მთავარი როლი (ნაწილი XIII) - გზაპრესი

მთავარი როლი (ნაწილი XIII)

დასმულმა შეკითხვამ აშკარად შეაცბუნა ბიბი. ალბათ გაიფიქრა, რა დროს ამის კითხვა იყო, რაღა ახლა გადავარდა წარსულის მოგონებებშიო. პაუზა იმდენ ხანს გაიწელა, როგორც ჩანს, მოუწია მისაღები პასუხის უცებ `გამოცხობამ~.

- იმიტომ, რომ მე ერთი სულელი, საზიზღარი ბიჭი ვიყავი.

- სიმართლე მითხარი. გგონია, ამ ზღაპრების მჯერა? - მის ანკესზე არ წამოვეგე და ღიმილითაც ვაგრძნობინე.

მიხვდა, რომ უკან დახევას არ ვაპირებდი. ლეპტოპი დახურა და ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა.

- სიმართლე გითხრა? კარგი, ასე იყოს... შენი მეშინოდა.

- რა-ა? - გაოცებისგან ყბა ჩამომივარდა.

- არ გჯერა? სახლში ისეთი იყავი... რაღაცნაირად საყვარელი, რბილი, თბილი. სკოლაში კიდევ, სუპერჭკვიანის გამოხედვით დადიოდი, ცხვირი სულ წიგნში გქონდა ჩარგული, მე კი, გიჟსა და გადარეულს, სულაც არ მინდოდა, გამოგლაპარაკებოდი და შენგან მწარე-მწარე რაღაცები მომესმინა. მახსოვს, რამდენი გაგიწბილებია ეგრე.

გამეცინა. მართალს ამბობდა, სწორედ ასე ვიქცეოდი. ყველას ვამწარებდი ჩემი მათრახივით მოქნეული ენით და თავიდან ვიშორებდი აბეზარებს.

- შენთან ამას არასდროს გავაკეთებდი, - ხმადაბლა ვთქვი და სითბოს გამოსახატავად, ხელზე ხელი დავადე, ამ ჟესტით თან დავამშვიდე, ასე არ მოგექცეოდი-მეთქი.

ვიგრძენი, როგორ დაიძაბა, მგონი, `გაუტყდა~, რომ მისი დამშვიდება ვცადე. თითები შეარხია. მომეჩვენა, თითქოს თავი შეიკავა, თითებზე არ მომფერებოდა.

- მე საკუთარ თავზე შეყვარებული ეგოისტი ვიყავი, ამას შენთან კავშირი არ ჰქონდა. შენ მკითხე, მე გიპასუხე. თუ ჩემი პასუხი მისაღებია, აჯობებს, სამუშაოს მივუბრუნდეთ.

მივხვდი, ზედმეტად თბილ ატმოსფეროში სიტუაციიდან ამოვარდნილად გრძნობდა თავს. აშკარად მიუჩვეველი იყო ოჯახურ სიმყუდროვეს.

სწრაფად გამოვწიე ხელი და მხოლოდ ერთი სიტყვა ვუთხარი:

- კარგი.

მაწყენინა. მე თანაგრძნობა გამოვხატე, მან კი თავიდან მომიშორა იმის შიშით, რომ კვლავ არ ჩამეხედა მის სულში, უფრო ახლოს არ მივსულიყავი მასთან. არადა, სხვა დროს ალბათ კმაყოფილიც კი დარჩებოდა ჩემი ქცევით. ვახშმობისას ისეთ მზერებს ვესროდი, სინაზით სავსეს, უკანასკნელი რეგვენიც კი მიხვდებოდა, რა მინდოდა. მან კი ვაჟკაცურად ბოლომდე გაუძლო ცდუნებას. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ მისთვის კარიერისტული მიზანი ბევრად მეტს ნიშნავდა, ვიდრე ჩემთან სიახლოვე.

ყბები მოკუმა და რამდენჯერმე დააღო პირი რაღაცის სათქმელად. რას გამომაპარებდა! უნდოდა, როგორმე რბილად აეხსნა თავისი რეაქცია.

- ელენე, მაპატიე... - პირველად მომმართა სრული სახელით.

- შენ არაფერ შუაში ხარ, ბიბი, ყველაფერი ჩემი ბრალია. რამ მომაფიქრა ეს დებილობა! ისე განვითარდა მოვლენები, ვიფიქრე, ჩვენ შორის რაღაც ღრმა ურთიერთობის წინა პირობა გაჩნდა-მეთქი. მეგონა, ეს მეტი იყო, ვიდრე საქმიანი გარიგება. როგორც ჩანს, შევცდი.

- არა, ეს არაფერ შუაშია.

მკაცრად და მომთხოვნი მზერით გავხედე. ვერ მივხვდი, რატომ მეთამაშებოდა კატათაგვობანას.

დამნაშავის მზერით შემომხედა, თან საჭირო სიტყვებს ეძებდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.

- არ არის საჭირო, ტყუილად ნუ წვალობ პასუხის გაცემას, - `წავეხმარე~, - ყველაფერი ისედაც გასაგებია. შენთვის ეს, არც მეტი, არც ნაკლები, მხოლოდ ორივესთვის სარგებლიანი გარიგებაა, ხოლო სხვა დანარჩენი - მხოლოდ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი. ნუ ნერვიულობ, მეტად აღარ გავიმეორებ ასეთ შეცდომას.

მან მოულოდნელად მოხვეტა თავისი საბუთები, ლეპტოპი გამორთო, იღლიაში ამოიჩარა და წამოდგა.

- ჩემი წასვლის დროა, დიდი მადლობა ვახშმისთვის, - ნაჩქარევად წარმოთქვა და მხარზე ხელი დამადო, - მინდოდა, ყველაფერი სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ...

კარამდე მივაცილე და როცა დამემშვიდობა, ჩურჩულით დავადევნე:

- მეც მინდოდა.

თუმცა, მას არაფერი გაუგონია...

ისე, რამდენს ნიშნავს ბევრი ფული! მით უმეტეს, როცა ქორწილი გაქვს გადასახდელი, თუმცა ქართველებისთვის ფულიანობის შემთხვევაშიც დიდი თავსატეხია ქორწინება. იმდენ რამეს მიედ-მოედებიან, თავსა და ბოლოს ვეღარ არჩევენ. და მაინც, საბოლოოდ მთელი კონცენტრაცია საქორწინო სუფრისკენაა მიპყრობილი. მთავარია, ნაირ-ნაირი და ეგზოტიკური კერძებით იყოს მაგიდები სავსე, რომ სტუმრებმა მუცლები ამოიყორონ, მერე კი ნაცნობ-მეგობრებთან სიამოვნებით მოიგონონ, როგორ მდიდრულ სუფრას უსხდნენ. აი, ესაა ქართული ქორწილი. ევროპული კი სულ სხვაა. ჩვენთან თუ მხოლოდ ქორწილის დღეს ერთობი და მხოლოდ მაშინ ხვდები სიძე-პატარძალს, თუნდაც ახლო მეგობარი იყოს შენი, იქ კვირა არ გავა, წვეულება არ გაიმართოს და დრო არ გაატარო. ხან კოქტეილის საღამოო, ხან პიკნიკიო, ხან ჩაის დღეო... სანადიროდაც კი დადიან მგონი, არა?

სწორედ ასეთი იყო მეგის წინასაქორწილო ცერემონია. ასეთ სიტუაციაში ადრე არასდროს აღმოვჩენილვარ. თითქმის ორი თვე, სანამ ჯვრისწერის დღე დადგებოდა, სულ ვერთობოდით და, რაც მთავარია, სულ ერთად ვიყავით. ამ მხრივ ნამდვილად გვჯობია ევროპაც და ამერიკაც.

ასე მეგონა, კიდევ ერთხელ თუ გავიღიმებდი ნაძალადევად, სახე მომეღრიცებოდა. ვერ ვიტან თვალთმაქცობას, მოჩვენებითი არაფერი მიყვარს, მაგრამ ცხოვრებამ ჩემგან კარგი მსახიობი ჩამოაყალიბა. ძლივს ვახერხებდი, დამეფარა შინაგანი შიში და სისუსტე, რომელიც წლების განმავლობაში საკუთარი ლანდივით თან დამყვებოდა, ალბათ ამის ბრალი იყო, რატომაც ვცდილობდი, ჩემი კლიენტებისთვის მეჩვენებინა, რომ ძლიერი და წარმატებული ბიზნესლედი გახლდით.

ახლაც ასე უნდა მოვქცეულიყავი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყველა დამერწმუნებინა, როგორ გვიყვარდა მე და ბიბის ერთმანეთი. მან ძველებური შარმი დაიბრუნა - ჩემს დაქალებს ისევ ისე აბრუებდა თავისი მომხიბვლელობით და ამასთან, არაჩვეულებრივად თამაშობდა შეყვარებული მამაკაცის როლს. მე კი ზღვრამდე ვიყავი მისული. მეშინოდა, რომ სისულელეს ჩავიდენდი, თუ ბიბი სახლამდე მიმაცილებდა: ან ცუდად გავხდებოდი, ან ტირილით ჩამოვეკიდებოდი ყელზე.

- კიდევ ვის უნდა კოქტეილი? - მეგი გრაფინით ხელში დადიოდა სუფრის გარშემო და სტუმრებს წვენს უსხამდა.

ჩემს ჭიქას ხელისგული დავაფარე უარის ნიშნად. აღარ მინდოდა კიდევ ალკოჰოლის მიღება, ეს უარესად იმოქმედებდა ჩემს უიმედო განწყობაზე. არადა, ნუშის კოქტეილი მომწონდა, მისი საოცარი არომატი ყოველთვის კარგ გუნებაზე მაყენებდა.

- კარგად ხარ? - დაეჭვდა მეგი, როცა შემომხედა.

ჯანდაბას! არა, არა ვარ კარგად! იმ წუთიდან არა ვარ კარგად, სასტუმრო ოთახის ვეებერთელა მონიტორზე ბიბი რომ დავინახე. მისი გაბრწყინებული და ბედნიერებისგან აღტყინებული სახე ნერვებს მიშლიდა. ერთმა სარფიანმა პროექტმა ჩემი თავი გადაავიწყა. როგორ ვიქნებოდი კარგად? და ყოველივე ამის შემდეგ ძალიან მხიარული უნდა ვყოფილიყავი, რომ დაქალებს არაფერი შეემჩნიათ.

- კი, კარგად ვარ, უბრალოდ, დავლიე და ცოტა თავი ამტკივდა. - ისევ ვცადე გაღიმება, მაგრამ, მგონი, დავიჯღანე.

- შენც აღარ დალიო მეტი. დღეს განსაკუთრებული მხიარულება გმართებს. ვერ ხედავ, ბიბიმ როგორ აჯობა ყველას? გაიმარჯვა, კონტრაქტი მოიგო და თენგოს სარეკლამო კამპანია ჩაიბარა.

ისევ მონიტორს გავხედე. ბიბი სახეგაბადრული შესცქეროდა მეგის საქმროს. მისი პროექტი საუკეთესო აღმოჩნდა და პრეზენტაციამაც არაჩვეულებრივად ჩაიარა. ესეც ასე, მისი მძიმე შრომა დაფასდა. ტყუილად არ ჩაუვლია მსხვერპლს - უძილოდ გათენებულ ღამეებსა და ჩემთან განშორებას. ნეტავ, თუ არის ბედნიერი? რატომ არ იქნება?! თავის მიზანს მიაღწია. აი, ბიბიმ მომუშტული მარჯვენა მაღლა ასწია და დაიყვირა: `გამარჯვება!~ თითქოს `ოსკარი~ აეღოს! მისალოცი ამბავია, აბა, რა. ახლა სამუშაო გარანტირებული აქვს და კარგ ფულსაც მოხვეტს.

სულაც არ მიკვირდა მისი საქციელი. მას ყოველთვის იზიდავდა რისკი და პირველობა. ყველაზე მეტი გოგო სწორედ მას ესეოდა სკოლის პერიოდში. ბიჭები კი ვეღარ უწევდნენ კონკურენციას და ყველა განზე დგებოდა, რომ ლიდერობის გზა მისთვის დაეთმო.

იმ საღამოს შემდეგ ერთმანეთს არ შევხვედრივართ. ერთხელაც არ დამირეკავს და არც დამიპირებია. დღეს პირველი საღამო იყო, რაც მას მერე შევხვდით. ბოლო კოქტეილ-ფართი მოაწყვეს მეგიმ და ელგუჯამ. ხვალ კიდევ ერთი საღამო და - მორჩა, მერე უკვე ქორწილის თადარიგი დაიწყებოდა. ბიბის წარმატებით, ჩემ მაგივრად, თენგო იწონებდა თავს, მე კი გული მიკვდებოდა.

ბიბიმ შეამჩნია ჩემი მოწყენა და წელზე ხელი მომხვია. ოდნავ გვერდზე გავიწიე, თან ტუჩებს ვიკვნეტდი, რომ არ ავტირებულიყავი.

- ვხედავ, რომ ცუდად ხარ. რაღაც ვერ ხარ შენებურ ხასიათზე. იქნებ იმის ბრალია, რომ ჩვენი ერთად ყოფნის ბოლო საღამოა? გპირდები, მოგვიანებით დავილაპარაკებთ.

მასთან საუბარი არ მინდოდა. ხომ ვცადე, რამე გამომსვლოდა და რა გამოვიდა აქედან? ის გამოტყდა, რომ არ არის მზად სერიოზული ურთიერთობისთვის. მეც ხელიდან გავუშვი ჩემი პოტენციური ბედნიერება.

- მაპატიე, - ცივად გადავუგდე და ავდექი. პირდაპირ ტუალეტისკენ ავიღე გეზი: ერთი სული მქონდა, სარკეში ჩამეხედა. ვიცოდი, საშინლად გამოვიყურებოდი, ამიტომ ცოტა უნდა მომეწესრიგებინა თავი. ახლა ჩემთვის ყველაზე კარგი - ცოტა ხნით მარტო დარჩენა იქნებოდა.

ტუალეტში შესულმა კარი ჩავკეტე და რამდენჯერმე ღრმად ამოვიოხრე. ალბათ მთელი ცხოვრება დამჭირდება, ეს ტკივილი და იმედგაცრუება გადავხარშო. უნდა ვაღიარო, რომ სისულელე ჩავიდინე. ტყუილად მქონდა იმედი, რომ ბიბის თავს შევაყვარებდი.

ხუთი წუთის შემდეგ გამოვედი საპირფარეშოდან და გაოცებულმა პირი დავაღე. კაბინის კართან ჩემი სამივე დაქალი ხელებდაკაპიწებული დამხვდა.

- ყველაფერი რიგზეა? კარგად ხარ? - მომაყარა სამივემ.

პირველი მეგი მომვარდა და ჩამეხუტა. მერე ლილი და კატო გადამეხვივნენ.

- მთლად კარგად ვერ გამოიყურები, რამე პრობლემა გაქვს? სამსახურის ამბავია? არ დაგვიმალო.

- შემთხვევით, ხომ არ... - აღარ დაამთავრა კატომ და ხელი მუცელზე დაიდო.

- რა თქმა უნდა, არა. ეგ რამ გაფიქრებინათ ჩემნაირი მონაზვნისგან? - გავწითლდი.

- რაღა მონაზონი, ისეთი ბიჭი დაგყვება გვერდით, შენი ჭირიმე, ვის არ შეაცდენს! - თქვა ლილიმ და გოგოებს გადახედა.

- თუ ორსულად არ ხარ, მაშინ დანარჩენი, ჩათვალე, რომ წვრილმანია, - დამამშვიდა პრაგმატულმა ლილიმ და ბაღისკენ აიღო გეზი, - წამოდით, სალაპარაკო გვაქვს.

ძალიან მიყვარდა ჩემი მეგობრები, მაგრამ ახლა მათთან საუბრის სურვილი ჩემს გეგმაში არ შედიოდა. ყველაზე მეტად მინდოდა, რაც შეიძლება მალე დამთავრებულიყო საღამო და ბიბი ერთხელ და სამუდამოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან. მეორე მხრივ, იმის შიში, რომ მას საბოლოოდ დავკარგავდი, სასოწარკვეთილებაში მაგდებდა.

- შენს თავს რაღაც ამბავია და არ გინდა, გვითხრა. მაგრამ ადრე თუ გვიან, მაინც გათქმევინებთ, საყვარელო, - კაი დედამთილივით დამადგა თავზე მეგი.

ისეთი მტკიცე ტონით მითხრა ეს სიტყვები, მივხვდი, უკან დამხევი არ იყო. ლილიმ და კატომაც შეთანხმებულებივით დააქნიეს თავი. საკუთარი გამოცდილებით ვიცოდი მათი სიჯიუტის ამბავი და გადავწყვიტე, სიმართლის თუნდაც ნაწილი მაინც გამეზიარებინა მათთვის.

- ბიბი მიყვარს, - ხმამაღლა ვთქვი ის, რასაც გულში ბოლო დროს ხშირად ვიმეორებდი.

- მშვენიერია, მერე რა? გგონია, რამე ახალი გვითხარი? შემდეგ? - სულაც არ გაიკვირვეს ჩემი ნათქვამი.

- მე ისე მიხარია შენი სიყვარულის ამბავი, წამი არ გავა, არ გამახსენდე. ძლივს ვიღაც გახადე შენი ყურადღების ღირსი. მთელი ცხოვრება ყურებამდე სამუშაოში იყავი ჩაფლული და ირგვლივ ვერავის ამჩნევდი, - თმა ამიჩეჩა ლილიმ და ასე მომეფერა.

თავი გავაქნიე. მე სულელმა, ლამის დავადანაშაულე მეგი, რომ ყველაფერი მისი ქორწილის ბრალი იყო. გათხოვება რომ არ გადაეწყვიტა, ამ ტკივილს ხომ ავიცილებდი თავიდან! არადა, ბოლო დროს ხშირად ვფიქრობდი ამაზე.

ბაღში გასული, ძალაგამოცლილი დავეხეთქე ხის მერხზე და ამოვიკვნესე:

- ეს საშინელებაა.

- რატომ?

დაველოდე, სანამ გოგონები ირგვლივ შემომისხდებოდნენ და `აღსარების~ თქმას შევუდექი:

- იცით, რომ მოგატყუეთ? სინამდვილეში, მე და ბიბი არასდროს ვხვდებოდით ერთმანეთს.

სამივე პირდაღებული მომაჩერდა.

- თქვენ ყოველთვის წუხდით ჩემ გამო, ცდილობდით, გაგემხიარულებინეთ, ვინმე მოგეძებნათ, ვინც ცხოვრებას გამიხალისებდა, რადგან ყოველთვის მარტო ვიყავი. როგორც ხედავთ, მეც მომბეზრდა მარტოობა და გადავწყვიტე, ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ დამერღვია ჩემი ცხოვრების სტილი და ეს მეგის წინასაქორწილო დღეებში გამეკეთებინა. ჰოდა, გავაკეთე. ბიბის ვთხოვე, ჩემი შეყვარებულის როლი ეთამაშა.

მათი გაოცებული სახეები არ შეცვლილა, თითქოს შემზარავი ამბავი გაიგესო. პირველი მეგი მოეგო გონს:

- რაღაც ვერ ჯდება ერთმანეთში. თქვენ ისე ჰგავხართ შეყვარებულ წყვილს, ცოტა გამიჭირდება დაჯერება, რომ ეს ურთიერთობა ბლეფია. კაცი შემოგხედავთ თუ არა, ეგრევე ამჩნევს, რომ ერთმანეთზე გიჟდებით.

- შენ ეგა თქვი! მერედა, როგორ უყურებ ხოლმე ან ის როგორ მოგაჩერდება ხანდახან! ასეთი რამეების იმიტაცია წარმოუდგენელია!

- მოიცა, რა, - კატომ მეგის თითები ჩაბღუჯა, - აცადე, დაამთავროს. მგონი, ჯერ ყველაფერი არ გითქვამს, არა?

თავი დავუქნიე და მოყოლა გავაგრძელე:

- ბიბი ჩემი ტეტეს მეგობარია. ძალიან ახლოს არასდროს ვყოფილვართ. ისე, ხანდახან თუ დაველაპარაკებოდით ერთმანეთს. ტეტე რომ სკოლას ამთავრებდა, დაბადების დღე გადაიხადა და მაშინ... - წამით შევყოყმანდი, მიჭირდა იმ საზიზღარი საღამოს გახსენება, მერე კი მოვხსენი გუდას თავი და გოგოებს ყველაფერი ვუამბე. - აი, ასე, დამცინა და გატრიალდა. სრულიად განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ჩემი იდეა იყო, მე შევთავაზე ეს გარიგება. თან დაჟინებით მოვთხოვე, რომ ურთიერთობა პლატონური სიყვარულის ფარგლებს არ გასცდენოდა, მაგრამ... - ფრაზა ვერ დავამთავრე.

- მაგრამ შენ ყურებამდე შეგიყვარდა, - ჩემ მაგივრად მეგიმ გააგრძელა, თან თანაგრძნობის ნიშნად ზურგზე ხელი დამისვა, - მერე რა, ძალიანაც კარგი. რატომ არ გინდა, უთხრა, რასაც გრძნობ? დარწმუნებული ვარ, ისიც იმავეს განიცდის. თავს მოვიჭრი, თუ არ უყვარდე.

როგორც კი წარმოვიდგინე, როგორ მკრა ბიბიმ უკვე მეორედ ხელი, შემაკანკალა.

- გოგოებო, სულ არ გეწყინათ, რომ მოგატყუეთ?

ჩემდა გასაკვირად, სამივემ მხიარულად გაიცინა.

მეგიმ საჩვენებელი თითი ნიკაპქვეშ ამომდო და თავი ამაწევინა.

- ჩემო საყვარელო, ჩვენ ყველაფერი გვესმის. ძნელია მარტო ყოფნა, მაგრამ უფრო ძნელია, როცა დაქალები შენს პირად ცხოვრებაში ერევიან, მით უმეტეს, თუ შეყვარებას გაიძულებენ. დაგვიჯერე, ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, რომ ბედნიერი იყო, როგორც ახლა.

- ახლა? ჰმ... მე ახლა ბედნიერი არ ვარ.

- აი, ნახავ! თუ დაელაპარაკები ბიბის, მიხვდები, რომ ბედნიერი ხარ.

- ის არ იზიარებს ჩემს გრძნობებს. თქვენ არ გესმით.

- კარგი ერთი! ჩვენ გვესმის, თუ გვესმის! - ლილიმ თვალები დამიქაჩა. - მე კაცის მზერა ვერ მომატყუებს. უკვე გვინახავს ასეთი მზერა თენგოსგანაც, ანტონისგანაც და დუდუსგანაც. ბიბი გონებას კარგავს შენ გამო.

ისინი მამხნევებდნენ, მე კი შიში მტანჯავდა. მე ხომ უკვე ველაპარაკე ბიბის, თანაც არაერთხელ, და პასუხად ყოველთვის ერთი და იგივე მესმოდა: გმადლობ, არა. მას, როგორც ქალი, არ ვაინტერესებდი, მისი ალერსიანი მზერა კი იმიტომ იყო ყოველთვის `მზადყოფნაში~, რომ ჩემი მეგობრები გაეცურებინა. თუმცა შეიძლება, დასაწყისში მართლაც გაიტაცა მცირე გრძნობამ. აბა, რომელი ჭკუათამყოფელი კაცი იტყვის უარს ქალზე, რომელიც ლამისაა, კისერზე ჩამოეკიდოს, განსაკუთრებით, თუ ის მარტოხელა და სიყვარულში გამოუცდელია?!

- პირობა მოგვეცი, რომ ჩვენს რჩევას გაითვალისწინებ, თორემ იცოდე, ყველაზე მაგარ შანსს გაუშვებ ხელიდან.

- მე ვიტყოდი - ყველაზე ბედნიერ შანსს, - დაამატა ლილიმ.

დავიღალე მათი შეგონებებით. ამწუთას მზად ვიყავი, ყველაფერზე დავთანხმებულიყავი, ოღონდ კი თავი დაენებებინათ. ერთადერთი, რაც მინდოდა, შინ დროზე დაბრუნება და საკუთარ დარდთან მარტო დარჩენა იყო.

- მადლობა, ჩემო ძვირფასებო, თანადგომისთვის, რჩევისთვის, ზრუნვისთვის. იმისთვისაც, რომ გამიგეთ და არ დამტუქსეთ. ახლა ყველაფერს აჯობებს, შინისკენ გავუდგე გზას და იმაზე ვიფიქრო, როგორ გადავდგა პირველი ნაბიჯი. - გულში კი გავიფიქრე: `პირველი ნაბიჯი მისი ტელეფონის ნომრის წაშლა იქნება~.

- ძალიანაც კარგი, ჩემი ჭკვიანი გოგო! - წამოხტა მეგი. - კაცი შტურმით უნდა აიღო, სანამ გონს მოსვლას მოასწრებს.

ყველამ გაიცინა, ჩემ გარდა, რადგან ვიცოდი, რომ შტურმზე წამსვლელი არ ვიყავი.

ბიბი ბიჭების შუაში ჩამდგარიყო და დუდუს კოქტეილს უჭახუნებდა. შეუმჩნევლად მივუახლოვდი ოთხივეს და ჩემდა უნებურად, ყური მივუგდე, რაზე საუბრობდნენ.

- ჰოდა, მთლად კარგი კი ვერ არის, სიყვარულისგან რომ გააფრენ, მეგობარო, - ამბობდა ელგუჯა, - მე სერიოზულად შემტკივა გული ელენეზე. ძალიან უყვარხარ. დღეს რაღაც, განერვიულებული მეჩვენა. არ ვიცი, შეიძლება იჩხუბეთ, მაგრამ შეეცადე, სიტუაცია განმუხტო. ხომ იცი, როგორც ხდება. როცა შეყვარებული ხარ, ირგვლივ ყველაფერი რთულდება. მისი განაწყენება არ გაბედო, ამას ძმურად გთხოვ. ისედაც მძიმე ცხოვრება გამოიარა. მარტოხელაა. შენამდე, მგონი, არც არავისთან ჰქონია ურთიერთობა. მთელ ენერგიას სამსახურში ხარჯავს.

- თქვენ არ ინერვიულოთ, ძმებო. ელენე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანია, მე სერიოზული კაცი ვარ, ქალის წყენინება ჩემი სტილი არ არის.

ყურები ვცქვიტე, მაგრამ სწორედ ამ საინტერესო მომენტში დარეკა ბიბის მობილურმა.

როგორც მივხვდი, თავისი უფროსი ურეკავდა და სთხოვდა, სასწრაფოდ გამოცხადებულიყო სამსახურში.

მან უკმაყოფილო სახე მიიღო და ადგილზე დატრიალდა. ამ დროს სრულიად შემთხვევით ჩემკენ გამოიხედა და დამინახა. ხელი გაშალა, რითაც მიმახვედრა, საქმე გამიხურაო.

- ხვალისთვის რომ გადავდოთ, არ შეიძლება? - შეეკითხა ბიბი მოსაუბრეს და მცირე პაუზის შემდეგ გააგრძელა: - თუ ასეა, ახლავე წამოვალ... რას ვიზამ, რაცაა, ესაა. ნახევარ საათში მანდ ვარ.

მივხვდი, წასვლას აპირებდა. დამასწრო. მინდოდა, პირველს მე მეთქვა, შინ მივდივარ და გაცილება არ მინდა-მეთქი... აქაც არ გამიმართლა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში