ჯეინ ეარი (თავი XVIII) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XVIII)

მე უკვე მოგახსენეთ, მკითხველო, როგორ მივეჩვიე და როგორ მხიბლავდა მისტერ როჩესტერი. გრძნობას ვერ შევიცვლიდი მის მიმართ მხოლოდ იმიტომ, რომ არავითარ ყურადღებას არ მაქცევდა და მთელი იმ დროის მანძილზე ერთხელაც არ შემოუხედავს ჩემთვის; ან თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ მთელი მისი ყურადღება მხოლოდ იმ ახალგაზრდა დიდებულმა ლედიმ დაისაკუთრა, რომელსაც მე იმდენად ვძულდი, რომ, თუ ჩემ ახლოს ჩაივლიდა, ცდილობდა კაბის ქობითაც არ შემხებოდა, ხოლო, თუ შემთხვევით მის შავ მბრძანებლურ თვალთა მხედველობის არეში მოვხვდებოდი, ის მაშინვე სხვა მხარეს გაიხედავდა, თითქოს ისეთ საგნად მივაჩნდი, რომელსაც საერთოდ შეხედვის ღირსად არც კი მიიჩნევენ. ყოველდღიური დაკვირვებით ვრწმუნდებოდი, რომ მისტერ როჩესტერი სწორედ ამ ახალგაზრდა ლედის შეირთავდა, მაგრამ მხოლოდ ამიტომ ვერ შევიცვლიდი გრძნობას მის მიმართ. მის ინგრემსაც ამ რწმენის გამო თავი ამაყად ეჭირა. მისტერ როჩესტერი დიდი პატივისცემითა და მოკრძალებით ექცეოდა. ყოველ წუთს მოწმე ვხდებოდი, თუ როგორ ეთაყვანებოდა მას, თუმცა ტრფობის მეტად თავისებური ხერხი ჰქონდა _ დაუდევრობა. თითქოს იწვევდა ქალს და ერჩივნა, მასვე ეძებნა ვაჟის ყურადღება და არა _ პირიქით. მაგრამ სწორედ ამ დაუდევარ ტრფიალებაში იყო დამატყვევებელი მიმზიდველობა და ამ სიამაყეში კი _ დაუძლეველი სწრაფვა.

არა, ყოველივე ამაში არაფერი იყო ისეთი, რომ გული გამცივებოდა ან სიყვარულზე უარი მეთქვა. მაგრამ ზემოთ ნათქვამი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რომ სასოწარკვეთილებას მივცემოდი. მკითხველი, ალბათ, იფიქრებს, რომ ჩემს სულს ეჭვიანობის გესლი წამლავდა. მაგრამ, განა ჩემს მდგომარეობაში მყოფ ქალს შეეძლო ეეჭვიანა მის ინგრემის მსგავს მეტოქეზე? რასაკვირველია, არა, და არც ვეჭვიანობდი, ან _ ძალიან იშვიათად. ის ტკივილი, რომელიც მაწამებდა, ძნელია, ვინმემ სიტყვით ახსნას. მის ინგრემი არ მიმაჩნდა ეჭვიანობის ღირსად. მას იმდენად არარაობად ვთვლიდი, რომ რაიმე გრძნობას ვერ გამოიწვევდა ჩემში. მომიტევეთ, ასეთ პარადოქსისთვის, მაგრამ სწორედ იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ. თუმცა, თვალწარმტაცი იყო, ბუნებრიობა აკლდა. მის ასეთ მშვენიერებასა და ბრწყინვალებას ლაქად გონებრივი გამოფიტულობა და ბუნებრივი გულცივობა აჩნდა. ასეთ ნიადაგზე ვერაფერი გაიხარებდა და აყვავდებოდა, ვერავითარ ბუნებრივ, გემრიელ ნაყოფს ვერ იგემებდით და ვერ დატკბებოდით. ის არც კეთილი იყო და არც თავისი საკუთარი გააჩნდა რამე. წიგნებიდან მხოლოდ მყვირალა ფრაზებს იმეორებდა. თავისი საკუთარი აზრით ვერასოდეს მოგხიბლავდათ. მსჯელობდა მაღალ და წმინდა გრძნობებზე, მაგრამ მისი სულისთვის თანაგრძნობა და შებრალება ისევე უცხო იყო, როგორც სითბო და სიმართლე. აქ კი ხშირად თავს ვერ იკავებდა და უნებურად გასცემდა ხოლმე საკუთარ თავს. ალბათ, ეს გადაჭარბებული გულახდილობით მოსდიოდა. როგორ ღვარძლსა და სიძულვილს გამოხატავდა პაწაწინა ადელის მიმართ, თუკი ბავშვი შემთხვევით მიუახლოვდებოდა. უტიფარი და შეურაცხმყოფელი სიტყვებით თავიდან იშორებდა; ხანდახან სასტუმრო ოთახიდან გარეთაც კი აგდებდა; ყოველთვის ცივად და ღვარძლიანი დაცინვით მიმართავდა. მაგრამ, ჩემ გარდა, სხვისი თვალებიც დაჟინებით, შორსმჭვრეტელური ალღოთი და თითქმის მაცდუნებელი ღიმილითაც აკვირდებოდნენ მის ინგრემის ასეთ თვალნათლივ გამოკვეთილ ხასიათს. დიახ, მომავალი საქმრო, მისტერ როჩესტერი, აკვირდებოდა თავის სასურველს. გამუდმებით ადევნებდა თვალყურს და ვერაგული სიფხიზლითა და შორსმხედველი თვალით ცხადად ამჩნევდა თავისი გულის რჩეულის ხასიათის ყველა ნაკლოვან მხარეს. სწორედ ამის გამო მისტერ როჩესტერს, აშკარა იყო, არ შეეძლო მის ინგრემის მიმართ დიდი გრძნობა ჰქონოდა. მისტერ როჩესტერის გრძნობების გაშიფვრამ და იქ თავისი მომავალი საცოლის მიმართ სიცივის ამოკითხვამ ჩემს გულს აუტანელი ტკივილი მიაყენა.

ვხედავდი, რომ ის მხოლოდ ოჯახური თუ რაღაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო ირთავდა მას. მის ინგრემის წარმომავლობა და მაღალ საზოგადოებრივ წრეებთან კავშირი მის ინტერესებს, ცხადია, ეთანხმებოდა. ვამჩნევდი, მისტერ როჩესტერს მისთვის თავისი გრძნობა არ მიეძღვნა. მის ინგრემმა კი, მთელი თავისი ფიზიკური სრულქმნილების მიუხედავად, არ იცოდა, როგორ უნდა მიეღწია გამარჯვებისთვის და ხელთ ეგდო მის გულში ფარულად შენახული განძი. აი, სწორედ ამ მიზეზების გამო ვღელავდი, ვშიშობდი და შემომკვნესოდა გული. აი, ამიტომ მოსდებოდა ჩემს გულს ჩაუქრობელი ცეცხლი. მის ინგრემს არ შეეძლო მისი მოხიბვლა.

მას რომ გამარჯვებისთვის მაშინვე მიეღწია, მისტერ როჩესტერიც, მორჩილად და გულწრფელად, თავის გრძნობას ფეხქვეშ გაუგებდა. მეც სახეს დავიფარავდი, კედლისკენ მივბრუნდებოდი და თავს მოვიკლავდი მათი გულისთვის. მის ინგრემი რომ სიკეთით სავსე, კეთილშობილი ადამიანი ყოფილიყო, ძლიერი გრძნობებით, მგზნებარებით, სათნოებითა და კეთილგონიერებით დაჯილდოებული, მაშინ მე მომიხდებოდა სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული ორი ვეფხვის: ეჭვიანობისა და სასოწარკვეთილების ჭიდილი გადამეტანა. დაე, მათ დაეფლითათ და თვალის დახამხამებაში მოესპოთ ჩემი გული, მე მაინც თაყვანს ვცემდი იმ ახალგაზრდა არსებას, თუ მეცოდინებოდა, რომ ის ყველას სჯობდა თავისი ადამიანური თვისებებითა და სულიერი ღირსებით. მაშინ ჩემი სიცოცხლის დარჩენილ დღეებსაც სრულ სიმშვიდეში გავატარებდი. რაც უფრო ღრმად დავრწმუნდებოდი მის უპირატესობაში, მით უფრო დიდი მოკრძალებით განვიმსჭვალებოდი მისდამი და მით უფრო აუღელვებლად და მშვიდად განვშორდებოდი სიცოცხლეს. მაგრამ, სინამდვილეში, სულ სხვა ხდებოდა: თვალყურს ვადევნებდი, როგორ ცდილობდა, დაეტყვევებინა მამაკაცის გული, მაგრამ მისი ყოველდღიური წარუმატებლობის მოწმეც ვხდებოდი, რაც ქალისთვის სრულიად ჩაუწვდომელი რჩებოდა. ის ვერ გრძნობდა საკუთარ გრძნობათა მარცხს. ამაოდ ოცნებობდა, რომ თითოეული მისგან ნატყორცნი ისარი ნიშანში მოხვედრილიყო. იმ დროს, როდესაც, მოზეიმე განწყობილებით თავბრუდახვეული, წარმატებას ამაყად მოელოდა, სწორედ ეს სიამაყე და თვითკმაყოფილება უფრო და უფრო აშორებდა დასახულ მიზანს. მოწმე ვხდებოდი რა ყოველივე ამის, ვგრძნობდი, ამიერიდან განუწყვეტელ მღელვარებასა და საშინელ ტანჯვა-წამებაში უნდა გამეტარებინა დღეები.

ვხედავდი მის მარცხს და ვიცოდი, როგორ უნდა მიეღწია წარმატებისათვის. მისტერ როჩესტერის მკერდში ნასროლი ისრები მისსავე ფეხქვეშ ცვიოდა. კარგად ვატყობდი, ეს ისრები უფრო წრფელი გრძნობით სავსე ადამიანის ხელს რომ ეტყორცნა, როჩესტერის ამაყ გულს მახვილივით გაჰკვეთდა და სიყვარულით აღავსებდა, მის მკაცრ გამომეტყველებას სიყვარულის ცეცხლით აღაგზნებდა და დამცინავ სახეზე სითბოს ნაპერწკლებს აუციმციმებდა, მაგრამ უფრო კარგი და საინტერესო იქნებოდა ამ ბრძოლაში სრულიად მშვიდად და ყოველგვარი იარაღის გარეშე გამარჯვება.

რატომ მეტი გავლენის მოხდენა არ შეუძლია მისტერ როჩესტერზე, როცა წილად ხვდა ბედნიერება, ასე ახლოს ყოფილიყო მასთან? _ ვეკითხებოდი ჩემს თავს. ალბათ, თვითონ არ შეუძლია ნამდვილი სიყვარული, არ გააჩნია მისდამი ნამდვილი გრძნობა და მისწრაფება. მას რომ ნამდვილი გრძნობა უღვიოდეს გულში, ასე ხელგაშლილი არ უნდა ფანტავდეს ძვირად ღირებულ ღიმილს, არც ასე მოციმციმე თვალებით უნდა შესცქეროდეს დაუსრულებლად, არც ასე გრძნობით აღვსილი უნდა აღაპყრობდეს თვალებს ზეცად. ან ესოდენი სიკეკლუცე და წელის მოხდენილი რხევა რა საჭიროა? ვფიქრობდი, წყნარად რომ მჯდარიყო, დაუსრულებლად არ ეტიტინა და დაჟინებით არ ეცქირა მისთვის სახეში, მის გულს უფრო ადვილად დაატყვევებდა. რა ხშირად შემიმჩნევია მისტერ როჩესტერის სახეზე სულ სხვა გამომეტყველება, იმ გულცივ თავდაჭერილობასთან შედარებით, რომლითაც ის ახლა მის ინგრემის დაჟინებულ თამაშს პასუხობდა. ეს სხვა გამომეტყველება თავისთავად უნდა წარმოქმნილიყო. მას ვერავითარი ყალბი, ხელოვნური გზით და წინასწარ ნავარაუდევი ხრიკებით ვერავინ გამოიწვევდა. ის მხოლოდ უნდა გაეზიარებინათ და ეპასუხათ, რასაც მოითხოვდნენ ყოველგვარი მანჭვა-გრეხის გარეშე. მაშინ ეს გამომეტყველება მეტ ძალას მოიკრებდა, სითბოთი და ალერსით აღივსებოდა და გულს მადლიანი მზის სხივებით გაათბობდა. "როგორ მოახერხებს მის ინგრემი ასიამოვნოს და ბედნიერება მოუტანოს მას, როდესაც ჯვარს დაიწერენ?~ ვფიქრობდი, ის ამას ვერ მოახერხებდა. გულწრფელად მწამდა, რომ მის მეუღლეს შეეძლო ყოფილიყო ყველაზე ბედნიერი ქალი ამ მზისქვეშეთში.

აქამდე ჯერ კიდევ არაფერი მითქვამს ისეთი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა, მსჯავრი დამედო მისტერ როჩესტერის მომავალი გეგმებისთვის, რომლებიც მის სავარაუდო ქორწინებასა და ამ გზით მიღწეულ მაღალ წრესთან ურთიერთობას ითვალისწინებდა. პირველად, როდესაც მისი განზრახვა შევიტყვე, განცვიფრებული დავრჩი. მე იგი ისეთ ადამიანად არ მიმაჩნდა, რომელზეც რაიმე ბანალური აზრი ასე იოლად მოახდენდა გავლენას და ისიც _ მეუღლის არჩევის დროს. მაგრამ, რაც უფრო მეტად ვმსჯელობდი ამ საკითხზე და ამ წყვილის მდგომარეობასა და აღზრდას ვუკვირდებოდი, მით უფრო ნაკლებ უფლებას ვაძლევდი საკუთარ თავს, განმესაჯა ის ან მის ინგრემი იმის გამო, რომ იმ იდეებისა და პრინციპების მიხედვით მოქმედებდნენ, რომელთაც, ეჭვი არ არის, ადრეული სიყმაწვილიდანვე უნერგავდნენ. ამ კლასის თითოეული წარმომადგენელი ასეთივე პრინციპებით ხელმძღვანელობდა. ვფიქრობდი, ალბათ, მიზეზიც ჰქონდათ, რომ ასე მტკიცედ იცავდნენ იმას, რის აზრსაც მე ვერ ჩავწვდომოდი. მეგონა, მის ადგილზე მხოლოდ საკუთარი გულის ძახილს დავუგდებდი ყურს და მხოლოდ ისეთ ქალს შევირთავდი, ვინც მეყვარებოდა. დარწმუნებული ვიყავი, მთელი ქვეყანა ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მე მსურდა და სწორი მეგონა.

მხოლოდ იმას ვამჩნევდი, რომ არა მარტო ამ საკითხში, არამედ მრავალ სხვა საკითხშიც მისტერ როჩესტერისადმი დიდ ლმობიერებასა და შემწყნარებლობას ვიჩენდი. მავიწყდებოდა მისი ის ნაკლოვანებები, რომლებზეც წინათ ასე ფრთხილად მეჭირა თვალი. პირველად ვცდილობდი მისი ხასიათის ყველა მხარე, ავიცა და კარგიც, შემესწავლა, ამეწონ-დამეწონა და სამართლიანი მსჯავრიც გამომეტანა. მის სარკაზმსა და უკმეხობაში, რომელიც წინათ თავზარს მცემდა, ახლა ცუდს ვერაფერს ვხედავდი, ის ახლა რჩეული საჭმლის ცხარე სანელებლად მეჩვენებოდა. მისი სიცხარე პირს მწვავდა, მაგრამ უიმისოდ საჭმელი ხომ მეტისმეტად უგემური იქნებოდა. რაც შეეხება მის იდუმალ გამომეტყველებას, პირქუში იყო ის თუ ნაღვლიანი, მზაკვრული თუ უნუგეშო, ფრთხილი დამკვირვებლის თვალი ამ გრძნობას მის თვალებში დროდადრო მაინც ამჩნევდა, მაგრამ, სანამ მოასწრებდით მის უცნაურ სიღრმეში ჩახედვას, სანამ ნაწილობრივ მაინც აღმოაჩენდით იქ რამეს, ის მსწრაფლ ქრებოდა. ეს სწორედ ის იყო, რაც მე ასე მაძრწუნებდა. თითქოს ვულკანურ მწვერვალებს შორის დავეხეტებოდი; უცებ მიწისძვრა ვიგრძენი; დავინახე, დედამიწამ როგორ გააღო პირი და უფსკრული გამოჩნდა. მის სახეზე დროდადრო ახლაც ვამჩნევდი ასეთ გამომეტყველებას, გული მითრთოდა, მაგრამ არ ვღელავდი. იმის მაგივრად, რომ თავი ამერიდებინა და გავქცეოდი, ვნატრობდი, გამებედა, მივახლოებოდი და მისი საიდუმლო ამომეცნო. ამიტომ მეჩვენებოდა მის ინგრემი ყველაზე ბედნიერ ადამიანად. ერთ მშვენიერ დღეს მას შეეძლო ამ უფსკრულში ჩაეხედა და მისი სულის საიდუმლოება სრულიად თავისუფლად გამოეცნო, ამასთანავე, ამ საიდუმლოებათა ბუნებაც კარგად შეესწავლა.

ამ დროის განმავლობაში, როდესაც მთელი ჩემი არსებით მხოლოდ მისტერ როჩესტერსა და მის მომავალ მეუღლეზე ვფიქრობდი, მხოლოდ მათ ვამჩნევდი, მათი საუბარი მესმოდა და მათსავე მოძრაობას ვუთვალთვალებდი, რომელიც დიდი საიდუმლოებით იყო მოცული და ყველაზე მნიშვნელოვან გამოცანად იქცა ჩემი პირადი ცხოვრებისთვის, ყველა დანარჩენი სტუმარი თავისი საქმით იყო გართული. ისინი თავისებურად ერთობოდნენ და განცხრომას ეძლეოდნენ. ლედი ლინი და ლედი ინგრემი ერთად საუბარს მედიდური გამომეტყველებით განაგრძობდნენ, ჩალმით მორთულ თავებს ხანგამოშვებით თანხმობის ნიშნად ერთიმეორეს უკრავდნენ და ხელებს ორი მორთული ტიკინის მსგავსად ამოძრავებდნენ; თითქოს სურდათ, უფრო ცხადად გამოეხატათ გაოცება, რაიმე აზრის იდუმალება ან საშინელი ძრწოლა, იმისდა მიხედვით, თუ საჭორაო თემა რა საკითხს შეეხებოდა. ლმობიერი მისის დენტი, კეთილშობილი თვისებებით სავსე მისის ეშტონს ესაუბრებოდა. ორივე მანდილოსანი ხანგამოშვებით თავისი თავაზიანი ტონით და კეთილი ღიმილით მეც არ მივიწყებდა. სერ ჯორჯ ლინი, პოლკოვნიკი დენტი და მისტერ ეშტონი პოლიტიკის საკითხებზე კამათობდნენ, საგრაფოს საქმეებს იხილავდნენ და სასამართლო პროცესების მიმდინარეობის შესახებ მსჯელობდნენ. ახალგაზრდა ლორდ ინგრემს ემი ეშტონთან სატრფიალო საუბარი გაება. ლუიზა ეშტონი ლინების გვარის ერთ-ერთ ახალგაზრდა წარმომადგენელთან ერთად როიალზე უკრავდა და მღეროდა. მერი ინგრემი უემოციოდ ისმენდა ამავე ოჯახის მეორე ვაჟიშვილის ალერსიან საუბარს. ხანდახან ყველა, თითქოს შეთანხმებულიაო, შეწყვეტდა თავისი როლის შესრულებას და მთავარ მსახიობთა თამაშს აკვირდებოდა, რადგანაც, ბოლოს და ბოლოს, მისტერ როჩესტერი და მასთან საკმაოდ ახლოს მდგომი მის ინგრემი წარმოადგენდნენ ამ საზოგადოების სიცოცხლისა და სულიერი ცხოვრების თავსა და ბოლოს. მისტერ როჩესტერს ერთი საათითაც რომ დაეტოვებინა სადარბაზო ოთახი, მის სტუმართა შორის მაშინვე მოწყენილობა შეიმჩნეოდა. მისი გამოჩენა კი რაღაც ახალ სასიცოცხლო ბიძგს აძლევდა მათ და სტუმართა საუბარში აღფრთოვანებას იწვევდა.

მისი ასეთი მაცოცხლებელი გავლენა ამ საზოგადოებაზე საგრძნობი მაშინ გახდა, როდესაც ის რაღაც საქმეებზე მილკოტში გამოიძახეს. როგორც ჩანდა, გვიან საღამომდე არც უნდა დაბრუნებულიყო. ნაშუადღევს ცოტა წამოწვიმა. სტუმრებს სასეირნოდ გასვლა ჰქონდათ გადაწყვეტილი ბოშათა ბანაკის სანახავად, რომელთაც ჰეის გარეთ გაეშალათ კარვები, მაგრამ წვიმის გამო მგზავრობა გადაიდო. რამდენიმე ჯენტლმენმა საჯინიბოს მიაშურა. ახალგაზრდა ყმაწვილი კაცები ქალებთან ერთად საბილიარდოში ბილიარდს თამაშობდნენ. ლორდის ქვრივები, მისის ინგრემი და მისის ლინი, სევდის გასაქარვებლად კარტით ერთობოდნენ. ბლანშ ინგრემმა ქედმაღლური დუმილით უკუაგდო მისის ეშტონისა და მისის დენტის ცდა, როგორმე ჩაებათ საუბარში. პირველად გრძნობით სავსე მელოდიას ღიღინებდა და როიალზეც დაუკრა, მაგრამ მალე ბიბლიოთეკიდან რომელიღაც რომანი გამოიტანა, უგუნებოდ და მოწყვეტით დაჯდა დივანზე და ამ საინტერესო წიგნით შეეცადა მოლოდინის წუთებში თავი როგორმე გაერთო. როგორც მთელ სახლში, ისე სასტუმრო ოთახშიც სრული მყუდროება გამეფებულიყო, მხოლოდ დროგამოშვებით თუ აღწევდა საბილიარდოდან ბილიარდის მოთამაშეთა მხიარული ხმები.

ბნელდებოდა. საათის ზარმა ამცნო სტუმრებს, რომ სადილობის დრო მოახლოვდა და საჭირო იყო ტანსაცმელი გამოეცვალათ. სწორედ ამ დროს პატარა ადელმა, რომელიც ჩემ გვერდით, სასტუმრო ოთახის ფანჯრის რაფაზე დაჩოქილი გარეთ იყურებოდა, წამოიძახა:

_ Vოილჰ, Mონსიეურ ღოცჰესტერ, ქუი რევიენტ!

მივტრიალდი, მის ინგრემი თითქმის ადგილიდან წამოფრინდა. სხვებმაც თავი ანებეს გართობას და იქით დაიწყეს ყურება. სველ ქვიშაზე ერთდროულად ეტლის ბორბლების ჭრიჭინი და ცხენების ფლოქვების ხმა გაისმა. საფოსტო ეტლი თანდათანობით გვიახლოვდებოდა.

_ რატომ მოუვიდა აზრად ასეთი ეტლით დაბრუნება? _ იკითხა მის ინგრემმა. _ ის ხომ თავისი შავი ცხენით გაემგზავრა და პაილოტიც თან ჰყავდა; სად არიან ცხენი ან ძაღლი?

ამ სიტყვებით მაღალი, განიერ ტანსაცმელში გამოწყობილი მის ინგრემი ისე ახლოს მოვიდა სარკმელთან, რომ იძულებული გავხდი, უკან დამეხია, თანაც ისეთი სისწრაფით, რომ კინაღამ ხერხემალი გადავიტეხე. იგი იმდენად აღგზნებული იყო, პირველად ვერც კი შემნიშნა, მაგრამ, თვალი მომკრა თუ არა, ზიზღით ტუჩი აიბზუა და მეორე სარკმელთან გადაინაცვლა. ეტლი გაჩერდა. მეეტლემ შემოსასვლელ კარზე ზარი დარეკა და სამგზავრო ტანსაცმელში ჩაცმული ჯენტლმენი ეტლიდან გადმოვიდა. ის მისტერ როჩესტერი არ აღმოჩნდა. ეს იყო მაღალი, მოხდენილი, მაღალი წრის უცხო მამაკაცი.

_ რა საწყენია! _ წამოიძახა მის ინგრემმა, _ შე საძაგელო მაიმუნო (მიმართა პატარა ადელს), ვინ აგიყვანა ფანჯრის რაფაზე, რომ ტყუილი ამბები მოგვიტანო? _ მერე გაჯავრებულმა მე გადმომხედა, თითქოს დამნაშავე ვყოფილიყავი.

დერეფანში ლაპარაკის ხმა გაისმა და ახალმოსულიც მალე შემოვიდა. მან თავი ლედი ინგრემს დაუკრა, ალბათ, მანდილოსანთა შორის ყველაზე უფროსად ის მიიჩნია.

_ ჩანს, უდროო დროს გეახელით, ქალბატონო. ჩემი მეგობარი მისტერ როჩესტერი შინ არ დამიხვდა, მაგრამ მეტად შორეული მოგზაურობიდან დავბრუნდი. ვფიქრობ, მასთან ძველი და პირადი მეგობრული ურთიერთობა ნებას მაძლევს იმდენად გავკადნიერდე, რომ მის დაბრუნებამდე ამ სახლში დავბინავდე.

მას მეტად თავაზიანი საქციელი ჰქონდა. მისმა აქცენტმა გამაოცა. ის უცხოური არ იყო, მაგრამ არც მთლად ინგლისურს ჰგავდა. წლოვანებით, შესაძლებელია, მისტერ როჩესტერის ხნის ყოფილიყო. ასე, დაახლოებით, ოცდაათიდან ორმოცამდე. სახე ავადმყოფურად ფერმკრთალი ჰქონდა; თორემ სხვა მხრივ, განსაკუთრებით, პირველი შეხედვით, მშვენიერი შესახედაობის მამაკაცად ჩაითვლებოდა. ახლო დაკვირვებით კი მის სახეზე რაღაც უსიამოვნო გამომეტყველებას აღმოაჩენდით ან, უფრო უკეთ რომ ვთქვა, ის სიამოვნებას ვერაფრით გაგრძნობინებდათ; სახის ნაკვთები თუმცა წყობილი ჰქონდა, მაგრამ მოდუნებული, თვალები დიდი და ლამაზი, მაგრამ უსიცოცხლო და უაზრო, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენებოდა.

ზარის ხმამ ამცნო სტუმრებს, რომ სადილობის დრო ახლოვდებოდა და ტანსაცმელი უნდა გამოეცვალათ. კრებული დაიშალა. სადილობის შემდეგ მე კვლავ ვნახე ახალმოსული ჯენტლმენი. იგი, როგორც საკუთარ სახლში, ისე იქცეოდა. მისი სახის გამომეტყველება ახლა უფრო არ მომეწონა. მან თითქოს შემაკრთო კიდეც. წონასწორობას მოკლებული და მეტისმეტად უსიცოცხლო ჩანდა. თვალებს უაზროდ აქეთ-იქით აცეცებდა და ეს მის სახეს ძალიან უცნაურ გამომეტყველებას აძლევდა. ასეთი გამომეტყველება ჩემს სიცოცხლეში არ მენახა. ეს მოხდენილი და საკმაოდ სასიამოვნო გარეგნობის ადამიანი სრულიად არ მომწონდა. კანგადატკეცილ, სწორ, ოვალურ სახეზე არავითარი ადამიანური ძალა არ შეიმჩნეოდა. არც კეხიან ცხვირსა და ალუბლისფერ პატარა ტუჩებს შეეძლო გამოეხატა ვაჟური სიმტკიცე. დაბალი და ვიწრო შუბლიც არ მეტყველებდა მის გონებამახვილობაზე. გაციებულ, მუქთაფლისფერ თვალებში კი გრძნობის ნატამალი არ მოჩანდა.

ჩვეულებრივ, ისევ წყნარ კუთხეს მივაშურე, სადაც ჯდომა მიყვარდა და სტუმარს ბუხრის თავზე მდგარი კანდელაბრების შუქზე ვათვალიერებდი, რომელიც მის სახეს საკმაოდ ანათებდა. ის ბუხრის პირას სავარძელში იჯდა და კიდევ უფრო წინ მიიწევდა. ეტყობა, სციოდა. მე მას მისტერ როჩესტერს ვადარებდი და, თუ სხვაობაზე ვილაპარაკებთ, ეს ორი ადამიანი ერთმანეთის სრულიად საპირისპირონი იყვნენ. წარმოიდგინეთ, მძინარა ბატი და ამაყი შევარდენი, უწყინარი ცხვარი და მისივე მცველი, ავი, თვალებბრიალა, ბანჯგვლიანი ქოფაკი.

მან განაცხადა, მისტერ როჩესტერი ჩემი ძველი მეგობარიაო. ძალიან უცნაური მეგობრობა კი უნდა ჰქონოდათ.

ეს ძველი ანდაზის მართლაც ცოცხალი თვალსაჩინოება იქნებოდა: "ორი უკიდურესობა ერთმანეთს ვერ ასცდება~.

ორი თუ სამი ჯენტლმენი მის ახლოს სავარძელში ჩასხდნენ და საუბარი გააბეს. ჩემამდე ამ საუბრის ნაწყვეტებიც კი ძლივს აღწევდა. პირველად ძალიან მიჭირდა რამე გამეგონა, რადგან ჩემ ახლოს ლუიზა ეშტონი და მერი ინგრემი ისხდნენ. მათი ლაპარაკი საშუალებას არ მაძლევდა ხანდახან ყურმოკრული, ნაწყვეტ-ნაწყვეტი წინადადებებიდან რამე გამეგონა. ისინი ახალმოსულზე მსჯელობდნენ. ორივე მას ლამაზი გარეგნობის მამაკაცად თვლიდა, ლუიზამ მას სასიყვარულო სახელიც კი შეარქვა და თქვა, ვაღმერთებო. მერი კი დაჟინებით სთხოვდა, ყურადღება მიექცია მისი "ულამაზესი პირის მოყვანილობისა და ასეთივე ლამაზი ცხვირისთვის", რადგან ეს ორი რამ წარმოადგენდა მის იდეალს სილამაზის სრულყოფის საკითხში.

_ ოჰ, რა მშვენიერი შუბლი აქვს! _ წამოიძახა ლუიზამ.

_ როგორი სწორი და უხაზო. შუბლშეჭმუხვნილობის ერთი ნაკვალევიც კი არსად ეტყობა, რაც ასე ძალიან მძულს. რა უშფოთველი თვალთა მეტყველება და ღიმილი!

ბოლოს, ჩემდა სასიხარულოდ, მისტერ ჰენრი ლინმა ისინი ოთახის მეორე ბოლოში მიიხმო, ალბათ, სურდა, სოფელ ჰეიში გამგზავრებამდე საბოლოოდ შეთანხმებულიყვნენ, რადგან ის რამდენიმე ხნის წინ გადაიდო.

ახლა შემეძლო მთელი ჩემი ყურადღება ცეცხლის პირას მჯდომი რამდენიმე ადამიანის საუბრისთვის დამეთმო. მაშინვე შემომესმა, რომ ახალმოსულს მისტერ მეზონს ეძახდნენ. ისიც გავიგონე, რომ ეს-ეს არის ინგლისში რომელიღაც ცხელი ქვეყნიდან ჩამოსულიყო. უეჭველია, ეს იყო მიზეზიც, რომ სახე ასე გაშავებოდა, ცეცხლისკენ ასე მიიწევდა და ოთახშიც კი ლაბადით იჯდა. უცებ სიტყვებმა: იამაიკა, კინგსტონი და სპენიშტაუნი _ მიმახვედრეს, რომ ის ვესტინდოეთის მკვიდრი იყო. ძალიან გამაოცა იმ ამბავმა, რომ მას მისტერ როჩესტერი პირველად იქ უნახავს და გაუცნია. მისტერ მეზონი უამბობდა მათ, თუ როგორ შეიძულა მისმა მეგობარმა ცხელი ჰავა, ქარიშხლები და გადაუღებელი წვიმები ამ მხარეში. მისის ფეიერფექსის ნაამბობის მიხედვით ვიცოდი, რომ მისტერ როჩესტერი ბევრს მოგზაურობდა, მაგრამ მეგონა, მხოლოდ ევროპა შემოიარა-მეთქი. აქამდე ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი იმის შესახებ, რომ ის ასეთ შორეულ ქვეყნებშიც მოგზაურობდა.

ამ მოგზაურობის შესახებ ვფიქრობდი, მაგრამ სრულიად მოულოდნელმა შემთხვევამ ფიქრი შემაწყვეტინა. სიცივით აკანკალებული მისტერ მეზონი კარის ყოველ შემთხვევით გაღებაზე მოითხოვდა, ცეცხლისთვის ქვანახშირი დაემატებინათ, თუმცა მას გუგუნი გაჰქონდა და ნაცარში ნაკვერჩხალი ჯერ კიდევ წითლად ღუოდა. ფარეშმა ცეცხლზე დასამატებლად ქვანახშირი შემოიტანა, გასვლისას მისტერ ეშტონის სკამის ახლოს შეჩერდა და დაბალი ხმით რაღაც უთხრა. ამ სიტყვებიდან მე მხოლოდ ეს მოვისმინე: მოხუცი ქალია, თავი მოგვაბეზრაო.

_ უთხარი, თუ ახლავე აქედან არ წავა, სარდაფში ჩავამწყვდევ, _ უპასუხა მოსამართლემ.

_ არა, მოითმინეთ! _ ჩაერია პოლკოვნიკი დენტი. _ ნუ გააგდებთ, ეშტონ, შესაძლებელია, ამას რამე საინტერესო მოჰყვეს. უმჯობესია, მანდილოსნებს შევუთანხმდეთ, _ და მან ხმამაღლა განაგრძო:

_ ქალბატონებო, თქვენ, მგონი, გინდოდათ სოფელ ჰეიში გამგზავრება ბოშათა კარვების სანახავად. აი, სემი ამბობს, რომ სწორედ ახლა მოსამსახურეთა სასადილოში ერთი მოხუცი მისანი ბოშა ქალია, რომელიც თქვენი უდიდებულესობის წინაშე წარდგენას მოითხოვს და აცხადებს, ბედს გიწინასწარმეტყველებთო. გინდათ მისი ნახვა?

_ თქვენ, რასაკვირველია, პოლკოვნიკო, _ წამოიძახა ლედი ინგრემმა, _ ასეთი მდაბიო მაცდურის აქ შემოყვანას არ იკადრებთ. ახლავე გააგდეთ აქედან, რადაც უნდა დაგიჯდეთ.

_ ვერაფრით დავითანხმეთ, რომ თავიდან მოგვეშორებინა, ქალბატონო, _ უპასუხა ფარეშმა, _ ვერც ერთმა მსახურმა ვერ შეძლო მისი აქედან გაგდება. მისის ფეიერფექსიც ამ წუთში იქ გახლავთ და ემუდარება, წავიდეს, მაგრამ მოხუცმა ქალმა სკამი აიღო, ბუხრის ახლოს დაჯდა და აცხადებს, ადგილიდანაც არ დავიძრები, სანამ იქ შესვლის ნებას არ დამრთავენო.

_ მაინც რა უნდა? _ იკითხა მისის ეშტონმა.

_ სურს, ბატონებს უმკითხაოს და მომავალი უწინასწარმეტყველოს. ამასთან, ფიცულობს, რომ უამისოდ აქედან ფეხსაც არ მოიცვლის.

_ როგორია შესახედავად? _ დაინტერესდნენ ლუიზა და ემი ეშტონები.

_ შეგაშინებთ, ისეთი მახინჯი მოხუცია, ჭვარტლივით შავი.

_ ოჰ, ნამდვილი ჯადოსანი ყოფილა! _ წამოიძახა ფრედერიკ ლინმა. _ შემოვუშვათ, რასაკვირველია, შემოვუშვათ!

_ თავისთავად ცხადია, უნდა შემოვუშვათ, _ კვერი დაუკრა ძმამ. _ მერე ბევრს ვინანებთ, მაგრამ გვიანღა იქნება, ასეთი გასართობი რომ ხელიდან გავუშვათ.

_ ჩემო ძვირფასო ბიჭებო, აბა, ეს რა საფიქრებელია? _ იკითხა ლედი ლინმა.

_ მე არ შემიძლია ვუყურო ასეთ უღირს გასართობს, _ გაიჟღრიალა მისის ინგრემის ხმამ.

_ მართალია, დედა, მაგრამ, შეგიძლიათ თუ არა, უნდა აიტანოთ! _ მოისმა ბლანშის ამაყად ნათქვამი სიტყვები და იგი როიალის წინ მდგარ მრგვალ სკამზე შემოტრიალდა, სადაც აქამდე ჩუმად იჯდა და მოსაჩვენებლად სხვადასხვა ნოტს სინჯავდა.

_ ცნობისმოყვარეობა არ მასვენებს, მსურს, მიწინასწარმეტყველოს, რა ბედი მომელის. სემ, უბრძანე ერთი მაგ კუდიან ბებრუცუნას, შემოვიდეს!

_ ჩემო ძვირფასო ბლანშ, გონს მოდი.

_ ვიცი, რასაც ვაკეთებ, ყველაფერი ვიცი წინასწარვე, რაც უნდა მირჩიოს, მაგრამ, როგორც მსურს, ისე იქნება. ჩქარა, სემ!

_ დიახ, დიახ, დიახ! _ ერთხმად წამოიძახეს ახალგაზრდა ქალებმა და ყმაწვილმა კაცებმა, _ შემოვიდეს, რა არაჩვეულებრივი გასართობია!

ფარეში გასვლას არ ჩქარობდა.

_ ის ძალიან მოჩხუბარია, _ წარმოთქვა მან ბოლოს.

_ წადი, _ წამოიძახა მის ინგრემმა და ფარეში გავიდა.

სტუმრებს მაშინვე მღელვარება დაეუფლათ, ხუმრობისა და დაცინვის ჯვარედინი ცეცხლი ღვიოდა და ერთი მხრიდან მეორეზე გადადიოდა. ფარეში ისევ მარტო შემობრუნდა.

_ მას ახლა არ სურს თქვენთან შემოსვლა, _ განაცხადა მან.

_ ამბობს, არ მინდა ამ ურწმუნო ბრბოს წინაშე წარვდგეო (ეს მისი სიტყვებია) და მოითხოვს, საკუთრად ცალკე ოთახი მივუჩინო. მერე კი, ვისაც სურს უმკითხაოს, სათითაოდ უნდა შევიდნენ მასთან.

_ აი, ხედავ, ჩემო მშვენიერო! _ დაიწყო ლედი ინგრემმა, _ მოხუცი ჯადოქარი როგორ შემოიჭრა ჩვენს უფლებებში. დამიჯერე, ჩემო ანგელოზო, და...

_ უჩვენეთ მას ბიბლიოთეკა! _ სიტყვა მოუჭრა მისის ინგრემს თავისმა ანგელოზმა, _ მეც არ მსურს, სხვების თანდასწრებით ვუსმინო მას. მინდა პირისპირ შევხვდე. ცეცხლი ხომ ანთია ბიბლიოთეკაში?

_ დიახ, ქალბატონო, მაგრამ ეს ბოშა ქალი ისეთი გაიძვერაა.

_ შეწყვიტე ყბედობა, შე გამოთაყვანებულო, და ისე მოიქეცი, როგორც გიბრძანებ.

სემი კვლავ გაქრა. იდუმალების მოლოდინში ყველას კვლავ აღფრთოვანება დაეუფლა.

_ ის უკვე მზად გახლავთ, _ თქვა მსახურმა გამოჩენისთანავე, _ და სურს იცოდეს, ვინ იქნება მისი პირველი სტუმარი.

_ უმჯობესია ერთი ავხედ-დავხედო, სანამ რომელიმე მანდილოსანი შევიდოდეს, _ განაცხადა პოლკოვნიკმა დენმა.

_ უთხარი, სემ, რომ ერთ-ერთი ჯენტლმენი იქნება პირველი.

სემი გავიდა და ისევ შემობრუნდა.

_ სერ, მან განაცხადა, ჯენტლმენებს არ ვიღებ სამკითხაოდო. ასე რომ, თავს ნუ შეიწუხებთ მასთან მისვლით. ასევე მანდილოსნებს, _ აქ ფარეშმა დიდი გაჭირვებით როგორღაც შეიკავა ხითხითი და თქვა: _ არავის, გარდა ახალგაზრდა გაუთხოვარი ქალებისა.

_ ეშმაკმა წაიღოს! გემოვნება კი ჰქონია! _ წამოიძახა ჰენრი ლინმა.

მის ინგრემი სადღესასწაულო იერით წამოდგა.

_ მე მივდივარ პირველი, _ განაცხადა მან ისეთი მედიდური ხმით, თითქოს მტრის წინააღმდეგ თავისი ჯარისკაცებით ცეცხლის ხაზზე გადიოდა, თუმცა კარგად იცოდა, რომ განწირული იყო.

_ ოჰ, ჩემო ძვირფასო, ჩემო საუნჯევ! შეჩერდი, მოიფიქრე! _ გაისმა დედის ხმა. მაგრამ მის ინგრემმა მედიდური დუმილით ჩაუარა მას გვერდით და კარში გავიდა, რომელიც პოლკოვნიკმა დენტმა გაუღო. ყველამ გავიგონეთ, როგორ შევიდა მის ინგრემი ბიბლიოთეკაში.

სიჩუმე ჩამოვარდა. ლედი ინგრემმა იფიქრა Lე ცას და მღელვარების გამო ვითომდა ხელების მტვრევას მოჰყვა. მის მერი ყველას არწმუნებდა, მე იქ შესვლას ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავბედავდიო. ემი და ლუიზა ეშტონები სულმოუთქმელად კისკისებდნენ და ცოტა შეშინებული გამოიყურებიდნენ.

წუთები ნელა გადიოდა. თხუთმეტი წუთი დათვალეს, სანამ ბიბლიოთეკის კარი კვლავ გაიღო და მის ინგრემი თაღის ქვეშ გამოჩნდა.

გაიცინებს? როგორც ხუმრობას, ისე მიიღებს? ყველას თვალებში, რომლებიც კი მას შეჰყურებდნენ, მოუთმენელი ცნობისმოყვარეობა იხატებოდა, მაგრამ მის გამოხედვაში ცივი უარი და მიუკარებლობა ჩანდა მხოლოდ. ის არც აღელვებული იყო, არც გახარებული. გადაჭარბებული სიამაყით, ზომაზე მეტად წელში გამართული თავისი ადგილისკენ გაემართა და უხმოდ დაჯდა.

_ რა მოხდა, ბლანშ? _ მიმართა მას ლორდმა ინგრემმა.

_ რა გითხრა, გენაცვალე? _ შეეკითხა მერი.

_ რას ფიქრობ, რა შთაბეჭდილება დატოვა? მართლა მისანია? _ ეკითხებოდა ორივე და _ ლუიზა და ემი ეშტონები.

_ ახლა, ბატონებო, _ უპასუხა მის ინგრემმა, _ ნუ გადამეკიდებით. ვხედავ, ყველა ძალიან დაინტერესებული და გულუბრყვილოდ აღელვებული ხართ ამ ამბით. თქვენ, ყველამ, დედაჩემის ჩათვლით, ისეთი ხმაური ატეხეთ, ალბათ, გულწრფელად გჯერათ, რომ ჩვენს სახლში ნამდვილი მისანი ქალი იმყოფება, რომელსაც სული ეშმაკისთვის მიუყიდია. მე კი ბოშა მაწანწალა მკითხავი ვნახე. ის ძველებურად ხელისგულზე მკითხაობს და ის მითხრა, რასაც, საერთოდ, ასეთი მოხეტიალე მაწანწალები ამბობენ ხოლმე. ჩემი ახირებული ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილებულია. ახლა კი, ვფიქრობ, მისტერ ეშტონი კარგს იზამდა, რომ ეგ კუდიანი ჯადოქარი სარდაფში ჩაემწყვდია ხვალ დილამდე, როგორც დაემუქრა.

მის ინგრემმა წიგნი აიღო და სავარძელში ღრმად ჩაეშვა. ამით უარი თქვა საუბარზე. დაახლოებით ნახევარი საათი თვალყურს ვადევნებდი და ამ დროის განმავლობაში ერთი ფურცელიც არ გადაუშლია. სახეზე წამიერად რაღაც ნაღველი გადაურბენდა ხოლმე და უკმაყოფილება და უიმედობა ეხატებოდა. ჩანდა, საკუთარ თავზე ვერაფერი სასიამოვნო მოისმინა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდა გულგრილობა გამოეჩინა, მისმა ხანგრძლივმა დანაღვლიანებამ და დუმილმა დამარწმუნა, რომ მისანი ქალის სიტყვებმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა.

ამ დროს მერი ინგრემი, ლუიზა და ემი ეშტონები კი აცხადებდნენ, მასთან მარტო შესვლას ვერ გავბედავთო, თუმცა ისიც ეტყობოდათ, როგორ ძალიან უნდოდათ მისი ნახვა. მოლაპარაკება დაიწყო: შუამავლის როლს ისევ სემი ასრულებდა. როდესაც სემი საკმაოდ დაიქანცა აქეთ-იქით სიარულით, და ეს ყოველივე საკმაოდ მოსწონდა კიდეც, ავგულმა სიბილამ ძლივს განაცხადა თანხმობა, სამივე ქალიშვილი ერთად შესულიყო მასთან.

მათმა საუბარმა, მის ინგრემის საუბართან შედარებით, დიდ ხმაურში ჩაიარა. ბიბლიოთეკიდან ახლა ისტერიული კისკისი და უცაბედი წამოკივლების ხმა გამოდიოდა. ოცი წუთი გავიდა და, თითქოს შიშისგან გონდაკარგულები არიანო, ქალიშვილები ისე შემოცვივდნენ სადარბაზო ოთახში.

_ ის შეშლილია! _ კივილით ამბობდნენ ისინი და ერთმანეთს არ აცდიდნენ. _ ისეთი რამეები გვითხრა! ყველაფერი იცის ჩვენზე! _ და სიცილისგან დაოსებულნი, სულმოუთქმელად გადაცვივდნენ სავარძლებში, რომელთა შეთავაზება ჯენტლმენებმა ძლივსღა მოასწრეს.

როდესაც ყველაფერი კიდევ უფრო დაწვრილებით გამოიკითხეს, ქალიშვილებმა განაცხადეს, რომ ბოშა ქალმა ისიც კი იცოდა, რას ამბობდა და აკეთებდა თითოეული მათგანი ჯერ კიდევ ბავშვობაში. წიგნები და ბუდუარის მორთულობაც კი ჩამოეთვალა, რაც თითოეულს შინ ჰქონდა. ის საჩუქრებიც კი იცოდა, რომლებიც რომელიმე ნათესავს ოდესმე ეჩუქებინა. მათი აზრით, მან თითოეულის ოცნება და ფიქრიც კი ამოიკითხა. ყურში ჩუმად ჩასჩურჩულა იმ ადამიანების სახელები, რომლებიც მათ ყველაზე მეტად მოსწონდათ ამქვეყნად და ისიც კი უთხრა, ვის რა იდუმალი სურვილი ჰქონდა გულში ფარულად შენახული.

აქ კი ჯენტლმენები საქმეში ჩაერივნენ და დაჟინებით მოითხოვეს, ქალიშვილებს უფრო ნათლად ეღიარებინათ ყველაფერი, რაც მათ საუბარში სულ ბოლოს წარმოთქმულ ორ წინადადებას შეეხებოდა. მაგრამ ასულნი ასეთი დაჟინებული თხოვნის საპასუხოდ მხოლოდ წითლდებოდნენ, ხანდახან თუ წამოიძახებდნენ რამეს და მერე ისევ უცებ ჩუმდებოდნენ. ისინი მღელვარებისგან თრთოდნენ და მათ მომაბეზრებელ შეკითხვებზე გულიანად კისკისებდნენ. ხანში შესული მანდილოსნები კი მარაოების ქნევით თავს დასტრიალებდნენ და ძმარში შეზავებულ ნელსურნელებას აყნოსებდნენ, ამასთანავე, განუწყვეტლივ აგონებდნენ, როგორ აფრთხილებდნენ და არ აძლევდნენ ნებას, ასეთი დაუფიქრებელი საქციელი ჩაედინათ.

უფროსი ჯენტლმენები იცინოდნენ, ახალგაზრდები კი ძალით თავს ახვევდნენ თავიანთ სამსახურს მღელვარებისაგან ათრთოლებულ მშვენიერ ასულებს. ამ ჩოჩქოლში და იმ დროის განმავლობაში, როდესაც ჩემი თვალი და ყური მთლიანად იმ სანახაობით იყო გართული, რაც ჩემ წინ ხდებოდა, ვიგრძენი, რომ ვიღაც იდაყვზე შემეხო. მოვტრიალდი და სემი დავინახე.

_ თუ შეიძლება, მის, ბოშა ქალი აცხადებს, რომ აქ კიდევ ყოფილა ერთი ახალგაზრდა გაუთხოვარი ლედი, რომელიც მასთან არ შესულა და იფიცება, რომ აქედან ფეხსაც არ მოიცვლის, სანამ ყველას არ ინახულებს. ვფიქრობ, ეს თქვენ უნდა იყოთ. სხვა ასეთი აქ აღარავინ არის. რა პასუხი გავცე?

_ ოჰ, აუცილებლად წამოვალ, _ ვუპასუხე მე. გამიხარდა კიდეც, რადგან ეს მოულოდნელი შესაძლებლობა ჩემს აგზნებულ ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებდა. ყველასთვის შეუმჩნევლად ოთახიდან გავედი და კარი წყნარად მივხურე. ისინი, ყველანი, მღელვარებისგან ათრთოლებული სამი ქალიშვილის გარშემო შეკრებილიყვნენ, რომლებიც ის იყო ბიბლიოთეკიდან გამოვიდნენ.

_ თუ გნებავთ, მის, _ მითხრა სემმა, _ მე დაგიცდით დერეფანში. თუ შეგეშინდეთ, დამიძახეთ და მაშინვე შემოვალ.

_ არა, სემ, სამზარეულოში დაბრუნდით, სრულებითაც არ მეშინია.

ნამდვილად არ მეშინოდა, მაგრამ ძალიან დაინტერესებული და აღელვებული კი ვიყავი.

თავი მეცხრამეტე

ბიბლიოთეკაში სრული სიმშვიდე დამხვდა. მისანი მოხუცი ქალი, თუ ის მართლა მისანი იყო, ბუხრის კუთხეში დადგმულ სავარძელში მშვიდად იჯდა. მას წითელი ლაბადა ჰქონდა წამოსხმული და თავზე რაღაც შავი ეხურა, უფრო სწორად, ფართოფარფლებიანი ბოშური ქუდი, რომელიც ნიკაპთან ზოლიანი ცხვირსახოცით შეეკრა. მაგიდაზე ჩამქრალი სანთელი იდგა, ის ცეცხლისკენ გადახრილიყო და, ჩანდა, რაღაცას კითხულობდა პატარა შავ წიგნში, რომელიც ცეცხლის შუქზე უფრო ლოცვების წიგნს ჰგავდა. სიტყვებს ბუტბუტით გამოთქვამდა თავისთვის, როგორც კითხვის დროს, ჩვეულებრივ, მოხუცმა ქალებმა იციან ხოლმე. ჩემს შესვლაზე კითხვა მაშინვე არ შეუწყვეტია. ეტყობა, უნდოდა სტრიქონი ბოლომდე ჩაეთავებინა.

შევედი თუ არა, ბუხრისკენ გავეშურე, ცეცხლის პირას, ხალიჩაზე შევდექი და ხელებს ვითბობდი. სასტუმრო ოთახში ბუხრიდან საკმაოდ შორს ვიჯექი და გავყინულიყავი. ბოშა ქალის დანახვაზე სრულიად დავმშვიდდი, რადგან მის გარეგნობაში ისეთი ვერაფერი შევამჩნიე, რასაც ჩემი სულიერი სიმშვიდის დარღვევა შეეძლო. მან წიგნი დახურა და აუჩქარებლად მაღლა აიხედა. ქუდის კიდე სანახევროდ ჩრდილს ჰფენდა მის სახეს, მაგრამ მე ის მაინც შემეძლო დამენახა, რადგან ქუდი ოდნავ ზევით ასწია. ძალიან უცნაური მეჩვენა. სახის კანი თითქოს ყავისფერი თუ მეტისმეტად შავი ჰქონდა. თეთრი თავსაფრის ქვეშ, რომელიც ნიკაპთან ჰქონდა შეკრული და ყბებსაც სანახევროდ უფარავდა, წყლის კაცივით გაჩეჩილი, ყალყზე მდგარი თმა აქა-იქ მოუჩანდა. უცებ ზემოთ აიხედა და თვალი თვალში გამიყარა. მისი გამოხედვა მეტისმეტად გაბედული და პირდაპირი იყო.

_ კეთილი, თქვენ გინდათ, რომ ბედი გიწინასწარმეტყველოთ? _ მკითხა მან ისეთი მტკიცე ხმით, როგორიც გამოხედვა ჰქონდა და ისევე უხეშად, როგორც მისი სახის ნაკვთები მეჩვენა.

_ მე ამას დიდ მნიშვნელობას არ მივცემ, დედილო. თუ თქვენ ეს გსიამოვნებთ, მიმკითხავეთ, მაგრამ ვალდებული ვარ, გაგაფრთხილოთ, რომ მე მკითხაობისა არაფერი მწამს.

_ თქვენგან ასეთი უკმეხობა გასაკვირი არ არის, ამას ველოდი; ეს თქვენი ფეხის ნაბიჯიდან გამოვარკვიე, როდესაც ზღურბლს გადმოსცდით.

_ მართლა? ძალიან მახვილი სმენა გქონიათ.

_ დიახ, მაქვს. თვალი და გონებაც ასევე მიჭრის.

_ ეს ყველაფერი თქვენს ხელოვნებას სჭირდება.

_ რა თქმა უნდა, როდესაც ისეთი ადამიანი შეგხვდება, როგორიც თქვენა ხართ. რატომ არ კანკალებთ?

_ არ მცივა.

_ რატომ არ ფითრდებით?

_ ავად არა ვარ.

_ რატომ არ გჯერათ ჩემი ხელოვნების?

_ მე სულელი არა ვარ.

მოხუცმა ჯადოქარმა თავისი ქუდის შესაკრავქვეშ მალულად ჩაიხითხითა, თითქოს ხვიხვინებსო. შემდეგ მოკლე შავი ჩიბუხი ამოიღო, თითქოს მშვიდდებოდა. შემდეგ მოხრილი სხეული წამოსწია. ჩიბუხი პირიდან გამოიღო და ცეცხლისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე დამარცვლით მითხრა:

_ ვატყობ, გცივათ კიდეც, ავადაც ხართ და სულელიც იქნებით.

_ დამიმტკიცეთ, _ შევესიტყვე მეც.

_ დიახ, სულ რამდენიმე სიტყვით დაგიმტკიცებთ: გცივათ იმიტომ, რომ სულ მარტოდმარტო ხართ ამქვეყნად; არავითარი ურთიერთობა არა გაქვთ ისეთ ადამიანთან, რომელმაც ის ცეცხლი უნდა გააღვივოს, რაც თქვენს სულში იმალება; ავადა ხართ იმიტომ, რომ უძვირფასესი და უტკბესი გრძნობები ისეთ ადამიანს შესწირეთ, რომელიც თქვენგან ძალიან შორს არის; სულელი კი იმიტომ გიწოდეთ, რომ, თუმცა ძალიან იტანჯებით, მაინც თავს არ იწუხებთ, რომ ბედნიერება როგორმე დაგიახლოვდეთ; ერთი ნაბიჯიც კი არ გადაგიდგამთ იმ მხარეს, საითაც ის გელოდებათ.

მან კვლავ მიიტანა მოკლე, შავი ჩიბუხი პირთან და თამბაქოს მოწევა დიდი მონდომებით განაახლა.

_ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერი ეს უთხრათ თითქმის ყველას, ვინც შეგხვდებათ ასე განმარტოებულად მცხოვრები და სხვაზე დამოკიდებული ასეთ დიდებულ ოჯახში.

_ შემიძლია, რასაკვირველია, ყველას ვუთხრა, მაგრამ მართალი იქნება თუ არა ყველასთვის?

_ თუ ჩემს მდგომარეობაში იქნება, რა თქმა უნდა.

_ დიახ, სწორედ ასეა, თუ თქვენს მდგომარეობაში იქნება, მაგრამ მიპოვეთ მეორე სავსებით ისეთივე მდგომარეობაში მყოფი, როგორშიც თქვენა ხართ.

_ ძალიან ადვილად შეიძლება მოინახონ ასეთები.

_ თქვენ ერთსაც ვერ მიპოვით; თქვენი მდგომარეობა მთლად განსხვავებულია; თქვენ ბედნიერებასთან სულ ახლოს ხართ; თითქმის ყველაფერი მიღწეული გაქვთ; ყველა პირობა მომზადებულია; მხოლოდ ერთი ხელის განძრევაა საჭირო და ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირდება; ისინი ერთმანეთს შემთხვევამ განაშორა; ნება მიეცით, რომ შეერთდნენ და ნეტარებაც თქვენს ხელთ იქნება.

_ მე ქარაგმები არ მესმის. ერთი გამოცანაც არ გამომიცნია ჩემს სიცოცხლეში.

_ თუ გინდათ, უფრო გარკვევით გელაპარაკოთ, ხელისგული მომეცით, რომ ბედი გიწინასწარმეტყველოთ.

_ ვფიქრობ, ზედ ვერცხლის ფული უნდა იყოს, არა?

_ რა თქმა უნდა.

მე მას ერთი შილინგი მივეცი. მან ის ძველი წინდის ყელში შეინახა, რომელიც ჯიბიდან ამოიღო. ყულფი გამონასკვა, უკანვე ჩაიდო ჯიბეში და მითხრა, ხელისგული მეჩვენებინა. მეც ასე მოვიქეცი. მან სახე ჩემს ხელთან ახლოს მოიტანა, დაჟინებით დააცქერდა, მაგრამ არ შეხებია.

_ რა მშვენიერი ხელია, _ მითხრა მან. _ არ შემიძლია ასეთ ხელზე მკითხაობა, ზედ ერთი ხაზიც კი არ ემჩნევა, მაგრამ იცით, რას ვამჩნევ მასზე? ბედი არ გიწერიათ.

_ მჯერა თქვენი, _ დავუდასტურე მეც.

_ არა, _ განაგრძო მან, _ ის თქვენს სახეზე ყოფილა აღბეჭდილი, შუბლზე, თვალის უპეებში, თვალებსა და ტუჩის კუთხეებში. დაიჩოქეთ და თავი ასწიეთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში