მთავარი როლი (ნაწილი XIV) - გზაპრესი

მთავარი როლი (ნაწილი XIV)

ბოლო დროს უქმე დღეები მაცოფებს. გულს ვერაფერს ვუდებ. ადრე მიხაროდა შაბათ-კვირა, ხან სამზარეულოში ვტრიალებდი, ხან წიგნს ვკითხულობდი ან ფილმს ვუყურებდი ინტერნეტში. ახლა კი ყველაფრის ხალისი წამერთვა. ისე მოვდუნდი, აღარაფერი მაინტერესებდა. თვალწინ მხოლოდ ბიბი მედგა და გამუდმებით მასზე ვფიქრობდი.

დღესაც, ერთ ჩვეულებრივ შაბათს, ავიღე წიგნი და ვერანდაზე გავედი, ჩემს ყვავილებთან, სავარძელში მოვკალათდი და გადავწყვიტე, კითხვით შემექცია თავი, რათა ბიბი დროებით მაინც დამევიწყებინა. სპეციალურად შევარჩიე დეტექტივი, ჩამითრევს-მეთქი. ბოლო დროის მოვლენების გახსენება აღარ მინდოდა, განსაკუთრებით - ჩემი დროებითი შეყვარებულის, რომელმაც გუშინ დამირეკა და მითხრა, საღამოს სამსახურის შემდეგ შემოგივლი, შენთან სალაპარაკო მაქვსო. მეც დებილივით ვიჯექი და ველოდი.

დაახლოებით შუაღამე იყო, როცა დამირეკა იმის სათქმელად, რომ თავი ვერ გაითავისუფლა და აღარ დავლოდებოდი. წარმოიდგინეთ, წყენის ნაცვლად, შვება ვიგრძენი. არ მინდოდა მისი ნახვა, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს ხანებში. ჩვენი გარიგების ვადა ამოიწურა. მან პატიოსნად შეასრულა თავისი როლი, მე კი შტერულად მოვიქეცი და იმის მაგივრად, რომ თვითონაც მეთამაშა, მართლა შემიყვარდა.

გოგოებმა მირჩიეს, დაელაპარაკეო, მე კი პირიქით ვაპირებ - უნდა შევეცადო, რაც შეიძლება მალე დავივიწყო ის საშინელი ორი თვე.

ალბათ ჭკუაზე არ ვიყავი, როცა ეს სიყალბე წამოვიწყე, მაგრამ მედალს ხომ ორი მხარე აქვს. მეორე მხრივ, პირველი შემთხვევა იყო, როცა წინასაქორწინო ქეიფებზე მარტო არ ვიყავი, ამასთან, მსიამოვნებდა ბიბის ყურადღება, რაღაც-რაღაცების უფლებას ვაძლევდი და... შემიყვარდა კიდეც.

უსიამოვნო ფიქრებისგან გული შემეკუმშა. თავი გავაქნიე და შევეცადე, მთელი ყურადღება წიგნზე გადამეტანა. კარგი არაფერი მელის, თუ თავს დავიტანჯავ. ცხოვრებისეული გამოცდილება მკარნახობს, რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია პოზიტიური განწყობა და სასიამოვნო რამეებზე ფიქრი. ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ამიტომ `გრძელვადიანი~ წუხილი არ მჩვევია, ჩემი სტილი არ არის. ნამდვილად ვიცი - რადგან ჩემთან ლაპარაკი გადაწყვიტა, დღეს იქნება თუ ხვალ, მოვა და ჩვენს ურთიერთობაზე `ლექციას ჩამიტარებს~.

`დაივიწყე! ნუ ფიქრობ მასზე!~ - ჩამძახოდა გონების ხმა, მაგრამ ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდი. არ ვიცი, რისი იმედი მქონდა... ალბათ სასწაულის...

წიგნი თვალებთან ახლოს მივიტანე და სავარძლის რბილ ზურგს მოხერხებულად მივეყრდენი. მიყვარდა თბილ დღეებში აქ ჯდომა. მართალია, ჯერ ისე არ ცხელოდა, როგორც ზაფხულში იცის, მაგრამ ისეთი მზიანი დღე იყო, აპრილს რომ არ ახასიათებს. დიახ, აპრილი დაიწყო. აი, ასე სწრაფად გარბის დრო, როგორც კი გაზაფხული დადგება. ზამთარი იწელება ხოლმე ძალიან, თორემ გაზაფხულიდან შემოდგომამდე თვალის დახამხამებაში ილევა დღეები და კვირები. მიყვარს აპრილი, არც ძალიან ცივა და არც ძალიან ცხელა. არც მარტივით არეული ამინდი იცის, მაინცდამაინც. ასე თუ ისე, `მოწესრიგებული~ თვეა, ნამდვილი გაზაფხულის თვე. აპრილის მზე მათბობს - თბილი ნიავი ისედაც აბურდულ თმას უფრო რომ მიწეწავს. მე თუ მკითხავთ, ეს უფრო საიმედოა, ვიდრე `მკვირცხლი კარიერისტის~ ყურადღების ძებნა, რომელიც მზადაა, გამოიყენოს ჩემნაირი ქალი, რათა სასურველ კონტრაქტს გამოჰკრას ხელი.

წყენამ ისევ წამომიარა და შევეცადე, კითხვა გამეგრძელებინა. მაგრამ აღმოვაჩინე, რომ ერთსა და იმავე აბზაცს უკვე მესამეჯერ ვკითხულობდი.

ტელეფონი მაინც გამომეტანა, იქნებ მირეკავს და ვერ მაგონებს? - მაინც მას გადასწვდა ჩემი ფიქრი. საძინებელში დავტოვე, თანაც - ჩანთაში და მგონი, შეგნებულად მოვიქეცი ასე, რომ ზარის ხმა არ მომწვდენოდა. ახლა ნამდვილად არ მინდა მასთან საუბარი და მით უმეტეს - შეხვედრა. თან, რა საშინელ ფორმაში ვარ - აბურდული თმით, ცხვირზე დაკოსებული სათვალით და ბიუსტჰალტერის გარეშე. არადა, ეს აწეწილი თმა, მგონი, განსაკუთრებულ სექსუალურ იერს მანიჭებს. რას ვიცინებ, უცებ თავზე რომ წამომადგეს!..

ამ ფიქრებში გართულს უეცრად ჩახველების ხმა შემომესმა. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა წიგნი ჩამოვწიე და ჩემ წინ უხერხულად მოღიმარი ბიბი დავინახე. გიჟივით წამოვხტი.

- აქ რას აკეთებ? - ისეთი განწირული ხმით ვიყვირე, თითქოს საშინელება დამენახოს. - როგორ შემოხვედი?

- კარი ღია იყო. გირეკავდი და არ მიპასუხე. მერე მესიჯი გამოგიგზავნე... არ გინახავს?

- რომ მენახა, როგორ გგონია, ასეთ ფორმაში დაგხვდებოდი? - ცალი ხელით გაფუებულ თმას ვისწორებდი, მეორით კი პლედს ვიფარებდი შიშველ ფეხებზე. რაღა დღეს მომინდა ამ მოკლე შორტის ჩაცმა!

- ძალიან ლამაზი ხარ, - დაბნეულმა მითხრა.

- არა, შენ ასეთი არ უნდა გენახე! - კვლავ ვაგრძელებდი ყვირილს. - კარი რატომ იყო ღია? რაღაცას მატყუებ!

- მე რა ვიცი, რატომ იყო? აბა, საიდან შემოვიდოდი? გასაღები არ მაქვს... ზარიც კი არ დამირეკავს, კარი შეღებული დამხვდა და მეც ეგრევე შემოვედი. რამე დავაშავე?

- შენ გაუფრთხილებლად მოხვედი.

- მერე რა მოხდა? ამას რამე მნიშვნელობა აქვს? უცხოები ხომ არ ვართ!

წყენა ვერ დავფარე.

- მე არ შემიძლია ახლა შენი მიღება.

- რა კლიენტივით მელაპარაკები, ელ? რას ნიშნავს, ჩემი მიღება არ შეგიძლია? მოეშვი ამ სისულელეებს. უბრალოდ, იმიტომ მოვედი, რომ ბოდიში მომეხადა, წუხელ რომ დაგაღალატე.

- მხოლოდ ამიტომ? - ჩემდა უნებურად წამომცდა.

- არა, მხოლოდ ამიტომ არა. კიდევ იმიტომ მოვედი, რომ შენთან სალაპარაკო მაქვს.

მის უკან ისე გავიხედე, თითქოს გასაქცევ გზას ვეძებდი.

- იცოდე, არ წავალ, სანამ არ ვილაპარაკებთ.

ფრთხილი მზერით დავზვერე, სათვალე თითით მაღლა ავწიე და ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე.

- მგონი, განსაკუთრებული სალაპარაკო არაფერი გვაქვს. შენი მისია დამთავრებულია, შეგიძლია, მთელი დრო შენს ახალ პროექტს მიუძღვნა, ამიტომ...

- ვიცი, რომ ცუდად მოგექეცი და ჩემმა ბოლოდროინდელმა საქციელმა დაგაბნია. ამიტომ რაღაცები უნდა აგიხსნა. რატომ არ გინდა, მომისმინო? - მუდარით სავსე ტონით მითხრა, ერთი ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ და იდაყვში წამავლო ხელი.

დავიძაბე, რაც მას შეუმჩნეველი არ დარჩენია.

- ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენს ხვალინდელ დღეზე... მითხარი რამე, ნუ ხარ ჩუმად, გთხოვ!

წამით მოვლბი, სული გამითბო მისმა მუდარით სავსე სიტყვებმა, მისმა უსუსურმა გამოხედვამ, მაგრამ მალევე ავიყვანე თავი ხელში. თმა უკან ისეთი ამაყი ჟესტით გადავიყარე, თითქოს საგულდაგულოდ მქონოდეს დავარცხნილი და არა - ჩიტის ბუდესავით აბურდული.

- მეტად აღარ შეეცადო ჩემს მოხიბვლას, - რაც შემეძლო, მოვკუმე ტუჩები, რომ არ ამკანკალებოდა და ხელი გამოვითავისუფლე მისი თითებისგან, - ვერ ხედავ, რას ვგავარ? უმაკიაჟოდ, თმაგაწეწილი, სათვალით, ძველი ტანსაცმლით... აი, ასეთი ვარ სინამდვილეში, - სასოწარკვეთილმა მხრები ავიწურე, - ყურადღებით დამაკვირდი! ხედავ? არც ძვირფასად მაცვია, არც თმა მაქვს დავარცხნილი, კონტაქტური ლინზებიც არ მიკეთია. ისევ ის უბრალო ელენე ვარ, რომელსაც ერთ დროს იცნობდი. შთაბეჭდილებას არ ახდენს, ხომ მართალია?

- ელ, შენ მომაჯადოებლად ლამაზი ხარ.

ღმერთო, ვერც მიხვდა, რამხელა შეცდომა დაუშვა ამ სიტყვების თქმით. მგონი, დამცინის. რა ნახა ჩემში მომაჯადოებელი, როცა გულის ამრევად გამოვიყურები?

- ბიბი, შენ მიიღე, რაც გინდოდა. ასე არ არის? გზა გაკვალულია, ამიტომ აწი აღარ არის საჭირო, უაზრო კომპლიმენტები მაფრქვიო. ნუ მაჩვენებ თავს, თითქოს აღფრთოვანებული ხარ ჩემი სილამაზით.

- თავს სულაც არ გაჩვენებ... ვამბობ იმას, რასაც ვხედავ. აქ იმიტომ ვარ, რომ მომწონხარ. მომწონხარ შენ და არა - შენი ტანსაცმელი ან ვარცხნილობა. მგონი, უნდა იცოდე ეს!

ცივი მზერით გავხედე.

- საიდან უნდა ვიცოდე?

რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხელის აწევით შევაჩერე და გავაგრძელე:

- იყო დრო, როცა ასეთი სიტყვების მოსმენისთვის ყველაფერს გავიღებდი, მაგრამ ახლა - აღარ.

- რატომ?

- შენი უპირველესი სიყვარულისთვის კონკურენციის გაწევა არ შემიძლია.

ისეთი შეცბუნება დაეტყო სახეზე, რომ მსწრაფლ დავაყოლე განმარტება:

- შენს სამსახურს ვგულისხმობ. ის ყოველთვის მთავარი იქნება შენთვის. - ისევ დააღო პირი შესაპასუხებლად, მაგრამ თავის მართლების საშუალება არ მივეცი: - მაცადე, დამამთავრებინე!.. აჯობებს, არ შემეკამათო. ბოლო თვეში ყოველ ჯერზე, როცა რაღაც მომენტში ძალიან ახლოს მოვდიოდით ერთმანეთთთან, შენს ძვირფას კარიერას აყენებდი ყველაფერზე წინ, კედელივით აღმართავდი ჩვენ შორის. არ გაინტერესებდა, როგორმე გაღრმავებულიყო ჩვენი სიახლოვე. ვერ ხვდები, რომ ჩვენ სრულიად განსხვავებულები ვართ? შენთვის უპირველესი - სამსახურია, ჩემთვის - ეს ადგილი, ეს სახლი, სადაც ვისვენებ მუშაობის შემდეგ, ვტრიალებ სამზარეულოში და სადილებს ვამზადებ. შენთვის ეს ყოველივე მუდამ ცოტა იქნება, არასდროს დაგაკმაყოფილებს. - თავი ამაყად ავწიე და ჯიქურ გავუსწორე თვალი. - მითხარი, რომ არ ვარ მართალი.

- არ ვიცი, რა გიპასუხო... - მხრები აიჩეჩა ბიბიმ. - მე მომწონს ბიზნესი, მისი ატმოსფერო, თანამშრომლობა და საქმიან წრეში ტრიალი, მიღებები და კოქტეილის საღამოები, საინტერესო შეხვედრები. თუნდაც განსხვავებულები ვიყოთ, მერე რა? მეგონა, ეს ჩვენს ურთიერთობას ხელს არ შეუშლიდა და ყველაფერი გამოგვივიდოდა.

- გამოგვივიდოდა? როდის? როცა უკვე ყველაფერი დამთავრდა? რაც თენგოს პროექტზე დაიწყე მუშაობა, ერთი ნაბიჯი მაინც გადმოგიდგამს ჩემკენ? - წონასწორობა დავკარგე.

- ვაღიარებ, რომ დამნაშავე ვარ და მთლიანად საქმეზე გადავერთე. იმასაც ვაღიარებ, რომ სხვადასხვანაირები ვართ, მაგრამ ამით არაფერი შავდება. განა არ იცი, რომ პლუსი და მინუსი ერთმანეთს იზიდავს?

გაწიწმატებულმა თავი გადავაქნიე.

- მითხარი, თავისუფალ დროს რითი ერთობი?

დაიბნა. ერთხანს გამომცდელად მომაშტერა თვალები, მერე კი წყნარი ხმით მიპასუხა:

- რა ვიცი... რაც საქართველში ჩამოვედი, თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს. ამერიკაში კი გოლფს ვთამაშობდი, ჩოგბურთზე დავდიოდი, ვციგურაობდი...

- ისევ ეს შენი ამერიკა! ნუ, კარგი, გასაგებია. და ამ ყველაფერს მარტო აკეთებდი?

- რატომ მარტო? მეგობრებთან ერთად.

- ჰოდა, არ გაინტერესებს, მე რას ვაკეთებ, როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდება? შინ ვზივარ და ნამცხვრებს ვაცხობ. ცხვირს არ ვყოფ გარეთ, არსად გასართობად არ დავდივარ. მგონი, საკმარისია შენთვის, რომ გეზიზღებოდე. ხომ ასეა?

ბიბიმ ხელი ასწია, თითქოს ჩემს დამშვიდებას ცდილობდა.

- ამას არა აქვს მნიშვნელობა, ელ! როგორიც ვართ, ისეთები ვართ და სულაც არ არის აუცილებელი, შევიცვალოთ. ბოლოს და ბოლოს, შეიძლება, ისე მაინც შევხვდეთ ერთმანეთს.

როგორი იმედგაცრუება გამომეხატა სახეზე!.. მან ისევ ისეთი რაღაც თქვა, რაც არ უნდა ეთქვა.

- ელი, საყვარელო! - ძალიან თბილად მითხრა. - ერთად მოვიფიქროთ, როგორ გადავჭრათ ეს პრობლემა, კარგი?

ამ დროს მისმა მობილურმა დარეკა. ბიბიმ გემრიელად შეიგინა, ალბათ იმით გაგულისებულმა, რომ აპარატი გამორთული არ ჰქონდა. მეტიც არ მინდოდა - საჩვენებელი თითი მისი ჯიბისკენ გავიშვირე, საიდანაც ზარის ხმა მოისმოდა.

- იქნებ უპასუხო? - ნიშნის მოგებით შევხედე. - ალბათ მნიშვნელოვანი კლიენტი გირეკავს. კიდევ ერთი საინტერესო წინადადება გელოდება!

ბიბი იდგა და ვერ გადაეწყვიტა, ეპასუხა ზარისთვის თუ ჩემთან კამათი გაეგრძელებინა. ყოყმანი რამდენიმე წამს გაგრძელდა, რამაც საბოლოოდ დამაკარგვინა წონასწორობა.

- იცი, რა? მეცოდები! აი, ახლაც კი, ამწუთას, როცა ვსაუბრობთ, შენ მხოლოდ სამსახურზე ფიქრობ.

მოულოდნელად გაფითრდა. ისეთი თვალებით შემომხედა, თითქოს დედა მეგინებინოს. ბოლოს დახშული ხმით ამოთქვა:

- შენი ნათქვამიდან მხოლოდ ერთი სიტყვა გავიგონე: მეცოდები. აქამდე არასდროს არავის უთქვამს ჩემთვის მსგავსი რამ. ბავშვობაშიც კი არ მახსენდება ამდაგვარი რამე. შეიძლება, ვინმეს მართლა ვეცოდებოდე, მაგრამ შეცოდებას ვერ ავიტან ქალისგან, რომელიც.... - მან სათქმელი არ დაამთავრა და ამიტომ ვერ მივხვდი, რა იგულისხმა.

- რომელიც რა? - დაკონკრეტება მოვთხოვე.

დანისლული თვალებით შემომხედა და ძალიან ხმადაბლა, გაბზარული ხმით მითხრა:

- მაინცდამაინც იმ მომენტში მივხვდი რაღაცას, როცა წასვლის გარდა, აღარაფერი დამრჩენია... - მან ხელი ჯიბეში ჩაიყო და ტელეფონი იმავე წამს დადუმდა. - შენ მართალი ხარ, ელ. ნახვამდის, - თქვა და გატრიალდა.

არასდროს დამავიწყდება მისი ტკივილით სავსე თვალები, სანამ ზურგს შემაქცევდა...

რას მიხვდა? რატომ არ მითხრა, რა იყო ის `რაღაც~? ან რა იგულისხმა, როცა თქვა, ვერ ავიტან ქალისგან, რომელიც... რა უნდა ეთქვა? რომელიც მძულსო? რომელიც ძვირფასია ჩემთვისო? იქნებ უნდა ეთქვა, რომელიც მიყვარსო?..

ყველაფერი ამერია თავში.

ბიბი წავიდა და კვლავ მარტო დავრჩი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი გული დავდე ფსონად ბანქოს თამაშისას და წავაგე...

როგორც კი გავიდა, ფანჯარას მივვარდი და ეზოში გადავიხედე. ვხედავდი, როგორ გადიოდა ქუჩაში. თითქოს გული გასკდა და ათას წვრილ ნამსხვრევად მიმოიფანტა ჩემს სხეულში. გავაკეთე ის, რაც მინდოდა - სათადარიგოთა სკამზე გადავსვი ჩემთვის ყველაზე სასურველი ადამიანი. წესით, კმაყოფილი უნდა დავრჩენილიყავი, მაგრამ ვერ ვივიწყებდი მისი ტკივილით სავსე თვალებს. მკვდარივით გამოიყურებოდა, თითქოს საბოლოოდ გაანადგურა ჩემმა ერთმა სიტყვამ. ნუთუ ამხელა მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის ჩემს ნათქვამს?! ძლივს შევიკავე თავი, ბოდიშის მოსახდელად არ გავკიდებოდი.

მუხლებზე დავეშვი და თავი ხელებში ჩავრგე. ასეთ ფორმაში ჯერ ჩემს დაქალებსაც არ ვუნახავვარ. ბიბის ხომ - მით უმეტეს, ცოცხალი თავით არ დავენახვებოდი ასე. არადა, თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა და გაოცება ვერ შევატყვე, თუმცა, ვერც იმას დავიჯერებ, რომ საშინაო ტანსაცმელსა და სათვალის მიღმა მიმზიდველი ქალი დაინახა.

მითხრა, ძალიან ლამაზი ხარო. თვალები მაგრად დავხუჭე, რათა მეხსიერებიდან ამომეშალა ის ნაზი გამოხედვა, ამ სიტყვების წარმოთქმისას რომ ჰქონდა. რა დაემართა, დაბრმავდა? ეშმაკმა უწყის, რას ვგავარ, ის კი კომპლიმენტებით მავსებს. ეს დაცინვა არ არის?.. მაგრამ თუკი სიმართლეს ამბობდა? ნუთუ წარსულის შიში ისე მაქვს გამჯდარი სულში, რომ დღემდე მომდევს? იქნებ ამ შიშის გამო სამუდამოდ დავკარგე ბედნიერების შანსი? ნუთუ ხელიდან გავუშვი ჩემი ცხოვრების სიყვარული?

ჩემი ცხოვრების სიყვარული! თითქოს აღმოჩენა გავაკეთე! მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ ბიბი ჩემი ცხოვრების სიყვარული ყოფილა!

ფეხზე წამოვხტი და კვლავ ფანჯარას ვეცი. სწორედ ამ დროს ბიბის მანქანა მოსახვევში მიიმალა. რა ვქნა, ხომ არ დავურეკო და მოვაბრუნო? ავწრიალდი. კარგა ხანს ვებრძოდი ჩემს თავს, არ მინდოდა ნაჩქარევი ნაბიჯის გადადგმა... ბოლოს გადავიფიქრე დარეკვა: აჯობებს, ორივენი დავმშვიდდეთ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ ყველაფერი და ცივი გონებით გადავწყვიტოთ, როგორ ჯობია.

ერთ რამეში ნამდვილად ვიყავი დარწმუნებული - ჩვენი მომავალი საუბარი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში...

სამი დღის შემდეგ ისეთი ამბავი გავიგე, თავზარი დამეცა. მეგიმ დამირეკა და მოკითხვის შემდეგ თავზარდამცემი ინფორმაცია `მახარა~:

- იცი, ბიბი კიევში რომ გაემგზავრა?

ცხელი ტაფა, რომელიც ხელში მეჭირა, ლამის გამივარდა. ტაფა კი დავიჭირე, მაგრამ ხაჭაპური უშნოდ დაეპერტყა მაგიდაზე და შუაზე გადასკდა.

- როდის წავიდა? - სუნთქვაშეკრულმა ძლივს ამოვთქვი.

- წუხელ. თენგოს კომპანიის სარეკლამო რგოლები იქ უნდა დაამზადონ.

- და რამდენი ხნით?

- თვის ბოლოს ჩამოვა. არ გილაპარაკია მასთან, ხომ?

- არა, - ყრუდ მივუგე და მუხლებმოკვეთილი, სკამზე ჩამოვჯექი.

- დებილი ხარ. ტყუილად გეჩიჩინეთ მაგდენი? როგორი გაუგონარი ხარ ხანდახან, რა! ფუჰ... არავის არ უსმენ. ასეთი კაცის ხელიდან გაშვება იქნება, გოგო?! ძალიან გამაბრაზე, შენთან ლაპარაკიც არ მინდა! - გამთათხა დაქალმა და ტელეფონი გამითიშა.

გონს ვერ მოვდიოდი. არ მინდოდა იმის დაჯერება, რაც მოვისმინე. ეს როგორ გააკეთა? ასე უბრალოდ, ადგა და წავიდა. არც კი გავახსენდი - დამტოვა დამსხვრეული გულით და სრულ სიმარტოვეში!

დეპრესია დამეწყო. არავის ნახვა არ მინდოდა, ვერც მუშაობას ვუდებდი გულს. ყველაზე დიდი საშინელება ის იყო, რომ სამზარეულოში ტრიალიც არ მსიამოვნებდა. ადრე სტრესს სწორედ ეს მიხსნიდა, ახლა კი პირიქით, იქით გახედვაც არ მინდოდა.

ასე გავიდა ორი კვირა. ბოლოს ვეღარ მოვითმინე და ბიბის სამსახურს მივადექი. იქ ვიღაც დათო გავიცანი, მისი თანამშრომელი, რომელმაც, ჩემდა საბედნიეროდ, ძალიან გულღიად მიმიღო და ბიბის სამუშაო კაბინეტში შემაცილა. ვიფიქრე, წერილს დავუტოვებ მაგიდაზე და რომ ჩამოვა, ნახავს-მეთქი. მინდოდა, ისეთი რამე დამეწერა, რაც აიძულებდა, ჩამოსვლისთანავე დაერეკა ჩემთვის. მაგიდა აკურატულად იყო მილაგებული. იქვე რამდენიმე ბლოკნოტი იდო. ორი მათგანი რაღაც შენიშვნებით აღმოჩნდა გაძეძგილი, მესამე - ცარიელი. სწორედ ეს ბლოკნოტი დავიდე წინ და კალამი მოვიმარჯვე. ჩემდა გასაოცრად, სიტყვებს თავი ვერ მოვუყარე. არ ვიცოდი, როგორ დამეწყო წერილის წერა და, საერთოდ, რა დამეწერა. რამდენიმე ფურცელი გავაფუჭე, ამოვხიე, დავკუჭე და ჩანთაში ჩავიდე, რომ იქ არ დამეტოვებინა.

ბოლოს, როგორც იქნა, თავი მოვაბი და დავიწყე: `ბიბი, გამარჯობა!~ მართლა არ ვიცოდი, რა უნდა დამეწერა, მაგრამ სიტყვები თითქოს თავისთავად დალაგდა ფურცელზე. წერილის შინაარსი იმაში მდგომარეობდა, რომ ვინანიებდი მასთან უხეშად საუბარს ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს, ბოდიშს ვუხდიდი და მისგან ახსნა-განმარტებას მოვითხოვდი, რატომ მომექცა ასე. თუ სათანადოდ არ დააკმაყოფილებდა ჩემს მოთხოვნას, `ვემუქრებოდი~, რომ კარავს დავცემდი მისი ოფისის წინ და შიმშილობას გამოვაცხადებდი, სანამ პასუხს გამცემდა. მე კი მთელი ქვეყნის გასაგონად ვიყვირებდი, რასაც მასზე ვფიქრობდი. `ბოლოს ისე წამოხვედი ჩემგან, რომ არაფერი ამიხსენი. ამჯერად არ მოგცემ უფლებას, იგივე გაიმეორო. გელოდები~.

წერილი ასე მთავრდებოდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში