ჯეინ ეარი (XXIII) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (XXIII)

ფეხს ფრთხილად ვადგამდი ქვიშით მოფენილი გზის ნაპირებს, სადაც მოლი ჭარბობდა, რომ ხმაურს არ გამოემჟღავნებინა ჩემი იქ ყოფნა. ის კვლებს შორის იდგა, ერთი თუ ორი იარდის დაშორებით იმ ადგილიდან, სადაც მე უნდა ჩამევლო, და მთელი ყურადღებით ისევ ფარვანას აკვირდებოდა. "სრულიად შეუმჩნევლად ჩავივლი", გავიფიქრე ჩემთვის. ხოლო, როცა მის ჩრდილზე გადავიარე, რომელიც ჯერ კიდევ კარგად ამოუსვლელი მთვარის შუქზე საკმაოდ დიდ მანძილზე დაჰფენოდა გზას, ის არც კი მობრუნებულა, ისე, სრულიად წყნარად მითხრა:

- ჯეინ, მოდით აქ და შეხედეთ ამ ქმნილებას.

სრულიად უხმაუროდ ვმოძრაობდი. ის ზურგით იდგა და მის თვალებს შესწევდათ ძალა, შეემჩნიათ რაიმე? შეიძლებოდა, რომ მის ჩრდილს ჩემი სიახლოვე ეგრძნო? პირველად შევკრთი, მაგრამ შემდეგ მივუახლოვდი.

- შეხედეთ მის ფრთებს, - მითხრა მან. - ის ძალიან მაგონებს ვესტინდოეთის რომელიღაც მწერს; ადამიანი ხშირად ვერ შეხვდება ასეთ დიდსა და ნათელი ფერის ღამის ფარვანას ინგლისში. აი, ხედავთ? ის უკვე გაფრინდა.

პეპელა გაფრინდა. მეც გაუბედავად უკან-უკან ვიწევდი, მაგრამ მისტერ როჩესტერიც თან გამომყვა. როდესაც ჭიშკართან მივაღწიეთ, მან მითხრა:

- დაბრუნდით უკან, ასეთ საუცხოო ღამეში სირცხვილიც არის შინ ჯდომა. დარწმუნებული ვარ, არავინ იძინებს იმ დროს, როცა მზის ჩასვლა ასე მომხიბლავად ეგებება მთვარის ამოსვლას.

ჩემი ერთ-ერთი ნაკლი ის არის, რომ ხანდახან თუ მეტად აზრიანად ვლაპარაკობ, ხან არის წუთები, როდესაც მთლიანად ვიბნევი. ეს კი ყოველთვის გადამწყვეტ წუთებში ხდება, როდესაც შესაფერისი სიტყვა, მოხერხებული საბაბი განსაკუთრებით საჭიროა სავალალო და დაბნეული მდგომარეობიდან თავის დასაღწევად. მე თვითონ არ მომწონდა ასეთ დროს მისტერ როჩესტერთან სეირნობა ჩაბნელებულ ბაღში, მაგრამ ვერ შევძელი რამე მიზეზი მომენახა და დამემტკიცებინა, რომ ჩემი წასვლა აუცილებელი იყო. გაუბედავად მივყვებოდი; მხოლოდ იმის ფიქრით ვიყავი გართული, როგორმე რამე მიზეზი გამომენახა და თავი დამეღწია; ის კი იმდენად მშვიდი და თავდაჭერილი ჩანდა, მრცხვენოდა კიდეც, ოდნავი ძრწოლაც კი მეგრძნო მის გვერდით. თუ ყოველივე ამაში რამე ცუდი იყო, ამას მხოლოდ მე ვფიქრობდი. მან ამის შესახებ არაფერი იცოდა და დამშვიდებულიც იყო.

- ჯეინ, - წამოიწყო მან, როგორც კი დაფნის ხეივანში შევედით და ნელა გავემართეთ წაქცეული ღობისა და წაბლის ხისკენ, - ზაფხულობით თორნფილდი სასიამოვნო ადგილია, არა?

- დიახ, სერ, ძალიან სასიამოვნო.

- თქვენ, ალბათ, ასე თუ ისე, მიეჩვიეთ ამ სახლს, არა? განსაკუთრებით თქვენ, რომელსაც ასე გხიბლავთ ბუნების სრულყოფილი სილამაზე და ასეთი დიდი სიყვარულის უნარი გაგაჩნიათ.

- დიახ, მე მართლაც ძალიან შევეჩვიე მას.

- თუმცა, ვერ გამიგია, როგორ მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენ ძალიან კარგად შეეთვისეთ ამ პაწაწინა თავქარიან ბავშვს, ადელს, და ამ გულუბრყვილო ქალბატონ ფეიერფექსს.

- დიახ, სერ, თუმცა სხვადასხვანაირად, მაგრამ მე მაინც ორივე შემიყვარდა.

- მათთან განშორება, ალბათ, ძალიან შეგაწუხებთ, არა?

- დიახ.

- სამწუხაროა! - თქვა მან, ამოიოხრა და ცოტა ხანს შეჩერდა. - შემთხვევითობას სწორედ ეს გზა აურჩევია ამ ცხოვრებაში, - განაგრძო შემდეგ: - ვერ მოასწრებ, მოეწყო რომელიმე სასიამოვნო და მყუდრო ადგილას, რომ რაღაც ხმა გიხმობს და გიბრძანებს, ადგე და სხვა მიმართულებით გაემგზავრო, რადგან დასვენების საათები უკვე დამთავრებულია.

- უნდა გავემგზავრო უკვე, სერ? - შევეკითხე მე. - თორნფილდი უნდა დავტოვო?

- მგონია, ასე უნდა მოიქცეთ, ჯეინ. ძალიან ვწუხვარ, მაგრამ, ჩანს, უნდა წახვიდეთ.

ეს ამბავი თავზარდამცემი აღმოჩნდა ჩემთვის, მაგრამ ვცადე, სულით არ დავცემულიყავი.

- კეთილი, სერ, მე მზად ვიქნები, როგორც კი წასვლის ბრძანებას მივიღებ თქვენგან.

- ბრძანება გაცემულია. მე ის თქვენ ამაღამ უნდა გამოგიცხადოთ.

- თქვენ, ალბათ, საქორწინოდ ემზადებით, სერ?

- რასაკვირველია, სწორედ ასეა. აი, თქვენთვის დამახასიათებელი შორსმჭვრეტელობით ადვილად ჩასწვდით სინამდვილის დედაარსს.

- ეს მალე მოხდება, სერ?

- ძალიან მალე, ჩემო... ოჰ, თუმცა, მის ეარ, თქვენ გეხსომებათ, ჯეინ... პირველად, არ მახსოვს, მე გითხარით თუ მითქმა-მოთქმით შეიტყვეთ, რომ უკვე ჭარმაგობაში შესული მარტოხელა მამაკაცის ცხოვრება მომწყინდა და ქორწინების წმინდა მარყუჟში მინდოდა გამეყო თავი, ე.ი. უნდა შევდგომოდი ნეტარ ოჯახურ ცხოვრებას, გულზე მიმეკრა მის ინგრემი. მოკლედ, რომ ვთქვა, ის მეტად დიდია, ძნელად ხელშემოსაწვდომი; მაგრამ ამას თავი დავანებოთ: ყველას არ შეუძლია იტვირთოს ისეთი ჩინებული ნივთის სიმძიმე, როგორიც ჩემი მშვენიერი ბლანშია! დიახ, იმას გეუბნებოდით: მისმინეთ, ჯეინ! - თავი იმიტომ ხომ არ მიიბრუნეთ გვერდზე, რომ ბალახებში სხვა ფარვანები მოძებნოთ, განა, ასე არ არის? ეს მხოლოდ ჭიამაია იყო, ბავშვო, და სახლისკენ გაფრინდა. მინდა, მოგაგონოთ: განა, თქვენ არ იყავით პირველი, ვინც მთელი გულწრფელობით, რასაც ასე დიდად ვაფასებ თქვენში, შორსმჭვრეტელობით, კეთილგონიერებითა და თავმდაბლობით, რომელიც თქვენს საპასუხისმგებლო, მაგრამ დამოკიდებულ მდგომარეობას ასე კარგად შეეფერება, გამაფრთხილეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მე მის ინგრემს შევირთავდი, ორივე, თქვენცა და პატარა ადელიც, დაუყოვნებლივ უნდა გარიდებოდით აქაურობას.

ყურადღებას არ ვაქცევ იმ უმნიშვნელო შეურაცხყოფას, რომელიც თქვენ თქვენი წინადადებით მიაყენეთ ჩემი სატრფოს პირად თვისებებს; მაგრამ, როდესაც შორს იქნებით, ჯეინ, შევეცდები, დავივიწყო ყოველივე. მე მხოლოდ თქვენი წინადადების სიბრძნე არ დამავიწყდება. ის ისეთია, რომ ჩემი მოქმედების კანონად ვაქციე. ადელი სკოლაში უნდა წავიდეს, თქვენ კი, მის ეარ, უნდა მონახოთ სადმე ახალი სამუშაო ადგილი.

- დიახ, სერ. ახლავე შევიტან განცხადებას. მანამდე კი ვფიქრობ... - ის იყო ვაპირებდი მეთქვა, ვფიქრობ, ნებას მომცემთ აქვე დავრჩე, ვიდრე ვიშოვი თავშესაფარს, რომ გავემგზავრო-მეთქი, მაგრამ შევჩერდი. ვგრძნობდი, ძალიან გამიძნელდებოდა ამ სიგრძე წინადადების წარმოთქმა, რადგან ხმა აღარ მემორჩილებოდა.

- დაახლოებით ერთ თვეში დავიწერ ჯვარს, - განაგრძო მისტერ როჩესტერმა. - ამ დროის განმავლობაში კი მე თვითონ გამოგინახავთ როგორც სამუშაოს, ისე თავშესაფარს.

- დიდად გმადლობთ, სერ, ვწუხვარ, რომ ესოდენ ჯაფას გაყენებთ...

- ოჰ, ბოდიშის მოხდა არ არის საჭირო. ვფიქრობ, როდესაც დაქირავებული პირი თავის მოვალეობას ისე ასრულებს, როგორც თქვენ, მას უფლება აქვს, თავისი პატრონისგან მოითხოვოს ცოტაოდენი დახმარება, მით უფრო, თუ პატრონს თავისუფლად შეუძლია სამაგიერო მიუზღოს. ჩემი სასიდედროსგან შევიტყვე ერთი ადგილის შესახებ, რომელიც თქვენ შეგეფერებათ. თქვენ აღსაზრდელად უნდა აიყვანოთ მისის დიონაისიუს ოკგოლის ხუთი ქალიშვილი, ბიტერნატ-ლოჯში, ირლანდიაში, კონოტში. თქვენ მოგეწონებათ ირლანდია. როგორც გადმომცეს, იქ ძალიან გულთბილი ხალხი ყოფილა.

- იქამდე ძალიან დიდი მანძილია, სერ.

- რა უშავს. თქვენნაირი გონიერი გოგონა არც ზღვით მოგზაურობისა და არც მანძილის წინააღმდეგი არ იქნება.

- არა, ზღვით მოგზაურობის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ მანძილი? და მერე... ზღვა ხომ ზღუდედ აღიმართება.

- მერე და, ის რას გაშორებს, ჯეინ?

- ინგლისს და თორნფილდს და კიდევ...

- კეთილი. კიდევ?

- თქვენს თავს, სერ.

ეს სიტყვები ჩემდა უნებურად წამოვიძახე, თითქმის ანგარიშმიუცემლად. ცრემლებმა ღაპაღუპით იწყეს თვალთაგან დენა. ჩუმად ვტიროდი და ქვითინს ვერიდებოდი. მისის ოკგოლსა და ბიტერნატ-ლოჯზე ფიქრი, ყინულის ისარივით მესობოდა გულში. უფრო მწარე კი აქაფებული ზღვის ტალღების წარმოდგენა იყო, რომლებიც, როგორც ჩანს, ბედისწერის სურვილით აბობოქრებული ჩემსა და იმ ადამიანს შუა უნდა ჩამდგარიყო, ვის გვერდითაც ახლა მივდიოდი. ისედაც თითქმის გადაულახავ ბარიერად მიმაჩნდა ოკეანესავით ფართოდ გაშლილი მისი სიმდიდრე, მთელი მისი კლასის უპირატესობა და მათი ზნე-ჩვეულებები, რომლებიც ზღუდესავით აღმართულიყო ჩემსა და ყოველივე იმას შორის, რაც ასე ბუნებრივად და დაუძლეველი ძალით მიყვარდა.

- ძალიან შორს არის, - კვლავ ვუთხარი მე.

- დიახ, შორს არის. მართლაც, როდესაც თქვენ ბიტერნატ-ლოჯში, კონოტში, ირლანდიაში გაემგზავრებით, ვეღარასოდეს გნახავთ, ჯეინ. სრულიად დარწმუნებულიც ვარ, არასოდეს მომიხდება ირლანდიაში წასვლა, რადგან ეს ქვეყანა არცთუ ძალიან ხიბლავდა ჩემს ოცნებას. ჩვენ ხომ კარგი მეგობრები ვიყავით აქ, ჯეინ, არა?

- დიახ, სერ.

- ხოლო, თუ მეგობრები განშორების წინადღეს ერთმანეთს ხვდებიან, მგონია, მათ ყოველთვის სურთ, ერთმანეთთან ახლოს გაატარონ მცირეოდენი დრო, რაც ერთად ყოფნისთვის დარჩენიათ. მოდი, სანამ ცაზე ვარსკვლავები აკიაფდებიან, თუნდაც ნახევარი საათის განმავლობაში, ერთად, მშვიდად მოვილაპარაკოთ შენი შორეული ზღვით მოგზაურობისა და ჩვენი განშორების შესახებ. აი, წაბლის ხე, სკამიც აქვე დგას, მის ძველ ფესვებზე, და აქ სრულ სიმშვიდეში გავატარებთ საღამოს. ვიცი, ამიერიდან ჩვენ არასოდეს გვიწერია აქ ერთად ჯდომა.

დამსვა და თვითონაც ჩამოჯდა.

- ირლანდიამდე ძალიან შორია, ჯენიტ. ვწუხვარ, რომ ჩემს პატარა მეგობარს სამოგზაუროდ ასე დიდსა და მომქანცველ გზაზე ვგზავნი. მაგრამ, თუ სხვა, უკეთესი ვერაფერი ვიღონე, რა უნდა ვქნა? თქვენ რაიმე ნათესაურს გრძნობთ ჩემდამი, ჯეინ, თუ არა?

გული ისე მქონდა ყელში მობჯენილი, რომ პასუხის გაცემა არ შემეძლო.

- იმიტომ რომ, - თქვა მან, - ხანდახან უცნაური გრძნობა მეუფლება თქვენდამი. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც, აი, ასე ახლოს ხართ ჩემთან, როგორც ახლა. თითქოს რაიმე სიმი მქონდეს სადღაც, მკერდქვეშ, გამოუხსნელად გადაკვანძული და ჩახლართული იმ სიმთან, რომელიც მკერდქვეშ თქვენი პაწაწინა სხეულის სწორედ იმავე ადგილას თრთის. და, თუ ეს აბობოქრებული სრუტე, ორასი თუ მეტი მილი, ასე ფართო ზღუდედ აღიმართა ჩვენ შორის, ვშიშობ, ის შემაერთებელი სიმიც გაწყდება. ახლავე მაფორიაქებს ის აზრი, რომ ჩემი გული სისხლისგან დაიცლება, ხოლო რაც შეგეხებათ თქვენ, ვიცი, დამივიწყებთ.

- თქვენ მე არასოდეს დაგივიწყებთ, სერ. თქვენ ეს იცით.

არა, მე აღარ შემეძლო საუბრის გაგრძელება.

- ჯეინ, გესმით, როგორ უსტვენს ბულბული ტყეში? აბა, ყური დაუგდეთ!

ვუსმენდი, ვქვითინებდი და კრუნჩხვა მემართებოდა. მინდოდა, როგორმე ჩამეხშო მოზღვავებული გრძნობა, ჩემს თავს გავმკლავებოდი, მაგრამ იძულებული გავხდი, მათ დავმორჩილებოდი. აუტანელი მწუხარებით მთელი სხეული მიკანკალებდა. როდესაც ლაპარაკი დავიწყე, მხოლოდ ის მსურდა მეთქვა გულწრფელად, ნეტა, არასოდეს დავბადებულიყავი და არც თორნფილდი მეხილა-მეთქი.

- ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მასთან განშორება ასე გიძნელდებათ?

მწუხარებითა და სიყვარულით გამოწვეულმა დიდმა მღელვარებამ მთლიანად შებოჭა ჩემი არსება, მთელი ძალით გაიბრძოლა და სცადა, სხვა გრძნობებზე გაბატონებულიყო; ეცოცხლა, გაემარჯვა, განახლებულიყო და დიახ, განეცხადებინა კიდეც:

- დიახ, ძალიან ვწუხვარ და მიმძიმს თორნფილდიდან წასვლა. მე მიყვარს ის იმიტომ, რომ აქ, ბოლოს და ბოლოს, ხანდახან მაინც ვცხოვრობდი ბედნიერი და მხიარული ცხოვრებით. აქ მე ფეხქვეშ არავის გავუთელივარ, არც უგრძნობლად მომქცევია ვინმე. არავის დავუმდაბლებივარ უბედურ ადამიანთა დონემდე, არავის გამოურიცხივარ ადამიანთა იმ ბრწყინვალე ფერხულიდან, სადაც სინათლე, მჩქეფარე ცხოვრება და მაღალი იდეალებია. პირისპირ ვესაუბრებოდი ადამიანს, ვისაც ვთვლიდი მოწიწების ღირსად, ვისი არაჩვეულებრივი, ძლიერი და დიდი გონებით აღტაცებული ვიყავი. მე თქვენ უკვე კარგად გიცნობთ, მისტერ როჩესტერ, და შიშითა და მწუხარებით მავსებს ის ფიქრი, რომ სამუდამოდ უნდა დაგშორდეთ. განშორების აუცილებლობას ვხედავ და ეს კი ჩემთვის სიკვდილზე უფრო მძიმეა.

- სად ხედავთ მერე ასეთ აუცილებლობას? - მკითხა მან უცებ.

- სად? ეს საკითხი ხომ თქვენ წამოჭერით ჩემ წინაშე, სერ.

- რა მიზეზით, ვის გამო?

- თქვენი მშვენიერი საცოლის, მის ინგრემის გამო.

- ჩემი საცოლე! რომელი საცოლე! მე არ მყავს საცოლე!

- მაგრამ გეყოლებათ.

- დიახ, მეყოლება, მეყოლება!

მან კბილი კბილს დააჭირა.

- მაშინ მე უნდა წავიდე აქედან. თქვენ ეს თვითონვე მითხარით.

- არა, თქვენ უნდა დარჩეთ! ვფიცავ და ეს ფიცი აღსრულდება კიდეც.

- მე კი გეუბნებით, რომ უნდა წავიდე, - ვუპასუხე რაღაც საოცარი მღელვარებით. - ნუთუ, თქვენ ფიქრობთ, რომ შემიძლია დარჩენა? მე ხომ არარაობად ვიქცევი მაშინ თქვენს თვალში? თუ იმას ფიქრობთ, რომ შეუგნებლად ვმოქმედებ, რაღაც უგრძნობელი მანქანა ვარ და შემიძლია ავიტანო ისიც, თუ როგორ წამგლეჯენ პირიდან ერთ ლუკმა პურსა და ერთ ყლუპ საარსებო წყალს? რადგან ღარიბი, დაბალი წარმომავლობის, სრულიად უბრალო და შეუხედავი ვარ, ალბათ, გგონიათ, გრძნობა და გული არ გამაჩნია. თქვენ ცდებით! მეც ისეთივე სული მაქვს და ისეთივე გრძნობებით სავსე გული, როგორიც თქვენ. ღმერთს რომ ცოტაოდენი სილამაზითა და დიდი სიმდიდრით დავეჯილდოებინე, თქვენც ისევე გაგიძნელდებოდათ ახლა ჩემთან განშორება, როგორც მე მიმძიმს თქვენი... თქვენ მე არ გესაუბრებით ახლა პირობითად დადგენილი ზნე-ჩვეულებებისა და ადათ-წესების მიხედვით, არც - როგორც მიწიერ ქმნილებას. ჩემი სული ესაუბრება თქვენს სულს, თითქოს მათ ორივემ ჩაიარეს სამარის კართან და ახლა ღვთის ფერხთით დგანან თანასწორნი, როგორნიც სინამდვილეში არიან.

- როგორნიც სინამდვილეში ვართ! - გაიმეორა მისტერ როჩესტერმა, - სწორია, - დაუმატა მან და ორივე ხელი მომხვია, გულზე მიმიკრა და ჩემს ბაგეს დაეწაფა. - სწორია, ჯეინ!

- დიახ, სწორია, სერ, - ვუპასუხე მე, - თუმცა, სულ ასეც არ არის. იმიტომ, რომ თქვენ ცოლიანი ხართ ან, სულერთია, მალე იქნებით. მაგრამ თქვენ ხომ თქვენი ბედი სრულიად შეუფერებელ არსებას დაუკავშირეთ, რომლის მიმართ არავითარი გრძნობა არ გაგაჩნიათ და ვერც იმას ვირწმუნებ, რომ ნამდვილად გიყვარდეთ. მე ხომ ჩემი თვალით დავინახე და გავიგონე კიდეც, როგორ დასცინოდით მას. მე ზიზღს მომგვრიდა ასეთი ურთიერთობა. ამის გამო თქვენზე ბევრით უკეთესი ვარ! გამიშვით!

- სად, ჯეინ, ირლანდიაში?

- დიახ, ირლანდიაში. მე ჩემი აზრი გითხარით და ახლა ყველგან შემიძლია წასვლა.

- ჯეინ, იყუჩეთ; ნუ მებრძვით, როგორც გარეული, გაგულისებული ფრინველი, რომელიც ასეთი გააფთრების დროს მხოლოდ საკუთარ ბუმბულს კარგავს.

- მე ფრინველი არა ვარ და ვერავითარი გალია ვერ დამიჭერს. მე თავისუფალი ქმნილება ვარ, სრულიად დამოუკიდებელი სურვილისა და უფლებების მქონე, და ეს მაიძულებს, რომ დაგტოვოთ.

ერთხელ კიდევ გავიბრძოლე, გავთავისუფლდი და წელში გამართული მის წინ დავდექი.

- დიახ, სწორედ თქვენი თავისუფლების მოყვარული სული გადაწყვეტს თქვენს ბედს, - მითხრა მან. - მე გთავაზობთ თქვენ ჩემს ხელს, ჩემს გულს და, რაც გამაჩნია, მთელი იმ ქონების ნაწილს.

- თქვენ ხუმრობთ, მე კი, უბრალოდ, დავცინი ასეთ საქციელს.

- გთხოვთ, მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემ გვერდით იყოთ, გახდეთ ჩემი მეუღლე და ამქვეყნად უახლოესი მეგობარი.

- თქვენ ასეთი ბედი უკვე აირჩიეთ და მას უერთგულეთ.

- ჯეინ, ნურაფერს მეტყვით რამდენიმე წუთს, თქვენ ძალიან ღელავთ და მეც გავჩუმდები.

ნიავმა დაფნის ბუჩქების ხეივანს ჩამოუქროლა და წაბლის ხის რტოებს შორის ფოთლები ააშრიალა; მერე სადღაც შორს, ძალიან შორს გადაიკარგა და იქ გაქრა. ღამის მყუდროებაში მხოლოდ ბულბულის გალობაღა ისმოდა. ვუსმენდი მას და ისევ უხმოდ ვტიროდი. როჩესტერი კი ჩუმად იჯდა, დაფიქრებული, ალერსიანად შემომყურებდა. გავიდა რამდენიმე წუთი, სანამ დამელაპარაკებოდა, და ბოლოს მითხრა:

- მომიახლოვდი, ჩემ გვერდით დაჯექი, ჯეინ, და, მოდი, ერთმანეთს ავუხსნათ და გავაგებინოთ ერთმანეთის სურვილი.

- მე აღარასოდეს მოვალ თქვენთან ახლოს. საკმაოდ ვეწამე და დაბრუნება აღარ შემიძლია.

- მაგრამ, ჯეინ, მე გეძახით ახლა, როგორც ჩემს მეუღლეს. ეს მხოლოდ თქვენა ხართ, ვისზედაც ვაპირებდი დაქორწინებას.

ვდუმდი და ვფიქრობდი, რომ ის მე ამით მაღიზიანებდა.

- მოდი, ჯეინ! მოდი აქ!

- თქვენი საცოლე დგას ჩვენ შორის.

ის წამოდგა, ერთი ნაბიჯი გადმოდგა და ჩემთან გაჩნდა. - აი, ჩემი საცოლე, - მითხრა მან და კვლავ გულზე მიმიკრა. - ეს არის ჩემი თანასწორიც და ჩემი რჩეულიც. ჯეინ, გამომყვებით ცოლად?

მე ისევ ვდუმდი და ვცდილობდი, მისი ძლიერი ხელებიდან თავი გამეთავისუფლებინა, რადგან ჯერ კიდევ არ ვენდობოდი.

- არ მენდობით, ჯეინ?

- რა თქმა უნდა.

- ალბათ, არავითარი რწმენა არ გაგაჩნიათ ჩემდამი?

- სრულებითაც არა.

- ნუთუ ასეთი მაცდური ვჩანვარ თქვენს თვალში? - იკითხა აღელვებულმა. - პატარა სკეპტიკოსო, თქვენ მე უნდა მერწმუნოთ. რა სიყვარული მაკავშირებს მის ინგრემთან? არავითარი. ეს თქვენ კარგად იცით. ან მას თუ ვუყვარვარ? რასაკვირველია, არა. ამის დასამტკიცებლად დიდი წვალებაც არ დამჭირვებია. რამდენიმე ხნის წინათ ხმა გავავრცელე, თითქოს ჩემი შემოსავალი სამჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე სინამდვილეში. მინდოდა, ამ ხმას მის ყურამდე მიეღწია; ამის შემდეგ მათი ოჯახი ვინახულე, მინდოდა გამეგო, რა შთაბეჭდილებას მოახდენდა ეს ამბავი მასზე. როგორც შვილი, ისე დედა ძალიან ცივად შემხვდნენ. მე ვერ შევირთავ და არც შემეძლო შემერთო მის ინგრემი. თქვენ კი, არაჩვეულებრივო, თითქმის არაამქვეყნიურო არსებავ, ჩემს თავზე მეტად მიყვარხართ. თქვენ კი, ღატაკო, მდაბიო, თვალტანადობას მოკლებულო და სრულიად უბრალო ქმნილებავ, გევედრებით, ჩემი მეუღლე გახდეთ.

- როგორ, მე! - წამოვიძახე და თითქოს უკვე მჯეროდა მისი გულწრფელობის. განსაკუთრებით, მისი სითამამე მარწმუნებდა მის სიწრფელეში. - მე, რომელსაც ერთი მეგობარიც კი არ გამაჩნია ამქვეყნად, თქვენ გარდა - თუ თქვენ ჩემი მეგობარი ხართ ნამდვილად - და არ მაბადია არც ერთი გროში, გარდა იმ თანხისა, რასაც თქვენ მიხდით?

- დიახ, თქვენ, ჯეინ, თქვენ უნდა გახდეთ ჩემი, მხოლოდ ჩემი. მითხარით, გახდებით ჩემი მეუღლე? თქვით: დიახ, რაც შეიძლება ჩქარა.

- მისტერ როჩესტერ, ნება მომეცით, თვალებში ჩაგხედოთ, სახეზე დაგაკვირდეთ, მოტრიალდით, თუ შეიძლება, მთვარის სინათლისკენ.

- რატომ?

- იმიტომ რომ თქვენი სახის გამომეტყველებამ მამცნოს სიმართლე. მოტრიალდით!

- აი, ინებეთ, ჯეინ, მასზე ახლა გაცილებით ძნელად ამოიკითხავთ რამეს, ვიდრე დაჭმუჭნილ, დაფხაჭნილ ფურცელზე. წაიკითხეთ, მხოლოდ ძალიან ჩქარა, რადგან ეს დიდი წამებაა ჩემთვის.

სახეზე დიდი მღელვარება აღბეჭდოდა; სიწითლის ალმური გადასდიოდა; სახის თითოეული ნაკვთი უთრთოდა და თვალებშიც რაღაც უჩვეულო შუქი უბრწყინავდა.

- ოჰ, ჯეინ, თქვენ მე მაწამებთ! - წამოიძახა მან. - თქვენი გამომცდელი, მაგრამ ესოდენ ერთგულებისა და სულგრძელობის გამომხატველი მზერა მაწამებს.

- როგორ შევძლებ ამას, თუ თქვენ მართალი ხართ და თქვენი წინადადებაც წრფელი გულითაა ნაკარნახევი. მე მხოლოდ მადლობა უნდა გადაგიხადოთ და ერთგულებით გიპასუხოთ. რაც შეეხება ჩემს გრძნობებს, მათ თქვენი წამება არ ძალუძთ.

- მადლობა! - წამოიძახა მან და მღელვარებისგან მთლად აფორიაქებულმა დაუმატა: - ჯეინ, მიიღეთ მალე ჩემი წინადადება და თქვით: ედვარდ, - დამიძახეთ მხოლოდ სახელი, ედვარდ, და მითხარით ასე: - მე ჯვარს დავიწერ თქვენზე!

- ნუთუ გულწრფელად ლაპარაკობთ? ნუთუ მართლა გიყვარვართ და მართლა გსურთ, ცოლად შემირთოთ?

- დიახ, მართლა და, თუ ფიცი აუცილებელია, თქვენს დასარწმუნებლად, ვფიცავ კიდეც.

- მაშინ სერ, თანახმა ვარ, ჯვარი დავიწერო თქვენზე.

- გაიმეორე: ედვარდ! ჩემო პაწაწინა მეუღლევ.

- ძვირფასო ედვარდ.

- მომიახლოვდი, მომიახლოვდი უსიტყვოდ, ახლავე, - წარმოთქვა მან.

სახით ჩემს სახეს მოეკრო და ძალიან დაბალი ხმით დაუმატა, თითქმის ყურში ჩამჩურჩულა: გამაბედნიერე და მეც მხოლოდ შენს ბედნიერებას შევწირავ სიცოცხლეს.

- ღმერთი მაპატიებს! - დაუმატა ცოტა ხნის შემდეგ: - არ მინდა, ვინმე ჩაერიოს ამ საქმეში. ის ჩემია და მე თვითონ ვეცდები, აღარსად გავუშვა.

- ვერავინ ჩაერევა თქვენს საქმეში, სერ, მე ხომ ახლო ნათესავები არ მყავს, რომ ამ საქმეში ჩარევა მოისურვონ.

- ეს უკეთესია! - თქვა მან.

მე რომ ის ცოტა უფრო ნაკლებად მყვარებოდა, მაშინვე შევნიშნავდი, რომ მისი ხმაცა და მხიარული გამომეტყველებაც იმ წუთებში ულმობლობას გამოხატავდა. მაგრამ მის გვერდით მჯდომი, განშორების შიშით შეპყრობილი, ღამის კოშმარიდან გამოფხიზლებული, მომავალი ოჯახური ურთიერთობის სამოთხისებური სიამოვნებით აღვსილი, მხოლოდ იმ ნეტარებაზეღა ვფიქრობდი, რომელიც ასე უხვად მიწყალობა მან და რომელიც ბოლომდე უნდა შემესვა. ის კი ისევ და ისევ მეკითხებოდა: - ბედნიერი ხარ, ჯეინ? - და მეც ისევ და ისევ ვპასუხობდი: - დიახ.

- ეს ყველაფერს გამოისყიდის, ეს ყველაფერს გამოისყიდის, - ჩურჩულებდა თავისთვის. - განა, მე არ ვიპოვე ის უმეგობრო, სულიერ მარტოობაში მყოფი და უნუგეშო? განა, მე არ ვიქნები მისი მფარველი, ყველა მისი სურვილის აღმსრულებელი და ნუგეშის მიმცემი? განა, ჩემი გული სიყვარულით არ არის სავსე და ჩემი გადაწყვეტილება კი - მტკიცე და ურყევი? ეს კი ღმერთის სამსჯავროს წინაშე ყველაფერს გამოისყიდის. ვიცი, ზეციური მამა ეთანხმება ჩემს საქციელს; ამქვეყნიური განაჩენი არაფერია ჩემთვის, ადამიანთა შეხედულებებს კი ვერ დავემორჩილები და უკუვაგდებ.

მაგრამ რა დაემართა ღამეს? მთვარე ჯერ კიდევ არ ჩასულიყო, მაგრამ ჩვენ უკუნეთ სიბნელეში გავეხვიეთ. თუმცა ძალიან ახლოს ვიდექი მასთან, ძლივსღა ვხედავდი ჩემი პატრონის სახეს. რამ შეაშფოთა წაბლის ხე? ის ირხეოდა და კვნესოდა. ქარი დაფნის ბუჩქების ხეივანში დაზუზუნებდა და ჩვენც რამდენიმეჯერ ჩამოგვიქროლა.

- უნდა წავიდეთ, - მითხრა მისტერ როჩესტერმა, - ამინდი იცვლება. შემეძლო შენთან ერთად გათენებამდე ვმჯდარიყავი, ჯეინ.

- მეც, ასევე, - გავიფიქრე ჩემთვის, - შემეძლო თქვენთან ერთად ყოფნა.

მინდოდა მეთქვა, მაგრამ უცებ ცეცხლივით ბრწყინვალე მოლურჯო ნაპერწკალი გამოჩნდა და ღრუბლებში დაიკლაკნა. ამას მოჰყვა ჭექა და ქუხილი, სულ ახლოს ისმოდა საშინელი გრგვინვა და გრუხუნი. მხოლოდ იმასღა ვფიქრობდი, როგორმე დამაბრმავებელი შუქისთვის თვალი ამერიდებინა და მისტერ როჩესტერის მხარს ვეფარებოდი.

წვიმა შხაპუნით წამოვიდა. ის მაჩქარებდა, რაც შეიძლება სწრაფად გადაგვერბინა ბილიკზე და სახლში შევსულიყავით. სანამ კარის ზღურბლს მივაღწევდით, მთლიანად დავსველდით. როდესაც დერეფანში მან მხრებიდან შალი მომხსნა და ჩამოშლილ, დასველებულ თმას მიწურავდა, თავისი საწოლი ოთახის კარში მისის ფეიერფექსი გამოჩნდა. პირველად არც მე და არც მისტერ როჩესტერს ის არც კი შეგვინიშნავს, ლამპა ჯერ ისევ ენთო და საათიც ის იყო თორმეტის დარეკვას აპირებდა.

- წადი და სწრაფად გაიხადე სველი ტანსაცმელი, - მითხრა მან. - სანამ წახვიდოდე, მინდა გამოგემშვიდობო: ღამე მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო!

მან რამდენიმეჯერ მაკოცა და, როდესაც ბოლოს ხელიდან დავუსხლტი, დავინახე ქვრივი, გაფითრებული, შეწუხებული და განცვიფრებული შემოგვცქეროდა. მე მხოლოდ გავუღიმე მას და კიბეზე ავირბინე.

- ყველაფერს შემდეგ აგიხსნით, - გავიფიქრე ჩემთვის, მაგრამ საძინებელ ოთახს მივაღწიე თუ არა, საშინელი გულისტკივილი ვიგრძენი. მოხუც ქალს იმ წუთებში შეიძლება, ძალიან ცუდად გაეგო ის ყოველივე, რისი მოწმეც გახდა. სიხარულმა კი ყველა სხვა გრძნობა მალე დაფარა და თითქმის ორი საათის განმავლობაში, როდესაც ქარი ხმამაღლა ზუზუნებდა, ჭექა-ქუხილის ხმა სულ ახლოს ისმოდა, შემაძრწუნებელი და გამუდმებული ელვის შუქი ანათებდა ცას და ამ ქარიშხალში წვიმაც კოკისპირულად ასხამდა, არც შიშსა და არც ძრწოლას აღარ განვიცდიდი. მისტერ როჩესტერი მთელი ამ ხნის განმავლობაში სამჯერ მოვიდა კართან, რომ ეკითხა, თავს როგორ ვგრძნობდი და დავმშვიდდი თუ არა. აი, ეს იყო სწორედ ჩემი ნუგეში და ძალის მომცემი ყველაფერში.

დილით, ჯერ კიდევ სანამ ლოგინიდან წამოვდგებოდი, პატარა ადელი სირბილით შემოიჭრა და მამცნო, რომ ბაღის ბოლოში, ღამით, წაბლის ხეს დიდი მეხი დასცემოდა და შუაზე გაეპო.

თავი ოცდამეოთხე

ვდგებოდი, ვიცვამდი და იმაზე ვფიქრობდი, რაც წინა ღამით მოხდა. ნუთუ სიზმარია ყოველივე? ვეკითხებოდი ჩემს თავს. განა, შემეძლო დამეჯერებინა სინამდვილე, სანამ მისტერ როჩესტერს არ ვნახავდი და განმეორებით არ მოვისმენდი მისგან იმავე დაპირებასა და სიყვარულის დამადასტურებელ სიტყვებს?

თმას ვივარცხნიდი და თან სარკეში საკუთარ თავს ვათვალიერებდი. შევნიშნე, სახის ჩვეულებრივი გამომეტყველება სადღაც გამქრალიყო, ახლა მასში იმედის შუქი ბრწყინავდა, ხოლო ფერი კი სიცოცხლისადმი დაუსრულებელ სწრაფვაზე მეტყველებდა. თვალებს იმედის დაუშრეტელი წყაროსთვის მიეგნოთ და ისე კიაფობდნენ, თითქოს მოციმციმე სხივებსა და მოკამკამე წვეთებს დასესხებიანო. ხშირად ჩემს პატრონს თავს ვარიდებდი, არ მინდოდა პირდაპირ შემეხედა მისთვის. ვშიშობდი, ჩემი გარეგნობა სასიამოვნო შთაბეჭდილებას ვერ მოახდენდა მასზე. ახლა კი დავრწმუნდი, თამამად შემეძლო ამეწია თავი მის წინაშე, რადგან ასეთი გამომეტყველება ვეღარ გააცივებდა მის სიყვარულს. უჯრიდან ყველაზე სადა, ღია ფერის სუფთა საზაფხულო კაბა ამოვიღე და ჩავიცვი. ასე მეგონა, თითქოს არც ერთი კაბა ასე არასოდეს მომიხდებოდა, ალბათ, იმიტომ, რომ არც ერთი არ მცმია ესოდენ ბედნიერს.

არ განვცვიფრებულვარ, როდესაც დაბლა, დერეფანში ჩავირბინე და დავინახე, რომ ივნისის მშვენიერ დილას წინაღამინდელი ქარიშხალი დაეძლია. მინის ღია კარიდან შემოჭრილი საამური, დილის მაცოცხლებელი ნიავის სუნთქვა ვიგრძენი. ბუნებასაც უნდა ემხიარულა, რადგან ასეთი ბედნიერი ვიყავი. ბილიკზე სახლისკენ მომავალი მათხოვარი ქალი და ბიჭუნა შევნიშნე: ორივეს დაფლეთილი სამოსი ეცვა. დაბლა ჩავირბინე და, რაც კი ქისაში ფული მქონდა, სამი თუ ოთხი შილინგი, მათ ვუწყალობე. მსურდა, ავსა თუ კარგს, ყველას მონაწილეობა მიეღო ჩემს სიხარულში. ირგვლივ ჭილყვავთა ჩხავილი და ფრინველთა საამო გალობა გაისმოდა, მაგრამ არაფერი მეჩვენებოდა ისე მელოდიური და მხიარული, როგორც საკუთარი გულის ტკბილხმოვანი ძგერა.

მისის ფეიერფექსის საქციელმა, ცოტა არ იყოს, განმაცვიფრა. მოწყენილმა სარკმლიდან გადმოიხედა და დინჯად მკითხა: - მის ეარ, ამოხვალთ საუზმეზე? მთელი იმ დროის განმავლობაში, სანამ საუზმე დამთავრდებოდა, მშვიდად იჯდა, მაგრამ ცივი გამომეტყველება არ მოშორებია სახეზე. არ შემეძლო, ის, რაც მან შეცდომით სრულიად სხვაგვარად გაიგო, განმემარტა მისთვის. საჭირო იყო, დამეცადა მისტერ როჩესტერისთვის, რომ თავად განემარტა მოხუცი ქალისათვის, მანამდე კი მასაც უნდა მოეთმინა. რამდენიმე ლუკმა ძალით შევჭამე და სწრაფი ნაბიჯით ზედა სართულისკენ გავეშურე. საკლასო ოთახიდან პატარა ადელი გამოვიდა და წინ შემეფეთა.

- სად მიდიხარ? უკვე მეცადინეობის დროა.

- მისტერ როჩესტერმა საბავშვო ოთახში გამგზავნა.

- თვითონ სად არის?

- იქ, შიგნით, - და იმ ოთახზე მანიშნა, საიდანაც გამოვიდა. ოთახში შევედი და დავინახე, რომ ის მართლაც იქ იდგა.

- მომიახლოვდი და დილა მშვიდობისა მითხარი, - მითხრა მან.

მეც სიხარულით გავემართე მისკენ. ეს, უბრალოდ, ცივად წარმოთქმული სიტყვა კი აღარ იყო ან მარტო ხელის ჩამორთმევა, რითაც ის შემომეგება, არამედ მომეხვია და მაკოცა. სრულიად ბუნებრივად მივიჩნიე, რომ ასე ძალიან ვყვარებოდი და ალერსიანად მომქცეოდა. ეს კი მისი მხრივ მეტისმეტი ლმობიერება იყო.

- ჯეინ, შენ ძალიან მხიარული, მოღიმარი და ლამაზი ხარ დღეს, - მითხრა მან. - ძალიან ლამაზი მეჩვენები ამ დილით. ნუთუ ეს ჩემი ფერმკრთალი პატარა ჯადოქარია? ეს ის ჩემი მდოგვის თესლია? ეს პაწაწინა, პირმოცინარი, ღაწვებშეფაკლული, ვარდის ფურცელივით რომ შეჰფერია ბაგენი. აბრეშუმივით რბილ წაბლისფერთმიანი, მოკიაფე თაფლისფერთვალა (მე მწვანე თვალები მქონდა, მკითხველო, მაგრამ უნდა აპატიო ასეთი შეცდომა. მისთვის, როგორც ვფიქრობ, მათ ახალი ფერი მიიღეს)?

- დიახ, ეს ჯეინ ეარი გახლავთ, სერ.

- მალე ჯეინ როჩესტერი, - დაუმატა მან. - ერთ თვეში, ჯენიტ, ერთი დღის გადაცილებაც კი არ შეიძლება, გესმის, ჯეინ?

მესმოდა და არ შემეძლო, ყველაფერი ნათლად გამეგო. ამ ამბავმა თავბრუ დამახვია. ამ გრძნობამ და მისმა ასეთმა სიტყვებმა ჟრუანტელივით დამიარა და სიხარულზე ბევრად ძლიერი რაღაც სხვა გრძნობა გამოიწვია, თითქოს გული გაიგმირა და თავზარი დამეცა. ვფიქრობ, ეს ნამდვილად შიში იყო.

- რატომ გაფითრდი, ჯეინ, როგორ ავარდისფრებული გქონდა სახე, რა დაგემართა?

- ალბათ, იმიტომ, რომ ახლა გვარით მომიხსენიეთ, სერ. ჯეინ როჩესტერი - ეს ძალიან უცნაურად ჟღერს.

- დიახ, მისის როჩესტერი, - წარმოთქვა მან, - ახალგაზრდა მისის როჩესტერი, ფეიერფექს როჩესტერის პატარა საცოლე.

- ეს შეუძლებელია, სერ. დამაჯერებლად არ ჟღერს: ადამიანთა მოდგმას ამქვეყნად სრულყოფილი ბედნიერება ჯერ კიდევ არასოდეს ხვდომია წილად. არც მე დავბადებულვარ ისეთ ვარსკვლავზე, რომ ამ ქმნილებათაგან განსხვავებული ბედი დამყოლოდა. როდესაც ვფიქრობ, თუ რა ბედი მხვდა წილად, ის ზღაპარი ან უძილო ადამიანის სიზმარი მგონია.

- რომელიც მე შემიძლია სინამდვილედ ვაქციო და ვაქცევ კიდეც. დღესვე დავიწყებ. ამ დილით ლონდონში უკვე მივწერე ჩემს ბანკირს, გამოეგზავნა ზოგიერთი ძვირფასი ნივთი, რომელიც მასთან ინახება. ეს ნივთები თორნფილდის ქალთა საგვარეულო საგანძურია. ერთ-ორ დღეში, იმედი მაქვს, მათ კალთაში ჩაგილაგებ. მინდა, ყველა იმ უპირატესობითა და ყურადღებით სარგებლობდე, რასაც ლორდის ქალიშვილს მივანიჭებდი, თუ მის ცოლად შერთვას გადავწყვეტდი.

- ოჰ, სერ! სრულებით არ არის საჭირო ძვირფასი ნივთები! გაგონებაც კი არა მსურს მათ შესახებ. ძვირფასი ნივთები და ჯეინ ეარი ერთად? ძალიან უცნაური და არაბუნებრივია. უმჯობესია, თუ არ მექნება.

- ჩემი ხელით შეგაბამ ყელზე ალმასებით მოოჭვილ ყელსაბამს. შუბლს დიადემით დაგიმშვენებ. ვიცი, ძალიან მოგიხდება. ბუნებას კეთილშობილი ბეჭედი დაუმჩნევია შენს შუბლზე, ჯეინ. ამ მშვენიერ მაჯებზე სამაჯურებს გაგიკეთებ, ხოლო მაგ ფერიისმაგვარ თითებზე - ნაირ-ნაირ ბეჭდებს.

- არა, სერ, არა. სხვა რამეზე იფიქრეთ და, ჯობია, სალაპარაკო თემაც გამოვცვალოთ. ნუ მეპყრობით ისე, როგორც ლამაზ ქალს. მე ჩვეულებრივი აღმზრდელი ვარ მხოლოდ, კვაკერი ქალების მსგავსი.

- ჩემს თვალში შენ ძალიან ლამაზი ხარ, ჯეინ, და ისეთი ლამაზი, როგორსაც ჩემი გული ნატრობდა - სათუთი და ჰაეროვანი.

- სუსტი და არარაობა, ალბათ, ამას გულისხმობთ. თქვენ ოცნებობთ, სერ, ან დამცინით. ღვთის გულისათვის, თავი დაანებეთ ირონიას!

- მე ვაიძულებ მთელ ქვეყანას, ცნოს შენი სილამაზე, - განაგრძობდა ის, როდესაც მე უდიდეს უხერხულობას განვიცდიდი მისი დაძაბული მეტყველებისგან, რადგან ვგრძნობდი, ან თავს იტყუებდა, ან ცდილობდა მე შევეყვანე შეცდომაში.

- მე გამოვაწყობ ჩემს ჯეინს სტავრასა და მაქმანში, ვარდებს ჩავაწნავ თმაში, თავზე კი, რომელიც ასე ძალიან მიყვარს, უძვირფასეს თავსაბურავს დავახურავ.

- მაშინ ვეღარც კი მიცნობთ, სერ, მე უკვე თქვენი ჯეინ ეარი კი აღარ ვიქნები, არამედ გადავიქცევი მაიმუნად - ხუმარას სამოსში, ყვავად - ფარშავანგის ბუმბულში. ჩემთვის ისევე ძნელია წარმოვიდგინო საკუთარი თავი სასახლის სეფექალის ტანსაცმელში, როგორც თქვენ, მისტერ როჩესტერ, ბრწყინვალე თეატრალურ სამოსში. მე, მაგალითად, თქვენ არ გთვლით ლამაზ მამაკაცად, სერ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარხართ. იმდენად ძლიერ მიყვარხართ, რომ მაცდურობა არ ძალმიძს თქვენ წინაშე და გთხოვთ, ნურც თქვენ შეეცდებით ამას.

ის თავის მიერ არჩეულ თემაზე საუბარს განაგრძობდა და ყურადღებაც არ მიუქცევია ჩემი სიტყვებისთვის: - ეტლით დღესვე წაგიყვან მილკოტში. იქ რამდენიმე კაბას ამოირჩევ შენთვის და, როგორც უკვე გითხარი, ერთ თვეში ვიქორწინებთ. ჯვარს, აი, იქ, კარის ეკლესიაში დავიწერთ, ყველას მოშორებული, მშვიდად, და მაშინვე ლონდონს მივაშურებთ. იქ ძალიან ცოტა ხანს დავრჩებით და მერე ჩემს უძვირფასეს მეუღლეს წავიყვან სამხრეთის ქვეყნებში სამოგზაუროდ, სადაც ასე ბრწყინვალედ ანათებს მზე. მინდა, ნახოს ფრანგული ვაზი და იტალიის თვალუწვდენელი ტრამალები, ყოველივე ის, რაც ესოდენ თვალწარმტაცად არის აღწერილი ძველ წიგნებში და საქვეყნოდ ცნობილია დღესაც. ის უნდა ეზიაროს დიდი ქალაქების ცხოვრებას და ისწავლოს საკუთარი თავის ფასი სხვებთან შედარებით.

- ვიმოგზაურებ? და ისიც თქვენთან ერთად, სერ?

- რამდენიმე ხანს ყველგან დავრჩებით: პარიზში, რომში, ნეაპოლში. მინდა, იცნობდე ფლორენციას, ვენეციას და ვენას. ყველა ის ადგილი, სადაც ოდესღაც დავეხეტებოდი, მინდა, შენც შემოგატარო. მინდა, შენი სილფიდის ფეხი დაადგა იმ მიწას, სადაც ოდესმე გამივლია. თითქმის ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მე, თითქოს ნახევრად გონებაშეშლილმა, თავბრუდამხვევი სისწრაფით შემოვიარე ევროპის ქვეყნები. მაშინ თან მდევდა ზიზღი, სიძულვილი და გულარძნილობა. ახლა კი, სულიერად მთლად განწმენდილი და განკურნებული, განმეორებით შემოვივლი იმავე ქვეყნებს, ჩემი სულიერი სიმშვიდის შთამაგონებელ ანგელოზთან ერთად.

გავიცინე, როდესაც მან წინადადება დაამთავრა. - ანგელოზი არა ვარ, - ვუმტკიცებდი, - და არც არასოდეს ვიქნები სიკვდილამდე. მე მხოლოდ ის ვიქნები, რაც ვარ, მისტერ როჩესტერ. თქვენ არ უნდა მოელოდეთ და არც უნდა მომთხოვოთ, ზეციერ ქმნილებას ვგავდე. მე ეს ისევე არ მომიხდება, როგორც თქვენ, რა თქმა უნდა, მე მას თქვენგან სრულებითაც არ მოველი.

- აბა, რას მოელი ჩემგან?

- რამდენიმე ხნის შემდეგაც შეიძლება ისეთივე იყოთ, როგორიც ხართ ახლა, მაგრამ ეს დიდხანს არ გასტანს. შემდეგ გული გაგიცივდებათ და ჟინიანობას დაიწყებთ. მერე კი გამკაცრდებით კიდეც და ძალიან დიდი ზრუნვა დამჭირდება, რომ როგორმე გასიამოვნოთ. მაგრამ, როდესაც კარგად შემეჩვევით, ალბათ, ისევ მოგეწონებით. დიახ, მოგეწონებით... ამას იმიტომ ვამბობ, რომ არ გეყვარებით უკვე. ასეთი მგზნებარე სიყვარული მხოლოდ ექვს თვეს ან უფრო ცოტა ხანს გაგყვებათ. მამაკაცთა მიერ დაწერილ წიგნებში წამიკითხავს, რომ ესეც საკმაოდ დიდი დროა ქმრების თავგამოდებული და აგზნებული სიყვარულისთვის. მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, იმასაც ვიმედოვნებ, როგორც თანამგზავრი და მეგობარი, არასოდეს მოსაბეზრებელი და საძულველი არ გავხდები ჩემი ძვირფასი პატრონისთვის.

- საძულველი? და მერე ისევ მომეწონები? რა თქმა უნდა, რაც დრო გავა, მე უფრო და უფრო მომეწონები და გაიძულებ კიდეც ირწმუნო, რომ არა მარტო მომწონხარ, არამედ მიყვარხარ, ნამდვილი, წრფელი სიყვარულითა და გატაცებით.

- ნუთუ ჭირვეული არა ხართ, სერ?

- იმ ქალთა მიმართ, რომლებიც მხოლოდ სახით მომწონს, თითქმის სატანად გადავიქცევი ხოლმე. თუ შევამჩნიე, რომ მათ არც სული გააჩნიათ და არც გული, მაშინ მათში მხოლოდ მოსაწყენ საგნებს, ერთფეროვნებას, ქარაფშუტობას, უზრდელობასა და ყველა ცუდ თვისებას ვამჩნევ, მაგრამ სიკეთით აღსავსე ნათელი თვალისა და მჭევრმეტყველი ენისთვის, მგზნებარე სულისა და დამყოლი ხასიათისთვის, რომელიც, ამავე დროს, მტკიცეა და ძლიერი, თუმცა, ერთი შეხედვით, მორჩილია და თვინიერი, და, ამასთანავე, ადვილად აგყვებათ აზროვნებაში, მე მუდამ მგრძნობიარე და ერთგული ვიქნები!

- შეგხვედრიათ ან გყვარებიათ ასეთი ადამიანი, სერ?

- მე ის ახლა მიყვარს.

- მაგრამ ჩემამადე? ნუთუ, მართლა რამეთი ვგავარ იმ რჩეულ ქმნილებას.

- არასოდეს შევხვედრივარ შენს მსგავს ადამიანს, ჯეინ. შენ მე უდიდეს სიამოვნებას მანიჭებ და თითქმის ბატონობ ჩემზე. ისე მეჩვენება, თითქოს ჩემს ძლიერ სულს იმორჩილებ. შენ ამ დამყოლი ხასიათით განუსაზღვრელად მხიბლავ და, როდესაც ამ ნაზ აბრეშუმის ძაფს ხელზე ვიხვევ, რაღაც გრძნობა ათრთოლებს ჩემს თითებს და ხელიდან გულს გადაეცემა. მე შენი გავლენის ქვეშ მოვექეცი და დაგმორჩილდი, მაგრამ გავლენა იმდენად ტკბილია, რომ არ ძალმიძს სიტყვებით გადმოგცე ჩემი განცდები; ხოლო იმ ძალაში, რომლითაც დაიმორჩილე ჩემი სული, რაღაც მომაჯადოებელი სიხარულია, რომელიც ყველა ჩემს გამარჯვებაზე ძლიერია. რატომ იღიმები, ჯეინ? რას ნიშნავს შენი სახის გაურკვეველი და იდუმალი გამომეტყველება?

- ვფიქრობ, სერ (მაპატიეთ, რომ ასეთი აზრი დამებადა, ეს ჩემდა უნებურად მოხდა), დიახ, მე ვფიქრობდი ჰერკულესზე, სამსონზე და მათ მომაჯადოებელ არსებათა შესახებ.

- რასაკვირველია, ასეთ რამეზე იფიქრებდით, პატარა ჯადოქარო.

- იყუჩეთ, სერ! თქვენ ახლა არც ისე ბრძნულად მსჯელობთ და არც იმაზე უკეთესად იქცევით, ვიდრე ეს ჯენტლმენები მოიქცნენ. მაგრამ დაქორწინებისთანავე, უეჭველია, როგორც მეუღლე მამაკაცთა წესია, ისინიც მთელი სიმკაცრით აინაზღაურებდნენ იმ ლმობიერებასა და სითბოს, რაც ქორწინებამდე გააჩნდათ. ვშიშობ, სწორედ ასეთი იქნებით თქვენც. ნეტა, როგორ მიპასუხებდით ერთი წლის მერე, რაიმე წყალობა რომ მეთხოვა, თუ ის თქვენთვის სასარგებლო ან სასიამოვნო არ იქნებოდა.

- ახლა მთხოვე რაიმე, ჯენიტ. მსურს, თუნდაც სულ მცირე რამე მართლა მთხოვო.

- მართლაც, მინდოდა მეთხოვა, სერ.

- აბა, მითხარი! თუ შენ ასე დამიწყებ ყურებას და სახის ამგვარი გამომეტყველებით გამიღიმებ, ვფიცავ, ყველაფერზე, ალბათ, წინასწარვე დაგეთანხმები და ამით კი გამომასულელებ.

- სრულებითაც არა, სერ, მხოლოდ ის უნდა გთხოვოთ, ნურავის გაგზავნით ძვირფასი ნივთების ჩამოსატანად. ნურც ვარდებით შემიმკობთ თავს. ეს იმას ჰგავს, ოქრომკედის მაქმანი შემოავლოთ ჯიბის უბრალო ცხვირსახოცს, რომელიც ხელში გიჭირავთ.

- მე ხომ შემეძლო "ხალასი ოქროს მოვარაყება~. ეს მე ვიცი. თხოვნას ამჯერად შეგისრულებ. წინასწარ გავუგზავნი ბრძანებას ბანკირს, მაგრამ შენ ხომ ჩემთვის ჯერ კიდევ არაფერი გითხოვია. მხოლოდ ის გსურდა, საჩუქარზე უარი შემეთვალა. აბა, სცადე ახლა და მთხოვე რამე.

გაგრძელება შემდეგ ნომერში