მთავარი როლი - (ნაწილი X) - გზაპრესი

მთავარი როლი - (ნაწილი X)

არადა, თავიდან ბიბი სულაც არ აპირებდა ურთიერთობის გართულებას. იგი ყოველთვის გაურბოდა გოგოებთან ღრმად დაახლოებას, რათა არ მიჩვეოდა მათ და სიყვარულზე დამოკიდებული არ გამხდარიყო. ვიცოდი, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად თავისუფლებას აფასებდა. რა თქმა უნდა, მოგვიანებით მეც მივხვდი, რომ სიყვარული უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს, უფრო მეტიც, გულწრფელობას. ის კი არასდროს დაუშვებდა, რომ ქალი მის საიდუმლოს ჩასწვდომოდა. იმ ღამეს, ტეტეს დაბადების დღეზე, მიხვდა, რომ ძალიან ახლოს მივედი მასთან, მის სულს ჩავწვდი და ამიტომაც გახდა იძულებული, სამარცხვინოდ გაქცეულიყო. ახლა რას აკეთებს? რას აღწევს იმის აღიარებით, რომ მისი ჩემდამი დამოკიდებულება თამაში არ არის? ამდენი წლის შემდეგ კარგად ვხვდები, რატომაც მაქცია მაშინ ზურგი, რადგან ამ ხნის განმავლობაში დავჭკვიანდი და ბევრ რამეზე ამეხილა თვალი. მე ხომ ბევრი რამ ვისწავლე და თან ვიმუშავე ჩემს თავზე? ამიტომ ადვილი მისახვედრია, ახლა რაც ემართება. მას უკვე აღარ ძალუძს აკონტროლოს თავისი გრძნობები. რადგან ამ გზას დაადგა, მზად არის, ბოლომდე მიჰყვეს მას. გაჩერება დამარცხების აღიარებას ნიშნავს. ალბათ ამჩნევს, ჩემს თვალებში როგორ მომრავლდა ვნების ნაპერწკლები, მაგრამ ღირს კი ამის აღიარება? ისევ რომ ზურგი მაქციოს, მერე რა ვქნა?

- არ მინდა, ასე ღრმად შევტოპო, - ხმადაბლა, მაგრამ აკანკალებული ხმით ვთქვი და მივახვედრე, რომ ჩემს აღიარებას ვერ ეღირსებოდა.

- ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდა, - ბიბიმ ხელები ჩამოუშვა, რადგან მიხვდა, რომ შანსს ხელიდან უშვებდა. - მაგრამ მინდა იცოდე, რომ არ ვთამაშობ, არ ვცდილობ, ხელსაყრელი შემთხვევით ვისარგებლო. მართლა არაჩვეულებრივად ვგრძნობ შენთან თავს.

- მადლობა გულახდილობისთვის, - ხელზე ხელი მოვუჭირე, მაგრამ გული საგულეში აღარ მეტეოდა, - მეც კარგად ვგრძნობ შენთან თავს, მაგრამ არ მინდა გართულებები.

- რომელ გართულებებზე ლაპარაკობ? - შუბლი შეიჭმუხნა.

- პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მაქვს, ბიბი, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ვაღიარებ, რომ ჩვენ შორის რაღაც ნაპერწკალი გაკრთა, მაგრამ ვფიქრობ, უნდა გავჩერდეთ.

- ნაპერწკალი? შენ ამას ნაპერწკალს ეძახი? წეღან ლამის ტანსაცმელი შემოვახიეთ ერთმანეთს.

- სისუსტის მომენტი ყველა ადამიანს აქვს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმანეთზე ყურებამდე ვართ შეყვარებული. ასე არ არის?

თითქოს შენელებული კადრებით გადაულაგეს სახის ნაკვთები. დაძაბული, იდუმალი მოლოდინით სავსე გამომეტყველება სადღაც გაქრა და მისი ადგილი შეურაცხყოფილმა იმედგაცრუებამ დაიკავა.

- ესე იგი, ძველი გეგმით გავაგრძელოთ? თვის ბოლომდე შევხვდეთ ერთმანეთს და ამით დავამთავროთ? - დახშული ხმით მკითხა.

ამის გაგონებაზე ისეთი შიში დამეუფლა, თითქოს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასს ვკარგავდი. მან ეს შეამჩნია, თვალებმა გამცა.

- რამ შეგაშინა?

- შემაშინა? არაფერმა, - მხრები ავიჩეჩე და უაზროდ გავიღიმე.

- თვალებში შეგატყვე, რაღაცას მიმალავ. ეს რა, კომპლექსია? გეშინია, შუა გზაზე არ მიგატოვო?

- ცდები, არაფრის არ მეშინია. უბრალოდ, არ მინდა, ვინმეზე დამოკიდებული ვიყო.

- მაშასადამე, ისევ ძველებურად, არა? - საბოლოოდ დაყარა ფარ-ხმალი და თავი ჩაჰკიდა, არც კი შემომხედა.

- შევთანხმდით.

ბიბიმ ჩაიღიმა.

- ახლა იცი, რა მინდა? მოგეხვიო, მკერდზე მიგიკრა და დაგამშვიდო, მაგრამ ვერ ვბედავ, ვაითუ, სხვანაირად გამიგო. ამის მაგივრად, როგორც ყოველთვის, პატარას წავიხუმრებ, რათა ჩემი გულწრფელი გრძნობები დავმალო: ნება მიბოძეთ, ჩემი შეყვარებული კარამდე მივაცილო, სანამ ეს მანქანა გოგრად გადაქცეულა, მე კი - ბაყაყად.

შვებით ამოვისუნთქე და გავუღიმე, რომ ვნებათაღელვის საგანგაშო შემოტევას სასწაულით ამარიდა.

- შენ მართალი ხარ, ელ, აჯობებს, ძველი ვარიანტით ვიმოქმედოთ. სხვა ვარიანტების განხილვა ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა, - თითქოს თავისი თავი დაამშვიდა ამ სიტყვებით და არა მე.

ჩემი დაქალები რომ დავინახე, მტკიცე გადაწყვეტილებით გავემართე მათკენ, თან ფრთხილად ვუვლიდი გვერდს პიკნიკისთვის გაშლილ პატარა მაგიდებს. `შეტევის~ მოსაგერიებლად მზად ვიყავი. მესმოდა, რომ მათი მოთმინების ფიალა აივსო, რადგან ბოლო დროს სულ ბიბის გვერდით ვტრიალებდი და გავურბოდი მათთან გულახდილ საუბარს.

ჩემი გადაწყვეტილება დროულიც იყო და ირონიით გაჯერებულიც. წუხანდელი ღამის შემდეგ აუცილებელი გახდა, მოვრიდებოდი ბიბის გვერდით ყოფნას. მანქანაში კოცნამ საბოლოოდ გამომაცალა ფეხქვეშ ნიადაგი. რა თქმა უნდა, თავად კოცნა ჯადოსნური და დაუვიწყარი იყო, მაგრამ რაც მას მოჰყვა, ან კიდევ უარესი - რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა, ახლაც კი ჟრუანტელს მგვრიდა. არ ვიცი, რომელი გზა იქნებოდა უკეთესი - ავყოლოდი ცდუნებას და დავნებებოდი, თუ ყველაფერი ისე დამემთავრებინა, როგორც დამთავრდა? ერთადერთი, რასაც მწარედ ვნანობდი, საერთოდ, ამ ინტრიგის წამოწყება იყო. რაში მჭირდებოდა საკუთარ მეგობრებთან მარკის აწევა? ერთი-ორჯერ მისაყვედურებდნენ და ამით დამთავრდებოდა მათი შემოტევა, მე კი ყველაფერი ავბურდე და გავართულე.

პირველმა კოცნამ მხოლოდ შოკში ჩამაგდო, წუხანდელმა კი თავდაცვის კედლები გაანგრია, ის კედლები, რომელიც უდიდესი სიფრთხილით შემოვიშენე. ერთ წუთში დამოუკიდებელი და წარმატებული საქმიანი ქალიდან რომანტიკულ მეოცნებედ ვიქეცი, რომელიც ყურებამდეა შეყვარებული მისთვის სრულიად შეუფერებელ მამაკაცზე.

მინდოდა, ჩემი თავი დამერწმუნებინა, რომ პირველი კოცნა მხოლოდ იმისთვის იყო განკუთვნილი, რომ `საქორწინო ფანატები~ თუ `ჩარლის გოგონები~ დამებნია, მაგრამ მეორე კოცნას, რომელიც პუბლიკის დაუსწრებლად მოხდა, მსგავს ახსნას ვერ მოვუძებნიდი - მაშინ ხომ სრულიად მარტონი ვიყავით. ამ კოცნის გახსენებაზე ისევ და ისევ სიამოვნების ჟრუანტელმა დამირბინა სხეულში და როცა გოგონებს მივუახლოვდი, შევეცადე, ტუჩებზე მოთამაშე კმაყოფილების ღიმილი გამექრო.

- ერთი ამას შეხედეთ! - მეგიმ შამპანურით სავსე ბოკალი ხელაწეულმა ჩემკენ გამოიშვირა, - როგორც ჩანს, ზომაზე მეტადაა კმაყოფილი. რაც უფრო მეტხანს ვაკვირდები შენს კაცს, მით უფრო მესმის, რატომ არ დადიოდი აქამდე პაემნებზე.

- პრინცს ელოდებოდა, - თავი დაუქნია კატომ და ზეთისხილი პირისკენ გააქანა. - ერთუჯრედიანებზე დრო არ დაკარგა.

- არც თქვენ გაგიშვიათ ხელიდან თქვენი შანსი, გოგოებო, - გავიცინე და ხელი კაცებისკენ გავიშვირე, რომლებიც ლუდის სმით იყვნენ გართულნი.

- როგორც ჩანს, ყველამ ჯეკპოტი მოვხსენით, - მეოცნებე სახით დასვა დიაგნოზი ლილიმ.

სინდისის ქენჯნამ შემიპყრო, მათი მოტყუება რომ მიხდებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ახლა სინანულის დრო არ იყო. მეგი ეიფორიაში იმყოფებოდა, ხოლო თენგომ, ანტონმა და დუდუმ, როგორც ჩანდა, ბიბი თავიანთ კომპანიაში უკვე მიიღეს. არ უნდა დავუშვა, რომ ბიჭებმა მას ზურგი აქციონ. ბოლოს და ბოლოს, მე ვუბიძგე მას ამ ნაბიჯისკენ და ყველაფერს გავაკეთებ მის დასაცავად.

რას იფიქრებენ ჩემი დაქალები, სიმართლე რომ შეიტყონ? ან უარესი: მათი ქმრები რას იტყვიან, როცა გაიგებენ, რომ ისინი სატყუარად გამოვიყენე? ბიბის ხომ სერიოზული კონტაქტები სჭირდება მათი სახით. პირველად გამიელვა თავში ამ საშინელი გარიგების შესაძლო ფინალმა და გული შემეკუმშა. ჩემი მეგობრების ქმრებიდან თითოეულს შეეძლო, ბიბისთვის ისე გაეფუჭებინა რეპუტაცია, რომ თავი ვეღარ გამოეყო საზოგადოებაში და ვერასდროს ეშოვა სამსახური. არა, ამაზე არასდროს კრინტს არ დავძრავ, მიუხედავად იმისა, მომინდება თუ არა ოდესმე სიმართლის თქმა. რა მოხდა, წყვილები ერთმანეთს არ დაშორებიან თუ რა? მაინცდამაინც ჩვენ რატომ უნდა ვიყოთ გამონაკლისები? ვითომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს და მორჩა, მარტივი გამოსავალია.

მაგრამ რომელ სიმართლეზე ვლაპარაკობ? აი, ვუყურებ, როგორ იცინის ბიბი და ვხვდები, რომ სიგიჟემდე მიყვარს. სიმართლე მხოლოდ ეს არის.

- ეი, რა მოხდა? - მეგიმ იდაყვზე წამავლო ხელი და თავისკენ შემომაბრუნა.

- შეიძლება, რაღაც გკითხოთ? - შეფიქრიანებულად შევხედე მათ.

- რაც გინდა, გვკითხე, ჩვენ მზად ვაააართ! - თითქმის ერთდროულად შესძახა სამივემ.

შეგნებულად მივდიოდი რისკზე. მე ხომ ისეთი რამ უნდა მეკითხა, რაც ჩემს ქვეცნობიერ შიშს ნათელს მოჰფენდა და საკუთარ სისუსტეს გამოააშკარავებდა? ეს სიგიჟე იყო. არადა, რამდენი წელია, მიცნობენ და ჰგონიათ, რომ ჩემნაირი ძლიერი და თავდაჯერებული ქალი მეორე არ დადის თბილისში. ჰგონიათ, სწორედ ამით მივაღწიე წარმატების მწვერვალს. ჩვენ ხშირად ვიკრიბებოდით, ხან ყავას ვსვამდით, ხან კაფეში მივდიოდით აჭარული ან მეგრული ხაჭაპურის დასაგემოვნებლად და თან ვჭორაობდით, გარდა ამისა, დავდიოდით სპექტაკლებზე და ლათინურ ცეკვებსაც ერთად ვსწავლობდით. ყველაზე ხშირად მაინც ჩემთან ვიკრიბებოდით, რათა ჩემი მომზადებული ახალი კერძი დაგვეგემოვნებინა. მათ შორის ყველაზე `გემრიელხელება~ დიასახლისი მე ვიყავი. მიუხედავად ამისა, მათთან არასდროს მიხსენებია ის მორცხვი და უგერგილო გოგონა ჩემი წარსულიდან, რომელმაც კარიერა არჩია ოჯახურ სიმყუდროვეს და მამაკაცები გარიყა. მათ არ იცოდნენ, ზუსტად რვა წლის წინ, საყვარელ ადამიანთან ერთმა რამდენიმესაათიანმა შეხვედრამ როგორ შეცვალა ჩემი ცხოვრება და მაიძულა, ახალი იმიჯი შემექმნა, რომლითაც დღეს ძალიან ვამაყობდი. თუმცა, მიუხედავად ამისა, სულის სიღრმეში ისევ ისეთი დავრჩი, როგორიც ვიყავი.

- როგორც ჩანს, საქმე სერიოზულადაა, - ლილიმ მხარზე ხელი მომხვია, - გაინტერესებს, საიდან ჩნდებიან ბავშვები?

ყველამ გაიცინა, მე კი მადლიერი მზერით გადავხედე დაქალს, რომელმაც თავისი ხუმრობით დაძაბულობა მომიხსნა.

- შეკითხვა შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მაინტერესებს, როდის დაენახვეთ თქვენს შეყვარებულებს ნამდვილი სახით?

- ნამდვილი სახით? - სამივემ გაიკვირვა, ვერ ჩასწვდნენ ჩემი შეკითხვის არსს.

- ანუ, როდის გნახეს პირველად უმაკიაჟოდ, ოჯახურ ატმოსფეროში, ხალათით, გაწეწილი თმით და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, არა ქალღმერთებივით, როგორც ჩვეულებრივ გამოიყურებით ხოლმე, არამედ უბრალოდ, ბუნებრივად, როგორც ახალგაღვიძებული ქალები.

- აი, თურმე რას გულისხმობ, - შუბლი შეკრა კატომ და ხელი თავის მოკლე, მაგრამ საგულდაგულოდ დავარცხნილ თმაზე გადაისვა. ალბათ ამ ვარცხნილობის გაკეთებას სალონში მინიმუმ, ერთი საათი მაინც მოანდომა.

მოულოდნელად სიჩუმემ დაისადგურა. გოგონები ჩემს შეკითხვას ჩაუფიქრდნენ, მე კი გულში მეცინებოდა, ნუთუ ასე ძნელია ამაზე პასუხის გაცემა?

- აბა? რას მეტყვით? - ნიშნის მოგებით ჩავეძიე.

- მოიცა, გავიხსენო... - ლილიმ ვარდისფერი პომადით შეღებილ ტუჩზე ამავე ფერის ლაქიანი საჩვენებელი თითის გრძელი ფრჩხილი მიიდო, - მე მგონი, გაცნობიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ მნახა ასეთ ფორმაში, ჩემთან, სახლში. მოულოდნელად დამადგა თავს და ვერც ვიფიქრე, ის თუ იქნებოდა, ისე გავუღე კარი.

შემეშინდა. ასეთ მოკლე ხანში ვერაფრით გავბედავდი არათუ ბიბის, ნებისმიერ თაყვანისმცემელს ვჩვენებოდი საშინაო ფორმაში. ბედის ირონიით სწორედ ამდენი დრო გვქონდა, ერთმანეთის გვერდით ვყოფილიყავით.

- ასე მალე? - მეგიმ იდეალურად აქნილი წარბები აზიდა, - მე კიდევ ნიშნობამდე არ ვუნახავვარ ჩემს ბიჭს უმაკიაჟოდ.

- მართლა? - გამოცოცხლდა კატო, - მგონი, ყველას გაჯობეთ! დუდუს ჯერაც არ მოუკრავს თვალი ნატურალური კატოსთვის.

- ხუმრობ! - უნისონში გაისმა ჩემი დაქალების შეყვირება, თან ზედმიწევნით შეათვალიერეს იდეალურად `დამაკიაჟებული~ მზეთუნახავი, თითქოს პირველად ხედავდნენ ასეთს.

კატომ მხრები აიჩეჩა.

- ქალი ყოველთვის კარგად უნდა გამოიყურებოდეს და ქმარიც არასდროს დაკარგავს ინტერესს მის მიმართ. ყოველ დილით მასზე ადრე ვდგები და სანამ გაიღვიძებს, უკვე ფორმაში ვარ. ასე რომ, ეგ პრობლემა მოხსნილი მაქვს დღის წესრიგიდან.

მეგიმ თავი გადააქნია.

- დუდუ გაღმერთებს. ყველანაირ ფორმაში ეყვარები, ასეთი სიფრთხილე რა საჭიროა, არ მესმის.

- თუმცა ეს სულაც არ უშლის ქალს ხელს, ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს. იდეალურ მდგომარეობაში უნდა მიართვა შენი თავი ქმარს, აბა, რა გგონიათ?

- მაგრამ ღამით? მაკიაჟს არ იშორებ დაწოლის წინ? - ვერ მოვითმინე.

- როგორ არა, მაგრამ ოთახში შესვლისას შუქს ვაქრობ, რომ არ დამინახოს.

- გადამრევს ეს გოგო! - გაღიზიანდა ლილი, - დავიჯერო, შუქზე სექსი არასდროს გქონიათ?

- რატომ უნდა გვქონოდა? - უდარდელად მიუგო კატომ, - სექსი ინტიმური აქტია და სიბნელე უხდება.

ყველას სიცილი წაგვსკდა.

- ელენე, ნუ გეშინია, აშკარად ეტყობა, რომ ამ ბიჭს უყვარხარ, ასე რომ, სანერვიულო არაფერი გაქვს.

სულში იმედის თბილი ნაპერწკალი გაკრთა. იქნებ მართლა აქვს გრძნობა ჩემ მიმართ და ტყუილად მღრღნის ეჭვები? წუხელ სრულიად დამაჯერებლად ჟღერდა მისი სიტყვები, თანაც მოწმეების გარეშე ვიყავით.

- როცა შენ გვერდითაა, სახეზე განსაკუთრებული გამომეტყველება უჩნდება, - შენიშნა მეგიმ და გაიცინა, - მისი სახე ამბობს: `მე დაჭრილი ვარ და ამას არაფერი ეშველება~.

ბიბის ხსენებაზე მისკენ მივიხედე. ბიბიმ თვალი შემასწრო და ღიმილით დამიქნია ხელი.

- დარწმუნდი? ის დაჭრილია, - დაასკვნა მეგიმ, - ახლა დამშვიდდი და დამიჯერე, ის შენია და თვალსაც არ დაახამხამებს, სულ რომ ძონძებში ჩაცმული დაგინახოს.

კვლავ დამიბრუნდა თავდაჯერებულობა. შეიძლება, წარსულის გახსენება მიშლის ხელს, გავითავისო სინამდვილე? იქნებ უღრუბლო ბედნიერება მელის წინ, თუკი ამ ეჭვებისა და კომპლექსებისგან გავთავისუფლდები?

- მადლობა, გოგოებო, - მორცხვად ვთქვი და სამივეს სათითაოდ გადავეხვიე.

მორჩა, გადაწყვეტილება მიღებულია. ვეტყვი ბიბის, რომ თანახმა ვარ მასთან რეალურ ურთიერთობაზე. რაც იქნება, იქნება. ვინც რისკავს, შამპანურსაც ის სვამს.

დაე, ასე იყოს... დაე, იყოს ასე!

ამასობაში მამაკაცებს მივუახლოვდი და ბიბის მხარზე ჩამოვდე ხელი.

- გავიგე, თავართქილაძესთან მუშაობ სარეკლამო სააგენტოში. ეს მართალია? - შეეკითხა ამ დროს თენგო ბიბის.

- ჰო, და ვფიქრობ, კარგი პერსპექტივები მეჩითება სამომავლოდ, - თავი დაუქნია ბიბიმ და ხელზე ხელი თბილად დამადო.

- წინადადება მაქვს შენთან. ჩემი ფირმა ჯგუფს ეძებს ახალი სარეკლამო კამპანიისთვის. ადრე არასდროს გვითანამშრომლია მე და შენსს ბოსს, მაგრამ ვიცი, რომ საქმის კაცია. არ გინდა, მოსინჯო შენი შესაძლებლობები? მასთანაც ქულებს დაიწერ.

ბიბი ისე შეიშმუშნა, მივხვდი, სიხარულით აღარ იყო.

- კარგი იქნებოდა. მადლობა, ძმაო, - თავშეკავებულად გაისმა მისი პასუხი.

თითქოს პროფესიული ღირსებით უპასუხა, მაგრამ თენგომ კი არა, მეც შევნიშნე მის ხმაში მღელვარება, რაც თენგოს სიტყვებმაც დაადასტურა.

- ყველაფერი რიგზეა, ნუ გეშინია. დაურეკე ხვალ ჩემს მოადგილეს და შეხვედრაზე შეთანხმდით. მე გავაფრთხილებ. მინდა, წინასწარ გაითვალისწინო, რომ ახლა ტენდერს ვატარებთ სამი კომპანიისთვის. პასუხს იმ თვეში ველოდებით. ძალიან ცოტა დრო ხომ არ იქნება შენთვის?

- არ არის პრობლემა, მომწონს კიდევაც მიწურულში მუშაობა, - ნაჩქარევად მიუგო.

- ძალიანაც კარგი. მოუთმენლად დაველოდები, რას შემომთავაზებ, - მიუგო თენგომ და ლუდი მოსვა, მერე კი ჩემკენ გამოიხედა, - ოღონდ არ გეგონოს, რომ ეს შემოთავაზება ელენესთანაა დაკავშირებული. მას ჩემთვის არასდროს არაფერი უთხოვია. მე ერთმანეთში არასდროს ვურევ პირად ცხოვრებასა და ბიზნესს. უბრალოდ, რაღაც ცნობები შევკრიბე... ჩვენ ხომ პირველად არ ვხვდებით ერთმანეთს. პირველ რიგში ის მომწონს, რომ ამერიკაში გაქვს პრაქტიკა გავლილი. - მან მხრები აიჩეჩა, - საინტერესოა, როგორ მუშაობ. სულ ეს არის.

ამ დროს თენგოს მეგიმ დაუძახა. მან ბოდიში მოგვიხადა და გაგვეცალა.

ბიბიმ თვალებით გააცილა მიმავალი და შემომხედა. გამიღიმა. მისი ღიმილი რაღაცნაირად ორაზროვანი მეჩვენა.

- რა იყო? - შევეკითხე.

- იცი, რა? წეღან თვალს გადევნებდით შენ და `ჩარლის ანგელოზებს~. პეპლებივით ირეოდით ოთხივენი, თითოეული თავისებურად ლამაზი ხართ, მაგრამ შენ ვერც ერთი ვერ შეგედრება - ყველაზე თავშეკავებული, ელეგანტური და მომხიბვლელი ხარ. თან ჩემი ქალი გქვია. ჩემი სურვილი უფრო და უფრო მომთხოვნი ხდება და, მიუხედავად იმისა, რომ პლატონურ ურთიერთობას მაიძულებ, ვერ გამაჩერებ. მე სულ სხვა გეგმები მაქვს. სიმართლე გითხრა, ის ერთი თვე, რომელიც ჩვენ დავთქვით, ჩემთვის ძალიან ნაცნობი ვადაა. ამაზე მეტხანს არც ერთ ქალთან არ გამიგრძელებია რომანი. არც შენ იქნები გამონაკლისი, გულის ხმას თუ არ ავყვები. ერთი თვის შემდეგ, როცა ეს მასკარადი დამთავრდება, შენ ალბათ მოგებული დარჩები, მე კი... მე არ ვიცი. რატომღაც, დამარცხებულის როლში აქედანვე მოვიაზრებ ჩემს თავს. ხომ გაიგონე, რა შემომთავაზა შენი დაქალის საქმრომ? თუ ამოცანას თავი წარმატებით გავართვი და მიზანს მივაღწიე, ვერავინ დამიშლის, შენთან ბუნებრივად გავაგრძელო ურთიერთობა, ყოველგვარი თამაშის გარეშე. ერთი საქმეა, შენთან თვის ბოლომდე თამაშ-თამაშით დავრჩე და ჩემს მიზანს მაინც მივაღწიო, ანუ დროებით ჩემი გაგხადო და მერე ისევ გავიქცე. მეორე - ვიპოვო ქალი, ვისთან ურთიერთობითაც ჩემი ცხოვრების ერთ ოცნებას მაინც შევასხამ ფრთებს. გულის ჩუმი ხმა მეუბნება, რომ არაფერი გამომივა, მაგრამ საკუთარი ამბიციები მიბიძგებს და ბოლო ხმაზე ჩამყვირის - ვალდებული ხარ, შენი შანსი გამოიყენოო. - იგი გაჩუმდა, ღრმად ამოიხვნეშა და სევდაჩამდგარი თვალებით დაამთავრა მონოლოგი, - ჰოდა, ვეცდები, გამოვიყენო.

ერთი სული მქონდა, როდის მიმიყვანდა სახლამდე. არა და არ დამთავრდა გზა პიკნიკის ადგილიდან ჩემს ბინამდე. იდეა მქონდა. შემოვიპატიჟებდი ბიბის, უცებ გემრიელ ვახშამს მოვამზადებდი, მერე კი... მერე ვაგრძნობინებდი, რომ აზრი შევიცვალე.

გონებაში უკვე დავხატე სურათი, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. სუნთქვა შემეკრა, როცა კვლავ მომაგონდა მისი კოცნა და ნეტარმა მოგონებებმა ერთიანად გამთანგა. არა, გადადება აღარ შემიძლია. მოხდეს, რაც მოსახდენია, ასე გაგრძელება ჩემს ძალებს აღემატება, მასთან მინდა და ეს ამ საღამოს უნდა მოხდეს...

გაგრძელება შაბათს, 16 აპრილს

ინგა ჯაყელი