ბროწეულის გაზაფხული - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული

- მორჩი ისტერიკას, კარგი, რა. ხომ იცი, რომ თაზო ვერაფერს ხვდება? - რაც შეიძლებოდა რბილად და ტკბილად მელაპარაკებოდა მირზა. - ოოოჰ, უკვე ნერვებს მიშლი! - წამოიყვირა უცებ და მოთმინებიდან გამოსულმა, ყურმილი ბერკეტზე დაახეთქა.

- რა არ მოგწონთ, ქალბატონო ანიკა? - მომიბრუნდა მოულოდნელად.

გავშრი. ყველაფერს ველოდი და ამ შეკითხვას - ნამდვილად არა. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზი ყელში მქონდა მობჯენილი, შევეცადე, სიმშვიდე შემენარჩუნებინა და შეფს `მე ვინ მეკითხებას~ მზერით გავხედე.

- აი, აქ მაქვს თქვენი ამპარტავნება უკვე! - იფეთქა უეცრად. - მაინც რა არ მოგწონთ ამჯერად?

ცალი წარბი ამრეზით ავათამაშე, თავი გვერდით გადავხარე და ჯიქურ მივახალე:

- `ამჯერადამდე~ როდის რა არ მომეწონა, უფროსო?

- ნუ `მებლატავები~, თუ შეიძლება! - მაგიდაზე მუშტი მსუბუქად დაჰკრა. - და გამეცი კითხვაზე პასუხი!

სხვა გზა არ მქონდა, გულახდილად უნდა მეპასუხა, თორემ შესაძლებელი იყო, სამსახურს გამოვთხოვებოდი.

- როცა ქეთიმ დარეკა...

- ქალბატონმა ქეთიმ, - ირონიულად შემისწორა.

ალეწილმა, თვალი თვალში გავუყარე და დაძაბული ხმით გავაგრძელე:

- როცა ქალბატონმა ქეთიმ დარეკა, მთხოვა, ჩემმა ქმარმა არ უნდა გაიგოსო...

- რაო, რაო? - ეტყობა, მირზაშვილმა ის-ის იყო, გააცნობიერა, რას ვგულისხმობდი. - თქვენ გგონიათ, ქეთინო ჩემი საყვარელია?

- ეს მე არ მეხება! - ხმადაბლა ჩავიდუდუნე აჭარხლებულმა.

- მართალი ბრძანდებით! - კვლავ აუწია ხმას და წამოდგა. მეც წამოვდექი. - რას ვაკეთებ, როგორ ვიქცევი და სად დავძვრები, ეს თქვენ სრულიად არ გეხებათ. გასაგებია?

- თქვენ თვითონ მკითხეთ და მეც გიპასუხეთ. მე რა შუაში ვარ? - აღვშფოთდი და ერთიანად ავიძაგრე. ვიფიქრე, ახლა ერთს გემრიელად გამოვლანძღავ და აქედან მოვუსვამ-მეთქი.

- თავად როგორი ხართ, ქალბატონო ანიკა? უმწიკვლო? უნაკლო? უზადო? უხინჯო? კიდევ რა სინონიმები გვაქვს, ერთი შემახსენეთ? ალბათ თქვენს პირად ცხოვრებაში ასეთი რამეები დაუშველებია, არა? ღმერთმა დაგიფაროთ, ხომ? - არ ცხრებოდა შეფი.

ისე შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი, მზად ვიყავი, მეცრუა, რომ უამრავი თაყვანისმცემელი მყავდა, რომ მამაკაცები კაბის კალთებს მახევდნენ, რომ... რომ... მაგრამ რომ-ის გარდა, ერთი სიტყვაც ვერ ამოვღერღე, ენა დამება.

- რომ... - საცოდავად ამოვიკნავლე და გავჩუმდი.

- მე კი ერთი უნიათო გოგო მეგონეთ... კანცელარიის ვირთხა... უფრო სწორად, წრუწუნა!

წრუწუნაო!.. ამას ვინ ჰგონია თავისი თავი? ენა როგორ უბრუნდება ასეთი რამის სათქმელად? არც ერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი ქალი არ გადაყლაპავდა მსგავს შეურაცხყოფას.

- ყოველ შემთხვევაში, ჩემნაირი წრუწუნა ვირთხა არასდროს გახდება! აი, ამით წრუწუნა ვირთხას ბევრად სჯობია! - წავისისინე და კაბინეტიდან ტყვიანაკრავივით გამოვვარდი.

ჩემს მაგიდასთან რომ აღმოვჩნდი, მაშინღა მოვეგე გონს. ხელის კანკალით მივწვდი ლაბადას, სახელოებში ძლივს გავუყარე ხელი, ისე გავიხლართე. ანერვიულებულმა ვინანე, ასე რომ მოვიქეცი. ბოლოს და ბოლოს, ვინ ვარ მე, ერთი საცოდავი მდივანი... რატომ ვაძლევ თავს ამდენის უფლებას?

- საით თქვენი მგზავრობა? - მომესმა მოულოდნელად ზურგს უკან შეფის ხმა.

მისკენ შევბრუნდი. მირზაშვილი კარს მიყრდნობოდა და დამცინავად, მაგრამ ინტერესით შემომყურებდა.

- როგორც მივხვდი, გათავისუფლებული ვარ სამსახურიდან, - ახლა უკვე მეტი სიმტკიცე შემეპარა ხმაში.

- ამის თაობაზე წინასწარ გაცნობებთ, - თქვა და თავისი საფირმო ღიმილით დასძინა: - დღეს კი გვიანობამდე მოგიწევთ მუშაობა.

ხელები უღონოდ ჩამოვუშვი. როგორ მინდოდა, ხმაურიანად გამეჯახუნებინა კარი და ამით ამომენთხია ამდენი ხნის დაგროვილი ბოღმა, მაგრამ ამის გამკეთებელი არ ვიყავი და ეს ამ ვაჟბატონმაც იცოდა...

ცივი ომი მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. მუშაობამ ოდნავ გამინელა ბრაზი, მაგრამ შინ რომ დავბრუნდი, კვლავ ავიფოფრე. დაწვრილებით გავიხსენე ყოველი სიტყვა, ყოველი წვრილმანი და შემეშინდა... როგორ გავბედე ამდენის თქმა? რატომ დავაყენე საფრთხის ქვეშ ჩემი და ბებიაჩემის არსებობა? ხომ შეიძლებოდა, ეშმაკურად დამეძვრინა თავი სიტუაციიდან?

ერთი სიტყვით, დასაძინებლად რომ ვწვებოდი, საკუთარ დანაშაულში საბოლოოდ ვიყავი დარწმუნებული. `ხვალ, როგორც კი მივალ, ბოდიშს მოვუხდი. სულაც არ მჭირდება მისი ყურადღება, უღრმესი მადლობა, კარგად ბრძანდებოდეს! ამიერიდან მხოლოდ და მხოლოდ სამუშაო და მეტი არაფერი~, - ვუბრძანე ჩემს თავს და დავწექი.

მეორე დღეს დათრგუნვილი მივედი სამსახურში. ფეთიანივით ვეცი ქაღალდებს და მუშაობას შევუდექი. მალე ისიც გამოჩნდა. წამოვდექი და უსიტყვოდ მივაჩერდი. წინაღამით მოფიქრებული საბოდიშო სიტყვები სადღაც გამიქრა, ხმა ვერ ამოვიღე. მირზამ ყურადღებით, დაჟინებით შემავლო თვალი. ჯერ ჩემი გიშრისფერი თმა შეათვალიერა, მერე კოხტად მორგებულ პიჯაკზე გადაიტანა მზერა და ბოლოს სახე და ტუჩები დამითვალიერა.

მივხვდი, ახლა თუ ვერ ვეტყოდი მირზაშვილს იმას, რაც უნდა მეთქვა, სამუდამოდ დავკარგავდი საკუთარი თავის პატივისცემას.

- მინდა, გუშინდელი საქციელისთვის მოგიბოდიშოთ, - მონანიე ტონით ამოვთქვი და ვიგრძენი, რომ ამით გული ვერ მოვულბე. ისევ ცივად მიმზერდა.

- და მიუხედავად ბოდიშისა, ისევ ისე ფიქრობთ, არა? შეხედულება არ შეგცვლიათ ჩემზე? - გულგრილად მკითხა.

- დიახ, - ისე მშვიდად მივუგე, თვითონაც სახტად დავრჩი. - შეხედულება არ შემიცვლია. უკაცრავად.

წამით თითქოს თვალები შუშის გაუხდა.

- მაშინ, თქვენი ბოდიში ანულირებულია, - გამომიტანა განაჩენი.

თავი სრულ იდიოტად ვიგრძენი. რა საკუთარი თავის პატივისცემაზე იყო ლაპარაკი? ჩემი ბოდიშიც კი არ მიიღო. თვითონ ქმრიან ქალთან დაძვრება, თანაც, ვისთან, ძმაკაცის ცოლთან, და ჩემგან ბოდიშსაც კი არ იღებს. ოხ, რა სიამოვნებით ჩავაფეთებდი იმ მწვანე თვალებში გემრიელ მუშტს, ნეტავ იცოდეს!

ერთი საქაღალდე გამზადებული დოკუმენტაციით მაგიდაზე დავუდე და გამოვბრუნდი.

ამ დროს შეფის ხავერდოვანი ხმა მომესმა:

- დანარჩენი ხვალისთვის გადადეთ, ანიკა!

რაო? ანიკაო? ამის გაგონებაზე მუხლები მომეკვეთა. ეს პირველი შემთხვევა იყო, ჩემს სახელს წინ `ქალბატონო~ რომ არ წაუმძღვარა. მოზღვავებულმა სიხარულმა ლამის წამლეკა. რას მიქვია, გადავდო, უამრავი საქმეა, როგორ შეიძლება გადადება?! - ავწრიალდი, მაგრამ რა ავწრიალდი! ძლივს ადამიანურ მიმართვას ვეღირსე და ახლა მე რაღა გამაჩერებს? მაგრამ სწორედ ამ დროს გამახსენდა, რომ დღეს ქეთისთან ერთად უნდა გაესეირნა. აი, თურმე რატომაა კარგ ხასიათზე.

შესვენებიდან რომ დავბრუნდი და ჩემს სამუშაო მაგიდას მივუჯექი, მირზას ოთახიდან გაცხარებული კამათის ხმა შემომესმა. კარი ოდნავ შეღებული იყო და ყველაფერი გარკვევით ისმოდა.

- რა თამაში წამოიწყე, ანა? რაღაც ვერ ვხვდები, საით უმიზნებ! - მკვახედ ეკითხებოდა ვიღაცას მირზაშვილი.

- რა მოგდის? განსაკუთრებული არაფერი მითქვამს, - ქალის გაპრანჭული პასუხი მომწვდა.

- არ გითქვამს! ჩემი თვალის ახვევას ნუ ცდილობ. არ გამოვა ეგ საქმე, თვითონაც კარგად იცი. მე შენ არაფერს შეგპირებივარ.

- გაგიჟდი? რას ამბობ, მირზა! თავში აზრადაც არ გამივლია მსგავსი არაფერი. უბრალოდ, ქეთის ვუთხარი, აგარაკის ყიდვას აპირებს და მიხარია-მეთქი.

- აპირებს კი არა, ვაპირებთო, გითქვამს. ასეთი უხეში შანტაჟი ჩემთან არ გაგივა, გასაგებია შენთვის?

- მე მხოლოდ ის მინდოდა...

- ვიცი, რაც გინდოდა, - უხეშად გააწყვეტინა ქალს, რომელსაც ხმა დაუწვრილდა, შეიძლება, ატირდა კიდევაც, - ჩემს გეგმებში შენი ცოლობა არასდროს შედიოდა და შენ ამის შესახებ ჩვენი ურთიერთობის პირველივე დღიდან იცოდი. მგონი, უკმაყოფილო არ დამიტოვებიხარ.

- როგორ მიბედავ ასეთ ლაპარაკს?! - აწივლდა ქალი. - ისე მელაპარაკები, როგორც `პრასტიტუტკას~! ვის რა ჭირად უნდა შენი ცოლობა, შე ტილიანო! სიმართლე თუ გინდა იცოდე, ფეხებზე მკიდიხარ! - შემდეგ სკამი გახრიგინდა, ქალის ქუსლების პაკაპუკი გაისმა და კარი გაიღო თუ არა, სახეაჭარხლებული, თვალებდაწითლებული მაღალი ქალი გამოვარდა მირზაშვილის კაბინეტიდან. იგი აქამდე არ მენახა. გაოცებული მივაჩერდი და მისასალმებლად მოვემზადე, მაგრამ მას ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, ისე გავარდა მისაღებიდან.

- ეს ვინღაა? - სწორედ ამ დროს შეფი კაბინეტის კარის ზღურბლს მოადგა.

შეშინებულმა გავხედე.

- შენ რა, ყურს გვიგდებდი?

მოულოდნელად ფეხები თითქოს ბამბის გამიხდა, ხოლო სახე ისე მომეღრიცა, რამდენიმე წამით კრინტი ვერ დავძარი, მაგრამ მალევე ავიყვანე თავი ხელში და მტკიცედ მივუგე:

- ძალიან ნუ გახვედით თავს, უფროსო! თქვენი ყურისგდება ჩემს ინტერესში არ შედის. შესვენებაზე ვიყავი გასული და რომ მოვბრუნდი, ჩემი მოვალეობის შესრულებას შევუდექი. ჩემი ბრალი არაა, თუ ქალები კაბინეტში გივარდებიან გამოსალანძღავად!

ცოტა არ იყოს, დაიბნა, ჩემგან ასეთ ტონს არ ელოდა, მერე კი ოდნავ დამშვიდებული ხმით თქვა:

- და კარი რატომ არ მოხურე?

- კარი მე არ დამიტოვებია ღია, ასე დამხვდა. მეგონა, სპეციალურად დატოვეთ შეღებული. მე რა ვიცი!

- ო-ჰო-ჰო... ბრჭყალებიც გამოვაჩინეთ. აი, კიდევ ერთი ჩემი საიდუმლოს `მფლობელი~ გახდით. ალბათ აწი თქვენგან უნდა დაველოდო შანტაჟს, არა?

- თქვენ უბრალოდ... უბრალოდ... - გაწიწმატებულმა, საჭირო სიტყვა უცებ ვერ ვიპოვე. - ძალიან ულმობელი ხართ!

- მე ვარ ულმობელი? გოგო, ცოტა დაფიქრდი, სანამ რამეს იტყვი! - დამიღრიალა. - როცა ისმენ ისეთ რამეს, რაც შენმა ყურებმა არ უნდა მოისმინოს და ამაზე შენიშვნას გაძლევ, მობოდიშების ნაცვლად, უნდა დამადანაშაულო და მითხრა, ულმობელი ხარო?

- ნუ მიყვირით, თუ შეიძლება, - ძალიან მშვიდად შევეპასუხე, - მე თქვენი საყვარელი არ ვარ, მე თქვენი მდივანი ვარ და, სხვათა შორის, სანიმუშო მდივანი, ამიტომ თქვენგან ამ შენიშვნას არას დიდებით არ მივიღებ. არ მაკადროთ და არ გაკადრებთ. ჩემი უფროსი რომ ხართ, არ ნიშნავს, რომ ყველაფრის უფლება გაქვთ.

ჩემდა გასაკვირად, გაჩუმდა, პასუხი არ გაუცია. მერე უცებ გატრიალდა და კაბინეტში შევიდა. ერთიანად ვცახცახებდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. რამდენიმე წუთის შემდეგ კვლავ გამოვიდა. ხელში თაბახების კონა ეჭირა.

- ეს ჩემს იურისტთან წაიღე და დაამოწმებინე. დღესვე! ხვალ დილით მაგიდაზე მედოს, ძალიან მჭირდება! - ამ სიტყვებით ქაღალდები აგდებულად წინ დამიყარა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა.

ახლა კი უარესად გავბრაზდი, მაგრამ რას გავაწყობდი? წამოვავლე ჩემს ჩანთას ხელი, თაბახები საქაღალდეში ჩავალაგე და იღლიაში ამოვიჩარე, ხოლო გასვლისას ისე გამოვიჯახუნე კარი, ლამის ამოვაგდე ანჯამებიდან.

ის ღამე თეთრად გავათენე. თვალს დავხუჭავდი თუ არა, ვცდილობდი, წარმომედგინა, რას აკეთებდა თავისი ძმაკაცის ცოლთან. ერთ ქალთან ნაჩხუბარი მეორესთან როგორ გაერთობოდა. ბრაზისგან ბალიშსაც კი დავუშინე მუშტები. რა ბედნიერი ვიქნებოდი, ეს ბალიში მირზა მირზაშვილის თავი რომ ყოფილიყო!..

დილით ძლივს გავახილე თვალები. სადღაც გამთენიისას წამართვა ძილმა თავი და გავითიშე. გაღვიძებაც გამიჭირდა და ადგომაც. არადა, შეფისთვის უნდა მიმესწრო და დამოწმებული ხელშეკრულებები მაგიდაზე დამეხვედრებინა.

ის იყო, გასვლას ვაპირებდი, რომ ქალაქის ტელეფონი აწკრიალდა. ასე ადრე ბებია თუ დამირეკავდა, სხვა არავინ, მაგრამ ბებია არ აღმოჩნდა. ვენერა იყო, რომელმაც მაუწყა, ბებიაშენი ისევ გაიპარა და ვერსად ვპოულობო.

კისრისტეხით დავეშვი კიბეზე. ისე ულაზათოდ ვადგამდი ფეხებს, თითქოს კაცი ვყოფილიყავი. ტაქსი გავაჩერე და წილკანში გავქანდი. საცაა, თოვას დაიწყებდა. ნეტავ პალტო თუ მაინც აცვია? ამის გაფიქრებაზე შემაჟრჟოლა. იქნებ უკვე დაბრუნდა შინ? ასეთ ამინდში შორს ხომ ვერ წავიდოდა.

ამაოდ ვინუგეშებდი თავს. სოფელში ჩასულს სახლის კარი ღია დამხვდა, მაგრამ ბებია არსად ჩანდა. მოულოდნელად გონება გამინათდა. წინა `გაქცევის~ დროს ბებო ჩვენს ძველ სახლში დაბრუნდა, რომელიც გავყიდეთ. კვლავ გავაჩერე ტაქსი და ახლა ჩვენი ყოფილი ბინისკენ გავქანდი.

ჩემი ვარაუდი გამართლდა. სწორედ მაშინ შეაჩერა მძღოლმა მანქანა ტროტუართან, როცა ჩემი ბებო სადარბაზოში შეცუხცუხებას აპირებდა.

- ბებიკო! - დავუძახე.

ჩია მოხუცი შემობრუნდა და ჩემს დანახვაზე სახე გაუნათდა.

- ანიკა, აქ ხარ, შვილო? წეღან გივიკო შემხვდა, ჩვენი ძველი მეზობელი. მოტოციკლი უყიდია და შემპირდა, გაგასეირნებო.

ღმერთო, რა დროს მოტოციკლია, სამსახურში დამაგვიანდა! - გავიფიქრე, ხმამაღლა კი მხოლოდ ეს ვუთხარი:

- ჰო, ბებო, გაგასეირნებს, მაგრამ ახლა ჩემთან უნდა წავიდეთ...

პირველი ხდებოდა, სამსახურში რომ მივედი. ფართხაფურთხით ჩავჩურთე ჩანთა მაგიდის უჯრაში და კაბინეტის კარზე დავაკაკუნე. შიგნიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. გამიხარდა, შეფი ადგილზე რომ არ დამხვდა, მაგრამ სიხარული არ დამცალდა. მოულოდნელად მისაღების კარი გაიღო და მირზა წინ ამესვეტა.

- რაკი ბრმა ნაწლავის შეტევით საავადმყოფოში არ მოხვდით, იქნებ პატივი დამდოთ და მითხრათ, სად დასეირნობდით? - მისი სარკასტული ტონი მაგიჟებდა.

- ოჯახური პრობლემები მქონდა, ბატონო მირზა, მაპატიეთ, - როგორც იქნა, ამოვღერღე იმ იმედით, რომ იგი ჩემს აწითლებულ სახეს ვერ შეამჩნევდა.

- ასეთი რა ოჯახური პრობლემები გამოგიჩნდათ? - არ მეშვებოდა. - რა, ერთმანეთთან დაშორება გაგიჭირდათ?

ნერვებმა მიღალატა და თავი ვერ შევიკავე:

- თქვენსავით წესების გარეშე არ ვცხოვრობ! და, თუ შეიძლება, საკუთარი ცხოვრების მიხედვით ნუ მსჯელობთ! - ჯიქურ მივახალე.

აი, ახლა კი ნამდვილად მიმახრჩობს ჩემი ძვირფასი შეფი. რა მრჯის, ჩემსას რომ არ ვიშლი, რატომ მისწრებს ენა ყოველთვის წინ, რატომ? ამის გაფიქრებისთანავე შევეცადე შეცდომის გამოსწორებას:

- გვიანობამდე დავრჩები, ყველაფერს გავაკეთებ...

- კარგადაც მოიქცევით. ყველა ხელშეკრულება დღესვე მჭირდება. იმაზე რა ქენით, გუშინ რომ გადმოგეცით? თუ მეხსიერება არ მღალატობს, მაგიდაზე უნდა დამხვედროდა, მაგრამ დილით რატომღაც, ვერ შევამჩნიე, - უხეშად შემაწყვეტინა და ნიშნის მოგებით გამიღიმა.

ამქვეყნად არავინ და არაფერი შემძულებია ისე, როგორც იმწუთას მირზაშვილი მძულდა.

- სამაგიეროდ, ახლა გიდევთ მაგიდაზე, - ვალში არ დავრჩი და თავხედურად მივუგე.

- ვნახოთ, ვნახოთ... დღეს მე არ ვიქნები, მალე უნდა გავიდე, - თქვა და ჩემს ფერად ოთხკუთხა ქაღალდებს, ჩასანიშნად რომ ვიყენებდი ხოლმე, ერთი ცალი მოაძრო, წებოდაკრულ მხარეზე ამოატრიალა, ჯიბიდან მრგვალბურთულიანი რონდო ამოიღო და გაკრული ხელით მისამართი წააწერა. - ეს ქეთის სახლის მისამართია, გვიანობამდე იქ ვიქნები. როცა ყველაფერს მორჩებით, იმედია, არ დაიზარებთ და მასალებს იქ მომიტანთ.

თავხედობის დონე ნახეთ! ამ თავისი კრეტინული მასალების გამო სადღაც უნდა მაწანწალოს, ვითომ ხვალ დილით ვერ მოასწრებდა დოკუმენტაციის აღებას! სამაგიეროს მიხდის.

უნებურად თვალი ფანჯრისკენ გამექცა. თოვლი წამოსულიყო. მირზამ თვალი გააყოლა ჩემს მზერას. რატომღაც, იღიმოდა.

ისევ მომეძალა სიძულვილი. თანხმობის ნიშნად მორჩილად დავუქნიე თავი და სქელი საქაღალდე წინ დავიდე. გული მერეოდა იმის გახსენებაზე, რომ გვიანობამდე უნდა მემუშავა და მერე საყვარელთანაც უნდა მიმეკითხა მისთვის. ვიფიქრე, ამ ბოლო დავალებას გავაპროტესტებ-მეთქი, მაგრამ შეფის თვალებში გამკრთალმა ეშმაკურმა ნაპერწკალმა მაიძულა, პროტესტზე უარი მეთქვა.

- კიდევ რას მიბრძანებთ? - საქმიანი შეკითხვა დავსვი.

მამაკაცის თვალებში წამით, მხოლოდ წამით გაიელვა რაღაცამ, აღფრთოვანების თუ მოწონების მსგავსმა, რაც ეგრევე დავიჭირე, მაგრამ რადგან არაფერი მითხრა, ვიფიქრე, რომ შევცდი და ეს ყველაფერი მხოლოდ მომეჩვენა.

კაბინეტში დიდხანს არ დარჩენილა, ორიოდე წუთის შემდეგ ჩაცმულ-დახურული გამოვიდა და ჩემს მაგიდასთან კიდევ ერთხელ შედგა. ცოტა ხანს დაჟინებული მზერით შემომცქეროდა, შემდეგ კი, თითქოს სახეზე მათრახი გადამაწნაო, მითხრა:

- ასე რომ, პაემნის გადადება მოგიწევთ, ბრაზიანო ანიკა, - და გავიდა.

მზად ვიყავი დამეფიცებინა, რომ გასვლისას მირზა მირზაშვილი უსტვენდა - ნება-ნება, უდარდელად.

გამალებით შევუდექი მუშაობას, მთელი დღე თავი არ ამიწევია, ყავის დალევაც კი გადამავიწყდა. ცხრა ხელშეკრულება მქონდა შესადგენი, მერე ასაკრეფი და ბოლოს ამოსაბეჭდი. ქანცი გამწყდა. საღამოს რვა საათისთვის დავამთავრე მუშაობა - ლიმონივით ვიყავი გამოწურული. მიუხედავად ამისა, გულში ვზეიმობდი, რომ მის ჯინაზე მაინც მოვასწარი. ტრიუმფის გრძნობას მირზას მიმართ დაუძლეველი სიძულვილი ერთვოდა. დეგენერატი მექალთანე! როგორ მძულს, როგორ მძულს ეს კაცი, ნეტავ იცოდეს! ალბათ ახლა თავის ქმრიან საყვარელთან ერთობა. უნამუსო!

გამზადებული დოკუმენტაცია საქაღალდეში ჩავალაგე და ქუჩაში გამოსულმა ტაქსი გავაჩერე. კიდევ კარგი, ტაქსი უცებ გამოჩნდა, თორემ ისე ციოდა, ცოტაც და, ალბათ ძვლები გამეყინებოდა. თოვას გადაეღო, მაგრამ ყინავდა. სიცივისგან მაძაგძაგებდა. ბებოს დღევანდელმა საქციელმა მთლიანად ამომაგდო კალაპოტიდან. კარგი იქნება, ფილტვების ანთებას თუ არ ავიკიდებ. დილიდან რომ ჩამეჭრა სიცივე, ვერა და ვერ მოვახერხე გათბობა. მთელი დღის უჭმელი, შიმშილმაც შემაწუხა. რაღაც რომ არ მეჭამა, გული წამივიდოდა.

როგორც კი მანქანა ქეთის კორპუსს მიუახლოვდა, მძღოლს ეგრევე გაჩერება ვთხოვე, რადგან იქვე კაფეს მოვკარი თვალი. ხტუნვა-ხტუნვით შევვარდი შენობაში და ყავა და ნამცხვარი შევუკვეთე.

დრო თითქოს უსაშველოდ გაიწელა. როგორც იქნა, მაღირსეს, მაგრამ რად გინდა - ყავაც და ნამცხვარიც საშინლად უგემური აღმოჩნდა. მაინც მივეძალე, ახლა ჭირვეულობის დრო არ იყო. ნაჩქარევად გადავსანსლე ნამცხვარი, ყავაც დავლიე და გამოვედი. რის ვაი-ვაგლახით მივაღწიე ქეთის სადარბაზომდე. კიბეს ავუყევი. ბოლო სართულზე ასულმა და უკვე აქოშინებულმა, ზარი დავრეკე. კარი მალევე გაიღო და ზღურბლზე გაოცებული ქეთევანი გამოჩნდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში