ჯეინ ეარი (თა­ვი ოც­და­მე­ერ­თე) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თა­ვი ოც­და­მე­ერ­თე)

- თავისუფლად შეგეძლო თავიდან აგეცილებინა ის ტანჯვა, რომელიც ამ ტირადის გადმოცემის დროს განიცადე, - უპასუხა ჯორჯიანამ, - თითქმის ყველასთვის ცნობილია, რომ ამქვეყნად ყველაზე დიდი თავკერძა და უგულო არსება ბრძანდები. კარგად ვიცი, რა საშინელი სიძულვილი გამოქმედებს ჩემ მიმართ. მე უკვე ვიგემე კიდეც შენი ყოვლად უმსგავსი საქციელი, რაც ლორდ ედვინ ვერთან დაკავშირებით გაითამაშე. შენ ვერ აიტან, რომ მე საზოგადოებაში შენზე მეტად ავმაღლდე, ლორდის ტიტულს მივაღწიო და ისეთი საზოგადოების წევრი გავხდე, სადაც შენ თავი არ გამოგეყოფა. აი, სწორედ ამიტომ ითამაშე ჯაშუშისა და მაბეზღარას როლი და სამუდამოდ დამიხშე მომავლის იმედი. - ამის შემდეგ ჯორჯიანამ ცხვირსახოცი ამოიღო და ერთი საათი ცხვირს იწმენდდა. ელიზა კი იჯდა, ყინულივით ცივი, მიუკარებელი და თავისი საქმით გართული.

მართალია, კეთილშობილური გრძნობა ზოგიერთისთვის ძალიან ცოტას ნიშნავს, მაგრამ აქ ორი სხვადასხვა ბუნების ადამიანი იყო: ერთი განუსაზღვრელი გესლით სავსე, მეორე კი - აუტანელი ქარაფშუტა. გრძნობა გონების გარეშე მხოლოდ სუსტი ქარია, მაგრამ, გონებაც გრძნობის გარეშე მწარეა და ადამიანისთვის გამოუსადეგარი.

მოსაღამოვდა. ქარი ქროდა და ჰაერში სინესტე იგრძნობოდა. ჯორჯიანას რომანის ჩუმ კითხვაში ჩაეძინა დივანზე. ელიზა კი რომელიღაც წმინდანის პატივსაცემად გამართული წირვის მოსასმენად წავიდა ახალ ეკლესიაში. რელიგიურ წესებს ის მეტად მტკიცედ იცავდა და, როგორი ამინდიც უნდა ყოფილიყო, ხელს ვერაფერი შეუშლიდა. ზუსტად ასრულებდა ყოველივეს, რასაც ღვთისმოშიში ადამიანის ვალდებულებად თვლიდა.

ყველანაირ ამინდში, კვირა დღეს, ის სამჯერ მიდიოდა საყდარში, დანარჩენ დღეებში კი - მხოლოდ მაშინ, როცა წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა.

გავიფიქრე, ზედა სართულზე ავსულიყავი და მენახა მომაკვდავი ქალი, რომელიც თითქმის უპატრონოდ იწვა თავისი თავის ანაბარად მიტოვებული. თვით მსახურებიც ძალიან ნაკლებ მზრუნველობას იჩენდნენ მის მიმართ. დაქირავებული მომვლელი ქალი კი, რადგან ზედამხედველობას არავინ უწევდა, როგორც კი შესაძლებლობა მიეცემოდა, ცდილობდა ოთახიდან გამოსულიყო. ბესის, თუმცა კვლავ თავდადებული იყო მათთვის, ახლა საკუთარი ოჯახი ჰყავდა და იშვიათად მოდიოდა გეიტსჰედში. როგორც ველოდი, ავადმყოფის ოთახი კვლავ უმეთვალყურეოდ მიეტოვებინათ, მომვლელი ქალი არსად ჩანდა; ავადმყოფი წყნარად იწვა და ლეთარგიულ ძილს მისცემოდა; განაწამები სახე ბალიშებში ჰქონდა ჩამალული; ბუხარში ცეცხლი ჩაფერფლილიყო; ნაკვერჩხლები გავაღვივე, საწოლზე საბანი შევუსწორე და რამდენიმე ხანს დავყურებდი ავადმყოფს, რომელსაც ჩემი დანახვა არ შეეძლო. შემდეგ კი სარკმლისკენ გავემართე.

წვიმა ძლიერად შხაპუნობდა სარკმლის მინებზე. ქარი გამძაფრდა და ქარიშხალივით ზუზუნებდა. - აი, წევს ადამიანი, - გავიფიქრე მე, რომლისთვისაც მალე უცხო იქნება ამქვეყნიური ჭირ-ვარამი. სად წავა მისი სული, რომელიც ამჟამად იბრძვის განშორდეს ხორციელ სხეულს? ნეტა, საით გაფრინდება საბოლოოდ გათავისუფლებული?

ამ დიდ საიდუმლოებაზე ფიქრში გართულს ელენ ბერნსი გამახსენდა. მომაგონდა მისი უკანასკნელი სიტყვები, მისი რწმენა და საკუთარი მოძღვრება სხეულს განშორებული სულების თანასწორობაზე. ფიქრებში მე კვლავ ვუსმენდი მის დაუვიწყარ ხმას. ჯერ კიდევ თვალწინ მედგა მისი გაფითრებული, ზეშთაგონებით აღსავსე სახე, მისი ნაწამები, მაგრამ დიდებული გამომეტყველება, როდესაც მშვიდად იწვა სასიკვდილო სარეცელზე და ჩურჩულით ნატრობდა, დაბრუნებოდა ღვთაებრივ მამას. ამ ფიქრებში გართულს, ჩემ უკან, საწოლიდან, სუსტი ხმა შემომესმა: - ვინ არის მანდ?

- ეს მე ვარ, ძალუა რიდ.

- ვინ "მე"? - შემომესმა მისი პასუხი, - ვინა ხარ? - გაკვირვებული და შეშფოთებული მაკვირდებოდა, თუმცა გამოხედვაში დაბნეულობა აღარ ეტყობოდა.

- თქვენ სრულიად უცხო ხართ ჩემთვის, - სად არის ბესი?

- ის თავის ქოხშია, ძალუა.

- ძალუა! - გაიმეორა მან. - ვინ მეძახის ძალუას? თქვენ გიბსონთა ოჯახიდან არ უნდა იყოთ, მაგრამ მაინც გიცნობთ; ეს სახე, ეს თვალები და შუბლი ნამდვილად ნაცნობია ჩემთვის, ჰო, დიახ, თქვენ ჯეინ ეარს გავხართ!

არაფერი ვუპასუხე. მეშინოდა მისთვის, ჩემი ვინაობის თქმას ნერვული კრუნჩხვა არ გამოეწვია.

- თუმცა, - თქვა მან, - ვშიშობ, რომ ვცდები. ჩემი წინათგრძნობა მატყუებს. მე მინდოდა მენახა ჯეინ ეარი და, ალბათ, ამიტომ მსგავსებას ვხედავ იქ, სადაც ის სრულებით არ არის. მაგრამ რვა წელიწადში ხომ შესაძლებელია ასე გამოცვლილიყო.

ალერსიანად ვამშვიდებდი, რომ სწორედ ის ადამიანი ვიყავი, ვისი ნახვაც სურდა. მერე კი, როდესაც დავინახე, ჩემი სიტყვების აზრს ჩასწვდა და გონებაზე მოვიდა, ავუხსენი, თუ როგორ გამოგზავნა ბესიმ თავისი მეუღლე, რომ თორნფილდიდან მოვეყვანე.

- ვიცი, ახლა ძალიან ავად ვარ, - მითხრა მისის რიდმა სწრაფად, - ვცდილობდი, რამდენიმე წუთის წინ გვერდი მეცვალა საწოლში, მაგრამ სხეულის ვერც ერთი ნაწილი ვერ დავიმორჩილე. აი, ამიტომ გადავწყვიტე, სიკვდილის წინ სული მაინც გავითავისუფლო. რაც კარგად ყოფნის დროს ადამიანს არაფრად ეჩვენება, მძიმე ტვირთად აწევს ასეთ დროს გულზე, ისევე, როგორც მე ამჟამად. მომვლელი ქალი აქ არის? თუ, თქვენ გარდა, სხვა არავინ არის ოთახში?

დავარწმუნე, რომ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.

- კეთილი, მე ორჯერ ჩავიდინე დანაშაული შენ მიმართ და ახლა ძალიან ვნანობ. პირველი ის იყო, რომ არ შევასრულე მეუღლისადმი მიცემული სიტყვა, აღმეზარდე, როგორც საკუთარი შვილი, მეორე, - აქ ის შეჩერდა: - ბოლოს და ბოლოს, იქნებ, არცა აქვს ამას რაიმე დიდი მნიშვნელობა, - ჩურჩულით თქვა თავისთვის: - შესაძლებელია, უამისოდაც გამოვკეთდე, თავის დამდაბლება კი მის წინ ძალიან მიმძიმს.

სცადა, სხეული დაემორჩილებინა და სხვანაირად დაწოლილიყო, მაგრამ ვერ შეძლო. სახე შეეცვალა. ვატყობდი, რაღაც შინაგან სულიერ ბრძოლას განიცდიდა, ჩანდა, ამჩნევდა, რომ ყოველივე ეს დიდი სულიერი ტანჯვა-წამების მაუწყებელი ნიშნები იყო.

- დიახ, უნდა დასრულდეს ყოველივე. წინ მარადისობა მელის. უმჯობესია, ვუთხრა ყველაფერი. ჩემი ნივთების ყუთთან მიდი, გააღე და ამოიღე წერილი, რომელსაც იქ ნახავ.

მის ბრძანებას დავემორჩილე.

- ახლა წაიკითხე! - მითხრა მან. წერილი მოკლე იყო და ასეთი შინაარსის:

"ქალბატონო, მოწყალება მოიღეთ და გამომიგზავნეთ ჩემი ძმისშვილის, ჯეინ ეარის მისამართი. ამასთანავე, შემატყობინეთ, როგორ ცხოვრობს ის. მსურს, წერილით ვაცნობო, რომ ჩემთან ჩამოვიდეს, მადეირაზე. განგებამ კეთილი თვალით გადმოხედა ჩემს გარჯას და სიმდიდრე შევიძინე. ცოლ-შვილი არა მყავს და მინდა, ჩემს სიცოცხლეშივე ვიშვილო ის და, რაც სიკვდილის შემდეგ დამრჩება, ყველაფერი მას ვუანდერძო. პატივისცემით, ქალბატონო და ა.შ. და ა.შ. ჯონ ეარი. მადეირა~.

წერილი სამი წლის წინათ იყო დაწერილი.

- რატომ აქამდე არაფერი მსმენია ამ წერილის შესახებ? - ვკითხე მე.

- ისე ძლიერად მძულდი, არ შემეძლო ხელი შემეწყო შენი განდიდებისა და კეთილდღეობისთვის. მე არ შემეძლო დამევიწყებინა შენი დამოკიდებულება ჩემდამი, არც ის გააფთრება, ჯეინ, რომლითაც ერთხელ შენ მომიბრუნდი, არც ის ხმა, როდესაც განმიცხადე, რომ ამქვეყნად ყველაზე მეტად გეზიზღებოდი. შენმა არაბავშვურმა გამოხედვამ და ხმამ დამარწმუნა, რომ ჩემი ერთი გახსენებაც კი ავად გხდიდა და, ამასთანავე, ამტკიცებდა, რომ აუტანელი სიმკაცრით გავიწროებდი.

არ შემიძლია დავივიწყო ის, რაც მაშინ განვიცადე, როდესაც დავინახე, რა საწამლავი გადმოანთხიე ჩემ წინააღმდეგ, შევძრწუნდი, თითქოს ჩემ მიერ დევნილი და ნაცემი პირუტყვი მიმზერდა ადამიანური თვალებით და მწყევლიდა ადამიანისავე ხმით. მომიტანე ცოტა წყალი! ოჰ, იჩქარე!

- ძვირფასო მისის რიდ, - მივმართე მე, როგორც კი წყალი მივაწოდე, - ნუ იფიქრებთ ამ ამბავზე მეტად, დაივიწყეთ ყველაფერი, მაპატიეთ, თუ უსიამოვნო სიტყვები გაკადრეთ. მე ხომ მთლად ბავშვი ვიყავი მაშინ. მას შემდეგ რვა თუ ცხრა წელია გასული.

ჩანს, ჩემს ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია. როგორც კი წყალი გადაყლაპა და სული მოითქვა, განაგრძო:

- მომისმინე, რასაც ვამბობ: მე არ შემეძლო ყოველივე ამის დავიწყება და სამაგიეროც მოგიზღე. ბიძას რომ ეშვილებინე, სიმდიდრე და განცხრომა გელოდა. ამის გადატანა კი მე არ შემეძლო და მივწერე: ძალიან ვწუხვარ, რომ დიდ მწუხარებას გაყენებთ, მაგრამ ჯეინ ეარი გარდაიცვალა. ის ლოვუდში გავრცელებულმა ტიფის ეპიდემიამ იმსხვერპლა-მეთქი. ახლა ისე მოიქეცი, როგორც გინდოდეს. მისწერე და უარყავი, რასაც მე ვუმტკიცებდი; გამოამჟღავნე ჩემი მაცდურება, რაც შეგიძლია მალე. როგორც ვატყობ, შენ ჩემს საწამებლად დაბადებულხარ, ჩემი სიცოცხლის უკანასკნელი წუთებიც წამებად აქცია იმ სიავის მოგონებებმა, რომელიც მხოლოდ შენ გამო ჩავიდინე, რადგან ასეთი ბოროტმოქმედების ჩადენას ვერავითარი ცდუნება ვერ მაკისრებინებდა.

- ოჰ, რომ შემეძლოს დაგარწმუნოთ როგორმე, რომ მეტი აღარ იფიქროთ ამ ამბავზე, ძალუა. მაპატიეთ ყველაფერი და ამიერიდან კეთილად მომექეცით.

- შენ ძალიან ცუდი ხასიათი გაქვს, - მითხრა მან, - და დღემდე ძალიან ძნელია ჩემთვის მისი გამოცნობა. როგორ შეძელი რვა წლის განმავლობაში მშვიდად და მოთმინებით აგეტანა ყოველივე ჩემ ხელში და მხოლოდ მეათე წელს გადმომაფრქვიე ასეთი ცეცხლი. აი, სწორედ ამის გაგება არ შემიძლია.

- მე არც ისე ცუდი ხასიათი მაქვს, როგორც თქვენ ფიქრობთ. შესაძლებელია, ფიცხი ვარ, მაგრამ შურის მაძიებელი არასოდეს ვყოფილვარ. ძალიან ბევრჯერ, ჯერ კიდევ სრულიად უსუსურმა ბავშვმა, ვცადე, შემეყვარებინეთ, მაგრამ თქვენ ხელს ჰკრავდით ამ გრძნობას. ახლა დიდი ხანია გულწრფელად ვნატრობ შეგირიგდეთ. მაკოცეთ, ძალუა.

დავიხარე და სახე მის ტუჩებთან ახლოს მივიტანე. ის არ შეხებია მას და თანაც განმიცხადა, რომ ძალიან შევაწუხე იმით, რომ მის საწოლზე გადავიხარე. მან კვლავ წყალი მოითხოვა. როცა დავაწვინე (რადგან წამოვაყენე და ხელზე მყავდა მიყრდნობილი, სანამ სვამდა), ხელი დავადე მის ყინულივით ცივსა და ნამიან ხელს. გამხდარი თითები თითქოს შეკრთა ჩემი შეხებისგან, ხოლო დაბინდული თვალები უმალვე აარიდა ჩემს გამოხედვას.

- გინდა, გიყვარდეთ და გინდა, გეჯავრებოდეთ, როგორც გენებოთ, - ვუთხარი. - მე გაპატიეთ ჩემ წინაშე ჩადენილი ყველა დანაშაული. ღმერთს პატიება სთხოვეთ ახლა და სულის სიმშვიდეს დაგიბრუნებთ.

საწყალი, ცოდვილი ქალი! ახლა უკვე გვიან იყო, ძალა დაეტანებინა თავისთვის და როგორმე ცვლილება შეეტანა თავის მოსაზრებაში. სიცოცხლეში ვძულდი და სიკვდილის წინაც ვერ მოიშორა ეს გრძნობა.

მომვლელი ქალი შემოვიდა და ბესიც შემოჰყვა. დაახლოებით ნახევარი საათი კიდევ შევიცადე. იმედს არ ვკარგავდი, იქნებ ოდნავი სითბო მაინც გამოემჟღავნებინა ჩემ მიმართ, მაგრამ ამაოდ. მას კვლავ პირვანდელი მდგომარეობა დაუბრუნდა, გაშეშდა და გონებაზე აღარ მოსულა. იმ ღამეს თორმეტ საათზე გარდაიცვალა. არც მე და არც ერთი მისი ქალიშვილი იმ დროს იქ არ ვყოფილვართ, რომ მისთვის თვალები დაგვეხუჭა. დილით შეგვატყობინეს, რომ ყველაფერი დამთავრებულიყო.

ის უკვე გასწორებული ესვენა, როდესაც მე და ელიზა შევედით მის სანახავად. ჯორჯიანას კი ხმამაღალი ტირილი აუვარდა და განაცხადა, რომ წამოსვლას ვერ შეძლებდა. ერთ დროს ძლიერი და მუდამ მოძრავი სარა რიდის სხეული გაშეშებული და უმოძრაო დაგვხვდა. მის მკაცრ მზერას ახლა გაციებული ქუთუთოები ფარავდა, მაგრამ შუბლსა და სახის მკაცრ ნაკვთებს მისი სულიერი გულქვაობისა და შეუბრალებლობის დაღი კვლავ აჩნდა. მისი უმოძრაო სხეული ჩემში მეტად უცნაურსა და შავბნელ გრძნობას იწვევდა. მოწყენილი და გულნატკენი დავყურებდი მას. ამაოდ ვეძებდი ჩემს გულში რაიმე თბილსა და სათუთ მოგონებას. ის ჩემში აღარც სიბრალულს, აღარც იმედს და აღარც პატივისცემას იწვევდა. მისი სიკვდილით გამოწვეული მწუხარება კი არ მაშფოთებდა, არამედ ამ ადამიანის აღუწერელი ტანჯვა და გულისტკივილი. დაღვრემილი, უცრემლოდ, შიშის ზარით შევცქეროდი შემაძრწუნებელ სიკვდილს.

ელიზა მშვიდად დაჰყურებდა თავის მშობელს, რამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ კი განაცხადა:

- მისი აგებულების ადამიანს ღრმად მოხუცებულობამდე შეეძლო ეცხოვრა, მაგრამ ტანჯვამ შეუმოკლა სიცოცხლე.

შევამჩნიე, თითქოს ბაგე უთრთოდა სატირლად, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერად. მალე ამანაც გაუარა. მიბრუნდა და ოთახიდან გავიდა. მეც თან გავყევი. არც ერთ ჩვენგანს ცრემლი არ გადმოვარდნია.

თავი ოცდამეორე

მისტერ როჩესტერმა მხოლოდ ერთი კვირით გამათავისუფლა. თითქმის ერთი თვე გავიდა და მე ჯერ კიდევ ვერ ვახერხებდი გეიტსჰედჰოლიდან წასვლას. დასაფლავების შემდეგ დაუყოვნებლივ ვაპირებდი გამგზავრებას, მაგრამ ჯორჯიანამ მთხოვა, დავრჩენილიყავი იმ დრომდე, სანამ თვითონ ლონდონში წასვლას შეძლებდა. ბოლოს, მან, როგორც იქნა, მიიღო მიწვევა თავისი ბიძის, მისტერ გიბსონისგან, რომელიც საქმეების მოსაგვარებლად დის დასაფლავებაზე ჩამოვიდა გეიტსჰედ-ჰოლში. ჯორჯიანა მეუბნებოდა, რომ მას ელიზასთან მარტო დარჩენის ეშინოდა, რადგან ელიზა ასეთ მწუხარებაში არც თანაგრძნობას უწევდა, არც იმაზე ზრუნავდა, შეშინებული როგორმე გაემხნევებინა, და არც სამგზავრო სამზადისში ეხმარებოდა. მის მრავალნაირ სულმოკლე სურვილებს მხოლოდ მეღა ვიტანდი და ვასრულებდი, მევე თანავუგრძნობდი გლოვა-ტირილში, რომელიც მხოლოდ ეგოისტური გრძნობით იყო გამოწვეული. თავს არ ვზოგავდი, ყველაფერი გამეკეთებინა: ვკერავდი და ვულაგებდი ტანსაცმელს, მაგრამ ისიც უნდა დავძინო, რომ ჩემი ასეთი გამალებული საქმიანობის დროს ის მხოლოდ განცხრომას უნდებოდა. მე კი ხშირად ვეუბნებოდი საკუთარ თავს: ბედს რომ სამუდამოდ ჩვენთვის ერთად ცხოვრება ერგუნებინა, ბიძაშვილო, ჩვენი საქმე სულ სხვა გზით წარიმართებოდა. მაშინ მე ასე ადვილად არ ვიკისრებდი მომთმენი და თავმოდრეკილი ადამიანის როლს, საქმეს თანაბრად გავანაწილებდი და გაიძულებდი, ყველაფერი რიგზე გქონოდა, თუ არა და, გაუკეთებელს დავტოვებდი. ამასთანავე, მოგთხოვდი, გულში ფარულად შეგენახა ეგ დაუსრულებელი, ნახევრად ფარისევლური ჩივილი და წუწუნი. ახლა კი, თუ გითმენ, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენი შეხვედრა ხანმოკლეა და სამგლოვიარო წუთებში ხდება. ალბათ, სწორედ ამიტომ გითმობ და გეთანხმები ასე მშვიდად.

ბოლოს ჯორჯიანა გავაცილე, მაგრამ ახლა ელიზამ დამიწყო ხვეწნა-მუდარა, ერთი კვირა კიდევ დავრჩენილიყავი. მარწმუნებდა, რომ მისი გადაწყვეტილებანი დიდ დროსა და ყურადღებას მოითხოვდა მისგან. ის სადღაც უცნობ მხარეში აპირებდა გამგზავრებას. მთელ დღეებს თავის ოთახში ატარებდა, კარი შიგნიდან ურდულით ჰქონდა ჩაკეტილი. ალაგებდა ჩემოდნებს, აცარიელებდა უჯრებს, წვავდა ქაღალდებს და არავის ეჩვენებოდა; სურდა, სახლისთვის მე მიმეხედა, მიმეღო და მეპასუხა წერილებზე, რომლებითაც მათ თანაგრძნობას უცხადებდნენ.

ერთ დილას კი გამომიცხადა, რომ უკვე თავისუფალი ვიყავი. - დიახ, დაუმატა მან: - დიდად დავალებული ვარ თქვენგან იმ ფასდაუდებელი და თავმდაბალი სამსახურისთვის, რაც ამ მოკლე დროში გამიწიეთ. ძალიან დიდი განსხვავებაა თქვენსა და ჯორჯიანას შორის. ცხოვრება ისეთ ადამიანთან, როგორიც თქვენ ხართ, რასაკვირველია, ადვილი იქნება. თქვენ თქვენი საქმე კარგად გესმით და არც არავის ეკიდებით ტვირთად.

- ხვალ, - განაგრძო მან, - ევროპაში მივემგზავრები. განზრახული მაქვს, ამიერიდან წმინდა სავანეში ვიცხოვრო ლილის ახლოს. თქვენ, ალბათ, მას მონასტერს უწოდებთ. იქ შემიძლია ჩემი სიცოცხლე სრულიად მშვიდად და შეუშფოთებლად გავატარო. მინდა, მთელი დრო რომაული კათოლიკური საეკლესიო დოგმებისა და ამ სისტემის საფუძველზე დადგენილი წესების დაწვრილებით გაცნობა-დათვალიერებასა და შესწავლას მოვახმარო. თუ ამ რელიგიური მოძღვრების მაღალზნეობრივ და სანიმუშო წესრიგიანობაში დავრწმუნდები, რაშიც ნახევრად დარწმუნებული ვარ, მაშინ მივიღებ რომაულ კათოლიკურ სარწმუნოებას და მონაზვნადაც აღვიკვეცები.

მის ასეთ გადაწყვეტილებას მე არც განვუცვიფრებივარ და არც ვცდილვარ, ეს აზრი როგორმე გადამეთქმევინებინა. რწმენა ძვალ-რბილში გაქვს გამჯდარი, - გავიფიქრე, - და ალბათ, ეს გზა უფრო მეტ სიკეთეს გპირდება.

განშორებისას მითხრა:

- ნახვამდის, ჩემო ბიძაშვილო ჯეინ ეარ, კარგად ყოფნას გისურვებთ. თქვენ კარგად მოაზროვნე ადამიანი ხართ.

ჩემი მხრივ, მეც ასევე ვუპასუხე.

- არც თქვენ ხართ საღ აზროვნებას მოკლებული, ბიძაშვილო ელიზა, მაგრამ, ხომ ხედავთ, მომავალი წლიდან ცოცხლად აპირებთ ჩაიმარხოთ თავი რომელიმე ფრანგულ მონასტერში. რასაკვირველია, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ, თუ თქვენთვის ასე უფრო კარგი იქნება, მე აღარაფერს გირჩევთ.

- თქვენ მართალი ხართ, - მითხრა მან და ამ სიტყვებით დავშორდით კიდეც ერთმანეთს, რომ თითოეული ჩვენგანი თავისი არჩეული გზით წასულიყო. რადგან მე შემთხვევა აღარ მექნება ამიერიდან კვლავ სადმე ის ან მისი და, ჯორჯიანა, მოვიხსენიო, მინდა აქვე დავძინო: ჯორჯიანამ ბრწყინვალე მომავალი შეიქმნა, მან ჯვარი დაიწერა ვიღაც მდიდარ, გაქნილ ჯენტლმენზე. ელიზამ კი, სადაც თავისი პირველმოქცევის ხანა დაყო, დღემდე იმავე მონასტრის იღუმენიად ითვლება და მთელი თავისი ქონებაც მას შესწირა.

არ ვიცი, რას განიცდიან ის ადამიანები, რომლებიც დიდი ხნით ან სრულიად ხანმოკლე დროით განშორდებიან ხოლმე მშობლიურ კერას და ისევ უკან ბრუნდებიან. მე არასოდეს განმიცდია ეს გრძნობა. მახსოვდა მხოლოდ ის, ჩემი ბავშვობისას დიდი ხნით სეირნობის შემდეგ როგორ ვბრუნდებოდი უკან, გეიტსჰედში, და როგორი დაუსრულებელი საყვედურებით მიმასპინძლდებოდნენ, თუ სახეზე რაიმე ნაღველის კვალი ან სიცივისგან გამოწვეული ჭმუნვა მემჩნეოდა. გამახსენდა მისი მომდევნო ხანაც: როდესაც ეკლესიიდან ლოვუდში ვბრუნდებოდით, აგიზგიზებული ცეცხლისა და უხვი ულუფის ნატვრით დაქანცულნი, და, როცა არც ერთი მეღირსებოდა ხოლმე და არც მეორე. არც ერთი ასეთი დაბრუნება, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ჩემთვის სასიამოვნო და სასურველი, არავითარი მაგნიტური ძალა არ მიზიდავდა რომელიმე ასეთი ადგილისკენ, მისი მიმზიდველობის ძალა მით უფრო კლებულობდა, რაც უფრო ვუახლოვდებოდი. ნეტა, თორნფილდში დაბრუნება რას მიქადდა ახლა?

მოგზაურობა მეტად მოსაწყენი მეჩვენა, ძალიან მოსაწყენი. ერთ დღეში ორმოცდაათი მილი გავიარე და ღამე სასტუმროში გავათენე. მეორე დღესაც სწორედ ამდენივე მანძილის გავლა მომიხდა. პირველ დღეს, დაახლოებით თორმეტი საათის განმავლობაში, მხოლოდ მისის რიდსა და მისი სიცოცხლის უკანასკნელ წამებზე ვფიქრობდი. მისი გატანჯული და გაფითრებული სახე მეჩვენებოდა და თითქოს მისი საოცრად შეცვლილი ხმაც მესმოდა. კვლავ დასაფლავების დღე წარმოვიდგინე: მისი კუბო, კატაფალკი, შავად ჩაცმული მოიჯარეებისა და მოსამსახურეთა გრძელი რიგი, სულ რამდენიმე ნათესავი, პირდაღებული აკლდამა და მდუმარებით მოცული ეკლესია, სადაც იმ დღეს განსაკუთრებულ, საზეიმო ვითარებაში ღვთისმსახურება იმართებოდა. ფიქრით მერე ისევ ელიზასა და ჯორჯიანას დავუბრუნდი. ერთი წარმოვიდგინე სამეჯლისო დარბაზის შუაგულში, ცამდე ამაღლებული, მეორე კი - მონასტრის მღვიმეების მობინადრე და კარგამოკეტილი. გონებაში ერთმანეთს ვადარებდი მათ ადამიანურ თავისებურებებსა და ხასიათს. საღამოს დიდ ქალაქს მივადექით და ეს ფიქრი სადღაც შორს გაიფანტა. ღამემ მას სრულიად სხვა მიმართულება მისცა. ჩავწექი თუ არა საწოლში, მოგონებებს თავი მივანებე და საკუთარ მომავალზე ფიქრმა გამიტაცა.

ვბრუნდებოდი თორნფილდს, მაგრამ რამდენ ხანს დავრჩებოდი იქ? დიდხანს არა, რასაკვირველია, ამაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული. მისის ფეიერფექსისგან შევიტყვე, რომ სტუმრები ჩემი იქ არყოფნის დროს უკვე წასულ-წამოსულიყვნენ. მისტერ როჩესტერიც ლონდონს წასულიყო სამი კვირის წინათ (ორ კვირაში ელოდნენ მის დაბრუნებას). მისის ფეიერფექსი ვარაუდობდა, რომ ის საქორწინო სამზადისისთვის იყო წასული, ახალი ეტლის შეძენა ჰქონდა განზრახული თურმე. იმასაც იწერებოდა, რომ თვით მას, ჯერ კიდევ დღემდე ძალიან უცნაურ ამბად ეჩვენება მის ინგრემისა და მისტერ როჩესტერის ქორწინება. მაგრამ ხალხის მითქმა-მოთქმა და საკუთარი დაკვირვებები აფიქრებინებდა, რომ ეს ამბავი სულ მოკლე ხანში უნდა დამთავრებულიყო. - უცნაური იქნებოდა დაეჭვება, - ვასკვნიდი გონებაში. - არა, მე სრულებითაც არ ვეჭვობ.

ბოლოს, ასეთი კითხვა დამებადა: - სად უნდა წავიდე? მთელი ღამე მის ინგრემი მესიზმრებოდა. გათენებისას კი ის უფრო ნათლად წარმომიდგა. ვხედავდი, როგორ მიკეტავდა თორნფილდის კარს და ხელით სრულიად სხვა გზას მანიშნებდა. მისტერ როჩესტერი გულხელდაკრეფილი იქვე იდგა და ხან ერთს და ხან მეორეს დამცინავი ღიმილით გვაკვირდებოდა.

მისის ფეიერფექსისთვის არ მიცნობებია, ზუსტად რომელ დღეს ჩავიდოდი. არ მინდოდა, ეტლი დამხვედროდა მილკოტში; ვარჩიე, ეს მანძილი მშვიდად, ფეხით, მარტოს გამევლო; ჩემოდანი შესანახად ჩავაბარე და ივნისის წყნარ საღამოხანს, ასე დაახლოებით ექვს საათზე, თორნფილდისკენ მიმავალ გზას დავადექი. გზა უმთავრესად მინდვრებზე გადიოდა და მასზე ახლა იშვიათად მიმოდიოდნენ.

ის საღამო არც განსაკუთრებული მშვენიერებით გამოირჩეოდა და არც ბრწყინვალებით, მაგრამ მეტად საამო და მშვიდი იყო. მთელ გზაზე მხვდებოდნენ შრომაში თავჩარგული მთიბავები. მიუხედავად იმისა, რომ ცა ღრუბლებით იყო დაფარული, ვიცოდი, მაინც კარგი ამინდი დადგებოდა. ცის სილურჯე, მაღლა, შორს გაფანტული ღრუბლების საფარქვეშ, სადაც კი ჩემს თვალს ამ სილურჯის დანახვა შეეძლო, მეტად მშვიდი და ნათელი მოჩანდა. დასავლეთიდანაც სითბო მოდიოდა. შავი საწვიმარი ღრუბლების ნასახიც კი არსად შეინიშნებოდა. ცის დასავლეთით, მარმარილოსფერი ღრუბლების მიღმა, თითქოს საკურთხეველზე ცეცხლი აენთოთ, ღრუბლის ქულების თეთრ საფარზე აქა-იქ დარჩენილი ჭუჭრუტანებიდან მოწითალო ოქროსფერ სხივთა ელვარება გამოკრთოდა.

რაც უფრო მოკლდებოდა გზა, მით უფრო დიდ სიამოვნებას ვგრძნობდი. იმდენად მიხაროდა რაღაც, რომ ერთხელ შევჩერდი და ჩემს თავს ვკითხე: - რას უნდა ნიშნავდეს ასეთი სიხარული? - კარგად მახსოვდა, საკუთარ სახლში არ ვბრუნდებოდი, არც იქ, სადაც ამიერიდან მუდმივად და მშვიდად უნდა მეცხოვრა, სადაც მოსიყვარულე მეგობრები მიგონებდნენ და მოუთმენლად ელოდნენ ჩემს დაბრუნებას. - დარწმუნებული ხარ, - ვეუბნებოდი საკუთარ თავს, - მისის ფეიერფექსი გაგიღიმებს, გაუხარდება შენი მისვლა. პატარა ადელიც ტაშისცემითა და ხტუნვით შეგეგებება, მაგრამ კარგად იცი, სხვაზე ფიქრობ ახლა და არა მათზე. ის სხვა კი შენზე სრულიად არ ფიქრობს.

რა არის სიყმაწვილეზე უფრო უჯიათი ან ისეთი ბრმა, როგორიც გამოუცდელობა? სწორედ ამ უჯიათობამ და გამოუცდელობამ განმიმტკიცა აზრი, რომ მისტერ როჩესტერის ნახვა იქნებოდა ერთადერთი დიდი სიამოვნება ჩემთვის, მიუხედავად იმისა, იმასაც ესიამოვნებოდა თუ არა ჩემი ნახვა. ორივე ეს გრძნობა კი ერთად მაქეზებდა და ჩამძახოდა: იჩქარე! იჩქარე! ნუ განშორდები მას, სანამ ეს შესაძლებელიაო. სულ ბევრი, რამდენიმე დღე თუ კვირა დაგრჩენია და მერე სამუდამოდ უნდა დაშორდეთ ერთმანეთს. ისიც შევნიშნე, თვით საკუთარ სულში როგორ ვახშობდი ახალნაგრძნობ სულიერ ტკივილებსა და მთლად უცხო, სახეშეცვლილ გრძნობას. ვერ ვრწმუნდებოდი, რომ ისინი მაშინ ჩემს გულში აღმოცენებულიყო და მის საკუთრებას შეადგენდა. მინდოდა, გავცლოდი მათ. ამიტომ ნაბიჯს ავუჩქარე და თითქმის გავრბოდი.

ალბათ, თორნფილდის მინდვრებშიც ფოცხვაა გაჩაღებული; ან, იქნებ, მთიბავებმა თავიანთი საქმე მოათავეს, ფოცხები მხარზე გაიდეს და შინისკენ მიეშურებიან, სწორედ, აი, ახლა, როდესაც მე უკან ვბრუნდები. ერთი თუ ორი მინდორიც უნდა გადავირბინო, გზას გადავჭრი და ალაყაფის კარს მივადგები. ვარდებს ღობეები აუვსია, მაგრამ მათ დასაკრეფად დრო არა მაქვს. მინდა, რაც შეიძლება ჩქარა მივიდე სახლში. მაღალ ბუჩქს ჩავუარე გვერდით. ეს ასკილია, რომლის ხშირფოთლიანი, აყვავებული გრძელი ტოტები ბილიკის გასწვრივ დახრილან. აი, უკვე ვხედავ ქვის საფეხურებიან ვიწრო გადასაბიჯს და უცებ ვამჩნევ, რომ იქ მისტერ როჩესტერი ზის წიგნითა და ფანქრით ხელში და, მგონი, რაღაცას წერს.

არა, ეს მოჩვენება არ არის, და მაინც თითოეული ნერვიც კი მითრთის. მყისვე ვკარგავ უნარს, რომ საკუთარი თავი დავიმორჩილო. რას ნიშნავს ეს? არ მეგონა, რომ მის დანახვაზე ასე ავკანკალდებოდი, ხმა ჩამიწყდებოდა და მოძრაობის უნარი წამერთმეოდა. როგორც კი შევძლებ, მაშინვე უკან გავბრუნდები. ჩემს თავს ნებას არ მივცემ, ასეთი სისულელე გამოვამჟღავნო. მე ხომ სხვა გზაც ვიცი სახლისკენ. მაგრამ ოცი სხვა გზაც რომ მცოდნოდა, ვეღარაფერს მიშველიდა უკვე. მან დამინახა.

- ჰალო! - დაიძახა მან და წიგნი და ფანქარი გადადო. - თქვენ უკვე მოსულხართ. მომიახლოვდით, თუ შეიძლება.

მგონი, მივუახლოვდი, მაგრამ როგორ, ეს კი აღარ მახსოვს. ჩემს ცნობიერებამდე ძლივს აღწევს, რომ ვმოძრაობ და მხოლოდ იმას ვცდილობ, მშვიდად მოვაჩვენო თავი. ყველაზე მთავარი კი ის მგონია, როგორმე სახის გამომეტყველება დავიმორჩილო. ის ეწინააღმდეგება ჩემს ნებას და მთელი ძალით ისწრაფვის, გამოამჟღავნოს ის, რისი დაფარვაც ასე მტკიცედ გადავწყვიტე. მაგრამ მე ხომ პირბადე მაქვს?! ეს გამახსენდა და მაშინვე ჩამოვიფარე. იქნებ ამან მაინც მიშველოს, მღელვარება დავფარო და მოჩვენებითი სიმშვიდე შევინარჩუნო.

- ეს ჯეინ ეარია? და მერე მილკოტიდან ფეხით მოდიხართ?

- დიახ.

- ეს კიდევ თქვენი ეშმაკობის ერთ-ერთი ახალი ხერხია, ალბათ! ეტლი არ დაიბარეთ, ჩვეულებრივი მოკვდავივით არ ისურვეთ გზებზე მისი ბორბლების რახრახში მგზავრობა. თქვენი სახლის ახლოს მდებარე მიდამოებში საღამოს ბინდთან ერთად ფარულად შემოიპარეთ, როგორც ზმანება თუ აჩრდილი. მაინც რა ეშმაკს აკეთებდით მთელი თვე იქ?

- ძალუასთან ვიყავი, სერ. ის ხომ გარდაიცვალა.

- ნამდვილი ჯეინის პასუხი! კეთილნო ანგელოზნო, თქვენ დამიფარეთ! - ის, მგონი, საიქიოდან გამომეცხადა, იმ ადგილებიდან, სადაც მხოლოდ მიცვალებულნი განისვენებენ და მესაუბრება მათზე აი, აქ, მარტოდმარტოს, შეხვედრისთანავე, მწუხარებისას. რომ გამებედა და ხელი შემეხო, იქნებ, გამეგო, ცოცხალი არსება ხართ თუ აჩრდილი. ოჰ, შე წყლის ფერიავ! მაგრამ ცთომილი ვარსკვლავის ცისფერ შუქს უფრო ადვილად შევიპყრობდი ჭაობში, ვიდრე შენ, მაცდურო! მაცდურო! - დაუმატა მან რამდენიმე წამის სიჩუმის შემდეგ. - მთელი თვე ჩემ ახლოს არ ყოფილა და დავიფიცებ, რომ სრულიად დავავიწყდებოდი.

ღრმად ვიყავი დარწმუნებული, სიხარულით ამავსებდა მისტერ როჩესტერთან ახალი შეხვედრა. თუმცა, შიშით მაძრწუნებდა იმის გაფიქრება და ცოდნა, რომ ძალიან მალე ის უკვე აღარ იქნებოდა ჩემი მფარველი და მისთვის არაფერს წარმოვადგენდი. მაგრამ მისტერ როჩესტერს (ალბათ, მარტო მე ვფიქრობდი ასე) განსაკუთრებული უნარი ჰქონდა, თავისი ბედნიერება ადვილად მიმოეფანტა თავის გარშემო და სხვებისთვის ადვილად გადაეცა. ხოლო იმ ნამცეცების გემოს გასინჯვაც კი, რომელსაც ის ასე ფანტავდა თავის ირგვლივ, ისეთი გზააბნეული და უცხო ფრინველისთვის, როგორიც მე ვიყავი, სადღესასწაულო ნადიმს წარმოადგენდა. მისი უკანასკნელი სიტყვები ბალზამივით მომხვდა გულზე. ამ სიტყვებიდან ჩანდა, რომ ჩემი პატრონისთვის გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა, მახსოვდა თუ არა ის. ამასთანავე, მან თორნფილდს ჩემი სახლი უწოდა. ოჰ, როგორ მინდოდა, რომ მართლაც ჩემი სახლი ყოფილიყო!

ის ადგილიდან არ ამდგარა, მეც არ მინდოდა მეთხოვა, რომ გზა დაეთმო და სწრაფად ვკითხე, იყო თუ არა ლონდონს.

- დიახ, ვფიქრობ, ზებუნებრივი, შორსმჭვრეტელი თვალი უნდა გქონდეთ.

- მისის ფეიერფექსმა შემატყობინა წერილით.

- და ისიც გაცნობათ, თუ რისთვის წავედი?

- ჰო, რასაკვირველია, სერ, ყველამ იცის ამ ამბის შესახებ.

- თქვენ უნდა ნახოთ ეტლი, ჯეინ, და მითხრათ, ნამდვილად შეეფერება თუ არა ის მისის როჩესტერს: დაემსგავსება თუ არა ის ნამდვილ დედოფალ ბოადისს, ეტლის მეწამულ ბალიშებზე მიყრდნობილი. ძალიან მინდა, ჯეინ, ცოტა უფრო კარგი ვიყო, რომ ჩემი გარეგნობა შეეფერებოდეს მის გარეგნობას. მითხარით ახლა, ფერიავ! არ შეგიძლიათ მომცეთ თილისმა, სასწაულმოქმედი ჯადო ან სხვა რაიმე მისი მსგავსი, რომ ლამაზ მამაკაცად გადამაქციოს?

- ვერავითარი ჯადოსნობა ვერ გიშველით, სერ.

გულში კი გავიფიქრე, მხოლოდ შეყვარებულ თვალს ძალუძს ასეთად გაქციოთ. ასეთი თვალისთვის კი თქვენ საკმაოდ ლამაზი ხართ ან, უფრო სწორად, თქვენს მკაცრ სახეს სილამაზეზე მეტი ზემოქმედების ძალა შესწევს.

მისტერ როჩესტერი ხანდახან ჩემთვის სრულიად მიუწვდომელი შორსმჭვრეტელობით კითხულობდა ჩემს გამოუთქმელ აზრებს. იმ წუთებში კი ყურადღებაც არ მიუქცევია ჩემგან უცაბედად წამოსროლილი პასუხისთვის, მაგრამ გამიღიმა რაღაც უჩვეულო, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ღიმილით, რომელსაც ძალიან იშვიათად თუ შენიშნავდით მის სახეზე. ჩანს, ასეთ ღიმილს გადაჭარბებულად თვლიდა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ეს იყო გრძნობა, მზის სხივივით მანათობელი, რომელიც ახლა მხოლოდ მე გადმომაფრქვია.

- გამოიარეთ, ჯეინ, - მითხრა მან და ადგილი დამითმო, რომ გადასაბიჯზე გადავსულიყავი. - ადით მაღლა, შინ, და შეასვენეთ ხეტიალისაგან დაქანცული პაწაწინა ფეხები თქვენი ახლობელი ადამიანის კარის ზღურბლზე.

მე მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, სიტყვის შეუბრუნებლად დავმორჩილებოდი. საჭიროდ აღარ ვცანი საუბრის გაგრძელება. გადასაბიჯზე უსიტყვოდ გადავედი. ვფიქრობდი, ასევე ჩუმად გავცლოდი მას, მაგრამ უეცრად რაღაც ძალამ შემიპყრო, მაიძულა შევტრიალებულიყავი და მეთქვა (არ ვიცი, ვიღაცამ ჩემს შინაგან არსებაში, ჩემი სურვილის მიუხედავად, წარმოთქვა):

- მადლობას მოგახსენებთ, მისტერ როჩესტერ, იმ დიდი სიკეთისთვის, რომელსაც ჩემდამი იჩენთ. უსაზღვროდ მიხარია თქვენთან დაბრუნება და სადაც თქვენ გხედავთ, ის ჩემი სახლი მგონია, ჩემი ერთადერთი სახლი.

მერე ისეთი ჩქარი ნაბიჯით გავეშურე, ვერ შეძლებდა დამწეოდა, კიდეც რომ ცდილიყო. ჩემს დანახვაზე პატარა ადელმა უსაზღვროდ გაიხარა. მისის ფეიერფექსმა მისთვის დამახასიათებელი გულთბილობითა და მეგობრულად მიმიღო. ლი იღიმებოდა; სოფიმაც კი დიდი სიხარულით მისურვა: - Bონ სოირ. ეს ყველაფერი მეტად სასიამოვნო იყო ჩემთვის. იმაზე დიდ ბედნიერებას არასოდეს განიცდის ადამიანი, როცა გრძნობს, რომ გარშემო მყოფთ უყვართ და მასთან ყოფნით სიამოვნებას იღებენ.

იმ საღამოს ისე დავხუჭე თვალი, მომავალზე აღარ მიფიქრია. არ მინდოდა გამეგონა ხმა, რომელიც განშორების სიახლოვესა და მოსალოდნელ მწუხარებას მაცნობებდა. ჩაი დამთავრდა. მისის ფეიერფექსმა თავისი ხელსაქმე აიღო. მეც მის ახლოს პატარა სკამზე დავჯექი. ადელმა ხალიჩაზე დაიჩოქა და მომეკრა. ურთიერთშორის სიყვარულმა სიმშვიდისა და მყუდროების ოქროს რკალი გარს შემოგვარტყა. უსიტყვოდ ვლოცულობდი, რომ სულ მოკლე ხანში დიდი მანძილით არ დავეშორებინეთ. აი, სწორედ ასეთ ყოფაში, სრულიად მოულოდნელად, მისტერ როჩესტერი შემოვიდა, შემოგვხედა, ჩვენი მეგობრული განწყობილების ხილვამ სიამოვნება მოჰგვარა და გვითხრა: ვფიქრობ, მოხუცი ლედი ძალიან ნასიამოვნებია, რომ თავისი შვილობილი უკან დაუბრუნდაო. და ისიც დაუმატა, ალბათ, ადელის სიხარულს კი Pრêტე á ცროქუერ სა პეტიტე მამან Aნგლაისე.

ნახევრად იმედიც კი ჩამესახა, რომ ქორწინების შემდეგაც ის ჩვენ ერთმანეთს არ დაგვაშორებდა, თავისივე მფარველობის ქვეშ მოგვცემდა თავშესაფარს და არ მოგვაკლებდა მზის სხივივით აუცილებელ ბედნიერებას, რომ თვალი ხანდახან მაინც მოგვეკრა მისთვის.

ორმა კვირამ თორნფილდში ჩემი დაბრუნების შემდეგ საეჭვო სიმშვიდეში გაიარა. არაფერს ამბობდნენ ჩვენი პატრონის ქორწილის შესახებ. არც არავითარი სამზადისი შემიტყვია, რაც ასეთ ამბავს გარდაუვლად თან ახლავს ხოლმე. თითქმის ყოველდღე ვეკითხებოდი მისის ფეიერფექსს, სმენოდა თუ არა რამე ნამდვილი გადაწყვეტილების შესახებ. ის ყოველთვის უარს ამბობდა. ერთხელ პირდაპირ უკითხავს ჩვენი მფლობელისთვის, თუ როდის აპირებდა საცოლის სახლში მოყვანას, მაგრამ მისტერ როჩესტერს მხოლოდ ხუმრობით უთქვამს რაღაც და უცნაურად გადაუხედავს მოხუცისთვის. ალბათ, ამიტომაც მისის ფეიერფექსს არ შეეძლო თქმა, რა აზრის გამოტანა შეიძლებოდა ჩვენი პატრონის სიტყვებიდან.

ერთი რამ ძალიან მაოცებდა - თორნფილდსა და ინგრემ-პარკს შორის ყოველგვარი მისვლა-მოსვლა და სტუმრად წვევა გაქრა. ისიც მართალია, თორნფილდი ოცი მილით იყო დაშორებული მათი საგვარეულო სახლიდან და მეორე საგრაფოს საზღვარზე მდებარეობდა, მაგრამ რას წარმოადგენდა ეს მანძილი მგზნებარე, მოსიყვარულე გულისთვის, განსაკუთრებით, ისეთი გამოცდილი და დაუღალავი ცხენოსნისთვის, როგორიც მისტერ როჩესტერი გახლდათ. მას ეს მანძილი შეეძლო ერთ დილას, შუადღემდე, გაევლო. გულში იმედი ჩამესახა და მას ველოლიავებოდი, თუმცა უფლება არ მქონდა, რაიმეში დავრწმუნებულიყავი. შესაძლებელია, ქორწინება ჩაიშალა ან მითქმა-მოთქმა არ იყო მართალი. იქნებ, ან ერთმა, ან მეორე მხარემ ან - ორივემ ერთად შეიცვალა აზრი. ხშირად შევცქეროდი ჩემი მფარველის სახეს, რათა სევდა ან განრისხება აღმომეჩინა, მაგრამ ეს სახე არასოდეს მახსოვდა უფრო მეტად ნათელი, კეთილი და ყოველგვარ ჭმუნვას მოკლებული. როცა მე და ადელს გვიწევდა მასთან რამდენიმე ხანი გაგვეტარებინა, გუნება მეცვლებოდა და სასოწარკვეთილება მიპყრობდა, რადგან ის ზომაზე მეტად მხიარულობდა. არასოდეს მეძახდა წინათ ასე ხშირად თავისთან, არც არასოდეს ყოფილა ისეთი კეთილი ჩემ მიმართ, როგორც მაშინ, და, ღმერთო ჩემო! არც მე არასოდეს მყვარებია ის ასე ძლიერად.

თავი ოცდამესამე

საუცხოო შუა ზაფხული ბრწყინავდა ინგლისში. მიყოლებით ასეთი მოწმენდილი ცა და მოკაშკაშე მზე ძალიან იშვიათად იცის ზღვით გარემოცულმა ჩვენმა მიწა-წყალმა. თითქოს იტალიური თბილი დღეები, უმშვენიერეს მოგზაურ ფრინველთა მსგავსად, მოფრინდნენ სამხრეთიდან და დასასვენებლად ალბიონის კლდეებს მოაშურეს. თივა ყველგან აიღეს. თორნფილდის გარშემო გათიბული მინდვრები ისევ მწვანედ შეფერილიყო. მიწა გახმა და გზები თეთრად გამოიყურებოდა. მუქმწვანედ გაფოთლილი ხეები, ღობეები და ტყე მოშავო არშიად გარს შემორტყმოდა მათ შუა მოქცეულ, მზის სხივებით შეფერადებულ მდელოებს.

საღამო ხანს ადელი ჰეილეინში მარწყვის კრეფით დაიღალა და ჯერ კიდევ მზის ჩასვლამდე ჩაწვა ლოგინში. მის ჩაძინებას ველოდი, მერე ოთახიდან გამოვედი და ბაღისკენ გავეშურე.

ამ დროს დღე-ღამის უტკბესი წუთები დგება. "დღის მცხუნვარება ჩაიფერფლა~ და ცვარი მარგალიტებად მოეფინა ცის ნამს მოწყურებულ მინდვრებსა და მზით გადამწვარ მთის მწვერვალებს. უღრუბლო ცაზე მზე დასავლეთისკენ გადაიხარა, ცის ტატნობი სადღესასწაულო ვარდისფერმა შეღება და იქ მოწითალო პატიოსანი თვალის ბრწყინვალებით აციაგდა, მერე გორაკის მწვერვალზე ერთ წერტილს ქურაში გაღვივებულ ცეცხლისფრად წაეკიდა: სულ მაღლა აიჭრა, ზეციურ სამყაროში გაიბნა, თანდათანობით გაფერმკრთალდა და თითქმის ნახევარი ცა დაფარა. ამ დროს აღმოსავლეთის მომხიბვლელობა სრულიად თავისებური იყო. მის მუქ ცისფერ ცას ერთადერთი ამომავალი ვარსკვლავი გულზე თვალწარმტაცი სამკაულივით ეკიდა. მალე, მთვარის ნათელში გახვეული, ის უფრო ზვიადად გადმოხედავდა მიდამოს, მაგრამ ღამის მნათობი ჯერ კიდევ ჰორიზონტის იქით იმალებოდა.

ცოტა ხანს იქვე, ქვაფენილზე მიმოვდიოდი. მალე ვიგრძენი, რომელიღაც სარკმლიდან ჰაერში ჩემთვის კარგად ნაცნობი სიგარის ოდნავ შესამჩნევი სურნელება იფანტებოდა. ბიბლიოთეკის ერთ-ერთი სარკმელი ოდნავ ღიაც შევნიშნე და ვიფიქრე, შესაძლებელია, იქიდან თვალსაც მადევნებდა ვინმე. ამიტომ გვერდზე გადავუხვიე და ხეხილის ბაღში შევედი. ეს ადგილი იმ არემარეში ყველაზე მყუდრო, განმარტოებულ ედემს ჰგავდა. მას უამრავი ხეხილი და ათასფრად გადაშლილი ყვავილი ამკობდა. ერთ მხარეს ამ ბაღსა და სასახლეს შორის მეტად მაღალი კედელი იყო აღმართული, მეორე მხარეს მწვანედ აბიბინებულ ეზოსა და კედელს შორის წიფლის ხეების ხეივანი მოჩანდა, ბოლოში კი აქა-იქ წაქცეული ღობე ჩაუდიოდა, რომლის იქით განმარტოებული მინდვრები იწყებოდა. ბაღში მიხვეულ-მოხვეული ბილიკი დაფნის ბუჩქების ხეივანში მიიკლაკნებოდა; ბოლოში უზარმაზარი ხე იდგა. ამ ხეს ერთი გრძელი სკამის წრიული რკალი ერტყა, რომელიც დაბლა, ღობესთან თავდებოდა. აქ ადამიანს ყველასგან შეუმჩნევლად შეეძლო ოცნება. ოდის დამათრობელი ტკბილი სურნელება, იქ გამეფებული მდუმარება და მეტად მშვიდი საღამოს ჟამი იმდენად მხიბლავდა, ასე მგონია, ამ ჩრდილში სამუდამოდ შემეძლო თავის შეფარება. შემოღობილის ზედა ნაწილში, ერთ-ერთ გაშლილ მხარეს, რომელსაც ამომავალი მთვარე ყველაზე მეტად აწვდენდა სხივებს, ხეხილსა და ყვავილებს შორის მიმოვდიოდი. უცებ ნაბიჯი შევანელე. არა იმიტომ, რომ რაიმე ხმა შემომესმა ან ვინმე დავინახე, არამედ კვლავ ვიგრძენი სურნელება, რომელიც წინასწარ მატყობინებდა რაღაც იდუმალს.

ასკილი, არტემიზია, ჟასმინი, მიხაკი და ვარდი საღამო ჟამს უკვე დიდი ხანია გამოსცემდნენ მკვეთრ სურნელებას. ისეთი სუნი იდგა, თითქოს ჰაერში გუნდრუკს აკმევდნენ, მაგრამ ამ უცხო სურნელებას არც ბუჩქნარი აფრქვევდა და არც გაშლილი ყვავილები. ძალიან კარგად ვიცოდი, ის მისტერ როჩესტერის სიგარის სურნელი იყო. გარშემო მიმოვიხედე და სმენად ვიქეცი. ვხედავდი, ხის ტოტები მწიფე ნაყოფს დაემძიმებინა. მესმოდა ბულბულის გალობაც ტყიდან, რომელიც ჩემგან ნახევარი მილით მაინც იქნებოდა დაშორებული. ადამიანის ჭაჭანება არსად ჩანდა. არც ფეხის ხმა ისმოდა. სიგარის სუნი კი თანდათან უფრო მკვეთრი ხდებოდა. გადავწყვიტე, გავქცეულიყავი. ჭიშკრისკენ გავეშურე, რომლის იქით ბუჩქნარი იწყებოდა და შევნიშნე მისტერ როჩესტერი ბაღში შემოდიოდა. გვერდზე გადავუხვიე. ვცადე, თავი სუროს ფოთლებით დაფარული მიყრუებული ადგილისთვის შემეფარებინა, და გავიფიქრე: ის დიდხანს არ დარჩება, მალევე გაბრუნდება, საიდანაც მოვიდა და, თუ წყნარად ვიჯდები, ვერც კი შემამჩნევს-მეთქი.

მაგრამ არა, საღამო ჟამი მისთვის ისეთივე სასიამოვნო აღმოჩნდა, როგორც ჩემთვის, ხოლო ეს ძველებური ბაღი მას ისევე იზიდავდა, როგორც მე. ის გზას განაგრძობს, ხან კინკრიჟას ტოტს ასწევს მაღლა და ქლიავის ტოლ ნაყოფს დასცქერის, რომლის სიმძიმეს ტოტები მთლად დაბლა დაუხრია, ხან ბაღის კედელთან სულ ახლოს მდგარ ხეზე მწიფე ალუბალს კრეფს, ხან კი ერთმანეთში გადახლართული ყვავილებისკენ იხრება, არ ვიცი, მათი სუნით დათრობა სწადია თუ მათ სიფრიფანა ფურცლებზე მარგალიტებად დაფრქვეულ ცვარს აკვირდება. ღამის დიდმა ფარვანამ ჩემ წინ ფრთების ფარფატით ჩაიქროლა და მისტერ როჩესტერის ფეხთან სულ ახლოს, რომელიღაც მცენარეზე დაჯდა. მან მაშინვე შენიშნა ის და დაიხარა, რომ კარგად დაეთვალიერებინა.

ახლა ის ზურგით დგას ჩემკენ და პეპლის თვალიერებითაა გართული. თუ ფეხაკრეფით ჩავივლი, შესაძლებელია, ისე გავიპარო, რომ ვერც შემნიშნოს, გავიფიქრე ჩემთვის.

გაგრძელება შემდეგ ნომერში