მთავარი როლი (ნაწილი XII ) - გზაპრესი

მთავარი როლი (ნაწილი XII )

როგორც კი მითხრა, არაფერი გამოვაო, იმწამსვე გაქვავებულივით შევჩერდი და ვიგრძენი, როგორ საპნის ბუშტივით სკდებოდა ჰაერში ჩემი გადაწყვეტილება, ჩუმად, უხმაუროდ.

ახლა რაღაც უნდა მეთქვა:

- კიდევ ერთ ჭიქას დავლევდი...

- შენ ბრწყინვალე ხარ, - მითხრა და აღტაცებული მზერა მიმოატარა ჩემს ნახევრად შიშველ მკერდზე.

ძლივს შევიკავე თავი, რომ ხელი არ ამეფარებინა მიუჩვევლად ღრმა დეკოლტეზე.

- განუმეორებლად ლამაზი ხარ, მაგრამ მე ახლა ამის გაკეთება არ შემიძლია.

შემეძლო ისეთი სახე მიმეღო, თითქოს ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა, ან ხუმრობაში გამეტარებინა მისი ნათქვამი, მაგრამ ხუმრობის დრო არ იყო. ყველაფერმა ზედმეტად სერიოზული სახე მიიღო. ბიბი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.

- რატომ?

ტუჩები მოკუმა და გამომცდელად შემომაჩერდა, თითქოს ითხოვდა, რომ მივმხვდარიყავი.

- იმიტომ, რომ ეს კონტრაქტი უნდა მივიღო. ყველა შემთხვევაში უნდა დავითრიო, სხვანაირად არაფერს აზრი არ ექნება.

იმედგაცრუებულმა ბოროტად ჩავიცინე.

- ადამიანთა უმრავლესობა უთავსებს ერთმანეთს პირად ცხოვრებასა და სამსახურს, პლანეტის მცხოვრებთა უმრავლესობაც კი, თუ გინდა.

- მაპატიე, მაგრამ მე დაჟინებით მივიწევ ჩემი მიზნისკენ და არ მინდა, სხვა რამეზე გადავერთო, - ბიბიმ თავი გადააქნია და ხელები ჯიბეებში ჩაიწყო.

- ალბათ ნერვიულობით უნდა ავთრთოლდე, რომ შენს შეცდენას ვცდილობ, არა? - ჩემმა დაუფარავმა სარკაზმმა სწრაფი რეაქცია გამოიწვია.

- შენ მთელი ბუდისტური მონასტრის შეცდენა შეგიძლია, რომელიც მედიტაციის პროცესში მყოფი ბერებითაა სავსე, - შემპარავი ირონიით მომიგო.

ჩვენმა ფარულმა `შეჯიბრებამ~ სასაცილო ხასიათი მიიღო, მაგრამ არ გამცინებია. უკვე ძალიან შორს მქონდა შეტოპილი და მანამ უნდა გამომეყენებინა ჩემი შანსი, სანამ ამ ვულგარულ წითელ კაბას კვლავ გარდერობში შევკიდებდი და ისევ ძველ, მოკრძალებულ ელენედ გადავიქცეოდი. არ ვიცი, რამ წამომიარა, სიგიჟის წამებმა თუ ჩემში მიმალულმა ავხორცულმა სურვილმა, მაგრამ მისი თითები ჩავბღუჯე და სასოწარკვეთილი ხმით ამოვთქვი:

- შენ მე მკოცნიდი და ამბობდი, რომ გსიამოვნებდა. ახლა კი გინდა, უკან დაიხიო? რატომ?

- არ უნდა მეკოცნა შენთვის, ეს შეცდომა იყო, ვაღიარებ.

- დიდი მადლობა აღიარებისთვის, - განაწყენებულს ღაწვები შემიხურდა.

- სხვა რამ ვიგულისხმე. შენ ვერ გამიგე, - ხელისგული ლოყაზე ჩამომისვა.

გული ლამის გამიჩერდა და დანებების ნიშნად თვალები დავხუჭე.

- ჩემი შეცდომა ისაა, რომ მინდა, სულ გკოცნო და გკოცნო და არასდროს გავჩერდე, - ხელისგული მომაშორა და თვალებში ჩამხედა. - მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ როცა გკოცნი, ამქვეყნად ყველაფერი მავიწყდება - ეს კი ჩემთვის ახლა აკრძალული სიამოვნებაა, ფუფუნება, რომელიც ამწუთას არ მჭირდება.

სწორედ ამ მომენტში თენგო კირვალიძე ავიდა სცენისმაგვარ შემაღლებულ ადგილზე და გვერდით, თავისი სპორტული მაღაზიის მაისურებითა და `ბოტასებით~ შემოსილი ოთხი გოგო დაიყენა. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა მეგის საქმროს გათვლამ - კოქტეილის საღამოზე თავისი საქონლის რეკლამა გაეკეთებინა, მაგრამ ბიბის მაშინვე გაექცა თვალი იქითკენ, ცოცხლად ადევნებდა თვალს მომავალი პარტნიორის სარეკლამო ტრიუკს.

ჩემთვის ყველაფერი გასაგები გახდა.

- შენთვის უფრო მნიშვნელოვანი არაფერია, ამ სარეკლამო კამპანიის გარდა, არა?

ბიბიმ უხასიათოდ მოაცილა მზერა სცენას და შემომხედა. სანამ რამეს მეტყოდა, უკვე ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა.

- მე ეს უნდა გავაკეთო, ელი.

- და ჩვენი ურთიერთობა?..

- გაგრძელდება ისე, როგორც თავიდან მოვილაპარაკეთ, - თქვა და სინანულით სავსე ხვნეშა ამოაყოლა სიტყვებს.

იმდენად შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მზად ვიყავი, მეტირა, თუმცა ვხვდებოდი, რომ ვერავის დავადანაშაულებდი ამაში, - მე თვითონ წამოვაყენე სულელური პირობები და დაჟინებით მოვითხოვდი მის მკაცრად შესრულებას.

- ბიზნესი უპირველეს ყოვლისა, - ჩავასარკაზმე და გავტრიალდი.

ვიცოდი, რომ ამჯერად ბიბი უკან არ გამომყვებოდა...

მომდევნო დღეები გამალებული ვმუშაობდი. ვიღლებოდი, მაგრამ თავს არ ვიზოგავდი. მინდოდა, ბოლომდე დავხარჯულიყავი, რომ მომხდარზე არ მეფიქრა. ოღონდ კი ბიბი გონებიდან ამომეგდო და ყველაფერზე თანახმა ვიყავი. სულის ამოხდამდე შემეძლო მემუშავა. არც გოგოებს ვეკონტაქტებოდი. ვიცოდი, შეკითხვებით თავს მომაბეზრებდნენ. იმ საღამოსვე, რომ დავემშვიდობე, სამივე გავაფრთხილე, ერთი კვირა არც დამირეკოთ და არც გამოჩნდეთ ჩემს სიახლოვეს, პროექტი მაქვს მოსამზადებელი და თქვენთვის არ მეცლება-მეთქი. მათ იცოდნენ ჩემი შრომისმოყვარეობის ამბავი და მართლაც, არც ერთს არ შევუწუხებივარ.

საღამო ხანი იყო. როგორც კი ოფისიდან დავბრუნდი, ეგრევე სამზარეულოს მივაშურე. უკვე მეოთხე დღე იყო, შინ დაბრუნებული გაუჩერებლად ვტრიალებდი სამზარეულოში და ნაირ-ნაირებს ვაცხობდი და ვამზადებდი, რომ არც სახლში მქონოდა ფიქრის საშუალება. ვცდილობდი, გამენელებინა სულის ტკივილი და იმედგაცრუება. საუკეთესო საშუალება იყო `ორთქლის გამოსაშვებად~: ბიბის ნაცვლად ცომს ვურტყამდი მუშტებს, ვაგუნდავებდი და ამაში ვპოვებდი შვებას. ვჭრიდი ხორცს, ბოსტნეულს და ქვეცნობიერად ერთადერთ ადამიანს ვსერავდი ამ დანით. სამზარეულო მშვენიერი მაპროვოცირებელი საშუალება აღმოჩნდა ჩემი სასოწარკვეთის დასაცხრომად. მიუხედავად ჩემი ძალისხმევისა, არაფერი გამომდიოდა. ჩემს გაცოფებას ამჯერად კულინარიამაც ვერ უშველა. საკმარისია. მეყო ამდენი დამცირება! ბოლოს და ბოლოს, მის გარეშეც ვცხოვრობდი და მშვენივრად ვგრძნობდი თავს. თუმცა, მეორე მხრივ, დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე ადვილად ვერ გავთავისუფლდებოდი იმ `ნარკოდამოკიდებულებისგან~, რომელსაც ბიბის სახელი ერქვა. მართალია, შანსი ნაკლები მქონდა, მაგრამ უნდა მეცადა.

ბიბი, ჩემდა გასაოცრად, ცვალებადი ხასიათის აღმოჩნდა. რაღაც პერიოდში ვნებააალებული, უცებ ცივი და გულგრილი ხდებოდა. მარტივით ეცვლებოდა განწყობა: ჯერ გახელებული მკოცნიდა, მერე კი - `გრილდებოდა~. შემდეგ კვლავ წამოუვლიდა ვნების აზვირთებული ტალღა და, მოასკდებოდა თუ არა ჩემს სხეულს, კვლავ უკან იხევდა დაშოშმინებული და ჩაწყნარებული. ეს რომ ერთჯერადად მომხდარიყო, გავიგებდი, რომ მისთვის სამსახურზე უმთავრესი არაფერი იყო, მაგრამ ყოველ ჯერზე ასე რომ მეორდებოდა, ეს მაგიჟებდა. რამდენჯერმე აღნიშნა, შენთან სხვა ურთიერთობა მინდაო, მაგრამ შემდეგ მიზანმიმართულად იხევდა უკან. რაღაც ვერ იყო ისე, როგორც უნდა ყოფილიყო.

ამასობაში თენგოს ბაბუა გარდაიცვალა და ქორწილი კარგა ხნით გადაიდო. სანამ ორმოცი ჩამთავრდებოდა, გრანდიოზულ სუფრას ვერ გაშლიდნენ, როგორც ეს თავიდან ჰქონდათ ჩაფიქრებული. ეს კი ნიშნავდა, რომ აპრილის ბოლომდე მომიწევდა ბიბისთან ერთად დაქალებში გამოჩენა, რაც ნერვებს მიწეწავდა. აშკარად შეინიშნებოდა, რომ ჩვენ შორის შავმა კატამ გაირბინა. ცოტა არ იყოს, მიკვირდა მისი ასეთი უეცარი ცვლილება. ვგრძნობდი, მხოლოდ ახალი პროექტი არაფერ შუაში იყო, აქ სულ სხვა რამ იმალებოდა. ამას ქალური ალღო მკარნახობდა. ქალაქში ჩემი პროფესიის საუკეთესო კონსულტანტად ვითვლებოდი, ხშირი შეხება მქონდა სხვადასხვა წრის ადამიანთან და მათი ადვილად `წაკითხვა~ შემეძლო. აშკარა იყო, ბიბი რაღაცას მიმალავდა. ტეტეს დაბადების დღიდან მოყოლებული, თავქარიან ბიჭად მივიჩნევდი. თურმე ასეთადვე დარჩენილა, ამიტომაც ჩაიქნია ჩემზე ხელი, როგორც კი თენგოსგან სარფიანი წინადადება მიიღო. არადა, ვერ გამეგო, ასე ერთმანეთის საწინააღმდეგო გრძნობები საიდან აღმოცენდებოდა. თან უნდოდა ჩემ გვერდით ყოფნა, მომფერებოდა, ჩამხუტებოდა, ეკოცნა, მაგრამ მეორე წუთს ისე გაგრილდებოდა, თითქოს საერთოდ არ ვარსებობდი მის ცხოვრებაში. ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებდა, რომ ორი ურთიერთსაპირისპირო გრძნობა შუაზე ხლეჩდა.

რატომ? ეს არ ვიცოდი და აუცილებლად უნდა მეკითხა მისთვის. საბაბი მქონდა, რომ დამერეკა: მაგიდაზე მედო ქაღალდები, რომელიც მეგიმ გადმომცა: თენგოს გამოეგზავნა ბიბისთვის გადასაცემად, რადგან მისი ფირმის სარეკლამო კამპანიას ეხებოდა. მინდოდა, მეგისთვის არ გამომერთმია, მაგრამ მიზეზი ვერ მოვიფიქრე, - მისთვის ხომ შეყვარებული წყვილი ვიყავით და უარი რომ მეთქვა, სათანადო ახსნა-განმარტებაც უნდა მიმეყოლებინა. რამდენჯერაც მოვიმარჯვე მობილური, რომ დამერეკა, იმდენჯერ გადავიფიქრე. დარეკვა ვერ გადამეწყვიტა. რაც უფრო ვწელავდი დოკუმენტების გადაცემის დროს, მით უფრო რთულდებოდა ჩემი ამოცანა.

როგორც იქნა, დავატანე თავს ძალა, სოუსით სავსე ქვაბი დავდგი და ტელეფონი ავიღე. ავკრიბე ნომერი. გავიდა ერთი ზარი, მეორე, მესამე...

- ალო?

- ბიბი, მე ვარ.

- გამარჯობა, ელ. როგორ ხარ?

მომეჩვენა, თითქოს გაუხარდა ჩემი ხმის გაგონება. ეს კარგი ნიშანი იყო. სანამ ნებისყოფა მიღალატებდა, სწრაფად წარმოვთქვი:

- გადასარევად, დიდი მადლობა. მხოლოდ იმისთვის დაგირეკე, რომ რაღაც საბუთები უნდა გადმოგცე. თენგომ გამოგიგზავნა მეგის ხელით.

ხანგრძლივი პაუზა ჩამოვარდა. ლამის ამომივარდა გული საგულიდან, სანამ პასუხს გავიგონებდი.

- გაიხარე. ცოტა მოგვიანებით წავიღებ, კარგი? ახლა იმდენი საქმე მაქვს, გამოსასვლელად არ მცალია.

- მეც ძალიან დაკავებული ვარ, თორემ გამოგიტანდი.

- ერთი გამოსვლა მაინც მომიწევს, როცა მომშივდება. თუ შინ იქნები, შემოგივლი. პირობას გაძლევ, არ გაგაცდენ. საბუთებს ავიღებ და წამოვალ.

სამზარეულოსკენ გავაპარე თვალი. ჩემი არომატული სოუსი გამზადებული იყო. იმდენი გამომივიდა, მთელ პოლკს დაანაყრებდა. ხომ არ მეთქვა, ქვეყნის საჭმელი მაქვს და ერთად ვივახშმოთ-მეთქი? არ ეწყინება, ამდენ რამეს რომ დაინახავს და არ დავპატიჟებ? მაგრამ ვაითუ, ზედმეტად ინტიმური ეჩვენოს ვახშამი ორისთვის. ხომ გამაფრთხილა, დისტანცია შევინარჩუნოთო.

- თუ შენთვის არ არის მოსახერხებელი, მაშინ...

- არა, რას ამბობ, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, კარგი სადილი მაქვს მომზადებული. თუ დროის დაკარგვა არ გინდა სადმე სავახშმოდ, ბარემ ჩემთან გვევახშმა. - პასუხის მოლოდინში ლამის ტუჩები მოვიკვნიტე.

- მართლა? - მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ მიპასუხა. - შიმშილით სული მძვრება. დღეს საერთოდ არაფერი მიჭამია, ვერ მოვახერხე. მაცდური წინადადებაა, უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი, თან, შენი გემრიელობების ამბავი რომ ვიცი... კარგი, მაშინ ერთ საათში გამოვალ. რამე წამოვიღო?

`მხოლოდ შენი თავი~, - გავიფიქრე.

- კარგი მადა გამოიყოლე, სხვა არაფერი, - გავეხუმრე, - საჭმელი იმდენი მაქვს, მთელ არმიას ეყოფა.

- თუ ასეა, კარგ მადას გპირდები.

კიდევ კარგი, ჩემი კულინარიული ნიჭი მაინც იზიდავს, რადგან ჩემი სხეულით ვერაფრით შევძელი მისი შეცდენა. როცა ტელეფონი გავთიშე, ვიგრძენი, როგორ მიხურდა ლოყები. მომეჩვენა, რომ ბიბის ხმაში მგრძნობიარე ნოტები გაისმა.

- მობრძანდი, - კარი პირთამდე გამოვაღე და განზე გავდექი.

წამით ზღურბლზევე გახევდა, თითქოს პირველად მხედავდა. კარგა ხანს მათვალიერებდა, წამით არ მოუშორებია მზერა.

- რა იყო, სახე ხომ არ მაქვს მოსვრილი სოუსით? - შეცბუნებულმა ხელი ჩამოვისვი ლოყასა და ცხვირზე.

- არა, რა მოსვრილი... გასაგიჟებლად გამოიყურები. ისე ვარ ჩაფლული სამუშაოში, რომ თავის ასაწევად არ მცალია. ტელეფონმა რომ დარეკა, ცოტა არ იყოს, გავღიზიანდი, ნეტავ, ვის გავახსენდი-მეთქი, მაგრამ შენი ხმა რომ გავიგონე, მზად ვიყავი, ყველაფერი მიმეტოვებინა და გამოვქცეულიყავი. სულ ვარწმუნებ ჩემს თავს, რომ რადგან სხვანაირად არ შეგვიძლია, მეგობრებად მაინც დავრჩეთ. არადა, ვერ წარმოიდგენ, როგორ ვიგზნები შენს დანახვაზე, შენს ხმაზე. ყველაფერი აღმაგზნებს შენი - გარეგნობა, ინტელექტი... ცხოვრებაში პირველად - შენი ემოციებიც. საშიშროებაც მოდის შენგან და ამავდროულად, გამოწვევაც. ასე მგონია, ირაციონალური შიშით ხარ შეპყრობილი და ხელს გიშლის, შემიყვარო. სიმართლე გითხრა, უკან დახევა არ მჩვევია, ყოველთვის წინ მივიწევ და ბოლოს აუცილებლად გამარჯვებული გამოვდივარ. შენს შემთხვევაში კი ყველაფერი თავდაყირა დადგა. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ასე მგონია, შენს მოთხოვნებს ბრმად უნდა დავმორჩილდე, სხვანაირად თენგოსთან საქმეს გამიფუჭებ. არ ვიცი, რას ვლაპარაკობ, მივედ-მოვედები რაღაცას, მაგრამ შენი შემხედვარე როგორ შეიძლება, კაცი სრულ ჭკუაზე დადგეს? მაპატიე, მეტს აღარაფერს ვიტყვი. - თვალი ამარიდა ენად გაკრეფილმა, თითქოს ბოდიშს მიხდიდა მონოლოგისთვის.

- მეჩვენება თუ თვალები აგიცრემლდა? - გაოგნებული დავაკვირდი.

- არა, უბრალოდ, კომპიუტერთან დიდხანს ჯდომის ბრალია. ასე მემართება.

- არა უშავს, მეც მემართება ეგრე ხანდახან.

- აუ, რა სურნელი ტრიალეეებს! ფეხზე ძლივს ვდგავარ, ისე მშია.

მე კი იმდენად აფორიაქებული ვიყავი მისი `აღიარებითი ჩვენებით~, საით წავსულიყავი და რა გამეკეთებინა, ვერ მოვისაზრე.

- ახლავე გავშლი სუფრას, შენ დაჯექი და დამელოდე, - ალერსიანად ვუთხარი და სამზარეულოში შევიკეტე, რომ ცოტა სული მომეთქვა.

რამდენჯერაც სამზარეულოდან ოთახში გამოვედი თეფშებით ხელში, იმდენჯერ გამომცდელი თუ კმაყოფილი მზერა გამომაყოლა, თან ღიმილი არ შორდებოდა.

- რატომ მიყურებ ასე? - ვეღარ მოვითმინე ბოლოს.

- მომწონს ეს ოჯახური ატმოსფერო. ჩემს სახლში ყველაფერი სხვანაირად იყო. დედას და მამას შინ ხომ ვერასდროს ნახავდი, სულ დაკავებულები იყვნენ, სულ მუშაობდნენ. იშვიათად თუ მოამზადებდა სახლში დედაჩემი სადილს. საღამოობით ისე იყვნენ დაღლილები, არც კი დაელაპარაკებოდნენ ზოგჯერ ერთმანეთს. გეგონებოდა, ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ იტანსო. მე კი სულ ვფიქრობდი, რომ მათ შემხედვარეს, სხვანაირად მომეწყო ჩემი ცხოვრება. მეშოვა იმდენი ფული, რომ ცოლი ძალიან არ დამეტვირთა და თბილი, მოსიყვარულე ოჯახი შემენარჩუნებინა. შინ დაბრუნებულს სუფრა ნაირ-ნაირი კერძით ავსებული დამხვედროდა.

მივხვდი, რომ ბიბის მოსიყვარულე ოჯახი არასდროს ჰყოლია და თანაგრძნობით სავსე მზერა მივაპყარი. ჰოდა, თუ უნდა, რომ ასეთი ცოლი ჰყავდეს, აგერ არ ვარ? დამაფასოს, ბატონო!

- ხომ არ დაგეხმარო? - ეგრევე შეცვალა საუბრის თემა, როგორც კი ჩემს თვალებში თანაგრძნობის ნაპერწკალი შენიშნა.

- არა, ყველაფერი მზად მაქვს. ღვინო გინდა?

ამ კითხვაზე ისეთი თვალებით შემომხედა, მაშინვე მივხვდი, რაც გაიფიქრა, - ღვინო კი არა, შენ მინდიხარო.

- არა, დალევით ვერ დავლევ, ფხიზელი გონებით უნდა ვიმუშაო. სულ ცოტა დამრჩა და პრეზენტაციას დავამთავრებ.

გაოცებულმა შევხედე, სანამ შემწვარი ხორცით სავსე სინს სუფრაზე შემოვდგამდი.

- შენ რა, დღე და ღამეს ასწორებდი? ასე უცებ როგორ გახვედი ფინიშამდე?

ბიბიმ თეფშები მისწი-მოსწია, რომ სინი თავისუფლად ჩამედგა შუაში.

- მანიაკივით შეუპოვრად ვშრომობ. რა ვქნა, დროში უნდა ჩავეტიო. ვადები ძალიან მჭიდროა.

ვახშამი კი არა, სადილი გამოგვივიდა. ლაპარაკით დიდად არ შეგვიწუხებია თავი. ამას ბიბის დაღლილობას ვაბრალებდი, არაფრის თავი არ ჰქონდა.

- ყველაფერი უგმრიელესი იყო, მაგრამ შენთან საუბარი არ მეყო, არც შენი ხუმრობები, არც თბილი ღიმილი, აი, პირველი ჩვენი ერთობლივი სადილის დროს რომ თავზე საყრელად გვქონდა. გახსოვს ის საღამო, აქ რომ პირველად მოვედი?

- როგორ არ მახსოვს?! - კინაღამ ვთქვი, მაგას რა დამავიწყებს-მეთქი.

- თუმცა, ასეც უნდა იყოს წესით, არა? ჩვენ ხომ მხოლოდ კარგი მეგობრები ვართ, - ხაზგასმით მიმანიშნა, თითქოს მისი ცდუნება მქონდა ჩაფიქრებული.

- რა თქმა უნდა, - ნაძალადევად გავუღიმე.

- იცი, რა ვიფიქრე? ბარემ აქვე გადავხედავ იმ საბუთებს, თან ყავაც დავლიოთ. ხომ არ გაგაცდენ?

- არა, რას ამბობ, რა უნდა ვაკეთო, რო? - ლამის ვიყვირე, ისე გამიხარდა.

როცა ყველაფერი ავალაგე და მხოლოდ ყავა შემოვდგი მაგიდაზე, ბიბი გვერდით მომიჯდა და თენგოს გამოგზავნილი ქაღალდები გაშალა, მაგრამ იმის მაგივრად, რომ მათზე მოეხდინა კონცენტრაცია, დაიბნა. მივხვდი, რომ ჩემი სიახლოვე თავბრუს ახვევდა. ახლა მაინც არ ვაცდენდი. ერთი სიტყვაც არ მითქვამს, ჩემი ლეპტოპი დავიდე წინ და მეც საქმეს ჩავუჯექი, მხოლოდ მკლავით ოდნავ ვეხებოდი მის მკლავს.

უეცრად თავი მოაბრუნა და შემომხედა.

- რა იყო?

- ახლა დავუკვირდი, რომ ირგვლივ წითელი ფერი ჭარბობს. აი, ეს სტეპლერიც კი წითელია, - სტეპლერი ხელში აიღო, - მაგიდის გადასაფარებელიც, ეს ლარნაკიც და ყვავილებიც. მართლა და, საიდან მოიტანე ამ შუა ზამთარში ცოცხალი ყვავილები?

- ერთმა დამკვეთმა მომართვა, - მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე, - მადლიერების ნიშნად. ჰოლანდიურებია.

- ვხედავ, - მხრები აიჩეჩა, - იმდენად უცხოა ასეთი ატმოსფერო ჩემთვის, რომ უხერხულობას ვგრძნობ.

- რომელი ატმოსფერო?

- აი, ასეთი - ყვავილებით და რამე.

- კარგი, რა, ეგ ყველა სახლშია, რა გაგიკვირდა?

- სამაგიეროდ, ჩემთან არაა. თანაც, კომპი რომ არ მაქვს, ცოტა მიჭირს კონცენტრაცია, ბლოკნოტებში ჩანიშვნას ამერიკაში გადამაჩვიეს.

- გინდა, ჩემი ლეპტოპი გათხოვო?

- არა, არ გამომადგება. მე ისეთ პროგრამაში ვმუშაობ, თბილისში მგონი, არავის ექნება. წამებში ვაკეთებ ყველაფერს. არა უშავს, ჯერ გავეცნობი, მერე შინ გავაგრძელებ. ისე, დიდი ხანია, სათვალეს არ ხმარობ?

- კონტაქტური ლინზებით შევცვალე, - სიფრთხილით სავსე მზერა მივაპყარი, რამეს ხომ არ ეჭვობს-მეთქი.

- ააა. არადა, მახსოვს, წარამარა ატაკებდი ხოლმე საჩვენებელ თითს და ისწორებდი ცხვირზე ჩამოცურებულს. კიდევ, იცი, რა მახსოვს? შოკოლადის `პეჩენიებს~ რომ აცხობდი ტეტესთვის. - გამიღიმა. - როგორ უვლიდი ასეთი პატარა გოგო ორ კაცს, ა? ისე, ყოველთვის ყოჩაღი იყავი და ამიტომაც მომწონდი.

- მაგრამ სათვალის გამო გულში შენც `ოთხთვალას~ მეძახდი, ხომ ასეა?

- ნუუუ, გულში კი, მაგრამ ხმამაღლა არასდროს წამომცდენია.

- შეგიძლია, ერთ კითხვაზე მიპასუხო?

- შემიძლია, შენ ოღონდ მკითხე.

- ჩვენთან რომ მოდიოდი, სულ მელაპარაკებოდი, სკოლაში კი ხმას არ მცემდი, რატომ?

სახეზე სიწითლემ გადაკრა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

სვეტა კვარაცხელია