასაგები ხალიჩა, ავეჯი, სხვადასხვანაირი მორთულობა და გრავიურები ბუხრის თავზე; კედლებზე ჯორჯ მესამისა და უელსის პრინცის პორტრეტებია. მესამე სურათზე ასახულია გენერალ ვოლფის სიკვდილი. ყოველივე ეს ჭერის შუაგულში ჩამოკიდებული ნავთის სანათურის შუქსა და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის ალზე მოჩანს. ჩემი ხელსათბური და ქოლგა მაგიდაზე აწყვია, მე კი ჯერ ისევ წამოსასხამითა და ქუდით ბუხართან ვზივარ და თექვსმეტი საათის მგზავრობისა და ოქტომბრის ცივი ამინდისგან გათოშილ და დახუთულ ხელ-ფეხს ვითბობ. ლოუტონიდან დილის ოთხ საათზე გამოვედით და ქალაქის ზარმა ეს-ეს არის რვაჯერ დარეკა.

მკითხველო, ალბათ, ფიქრობთ, რომ კარგად მოვეწყვე, მაგრამ თავში ათასნაირი ფიქრი ირევა; დამშვიდებული არა ვარ. როცა ჩვენი ეტლი სასტუმროსთან გაჩერდა, მეგონა, ვინმე დამხვდებოდა. სასტუმროს მოსამსახურემ ხის სამფეხა კიბე მოადგა დილიჟანსს, რომ უფრო ადვილად ჩამოვსულიყავი. ველოდი, გავიგონებდი ჩემს გვარს და დავინახავდი ჩემთვის გამზადებულ სრულიად განსხვავებულ ეტლს, რომელსაც თორნფილდში უნდა წავეყვანე. ირგვლივ ასეთი არაფერი ჩანდა. როდესაც მსახურს ვკითხე, იკითხა თუ არა ვინმემ მის ეარი, უარყოფითი პასუხი მივიღე. აღარაფერი დამრჩენოდა, გარდა იმისა, რომ სასტუმროში ცალკე ოთახი მომეთხოვა. აი, ახლა აქ ვიცდი და ათასნაირი ეჭვი და შიში აწამებს ჩემს გონებას.

ახალგაზრდა, გამოუცდელი ადამიანისთვის მეტად მძიმეა იმის შეგრძნება, რომ ამქვეყნად სულ მარტოა - ყველაფრისგან მოწყვეტილი და ბედის ანაბარა მიტოვებული. ის ხომ დარწმუნებულიც არ არის, მიაღწევს თუ არა იმ ნავსაყუდელს, რომელსაც ესწრაფვის. მრავალნაირი დაბრკოლების გამო, უკან დაბრუნებაც აღარ შეუძლია. მაგრამ ამ გრძნობას მეტად მიმზიდველს ხდის სათავგადასავლო ამბების მომხიბვლელობა. სიამაყის გრძნობა კი უფრო და უფრო აცხოველებს მას. თუმცა ბოლოს შიში აქრობს ყოველივეს. მეც ასევე შემიპყრო შიშმა, როცა ნახევარი საათი გავიდა და კვლავ მარტოდმარტო ვიყავი. ისღა მოვიფიქრე, ზარი დამერეკა.

- არის თუ არა ამ მიდამოებში მამული, რომელსაც თორნფილდს უწოდებენ? - ვკითხე მსახურს, რომელიც გამოძახებისთანავე შემოვიდა.

- თორნფილდი? არ ვიცი, ქალბატონო. ვიკითხავ სასადილო ოთახში. - ის იმ წამსვე გაქრა, მაგრამ მალევე შემობრუნდა.

- თქვენი გვარი ეარია, მის?

- დიახ.

- ვიღაც გიცდით გარეთ.

წამოვხტი. ჩემს ხელსათბურსა და ქოლგას ხელი წამოვავლე და აჩქარებული ნაბიჯებით სასტუმროს დერეფნისკენ გავეშურე. ღია კართან ვიღაც მამაკაცი იდგა. ქუჩაში ფარნის შუქზე ბუნდოვნად მოჩანდა ერთცხენიანი ეტლი.

- ეს, ალბათ, თქვენი ბარგია, - საკმაოდ უკმეხად მითხრა მან, როგორც კი დამინახა, და მიმითითა ჩემს ჩემოდანზე, რომელიც დერეფანში დაედგათ.

- დიახ, - ვუპასუხე. მან ჩემოდანი ეტლზე დადო. ჩავჯექი ეტლში, რომელიც დილიჟანსს უფრო წააგავდა, და სანამ კარს მომიხურავდა, ვკითხე, დაახლოებით რა მანძილი იყო თორნფილდამდე.

- თითქმის ექვსი მილი.

- რამდენ ხანში ვიქნებით ადგილზე?

- დაახლოებით საათ-ნახევარში.

მან კარი მოხურა, კოფოზე ავიდა და გზას გავუდექით. ნელა მივდიოდით და ფიქრისთვის ბევრი დრო მქონდა. მიხაროდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ჩემი მოგზაურობის დასასრული ახლოვდებოდა. მივეყრდნე ამ კეთილშობილი, თუმცა გარეგნულად არც ისე დიდებული ეტლის საზურგეს და თავისუფლად დავიწყე ფიქრი.

"თუ მსახურისა და ეტლის უბრალოების მიხედვით ვიმსჯელებთ, - ვფიქრობდი, - მისის ფეიერფექსი არცთუ ისე მაღალ წრეს უნდა ეკუთვნოდეს. მით უკეთესი. ბავშვობის გარდა, მე ხომ არასოდეს მიცხოვრია დიდებულთა საზოგადოებაში და მაშინაც ძალიან უბედურად ვგრძნობდი თავს; ნეტავ, მარტოდმარტო ცხოვრობს მისის ფეიერფექსი და იმ პატარა გოგონას მეტი არავინ ჰყავს? თუ ეს ასეა და ოდნავ მაინც თავაზიანი ადამიანია, უსათუოდ კარგად შევეგუები მას. ამასთანავე, შევეცდები, რაც შეიძლება კარგად მოვიქცე. სამწუხაროა, როდესაც ადამიანი ცდილობს, ყველას კარგი გაუკეთოს, მაგრამ მის ასეთ ცდას შესაბამისად არ უპასუხებენ. ლოვუდში მივიღე ეს გადაწყვეტილება, ასეც ვიქცეოდი და, მართლაც, ყველა ნასიამოვნები იყო. კარგად მახსოვს, მისის რიდის ოჯახში ჩემს კარგ საქციელს ზიზღით ზურგს აქცევდნენ. ღმერთს ვთხოვ, მისის ფეიერფექსი მეორე მისის რიდი არ გამოდგეს! თუ ის მისის რიდივით მომექცევა, მე ხომ ვალდებული არ ვარ, მასთან დავრჩე. თუ ამაზე მეტი საშინელება მომელის, მაშინ კვლავ გავგზავნი განცხადებას. ნეტავ, შორსა ვართ კიდევ?~

სარკმელი ჩამოვუშვი. ირგვლივ მიმოვიხედე. მილკოტი უკან დაგვრჩა. შორს, ციცინათელებივით, უამრავი სინათლის სხივი კიაფობდა. ამით მივხვდი, მილკოტი ლოუტონზე ბევრად დიდი ქალაქი უნდა ყოფილიყო. ახლა ჩვენი გზა საერთო საძოვრებზე გადიოდა. მთელ ამ მიდამოში მხოლოდ აქა-იქ მიმოფანტული საცხოვრებელი სახლები მოჩანდა. ვიგრძენი, ლოვუდისგან სრულიად განსხვავებულ, უფრო მჭიდროდ დასახლებულ, სიცოცხლითა და ხმაურით სავსე, თუმცა არც ისე თვალწარმტაც და ნაკლებად რომანტიკულ მხარეში მოვხვდი.

ცუდი გზებისა და ბურუსიანი ღამის გამო, მეეტლეს ცხენი ტაატით მიჰყავდა. დარწმუნებული ვარ, საათ-ნახევრის სავალს თითქმის ორ საათს მოვუნდით. ბოლოს, მეეტლე მომიბრუნდა და მითხრა:

- ახლა უკვე შორს აღარ ვართ თორნფილდიდან.

კვლავ გავიხედე სარკმელში. ეკლესიას გვერდით ჩავუარეთ. შევნიშნე მისი ფართო, ცად აზიდული გუმბათი. სწორედ ამ დროს სამრეკლოზე ზარის ხმა გაისმა. ეს ხმა საათის მეოთხედს აღნიშნავდა. გორაკის მახლობლად მკრთალად მბჟუტავი სანთლის შუქი მოჩანდა. მივხვდი, იქ სოფელი ან დასახლებული ადგილი უნდა ყოფილიყო. ასე, დაახლოებით ათი წუთის შემდეგ მეეტლე კოფოდან ჩამოვიდა, ალაყაფის ორივე კარი გააღო და შიგნით შევედით. ჩვენ უკან კარი ჭრიალით დაიხურა. ხეივანს ნელ-ნელა მივუყვებოდით და ბოლოს დიდი შენობის წინ აღმოვჩნდით. არც ერთ ფანჯარაში შუქი არ მოჩანდა. მხოლოდ ერთი, ფარდებჩამოფარებული სარკმლიდან გამოკრთოდა სინათლე. ეტლი სადარბაზო შესასვლელთან შეჩერდა. კარი მსახურმა ქალმა გაგვიღო. ეტლიდან ჩამოვედი და შიგნით შევედი.

- გთხოვთ, აქეთ წამობრძანდეთ, ქალბატონო, - მითხრა მსახურმა გოგონამ და დიდი, ოთხკუთხა დარბაზიდან, რომელსაც ირგვლივ მაღალი კარი ჰქონდა, რომელიღაც ოთახში გამიყვანა. ოთახი განათებული იყო მოციმციმე სანთლის შუქითა და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლის ალით. გზაში, ორი საათის განმავლობაში, სიბნელეს იმდენად შევეჩვიე, რომ ოთახში შესვლისთანავე შუქმა თვალი მომჭრა. როგორც კი საგნების გარჩევა შევძელი, ჩემ წინ მეტად სასიამოვნო სურათი გადაიშალა.

წარმოიდგინეთ პატარა და ლამაზი ოთახი, მხიარული ცეცხლის პირას მრგვალი მაგიდა; ძველებურ, მაღალზურგიან სავარძელში პატარა, მეტად კოპწიად ჩაცმული მანდილოსანი შავი აბრეშუმის კაბით, თოვლივით თეთრი მარმაშის წინსაფრითა და თავზე ქვრივის თავსაბურავით. სწორედ ისეთია მისის ფეიერფექსი, როგორიც წარმოვიდგინე, მხოლოდ ერთი განსხვავებით: უფრო ნაკლებად წარმოსადეგი და უფრო კეთილი გამომეტყველების. ის ქსოვდა. მის ფერხთით კი დიდი კატა განცხრომით მოკალათებულიყო. ერთი სიტყვით, ამ მყუდრო ოჯახის იდილიას არაფერი არღვევდა. ახალმოსული აღმზრდელი ამაზე კარგ შეხვედრას ვერც ინატრებდა. თქვენ აქ ვერც თვალის მომჭრელი ბრწყინვალება შეგაკრთობდათ და ვერც ვინმეს მედიდურობა შეგაშფოთებდათ. შევედი თუ არა, ხანში შესული მანდილოსანი წამოდგა და კეთილი ღიმილით იმწამსვე ჩემს შესახვედრად გამოემართა.

- გამარჯობა, ჩემო კარგო. ალბათ, გზაში დაიქანცეთ; ჯონს ძალიან ნელა დაჰყავს ეტლი. ვინ იცის, შეგცივდათ კიდეც. მოდით ახლოს, ბუხართან.

- თქვენ, ალბათ, ქალბატონი ფეიერფექსი ბრძანდებით, - ვთქვი მე.

- დიახ, სწორად გამოიცანით, დაბრძანდით, გეთაყვა.

მან თავის სავარძელთან მიმიყვანა, შალი მომხადა და შეეცადა, ჩემი ქუდის ბაფთები გამოეხსნა. ვთხოვე, არ შეწუხებულიყო.

- ოჰ, ეს რა შეწუხებაა. ხელები მთლად გაგყინვიათ სიცივისგან. ლი, სასწრაფოდ შეამზადეთ ცხელი გროგი და ერთი-ორი ბუტერბროდი. აი, საკუჭნაოს გასაღებიც.

მან ჯიბიდან ამოიღო გასაღებების შეკვრა, როგორც ეს დიასახლისებს სჩვევიათ, და მოსამსახურეს გადასცა.

- ახლა კი ცეცხლთან უფრო ახლოს მოიწიეთ, - განაგრძო მან. - ალბათ, ბარგი თან გაქვთ, არა, ჩემო ძვირფასო?

- დიახ, ქალბატონო.

- ახლავე ვუბრძანებ, თქვენს ოთახში შეიტანონ, - თქვა ეს და აჩქარებით გავიდა ოთახიდან.

"ისე მექცევა, თითქოს სტუმრად ვიყო მოსული, - გავიფიქრე, - სრულებით არ მეგონა, თუ ასე მიმიღებდნენ. მე ხომ მხოლოდ ცივსა და ქედმაღლურ შეხვედრას ველოდი. აღმზრდელებს ხომ ასე არ ხვდებიან. მაგრამ სიხარული ჯერ ნაადრევია, ვნახოთ".

მისის ფეიერფექსი მალე დაბრუნდა. საკუთარი ხელით აალაგა მაგიდიდან საქსოვი, რამდენიმე წიგნი და გაათავისუფლა ადგილი ლანგრისთვის, რომელიც ის იყო ლიმ შემოიტანა. მერე თავისი ხელით მომაწოდა სასმელი და ბუტერბროდიც. თავს უხერხულად ვგრძნობდი, რადგან აქამდე ჩემდამი ასეთი ყურადღება არავის გამოუჩენია. ახლა კი ჩემი პატრონი და ჩემზე ბევრად მაღლა მდგომი ადამიანი დიდი მზრუნველობით მექცეოდა. ნათლად ჩანდა, ისეთს არაფერს აკეთებდა, რაც მის ღირსებას დაამცირებდა. მეც გადავწყვიტე, მის თავაზიანობას მშვიდად შევხვედროდი.

- ალბათ, ამ საღამოსვე შემეძლება მის ფეიერფექსის გაცნობა? - ვიკითხე დანაყრების შემდეგ.

- რა თქვით, ჩემო კარგო? ცოტა ყურს მაკლია, - მკითხა კეთილმა ქალმა და ყური ჩემს ტუჩებთან სულ ახლოს მოიტანა.

მე უფრო გარკვევით გავიმეორე ჩემი შეკითხვა.

- მის ფეიერფექსი? ოჰ! თქვენ, ალბათ, მის ვარენსს კითხულობთ? თქვენი მომავალი მოწაფის გვარი ვარენსია.

- მართლა? მაშ, ის თქვენი ქალიშვილი არ არის?

- არა, მე საკუთარი ოჯახი არა მაქვს.

მაინტერესებდა, რა ნათესაობა აკავშირებდათ მასა და მის ვარენსს, მაგრამ მაშინვე გამახსენდა, ამდენი შეკითხვის ერთბაშად მიცემა უზრდელობა იქნებოდა. გარდა ამისა, დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერს თავის დროზე შევიტყობდი.

- ძალიან მიხარია, - განაგრძო მან, როგორც კი ჩემს მოპირდაპირედ მდგარ სავარძელში ჩაჯდა და კატა მუხლებზე დაისვა. - ძალიან მიხარია თქვენი მოსვლა. ახლა ამ სახლში თქვენთან ერთად ყოფნა მეტად სასიამოვნო იქნება. გარწმუნებთ, აქ ცხოვრებას თავისი სილამაზე აქვს, რა დროც არ უნდა იყოს. თორნფილდი მშვენიერი, ძველებური სასახლეა. ამ ბოლო ხანს, მართალია, უპატრონოდ მიატოვეს, მაგრამ მაინც დიდებული ადგილია. ზამთრობით მის ყველაზე მდიდრულად მოწყობილ ოთახებშიც კი მარტოდმარტო შთენილი ადამიანის გულს საშინელი სევდა ეუფლება. თუმცა ლი მეტად კარგი გოგონაა, ჯონი და მისი მეუღლეც მეტად თავაზიანი ადამიანები არიან, მაგრამ მათ, როგორც თანასწორთ, ვერასოდეს ესაუბრები. ხომ იცით, ისინი მხოლოდ და მხოლოდ მოსამსახურეები არიან. მანძილი ჩვენსა და მათ შორის მუდამ უნდა გვახსოვდეს. თუ ასე არ მოვიქცევით, პატივისცემასა და გავლენას დავკარგავთ. გასულ ზამთარს, ასე, ნოემბრიდან თებერვლამდე (არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მეტად მკაცრი ამინდები დაიჭირა; ხან თოვდა, ხან წვიმდა, ხან ქარი ქროდა), გარდა ყასბისა და ფოსტალიონისა, ამ სახლს ადამიანის შვილი არ გაჰკარებია. ზამთრის ასეთ გრძელ ღამეებში სიმარტოვისგან ჩემს გულს სევდა იპყრობდა. დროდადრო ლის მოვუხმობდი ხოლმე, რამე წაეკითხა. ვფიქრობ, საბრალო გოგონას ეს საქმიანობა მაინცდამაინც არ სიამოვნებდა, მაგრამ თავს ძალას ატანდა. გაზაფხულსა და ზაფხულში გაცილებით უკეთესად გრძნობს ადამიანი თავს. მზე ანათებს, დღე დიდდება და სრულიად სხვა ელფერი ეძლევა აქაურობას. ამ შემოდგომის დამდეგს პატარა ადელ ვარენსი და მისი ძიძა გვეწვივნენ. ბავშვი ხომ მაშინვე გამოაცოცხლებს ხოლმე სახლს! ახლა კი თქვენც ჩამოხვედით და უფრო მხიარულად ვიქნებით.

გული გამითბო ამ პატივსაცემი მანდილოსნის სიტყვებმა. სავარძელი უფრო ახლოს მივწიე, სულითა და გულით მინდოდა, მისი იმედები გამემართლებინა და ამ ოჯახში ჩემს შესვლას მართლაც ისეთი სიამოვნება მიენიჭებინა მისთვის, როგორსაც ელოდა.

- ამაღამ დიდხანს აღარ დაგაყოვნებთ, - მითხრა მან, - უკვე თორმეტი სრულდება, თქვენ კი მთელი დღის ნამგზავრი ხართ. დაღლილი იქნებით. თუ ფეხები უკვე გაგითბათ, თქვენს საწოლ ოთახამდე მიგაცილებთ. მოსამსახურეს ვუბრძანე, თქვენი ოთახი ჩემი საძინებელი ოთახის გვერდით მოემზადებინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ოთახი პატარაა, იმედი მაქვს, შენობის წინა ნაწილში მდებარე ოთახებთან შედარებით, ეს უფრო მოგეწონებათ. მართალია, ავეჯი იქ უფრო დიდი გემოვნებითაა შერჩეული, მაგრამ ისეთი განმარტოებული და მდუმარებით მოცულია, რომ იქ არასოდეს ვიძინებ.

მადლობა მოვახსენე ასეთი მზრუნველობისთვის. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ დაღლილობას ვგრძნობდი და მზად ვიყავი, მაშინვე წავსულიყავი დასაძინებლად. ქალბატონმა ფეიერფექსმა სანთელი აიღო და მეც უკან გავყევი. პირველ ყოვლისა, სადარბაზო კარი შეამოწმა - ჩაკეტილი იყო თუ არა. საკეტიდან გასაღები გამოიღო და მერე ზედა სართულისკენ გავემართეთ. კიბის საფეხურები და მოაჯირი მუხის ხისგან იყო ნაკეთები. კიბის თავზე მაღალი, ჩარჩოებით პატარ-პატარად დაყოფილი სარკმლები დაეტანებინათ. ეს სარკმლები და გრძელი დერეფანი, სადაც საწოლი ოთახების კარები გამოდიოდა, ეკლესიას უფრო ჰგავდა, ვიდრე საცხოვრებელ სახლს. კიბეებსა და დერეფანში ისეთი სიცივე გამეფებულიყო, როგორიც სარდაფებში იცის ხოლმე. ირგვლივ უსიხარულო განწყობილება, სიცარიელე და განმარტოებულობა სუფევდა, ამიტომაც ძალიან გამიხარდა, როდესაც საბოლოოდ ჩემს პატარა, მაგრამ მთლად ახალ ყაიდაზე მოწყობილ ოთახში აღმოვჩნდი.

მისის ფეიერფექსი გულთბილად დამემშვიდობა, ძილი ნებისა მისურვა და მეც ჩემი ოთახის კარი ჩავრაზე. ოთახი დაკვირვებით დავათვალიერე. საშინელი შთაბეჭდილება, რომელიც ჩემზე დიდმა დარბაზმა, ჩაბნელებულმა ფართო კიბემ და ცივმა, გრძელმა დერეფანმა მოახდინა, ჩემმა პატარა და მყუდრო ოთახმა გაფანტა. ვიგრძენი, რომ მთელი დღის ფიზიკური გადაღლისა და სულიერი მღელვარების შემდეგ საიმედო თავშესაფარში ვიმყოფებოდი. გული მადლიერების გრძნობით ამევსო. ჩემი საწოლის წინ მუხლი მოვიყარე და მადლობა შევწირე მას, ვისაც ის იმჟამად ჩემგან ეკუთვნოდა. არ დამვიწყებია, სანამ წამოვდგებოდი, მასვე შევვედრებოდი, რომ მომავალშიც დამხმარებოდა ჩემი ცხოვრების გზაზე; მოეცა ძალა და ენერგია, ღირსეულად მეპასუხა იმ გულწრფელად გაღებული სიკეთისთვის, რომელიც ჯერ არ დამემსახურებინა. მომეჩვენა, რომ იმ ღამეს უკვე ეკლებზე აღარ მეძინა. ჩემს განმარტოებულ ოთახს შიში არ ეკარებოდა. დაღლილსა და კმაყოფილს, ღრმად ჩამეძინა. როდესაც გავიღვიძე, უკვე კარგად განათებულიყო.

ჩემს თვალს პატარა, ნათელი ოთახი წარმოუდგა. ლურჯი ჩითის ფარდებში მზის სხივები მხიარულად იჭვრიტებოდნენ და მის შუქზე გარკვევით ვხედავდი შპალერით დაფარულ კედლებსა და იატაკზე დაფენილ ნოხს. აღტაცებით შევცქეროდი ირგვლივ ყველაფერს და ვფიქრობდი, როგორ განსხვავდებოდა ყოველივე ეს ლოვუდის შელესილ-შეღებილი კედლებისა და მთლად შიშველი იატაკისგან. ახალგაზრდაზე გარეგნულ სილამაზეს მუდამ დიდი შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია. ვიგრძენი, ახალი ზღაპრული ხანა იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში; ის ამიერიდან არა მარტო უსიამოვნებასა და მძიმე შრომას მიქადდა, არამედ ბედნიერებასა და სიხარულსაც. ცხოვრების პირობების ცვლილებასთან ერთად, ვიგრძენი, ძალა და უნარი მემატებოდა. ახალმა გარემომ იმედი ჩამისახა და გამომაცოცხლა. არ ვიცი, რას მიმზადებდა ის, მაგრამ მაინც რაღაც იდუმალი სიამოვნებით ავსებდა ჩემს გულს. შესაძლებელია, ეს არ მომხდარიყო დღეს ან ხვალ, თუნდაც ერთი თვის შემდეგ, მაგრამ ოდესმე, მომავალში, ხომ მოხდებოდა.

ავდექი, საგულდაგულოდ გამოვეწყვე. იძულებული ვიყავი, სადად ჩამეცვა, რადგან ჩემი სამოსი მუდამ განსაკუთრებული უბრალოებით გამოირჩეოდა. ბუნებით კი ლაზათიანად ჩაცმა-დახურვის მოყვარული ვიყავი. არც იმ შთაბეჭდილებისადმი ვრჩებოდი გულგრილი, რომელსაც მე თვით ვახდენდი საზოგადოებაში. პირიქით, რადგან სილამაზე ხელს არ მიწყობდა, მუდამ მინდოდა, მიმზიდველი ვყოფილიყავი და კარგი შთაბეჭდილებაც მომეხდინა მნახველზე. ხანდახან გულისტკივილსაც კი განვიცდიდი, რომ ბუნებამ უფრო მეტი სილამაზით არ დამაჯილდოვა; ვნატრობდი, მქონოდა ვარდისფერი ლოყები, სწორი და თლილი ცხვირი, პაწაწინა, ალუბლისფერი ტუჩები, მაღალი, წერწეტა ტანი და სხეულის ჩამოსხმული ფორმები. ჩემი პატარა ტანადობა, სიფერმკრთალე, არასწორი და მკვეთრი სახის ნაკვთები ამქვეყნად ყველაზე დიდ უბედურებად მიმაჩნდა. რატომ მქონდა ასეთი მისწრაფებანი ან რატომ განვიცდიდი სინანულს? ჩემი თავისთვისაც ვერ ამეხსნა. თუმცა, ვინ იცის, იქნებ მიზეზიც მქონდა, სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური. თმა საგულდაგულოდ დავივარცხნე, შავი კაბის ჩაცმა ვარჩიე. კაბა სულ უბრალოდ იყო შეკერილი. მას მხოლოდ თოვლივით თეთრი გულისპირი ამშვენებდა და ძალიანაც მიხდებოდა. ვიფიქრე, საკმაოდ დარბაისლური შესახედაობით წარვმდგარიყავი მისის ფეიერფექსის წინაშე. ვცდილობდი, ჩემს მოსწავლეზე კარგი შთაბეჭდილება მომეხდინა და პირველი შეხვედრისთანავე მოვწონებოდი. სარკმელი გამოვაღე, თვალი მოვავლე ჩემს მაგიდას, მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ყველაფერს რიგზე ვტოვებდი და ოთახიდან გავედი.

გავიარე გრძელი და მოფარდაგებული დერეფანი; დავეშვი გაპრიალებული მუხის კიბის საფეხურებზე; დარბაზში შევედი; იქ ერთი წუთით შევჩერდი და კედლებზე სურათებს ვათვალიერებდი (ერთზე, რამდენადაც მახსოვს, გამოსახული იყო ბეგთარში ჩამჯდარი პირქუში მამაკაცი, მეორეზე კი - ქალბატონი, შეპუდრული თმითა და მარგალიტის ყელსაბამით). შევყურებდი დიდ, ოქროსფერ, მბრჭყვინავ ლამპას, რომელიც ჭერის შუაგულში ეკიდა, კედლის უზარმაზარ, შავ საათს, რომლის მუხის ხის ჩარჩო ჟამთა სვლასა და წმენდას ბანოზის ხესავით ჩაემუქებინა. ჩემს თვალში ყველაფერი განსაკუთრებული და დიდებული ელფერით ბრწყინავდა. ასეთ თვალისმომჭრელ სიმდიდრეს მიჩვეული არ ვიყავი. ნახევრამდე მინის კარი ღია დამხვდა. კარის ზღურბლს გადავაბიჯე და გარეთ გავედი. შემოდგომის მშვენიერი დილა იყო. ადრეული მზის სხივები საამურად ბრწყინავდა სხვადასხვაფრად შეფოთლილ ხეივნებსა და ჯერ კიდევ მწვანედ მობიბინე მინდვრებზე. მწვანე მოლს გავყევი და შენობის წინა მხარის თვალიერება დავიწყე. ეს სამსართულიანი შენობა, სიმაღლესთან შედარებით, არც ისე ფართო მოგეჩვენებოდათ, მაგრამ, უნდა ითქვას, საკმაოდ დიდ სასახლეს ჰგავდა. ეს ხომ ჯენტლმენის კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ბინა იყო და არა რომელიმე წარჩინებული პირის სახლ-კარი. სახურავის გარშემო ქონგურები შენობას თვალწარმტაც იერს მატებდა. სასახლის ნაცრისფერი წინა ნაწილი მკვეთრად გამოირჩეოდა უკანა ხედისგან, სადაც უამრავი ჭილყვავი ბუდობდა. ისინი ყვა-ყვას ჩხავილით თავს დასტრიალებდნენ მწვანედ აბიბინებულ ეზოს; უფრო შორსაც მიფრინავდნენ, თვალუწვდენელი მინდვრებისკენ, რომლებიც ეზოსგან საკმაოდ მოძველებული და დარღვეული ღობით იყო გამოყოფილი. ეზოს გადაღმა უამრავი ძველთაძველი, ფესვმაგარი, კუნძებით დახორკლილი და ბერმუხებივით ფართოდ გაშლილი ეკლის ხეები ჩამწკრივებულიყო. ეს გარემოება მაშინვე გატყობინებდათ, თუ რატომ შერქმეოდა ამ კარ-მიდამოს თორნფილდი. უფრო მოშორებით გორაკები მოჩანდა, არც ისეთი მაღალი და ციცაბო, როგორიც ლოვუდში მენახა. ეს მაღალი ბორცვები მოგაგონებდათ იმ გამყოფ ბარიერს, რომელიც აღმართულიყო მასა და სიცოცხლით მჩქეფარე გარე სამყაროს შორის. მაგრამ ეს მდუმარებით მოცული და უკაცრიელი გორაკები, რომლებიც გარს ეკვრნენ თორნფილდს, მას განმარტოებულ სავანედ ხდიდნენ. სრულებით არ მოველოდი, რომ მილკოტის, ამ აურზაურით სავსე ქალაქის ახლოს ასეთ მყუდრო ადგილებს ვიხილავდი. ერთ-ერთი გორაკის ფერდობზე პატარა სოფელი შეფენილიყო. მოჩანდა აქა-იქ მიმოფანტული სახლების სახურავები, რომლებსაც მაღალი ხეები ფარავდა. სოფლის ეკლესია თორნფილდთან უფრო ახლოს იყო. ამ ეკლესიის ძველი გუმბათი სახლსა და ჭიშკარს შორის აღმართულ ბორცვს გადმოჰყურებდა.

ჯერ ისევ სიამოვნებით შევყურებდი მყუდროებით მოცულ არემარეს, ვტკბებოდი დილის მაცოცხლებელი სუფთა ჰაერით, ყურს ვუგდებდი ჭილყვავთა ჩხავილს, დაკვირვებით ვათვალიერებდი შენობის ფართო ძველებურ წინახედს და ვფიქრობდი იმაზე, რამდენად დიდი იყო ეს სასახლე ისეთი მარტოხელა ქალისთვის, როგორიც მისის ფეიერფექსი გახლდათ, რომ სწორედ ამ დროს კარში ეს მანდილოსანიც გამოჩნდა.

- უკვე ამდგარხართ? - მკითხა მან, - როგორც ვხედავ, ადრე ადგომა გყვარებიათ.

მივუახლოვდი. ის ალერსიანად მომესალმა, გულთბილად ჩამომართვა ხელი და მაკოცა.

- როგორ მოგეწონათ თორნფილდი? - მკითხა მან. ვუპასუხე, ძალიან მომწონს-მეთქი.

- დიახ, - თქვა მან, - ეს მართლაც მშვენიერი ადგილია; მაგრამ ვშიშობ, ყველაფერი აირ-დაირევა, თუ მისტერ როჩესტერი არ გადაწყვეტს, უფრო ხშირად გვესტუმროს ან მუდმივად აქ დასახლდეს საცხოვრებლად. ასეთი დიდი სასახლე და მამული მფლობელის მუდმივ მეთვალყურეობას მოითხოვს.

- ვინ არის მისტერ როჩესტერი? - წამოვიძახე მე.

- თორნფილდის პატრონი, - მიპასუხა მან მშვიდად. - არ იცით, განა, რომ მისი გვარი როჩესტერია?

რასაკვირველია, არ ვიცოდი. არაფერი მსმენოდა მასზე. ჩანდა, ეს ხანში შესული ქალბატონი ფიქრობდა, რომ მისტერ როჩესტერი ამქვეყნად ყველას უნდა ცნობოდა, ან ალღოთი მაინც უნდა მიმხვდარიყო, ვინ იყო იგი.

- მეგონა, - განვაგრძე მე, - თორნფილდი თქვენ გეკუთვნოდათ.

- მე? ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ჩემო ბავშვო, ეს რამ გაფიქრებინათ? მე მხოლოდ მაბარია ეს სახლ-კარი. როჩესტერებს დედის მხრიდან ვენათესავები, უფრო სწორად, ჩემი მეუღლე ენათესავებოდა. ის მღვდელი იყო და, აი, იმ პატარა სოფელ ჰეის ეკლესიაში წირავდა, გორაკზე რომ მოჩანს. ჩვენს ჭიშკართან ახლოს მდებარე ეკლესიაც მას ეკუთვნოდა. ჩვენი პატრონის, მისტერ როჩესტერის დედა გვარად ფეიერფექსი იყო და ჩემს მეუღლეს გარე ბიძაშვილად ერგებოდა. ამ ნათესაობით მე არასოდეს ვსარგებლობ. სინამდვილეში, ეს არც არაფერს ნიშნავს ჩემთვის. მე მხოლოდ ამ სახლის მოვლა-პატრონობა მავალია. ჩემი პატრონი ყოველთვის პატივისცემით მეპყრობა და მეც მეტს არაფერს ვითხოვ.

- მაშ, ეს პატარა გოგონა, ჩემი მოწაფე, ვინ არის?

- მას მისტერ როჩესტერი უწევს მეურვეობას. მანვე დამავალა, ბავშვისთვის აღმზრდელი მეშოვა. როგორც ჩანს, სურს, გოგონა აქ აღიზარდოს. აი, ისიც აქეთ მოდის თავის ბონნე-სთან ერთად, როგორც ის თავის ძიძას ეძახის.

გამოცანა ამოიხსნა. ეს გულთბილი და კეთილი პატარა ქვრივი არ იყო ის დიდებული ქალბატონი, როგორც მე წარმოვიდგინე. ისიც ჩემსავით სხვაზე დამოკიდებული ადამიანი აღმოჩნდა. ამის გამო მას ჩემს თვალში ფასი არ დაუკარგავს. პირიქით, ვგრძნობდი, უფრო მეტად ნასიამოვნები დავრჩი, რომ სინამდვილეში ჩვენ უფლებრივად თანასწორნი აღმოვჩნდით და მისი ჩემდამი დამოკიდებულება თავმდაბლობით არ აიხსნებოდა; მით უკეთესი. ამიერიდან მე უფრო თავისუფლად შემეძლო მეგრძნო თავი.

ჯერ კიდევ ამ ფიქრებით ვიყავი გართული, რომ ეზოში, მწვანე მოლზე გამოჩნდა პატარა გოგონა ძიძის თანხლებით. ის სირბილით მოგვიახლოვდა. დაკვირვებით შევხედე ჩემს მოწაფეს, რომელმაც პირველად, როგორც ჩანს, ვერც შემნიშნა. ის ჯერ კიდევ სულ პატარა იყო, ასე შვიდი-რვა წლისა, გამხდარი, ფერმკრთალი, სახის პაწაწინა ნაკვთებით, მეტისმეტად ხშირი თმით, რომელიც კულულებად ეფინებოდა წელამდე.

- დილა მშვიდობისა, მის ადელ, - მიესალმა მისის ფეიერფექსი, - მოდი ჩვენთან. აი, შენი მასწავლებელი. მისი წყალობით ლედი გახდები.

გოგონა მოგვიახლოვდა.

- ც"ესტ ელლე მა გოუვერნანტე? - ჰკითხა მან ფრანგულად თავის გამდელს და ჩემზე მიუთითა.

- მაის ოუი, ცერტაინემენტ, - უპასუხა მან.

- უცხოელები არიან? - ვკითხე განცვიფრებულმა, როდესაც მათი ფრანგულ ენაზე საუბარი მოვისმინე.

- ძიძა ფრანგია. ადელი კონტინენტზე დაიბადა. დარწმუნებული ვარ, იქიდან ფეხი არსად გაუდგამს და მხოლოდ ამ ექვსი თვის წინ ჩამოვიდა აქ. პირველად ინგლისურად ერთი სიტყვის თქმაც არ შეეძლო. ახლა ასე თუ ისე ახერხებს საუბარს, მაგრამ მას მაინც ვერ ვუგებ, ინგლისურსა და ფრანგულს ერთმანეთში ურევს. იმედი მაქვს, თქვენ მაინც გაუგებთ კარგად.

საბედნიეროდ, ფრანგული ენა ჯერ კიდევ ლოვუდში, ფრანგი ქალის, მადამ პიეროსგან შევისწავლე. დროს გამოვნახავდი თუ არა, შემთხვევას ხელიდან არ ვუშვებდი და მასთან ვსაუბრობდი. გარდა ამისა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყოველდღე ზეპირად ვსწავლობდი ნაწყვეტებს ფრანგული ლიტერატურიდან. დიდი შრომა და წვალება დამჭირდა იმისთვის, რომ სწორად მელაპარაკა, ვბაძავდი ჩემი მასწავლებლის მეტყველებას. იმედი მქონდა, მადმუაზელ ადელთან საუბარი არ გამიძნელდებოდა. გოგონამ გაიგონა თუ არა, რომ მისი აღმზრდელი ვიყავი, მომიახლოვდა და ხელი ჩამომართვა. როცა ის სასაუზმოდ შინ შევიყვანე, გზაზე მშობლიურ ენაზე გამოველაპარაკე. თავდაპირველად ძალიან მოკლედ და უხალისოდ მპასუხობდა. მაგიდას შემოვუსხედით. ის დიდხანს მაკვირდებოდა თავისი დიდი და მუქი თაფლისფერი თვალებით. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ ბავშვმა გუნება გამოიცვალა და ჩემთან თავისუფლად დაიწყო ტიტინი.

- ოჰ, - წამოიძახა მან ისევ ფრანგულად, - თქვენ ჩემს მშობლიურ ენაზე ისევე კარგად ლაპარაკობთ, როგორც მისტერ როჩესტერი. მე ახლა თქვენთან ისევე შემიძლია საუბარი, როგორც მასთან და სოფისთან. განსაკუთრებით, ეს სოფისთვის იქნება სასიამოვნო. ის აქ ვერავის ელაპარაკება. მადამ ფეიერფექსი მხოლოდ ინგლისურ ენაზე ლაპარაკობს. იცით, სოფი ჩემი ძიძაა. ის ჩემთან ერთად ჩამოვიდა აქ დიდი გემით. ამ გემის საკვამლე მილი იცით, როგორ ბოლავდა! ოჰ, როგორ ბოლავდა! მე და სოფის გემზე გული გვერეოდა და სისუსტეს ვგრძნობდით. მისტერ როჩესტერიც ჩვენს დღეში ჩავარდა. ის დივანზე იწვა ერთ ლამაზ ოთახში, რომელსაც სალონს ეძახდნენ. მე და სოფის კი სხვა ოთახში გვქონდა პატარა საწოლები. კინაღამ გადმოვვარდი ჩემი საწოლიდან. ის უფრო თაროს წააგავდა და, მადმუაზელ, რა გვარი ხართ?

- ეარი, ჯეინ ეარი.

- აირი? ოჰ, რა ძნელია თქვენი გვარის სწორად გამოთქმა. დიახ, იმას მოგახსენებდით, ჩვენი გემი უთენია გაჩერდა ერთ დიდ ქალაქში. ეს იყო თვალუწვდენელი ქალაქი, ბნელი სახლებითა და მხრჩოლავი საკვამურებით. ოჰ, ის სრულებით არ ჰგავდა იმ სუფთა და ლამაზ ქალაქს, საიდანაც წამომიყვანეს. მისტერ როჩესტერმა ხელში ამიყვანა, სანამ ნაპირს მივაღწევდით. სოფი ჩვენ უკან მოდიოდა. მერე ყველანი ეტლში ჩავსხედით. ეტლმა კი მშვენიერ დიდ სასახლესთან მოგვიყვანა. ის გაცილებით დიდი და ლამაზია ამ სახლთან შედარებით. მას, მგონი, სასტუმროს უწოდებენ. იქ ჩვენ დაახლოებით ერთ კვირას დავრჩით. მე და სოფი ყოველდღე დავსეირნობდით ბაღში, რომელიც სავსე იყო უზარმაზარი მწვანე ხეებით და მას პარკს ეძახდნენ. ჩემ გარდა იქ უამრავი ბავშვი ირეოდა. ხელოვნური ტბა სავსე იყო ლამაზი ფრინველებით, რომელთაც მე ნამცეცებით ვკვებავდი.

- ნუთუ გესმით მისი, ასე სწრაფად რომ ტიკტიკებს, - მკითხა მისის ფეიერფექსმა.

მშვენივრად მესმოდა, რადგან შეჩვეული ვიყავი მადამ პიეროს სწრაფ საუბარს.

- მინდოდა, - განაგრძო კეთილმა ქალმა, - გეკითხათ რაიმე მშობლების შესახებ. ნეტავ, თუ ახსოვს ისინი?

- ადელ, - ვკითხე მე, - ვისთან ერთად ცხოვრობდი იმ სუფთა და მშვენიერ ქალაქში, რომლის შესახებ ახლა მელაპარაკებოდი?

- ვიდრე დედა წმინდა მარიამთან წავიდოდა, მასთან ერთად ვცხოვრობდი. ის ცეკვას, სიმღერასა და ლექსების კითხვას მასწავლიდა. დედასთან უამრავი სტუმარი დადიოდა. მათ წინაშე ვცეკვავდი, ხან კი მუხლებზე დამისვამდნენ და მამღერებდნენ. ოჰ, როგორ მიყვარდა ასეთი საღამოები. გინდათ, გიმღეროთ ახლა?

ამასობაში საუზმე დამთავრდა და ნება დავრთე, გამოემჟღავნებინა თავისი ცოდნა. ის ჩამოვიდა სკამიდან, მომიახლოვდა და ჩემს მუხლებზე მოიკალათა. შემდეგ სერიოზული გამომეტყველებით ხელები ერთმანეთს გადააჭდო, კულულები შეარხია, უკან გადაიყარა, თვალები ჭერს მიაპყრო და სიმღერა დაიწყო. ის მღეროდა არიას რომელიღაც ოპერიდან. ამ არიაში მიტოვებული ქალი დასტირის სატრფოს ვერაგულ საქციელს და ნუგეშად სიამაყეს მოუხმობს. უბრძანებს მოახლეს, გამოაწყოს ის ყველაზე მდიდრულ სამოსში, შეამკოს უმშვენიერესი სამკაულებით; სურს, ბალზე შეხვდეს მუხანათ სატრფოს და დაუმტკიცოს, რომ სრულებით არ მოქმედებს მასზე მისი ცბიერება.

სიმღერის თემა ძალიან ცუდად შეერჩიათ პატარა მომღერლისთვის. მაგრამ, ვფიქრობ, ამ სიმღერის მიზანი სწორედ ის იყო, რომ ეჭვიანობისა და სიყვარულის გამომსახველი მელოდია ამ მტრედივით მოღუღუნე უმანკო ბავშვისგან მოესმიანთ. ჩემი აზრით, ეს მათი დაბალი გემოვნების დამადასტურებელი ნიშანი გახლდათ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში