ჯეინ ეარი - თა­ვი მეთ­ოთხმე­ტე - გზაპრესი

ჯეინ ეარი - თა­ვი მეთ­ოთხმე­ტე

სტუმრების წასვლის შემდეგ დიდ ხანს არ გაუვლია, მან ზარი დარეკა და შეგვატყობინეს, რომ მე და ადელი დაბლა უნდა ჩავსულიყავით. ადელს თმა დავვარცხნე და სუფთად გამოვაწყვე. მე, ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის, კვაკერივით ვიყავი ჩაცმული უბრალოდ და წესიერად მეცვა, თმაც ასევე მქონდა დაწნული და მოწესრიგებული, ასე რომ, აღარაფერი დამრჩენოდა და დაბლა ჩავედით. ადელს აინტერესებდა, ბოლოს და ბოლოს, მიიღეს თუ არა მისი პეტიტ ცოფფრე, რომლის გადმოგზავნა, რაღაც მიზეზების გამო, აქამდე ყოვნდებოდა. ამჯერად იმედი გაუმართლდა. სასადილო ოთახში შევედით თუ არა, მაგიდაზე შევნიშნეთ პატარა მუყაოს ყუთი. ადელმა ინსტინქტურად იგრძნო, რომ ეს ის ყუთი იყო.

- Ma boîte! ma boîte!! - წამოიძახა და მისკენ გაქანდა.

- დიახ, აი, ესეც შენი ბოიტე, ბოლოს და ბოლოს, წაიღე. დაჯექი სადმე კუთხეში, შე მართლაც ნამდვილო პარიზელო, და გაერთე მისი თვალიერებით, - გაისმა მისტერ როჩესტერის დაბალი და საკმაოდ დამცინავი ხმა. ის ამ დროს ცეცხლის პირას მდგარ უზარმაზარ სავარძელში იჯდა.

- და იცოდე, - განაგრძო მან, - არ შემაწუხო და დაწვრილებით არ გამომკითხო, რა არის შიგ და როგორ გააკეთეს ესა თუ ის ნივთი. ყველაფერი ეს ჩუმად უნდა გააკეთო. თიენს-ტოი ტრანქუილლე, ენფანტ ცომპრენდს-ტუ?..

როგორც ჩანს, ადელს ეს გაფრთხილება არ სჭირდებოდა. ის თავისი განძით დივანზე განმარტოვდა და თასმის გამოხსნას შეუდგა, რომლითაც ყუთის სახურავი იყო დამაგრებული. მოაცილა თუ არა თასმები და სახურავი, პაპიროსის ქაღალდივით სიფრიფანა საფარი გადასწია და მხოლოდ ეს წამოძახა: Oჰ ციელ! Qუე ც"ესტ ბეაუ! - და კარგა ხანს აღტაცებით უმზერდა მას.

- მის ეარი აქ არის? - იკითხა მბრძანებლურად მისტერ როჩესტერმა, სავარძლიდან ოდნავ წამოიწია და მოიხედა კარისკენ, რომლის სიახლოვესაც ვიდექი.

- აი, თურმე აქ ყოფილხართ! მოდით, აქ დაჯექით, - და სკამი თავისი სავარძლისკენ მისწია. - არ მიყვარს ბავშვების ტიტინი, - განაგრძობდა ის. - რადგან ამდენი ხნის უცოლშვილო კაცი ვარ, არავითარი სასიამოვნო მოგონებანი არ მაკავშირებს ბავშვურ ტიკტიკთან. ჩემთვის აუტანელი იქნებოდა მთელი საღამო ტêტე-ა-ტêტე ბავშვებთან გამეტარებინა. ნუ სწევთ სკამს იქით, მის ეარ, დაჯექით სწორედ იქ, სადაც მე დაგიდგით! ანუ მინდოდა მეთქვა - გთხოვთ, თუ შეიძლება. ეშმაკმა დალახვროს ზრდილობის ეს წესები, მე ისინი ყოველთვის მავიწყდება. ასევე კარგად ვერ ვგრძნობ თავს გულუბრყვილო მოხუც მანდილოსნებთან, მაგრამ ჩემიანი ხომ უნდა ავიტანო: სულ უყურადღებოდ ხომ ვერ დავტოვებ; ის ქალი ფეიერფექსის გვარს ატარებს. ყოველ შემთხვევაში, ფეიერფექსის მეუღლე იყო და, როგორც იტყვიან, სისხლით ნათესაობა სულ სხვა რამ არის.

მან ზარი დარეკა და მისის ფეიერფექსის დასაძახებლად მსახური გაგზავნა. მისის ფეიერფექსიც, ხელსაქმის კალათით ხელში, უმალვე გამოჩნდა.

- მე დაგიძახეთ ერთი მეტად მადლიანი საქმის გასაკეთებლად. ადელს ავუკრძალე თავის საჩუქრებზე ჩემთან ლაპარაკი. მას კი დიდი სურვილი აქვს ვინმეს გადაუშალოს სავსე გული. გამოიჩინეთ გულმოწყალება, მოუსმინეთ და ესაუბრეთ კიდეც. ეს ნამდვილი სიკეთე იქნება თქვენგან.

მართლაც ადელმა, დაინახა თუ არა მისის ფეიერფექსი, მაშინვე თავის დივანთან მიიყვანა და სწრაფად აუვსო კალთა თავისი "ბოîტე"-დან ამოლაგებული ფაიფურის, სპილოს ძვლისა და სანთლისგან გაკეთებული სათამაშოებით. თან ენადგაკრეფილი, დამტვრეული ინგლისურით უხსნიდა და გამოთქვამდა თავის აღტაცებას.

- ახლა მე ყურადღებიანი მასპინძლის ვალი მოვიხადე, - განაგრძო მისტერ როჩესტერმა, - ჩემს სტუმრებს შეუძლიათ ერთმანეთი გაართონ. მინდა თავისუფალი ვიყო, რომ ჩემს საკუთარ სიამოვნებაზე ვიფიქრო. მის ეარ, თქვენი სკამი უფრო წინ წამოსწიეთ, ძალიან უკან ზიხართ. მე კი ამ მოხერხებულ სავარძელში ისე კარგად ვზივარ, რომ განძრევაც არა მაქვს განზრახული.

ისე მოვიქეცი, როგორც მიბრძანეს, თუმცა მოფარებულში ჯდომა მერჩივნა. მისტერ როჩესტერმა ისეთი პირდაპირი ბრძანება იცოდა, რომ ყველა, თავისდა უნებურად, მაშინვე უნდა დამორჩილებოდა.

ჩვენ, როგორც უკვე მოგახსენეთ, სასადილო ოთახში ვისხედით. ჭაღი სადილობისთვის აენთოთ და იქაურობას სადღესასწაულო იერს აძლევდა. ბუხარში დიდი ცეცხლი გიზგიზებდა. მაღალი სარკმლისა და მასზე კიდევ უფრო მაღალი თაღიდან მდიდრული მეწამული და განიერი ფარდები ეშვებოდა. ირგვლივ სიჩუმე იყო. ადელიც კი ხმადაბლა ტიტინებდა (ის ვერ ბედავდა ხმამაღლა ლაპარაკს). მხოლოდ ხანგამოშვებით გვესმოდა, როგორ შხაპუნობდა წვიმა ფანჯრის მინებზე.

ახლა მისტერ როჩესტერი აბრეშუმგადაკრულ სავარძელში იჯდა და სულ სხვანაირად გამოიყურებოდა, ვიდრე წინათ. ის აღარ იყო პირქუში და მკაცრი, ბაგეზე ღიმილი დასთამაშებდა და თვალები უბრწყინავდა. თუმცა, არ შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, ღვინისგან იყო ეს თუ არა. ვფიქრობ, უფრო - ღვინისგან. ერთი სიტყვით, ნასადილევს ის, ჩვეულებრივ, ასეთ გუნებაზე გახლდათ ხოლმე: უფრო გულღია, ალერსიანი და კეთილი. დილაობით კი უფრო ცივი და სასტიკი ხასიათის მეჩვენებოდა. ახლაც სახეზე ჯერ კიდევ მთლად არ გაჰქრობოდა პირქუში გამომეტყველება. დიდი თავი სავარძლის რბილ ბალიშზე მიეყრდნო, ცეცხლის ალი თითქოს გრანიტისგან გამოკვეთილ მის სახის ნაკვთებს დასთამაშებდა და დიდ შავ თვალებში კიაფობდა. მას ხომ მართლაც ძალიან დიდრონი, შავი და მეტად მშვენიერი თვალები ჰქონდა. თუ კარგად დააკვირდებოდით, მის თვალთა სიღრმეში დროდადრო ცვლილებებსაც შეამჩნევდით. თუ მის თვალებში ხანდახან ლმობიერება არ იხატებოდა, ყოველ შემთხვევაში, ამ გრძნობის მსგავსი რაღაც მაინც ჩანდა.

ორიოდე წუთს ის ცეცხლს შეჰყურებდა და ამ ხნის განმავლობაში მე მის სახეს ვაკვირდებოდი. უცებ ის შემოტრიალდა და ჩემი მზერა დაიჭირა.

- თქვენ მე მათვალიერებთ, მის ეარ, - მითხრა მან. - როგორ ფიქრობთ, ლამაზი ვარ?

დრო რომ მქონოდა და წინასწარ მომეფიქრებინა, ამ კითხვას შესაფერის მორიდებულ და ზრდილობიან პასუხს გავცემდი, ახლა კი, ჩემდა უნებურად, წამომცდა: - არა, სერ.

- ოჰ, მართალი გითხრათ, თქვენში რაღაც არის თავისებური, - მითხრა მან. - თქვენ ახლა პატარა მონაზონ ქალს გამსგავსებთ, ისე უცნაურად, მშვიდად, სერიოზულად და მოკრძალებულად ზიხართ. ხელები მუხლებზე დაგიწყვიათ და, ჩვეულებრივ, თვალდახრილი ნოხს დასჩერებიხართ (მხოლოდ იმ წუთების გარდა, როდესაც თქვენი მზერა დაჟინებით ჩემკენაა მომართული, მაგალითად, როგორც, აი, ახლა). როცა რამეს გეკითხებიან ან შენიშვნას გაძლევენ და თქვენ კი იძულებული ხართ, უპასუხოთ, ისე ენამწარედ წამოიძახებთ რაღაცას, რომ, ის პასუხი უკმეხი თუ არა, ყოველ შემთხვევაში, მაინც მეტისმეტად მოურიდებელია. რა გსურთ ამით?

- მეტისმეტი წინდაუხედაობა გამოვიჩინე, სერ, მომიტევეთ. უნდა მეთქვა, რომ ადვილი არ არის ასეთ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც საქმე გარეგნობას ეხება; ადამიანთა გემოვნება ხომ სხვადასხვანაირია; სილამაზეს ძალიან ცოტა მნიშვნელობა აქვს, ან სხვა რაიმე ამის მსგავსი მაინც მეთქვა.

- თქვენ ასეთი პასუხი არ უნდა მოგეცათ. სილამაზეს, მართლაც, ძალიან ცოტა მნიშვნელობა აქვს! იმ მიზნით, რომ შეარბილოთ თქვენი პირვანდელი შეურაცხყოფა, დამაწყნაროთ და დამამშვიდოთ, კიდევ უფრო მოხერხებულად მირტყამთ გულში დანას. განაგრძეთ, გთხოვთ, მითხარით, კიდევ რა ნაკლი მაქვს. ვფიქრობ, სახის ნაკვთები და სხეულის ყველა სხვა ნაწილი ისეთივე მაქვს, როგორიც სხვა ადამიანებს!

- მისტერ როჩესტერ, ნება მომეცით, უკან წავიღო ჩემი სიტყვები, სრულებითაც არ მსურდა ასეთი პასუხი გამეცა. შეცდომით წამომცდა.

- სწორედ ასეა. მეც ასე ვფიქრობ, პასუხი უნდა აგოთ. მაშ, შემაფასეთ კრიტიკული თვალით, შემაფასეთ. არ მოგწონთ ჩემი შუბლი? - მან გადაიწია წარბებს ზემოთ სიგრძეზე ტალღისებურად ჩამოშლილი შავი თმა და მაღალი, ფართო და ჭკვიანი შუბლი გამოაჩინა, თუმცა მასზე თავაზიანობისა და ლმობიერების ვერავითარ ნიშანს ვერ შენიშნავდით.

- ახლა, ქალბატონო, სულელიც ხომ არ გგონივართ?

- სრულებითაც არა, სერ. თქვენ, ალბათ, უხეშობად ჩამომართმევთ, ამის პასუხად რომ გკითხოთ: თვლით თუ არა თქვენს თავს კაცთმოყვარე ადამიანად?

- აი, ისევ, იმის მაგიერ, რომ რამე სასიამოვნო გეთქვათ, კვლავ მწარე სიტყვებს მეუბნებით. ალბათ, ეს იმიტომ, რომ გითხარით, ბავშვებთან და მოხუცებთან ყოფნა არ მიყვარს-მეთქი (თუმცა, ეს ჩუმად უნდა მეთქვა). არა, ახალგაზრდა ლედი, საერთოდ, კაცთმოყვარე არა ვარ, მაგრამ ადამიანური სინდისი კი გამაჩნია. - აქ მან თავისი შუბლის წინ წამოწეულ ნაწილზე მიმითითა, რომელიც, როგორც ამბობენ, აშკარად მეტყველებს ადამიანებში ასეთი გრძნობის არსებობაზე. საბედნიეროდ, ეს ნიშანი აქ საკმაოდ შესამჩნევი გახლდათ და მის შუბლს უფრო გონიერ გამომეტყველებას მატებდა. - ერთ დროს მეც გამაჩნდა ნაზი გრძნობები, მაგრამ ყოველივე ამას უხეშად ვავლენდი. თქვენს ასაკში საკმაოდ მგრძნობიარე ახალგაზრდა ვიყავი და მებრალებოდა უსუსური, უპატრონო და უბედური ადამიანები. ბედმა მიმუხთლა, ცხოვრებამ თავისი დაღი დამასვა, დამწიხლა და ახლა სიამოვნებას ისღა მანიჭებს, რომ ისეთი ჯიუტი და უდრეკი ვარ, როგორც ინდური კაუჩუკის ბურთი. თუმცა ერთსა და ორ ადგილას ამ გარსის შიგნით შეიძლება შეღწევა და მის შუაგულში მგრძნობიარე წერტილის მიგნება. ასე რომ, შეიძლება, იმედი მქონდეს?

- რის იმედი, სერ?

- რომ, საბოლოოდ, ინდური კაუჩუკიდან ხორცშესხმულ ადამიანად გარდავიქმნები.

"ნამდვილად ზომაზე მეტი ღვინო დაულევია~, - გავიფიქრე და არ ვიცოდი, მის უცნაურ შეკითხვაზე რა მეპასუხა. საიდან ვიცოდი, შეძლებდა თუ არა ის ასეთ გარდაქმნას?

- თქვენ ძალიან შეფიქრიანდით, მის ეარ. ისევე როგორც მე, არც თქვენ ხართ ლამაზი, მაგრამ საგონებელში ჩავარდნა კი ძალიან გშვენით. გარდა ამისა, ეს ჩვენთვის ხელსაყრელია, რადგან მე აღარა ვარ თქვენი დაკვირვების საგანი და გართული ხართ ნოხზე ამოქარგული ყვავილების თვალიერებით. განაგრძეთ ფიქრი, ახალგაზრდა ლედი, ამ საღამოს განწყობილი ვარ სასაუბროდ და მინდა, გულახდილი ვიყო.

ამ სიტყვებით ის სავარძლიდან წამოდგა და ხელით მარმარილოს ბუხრის თავს დაეყრდნო. ამ მდგომარეობაში მისი სხეული ისე ნათლად ჩანდა, როგორც მისი სახე. სხეულის სიმაღლესთან შედარებით, მკერდი საკმაოდ განიერი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ბევრი მას ულამაზო მამაკაცად ჩათვლიდა, მაგრამ მის საქციელში იმდენი ქვეცნობიერი სიამაყე ჩანდა, თავი ისე თავისუფლად ეჭირა, მის გამომეტყველებაში საკუთარი გარეგნობისადმი ისეთ გულგრილობას ამოიკითხავდით, ხოლო თავის სხვა საუკეთესო თვისებათა სიძლიერეში ისე იყო დარწმუნებული და ისეთ ქედმაღლობას ამჟღავნებდა, მისი შემხედვარე ადამიანი უეჭველად გაიზიარებდა მის ასეთ გულგრილობას და ბრმად იწამებდა იმ აზრსაც, რომელშიც თვითონ იყო დარწმუნებული.

- ამ საღამოს სასაუბროდ ვარ განწყობილი და მინდა, გულახდილი ვიყო, - გაიმეორა მან. - ამიტომაც გისმენთ. მარტო ბუხრის ცეცხლი, სანთლების შუქი და პაილოტი, რასაკვირველია, საკმარისი არ იქნებოდა ჩემთვის. მათ ხომ საუბარი არ შეუძლიათ. ადელი მათზე უკეთესია, მაგრამ ამ საქმისთვის არც ის გამოდგება. ასეთივეა მისის ფეიერფექსი. თქვენ კი, დარწმუნებული ვარ, თუ მოინდომებთ, კარგ მოსაუბრედ გამომადგებით. თქვენ მე იმ საღამოსვე ჩამაფიქრეთ, როდესაც პირველად გიხმეთ. მას შემდეგ თითქმის გადამავიწყდით, სხვა ფიქრებით ვიყავი გართული. მაგრამ ახლა გადაწყვეტილი მაქვს, ეს საღამო მშვიდად გავატარო, თავიდან ავირიდო მომაბეზრებელი აზრები და მხოლოდ სიამოვნებაზე ვიფიქრო. ძალიან ნასიამოვნები დავრჩები, თუ საუბარში ჩაგაბამთ და მეტი მეცოდინება თქვენზე. ამიტომაც ილაპარაკეთ.

იმის ნაცვლად, რომ ლაპარაკი დამეწყო, გავიღიმე. ეს არ იყო არც მოწყალე და არც მორჩილების გამომხატველი ღიმილი.

- ილაპარაკეთ! - დაჟინებით მოითხოვდა ის.

- რის შესახებ, სერ?

- რის შესახებაც გსურთ. ორივეს თქვენ მოგანდობთ: საუბრის თემასაც და მის წარმართვასაც.

პასუხად ვიჯექი და ვდუმდი. "თუ ის მოელის, რომ ვესაუბრები მხოლოდ საუბრისათვის და თავის გამოსაჩენად, მალე დარწმუნდება, რომ ტყუილად მომმართა~, - ვფიქრობდი ჩემთვის.

- როგორც ვატყობ, დამუნჯდით, მის ეარ.

კვლავ ვდუმდი. თავი ოდნავ ჩემკენ გადმოხარა და თვალის ერთი გადავლებაც კი საკმარისი აღმოჩნდა, ღრმად ჩამეხედა მის თვალებში.

- ჯიუტობთ? - მითხრა მან. - ნაწყენი ხართ? ეს გასაგებია. თითქმის შეურაცხყოფა მოგაყენეთ, რადგანაც ასე მოგმართეთ. ბოდიშს ვიხდი, მის ეარ. საქმე ის არის, რომ მე ერთხელ და სამუდამოდ გთხოვთ, იცოდეთ, არ მსურს გეპყრობოდეთ, როგორც ჩემზე დაბლა მდგომ ადამიანს. ეს იმას ნიშნავს (შეასწორა მან), მხოლოდ იმ უპირატესობას ვუსვამ ხაზს, რომელსაც ჩვენი ოცი წლის ასაკობრივი სხვაობა და ცხოვრების გამოცდილება მანიჭებს. ეს სწორია, ეტ ჯ"ყ ტიენს, როგორც ადელი იტყოდა. ახლა, მხოლოდ ამ უპირატესობის გამო, გთხოვთ, მოწყალება მოიღოთ და მესაუბროთ. გაფანტეთ ჩემი ფიქრი, რომელსაც ჩემში დაუსადგურებია და ჭიასავით მღრღნის.

მან კეთილი ინება ახსნა-განმარტება მოეცა და თითქმის ბოდიშიც კი მოიხადა. მეც ამ სიტყვებისადმი გულგრილი არ დავრჩენილვარ და არც მინდოდა დამეფარა ეს მისთვის.

- ძალიან მინდა გაგართოთ, თუ შევძელი, სერ, ძალიან მინდა, მაგრამ არ შემიძლია შემოგთავაზოთ საუბრის თემა. ან საიდან უნდა ვიცოდე, რა გაინტერესებთ? შემეკითხეთ და მე კი ყველანაირად ვეცდები, გიპასუხოთ.

- მაშინ, უპირველესად, მითხარით, თანახმა ხართ თუ არა, რომ მომთხოვნი და ხანდახან მკაცრიც ვიყო, ზოგჯერ მეტისმეტადაც, ყველა იმ მიზეზის გამო, რომელსაც დაგისახელებთ: სახელდობრ, იმის გამო, რომ თქვენზე ამდენად უფროსი ვარ, მამად შეგეფერებით, მრავალი ეროვნების ადამიანს შევხვედრივარ და ცხოვრებამ ყველნაირად გამომაწრთო. თითქმის მსოფლიოს ნახევარი შემოვიარე, მაშინ, როდესაც თქვენ მშვიდად ცხოვრობდით ერთსა და იმავე სახლში ერთსა და იმავე ადამიანებთან.

- ისე მოიქეცით, როგორც გესიამოვნებათ, სერ.

- ეს პასუხი არ არის. ასეთი ორაზროვანი პასუხი მეტად გამაღიზიანებელია. მიპასუხეთ უფრო გარკვევით.

- ვფიქრობ, უფლება არ გაქვთ, მიბრძანოთ მხოლოდ იმიტომ, რომ უფროსი ხართ ან იმიტომ, რომ ამქვეყნად მეტი რამ გინახავთ. თქვენი უპირატესობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გამოიყენეთ ეს ცხოვრება და გამოცდილება.

- ჰმ! მოსწრებულად არის ნათქვამი, მაგრამ ვერ დაგეთანხმებით. ამ შემთხვევაში ეს არ გამოდგება. ჩემთვის ყველაფერი სულერთია. არც ჩემს ასაკსა და არც ჩემს გამოცდილებას ჩემთვის კარგი არაფერი მოუტანია. მოდი, თავი დავანებოთ ამ უპირატესობაზე ლაპარაკს, მაგრამ ერთ რამეში უნდა დამეთანხმოთ. ხანდახან უნდა დაემორჩილოთ ჩემს ბრძანებას, ბრძანების ტონმა არც უნდა გაგაჯავროთ და არც უნდა გეწყინოთ. თანახმა ხართ?

გავიღიმე და გავიფიქრე, მისტერ როჩესტერი თავისებური ადამიანია-მეთქი. როგორც ჩანს, ავიწყდება, რომ წელიწადში ოცდაათ გირვანქას მიხდის.

- ასეთი ღიმილი მომწონს, - მითხრა მან და მაშინვე შენიშნა ჩემი სახის გამომეტყველება, - მაგრამ ილაპარაკეთ კიდეც.

- ახლა მე იმაზე ვფიქრობ, სერ, რომ ამქვეყნად ძალიან ცოტანი კითხულობენ და იწუხებენ თავს იმაზე ფიქრით, მათ მიერ დაქირავებულ ხელქვეითთ ხომ არაფერს ვნებს ან რაიმე ზიანს ხომ არ აყენებს მათი ბრძანება.

- დაქირავებული ხელქვეითნი?.. თქვენ ხართ ჩემი დაქირავებული ხელქვეითი? ოჰ, მართლა, სულ გადამავიწყდა, მე ხომ ჯამაგირს გიხდით! მაშ, ასეთი ურთიერთობის გამო ნებას მომცემთ ხანდახან გაგაჯავროთ ხოლმე?

- არა, სერ, ამიტომ არა. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მართლაც დაგავიწყდათ, რომ ფულს მიხდით. თქვენი საზრუნავი და საფიქრალი მხოლოდ ის არის, იცოდეთ, თქვენი ხელქვეითნი კარგად გრძნობენ თავს თუ ცუდად. ამიტომაც გულით გეთანხმებით.

- თანახმა ხართ, გვერდი ავუარო საზოგადოების მიერ დაკანონებულ მრავალნაირ წესსა და მაღალფარდოვან ფრაზებს, მხოლოდ იმ პირობით, თუ ასეთ საქციელს კადნიერებად არ ჩამითვლით?

- დარწმუნებული ვარ, სერ, რომ საზოგადოების მიერ დაკანონებული წესებისა და მაღალფარდოვანი ფრაზების გარეშე საუბარს კადნიერებად არ მივიჩნევ. პირველი მომწონს, მაგრამ მეორეს, თუნდაც ჯამაგირის გულისთვის, ვერ აიტანს დაბადებიდანვე თავისუფლებას ჩვეული ადამიანი.

- სისულელეა! დაბადებიდანვე თავისუფლებას ჩვეულთა უმრავლესობა ფულის გულისთვის, რასაც გინდათ, აიტანს. ამიტომ მხოლოდ თქვენს თავზე ილაპარაკეთ და სხვებზე ნურაფერს იტყვით ისეთს, რაშიც სრულიად გაურკვეველი ხართ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ჩემს კითხვას პირდაპირ არ უპასუხეთ, გონებით მაინც მივესალმები მას. მე მომწონს არა მარტო არსი ამ პასუხისა, არამედ ისიც, თუ როგორ მიპასუხეთ, რადგან თქვენი პასუხი გულახდილი და წრფელი იყო. ადამიანები ყოველთვის ასე არ იქცევიან. პირიქით, ჩვეულებრივ, ფარისევლობით, გულცივობით, სისულელითა და ბრიყვული გაუგებრობით უპასუხებენ ადამიანის გულწრფელობას. სამი ათასი ახალგაზრდა, გამოუცდელი აღმზრდელი ქალიდან სამიც კი არ აღმოჩნდებოდა, რომელიც ისე მიპასუხებდა, როგორც თქვენ მიპასუხეთ. არ იფიქროთ ვმლიქვნელობდე, მაგრამ, თუ თქვენ უმრავლესობისგან განსხვავებული ხართ, ეს თქვენი დამსახურება არ არის, ბუნებამ გაგაჩინათ ასეთი. და მერე, მე ძალიან ვჩქარობ, როდესაც ასეთი დასკვნები გამომაქვს. ჯერჯერობით რაც მე თქვენ შესახებ ვიცი, ნებას არ მაძლევს, სხვებზე უკეთესად წარმოგიდგინოთ. შესაძლებელია, საუკეთესო თვისებებთან ერთად რამე აუტანელი ნაკლიც გქონდეთ.

"შესაძლებელია, თქვენც ასეთივე იყოთ", - გავიფიქრე ჩემთვის. როგორც კი ამ აზრმა გამიელვა, ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. ჩანდა, მან წაიკითხა ჩემი ფიქრები და ისე მიპასუხა, თითქოს ჩემი აზრი ხმამაღლა გამომეთქვას.

- დიახ, დიახ, თქვენ მართალი ხართ, - თქვა მან. - მეც უამრავი ნაკლი მაქვს. მე ეს ვიცი და გარწმუნებთ, არც ვცდილობ მათ დაფარვას. ღმერთმა იცის, არ მჭირდება მეტისმეტი სიმკაცრის გამოჩენა სხვების მიმართ. წარსულში მეც ბევრი რამ ჩამიდენია. როდესაც გონების თვალით გადავხედავ, ვგრძნობ, მთელი ჩემი ცხოვრება ისეთია, რომ დაცინვაცა და გაკიცხვაც, რომელთაც მე ჩემ გარშემო მყოფ ადამიანთათვის არ დავიშურებდი, შესაძლებელია, ჩემ მიმართ უფრო სამართლიანი ყოფილიყო. ოცდაერთი წლის ასაკში მცდარ გზას დავადექი. უფრო სწორად რომ ვთქვათ, დამაყენეს ამ გზაზე (როგორც ყველა გზასაცდენილ ადამიანს, მეც მსურს, ჩემი დანაშაულის ნახევარი მუხთალ ბედსა და ცხოვრების არახელსაყრელ პირობებს გადავაბრალო). ამის შემდეგ ცხოვრების სწორ გზას ჯერ კიდევ არ დავბრუნებივარ. შესაძლებელია, სრულიად სხვა ადამიანი ვყოფილიყავი. შესაძლებელია, ისეთივე კარგი, როგორიც თქვენ ხართ ახლა, უფრო ჭკვიანი და თითქმის თქვენსავით უმწიკვლო. მშურს თქვენი სიმშვიდე. ეს სუფთა და შეუბღალავი მოგონებანი რა ძვირფასი განძი უნდა იყოს? ის ადამიანის სასიცოცხლო ძალის უშრეტი წყაროა. ასე არ არის?

- როგორია თქვენი მოგონებანი, როდესაც თვრამეტი წლისა იყავით, სერ?

- მაშინ ყველაფერი რიგზე იყო. მაშინდელი მოგონებანი წმინდა და შეუბღალავია. ვერავითარი ნიაღვარი ანკარა წყაროს ამყაყებულ გუბედ ვერ გადააქცევს. თვრამეტი წლის ასაკში მეც თქვენნაირი ვიყავი. ბუნებამ კარგ ადამიანად დამბადა. მე ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც ღირსეულთა შორის პირველნი არიან. როგორც ხედავთ, ახლა ასეთი არა ვარ. ალბათ, მეტყვით, ვერ ვხედავო, მაგრამ თავს ვიიმედებ, რადგან ამას თქვენს თვალებში ვკითხულობ. სხვათა შორის, გაფრთხილდით, თქვენს თვალებში ნათლად ჩანს და მე ძალიან სწრაფად ვხვდები, რასაც ფიქრობთ. ერწმუნეთ ჩემს სიტყვას, არამზადა არა ვარ. თქვენ არც უნდა იფიქროთ ეს და არც ასეთი რამ მომაწეროთ. ღრმად მწამს, რომ მხოლოდ გარემო პირობების - და არა საკუთარი ბუნებრივი თვისებების - გამო ვარ სრულიად ჩვეულებრივი ცოდვილი, ჩაბმული ყველა იმ ფუქსავატურ გართობაში, რომლითაც მდიდარი და უმაქნისი ადამიანები თავიანთი ცხოვრების შელამაზებას ცდილობენ. ალბათ, გაოცებთ ჩემი აღსარება. მაგრამ, იცოდეთ, მომავალში, თქვენდა უნებურად, ხშირად გაიგებთ თქვენს ნაცნობ ადამიანთა საიდუმლოებას. ისე, როგორც მე, ადამიანები ალღოთი იგრძნობენ, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკი კი არ გჩვევიათ, არამედ შეგიძლიათ უსმინოთ სხვების საუბარს. ისინი იმასაც იგრძნობენ, რომ მათ ქედმაღლურ საუბარს მტრულად და დამცინავად კი არ უსმენთ, არამედ თითქმის თანაუგრძნობთ კიდეც. ამით თქვენ ამხნევებთ და ამშვიდებთ მათ, რაც მეტად აუცილებელია აღსარების დროს.

- საიდან იცით, როგორ გაიგეთ ყოველივე ეს, სერ?

- ეს მე კარგად ვიცი; ამიტომაც ყოველთვის ისე თავისუფლად ვამბობ, თითქოს დღიურში ვწერდე ჩემს საკუთარ ფიქრებს. თქვენ, ალბათ, მეტყოდით, რომ მე უნდა ავმაღლებულიყავი გარემოსთან შედარებით. დიახ, ასე უნდა მოვქცეულიყავი, სწორედ ასე. მაგრამ, როგორც ხედავთ, ასე არ მოხდა და, როდესაც ბედმა მიმუხთლა, იმდენი სიბრძნეც კი ვერ გამოვიჩინე, რომ გულგრილი დავრჩენილიყავი. სასოწარკვეთილებამ შემიპყრო. აი, სწორედ აქედან იწყება ჩემი გადაგვარება და ახლა, როდესაც რომელიმე ზნეობას მოკლებული დოყლაპია თავისი უბადრუკი საქციელით ზიზღს იწვევს ჩემში, არ შემიძლია თავი იმით ვინუგეშო, რომ მასზე უკეთესი ვარ. იძულებული ვარ, ჩემს თავს გამოვუტყდე, რომ ორივე ერთნაირი ვართ და მისგან არაფრით განვსხვავდები. ოჰ, როგორ მსურდა, რომ ძლიერი ვყოფილიყავი! ღმერთმა იცის, როგორ ვნანობ. გეშინოდეთ სინდისის ქენჯნისა. თუ ცდუნება დაგძლევთ და შეცდომას ჩაიდენთ, მის ეარ, სინდისის ქენჯნა ცხოვრებას მოგიწამლავთ.

- ამბობენ, მონანიება არისო მკურნალი, სერ.

- არა, ეს არ არის მისი მკურნალი. ადამიანი მთლად უნდა გარდაიქმნას. მე ეს შემიძლია, ძალაც შემწევს, თუკი... მაგრამ რა აზრი აქვს ამაზე ფიქრს ისეთი გზასაცდენილი, ცოდვებით დამძიმებული და დაწყევლილი ადამიანისთვის, როგორიც მე ვარ. მას შემდეგ, რაც ბედნიერებამ ზურგი მაქცია, უფლება მაქვს ვეძიო სიამოვნება ამ ცხოვრებაში. მსურს ის და მივიღებ კიდეც, რადაც უნდა დამიჯდეს.

- ეს თქვენ კიდევ უფრო მეტად გადაგაგვარებთ, სერ.

- შესაძლებელია, მაგრამ რისი გულისთვის უნდა უარვყო, თუკი შემეძლება ცხოვრებისგან მივიღო ტკბილი და ახალ-ახალი განცდები? და მივიღებ კიდეც. ეს ისეთივე საამო და ხელშეუხებელი იქნება, როგორიც გარეული თაფლი, რომელსაც ფუტკრები აგროვებენ ხოლმე მანანებიდან.

- ფუტკარი ნესტარს ჩაგასობთ, გარეულ თაფლს კი მწარე გემო აქვს.

- საიდან იცით? თქვენ ხომ არასოდეს გიგემიათ. როგორი სერიოზული და დაფიქრებული ჩანხართ. თქვენ ისევე ვერ ერკვევით ამ საქმეში, როგორც აი, ეს კამეა, - და ამ სიტყვებით მან ის ბუხრიდან აიღო. - თქვენ უფლება არ გაქვთ, ჭკუა მასწავლოთ, თქვენ ხომ ახლა იწყებთ ცხოვრებას. ჯერ ნაბიჯიც კი არ გადაგიდგამთ ამ გზაზე და სრულიად არ იცნობთ მის საიდუმლოებას.

- მე მხოლოდ თქვენს საკუთარ სიტყვებს მოგაგონებთ, სერ. თქვენ თქვით, შეცდომას სინდისის ქენჯნა მოჰყვებაო, და, ამასთანავე, დასძინეთ, ის ადამიანს ცხოვრებას უწამლავსო.

- ვინ ლაპარაკობს შეცდომებზე ახლა? სრულებითაც არ ვფიქრობ, რომ აზრი, რომელმაც თავში გამიელვა, შეცდომა იყო. დარწმუნებული ვარ, ეს უფრო ზეშთაგონება იყო, ვიდრე ცდუნება, ამასთანავე, ძალიან საამო და სიმშვიდის მომგვრელი. ეს კარგად ვიცი, აი, ისიც. კვლავ გარწმუნებთ, ეს ეშმაკი არ არის. ის რომ ეშმაკი ყოფილიყო, მაშინ სინათლის ანგელოზის სამოსელში გაეხვეოდა. ვფიქრობ, ამ მშვენიერ სტუმარს ადგილი უნდა დავუთმო ჩემს გულში, თუკი იქ დავანებას მომთხოვს.

- ნუ ენდობით მას, სერ. ის ნამდვილი ანგელოზი არ არის.

- ერთხელ კიდევ გეკითხებით, საიდან იცით ეს ყოველივე? რით ასხვავებთ უფსკრულში მყოფი სერაფიმის სამარადისო სასუფეველს მაცნესგან, ნამდვილ მეგზურს - მაცდუნებლისგან?

- ეს თქვენი სახის გამომეტყველებით შევიტყვე, სერ. ძალიან წუხდით, როდესაც ეს აზრი კვლავ დაგებადათ თავში. დარწმუნებული ვარ, თუ თქვენ მას მოუსმენთ, ის მეტ უბედურებას მოგახვევთ თავს.

- სრულებითაც არა. ამქვეყნად ის ყველაზე კარგი ამბების მაუწყებელია. ხოლო, რაც შეეხება დანარჩენს, თქვენ ჩემი სინდისის დამცველი არ ხართ. ამიტომ თავს ნუ შეიწუხებთ. ახლა კი მომიახლოვდით, მშვენიერო მოგზაურო!

მან ისე წარმოთქვა ეს სიტყვები, თითქოს ყველა თვალისთვის უჩინარ, მხოლოდ მისი თვალისთვის ხილულ მოჩვენებას ესაუბრებოდა. შემდეგ წინ გამოწვდილი ხელები გულთან მიიტანა, თითქოს ამ უხილავ არსებას გულში იკრავდა.

- ახლა, - განაგრძო მან და კვლავ მე მომმართა, - მივიღე ჩემი მოგზაური და ვიცი, ის შენიღბული ღვთაებაა. ნამდვილად მჯერა, მან სიკეთე უკვე მომიტანა. ჩემი გული აქამდე საფლავად იყო ქცეული, ახლა კი წმინდა ადგილად იქცა.

- მართალი გითხრათ, სერ, მე თქვენ სრულებით ვერ გაგიგეთ. აღარ შემიძლია განვაგრძო თქვენთან საუბარი, რადგან ძნელია თქვენი გაგება. მხოლოდ ერთი რამ ვიცი, თქვენ თვითონ თქვით, რომ არა ხართ ისეთი კარგი ადამიანი, როგორიც გსურდათ, ყოფილიყავით, და ამ ნაკლის გამო დიდ სინანულსაც განიცდით. გარდა ამისა, თქვენ ისიც აღნიშნეთ, რომ შებღალული სინდისი და მისი მოგონება ადამიანს გამუდმებით უწამლავს ცხოვრებასო. ვფიქრობ, თუ გულმოდგინედ შეეცდებით, დროთა განმავლობაში შესაძლებელი გახდება გარდაიქმნათ ისეთ ადამიანად, როგორიც გსურდათ ყოფილიყავით. თუ თქვენ დღეიდანვე დაიწყებთ სრულიად ახლებურად აზროვნებას და საქმიანობასაც შეიცვლით, რამდენიმე წლის შემდეგ თქვენც გექნებათ უამრავი ახალი და უბიწო მოგონებანი, რომელთა გახსენება სიამოვნებას მოგანიჭებთ.

- სწორი აზრია. კარგად არის ნათქვამი, მის ეარ. ამიერიდან კეთილი სურვილებით ვთრგუნავ ჯოჯოხეთს.

- სერ?

- ჩემში კეთილმა სურვილებმა უფრო მეტად იჩინა თავი. მწამს, ისინი კაჟივით გამძლეა. ამიერიდან ადამიანთა მიმართ ჩემი დამოკიდებულებაცა და საქმიანობაც სრულიად სხვა იქნება, ვიდრე აქამდე იყო.

- და უკეთესიც?

- და უკეთესიც, იმდენად უკეთესი, რამდენადაც წმინდა ლითონი ბინძურ ხენჯთან შედარებით. როგორც ჩანს, ჩემში ეჭვი გეპარებათ. თავად მე კი არას ვეჭვობ. ვიცი, რა მიზანიცა მაქვს და რაც მამოძრავებს. კანონი, რომლითაც ამიერიდან უნდა ვიხელმძღვანელო, მიდიელთა და ირანელთა კანონივით მტკიცე და უცვლელია, და ორივე ეს კი სწორია.

- ეს შეუძლებელია, სერ, თუ მათ განსახორციელებლად კიდევ ახალი კანონია საჭირო.

- ეს ასეა, მის ეარ, თუმცა ისინი სრულიად ახალ კანონს მოითხოვენ. უჩვეულო გარემოებები უჩვეულო კანონებს მოითხოვენ.

- ეს აფორიზმი მეტისმეტად საშიშად ჟღერს, სერ. ყველას შეუძლია მისი ბოროტად გამოყენება.

- ჭკუის სასწავლებელი სიბრძნეა! სწორედ ასეა. მაგრამ ვფიცავ ჩემი ოჯახის მფარველ ყველა წმინდა ანგელოზს, ბოროტად არ გამოვიყენებ ამას.

- თქვენ ადამიანი ხართ და ამის გამო ცოდვილიც.

- დიახ, ვარ. ასევე, თქვენც - მაგრამ რა?

- ადამიანები და ცოდვილნი არ უნდა მიისწრაფოდნენ ისეთი ძალისკენ, რომელიც მხოლოდ ღვთიურთა და უცოდველთ აქვთ მინიჭებული.

- რა ძალა?

- როგორც ამბობენ, ეს არის ადამიანებისთვის რაღაც უცნობი, ჯერ კიდევ დაუკანონებელი სამოქმედო გზა. დაე, ის ჭეშმარიტება იყოს.

- დაე, ჭეშმარიტება იყოს! სწორედ ასეა და თქვენ თქვით ეს!

- შესაძლებელია, ეს მართალიც იყოს, - ვთქვი და წამოვდექი.

ჩემი აზრით, ასეთი გაურკვეველი საუბრის გაგრძელება უსარგებლო იყო. ამასთანავე, ვიგრძენი, რომ ჩემი მოსაუბრის ფიქრებს ვერ ჩავწვდებოდი - განსაკუთრებით, ახლა; ვგრძნობდი რა ამ გაურკვევლობას, ბუნდოვან შიშსაც განვიცდიდი, რაც თან სდევს ხოლმე უცოდინარობას.

- სად მიდიხართ?

- ადელის დასაძინებლად. უკვე დიდი ხანია მისი ძილის დროა.

- თქვენ ჩემი გეშინიათ, ალბათ, იმიტომ, რომ სფინქსივით ვლაპარაკობ.

- თქვენი საუბარი ძალიან ძნელი გასაგებია ჩემთვის და, თუმცა გაოცებული ვარ, რა თქმა უნდა, შიშით მაინც არ მეშინია.

- თქვენ გეშინიათ თავმოყვარეობის გამო, ფრთხილობთ, სულელური შეცდომა არ დაუშვათ.

- ამ მხრივ მართლაც მეშინია, არავითარი სურვილი არ მაქვს, სისულელე გელაპარაკოთ.

- ასეც რომ ყოფილიყო, თქვენ ყოველივეს ისე მშვიდად და სერიოზულად იტყოდით, რომ მე მათ მაინც ჭკვიანურ აზრებად მივიჩნევდი. ნუთუ არასოდეს იცინით, მის ეარ. თავს ნუ შეიწუხებთ პასუხის გასაცემად. ვხედავ, იშვიათად იცინით. მაგრამ ვამჩნევ, ძალიან მხიარული სიცილიც შეგიძლიათ. მერწმუნეთ, ბუნებით თქვენ ისევე არა ხართ მკაცრი, როგორც მე - ბიწიერი. ლოვუდი გაიძულებთ, ჯერ კიდევ მისი გავლენის ქვეშ იყოთ. ამ გავლენის წყალობითაა სწორედ, რომ თვალყურს ადევნებთ საკუთარი სახის გამომეტყველებას, მეტად ხმადაბლა ლაპარაკობთ და თავს თავისუფლად ვერ გრძნობთ. მამაკაცის თანდასწრებით კი, სულერთია, ის ძმა არის, მამა თუ პატრონი, ან, რაც გსურთ, ის უწოდეთ მას, გეშინიათ გაიღიმოთ, ილაპარაკოთ მხიარულად, თავისუფლად და იმოძრაოთ სწრაფად. ვფიქრობ, დროთა განმავლობაში თქვენ მიეჩვევით სრულიად ბუნებრივად მოიქცეთ ჩემთან, რადგან სხვანაირად შეუძლებელი იქნება. მეც მინდა ასევე ბუნებრივი ვიყო თქვენ მიმართ. მაშინ როგორც თქვენი გამოხედვა, ისე მოძრაობაც სულ სხვანაირი იქნება და მეტი სიხალისე მოგემატებათ, ვიდრე ახლა ამჟღავნებთ. ხანგამოშვებით მე საგულდაგულოდ ჩაკეტილ გალიაში მოთავსებული ცნობისმოყვარე ფრინველის გამომეტყველებას ვხედავ თქვენს თვალებში. ის სიცოცხლით სავსე, მოუსვენარი და გაბედული ტყვეა. თავისუფალი რომ იყოს, ღრუბლებს ზემოთ ინავარდებდა. თქვენ კვლავ ფიქრობთ წასვლას?

- საათმა უკვე ცხრაჯერ დარეკა, სერ.

- არაფერია, კიდევ ერთი წუთი მოითმინეთ. ადელი დასაძინებლად ჯერ მზად არ არის. ცეცხლისკენ ზურგშექცეული, სახით თქვენკენ, კარგად ვდგავარ, რომ თვალყური ვადევნო. თქვენთან საუბრისას, დროდადრო ადელსაც ვუყურებდი (რასაკვირველია, მიზეზიც მაქვს ასეთი ფიქრისა და დაკვირვების საგნად ვაქციო ეს ბავშვი). ეს ამბავი, შესაძლებელია, ოდესმე თქვენც გაგიზიაროთ. დაახლოებით ათი წუთის წინ მან თავისი ყუთიდან ვარდისფერი აბრეშუმის კაბა ამოიღო. როდესაც კაბა გაშალა, სახე გაუბრწყინდა. კოპწიაობა შთამომავლობით გადმოეცა, ის გონებას ურევს და ძვალ-რბილში აქვს გამჯდარი. JIl faut que je l’essaie!! - წამოიძახა მან, - et á l’instant même, და ოთახიდან გაიქცა. ახლა ის სოფისთან არის და იცვამს, რამდენიმე წუთში კვლავ შემოვა და ვიცი, ვისაც ვიხილავთ: პატარა სელინ ვარენსს, როგორც ის გამოჩნდებოდა ხოლმე სცენაზე, ფარდის ახდის შემდეგ. მაგრამ ეს არაფერია. ყოველ შემთხვევაში, ჩემი უნაზესი გრძნობები ამ ელდასაც გაუძლებს. ასეთია ჩემი წინათგრძნობა. დარჩით და ნახეთ, ასრულდება თუ არა, რაც გითხარით.

მალე ადელის პაწაწინა ფეხის ჩქარი ნაბიჯების ხმაც გაისმა დერეფანში. ის შემოვიდა ახალი ტანსაცმლისგან მთლად გამოცვლილი, როგორც მისმა მეურვემ იწინასწარმეტყველა. ყავისფერი კაბის მაგიერ ატლასის, ძალიან მოკლე, წელს ქვემოთ ნაოჭებიანი, ვარდისფერი კაბა ეცვა. შუბლს კოკორი ვარდების გვირგვინი უმშვენებდა. ფეხთ აბრეშუმის მაღალყელიანი წინდები და პაწაწინა თეთრი ატლასის ფეხსაცმელი ეცვა.

-Est-ce que ma robe va bien? - წამოიძახა მან და ჩვენკენ წამოვიდა. -et mes souliers? et mes bas? Tenez, je crois que je vais danser

კაბა გაშალა და ცეკვა დაიწყო ოთახში, ასე ცეკვით მოუახლოვდა მისტერ როჩესტერს, ფეხის წვერებზე მსუბუქად შემოტრიალდა, ერთ მუხლზე დაიჩოქა და წამოიძახა:

- Monsieur, je vous remercie mille fois de votre bonte,, - შემდეგ წამოდგა და დაუმატა: -C’est comme cela que maman faisait, n’est-ce pas, monsieur?

- სწორედ! - გაისმა პასუხად. - და "ცომმე ცელა" ადვილად ახერხებდა ინგლისური ოქროს ამოცლას ჩემი ბრიტანული შარვლის ჯიბიდან. მეც სრულიად გამოუცდელი ყმაწვილი ვიყავი, მის ეარ. დიახ, ბალღივით გამოუცდელი. სწორედ ისეთივე, როგორიც ახლა თქვენ ხართ, აი, ამ წუთში. ასეა თუ ისე, ჩემი გაზაფხული დამთავრდა, მაგრამ მან ხელში შემატოვა, აი, ეს ფრანგული ყვავილი. ზოგჯერ ისეთ გუნებაზე ვარ, რომ სიამოვნებით მოვიშორებდი მას თავიდან. მე აღარაფრად მიმაჩნია ის ფესვი, რომელზედაც ის აღმოცენდა. კარგად ვიცი, რომ ისიც იმ მოდგმას ეკუთვნის, რომელთაც, ოქროს გარდა, ვერაფერი აკმაყოფილებთ. ეს კი ამ ყვავილის სიყვარულს მინახევრებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ისეთი ხელოვნურია, როგორიც, აი, ახლა. მე ვინახავ და ვზრდი მას, რადგან რომაული კათოლიკური პრინციპი აღიარებს, რომ ერთ კეთილ საქმეს შეუძლია გამოისყიდოს მრავალი ცოდვა, როგორც დიდი, ისე პატარა. ოდესმე ყველაფერს აგიხსნით, ახლა კი ღამე მშვიდობისა.

თავი მეთხუთმეტე

მალე მისტერ როჩესტერმა მართლაც მიამბო ყველაფერი. ერთხელ, ნაშუადღევს, შემთხვევით შეგვხვდა მე და ადელს ბაღში; ვიდრე ადელი პაილოტს ეთამაშებოდა და ვოლანით ერთობოდა, მან მთხოვა, წიფლის გრძელ ხეივანში გაგვესეირნა და თან ადელისთვისაც თვალყური გვედევნებინა.

სწორედ იმ დღეს მიამბო, რომ ადელი ფრანგი მოცეკვავე ქალის სელინ ვარენსის ქალიშვილი იყო, რომელიც მას ოდესღაც იმ გრძნობით უყვარდა, გრანდე პასსიონ-ს რომ უწოდებდა თვითონ. ამ სიყვარულს სელინა თითქოს უფრო დიდი სიყვარულით პასუხობდა. მისტერ როჩესტერის ფიქრით, სელინა მას აღმერთებდა კიდეც, თუმცა ლამაზი არ იყო და მას მისი ტაილლე დ"ატჰლèტე უფრო ხიბლავდა, ვიდრე აპოლონ ბელვედერელის მოხდენილობა.

- და იცით, მის ეარ, იმდენად მოვიხიბლე იმით, რომ გალიელი სილფიდა ამ ინგლისელ გნომს ყველა მამაკაცის წინაშე უპირატესობას მანიჭებდა, რომ მაშინვე სასტუმროში დავაბინავე, ვანებივრე მოსამსახურეებით, ეკიპაჟით, შალის ქსოვილებით, ბრილიანტებით, მაქმანებითა და ა.შ. ერთი სიტყვით, როგორც ყოველმა ბრმად შეყვარებულმა ადამიანმა, დავიწყე ჩემი ქონების განიავება. როგორც ჩანს, ვერ შევძელი სირცხვილისა და განადგურებისკენ სხვა, ახალი გზა ამომერჩია; სულელური ერთგულებით მივყვებოდი ძველ ბილიკს და ერთი გოჯითაც არ გადამიხვევია ამ გატკეპნილი გზიდან. ამიტომ, სრულიად დამსახურებულად, მეც სხვა ბრმად შეყვარებულ დოყლაპიათა ბედი მეწვია. ერთ საღამოს, როდესაც სელინა არ მელოდა, მასთან მივედი. შინ არ დამხვდა. თბილი საღამო იყო. პარიზის ქუჩებში ხეტიალით დაღლილი, შევედი მის ბუდუარში და გადავწყვიტე, იქ დავლოდებოდი. ვიგრძენი, ახლახან წასულიყო სახლიდან. მისი ყოფნით განწმენდილ ჰაერს ვისუნთქავდი და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. არ ვაზვიადებ. არც მიფიქრია, რომ სელინას ოდესმე ჰქონოდა განწმენდის ღვთიური ნიჭი. ოთახში უფრო თამბაქოს, მუშკისა და ამბრის სუნი იდგა, ვიდრე წმინდა საკმევლისა. ამას თან სათბურის ყვავილების სურნელი ერთვოდა და სული მეხუთებოდა. გადავწყვიტე, მინის კარი გამეღო და აივანზე გავსულიყავი. მთვარის შუქი იყო და ქუჩის ფარნებისაც. ირგვლივ სიმშვიდე და სიმყუდროვე იყო. აივანზე რამდენიმე სავარძელი იდგა. ერთ-ერთში ჩავჯექი და სიგარა ამოვიღე...

ახლაც მოვწევ, თუ ნებას მომცემთ.

ჩამოვარდა სიჩუმე. მან სიგარა ამოიღო, მოუკიდა და გააბოლა. სუსხიან უმზეო ჰაერში ჰავანური სიგარის ნაფაზი რგოლებად ამოუშვა და განაგრძო:

- მაშინ, მის ეარ, კანფეტებიც მიყვარდა. ხრამუნით შევექცეოდი (მაპატიეთ ბარბარიზმი), დიახ, ხრამუნით შევექცეოდი კანფეტებს, თან ვაბოლებდი, დროგამოშვებით კი ვათვალიერებდი ეკიპაჟებს, რომლებიც მდიდრულ ქუჩებში მისრიალებდნენ იქვე ახლოს, ოპერისკენ. ამ დროს გამოჩნდა კოხტა კარეტა ორი მშვენიერი ინგლისური ცხენით. გაჩირაღდნებულ ქუჩაში გარკვევით დავინახე და ვიცანი ვოიტურე (კარეტა), რომელიც სელინას ვაჩუქე. სელინა შინ ბრუნდებოდა. რასაკვირველია, ჩემს გულს ბაგაბუგი გაჰქონდა რკინის მოაჯირზე, რომელსაც ვეყრდნობოდი. როგორც ვვარაუდობდი, კარეტა, მართლაც, სასტუმროს კართან გაჩერდა; ჩემი ცეცხლის წამკიდებელი (რადგან მხოლოდ ეს სახელი თუ შეეფერება ოპერის მოცეკვავე მიჯნურს) მსუბუქად გადმოხტა კარეტიდან. ივნისის თბილი საღამო იყო, მაგრამ მას მაინც მოსასხამი ეხურა. მყის ვიცანი პატარა ფეხი, რომელიც ეტლიდან ჩამოსვლისას კაბის ბოლოდან გამოუჩნდა. აივნიდან გადავიხარე და შეყვარებულის იდუმალი ხმით ის იყო უნდა დამცდენოდა მონ ანგე, რომ კარეტიდან სელინას ვიღაც გადმოჰყვა, ისიც მოსასხამში, მაგრამ ამჯერად დეზების წკარუნი ქვაფენილზე გაისმა და სასტუმროს პორტე-ცოცჰèრე-ს თაღებქვეშ მამაკაცის ცილინდრმა გაიელვა.

- თქვენ, ალბათ, არასოდეს გამოგიცდიათ ეჭვიანობის გრძნობა, არა, მის ეარ? რასაკვირველია, არა. არც უნდა მეკითხა, რადგან არავინ გყვარებიათ. მოგიწევთ ორივე ამ გრძნობის გამოცდა. თქვენი სული ჯერ მიძინებულია. საჭიროა ბიძგი და გამოიღვიძებს. თქვენ გგონიათ, რომ თქვენი ცხოვრების დინება ისევე წყნარი და აუმღვრეველი იქნება, როგორც ბავშვობაში? გაჰყვებით ამ დინებას თვალდახუჭული, სმენადახშული; ვერც დინების დასაწყისში აღმართულ მრისხანე კლდეებს შენიშნავთ და ვერც ამ კლდეების გარშემო აბობოქრებული და აქაფებული ტალღების ხმაური მოგწვდებათ. მაგრამ მე გეუბნებით და დაიხსომეთ ჩემი სიტყვები: ოდესმე თქვენ მიადგებით კლდოვან გასასვლელს, სადაც თქვენი ცხოვრების ნაკადული აბობოქრებულ, აღელვებულ, ქაფმორეულ და მგრგვინავ მორევად გადაიქცევა. მაშინ ან მთლად დაიმსხვრევით ამ კლდის წვეტიან ლოდებზე, ან რომელიმე მხსნელი ტალღა აგიტაცებთ და ჩემსავით წაგიყვანთ უფრო წყნარი დინებისკენ. მე მიყვარს ეს დღე; მიყვარს ეს ტყვიისფერი ცა; ყინვისგან დადუმებული და გათოშილი არემარე; მიყვარს თორნფილდი; მისი წელთა სიმრავლე; სიმარტოვე; ყვავის ბუდეებით სავსე მისი ხეები და ეკლით დაფარული ბუჩქნარი; მისი ნაცრისფერი ხედი; წყვდიადით მოცულ ფანჯრებში არეკლილი ტყვიისფერი ცა და, მიუხედავად ამისა, რამდენი ხანია მისი გახსენებაც კი მზარავს. გავურბი, როგორც კეთროვან სახლს, გავურბი დღემდე.

მან კბილები გააღრჭიალა და გაჩუმდა. გაჩერდა და ფეხი ყინვისგან გაქვავებულ მიწას დაჰკრა. როგორც ჩანს, მისთვის რაღაც საძულველმა ფიქრმა გამსჭვალა და ისე შეიპყრო, რომ ნაბიჯის გადადგმაც კი ვეღარ შეძლო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში