მთავარი როლი (ნაწილი XI) - გზაპრესი

მთავარი როლი (ნაწილი XI)

- დღეს რაღაც, ძალიან ჩუმად ხარ, - თქვა ბიბიმ, როცა კორპუსისკენ შეუხვია, - მთელი გზა ხმა არ ამოგიღია.

- ვფიქრობ, - მივუგე და გულში გამეცინა: ნეტავ იცოდეს, რაზეც ვფიქრობ... - იგივე შემიძლია, შენზე ვთქვა.

- ბიზნესის საქმეები თავიდან არ ამომდის. შენთვის ეს უცხო არ უნდა იყოს.

- ჰო, ნაცნობია, - ვუპასუხე, არადა, ბოლო დროს ისე ხშირად არ ვფიქრობდი სამსახურზე, როგორც ადრე.

- არ გინდა, რომ...

- მე უნდა...

ორივემ ერთდროულად ვთქვით, ამიტომ გაგვეცინა. ბიბიმ ხელი ამიქნია.

- კარგი, ჯერ შენ დაამთავრე სათქმელი.

- მინდოდა მეკითხა, ხომ არ შემოხვიდოდი? სადილი მზად მაქვს, ერთი ბოთლი ღვინოც მომეძევება, ცოტათი განვიტვირთოთ.

ღიმილი უცებ ჩაუქრა. პირველად შემომხედა დადარაჯებული მზერით.

- მადლობა, მაგრამ არ შემიძლია, ბევრი საქმე მაქვს.

- გასაგებია, - ნაძალადევად გავუღიმე, თან ვკიცხავდი ჩემს თავს, ასე რომ ვიჩქარე. რადგან უარი ვუთხარი სერიოზულ ურთიერთობაზე, შედეგმაც არ დააყოვნა, - მან ზედმეტი სერიოზულობით მიიღო ჩემი უარი.

- იქნებ სხვა დროისთვის გადავდოთ? - ჩამქრალი ხმით ვიკითხე.

თითქოს არ ჩქარობდა პასუხის გაცემას, სათქმელი გაწელა.

- თენგომ დავალება მომცა. მისი კომპანიის რეკლამაზე უნდა ვიმუშაო.

- ვიცი, იქ არ ვიყავი?! კიდევ ერთხელ გილოცავ. მიხარია.

- რაც შეიძლება მალე უნდა დავიწყო ეს საქმე. მომგებიანი სვლა უნდა გავაკეთო, ეს კი დროს მოითხოვს. არადა, სულ ერთი თვე მაქვს.

- ეჭვი არ მეპარება, რომ გამოგივა, - გავამხნევე. მისი დოსიე შესწავლილი მქონდა. ბრწყინვალე კარიერა გაუკეთებია ამერიკაში. არსაიდან მოსულმა, მთელი ქალაქი, რომ იტყვიან, შტურმით აიღო. საინტერესოა, საქართველოში რისთვის დაბრუნდა? ვერ დარჩა იქ? აქ რა კარიერა უნდა გაიკეთოს? ყველაფერი ჩამყაყებულია. თუმცა, რატომაც არა? მე თუ შევძელი, სრულიად მარტოს ამეწყო ჩემი ცხოვრება, ის რატომ ვერ მოახერხებს? ჩემზე მეტი პერსპექტივა აქვს. საკმარისია, ვინმემ მისი `სივი~ წაიკითხოს და - მორჩა, წარმატება გარანტირებული აქვს. აი, თუნდაც თენგოს წინადადება. დარწმუნებული ვარ, ბრწყინვალედ გაართმევს თავს და კიდევ ერთ ქულას ჩაიწერს თავის პროფესიულ ანკეტაში, თანაც - მსუყე ქულას. საინტერესოა, რადგან თავისას მიაღწია და თენგოს დაუახლოვდა, მოისურვებს ჩემთან თამაშის გაგრძელებას?

არადა, მომწონს მისი სპონტანური ხასიათი. დამაინტრიგებელია. მას შეუძლია ერთ მომენტში მკაცრი და სერიოზული იყოს, მეორე წუთს კი - მხიარული და თავბრუდამხვევი. სწორედ ამით მოინადირა ჩემი მეგობრების გული, თან - უადვილესად, თითქოს საუკუნეა, მათ იცნობს. ასეთ შედეგს არ ველოდი, ეფექტმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

- იმ კვირაში კოქტეილის საღამოს აწყობენ. წამომყვები? - სევდა გამერია ხმაში.

ყოყმანით დამიქნია თავი, რამაც უფრო გაამყარა ჩემი შიში.

- იმაზეა დამოკიდებული, მანამდე როგორ ვიმუშავებ. თუ მოვახერხე პრეზენტაციისთვის კონცეფციის დროზე შემუშავება, წამოვალ, თუ არა და, მომიწევს გამოტოვება. - ამ სიტყვებით მაჯის საათზე დაიხედა, თითქოს შემახსენა, ძვირფას დროს მართმევო.

ჩანთა იღლიაში ამოვიჩარე და მანქანის კარი გავაღე.

- გმადლობ, რომ დღეს ჩემ გვერდით იყავი.

- ჩემთვის ეს სასიამოვნო იყო, - გამიღიმა.

- დაგირეკავ მაინც... იქნებ მოიცალო, - ხვეწნასავით გამომივიდა, რის გამოც საკუთარი თავი შემეზიზღა.

- ჰო, აბა, რა. ქორწილის თარიღი როდის უნდა დანიშნონ?

- ჯერ არ ვიცი. თენგოს ბაბუა ჩავარდნილა ლოგინად. ამბობენ, დიდხანს ვერ გაატანსო, ამიტომ ალბათ გადადებენ ქორწილს. ხელი ხომ არ შეგეშლება, ეს დრო თუ გაიწელა?

- არა, რა თქმა უნდა. არ იქნება პრობლემა.

ნაღველი შემომაწვა. სწორედ ასეთ ხასიათზე დავდექი იმ საღამოს, ურთიერთობაზე უარი რომ ვუთხარი. არა, ეს გაცილებით ძლიერი უხასიათობა იყო. მთელი გეგმა ჩამეშალა. თვითონაც როგორ მექცევა? ფაქტია, აღარ ვაინტერესებ. მისი საუბრის ტონიდან გამომდინარე, ამის მიხვედრა ძნელი არ იყო. ამჯერად ჩვენ შორის `სახუმარო დუელი~ აღარ გაიმართა, როგორც აქამდე ხდებოდა ხოლმე.

- აბა, კარგად, - ისე ვჩქარობდი მანქანიდან გადმოსვლას, კინაღამ გადმოვვარდი.

- ელ! - დამიძახა.

მისკენ შევბრუნდი, თან გამწარებული, ქვედა ტუჩს ვიკვნეტდი.

- დიდი მადლობა.

- რისთვის?

შეღამებული იყო და მის სახეს კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ მომეჩვენა, რომ თვითონაც მოიწყინა, თუმცა, მთლად დარწმუნებულიც არ ვიყავი.

- იმისთვის, რომ გაგებით მოეკიდე ჩემს სიტუაციას.

ოფიციალურად გავიღიმე, ქუსლებზე შევტრიალდი და აჩქარებული ნაბიჯებით გავემართე სადარბაზოსკენ.

ხუთი დღე მოშხამული დავდიოდი. არ ვიცი, საქმეს როგორ ვაკეთებდი, წარამარა ბიბიზე ვფიქრობდი. რატომღაც, შეურაცხყოფილად ვგრძნობდი თავს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს გამომიყენეს და მიმატოვეს. იმ საღამოს შემდეგ ერთხელაც არ დაურეკავს, არ შემომხმიანებია.

პარასკევს გოგოები ჩემთან მოვიდნენ. ამან ცოტა გამამხიარულა. მაშინვე დავტრიალდი და სამზარეულო ნაირ-ნაირი სურნელით გავავსე.

- შენთან ყოფნა ერთი სიამოვნებაა, - თქვა მეგიმ, - მიყვარს, რომ ტრიალებ და არ გეზარება.

- თქვენ გამო უფრო დიდ მსხვერპლსაც გავიღებ, - გავეხუმრე.

- მოგიხდა სიყვარული, ძალიან ენაწყლიანი გახდი, გამოცოცხლდი.

- რატომ არ გამოცოცხლდებოდა, გენაცვალე, ისეთი ბიჭი ჩაიგდო ხელში, - აჰყვა მეგის კატო და ვაშლი ჩაკბიჩა.

- შეგშურდეთ ახლა, ჰო! - სიცილი ამიტყდა.

- არაჩვეულებრვი ბიჭია. რომ მოდის, თვალს ვერ ვაშორებ. თან ლამაზია, თან - ძალიან მამაკაცური, - გააგრძელა ბიბის ქება ლილიმ.

- რა გჭირთ? - დანიანი ხელი ჰაერში გავიქნიე. - გულზე სკდებით, რომ ჩემი კაცი თქვენსას სჯობია თუ რა?

- ოჰ, მთლად მასეც არაა საქმე, - იწყინა ლილიმ, - შენმა კაცმა ჯერ მიაღწიოს იმდენს, რამდენსაც ჩვენებმა მიაღწიეს და მერე შეგვეჯიბრე, თუ მაგარი ხარ.

- მიაღწევს, თან - უფრო ნაკლებ დროში, ვიდრე თქვენებმა.

- ვითომ რატომ? რა უპირატესობა აქვს შენს ბიბის ასეთი? - მოკბეჩილი ვაშლი ვაზაში ჩადო კატომ.

- ამერიკაში აქვს პრაქტიკა გავლილი. იცი, როგორი მოთხოვნა იყო ნიუ-იორკში მასზე?! გაგიჟდები, მისი დოსიე რომ ნახო.

- თუ ასეთი მაგარი ბრძანდებოდა, აქ რისთვის ჩამოვიდა? - არ დაიჯერა მეგიმ.

- ჩემ გამო, - ისე სხარტად ვიცრუე, ლამის მეც დავიჯერე.

- შენ გამო? - მეგი წინ გადმოიხარა. - მოიცა-მოიცა... თქვენ რა, იცნობდით ერთმანეთს?

მისმა შეკითხვამ დაბრაწული გოჭივით გამაწითლა. გოგოებს თვალი ავარიდე და ჩავიდუდღუნე:

- `ფეისბუკით~ ვიცნობდი, მერე `სკაიპით~ გავაგრძელეთ კონტაქტი. მთლად უცნობებიც არ ვიყავით, - ტყუილს ტყუილზე `ვაცხობდი~.

- როგორ არ მწამს ვირტუალურ სივრცეში დაწყებული ურთიერთობის!.. - უკმაყოფილოდ გადააქნია თავი კატომ. - ასე ხომ ვერასდროს გაიგებ ადამიანის ნაკლსა და უარყოფით მხარეებს. ყველას შეუძლია, ანგელოზად მოგაჩვენოს თავი.

- ყველა ვერ მოგაჩვენებს. უნდა იცოდე, ვის როგორ მიუდგე.

- ოჰ! გამომიჩნდა ბრძენთაბრძენი! - აკისკისდა ლილი. - თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ გაგიმართლა.

- მე თუ იმას?

- შენ, შენ. ის მამაკაცია და ნებისმიერს მოჩანგლავს. შენ კიდევ, ამდენი წელია, ერთი ვერ დაითრიე.

- გეყოფათ ახლა! მთლად სასოწარკვეთილ დიასახლისებს ნუ დაემსგავსებით, - მათი შეჩერება ვცადე. არ მსიამოვნებდა, წარამარა ბიბის რომ მიხსენებდნენ, ისედაც გახეთქვაზე მქონდა გული.

სამივეს გაეცინა. სწორედ ამ დროს მობილურზე ნანატრი ზარი გაისმა. ის იყო. დანა მაგიდაზე მივაგდე, ხელები წინსაფარზე შევიწმინდე და საძინებელში გავვარდი. დაქალების სიცილმა და შეძახილებმა გამომაცილა სამზარეულოდან.

- ნახე, რა მელოდია დაუყენებია თავისი კაცისთვის, - კისკისებდა მეგი.

- მიდი, მიდი, უპასუხე, არ გაგითიშოს! - მომძახოდა ლილი.

მათი თავი არ მქონდა. კამოდზე დადებულ ტელეფონს ვეცი და მწვანე ღილაკს აცახცახებული თითი დავაჭირე.

- ხომ არ მოიწყინა ჩემმა პარტნიორმა? - დაღლილი მომეჩვენა მისი ხმა.

- როგორ ხარ? - სულმოუთქმელად ვკითხე.

- არა მიშავს. ვმუშაობ და ვარ, დღე და ღამეს ვასწორებ მუშაობაში.

- და როგორ მიდის საქმე?

- გცალია, ცოტა ხანს რომ გელაპარაკო?

- რა თქმა უნდა.

- ჩემს უფროსს ვუთხარი თენგოს კომპანიის შესახებ და გაგიჟდა, ისე გაუხარდა. მათთან კონტრაქტი თუ გამოგვივიდა, სახელს უფრო გავითქვამთო. ახლა ერთი სული აქვს, საბოლოო ვარიანტს როდის შევუტან. არავინ ელოდა, ამდენი თუ შემეძლო. არადა, ფუტკარივით მუშა ვარ, მაგის დედა ვატირე! ამათ რა იციან, მე რა შემიძლია. ეკონომისტის დიპლომი ისე კი არ მიმიღია, ჰაერში. შემაქო დირექტორმა, მაგარი საქმეაო. თუ ეს კონტრაქტი გამოგივა, ფასდაუდებელი თანამშრომელი გახდებიო. მერე ყველა გააფრთხილა, ბიბის უნდა დაეხმაროთო. არ იცი, როგორ გაუტყდათ. ერთი გადამეკიდა, როგორ დაითანხმე `ტენგოლკომპანია~ თანამშრომლობაზე? ერთი წელია, დავდევ და არაფერი გამომივიდაო. მე ვუთხარი, ჩვეულებრივად, შევხვდი და ველაპარაკე-მეთქი. არადა, ყველაფერი შენი დამსახურებაა, ელი. შენ რომ არა, რა გამომივიდოდა? მე კი რითი გადაგიხადე? სულ დაგივიწყე. მთელი ძალით ამ პროექტში გადავეშვი. რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს. მინდა, კარგი გამომივიდეს. უნდა გავიმარჯვო. არადა, მენატრები, ოღონდ - მართლა. როდისაა კოქტეილის საღამო?

- ზეგ.

- ჰოდა, მოვდივარ, მთლად ეგეთი უსინდისოც კი არ ვარ. გასაგებია?

გული შემიფრთხიალდა ამის გაგონებაზე. სიხარულით ფეხზე ძლივს ვიდექი.

- კარგია, თუ გცალია. მაშინ დაგირეკავ ზეგ დილით და შევთანხმდეთ, სად და რომელ საათზე შევხვდეთ ერთმანეთს.

- შენს ზარს მოუთმენლად დაველოდები.

ტელეფონი გავთიშე და მუხლმოკვეთილი, საწოლზე ჩამოვჯექი. როგორც ჩანს, არ დავვიწყებივარ. ესე იგი, ჯერ კიდევ არ არის ყველაფერი დაკარგული. ცოტა აზრზე რომ მოვედი, გოგოებს მივაშურე...

- მეგონა, ძალიან დაკავებული იყავი და ჩემთვის ვეღარ მოიცლიდი, - ვუთხარი ბიბის, როცა ლანჩმა ჩაიარა და დერეფანში გავედით.

ბიბიმ კოქტეილის ჭიქა მომაწოდა.

- ერკვევი კოქტეილებში?

- ისე რა, - დარცხვენილმა გავუღიმე.

- მე კიდევ, ყველანაირი მაქვს გასინჯული. ამერიკა მაინც ამერიკაა.

დიდი ყლუპი მოვსვი და ყურადღებით შევათვალიერე `ჩემი კაცი~. საოცარი თვალები ჰქონდა, სწორედ ისეთი ფერის, როგორიც მე მიყვარდა. ჩემსას კი არ ჰგავს, ყველაზე გავრცელებული, თაფლისფერი თვალები რომ მაქვს.

- ხშირად გეცვლება თვალის ფერი? - მკითხა სრულიად მოულოდნელად.

გაკვირვებულმა ავხედე.

- მეცვლება?

- ჰო, ახლა ყავისფერი გაგიხდა, არადა, მგონი, ჩალისფერი უნდა გქონდეს.

სიცილი წამსკდა.

- თვალებზე ჩალისფერს არ იტყვიან. ეგ თმაზე ითქმის.

- კარგი, ჰო, მაშინ, თაფლისფერი იყოს. ქართველებს ასე უფრო მოგწონთ. აი, ამერიკაში კი...

- ეს ამერიკა არაა.

- ვიცი, ვიცი, - განაწყენებული ტონით შემაწყვეტინა, თითქოს `გაუტყდა~, შენიშვნა რომ მივეცი.

- ესე იგი, დღეს იმიტომ გამომყევი, რომ დროებით სამუშაოს მოწყვეტოდი? - სხვა თემაზე გადავიტანე საუბარი, რათა ნაწყენი არ დამრჩენოდა.

- ჰო, ასეა.

გამეღიმა. როგორი ტყუილიც უნდა ეთქვა, ზუსტად ვხვდებოდი, რომ ჩემ გამო მოვიდა და სამუშაო არაფერ შუაში იყო. იმიტომ, რომ ჩემი ნახვა უნდოდა, ჩემ გვერდით ყოფნა, ჩემთან საუბარი.

- აი, მაგალითად, ამ პლაკატს რა სათაურს მოუძებნიდი? - მობილურის ეკრანი მომიშვირა, რომელზეც წყვილი `ბოტასი~ მოჩანდა.

- რა ვიცი, აბა! მაგალითად, `სპორტული ფორმის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა~.

გულიანად გაეცინა.

- ეგ წარწერა ბოშების ბაზრობას უფრო მოუხდებოდა. მე კიდევ, ასეთი რამ მოვიფიქრე: `ბოტასები~ კუნთების გასავარჯიშებლად - დამითმეთ გზა!~

- მაგარია! სუფთა ამერიკული ვარიანტია! - აღტაცება ვერ დავმალე, მისკენ გადავიწიე და მხრით შევეხე.

ჟრუანტელმა დამიარა. როგორი სასიამოვნო იყო ეს შეხება!

მოულოდნელად იდაყვში მტაცა ხელი, მჭიდროდ მიმიკრა და მკითხა:

- რა გემართება დღეს?

გავწითლდი და თვალი ავარიდე.

- არ ვიცი, რაზე მელაპარაკები.

ნიკაპქვეშ ამომდო საჩვენებელი თითი და თავი ამიწია, რომ ჩემი თვალები დაენახა, თან ხმადაბლა წარმოთქვა:

- მე მგონი, იცი.

თვალები დავახამხამე, რათა შეცბუნება დამემალა.

- დღეს სხვა ელენე ხარ: უფრო ცოცხალი, უფრო მხიარული, მოტიტინე, უფრო გულღია... - ჩემი ხელი აიღო, ტუჩებთან მიიტანა და ხელისგულზე მაკოცა. - ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც შენ შემეხე და არა - მე, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური კონტაქტის პროვოცირებას არასდროს ცდილობ. კითხვას გაგიმეორებ: დღეს რა გემართება? არ გეგონოს, წინააღმდეგი ვიყო. პირიქით, ძალიან საინტერესოა. ნუთუ მართალია, როცა ამბობენ, განშორება გრძნობებს ამძაფრებსო?

- დამცინი, არა? - წავიჩურჩულე. - თუ ამის გაგება გინდა, აი, პასუხიც: ჩვენი განშორება ზუსტად შვიდი დღე, ხუთი საათი და ჩვიდმეტი წუთი გაგრძელდა. მგონი, საკმარისი დროა, რომ მოიწყინო.

გაბრწყინებული თვალებით შევცქეროდი, ის კი გაოგნებული მომჩერებოდა, არ ელოდა ჩემგან ასეთ გულახდილობას.

- ვერ ვიჯერებ... მეღადავები?

წამწამები დავახამხამე და სათნო ღიმილი გამოვისახე ტუჩებზე, თითქოს ჩემზე უბიწო მეორე არ დადიოდა ამქვეყნად.

- ნუთუ მოქმედებს? - კეკლუცად გადავხარე თავი მარჯვნივ.

- მერედა, როგორ!

და სანამ იმაზე დავფიქრდებოდი, რამდენად სწორად მოვიქეცი, უეცრად მომეჭრა, კედელს ამაკრა და ტუჩებზე დამაკვდა. შემაკანკალა. თურმე როგორ მომნატრებია! როგორი მოწყენილი ვყოფილვარ მისი სიცილის, სითბოს, ხიბლის გარეშე!.. კვნესა აღმომხდა. მხრებში ძლიერად წამავლო ხელი და უფრო ბნელ ადგილას გადამიყვანა. თავი ვეღარ შევიკავე და მეც მოვხვიე ხელები. ამ სიგიჟის შეჩერება ჩემს ძალებს აღემატებოდა. დაუფიქრებლად გადავეშვი თავდავიწყებაში. არ მაინტერესებდა, დაგვინახავდა თუ არა ვინმე სტუმართაგანი, გაიცინებდნენ თუ გაიკვირვებდნენ. ირგვლივ ყველა და ყველაფერი გაქრა, ჩვენ გარდა. ისე ვკოცნიდით ერთმანეთს, თითქოს გვეშინოდა, რომ ხვალინდელი დღე აღარ გათენდებოდა და მეტად ვეღარასდროს ვნახავდით ერთმანეთს...

არადა, ხვალინდელი დღე გარდაუვალია, შემდეგ დადგება ზეგინდელი, შემდეგ - კიდევ ერთი... და ყველა ეს დღე მან სამუშაოს უნდა დაუთმოს, უჩემოდ, მარტო.

არა, უნდა შევჩერდე, თორემ ბიბის მალე ცივი შხაპიც ვერ უშველის.

- აშკარაა, კოცნაობა ჩვევად გვექცა, როგორც დილაობით - ყავის დალევა ან სიგარეტის მოწევა, - ვთქვი და დარცხვენილმა ჩავახველე.

- ვიღაც-ვიღაცებს ამაზე უარს ვერ ეტყვი, გვარს არ დავასახელებ და... - გაიხუმრა ბიბიმ და აცახცახებული ხელი თმაზე გადამისვა. - შენ ჩემთვის სწორედ ასეთ ჩვევად იქეცი.

სიამოვნების ღიმილმა გამინათა სახე.

- მაგრამ, - გააგრძელა და სახე მოეღუშა, - დიდი ხანია, საკუთარ თავთან შეწინააღმდეგება ვისწავლე. კარგ და ცუდ ჩვევებს ადვილად ვიშორებ თავიდან.

გული შემეკუმშა.

- გინდა მითხრა, რომ შენზე ცუდ ზეგავლენას ვახდენ?

- უბრალოდ, საშუალებას არ მაძლევ, სამუშაოზე კონცენტრაცია მოვახდინო. ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩემთვის ახლა მთავარი - სამუშაოა?

- ეს არის ერთადერთი მიზეზი? - მინდოდა, ზედმიწევნით ზუსტად გამომეცნო, მართლა ასე ფიქრობდა თუ არა. - როცა თავი ლოგიკურად აზროვნებს, ეს, - თითი ტუჩებზე გადავუსვი, - მორჩილების სურვილს კარგავს.

ჩემი თითის შეხებაზე თვალები დახუჭა. ვიგრძენი, როგორ შეაკანკალა.

- ასეთი გარდაქმნა ჯერ არ მინახავს, - ხმადაბლა მითხრა, - როგორი მაცდური გახდი უცებ! იცი, რა?.. მე ახლა ძველი ელე მჭირდება, მშვიდი და მორიდებული. ამიტომ - შემპირდი, რომ კოცნა მეტჯერ აღარ იქნება.

- ინანებ, იცოდე! - უკანასკნელად ვესროლე მზერა მის ტუჩებს, გავტრიალდი და წავედი, ის კი საკუთარ თავთან მარტო დავტოვე, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაეწყევლა ის დღე, როცა ამ სულელურ სასიყვარულო თამაშში ჩავაბი...

ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ უკან გამომყვებოდა. ასეთი იყო ამ ადამიანის ხასიათი - ის ყოველთვის იღებდა გამოწვევას. როგორ დამთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა, ვერავინ განსაზღვრავდა. ფინალი ამოუცნობი ჩანდა. ყველაფერი კარგად იყო, როცა მის მკლავებში მოვექცეოდი, რადგან განსჯის უნარს ვკარგავდი, მაგრამ სხვა საქმეა ინტრიგების ხლართვა, რომლის ნიჭიც არ გამაჩნია. ამისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ფლირტაობის იმიტაცია და გამომწვევი მზერების სროლა. ამ მხრივ მამაცი სულაც არ ვიყავი.

არა, დღევანდელი საღამო გადამწყვეტი უნდა აღმოჩნდეს. მინდოდა, იმის დემონსტრირება მომეხდინა, რომ ჩემი გადაწყვეტილება შევცვალე და მზად ვიყავი, მთავარი პირობა - მხოლოდ პლატონური ურთიერთობა - დამერღვია.

რა მითხრა წინა კვირას მანქანაში? რაღაც ამდაგვარი: `პირადი ცხოვრებისთვის დრო არ მრჩება, ახლა ამის უფლებას თავს ვერ მივცემ~. სისულელეა! მე არათუ შევცვალე ჩემი გადაწყვეტილება, არამედ საბოლოოდ დავკარგე თავი. ტყუილად კი არ ჩავიცვი დღეს ასე გამომწვევად. ცხოვრებაში არ მცმია ასეთი ღრმა დეკოლტე და ალბათ არც მომავალში ჩავიცვამ. ეს მხოლოდ დღევანდელი საღამოსთვის იყო განკუთვნილი, მხოლოდ იმისთვის, რომ მინდოდა, ჩემში სხვა ქალი დაენახა...

უნდა ვუთხრა, უნდა ვუთხრა... რადგან აქამდე ვერაფერს მიხვდა, ვერც მერე მიხვდება. აი, როგორც კი მომიახლოვდება, მაშინვე ვეტყვი.

- ელ, მოიცა! - იდაყვში ხელი მტაცა და ისე გამაჟრიალა, თითქოს შიშველ ელექტროსადენზე მომიხვდა ხელი. - იცი, რა?.. შენ ძლიერი ხარ, მაგრამ არაფერი გამოგივა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში