ჯეინ ეარი (თა­ვი მეთ­ხუთმე­ტე) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თა­ვი მეთ­ხუთმე­ტე)

ეს მოხდა ხეივანში, აღმართზე. ჩვენ წინ იყო სასახლე. მან შეხედა მის ქონგურებს. ეს მზერა ისეთი იყო, როგორიც არც მანამდე და არც შემდგომ არ მინახავს. თითქოს შავი წარბების ქვემოთ მის ბავშვურად ფართოდ გახელილ თვალებში ერთ წუთს გამძაფრებით შეებნენ ერთმანეთს ტკივილი, სირცხვილი, მრისხანება, მოუთმენლობა, სიძულვილი და საშინელი ზიზღი. ბრძოლა იყო ცხარე და დაუნდობელი. მაგრამ, აი, მალე თავი იჩინა და გაიმარჯვა კიდეც მეორე გრძნობამ: სიძლიერის, დაცინვის, ნებისყოფის, სიმტკიცისა და გამბედაობის გრძნობამ. მან მღელვარება დაიოკა, კვლავ მშვიდი გამომეტყველება მიიღო და განაგრძო.

-რამდენიმე წუთს ვდუმდი, მის ეარ, რადგანაც ჩემს ბედთან ვკამათობდი. ის იდგა, აი, იქ, იმ წიფლის ხის კუნძთან და ერთ-ერთ კუდიან დედაბერს ჰგავდა, მაკბეტს რომ მოევლინა ფორესის ტრიალ მინდორში.

"მოგწონს თორნფილდი?" -თქვა კუდიანმა, თითი ასწია და ჰაერში შემზარავი იეროგლიფები შემოხაზა, რომლებიც ზედა და ქვედა ფანჯრებს შორის მთელ კედელს აეკრა: "მოგწონდეს, თუ შეგიძლია, გიყვარდეს, თუ გაბედავ!..~

-დიახაც, მეყვარება, -წარმოვთქვი მე.

-გავბედავ კიდეც მის სიყვარულს და... (სევდიანად დაუმატა) და შევასრულებ ჩემს სიტყვას, გადავლახავ ყველა დაბრკოლებას ბედნიერებისკენ, კეთილი საქმისკენ, დიახ, კეთილი საქმისკენ მიმავალ გზაზე; მსურს, უფრო კარგი ადამიანი გავხდე, ვიდრე ვიყავი, ვიდრე ვარ. ლევიათანმა იობის შუბი და ისარი დაამსხვრია და რთულ, ფოლადივით მტკიცე ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს მეც დამპალ ხესავით გავსრეს.

ამ დროს მასთან ადელმა მიირბინა ვოლანით. "შორს" -დაუყვირა მან მკაცრად, -შორს, ჩემგან, ბავშვო, ან სოფისთან შედი!.." უხმოდ მივყვებოდი მას და ბოლოს, როგორც იქნა, გავბედე შემეხსენებინა ის ადგილი, სადაც მან ასე უეცრად შეწყვიტა თხრობა.

-დარჩით აივანზე, სერ, -ვკითხე მე, -როდესაც მადმუაზელ ვარენსი შემოვიდა ოთახში?

ჩემს უადგილო კითხვაზე მისგან უკმეხ პასუხს ველოდი, მაგრამ, პირიქით, ის შავი ფიქრისგან გამოერკვა, შემდეგ მომიბრუნდა, მოღუშული შუბლი გაეხსნა და სახე გაუნათდა.

-ოჰ, სელინა, სულ დამავიწყდა! მაშ, ვაგრძელებ. როდესაც დავინახე, თუ როგორ შემოვიდა ჩემი მომაჯადოებელი კავალრის თანხლებით, თითქოს სისინიც შემომესმა და ეჭვიანობის მწვანეთვალება დაგორგლილი გველი კლაკნით წამოიმართა მთვარით განათებულ აივანზე, ჩემი ჟილეტის ქვეშ შესრიალდა და ორ წუთში გესლვით გზა გაიკვლია ჩემი გულის სიღრმეში. რა საოცარია! -წამოიძახა მან, და უცებ კვლავ გადაუხვია საუბრის თემას. -უცნაურია, რომ სწორედ თქვენ უნდა ამერჩიეთ ჩემს მესაიდუმლედ. მით უფრო უცნაურია, რომ თქვენ ისე მშვიდად მისმენთ, თითქოს სრულიად ჩვეულებრივი რამ იყოს ჩემთვის, ასე უცნაურსა და გამოუცდელ გოგონას გიყვებოდეთ ჩემს სიყვარულზე ოპერის მოცეკვავე ქალის მიმართ. მაგრამ თქვენი გამოუცდელობა ამართლებს ჩემს გულახდილობას. როგორც ეს ერთხელ უკვე გითხარით, თქვენი სერიოზულობით, წინდახედულობით და თავდაჭერილობით სხვათა მესაიდუმლედ ხართ დაბადებული. გარდა ამისა, ისიც ვიცი, როგორ ადამიანთან ვსაუბრობ. ვიცი, არ შეიძლება მქონდეს მასზე ცუდი გავლენა, ვიცი, რომ ის სრულიად თავისებური ადამიანია. ერთადერთია. საბედნიეროდ, არც მინდა ცუდად ვიმოქმედო მასზე, რომ მეცადა კიდეც, ვერაფერს დავაკლებდი. რაც მეტს ვისაუბრებთ, მით უკეთესია ჩვენთვის, რადგან ჩემი გავლენისგან დაზღვეული ხართ და თქვენ კი შეგიძლიათ სრულიად სხვა ადამიანად მაქციოთ, -საუბრის თემიდან ასეთი გადახვევის შემდეგ მან განაგრძო:

-დავრჩი აივანზე. უდავოა, ისინი მის ბუდუარში შევლენ! -ვფიქრობდი. "მოდი, მე მათ მახეს დავუგებ!..~ გაღებულ ფანჯარაში ხელი გადავყავი, მივწვდი ფარდას, გამოვწიე და მხოლოდ პატარა ადგილი დავტოვე, რომ თვალი მედევნებინა მათთვის. შემდეგ დარაბაც ისე მივხურე, რომ შეყვარებულთა ჩურჩულით წარმოთქმული ფიცი მომესმინა და უკან გავიპარე, ჩემი სავარძლისკენ. ის იყო ჩემს ადგილს დავუბრუნდი, რომ ოთახში წყვილიც შემოვიდა. მაშინვე ჭუჭრუტანასთან გავჩნდი. სელინას პირისფარეში შემოვიდა, ლამპა აანთო, მაგიდაზე დადგა და გავიდა. ახლა ორივეს გარკვევით ვხედავდი: ორივემ მოიხადა მოსასხამი და, აი, დავინახე ოპერის პრიმადონა ვარენსი ძვირფას ფარჩის კაბასა და სამკაულში. ყოველივე ეს, რასაკვირველია, ჩემი ნაჩუქარი გახლდათ. იქვე იდგა მისი საყვარელი, ოფიცრის ტანისამოსში გამოწყობილი. ვიცანი. ეს გახლდათ ახალგაზრდა, თავაშვებული ვიკონტი, უჭკუო და ზნედაცემული ყმაწვილი, რომელსაც მე ზოგჯერ ვხვდებოდი ხოლმე მაღალ საზოგადოებაში. აზრადაც არ მომსვლია მისი სიძულვილი, რადგანაც სიძულვილის ღირსადაც არ ვთვლიდი. როგორც კი ვიცანი, ეჭვიანობის გველს მაშინვე გადაუტყდა ხერხემალი, რადგანაც იმავე წუთს სელინასადმი ჩემი სიყვარული ჩაქრა და ჩაიფერფლა. ქალი, რომელსაც შეეძლო გავეცვალე ასეთ ადამიანზე, არ შეიძლებოდა ჩემი ყურადღების ღირსი ყოფილიყო. ის მხოლოდ ზიზღს იმსახურებდა, თუმცა ჩემთან შედარებით -ნაკლებს. მე უფრო მეტ ზიზღს ვიმსახურებდი, რადგან ასეთი ადამიანისგან ვიყავი მოტყუებული.

საუბარი დაიწყეს. იმდენად უაზრო იყო მათი საუბარი, უგულო, თავაშვებული და ქარაფშუტული, რომ მაშინვე დავმშვიდდი; დაღლა უფრო შეიძლებოდა ამისგან, ვიდრე გაბრაზება. ჩემი სადარბაზო ბარათი მაგიდაზე იდო. ბარათმა ჩემი თავი გაახსენა და საკამათო ობიექტად ვიქეცი. არც ერთს არ აღმოაჩნდა იმდენი გამბედაობა და ჭკუა, რომ გონივრულად გაველანძღე. უხეშად შეურაცხმყვეს, რამდენადაც ამის უნარი შესწევდათ, განსაკუთრებით, სელინამ, რომელიც ჩემს გარეგნულ ნაკლოვანებებს მოხერხებულად აზვიადებდა და დასცინოდა -"სიმახინჯეს" უწოდებდა. წინათ კი ჩვეულებრივ ის აღტაცებით ლაპარაკობდა ხოლმე ჩემს "ბეაუტé მáლე" (მამაკაცურ სილამაზეზე). ამაში თქვენ სრულიად განსხვავდებით მისგან. ჩვენი მეორე შეხვედრისას თქვენ პირდაპირ მითხარით, რომ არ მთვლით ლამაზ მამაკაცად. ამ განსხვავებამ მაშინვე გამაოცა და...

ამ დროს ადელმა კვლავ მოირბინა.

-მუსიე, ეს-ეს არის ჯონი იყო და თქვა, რომ თქვენი საქმეების მწარმოებელი მოსულა და თქვენი ნახვა სურს.

-ოჰ, ამ შემთხვევაში ჩემი ამბავი უნდა შევამოკლო. მაშ, ასე: კარი გავაღე, ოთახში შევედი და თავზე დავადექი. ვუთხარი, რომ სელინა ამიერიდან ჩემგან თავისუფალია, და გავაფრთხილე, დაეტოვებინა სასტუმრო. საჭირო ხარჯებისთვის მივეცი ფულით სავსე ქისა. ყურადღება არ მივაქციე მის ტირილს, ისტერიკას, თხოვნას, გულის წასვლას. ვიკონტი დუელში გამოვიწვიე; უნდა შევხვედროდით ბულონის პარკში. მეორე დღეს ბედნიერება მქონდა, ის დანიშნულ ადგილზე მენახა. იმ საცოდავს, გამხდარ წიწილას ფრთასავით უძლურ მკლავში ტყვია მოვარტყი და ვიფიქრე, ამიერიდან მათ არსად შევხვდები და არც არაფერს გავიგებ მათზე-მეთქი. მაგრამ, საუბედუროდ, ვარენსმა ექვსი თვის წინ მიბოძა ეს პატარა გოგონა ადელი, რომელიც, მისი მტკიცებით, ჩემი შვილი იყო. შესაძლებელია, ეს ასეა, თუმცა ამ გოგონაში ვერავითარ მსგავსებას ვერ ვხედავ. ვირწმუნე ეს სამწუხარო ამბავი, რომ მე მისი მშობელი ვარ, თუმცა პაილოტი უფრო მეტად მგავს, ვიდრე ადელი. ჩვენი დაშორებიდან რამდენიმე წელსაც არ გაევლო, რომ მან ბავშვი მიატოვა და ვიღაც მუსიკოსსა თუ მომღერალს გაჰყვა იტალიაში. როგორც მაშინ, არც ახლა ვთვლი თავს ვალდებულად, აღვზარდო ეს ბავშვი. მე ხომ მისი მშობელი არა ვარ. მაგრამ, როგორც კი გავიგე, ბავშვი საშინელ გაჭირვებას განიცდისო, მოვაცილე ის პარიზის სიბინძურესა და ჭუჭყს და აქ მოვიყვანე, რათა ინგლისური სოფლის ბაღის სუფთა, ჯანსაღ მიწაზე აღვზარდო. მისის ფეიერფექსმა მის აღსაზრდელად თქვენ მოგიწვიათ. ახლა თქვენ იცით, რომ ბავშვი ფრანგი მოცეკვავე ქალის უკანონო შვილია. ალბათ, სულ სხვა თვალით შეხედავთ თქვენს აქ ყოფნას და თქვენს აღსაზრდელს. ერთ დღეს, ალბათ, მოხვალთ ჩემთან, მეტყვით, რომ თქვენ უკვე მოძებნეთ ახალი ადგილი, მთხოვთ, სხვა აღმზრდელი მოვძებნო მისთვის ან რამეს ამის მსგავსს; ხომ ასეა?

-არა, ადელი არც თავის დედის და არც თქვენს დანაშაულზე პასუხს არ აგებს. ბავშვს მივეჩვიე და ახლა უფრო მეტად დავუახლოვდები, რადგან ვიცი, თუ რას წარმოადგენს ის, ე. ი. რომ არც დედა ჰყავს და არც მამა; ის ხომ დედამ მიატოვა, ხოლო თქვენ უარს ამბობთ მასზე. როგორ შემიძლია უპირატესობა მივანიჭო მდიდარი ოჯახის გათამამებულ ნებიერს, რომელსაც თავისი აღმზრდელი სძულს და არაფრად აგდებს მას, უპატრონო, პატარა ობოლთან შედარებით; ის ხომ თავის აღმზრდელში მეგობარს ეძებს და მისკენ ისწრაფვის.

-ოჰ, აი, თურმე როგორ უყურებთ ამ საკითხს! აბა, ახლა კი უნდა შევიდე შინ და თქვენც, ასევე, უკვე ბნელდება.

მაგრამ მე რამდენიმე ხანს კიდევ დავრჩი ეზოში ადელსა და პაილოტთან. მე და ადელმა ერთად ვირბინეთ და ვოლანი ვითამაშეთ. ბოლოს სახლში შევედით. გოგონას გავხადე პალტო, ქუდი, მუხლზე დავისვი და ასე მთელი საათი კალთაში მეჯდა; ნება დავრთე, ეტიკტიკა, რაზედაც სურდა; არც იმ თავისუფალი და თამამი საქციელისთვის დამიტუქსავს, ზედმეტი ყურადღების დროს რომ ამჟღავნებდა ხოლმე. ეს თვისება მისი ხასიათის ფუქსავატობას ავლენდა და, ალბათ, დედისგან ჰქონდა მემკვიდრეობით გამოყოლილი, რადგან ინგლისელს ასეთი რამ იშვიათად თუ ახასიათებს. მაგრამ ადელს კარგი თვისებებიც ჰქონდა. რაც კარგი იყო ამ გოგონაში, მინდოდა დამენახა და დამეფასებინა. ვცდილობდი, მის გამომეტყველებასა და სახის ნაკვთებში აღმომეჩინა რაიმე მსგავსება მისტერ როჩესტერთან, მაგრამ ამაოდ. არც ერთი ნაკვთი, სახის არც ერთი გამომეტყველება არ ადასტურებდა მათ ნათესაობას. როგორ მწყინდა! ადელს რომ შესძლებოდა და ოდნავ მაინც დამსგავსებოდა მისტერ როჩესტერს, ეს უკანასკნელი უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევდა.

როდესაც ჩემს ოთახში დასაძინებლად წავედი, ხელმეორედ დავუბრუნდი მისტერ როჩესტერის ნაამბობს და კვლავ დაწვრილებით გავიხსენე ყველაფერი. როგორც თვითონ მისტერ როჩესტერმა თქვა, არაფერი უჩვეულო არ იყო ამ ამბავში. მდიდარი ინგლისელის გატაცება ფრანგი მოცეკვავე ქალით და ქალის ღალატი. ეჭვგარეშეა, საზოგადოებაში ეს სრულიად ჩვეულებრივ ამბავს წარმოადგენდა. მაგრამ, უდავოდ, ერთი რამ იყო უჩვეულო. მან მღელვარებით განაცხადა, რომ კმაყოფილია თავისი გადაწყვეტილებით, რომ კვლავ უხარია თავის მხარეში და თავის ძველ სასახლეში დაბრუნება. გაოცებული ვფიქრობდი ამ ამბავზე. მაგრამ ჩემთვის ყველაფერი გაუგებარი იყო. მაშინ ჩემი პატრონის ჩემდამი დამოკიდებულება მაინტერესებდა. მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი დამოკიდებულება ჩემდამი შეიცვალა, უფრო თბილი გახდა, ვიდრე ეს დასაწყისში იყო. არაფრით ვუშლიდი ხელს. თუ მოულოდნელად შევხვდებოდი, უკვე ისე ცივად და ქედმაღლურად აღარ მესალმებოდა. ასეთი უეცარი შეხვედრა თითქოს სიამოვნებდა. ყოველთვის მზად ჰქონდა ჩემთვის რამე სათქმელი და ზოგჯერ გამიღიმებდა კიდეც. ხან კი თავისთან მიხმობდა. როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ გულღიად შეხვედრის ღირსი ვიყავი. ამით ვგრძნობდი, რომ ჩემი პატრონისთვის თანდათან საინტერესო გავხდი. მისტერ როჩესტერი ესწრაფოდა ასეთ შეხვედრებს, რადგან ეს საუბარი საღამოობით მასაც ისე სიამოვნებდა, როგორც მე.

მე, რასაკვირველია ცოტას ვლაპარაკობდი. სამაგიეროდ, გატაცებით ვუგდებდი ყურს მის საუბარს. მისტერ როჩესტერი ბუნებით ტკბილმოუბარი გახლდათ. უყვარდა გამოუცდელი ადამიანისთვის ეჩვენებინა ამ ცხოვრების ყველა კუნჭული და გზები (მხედველობაში მაქვს ცხოვრების არა გარყვნილი მხარეები და სიბოროტით აღსავსე ჩვევები, არამედ ის, რომელიც სრულიად სხვა, დიდ სამყაროს ასახავს და რომელსაც სრულიად სხვა მისწრაფებანი და უჩვეულო სიახლე ახასიათებს). ყურად ვიღებდი ჩემი პატრონის ახალ აზრებს; გონების თვალით ვუყურებდი მის მიერ დახატულ სურათებს; ფიქრით კი მივყვებოდი მას იმ ახალ სამყაროში, რომელსაც თანდათან ფარდას ხდიდა. დიდად მსიამოვნებდა ყოველივე ეს. არასოდეს, ერთი უადგილოდ ნათქვამი სიტყვითაც კი არ შეუშფოთებია ან შეუშინებია ჩემი სული. მისტერ როჩესტერის ბუნებრიობა მძიმე ბორკილებს მხსნიდა და თავს თავისუფლად ვგრძნობდი. ამ მეგობრულმა გულახდილობამ, გულწრფელობამ და გულთბილმა დამოკიდებულებამ მასთან მეტად დამაახლოვა. ზოგჯერ მეგონა, თითქოს ის ჩემი სისხლი და ხორცი იყო და არა ჩემი პატრონი. თუმცა, ხანდახან მაინც თავს იჩენდა ხოლმე მისი მბრძანებლური ხასიათი, მაგრამ ამას ყურადღებას აღარ ვაქცევდი. ვგრძნობდი, ეს მას ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი. ჩემს არსებაში შემოჭრილმა ცხოვრების ამ ახალმა ინტერესმა იმდენად გამაბედნიერა, ბედს აღარ ვუჩიოდი და აღარც უთვისტომობას ვნაღვლობდი. ბედისწერისა და ჩემი ცხოვრების მილეული მთვარე თითქოს გაიზარდა და გაიბადრა. სულიერი სიცარიელე გაქრა, ახალი ინტერესები გამიჩნდა, ფიზიკურად მოვმჯობინდი, მოვიკეთე და ძალაც მომემატა.

როგორ გგონიათ, კიდევ ულამაზო იყო ჩემთვის მისტერ როჩესტერი? სრულებითაც არა, მკითხველო. მადლიერებამ, მეგობრულმა სითბომ და სხვა უამრავმა საამო გრძნობამ ის ჩემთვის ამქვეყნად ყველაზე სასურველ ადამიანად აქცია. ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლზე მეტად მათბობდა და სიმხნევეს მმატებდა მისი ყოფნა ოთახში და მაინც არ მავიწყდებოდა მისი უარყოფითი მხარეებიც. არც შეიძლებოდა დამვიწყებოდა, რადგან ის მათ ჩემთან ხშირად ავლენდა. მისტერ როჩესტერი გახლდათ ამაყი, დამცინავი, მკაცრი ყოველი მასზე დაბლა მდგომი ადამიანის მიმართ. გულის სიღრმეში ვგრძნობდი, რომ ჩემდამი ასეთი თბილი დამოკიდებულება სრულიადაც არ უშლიდა ხელს, ზოგჯერ უსამართლოდ და მკაცრად მოპყრობოდა სხვებს. ძალიან ხშირად ეცვლებოდა განწყობილება და, ამასთანავე, უმიზეზოდ. ხშირად მომიხმობდა ხოლმე, რომ რამე წამეკითხა მისთვის და, როცა მივსულვარ, მინახავს ბიბლიოთეკაში მარტო მჯდარი, თავჩაქინდრული და გულხელდაკრეფილი; თავს რომ ასწევდა, ვხედავდი, როგორ ჩაშავებოდა სახე მრისხანე, პირქუში გამომეტყველებისგან. ახლა მწამს, რომ მისი ხასიათის ცვალებადობა, სიმკაცრე და ძველი ცოდვები (ვამბობ ძველი-მეთქი, რადგანაც ახლა ის თითქოს გამოსწორდა) მისი ბედის უკუღმართობით იყო გამოწვეული. ისიც მწამდა, რომ ბუნებით მისტერ როჩესტერი უფრო კარგი მისწრაფებების, მაღალი იდეების, ფაქიზი გემოვნების ადამიანი უნდა ყოფილიყო, რომ არა გარემო პირობები, განათლება და მისი ბედის უკუღმართობა. ჩემი აზრით, მისტერ როჩესტერს შესანიშნავი საწყისები ჰქონდა ბუნებაში, მაგრამ ამჟამად -ერთმანეთში არეული და გადაგვარების გზაზე დამდგარი. არ უარვყოფ, რომ მისი ვარამი, როგორიც უნდა ყოფილიყო ის, ჩემი ვარამი იყო; არც იმას უარვყოფ, რომ ყველაფერს გავიღებდი, რომ მისთვის დარდი გამექარვებინა.

სანთელი ჩავაქრე; საწოლში ჩავწექი, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა. არ მავიწყდებოდა ის გამომეტყველება, ხეივანში რომ შეჩერდა, მომიბრუნდა და მითხრა, თუ როგორ გამოეცხადა თავისი ბედი და აუკრძალა მას ბედნიერი ყოფილიყო თორნფილდში.

`კი მაგრამ, რატომ? -ვეკითხებოდი ჩემს თავს. -რა აიძულებს მისტერ როჩესტერს, თავის სახლს განერიდოს? ნეტავ, კვლავ მალე დატოვებს აქაურობას? როგორც მისის ფეიერფექსმა მითხრა, ის ორ კვირაზე მეტ ხანს არასოდეს რჩება აქ. ახლა კი, აი, უკვე რვა კვირაა, რაც აქ არის. მართლა რომ წავიდეს, აუტანლად შეიცვლება ყველაფერი. ვთქვათ, მთელი გაზაფხული, ზაფხული და შემოდგომა არ ჩამოვიდა, როგორ უხალისოდ ჩაივლიან მშვენიერი მზიანი დღეები~.

ვერ გეტყვით, ასეთი ფიქრების შემდეგ ჩამეძინა თუ არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, უეცრად გამომაღვიძა რაღაც გაურკვეველმა, უცნაურმა და ავის მომასწავებელმა ლუღლუღმა, რომელიც, ჩემი აზრით, სწორედ ჩემი ოთახის ზევით გაისმა. ვინანე, ნეტა, სანთელი არ ჩამექრო-მეთქი. უკუნი ღამე გამეფებულიყო ირგვლივ და ჩემს სულსაც მოსვენება დაეკარგა. წამოვიწიე და ლოგინში წამოვჯექი. სმენა დავძაბე. ხმა მიწყდა. კვლავ ვცადე, დამეძინა. მღელვარებისგან გულს ბაგაბუგი გაჰქონდა. სულიერი სიმშვიდე გაქრა. შორს, ქვევით, დარბაზში, საათმა ორჯერ დარეკა. სწორედ ამ დროს მომეჩვენა, თითქოს ვიღაც ხელის ცეცებით გზას იკვლევდა ბნელ დერეფანში და ხელებით ჩემს კარამდე მოვიდა. "ვინ არის?" -ვიკითხე. პასუხი არ იყო. შიშის ჟრუანტელმა დამიარა.

უცებ გამახსენდა, რომ, შესაძლებელია, ეს პაილოტი ყოფილიყო. ძაღლი, როდესაც სამზარეულოს კარი შემთხვევით ღია დარჩებოდათ, ხშირად მიიპარებოდა ხოლმე მისტერ როჩესტერის ოთახისკენ. მე თვითონ მინახავს ის კართან გაწოლილი დილით. ამ აზრმა ოდნავ დამამშვიდა. დავწექი. სიწყნარე ადამიანს მალამოდ ეფინება და, როდესაც სახლში კვლავ სიჩუმე გამეფდა, ვიგრძენი, თვალები ისევ მეხუჭებოდა. მაგრამ იმ ღამით, როგორც ჩანს, განგებამ ასე არ ისურვა. ის იყო ძილის ანგელოზი მოუახლოვდა ჩემს სასთუმალს, რომ შემზარავმა ხმამ დააფრთხო და შეშინებული შორს გაფრინდა.

დემონური სიცილი -ხმადაბალი, შეგუბებული და ყრუ -თითქოს კარის გასაღების ჭუჭრუტანაში გაისმა. ჩემი საწოლი ისე იდგა, რომ თავი ახლოს მედო კართან და პირველად ისიც ვიფიქრე, ეს დემონურად მოხარხარე ბოროტი სული აქვე, ჩემს სასთუმალთან დგას და სწორედ ჩემს ბალიშებს ებღაუჭება-მეთქი. წამოვიწიე; მიმოვიხედე; მაგრამ ვერაფერი დავინახე. ვიდრე მე იქაურობას ვათვალიერებდი, ეს ზებუნებრივი ხმა განმეორდა. ახლა აშკარა იყო, ის ჩემი ოთახის კარის იქიდან მოდიოდა. პირველად დავაპირე, წამოვმდგარიყავი და კარი კარგად ჩამეკეტა, მაგრამ ეს განზრახვა მეორე აზრმა შეცვალა: "ვინ არის?" -დავიძახე.

რაღაც დუდუნისა და კვნესის ხმა შემომესმა. მალე ამას მოჰყვა ნაბიჯების ხმაც. ვიღაც მოდიოდა დერეფანში კიბისკენ. ამ კიბეს, რომელსაც მესამე სართულზე ავყავდით, დიდი ხანი არ იყო, რაც კარი გაუკეთეს და კეტავდნენ. გავიგონე ამ კარის გაღებისა და დახურვის ხმა. შემდეგ ყველაფერი მიჩუმდა.

`ნეტა, გრეის პული იყო? ეშმაკი ხომ არ დაუფლებია?~ -ვფიქრობდი ჩემთვის. აღარ შემეძლო ოთახში დარჩენა. მისის ფეიერფექსთან უნდა წავსულიყავი. სასწრაფოდ გადავიცვი კაბა და შალი მოვისხი; აცახცახებული ხელით ურდული გამოვწიე და კარი გავაღე. გარეთ, დერეფანში, იატაკზე გაფენილ ფარდაგზე, ანთებული სანთელი დაეტოვებინათ. ამ ამბავმა გამაოცა. მაგრამ უფრო გამიკვირდა, როდესაც ვიგრძენი, რომ იქაურობა ბურუსს მოეცვა და თითქოს ბოლით იყო სავსე. ვიდრე აქეთ-იქით ვიყურებოდი, რათა გამეგო, საიდან გამოდიოდა ეს ლურჯი რგოლები, ძლიერი დამწვრის სუნი ვიგრძენი.

რაღაცამ დაიჭრიალა. კარი გაიღო. ეს მისტერ როჩესტერის ოთახის კარი იყო. იქიდან გამოვარდნილმა კვამლის ღრუბელმა იქაურობა დაფარა. მისის ფეიერფექსი სულ გადამავიწყდა. აღარც გრეის პული და მისი სიცილი გამხსენებია. თვალის დახამხამების უმალ ოთახში გავჩნდი. ცეცხლის ალი გარს ევლებოდა საწოლს. ფარდებს ცეცხლი მოსდებოდა. ცეცხლის ალსა და ბოლში გახვეული მისტერ როჩესტერი გაუნძრევლად იწვა საწოლზე; მკვდარივით ეძინა.

-გაიღვიძეთ! გაიღვიძეთ! -ვიყვირე და ნჯღრევა დავუწყე. მაგრამ მან რაღაც ჩაილუღლუღა და გვერდი იბრუნა. ბოლმა გონება წაართვა. არც ერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლებოდა. ცეცხლი უკვე ზეწარს მოსდებოდა. იქვე მდგომ ტაშტსა და დოქს მივვარდი. საბედნიეროდ, ერთი საკმაოდ დიდი აღმოჩნდა და მეორე -ღრმა, და ორივე -წყლით სავსე. ხელი დავავლე მათ და წყალი საწოლსა და მასზე მძინარეს დავასხი. შემდეგ ჩემს ოთახში შევირბინე, საკუთარი წყლის დოქი მოვარბენინე, ისიც საწოლს დავასხი და, ღვთის შეწევნით, როგორც იქნა, ჩავაქრე ხანძარი, რომელიც იქაურობას განადგურებას უქადდა.

ცეცხლის ჩაქრობით გამოწვეულმა შხუილმა, დოქის მტვრევის ხმამ, რომელიც დაცლის უმალ გვერდზე ვისროლე, და ყველაზე მეტად გულუხვმა წყლის აბაზანამ მისტერ როჩესტერი, როგორც იქნა, გამოაფხიზლა. თუმცა ბნელოდა, მისი უცნაური ბურტყუნით მივხვდი, რომ ეღვიძა. ბუზღუნებდა, ასეთ გუბეში რომ აღმოჩნდა.

-წყალდიდობაა? -დაიყვირა მან.

-არა, სერ, -ვუპასუხე, -მაგრამ აქ ხანძარი იყო. გემუდარებით, ადექით, ალბათ, გაიყინეთ. სანთელს მოგიტანთ.

-საქრისტიანოს ყველა ფერიას გაფიცებთ, მითხარით, მართლა ჯეინ ეარი ხართ? -მიბრძანა მან. -ეს რა გამიკეთე, ჯადოსანო, გრძნეულო ადამიანო? ვინ არის კიდევ ოთახში, თქვენ გარდა? ჩემი დახრჩობა გქონდათ განზრახული?

-სანთელს მოგიტანთ, სერ, და, ღვთის გულისათვის, ადექით. როგორც ჩანს, რაღაც განუზრახავთ. იქნებ, თქვენც მალე ვერ გაიგოთ, ვინ იყო ის ან რა ჰქონდა განზრახული.

-კარგი, აი, უკვე ავდექი. ოღონდ ერთხელ კიდევ გამოიჩინეთ სიმამაცე და სანთელი მოიტანეთ. მაგრამ მოიცადეთ ერთი წუთი, ვიდრე მშრალ ჩასაცმელს მოვნახავდე, თუკი სადმეა. ჰო, აი, აგერაა ჩემი ხალათი. ახლა გაიქეცით.

მართლაც, გავიქეცი. დერეფანში რომ იდგა, ის სანთელი მოვიტანე. მისტერ როჩესტერმა გამომართვა, მაღლა ასწია და დაათვალიერა ცეცხლისგან მთლად გამურული და შეტრუსული საწოლი, გაწუწული ზეწრები და შენიშნა, რომ ხალიჩა წყლის გუბეში ცურავდა.

-რა არის ეს? ვინ ჩაიდინა? -იკითხა მან.

მოკლედ ვუამბე, რაც მოხდა. ვუამბე იმ უცნაურ სიცილზე, რომელიც დერეფანში მომესმა. ვუთხარი, როგორ გავიგონე მესამე სართულისკენ მიმავალი ვიღაცის ნაბიჯების ხმა; როგორ ვიგრძენი ბოლი და დამწვრის სუნი, რომელმაც მის ოთახში ამომაყოფინა თავი; როგორ მდგომარეობაში დამხვდა ის და როგორ გადავასხი წყალი ყველა ჭურჭლიდან, რომელზეც კი ხელი მიმიწვდებოდა.

შუბლშეკრული მისმენდა. როცა ვუყვებოდი, მისი სახე მწუხარებას უფრო გამოხატავდა, ვიდრე გაოცებას. ამბავი დავამთავრე. ის კარგა ხანს დუმდა.

-დავუძახო მისის ფეიერფექსს? -ვიკითხე მე.

-მისის ფეიერფექსს? არა, რა ეშმაკად უნდა დაუძახოთ? დეე, ეძინოს მშვიდად.

-მაშ, ლის დავუძახებ, ან ჯონს გავაღვიძებ, ან მის მეუღლეს.

-არა, არც ერთი არაა საჭირო. მხოლოდ წყნარად იყავით. შალი ხომ გახვევიათ? თუ გცივათ, აი, იქ ჩემი წამოსასხამია და შეგიძლიათ აიღოთ. გაეხვიეთ შიგ და დაჯექით სავარძელში. მე თვითონ მოგახურავთ. ახლა კი, ფეხები არ დაგისველდეთ, ამ პატარა სკამზე დააწყვეთ. აქ იყავით, ვიდრე დავბრუნდები. თაგვივით გაიტრუნეთ. მეორე სართული უნდა დავათვალიერო. გახსოვდეთ, ადგილიდან ფეხი არ მოიცვალოთ და არც არავის დაუძახოთ.

წავიდა. ვხედავდი, თუ როგორ თანდათან მიიწევდა წინ სინათლე. მისტერ როჩესტერმა ჩუმად გაიარა დერეფანი, რაც შეიძლება უხმაუროდ გააღო კიბეზე კარი, თავის უკან მიიხურა და სანთლის უკანასკნელი სხივიც გაქრა. დავრჩი უკუნეთ წყვდიადში, ამაოდ ვიქეცი სმენად. არავითარი ხმაური არ ისმოდა. დიდმა დრომ გაიარა. დავიღალე, მართალია, წამოსასხამში ვიყავი გახვეული, მაგრამ სიცივემ ამიტანა. გარდა ამისა, არ მესმოდა, რა საჭირო იყო ჩემი იქ ყოფნა, თუკი არავინ უნდა გამეღვიძებინა. ის იყო ვაპირებდი, მისტერ როჩესტერის ბრძანება დამერღვია და ამით, ვიცოდი, გავაბრაზებდი მას, რომ დერეფნის კედელზე სანთლის სხივი აციმციმდა და მისი ნაბიჯების ხმა მომესმა. მისტერ როჩესტერი ჩუმად მოდიოდა დერეფანში გაფენილ ხალიჩაზე.

"იმედია, ის არის, -გავიფიქრე, -და არა ვინმე სხვა".

მისტერ როჩესტერი დაბრუნდა, გაფითრებული და ნაღვლიანი.

-ყველაფერი გავარკვიე, -თქვა მან. სანთელი პირსაბანზე დადგა. -ყველაფერი ისეა, როგორც ვფიქრობდი.

-როგორ, სერ?

არაფერი მიპასუხა. გულზე ხელდაკრეფილი იდგა და იატაკს დასცქეროდა. რამდენიმე წუთის შემდეგ მომიბრუნდა და საკმაოდ უცნაური ხმით მკითხა:

-დამავიწყდა. თქვენ მითხარით, რომ ვიღაც ნახეთ, როდესაც თქვენი ოთახის კარი გააღეთ?

-არა, სერ. მხოლოდ ეს სასანთლე ვნახე იატაკზე.

-მაგრამ თქვენ გაიგონეთ უცნაური სიცილი? ვგონებ, ეს სიცილი ან რაიმე ამის მსგავსი თქვენ წინათაც გსმენიათ?

-დიახ, სერ. აქ ცხოვრობს მკერავი ქალი -გრეის პული. ასე ის იცინის ხოლმე. უცნაური ადამიანია.

-სწორედ ასეა. ეს გრეის პულია. თქვენ გამოიცანით. ის ქალი, როგორც თქვენ თქვით, უცნაური ადამიანია, მეტად უცნაური. ვიფიქრებ ამ ამბავზე. ახლა კი ძალიან მიხარია, რომ თქვენ ერთადერთი ადამიანი ხართ, ჩემ გარდა, რომელმაც დაწვრილებით იცის ამ ღამეს მომხდარი ამბავი. თქვენ ხომ ყბედი არ ხართ; ნურაფერს იტყვით. თვითონ ავუხსნი მათ, რაც მოხდა (მიმითითა საწოლზე). ახლა შეგიძლიათ, დაბრუნდეთ თქვენს ოთახში. ვიდრე გათენდება, ბიბლიოთეკაშიც კარგად დავიძინებ, დივანზე. უკვე თითქმის ოთხი სრულდება. ორ საათში მოსამსახურეებიც გაიღვიძებენ და ადგებიან.

-მაშ, ღამე მშვიდობისა, სერ, -ვთქვი და წასასვლელად ავდექი.

გაოცება შევამჩნიე და უჩვეულოდ მეჩვენა. მან ხომ თვითონ მითხრა, წავსულიყავი.

-როგორ? -წამოიძახა მან. -უკვე მიდიხართ და თანაც ასე?

-თქვენ ხომ მითხარით, სერ, რომ შემიძლია წავიდე.

-ოღონდ არა გამოუმშვიდობებლად, არა ასე უმოწყალოდ, ასე უსიტყვოდ. ერთი სიტყვით, არა ასე უცებ და ცივად. თქვენ ხომ გადამარჩინეთ. საშინელი, წამებით სიკვდილისგან მიხსენით. ახლა კი ისე მიდიხართ, თითქოს სრულიად უცნობები ვიყოთ. ხელი მაინც ჩამომართვით.

ხელი გამომიწოდა. მეც გავუწოდე. მან ჯერ ერთი ხელით ჩამომართვა ხელი, მერე -ორივეთი.

-თქვენ მე გადამარჩინეთ. მსიამოვნებს, რომ თქვენგან ვარ ასე დავალებული. მეტს ვერაფერს გეტყვით. ვერ ავიტანდი, რომ რომელიმე სხვა ადამიანისგან ვყოფილიყავი ასე დავალებული. მაგრამ თქვენ! თქვენ სულ სხვა ხართ. თქვენი სიკეთე ტვირთად არ მაწევს, ჯეინ.

შეჩერდა. დამაკვირდა. ტუჩებზე აშკარად თრთოდნენ რაღაც სიტყვები, მაგრამ ხმა ჩაუწყდა.

-კვლავ ღამე მშვიდობისა, სერ, არავითარ ვალზე, სიკეთეზე ან ტვირთზე არ შეიძლება ასეთ შემთხვევაში ლაპარაკი.

-ვიცოდი, -განაგრძო მან, -ოდესმე რაღაც კარგს რომ გამიკეთებდით. ამაზე მეტყველებდნენ თქვენი თვალები, როდესაც პირველად გნახეთ. ამ თვალების გამოხედვამ და ღიმილმა ტყუილად კი არ... (აქ ის კვლავ შეჩერდა) ტყუილად კი არ (განაგრძო მან სწრაფად) მომგვარა შვება და გამინათა გულის ყველაზე მიყრუებული კუნჭული. ამბობენ, არსებობსო თანდაყოლილი სიკეთე; მფარველ ანგელოზზეც მსმენია; თურმე ყველაზე აშკარა ზღაპარშიც კი არის სიმართლის მარცვლები. ღამე მშვიდობისა, ჩემო სანუკვარო მხსნელო.

უცნაური ძალა ჰქონდა მის ხმას და მის გამოხედვას -საოცარი ცეცხლი.

-როგორ მიხარია, რომ არ მეძინა, -ვთქვი და წასვლა დავაპირე.

-როგორ? წასვლა გინდათ?

-მცივა, სერ.

-გცივათ? ჰო, თქვენ ხომ გუბეში დგახართ. კარგი, წადით, ჯეინ, წადით! -მაგრამ ჩემი ხელი კვლავ ხელში ეჭირა და არ მიშვებდა. მაშინ ეშმაკობას მივმართე.

-ვგონებ, მისის ფეიერფექსის ხმა მესმის, სერ, -ვთქვი მე.

-კარგი, დამტოვეთ, -ხელი გამიშვა და წავედი.

კვლავ დავწექი ჩემს საწოლში, მაგრამ ძილზე არც მიფიქრია. რიჟრაჟამდე მონანავე მღელვარე ზღვაში ვცურავდი. მშფოთვარე ტალღებს ბედნიერების ტალღები ენაცვლებოდა. ზოგჯერ მეჩვენებოდა, თითქოს ამ აბობოქრებულ ტალღებს იქით მოჩანდა ნაპირი მშვიდი, მშვენიერი, სამოთხისებური. ხოლო დროდადრო მაცოცხლებელი ნიავი, იმედით ფრთაშესხმული და გამარჯვებული, ჩემს სულს იმ ნაპირისკენ მიაფრენდა; მაგრამ ოცნებაშიც კი ვერ ვაღწევდი იმ ნაპირს. იქიდან საპირისპირო სიო ქროდა და კვლავ უკან მაბრუნებდა. ჭკუა წინააღმდეგობას უწევდა ოცნებას, გონება ფრთხილობდა და იმორჩილებდა ვნებათაღელვას. იმდენად აფორიაქებული ვიყავი, რომ ვერ მოვისვენე და, როგორც კი ირიჟრაჟა, ავდექი.

თავი მეთექვსმეტე

მეორე დღეს, მთელი ღამის უძილობის შემდეგ, ვნატრობდი შევხვედროდი მისტერ როჩესტერს და თან მეშინოდა კიდეც. მინდოდა, მისი ხმა კვლავ გამეგონა, მაგრამ მაკრთობდა მასთან პირისპირ შეხვედრა. დილით ადრე ყოველ წუთს ველოდი მის გამოჩენას. მართალია, ის ჩვენი არცთუ ისე ხშირი სტუმარი იყო, მაგრამ ხანდახან რამდენიმე წუთით მაინც დაგვათვალიერებდა ხოლმე სამეცადინო ოთახში. იმ დღეს, რატომღაც, ვფიქრობდი, აუცილებლად შემოვა-მეთქი.

დილამ ჩვეულებრივად ჩაიარა. არაფერი მომხდარა ისეთი, რასაც შეეძლო დაერღვია სიმშვიდე ადელის მეცადინეობის დროს. მხოლოდ საუზმის შემდეგ შემომესმა რაღაც ხმაური მისტერ როჩესტერის საძინებლის გვერდითი ოთახიდან. როგორც გავარჩიე, ეს მისის ფეიერფექსის, ლის -ჯონის მეუღლისა და მზარეულ ჯონის უხეში ხმა იყო. გარკვევით გავიგონე წამოძახილები: "მადლობა ღმერთს, რომ ბატონი არ დაიწვა თავის საწოლში!" "ყოველთვის საშიშია ანთებული სანთლის დატოვება ოთახში ღამით!" "საბედნიეროდ, გაახსენდა წყლით სავსე დოქი!" "მიკვირს, არავინ გააღვიძა! ნეტავ, ხომ არ გაცივდა ბიბლიოთეკაში, სადაც მას დივანზე ეძინა ხანძრის შემდეგ!..~

საუბრის დროს ხმაური ისმოდა. ოთახს ალაგებდნენ და წმენდდნენ. როდესაც პირველი სართულისკენ მივდიოდი სასადილოდ, მისტერ როჩესტერის ოთახს ჩავუარე, გაღებული კარიდან დავინახე, რომ ყველაფერი უკვე დაელაგებინათ და სრული წესრიგი დაემყარებინათ. მხოლოდ საწოლისთვის ჩამოეხსნათ ფარდები. ლი ფანჯრის რაფაზე იდგა და ბოლისგან გამურულ შუშებს წმენდდა. დავაპირე, გამოვლაპარაკებოდი, რადგან მინდოდა გამეგო, თუ როგორ აუხსნა მათ მისტერ როჩესტერმა წინა ღამით მომხდარი ამბავი. რამდენიმე ნაბიჯიც გადავდგი, მაგრამ ამ დროს ოთახში მეორე ადამიანიც შევნიშნე. ცეცხლის პირას, სავარძელში, ვიღაც ქალი იჯდა და ახალ ფარდებს რგოლებს აკერებდა. ეს ქალი სხვა არავინ იყო, თუ არა გრეის პული.

როგორც ყოველთვის, ის ახლაც მშვიდად იჯდა და ხმას არ იღებდა. ეცვა ყავისფერი შალის კაბა, კუბოკრული წინსაფარი, თეთრი მოსახვევი და თავზე ჩაჩი ეხურა. იმდენად გართული იყო საქმეში, რომ გეგონებოდათ, თავისი სამუშაოს მეტს ვერაფერს ხედავსო. მის ჯიუტ შუბლსა და ჩვეულებრივ ნაკვთებს არც სიფერმკრთალე ეტყობოდა და არც ის სასოწარკვეთა, რაც ხშირად ეტყობა ხოლმე კაცის მკვლელს. არც ის იგრძნობოდა, რომ მის მიერ დასაწვავად განწირულმა კაცმა ბუნაგამდე მისდია მას და ფარდა ახადა მის ბოროტმოქმედებას. გამიკვირდა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. და იმ დროს, როდესაც ასე გაშტერებული შევცქეროდი, მან თავი ასწია და შემომხედა; არც შემკრთალა, არც სახის ფერი შესცვლია. მღელვარება არაფრით გაუმჟღავნებია; არც ის, რომ გრძნობდა თავის დანაშაულს და ეშინოდა, არ გამოაშკარავებულიყო ყველაფერი. ჩვეულებრივად, უხალისოდ და მოკლედ მომესალმა: "დილა მშვიდობისა, მის!" აიღო რგოლი, ხვეულა და კერვა განაგრძო.

"მოდი, აბა გამოვცდი, -გავიფიქრე, -არ მესმის, როგორ შეიძლება ასე შენიღბვა~.

-დილა მშვიდობისა, გრეის, -მივესალმე, -რა მოხდა აქ? ვგონებ, რაღაც ლაპარაკი მომესმა მსახურებისგან აქ სულ ცოტა ხნის წინ.

-არაფერი. მხოლოდ ჩვენი პატრონი ღამით, დაძინებამდე, წიგნს ლოგინში კითხულობდა თურმე, ჩასძინებია და სანთელი ანთებული დარჩენია. ცეცხლი ფარდებს მოსდებია. ვიდრე საწოლი და ზეწრები ცეცხლში გაეხვეოდა, საბედნიეროდ, პატრონს გაჰღვიძებია და დოქში მდგარი წყლით მოუხერხებია ხანძრის ჩაქრობა.

-რა უცნაური ამბავია, -ჩავილაპარაკე ხმადაბლა. შემდეგ სახეში ჩავაცქერდი და ვუთხარი, -მისტერ როჩესტერმა გააღვიძა ვინმე? არც არავის გაუგია მისი ამბავი?

მან კვლავ ასწია თავი და შემომხედა. ამჯერად მისი თვალები თითქოს რაღაცის გარკვევას ცდილობდნენ, როგორც ჩანს. ფრთხილად მათვალიერებდა. შემდეგ მიპასუხა:

-თქვენც ხომ იცით, მის მოსამსახურეებს მისგან ისე შორს სძინავთ, ალბათ, ვერაფერი გაიგეს. მისის ფეიერფექსისა და თქვენი ოთახებია მისტერ როჩესტერის ოთახთან ყველაზე ახლოს; თუმცა მისის ფეიერფექსმა თქვა, არაფერი მსმენიაო. როდესაც ადამიანი ხანში შედის, მას ღრმად სძინავს ხოლმე. -აქ შეჩერდა და შემდეგ, ვითომ გულგრილად, მაგრამ მრავლის მეტყველი ხმით, ხაზგასმით დაუმატა, -მაგრამ თქვენ ახალგაზრდა ხართ, მის და, მე ვიტყოდი, ალბათ, ფხიზელი ძილიც იცით. თქვენ, ალბათ, გაიგონებდით ხმაურს?

-დიახ, გავიგონე, -ვთქვი და ხმას დავუწიე ისე, რომ ლის, რომელიც ჯერ კიდევ ფანჯრის შუშებს წმენდდა, არ გაეგონა, -და პირველად ვიფიქრე, პაილოტია-მეთქი, მაგრამ პაილოტს სიცილი არ შეუძლია. მე კი ნამდვილად შემომესმა სიცილი და საკმაოდ უცნაურიც.

მან საჭირო რაოდენობის ძაფი აიღო, გულმოდგინედ გასანთლა, მტკიცე ხელით ნემსში გაუყარა და შემდეგ, სრულიად დამშვიდებულმა, განაგრძო:

-ვფიქრობ, მის, ძნელი დასაჯერებელია, პატრონს გასცინებოდა, როდესაც ის ასეთ განსაცდელში იყო ჩავარდნილი. თქვენ, ალბათ, სიზმარში მოგეჩვენათ.

-არ მომჩვენებია, -ვუთხარი აღელვებულმა, რადგანაც მისმა უსირცხვილო გულგრილობამ ამანთო. გრეისმა კვლავ შემომხედა დაკვირვებით და თითქოს სულში ჩამწვდომი თვალები მომაპყრო.

-პატრონს უთხარით, რომ სიცილი შემოგესმათ? -იკითხა მან.

-ამ დილით შემთხვევა არ მომეცა, მას დავლაპარაკებოდი.

-არც კარის გაღება გიფიქრიათ ან ტალანში გახედვა? -იკითხა შემდეგ.

ისე გამოვიდა, რომ აქეთ მაძლევდა შეკითხვებს და ცდილობდა, დაეცდენინებინა ის, რაც თვითონ არ იცოდა. უცებ თავში ერთმა აზრმა გამიელვა: თუ გაიგებს, რომ მე ვიცი ან ეჭვი მაქვს მასზე, უდავოდ, თავის საშინელ ოინს არც ჩემთვის დაინანებს-მეთქი. ვარჩიე, გავფრთხილებულიყავი.

-პირიქით, -წარმოვთქვი, -კარი ჩავრაზე.

-მაშ, თქვენ კარს ურდულით არ კეტავთ, როცა იძინებთ?

"ეშმაკის კერძი! სურს, ჩემი ჩვევები გაიგოს და თავისი გეგმებიც ამის შესაფერისად დააწყოს~. აღშფოთებამ კვლავ სძლია სიფრთხილეს და უკმეხად ვუპასუხე:

-აქამდე კარს ურდულით არ ვკეტავდი ხოლმე, ვფიქრობდი, არ იყო საჭირო. არ ვიცოდი, რომ თორნფილდში ადამიანს რაიმე საფრთხე ან უსიამოვნება ემუქრებოდა, მაგრამ მომავალში (და მე განსაკუთრებით ხაზი გავუსვი ამ სიტყვებს) დაძინებამდე გულდაგულ შევამოწმებ, ყველაფერი კარგად მაქვს თუ არა დაკეტილი, რათა არაფრის მეშინოდეს.

-ჭკვიანური აზრია, -გავიგონე პასუხად. -ისე კი, მე ვიცი, რომ ამ არემარეში ისეთივე სიწყნარეა, როგორც ყველგან. რაც ეს სახლი აშენდა, არავის უცდია მისი გაქურდვა. თუმცა, ყველამ იცის, რომ მის საჭურჭლეებში ასობით გირვანქად ღირებული უამრავი ძვირფასი ვერცხლის ჭურჭელია. გარდა ამისა, თქვენც ხედავთ, რომ ამისთანა დიდ სახლს ძალიან ცოტა მოსამსახურე ჰყავს. მოგეხსენებათ, ჩვენი პატრონი დიდხანს არ რჩება ხოლმე აქ და, როდესაც ჩამოვა, როგორც უცოლოს, ძალიან ცოტა რამ სჭირდება. ჩემი აზრით, გადაჭარბებული სიფრთხილე სჯობია მეტისმეტად გაუფრთხილებლობას. უმჯობესია კარი მაშინვე ჩაკეტოთ, რადგანაც, ვინ იცის, რა უბედურება შეიძლება გეწვიოთ, მის. ხალხის უმრავლესობას ბედისწერის სწამს, ჩემი აზრით კი, ბედისწერა მხოლოდ მაშინ გვწყალობს, როდესაც სწორად წარვმართავთ ჩვენს საქმეებს.

საუბარი ამით დაამთავრა. ისედაც ამდენი ლაპარაკი მისთვის უჩვეულო ამბავი იყო. ლაპარაკობდა კვაკერისთვის დამახასიათებელი თავშეკავებულობითა და სერიოზულობით.

მე კვლავ ფეხზე ვიდექი უზომოდ გაოცებული და გაოგნებული მისი სასწაულებრივი თავდაჭერითა და უკიდურესი ფარისევლობით. სწორედ ამ დროს ოთახში მზარეულიც შემოვიდა.

-მისის პულ, -მიმართა მან, -სადილი მსახურებისთვის მალე მზად იქნება. ხომ არ ჩამოხვალთ დაბლა?

-არა, ჩემი კუთვნილი ლუდი და პუდინგის ნაჭერი დადეთ სინზე და მე თვითონ ამოვიტან მაღლა.

-ხორცი არ გნებავთ?

-მხოლოდ პატარა ნაჭერი და ცოტა ყველიც, მეტი არაფერი.

-საგო?

-ჯერ არა. მე თვითონ ჩამოვალ საუზმემდე და მოვიმზადებ.

მზარეული ახლა მე მომიბრუნდა, მითხრა, მისის ფეიერფექსი გიცდითო და მეც იქით გავეშურე.

სადილობისას მისის ფეიერფექსმა ამ ღამეს მომხდარი ხანძრის ამბავი მიამბო. მაგრამ ჩემამდე ვერ აღწევდნენ მისი სიტყვები. მე გრეის პულზე ვფიქრობდი და მაოცებდა მისი გამოცანად ქცეული საქციელი. ვერც ის გამერკვია, თუ რა ადგილი ეკავა ამ ქალს თორნფილდში. ჩემს თავს ვეკითხებოდი, იმავე დილით რატომ არ გაგზავნეს საპყრობილეში? ან, ყოველ შემთხვევაში, რატომ არ დაითხოვეს სახლიდან-მეთქი. განა მისტერ როჩესტერმა თვითონ არ თქვა, რომ დამნაშავე ეს ქალი იყო? რა იდუმალი მიზეზი აბრკოლებდა მას, რომ არ ამხელდა მის დანაშაულს? რატომ მიბრძანა, მეც საიდუმლოდ შემენახა ყოველივე? უცნაური იყო. ეს მამაცი, ქედმაღალი ადამიანი, რომელიც ჯავრს არავის შეარჩენდა, როგორც ჩანს, მისი ერთ-ერთი ყველაზე უმნიშვნელო ხელქვეითის გავლენის ქვეშ იყო. თანაც იმდენად განიცდიდა მის გავლენას, რომ არამცთუ არ ცდილა საჯაროდ ემხილებინა მისი დანაშაული, არამედ არც კი დასაჯა, თუმცა ამ ქალმა ხელი აღმართა მის გასანადგურებლად.

გრეისი რომ ახალგაზრდა და ლამაზი ყოფილიყო, ალბათ, ცდუნება დამძლევდა და ვიფიქრებდი, მისტერ როჩესტერს ამ ქალის მიმართ ნაზი გრძნობები უფრო ამოძრავებს, ვიდრე სიფრთხილე ან შიში-მეთქი. მაგრამ შეუხედავი მსახური დედაკაცის მიმართ ეს აზრი ძალას კარგავდა.

"თუმცა, -განვაგრძობდი ფიქრს, -ერთ დროს ისიც ახალგაზრდა იყო და, შესაძლოა, სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენი პატრონიც ჭაბუკი იყო. მისის ფეიერფექსმა ხომ მითხრა ერთხელ, გრეისი აქ უკვე მრავალი წელია ცხოვრობსო. ჩემი აზრით, შეუძლებელია, ის ოდესმე ლამაზი ყოფილიყო. რამდენადაც ვიცი, შეიძლება მას თავისებური და მტკიცე ხასიათი ჰქონოდა და ამით ფარავდა გარეგნულ ნაკლს. მისტერ როჩესტერს ხომ იზიდავს მტკიცე და თავისებური ბუნების ადამიანები. გრეისი კი, ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ თავისებური და უცნაურია. ნეტა, წინათ ჩადენილი ერთ-ერთი ახირებული საქციელის გამო ხომ არ მოექცა მისტერ როჩესტერი ამ ქალის გავლენის ქვეშ (ეს ახირებულობა კი სრულიად ბუნებრივია ასეთი სულსწრაფი და თავნება ადამიანისთვის)? ნეტა, ეს თავისი წინდაუხედავი ამბავი ხომ არ ზღუდავს მას და უქვემდებარებს თავის საქციელს. ახლა ეს ქალი ვეღარ მოუცილებია თავიდან და არც შეუძლია, ანგარიში არ გაუწიოს". აი, ამ დროს ისე ნათლად წარმომიდგა მისის პულის კვადრატული და უხეში სახე, რომ გავიფიქრე: "არა, ეს შეუძლებელია! შეუძლებელია, ჩემი ვარაუდი მართალი იყოს. თუმცა, -თავი წამოყო იდუმალმა ხმამ, რომელსაც ყველას გულში აქვს დადებული ბინა, -შენც არა ხარ ლამაზი და თითქოს მისტერ როჩესტერს მოსწონხარ. ყოველ შემთხვევაში, უკვე რამდენჯერ იგრძენი, რომ ეს ასეა. გაიხსენე წინა ღამე და მისი სიტყვები, მისი მზერა, მისი ხმა!.."

შესანიშნავად მახსოვდა სიტყვებიც, მისი შემოხედვაც და ხმაც. ეს ყველაფერი კვლავ გაცოცხლდა ჩემში. ახლა მე სამეცადინო ოთახში ვიყავი. ადელი ხატავდა, დავიხარე, რომ დავხმარებოდი, ფანქარი სწორად დაეჭირა. მან შეშფოთებით ამომხედა.

-Qu’avez-vous, mademoiselle?, -თქვა მან, -Vos doigts tremblent comme la feuille, et vos joues sont rouges: mais, rouges comme des cerises!

-არაფერი, როდესაც დავიხარე, სისხლი მომაწვა სახეში და დამცხა!

ადელმა ხატვა განაგრძო, მე კი -ფიქრი.

ვცადე, გრეის პულთან დაკავშირებული ფიქრები სასწრაფოდ მომეცილებინა თავიდან. ეს ფიქრები მზარავდა. გონებაში ის ქალი და საკუთარი თავი ერთმანეთს შევადარე, დავრწმუნდი, რომ სრულიად განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან. განა, ბესი ლივენმა არ მითხრა, მთლად ლედის დამსგავსებიხარო, და ის მართალი იყო. მე მართლაც ლედი ვიყავი. თუმცა, ახლა გაცილებით უკეთესად გამოვიყურებოდი, ვიდრე მაშინ, ბესიმ რომ მნახა. ფერი მომემატა და მოვიკეთე, ნათელმა იმედებმა, სასიამოვნო ცვლილებებმა ცხოვრების ხალისი შემმატა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში