ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიV) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიV)

ბებიას შეკითხვაზე ყურები ამეწვა.

- ბები, გაიყინები, წავიდეთ შინ. - მკლავში ხელი გავუყარე, რომ უსიამოვნო სიტუაცია თავიდან ამერიდებინა...

- არა! შაბათსაც ასე მეუბნებოდი, მაგრამ არ გავცივებულვარ.

- შაბათს ანიკა თქვენთან იყო, ქალბატონო? - შეეკითხა მირზა.

ბრაზისგან გავლურჯდი. როგორ უნდა, რომ ყველაფერი გაიგოს! რა მისი საქმეა, ვისთან ერთად ვიყავი შაბათს?

ბებია არ ცხრებოდა. აშკარად კითხვა-პასუხის რეჟიმი ჰქონდა ჩართული, ამ გუნებაზე იყო.

- იმედია, დროს გამონახავთ, ჩემო ბატონო! - მბრძანებლური ტონით მიუტრიალდა მირზაშვილს, - ძალიან მომშივდა, ჩემს ასაკში კი შიმშილი მავნებელია ჯანმრთელობისთვის, - და პასუხსაც არ დალოდებია, დაასკვნა:

- ანიკა, წავიდეთ შინ.

- წავიდეთ, ბებო.

- მე წაგიყვანთ, ქალბატონო.

- რა თქმა უნდა! და სადილზეც დამეწვევით! - მედიდურად მიუგო ნინუცამ.

- აი, ის ჩემი მანქანაა, - დაანახვა შეფმა მოხუცს თავისი ჯიპი, - სად ცხოვრობთ?

- წილკანში.

გადახარხარებას ცოტა მაკლდა. როგორია წილკანში `გასეირნება~, როცა ჩემს საყვარელ უფროსს წუთობით აქვს გამოზომილი დრო?

მირზამ ხელკავი გამოსდო ქალს და მანქანისკენ წაიყვანა. კარი გამოაღო და სალონის წინა სავარძელზე დააბრძანა.

- მირზა, მოტოციკლი თუ გყავთ? - გაისმა შემდეგი შეკითხვა, თან მხიარულად, როგორც კი მანქანა დაიძრა.

არაო, მამაკაცმა, მაგრამ ამის შემდეგ ისეთი ცხოველი საუბარი გაიბა, ერთი სიტყვის ჩაგდებაც ვერ მოვახერხე.

როგორც იქა, შევედით წილკანში. ჩვენი სახლიც გამოჩნდა. მირზაშვილი მანქანიდან გადმოვიდა და ბებია გალანტურად გადმოიყვანა სალონიდან. როცა ჭიშკრამდე მიაცილა, დაემშვიდობა, მაგრამ ნინუცამ დაჟინებით სთხოვა, სადილი თუ არ გინდათ, ჩაიზე მაინც დამეწვიეთო.

მირზამ ბოდიში მოუხადა, სამსახურის საქმეებზე მეჩქარებაო, მე კი თვალით მანიშნა, ქუჩაში დაგელოდებიო და მანქანაში ჩაჯდა.

როცა ეზოში შევედით, ბებია უეცრად მომიბრუნდა და მომახალა:

- ანიკა, ის შენი დათო სულ არ შეგეფერება.

მისმა გამოხდომამ გამაოგნა. რა იყო ეს? რატომ გაახსენდა ბათო? ან რატომ აიმრიზა ასე მოულოდნელად მასზე, განზრახ თქვა თუ უბრალოდ, წამოროშა?

- მის ცოლობას აპირებ? - ახლა მივხვდი, რომ განზრახ თქვა წეღან ბათოზე.

- თუ დავაპირებ, არ გამოგაპარებ, ბებო. - საცოდავად გავუღიმე, მტკივნეულ ადგილას რომ შემეხო.

- კარგი, ბებო გენაცვალოს. წადი ახლა, მეფესავით კაცი გელოდება. შაბათს ჩამოდი, ხომ? მე არაფერი მიჭირს, ვიქნები ჩემთვის.

- შემოვალ, გახდაში მოგეხმარები.

- არა, რად მინდა, დავრდომილი კი არ ვარ. თუ რამე დამჭირდა, ვენერას გავძახებ ეგერ. - ეს თქვა და მოულოდნელად ისევ ჭიშკრისკენ გაცუხცუხდა, თავი კარში გაყო და მირზაშვილს გასძახა, - დიდი მადლობა, რომ გაისარჯეთ, ბატონო ჩემო. - და მაღალი წრის ქალბატონივით დაუკრა თავი.

ამასობაში ვენერამაც მოირბინა - ალბათ ფანჯრიდან დაგვინახა.

- სად იყავით, ქალბატონო ნინა? ფეხები დამაწყდა თქვენს ძებნაში! - უსაყვედურა.

- მერედა, ვინ გთხოვა, ჩემო ვენერა? ტყუილად გარჯილხარ, ქალო, ტყუილად! მე ჩემს შვილიშვილთან და მის საქმროსთან ერთად ვიყავი.

ამის გაგონებაზე ენა ჩამივარდა. ტირილი მომინდა. ცრემლები რომ არ მომდგომოდა თვალზე, ნინუცა ვენერას შევატოვე ხელში, მოვტრიალდი და მანქანისკენ წავედი. მირზამ კარი გამიღო.

- მაპატიეთ, უხერხულად გამოვიდა, - ძლივს ამოვთქვი სუნთქვაშეგუბებულმა, - როგორი უიღბლო დღეა... ბებია ხანდახან ურევს...

- ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ. - შემაწყვეტინა მამაკაცმა.

შვებით ამოვისუნთქე, თანდათან დავმშვიდდი. გზაში არ გვილაპარაკია, ჩვენ-ჩვენს ფიქრებში ვიყავით ჩაფლული.

რა ხანია, თბილისში შემოვედით და შევამჩნიე, რომ მირზაშვილმა ჩემი სახლისკენ აიღო გეზი. რაც უფრო მოკლდებოდა მანძილი სახლამდე, მით მეტად ვრწმუნდებოდი, რომ სამსახური საბოლოოდ დავკარგე. კი, ასეა - გათავებულია საქმე!

მირზაშვილმა მანქანა დაამუხრუჭა. ახლა ალბათ ბოდიში უნდა მოვუხადო და გამოვემშვიდობო, მაგრამ ენა რომ არ მემორჩილება?

უსიტყვოდ გადმოვედი ჯიპიდან და ჩანთაში გასაღების ძებნით სადარბაზოსკენ გავემართე. როგორც იქნა, ვიპოვე და უეცრად შევკრთი, რადგან მირზას გამოწვდილი ხელი შევნიშნე.

დაბნეულმა გავუწოდე აცმა. სანამ კაცი კარს აღებდა, ვცდილობდი, გონს მოვსულიყავი. მირზამ კარი კი გააღო, მაგრამ გასაღები არ დაუბრუნებია, მერე განზე გადგა და წინ გამატარა, თითქოს თვითონ ყოფილიყო ამ ბინაში მასპინძელი.

ფეხი არ მომიცვლია. არც ის აპირებდა დათმობას, ერთი ნაბიჯითაც არ დაიხია უკან.

გასაგებია. ფინჯან ყავაზე მამცნობს ალბათ, რომ გათავისუფლებული ვარ. როგორი დახვეწილი მანერები აქვს. ნეტავ ასეთივე თავაზიანია, როცა სხვის ცოლებს ეკურკურება? თუმცა ახლა სცენების გამართვის დრო არ იყო, ატირებას ცოტა მაკლდა.

- მობრძანდით. - შემიპატიჟა და როცა შევედი, თვითონაც შემომყვა.

მირზაშვილმა კარი მიხურა, მე კი ამასობაში იმაზე ვფიქრობდი, რა მეშველებოდა ხვალ-ზეგ, უმუშევარი რომ დავრჩებოდი. არა, ხვეწნა-მუდარას არ ვაპირებ, არავითარ შემთხვევაში არ დავიმცირებ თავს. მართალია, ფული საკმარისზე ცოტა მაქვს, მაგრამ რას ვიზამ. შეიძლება ამ ყველაფრის მერე რიგიანი რეკომენდაციაც არ მომცეს და საერთოდაც გამიჭირდეს სამსახურის შოვნა.

- დაბრძანდით. - ხელით ვანიშნე სავარძელზე. ასეთ სიტუაციებში თავაზიანობის გამოჩენა საჭიროა.

მწვანე, გამჭოლი თვალები ყურადღებით მაკვირდებოდნენ.

- თქვენც დაბრძანდით, ანიკა!

როგორც ჩანს, ყავა აღარ ახსოვს ძვირფას შეფს და ძვირფას დროს არ კარგავს. ახლავე მომახლის სათქმელს და წავა.

დაჯდა თუ არა, დაკითხვა დაიწყო:

- გამოდის, ჩვენი გასაუბრება სულ ტყუილზე იყო აგებული?

მიზანში გაარტყა! სხვას არ ველოდი მისგან.

- არც ერთი ჩემი რეკომენდაცია ყალბი არ ყოფილა. - მეტი დამაჯერებლობისთვის თამამად შევხედე თვალებში.

- თქვენ მიზეზად მოიყვანეთ შემდეგი რამ: კომპანია, სადაც ვმუშაობდი, დაიხურა და იძულებული ვიყავი, ახალი სამსახური მეშოვაო.

აზრი არ ჰქონდა არაფრის დამალვას. ბოლოს და ბოლოს, ვალდებულიც კი ვიყავი, მეპასუხა - ბებია მომაძებნინა კაცმა.

- ვფიქრობ, არა მარტო იმ კომპანიიდან, არამედ დანარჩენებიდანაც, თუკი სადმე გიმუშავიათ, საქმე თქვენი გათავისუფლებით მთავრდებოდა.

- რატომ გგონიათ ასე? ვინ გითხრათ, რომ საიდანმე გამათავისუფლეს?

- ჩემი თვალით ვნახე. თქვენ თუ გამუდმებით ასე დაეძებდით ბებიას, რომელი უფროსი აგიტანდათ?

ფარ-ხმალი დავყარე, უარყოფას აზრი არ ჰქონდა.

- ყოველთვის არა, - ვაღიარე, - ზოგჯერ ჩემი ნებით მოვდიოდი.

- იმიტომ, რომ იცოდით, მაინც გაგათავისუფლებდნენ და დასწრებაზე იყავით, არა?

`აჯობებს, საკუთარ თავს მიხედო, დონჟუანო!~ - ჭარხალივით გავწითლდი.

- ასე არ არის? უმეტესად ხშირი გაცდენებისთვის ან დაგვიანებებისთვის, ან კიდევ უდროო დროს სამუშაოს მიტოვებისთვის გითხოვდნენ.

- ჰო. - ჩავილაპარაკე გაგულისებულმა და ვიგრძენი, როგორ განმიახლდა თავის ტკივილი.

- ბოლოს სადაც მუშაობდით, გავიგე, რომ უფროსი გაგილანძღავთ, უხეშობა გამოგიჩენიათ, რაც არ გამკვირვებია. მეც არაერთხელ გავმხდარვარ თქვენი უხეშობის მსხვერპლი.

- ვისზე ამბობთ, სამუშიაზე? სამუშია პირუტყვია! ხელების უშნოდ ფათური დამიწყო და სილა გავაწანი. მეტის ღირსი იყო, რამე უნდა ჩამერტყა იმ მელოტ თავში! - ვიყვირე გამწარებულმა.

მომეჩვენა, რომ მირზაშვილი თანაგრძნობით მიმზერდა, ოღონდ წამით.

სიჩუმე ჩამოვარდა. მირზა თვალებით მზვერავდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. ბოლოს სიჩუმე გაუსაძლისი გახდა.

- ვწუხვარ, რომ ამდენი თავსატეხი გაგიჩინეთ... ტყუილი არ მიყვარს, მაგრამ იძულებული ვიყავი. ძალიან მჭირდებოდა სამსახური. რაც შეეხება თქვენთან უხეშად მოქცევას...

- ნათესავებიდან ბებიას გარდა არავინ გყავთ?

- მყავს, მაგრამ შორეული ნათესავები, დიდი მისვლა-მოსვლა და ახლო ურთიერთობა არ გვაქვს.

- ბებიას მიზეზით დაიგვიანეთ პარასკევს სამსახურში, არა? ბინა დიდი ხანია, გამოიცვალეთ?

- დიახ... არც ისე! - პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე.

- და იმიტომ გაყიდეთ, რომ თავი გერჩინათ.

- რა საჭიროა ასეთი შეკითხვები? ძალიან ცნობისმოყვარე ხართ! - დავტუქსე შეფი.

წარბიც არ შეუხრია, ისე გააგრძელა:

- დათო ვინ არის?

- დათო?

- კაცი, რომელიც თურმე სულაც არ შეგეფერებათ. მართლა ცოლად მიჰყვებით?

- ა, დათო არა, ბათო ჰქვია, ჩემი კურსელია, ვმეგობრობთ. ბებიამ იცის სახელების გადაკეთება. დღეს უნდა შევხვდე ბათოს, სხვათა შორის. - არ ვიცი, რაში დამჭირდა ამის თქმა, მაგრამ რომ ვთქვი, ხომ ერთი შეცდომა დავუშვი და ნიშნის მოგებით რომ `მივახარე~, ამით კიდევ - მეორე.

- რამდენ ხანში უნდა შეხვდეთ? - მირზამ მაჯის საათზე დაიხედა.

- მალე. - არ დავაკონკრეტე.

- მაშინ აჯობებს, დაურეკოთ და შეხვედრა გადადოთ.

ეს უკვე აშკარად მეტისმეტი მოუვიდა. ამას ვინ ეკითხება, მე ვის შევხვდები? ახლა მაინც დათხოვნილი ვარ, სულაც არ ვაპირებ ექსშეფის ბრძანებების შესრულებას.

- რატომ გგონიათ, რომ გადავდებ? - მედიდურად ვკითხე და თვალებში ჯიქურ მივაჩერდი.

გამაჟრჟოლა, ისე ცივად მიყურებდა თავისი მწვანე თვალებით.

- კი არ მგონია, ზუსტად ვიცი, რომ გადადებთ... იმიტომ, რომ ბევრი სამუშაო გვაქვს.

ამის გაგონებაზე გული ლამის ამომივარდა ბუდიდან. ძალიან კი ვცდილობდი სიხარულის დამალვას, მაგრამ თავშეკავებამ მაინც მიღალატა.

- ვერ გავიგე, მე... მე... ამით რისი თქმა გსურთ? - სიტყვებს ძლივს მოვუყარე თავი, მინდოდა მეკითხა, გათავისუფლებული არ ვარ-მეთქი? მაგრამ ენა ვერ მოვატრიალე.

იმწამსვე ის მომნუსხველი ღიმილი შემომაგება, რომელიც ყველაფერს მავიწყებდა.

- როგორც კი სამუშაოს მორჩებით, მე თვითონ წამოგიყვანთ, შუაღამისას ფეხით ხომ არ გატარებთ... და დამატებით საათებსაც აგინაზღაურებთ.

- როგორც კი მოვრჩები? - ჩავეკითხე. გამოდის, არ მიშვებს სამსახურიდან? არ მათავისუფლებს?

- ახლა კი წავედით. მხოლოდ ამის სათქმელად მოგიყვანეთ აქ. ოფისში ვერ დავიწყებდი ამის გარკვევას. - და ხელით კარისკენ მანიშნა, წავედითო.

ფეხარეული გავემართე ჰოლისკენ, შეფიც უკან მომყვა...

სიხარულისგან ვერც დედამიწაზე ვეტეოდი და ვერც მეცხრე ცაზე, სადღაც უფრო შორს ვცდილობდი გაჭრას. რა ბედნიერებაა, სამსახური რომ არ დავკარგე. არადა, მეგონა, გასაუბრებაზე ბებიაჩემის სკლეროზი არავის აინტერესებდა და შესაძლოა, ხელისშემშლელ მიზეზადაც კი ქცეულიყო. ამიერიდან საეჭვო სიტუაციებიდან როგორმე უნდა დავიძვრინო თავი. ძალებს არ დავზოგავ და კეთილსინდისიერად ვიმუშავებ. ნინუცასაც როგორ ჯენტლმენურად ექცეოდა?! მარჯვედ აიყოლია საუბარში და თავიც მოაწონა.

აუ, რა კარგია, როცა არაფერი გაქვს დამალული და ტყუილის თქმა არ გიწევს. ამაზე ფიქრი გონებიდან არ მშორდებოდა, თან გამალებით ვმუშაობდი. მირზას კომპანია ერთდროულად სამ ადგილას აშენებდა ობიექტს და უამრავი საბუთი იყო მოსაწესრიგებელი. ტენდერში გამარჯვებულიო, რამდენჯერმე შემხვდა მასალებში. ალბათ მართლა კარგად ართმევს თავს საქმეს, ტენდერებში თუ იმარჯვებს. თუ მასაც სხვებივით ლობირებს ვინმე უმაღლესი ეშელონებიდან?

- დაამთავრეთ? - მირზაშვილი თავზე წამომადგა. ფანჯარაში გავიხედე, ბინდი ჩამოწოლილიყო. რა დრო გასულა!

- ორ წუთში მოვრჩები.

- დაბლა დაგელოდებით. მართალია, შუაღამე არ არის, მაგრამ რადგან შეგპირდით, წაგიყვანთ, მაინც იქით მაქვს გზა.

უარის თქმა არც მიფიქრია, სიამოვნებით დავთანხმდი.

როცა მანქანასთან მივედი, მოულოდნელად საჩვენებელი თითით მანიშნა, მომიახლოვდიო. გული გამისკდა, ახლა რაღა უნდა-მეთქი.

- არ გინდათ, თქვენ ატაროთ? - იმდენად არ ველოდი ამ შეკითხვას, პირი დავაღე.

- რას გაიოცეთ? ტარება იცით?

- დ-დიახ...

- ჰოდა, მიდით, მე ცოტას დავისვენებ, ვითომ ჩემი მძღოლი ხართ, - შემაგულიანა.

მოჯადოებულივით დავმორჩილდი. კარგა ხანია, საჭესთან არ ვმჯდარვარ, ამიტომ ვცდილობდი, მართვის წესებში არაფერი ამრეოდა და შეფის შენიშვნა არ დამემსახურებინა.

ამ დროს მირზაშვილის დაჟინებული მზერა ვიგრძენი. ავილეწე.

როგორც იქნა, ჩემი კორპუსიც გამოჩნდა და როცა მანქანა სადარბაზოსთან გავაჩერე, შვებით ამოვისუნთქე. ახლაღა გავხედე გვერდით მჯდომს. კაცი კვლავ დაჟინებით მომჩერებოდა. გავიტრუნე, მოჯადოებულივით შევცქეროდი ჩემი ოცნების მამაკაცს.

- ანიკა ახვლედიანო, იცით, რომ ძალიან ლამაზი გოგო ხართ? - თქვა და ისე უცებ წამავლო მკლავში ხელი, გონს მოსვლა ვერ მოვასწარი.

მამაკაცმა თავისკენ მიმიზიდა. არ შევწინააღმდეგებივარ, მით უმეტეს, რომ მისი ტუჩების შეხებამ ამის სურვილიც წამართვა და უნარიც. იმდენად მოვეშვი, რომ ადვილად შეძლო ჩემი მჭიდროდ მიხუტება...

კოცნა, მგონი, უსასრულო აღმოჩნდა, ასე მეგონა, ნახევარი საუკუნე გაგრძელდა. ძალა არ შემწევდა, გავრხეულიყავი, თუმცა ქვეცნობიერში შემორჩენილი სიფრთხილის ერთი ნაპერწკალი ჯერ კიდევ მაძლევდა ნიშანს, დროზე შევჩერებულიყავი.

მას ამაღელვებელი სურნელი ასდიოდა... ოდეკოლონის და სისუფთავის. პირველად გამიღვიძა ამ სურნელმა აქამდე მთვლემარე ვნებები. მის ვეება მკლავებში ვიყავი შეყუჟული და როცა ამ მკლავებს მხვევდა, მის სიძლიერეს ვგრძნობდი. მერე, როცა მსუბუქი კოცნით ჩემს ყელს და ყურებს დაუარა, თავი ვერ შევიკავე და ჩუმი კვნესა აღმომხდა. თვითონაც არ ველოდი. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ მამაკაცის მოკარებამ ასეთი შეგრძნებები გამიჩინა. დიდი ხანია, კაცს ჩემთვის არ უკოცნია...

- არ გინდა... - ოდნავ გასაგონად წავიჩურჩულე, როცა მკერდისკენ წაიღო ტუჩები.

- ასეც ვფიქრობდი. - ნელა ასწია თავი და შემომხედა. მწვანე თვალები გამუქებოდა და ამღვრეოდა, თითქოს ნისლი შემოებურაო.

ასე მეგონა, ამქვეყნად მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და სხვა არავინ. მან ცივი მზერით შეათვალიერა ჩემი შესივებული ტუჩები და გაფართოებული თვალები, - კიდევ რამდენიმე წელი და შენ საბედისწერო ქალი გახდები, იქამდე კი სასიყვარულო ცელქობებისთვის არ ხარ მომწიფებული.

გავწითლდი. მისი სახის გამომეტყველებიდან ვერ მივხვდი, რას ფიქრობდა - განმსჯიდა თუ დამცინოდა.

სანამ სავარძელზე გავსწორდებოდი, მან ჩემს გაცხელებულ ლოყას თითი ჩამოუსვა და თქვა:

- როგორც ვატყობ, შენ ძალიან ბევრ გულს გაუყრი ისარს უმოწყალოდ. ბევრ კაცს მოუკლავ გულს.

- არავის გულის მოკვლას არ ვაპირებ! - გაღიზიანებულმა მივუგე. - ასეთების კატეგორიას არ განვეკუთვნები.

ამწუთას უპირობოდ ვლანძღავდი საკუთარ თავს. არა, მაინც რამ გამომაშტერა? ლამაზი გოგო ხარო... იქნებ ჰგონია, სხვა ქალებივით ადვილი შესაბმელი ვარ? ეგ მიჩვეულია, ქალები აქეთ რომ ახტებიან.

- შეიცვლები, ანიკა, შეიცვლები. რაც მოსახდენია, აუცილებლად მოხდება. შენც ჩაებმები თამაშში, რომლის მონაწილეთა ერთადერთი მიზანი გამარჯვებაა, გამარჯვება ნებისმიერ ფასად. - ოდნავ შეარხია თავი და შემათვალიერა. ამ დროს თითქოს ტკივილი დავინახე მის მზერაში, - და ეს საყვარელი სულის სისუფთავე ტკბილი სიზმარივით უცებ გაქრება.

- ტყუილია! მე არ შევიცვლები!

- კარგად გიცნობთ ქალებს. შენ არც პირველი ხარ და არც უკანასკნელი.

- ყველა ერთნაირი არ არის და, საერთოდ, ასეთი ურთიერთობა თამაში სულაც არ მგონია.

- როგორ, როგოოორ? ასეთი ურთიერთობაო? და როგორია ეს `ასეთი ურთიერთობა~?

თითქოს ცხელ ორთქლში მოვხვდიო, ისე შემახურა. კიდევ კარგი, ჩამობნელებული იყო და ვერ შეამჩნევდა ჩემს გაწითლებას.

გავჩუმდი, მივხვდი, რომ დასკვნების გამოტანა ვიჩქარე.

- სხვათა შორის, პასუხს ველოდები. - შემახსენა.

- ასე ნუ მელაპარაკებით, თუ შეიძლება. თქვენ არაფერი არ იცით ჩემ შესახებ.

- რა საჭიროა რამის ცოდნა? ყველა ქალი სირინოზის მოდგმისაა, ოღონდ კი კაცი აცდუნოს.

- და გგონიათ, მე თქვენს ცდუნებას შევეცადე?

- არა? - კითხვა შემომიბრუნა.

გავფითრდი. არასდროს არ მიგრძნობინებია მისთვის, რომ მომწონდა. ნუთუ თვალებმა გამცა?

- მე რეალურ სამყაროში ვცხოვრობ, ანიკა.

- რეალურ ცხოვრებას არაფერი აქვს საერთო იმასთან, თქვენ როგორც ექცევით ქალებს. გსიამოვნებთ, სხვების ნდობით რომ სარგებლობთ, არა? `დაიჭირე წამის~ კაცი ხართ, ხომ? ჰოდა, ასეთ წამს მეტად ვერ ეღირსებით პირადად ჩემგან! თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ იმ ცხოვრებისეულ პრინციპებამდე დავეშვები, რომლითაც თქვენ ხელმძღვანელობთ, ძალიან შემცდარხართ! - ვიყვირე, კარი გამოვაღე და სიბნელეს შევერიე, თან ცრემლები მახრჩობდა.

როგორც ჩანს, გამომეკიდა. სადარბაზომდე არმისულს ხელი წამავლო და გამაჩერა. განრისხებულმა შევხედე.

- ჩემი აზრით, იმ ქალებზე უკეთესი, გარს რომ გახვევიათ, არაფერი დაგიმსახურებიათ. არ მესმის, რა ნახეს თქვენში მიმზიდველი. თქვენნაირი უგულო და ცინიკოსი მეორე არ შემხვედრია.

უეცრად ისეთი გაოცებული გაუხდა სახე, მივხვდი, რომ გადავაჭარბე. ხელი შემიშვა და მეც ვისარგებლე, სირბილით შევვარდი სადარბაზოში...

გაგრძელება შემდეგ ნომერში