ბროწეულის გაზაფხული (გაგრძელება) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (გაგრძელება)

- მობრძანდით, მობრძანდით, - ჩაილაპარაკა გაოცებულმა და განზე გადგა, რომ გავეტარებინე.

უეცრად ჰოლში მირზა გამოჩნდა. ტანსაცმელი გამოეცვალა, ცისფერი პერანგი და უზადოდ მორგებული შავი პიჯაკი ეცვა. ისიც გაოგნებული შემომაჩერდა.

- თქვენ აქ რა გინდათ? ხომ მშვიდობაა? - მკითხა.

ჩვენ სამს შორის ყველაზე გაოცებული მე დავრჩი. მზად ვიყავი, ამ თავხედისთვის თვალები ამომეჩიჩქნა.

- თავად არ დამიბარეთ? მოგიტანეთ მასალები. დღესვე მჭირდებაო და... - ძლივს ამოვთქვი, ტირილამდე მისულმა.

- რა იდიოტებთან მაქვს საქმე! - უკმაყოფილოდ ჩაიდუდუნა და ქეთის მიუბრუნდა:

- შეიძლება, კაბინეტში შევიდეთ?

ქალმა უსიტყვოდ დაუქნია თავი. ჩემთვის სულერთი იყო, სად შემიყვანდნენ, სიცივისგან ერთიანად ამიტანა კანკალმა.

- მთლად გალურჯებულხართ, - თან თავს აქნევდა, თან წინ მიმიძღოდა.

- თქვენც გალურჯდებოდით, ასეთ ამინდში ლაბადით რომ გევლოთ.

ისე გამომხედა, თითქოს უდიდესი შეურაცხყოფა მიმეყენებინოს.

- მერედა, პალტო ვერ ჩაიცვით? თუ არ გაქვთ?

ყელში მქონდა ამოსული მისი დამცინავი ტონი.

- არ მეგონა, თუ გათოვდებოდა.

- და დილიდან რომ ექვსი გრადუსი ყინვა იყო, ეგ არაფერი? - დამტუქსა.

კაბინეტისკენ რომ მივდიოდით, თვალი ჰოლში ჩამოკიდებული სარკისკენ გამექცა და თვალებს არ დავუჯერე - იქიდან თმაგაწეწილი, ფერდაკარგული და ტუჩებგაფითრებული უბადრუკი არსება შემომცქეროდა.

- დარწმუნებული ვარ, ჩემნაირი თანაშემწე დედამიწის ზურგზე სხვას არავის ჰყავს, - გაიხუმრა მირზაშვილმა და პატარა ოთახში შემიძღვა.

შესვლისთანავე ელექტრობუხარი ჩართო და მითხრა:

- ახლავე მოვალ.

ბუხართან მივიყუჟე, რომ ოდნავ მაინც გამეთბო გაყინული სხეული.

მირზა პირსახოცითა და ხაოიანი ხალათით ხელში დაბრუნდა.

- ქეთინო სტუმრებს ვერ დატოვებს, ამიტომ მე მოგემსახურებით. იმედია, უარს არ მეტყვით, - თქვა და მომხიბვლელად გამიღიმა.

- გმადლობთ, არ ვსაჭიროებ არავის მომსახურებას, მე თვითონაც მოვუვლი ჩემს თავს.

- ეჭვიც არ მეპარება, - შემრიგებლური ტონით მომიგო, - მაგრამ მე ხომ თქვენი უფროსი ვარ, ამიტომ, ნუ მომაკლებთ ამ სიამოვნებას, - ისევ გაიხუმრა, მაგრამ საცოდავად აკანკალებულს რომ შემომხედა, მაშინვე დასერიოზულდა. - გაიხადეთ ლაბადა და ეს ხალათი ჩაიცვით, მალე გათბებით. მერე კი ცხელი შხაპი მიიღეთ.

ლაბადის ღილებს წავეტანე, მაგრამ ისე მქონდა თითები გაყინული, არაფერი გამომდიოდა.

მიმიხვდა. მომიახლოვდა და თვითონ ჩამიხსნა ღილები, მერე გახდაშიც დამეხმარა.

- მე თვითონ! - გავაპროტესტე, მაგრამ - მხოლოდ სიტყვებით, რადგან ვიცოდი, რომ ვერც პიჯაკის გახდას შევძლებდი დამოუკიდებლად.

როცა მეხებოდა, გული ამოვარდნაზე მქონდა. საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ეს კაცი მომწონდა.

- ვხედავ, არ ხართ შეჩვეული მამაკაცისგან გახდას, ჭირვეულო ანიკა, მაგრამ მე სხვა ვარ, ჩემი არ უნდა მოგერიდოთ, - ისე ალერსიანად მითხრა, ღიმილი ვერ შევიკავე.

- ბლუზასაც ხომ არ გაიხდით ბარემ? აჯობებს, წყალი ახლავე გადაივლოთ, ასე უცებ გათბებით, - და სანამ რამის თქმას მოვასწრებდი, ხელის სწრაფი მოძრაობით ჩამიხსნა ზედატანის ელვაშესაკრავი.

- კიდევ დაგრჩათ რამე? - ისე მკითხა, რომ ნამდვილად ბიუსტჰალტერის სამაგრს გულისხმობდა.

უკან გავხტი, უარის ნიშნად, თავს უაზროდ ვაქნევდი და რაღაცის თქმას ვცდილობდი. ამჯერად მირზამ შეიწყნარა ჩემი უარი და დამრიგებლურად მომმართა:

- ნუ ღელავთ, აქ არაფერი გემუქრებათ, მე ხომ სხვა ვარ.

- აბაზანის მიღებას არ ვაპირებ, ისედაც გავთბები! - პირქუშად ვუთხარი, გაუნძრევლად ვიდექი და ცრემლმორეული შევყურებდი მწვანეთვალება კაცს.

- უცნაური გოგო ხართ, ანიკა, - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა და თვალებში სითბო გაუკრთა. მერე ხალათი მომაწოდა და ოთახიდან გავიდა.

ფართხაფურთხით გავუყარე უზარმაზარ ხალათში ხელები და თბილად გავეხვიე შიგნით. ელექტრობუხართან ახლოს, ხალიჩაზე ჩავცუცქდი და კარს მიღმა მხიარულ ხორხოცს მივაყურადე. ამ დროს ჩემს ზურგს უკან კარი გაიღო და სტუმრების სიცილ-ხარხარის ხმა ქარიშხალივით შემოიჭრა კაბინეტში. მოვიხედე და ჩემი შეფი დავინახე.

- აი, ეს დალიეთ, ლიმონიანი ჩაი, ცხელი სითხე მოგიხდებათ. ცოტა გონს მოხვალთ, სანამ ვილაპარაკებთ, - და ლანგარი მომაწოდა.

- ვილაპარაკებთ? იმედია, აქაც არ ვიმუშავებთ! - წამოდგომა ვცადე, მაგრამ ხელით მანიშნა, იჯექიო.

- ვხედავ, ძველებური რიხი დაგბრუნებიათ, - ალერსიანად შენიშნა და სკამი ჩემკენ გამოაჩოჩა. - ისადილეთ მაინც დღეს?

- ამწუთას. კაფეში შევიარე, რომ ცოტა მეჭამა. დღეს ძალიან აირია ამინდი, - ვთქვი და შევხედე. - უკვე ჩავთბი.

- კარგია, დალიეთ ჩაი.

ისევ დაიწყო მბრძანებლობა. ასეთი კი ნამდვილად არ მომწონს. მინდა, რომ მუდამ ალერსიანსა და ყურადღებიანს ვხედავდე. ღმერთო, რა აზრები მომდის თავში, მთლად გავრეკე! როგორც ჩანს, თოვლმა ტვინი გამიყინა.

- მაპატიეთ, შეგაწუხეთ, დროს ტარებას მოგაცდინეთ, - დამნაშავესავით წავიჩურჩულე და სურნელოვანი ჩაი მოვსვი. - მაგრამ ჩემი ბრალი არ არის, მე თქვენს მითითებას ვასრულებდი.

- რას ვიფიქრებდი, ასე თუ გადადებდით თავს?! ბოლოს და ბოლოს, შეგეძლოთ დაგერეკათ, - ცივად წარმოთქვა.

- თქვენ არ გითქვამთ, დამირეკეთო... მე ახლავე წავალ, - გამომწვევად მივუგე.

- იჯექით, სადაც ზიხართ! არსადაც არ წახვალთ! - გამომიტანა მირზამ განაჩენი.

შეკამათების დაუძლეველმა სურვილმა წამომიარა. ჩემი ახალშემთბარი, ყველაფრის უარმყოფელი სული შეფთან საბრძოლველად მოემზადა.

- კიდევ რას მიბრძანებთ? იქნებ სადმე კუთხეში მივიკუნჭო გათენებამდე? - ავიფოფრე.

- უკეთესი ადგილის მონახვაც შეიძლება, - გამიღიმა. იყო რაღაც მაგიური ამ ღიმილში. - თუმცა, ცნობისათვის: ამ სახლში ყველა საძინებელი დაკავებულია.

- როგორ? რა საძინებელი? გგონიათ, ამაღამ აქ ვაპირებ დარჩენას? მე ჩემი სახლი მაქვს, - რაღაც საფრთხე ვიგრძენი.

- კი არ აპირებთ, დარჩებით. ამაღამ არსად არ ვაპირებ თქვენს გაშვებას. სულაც არ მინდა, გაცივდეთ და სამსახური გამიცდინოთ. ამიტომ სხვა არჩევანი არ გაქვთ. ნუ მეკამათებით, - გამაჩერა, როცა შეპასუხება დავაპირე. - აქ დარჩებით და ჩემს ოთახში დაწვებით. იქ არის მეორე თავისუფალი საწოლი.

- ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია! არავითარ შემთხვევაში! ტაქსის გამოვიძახებ!

- იმას გააკეთებთ, რასაც გეუბნებით! არ გვინდა ეს ბავშვური ჯიუტობა, კარგი? - ტონი შეარბილა.

- მაგრამ ქეთი... ქალბატონი ქეთის მერიდება.

- ნუ გერიდებათ. მან უკვე იცის.

- მერე? თანახმაა? - ჩემდა უნებურად წამომცდა. მიუხედავად იმისა, რომ მის ბრძანებას თუ წინადადებას ვაპროტესტებდი, გულში მიხაროდა, მასთან ღამის გათევა რომ მომიწევდა. ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი, ჩემს ბინაში მარტო დატოვებული ბებიაჩემი იყო. უნდა დამერეკა.

მირზაშვილმა გამომცდელად შემომხედა და, თითქოს ჩემი შეკითხვა არც გაუგონიაო, გააგრძელა:

- ქეთინომ გასათბობი ლეიბიც ჩაგირთოთ და ღამის პერანგიც მოგიმზადათ.

აი, სასწაული! მისმა საყვარელმა ისე მოაწყო ყველაფერი, რომ მირზაშვილი სხვა ქალთან გაატარებს ღამეს. ნეტავ რას ფიქრობს, ამას რომ აკეთებს? ნუთუ ჩემში მეტოქეს საერთოდ ვერ ხედავს? ცოტა არ იყოს, გავბრაზდი, რითი ვარ ნაკლები?

შევთბი თუ არა, დაღლილობამ დამრია ხელი. ფინჯანი ხმაურით დავდგი ლანგარზე და წამოვდექი.

- თითიც რომ დამაკაროთ ამაღამ, მოგკლავთ! - რიხით დავემუქრე.

- ასეთი სურვილი, ღმერთმა ნუ ქნას და, რომც გამიჩნდეს, თქვენ არ შეგაწუხებთ, მე თვითონ მოვიკლავ თავს, - სიცილით გამომიცხადა.

ამწუთას მძულდა, რომ დამცინოდა. ნერვები მეშლებოდა, არარაობად რომ გამოვყავდი, მაგრამ ვერც ვაპროტესტებდი. ისევ გაჩუმება ვამჯობინე.

- შეიძლება, დავრეკო?

- ქალაქის ტელეფონზე?

- დიახ.

- კი, ბატონო, ახლავე შემოგიტანთ. მეგობარი მამაკაცი უნდა გააფრთხილოთ?

- არა, ოჯახის წევრები. შინ მელოდებიან და არ მინდა, ინერვიულონ.

- აკი... - უნდოდა ეთქვა, შენ ხომ მშობლები არ გყავსო, მაგრამ გაჩუმდა, აღარ გააგრძელა. მიხვდა, რომ ზედმეტ ცნობისმოყვარეობას იჩენდა.

გავიდა და ტელეფონი შემოიტანა.

- დარეკეთ და მერე შემოვალ.

ბებიას არ ეძინა. ტელევიზორს ვუყურებო. ვთხოვე, ფრთხილად ყოფილიყო, გაზი და ელექტროგამათბობელი ჩართული არ დარჩენოდა. მეგობართან ვრჩები, სამუშაო მაქვს-მეთქი, მოვატყუე. ხვალამდე როგორმე გაძელი და დილას წილკანში დაგაბრუნებ-მეთქი.

ლაპარაკი დამთავრებული არ მქონდა, რომ მირზა შემოვიდა.

- მორჩით?

- დიახ, - თავი დავუქნიე და ტელეფონი გავთიშე.

დერეფანში მიმავალი მის ფართო მხრებს და გამართულ ზურგს ხარბად ვათვალიერებდი. როგორ მომიხდებოდა ასეთი კაცი, ვფიქრობდი ეშმაკურად.

მირზამ საძინებლის კარი გამოაღო და წინ გამატარა. ორი საწოლი ერთმანეთის პარალელურად იდგა, მათ შუა კი ღამის ლამპა ენთო. ის იყო, ღვარძლიანად უნდა მეკითხა, ჩემი საწოლი რომელია-მეთქი, რომ გვერდი ამიარა და სააბაზანოში შევიდა.

ადგილიდან არ დავძრულვარ, სანამ არ გამოვიდა.

- შხაპი მიიღეთ და ჩაწექით! - გასცა მორიგი ბრძანება.

- დიდი მადლობა, მაგრამ შხაპს არ მივიღებ, არ მინდა! - აშკარად მღალატობდა მოთმინება.

- ან შეხვალთ წყლის გადასავლებად, ან ჩემი ხელით შეგიყვანთ. იმედია, თქვენით მოახერხებთ ამას! - მუქარასავით გაისმა მისი სიტყვები, თან პიჯაკის გახდა დაიწყო. - არ მინდა თქვენი პნევმონიაც დამედოს სინდისზე ვალად!

- არ ვიცოდი, სინდისიც თუ გქონდათ! - ჯიბრით მივუგე და ყოველი შემთხვევისთვის, უკან დავიხიე.

მირზაშვილმა პერანგის სახელოები დაიკაპიწა და ჩემკენ დაიძრა.

- კარგი, გნებდებით. დაბრუნდით სტუმრებთან. მე თვითონ შევალ! - ვეღარ მოვითმინე და კედლისკენ უფრო მივიწიე.

- სიტყვას მაძლევთ?

- სიტყვას გაძლევთ, - დავნებდი.

როცა სააბაზანოდან გამოვედი, მირზაშვილი ფანჯარასთან იდგა.

- მართლა შემათრევდით იქ? - ფრთხილად ვკითხე.

ჩემკენ შემობრუნდა და გაიღიმა.

- ადამიანისთვის ხასიათის გაფუჭების დიდი ნიჭი გაქვთ, - მითხრა, პიჯაკს ხელი წამოავლო და გავიდა.

ხასიათის გაფუჭებისო? იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარი ხელებით ჩემი დაბანის შესაძლებლობა არ მივეცი? დამბანდა კი? ისე, ერთობ საინტერესო პროცესი იქნებოდა. ამის გაფიქრებაზე ღიმილი მომერია.

ქეთის თავი გამოუდვია. სააბაზანოში, მამაკაცის ტუალეტის ნივთების გარდა, ძვირფასი სურნელოვანი საპონი და ახალი კბილის ჯაგრისიც დამხვდა ახალი პასტითურთ. ღამის პერანგიც უძვირფასესი იყო და, რაც მთავარია, ძალიან სექსუალური.

შხაპმა მომაღონიერა, გამომაცოცხლა. იმდენად გამომაცოცხლა, რომ ბიკინიც ამოვრეცხე და პირსახოცის ქვეშ, ბატარეაზე მივაფინე გასაშრობად. თუ კომფორტია, კომფორტი იყოს, ფეხებზე მკიდია მირზაშვილი! - უდარდელად გავიფიქრე და საწოლზე ნებივრად გავიშოტე. გასათბობ ლეიბს ლოგინი გაეხურებინა. რაც არის, არის, მართალია, საშინელი კაცია, მაგრამ როგორმე ერთ ღამეს გავძლებ მის გვერდით. იმედია, პირუტყვივით არ მეცემა.

მეძინებოდა, მაგრამ თვალს რული მაინც არ ეკარებოდა. ჯერ ერთი, ადგილს ვუცხოობდი. უხერხულად ვგრძნობდი თავს, უცხო ადამიანებთან რომ მიწევდა ღამის გატარება, თანაც ვის, უბრალო მდივანს. მეორეც, მირზას გვერდით დაძინება უჩვეულოდ მიფორიაქებდა სულს.

ერთხანს ველოდი. მეგონა, ქეიფი საცაა, დამთავრდებოდა და ისიც გაემზადებოდა დასაძინებლად, მაგრამ ისე ჩამეძინა, არაფერი გამიგონია... ღრმა, ტკბილმა ძილმა მალევე წამართვა თავი.

როგორც კი გამეღვიძა, მაშინვე მეორე საწოლს გადავხედე. ცარიელი იყო. ახლა ნამდვილად არ მინდოდა შეფთან შეხვედრა. თვალი ოთახს მოვავლე. ჩემი ტანსაცმელი სკამზე აკურატულად გადაეფინა ვიღაცას. იქვე, ტუმბოს გვერდით გამშრალ-გაწმენდილი ჩემი ფეხსაცმელი იდო, ხოლო ტუმბოზე წყვილი ახალი კოლჰოტი შევნიშნე. ალბათ მოსამსახურის ნახელავია ეს ყველაფერი, ქეთინო ასე არ გაირჯებოდა საცოდავი მდივნის გამო, თუმცა მითითებებს, იმედია, თვითონ გასცემდა. მადლობის მეტი რა მეთქმოდა? ისე, ეს ქალი ყოველთვის მომწონდა, მაგრამ მირზაშვილთან მის ურთიერთობას ვერა და ვერ ვეგუებოდი.

"ეს შენი საქმე არ არის!" - კიდევ ერთხელ გავუმეორე ჩემს თავს, წამოვხტი და პირველ რიგში ბატარეას ვეცი, სადაც ჩემი ბიკინი მეგულებოდა. ახლა შხაპს მივიღებ და წავალ. ბებია უნდა ჩავიყვანო წილკანში.

ჩაცმა მოვათავე და ის იყო, ფეხსაცმელი უნდა ჩამეცვა, რომ კარი გაიღო და ოთახში ფეხაკრეფით მირზა შემოვიდა. წასასვლელად გამზადებული რომ დამინახა, გაოცდა, თუმცა არ შეიმჩნია და მკითხა:

- როგორ გრძნობთ თავს?

- არაჩვეულებრივად, - ჩავიბურტყუნე და მაშინვე შეფის მკაცრი მზერა დავიმსახურე.

- მე გკითხეთ, როგორ ხართ-მეთქი? - გამიმეორა იმ კაცის ტონით, რომელსაც ერთი შეკითხვის დასმა ორჯერ არ უყვარს.

ჩემზე ზრუნავს. რა კეთილშობილი რაინდია, ღმერთო ჩემო! - გულში დავცინე.

- როგორ გამოვიყურები? - უდარდელად ვკითხე და ვაგრძნობინე, არც მე მიყვარს ერთსა და იმავე შეკითხვაზე პასუხის ორჯერ გაცემა-მეთქი.

სულაც არ მჭირდება მისი მზრუნველობა, ჯობს, თავაზიანად მომექცეს.

- ძალიან დახვეწილი ხართ, - რბილად მომიგო და ყურადღებით შემათვალიერა.

მისი მზერა არ ჰგავდა სხვა მამაკაცების მზერას, თვალებით არ მაშიშვლებდა. არც სიბილწე იგრძნობოდა ამ მზერაში, ზოგიერთებს რომ სჩვევიათ, ხარბად მოგაჩერდებიან და მთლიან პორნოპროცესს რომ ხედავ მათ პირუტყვულ გამოხედვაში. მირზაშვილი მართალი აღმოჩნდა - ის ნამდვილად სხვა იყო.

- როგორც ორქიდეა? - კეკლუცად შევაგებე კითხვა, დარწმუნებულმა, რომ მისთვის სულერთი იყო ჩემი თითოეული სიტყვა.

მამაკაცი მოიღუშა.

- კვლავინდებურად ღვარძლიანი გახდით, - შენიშნა. - ესე იგი, თავს კარგად გრძნობთ, - დაასკვნა. - საუზმეზე რას იტყვით?

ღიმილი ბაგეზე შემეყინა.

- არა! - აღმომხდა თავისთავად. ქეთისთან და მასთან ერთად საუზმობა ნაკლებად მიზიდავდა. - მადლობა ყურადღებისთვის, ბატონო მირზა, მაგრამ მირჩევნია, წავიდე.

- ერთად გვეძინა და მაინც "ბატონო მირზა" ვარ? - თვალებში ეშმაკური ნაპერწკალი აუციმციმდა.

- ჩვენ მხოლოდ საერთო ოთახით ვისარგებლეთ. ეს სულ სხვა რამეა, - გავაპროტესტე.

- ვფიქრობ, ჩვენ იმდენად კარგად გავიცანით ერთმანეთი, რომ უკვე შეგვიძლია, მხოლოდ სახელებით მივმართოთ ერთიმეორეს, - ინიციატივა ხელში ჩაიგდო შეფმა, როცა დაინახა, რომ ხმელეთზე გარიყული თევზივით ვამოძრავებდი ტუჩებს.

- თუ ასეა... - ღმერთო ჩემო, რა საშინელი ჩვევა მაქვს, ყველაფერზე ვწითლდები, თანაც - ყველაზე შეუფერებელ დროს. წინადადება აღარ დავამთავრე და ჩანთას წამოვავლე ხელი. - მე წავალ, შინ უნდა მივიდე, მეჩქარება.

- ასე ძალიან რატომ მიგეჩქარებათ?

- უნდა გამოვიცვალო. სამსახურში ასე ვერ გავალ.

- მე წაგიყვანთ...

რა უცნაური კაცია, როგორ შეუძლია, ასეთი მშვიდი და აუმღვრეველი იყოს?

- თქვენ ხომ სტუმრად ხართ, ისედაც ჩაგიშხამეთ საღამო.

- მე ეს არ მითქვამს!

- არა, მაგრამ...

- მომისმინეთ, ანიკა! შინ მე წაგიყვანთ და მერე უკან მოვბრუნდები, არაა პრობლემა.

ისევ მბრძანებლური ტონი - "გააკეთეთ, რასაც გეუბნებიან!"

- თქვენს მასპინძლებთან უხერხული იქნება.

- ყველას სძინავს, ამიტომ ვერავინ გაიგებს.

- არა, არ არის საჭირო, - ჯიუტად ვიდექი ჩემსაზე. - აჯობებს, მარტო წავიდე. თუ მაინცდამაინც ჩემი პატივისცემა გსურთ, სამსახურში წასვლას რომ გადაწყვეტთ, გამომიარეთ და...

წამით ჩაფიქრდა, თან მზერას არ მაშორებდა.

- კეთილი, მშვენიერი იდეაა. მაშინ, დაახლოებით ორ საათში გამოგივლით, - საათს დახედა. - ზუსტად თორმეტისთვის.

- კარგი, შევთანხმდით, - გამიხარდა, ასე ადვილად რომ დავიყოლიე: ბებიას წილკანში გაშვებას მოვასწრებდი. - ქალბატონ ქეთის დიდი მადლობა გადაეცით ჩემგან ასეთი მიღებისთვის.

- აუცილებლად გადავცემ, - შემპირდა. - ოღონდ თქვენი მისამართი დამიტოვეთ, - დააყოლა და როცა მისამართი ვუკარნახე, ხელკავგამოდებულმა გამომაცილა.

ქუჩაში გამოვედით თუ არა, ტაქსი გამიჩერა და მძღოლს ოცლარიანი გაუწოდა.

- მოემსახურეთ ამ ქალბატონს, ხურდა საჭირო არ არის! - იმასაც უბრძანა და, ჩავჯექი თუ არა მანქანაში, კარი მომიხურა.

ესეც ასე. ოცი ლარი იმასაც ეყოფა, მძღოლმა სახლამდე მიმიყვანოს, და იმასაც, რომ ბებია წილკანში გავამგზავრო. ვენერას დავურეკავ და ვეტყვი, ტაქსის ჭიშკართან დახვდეს, რომ ბებიამ ისევ არ გადაუხვიოს გზიდან. ჩემი გაყოლა სულაც არ იქნება აუცილებელი.

ორ წუთში მოვაგვარე ბებიაჩემის საქმე და როცა იგი ტაქსის მძღოლს ანტიკვარული ნივთივით ჩავაბარე, შვებამოგვრილი, ბინაში ავბრუნდი, რომ ტანსაცმელი გამომეცვალა და მირზას მოსვლას დავლოდებოდი.

როგორ გაიწელა ორი საათი, თითქოს საუკუნე გავიდა. არადა, ჩემს შეფს წამითაც არ გადაუცილებია დათქმული დროისთვის.

როგორც კი დამირეკა, ჩავირბინე. მირზაშვილის ჯიპი ჩემს ბათქაშჩამოყრილ სადარბაზოსთან იდგა.

- ფინჯან ყავაზე ხომ არ დამეწვევით? - თავაზიანობის გულისთვის ვკითხე. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ უარს მივიღებდი.

- სიამოვნებით, - ჩემდა გასაკვირად, იმწამსვე დამთანხმდა...

ელდანაკრავივით შევხედე...

გაგრძელება შემდეგ ნომერში