ბროწეულის გაზაფხული - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული

ნელა, მაგრამ მტკიცედ მძერწა განგებამ. მძიმედ, მაგრამ სრულყოფილად გამომაქანდაკა გამოცდილებამ. ძალიან ფუმფულა ხასიათი მაქვს - ბუმბულივით მსუბუქი და ზღარბივით ეკლიანი. გოლფსტრიმის დინებასავით ვარ, ზოგს ვათბობ, ზოგს - არა, გააჩნია, ვის გაუმართლებს. 26 წლის გავხდი და იმდენი რამ გადავიტანე ცხოვრებაში, ხანდახან მიკვირს, როგორ გავუძელი, თუმცა წინ უარესი მელოდება. ჩემნაირი გარეგნობის გოგოს ალბათ არ უნდა გაუჭირდეს თავის დამკვიდრება და კარიერის აწყობა, მაგრამ, როგორც ჩანს, იღბალი გამებუტა. მიუხედავად ამისა, გაჩერების უფლება არ მაქვს. მერე რა, თუ ვეცემი, მაინც უნდა წამოვდგე. რაც უფრო ძლიერად დაეცემი, მით უფრო სწრაფად უნდა ადგე. ამ მხრივ მინდა მზეს ვემსგავსო. ის ყოველდღე კვდება, ყოველ საღამოს ჩაესვენება ჰორიზონტზე, მაგრამ მერე ხელახლა იბადება. საღამოს გარდაიცვლება და დილით მკვდრეთით აღდგება. ასეთია მისი რომანტიკული გზა უკვდავებისკენ.

ცხოვრება ან ერთი დიდი თავგადასავალია, ან - სრული არარაობა. ვისთვის როგორ. ჩემთვის ერთიც არის და მეორეც. ტვირთი მაკისრია ასეთი. ბოლო წლების ამბებმა მთლიანად გამომფიტა. ჯერ იყო და, ერთიმეორის მიყოლებით დამეღუპა მშობლები. თავდაპირველად თითქოს ბურანში ვიყავი, მექანიკურად ვაკეთებდი ყველაფერს. მშობლების გარდა, მხოლოდ ბებია დამრჩა, მამაჩემის დედა და ისიც - სკლეროზიანი. ძნელი აღმოჩნდა ბებიას მოვლა მაშინ, როცა არაფერი გამაჩნდა. მართალია, ეკონომიკური დავამთავრე და კიდევ უამრავი სერტიფიკატი ავიღე მენეჯმენტის თუ მარკეტინგის თუ ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი `ენტის~ და `ინგის~, მაგრამ ამან სამსახურის შოვნა ვერ გამიადვილა. არადა, ჰაერივით მჭირდება სამსახური. ხშირად შევუძახებ ხოლმე თავს: `ანიკა, თავი მაღლა! მოდუნების უფლება არ გაქვს!~ და მეც ვცდილობ, ფარ-ხმალი არ დავყარო, ჯერ ხომ არ დავმარცხებულვარ!

ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ... მერე ვიღლები ამ ჩემი მრუმე ფიქრებისგან და მსუბუქად შევუბერავ სულს, რომ გავფანტო. ბაბუაწვერასავით რომ გაიშლებიან ჰაერში და მიმოიბნევიან, მაშინღა ვმშვიდდები. ცუდია, ბედნიერება შავ სიაში რომ გადავიტანე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვა ცხოვრებამ. ახლა მიდგას პერიოდი - `ბრძოლა არსებობისთვის~. დამცინა განგებამ. არადა, როგორც დიუმამ თქვა, დაცინვა ყველაფერს კლავს, სილამაზესაც კი. სილამაზის რა გითხრათ, ჯერ არ ვუჩივი მის `მოშლა-არმოშლის~ საკითხს, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა, მასაც მოელის გარდაცვალება.

მგონი, ისევ მერევა ძილი. ახლა იმ მდგომარეობაში ვარ, შუალედურს რომ ეძახიან - ძილსა და ღვიძილს შორის. სასწრაფოდ უნდა წამოვხტე, რომ გასაუბრებაზე არ დავაგვიანო. დილაა, ანიკა, სუსხიანი, მაგრამ ნათელი დილა!

ამწუთას ავდგები, ჯერ ერთ ფინჯან სუფთა ჰაერს დავლევ, მერე კი - ყავას. გამოვაღებ ფანჯარას, შევისრუტავ ნაზამთრალი თებერვლის დღის ნოტიო სურნელებას და თან ყავას მივაყოლებ. პარალელურად, ჩემი სარკმლის წინ მოქანავე ბროწეულის ხეს მივესალმები და ვკითხავ: `როდის დადგება შენი გაზაფხული?~

ძალიან კი მეზარებოდა თბილი ლოგინიდან გამოძრომა, მაგრამ დრო არ ითმენდა. ძლივს რაღაც ვაკანსია გამოჩნდა, მართალია, დროებითი, მაგრამ ჩემთვის სუნთქვასავით აუცილებელი. ეჰ, მამაჩემი რომ ცოცხალი იყოს, ალბათ გაგიჟდებოდა. არაფრით მომცემდა იქ წასვლის ნებას. შენ და მდივანი? მე ამისთვის არ გამიზრდია შვილიო... ადრე ასე იყო, ახლა სხვანაირადაა. თავის დაფასების დრო წავიდა, ნებისმიერ სამსახურზე თანახმა ვარ. რა უჭირს მერე, მდივანი თუ ვიქნები? სულ ასე ხომ არ გაგრძელდება? იქნებ ერთხელაც ვიღაცამ დაინახოს ჩემში კარგი ორგანიზატორის თვისებები, ან კარგი მენეჯერის, ან მარკეტოლოგის... ყველაფერი ხდება. რაც მთავარია, ნორმალური ხელფასი მექნება და მე და ბებო ცოტას ამოვისუთქავთ. თავის რჩენა ხომ გვინდა. ბებოს პენსია რას გვეყოფა? აქამდე კიდევ ვუძლებდი, რადგან ყველაფერი გავყიდე, რაც სახლში ღირებული გვქონდა. როცა შინ გასაყიდი არაფერი დარჩა, ბინაც მივაყიდე და საბურთალოდან დიდ დიღომში გადავსახლდი. თავიდან თვალს ვარიდებდი ბათქაშჩამოყრილ კედლებსა და სააბაზანოში გვალვიან მიწასავით დახეთქილ-დაბზარულ კაფელს, მერე კი ნელ-ნელა ამასაც შევეჩვიე. სამაგიეროდ, ვერგამეტებულმა ანტიკვარულმა ავეჯმა ცოტათი გამოაკეთა აქაურობა. შევეგუე. ამას კი შევეგუე, მაგრამ ბებია დამრჩა მოუნელებელ დარდად. ის წილკანში ცხოვრობს და არაფრით გამომყვა თბილისში, `ყუთში~ გამოკეტილი ვერ ვიცხოვრებო. მეც მთელი კვირა გზაზე ვარ გადებული - წილკანი-თბილისი, თბილისი-წილკანი. კიდევ კარგი, ახლოსაა და დიდხანს მგზავრობა არ მიწევს. ისე, ამანაც მიშველა, მდგომარეობიდან გამოვსულიყავი - გადატანილ უბედურებაზე დაფიქრების დრო ნაკლებად მრჩებოდა. თუმცა, ხომ გაგიგონიათ, გაჭირვებულს ქვა აღმართში დაეწევაო. ბებიას სკლეროზი თანდათან უფრო რთულ ფორმაში გადაუვიდა. ხან ყველაფერი ახსოვს, ხან უეცრად, ელემენტარულიც კი ავიწყდება. გარდა ამისა, სახლიდან გაპარვა დაიწყო და რომ არა მეზობლის ვენერა, ვინ იცის, რა მეშველებოდა. აბა, წარმოიდგინეთ, სად უნდა ეძებო მარტომ მეხსიერებადაკარგული მოხუცი? ოქროს ქალია ვენერა. მთელი დღე ყურადღებას აქცევს ნინუცა ბებოს. როცა `გაქრება~, ეგრევე მირეკავს და დავრბივარ მერე თოხარიკი ცხენივით წილკანის შემოგარენში ან სულაც, თბილისში. ერთხელ სასაფლაოზე ვიპოვე, დამხობოდა მამაჩემის და დედაჩემის საფლავს და მწარედ მოთქვამდა. გული დამეთუთქა.

და აი, კომპანიის მენეჯერის წინ ვზივარ. კითხვებს მისვამს, მეც ვპასუხობ. ყოჩაღად ვარ. მე ხომ დილით ერთი ფინჯარი ჰაერი და ყავა მივირთვი...

გასაუბრებამ არცთუ ურიგოდ ჩაიარა. ის ქალი სულ თავს აქნევდა მოწონების ნიშნად და რა ვიცი, იქნებ გამიმართლოს. სულ სამნი ვიყავით. არც ის ორი გოგო ჩანდა ურიგო, ცოცხალი თვალები ჰქონდათ. მგონი, ჩემზე უმცროსებიც კი იყვნენ. გააჩნია, რა კუთხით ირჩევს კომპანიის ხელმძღვანელი, მირზა მირზაშვილი თავის მდივნებს - ასაკის, გარეგნობის თუ ცოდნა-გამოცდილების გათვალისწინებით.

მირზა მირზაშვილი... ყოველთვის მაღიზიანებდა გვარ-სახელის ერთი ფუძე. რა უბედურებაა, გვარი და სახელი ერთმანეთს ჰგავდეს? ასე მგონია, ასეთ შემთხვევებში მშობლებს ფანტაზია არ ჰყოფნით. ერთი მეგობარი მყავს, ლოლა ლოლაძე და ის ხუმრობს ხოლმე, დედაჩემს დამახსოვრების უნარი არ ჰქონია და ამიტომ გაუადვილა მამაჩემმა საქმეო.

მირზა... პოეტური სახელი კი არის, ვერაფერს იტყვი. ისეთი სახელია, სიძველის სურნელი რომ ასდის, თითქოს შორეული საუკუნეებიდან მონაბერი ნიავი გელამუნება სახეზე. ამირ-ზადე, მირზა ბატონიშვილი... საუფლისწულო სახელია. მერე კიდევ, მირზა გელოვანი... ახლოსაა ეს სახელი რომანტიკასთან. თვითონ როგორი ტიპია ნეტავ? თუ ამართლებს თავის სახელს? ვნახოთ. თუ ამიყვანს მდივნად, გამოჩნდება.

დაგირეკავთო, გაპრანჭულმა მენეჯერმა მითხრა, და მეც დავემშვიდობე.

ძლივს მივლასლასებდი სახლისკენ, აღარაფრის იმედი არ მქონდა. ამხელა კომპანიის შეფი ალბათ ან უფრო გამოცდილს აიყვანს, ან უფრო სექსუალურს. აი, ის გოგო რომ იყო, თათა, თვალებს რომ აბრიალებდა და ხუთი ზომის მკერდს რომ ათანთალებდა ღრმა დეკოლტეში.

ერთი სიტყვით, ჩემი ბინის ზღურბლს რომ გადავაბიჯე, საბოლოოდ ვიყავი დარწმუნებული, რომ არავითარი შანსი არ მქონდა. დივანზე მივეგდე და თვალები ჭერს მივაშტერე. მექანიკურად ღიღინიც კი წამოვიწყე: `ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდებაააა~...

უეცრად მობილურმა დაიწკრიალა. ვიფიქრე, მორიგი სიურპრიზია, ალბათ ბებო ისევ გაიპარა-მეთქი, და ფეხის თითებით მოვწიე ჩემკენ დივნის კუთხეში მიგდებული ხელჩანთა, რომ მობილური ამომეღო.

ჩემდა გასაოცრად, მეზობლის ვენერას მაგივრად, მამაკაცის ხმა გაისმა.

- ალო, გისმენთ! - შეცბუნებულმა ვუპასუხე.

- ანიკა ახვლედიანი ხართ?

- დიახ, - რაღაცნაირად დავიძაბე.

- მირზა მირზაშვილი გირეკავთ, - გამეცნო მამაკაცი და კინაღამ მეტყველების უნარი დავკარგე.

ჩემი მომავალი უფროსი პირდაპირ საქმეზე გადავიდა.

- შეგიძლიათ, პარასკევს, სამის ნახევარზე ჩვენთან მოხვიდეთ?

- რა თქმა უნდა, - რაც შემეძლო, მშვიდად ვუპასუხე.

- გმადლობთ, გელოდებით, - და ეგრევე გამითიშა.

ვაუ! რა უცნაურია! როდის იყო, უფროსები თვითონ ურეკავდნენ შერჩეულ კანდიდატებს? რაღაცაშია საქმე. ან მთლად წყალწაღებულია ეს სამშენებლო კომპანია, ან კიდევ... ან კიდევ, არ ვიცი. ვნახოთ, ვნახოთ...

პარასკევს საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე - ჩემი საუკეთესო ლიმონისფერი პიჯაკი ჩავიცვი, შავი შარვალი, შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და როცა `მინიტაუნს~ მივუახლოვდი, შევეცადე, საქმიანი ქალის გამომეტყველება მიმეღო, თუმცა ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. მისაღებში ოცდაათიოდე წლის სიმპათიური, ორსული ქალი იჯდა. ალბათ ის, რომელიც მე უნდა შემეცვალა.

- გამარჯობა. მე ანიკა ვარ, ახვლედიანი, - თავაზიანი ღიმილით მივესალმე მდივანს.

- სასიამოვნოა. ბატონი მირზა გელოდებათ, - ფეხმძიმე ქალი წამოდგა და უფროსის კაბინეტის კარი შეაღო. - ახალი მდივანი მოვიდა, ბატონო მირზა! - გავიგონე მისი ნათქვამი.

დირექტორის პასუხი ვერ მოვისმინე, რადგან ნერვიულობისგან თვალებზე ბინდი გადამეკრა და სმენა დამეხშო, მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, კარის ზღურბლზე რომ აღმოვჩნდი.

- მობრძანდით... აგერ დაბრძანდით, - რბილი ტონით მიმიპატიჟა მამაკაცმა და სავარძლიდან წამოიწია.

ოცდათხუთმეტ წლამდე იქნებოდა. მაღალი, ახოვანი, ძალიან სიმპათიური და მწვანეთვალება. ასეთი გარეგნობის კაცებს, ჩვეულებრივ, ქალებისთვის ღვთის წყალობად წარმოუდგენიათ თავი.

კომპანიის ხელმძღვანელმა ყურადღებით შემათვალიერა.

- ახალგაზრდა ყოფილხართ, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და საზურგეზე ნებივრად გადაწვა.

ეს რა, დანაშაულია? აქამდე არ იცოდა? როცა ჩემს მონაცემებს გაეცნო, ხომ ნახა, რომ 26 წლის ვარ?

- და ძალიან კარგი სპეციალისტი, - თითქოს ჯიბრზე დავამთავრე მისი ფრაზა. ნამდვილად არ მქონდა თავმდაბლობის დრო. თავს თუ არ წარმოვაჩენდი, როგორც თავდაჯერებული და საქმიანი ქალი, წასული იყო ჩემი საქმე.

- ამას შემდეგი დღეები გვიჩვენებს, - თვითონაც ჯიბრიანად მომიგო, თან თვალს არ მაშორებდა.

- რით დაგაინტერესათ ამ სამუშაომ? - მედიდურად მკითხა.

ერთი ამას უყურეთ! შენმა მზემ, შენც ისეთ თანამდებობას მთავაზობ, შურით გასკდებიან უმუშევრები! რას გადამეკიდა, თუ მიღება უნდა, მიმიღოს და მორჩა! - ვფიქრობდი და ვგრძნობდი, როგორ მეკიდებოდა ბრაზი.

- დაინტერესების რა გითხრათ... უბრალოდ, ძალიან მჭირდება სამსახური.

- ანუ?

- ანუ... - ცოტათი დავიბენი, ემანდ კარში არ გამისროლოს-მეთქი. - მდივნობა სულაც არ არის ჩემი მოწოდება და არც ისეთი თანამდებობაა, დავხარბდე, მაგრამ ჩემი პროფილით ძნელია სამსახურის პოვნა, ამიტომ დროებით ამასაც დავჯერდები.

აი, თავხედობის დონე. თითქოს მე კი არა, ჩემი პირით სხვა ლაპარაკობდა. სულაც არ მინდოდა, მის თვალში ამპარტავანი და მედიდური გამოვჩენილიყავი. არ ვიცი, საიდან მომადგა ენაზე ეს სიტყვები. უცებ, რატომღაც, თავის გამოჩენის სურვილი დამეუფლა.

ჩაიცინა და თავი ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად გააქნია.

- მშობლები გყავთ?

ამ კითხვას ნამდვილად არ ველოდი. რა კავშირშია მშობლები ჩემს სამსახურთან? მეგონა, მკითხავდა, რა პროფესიის ხარო? ჭარხალივით გავწითლდი, გაჭირვებით გადავაგორე ნერწყვი და მიმქრალი ხმით მივუგე:

- არა, ობოლი ვარ.

- არც ქმარი?

ქმარიო... მეუღლე მაინც ეთქვა. ნამდვილი გორსალაა, ზრდილობა ვერავინ ასწავლა ნეტავ? ან ის არ აინტერესებს, ობოლი რატომ ვარ?

- არც მეუღლე, - ხაზგასმით ვუპასუხე.

- აჰა... იმედია, დამატებითი საათების გამო პრობლემები არ შეგექმნებათ...

გული ლამის ამომივარდა საგულიდან. გამოდის, არც ისე ცუდადაა საქმე.

- არა, არ შემექმნება. ზედმეტი დრო ზედმეტად მაქვს, - წავიოხუნჯე.

ერთხანს მიყურა, თვალს არ მაცილებდა, თითქოს ყოყმანობსო. მერე კი, როგორც იქნა, ბოლო შეკითხვაც დამისვა:

- როდის შეუდგებით მუშაობას, იქნებ ორშაბათიდან?

- იყოს ორშაბათიდან, - თავი დავხარე, სიხარული რომ დამემალა.

მირზაშვილმა კიდევ ერთხელ დაჟინებული მზერა მესროლა, თმის ძირიდან ფეხსაცმლის ჭვინტამდე ჩამათვალიერა, მერე მომხიბვლელად გამიღიმა და თქვა:

- მაშინ, ორშაბათამდე...

მისაღებში გამოსულმა ვიგრძენი, როგორ დამცვაროდა მთელი სხეული ოფლით. როგორც იქნა, ვეღირსე სტაბილურ სამსახურს. ქუჩა-ქუჩა აღარ მომიწევს წანწალი. რა მაგარია!

- თქვენ რა გქვიათ? - ყოფილ მდივანს შევეკითხე და წინ ჩამოვუჯექი.

- ირა.

- პირველია? - თვალით, ბურთივით მუცელზე ვანიშნე.

- დიახ, პირველი... ბიჭია, - `მახარა~.

- გილოცავთ, ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოთ!

- მადლობა, ანიკა, - გამიშინაურდა ქალი.

- იცით, რა მაინტერესებს, ირა? - მოულოდნელად დამებადა კითხვა და თავი მისკენ ისე მივწიე, თითქოს დიდ საიდუმლოს ვუმჟღავნებდი. - გუშინწინ თვითონ დამირეკა და დამიბარა და... ყოველთვის ასე იქცევა? ცოტა გამიკვირდა. როდის იყო, დირექტორები თვითონ ურეკავდნენ თანამშრომლებს...

- ა, ეს ახასიათებს, - გაეცინა ირას. - მისთვის ხმას დიდი მნიშვნელობა აქვს და აქცენტს. ხმა თუ არ მოეწონა, ან კუთხური აქცენტი თუ აქვს გოგოს, ასეთს მდივნად არ აიყვანს.

- ააა, აი, თურმე რა ყოფილა, - მეც გამეცინა.

- როგორც ჩანს, თქვენი ხმა მოეწონა. თან, გაპრანჭულადაც არ საუბრობთ, არც აქცენტი გაქვთ. მე რომ ამიყვანა, მაშინ ერთი გოგონა იყო სამეგრელოდან, ისე არბილებდა ლ-ს, კინაღამ გაგიჟდა, მეორედ ასეთები კანდიდატთა სიაში არ ჩამისვათო. ერთი კიდევ, ძალიან `სვეცკობდა~, ისე წელავდა სიტყვებს. იმაზეც იგივე რეაქცია ჰქონდა. უბრალო კაცია და უბრალო ადამიანები მოსწონს.

- უბრალო კაცია? - ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, სულაც არ დამრჩა ასეთი შთაბეჭდილება.

- მართლა კარგი ადამიანია, თვითონაც ნახავთ. მოგეწონებათ. ისეთი გულისხმიერი ადამიანია, არ ვიცი. სულ მეხმარებოდა ეს თვეები, შეღავათს მიკეთებდა. ფულითაც დამეხმარა, რა ვიცი... - უხერხულად გაიღიმა ირამ.

- დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, წარმატებებს გისურვებთ, ჩემო კარგო, - დავემშვიდობე ყოფილ მდივანს და ფრთაშესხმულივით წამოვედი.

თებერვალი ბოლო დღეებს ითვლიდა. გაუთავებლად წვიმდა. დღეს კი გადაიღო წვიმამ, მაგრამ ისე აცივდა, აშკარა იყო, მოთოვდა.

ღამით ცუდად მეძინა და დილით ნაცემივით დავლასლასებდი ოთახიდან სამზარეულოში. ჯერ კიდევ სამი კვირის წინ სიხარულით მეცხრე ცაზე დავფრინავდი, რომ სამსახური ვიშოვე - ხუმრობა ხომ არ იყო მირზაშვილის მდივან-თანაშემწეობა? მაგრამ ასე რამ მომიშხამა გუნება? რაღაც არ მაკმაყოფილებდა. უაზროდ დავბორიალებდი აქეთ-იქით. თითქოს ყველაფერი რიგზე იყო, აღარც ბებია გაქცეულა ეს ერთი ხანია, არსად, მაგრამ რაღაც მაინც ვერ იყო რიგზე.

`მინიტაუნში~, როგორც თევზი წყალში, ისე ვგრძნობდი თავს. ზოგჯერ სამუშაო თავზე საყრელი მქონდა, მაგრამ ეს მომწონდა კიდევაც. ჩემს მოვალეობას მშვენივრად გავართვი თავი, ყველა კმაყოფილი იყო. უეცრად გონება გამინათდა. სამსახურში ყველა ანიკას მეძახდა, ის კი, პატივცემული შეფი, ქალბატონო ანიკაო, ასე მომმართავდა. ჰმ... როდის გახდა მირზა მირზაშვილი ჩემთვის `ის~, უკვე აღარ მახსოვს. თავდაპირველად მთლიანად სამუშაოში ვიყავი ჩაფლული. ძალას არ ვიშურებდი, რომ შენიშვნა არ დამემსახურებინა.

ერთ დღესაც, საქმიანი ციებ-ცხელება რომ მქონდა, სატელეფონო ზარმა გამომაფხიზლა.

- მირზას სთხოვეთ, თუ შეიძლება, ანა ვარ, - უცერემონიოდ ითხოვა ვიღაცამ და... იმ დღიდან დაიწყო: ლელა, მარი, შორენა... ქალების მთელი კალეიდოსკოპი გაიჩითა.

არა, ამაზე აღარ უნდა ვიფიქრო! ეს მე არ მეხება!

გემრიელად ვიბანავე და წასვლისას საკუთარ თავს სარკეში შევავლე თვალი. კმაყოფილი დავრჩი, მადლობა სარკეს!

მირზაშვილი ჯერ არ მობრძანებულიყო, ამიტომ ოფისის სრულ ბატონ-პატრონად ვიგრძენი თავი. ისედაც არ არის კომპანია თანამშრომლებით გაბევრებული. სულ ცხრა ადამიანი ვმუშაობთ, არც მეტი, არც ნაკლები.

სასიამოვნო იდილია ტელეფონის ზარმა დამირღვია.

- მირზას სთხოვეთ, - გაისმა ქალის ნერვიული ხმა, - ქეთი ვარ. ანიკა, შენ ხარ, საყვარელო?

- დიახ, - ღიმილი მომერია. მომწონდა ეს ქეთი, ხშირად მოსულა აქ თავის მეუღლესთან ერთად. - ბატონი მირზა ჯერ არ მოსულა. თუ გნებავთ, გადავცემ, რომ დარეკეთ.

უცებ ქეთის პასუხმა სისხლი გამიყინა ძარღვებში:

- არა, არა, ნურაფერს ეტყვი! თაზომ არ გაიგოს, რომ დავრეკე, თორემ მომკლავს. ისედაც ჭკუაზე არ არის, - ეს თქვა და გამითიშა.

გაქვავებულივით ვიდექი. გამართლდა ჩემი ეჭვი. სხვათა შორის, ქეთის ქმარი, თაზო ბედიანაშვილი მირზას ძმაკაცია. ნუთუ მეგობრის ცოლებსაც არ ინდობს? გამომიჩნდა ესეც კაზანოვა! შევეცადე, თავიდან ამომეგდო ეს აზრი. რა ჩემი საქმეა, ვის ცოლს ჩაიწვენს ლოგინში მირზა მირზაშვილი? ფუ! ნამდვილი ურჩხულია!

ამ დროს კარმა გაიჭრიალა და ისიც გამოჩნდა.

- რა არის ახალი? - საქმიანად მკითხა.

`დილა მშვიდობისა~ სად დატოვა? რა უზრდელია, ყველაფერთან ერთად!

- ქეთიმ დარეკა, ბედიანაშვილმა, მაგრამ არაფერი დაუბარებია.

- ალბათ კიდევ დარეკავს, - უდარდელად ჩაილაპარაკა და კაბინეტს მიაშურა.

ერთი ამას დამიხედეთ, რა თავდაჯერებულია! გაგულისებულმა, მტრულად გავხედე დახურულ კარს და თავი ქაღალდებში ჩავრგე.

ის იყო, შესვენებიდან დავბრუნდი, რომ შიდა ტელეფონი აწკრიალდა, რომლითაც უფროსი მიკავშირდებოდა.

- ქალბატონო ანიკა, შემოდით ჩემთან!

ბლოკნოტს წამოვავლე ხელი და შევედი... ნახევარი საათი ვიწერდი შეფის ინსტრუქციებს. უეცრად ისევ დარეკა ტელეფონმა. მირზაშვილი ყურმილს დასწვდა.

- ქეთევან! - შესძახა და სახე ღიმილმა გაუნათა. - რა ქარმა გადმოგაგდო ამ ხაზზე? - გაეხუმრა.

სკამზე უხერხულად ავწრიალდი. წამოვიწიე. `ქარის გადმოგდებულთან~ რომ დაასრულებს ჭუკჭუკს, მერე შემოვალ-მეთქი, მაგრამ მირზამ ხელით მანიშნა, დარჩიო.

- ტყუილად ნერვიულობ, ქეთო! არა მგონია, გაყრა უნდოდეს. გეჩვენება რაღაც.

მართალი ბრძანდება ბატონი შეფი. თაზოს ისე უყვარს თავისი ცოლი, დაშორება აზრადაც არ მოუვა, მაშინაც კი, თუკი ყველაფერს გაიგებს.

საბედნიეროდ, მათი საუბარი დიდხანს არ გაგრძელებულა.

- კარგი, კარგი, დამშვიდდი. როგორმე გამოვნახავ დროს და ხვალ სადმე გავიაროთ. ჰო, აბა, რა, - შეჰპირდა ქალს.

ოჰ, როგორ მახრჩობდა ბრაზი! ერთი სული მქონდა, ყელში ვწვდომოდი და იქვე მიმეხრჩო!..

გაგრძელება შემდეგ ნომერში