ჯეინ ეარი (თავი XXIV) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XXIV)

- კეთილი, სერ, მაშინ მოწყალება მოიღეთ და დააკმაყოფილეთ ჩემი ცნობისმოყვარეობა. ერთი რამ ძალიან მაინტერესებს.

მის გამოხედვაში შეშფოთება შევნიშნე. - რა, რა? - მკითხა მან სწრაფად, - ცნობისმოყვარეობა საშიში თვისებაა.

- მაგრამ ამ ჩემს თხოვნაში არავითარი საშიშროება არ შეიძლება იყოს, სერ.

- თქვი, ჯეინ, მაგრამ, რაღაც საიდუმლო ამბის გამოკითხვას, მირჩევნია, ჩემი სამფლობელოს ნახევარი მთხოვო.

- მაგრამ მეფეო, აჰასუერუს, რას ვაქნევ თქვენი სამფლობელოს ნახევარს? ხომ არ ფიქრობთ, ებრაელი მევახშე ვიყო და რაც შეიძლება ხელსაყრელ პირობებს ვეძებდე ამქვეყნად ჩემი კაპიტალის დასაბანდებლად? ვირჩევდი, რწმენა გქონოდათ ჩემდამი! თუ თქვენს გულში ადგილს დამითმობთ, მაშინ არც თქვენი ნდობა მომაკლდება.

- მთელი ჩემი გულითა და სულით გენდობი, ჯეინ, მაგრამ, ღვთის გულისათვის, ნუ ისურვებ უსარგებლო ტვირთის ზიდვას, ნუ ესწრაფვი საწამლავს, ხელისგულზე ნუ გადამიშლი ევას საქციელს.

- რატომ არა, სერ? განა, თქვენ არ აღიარეთ სულ ახლახან, რა ძალიან მოგწონთ ჩემდამი მორჩილება და რაოდენ სიამოვნებას განიჭებთ ის? ნუთუ არ ფიქრობთ, ჩემთვის ბევრად უმჯობესია ვისარგებლო თქვენი ასეთი აღსარებით და დავიწყო ალერსი, მუდარა, ტირილი, ხოლო, თუ საჭირო გახდა, შემოგწყრეთ კიდეც, რათა გამოვცადო ჩემი ძალა თქვენზე.

- ნებას გაძლევ, როგორი ცდაც გსურს, ისეთი ჩაატარო. აბა, შემომკადრე, გაბედე და თამაშიც დამთავრდება.

- ასე ჩქარა დამთავრდება, სერ? თქვენ მალევე იშორებთ თავიდან თქვენს აზრს. რა მოღუშული გამოიყურებით ახლა? რატომ შეჰყარეთ წარბები და კოპები შეჰკარით შუბლზე? ახლა თქვენი შუბლი მაგონებს ერთ მეტად საოცარ ლექსში აღწერილ განრისხებულ ცას, ჭექა-ქუხილის წინ, ალბათ, ასეთი იქნება თქვენი გამოხედვა ჯვრისწერის შემდეგ, არა, სერ?

- მაგრამ, თუ თქვენც ასეთივე იქნებით ქორწინების შემდეგ, მე, როგორც ქრისტიანი, ვალდებული ვიქნები შევწყვიტო ყოველგვარი ურთიერთობა ასეთ წყლის ჯადოქარსა და სალამანდრასთან, მაგრამ რა უნდა გეკითხა, ქალო? თქვი ჩქარა.

- აი, ახლა კი ზრდილობიანიც აღარა ხართ და მეც მლიქვნელობას ბევრად მირჩევნია ეს უხეშობა. მე უფრო უტიფარი ქმნილება გახლავართ, ვიდრე ანგელოზი. ახლა კი მისმინეთ, რის თქმაც მსურდა: რისთვის ცდილობდით დაგერწმუნებინეთ, რომ თითქოს მის ინგრემის შერთვა გქონდათ გადაწყვეტილი?

- მხოლოდ ეს უნდა გეკითხათ? ღმერთო ჩემო, ეს ხომ არც ისე ცუდია.

მან შეჭმუხნილი წარბები გახსნა, დაბლა დაიხედა, გამიღიმა და თავზე ხელი გადამისვა. ჩანდა, დიდად ნასიამოვნები იყო იმის შეგნებით, რომ რაღაც განსაცდელს ასცდა.

- ვფიქრობ, ახლა შეიძლება გამოგიტყდეთ, - განაგრო მან, - თუმცა, ვაითუ, აღშფოთება გამოვიწვიო შენში, ჯეინ. ისიც ვიცი, როგორ ცეცხლივით აენთები ხოლმე, თუ რამეზე გაჯავრებული ხარ. წუხელ მთვარის შუქზე შევნიშნე, თითქმის იწვოდი ისეთ გრილ ღამეში, როცა ბედის წინააღმდეგ გაიბრძოლე და მარწმუნებდი, რომ თანასწორუფლებიანნი ვართ. სხვათა შორის, ჯენიტ, ეს წინადადება შენ მომეცი.

- რასაკვირველია, მე მოგეცით. მაგრამ მოდით, თუ შეიძლება, პირდაპირ საქმეს დავუბრუნდეთ. სერ, რას იტყვით მის ინგრემზე?

- კეთილი, თავს ისე გაჩვენებდი, თითქოს მის ინგრემს ვეტრფოდი, იმიტომ, რომ მსურდა ისევე თავდავიწყებით გყვარებოდი, როგორც მე შემიყვარდი. ეჭვიანობა კი ასეთ შემთხვევაში ყველაზე საიმედო მოკავშირედ მიმაჩნდა და ამიტომ ვუხმობდი დასახმარებლად.

- შესანიშნავია. ახლა სულ დაპატარავდით ჩემს თვალში, ერთი ნამცეცითაც არ აღემატებით ჩემი ნეკის ფრჩხილს. რა განუზომელი სირცხვილია! რა დამამცირებელია ადამიანის ასეთი საქციელი! განა, მის ინგრემის გრძნობებზე არ ფიქრობდით, სერ?

- მთელი მისი გრძნობიერება მხოლოდ სიამაყეა. ამ სიამაყეს კი დამორჩილება სჭირდება. ეჭვიანობდი, ჯეინ?

- მოდით, ამას თავი დავანებოთ, მისტერ როჩესტერ. ამის ცოდნა თქვენთვის საინტერესო არ არის. ერთხელ მაინც მიპასუხეთ მთელი გულწრფელობით, გჯერათ, რომ მის ინგრემი არ დაიტანჯება ამ უსულგულო საქციელით? აიტანს განა, რომ მიატოვეთ და გააუბედურეთ?

- ეს შეუძლებელია! მე ხომ უკვე გიამბე, რომ მას ჩემს ხელმოკლეობაზე ფიქრმა გული გაუცივა და სიყვარულის ცეცხლიც სწრაფად ჩაუქრო.

- თქვენ მეტისმეტად უცნაური და მაცდური გონების პატრონი უნდა იყოთ, სერ. ვშიშობ, თქვენი ზრახვებიც ზოგიერთ საკითხში მეტად ექსცენტრიკულია.

- ჩემი გონების გაწაფვით არავინ დაინტერესებულა, ჯეინ. შესაძლებელია, ასეთი ყურადღების ლოდინში ჩემმა აზრებმაც ცოტაოდენ სხვა მიმართულება მიიღეს.

- ერთხელ კიდევ მითხარით, სერიოზულად, შემიძლია თუ არა დავტკბე იმ უდიდესი ბედნიერებით, რომელიც წილად მხვდა? ამასთანავე, არ მინდა მუდამ შიში მაკრთობდეს, რომ ვინმე ჩემ გამო უზომოდ იტანჯება.

- შეგიძლია, ჩემო კარგო, პაწაწინა გოგონი. ამქვეყნად არავინ მოიძებნება ისეთი, რომელსაც ასე წმინდა გრძნობით ვუყვარდე, როგორც შენ. "ეს სანუგეშო საცხებელი ამ ჩემს იარას~ ბალზამივით ვაპკურე და ის შენს სიყვარულში რწმენას მიმტკიცებს.

თავი მივაბრუნე და მის ხელს დავეკონე, რომელიც ჩემს მხარზე ედო. მე ის ძალიან მიყვარდა, უფრო მეტად, ვიდრე გამოთქმა შემეძლო და უფრო ძლიერადაც, ვიდრე, საერთოდ, სიტყვებს შესწევთ ძალა გადმოსცენ ეს გრძნობა.

- მთხოვე კიდევ რაიმე, - მითხრა მან უცებ: - ძალიან მსიამოვნებს, როდესაც რამეს მთხოვ და მეც გეთანხმები.

სათხოვარი კვლავ მზად მქონდა. - სერ, აცნობეთ თქვენი განზარახვა მისის ფეიერფექსს. მან წუხელ დერეფანში თქვენთან ერთად დამინახა და შეშფოთდა. გთხოვთ, შეატყობინოთ ყველაფერი, სანამ კვლავ შევხვდები მას. ძალიან მიმძიმს, რომ ეს კეთილი ქალი სულ სხვანაირად გამიგებს ყოველივეს.

- წადი შენს ოთახში და ქუდი დაიხურე, - მითხრა მან. - ამ დილით მიკლოტში ჩემთან ერთად წამოხვალ. ხოლო, სანამ სამგზავროდ მოემზადებოდე, მე ყველაფერს შევატყობინებ მოხუც ლედის. ნუთუ ფიქრობს, ჯენიტ, რომ შენ ყველაფერი გასწირე სიყვარულისთვის და სინანულსაც კი არ განიცდი?

- დარწმუნებული ვარ, ის ფიქრობს, რომ მე დამავიწყდა როგორც ჩემი, ისე თქვენი მდგომარეობა, სერ.

- მდგომარეობა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, შენი ადგილი, არა? შენი ადგილი ახლა ჩემს გულშია და ძვირად დავუსვამ მათ, ვინც შეურაცხყოფის მოყენებას განიზრახავს ამიერიდან. წადი ახლა.

მალე ჩავიცვი და, როდესაც გავიგონე, მისტერ როჩესტერი მისის ფეიერფექსის ოთახიდან გამოვიდა, სწრაფად იქით გავეშურე. ეტყობოდა, მოხუცი ქალი დილის ლოცვებს კითხულობდა, რადგან ეს მისი ყოველდღიური საქმიანობა იყო, ბიბლიაც ჯერ ისევ გადაშლილი ედო წინ და სათვალეც წიგნის ფურცლებზე შევნიშნე. ჩანდა, მისტერ როჩესტერის ნათქვამ ახალ ამბებს შეეჩერებინა და საყვარელი საქმიანობაც კი დაევიწყებინა მისთვის. თვალები მოპირდაპირე ცარიელი კედლისთვის მიეპყრო და შიგ განცვიფრება ეხატებოდა. მისი მშვიდი გონება ამ უჩვეულო ახალ ამბავს შეეშფოთებინა. დამინახა თუ არა, წამოდგა და თავს ძალა დაატანა, ღიმილით შემგებებოდა. როგორღაც შეარჩია მოსალოცად რამდენიმე სიტყვა, მაგრამ ღიმილი ბაგეზე დააკვდა და სიტყვებიც ვერ დაამთავრა. სათვალე აიღო, ბიბლია დახურა და თავისი სავარძელი მაგიდიდან უკან დასწია.

- ძალიან განცვიფრებული ვარ, - დაიწყო მან. - არც კი ვიცი, რა უნდა გითხრათ, მის ეარ. თითქოს ძილ-ბურანში არ უნდა ვიყო, არა? არის ხოლმე წუთები, თუ მარტო ვზივარ, ჩამთვლემს და მაშინ მეჩვენება ის, რაც არასოდეს ყოფილა. როდესაც რამდენიმეჯერ ასე ვთვლემდი, მომეჩვენა, თითქოს ჩემი ძვირფასი მეუღლე შემოვიდა, რომელიც დაახლოებით თხუთმეტი წლის წინ გარდაიცვალა, და ჩემ გვერდით დაჯდა. მაშინ მე გავიგონე, რომ მან სახელიც კი დამიძახა: - ალის! - როგორც ჩვეულებრივ უყვარდა დაძახება. ახლა კი შეგიძლიათ, მითხრათ, ნუთუ მართლია ისიც, რომ მისტერ როჩესტერს თქვენი შერთვა უნდა და წინადადებაც მოგცათ? ნუ დამცინებთ, მაგრამ ხუთი წუთის წინ ისე მომეჩვენა, თითქოს ის აქ შემოვიდა, ჩემს ოთახში, და განმიცხადა, რომ ერთ თვეში თქვენ მისი მეუღლე იქნებით.

- მან იგივე განმიცხადა მეც, - ვუპასუხე მე.

- გითხრათ და თქვენც დაუჯერეთ? დაეთანხმეთ კიდეც?

- დიახ.

მან დაბნეულად შემომხედა.

- ამას არასოდეს ვიფიქრებდი, ის ძალიან ამაყი კაცია. მათი გვარის ყველა წარმომადგენელი ასეთი ამაყი იყო. მის მამას ფული ძალიან უყვარდა და მასაც მეტად ფრთხილ ადამიანს ეძახიან ამ საქმეში. ნუთუ ის მართლა აპირებს თქვენზე ჯვრის დაწერას?

- ასე განმიცხადა და...

მოხუცმა თავით ფეხამდე ამათვალიერ-ჩამათვალიერა. მის თვალებში ამოვიკითხე, რომ მან ჩემში ის მომხიბვლელობა ვერ შენიშნა, რომელიც ამ ამოცანას აუხსნიდა.

- საოცარია, ვერ გამიგია, - განაგრძობდა ის, - მაგრამ, ალბათ, ეს ასეა, რადგან თქვენ ამბობთ. მაგრამ, რა მოჰყვება ყოველივე ამას, არ შემიძლია გითხრათ. მართლაც, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. როდესაც ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობა ერთნაირია, ასეთ შემთხვევაში ქორწინება უფრო მიზანშეწონილია. გარდა ამისა, თქვენს წლოვანებაში სხვაობა თითქმის ოცი წელია, ის უფრო მამად შეგეფერებათ.

- არა, რას ბრძანებთ, მისის ფეიერფექს! - წამოვიძახე გაგულისებულმა. - სრულებითაც არ შემეფერება მამად. ვინც უნდა გვნახოს ერთად, ერთი წუთითაც ვერ წარმოიდგენს ასეთ რამეს. მისტერ როჩესტერი ისე ახალგაზრდულად გამოიყურება, რომ მხოლოდ ოცდახუთი წლისას ჰგავს.

- მითხარით გულწრფელად, რადგან უყვარხართ, მხოლოდ იმიტომ გირთავთ? - მკითხა მან შემდეგ.

მისმა გულცივობამ და უნდობლობამ ისე ამაღელვა, რომ თვალები ცრემლებით ამევსო.

- მაპატიეთ, რომ ასე დაგამწუხრეთ, - განაგრძო ქვრივმა, - მაგრამ თქვენ ისე ახალგაზრდა ხართ და ისე ნაკლებად იცნობთ მამაკაცთა ბუნებას... მინდოდა ჩამეგონებინა, რომ საკუთარი თავის დაცვა შეძლოთ. ძველი ანდაზაა: ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს. და, აი, ამ შემთხვევაშიც, ვშიშობ, რომ ყველაფერი, შესაძლებელია, სულ სხვანაირად დამთავრდეს, ვიდრე ჩვენ ველით.

- რატომ? განა, ისეთი გონჯი ვარ? - ვკითხე მე. - განა, შეუძლებელია, მისტერ როჩესტერს წრფელი სიყვარულით ვუყვარდე?

- არა, თქვენ მშვენიერი ხართ და ამ ბოლო დროს თანდათან ლამაზდებით. იმასაც გეტყვით, მისტერ როჩესტერსაც ძალიან უყვარხართ. ყოველთვის ვამჩნევდი, როგორ გეალერსებოდათ. იყო წუთებიც, როდესაც ის განსაკუთრებულ უპირატესობას განიჭებდათ. მინდოდა ასეთ დროს გამეფრთხილებინეთ, რომ თავდავიწყებამდე არ მისულიყავით, მაგრამ ამ ამბის შესახებ გადაკრული საუბარიც კი შეუძლებლად მიმაჩნდა; ვგრძნობდი, ის აღგაშფოთებდათ და შეურაცხგყოფდათ. ამასთანავე, იმასაც ვამჩნევდი, თქვენ ისეთი თავდაჭერილი, გონივრული და მოხერხებული საქციელი გქონდათ, სრულიად დარწმუნებული ვიყავი, ძალიან კარგად შეძლებდით საკუთარი თავის დაცვას; არ შემიძლია აგიწეროთ ის ტანჯვა, რაც თავს გადამხდა წუხელ, როდესაც მთელ სახლში გეძებდით და ვერსად გიპოვეთ ვერც თქვენ და ვერც მისტერ როჩესტერი. მერე კი ღამის თორმეტ საათზე მასთან ერთად მოხვედით.

- მაგრამ ამ ამბავს მნიშვნელობა აღარ აქვს ახლა, - შევაწყვეტინე მოუთმენლად. - ისიც საკმარისია, რომ ყველაფერი რიგზეა.

- იმედი მაქვს, ყველაფერი საბოლოოდ რიგზე იქნება, - მითხრა მან. - მაგრამ, მერწმუნეთ, დიდი სიფრთხილეა საჭირო. ეცადეთ და დიდ სიახლოვეს ნუ იქონიებთ მისტერ როჩესტერთან. ნუ ენდობით ნურც თქვენს თავს, ნურც მას. მისი მდგომარეობის ადამიანები ჩვეულნი არ არიან აღმზრდელ ქალებზე დაიწერონ ჯვარი.

მე უკვე ნამდვილად ვღელავდი, მაგრამ, საბედნიეროდ, ადელმა შემოირბინა.

- წამიყვანეთ, მეც წამიყვანეთ მილკოტში! - გაიძახოდა ის. - მისტერ როჩესტერს არ უნდა ჩემი წამოყვანა. იცით, რამოდენა თავისუფალი ადგილია ახალ ეტლში? სთხოვეთ, მადმუაზელ, ნება დამრთოს, მეც თქვენთან ერთად წამოვიდე.

- რასაკვირველია, ვთხოვ, ადელ, - ვუპასუხე და მასთან ერთად სწრაფად გავეშურე მისტერ როჩესტერისკენ, გახარებული იმით, რომ საშუალება მომეცა, ახლა მაინც გავცლოდი ჩემს პირქუშ მრჩეველს. ეტლი მზად იყო. მეეტლე მას უკვე სადარბაზო შესასვლელი კარის წინ აყენებდა. ჩემი პატრონიც ამ დროს ქვაფენილზე მიმოდიოდა და პაილოტიც წინ და უკან დასდევდა.

- ხომ შეიძლება, ადელი ჩვენთან ერთად წამოვიდეს, სერ, არა?

- მე მას უკვე გამოვუცხადე, რომ არა. მე ბავშვები არ მიმყავს თან, მხოლოდ შენ მიმყავხარ.

- ძალიან გთხოვთ, ნება დართოთ, წამოვიდეს, სერ, მგონია, ასე აჯობებს.

- სრულებითაც არა. ის გაგვაწვალებს თავისი საქციელით. - ახლა მის გამოხედვასა და ხმაში მხოლოდ ბრძანება ისმოდა. მისის ფეიერფექსის გულგამგმირავმა გაფრთხილებებმა და მისმა საშინელმა ეჭვებმა გამაბრუეს და უკვე ურწმუნო გრძნობებსა და გაურკვევლობას თავის რკალში მოექციათ ჩემი იმედებიც. მისტერ როჩესტერზე გავლენის მოხდენის ფიქრი გაქრა და თითქოს მექანიკურად, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ვემორჩილებოდი მას. როდესაც ეტლში ჩაჯდომაში მშველოდა, სახეზე დამაკვირდა და მკითხა:

- რა მოხდა, ჯეინ? სიხარული მთლად ჩამქრალა შენს თვალებში. მართლა ასე ძალიან გინდა, რომ ბავშვი წამოვიდეს? ნუთუ ასე გაწუხებს მისი შინ დატოვება?

- მირჩევნია წამოვიდეს, სერ.

- მაშ, გაიქეცი, ქუდი დაიხურე და თვალის დახამხამებაში აქ გაჩნდი, - გადასძახა მან ადელს.

ბავშვი მის ბრძანებას დაემორჩილა და თითქმის გაფრინდა.

- ბოლოს და ბოლოს, ერთ დილას ურთიერთისგან გათიშვაც არაფერს ნიშნავს, - თქვა მან, - რადგან უახლოეს მომავალში ვაპირებ, შენი ფიქრებისა და თვით შენი ბატონ-პატრონი გავხდე და მთელი სიცოცხლე გითანამგზავრო.

ადელი ჩაჯდა თუ არა ეტლში, კოცნა დამიწყო. ამ გზით ცდილობდა ბავშვი, მადლიერება გამოეხატა იმ შუამდგომლობისთვის, რომელიც გავუწიე. მისტერ როჩესტერმა კი ის მეორე მხარეს მოისვა და კუთხეში მიმალა, თანაც ისე გაუნძრევლად იჯდა და ზღუდესავით აღმართულიყო მის წინ, რომ ბავშვი ძლივსღა იჭვრიტებოდა იქით, რომელ მხარესაც მე ვიჯექი. როდესაც მისტერ როჩესტერი ასე მიუკარებლად იქცეოდა, ბავშვი ვერ ბედავდა ჩურჩულით მაინც წარმოეთქვა თავისი დაკვირვების შედეგად გამოტანილი აზრები ან ეკითხა მისთვის რაიმე.

- ნება მიეცით ადელს, ჩემ გვერდით დაჯდეს, სერ, - შევევედრე მისტერ როჩესტერს. - ის, იქნებ, გაწუხებთ კიდეც. აქეთ საკმაოდ დიდი ადგილია.

მან ბავშვი ისე აიყვანა ხელში და მომაწოდა, თითქოს ოთახის ფინია ძაღლი ყოფილიყო.

- აუცილებლად გავგზავნი მას სკოლაში, - თქვა მან, მაგრამ ახლა უკვე ღიმილით.

ადელმა გაიგონა თუ არა ეს სიტყვები, ჰკითხა: სკოლაში უმადმუაზელოდ მგზავნითო?

- დიახ, - უპასუხა მან, - სწორედაც უმადმუაზელოდ. ვაპირებ, მადმუაზელი მთვარეზე წავიყვანო, იქ, თეთრ ველებსა და ვულკანებს შორის, გამოქვაბულს ვიპოვი და მხოლოდ ჩემთან იქნება, მარტოდმარტო.

- საჭმელი რომ არაფერი ექნება? თქვენ, ალბათ, აშიმშილებთ მას, სერ, - შენიშნა ადელმა.

- დილა-საღამოს ციურ მანანს შევაგროვებ. მთვარეზე მინდვრები და მთის ფერდობები ციური მანანებითაა გადათეთრებული, ადელ.

- გათბობა რომ მოუნდეს, სად გათბება, რა უნდა დაანთოს?

- მთვარეზე მთები ცეცხლს აფრქვევენ. როცა შესცივდება, მწვერვალზე ავიყვან და ვულკანის ყელთან დავაწვენ.

- ოო, როგორ ცუდად იგრძნობს თავს იქ! ტანსაცმელი? ისინი, რაც აქვს, ხომ დაუცვდება. როგორ იშოვის ახლებს?

მისტერ როჩესტერს ნათლად დაეტყო განცვიფრება. - ჰმ! - თქვა მან. - რას იზამს, ადელ? აბა, ერთი გონებას ძალა დაატანე და მოიფიქრე: როგორი იქნება თეთრი ან ვარდისფერი ღრუბლის კაბა და ცისარტყელისფერი სიფრიფანა შარფი.

- ის ასე უფრო ლამაზია, - დაასკვნა ადელმა რამდენიმე ხნის ფიქრის შემდეგ. - გარდა ამისა, ხომ მოსწყინდება მთვარეზე მარტოდმარტო, თქვენთან ერთად ყოფნა. მე რომ მის ადგილას ვიყო, არ დაგთანხმდებოდით იქ გამგზავრებაზე.

- ის კი დამთანხმდა და სიტყვაც მომცა.

- მაინც ვერ წაიყვანთ იქ, მთვარეზე ასასვლელი გზა ხომ არ არსებობს. იქამდე მხოლოდ ჰაერია. თქვენ კი, არც ერთს, ფრენა არ შეგიძლიათ.

- ადელ, გახედე, აი, იმ მინდორს. - ჩვენ ახლა უკვე თორნფლიდის ალაყაფის კარის გარეთ ვიყავით და მილკოტისკენ მიმავალ გზატკეცილზე მივიჩქაროდით. წინაღამინდელ ქარიშხალსა და წვიმას გზის ორივე მხარეს ჩამწკრივებული დაბალი მწვანე ღობისა და კელაპტრებივით მაღლა აზიდული ხეების ფოთლებზე მტვერი მთლად გადაერეცხა და ახლა ისინი საოცრად ხასხასებდნენ.

- სწორედ, აი, ამ მინდორში, ადელ, ერთ საღამოს, ასე დაახლოებით ორი კვირის წინათ, გვიან ვბრუნდებოდი. აი, იმ საღამოს, როცა შენ ხილის ბაღთან მდელოზე ბალახის გათიბვას მშველოდი. ბოლოს, როცა გამონათიბი ბალახის ფოცხვით დავიღალე, დასასვენებლად გადასაბიჯზე ჩამოვჯექი, პატარა წიგნაკი და ფანქარი ამოვიღე და წერა დავიწყე: ვწერდი რვეულში მოგონებებს იმ უბედურების შესახებ, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინათ დამატყდა თავს, მაგრამ იქვე ვწერდი იმ ბედნიერ დღეებზეც, რომელთა დადგომასაც ასე გულით ვნატრობდი. ვჩქარობდი, რადგან დღის სინათლე თანდათან ილეოდა და ოდნავღა ანათებდა ფურცლებს. სწორედ ამ დროს სრულიად უცხო არსება გამოჩნდა ბილიკზე და ორი იარდის მოშორებით შეჩერდა. დავაკვირდი მას და ბინდბუნდში გავარჩიე: ეს იყო პატარა ქმნილება, რომელსაც თავზე ობობას ქსელივით გამჭვირვალე შარფი ეხვია. თავი დავუქნიე, რომ ჩემთან უფრო ახლოს მოსულიყო. ის მომიახლოვდა და სულ ახლოს, ჩემს მუხლთან შეჩერდა. არც მას და არც მე ერთი სიტყვაც არ წარმოგვითქვამს, მაგრამ ერთმანეთის თვალებში გარკვევით ვკითხულობდით ყველაფერს და, აი, რა გამოირკვა ამ უხმო საუბრიდან:

ეს იყო ეგრეთ წოდებული ჯადოსნური სამყაროდან მოვლენილი ფერია, ამქვეყნად ჩემთვის ბედნიერების მოსატანად წარმოგზავნილი. მე უნდა გავყვე მას ამ სამყაროდან სადღაც შორს, განმარტოებულ ადგილას, აი, როგორც მთვარეა, მაგალითად. ფერიაც მაშინ თავს მიქნევდა და მთვარეზე მანიშნებდა, რომელიც ჰეის გორაკებს იქით ამოიწვერა. ის მიყვებოდა ვერცხლისფერ მდელოებსა და ალებასტრის გამოქვაბულებზე, სადაც ჩვენ შეგვეძლებოდა ცხოვრება. სურვილი გამოვთქვი, რომ ძალიან მინდოდა წასვლა, მაგრამ მოვაგონე, როგორც შენ მე წეღან, რომ ფრთები არ გამაჩნდა.

- ოჰ, - მიპასუხა ფერიამ, - ეს არაფერს ნიშნავს. აი, თილისმა, რომელიც ყველა სიძნელეს გადაგალახვინებთ. - ამ სიტყვებით მან ოქროს ლამაზი ბეჭედი ამოიღო და მითხრა: გაიკეთეთ ის მეოთხე თითზე, და მარცხენა ხელზე მიმითითა. - ამიერიდან მე თქვენი ვიქნები, თქვენ კი - ჩემი. ჩვენ დედამიწას დავტოვებთ და ჩვენს ზეციურ სავანეს შევქმნით. ახლა ეს ბეჭედი, ადელ, შარვლის ჯიბეში მაქვს შენახული, როგორც საჩუქარი, მაგრამ იმედი მაქვს, ის მალე ისევ ოქროს ბეჭდად გადაიქცევა.

- მაგრამ მადმუაზელს რა კავშირი აქვს ყოველივე ამასთან? მე სულაც არ ვფიქრობ ფერიებზე. თქვენ თქვით, რომ მადმუაზელის წაყვანას აპირებდით მთვარეზე, არა?

- ეს ფერია მადმუაზელია, - თქვა მან რაღაც საიდუმლო ჩურჩულით. ამის შემდეგ კი მე ბავშვს ვუთხარი, ყური აღარ ეთხოვებინა მისი მასხრობისთვის. თავის მხრივ, ადელმა მისტერ როჩესტერს ნამდვილი ფრანგული უნდობლობა გამოუცხადა და მატყუარაც უწოდა. ამასთანავე, არწმუნებდა, ერთი წუთითაც არ იჯერებდა მის მონათხრობ ამბებს ფერიებზე, რადგან იცოდა, რომ ისინი ამქვეყნად არ არსებობდნენ.

- თუნდაც რომ არსებობდნენო, - ამბობდა ბავშვი, - არც ერთი მათგანი არ გამოცხადდებოდა თქვენ წინაშე, არ მოგცემდათ ბეჭედს, არც იმას შემოგთავაზებდათ, მარტოდმარტო გეცხოვრათ მთვარეზე მასთან ერთადო.

ის დრო, რაც მილკოტში გავატარეთ, ჩემთვის მეტად შემაშფოთებელი აღმოჩნდა. მისტერ როჩესტერმა მაიძულა, აბრეშუმის ქსოვილების ერთ-ერთ საუკეთესო მაღაზიაში შევსულიყავით და თითქმის მიბრძანა, ჩემთვის ექვსი აბრეშუმის კაბა ამომერჩია. მე, საერთოდ, ჩაცმა-დახურვის დიდი მოყვარული არ ვიყავი და ვთხოვდი, სხვა დროისთვის გადაედო, თუ ეს აუცილებელი იყო.

- არა, ყველაფერი ახლავე უნდა შემისრულო, - მეუბნებოდა ის.

ბოლოს, დაჟინებული ჩურჩულით იმდენს ვემუდარებოდი, ექვსი ორამდე ჩამოვაყვანინე, მაგრამ ეს ორი კი, დაიფიცა, თვითონ უნდა ამოერჩია. დიდი მღელვარებით ვადევნებდი თვალს მის მზერას, როდესაც მაღაზიის თაროებს ათვალიერებდა. არჩევანი ამეთვისტოსფერ, ყველაზე ძვირფას აბრეშუმსა და ვარდისფერ სტავრაზე შეაჩერა. მე კი კვლავ ვეჩურჩულებოდი, რომ უმჯობესი იქნებოდა, ბარემ ოქროს კაბა და ვერცხლის ქუდი ეყიდა, თორემ მის არჩეულ ტანსაცმელს აღარასოდეს ჩავიცვამდი. დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ, რადგან ძალიან გაჯიუტდა და ქვასავით უტეხი გახდა, დავარწმუნე, შეეცვალა ეს ქსოვილები შავ, მაგრამ დაწინწკლულ სტავრასა და მოლივლივე ვერცხლისფერ აბრეშუმზე.

- დღეისთვის ასე იყოს, - მითხრა მან, მაგრამ, როგორც ჩანდა, მომავალში კი მაიძულებდა ფერად-ფერადი, ყვავილის კვალივით ჭრელ-ჭრელი სამოსი ჩამეცვა.

გამიხარდა, როდესაც ქსოვილებისა და ოქრომჭედლების მაღაზიიდან გამოვიყვანე. რაც უფრო მეტს ყიდულობდა, მით უფრო მიწვავდა სახეს მღელვარება და დამამცირებელი გრძნობა. როდესაც კვლავ ეტლში ჩავსხედით და დაქანცული და ილაჯგაწყვეტილი საზურგეს მივეყრდნე, მხოლოდ მაშინღა გამახსენდა ბიძაჩემის, ჯონ ეარის წერილი მისის რიდისადმი. როგორც ჩანდა, ბიძას გადაწყვეტილი ჰქონდა, მემკვიდრედ გამოვეცხადებინე. - ეს ხომ უდიდეს შვებას მაგრძნობინებს, - ვფიქრობდი ჩემთვის, - ცოტაოდენი დამოუკიდებლობის ნებას მომცემს. არ შემიძლია იმის ატანა, რომ მისტერ როჩესტერმა ასე დედოფალივით მომრთოს. მე კი მეორე დანაიასავით გულხელდაკრეფილი ვიჯდე და თავზე ოქროს წვიმა მესხურებოდეს. როგორც კი შინ დავბრუნდები, მაშინვე მივწერ ბიძაჩემს მადეირაზე. შევატყობინებ, რომ ჯვარს ვიწერ და იმასაც მივწერ, ვისზე. თუკი იმის იმედი მექნება, რომ ერთ მშვენიერ დღეს შემეძლება სულ მცირე საკუთარი თანხა მაინც მივუმატო მისტერ როჩესტერის შემოსავალს, უფრო ადვილად ავიტან, რომ ახლა ის მინახავს. ამ აზრმა ცოტაოდენ დამამშვიდა (გადავწყვიტე, განზრახვა იმ დღესვე მომეყვანა სისრულეში). ახლა უფრო ადვილად შევხედე და თვალი გავუსწორე ჩემს პატრონსა და სატრფოს, რომელიც დაჟინებით ეძებდა ჩემს გამოხედვას. უნდა ვთქვა, მე თვალს ვარიდებდი როგორც მის სახეს, ისე მის გამოხედვას. მან კი გამიღიმა და ვიფიქრე, რომ მისი ღიმილი თვითკმაყოფილი სულთნის ღიმილს ჰგავდა, რომელმაც თავისი მონა დაასაჩუქრა და ოქროთი და ძვირფასი ნივთებით გაამდიდრა. ხელი ვკარი მის ხელს, რომელიც ჩემსას დაეძებდა, თანაც ისე ძლიერად, რომ ხელი მთლად გაუწითლდა, იმდენად გაგულისებული და შეშფოთებული ვიყავი.

- ნუ მიყურებთ ასე, - ვუთხარი მე, - ხოლო, თუ მაინც არ მოიშლით, მაშინ ჩემს ცხოვრებაში არ ჩავიცვამ არც ერთ კაბას, გარდა ჩემი ძველი, ლოვუდში შეკერილი კაბისა. იმ იასამნისფერ, უბრალო, ხელოვნური აბრეშუმის კაბაში დავიწერ ჯვარს. თქვენ შეგიძლიათ ამ მოლივლივე ვერცხლისფერი აბრეშუმის ქსოვილისგან ხალათი შეიკეროთ და მაგ შავ სტავრაშიც რამდენიმე ჟილეტი გამოგივათ.

მან ჩუმად ჩაიცინა, ხელების მტვრევას მოჰყვა და მერე წამოიძახა:

- განა, სასწაული არ არის მისი ყურება და მოსმენა! განა, ის მეტად თავისებური არ არის და თავისი პიკანტურობით უზომოდ არ ხიბლავს ადამიანს? ვერ გავცვლიდი ამ ერთ პატარა ინგლისელ ასულს ნიამორისთვალებიან, სწორნაკვთა ქალებსა და სხვა მათ მსგავსთა სასახლის ლამაზმანებში.

აღმოსავლური სილამაზის გადაკვრით ხსენებამ მწარედ გამკენწლა.

- დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, სრულებით არ ვაპირებ სასახლის ლამაზმანთა მაგივრობა გაგიწიოთ, სერ, - ვუპასუხე მე. - თუ ასეთი განზრახვა გაქვთ, დაუყოვნებლივ გაეშურეთ სტამბოლს. შეგიძლიათ, დანაზოგი თანხა იქ, მონებით სავაჭრო დიდ ბაზარზე დახარჯოთ, რადგან არ იცით, აქ როგორ გამოიყენოთ.

- თქვენ რას იზამდით, ჯენიტ, მე რომ ამ ურიცხვ, ხორცსავსე, სხვადასხვა ჯიშის შავთვალა ასულებზე ვაჭრობას გავაჩაღებდი?

- მისიონერად მოვემზადებოდი, რათა, უპირველესად, თავისუფლების სიყვარული მექადაგა თქვენი ჰარამხანის მკვიდრი მონა ქალებისთვის. შევიჭრებოდი იქ და ამბოხებას მოვაწყობდი. თქვენ კი, სამკუდიანო ფაშავ, სამმაგად შებორკილი აღმოჩნდებოდით ჩვენს ხელში. მანამდე არ დავთანხმდებოდი, მოეხსნათ ბორკილები თქვენთვის, სანამ ხელს არ მოაწერდით ყველაზე ლიბერალურ მანიფესტს, როგორიც კი ოდესმე რომელიმე მტარვალს დაუშვია.

- დაველოდებოდი თქვენს წყალობას, ჯეინ.

- შეწყალების იმედი არ უნდა გქონოდათ, სერ, თუ თქვენ თავს ნებას მისცემდით, ისეთი თვალებით შემოგეხედათ ჩემთვის, როგორც, აი, ახლა. დარწმუნებული ვარ, ასეთი ძალადობის შემდეგ რა მანიფესტიც უნდა გამოსცეთ, პირველი, რასაც ჩაიდენთ გათავისუფლების შემდეგ, ის იქნება, რომ შელახავთ და არ შეასრულებთ იქ ჩამოთვლილ პირობებს.

- რატომ ამბობ ამას, ჯეინ, რას გულისხმობ ამით? ვშიშობ, შენ გინდა მაიძულო, ჯვარი არა მარტო ეკლესიაში, საკურთხევლის წინ დავიწერო, არამედ ჩვენი ქორწინება ნოტარიუსის კანტორაში დავადასტურო. ალბათ, დაჟინებით მომთხოვ რაღაც განსაკუთრებულ სახელშეკრულებო პირობებს. მაინც როგორია ისინი?

- მინდა სრულიად თავისუფალი ვიყო, სერ, და არა რაღაც ურიცხვი მოვალეობით შეზღუდული. გახსოვთ თუ არა, რა თქვით სელინ ვარენსზე? ან იმ ბრილიანტებსა და ქიშმირის საკაბეებზე, რომლებიც მასთან მიგქონდათ საჩუქრად. მე არ ვიქნები თქვენი ინგლისელი სელინ ვარენსი. მსურს, გავაგრძელო შრომა, როგორც ადელის აღმზრდელმა ქალმა. ამით მე გამოვიმუშავებ თავის შესანახსა და ბინის გადასახადს, გარდა ამისა, ოცდაათ გირვანქას წელიწადში. ამ შემოსავლით მე ჩავიცვამ და თქვენ მოგთხოვთ მხოლოდ...

- მხოლოდ რას, ჯეინ?

- პატივისცემას. და, თუ თქვენც ჩემგან სამაგიეროს მიიღებთ, ურთიერთის ვალში აღარ აღმოვჩნდებით.

- კეთილი, ასეთ ცივ თანდაყოლილ კადნიერებასა და ბუნებრივად შესისხლხორცებულ სიამაყეში ტოლი არ მოგეძებნებათ, - მითხრა მან და ამ დროს ჩვენ თორნფილდსაც მივუხლოვდით.

- ხომ არ ინებებთ ჩემთან ერთად ისადილოთ დღეს? - მკითხა მან, როდესაც ჩვენი ეტლი ალაყაფის კარებში შევიდა.

- არა, გმადლობთ, სერ.

- და რის გამო ამბობთ "არა, გმადლობთ", ნებას მომცემთ, გკითხოთ, ქალბატონო?

- მე თქვენთან არასოდეს მისადილია, სერ, და მიზეზსაც ვერ ვხედავ, რისთვის უნდა დაგემორჩილოთ, სანამ...

- სანამ რა? თქვენ ძალიან დიდ სიამოვნებას განიჭებთ დაუმთავრებელი ფრაზები.

- სანამ სხვანაირად მოქცევა ჩემთვის უკვე შეუძლებელი გახდება.

- ალბათ, ფიქრობთ, რომ კაციჭამიასავით ან სისხლისმსმელი ველურივით ვილუკმები და ჩემთან ერთად ჭამას ერიდებით!

- ასეთი რამ არასოდეს მიფიქრია, სერ, მაგრამ მინდა, ამ ერთ თვესაც ისევე ვცხოვრობდე, როგორც წინათ.

- თქვენ ახლავე დაანებებთ თავს აღმზრდელი ქალის ამ მონურ შრომას.

- არა, სერ. გთხოვთ, მაპატიოთ, მაგრამ მე ამას ვერ გავაკეთებ. ჩემს ჩვეულებრივ საქმიანობას განვაგრძობ, როგორც აქამდე ვიყავი მიჩვეული. მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ერთმანეთს ვერ შევხვდებით, საღამოთი კი მიხმეთ, როდესაც განწყობა გექნებათ, რომ მნახოთ. მაშინ გეახლებით, მაგრამ სხვა დროს კი - არასოდეს.

- მინდა მოვწიო ან ერთი მწიკვი ბურნუთი შევიყნოსო, ჯეინ, რომ ყოველივე იმისაგან, რასაც მეუბნებით, ოდნავ მაინც დავმშვიდდე, პოურ მე დონნერ უნე ცონტენანცე, როგორც ადელი იტყოდა. საუბედუროდ, თან არა მაქვს არც სათუთუნე და არც ბურნუთის კოლოფი, მაგრამ მისმინე, - ჩურჩულით მითხრა მან, - ახლა შენი დროა, პატარა ტირანო, თუმცა იმედი მაქვს, ჩემიც მალე დადგება: შეგიპყრობ, სამუდამოდ ჩემი გახდები, მთლიანად დაგეპატრონები. და ქარაგმულად რომ გითხრა, აი, ასე დაგაბამ ამ ჯაჭვით, - მან თავისი საათის ძეწკვს ხელი შეახო და განაგრძო: - "დიახ, ტკბილი იყავ, პატარავ, წყნარი იყავ, პატარავ, ჩემმა გულმა სათუთად, სიყვარულით გატარა და, შენ გარდა, საუნჯე არც უნდოდა მას".

მითხრა ეს და ეტლიდან გადმოსვლაში მიშველა. სანამ ადელსაც გადმოიყვანდა, შინ შევედი. ასე მოვახერხე თვალთაგან მივფარებოდი და მაშინვე ზედა სართულისკენ გავეშურე.

საღამოს თავის დროზე მიხმო. გასართობი მისთვის უკვე წინასწარ მოფიქრებული მქონდა, რადგან ადრევე გადავწყვიტე, მთელი საღამო მასთან პირისპირ საუბარში არ გამეტარებინა. მომაგონდა მისი საუცხოო ხმა, ისიც ვიცოდი, უყვარდა საკუთარი სიმღერის მოსმენა. საერთოდ, კარგ მომღერლებს ასე სჩვევიათ. მე თვითონ ხმა არ მქონდა და, მისტერ როჩესტერის მკაცრი შეფასების შემდეგ, ისიც ვიცოდი, მუსიკოსად არ ჩავითვლებოდი, მაგრამ კარგ შემსრულებელს კი დიდი სიამოვნებით ვუსმენდი. სარკმლიდან ვხედავდი, როგორ შემოიპარა რომანტიკული საღამო და მიდამოს თავისი მოლურჯო, ვარსკვლავებით დაწინწკლული პირბადე გადააფარა. სწორედ მაშინ ავდექი, როიალთან მივედი, ავხადე და ზეციური მამა დავაფიცე, რამე ემღერა ჩემთვის. მან სასწაულმოქმედი ჯადოსანი მიწოდა და უმჯობესად ჩათვალა, ეს საქმე სხვა დროისთვის გადაედო, მაგრამ ვუმტკიცებდი, რომ იმ წუთებს ვერაფერი შეედრებოდა.

- მოგწონს ჩემი ხმა? - მკითხა მან.

- ძალიან.

არ მიყვარდა მისთვის ხოტბის შესხმა, რადგანაც მის მედიდურ ბუნებას კარგად ვიცნობდი, მაგრამ ერთხელ და ისიც გარკვეულ მიზეზთა გამო, მიზანშეწონილად ვცანი, პირფერობით შემეგულიანებინა.

- მაშინ, ჯეინ, აკომპანიატორობა შენ უნდა იკისრო.

- კეთილი, სერ, შევეცდები.

მე მართლაც ვცადე, მაგრამ მან მაშინვე წამომაყენა სკამიდან და "პატარა ფინაჩი" მიწოდა. მერე სრულიად უბოდიშოდ ოდნავ ხელი მიბიძგა და გვერდით დამაყენა. მეც, რასაკვირველია, სწორედ ეს მინდოდა. მან ჩემი ადგილი დაიკავა როიალთან და დაკვრა დაიწყო. მას დაკვრა ისევე კარგად შეეძლო, როგორც სიმღერა. მე კი ფანჯრის წალოში ჩამოვჯექი და შიგნით შევიმალე. იქიდან გავცქეროდი უმოძრაოდ გაშეშებულ ხეებსა და ბურუსში გახვეულ მოლს. ის კი ტკბილი, ხავერდოვანი ხმით ასეთ სიმღერას მღეროდა:

ჯერ არნახული და ჭეშმარიტი

როს გულმა იგრძნო ეს სიყვარული,

აფეთქდა ძარღვში სისხლი ნარინდი,

ყოფნის ხალისით ვერდაფარული.

მფენდა იმედებს, როს მოდიოდა;

როს მშორდებოდა - მუდამ მტკიოდა

და ლოდინისგან იმის მოსვლამდე

ჩემს სულში ყინვა შემოდიოდა.

ნეტარ ოცნებად მქონდა ქცეული;

ვით მე მიყვარდა, მას ვყვარებოდი.

მისი მშვენებით დაბრმავებული,

მისი წყურვილით, ნდომით ვკვდებოდი.

მაგრამ ჩვენ შორის ჩადგა უფსკრული;

გაჰყარა ჩვენი ცხოვრების გზები,

გადმოსკდა ღვარი ქაფმოდებული

და ოკეანის მწვანე ზვირთები.

და გაჩნდა, როგორც ქურდთა ბილიკი

უღრან ტყეში თუ უდაბურ ველად,

ძალა, უფლება, რისხვა თუ მტრობა

ჩვენი სულების გასათიშველად.

ვძლიე ხიფათი და დაბრკოლება,

შიშს და სიმხდალეს არ ვეზიარე,

ბევრი მუქარა და შებრძოლება

შეუდრეკელად გამოვიარე.

ჩემს ცისარტყელას მივაქროლებდი,

ოცნებას მე ვერ გადამაჩვიეს,

მარად დიდებულს, თაყვანსა ვცემდი

მზისა და წვიმის ლამაზ ნაშიერს.

ტანჯვათა შორის ახლაც მინათებს,

ვით სიხარული ვერდაფარული,

და ამიტომაც აღარ მადარდებს

ათასი ჭირი შემოჯარული.

ამ ნეტარ წამში მე არას ვდარდობ!

თუმც, იქნებ, ყველა არ ვძლიე იმ დროს.

რკინის ფრთასხმული სრულიად მარტოს

შურისძიებით გამომეცხადოს.

იქნება ზიზღმა გამანადგუროს;

წინ გადამიდგეს უფლება, ნება;

ძალამ დამლახვროს და არ დამინდოს,

ყველა მათგანი გადმექცეს მტრებად.

მე ჩემმა სატრფომ პაწაწა ხელი

ხელში ჩამიდო და დამიფიცა,

რომ სიყვარულში შეუღლებულნი

შევირწყმებოდით მეც და ისიცა.

სიკვდილში გვერდით რომ მეყოლება,

ბეჭდად ამბორი დაურთო სიტყვას

და მე მეღირსა ეს ნეტარება:

ვუყვარვარ ისე, როგორც მე მიყვარს.

სიმღერა დაამთავრა თუ არა, მისტერ როჩესტერი წამოდგა და ჩემკენ გამოემართა. შევნიშნე, მღელვარებისგან აწითლებულიყო; შევარდნისებურ თვალებში მოციმციმე სხივი უკრთოდა და სახის ყოველი ნაკვთიც უჩვეულო სითბოსა და მგზნებარე სიყვარულზე მეტყველებდა. წამიერად შევკრთი, მაგრამ მალევე გონს მოვედი. არც უნაზესი სცენების ხილვა მსურდა და არც ასეთი თავაწყვეტილი გრძნობებით თამაში. მაგრამ ვიგრძენი, რომ ორივე მხრივ განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი. თავდასაცავი იარაღი უნდა შემერჩია... მეც, ბასრი მახვილივით, ენა მოვიმარჯვე და, როგორც კი მისტერ როჩესტერი მომიახლოვდა, კადნიერად ვკითხე, მაინც ვისზე აპირებდა ჯვრის დაწერას.

- რა უცნაურ რამეს მეკითხება ჩემი ძვირფასი ჯეინი.

სწორედაც, მეტად ბუნებრივი და აუცილებელი იყო ჩემი შეკითხვა. ის სულ რამდენიმე წუთის წინ მღეროდა, რომ მისი მომავალი მეუღლეც მასთან ერთად უნდა განშორებოდა ამ წუთისოფელს. მერედა, რას გულისხმობდა ამ წარმართულ აზრებში?

შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ სრულიადაც არ ვაპირებ სიკვდილს მასთან ერთად. ის კი მხოლოდ იმას ნატრობდა და იმაზე ლოცულობდა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში არ განვშორებოდი. სიკვდილი ისეთებისთვის არ არის მოგონილი, როგორიც მე ვარ.

მართლაც ასეა, როცა დრო მომივა, მეც ისეთივე უფლება მაქვს მოვკვდე, როგორიც მას, მაგრამ მინდა, იმ დრომდე ვიცოცხლო და, ჟამგადასული წესისამებრ, მეუღლის ცხედართან ერთად არ დავიმარხო.

ნუთუ შევძლებ, ვაპატიო მას ეს ეგოისტური აზრი და ამ პატიებისა და შერიგების ნიშნად კოცნას მივუძღვნი? - არა, უმჯობესია თავისუფალი ვიყო.

აქ შემომესმა, როგორ მიწოდა მან "პატარა ბოროტი ქმნილება~ და თანაც დაუმატა, სხვა ქალი, ალბათ, სულით ხორცამდე დადნებოდა, ასეთი სახოტბო ლექსი რომ ემღერათ მისთვისო.

მე კი ვარწმუნებდი, რომ ბუნებით მკაცრი და ჯიუტი ვიყავი და ყოველივე ეს ხშირად შეეძლო თავისი თვალით ენახა მომავალში. გადავწყვიტე, მთელი ამ ერთი თვის განმავლობაში, თუკი ხასიათში რაიმე ნაკლი გამაჩნდა, მხოლოდ ის გამომემჟღავნებინა მის წინაშე. ჯობდა, სანამ ჯერ კიდევ გვიან არ იყო, სცოდნოდა, რა ტვირთის ზიდვაც იკისრა.

ნუთუ, დავმშვიდდები და ოდესმე გონივრულად ვესაუბრები? თუკი მოისურვებდა, დამშვიდება შემეძლო, მაგრამ მოფიქრებულ და გონივრულ საუბარზე კი რა მოგახსენოთ, მხოლოდ თავს ვიტყუებდი. ის კი აღშფოთებული იყო. თავისთვის რაღაცას დუდუნებდა და მოუთმენლობა ეტყობოდა. "ძალიან კარგი, - ვფიქრობდი ჩემთვის. - შეგიძლიათ აღშფოთდეთ და მოუსვენრად გაატაროთ დრო, რამდენიც გენებოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თქვენ წინაშე სწორად მოქცევის ხერხი მხოლოდ ეს არის. იმაზე მეტად მიყვარხართ და მომწონხართ, ვიდრე სიტყვებს ძალუძთ გადმოსცენ ჩემი გრძნობა, მაგრამ მის სიღრმეში ვერ ჩავიძირები. ამ ბასრი, გონებამახვილური სიტყვებით უნდა შევძლო, როგორმე შეგაჩეროთ უფსკრულის პირას. გარდა ამისა, რაც უფრო მეტად განმტკიცდება ამ მწარე-მწარე ფრაზების გავლენა, მით უფრო შევძლებ შევინარჩუნო მანძილი ჩვენ შორის, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება ჩვენს მომავალ ურთიერთობაში~.

თანდათანობით საშინლად გავაღიზიანე და, როდესაც ის, ასე აღშფოთებული, ოთახის მეორე ბოლოში განცალკევდა, წამოვდექი და ჩავილაპარაკე: - ღამე მშვიდობისა, სერ. - სრულიად ჩვეულებრივ, როგორც ყოველთვის, ჩემთვის დამახასიათებელი მოკრძალებით, ჩუმად გამოვედი განის კარიდან და ჩემი ოთახისკენ გავეშურე.

ასე გრძელდებოდა თითქმის მთელი ამ თვის განმავლობაში, ვცდიდი ჩემს თავს. საბედნიეროდ, წარმატებასაც მივაღწიე. თუმცა ის მეტად შეშფოთებული და გაავებული იყო, ჩანდა, რომ ასეთი საქციელი უფრო ართობდა. კრავისებური მორჩილება და გვრიტისებური ღუღუნი მის დესპოტიზმს კიდევ უფრო გააღვივებდა, მაგრამ მის აზროვნებაზე, საღ გრძნობებსა და გემოვნებაზე კი მეტად უფერულ შთაბეჭდილებას მოახდენდა.

უცხო ადამიანთა თანდასწრებით მე ძველებურად პატივისმცემელი და მოკრძალებული ვიყავი. სხვაგვარი ქცევა სრულიად უადგილოც იქნებოდა. მხოლოდ საღამოობით, შეხვედრის დროსღა თუ გავუწევდი წინააღმდეგობას და რამეს ვაწყენინებდი. ყოველდღე, შვიდ საათზე, ის თავის ოთახში მიხმობდა ხოლმე, მაგრამ, როცა ახლა მის წინაშე წარვდგებოდი, ის საალერსო და თაფლივით ტკბილი სიტყვებით, როგორიც იყო "საყვარელო" და "ძვირფასო", უკვე აღარ მიმასპინძლდებოდა, არამედ "უტიფარ თოჯინას", "ავგულ ჭინკას~, "ალქაჯს", "მაქციას" და სხვა ამგვარ სახელებს მეძახდა. ალერსის ნაცვლად მემანჭებოდა, ხელის ჩამორთმევის მაგიერ მკლავზე მჩქმეტდა და კოცნის მაგიერ ყურს მწიწკნიდა. მაგრამ ამაში ცუდს მაინც ვერაფერს ვამჩნევდი. ალერსს ბევრად მერჩია ასეთი უხეში მოპყრობა. როგორც ვამჩნევდი, მისის ფეიერფექსიც ამართლებდა ჩემს საქციელს და მისი შიშიც თანდათანობით გაქრა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კარგად ვიქცეოდი. მისტერ როჩესტერი კი მთელი ამ დროის განმავლობაში მარწმუნებდა, რომ მის ჯანმრთელობას ბოლოს ვუღებდი. ამიტომ იყო, რომ გამუდმებით მემუქრებოდა, მოკლე ხანში ჩემი ასეთი საქციელის გამო საშინელი შურისძიებით გასწორებას მპირდებოდა. მის ასეთ მუქარას მე მხოლოდ დავცინოდი. - ახლა უკვე შემიძლია გონივრული საქციელით ხელში დაგიჭიროთ, - ვფიქრობდი ჩემთვის, - და, ეჭვიც არ მეპარება, მომავალშიც კარგად შევძლებ. თუ ერთი ხერხი დაკარგავს მძლეთამძლე ძალას, მეორეს გამოვიყენებ.

თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ჩემი ამოცანა არცთუ ისე ადვილი იყო. ძალიან ხშირად თვითონ მსურდა ალერსიანი ვყოფილიყავი და გული არ მეტკინა მისთვის. ჩემთვის მთელ ქვეყნიერებად მხოლოდ ჩემი მომავალი მეუღლე იქცა. ხშირად მასზე ძვირფასადაც მიმაჩნდა. ის იყო ზეციური იმედი და ისე იდგა ჩემსა და რელიგიურ რწმენას შორის, თითქოს ადამიანსა და მანათობელ მზეს შორის ბნელი ჩრდილი ჩამდგარიყოს. იმ დღეებში მე ღმერთის არსებობაც აღარ მახსოვდა, რადგან დამატყვევა მისივე ძალით შექმნილმა ქმნილებამ, რომლისგანაც თაყვანსაცემი კერპი შევქმენი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში