ჯეინ ეარი (თა­ვი XII) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თა­ვი XII)

დეზის პირველი შემოკვრისთანავე ცხენი ყალყზე შედგა და გასწია. ძაღლიც მათ ნაკვალევს გაჰყვა და მალე სამივე თვალს მიეფარა.

როგორც ტრამალზე და უდაბნოში.

მძაფრი ქარები სწრაფად მიქრიან...

ხელსათბური ავიღე და გზა განვაგრძე. ეს ამბავი ჩემთვის ასე დამთავრდა და წარსულს ჩაბარდა. ეს უმნიშვნელო შემთხვევა ყოველგვარ რომანტიზმსა და ინტერესს მოკლებული იყო, მაგრამ მან ერთი საათით მაინც შეცვალა ჩემი ერთფეროვანი ცხოვრება. ჩემი დახმარება დასჭირდათ, მთხოვეს და თავი არ დამიზოგავს. ნასიამოვნებიც დავრჩი, რომ ცოტაოდენი დახმარება მაინც შევძელი. თუმცა, რაც გავაკეთე, მეტად უმნიშვნელო და შემთხვევით ამბად მიმაჩნდა, მაგრამ მან საშუალება მომცა, მემოქმედა. მე ხომ ძალიან დამქანცა ასეთმა უმოქმედობამ და ერთფეროვანმა ცხოვრებამ. ამ უცნობი ადამიანის სახით კიდევ ერთი სურათი შეემატა იმ სურათთა გალერეას, რომელთაც ჩემი მეხსიერება ინახავდა. ის სრულიად განსხვავდებოდა გონებაში გადანახული ყველა სხვა სახისგან. ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ეს იყო მამაკაცის სახე, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ის გახლდათ შავგვრემანი, ძლიერი და მბრძანებლური ხასიათის ადამიანი. და, აი, ეს სახე გონებიდან არ მშორდებოდა, სანამ ჰეის მივაღწევდი და ფოსტის ყუთში სწრაფად ჩავუშვებდი წერილს. მაშინაც კი, როდესაც გორაკიდან სწრაფად ვეშვებოდი და სახლისკენ მივეშურებოდი, თვალწინ სულ ის სახე მედგა. როდესაც გადასაბიჯს მივუახლოვდი, ერთი წუთით შევჩერდი, გარშემო მიმოვიხედე და სმენად ვიქეცი იმ იმედით, რომ იქნებ ლაბადაში გახვეული მხედრისა და გიტრეშის მსგავსი ნიუფაუნდლენდური ძაღლისთვის თვალი მომეკრა. მაგრამ ჩემ წინ მხოლოდ ღობე და მაღლა ამართული, კელაპტარივით სწორი, გასხლეტილი ტირიფის ხე შევამჩნიე, რომელიც თითქოს მთვარის სხივების შესახვედრად მიისწრაფოდა. ჩემამდე ოდნავღა აღწევდა მძაფრი ქარის შხუილი, რომელიც აქედან ერთი მილის დაშორებით, თორნფილდის გარშემო, ხეთა შორის დათარეშობდა. როდესაც დაბლა გადავიხედე, საიდანაც ეს ხმა მოდიოდა, შევნიშნე, შენობის წინა ხედის მხოლოდ ერთი სარკმლიდან გამოკრთოდა სინათლე, ამ სინათლემ გამახსენა, რომ უკვე გვიანი იყო და ნაბიჯს ავუჩქარე.

თორნფილდში მისვლა აღარ მინდოდა, ჩემთვის მის ზღურბლზე ფეხის გადადგმა ნიშნავდა დავბრუნებოდი უმოქმედო ცხოვრებას, კვლავ გამევლო მდუმარებით მოცული დერეფანი, ავყოლოდი ჩაბნელებულ კიბეს, მომენახა ჩემი პატარა, განმარტოებული ოთახი, მეხილა წყნარი, მუდამ აუღელვებელი მისის ფეიერფექსი და მხოლოდ მასთან ერთად გამეტარებინა ზამთრის გრძელი საღამოები. ამ ფიქრმა ჩამიხშო ოდნავი განცდებიც კი, რომელიც ამ გასეირნებით მივიღე. აი, იმავე ერთფეროვანი და მეტისმეტად უმოქმედო ცხოვრების უხილავი ბორკილებით უნდა შემეზღუდა ჩემი შესაძლებლობანი. მე უკვე აღარ შემეძლო მშვიდი და უშფოთველი ცხოვრების დაფასება. რა კარგი იქნებოდა, სწორედ ამ დროს მოვხვედრილიყავი ბობოქარი ცხოვრების ქარცეცხლში. მწარე და მკაცრი ცხოვრების გამოცდილებას ესწავლებინა და სანატრელად გაეხადა ის მშვიდი და წყნარი ცხოვრება, რომელზედაც ახლა ასე ვბუზღუნებდი. დიახ, ეს ისევე სასარგებლო იქნებოდა ჩემთვის, როგორც სავარძელში ჯდომით გადაღლილი ადამიანისთვის ფეხის გამართვა და გასეირნება.

ალაყაფის კართან შევჩერდი, მერე დიდხანს ვიდექი მოლზე ერთ ადგილას. შემდეგ ქვაფენილზე ნელ-ნელა მიმოვდიოდი. მინის კარების დარაბები დახურული იყო და იმის იქით ვეღარაფერს ვხედავდი. ჩემი ფიქრი და სული განშორებოდა ამ მოღუშულ, პატარ-პატარა, უსინათლო საკნის მსგავსი ოთახებით სავსე რუხ შენობას, როგორც ის მაშინ წარმომედგინა, და მიისწრაფოდა ჩემ წინ უსაზღვროდ გადაშლილი ლაჟვარდოვანი, ზღვასავით მოლივლივე უღრუბლო ცისკენ. მთვარე კი ამაყად მიიწევდა სულ უფრო მაღლა და მაღლა. ახლა ის ზემოდან გადმოჰყურებდა მთის მწვერვალებს, საიდანაც სულ რამდენიმე ხნის წინ ამოვიდა, თანდათანობით შორს, დაბლა ტოვებდა მათ, თვითონ კი უკუნეთი შუაღამის განუზომელ და უძირო სივრცეში ზენიტისკენ მიილტვოდა. უამრავი მოციმციმე ვარსკვლავი კი მის გზას დასდევნებოდა. მათ დანახვაზე გული სიამით ამითრთოლდა, სისხლი ამიჩქეფდა, მაგრამ სულ პატარა რამეც კი საკმარისია, რომ მიწიერ ცხოვრებას დავუბრუნდეთ. დარბაზში საათმა დარეკა და ეს სრულიად საკმარისი აღმოჩნდა. მაშინვე თავი ვანებე მთვარესა და ვარსკვლავებს, განის კარი გავაღე და შიგნით შევედი.

დერეფანში არ ბნელოდა, მაგრამ არც ძალიან იყო განათებული. იქაურობას მხოლოდ ჭერში დაკიდებული ბრინჯაოს ლამპა ანათებდა. ეს სასიამოვნო შუქი დაჰფენოდა მუხის კიბის ქვედა საფეხურებსაც. მოწითალო შუქი გამოდიოდა დიდი სასადილო ოთახიდან, რომლის ორივე კარი ღია იყო. მოჩანდა ბუხარში მხიარულად მოგიზგიზე ცეცხლი, რომლის შუქი მარმარილოთი მოპირკეთებულ, ბუხრის თითბრის კარს ანათებდა და მეწამულ ფარდებსა და კრიალა ავეჯს მეტად სასიამოვნო ფერს აძლევდა. იგივე შუქი ეფინებოდა ბუხრის წინ მსხდომთაც. ის იყო თვალი მოვკარი მათ და მხიარული, ერთმანეთში არეული ხმები შემომესმა. ადელის ხმა ვიცანი და კარიც მოხურეს.

მისის ფეირფექსის ოთახისკენ გავეშურე. ცეცხლი იქაც გიზგიზებდა ბუხარში, მაგრამ არც სანთლები აენთოთ და არც თვით მისის ფეიერფექსი დამხვდა იქ. მხოლოდ დიდი, შავი და თეთრი ბეწვით დაფარული ძაღლი წამომჯდარიყო მარტოდმარტოდ, ბუხრის წინ, ნოხზე. მივუახლოვდი და წამოვიძახე:

- პაილოტ!

ისიც ადგა, ჩემთან მოვიდა და დამყნოსა. მე მოვეფერე. ის გრძელ კუდს აქიცინებდა, მაგრამ ისევ იმ შემაძრწუნებელ არსებას ჰგავდა და მასთან ახლოს ყოფნა ძალიან მიჭირდა. არც ის ვიცოდი, საიდან მოვიდა აქ. ზარი დავრეკე. მინდოდა სანთლები აენთოთ. ისიც მინდოდა გამეგო, საიდან გაჩნდა ის. შემოვიდა ლი.

- ეს ძაღლი აქ საიდან გაჩნდა?

- თავის პატრონს მოჰყვა.

- ვის?

- თავის პატრონს, მისტერ როჩესტერს, იგი ეს-ესაა ჩამოვიდა.

- მართლა! მისის ფეიერფექსი მასთან არის?

- დიახ, მის ადელიც; ისინი სასადილო ოთახში არიან ახლა. ჯონი კი მკურნალის მოსაყვანად გაგზავნეს, რადგან მისტერ როჩესტერს გზად რაღაც უბედურება შემთხვევია. დაცემულა და ფეხი უღრძია.

- სად წაქცეულა ცხენი? ჰეის შარაზე?

- დიახ, გორაკთან, დაბლა რომ ჩამოდიოდა, ცხენს ფეხი ყინულზე დასცურებია.

- ჰმ, თუ შეიძლება სანთელი შემოიტანეთ, ლი!

ლიმ სანთელი შემოიტანა. მას მისის ფეიერფექსი შემოჰყვა, რომელმაც ახალი ამბავი კვლავ გაიმეორა. ისიც დაუმატა, რომ ქირურგი მისტერ კარტერი მოსულიყო და მისტერ როჩესტერთან იყო. შემდეგ ის სასწრაფოდ გავიდა, რათა განკარგულება გაეცა, ჩაი გაემზადებინათ, მე კი ზედა სართულზე პალტოს გასახდელად ავედი.

თავი მეცამეტე

მკურნალის მოთხოვნით მისტერ როჩესტერი იმ ღამეს ადრე დაწვა. დილით გვიან ადგა, ქვედა სართულზე ჩამოვიდა და მაშინვე თავისი საქმეების მოგვარებას შეუდგა. მოურავი და რამდენიმე მოიჯარე კი უკვე კარგა ხანია მოსალაპარაკებლად უცდიდნენ.

მე და ადელს ბიბლიოთეკა უნდა გაგვეთავისუფლებინა, ამ ოთახს ახლა უცხო პირთა მისაღებ ოთახად იყენებდნენ. ზედა სართულის ერთ-ერთ ოთახში ბუხარში ცეცხლი დაანთეს. ჩვენი წიგნები იქ გადავიტანე და სამეცადინო ოთახად მოვაწყვე. იმავე დილით შევამჩნიე, რომ თორნფილდი მთლად გამოცვლილა. სახლში უკვე აღარ იყო გამეფებული ეკლესიისებური მყუდროება. ყოველ ერთ ან ორ საათში კარზე აკაკუნებდნენ. დერეფნიდან მოისმოდა ზარის წკრიალი, გახშირებული ფეხის ხმა და უცხო ადამიანთა სხვადასხვანაირი ხმები. გარე სამყაროდან თორნფილდში თითქოს მჩქეფარე ნაკადული შემოიჭრა და მეც ახლა უფრო მომწონდა ის.

იმ დღეს ადელთან მეცადინეობა არც ისე ადვილი იყო. მისი ყურადღება ვერაფრით მივიქციე. ხშირად მიირბენდა ხოლმე კართან და კიბის მოაჯირიდან დაბლა იყურებოდა. უნდოდა მისტერ როჩესტერისთვის თვალი მოეკრა. ათას რამეს იგონებდა ქვედა სართულზე ჩასასვლელად. ვიცოდი, ამას იმიტომ აკეთებდა, რომ როგორმე ბიბლიოთეკაში შესულიყო, სადაც, დარწმუნებული ვიყავი, ასეთ დროს მისი გამოჩენა სრულიად ზედმეტი იქნებოდა. ბოლოს, როდესაც გული მომივიდა და ვაიძულე, წყნარად მჯდარიყო, ის მაინც განაგრძობდა ტიკტიკს დაუსრულებლად თავის მეგობარ Mონსიეურ Eდოუარდ Fაირფახ დე ღოცჰესტერ, - ახლა ის ასე იხსენიებდა მას (მე კი ჯერ კიდევ არავისგან მსმენოდა მისი ნათლობის სახელი). გოგონა წინასწარ ცდილობდა გამოეცნო, თუ რა საჩუქრები ჩამოუტანა მას მისტერ როჩესტერმა. როგორც ჩანს, მან წინა საღამოს უთხრა გოგონას, რომ, როდესაც მილკოტიდან ბარგს მიიღებდნენ, მასში ის აღმოაჩენდა მისთვის საინტერესო ნივთებით სავსე პატარა ყუთს.

- Eტ ცელა დოიტ სიგნიფიერ, - მითხრა მან - ქუ"ილ ყ აურა ლა დედანს უნ ცადეაუ პოურ მოი, ეტ პეუტ-êტრე პოურ ვოუს აუსსი, Mადემოისელლე. Mონსიეურ ა პარლé დე ვოუს: ილ მ"ა დემანდე ლე ნომ დე მა გოუვერნანტე, ეტ სი ელლე ნ"éტაიტ პას უნე პეტიტე პერსონნე, ასსეზ მინცე ეტ უნ პეუ პâლე. ჟ"აი დიტ ქუ"ოუი: ცარ ც"ესტ ვრაი, ნ"ესტ-ცე პას, Mადემოისელლე?

მე და ჩემმა მოწაფემ იმ დღეს, ჩვეულებრივ, მისის ფეიერფექსის ოთახში ვისადილეთ. ნაშუადღევს ძალიან აცივდა და თოვლი წამოვიდა. ეს დრო საკლასო ოთახში გავატარეთ. როცა დაბინდდა, ადელს ნება დავრთე წიგნები თავის ადგილას დაეწყო, სამუშაო შეენახა და ქვედა სართულზე ჩასულიყო. დაბლა უკვე ყველაფერი შედარებით მიწყნარდა. შეწყდა მომსვლელთა ხმა და ზარის წკრიალი. მივხვდი, მისტერ როჩესტერიც ახლა თავისუფალი იქნებოდა. მარტო დავრჩი. სარკმელთან მივედი, მაგრამ გარეთ უკვე ვეღარაფერს ვარჩევდი. გარემო თოვლის ფანტელებსა და ბინდს დაებურა. მოლზე ბუჩქებიც კი აღარ მოჩანდა. ფარდა ჩამოვუშვი და ისევ ბუხრისკენ გამოვბრუნდი. ჩაფერფლილი, მაგრამ ჯერ კიდევ მოკიაფე ნაკვერჩხლების შუქზე მინდოდა წარმომედგინა პეიზაჟი, რომელიც, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჰაიდელბერგის კოშკის სურათს ჰგავდა რაინზე, რომ ამ დროს ოთახში მისის ფეიერფექსი შემოვიდა. მისი შემოსვლით გაქრა კიდეც ალისფერი ნაკვერჩხლებისგან ჩემს გონებაში წარმოდგენით შექმნილი მოზაიკური ფიქრები, რომლებიც მარტოობის გამო ის იყო ჩემს სულში მოზღვავებას აპირებდნენ.

- მისტერ როჩესტერი მოხარული იქნება, თუ თქვენ და თქვენი მოწაფე ამ საღამოს ჩაის მასთან ერთად დალევთ, - მითხრა მან. - მთელ დღეს იმდენად მოუცლელად იყო, არ შეეძლო უფრო ადრე ენახეთ.

- რომელ საათზე სვამს ჩაის? - ვიკითხე მე.

- ექვს საათზე. სოფელში ის სამუშაოს ადრე ამთავრებს და ადრე წვება. ახლა კი უმჯობესია, ტანსაცმელი გამოიცვალოთ. მეც თქვენთან ერთად წამოვალ და მოგეშველებით. აი, სანთელიც.

- კაბის გამოცვლა აუცილებელია?

- დიახ, უმჯობესია ასე მოიქცეთ. საღამო ხანს მე ყოველთვის ვიცვლი ტანსაცმელს, როცა მისტერ როჩესტერი აქ არის.

ასეთი დამატებითი წეს-ჩვეულებები ამ სახლის დიდებულებას ადასტურებდა. ოთახში შევბრუნდი. მისის ფეიერფექსის დახმარებით შავი შალის კაბა გავიხადე და შავი აბრეშუმის კაბა ჩავიცვი, რომელიც, ჯერ კიდევ ლოვუდში მიღებული გემოვნების მიხედვით, იმდენად ლამაზ კაბად მიმაჩნდა, რომ მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, დღესასწაულების დროს ვიცვამდი ხოლმე.

- გულის ქინძისთავიც გაიკეთეთ, - მითხრა მისის ფეიერფექსმა.

მე მქონდა ერთი პატარა მარგალიტის გულის ქინძისთავი, რომელიც განშორების ჟამს მის ტემპლმა მაჩუქა. ის გავიკეთე და ქვედა სართულზე ჩავედით. მიჩვეული არ ვიყავი უცხო ადამიანებთან შეხვედრას და მეტად მიძნელდებოდა მისტერ როჩესტერის წინაშე წარდგომა, განსაკუთრებით, ასეთი ოფიციალური გამოძახების შემდეგ. ეს ჩემთვის გამოცდა იყო. შევეცადე, მისის ფეიერფექსი პირველი შესულიყო სასადილო ოთახში. მე უკან მივყვებოდი და მას ვეფარებოდი. ასე გავიარეთ ეს ოთახი. გავცდით თუ არა ფარდაჩამოფარებულ თაღს, ერთ მეტად ლამაზ ოთახში შევედით.

მაგიდაზე ორი ცვილის სანთელი ენთო, ორიც - ბუხრის თავზე; ცეცხლი მხიარულად გიზგიზებდა. ბუხრის წინ პაილოტი იწვა და, ეტყობოდა, მისი შუქითა და სითბოთი ტკბებოდა. ადელი ძაღლის ახლოს ჩაცუცქულიყო, მისტერ როჩესტერი კი ნახევრად იყო მიწოლილი ტახტზე, ფეხი ბალიშზე დაეყრდნო და ძაღლსა და ადელს შეჰყურებდა. ცეცხლის ალი მის სახეს ახლა მთლიანად ანათებდა. მასში ჩემი ნაცნობი მოგზაური ვიცანი კუპრივით შავი სქელი წარბებითა და ფართო შუბლით, რომელსაც გვერდზე გადავარცხნილი შავი თმა ოთხკუთხედის ფორმას აძლევდა. ვიცანი, აგრეთვე, მკვეთრად გამოკვეთილი ცხვირითაც, რომელიც ხასიათის სიმტკიცეზე უფრო მეტყველებდა, ვიდრე სილამაზეზე. ცხვირის დაბერილი ნესტოები პატრონის გულფიცხობაზე მიუთითებდა, ხოლო სახის სამი ნაკვთი - კუშტი ბაგენი, ნიკაპი და ქვედა ყბა - ეჭვმიუტანლად ადასტურებდა მის პირქუშობას. რაც შეეხება მის ტანადობას, მას ახლა გარკვევით ვხედავდი. ლაბადა გახდილი ჰქონდა და ნათლად ჩანდა, რომ მისი სხეულის ფორმები მის სახეს ჰარმონიულად შეეფერებოდა. ეს იყო საუკეთესო აღნაგობის მამაკაცი. ფართო მკერდთან შედარებით წელი ვიწრო უჩანდა, თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ არც ძალიან მაღალი იყო და არც ძალიან მოხდენილი.

მისტერ როჩესტერმა, ალბათ, შენიშნა ჩვენი შესვლა ოთახში, მაგრამ, როგორც ჩანდა, სრულიადაც არ იყო განწყობილი, ჩვენთვის ყურადღება მოექცია. თავიც კი არ აუწევია მაღლა, როდესაც მივუახლოვდით.

- მის ეარი გეახლათ, სერ, - ჩვეული სიმშვიდით წარმოთქვა მისის ფეიერფექსმა. მან თავი დაგვიკრა, მაგრამ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია ბავშვისა და ძაღლისთვის.

- მის ეარს შეუძლია დაჯდეს, - თქვა მან. ამ ნაძალადევ თავის დაკვრაში, ამ მოუთმენელ, თუმცა თავაზიან კილოში იყო რაღაც უცნაური, რომელიც თითქოს შემდეგს გულისხმობდა: - რა მეკითხება, მის ეარი აქ იქნება თუ არა, ამჟამად მასთან სალაპარაკოდ სრულიადაც არა ვარ განწყობილიო.

დავჯექი. მღელვარებამ გამიარა. მეტისმეტად თავაზიან მიღებას, შესაძლებელია, დავებნიე კიდეც. ასეთ მისალმებაზე მე თვითონ ასევე თავაზიანად და მოხდენილად ვერ ვუპასუხებდი. როჩესტერის უხეშობამ მის მიმართ ყოველგვარი მოვალეობისგან გამათავისუფლა. პირიქით, მისი უჩვეულო საქციელის ფონზე ჩემი სიმშვიდე და თავდაჭერილობა გარკვეულ უპირატესობასაც კი მანიჭებდა. თუმცა, მისი ეს უცნაური საქციელი ამაღელვებელიც იყო. მაინტერესებდა, როგორღა მოიქცეოდა შემდეგ.

ქანდაკებასავით გაშეშდა. არც ლაპარაკობდა და არც ინძრეოდა. მისის ფეიერფექსმა საჭიროდ მიიჩნია, რომ რომელიმე ჩვენგანს მეტი თავაზიანობა გამოეჩინა, და თვითონ დაიწყო საუბარი. ის ჩვეულებრივ, ტკბილად ლაპარაკობდა და ახლაც, როგორც ყოველთვის, მისი საუბრის თემა ყოველდღიურ ამბებს შეეხებოდა. წუხდა, რომ მისტერ როჩესტერს ნაღრძობი ფეხი აწუხებდა, ამასთანავე, იმდენი საქმე გამოუჩნდა, რომ მთელი დღე არ ეცალა. ისიც დასძინა, რომ მეტი სიმტკიცე და მოთმინება უნდა გამოეჩინა, რათა მალე გამომჯობინებულიყო.

- მადამ, კარგი იქნებოდა, თუ ერთ ფინჯან ჩაის შემოიტანდით, - აი, ერთადერთი პასუხი, რომელიც მან მიიღო. მისის ფეიერფექსმა მაშინვე დარეკა და, როდესაც ლანგარი შემოიტანეს, სწრაფად და გულმოდგინედ შეუდგა მაგიდაზე კოვზებისა და ფინჯნების დალაგებას. მე და ადელი მაგიდას შემოვუსხედით. ჩვენი პატრონი კი ტახტიდან არ ამდგარა.

- თუ შეიძლება, მისტერ როჩესტერს მიაწოდეთ ეს ფინჯანი, - მითხრა მისის ფეიერფექსმა, - ადელმა შეიძლება დაღვაროს.

მეც ისე მოვიქეცი, როგორც მითხრეს. მან ფინჯანი გამომართვა. ადელმაც სწორედ ეს წუთები მიიჩნია შესაფერისად, რაიმე ეთქვა ჩემ შესახებ და წამოიძახა N"ესტ-ცე პას, Mონსიეურ, ქუ"ილ ყ â უნ ცადეაუ პოურ Mადემოისელლე Eყრე, დანს ვოტრე პეტიტ ცოფფრე?

- ვინ ლაპარაკობს საჩუქრებზე? - თქვა მან მკაცრად. - განა, თქვენ საჩუქარს ელოდით, მის ეარ? გიყვართ საჩუქრების მიღება? - და მან დაკვირვებით მომაპყრო შავი თვალები, რომლებიდანაც მრისხანება და გამჭოლი მზერა გამოკრთოდა.

- მართალი მოგახსენოთ, არ ვიცი, სერ. ამ საქმეში მეტად მცირე გამოცდილება მაქვს. როგორც ამბობენ, საჩუქრების მიღება ძალიან სასიამოვნო უნდა იყოს.

- საერთოდ, ასე ფიქრობენ, არა? თქვენ როგორ გგონიათ?

- მომეცით დრო, სანამ თქვენს საკადრის პასუხს მოგახსენებდეთ, სერ. საჩუქარი მრავალნაირია. ადამიანმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს, სანამ თავის საკუთარ აზრს იტყოდეს მის რაობაზე.

- მის ეარ, თქვენ ისეთივე გულუბრყვილო არ ყოფილხართ, როგორიც ადელია. ის ჩემი დანახვისთანავე დაჟინებით მოითხოვს საჩუქარს, თქვენ კი ფრთხილად მოქმედებთ.

- იმიტომ, რომ მე ნაკლებად ვარ დარწმუნებული, ვიდრე ადელი, სერ, რადგან საჩუქარი არაფრით დამიმსახურებია. მას კი თქვენი ძველი ნაცნობობა მეტის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს, ამასთანავე - ჩვეულებაც. როგორც ის მარწმუნებს, თქვენ მას ყოველთვის ასაჩუქრებდით სათამაშოებით. თქვენ რომ ჩემთვის რაიმე საჩუქარი შემოგეთავაზებინათ, ეს ამბავი გამაოცებდა კიდეც. მე ხომ ჯერ სრულიად უცხო ვარ და არც არაფერი გამიკეთებია, რომ მადლობა დამემსახურებინა.

- ოჰ, ნუ იჩენთ გადაჭარბებულ მოკრძალებულობას. ადელი შევამოწმე და დავრწმუნდი, დიდი შრომა გაგიწევიათ. ის ხომ სწრაფად ვერ ითვისებს, არც მაინცდამაინც ნიჭით გამოირჩევა. ამ ცოტა ხანში კი ბევრი რამ შეუსწავლია.

- სერ, აი, სწორედ ეს გახლავთ ჩემი საჩუქარი. ეს სწორედ ისაა, რასაც ყოველი მასწავლებელი ესწრაფვის. განუსაზღვრელ სიამოვნებას მხოლოდ ის ანიჭებთ, თუ მათ მოსწავლეებს აქებენ.

- ჰმ! - ჩაილაპარაკა მისტერ როჩესტერმა და ჩუმად განაგრძო ჩაის სმა.

- ცეცხლთან მოდით, - მითხრა მან, როდესაც ლანგარი გაიტანეს. მისის ფეიერფექსი ერთ-ერთ კუთხეში დაჯდა თავისი ხელსაქმით, ხოლო ადელს ხელჩაკიდებული დავყავდი ოთახში და მაჩვენებდა შესანიშნავ წიგნებსა და სხვადასხვანაირ მორთულობას კონსოლებსა და კარადებზე. ჩვენც დავემორჩილეთ. ვალდებულნიც ვიყავით, ასე მოვქცეულიყავით. ადელს უნდოდა, ჩემს მუხლებზე მოკალათებულიყო, მაგრამ უბრძანეს, ძაღლთან თამაშით გაერთო თავი.

- სამი თვეა, არა, რაც ჩემს სახლში ცხოვრობთ?

- დიახ, სერ.

- თქვენ ჩამოხვედით...

- ლოვუდის სასწავლებლიდან, შაირის საგრაფოდან.

- აჰ! საქველმოქმედო სასწავლებლიდან. რამდენ ხანს იყავით იქ?

- რვა წელი.

- რვა წელი! მაშ, ძალიან სიცოცხლისუნარიანი ყოფილხართ. იმ დროის ნახევარიც კი, რაც თქვენ ლოვუდში გაგიტარებიათ, სხვას რომ გაეტარებინა, ჯანმრთელობას მთლიანად დაკარგავდა. იმიტომაც აღარ არის საკვირველი, რომ საიქიოდან მოსულს ჰგავხართ. ძალიან მაოცებდა, რატომ გქონდათ ასეთი სახე. გასულ ღამეს, როდესაც ჰეილეინში შემხვდით, ჩემდა უნებურად, გამახსენდა ზღაპარი ფერიებზე და გონებაში იმ აზრმაც კი გამიელვა, რომ თქვენ მოაჯადოვეთ ჩემი ცხენი. ამაში ჯერ კიდევ კარგად არა ვარ დარწმუნებული. ვინ არიან თქვენი მშობლები?

- მშობლები არ მყავს.

- ვფიქრობ, არც არასოდეს გეყოლებოდათ. გახსოვთ თუ არა ისინი?

- არა.

- მეც ასე ვფიქრობდი. მაშ, გადასაბიჯზე მჯდარი თქვენს ნათესავებს უცდიდით, არა?

- ვის, სერ?

- მწვანესამოსიანებს, სწორედ შესაფერისი მთვარიანი საღამო იყო მათთვის. ერთ-ერთ თქვენს თილისმურ წრეში ხომ არ შევიჭერი, შარაგზაზე ის დაწყევლილი ყინული ასე რომ იყო მოჯადოებული.

თავი გავიქნიე.

- ერთ საუკუნეზე მეტია, რაც მწვანესამოსიანმა ადამიანებმა ინგლისი დატოვეს, - ვუთხარი და ისეთი სერიოზული ტონით განვაგრძე საუბარი, როგორც თვითონ მელაპარაკებოდა: - ახლა ვეღარც ჰეილეინსა და ვერც მის ახლომახლო მიდამოებში აღმოაჩენთ მათ კვალსაც კი. ვფიქრობ, ვერც ზაფხულის, ვერც შემოდგომისა და ვერც ზამთრის მთვარის მანათობელი სხივები ამიერიდან ვერ მოჰფენენ ნათელს მათ ნადიმებს.

მისის ფეიერფექსმა ქსოვას თავი მიანება და წარბები აზიდა, ჩანდა, ძალიან გაუკვირდა საუბრის შინაარსი.

- კეთილი, - დაასკვნა მისტერ როჩესტერმა, - თუ მშობლები არ გყავთ, ნათესავები მაინც გეყოლებათ: ბიძები ან დეიდები.

- არა, არც ერთი მათგანი არასოდეს მინახავს.

- სახლი გაქვთ?

- არა.

- მაშ, სად ცხოვრობენ თქვენი დები და ძმები?

- არც დები მყავს და არც ძმები.

- ვინ გირჩიათ, რომ აქ მოსულიყავით?

- გაზეთში გამოვაცხადე და მისის ფეიერფექსი გამოეხმაურა ჩემს განცხადებას.

- დიახ, - ჩაურთო კეთილმა ქალმა, რომელიც მხოლოდ ახლა მიხვდა, თუ რაზე ვსაუბრობდით. - ყოველდღე მადლობას ვწირავ განგებას, რომ ასეთი არჩევანი მარგუნა წილად. მის ეარი ფასდაუდებელი მეგობარია ჩემთვის. ამასთანავე, მეტად კეთილი და დაკვირვებული აღმზრდელი ადელისთვის.

- მისი დახასიათებისთვის ნუ შეწუხდებით, - მიუბრუნდა მისტერ როჩესტერი. - ეს ქება-დიდება ჩემზე არ მოქმედებს, ხოტბით ვერ მომხიბლავთ, მე თვითონ შევამოწმებ. მის ეარმა ჩემი ცხენის წაქცევით დაიწყო.

- სერ! - წამოიძახა მისის ფეიერფექსმა განცვიფრებით.

- ფეხი რომ ვიღრძე, მას უნდა ვუმადლოდე.

ქვრივი განცვიფრებული გამოიყურებოდა.

- მის ეარ, გიცხოვრიათ ოდესმე ქალაქში?

- არა, სერ.

- გიხდებოდათ საზოგადოებაში ყოფნა?

- არა, მხოლოდ ლოვუდის მასწავლებელთა და მოსწავლეთა წრეში. ახლა კი აქა ვარ, თორნფილდის მცხოვრებთა შორის.

- ბევრი წაგიკითხავთ?

- მხოლოდ ის წიგნები, რომელიც კი ხელში ჩამვარდნია, არცთუ ისე ბევრი და მეცნიერული.

- მონაზვნური ცხოვრება გქონიათ. ეჭვი არ არის, კარგად იქნებით გაწვრთნილი რელიგიურ წეს-ჩვეულებებში. რამდენადაც ვიცი, ბროკლეჰერსტი, ლოვუდის მმართველი, მღვდელია, არა?

- დიახ, სერ.

- თქვენც, ალბათ, გოგონები, აღმერთებდით მას, როგორც ქალთა მონასტრის მხევლები აღმერთებენ თავიანთ წინამძღვარს.

- ოჰ, არა.

- ძალიან ცუდად მსჯელობთ! აბა, იფიქრეთ, რას ნიშნავს ეს! ადამიანი იზრდებოდეს როგორც მორწმუნე, და არ აღმერთებდეს თავის მოძღვარს, ეს ღვთის გმობაა!

- მე მძულს მისტერ ბროკლეჰერსტი, მაგრამ ეს გრძნობა მარტო მე არ მეუფლება. ის ძალიან ყოყლოჩინა და გულქვა ადამიანია, ყველას საქმეში დაუკითხავად ერევა. თმა ყველას შეგვჭრა, მომჭირნეობის გამო კი ისეთ ცუდ ძაფსა და ნემსებს ყიდულობდა, რომ ძლივს ვახერხებდით კერვას.

- ეს ძალიან ცუდი მომჭირნეობაა, - შენიშნა მისის ფეიერფექსმა, რომელმაც კვლავ აუღო ალღო ჩვენს საუბარს.

- ეს არის მისი შეცოდების თავი და ბოლო? - იკითხა მისტერ როჩესტერმა.

- სანამ მარტო მის ხელთ იყო სურსათ-სანოვაგის განაწილების საქმე და კომიტეტში ახალ წევრებს აირჩევდნენ, შიმშილით სულს გვართმევდა. კვირაში ერთხელ თავს გვაბეზრებდა დაუსრულებელი ლექციებით, საღამოობით კი თავისივე წიგნების კითხვით, სადაც მოთხრობილი იყო მოულოდნელ სიკვდილსა და ღმერთის მიერ დადგენილ სასჯელთა შესახებ, რაც ისე გვაშინებდა, რომ ვეღარც კი ვიძინებდით.

- რამდენი წლისა მიხვედით ლოვუდში?

- დაახლოებით ათის.

- იქ დარჩით რვა წელი. მაშ, თვრამეტი წლისა ყოფილხართ.

მე დავეთანხმე.

- როგორც ხედავთ, არითმეტიკა ძალიან საჭირო ყოფილა; მისი დახმარების გარეშე ვერ მივხვდებოდი, რამდენი წლისა ხართ. ამის დადგენა ძალიან ძნელია, რადგან თქვენი სახე და გამომეტყველება არ შეესაბამება ერთმანეთს. ახლა კი მითხარით, რა ისწავლეთ ლოვუდში? უკრავთ?

- არც მაინცდამაინც კარგად.

- რასაკვირველია, ყოველთვის ასე პასუხობენ. შედით ბიბლიოთეკაში, - მე, რასაკვირველია, ვგულისხმობ, თუ შეიძლება (მაპატიეთ ჩემი საუბრის მბრძანებლური ტონი, მიჩვეული ვარ ასე ლაპარაკს. ვიტყვი: გააკეთეთ ეს! და ყველაფერი კეთდება. ჩემს ჩვეულებას ვერ გამოვიცვლი ერთი ახალი მობინადრის გამო), - მაშ, წადით ბიბლიოთეკაში, სანთელი თან წაიღეთ, კარი ღია დატოვეთ, დაჯექით როიალთან და რამე დაუკარით.

მის ბრძანებას დავემორჩილე და წავედი.

- საკმარისია! - დაიძახა მან რამდენიმე წუთის შემდეგ. - როგორც ვხედავ, თქვენ მართლაც ვერ უკრავთ ძალიან კარგად, როგორც ყველა სხვა ინგლისელი მოსწავლე გოგონა. შესაძლებელია, ცოტა უფრო უკეთესად, მაგრამ მთლად კარგად არა.

როიალი დავხურე და გამოვბრუნდი. მისტერ როჩესტერმა კი განაგრძო:

- ადელმა მიჩვენა რამდენიმე ჩანახატი ამ დილით, რომელიც თქვენი ხელით ყოფილა შესრულებული. ნუთუ ისინი მართლა მარტო თქვენ გეკუთვნით? ალბათ, მასწავლებელმა წაგახმარათ ხელი.

- არა, ნამდვილად არა, - წამოვიძახე მე.

- აჰ, ეს თავმოყვარეობაზე მოქმედებს? კეთილი, მომიტანეთ თქვენი სურათების შესანახი ყდა. შეგიძლიათ ითავდებოთ, რომ ისინი მხოლოდ თქვენი საკუთარი ხელითაა შესრულებული? ნურაფერს იტყვით, თუ დარწმუნებული არა ხართ. მე მაშინვე შევამჩნევ, თუ სხვებისგან გადმოგიღიათ.

- მაშინ მე არაფერს ვიტყვი. თქვენ თვითონ განსაჯეთ, სერ.

ბიბლიოთეკიდან სურათები გამოვიტანე.

- მაგიდა ჩემკენ მოსწიეთ! - მითხრა მან. მაგიდა მის ტახტთან ახლოს მივიტანე სურათების დასათვალიერებლად. მისის ფეიერფექსი და ადელიც ახლოს მოვიდნენ.

- აქ ნუ შეჯგუფდებით, - თქვა მისტერ როჩესტერმა, - სურათები გამომართვით, როდესაც მე დავათვალიერებ, ასე ახლოს ნუ მოხვალთ.

აუჩქარებლად აკვირდებოდა თითოეულ ესკიზსა და ჩანახატს. სამი სურათი გვერდზე გადადო, ხოლო დანარჩენი, დათვალიერების შემდეგ, მათ გადასცა. - მისის ფეიერფექს, მეორე მაგიდაზე გადააწყვეთ ისინი და ადელთან ერთად იქ დაათვალიერეთ. თქვენ კი (მე შემომხედა), თქვენს ადგილას დაჯექით და კითხვებზე მიპასუხეთ. ახლა კი ვხედავ, რომ ეს სურათები ერთ ხელს შეუქმნია. ეს თქვენი ხელია?

- დიახ.

- როდის პოულობდით დროს მათ შესაქმნელად? ამას დიდი დრო და ფიქრი დასჭირდებოდა.

- ისინი ორი უკანასკნელი არდადეგების დროს დავხატე ლოვუდში, როდესაც სხვა საქმე აღარაფერი მქონდა.

- საიდან აიღეთ ამ სურათების სიუჟეტები?

- თვითონ მოვიფიქრე.

- ეს ყველაფერი იმ თავმა მოიფიქრა, რომელსაც მე თქვენს მხრებზე ვხედავ?

- დიახ, სერ.

- კიდევ არის მასში სხვა ასეთივე ჩანაფიქრი?

- შესაძლებელია, იყოს. იმედი მაქვს, უკეთესიც.

მან სურათები გაშალა და რიგრიგობით ათვალიერებდა.

მკითხველო, სანამ მისტერ როჩესტერი ამ საქმიანობითაა გართული, მინდა მოგითხროთ, რას წარმოადგენდა თითოეული სურათის სიუჟეტი. პირველ ყოვლისა, წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ მათში არაფერია განსაცვიფრებელი. ეს სიუჟეტები ჩემს ოცნებაში ცოცხლად ინახებოდა, ვიდრე მათ გონების თვალით ვუმზერდი და ჯერ კიდევ არ გადამეტანა ქაღალდზე. ხელი კი ყოველთვის ვერ გადმოსცემდა ფანტაზიით შექმნილ სურათებს და ოდნავღა ემსგავსებოდა ოცნებით წარმოდგენილს.

სურათები აკვარელით იყო შესრულებული. პირველი სურათი წარმოადგენდა აბობოქრებულ ზღვას, რომლის ზემოთ დაბლა ჩამოწოლილი რუხი იისფერი ღრუბლები მიცურავდნენ. მთელი სივრცე სიბნელეს შთაენთქა. დედამიწა არსად ჩანდა. ოდნავ თუ შენიშნავდით სიბნელით მოცულ წინა ხედს და უფრო კი უახლოეს აზვირთებულ ტალღებს. სინათლის სხივი გემის ნახევრად ჩაძირულ ანძას ეცემოდა, რომელზეც უზარმაზარი შავი ჩვამა შემომჯდარიყო. მისი ფრთები ზღვის ქაფს დაეწინწკლა. ფრინველს ნისკარტით ძვირფასი ქვებით მოჭედილი ოქროს სამაჯური ეჭირა. შევეცადე, ეს შესანიშნავი ფერები და მათი მკვეთრი ბრწყინვა გადმომეცა, რამდენადაც ეს ჩემს კალამსა და საღებავებს შეეძლოთ. ანძისა და მასზე ჩამომჯდარი ფრინველის ქვემოთ, მომწვანო ტალღებში, შეამჩნევდით დამხრჩვალი ადამიანის გვამს, რომელიც თანდათან იძირებოდა. ტალღებში გარკვევით მხოლოდ მისი მშვენიერი მკლავიღა მოჩანდა, რომლისთვისაც ტალღას სამაჯური, არ ვიცი, წაერეცხა თუ წაეგლიჯა.

მეორე სურათის წინა ხედზე ბურუსში გახვეული მთის მწვერვალი მოჩანდა. ფერდობზე ბალახი და ფოთლები მსუბუქ ნიავს თითქოს ერთ მხარეს გადაეზნიქა. შორს, მაღლა, უსაზღვრო, მუქი ლაჟვარდოვანი ცა გადაშლილიყო, ისეთი, როგორიც დაისმა იცის. ცის უსაზღვრო ეთერში წელამდე მოჩანდა ქალის სხეული. მის დასახატად შევეცადე, რამდენადაც შემეძლო, ყველაზე ნაზი და მკრთალი ბინდისფერი შემერჩია. მქრქალ შუბლს გვირგვინად ვარსკვლავი ედგა, ხოლო სახეზე ღია მეწამული ნისლი გადაჰფენოდა. თვალები შავად, უჩვეულო ძალით უბრწყინავდა. მისი გაშლილი შავი თმა ელვითა და ქარიშხლით მოგლეჯილ მუქ ღრუბელს ჰგავდა. კისერზე მთვარის ნათელივით მკრთალი სხივი დასციმციმებდა. ამ სხივის შუქი ანათებდა გამჭვირვალე ღრუბლებს, საიდანაც მწუხრის ვარსკვლავის ჩვენება წამომდგარიყო და თავს გვიკრავდა.

მესამე სურათზე დახატული პოლარული ზამთრის ცის კიდემდე აღმართულიყო აისბერგი, ცადაწვდენილ წვეტებიან კოშკს რომ მოგაგონებდათ. ჩრდილოეთის ნათების უხვი, მიჯრით მიწყობილი, შუბებივით ცადატყორცნილი სხივები ჰორიზონტზე კიაფობდნენ. მაგრამ ეს ყველაფერი სურათის უკანა ხედზე მოჩანდა, წინაზე კი გარკვევით იყო გამოკვეთილი უზარმაზარი თავი, რომელიც აისბერგისკენ გადახრილიყო და მასზე მიყრდნობილი ისვენებდა. ორი ჩონჩხად ქცეული ხელი შუბლთან ერთმანეთზე გადაეჯვარედინებინა და ზედ დაყრდნობოდა. ისინი ქვედა ნაკვთებს ისე მალავდნენ, თითქოს სახეზე პირბადე ჩამოეფარებინათ. სისხლისგან მთლად დაწრეტილ, ძვალივით თეთრ შუბლზე და ერთ წერტილს მიშტერებულ, ღრმად ჩაცვენილ, უაზრო თვალებში მხოლოდ განწირულობა იხატებოდა. საფეთქლების მაღლა ღრუბელივით მქრქალი, შავი, გამჭვირვალე ქსოვილის ჩალმის ნაკეცებს შუა ძვირფასი თვლებივით სხვადასხვაფრად მოკიაფე ნათელი ედგა. ეს ფერმიხდილი, ნახევარმთვარისებური რკალი მოგაგონებდათ მეფეთა გვირგვინს, რომელიც ამ უსხეულო და უფორმო ლანდს ამშვენებდა.

- ბედნიერი იყავით, როდესაც ამ სურათებს ხატავდით? - მკითხა მისტერ როჩესტერმა უეცრად.

- მხოლოდ მათზე მუშაობით ვიყავი გატაცებული, სერ. დიახ, რასაკვირველია, ბედნიერიც ვიყავი. ერთი სიტყვით, როდესაც მათ ვხატავდი, განვიცდიდი უდიდეს სიამოვნებას, რაც კი ოდესმე მიგრძნია ცხოვრებაში.

- ეს მაინცდამაინც ბევრის მთქმელი არ არის. როგორც თქვენ მითხარით, ძალიან ცოტა რამ გქონიათ ცხოვრებაში სასიამოვნო. ვფიქრობ, თქვენ ხელოვანის მიერ ოცნებით წარმოდგენილ სამყაროში ცხოვრობდით, ალბათ, როდესაც ამ უცნაურ ფერებს ერთმანეთს უხამებდით. ყოველდღე მუშაობდით მათზე და დიდ დროს ანდომებდით?

- სხვა არაფერი საქმე მქონდა არდადეგების დროს და მთელ დროს დილიდან საღამომდე მათ ვანდომებდი. ზაფხულის გრძელი დღეებიც ხელს მიწყობდა ჩემს საქმიანობაში.

- გაკმაყოფილებდათ თქვენი თავდადებული შრომის შედეგი?

- სრულიადაც არა. მაწამებდა სხვაობა ჩანაფიქრსა და დახატულ სურათს შორის. ვატყობდი, უძლური ვიყავი, გადმომეცა ის, რაც ოცნებით მქონდა წარმოდგენილი.

- არც ასეა საქმე: მართალია, სრულყოფილად ვერა, მაგრამ თქვენ მაინც შეძელით, გადმოგეცათ თქვენი ჩანაფიქრი, თუმცა, შესაძლებელია, მეტი არაფერი. ამ მიზნის მისაღწევად, რა თქმა უნდა, ხელოვანის ოსტატობა და ცოდნა გჭირდებოდათ, მაგრამ მოსწავლე გოგონასთვის ასეთი სურათები მაინც უჩვეულოა. ხოლო, რაც შეეხება ჩანაფიქრს, ის მეტისმეტად ფანტასტიკურია. ალბათ, სიზმრად თუ ნახეთ "მწუხრის ვარსკვლავის~ თვალები. როგორ შეძელით დაგეხატათ ასეთი ნათელი თვალები, როცა ისინი სრულებით არ ბრწყინავენ, ხოლო ვარსკვლავის შუქი კი იმ თვალთაგან გამომკრთალ სხივებს ელვარებას უკარგავს? რა აზრი იმალება ამ მშვიდად გამომზირალ თვალთა სიღრმეში? ან ვინ გასწავლათ ქარის ხატვა? ეს ხომ ქარიშხალია ცაზე და ამ მთის მწვერვალზე. სად ნახეთ ლატმოსის მთა? ეს ხომ ლატმოსია? ახლა კი აიღეთ თქვენი ნახატები.

ძლივს მოვასწარი, შემეკრა სურათების ჩასაწყობი ყდის ზონრები, როცა მან საათს დახედა და უეცრად მითხრა:

- უკვე ცხრა საათია. რას ფიქრობთ, მის ეარ, ადელს ნებას აძლევთ ამდენ ხანს აქ იჯდეს? წაიყვანეთ დასაძინებლად.

ადელი გაემართა, რომ დამშვიდობებოდა და ეკოცნა მისთვის, სანამ ოთახიდან გავიდოდით. მისტერ როჩესტერმა მოთმინებით აიტანა ეს ალერსი, მაგრამ ჩანდა, ამ საქციელს მასში დიდი სიამოვნება არ გამოუწვევია. შესაძლებელია, პაილოტს უფრო სიამოვნებდა ბავშვის ასეთი ალერსი.

- ახლა კი ყველას ტკბილ ძილს გისურვებთ, - გვითხრა მან, თითქოს ამით გვანიშნა, რომ ჩვენთან ყოფნით გადაიღალა და სურდა, მალე გავესტუმრებინეთ. მისის ფეიერფექსმა დაკეცა, რასაც ქსოვდა, მე ჩემი სურათების შესანახი ყდა ავიღე და რევერანსით დავემშვიდობეთ. პასუხად მან თავი ცივად დაგვიკრა და ასე დავტოვეთ ოთახი.

- თქვენ მითხარით, რომ მისტერ როჩესტერს არა აქვს ისეთი უცნაური რამ ხასიათში, რაც თვალში გეცემათ, არა, მისის ფეიერფექს? - ვუთხარი მე, როდესაც შევედით მის ოთახში და ადელი ლოგინში ჩავაწვინეთ.

- კეთილი, მაგრამ რა არის ასეთი?

- მე ვფიქრობ, ის ძალიან ცვალებადი ხასიათისაა და ამასთან, ფიცხიც.

- მართალია, ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე ეჩვენება უცხოს, მაგრამ მის ასეთ საქციელს ისე მივეჩვიე, აღარც კი ვფიქრობ ამაზე. თუ რაიმე უცნაურობა ახასიათებს, ჩვენ უნდა ვაპატიოთ.

- რატომ?

- ნაწილობრივ იმიტომ, რომ მას ასეთი ხასიათი აქვს. ვერც ერთი ჩვენგანი კი საკუთარ თავთან ვერაფერს გააწყობს. ნაწილობრივ კი მას მოსვენებას უკარგავს მძიმე ფიქრები. ეჭვი არ არის, ისინი უფორიაქებენ გულს და გუნებას უცვლიან.

- რა აწუხებს?

- ერთი მხრივ, ოჯახური უსიამოვნება.

- მას ხომ არა აქვს ოჯახი?

- ახლა არა, მაგრამ ხომ ჰქონდა. ხომ ჰყავდა ახლობლები? სულ რამდენიმე წელია, რაც უფროსი ძმა დაკარგა.

- უფროსი ძმა?

- დიახ, ახლანდელი ჩვენი პატრონი, მისტერ როჩესტერი, დიდი ხანი არ არის, რაც აქაურობის მფლობელი შეიქნა. ასე, დაახლოებით, ცხრა წელი იქნება.

- ცხრა წელი კარგა დიდი დროა. ისე ძალიან უყვარდა ძმა, რომ ჯერ კიდევ ასე მწვავედ განიცდის მის დაკარგვას?

- არა, არც ასეა. ვიცი, რაღაც უსიამოვნება იყო მათ შორის. მისტერ როულენდ როჩესტერი ხშირად არ იყო მართალი მისტერ ედვარდ როჩესტერის წინაშე და, ალბათ, ის ამხედრებდა მამასაც საკუთარი შვილის წინააღმდეგ. მოხუცი ჯენტლმენი ფულის დიდი მოყვარული იყო და ზრუნავდა, რათა თავისი სამფლობელოს მთლიანობა შეენარჩუნებინა. მას არ სურდა დაექუცმაცებინა თავისი სამფლობელო, მაგრამ, ამასთანავე, იმაზეც ზრუნავდა, რომ მისტერ ედვარდსაც ჰქონოდა სიმდიდრე და მათი წოდებრივი ღირსება შეენარჩუნებინა. როგორც კი ის სრულწლოვანი გახდა, მოხუცმა საკმაოდ არასაკადრისი ნაბიჯი გადადგა, რასაც თან დიდი უბედურება მოჰყვა. მოხუცმა მისტერ როჩესტერმა და როულენდმა, თავიანთი გამდიდრების მიზნით, საქმე ისე მოაწყვეს, რომ მისტერ ედვარდი მეტისმეტად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. კარგად არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ მისმა სულმა ვერ გადაიტანა ის, რა ტანჯვა-წამების ატანასაც ავალდებულებდნენ. მისტერ როჩესტერი არცთუ იოლად აპატიებს ვინმეს რამეს, ამიტომაც ყოველგვარი ურთიერთობა გაწყვიტა ოჯახთან და რამდენიმე წელია მოხეტიალე ცხოვრებას ეწევა. არ მახსოვს, თორნფილდში ზედიზედ ორი კვირაც კი გაეტარებინოს მას შემდეგ, რაც ძმა გარდაეცვალა და მისი ანდერძის გარეშე ამ ადგილ-მამულის მფლობელი გახდა და, მართლაც, რა გასაკვირია, რომ თავს არიდებდეს ძველ სახლ-კარს.

- რატომ უნდა არიდებდეს თავს?

- შესაძლებელია იმიტომ, რომ აქაურობა მოსაწყენად მიაჩნია.

ეს ორჭოფული პასუხი არ მაკმაყოფილებდა. მინდოდა, უფრო გარკვეული პასუხი მიმეღო, მაგრამ მისის ფეიერფექსს ან არ შეეძლო, ან არ სურდა ეამბნა ჩემთვის ის უსიამოვნო ამბები, რომლებიც მისტერ როჩესტერს თავს გადახდომოდა. ის მიმტკიცებდა, რომ მისთვისაც ეს ამბავი საიდუმლოებით იყო მოცული და რაც იცოდა, იმასაც გუმანით ხვდებოდა. ცხადი იყო, სურდა, ამ საკითხზე საუბარი შემეწყვიტა. მეც, რასაკვირველია, ასე მოვიქეცი და საუბარი შევწყვიტეთ.

თავი მეთოთხმეტე

მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში იშვიათადღა ვხედავდი მისტერ როჩესტერს. დილაობით ის თავისი საქმით იყო გართული. ნაშუადღევს ხან მილკოტიდან და ხან მეზობელი საგრაფოებიდან ნაცნობი ჯენტლმენები აკითხავდნენ და ზოგჯერ მასთან სადილადაც რჩებოდნენ. როდესაც ნაღრძობი ფეხი იმდენად მოურჩა, რომ ცხენზე ჯდომა შეეძლო, თვითონაც ბევრს დადიოდა და შინ, ჩვეულებრივ, შუაღამისას ბრუნდებოდა. როგორც ჩანს, ისიც უნდა წასულიყო იმ ადამიანების სანახავად, რომლებიც მასთან სტუმრად მოდიოდნენ.

ამ დღეებში ის ადელსაც იშვიათად იხმობდა ხოლმე თავისთან, ხოლო ჩვენი ნაცნობობა იმაში გამოიხატებოდა, რომ სრულიად შემთხვევით თუ ვხვდებოდით ერთმანეთს დარბაზში, კიბეზე თუ დერეფანში. ამ შეხვედრების დროს ხან თავს ოდნავ დამიკრავდა და გულგრილად გადმომხედავდა, ხან კი გამიღიმებდა და გულთბილად მომესალმებოდა, როგორც ეს მაღალი წრის ჯენტლმენებს სჩვევიათ. ამით ვიგებდი, რომ შეუმჩნეველი არ ვრჩებოდი. მისი ხასიათის ეს ცვლილებანი არავითარ შეურაცხყოფას არ მაყენებდა, რადგან ვგრძნობდი, ასეთ ცვალებადობას ჩემთან არავითარი საერთო არ ჰქონდა. მისი ცუდი და კარგი გუნება დაკავშირებული იყო სრულიად სხვა მიზეზებთან, რომლებიც მე არ მეხებოდა.

ერთ დღეს მას სადილად სტუმრები ჰყავდა. ეტყობა, უნდოდა, ჩემი სურათები მათთვის ეჩვენებინა და ვიღაც გამოგზავნა მათ წასაღებად. როგორც შემდეგ მისის ფეიერფექსისგან შევიტყვე, ჯენტლმენები ადრე წასულიყვენენ მილკოტში საჯარო კრებაზე დასასწრებად, ხოლო, რადგან საღამო ცივი და წვიმიანი იყო, მისტერ როჩესტერი მათ არ გაჰყოლია.

გაგრძელება შემდეგ ნომერში