ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიVI) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიVI)

ძლივს მივლასლასდი სამსახურში და აღმოვაჩინე, რომ ჩემს მბრუნავ სავარძელში ფეხი ფეხზე გადადებული ბათო იჯდა და ჩემს მაგიდას "წრეებს ურტყამდა".

"ესღა მაკლდა". -გავიფიქრე უარესად შეწუხებულმა, ჩემს ბედს კიდევ ერთხელ შევუკურთხე გულში და კბილი კბილს დავაჭირე, რომ თანაკურსელი არ გამომელანძღა.

-შენ აქ საიდან გაჩნდი, უნებართვოდ ვინ შემოგიშვა?

-ჯერ ერთი, დილა მშვიდობისა. მეორეც, ნება დამრთეს, როცა გაიგეს, რომ შენს სანახავად ვიყავი მოსული. როგორი პოპულარული ყოფილხარ თანამშრომლებში, ეგრევე თავაზიანობად დაიღვარნენ, ყავაც კი მომიდუღეს, -მითხრა და ნალექით გატენილი ყავის ფინჯანი ცხვირწინ "ამიფრიალა".

-მაპატიე, მაგრამ ჩემი უფროსი ძალიან მკაცრია. ახლა რომ შემოვიდეს და ჩემს სავარძელში დაგინახოს, სერიოზულად მომხვდება.

-ოჰ, უკაცრავად, ვდგები, ვდგები, -დანებების ნიშნად ბათომ ორივე ხელი ასწია და მაშინვე ადგა.

-სახლში ვერ მოხვიდოდი? ჩემთვის არ არის სასიამოვნო, როცა ვინმე სამსახურში მაკითხავს. სწორად გამიგე.

-რატომ, ჭორაობა რომ არ დაიწყონ? -ხელები ჯიბეებში ჩაიწყო და დაჟინებით დამიწყო თვალიერება.

-რა უცებ მიხვდი, -დავგესლე.

-მაგრად კი გამოიყურები.

-ნუთუ... -ირონიას არ ვეშვებოდი, -ახლა კი, არ გეწყინოს, მაგრამ შენი წასვლის დროა, რადგან ჩემი სამუშაო საათები დაიწყო.

-რა თქმა უნდა, წავალ, რა იყო, ასე რამ გაგაცოფა, გიტყდება ჩემი დანახვა?

მისმა სიტყვებმა შემაცბუნა. როგორც ჩანს, გუშინდლის არ იყოს, ისევ გადავამლაშე.

-არა, რატომ უნდა მიტყდებოდეს, უბრალოდ, ძალიან ცუდად ვარ და ამან ხასიათიც გამიფუჭა. მართლა, რისთვის მოხვედი?

-მინდოდა, დღეს ერთად გვესადილა. შესვენება ხომ გაქვს? შემოგივლი.

-არა, არ შემიძლია. თავზე მაყრია საქმე, სასწრაფოდ უნდა მოვასწრო საღამომდე, ამიტომ სამწუხაროდ, უარი უნდა გითხრა.

-გასაგებიაააა. ცხრაასი ბოდიში, ბატონო. მაშინ სხვა დროს იყოს. იმის უფლება მაინც ხომ მაქვს, წინასწარ დაგირეკო და ისე შეგითანხმდე შეხვედრაზე?

-კი, როგორ არა, ოღონდ რამდენიმე დღეში, ეს კვირა ძალიან დაკავებული ვარ. -აგდებულად მივუგე, ვაგრძნობინე, ფეხებზე მკიდია შენი შეთანხმებები-მეთქი.

როგორც კი ბათო გავიდა, სავარძელში ჩავეშვი და მწარედ ამოვიკვნესე. რა გაუგებარი ვინმეა. ჰგონია, რადგან სიმპათიურია, ყველა ქალი მას მიახტება. საერთოდ არ მომწონს. სწავლის პერიოდი რომ არ მაკავშირებდეს მასთან, არასდროს მოვიკითხავდი. თან არაფერს მეუბნება, თორემ ეგრევე მივახლიდი, შენს შეყვარებას არ ვაპირებ-მეთქი. თქვას მაინც მაგ დალოცვილმა, ან თავს რატომ იტანჯავს, ან მე რატომ მტანჯავს?

ამ ფიქრებში ვიყავი გართული, შიდა ტელეფონმა რომ დარეკა. ყურმილს დავწვდი.

-ერთი საათის განმავლობაში არავისთან დამაკავშიროთ! -გაისმა შეფის ხმა.

ტელეფონის ხაზიდან გამომავალ შიშინა ბგერებსაც კი არ შეეძლო ჩაეხშო ის ჰიპნოზური ძალა, რომელიც მირზას ძლიერი, ღრმა ხმისგან მოდიოდა... იმწამსვე სული ტერფებში გამეპარა. გაჭირვებით გადავყლაპე ნერწყვი, შეძლებისდაგვარად ჩავიწმინდე ხმა და ვუპასუხე:

-გასაგებია.

მართლაც, ნახევარი საათის განმავლობაში რამდენიმე ზარი "მოვიგერიე", მაგრამ მორიგ ზარზე რომ ყურმილი ავიღე და ქეთის ხმა გავიგონე, დავიბენი. ახლა რა უნდა მექნა?

-ქალბატონო ქეთი, ბატონი მირზა დაკავებულია. იქნებ ნახევარ საათში დაურეკოთ? ან... გნებავთ... რა გადავცე?

-საჩქარო არაფერია, ანიკა, -ხალისიანად მიპასუხა ქალმა, კარგ გუნებაზე ჩანდა, -მარტო ვარ და ვიფიქრე, დავურეკავ-მეთქი. მართლა, ხომ არ გაცივდით იმ ღამეს?

-არა, არა, კარგად ვარ. მადლობაც ვერ გითხარით, ისე გამოვიქეცი, -ვპასუხობდი და დიდი მონდომებით ვცდილობდი, ხმა არ ჩამხლეჩოდა, -ძალიან კი შეგაწუხეთ. როგორი ყურადღებიანი ყოფილხართ.

-არაფრის, ჩემო კარგო, რა სამადლობელი ეგაა. სტუმარი ღვთისაა, -ისევ იმავე ხალისით მომიგო, ოდნავადაც არ შეეშფოთებინა იმას, რომ მისმა საყვარელმა ღამე სხვასთან ერთად გაატარა, თანაც მისსავე სახლში, -კარგი საღამო კი გამოგვივიდა. მინდოდა, მომეკითხა მირზა და მეთქვა, ჩემი მეუღლე როგორი კმაყოფილი დარჩა. სულ მირზას ხსენებაშია იმ დღის მერე. -ქაქანებდა ქალი ისე, თითქოს ქმრის სიყვარულით გული უსკდებოდა.

აბა, მირზაშვილისგან რა უნდა? გაოცებული ვიყავი.

-კარგი, ანიკა, დაგემშვიდობები, საყვარელო, -კვლავ ჩაიჟღურტულა ქეთიმ და უცებ ყურმილი ხელში გამიშეშდა.

ოი, რა ბატისტვინა ვარ. აფცხი! -დავაცემინე და ფიქრი გავაგრძელე. ესე იგი, რა გამოდის? მირზას ქეთისთან "იმნაირობა" არ აკავშირებს? იმ დღის მერე არც შეუვლია, არც მოუკითხავს?

თავი გამოუსწორებელ დამნაშავედ ვიგრძენი. გავიხსენე მირზას სატელეფონო საუბრებიც. თურმე ყველაფერი ეს მხოლოდ ქაქანი იყო და სხვა არაფერი.

ქეთისთან მირზაშვილის ურთიერთობას გამამართლებელი განაჩენი რომ გამოვუტანე, ახლა ფიქრით სხვა ქალებს გადავწვდი, აკლებული რომ ჰქონდათ ოფისის ტელეფონი. აბა, რომელია მისი საყვარელი? იმ დღეს რომ ეჩხუბა და უნებლიე მოწმე გავხდი, ის ხომ არა? მაგრამ ის ისე დაიფრინა, რომ... ოხ, რა მეშველება! რა გავუწყალე ამ კაცს გული, ახალი თავსატეხი გავუჩინე. რა ჩემი საქმეა, ვინ ვინ არის? -საკუთარ თავზე გავგულისდი, თან ისე მიჭერდა ცხვირში, სუნთქვა არ შემეძლო და თავიც მისკდებოდა ტკივილისგან. ზედიზედ ცემინებამ ხომ სრულებით მომიღო ბოლო. ისე მაჟრიალებდა ტანში, ლამის იყო, ავკანკალებულიყავი. მამცივნებდა. ასეთ საძაგელ მდგომარეობაში არასოდეს ვყოფილვარ. აააფცხი! -ისევ დავაცემინე და მირზაშვილმაც გამოაღო კარი.

სავარძელს მიველურსმნე შეშინებული.

-ეს რას ნიშნავს, გავცივდით? სიცხეც ხომ არ გვაქვს? -თბილი ღიმილით მომმართა.

-ეტყობა, სურდო დამეტაკა, -საცოდავად ამოვიკნავლე და ცხვირზე წავივლე ხელი, რომ ნესტოებთან მომდგარი ცემინება შემეკავებინა.

-ეგ სურდო კი არა, ვირუსია. ახლავე შინ წადით! -ჩვეული ტონით მიბრძანა, ღიმილი კი თავის სითბოიანად გაუქრა სახეზე.

-არა, რას ამბობთ! ცუდად არ ვარ. არა უშავს, ცოტა ხანში გამივლის, -თავი ჯიუტად გავაქნიე, ამასობაში დაცემინება თითებშუა "გამისხლტა", -თან ბევრი საქმე მაქვს.

-თქვენ გინდათ, მეც მომცელოს ვირუსმა? ხომ იცით, ის ისევე გადამდებია, როგორც თქვენი სითბო, მაგრამ ვირუსის აკიდება ნამდვილად არ მინდა, სითბოზე კი არ ვიტყოდი უარს. -ხუმრობანარევი ტონით მითხრა, ჩემი პალტო საკიდრიდან ჩამოხსნა და ხელში მოიმარჯვა.

-აქ მათი სიაა, ვინც ამ დილით დაგირეკათ, -მივუთითე ბლოკნოტზე და უხალისოდ გავუყარე ხელები პალტოში.

მირზამ პალტოს საყელოდან თმა მზრუნველად ამომიწია და უნებურად მისი თითები ჩემს ყელს შეეხო.

-ვაიმე, ანიკა, იწვით... ასეთ მდგომარეობაში როგორ უნდა წახვიდეთ?

-არაფერია, უბრალოდ, გაცივებული ვარ, ფილტვების ანთება კი არ დამმართვია! -ვიმართლე თავი აჭარხლებულმა.

-ჰოდა, თუ ახლავე არ მიხედავთ თავს, დაგემართებათ! -უეცრად აბობოქრდა, -ერთხელ უკვე გითხარით, სულაც არ მინდა, ჩემ გამო ფილტვების ანთება დაიმართოთ-მეთქი!

თავი დამნაშავედ ვიგრძენი და გადავწყვიტე, მომებოდიშებინა:

-ბატონო მირზა... -მაგრამ სიტყვის დასრულება ვერ მოვასწარი, რომ ისევ დამაცემინა, თან ვერც პირზე ხელის აფარება გამომივიდა დროულად.

-ახლავე გასწიეთ შინ და ჩაწექით! -ისევ მიბრძანა.

-მივდივარ. -ჩავილუღლუღე სიცხისგან გათანგულმა და კარს მივაშურე...

მთელი დღის განმავლობაში მეძინა. ერთხელ წავართვი ძილს თავი, ისიც იმიტომ, რომ ბებიამ დამირეკა და რაღაცაზე დიდხანს მელაპარაკა, მაგრამ აღარ მახსოვს, რაზე. შემდეგ ისევ მკვდარივით ჩამეძინა.

მეორე დღეს ოდნავ უკეთ ვიგრძენი თავი, წამლებმა მიშველა. საღამოს მირზაშვილმა დამირეკა და მომიკითხა.

-ექიმი ხომ არ გჭირდებათ, ანიკა? -ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე მკითხა.

-არა, არა, გმადლობთ! -შევძახე და კინაღამ გული ამომივარდა.

-საშინელი ხმა კი გაქვთ და...

-არც გარეგნულად ვარ დიდად კარგი სანახავი.

მირზას არაფერი უთქვამს, არც გამომშვიდობებია, მობილური გათიშა. ცოტა არ იყოს, მეწყინა, მაგრამ რაღას ვიზამდი, ისევ საბანში გავეხვიე.

ხველება მახრჩობდა, რომ არა ეს ხველება, მთელ კვირას ვიძინებდი. მაგრამ ისე მქონდა ყელი ჩახლეჩილი, ნერწყვის გადაყლაპვა მიჭირდა. წინაღამეს წარამარა მახველებდა, ბალიშზე არ დამადებინა თავი. არც ახლა მადგა უკეთესი დღე, თან წინ უგრძესი ღამე მელოდა.

ისევ ჩამთვლიმა. მოულოდნელად კარზე ზარის ხმა გაისმა. რის ვაი-ვაგლახით გამოვძვერი ლოგინიდან, ხალათი მოვისხი და კარის გასაღებად წავფრატუნდი...

ზღურბლზე მირზაშვილი ამესვეტა.

-მომატყუეთ! -გამომიცხადა და ყურადღებით დამიწყო თვალიერება.

ეს იმას ნიშნავს, რომ არცთუ ცუდად გამოვიყურები -დავასკვენი და ცოტათი დავმშვიდდი.

ჩემი შეფი მიპატიჟებას აღარ დაელოდა, შინაურივით შემოალაჯა ჰოლში და პირდაპირ სასტუმრო ოთახისკენ გაიჭრა.

-ჩამოჯექით, თორემ წაიქცევით, -ისვე ბრძანების ტონით მომმართა და ჩანთიდან პაკეტების ამოლაგება დაიწყო, -წამლები მოგიტანეთ.

გული ისე ამიჩუყდა, ტირილი მომინდა.

-მთელი საუკუნე გავიდა... -ჩურჩულით ამოვთქვი და ნერწყვი ძლივს გადავაგორე, რომ არ ავცრემლებულიყავი.

-როდიდან? -დაინტერესდა მამაკაცი და დივანზე ჩემ გვერდით ჩამოჯდა, -მას შემდეგ, როცა ვიღაც თქვენზე ზრუნავდა?

-დიდი მადლობა, რომ შეწუხდით. მქონდა წამლები, რატომ დაიხარჯეთ.

მოულოდნელად ხარხარი აუტყდა.

-ჩემს ჯიბეს უფრთხილდებით, ანიკა?

-თავს ყოველთვის უხერხულად ვგრძნობ, როცა ჩემი გულისთვის იხარჯებიან.

-და ეს ხშირად ხდება?

გავწითლდი.

-არც მახსოვს, ბოლოს ეგ როდის მოხდა, -დარცხვენილმა გავიღიმე.

მირზაშვილი რამდენიმე წამს დაჟინებით მიმზერდა, მერე კი გაიხუმრა:

-მაშინ ამით უნდა ვისარგებლო... თქვენ ხომ ასეთი მკაცრი ხართ ჩემ მიმართ...

-ბატონო მირზა, უნდა მოგიბოდიშოთ... -საუბრის თემა შევცვალე და ტრაგიკულად ამოვიხავლე, ხმა სრულებით წამრთმეოდა.

-ასეთი რა ჩაიდინეთ?

-ქალბატონ ქეთიზე რომ ვიეჭვიანე. ასე არ უნდა მეფიქრა...

-ვერაფერს ვიტყვი, დროის შერჩევა გეხერხებათ! -მითხრა, -ეს წამლები რომ მოგიტანეთ, იმის "საფასურია" თუ გულით ინანიებთ? კარგი, კარგი, ვხუმრობ, ნუ იბუსხებით ასე. სხვა დროს ერთ-ორ "ტკბილ" სიტყვას გეტყოდით ასეთი "გონივრული ეჭვისთვის", მაგრამ ახლა ცხვირდასივებულს და გასაცოდავებულს რომ გხედავთ, ენა ვერ მიბრუნდება თქვენს დასატუქსად.

-ღირსი ვიქნები, დავიმსახურე, -ცოტა არ იყოს, პათეტიკურად გამომივიდა.

-ფრთხილად, მეორე უკიდურესობაში არ გადავარდეთ და მლიქვნელობა არ დაიწყოთ ახლა. საჭმელი გაქვთ რამე?

-მაქვს. მე და ბებიაჩემი ყოველთვის ბლომად ვყიდულობთ პროდუქტს. -ვთქვი და ისევ ხველა ამიტყდა.

-მაშინ გამოდის, მხოლოდ ხველების წამალი უნდა მოგიტანოთ... -დაასკვნა და ეგრევე დაამატა, -ხშირ-ხშირად.

გამეღიმა.

-მიიღეთ ეს წამლები და დროზე გამოჯანმრთელდით. აბა, თქვენ იცით, არ მოიწყინოთ. თუ რამე დაგჭირდეთ, არ მომერიდოთ. ჩათვალეთ, რომ დროებით თქვენი პატრონი მე ვარ. -ამ სიტყვებით ლოყაზე მიჩქმიტა და წავიდა.

მთელი საღამო მასზე ვფიქრობდი. წამლებიც დავლიე და ჩემდა გასაოცრად, მისი მოტანილი ხველების წამალი და მასზე ფიქრიც ისე მომიხდა, რომ იმ ღამეს მკვდარივით დამეძინა და დილამდე ფეხი არ გამინძრევია.

მეორე დილით, თვალი გავახილე თუ არა, მირზაშვილი კვლავ თავზე დამადგა -კიდევ მომიტანა წამლები. მართლა ასე ხშირ-ხშირად აპირებს აბებით ჩემს მომარაგებას? კინაღამ გამეცინა.

მადლიერებისგან გული გასკდომაზე მქონდა, მაგრამ თავს აშკარად უკეთ ვგრძნობდი.

-ეს კიდევ მზა კერძებია, რომ სამზარეულოში დიდხანს ტრიალმა არ მოგიწიოთ. ბევრი არაფერი, ხაჭაპური, ლობიანი და პიცაა, დღეს გეყოფათ. -მითხრა, ყველაფერი სამზარეულოს მაგიდაზე დაალაგა და წავიდა.

ისე ვიყავი გახარებული მისი მზრუნველობით, ჰაერში აწეული დავდიოდი. ვგრძნობდი, რომ ყველა თანამშრომლის მიმართ როდი იჩენდა ასეთ გადამეტებულ ყურადღებას. რადგან გამომარჩია, ესე იგი, სხვა "რაღაცაშია" საქმე. ყოველ შემთხვევაში, ბოროტი ზრახვების ვერაფერი შევატყვე.

საღამოს ქალაქის ტელეფონმა ატეხა წკრიალი.

-როგორ არის ჩემი მდივან-თანაშემწე? -გაისმა მირზას "დაცემა" ხმა.

-რა კარგია, რომ დარეკეთ, -წამოვიძახე გახარებულმა.

-ხმა გამოგკეთებიათ, სამოცდაცხრა წლის ქალივით აღარ "ხრიწინებთ".

ეგ "ხრიწინებთ" ვერ გავიგე, რას ნიშნავდა, მაგრამ რას დავეძებ? მთავარია, ვახსოვვარ.

-უკეთ ვარ... ბევრად... კარგადაც კი. ორშაბათს სამსახურში გამოვალ.

-ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ სრულიად გამოჯანმრთელდებით. ხველებები და წვინტლები არ დამანახვოთ იცოდეთ. -წამომიყენა შეფმა პირობები.

-გასაგებია, ექიმო! -ღიმილით დავეთანხმე.

-უკვე ექიმიც გავხდი არა? -გაიცინა, -იმედია, შაბათ-კვირისთვის რამე ისეთი არ დაგიგეგმავთ.

-ბებიას მონახულება მინდოდა, მაგრამ ალბათ ვერ გავრისკავ, ვაითუ, ისევ გავცივდე, თუმცა აქეთ ვაპირებ ჩამოყვანას.

-მეც რომ მოვინახულო, ვითომ რამე დაშავდება?

გაოცებისგან ლამის მეტყველების უნარი დავკარგე, მაგრამ მსწრაფლ მოვუხმე გონებას.

-კი ბატონო, მობრძანდით.

-არა, თქვენთან კი არა, წილკანში რომ ჩავიდეთ. ანუ მე რომ წაგიყვანოთ ჩამოსაყვანად.

-თქვენ როგორ შეგაწუხოთ? -ამის თქმაღა მოვახერხე.

-ჯერ ერთი, გავიწყდებათ, რომ ქალბატონმა ნინუცამ ფინჯან ჩაიზე დამპატიჟა, ამიტომ მიწვევაზე უარის თქმა უზრდელობაში ჩამეთვლება. მეორეც, ძლივს დაგაყენეთ ფეხზე და ისევ რომ გამიცივდეთ, თავი მექნება მოსაკლავი. იცით, რამდენი საქმე დაგიგროვდათ ამ სამ დღეში?

მისი ყოველი სიტყვა მალამოსავით მეფინებოდა გულზე. "ფეხზე დაგაყენეთ", "გამიცივდეთ", "თავი მექნება მოსაკლავი"... თითქოს შეყვარებული მელაპარაკებოდა.

შევთანხმდით, რომ კვირას დამირეკავდა და ერთად მოვიფიქრებდით, რომელ საათზე წავსულიყავით.

შაბათ დილით ბებოს დავურეკე. მოხუცი სიხარულით ცას ეწია.

-შეიძლება ჩემს შეფთან ერთად გესტუმრო ხვალ, ბებიკო, -"შეფს" რომ წარმოვთქვამდი, ინტონაციას საგანგებოდ გავუსვი ხაზი, რომ ბებიას ისევ არ ეკითხა, ეს კაცი შენი საქმროაო?

ჩემდა გასაოცრად, ქალბატონმა ნინუცამ შესაშური მეხსიერება გამოამჟღავნა:

-კარგია, ბებო, თუ მოხვალთ. მე კიდევაც დავპატიჟე ამას წინათ.

საოცარი ქალი იყო ბებიაჩემი. ხანდახან ძალზე მნიშვნელოვანი რამეები ავიწყდებოდა, ხანდახან კი ბოლო წვრილმანამდე ახსოვდა ყველაფერი. უცნაური იყო მისი სკლეროზი, ასეთი არასდროს არავისგან გამეგონა.

კვირამდე ძლივს მოვითმინე. დილით, გათენდა თუ არა, ჯერ ბებიას დავურეკე, იქნებ დაავიწყდა და გავახსენებ, რომ ჩასვლისას თავი არ მომჭრას-მეთქი.

-ბებო, დღეს შეიძლება ჩამოვიდეთ, ხომ გახსოვს, რაც გითხარი ორი დღის წინ?

-რომ იცოდე, რა დრო ვატარეთ, ანი, გაოცდები, ბებია. სად არ ვიყავით, რა არ მოვიარეთ... ისე დაგვაღამდა მე და შენს ბიჭს, არც გაგვიგია.

წამით ვიფიქრე, ალბათ კვლავ შემოუტია საწყალ ბებიაჩემს სკლეროზმა-მეთქი, მაგრამ ისეთი ენთუზიაზმით განაგრძნობდა თხრობას, პირი დავაღე: -გზად ყავა დავლიეთ, მერე, სეირნობით რომ ვიჯერეთ გული, ვისადილეთ კიდეც. სხვათა შორის, მასაც არანაკლებ ჰყვარებია მოტოციკლები. ასე რომ, გვარიანად მოვილხინეთ. დამენანა, შენ რომ არ იყავი.

გაოგნებულმა ხმა ვერ ამოვიღე. ცოტა არ იყოს, შეფიქრიანებულმა დავკიდე ყურმილი. უჩემოდ რატომ წავიდა? გავეფრთხილებინე მაინც. ვითომ მომიფრთხილდა, რომ ისევ არ ჩავვარდნილიყავი ლოგინად? მერედა, ეთქვა მაგ დალოცვილს. ცუდი ის იყო, რომ საყვედურსაც ვერ ვეტყოდი. უმადურობაში ჩამეთვლებოდა. კაცი მთელი კვირა გადამყვა, ლამის ყოველდღე აქ იყო, წამლები და მთელი ხორაგი მოჰქონდა, მირეკავდა... უფრო დიდი საოცრება ის იყო, რომ მთელი დღე ბებოს გვერდით გაუტარებია და აქეთ-იქით დაჰყავდა თურმე. იქნებ ტყუილია და მოხუცის დაბინდულმა გონებამ სურვილი რეალობად აღიქვა? ვერაფერი გავიგე. რა ტიპი იყო ეს მირზა, ვერ მივხვდი -თავგზა ამებნა.

სამზარეულოში გავედი და თითქმის მექანიკურად დავიწყე სადილის მომზადება. როგორც ჩანს, ბებიასთან წასვლა გადაიდო. პირადად მე მირზაშვილთან დარეკვას არ ვაპირებ. თუ უნდა, თვითონ დამირეკოს. რამდენჯერმე მაინც მივედი ტელეფონთან, ხომ არ რეკავდა და ვაითუ, ვერ გავიგონე-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ. ჩემი გულის გასახეთქად, აპარატი ჯიუტად დუმდა. მობილური შარვლის უკანა ჯიბეში ჩავიდე, თუ დარეკა, ძებნამ არ მომიწიოს-მეთქი. არა, არ დარეკა და ვატყობდი, არც აპირებდა.

ბოლოს მაინც არ მომითმინა გულმა და მე თვითონ დავრეკე... ამაოდ, არავინ მიპასუხა.

ნეტავ ვისთან დასეირნობს ამჯერად ის ვაჟბატონი, რომელ მზეთუნახავთანაა? -ბოღმისგან გასივებული ვფიქრობდი და წინ და უკან დავდიოდი სამზარეულოსა და სასტუმრო ოთახს შორის. ამან რომ არ მიშველა, რეაქტიული სისწრაფით კარტოფილის გათლას შევუდექი.

უეცრად კარზე ზარი დაირეკა. ადგილს მოვწყდი და წამში ჰოლში გავჩნდი. კარი გამოვაღე და სადარბაზოში "ის ვაჟბატონი" დავინახე. გაოცებისგან თვალები შუბლზე ამივიდა. რომ აღარაფერი ვთქვი, თვითონ ალაპარაკდა.

-ფეხზე ხართ, ცუდადაც არ გამოიყურებით. -შენიშნა მან.

-ეს-ესაა, გირეკავდით...

-მართლა? -გამომცდელად ჩამეკითხა და მაშინვე ენა მოვიკვნიტე. ნეტავ, რას ვეუბნებოდი, რომ ვურეკავდი. რაში აინტერესებს ახლა ამას, ვურეკავდი თუ არა? ვერ ვისწავლე ჭკუა და ვერც ენა დავიმოკლე...

გაგრძელება შემდეგ ნომერში