ჯეინ ეარი (თა­ვი მე­თექ­ვსმე­ტე) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თა­ვი მე­თექ­ვსმე­ტე)

- დღეს მისტერ როჩესტერის ხმა არ გამიგონია, არც მისი ფეხის ხმისთვის მომიკრავს ყური. მაგრამ დაძინებამდე, უდავოდ, ვნახავ. დილით ეს შეხვედრა მაკრთობდა, ახლა - მენატრება". დიდი ხნის ლოდინმა და თავშეკავებამ მოთმინების ფიალა ამივსო.

როდესაც მთლად დაბნელდა და ადელიც თავის ოთახში წავიდა სოფისთან სათამაშოდ, მისტერ როჩესტერთან შეხვედრის სურვილი გამიმწვავდა. სმენად ვიქეცი. ნეტა, არ დაიწკრიალებს ზარი ქვევით, ან ლი არ გამოჩნდება, რომ დამიძახონ? ხანდახან მეჩვენებოდა, თითქოს თვით მისტერ როჩესტერი მოდიოდა. მაშინ კარს არ ვაცილებდი თვალს და ველოდი, სადაცაა კარი გაიღება და შემოვა-მეთქი. მაგრამ კარი კვლავ დახშული რჩებოდა. მხოლოდ სიბნელე შემოდიოდა ფანჯრიდან. ჯერ კიდევ გვიანი არ იყო: მისტერ როჩესტერი ხშირად მიხმობდა შვიდ ან რვა საათზე, ახლა კი მხოლოდ ექვსი იყო. შეუძლებელია, მოლოდინი გამიცრუვდეს ამ საღამოს, როდესაც ამდენი რამ მაქვს მისთვის სათქმელი! მინდოდა, კვლავ გრეის პულზე ჩამომეგდო ლაპარაკი, მაინტერესებდა, რას მიპასუხებდა. გადავწყვიტე, პირდაპირ მეკითხა, დარწმუნებული იყო თუ არა, რომ სწორედ ამ ქალმა სცადა იმ საშინელი საქმის ჩადენა. თუ ეს ასე იყო, მაშინ რატომ აფარებდა ხელს მის ბოროტებას. არ დავეძებდი, თუ ჩემი ცნობისმოყვარეობა გააღიზიანებდა მას. ჩემთვის უკვე ნაცნობი იყო მისი გაბრაზებაცა და დამშვიდებაც. სწორედ ეს იყო, რაც უზომო სიამოვნებას მგვრიდა. მაგრამ ჩემს უტყუარ წინათგრძნობას არასოდეს შევყავდი ძალიან შორს; არასოდეს ვაძლევდი თავს მეტისმეტის უფლებას. გარკვეულ ზღვრამდე კი ძალიან მომწონდა საკუთარი ზეგავლენის შეგრძნება ამ კაცზე. არ ვივიწყებდი მის მდგომარეობას. ყოველთვის ვიცავდი საპატიო მანძილს, მაგრამ შემეძლო მასთან უშიშრად და თავისუფლად მეკამათა. ეს ჩვენ ორივეს გვსურდა.

როგორც იქნა, აჭრიალდა კიბე ვიღაცის ნაბიჯების ქვეშ, გამოჩნდა ლი. მაგრამ მან მხოლოდ ის მაცნობა, ჩაი მზად არის მისის ფეიერფექსის ოთახშიო. მეც იქით გავეშურე. მახარებდა, რომ დაბლა ჩასვლის საბაბი მომეცა. ვფიქრობდი, მისტერ როჩესტერთან ახლოს ვიქნებოდი.

- ჩაი უთუოდ მოგინდებოდათ, - მითხრა კეთილმა ქალმა, როდესაც შევედი. - სადილზე ხომ თითქმის არაფრისთვის გიხლიათ ხელი. ვგონებ, - განაგრძობდა ის, - კარგად არა ხართ დღეს. ლოყები აგწითლებიათ, თითქოს გაციებთ.

- ოჰ, სრულიად კარგად ვგრძნობ თავს. ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ.

- მაშ, ეს კარგი მადით უნდა დაამტკიცოთ. ხომ არ გააწყობთ ჩაის, ვიდრე ამ ერთ ხაზს ჩავათავებ?

როგორც კი საქმეს მორჩა, ფარდა ჩამოუშვა, რომელიც გადაწეული იყო. ალბათ, უნდოდა სამუშაო დღის სინათლეზე დაემთავრებინა. ახლა ბინდბუნდი სიბნელეში გადადიოდა.

- მშვენიერი ღამეა, - თქვა შემდეგ და ფანჯარაში გაიხედა, - თუმცა ვარსკვლავები არ ჩანს. საერთოდ კი, მისტერ როჩესტერს კარგი დარი დაესწრო სამგზავროდ.

- სამგზავროდ! განა მისტერ როჩესტერი სადმე წავიდა? არ მეგონა, რომ ის შინ არ იყო.

- ოჰ, ისაუზმა თუ არა, მაშინვე გაემგზავრა. ლიში წავიდა მისტერ ეშტონთან. ეს მილკოტიდან ათი მილითაა დაშორებული, მხოლოდ იქითა მხრიდან. დარწმუნებული ვარ, ახლა იქ მთელი მაღალი საზოგადოება მოიყრიდა თავს: ლორდი ინგრემი, სერ ჯორჯ ლინი, პოლკოვნიკი დენტი და სხვები.

- ხომ არ ელოდებით ღამით?

- არა, არც ხვალ. ვფიქრობ, ერთ-ორ კვირას დარჩება იქ. ან, შეიძლება, მეტ ხანსაც. როდესაც ეს რჩეული მაღალი საზოგადოების ხალხი ერთად შეიყრება, მათ არ აკლიათ ფუფუნება, მხიარულება, ყველაფრით უზრუნველყოფილნი არიან, რაც თვალს აამებს და ასიამოვნებს, ასე რომ, არც ჩქარობენ უკან დაბრუნებას. განსაკუთრებით, ჯენტლმენებს უყვართ ასეთი დროსტარება. მისტერ როჩესტერი ისეთი მხიარულია, ისეთი ხალისის შემტანია ამ საზოგადოებაში, რომ ყველასთვის საყვარელი ადამიანია. ქალებს ხომ ძალიან მოსწონთ. არ იფიქროთ, თითქოს ისინი არ ხედავდნენ მის გარეგნობას. მაგრამ, ჩემი აზრით, მისი ცოდნა, უნარი და, ალბათ, სიმდიდრე და გვარიშვილობა ფარავს მის გარეგნულ ნაკლს.

- ლიში ქალებიც იქნებიან?

- დიახ, მისის ეშტონი და მისი სამი ასული. მართლაც, მეტად მომხიბვლელი ქალიშვილები; ბრწყინვალე ბლანში და მერი ინგრემები - ეს ულამაზესი ასულებიც იქ იქნებიან. ამ ექვსი თუ შვიდი წლის წინ ვნახე ბლანში, როდესაც ის თვრამეტი წლის იყო. აქ მოვიდა მისტერ როჩესტერის მიერ საშობაოდ გამართულ ბალზე. უნდა გენახათ იმ დღეს სასადილო ოთახი! რა მდიდრულად იყო მორთული, თვალის მომჭრელად გაჩირაღდნებული! ვგონებ, ორმოცდაათამდე ლედი და ჯენტლმენი ჰყავდა სტუმრად. ყველანი საუკეთესო საგრაფოებიდან. მის ინგრემი ამ ბალის დედოფალი იყო.

- თქვენ ბრძანეთ, რომ ის ნახეთ, არა, მისის ფეიერფექს? როგორია?

- დიახ, ვნახე. სასადილო ოთახის ყველა კარი ფართოდ იყო გაღებული. შობა იყო და მოსამსახურეებს ნება დართეს, შესულიყვნენ ჰოლში და მოესმინათ, როგორ მღეროდნენ და უკრავდნენ ეს ქალბატონები. მისტერ როჩესტერმა ნება დამრთო ოთახში შევსულიყავი, მეც წყნარი კუთხე ამოვირჩიე. დავჯექი და მათ ვათვალიერებდი. ასეთი საუცხოო კრებული წინათ არასოდეს მენახა. ქალებს მდიდრულად ეცვათ. მათი უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში - ახალგაზრდების უმრავლესობა, მეტად მომხიბვლელნი იყვნენ. მის ინგრემი კი ამ წვეულების მართლაც რომ დედოფალი იყო.

- როგორი იყო?

- მაღალი, ლამაზი მკერდი, დაქანებული მხრები; აღერილი ყელი; სახის მშვენიერი ფერი, შავგვრემანი სუფთა სახე; კეთილშობილი ნაკვთები; თვალები, მსგავსი მისტერ როჩესტერისა: დიდრონი და შავი, მისი ბრილიანტებივით მოელვარე; თმაც მშვენიერი: ყორანივით შავი და მოხდენილად დავარცხნილი. კეფაზე მსხვილი ნაწნავის გვირგვინი, წინ კი - მბზინვარე გრძელი კულულები, რომლის მსგავსი მანამდე არაფერი მენახა. თოვლივით ქათქათა სამოსი ეცვა. ქარვისფერი შარფი მხრებიდან მკერდზე გადმოდიოდა, წელზე ეკვროდა და მუხლებს ქვემოთ ფოჩებით მთავრდებოდა. კულულებში დაბნეული ასეთივე ფერის ყვავილი კუპრივით შავ თმაში გამოირჩეოდა.

- რასაკვირველია, ყველა მოხიბლა, არა?

- დიახ. მართლაც რომ ყველა აღტაცებული იყო არა მარტო მისი სილამაზით, არამედ მისი მოხდენილი ქცევითაც, სიმღერითაც არ ჩამორჩებოდა სხვა ქალებს. ვიღაც ჯენტლმენის აკომპანემენტით მან და მისტერ როჩესტერმა რაღაც დუეტიც იმღერეს.

- მისტერ როჩესტერმა? არ ვიცოდი, თუ მღერის.

- როგორ არა. მშვენიერი ბანი აქვს და კარგადაც ერკვევა მუსიკაში.

- მის ინგრემი? როგორი ხმა აქვს?

- ძალიან ძლიერი და ლამაზი. მეტად საამოდ მღეროდა. მისი მოსმენა მხოლოდ სიამეს აგრძნობინებდა ადამიანს. შემდეგ თვითონ დაუკრა. მე მუსიკაში ბევრი არაფერი მესმის, მაგრამ მისტერ როჩესტერს კარგად ესმის და გავიგონე, რომ თქვა, ბლანში საკმაოდ კარგად უკრავსო.

- და ეს მშვენიერი და უნაკლო ლედი ჯერ არაა გათხოვილი?

- როგორც ჩანს, არა. ვგონებ, არც მას და არც მის დას დიდი ქონება არ უნდა ჰქონდეთ. მოხუცი ლორდი ინგრემის თითქმის მთელი ქონება მაიორატის წესით მის უფროს ვაჟს გადაეცა.

- მიკვირს, ნუთუ, არც ერთ შეძლებულ კეთილშობილს ან ჯენტლმენს არ შეუყვარდა იგი? თუნდაც მისტერ როჩესტერს? მისტერ როჩესტერი ხომ მდიდარია?

- ოჰ, დიახ, ის მდიდარია. მაგრამ, იცით, მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. მისტერ როჩესტერი თითქმის ორმოცის ხდება. ის კი მხოლოდ ოცდახუთისაა.

- მერე რა? განა ყოველდღიურად არ ხდება ამაზე უთანაბრო ქორწინებანი?

- მართალია. მაგრამ არა მგონია, მისტერ როჩესტერი მომხრე იყოს ასეთი ქორწინებისა. მაგრამ თქვენ რატომ არაფერს ჭამთ? რაც მაგიდას შემოვუსხედით, ჩაის გარდა, ხელი არაფრისთვის გიხლიათ.

- გმადლობთ. ძალიან მწყურია და ჭამა არ შემიძლია. ხომ არ დამისხამთ კიდევ ერთ ფინჯან ჩაის?

კვლავ ვაპირებდი გამეგრძელებინა საუბარი მისტერ როჩესტერსა და მშვენიერ ბლანშს შორის შესაძლო ქორწინების შესახებ, რომ ამ დროს ადელი შემოვიდა და დიალოგმაც სულ სხვა მიმართულება მიიღო.

როდესაც კვლავ მარტო დავრჩი, მოსმენილზე ფიქრი ხელმეორედ დავიწყე. ჩემს გულში ჩავიხედე. ჩემი ფიქრები და გრძნობები შევამოწმე, ვცადე, შეუბრალებელი ხელით ამელაგმა ეს გაბედული, ფუჭი ოცნება და კვლავ ჭეშმარიტების ჩვეულებრივ გზას დავბრუნებოდი.

საკუთარი სამსჯავროს წინაშე წარვდექი. მეხსიერება მხარს უჭერდა ყველა ჩემს იმედს, სურვილს, გრძნობას, რომელსაც წინა ღამის შემდეგ გულით ვატარებდი. გამახსენდა ჩემი სულიერი მდგომარეობა ამ ორი კვირის განმავლობაში, მაგრამ აქ გონების თვალი წამოდგა და ჩვეული მშვიდი ხმით, ნათლად და პირდაპირ, შეულამაზებლად გამოთქვა თავისი აზრი. გამახსენდა, თუ როგორ უარვყავი სინამდვილე და გატაცებით მივენდე აუხდენელ ოცნებებს. ყოველივე ამის შედეგად მსჯავრი გამოვიტანე:

"ამქვეყნად არ დაბადებულა მეორე ისეთი სულელი ადამიანი, როგორიც ჯეინ ეარია. არც ერთი იდიოტი ამაზე მეტად არ მოიტყუებდა თავს ასეთი ტკბილი სიცრუით, არ დაეწაფებოდა საწამლავს, თითქოს ის მაცოცხლებელი ნექტრით სავსე ფიალა იყოს".

"ჰეი, შენ, - განვაგრძობდი მე, - შენ გგონია, რომ მოეწონე მისტერ როჩესტერს? შენ შეგწევს ძალა, რომ მისტერ როჩესტერს ასიამოვნო? მისთვის რამეს წარმოადგენ? თავი დამანებე, შენი უგუნურება გულს მირევს. გახარებდა ის შემთხვევითი ორაზროვანი სიტყვები, თითქოს უპირატესობას განიჭებდა ეს ბრწყინვალე ოჯახიშვილი, ჯენტლმენი, მაღალი საზოგადოების ადამიანი შენ, მის ხელქვეითსა და გამოუცდელ პიროვნებას? როგორ ბედავ, შე საბრალო ჩურჩუტო! ნუთუ, საკუთარმა ინტერესებმა მაინც არ დაგაჭკვიანა? მთელი დღე შენს გონებაში ნათლად ცოცხლობდა წინა ღამით მომხდარი პატარა ამბავი, არა? დამალე სახე და უნდა გრცხვენოდეს! რაღაც ქების მსგავსი გითხრა პირში, არა? უჭკუო თოჯინავ! კარგად გაახილე ეგ ბინდგადაკრული თვალები, იფიქრე ამ შენს უბადრუკ უგუნურებაზე! არც ერთ ქალს არ მოუტანს სიკეთეს მასზე მაღლა მდგომი ადამიანის ქათინაურები, თუ ის მართლაც არ აპირებს მის ცოლად შერთვას. სიგიჟეა, რომ რომელიმე ქალი თავის გულში ამაო სიყვარულით დანთებულ ხანძარს ააგიზგიზებს. სიყვარული, რომელიც ცალმხრივია და გაუმხელელი, თვითონ სპობს თავის მასაზრდოებელს - სიცოცხლეს. გამჟღავნების შემთხვევაში კი, თუნდაც მას სიყვარულით უპასუხონ, ის ემსგავსება შორს მოკიაფე სინათლეს, ტრამალებში რომ შეიტყუებს ადამიანს და უკან დასახევ გზას მოუჭრის.

- მაშ, ჯეინ ეარ, მოისმინე შენი განაჩენი: ხვალ დილით შენ აიღებ სარკეს, წინ დაიდგამ და დახატავ საკუთარ პორტრეტს - ოღონდ ზუსტად: არც ერთ შენს ნაკლს არ შეალამაზებ; არ გამოტოვებ სახის არც ერთ უხეშ ხაზსაც კი; არ შეარბილებ შენი სახის უსწორო ნაკვთებს; ქვეშ მიაწერ: უთვისტომო, ღარიბი და უბრალო აღმზრდელის სურათი. შემდეგ აიღე სპილოს ძვლის ფირფიტა - შენ გაქვს ის შენს სახატავ ყუთში, - შენი პალიტრა, აურიე ყველაზე ახალი, კარგი და სუფთა საღებავები; აირჩიე ყველაზე კარგი აქლემის თმის ფუნჯი, შექმენი ყველაზე მშვენიერი სახე, როგორიც კი შეგიძლია წარმოიდგინო; ყველაზე ნაზი ფერებით შეაფერადე; ეს სურათი უნდა ეთანხმებოდეს მისის ფეიერფექსის მიერ აღწერილ ბლანშ ინგრემს. გახსოვდეს ყორანივით შავი კულულები, მოელვარე თვალები. როგორ? შენ გინდა ნიმუშად მისტერ როჩესტერის თვალები გამოიყენო? გიბრძანებ! არავითარი წუწუნი! არავითარი გრძნობა! არავითარი სინანული! მხოლოდ გონიერება და ნებისყოფის სიმტკიცე. არ დაივიწყო სახის დიდებული და, ამავე დროს, ჰარმონიული ნაკვთები, მშვენიერი ყელი და მოხდენილი გულ-მკერდი, გამოუჩინე მრგვალი და გასაოცრად ლამაზი მკლავი და ჩამოსხმული თითები; არ გამოგრჩეს არც ბრილიანტის ბეჭედი და არც სამაჯური; ზუსტად გადმოეცი ჩაცმულობა, უნაზესი ბაბთები და ბრწყინვალე ატლასი, ლამაზი შარფი და მოყვითალო ვარდი. ამ სურათს უწოდე: ბლანში, მაღალი საზოგადოების დიდებული ასული.

მომავალში, თუკი შემთხვევით გულში გაივლებ აზრს, რომ მისტერ როჩესტერს მოსწონხარ, ამოიღე ეს ორივე სურათი და ერთმანეთს შეადარე; თქვი, მისტერ როჩესტერი უთუოდ დაიმსახურებს ამ კეთილშობილი ლედის სიყვარულს, თუკი ეცდება. ნუთუ შეიძლება მან რამე სერიოზულად იფიქროს ამ ღარიბ და შეუმჩნეველ მდაბიოზე?" ასეც მოვიქცევი", - გადავწყვიტე. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დავმშვიდდი და ჩამეძინა.

სიტყვა შევასრულე. ერთი თუ ორი საათი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფერადი ფანქრებით საკუთარი პორტრეტი დამეხატა, და თითქმის ორ კვირაში მის ბლანშის სპილოს ძვლის მინიატიურა დავამთავრე. საკმაოდ მშვენიერი გამოვიდა. როდესაც ის ჩემ მიერ შექმნილ საკუთარ პორტრეტს შევადარე, სხვაობა სწორედ ისეთი დიდი იყო, როგორიც ჩემი გონების თვალს უნდოდა. მუშაობამ ნაყოფი გამოიღო. გონება და ხელები გართულნი იყვნენ საქმით. ამან ძალა შემმატა და განმიმტკიცა ის გადაწყვეტილება, რომელიც მინდოდა წარუშლელად აღბეჭდილიყო ჩემს გულში.

სულ მალე საკუთარ თავს მივულოცე. შევძელი, ჩემი ფიქრები იმ წესისთვის დამემორჩილებინა, მალამოდ რომ გულზე მედებოდა. ამის წყალობით შევძელი სათანადო სიმშვიდით შევხვედროდი შემდგომ ამბებსაც. ეს ამბები რომ ადრე მომხდარიყო და ასე აღელვებული დავხვედროდი, უდავოდ, ძალა არ მეყოფოდა, თუნდაც ზერელედ გადმომეცა ყოველივე.

თავი მეჩვიდმეტე

ერთმა კვირამ ისე გაიარა, მისტერ როჩესტერისა არაფერი ისმოდა. ათი დღეც გავიდა. ის ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო. მისის ფეიერფექსის თქმით, გასაკვირი არ იყო, თუ ის ლიიდან პირდაპირ ლონდონში წავიდოდა, იქიდან - ევროპაში და, შეიძლებოდა, თორნფილდისკენ მთელი წლის განმავლობაში პირიც არ ექნა. მისთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო ასე უეცრად და მოულოდნელად გამგზავრება. ამის გაგონებაზე გამაჟრჟოლა და გულში რაღაც ჩამწყდა. იმედგაცრუების დამაუძლურებელი გრძნობა კვლავ მეუფლებოდა. გონება მოვიკრიბე, გავიხსენე ჩემი გადაწყვეტილება და გრძნობები დავიოკე. გამიკვირდა კიდეც, როგორ დავძლიე ეს დროებითი ცდუნება, როგორ მოვიშორე მცდარი ფიქრი, თითქოს მისტერ როჩესტერის საქციელს რაიმე სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. ჩემს თავს ვუთხარი:

"აბა, რა საქმე გაქვს თორნფილდის პატრონთან. შენ მხოლოდ ხელფასს იღებ მისტერ როჩესტერის შვილობილის აღზრდისთვის. გარდა ამისა, მადლობელიც უნდა იყო, ასე პატივისცემით და გულკეთილად რომ გეპყრობიან. უფლება გაქვს, ასეთ მოპყრობას ელოდე, თუკი შენს მოვალეობას კეთილსინდისიერად შეასრულებ. დარწმუნებული იყავი, რომ, მისტერ როჩესტერის აზრით, მხოლოდ ასეთი კავშირი შეიძლება იყოს თქვენ შორის. ასე რომ, ნუ შესწირავ მას შენს ფაქიზ სიყვარულს, აღტაცებას, ნუ გაიწამებ თავს. ის შენი წრის არ არის. ზურგს ნუ უჩვენებ შენს გვარს. თავს პატივი ეცი და საკურთხეველზე ნუ მიიტან მთელ შენს სიყვარულს, სულს, გულს - ენერგიას მაშინ, როდესაც ეს საჭირო არ არის, როდესაც ამას ვერ დააფასებენ და, შესაძლებელია, სიძულვილითაც კი უარყონ".

მშვიდად განვაგრძობდი ჩემს ყოველდღიურ საქმიანობას. ხანდახან, მართალია, ბუნდოვნად, მაგრამ თავში უკვე რაღაც აზრები მიტრიალებდა. ვცდილობდი, დამესაბუთებინა ჩემ მიერ თორნფილდის დატოვების შესაძლებლობა. ჩემდა უნებურად, ვიგონებდი განცხადებებს და ვფიქრობდი, სად ამომერჩია ახალი ადგილი. საჭიროდ არ ვთვლიდი, განმედევნა ეს ფიქრები. ისინი მაინც გაჩნდებოდნენ და, ალბათ, თავიანთ შედეგსაც გამოიღებდნენ.

უკვე ორ კვირაზე მეტი გავიდა, რაც მისტერ როჩესტერი არ ჩანდა. ერთ დღეს მისის ფეიერფექსმა ფოსტით წერილი მიიღო.

- ეს პატრონისგან არის, - თქვა მან, როდესაც მისამართს დახედა. - ახლა გავიგებთ, უნდა ველოდოთ მას თუ არა.

დაბეჭდილი კონვერტი გახსნა და წერილის კითხვას შეუდგა. კითხულობდა გულდასმით. მე კი ყავის სმა განვაგრძე (ჩვენ ამ დროს ვსაუზმობდით); ყავა ცხელი იყო და ამიტომაც მომედო სახეზე ალმური. მაგრამ ხელი რაღად ამიცახცახდა? რატომ დამეღვარა ყავა ლამბაქზე? ამაზე ფიქრი არ მინდოდა.

- იცით, ზოგჯერ ვფიქრობ, რა მეტისმეტად მიყრუებულად ვცხოვრობთ-მეთქი. მაგრამ ახლა დიდი საქმე გველის გარკვეული შემთხვევის გამო, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე ხანს მაინც, - თქვა მისის ფეიერფექსმა. წერილი კვლავ სათვალესთან ახლოს ეჭირა.

ვიდრე თავს ნებას მივცემდი შევკითხოდი, ადელს წინსაფარზე გახსნილი ბაბთები შევუბნიე, კიდევ ერთი ფუნთუშა მივაწოდე, ჭიქა რძით ხელმეორედ შევუვსე და მხოლოდ ამის შემდეგ ვკითხე გულგრილად:

- ალბათ, მისტერ როჩესტერი ჯერ კიდევ არ დაბრუნდება?

- პირიქით, დაბრუნდება და ძალიან მალე. სამ დღეში აქ იქნება, როგორც ის იწერება. ესე იგი, შემდეგ ხუთშაბათს. თანაც მარტო არ მოდის. ნეტა, ლიიში თავმოყრილი იმ მაღალი საზოგადოებიდან რამდენი აპირებს მასთან ერთად ჩამოსვლას. ბრძანებს, მზად დახვდეს ყველა საუკეთესო საძინებელი ოთახი; გაკრიალდეს ბიბლიოთეკა და მისაღები ოთახები. მითვლის, მილკოტის სასტუმრო "ჯორჯიდან" ვიქირავო მზარეულები და, თუ შევძლებ, სხვა ადგილებიდანაც. ქალბატონებს თავიანთი პირისფარეშნი მოჰყვებიან და მამაკაცებს - მსახურნი. ასე რომ, სახლი მთლად გაივსება.

მისის ფეიერფექსის წინასწარმეტყველება გამართლდა. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ფუსფუსი წამით არ მიმწყდარა. აქამდე ვფიქრობდი, თორნფილდში ყველა ოთახში იდეალური სისუფთავე სუფევს და მშვენივრად არის ოთახები მოწყობილი-მეთქი. მაგრამ, როგორც ჩანს, ვცდებოდი. სამი ქალი დაიხმარეს. ისე ხეხავდნენ იქაურობას ჯაგრისით, რეცხავდნენ, წმენდდნენ, ნოხებს ბერტყავდნენ, სარკეებსა და ჭაღებს აპრიალებდნენ, სურათებს ხან ხსნიდნენ და ხან კიდებდნენ. ოთახებში აგიზგიზებული ბუხრების წინ ისე ამზეურებდნენ ბუმბულის საბნებს, გადასაფარებლებს, რომ ასეთი რამ ჩემს ცხოვრებაში არც წინათ და არც შემდეგ არ მინახავს. ადელი გიჟივით დარბოდა. სტუმრების დასახვედრად მზადებამ და ლოდინმა, როგორც ჩანს, ისიც ააღელვა. მან აიძულა სოფი გადაეთვალიერებინა მთელი მისი "ტუალეტი", როგორც ის თავის კაბებს უწოდებდა, მოდიდან გამოსული კაბები გაეახლებინა, გაემზეურებინა და ახლები დაემთავრებინა. თვითონ შენობის წინა მხარეს განლაგებულ ოთახებში დარბოდა, საწოლებზე ხტებოდა, წვებოდა ლეიბებზე და ცეცხლის პირას დაგროვებულ მუთაქებსა და ბალიშებზე. მეცადინეობისგან გავათავისუფლე. მისის ფეიერფექსმა მთხოვა, დავხმარებოდი; ამიტომაც მთელ დღეებს საკუჭნაოში ვატარებდი, ვეხმარებოდი ან ხელს ვუშლიდი მას და მზარეულს; ვსწავლობდი კრემის, ხაჭოსა და ფრანგული ნამცხვრების გაკეთებას, ფრინველის შეწვას, სადესერტო ლანგრების მორთვას.

სტუმრებს ხუთშაბათს, ექვსი საათისთვის სადილად ელოდნენ. მთელი ამ ხნის განმავლობაში ოცნების დრო აღარ მრჩებოდა. მახსენდება, ადელზე თუ აღარაფერს ვიტყვი, მეც სხვებივით საქმეში ვიყავი ჩაბმული და ვმხიარულობდი. თუმცა, დროდადრო გულში რაღაც ჩამწყდებოდა თითქოს, ჩემდა უნებურად, ეჭვების, ავის მომასწავებელი გრძნობებისა და შავბნელი ფიქრების სამყაროში ამოვყოფდი ხოლმე თავს. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც მესამე სართულის კიბის კარი (რომელსაც ბოლო ხანს ყოველთვის კეტავდნენ) წყნარად გაიღებოდა და შემთხვევით თვალს მოვკრავდი, როგორ შემოვიდოდა გრეის პული გახამებული ჩაჩით, თეთრი წინსაფრითა და მანდილით. ვხედავდი, როგორ მიდიოდა ტალანში. მისი რბილი ფაჩუჩები სულ მცირე ხმაურსაც კი არ იწვევდა. ვამჩნევდი, როგორ ათვალიერებდა საწოლ ოთახებს, სადაც ყველაფერს ალაგებდნენ და ფუსფუსებდნენ. მივიდოდა, ალბათ, იმისთვის, რომ ორიოდე სიტყვით ესწავლებინა დაქირავებული ქალისთვის, როგორ გაეპრიალებინა მარმარილოს ბუხრის თავი, კედელზე გაკრული შპალერიდან ამოეწმინდა ლაქები, და შემდეგ გზას განაგრძობდა. დღეში ერთხელ ჩავიდოდა სამზარეულოში, ისადილებდა, ბუხრის წინ პატარა ჩიბუხს გააბოლებდა და უკან ბრუნდებოდა: თან სურით თავის ჩაბნელებულ ბუნაგში სანებივროდ ლუდი აჰქონდა. დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ ერთ საათს თუ დაყოფდა ხოლმე თავისივე მსგავს ხელქვეითებთან. დანარჩენ დროს მესამე სართულზე თავის დაბალჭერიან, მუხის ხის პანელებიან ოთახში ატარებდა. იქ იჯდა ის უმეგობრო, როგორც საპყრობილეში გამოკეტილი პატიმარი, და ქსოვდა, თან, ალბათ, თავისთვის საზარლად იცინოდა კიდეც.

ყველაზე მეტად ის მაკვირვებდა, რომ ამ სახლში ჩემ გარდა, არც ერთი ადამიანი ყურადღებას არ აქცევდა მის ამ თვისებებს და, როგორც ჩანს, არც უკვირდათ. არავის მოსდიოდა თავში აზრად, ეფიქრა მის მდგომარეობასა და ადგილზე, არავინ იბრალებდა მას, ასეთი განდეგილი და მიტოვებული რომ იყო. ერთხელ ყური მოვკარი ლისა და დაქირავებული ქალის საუბარს. ისინი გრეის პულზე ლაპარაკობდნენ. ლიმ რაღაც თქვა, რაც ვერ გავიგონე. დაქირავებულმა ქალმა ჰკითხა:

- მგონი, კარგად უხდიან, არა?

- დიახ, - უპასუხა ლიმ, - ნეტა, მეც ამდენს მიხდიდნენ. არ იფიქროთ, ჩემს ხელფასზე ვწუწუნებდე. არა, თორნფილდში სიძუნწე არ სჩვევიათ, მაგრამ ჩვენ არ ვიღებთ იმის მეხუთედსაც კი, რასაც გრეის პული. ის ფულს აგროვებს, ყოველ სამ თვეში ერთხელ მილკოტის ბანკში მიდის. მას ახლა საკმაოდ დიდი თანხა აქვს დაგროვებული, არც უნდა მიკვირდეს. წასვლა რომ უნდოდეს, ალბათ, შეძლებდა დამოუკიდებლად ცხოვრებას, მაგრამ მიეჩვია აქაურობას. გარდა ამისა, ჯერ ორმოცისაც არაა, ღონიერია, ჯანმრთელი და ყველაფერი შეუძლია. ჯერ მისთვის მეტისმეტად ადრეა, მუშაობას თავი დაანებოს.

- უნდა ითქვას, რომ საქმე კარგად იცის, - თქვა დაქირავებულმა ქალმა.

- კი, მან შესანიშნავად იცის თავისი საქმე, - უპასუხა ლიმ მრავალმნიშვნელოვნად. - ბევრი ვერ შეძლებს მის ადგილას ყოფნას, თუნდაც იმ ფულისთვის, ის რომ იღებს.

- რასაკვირველია, - გავიგონე პასუხი. - ნეტა, პატრონი თუ...

მომუშავე ქალი გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ ამ დროს ლი მობრუნდა, თვალი მომკრა და მაშინვე მუჯლუგუნი ჰკრა თავის მოსაუბრეს.

- არაფერი იცის? - შემომესმა ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვები.

ლიმ თავი გააქნია და, რასაკვირველია, საუბარიც შეწყდა. მოსმენილმა ერთ რამეში დამარწმუნა: თორნფილდი რაღაც საიდუმლოს ფარავდა და ამ საიდუმლოს ჩემგან შეგნებულად მალავდნენ.

დადგა ხუთშაბათი. ოთხშაბათს, საღამოსათვის, მთელი სამუშაო დამთავრდა. ხალიჩები გაფინეს, საწოლის ფარდები ლამაზად ჩამოაფარეს, ლოგინის გადასაფარებლები თეთრად ქათქათებდა. ტუალეტის მაგიდებზე ყველა საჭირო ნივთი ლამაზად დაალაგეს. ავეჯი გააკრიალეს, ყვავილებით სავსე ვაზები შემოიტანეს, საწოლი და მისაღები ოთახები სისუფთავით ბრწყინავდა. ამაზე მეტის გაკეთება ადამიანის ძალას აღემატებოდა. ჰოლიც ასევე ბრწყინავდა; მოჩუქურთმებული კედლის საათი, თვით კიბის საფეხურები და მოაჯირიც კი სარკესავით პრიალებდა. სასადილო ოთახში ჭურჭლის კარადა და შიგ შელაგებული ვერცხლის ჭურჭელი ადამიანს თვალს სჭრიდა. სასტუმრო ოთახისა და ბუდუარის ყოველი მხრიდან უცხო მცენარეები იჭყიტებოდნენ.

საღამოვდებოდა. მისის ფეიერფექსმა საუკეთესო შავი ატლასის კაბა და ხელთათმანი ჩაიცვა, ოქროს საათიც კი გაიკეთა, რადგან სწორედ მას უნდა მიეღო სტუმრები და ქალბატონები მათთვის განკუთვნილ ოთახებამდე მიეცილებინა. ადელსაც სურდა გამოპრანჭვა. ვფიქრობდი, მას არ მიეცემოდა სტუმრებთან წარდგომის შესაძლებელობა, ყოველ შემთხვევაში, პირველსავე დღეს მაინც. მაგრამ გოგონას გული რომ არ დასწყვეტოდა, სოფის ნება დავრთე, ადელისთვის მოკლე, ნაოჭებასხმული აბრეშუმის კაბა ჩაეცმია; თვითონ კი არ მიფიქრია, კაბა გამომეცვალა. ვიცოდი, იმ დღეს ჩემი სენაკიდან არ გამოვიდოდი (ასე ვუწოდებდი სამეცადინო ოთახს), რადგან იგი ჩემთვის ახლა მართლაც სენაკად იქცა, "მწუხარების ჟამს საამო თავშესაფრად".

გაზაფხულის მშვიდი, თბილი დღე იყო, ერთ-ერთი იმ დღეთაგანი, მარტის დამლევსა და აპრილის დასაწყისში რომ იცის და მზიანი დარი დედამიწაზე ზაფხულის მოახლოებას რომ გვამცნობს ხოლმე. დღე ილეოდა. მოსაღამოვდა, მაგრამ მაინც თბილოდა. სამეცადინო ოთახში ღია ფანჯარასთან ვიჯექი და ვსაქმიანობდი.

- უკვე საღამოვდება, - თქვა კაბის შარიშურით ჩემს ოთახში შემოსულმა მისის ფეიერფექსმა. - რა კარგად მოვიქეცი, სადილი მისტერ როჩესტერისგან ნაბრძანები ექვსი საათის ნაცვლად შვიდისთვის რომ მოვამზადებინე. ახლა უკვე შვიდის ნახევარია, ჯონი გავგზავნე ჭიშკართან. ნახოს, ხომ არ მოდიან. ჭიშკრიდან მილკოტისკენ მიმავალი გზა კარგად ჩანს. - მისის ფეიერფექსი ფანჯარასთან მივიდა. - აი, ისიც, - წამოიძახა.

- აბა, ჯონ, - და ფანჯრიდან გადახედა, - გამოჩნდნენ?

- მოდიან, ქალბატონო, - მოისმა პასუხი. - ათ წუთში აქ იქნებიან.

ადელი ფანჯარას მივარდა. მეც მივყევი, ვეცადე, ფარდას ისე მოვფარებოდი, რომ ყველაფერი დამენახა და არ გამოვჩენილიყავი.

ჯონის ათი წუთი გაუთავებელი მეჩვენა. როგორც იქნა, გავიგონე ეტლების ბორბლების ხმაური. ოთხმა ცხენოსანმა შემოაჯირითა ცხენები საეტლო გზაზე. მათ ორი ღია კარეტა მოჰყვა. გაფრიალებული პირბადეებისა და მოსართავი ბუმბულებისგან ეტლი არც კი ჩანდა. ორი ახალგაზრდა ცხენოსანი მხიარულად მოაგელვებდა ცხენებს, მესამე თავად მისტერ როჩესტერი იყო; თავის შავ ცხენზე, მეზრურზე იჯდა. წინ პაილოტი მორბოდა. მისტერ როჩესტერის გვერდით ვიღაც ლედი მოაჯირითებდა ცხენს. ეს ორნი მოუძღოდნენ დანარჩენთ. ქალის მეწამული ფერის საჯირითო სამოსი თითქმის მიწას სწვდებოდა. ნიავი გრძელ პირბადეს უფრიალებდა. მის გამჭვირვალე ნაკეცებს შორის ყორანივით შავი, მშვენიერი თმა ბზინავდა.

- მის ინგრემი! - წამოიძახა მისის ფეიერფექსმა და დაბლა, თავისი ადგილისკენ გაეშურა.

ცხენოსნები გადასახვევისკენ გაემართნენ. სწრაფადაც შეუხვიეს იქვე, სახლის კუთხეში, და თვალს მიეფარნენ. ადელი მემუდარებოდა, დაბლა გამეშვა, მაგრამ მუხლზე დავისვი და ვცადე ამეხსნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა იმ ქალბატონებთან მისვლა; არც ახლა და არც შემდგომ, ვიდრე არ დაუძახებდნენ, თორემ მისტერ როჩესტერი ძალიან განაწყენდებოდა. კიდევ უამრავი რამ ვუთხარი. ატირდა პატარა, როგორც იტყვიან "ცრემლებად დაიღვარა", მაგრამ როგორც კი მკაცრი გამომეტყველება მივიღე, დაწყნარდა და ცრემლები მოიწმინდა.

დარბაზიდან მხიარული ხმები და ხმაური ისმოდა. მამაკაცთა ბოხი და ქალების წკრიალა ხმები ერთმანეთში ჰარმონიულად ირეოდა. თორნფილდის მეპატრონის არცთუ ისე მაღალი, მაგრამ მჟღერი ხმა აშკარად გამოირჩეოდა. ის თავის ჭერქვეშ იღებდა კეთილშობილ და მშვენიერ სტუმრებს. კიბეზე მსუბუქი ფეხის ხმები გაისმა. ასევე მსუბუქად მიმოდიოდნენ ტალანში. მესმოდა ნაზი და მხიარული სიცილი, კარის გაღებისა და დახურვის ხმა და დროდადრო სიჩუმე.

-Elles changent de toilettes, - თქვა ადელმა, რომელიც ყურადღებით უსმენდა სტუმრების ყოველ მოძრაობას. შემდეგ ამოიოხრა. - Chez maman, - თქვა მან, -quand il y avait du monde, je le suivais partout, au salon et â leurs chambres; souvent je regardais les femmes de chambre coiffer et habiller les dames, c’etait si amusant: comme cela on apprend.

- არ გშია, ადელ?

-Mais oui, Mademoiselle; voilâ cinq ou six heures que nous n’avons pas mangè..

- აბა, მაშ, ვიდრე ქალბატონები თავიანთ ოთახებში არიან, დაბლა ჩავალ და რამეს ამოვიტან.

ჩემი თავშესაფრიდან ფრთხილად გამოვედი, უკანა კიბეს მივაშურე, საიდანაც პირდაპირ სამზარეულოში ჩავიდოდი. იქ ყველაფერს სიცხის ალმური ასდიოდა. გამალებული ფუსფუსებდნენ. წვენი და თევზი თითქმის უკვე მზად იყო. მზარეული ისე დახრილიყო ცეცხლთან, გეგონებოდათ, სადაც არის თვითონაც ალი მოედებაო. მოსამსახურეთა ოთახში ორი მეეტლე და სამი მსახური დამხვდა. მათგან ზოგი იდგა და ზოგიც ცეცხლს შემოსხდომოდა. პირისფარეშნი, ალბათ, ქალბატონებს ახლდნენ ზევით. მილკოტიდან დაქირავებული ახალი მოსამსახურეები ყველგან ფუსფუსებდნენ. ძლივს გავიკვლიე გზა ამ არეულ-დარეულობაში და ბოლოს საკუჭნაოს მივაღწიე. ავიღე წიწილა, პურის ნაჭერი, ნამცხვარი, ორი თეფში, დანა-ჩანგალი და ამ ნადავლით დატვირთული სასწრაფოდ უკან დავბრუნდი. უკვე ტალანში ვიყავი, ის იყო უკანა კიბის კარს ვხურავდი, რომ ხმაური შემომესმა. ქალბატონები თავიანთი ოთახებიდან გამოდიოდნენ. სამეცადინო ოთახამდე, მათი ოთახების წინ უნდა გამევლო და, სანოვაგით ასე დატვირთულს თუ დამინახავდნენ, უდავოდ გაოცდებოდნენ. ამიტომაც შევჩერდი. უფანჯრო ტალანში ჯერ ისედაც ბნელოდა, ახლა კი მზე ჩასული იყო, ბინდდებოდა და უკვე აღარაფერი ჩანდა იქ, სადაც მე ვიდექი.

ოთახებიდან ერთიმეორის მიყოლებით გამოდიოდნენ მშვენიერი სტუმრები. თითოეული მხიარულად და მედიდურად გამოდიოდა. მათი კაბები წყვდიადში ბრწყინავდნენ. ერთხანს ტალანის მეორე ბოლოში შეჯგუფდნენ და თავშეკავებულად ბჭობდნენ რაღაცაზე. შემდეგ კი, თითქოს გამჭვირვალე ნისლი ჩამოეშვა მთებიდანო, მსუბუქად ჩავიდნენ კიბეზე. ამ კრებულმა მანამდე ჩემთვის განუცდელი მაღალი წარმოშობის სინატიფე მაგრძნობინა.

ადელს სამეცადინო ოთახის კარი გაეღო და იჭყიტებოდა. - რა ლამაზები არიან! - წამოიძახა მან ინგლისურად. - ნეტა, შეიძლებოდეს მათთან მისვლა! როგორ ფიქრობთ, მისტერ როჩესტერი მიგვიწვევს სადილის შემდეგ?

- რასაკვირველია, არა. მისტერ როჩესტერს უამრავი საზრუნავი აქვს. ამ საღამოს ნუ ფიქრობ მათზე. ხვალ, შესაძლებელია, მიხვიდე მათთან. ახლა კი, აი, სადილი მოგიტანე.

მართლაც მოშიებოდა. წიწილამ და ნამცხვარმა ცოტა ხნით მისი ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანა. სოფისაც გავუზიარე ჩვენი სადილი. რა კარგად მოვიქეცი, რომ სადილზე ვიზრუნე, თორემ ადელი, მეც და სოფიც უსადილოდ დავრჩებოდით. დაბლა ყველას თავბრუ ჰქონდა დახვეული და ჩვენთვის არ ეცალათ. დესერტი მხოლოდ ცხრა საათის შემდეგ მიიტანეს. ათ საათზეც კი მოსამსახურენი ჯერ კიდევ წინ და უკან დარბოდნენ ლანგრებითა და ყავის ფინჯნებით. ადელს ნება დავრთე, ჩვეულებრივზე გვიან დაეძინა. მისი თქმით, აბა, როგორ დაიძინებდა, ვიდრე კარების გაღებისა და დახურვის ხმა და ხალხის ფუსფუსით გამოწვეული ხმაური ისმოდა. გარდა ამისა, - ამბობდა ის, - მისტერ როჩესტერმა რომ ვინმე გამოგზავნოს და მე გახდილი დავხვდეო, et, alors, quel dommage!

ვუამბობდი სხვადასხვა ამბავს, ვიდრე მოსმენის თავი ჰქონდა, შემდეგ კი, გახალისების მიზნით, ტალანში გამოვიყვანე. ჰოლი გაეჩირაღდნებინათ. ადელი გაერთო. მოაჯირიდან გადაჰყურებდა მოსამსახურეებს, წინ და უკან რომ დარბოდნენ. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, როდესაც მისაღები ოთახიდან, სადაც როიალი გადაეტანათ, მუსიკის ხმები მოისმა. ადელი და მე კიბის დასაწყისში, საფეხურებზე ჩამოვსხედით და ვუსმენდით. გაისმა მშვენიერი მუსიკა და სიმღერა. რომელიღაც ლედი მღეროდა. მეტად სასიამოვნო ხმა ჰქონდა. შუალედებში მხიარული საუბრით გამოწვეული ჟრიამული ისმოდა. დიდხანს ვუგდებდი ყურს. უცებ მივხვდი: სმენას ვძაბავდი, რათა ეს ერთმანეთში არეული ხმები გამერკვია, სხვადასხვა კილოთი წარმოთქმულ სიტყვებში მისტერ როჩესტერის ხმა გამომეცნო. ჩემმა სმენამ ეს მართლაც შეძლო. ახლა უკვე სხვა საზრუნავი გამიჩნდა: გამეგონა წინადადებები თუ არა, ცალკეული სიტყვები მაინც.

საათმა თერთმეტი დარეკა. ადელს გადავხედე. მას თავი ჩემს მხარზე ედო. თვალებს ძლივს ახელდა. ხელში ავიყვანე და თავის საწოლში ჩავაწვინე. ღამის პირველი საათი იქნებოდა, სტუმრები რომ დაიშალნენ და თავიანთი ოთახებისკენ გაეშურნენ.

მეორე დღემაც ასევე მხიარულად გაიარა. სტუმრებმა თორნფილდის მეზობლად მდებარე ადგილები დაათვალიერეს. დილით ადრე გაუდგნენ გზას. ზოგი ცხენებით და დანარჩენნი - კარეტებით. არც მათი წასვლა გამომპარვია და არც დაბრუნება. როგორც პირველ დღეს, ახლაც ცხენოსანი ქალი მის ინგრემი იყო, ხოლო მის გვერდით ცხენს კვლავ მისტერ როჩესტერი მიაგელვებდა. ეს წყვილი დანარჩენებისგან ოდნავ მოშორებით მიქროდა. ამ გარემოებაზე მივუთითე მისის ფეიერფექსს, რომელიც ჩემთან ერთად ფანჯარასთან იდგა.

- თქვენ ბრძანეთ, საეჭვოა, ისინი დაქორწინდნენო, - ვუთხარი მას. - მაგრამ ხედავთ, რომ მისტერ როჩესტერი სხვებთან შედარებით მას აშკარა უპირატესობას აძლევს.

- დიახ, უნდა გითხრათ, რომ მართალი ხართ. ეჭვი არ არის, აღტაცებულია მის ინგრემით.

- და მის ინგრემიც მოხიბლულია, - დავუმატე. - შეხედეთ, როგორ იხრება მისკენ, თითქოს საიდუმლოდ რაღაცაზე საუბრობენო: ნეტა, შემეძლოს დავინახო მისი სახე. ჯერ თვალიც არ მომიკრავს მისთვის.

- ამ საღამოს ნახავთ, - მიპასუხა მისის ფეიერფექსმა. - შემთხვევით ვუთხარი მისტერ როჩესტერს, თუ როგორ ნატრობს ადელი სტუმრების ნახვას და მან მითხრა: მაშინ, გამოუშვით მისაღებ ოთახში ნასადილევს. სთხოვეთ მის ეარს, თვითონ ჩამოიყვანოს ადელი!

- ეს, რასაკვირველია, თავაზიანობამ ათქმევინა. დარწმუნებული ვარ, არავითარი საჭიროება არ მოითხოვს, რომ ჩავიდე, - ვუპასუხე.

- იცით, მისტერ როჩესტერს მოვახსენე, რომ თქვენ არ ხართ ჩვეული ასეთ საზოგადოებას და, ჩემი აზრით, არ მოისურვებს ასეთი მხიარული სტუმრების წინაშე წარდგენას-მეთქი; თანაც, სულ უცნობების წინაშე. მან კი თავისებურად სწრაფად მომიგო: - სისულელეა! თუ უარს იტყვის, გადაეცით, რომ ეს ჩემი პირადი სურვილია. და, თუ კვლავ იუარებს, უთხარით, რომ მივალ და ძალით ჩამოვიყვან!

- ასე არ შევაწუხებ, - ვუპასუხე, - თუ სხვანაირად არ ხერხდება, რა გაეწყობა. მაგრამ ძალიან არ მინდა ჩასვლა. თქვენ იქნებით იქ, მისის ფეიერფექს?

- არა, მისტერ როჩესტერს ვთხოვე, გავეთავისუფლებინე, და უარი არ მითხრა. ახლა გეტყვით, როგორ აიცილოთ თავიდან მათ წინაშე გამოჩენით გამოწვეული დაბნეულობა: ეს ხომ ყველაზე უსიამოვნოა. ვიდრე სტუმრები მაგიდიდან აიშლებიან და მისაღებ ოთახში არავინ იქნება, შედით შიგ და ამოირჩიეთ წყნარი კუთხე; თუ თქვენთვის სასიამოვნო არ იქნება იქ ყოფნა, როდესაც მამაკაცებიც შემოვლენ, შეგიძლიათ, გამოხვიდეთ. მხოლოდ მისტერ როჩესტერმა გნახოთ, რომ იქ ხართ, და შემდეგ გამოდით. თქვენს წამოსვლას არავინ შენიშნავს.

- როგორ ფიქრობთ, დიდხანს აპირებენ დარჩენას?

- ალბათ, ორ ან სამ კვირას. მეტს კი აღარ დარჩებიან. სააღდგომო დასვენების შემდეგ სერ ჯორჯ ლინი, რომელიც ამ ბოლო დროს პარლამენტის წევრად აირჩიეს მილკოტიდან, უნდა გაემგზავროს და მოვალეობის შესრულებას შეუდგეს. მისტერ როჩესტერიც, ალბათ, თან გაჰყვება. მიკვირს, ამდენ ხანსაც რომ დარჩა თორნფილდში.

გულის კანკალით ველოდი იმ წუთს, როდესაც ჩემს აღსაზრდელთან ერთად მისაღებ ოთახში უნდა ჩავსულიყავი. ადელმა, როგორც კი გაიგონა, იმ საღამოს სტუმრებთან ჩასვლის ნება მეძლევაო, მთელ დღეს ვერ მოისვენა, ღელავდა. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როცა სოფიმ სასტუმროდ გამოპრანჭა. მეტად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის, როგორ ჩააცმევდნენ და ამ ამბავმა მთლად შეიპყრო. თმა ლამაზად დავარცხნეს; კულულები მხრებზე ეფინებოდა; ჩააცვეს ვარდისფერი ატლასის კაბა; სარტყელი გამოუბაფთეს; მაქმანის ხელთათმანიც მოარგეს. გოგონამ მსაჯულივით სერიოზული გამომეტყველება მიიღო. საჭიროც არ იყო, გვეთქვა, კაბას გაფრთხილებოდა, კოხტად ყოფილიყო. ჩააცვეს თუ არა, თავის პატარა სკამზე ფრთხილად ჩამოჯდა, ატლასის კაბა აიწია, რომ არ დაჭმუჭნოდა, და მარწმუნებდა, არ გავინძრევი, ვიდრე თქვენც მზად არ იქნებითო. ჩემს ჩაცმას დიდი დრო არ დასჭირვებია. ჩავიცვი ჩემი საუკეთესო კაბა (ვერცხლისფერი, მის ტემპლის ქორწილისთვის რომ ვიყიდე და შემდეგ აღარც ჩამიცვამს), თმა სადად დავივარცხნე; ჩემი ერთადერთი სამკაული - მარგალიტის გულსაბნევი - გავიკეთე და ჩავედით.

ჩემდა საბედნიეროდ, მისაღებ ოთახში მეორე კარითაც შეიძლებოდა შესვლა ისე, რომ იმ ოთახში არ გაგვევლო, სადაც სტუმრები სადილობდნენ. ოთახში მართლაც არავინ დაგვხვდა. მარმარილოთი მოპირკეთებულ ბუხარში ცეცხლი უხმაუროდ ენთო. ოთახს მხოლოდ თაფლის სანთლები ანათებდნენ. სანთლები ყვავილებს შორის ციმციმებდნენ. მაგიდა მშვენიერი ყვავილებით მოერთოთ. თაღიდან ალისფერი ფარდა ეშვებოდა. სასადილო ოთახში ისე ხმადაბლა საუბრობდნენ, რომ, მიუხედავად იმ თხელი ფარდისა, რომელიც ჩვენ გვყოფდა, შეუძლებელი იყო გამეგო, რაზე საუბრობდნენ. ისმოდა მხოლოდ მშვიდი, თავშეკავებული ჟრიამული. ამ საზეიმო განწყობილების გავლენით იყო, რომ ადელი წყნარად, უსიტყვოდ ჩამოჯდა ჩემ მიერ მითითებულ პატარა სკამზე. მე ფანჯრის ახლოს სკამზე მოვთავსდი, ერთ-ერთი მაგიდიდან რაღაც წიგნი ავიღე და ვცადე, თავი კითხვით გამერთო. ადელმა თავისი სკამი ჩემს ფერხთით დადგა. უცებ მუხლზე შემახო ხელი.

- რა იყო, ადელ?

- Est-ce que je ne puis pas prendre une seule de ces f’leurs magnifiques, Mademoiselle? seulement pour completer ma toilette?

- ადელ, ძალიან ბევრს ფიქრობ შენს მორთულობაზე, მაგრამ ყვავილი შეგიძლია აიღო.

ვაზიდან ერთი ვარდი ამოვიღე და გოგონას კაბის ბაფთაზე დავუმაგრე. ენით გამოუთქმელი კმაყოფილებით ამოიოხრა: თითქოს მისი ბედნიერების ფიალა ახლა პირამდე სავსე ყოფილიყო. ღიმილი ვერ შევიკავე და, მას რომ არ შეემჩნია, სახე ვიბრუნე. იყო რაღაც სასაცილო და თანაც სავალალო ჩაცმისადმი ამ პატარა პარიზელის მისწრაფებასა და თანდაყოლილ სიყვარულში.

წყნარმა ხმაურმა სტუმრების მაგიდიდან აშლა გვაუწყა. თაღიდან ფარდა გადასწიეს. გამოჩნდა სასადილო ოთახი. დიდი ჭაღი უხვად ფენდა სინათლეს ვერცხლისა და ბროლის შესანიშნავ ჭურჭელს, რომლითაც დესერტი მიეტანათ გრძელ მაგიდაზე. გამოჩნდა ქალთა ჯგუფი. ისინი მისაღებ ოთახში შემოვიდნენ და ფარდაც ჩამოეშვა.

რვანი იყვნენ, მაგრამ ისე გუნდურად შემოფრთხიალდნენ ოთახში, გაცილებით მეტი გეგონებოდათ. ზოგიერთი ტანწერწეტა იყო. უმრავლესობა თეთრებში იყო გამოწყობილი. ამ კაბების სითეთრეში ისე მკვეთრი იყო მათი დიდებულება, როგორც მთვარე ნისლში. წამოვდექი და მივესალმე. ერთმა თუ ორმა მიპასუხა სალამზე, დანარჩენებმა მხოლოდ შემომხედეს.

ქალები ოთახში მიმოიფანტნენ. მსუბუქი და ნარნარი მოძრაობებით თეთრფრთიან ჩიტებს ჰგავდნენ. ზოგი დივანსა და რბილ სავარძლებში ნახევრად გადაწვა. ზოგი მაგიდასთან მივიდა: წიგნებსა და ყვავილებს დაუწყო სინჯვა; დანარჩენები ცეცხლის პირას შეგროვდნენ. ყველა ხმადაბლა, მაგრამ მკაფიოდ ლაპარაკობდა. როგორც ჩანს, ასე სჩვეოდათ. მათი სახელები შემდგომ გავიგე, მაგრამ ახლავე სახელებით გაგაცნობთ მათ.

პირველად მისის ეშტონსა და მის ქალიშვილებს წარმოგიდგენთ. ეტყობოდა, თავის დროზე მისის ეშტონი ლამაზ ქალად ითვლებოდა. არც ახლა აკლდა სილამაზე. უფროსი ასული, ემი, შედარებით დაბალი იყო. გულუბრყვილო ბავშვივით სახე, ქცევები და აღნაგობაც ბავშვს მიუგავდა. მეტად შვენოდა ცისფერბაფთიანი თეთრი აბრეშუმის კაბა. მის დას, ლიოზას, უფრო მაღალსა და მოხდენილ ქალიშვილს, მშვენიერი სახე ჰქონდა. ფრანგები რომ minois chiffonne-ს უწოდებენ ხოლმე. დები მინდვრის შროშანებს ჰგავდნენ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში