მთავარი როლი (დასასრული) - გზაპრესი

მთავარი როლი (დასასრული)

ისე ვიყავი დაბნეული, ხმას ვერ ვიღებდი, არადა, მეც მინდოდა, სიტყვა ჩამეგდო. მთელი ეს წლები სრულიად სხვანაირად ვხსნიდი იმ საღამოს მოვლენებს. ბიბის სიტყვებმა კი თავზარი დამცა, სრულ შოკში ვიყავი.

- შენ მართლა ლამაზად გეჩვენებოდი? არ მატყუებ? არადა, ყველა "დარტყმულს" მეძახდა, დაგავიწყდა? - როგორც იქნა, ენა ამოვიდგი.

- სამაგიეროდ, ყველაზე მომხიბვლელი "დარტყმული" იყავი, - გამიღიმა.

ლამის სუნთქვა გამიჩერდა, როცა მისი ტუჩების ოდნავი, პეპლის ფრთასავით შეხება ვიგრძენი ლოყაზე. სულ ოდნავ მოვაბრუნე თავი და... ჯილდოც მივიღე - ისე შეეხო ჩემს ტუჩებს, ყველაფერი დამავიწყა ამქვეყნად.

როცა ბიბი ასე მკოცნიდა, თავი ყველაზე ლამაზად მიმაჩნდა, ყველაზე სასურველად, ყველასგან გამორჩეულად. წამით ისიც კი დავიჯერე, რომ ერთად ყოფნის დიდი შანსი გვქონდა... მაგრამ შანსი აღარ იყო. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რას ამბობდა იგი, არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მეტად მის სიყვარულს ვნატრობდი, რადგან ვხვდებოდი, რომ ეს კაცი ჩემთვის არ იყო შექმნილი. ვერასდროს შევურიგდებოდი იმას, რომ მას ნებისმიერ მომენტში შეეძლო, ჩემთვის ზურგი ექცია და კარიერის გამო ქვეყნის დასალიერს ჩაერბინა.

თითქოს გულმა უგრძნო, რასაც ვფიქრობდი, წამით გაირინდა, მერე თავი უკან გადასწია და ხელისგულები სახეზე შემომაჭდო. მის თვალებში ბუნდოვანი შიში იკითხებოდა.

- რამე ისე ვერ არის?

როგორ ვერ ვიტანდი ამ შეკითხვას! თითქოს ფილმებიდან ყოფილიყოს გადმოფრენილი, ყველაზე ბანალური სასიყვარულო ფილმებიდან... ჰოდა, ახლა სიმართლეს ვეტყვი. დღეს ერთმანეთისთვის საიდუმლო არ უნდა დაგვრჩეს. თეორიულად ყველაფერი მარტივი ჩანდა, მაგრამ პრაქტიკულად გამიჭირდა, რადგან ნამდვილი ტანჯვაა, გული ატკინო საყვარელ ადამიანს, რომელიც უდიდესი სიყვარულით შემოგცქერის. გამიჭირდა სიტყვების თავმოყრა, არ ვიცოდი, სათქმელი როგორ დამეწყო. ნერვული სტრესისგან ხელისგულები გამიოფლიანდა.

- განა, შენ არ გაინტერესებს, რატომ გავგიჟდი იმ დღეს, მოულოდნელად რომ დამადექი თავს?

- ამას მნიშვნელობა აქვს? - შემცბარი ღიმილით მკითხა.

- რა თქმა უნდა. - დაე, გაიგოს სიმართლე, ვფიქრობდი აღელვებული.

- ელ, რა გემართება?

უხალისოდ ჩამოვაღებინე ხელისგულები ჩემი სახიდან. ამწუთას გააზრება და ლაპარაკი არ შემეძლო, საღი განსჯის უნარი მქონდა დაკარგული. ჩემი აღიარების მევე მეშინოდა. ვიცოდი, სასწორზე ვდებდი ჩემს ბედნიერებას, მაგრამ სრულიად გააზრებულად - წინ, მომავლისკენ ვიხედებოდი და თავს ვიზღვევდი... უფრო სწორად, ჩემს ბედნიერებას ვაზღვევდი.

როგორც იქნა, ავლაპარაკდი. ხელი ავწიე და ზემოდან ქვემოთ ჩემს სხეულს ჩავაყოლე.

- აი, ასეთი ვარ სინამდვილეში: არაგლამურული, არაელეგანტური, არასუპერმაგარი.

- შემიძლია, შეგეკამათო! არაერთხელ მინახავს შენი მოდური ჩასაცმელები და "მაგრობა" კაბები.

სევდიანად გავაქნიე თავი.

- ეს ჩასაცმელები, კოსმეტიკა, ვარცხნილობები ილუზიაა, ნიღაბი, რომელსაც საკუთარი თავდაჯერებულობის ასამაღლებლად ვატარებ, თან მხოლოდ მაშინ, როცა შინიდან გავდივარ.

ბიბი უკვე აღარ იღიმოდა, ცდილობდა, ჩასწვდომოდა ჩემი სიტყვების მნიშვნელობას.

- შენ ხომ ჭკვიანი და ძალიან ლამაზი ხარ. რაში გჭირდება ასეთი ნიღაბი?

სახე ხელებით დავიფარე, არ ვიცოდი, როგორ ამეხსნა მისთვის ყველაფერი ისე, რომ შტერი გოგოს შთაბეჭდილება არ დამეტოვებინა.

- ელ, მენდე, გთხოვ!

მან ხელები ჩამომაღებინა და შუბლი შეიჭმუხნა.

- შენთვის ეს ძნელი გასაგები იქნება, ბიბი!

- შევეცდები.

იგი ხელს არ მიშვებდა, მე კი მადლიერი ვიყავი - მისი ხელისგულების სითბო დამამშვიდებლად მოქმედებდა ჩემზე.

ამოვიოხრე. საბოლოოდ გადავწყვიტე, სათქმელი ბოლომდე მეთქვა და გავაგრძელე:

- ახალი იმიჯი რომ შევიქმენი, შენი დამსახურებაა. აი, მაშინ, ტეტეს დაბადების დღეზე, პირველი შემთხვევა იყო, როცა კაბა ჩავიცვი, ტუჩები შევიღებე და კონტაქტური ლინზები ჩავისვი. სწორედ მაშინ შემამჩნიე შენ. გარდა ამისა, პირველად დაინახე ჩემში ქალი. და ეს მშვენიერი იყო.

- მაგრამ მე შენ ხელი გკარი.

- მერე რა?.. - შევეცადე, ღიმილით შემემსუბუქებინა ტკივილი, რომელიც ჩემს "მერე რა"-ში გაისმა. - შენ მე ფასდაუდებელი სამსახური გამიწიე. ერთად გატარებული დრო, სიცილი, საუბარი, ფლირტი... ადრე მსგავსი არაფერი გამომეცადა. მინდოდა, იმ საღამოს შემდეგ სულ ასე გაგრძელებულიყო. თუკი ამისთვის საჭირო იქნებოდა, სხვანაირი გავმხდარიყავი, მზად ვიყავი გამერისკა. - დარცხვენით გავიღიმე, - მომიწია, კარდინალურად შემეცვალა ჩემი იმიჯი. თავდაპირველად პროფესია შევარჩიე ისეთი, სადაც წარმატებას გარეგნობა და თავდაჯერებულობა განსაზღვრავდა და იძულებულს გამხდიდა, ყოველთვის ფორმაში ვყოფილიყავი.

- და რა?

- გარეგნობის შეცვლა იოლად შევძელი, მაგრამ შიგნით, სულის სიღრმეში, ვერაფერი მოვუხერხე ჩემს თავს. ისევ ისეთი მშიშარა და კომპლექსიანი დავრჩი, როგორიც ვიყავი - საკუთარ თავში დაურწმუნებელი, სუსტი გოგონა. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, ჩემი საიდუმლო ვინმეს გაეგო. ასე რომ, მე ვიმალები ჩემი ბიზნესის, მოდური სამოსის, იმიჯის მიღმა და ახლოს არასდროს არავის ვუშვებ.

- რატომ, ელ?

- იმიტომ, რომ ყოველთვის ვკარგავ ჩემთვის ძვირფას ადამიანებს, - ამოვიჩურჩულე. ამის აღიარება ადვილი არ იყო და ბიბი ამას მიხვდა.

- მამაშენს გულისხმობ?

- დედას, მამას, ძმას... ყველამ მიმატოვა.

- მე არ გიხსენებივარ. მეც ხომ მიგატოვე.

- შენც, მაგრამ ეს სხვა ტკივილი იყო. დედა ძალიან ადრე გარდამეცვალა, როცა ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და ყველაზე მეტად მჭირდებოდა. მამის გარდაცვალება კიდევ უფრო განვიცადე, რადგან უკვე დიდი ვიყავი და უკეთ მესმოდა, რას ნიშნავდა დაობლება. ამასთან, მას ვალები დარჩა, რის გამოც მე და ტეტეს ბინის გაყიდვა მოგვიხდა. ცარიელ-ტარიელი დავრჩით. ბოლოს ტეტეც წავიდა ბათუმში და სრულ სიმარტოვეში ამოვყავი თავი. ყველაფერი ნულიდან დავიწყე და იმდენს მივაღწიე, რომ ბინაც ვიყიდე და კარიერაც ავიწყვე. სრულიად მარტომ, სხვების დახმარების გარეშე.

- რა საშინელი მოსასმენია, რომ იცოდე... ალბათ არასდროს მაპატიებ...

უსიამოვნო მოგონებებმა გული დამიმძიმა. მარტოობა, სიცარიელე, შიში და სასოწარკვეთა წლების განმავლობაში საკუთარი ლანდივით დამდევდა.

- ამის მერე ჩავიკეტე ჩემს თავში და პირობა დავდე, რომ ემოციური სიახლოვე არასდროს არავისთან მექნებოდა. გარისკვა არ მიღირდა იმ ტკივილად, რასაც მათი დაკარგვით განვიცდიდი.

- ემოციური სიახლოვე... რა ლამაზი ნათქვამია, ელენე!

თავი ავწიე და ირიბად გავხედე. უცნაური გახდომოდა მზერა, ამწუთას თვითონ ჰგავდა მარტოხელას და მიტოვებულს.

- და მე? - ხანმოკლე პაუზის შემდეგ მკითხა.

- შენ? რა შენ? - შეკითხვამ დამაბნია და იატაკს ჩავაჩერდი.

ნიკაპქვეშ ამომდო თითი და ჯიქურ ჩამხედა თვალებში.

- მე არ გიღირვარ რისკად?

მზერა ავარიდე და ჯინსის ჩამოშლილ ძაფებს თითზე დახვევა დავუწყე.

- შენ ერთადერთი არა ხარ, ვინც მიუტოვებიათ. იცი, მეც რამდენი წელი ვიტანჯებოდი ამის გამო?

- დისლექსიის გამო? - გაოცებულმა ავხედე.

თავი დამიქნია.

- ყოველთვის გავურბოდი ახლო ურთიერთობებს. მხოლოდ ხანმოკლე რომანებით შემოვიფარგლებოდი. არასდროს ვიყავი ჩემს თავში დარწმუნებული, ყოველთვის მეგონა, რომ ახლო ურთიერთობის უფლება არ მქონდა. ამიტომ გადავწყვიტე, ჯერ ფინანსური წარმატებისთვის მიმეღწია. ეს სენი ზღუდესავით იყო ჩემ წინ აღმართული. მართალია, თითქმის განვიკურნე, მაგრამ სულ თან მდევდა აზრი, რომ სხვებზე უნიჭო ვიყავი. ახლაც კი დეფექტად მივიჩნევ ამას, ამიტომ ამ დეფექტის კომპენსირება ფულით უნდა მომეხდინა.

- სრულყოფილი არავინაა.

- ვიცი, მაგრამ ჩემი მშობლების ქორწინება რომ მახსენდებოდა, ძალიან ვიძაბებოდი. ისინი წესიერად არასდროს მომფერებიან, არც ვიცი, რატომ უნდა შეუღლებულიყვნენ, როცა ერთმანეთი არ ჰყვარებიათ. ჩემთან დამოკიდებულებაშიც კი ცივები იყვნენ, თითქოს დაქირავებული აღმზრდელები ყოფილიყვნენ.

- რა საშინელებაა!

- ამიტომ მეც გავურბოდი თბილ ურთიერთობებს, მეც მშიშარა ვიყავი და არავინ მყავდა გვერდით ისეთი, ვისაც ჩემი გამხნევება შეეძლო, ვინც წამახალისებდა და გულს გამიკეთებდა... დღევანდელ დღემდე. წეღან გკითხე, გიღირვარ თუ არა რისკად-მეთქი. იქნებ ჩემი აღიარების შემდეგ მაინც გაგიადვილდეს პასუხის გაცემა. არასდროს ვყოფილვარ ასეთი გულწრფელი. მე შენ მიყვარხარ და სწორედ შენთან მინდა მქონდეს ნამდვილი ემოციური სიახლოვე. ვფიქრობ, ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ გაჩენილნი.

ვგრძნობდი, მის ყოველ სიტყვაზე როგორ მევსებოდა გული სითბოთი და სიხარულით. მივხვდი, რომ მზად ვიყავი, დამეჯერებინა მისთვის და გამერისკა, მაგრამ რაღაც მეწეოდა უკან. მან ერთხელ უკვე მიმატოვა. რა გარანტია მქონდა, რომ მეორეჯერაც არ მოიქცეოდა ასე? მით უმეტეს, მისთვის ყველაზე ძვირფასი კარიერა იყო, ჩემზე ძვირფასიც.

კვნესით ამოვიოხრე. ამწუთას მძულდა ჩემი თავი იმის გამო, რაც უნდა გამეკეთებინა. ზლაზვნით წამოვიმართე.

- არა, მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია. - ამ სიტყვებით გავტრიალდი და სამზარეულოში გავედი, თან ცრემლებს ვყლაპავდი, რომ არ ავღრიალებულიყავი.

- მე არ წავალ აქედან.

- წახვალ!

- არასდროს წავალ არც აქედან და არც შენგან.

მოულოდნელობისგან შევხტი, რადგან ზურგზე მისი ხელი ვიგრძენი. არ ვიცი, როდის მომიახლოვდა, თავგზა მქონდა აბნეული, მაგრამ როგორც კი შემეხო, ჩემი დამემართა. ცივად შემოვბრუნდი. დროზე უნდა მომეღო ბოლო ამ ტანჯვისთვის.

- წახვალ! როგორც კი მორიგ მაცდუნებელ წინადადებას მიიღებ, მაშინვე გაიქცევი. სამსახური შენთვის მთელი ცხოვრებაა. მის გარეშე არ შეგიძლია.

რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ხელით შევაჩერე და გავაგრძელე:

- თავად აღიარე წეღან. როცა დისლექსიაზე მიყვებოდი, ყველაფერი ნათელი გახდა. კარიერულ კიბეზე ყოველი ახალი საფეხური სისუსტეზე გამარჯვებას ნიშნავს, თავდაჯერებულობას, იმისთვის დამტკიცებას, ვისაც შენი არ სჯეროდა. მე ეს მესმის, ამიტომაც პატივს გცემ. მაგრამ არ ვარ მზად, ჩემი გული ჩაგაბარო, რათა მერე კიდევ ერთხელ მომაყენო ტკივილი, როცა შენი კარიერული მწვერვალის დასაპყრობად გაიქცევი.

ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მშვიდად მოისმინა ჩემი ტირადა.

- როგორ ფიქრობ, ჩემი ნაკლის შესახებ რატომ მოგიყევი?

ფრთხილი მზერა ვესროლე. თუ დავუფიქრდებოდი, მას შეეძლო, არაფერი ეთქვა თავის წარსულზე, მით უფრო, რომ მას არაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რაც ჩვენ შორის ბოლო ხანს ხდებოდა.

- არ ვიცი.

ხელები ჯიბიდან ამოიღო და ჰაერში ასწია. ეს იყო ჟესტი - არაფერს ვმალავო.

- იმიტომ, რომ გენდობი. ბოლო დროს მეც ბევრს ვფიქრობდი სამუშაოსადმი ჩემს ფანატიკურ დამოკიდებულებაზე და მივხვდი, რაც უფრო მეტად ვეფლობი მუშაობაში, მით უფრო მიმსუბუქდება ფიქრი პრობლემაზე, იმის ნაცვლად, რომ მის გადაჭრაზე ვიფიქრო. მე ყველაფერი მოგიყევი და შენ გამიგე, მიმიღე ისეთი, როგორიც ვარ. მეგონა, სულიერი მეგობარი ვიპოვე. თუკი შენი გრძნობა ჩემი გრძნობის ნახევარს მაინც უდრის, ვფიქრობ, ბრძოლის გაგრძელება ღირს.

მეტის მოთმენა ვეღარ შევძელი. ცრემლები ღაპაღუპით დამედინა ღაწვებზე. თვალები ისე დამებინდა, იძულებული გავხდი, სათვალე მომეხსნა.

- ელ, საყვარელო...

სანამ გონს მოვეგებოდი, ხელი მომხვია, მკერდზე მიმიკრა და ჩამიხუტა. თავი მის მკერდში ჩავმალე და ცრემლებს გზა მივეცი. ასე თავისუფლად არასდროს მიტირია. ასეთი თავისუფლება ჩემს ცრემლებს აქამდე არ უგრძნიათ. ბიბი თმაზე ხელს მისვამდა, მეფერებოდა და ჩურჩულით მაწყნარებდა.

როცა, ბოლოს და ბოლოს, თავი ავწიე, გაოცება გამოეხატა თვალებზე. ალბათ ნამტირალევს სახე მქონდა დასივებული.

- ნუ მიყურებ, ალბათ შემაშინებლად გამოვიყურები.

- შენ გამოიყურები, როგორც ქალი, რომელიც მიყვარს.

თავი გავითავისუფლე მისი მკლავებისგან და განზე გავდექი.

- მე არ ვარ ის ქალი და ამას ახლა ორივენი ვხვდებით. შენ მხიარული ხარ, ენერგიული, ურთიერთობის მოყვარული, მე კი - მორცხვი, ჩაკეტილი. შენ სულ მოძრაობაში ხარ, მე კი სახლიდან გასვლა მეზარება. შენთვის პირველ ადგილზე სამსახურია, ჩემთვის...

- დამშვიდდი... - თითი ტუჩზე მომადო. - სწორედ ამაზე მინდოდა შენთან მესაუბრა. კიევში მართლა კარგი სამსახური შემომთავაზეს, ბინასაც შემპირდნენ და კომფორტსაც, მაგრამ არ დავრჩი, იმიტომ, რომ შენთან ყოფნა მინდა. ჯანდაბამდე გზა ჰქონია კარიერას, შენს სიახლოვეს თუ არ ვიქნები. არსებობს ბიზნესზე უფრო მნიშვნელოვანი რამეც და ეს "რამე" შენ ხარ.

შევყოყმანდი. ნუთუ მართალს ამბობს? ნუთუ ასე ვუყვარვარ? დავიჯერო, ჩემ გამო უარი თქვა ბრწყინვალე მომავალზე?

- მე მიყვარს შენი მგრძნობიარობა და სითბო, შენი ჩაცმულობა, ეს სათვალეც, ეს დახეული ჯინსიც, აფუებული და გაპუწული თმაც, უფორმო მაისურიც და ცრემლებიც. მე შენ მიყვარხარ ახლა და მეყვარები ყოველთვის, ღრმა სიბერემდე, როცა ჭაღარა, კუზიანი, უკბილო და ნაოჭებით დახუნძლული იქნები. როგორ მოგწონს ჩემი აღიარება? მადლობა, რომ მომისმინე. - სხაპასხუპით მომაყარა.

მეგონა, გული შუაზე გასკდებოდა ბედნიერებისა და ამ გიჟი, გადარეული მამაკაცის სიყვარულისგან, მამაკაცისა, რომელიც მოულოდნელად შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე ნაზი გრძნობები გამიღვიძა.

ნეტავ, რას ვუცდი? რატომ ახლავე არ ჩამოვეკიდები ყელზე?

- დარწმუნებული ხარ, რომ ამდენ წელს გამიძლებ? - ეშმაკურად შევხედე.

- ასი პროცენტით, - მიპასუხა და ჩემი ირიბი თანხმობით გახარებულმა, მთელი სახე დამიკოცნა. სულშეგუბული, მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი - ეს კოცნა არასდროს დამთავრებულიყო.

- ესე იგი, კუზიანიც გეყვარები?

- ჩემგან თავს მაშინაც ვერ დააღწევ, როცა ჩვენი კბილების პროთეზები საწოლის თავთან, ჭიქაში იდება.

- რა რომანტიკულია!

ორივეს გაგვეცინა.

- მე მგონი, "ელენე კოკაია" ცუდად არ ჟღერს, რას იტყვი?

- ეს ოფიციალური წინადადებაა? - ისევ ეშმაკურად შევხედე.

- პირველი ოფიციალური წინადადება ჩემს ცხოვრებაში.

ღმერთო, როგორ მიხურდა სხეული! მე უნდა გავთხოვილიყავი. ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, თავი სიზმარში მეგონა.

- იცი, რა?.. ისე მომშივდა, ახლა პასუხის გაცემას გემრიელად ვახშმობა მირჩევნია. ხომ არ მივუსხდეთ სუფრას? დიდი ხანია, გაშლილია და გველოდება. ვიცი, რომ შენ ჩემზე მეტად გშია, მამაკაცის გულის გზა ხომ კუჭზე გადის.

- ჩემი გულის გზა შენზე გადის, თუმცა, არც ჭამაზე ვიტყვი ამწუთას უარს!

ვუყურებდი ბიბის და ვგრძნობდი, რომ არასდროს ვყოფილვარ ასეთი დაცული, სასურველი, ვიღაცისთვის ასე საჭირო და საყვარელი. ის მთელი ჩემი ცხოვრება იყო, ჩემი მომავალი, ჩემი ოცნება...

ეპილოგის მაგვარი

- ელ, დესერტი შემოვიტანოთო? ოფიციანტები მეკითხებიან.

გაბრწყინებული თვალებით შევაქცერდი ჩემს ქმარს, თავზე რომ წამომდგომოდა, და ღიმილით დავუქნიე თავი, შემოიტანონ-მეთქი.

- ვერ ვიჯერებ, რომ ეს ყველაფერი შენ მოაწყვე. საკუთარ ქორწილში იდიზაინერო, ალბათ ადვილი საქმე არ არის, არა? - მეგიმ ხელი გადამხვია და დარბაზს გადახედა.

- ეს ჩემი პროფესიაა.

- სამსახური სამსახურია, მაგრამ შეგეძლო, სხვისთვის დაგევალებინა.

- მე და ბიბიმ ასე გადავწყვიტეთ.

- სენტიმენტალური წყვილი ხართ, - ჩაერთო საუბარში კატო, როგორც კი ბიბი დაბრუნდა, - მაინტერესებს, რას მოიფიქრებთ ქორწინების მეათე წლისთავზე. დღეს შენ საოცრება მოახდინე.

- ჩემი შთაგონების წყარო სიყვარული აღმოჩნდა, - გადავიკისკისე.

- შეიძლება, ცოტა ხნით მოგტაცოთ ჩემი მეუღლე? - ბიბი დაიხარა და ლოყაზე მაკოცა.

- მაგას ვინ დაგიშლის, ჩემო ბიბი! - გაშალა ხელები ლილიმ, თითქოს ნებას რთავსო. - წაიყვანე, სადაც გინდა.

აივანზე გავედით. ეს ის კაფე იყო, სადაც პირველად ვივახშმეთ ერთად. გადავწყვიტეთ, სწორედ აქ გაგვემართა ჩვენი ქორწილი, მოკრძალებული, მაგრამ ლამაზი.

- ამ კაბაში შეუდარებელი ხარ, თუმცა მე ყველანაირ ფორმაში მომწონხარ.

- ძველმანებშიც კი?

- ძველმანებშიც კი.

- სათვალითაც?

- სათვალითაც.

- შიშველიც?

- აი, ეგ კი ყველაზე მეტად მომწონს! - წამოიძახა და ხელები წელზე მომხვია.

- შენ არაჩვეულებრივად შეასრულე შენი როლი ჩემს პიესაში.

- რომელში? ძველში თუ ახალში?

- ჯერ ძველში, ახლა კი ახალში. შესაშური სიძე ხარ და არაჩვეულებრივად გამოგდის ეს როლი, - სიცილი ვერ შევიკავე.

- მთავარი როლი - ამის თქმა არ დაგავიწყდეს ხოლმე და იცოდე, რომ ამ როლიდან ვერასდროს ვერავინ მომხსნის.

თვალებით მივეფერე. ჩემზე ბედნიერი ამწუთას ქალი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე.

- გახსოვს, აქ გეგმებს რომ ვაწყობდით და ჩვენს ოცნებებზე ვსაუბრობდით? - ბიბიმ დარბაზისკენ გაიხედა, იმ მაგიდისკენ, სადაც წლების შემდეგ ჩვენი პირველი შეხვედრა შედგა.

- მაგის დავიწყება როგორ შემეძლო?

- ჰოდა, მინდა იცოდე, რომ ახლა, როცა შენ შემოხვედი ჩემს ცხოვრებაში, ჩემმა ოცნებებმა რეალურად შეისხა ფრთები, - ბიბი დაიხარა და ტუჩებში მაკოცა.

ისე შევერიე მისი კოცნის სინაზეს, როგორც ზღვაში ჩავარდნილი წვიმის წვეთი, წამიერ შადრევანს რომ ქმნის ტალღაზე დაცემისას...

დასასრული