ჯეინ ეარი (თავი XI) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XI)

ადელმა სიმღერა მელოდიურობის თვალსაზრისით საკმაოდ სწორად შეასრულა და, მის ასაკთან შეფარდებით, ბალღური გულწრფელობითაც. დაამთავრა თუ არა, ჩემი მუხლებიდან ჩამოხტა და განმიცხადა.

- ახლა კი, მადმუაზელ, რომელიმე ლექსს წაგიკითხავთ.

კვლავ ახალი პოზა მიიღო და დაიწყო: - Lა Lიგუე დეს ღატს: ფაბლე დე ლა Fონტაინე.

უჩვეულოდ მეჩვენებოდა, რომ ასეთ პატარას შეეძლო იგავ-არაკის ნაწყვეტის კითხვა ასეთი ჟესტიკულაციით, ხმის მოქნილობით, პუნქტუაციისა და მახვილის ზუსტი დაცვით. ამასთანავე, ჩანდა, რომ ეს ყველაფერი მასში მეტად ფრთხილი და დაკვირვებული წვრთნის შედეგად გამოემუშავებინათ.

- ასეთი კითხვა დედამ გასწავლა? - ვკითხე მე.

- დიახ. მას სწორედ ასე უყვარდა წარმოთქმა: Qუ"ავეზ-ვოუს დონც? ლუი დიტ უნ დე ცეს რატს; პარლეზ! ის მაიძულებდა ამეწია ხელი, აი, ასე, რომ შეკითხვის დროს ხმის ამაღლება არ დამვიწყებოდა, ახლა კი, ნება მომეცით, ვიცეკვო.

- არა, ჯერჯერობით ესეც საკმარისია. ახლა ის მითხარი, ვისთან ერთად ცხოვრობდი მას შემდეგ, რაც დედა წმინდა მარიამთან გაემგზავრა.

- მადამ ფრედერიკსა და მის მეუღლესთან. ის მივლიდა, თუმცა ჩემი ნათესავი არ ყოფილა. ჩემი აზრით, ის ძალიან ღარიბი უნდა ყოფილიყო, რადგან მას ისეთი დიდებული ბინა არ ჰქონდა, როგორიც დედას. მათთან დიდხანს არ დავრჩენილვარ. მისტერ როჩესტერმა მკითხა, მსურდა თუ არა წამოვყოლოდი და მასთან ერთად მეცხოვრა ინგლისში. რა თქმა უნდა, დავთანხმდი; მას ხომ მადამ ფრედერიკზე უფრო ადრე ვიცნობდი. ძალიან კეთილი იყო ჩემდამი; ყოველთვის ლამაზი კაბებითა და სათამაშოებით მასაჩუქრებდა. მაგრამ, როგორც ხედავთ, მან თავისი დაპირება არ შეასრულა; ჩამომიყვანა ინგლისში და თვითონ უკან გაემგზავრა; ამის შემდეგ თვალიც არ მომიკრავს.

საუზმის შემდეგ მე და ადელი ბიბლიოთეკაში დავბრუნდით. როგორც ჩანდა, ეს ოთახი მისტერ როჩესტერის მითითებით საკლასო ოთახად უნდა ყოფილიყო გამოყენებული. წიგნების უმეტესობა ჩაკეტილი ჰქონდა მინისკარებიან კარადებში. ერთი კარადა ღია დაეტოვებინათ. იქ ნახავდით ყველა სახელმძღვანელოს, რაც საჭირო იყო დაწყებითი განათლებისთვის. იოლად საკითხავი წიგნები, პოეზია, ბიოგრაფიული ცნობარი, მოგზაურობანი და სხვა რამდენიმე რომანი. ვფიქრობ, მისტერ როჩესტერი ვარაუდობდა, ყველაფერი ეს საკმარისი იქნებოდა აღმზრდელისთვის. მართლაც, იმჟამად ისინი საკმაოდ დიდ მასალას შეიცავდნენ ჩემთვის ლოვუდის ღარიბულ წიგნის ფონდთან შედარებით, რომლისთვისაც თვალის გადავლების საშუალება იქ დროდადრო მეძლეოდა. გადათვალიერების შემდეგ მივხვდი, რომ ეს წიგნები სრულიად საკმარისი იყო იმისთვის, რომ გავრთულიყავი და დიდი ცოდნაც შემეძინა. ამ ოთახშივე იდგა საუკეთესო ხარისხის სრულიად ახალი როიალი, მოლბერტი და ორი გლობუსი.

ჩემი მოწაფე მორჩილი ბავშვი აღმოჩნდა, თუმცა უხალისო. ის ნამდვილ, წესიერ მუშაობას მიჩვეული არ იყო. ხოლო ჩემი მხრიდან უგუნურებად მიმაჩნდა, პირველივე დღიდან დიდად შემეზღუდა. როდესაც საკმაოდ დიდხანს ვესაუბრე და ცოტა რამეც შევასწავლე, უკვე მოშუადღევდა. მერე კი ნება დავრთე, თავის ძიძასთან წასულიყო. მე კი გადავწყვიტე, სადილობამდე რამდენიმე სურათის ესკიზი შემესრულებინა, რომლებიც ჩემს პატარა მოწაფესთან შემდეგი მეცადინეობის დროს გამომადგებოდა.

ის იყო ზედა სართულისკენ გავეშურე სახატავი ფანქრებისა და სურათების შესანახი ყდის ჩამოსატანად, რომ მისის ფეიერფექსის ხმა შემომესმა:

- თქვენ, როგორც ჩანს, დილის მეცადინეობა დაგიმთავრებიათ, - მითხრა მან. ის ორკარიანი ოთახის შესასვლელში იდგა. მისკენ გავეშურე. შიგნით შევედი და დიდსა და მდიდრულად მორთულ ოთახში აღმოვჩნდი. მოწითალო სავარძელმა, ასეთივე ფერის ფარდებმა, იატაკზე დაფენილმა თურქულმა ნოხმა და კაკლის ხით ნახევრად დაფარულმა კედლებმა თვალი მომტაცა. ოთახს სილამაზეს მატებდა უზარმაზარი ფერადმინიანი სარკმელი და მაღალი, ლამაზად ნაძერწი ჭერი. მისის ფეიერფექსი სერვანტზე დაწყობილ მეწამული ფერის მინდვრის შპატის ლარნაკებს მტვერს სწმენდდა.

- რა მშვენიერი ოთახია, - წამოვიძახე, როდესაც ირგვლივ მიმოვიხედე. ასე მდიდრულად მოწყობილი ოთახი ჩემს სიცოცხლეში არ მენახა.

- დიახ, ეს სასადილო ოთახია. ეს-ეს არის სარკმელი გავაღე, რომ ჰაერი გაიწმინდოს და მზის სხივები შემოვიდეს. როცა ბინაში დიდხანს არ ცხოვრობენ, ყველაფერი ძალიან ადვილად ნესტიანდება. აი, გვერდით, სასტუმრო ოთახიც თითქმის სარდაფს დაემსგავსა.

მან მიმითითა ფართო თაღზე, რომელიც ფანჯრის სტილზე იყო გამოჭრილი და რომელიც ისეთივე მუქი იისფერი აღმოსავლური ფარდებით შეემკოთ. ეს ფარდები ახლა მოხუც ქალს ყულფივით გამოეკვანძა. ორი ფართო საფეხური ავიარე კიბეზე და შიგნით შევიხედე. მომეჩვენა, თითქოს ზღაპრული სილამაზის სამეფოში მოვხვდი, ეს ბრწყინვალება ჩემი გამოუცდელი თვალისთვის სრულიად ახალი იყო. სინამდვილეში კი ის ლამაზად მოწყობილ სასტუმრო ოთახს წარმოადგენდა თავისი ბუდუარით. ორივე ოთახში თეთრი ნოხები დაეფინათ. თვალს იტაცებდა მათზე ამოქსოვილი უმშვენიერესი ყვავილწნულები. ორივე ოთახის თოვლივით მოქათქათე ჭერზე კი ვაზის ფოთლები და მტევნები ამოეძერწათ. ამ მოელვარე თეთრ ფონზე მკვეთრად გამოირჩეოდა თურქული მუქი წითელი ტახტები და დივნები. მკრთალი ფერის ბერძნული მარმარილოთი მოპირკეთებულ ბუხარზე მბრწყინავი, ბოჰემური, მუქი ლალისფერი მინის ლარნაკები იდგა. სარკმლებს შუა უზარმაზარ სარკეებში თეთრისა და ალისფერის თვალისმომჭრელი ბრწყინვალება ირეკლებოდა.

- როგორ კარგად გაქვთ ოთახები მოვლილი, მისის ფეიერფექს, - ვუთხარი მე: - არც მტვერია, არც ტილოს შალითები. ჰაერში რომ ოდნავ ნესტის სუნი არ იდგეს, კაცი იფიქრებდა, რომ ამ ოთახებში მუდმივად ცხოვრობენ.

- იცით, მის ეარ, მართალია, მისტერ როჩესტერი იშვიათად გვინახულებს ხოლმე, მაგრამ მისი ჩამოსვლა ყოველთვის უცაბედი და მოულოდნელია. დაკვირვებული ვარ, არ უყვარს, როცა ავეჯი შალითებში ხვდება და მისი ჩამოსვლის შემდეგ იწყება ფუსფუსი და ოთახების დალაგება. ამიტომაც მირჩევნია, ყოველთვის ყველა ოთახი მზად მქონდეს მის დასახვედრად.

- მისტერ როჩესტერი ასეთი მომთხოვნი და მკაცრია?

- არა, არცთუ ისე ძალიან. მაგრამ ბატონკაცური ჩვევებისა და არისტოკრატული გემოვნების გამო მოელის, ყველაფერი მათ შესაბამისად კეთდებოდეს.

- თქვენ თუ მოგწონთ? ან, საერთოდ, ხალხს თუ უყვარს ბ-ნი როჩესტერი?

- ოჰ, რასაკვირველია. მათ ოჯახს მუდამ დიდი პატივისცემით ეპყრობიან. თითქმის მთელი ეს მიდამო, რაზედაც თვალი მიგიწვდებათ, ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან როჩესტერთა გვარს ეკუთვნოდა.

- კეთილი. მის ადგილ-მამულსა და სიმდიდრეს რომ თავი დავანებოთ, მოგწონთ ის, როგორც ადამიანი? ან ხალხის სიყვარულსა და პატივისცემას თუ იმსახურებს?

- პირადად არავითარი საბაბი არა მაქვს, არ მიყვარდეს. ვფიქრობ, მას მოიჯარეებიც გულმოწყალე და სამართლიან მემამულედ თვლიან, თუმცა მათ შორის დიდხანს არასოდეს უცხოვრია.

- განა, რაიმე თავისებურებით არ გამოირჩევა? როგორი ხასიათი აქვს?

- ჩემი აზრით, ის უნაკლოა, თუმცა, შესაძლებელია, ხანდახან საკმაოდ თავისებურიც. მან ძალიან ბევრი იმოგზაურა და ბევრი ნახა ამქვეყნად. ეტყობა, მეტად ჭკვიანიცაა, თუმცა მე თვითონ დიდხანს არასოდეს მისაუბრია მასთან.

- მაინც რაში გამოიხატება მისი ხასიათის თავისებურებანი?

- ვერაფერს გეტყვით, ადვილი არ არის ამის თქმა. ისეთი გასაოცარი არაფერია, მაგრამ ეს თავისებურება მასთან საუბარში მჟღავნდება. ვერასოდეს გაიგებს ადამიანი, როდის ხუმრობს და როდის გესაუბრებათ სერიოზულად, რა სწყინს, რა ესიამოვნება... მის საუბარს მთლიანად ვერასოდეს გაიგებთ. ყოველ შემთხვევაში, მე ვერ ვუგებ. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს? ის ძალიან კარგი პატრონია.

აი, ყველაფერი, რაც მისტერ როჩესტერის შესახებ შევიტყვე მისის ფეიერფექსისგან. არიან ადამიანები, რომელთაც არ ძალუძთ დაახასიათონ სხვები, დააკვირდნენ საგანს ან პიროვნებას და აღწერონ ის ნიშან-თვისებანი, რითაც ისინი გამოირჩევიან. ეს კეთილი მანდილოსანი უთუოდ ასეთ ადამიანთა ჯგუფს ეკუთვნოდა. ჩემმა კითხვებმა ის დიდად გააოცა, თუმცა საგონებელში არ ჩაუგდია. მისტერ როჩესტერი მის თვალში მხოლოდ მისტერ როჩესტერი იყო, ჯენტლმენი და მიწის მფლობელი მემამულე. ის მეტს არც კითხულობდა და არც ეძებდა. როგორც ჩანდა, აცვიფრებდა კიდეც ჩემი სურვილი მასზე ყველაფერი დაწვრილებით მცოდნოდა.

სასადილო ოთახიდან გამოვედით თუ არა, მისის ფეიერფექსმა შემომთავაზა მთელი შენობა დამეთვალიერებინა. აღტაცებული დავრჩი. ყველაფერი ლამაზი იყო და კარგად მოწყობილი. შენობის წინა ნაწილში განლაგებული დიდი ოთახები გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ახდენდა. ზოგიერთი ოთახი მესამე სართულზე, თუმცა დაბალჭერიანი და ბნელი, მაინც მეტად საინტერესო იყო თავისი კლასიკური მოწყობილობით. ეს ავეჯი, რომელიც ერთ დროს დაბლა, სადარბაზო ოთახებში იდგა, დროისა და გემოვნების ცვლილებასთან ერთად, ეტყობოდა, თანდათანობით ზედა სართულზე გადაჰქონდათ. ვიწრო სარკმლებიდან შემოსული მკრთალი სინათლის შუქზე კარგად გავარჩიე ხის საწოლები, რომლებიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინათ იხმარებოდა. მუხისა და კაკლის ხის სკივრებზე პალმის რტოები და ქერუბიმთა თავები ამოეჩუქურთმებინათ. თითოეული ეს სკივრი სიდიდით ძველ ებრაულ მცნებათა შესანახ კიდობანს ჰგავდა. აქვე ნახავდით სამეფო სკამებივით მაღალზურგიან, ოდნავ ვიწრო სავარძლების გრძელ მწკრივს, ჟამგადასულ რბილ სკამებს, რომელთა ბალიშებზე ზემოდან ჯერ კიდევ ნათლად ჩანდა ნახევრად გაცვეთილი ნაქარგის ნაკვალევი, იმ ადამიანთა თითებით შესრულებული, რომლებიც ორი თაობის წინ ფერფლად ექცია ბუნებას. ყველა ამ ძველისძველი ნაშთის წყალობით თორნფილდის სასახლის მესამე სართულს გარდასული საუკუნის დაღი აჩნდა და უკვე მოგონებათა სავანედ ქცეულიყო. დღისით მომწონდა კიდეც ეს მყუდრო და სიბნელით მოცული სიძველის უცნაური თავშესაფარი, მაგრამ ღამით არავითარ შემთხვევაში არ შემეძლო დამეძინა ამ ვეება საწოლებზე, რომლებიც ოთახიდან გამოყოფილი იყო ზოგი მუხის კარით და ზოგიც ძველებური ინგლისური გობელენებით. ამ გობელენებზე მოხატული იყო ჩემი თვალისთვის უცხო, მეტად უცნაური ყვავილები, ფრინველები და ადამიანთა გამოსახულებანი. მთვარის მკრთალ შუქზე ყველაფერი ეს კიდევ უფრო ფანტასტიკურ და საშიშ იერს იღებდა.

- ამ ოთახებში, - ვკითხე მე, - მოსამსახურეებს სძინავთ?

- არა, მათ უკავიათ უფრო პატარა ოთახების ერთი მწკრივი შენობის უკანა ნაწილში. აქ არავის სძინავს. თორნფილდში რომ რაიმე მოჩვენება ყოფილიყო, ის უთუოდ ამ ოთახებში დაიდებდა ბინას.

- მეც ასე ვფიქრობ. მაშ, აქ მოჩვენებები არ არის?

- არა და არც მსმენია რაიმე მათ შესახებ, - ღიმილით მიპასუხა მისის ფეიერფექსმა.

- ნუთუ არასოდეს არაფერი გსმენიათ, ან ლეგენდები, ან თქმულებები, ან რაიმე ამბავი მოჩვენებების შესახებ?

- სრულებით არაფერი. თუმცა როჩესტერებზე ამბობენ, რომ ისინი ბუნებით უფრო ფიცხი ადამიანები ყოფილან, ვიდრე - მშვიდი. ალბათ, ამიტომაც ასე მშვიდად განისვენებენ ახლა თავიანთ საფლავებში.

- დიახ. "ასეთი ბობოქარი ცხოვრების შემდეგ უშფოთველი ძილი დაუფლებიათ~, - ჩავიბუტბუტე ჩემთვის. - ახლა საით მიბრძანდებით, მისის ფეიერფექს? - ვიკითხე, რადგან შევნიშნე, ისევ აპირებდა წასვლას.

- ამ გზით ზევით ავალთ. არ გინდათ, მაღლა ამოხვიდეთ? იქიდან მთელ მიდამოს გადახედავთ. - კვლავ გავყევი; სხვენისკენ მიმავალ ვიწრო კიბეზე ავედით; მერე კიდევ რომელიღაც კიბე ავიარეთ; ჭერში დატანებული კარი გავაღეთ და სხვენში ავედით. ახლა ყვავების ადგილსამყოფლის პირდაპირ აღმოვჩნდით და შემეძლო მათ ბუდეებში ჩახედვა. წინ გადავიხარე, ქონგურებს დავეყრდნე და გავცქეროდი შორს, დაბლა, ხელისგულივით გადაშლილ პარკს. შენობის რუხ კედლებს გარს ხავერდივით ხასხასა მწვანე მოლი ერტყა. მინდორზე, რომელიც თვალუწვდენელი პარკივით გადაჭიმულიყო, უამრავი ძველთაძველი ხე მოჩანდა. ტყეში ფოთლებს ჭკნობა შეჰპარვოდათ, ყავისფერი დასდებოდათ და გაცრეცილიყვნენ. ბილიკს, რომელსაც ხავსი მოსდებოდა, ფოთლებზე მეტად შეენარჩუნებინა მწვანე ფერი და ტყეს ორად ყოფდა.

ჭიშკართან ეკლესია იდგა, მის იქით გზა მოჩანდა, შემდეგ კი მდუმარე გორაკები. თითქოს ყველაფერი თვლემდა შემოდგომის მზის სხივებზე. ჰორიზონტის დასასრულს მარგალიტივით თეთრი ღრუბლის ქულებით დაფარულ ლაჟვარდოვან ცას ვხედავდი. ბუნების ამ სილამაზეში განსაცვიფრებელი არაფერი იყო, მაგრამ ყველაფერი ეს გულს სიამოვნებით ავსებდა. უკან გამოვბრუნდი; ჩასაშვებ კართან მივედი. ძლივს ვიკვლევდი გზას კიბეზე. სხვენში ისე ბნელოდა, მეგონა, სარდაფში მოვხვდი, რადგან რამდენიმე წამის წინ გავყურებდი ლაჟვარდოვანი ცის თაღს, მზის შუქით გაბრწყინებულ ხეივანს, საძოვრებს, მწვანე გორაკებს, რომელთა შუაგულში თორნფილდის სასახლე აღმართულიყო. ოჰ, რა დიდი სიამოვნებით გადავცქეროდი ყოველივე ამას!

მისის ფეიერფექსი ჩასაშვები კარის დასაკეტად ცოტა ხანს შეჩერდა. ხელების ფათურით ვიპოვე გამოსასვლელი სხვენიდან და ვიწრო კიბით ჩავედი. გრძელ დერეფანში შევჩერდი, რომელიც წინა და უკანა ნაწილში მოთავსებულ ოთახებს ერთმანეთისგან ყოფდა. დერეფანი ვიწრო, დაბალი და ბნელი იყო. ბოლოში, სადღაც შორს პაწაწინა სარკმელი მოჩანდა. დერეფანში ორივე მხარეს გამომავალი კარები დაკეტილი იყო. ეს დერეფანი ლურჯწვერას ციხე-კოშკის დერეფანს წააგავდა.

წყნარად მივდიოდი. უცებ ხმა შემომესმა, რომლის გაგონებასაც ნაკლებად მოველოდი ამ მდუმარებით მოცულ ადგილას. გარკვევით გავიგონე სიცილი: უცნაური, უსიხარულო და ნაძალადევი. შევჩერდი. სიცილი შეწყდა, მაგრამ მხოლოდ ერთი წამით და კვლავ უფრო ხმამაღლა გაისმა. პირველად ვიღაც ხმადაბლა იცინოდა, მაგრამ მაინც გარკვევით ისმოდა. შემდეგ ის შეწყდა და ახლა ყველა განმარტოებული ოთახი უკვე ხმამაღალი სიცილის ექოს გამოსცემდა. ვიღაც ერთ-ერთ ოთახში იცინოდა, მაგრამ გარკვევით შემეძლო მეთქვა, თუ სახელდობრ რომელ ოთახში ისმოდა ეს სიცილი პირველად.

- მისის ფეიერფექს, - დავუძახე, რადგანაც ამ წუთს მისი ფეხის ხმა მომესმა; ის კიბეზე ჩამოდიოდა. - გაიგონეთ ეს ხმამაღალი სიცილი? ვინ არის?

- ვინმე მსახური იქნება უთუოდ, - მიპასუხა, - ან, შეიძლება, გრეის პული.

- გაიგონეთ ეს ხმა? - კვლავ ვიკითხე.

- დიახ, სრულიად გარკვევით. ხშირად მესმის მისი ხმა. ის ერთ-ერთ ამ ოთახშია და კერავს. ზოგჯერ ლი არის მასთან. ისინი ხშირად იცინიან ასე.

სიცილი განმეორდა დაბალი ხმით და ბოლოს უცნაური ჩურჩული გაისმა.

- გრეის, - წამოიძახა მისის ფეიერფექსმა.

არ ველოდი, თუ ვიღაც გრეისი უპასუხებდა, რადგან სიცილი ისეთი არაბუნებრივი იყო, როგორიც არასოდეს მსმენოდა. ეს ამბავი დღისით რომ არ მომხდარიყო და ის ისტერიული სიცილი რაიმე მოჩვენებებთან დამეკავშირებინა, აუცილებლად შიში შემიპყრობდა; მაგრამ ისეთი დრო იყო, საბაბი არ მქონდა შემშინებოდა და ცრუმორწმუნეობას ავყოლოდი. მალე გარემოებამ დამარწმუნა, რომ ჩემი მხრიდან ისიც კი სისულელე იყო, ასე რომ გავოცდი.

ჩემ ახლოს კარი გაიღო და დაახლოებით ოცდაათი-ორმოცი წლის მსახური ქალი გამოვიდა. ეს იყო მკვრივი აგებულების ქალი, რომელსაც წითელი თმა და უხეში, უბრალო სახის ნაკვთები ჰქონდა. ძალიან ძნელია წარმოიდგინოთ ამაზე ნაკლებად რომანტიკული ან მოჩვენებისგან ამდენად განსხვავებული ადამიანი.

- ძალიან დიდი ხმაურია, - თქვა მისის ფეიერფექსმა. - ბრძანება გახსოვდეს. - გრეისმა მდაბლად დაუკრა თავი, ხმა არ ამოუღია და ისევ ოთახში შევიდა.

- ეს ჩვენი მკერავი ქალია და ლისაც ეხმარება საოჯახო საქმეებში, - განაგრძო ქვრივმა. - ზოგიერთ რამეში ურჩობას იჩენს, მაგრამ თავის საქმეს თავს კარგად ართმევს. სხვათა შორის, როგორ მიდის ადელის მეცადინეობის საქმე?

ამგვარად, საუბარი ადელზე გადავიტანეთ და ლაპარაკით ჩავედით შენობის განათებულ და მხიარულ ნაწილში. დარბაზში ადელი სირბილით შემოგვეგება.

- Mესდამეს, ვოუს êტეს სერვიეს! - და დაუმატა - ჟ"აი ბიენ ფაიმ!

მისის ფეიერფექსის ოთახში სუფრა გაეშალათ, სადილი მართლაც უკვე შემოეტანათ და ჩვენ გვიცდიდნენ.

თავი მეთორმეტე

იმედი, რომელიც თორნფილდში მისვლის პირველი დღიდანვე ჩამესახა, რომ ამიერიდან ბედნიერად წარიმართებოდა ჩემი მომავალი ცხოვრება, თანდათან უფრო განმიმტკიცდა ამ ადგილისა და მის ბინადართა უკეთ გაცნობის მერე. მისის ფეიერფექსი სწორედ ისეთი ადამიანი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი - მშვიდი ხასიათის, კეთილი ბუნების, საკმაოდ განათლებული და ჭკვიანი. ჩემი მოწაფე ადელი კი ცოცხალი ბუნების გოგონა იყო, საკმაოდ თავისებური, გათამამებული და ხანდახან თავნებაც. ამ ბავშვის აღზრდა მთლიანად ჩემზე იყო მონდობილი. არავინ მიწევდა წინააღმდეგობას, აღმეზარდა და გამომესწორებინა ის ისე, როგორც მე მიმაჩნდა მიზანშეწონილად. ბავშვი მალე გადაეჩვია წვრილმან ჭირვეულობათა გამომჟღავნებას, გახდა მორჩილი და ადვილადაც ითვისებდა ყველაფერს, რასაც ვასწავლიდი. ის განსაკუთრებული და შესამჩნევად გამოკვეთილი ხასიათით არ გამოირჩეოდა, არც გემოვნება და გრძნობები ჰქონდა იმდენად განვითარებული, რომ თანატოლების ჩვეულებრივი განვითარების დონესთან შედარებით ოდნავ მაღლა მდგარიყო. თუმცა, არც ისეთი ნაკლოვანებები და მანკიერი თვისებები ჰქონდა, რომლებიც მათთან შედარებით დაამდაბლებდა. მისმა გულმოდგინე მეცადინეობამ კარგი შედეგი გამოიღო. გოგონა არც მაინცდამაინც ღრმას, მაგრამ თავისებურ სიყვარულს იჩენდა ჩემდამი. მისი ბავშვური უბრალოება, მხიარული ტიტინი და კიდევ უფრო ის, რომ ცდილობდა ყოველთვის ესიამოვნებინა, ძალიან მხიბლავდა. მეც, რაც შემეძლო, ვცდილობდი, ჩვენი ერთად ყოფნა ორივესთვის მუდამ სასიამოვნო ყოფილიყო.

სხვათა შორის, ბავშვებისადმი ასეთი დამოკიდებულება შეიძლება გულგრილ მსჯელობად მიიჩნიოს ზოგიერთმა, ვინც მხარს უჭერს გამეფებულ მოძღვრებას, რომ ბავშვებს მხოლოდ ანგელოზური ბუნება აქვთ და აღმზრდელთა ვალია, აღსაზრდელთა მიმართ განსაკუთრებული თაყვანისცემა და თავგანწირვა გამოიჩინონ. ამას იმიტომ კი არ ვწერ, რომ განდიდებით შეპყრობილ მშობელთა წინაშე ვიფარისევლო, ვიმლიქვნელო და სიცრუეს დავუჭირო მხარი, არამედ, უბრალოდ, სიმართლეს ვაღიარებ. მე კეთილსინდისიერად ვზრუნავდი ადელის აღზრდა-განვითარებისა და წარმატებისთვის, კარგადაც შევეწყვე ამ პაწაწინა გოგონას. ასეთივე დიდი მადლიერების გრძნობით ვიყავი გამსჭვალული მისის ფეიერფექსისადმი, რადგან ის მუდამ კეთილად მეპყრობოდა. ძალიან მსიამოვნებდა მასთან სიახლოვე, მისი მშვიდი დამოკიდებულება ჩემდამი და, განსაკუთრებით კი, მისი სიდარბაისლე და თავდაჭერილობა.

დაე, ვისაც სურს გამკიცხოს, თუ მე შემდგომში იმასაც დავუმატებ, რომ ხანდახან სრულიად მარტოდმარტო დავსეირნობდი ბაღში. მიყვარდა ჭიშკართან მისვლა და იქიდან ძალიან დიდხანს გავყურებდი ხოლმე გზას. ხანდახან კი, როდესაც ადელი ძიძას ეთამაშებოდა, ხოლო მისის ფეიერფექსი საკუჭნაოში მურაბებს აკეთებდა, დროს ვპოულობდი, ავივლიდი ხოლმე სამი სართულის კიბეს, ვაღებდი ჩასაშვებ კარს, იქიდან კი ავდიოდი სხვენზე და გადავცქეროდი განმარტოებულ მინდორს, გორაკსა და ცის დაბინდულ ჰორიზონტს. ვნატრობდი, დამენახა ამ ჩარჩოების იქით მდებარე საქმიანი სამყარო, ის ქალაქები და ადგილები, სადაც დუღდა და გადმოდიოდა ცხოვრება, რომელზედაც ბევრი რამ გამეგონა, მაგრამ არასოდეს მენახა. ძალიან მინდოდა, მქონოდა მეტი გამოცდილება ცხოვრებაში, უფრო მეტი ურთიერთობა და ნაცნობობა სხვადასხვა ხასიათის ადამიანებთან, ვიდრე მქონდა. ვაფასებდი კიდეც, რაც კარგი თვისებები ჰქონდათ მისის ფეიერფექსსა და ადელს, მაგრამ მჯეროდა, რომ არსებობდა რაღაც სხვა, უფრო მეტი სიკეთე, და რაშიც დარწმუნებული ვიყავი, მინდოდა თვალითაც მენახა.

ვინ მადანაშაულებდა? უეჭველია, ბევრი. ალბათ, უმადურსაც კი მიწოდებდნენ, მაგრამ რა უნდა მექნა? მე ხომ ბუნებით დაუდგრომელი ვიყავი და ხანდახან ტკივილსაც კი ვგრძნობდი მეტისმეტი მღელვარებისგან. მაშინ ერთადერთ ნუგეშს მხოლოდ იმაშიღა ვპოულობდი, რომ ბოლთას ვცემდი მესამე სართულის დერეფანში და თავის დახსნას იქ გამეფებულ მდუმარებასა და განმარტოებაში ვეძებდი. ამ დროს ოცნებით წარმოვიდგენდი ხოლმე უამრავ ნათელ სურათს, რომლებიც ბრწყინავდნენ ჩემ გარშემო. მინდოდა, ჩემი გული აჰყოლოდა ამ ბობოქარ მოძრაობას და, ტანჯვა-წამებასთან ერთად, ნამდვილი ცხოვრებაც განეცადა. ყველაზე უკეთესი კი ის იყო, მესმინა იმ დაუმთავრებელი ამბისთვის, ჩემი ოცნება რომ ქმნიდა და ვიღაც დაუსრულებლად ჰყვებოდა ჩემს სულში. მას ცხოველმყოფლობას მატებდა ის შემთხვევები, თვით ცხოვრება, ცეცხლი და გრძნობები, რომლებისკენაც ასე მივისწრაფოდი და სინამდვილეში არ გამაჩნდა.

მართალი არ იქნება, თუ ვინმე შეეცდება იმის მტკიცებას, რომ ადამიანი მშვიდი ცხოვრებით უნდა დაკმაყოფილდეს. ადამიანისთვის აუცილებელია მოქმედება და, თუ ეს არა აქვს, სულერთია, ის მაინც შეიქმნის საქმიანობით აღსავსე ცხოვრებას. მილიონობით ადამიანს მისჯილი აქვს მეტისმეტად ერთფეროვანი არსებობა, ვიდრე თუნდაც მე მომაკუთვნა ბედისწერამ. მილიონობითვე ადამიანი უსიტყვოდ უჯანყდება ასეთ ვითარებას. არავინ უწყის ამქვეყნად, პოლიტიკურ მეამბოხეთა გვერდით რამდენი მეამბოხე სულია. იგულისხმება, რომ ქალები, საერთოდ მეტად მშვიდად უნდა ატარებდნენ ცხოვრებას, მაგრამ ისინი ხომ იმასვე გრძნობენ და განიცდიან, რასაც მამაკაცები. მათაც ხომ სწორედ ისევე სჭირდებათ გამოავლინონ თავიანთი ნიჭი, უნარი და შექმნან სამოღვაწეო ასპარეზი, როგორც მათ ძმებს. ისინიც ხომ სწორედ ისევე იტანჯებიან სასტიკი ტრადიციული თავდაჭერილობითა და ცხოვრების შეზღუდული პირობებით, როგორც მათ ადგილზე დაიტანჯებოდნენ მამაკაცები. მრავალი უპირატესობის მფლობელი სქესის გონებაშეზღუდულობას უნდა მიეწეროს, როდესაც გვარწმუნებენ, რომ ქალები ისე უნდა შევზღუდოთ, მხოლოდ პუდინგი მოამზადონ, წინდები ქსოვონ, ისწავლონ ფორტეპიანოზე დაკვრა და ჩანთები ქარგონო. უფრო დიდი სიმდაბლეა მათი გაკიცხვა და დაცინვა, როდესაც ისინი ეძებენ მეტ საქმესა და მეტ ცოდნას ცხოვრებაში, ვიდრე ჩვეულებრივად არის დაკანონებული მათი სქესისთვის.

ხშირად დერეფანში მარტო დარჩენილს მესმოდა გრეის პულის სიცილი. ეს კვლავ ისეთივე ნაწყვეტნაწყვეტი, ხმადაბალი ჰა-ჰა-ჰა იყო, რომელმაც ჟრუანტელივით დამიარა მთელ სხეულში, როდესაც პირველად მოვისმინე. ხანდახან ამ სიცილზე უფრო უცნაური ბუტბუტიც მესმოდა. იყო დღეები, როდესაც ის სრულიად დუმდა. მე კი ვცდილობდი და ვერ გამერკვია, მაინც რა ხმები იყო ეს. ზოგჯერ ამ ქალს თეფშითა და ლანგრით სამზარეულოსკენ მიმავალს ვხვდებოდი, საიდანაც, ჩვეულებრივ, მალევე ბრუნდებოდა უკან. ხშირად მის ხელში შავი ლუდით სავსე ტოლჩასაც ვამჩნევდი (ოჰ, მაპატიეთ, რომანტიკულო მკითხველო, რომ ასე გადმოგცემთ ამ ტლანქ სინამდვილეს!). გრეის პულის დანახვისთანავე მისივე უცნაური სიცილით გამოწვეული ჩემი ცნობისმოყვარეობა სწრაფად ქრებოდა, რადგან მის მშვიდ საქციელსა და სახის უხეშ ნაკვთებზე ვერ შენიშნავდით ვერაფერს ისეთს, რასაც შეიძლებოდა ინტერესი გამოეწვია. რამდენჯერ ვცადე გამოვლაპარაკებოდი, მაგრამ, ჩანდა, ლაპარაკი არ უყვარდა, მოკლე პასუხს მაძლევდა და ყოველი ჩემი ცდა უშედეგო რჩებოდა.

ამ სახლის სხვა ბინადარნი: ჯონი და მისი ცოლი, ხელზე მოსამსახურე ლი და ფრანგი აღმზრდელი სოფი - ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ. მათ არაფერი ჰქონდათ ისეთი, რომ სხვებისგან გამოსარჩევნი და განსხვავებულნი ყოფილიყვნენ. სოფისთან ხშირად ვსაუბრობდი ფრანგულად, ვეკითხებოდი მის მშობლიურ მხარეზე, მაგრამ მას არც აღწერის ნიჭი გააჩნდა და არც მოყოლის. მუდამ ისეთ უშინაარსო და გაურკვეველ პასუხს მაძლევდა, სურვილი მეკარგებოდა, არათუ გამომეწვია სასაუბროდ, არამედ კიდევ მეკითხა რამე.

ასე გავიდა სამი თვე: ოქტომბერი, ნოემბერი და დეკემბერი. იანვრის ერთ საღამოს, რადგან ადელი გაციებული იყო, მისის ფეიერფექსმა მთხოვა, მეცადინეობა გადაგვედო. ადელსაც აღფრთოვანება შევამჩნიე - ის კვერს უკრავდა მისის ფეიერფექსის თხოვნას. ამ ამბავმა ჩემი ბავშვობა გამახსენა. რარიგ მიხაროდა მეც მეცადინეობის გადადება და შემთხვევითი თავისუფლება. დავეთანხმე, რადგან ვიფიქრე, რომ დათმობა ამ შემთხვევაში საჭირო იყო. მოწმენდილი და წყნარი დღე ჩანდა, თუმცა სუსხიანი. დილით კარგა ხანს ბიბლიოთეკაში ვიჯექი მარტოდმარტო და დავიღალე. ამ ხნის განმავლობაში მისის ფეიერფექსმა წერილის წერა დაამთავრა და გასაგზავნად გაამზადა. ქუდი დავიხურე, პალტო ჩავიცვი და შევთავაზე, წერილი ჩემთვის გაეტანებინა ჰეიში. ჰეი ჩვენგან ასე ორი მილით იქნებოდა დაშორებული. ამ მანძილის გავლა კი ზამთრის ასეთ წყნარ ამინდში სასიამოვნოდ მეჩვენებოდა. ადელი თავის პატარა სავარძელში, მისის ფეიერფექსის სასტუმრო ოთახში, მის გვერდითვე დავტოვე ცეცხლის პირას. სათამაშოდ ყველაზე ლამაზი სანთლის დედოფალა მივეცი (ამ დედოფალას მე, ჩვეულებრივ, ვერცხლისფერ ტყვიის ქაღალდში გახვეულს, უჯრაში ვინახავდი). მოთხრობების წიგნიც დავუტოვე, რომ ერთი და იმავე ნივთებით გართობა არ მოსწყენოდა და ადელის ამ სიტყვებს: "ღევენეზ ბიენტოტ, მა ბონნე ამიე, მა ცჰèრე მადემოისელლე, Gეანნეტტე", კოცნით ვუპასუხე და გავეშურე.

დედამიწა გაყინული იყო, ამინდი წყნარი და გზა უკაცრიელი. სწრაფი ნაბიჯით მივდიოდი, რომ გავმთბარიყავი. რამდენიმე ხნის შემდეგ კი ნაბიჯი შევანელე, მინდოდა დავმტკბარიყავი იმ განუსაზღვრელი სიამოვნებით, რომელიც ჩემს სულში დროისა და ადგილის მომხიბვლელობით იღვრებოდა. სამრეკლოს რომ ჩავუარე, ეკლესიის ზარმა დარეკა. უკვე სამი საათი იყო. ბინდბუნდში ჩამავალი მზის გაცრეცილი სხივები მომხიბვლელობას მატებდნენ ამ წუთებს. თორნფილდს ერთი მილით დავშორდი. ვიწრო სასოფლო გზით მივდიოდი, რომელიც ზაფხულობით ველური ვარდებით იყო განთქმული, ხოლო შემოდგომით - მაყვლისა და კაკლის უხვი მოსავლით. ჯერ კიდევ აქა-იქ ახლაც შენიშნავდით რტოებს შორის შემორჩენილ მარჯნისფერი ასკილისა და კუნელის ნაყოფს. ზამთრობით ამ გზის მთელ სილამაზეს მისი სრული უდაბურობა და უკაცრიელობა წარმოადგენდა. მთელ ამ არემარეში არსად ჩანდა მარადმწვანე ხეები და დეკა, რომ სიოს აეშრიალებინა და ოდნავი ხმაური მაინც გამოეწვია. იყო მხოლოდ შიშველი კუნელისა და თხილნარის ბუჩქები, ისეთივე მდუმარებით მოცულნი, როგორიც შარაგზაზე მოფენილი თეთრი გადახეხილი ქვები. გზის ორივე მხარეს მოჩანდა ფართოდ გადაჭიმული დიდი მინდვრები, სადაც ვერც ერთი შინაური პირუტყვი საჭმელად ვერაფერს იპოვიდა. პაწაწინა, ყავისფერბუმბულიანი ჩიტები დროგამოშვებით შეიფრთხიალებდნენ ხოლმე ღობეში და იმ დამჭკნარ ფოთლებს წააგავდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ ბუჩქებს შერჩენოდნენ და დაცვენა დავიწყებოდათ.

ჰეისკენ მიმავალი ბილიკი გორაკებზე მიიკლაკნებოდა. შუა გზას მივაღწიე თუ არა, გადასაბიჯზე ჩამოვჯექი, რომლის იქით მინდვრები იწყებოდა. წამოსასხამი მაგრად შემოვიხვიე, ხელები ხელსათბურში შევმალე და სიცივეს ვეღარ ვგრძნობდი. ძალიან ყინავდა. ამას იმითაც ვამჩნევდი, რომ შარაგზას ყინულის სქელი ფენა გადაჰკვროდა და ამ რამდენიმე დღის წინ უეცარი სითბოს გავლენით გაჩენილი პატარა ნაკადული, რომელსაც ნაპირი გადმოელახა და გზაზე მოჩხრიალებდა, ახლა გაყინულიყო. ვიჯექი და გადავცქეროდი დაბლა გაშლილ ველზე აღმართულ თორნფილდის რუხ, ქონგურებიან შენობას. მის დასავლეთით ვხედავდი ტყესა და დაბურულ ხეივანს, სადაც უამრავი ჭილყვავი ბინადრობდა. ასე ვიჯექი, სანამ ალისფერი, კაშკაშა მზე ხეებს შორის ჩავიდოდა და თვალს მოეფარებოდა. მერე კი მივტრიალდი და აღმოსავლეთისკენ დავიწყე ყურება.

გორაკის წვერზე, ჩემ მაღლა, ამომავალი მთვარე შევნიშნე. ის ჯერ კიდევ ღრუბელივით ფერმკრთალი იყო, მაგრამ, რაც უფრო ამოდიოდა, მით უფრო ემატებოდა სინათლე. ის ნახევრად ხეებით დაფარულ სოფელ ჰეის გადაჰყურებდა. რამდენიმე სახლის საკვამურიდან ცისფერი ბოლი ამოდიოდა და ცისკენ მიიკლაკნებოდა. სულ ერთი მილითღა ვიყავი დაშორებული ჰეის, მაგრამ ამ ღრმა დუმილშიც მისი თვით ოდნავი სასიცოცხლო მაჯისცემაც კი გარკვევით მესმოდა. ჩემს ყურთასმენას ატკბობდა ნაკადულების რაკრაკი, მაგრამ ის კი ვერ გამერკვია, თუ რომელ ხეობებსა და ხევებში მოჩუხჩუხებდნენ ისინი. ჰეის იქით უამრავი გორაკი მოჩანდა და, უეჭველია, ეს ნაკადულებიც იქიდან მოჩქეფდნენ. ისეთი წყნარი საღამო იყო, რომ გარკვევით მესმოდა არა მხოლოდ ჩემ ახლოს მოჩუხჩუხე ნაკადულების ხმა, არამედ ყველაზე შორეულთა რაკრაკიც.

რაღაც მეტისმეტად უხეშმა ხმამ დაარღვია ნაკადულების ჩუმი ჩურჩული და მხიარული რაკრაკი. ის ძალიან შორიდან, მაგრამ მეტად გარკვევით მოისმოდა. ეს იყო ცხენის ფეხის ხმა, ნალებით დაჭედილი ფლოქვების თქარათქური, რომელიც მთლიანად ფარავდა ნაკადულების საამო დუდუნს, ისევე, როგორც სურათის წინახედზე დახატული კლდე ან ფართოდ ტოტებგაშლილი მუხა ფარავს ხოლმე ლაჟვარდოვან ცას, იისფერ მწვერვალებს, მზით განათებულ ჰორიზონტს და ღრუბლებს, სადაც თვალწარმტაცი ფერები დაუსრულებლად გადადიან ერთიდან მეორეში.

ხმაური შარაგზიდან მოისმოდა. ეტყობოდა, ვიღაც ცხენით მოდიოდა. გზა იმდენად კლაკნილი იყო, რომ მგზავრი ჯერ კიდევ არ ჩანდა, მაგრამ მესმოდა, როგორ მიახლოვდებოდა. ადგომა დავაპირე, მაგრამ გზის სივიწროვის გამო მალევე გადავიფიქრე. გადავწყვიტე იქვე გაუნძრევლად ვმჯდარიყავი, რომ ცხენს გაევლო. მაშინ მე ხომ ახალგაზრდა ვიყავი და ყოველნაირი ოცნება, ხან ნათელი და ხან მეტად ბუნდოვანი, სხვა სისულელეებთან ერთად სწრაფად ჩნდებოდა ჩემს გონებაში. ჯერ კიდევ ცოცხლობდა შორეული მოგონებანი და ბავშვობაში გაგონილი ამბები. როდესაც ეს მოგონებანი კვლავ გამიახლდებოდა ხოლმე, ახალგაზრდული ასაკი მატებდა მას ისეთ ძალასა და სიცხადეს, რომელიც ბავშვობამ არ იცის. ცხენის გამოჩენამ და ჩემ მიერ ბინდბუნდში მისმა თვალთვალმა გამახსენა ბესის მიერ მოყოლილი ერთ-ერთი ზღაპარი, რომელშიც ადამიანებს, ჩრდილოეთ ინგლისის მკვიდრთ, რაღაც სული, სახელად გიტრეში, მოევლინებოდათ ხოლმე. ის ცხენის, ჯორის ან დიდი ძაღლის სახით დაეხეტებოდა უკაცრიელ გზებზე და ხანდახან დაგვიანებულ მგზავრებს წინ უხვდებოდა.

ცხენი სულ ახლოს იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩანდა. ფლოქვების თქარუნს ისიც დაემატა, რომ ღობის ქვეშ რაღაც ხმაური ატყდა. სულ ახლოს, თხილნარის ბუჩქებიდან, დიდი ძაღლი გამოძვრა. ცხადად დავინახე, ბეწვი შავად და თეთრად უბზინავდა. ეს ბესის მონაყოლი ნამდვილი სახეშეცვლილი გიტრეში იყო: ლომის მსგავსი, რაღაც უცნაური ცხოველი, გრძელბეწვიანი და დიდთავა. მან სრულიად მშვიდად ჩამიარა, არც კი შეჩერებულა, რომ თავისი უცნაური მეტყველი, ძაღლური თვალებით შემოეხედა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ შეუმჩნეველი არ დავრჩებოდი. მას უკან მეტად მაღალი, ჯიშიანი ცხენი მოსდევდა. ცხენზე მხედარი იჯდა. ადამიანის, ცოცხალი არსების გამოჩენამ სწრაფად გააქრო ჯადოსნური ქსელი. ჯერ ხომ არავის უმგზავრია გიტრეშით. ის მარტოდმარტო დადიოდა მუდამ. ბოროტი სულები, ჩემი აზრით, პირუტყვის სახეს კი იღებდნენ, მაგრამ იშვიათად თუ მოევლინებოდნენ ვინმეს ადამიანის სახით. არა, ეს არ იყო გიტრეში. ეს იყო მგზავრი, რომელიც მოკლე გზით მილკოტისკენ მიიჩქაროდა. მან ჩამიარა და მეც გზა განვაგრძე. გადავდგი თუ არა რამდენიმე ნაბიჯი, უკან მოვიხედე, რადგან ყინულზე რაღაც დაცურდა და წამოძახილიც შემომესმა:

- რა ვქნა ახლა? - ამას მოჰყვა ცხენის დაცემის ხმა. კაცი და ცხენი ორივე წაქცეულიყო. ეტყობოდა, ისინი ყინულზე დაცურდნენ, რომელიც შარაგზაზე ლაპლაპებდა. ძაღლი გადახტა და თვალის დახამხამებაში მათთან გაჩნდა. შეამჩნია თუ არა, რომ პატრონი გასაჭირში ჩავარდა და ცხენის გმინვაც გაიგო, ყეფა ატეხა. ისეთი ძალით და ისე ხმამაღლა ყეფდა, ვიდრე ბინდბუნდში მთვლემარე გორაკებმა ასეთივე ექო არ გამოსცა. მან წაქცეულები დაყნოსა და მხოლოდ ისღა მოახერხა, რომ მერე ჩემთან მოირბინა, ჩემს მეტი იქ არავინ ჩანდა, რომ დახმარებოდა. პირუტყვს დავემორჩილე და გავემართე მგზავრისკენ, რომელიც უზანგიდან ფეხის გათავისუფლებას ცდილობდა. ის არცთუ მძიმედ უნდა ყოფილიყო დაშავებული, ისეთი ძალით ცდილობდა გაეთავისუფლებინა თავი. მიუხედავად ამისა, მაინც ვკითხე:

- იტკინეთ რამე, სერ?

მგონი, ამ დროს ის ილანძღებოდა, მაგრამ ამაში ახლაც არ ვარ დარწმუნებული. ასე იყო თუ ისე, ის რაღაცას ბუტბუტებდა და სწორედ ამან შეუშალა ხელი მაშინვე პასუხის გაცემაში.

- შემიძლია რამეში დაგეხმაროთ? - კვლავ ვკითხე მე.

- განზე გადექით, - მიპასუხა მან და პირველად მუხლებზე წამოიწია, შემდეგ კი ფეხზე წამოდგა. ჩამოვეცალე, რადგან დავინახე, რომ ცხენი ფეხზე წამოსადგომად მძიმედ ურტყამდა ფლოქვებს ყინულზე. ძაღლიც განუწყვეტლივ ყეფდა. ყოველივე ამან მაიძულა, რამდენიმე იარდით დამეხია უკან, მაგრამ წასვლა არ მინდოდა, სანამ არ ვნახავდი, რით დამთავრდებოდა ეს ამბავი. ბოლოს, მათ ბედმა გაუღიმა. ცხენი წამოდგა და ძაღლიც პატრონის შეძახილზე: - დაწექი, პაილოტ! - გაჩუმდა. მგზავრი დაიხარა და ფეხს ისინჯავდა, ალბათ, იმის გაგება სურდა, ხომ არაფერი დამიშავდაო. ნათლად ჩანდა, ტკივილები აწუხებდა. ის კოჭლობით მივიდა გადასაბიჯთან, საიდანაც ის იყო ავდექი, და მასზე ჩამოჯდა.

მინდოდა, მეგობრულად შემეთავაზებინა ხელი, დავხმარებოდი და ამიტომ ვკითხე:

- თუ თქვენ მძიმედ დაშავდით, სერ, და დახმარება გჭირდებათ, შემიძლია თორნფილდიდან ან ჰეიდან მოგიყვანოთ ვინმე.

- გმადლობთ, მე თვითონ მოვუვლი თავს. ძვლები არა მაქვს დამტვრეული, მხოლოდ ფეხი ვიღრძე. - ის კვლავ წამოდგა, შეეცადა, ფეხზე დამდგარიყო, მაგრამ ტკივილის გამო უნებურად შეჰყვირა.

ჯერ კიდევ დღის ნათელი არ გამქრალიყო. პირბადრი მთვარე ანათებდა და ახლა სრულიად გარკვევით ვხედავდი მხედარს ბეწვისსაყელოიან საცხენოსნო წამოსასხამში, რომელიც ფოლადის შესაკრავებით იკვრებოდა. კარგად ვერ დავაკვირდი, თუ როგორ გამოიყურებოდა, მაგრამ შევნიშნე, რომ საშუალო სიმაღლის იყო, გაშლილმკერდიანი, შავგვრემანი, ფართო შუბლითა და სახის მკაცრი ნაკვთებით. ახლა, შეერთებული წარბები მრისხანედ შეეკრა და თვალებშიც სიჯიუტე უკრთოდა. ახალგაზრდულ ასაკს გადაცილებული ჩანდა, მაგრამ არც შუახნის იყო. ასე, დაახლოებით, ოცდათხუთმეტი წლისა თუ იქნებოდა. მის დანახვაზე არ შემშინებია, მაგრამ ოდნავ შემრცხვა. ის რომ უფრო ლამაზი, წარმოსადეგი და ოცნებით წარმოდგენილი გმირი ყოფილიყო, მაშინ მიახლოებას და ამდენი კითხვის დასმას ვერ გავბედავდი, ვერც სამსახურს შევთავაზებდი, რადგან ვატყობდი, არ სიამოვნებდა. არასოდეს მენახა ახალგაზრდა, ლამაზი მამაკაცი. ჩემს სიცოცხლეში ჯერ კიდევ არც ერთ მათგანს არ დავლაპარაკებოდი. წარმოდგენით ვეთაყვანებოდი და მოწიწებას ვგრძნობდი სილამაზის, მოხდენილობის, სიმამაცისა და მომხიბვლელობის მიმართ. ყველა ამ თვისებით დაჯილდოებული ახალგაზრდა ყმაწვილკაცები კიდეც რომ შემხვედროდნენ, ალღოთიც ვიგრძნობდი, რომ მათ არაფერი მოეწონებოდათ ჩემი. მეც თავს ისე ავარიდებდი, როგორც მოგიზგიზე ცეცხლს, ელვას ან რაიმე ისეთ ნივთს, რასაც ბრწყინვალება არ აკლია, მაგრამ მაინც საძულველია.

ამ უცნობ მგზავრსაც რომ გაეღიმა, კარგად მომქცეოდა, მადლობა გადაეხადა ან თავაზიანად ეთქვა უარი და არ მიეღო ჩემი დახმარება, რომელიც შევთავაზე, ჩემი გზით წავიდოდი და საჭიროდ არ ჩავთვლიდი, გამემეორებინა მისთვის შეკითხვები, მაგრამ მისმა მოღუშულმა სახემ და უხეშობამ გამბედაობა შემმატა. როდესაც მანიშნა, წავსულიყავი, არც კი გავნძრეულვარ და განვუცხადე:

- ვერ დაგტოვებთ, სერ, ასე გვიან აქ, ამ უკაცრიელ შარაგზაზე მანამდე მაინც, სანამ ცხენზე შეჯდომას არ შეძლებთ.

ვთქვი თუ არა ეს, მან შემომხედა, აქამდე კი, მგონი, ერთხელაც არ შემოეხედა ჩემთვის.

- ვფიქრობ, ასეთ დროს თქვენ თვითონ შინ უნდა იჯდეთ, თუ სახლი აქ სადმე ახლომახლოსა გაქვთ. საიდან მოდიხართ?

- ქვემოდან. სრულიადაც არ მეშინია ასე გვიან გარეთ ყოფნა, თუ მთვარიანი ღამეა. თუ გნებავთ, სიამოვნებით გაგეგზავნებით ჰეიში, მაინც იქით მივდივარ წერილის გასაგზავნად.

- თქვენ, აი, იქ, დაბლა ცხოვრობთ? იმ ქონგურებიან სახლში? - და მან თორნფილდზე მიმითითა, რომელსაც მთვარე უხვად აფრქვევდა ვერცხლისფერ სხივებს და უფრო გარკვევით მოჩანდა ტყის ფონზე, რომელიც განათებული ცის დასავლეთთან შედარებით უზარმაზარი ჩრდილივით გაწოლილიყო.

- დიახ, სერ.

- ვისია ეს სახლი?

- მისტერ როჩესტერის.

- იცნობთ მისტერ როჩესტერს?

- არა, არასოდეს მინახავს.

- მაშ, ის იქ არ ცხოვრობს?

- არა.

- იცით თუ არა, სად არის ახლა?

- არა, არ ვიცი.

- თქვენ, რასაკვირველია, მოსამსახურე არ იქნებით, ალბათ, თქვენ იქ... - ის შეჩერდა, თვალი შეავლო ჩემს ჩაცმულობას, რომელიც, ჩვეულებრივ, მეტად უბრალო იყო: შავი მერინოსის მოსასხამი, ასეთივე ფერის წავის ბეწვის ქუდი. არც ერთსა და არც მეორეს მდიდარი ქალბატონის პირისფარეშიც კი არ იკადრებდა. როგორც ჩანდა, ძალიან უჭირდა გაეგო, რა საქმიანობა მევალებოდა იქ. მე დავეხმარე და ვუთხარი:

- აღმზრდელი გახლავართ, სერ.

- ოჰ, აღმზრდელი? - გაიმეორა მან. - ეშმაკმა დალახვროს, სულ დამავიწყდა აღმზრდელი! - და მან კვლავ დაკვირვებით აათვალიერ-ჩაათვალიერა ჩემი ჩაცმულობა. ასე, ორი წუთის შემდეგ გადასაბიჯიდან ის კვლავ წამოდგა, მაგრამ, შეეცადა თუ არა, ფეხი გადაედგა, სახეზე საშინელი ტკივილის კვალი აღებეჭდა.

- რა თქმა უნდა, ვინმეს მოყვანას ვერ დაგავალებთ, - მითხრა მან, - მაგრამ შეგიძლიათ, თვითონ დამეხმაროთ, თუ ასეთი გულკეთილი ხართ.

- სიამოვნებით, სერ.

- ქოლგა რომ გქონდეთ, საბჯენი ჯოხის მაგიერ გამოვიყენებდი.

- ქოლგა არა მაქვს, სერ.

- მაშინ სცადეთ, ჩემს ცხენს აღვირში ხელი მოჰკიდოთ და აქ მომიყვანოთ. ხომ არ გეშინიათ?

რასაკვირველია, მარტო რომ ვყოფილიყავი, ცხენის შემეშინდებოდა, მაგრამ, როდესაც მთხოვეს, მეც დავემორჩილე. ხელსათბური გადასაბიჯზე დავდე და მაღალფეხებიან, ჯიშიან ცხენს მივუახლოვდი. შევეცადე აღვირში წამევლო ხელი, მაგრამ ცხენი მეტად ფიცხი აღმოჩნდა და ახლოს არ მიმიშვა. ბევრი ვეცადე, მაგრამ ამაოდ. თანაც სიკვდილზე მეტად მაფრთხობდა მისი ტორების დაუსრულებელი ცემა მიწაზე. მხედარი რამდენიმე ხნის განმავლობაში იცდიდა, მითვალთვალებდა, ბოლოს გაიცინა და წარმოთქვა: - ვხედავ, მთას ვერ მიიტანთ მუჰამედთან, მაშინ ერთი გამოსავალიღა დაგრჩათ: დაეხმაროთ მუჰამედს, თვითონ მივიდეს მთასთან. გთხოვთ, მომიახლოვდეთ.

მივუახლოვდი.

- მაპატიეთ, - განაგრძო მან, - აუცილებლობა მაიძულებს, თქვენი დახმარებით ვისარგებლო.

თავისი ვაჟკაცური მძიმე ხელი მხარზე დამადო, ზედ დაეყრდნო და ასე, კოჭლობით, მივიდა ცხენთან. მოჰკიდა თუ არა ხელი ცხენის აღვირს, მაშინვე დაიმორჩილა ის და უნაგირს მოახტა. სახე ემანჭებოდა, რადგან თავს ძალას ატანდა და ნაღრძობი ფეხიც, ალბათ, უფრო და უფრო აწუხებდა.

- ახლა, - მითხრა მან მას შემდეგ, რაც გამეტებით იკბინა ქვედა ტუჩზე, - ჩემი მათრახი მომაწოდეთ. აი, იქ, ღობის ძირას გდია.

მოვძებნე და ჩქარაც ვიპოვე.

- გმადლობთ, ახლა კი იჩქარეთ, წაიღეთ წერილი ჰეიში და რაც შეიძლება მალე დაბრუნდით.

გაგრძელება შაბათს, 16 აპრილს