ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიVII) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიVII)

მირზაშვილმა ჰაერი შეიყნოსა.

_ რაღაც გემრიელი სურნელი მომდის... რამეს ამზადებთ? _ მკითხა და პასუხისთვის არც დაუცდია, ხელით განზე მიმწია და ოთახში შემოაბიჯა.

_ ბებიას ველაპარაკე...

_ მართლა? ძალიან კარგი. სხვათა შორის, ქალბატონ ნინუცას არც ისე ცუდად აქვს მეხსიერების საქმე, _ მითხრა და თავისი ჯადო თვალები შემომანათა, _ თქვენ კი საუცხოოდ გამოიყურებით, დაგიბრუნდათ სილამაზე. არც კი გეტყოდათ, რომ ავადმყოფობდით.

_ დიდი მადლობა, _ ამოვღერღე, _ რატომ არ დამირეკეთ?

_ უნდა დამერეკა? _ ისეთი გაოცებული მომიბრუნდა, თითქოს საოცარი რამ მეკითხოს.

_ ხომ მოვილაპარაკეთ...

_ ააა! ეგ ხო, მოვილაპარაკეთ, მაგრამ მერე გადავიფიქრე. გარეთ ცივა, თქვენ კი ეს-ესაა, მაღალი სიცხით ლოგინში იწექით. ვაიდა, გაცივებულიყავით, მერე რა პასუხი უნდა გამეცა ბებია-ბაბუებისთვის? მოვარჩინე და ისევ გავაცივე-მეთქი? არ ინაღვლოთ, მშვენიერი დრო ვატარეთ მე და ქალბატონმა ნინუცამ.

ჩემი გაბრაზება სადღაც გაქრა. მივხვდი, რომ საყვედურს ვეღარ ვეტყოდი.

_ თავი ხომ არ მოგაბეზრათ ბებიამ?

_ რას ამბობთ! დიდად ვისიამოვნეთ. ისეთი ჩაის მომზადება სცოდნია, კიდევ და კიდევ მინდოდა დალევა. ჟას-მიიიინ! _ პათეტიკურად წარმოთქვა საჩვენებელთითგაბზეკილმა, _ მე და ბებიათქვენს, ჩვენში დარჩეს და, ბევრ საერთო ინტერესი აღმოგვაჩნდა... ჰოდა... მართლა, სადილად რა გვაქვს? _ მოხერხებულად გადაიტანა საუბარი სხვა თემაზე.

_ კარტოფილს ვწვავ. მაქვს წითელი ტყემლის საწებელი და კიდევ შემწვარი ღორის ხორცი.

უცნაურია. მიუხედავად იმისა, რომ ეს კაცი ჩემი შეფი იყო, თანაც თავი თვითონვე `დაიპატიჟა~, ძალზე უშუალოდ, თავისუფლად იქცეოდა, თითქოს დიდი ხნის მეგობრები ვყოფილიყავით და დიდი მისვლა-მოსვლა გვქონოდეს ერთმანეთთან.

სუფრა გავშალეთ და მაგიდას მივუსხედით. მირზა გემრიელად შეექცეოდა სადილს, კრინტიც არ დაუძრავს სამსახურზე. სამაგიეროდ, ჩემი ოჯახით დაინტერესდა.

_ მამათქვენი მეცნიერი იყო? _ ბებიასთან სტუმრობის `კვალი~ დაეტყო.

_ მთლად მეცნიერს ვერ ვიტყოდი... ისე, სამეცნიერო კვლევებით იყო დაკავებული.

_ ანუ იყო მეცნიერი. აუცილებელი ხომ არ არის, მაინცდამაინც გამოგონებები ჰქონოდა?

_ რბილი და კეთილი კაცი იყო, სულ მუშაობდა და ჩემთვის ვერ იცლიდა.

_ მშობლების სიკვდილის შემდეგ ძალიან გაგჭირვებიათ.

_ მაგრამ გამოვძვერით. საერთოდ, სტაბილურობის მომხრე ვარ, ცოტათი ვკმაყოფილდები. ჩემი ოცნება ფეშენებელური სახლი და მილიონები არასდროს ყოფილა. ვარჩიე, ის ბინა გამეყიდა და შედარებით მოკრძალებულში გადმოვსულიყავი. სამაგიეროდ, მე და ბებიამ იმ წლებში შევძელით თავის გატანა.

_ იმ წლებმა კვალი დაგაჩნიათ. გაუცხოებული ხართ... ცოტა ჩაკეტილი გახდით, არა? გულდახურული...

_ არა, რატომ... _ ავდექი და სუფრის ალაგება დავიწყე, ამით მივანიშნე, რომ ეს თემა ამოწურული იყო, არ მსიამოვნებდა ჩემზე საუბარი.

_ ანიკა, ოდესმე ვინმეს თუ უკოცნია თქვენთვის? _ თითქოს ყრუდ ჩაილაპარაკა.

წარბები ავზიდე, ჩავიცინე და სხარტად მივუგე:

_ თუ მეხსიერება არ გვღალატობს მე ან თქვენ, წინა ორშაბათს შემემთხვა რაღაც მაგდაგვარი. _ ექიდნურად შევახსენე.

_ მაგას რა დამავიწყებს... იქამდე?

_ ეს რა, დაკითხვაა?

_ არა, შეკითხვაა.

_ თანაც, ძალიან პირადული.

_ მერე რა? მე მგონი, ვიმსახურებ გულახდილ პასუხს, არა? მე რომ მსგავსი რამ მკითხოთ, ეგრევე გიპასუხებთ, როგორ არა, თანაც ძალიან ბევრჯერ-მეთქი.

ღიმილი ვერ შევიკავე, მაგრამ პასუხი მაინც არ გავეცი.

_ კარგი, სხვა შეკითხვა ვცადოთ, _ მირზაც ადგა და დაჟინებით შემომაჩერდა, _ სურდომ გაგიარათ თუ ისევ ისეთი ვირუსმატარებელი ხართ? _ ამ სიტყვებით თეფშები ამაცალა, მაგიდაზე დააბრუნა და ხელი მომხვია.

სუნთქვა შემეკრა.

_ რა თქმა უნდა, ჯერ ისევ ვარ.

_ დარწმუნებული ხართ?

_ წყალი არ გაუვა. _ ხმადაბლა ვთქვი და მისი სიახლოვისგან გული გადამიქანდა.

_ მაინც გავრისკავ... _ ჩურჩულით წარმოთქვა და ტუჩებზე წამეტანა.

ჟრუანტელმა მთელ სხეულში ტალღასავით დამიარა. მინდოდა, უსასრულოდ გაგრძელებულიყო ეს კოცნა, მაგრამ ვინ მაცალა? ყველაფერს აქვს დასასრული.

ერთხანს დაბნეული ვიდექი, არ ვიცოდი, რა მეთქვა ან როგორ მოვქცეულიყავი. თვალებს ვერაფერი მოვუხერხე, საითაც უნდა გამეხედა, ყველგან მირზას მზერა დამყვებოდა. ბოლოს ჩავახველე.

_ თუ ამით იმის თქმა გსურთ, დიდი მადლობა, სადილი გემრიელი იყოო, მაშინ გასაგებია თქვენი თავგამოდება.

_ ნუთუ ასეთი ნაძირალას შთაბეჭდილებას ვტოვებ? _ მაშინვე შემიშვა ხელი და განზე გადგა.

სიცილი ვერ შევიკავე და სიტუაციაც უცებ განიმუხტა.

_ ცუღლუტობ! _ თითი დამიქნია და თვითონაც გაიცინა.

ჭურჭელი მხიარული საუბრის თანხლებით გაირეცხა და როცა მირზაშვილის წასვლის დრო მოვიდა, უეცრად სერიოზული სახით მომაჩერდა.

_ თქვენ მე იდეალურად გამიმასპინძლდით, ქალბატონო თანაშემწევ. ამიტომ მინდა, მეც გცეთ პატივი. ხვალ საღამოს თავისუფალი ხართ?

_ ეს პაემანია? _ ენამ წინ გამისწრო და გულში სულ თავ-ბედი ვიწყევლე.

_ არა, ეს ოფიციალური მიპატიჟებაა ოფიციალურ ვახშამზე.

_ საქმესთან დაკავშირებით?

_ რა თქმა უნდა! _ ნახევრად ხუმრობით მომიგო და ვერ მივხვდი, მართალს მეუბნებოდა თუ მატყუებდა, _ ამიტომ საგანგებოდ გამოიპრანჭეთ, რომ თავი მოვიწონო.

_ ბევრნი იქნებიან?

მუნჯურად გადათვალა თითებით ღიმილმორეულმა _ ერთი, ორი, სამი, ოთხი... სასაცილოდ ხრიდა თითებს. ოთხის შემდეგ ისევ უკან დაუყვა და ორზე შეჩერდა.

_ თითზე ჩამოსათვლელად ცოტანი ვიქნებით.

_ ხვალ სამსახურის შემდეგ?

_ აბა, სამსახურს ხომ არ გააცდენთ? დამთავრდება თუ არა 6 საათი, შინ დაბრუნდებით, კოხტად ჩაიცვამთ და მერე მე გამოგივლით... დაახლოებით 60 წუთში.

_ ანუ ერთ საათში?

_ როგორი მიხვედრილი მდივანი მყავს, _ ახარხარდა...

როცა მირზაშვილი წავიდა, თავისუფლად ამოვისუნთქე, ყოველ შემთხვევაში, მუხლები აღარ მიკანკალებდა...

ორშაბათს სამსახურში გამოვცხადდი. ყველამ თბილად მომიკითხა. მირზაშვილიც მეგობრულად მომესალმა, ისე შემხვდა, როგორც რიგით თანამშრომელს. მეც იგივე რეაქცია მქონდა. საღამოს კი, როცა კაბინეტში გამომიძახა, თავი იმაში დავიჭირე, რომ დაჟინებით მივჩერებოდი იმ ტუჩებს, ასე ნაზად რომ მკოცნიდა წინადღეს. როგორც კი შემომხედავდა, მაშინვე თვალს ავარიდებდი, თუმცა შევნიშნე, რომ თვითონაც იმავეთი იყო დაკავებული. პარალელურად, მაგიდაზე დოკუმენტაცია გაეშალა და იმას ჩაჰკირკიტებდა. მერე თავი ასწია და მითხრა:

_ ხუთშაბათს ობიექტზე უნდა გავიდე. დამჭირდებით.

_ მეც უნდა გამოგყვეთ?

_ თქვენ ყველგან უნდა გამომყვეთ, სადაც მოვისურვებ. ასეთია თქვენი თანამდებობა. გასაგებია?

უსიტყვოდ დავუქნიე თავი. მისი მბრძანებლური ტონი მსპობდა და მანადგურებდა.

_ ახლა კი დროა, შინისკენ გასწიოთ, დრო არ იცდის, _ თქვა და მაჯის საათზე დაიხედა, _ ზუსტად შვიდზე თქვენს სადარბაზოსთან ვიქნები დარჭობილი.

კვლავ თავის დაქნევით მივანიშნე, გასაგებია-მეთქი და კაბინეტი დავტოვე....

_ იცი? პირდაპირ გამაოცე, _ მითხრა, როგორც კი მანქანაში ჩავჯექი.

ვიფიქრე, არასწორად გავიგე-მეთქი, ისე ხმადაბლა წარმოთქვა, თან იმწუთას ძრავაც აამუშავა.

_ მაპატიეთ, ვერ გავიგონე, რა მითხარით.

_ პირველ რიგში, მგონი, დროა, მიმართვის ზრდილობიანი ფორმა დავივიწყოთ და გავშინაურდეთ. ხომ მართალი ვარ? ამდენი რამის შემდეგ ცოტა უხერხულიც კი არის, თქვენობით ველაპარაკოთ ერთმანეთს. მეორეც: ვთქვი, გამაოცე-მეთქი. მე კი, თუ სიმართლე გაინტერესებს, არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, სარეკლამო ბუკლეტებივით რომ არიგებენ კომპლიმენტებს.

_ ჰო-ო? _ ისე დავიბენი, სიტყვები ვერ ვიპოვე პასუხის გასაცემად, _ დიდი მადლობა.

ეს ერთი `საკუბოვე~ კაბა მქონდა, მეორადებში ვიყიდე ერთი წლის წინ, შავი, თეთრ საყელოთი. მოკლე იყო, მუხლამდე და წელში გამოყვანილი. ძალიან მიხდებოდა, ჩემი სხეულის `ყველა სიკეთეს~ ერთიანად აჩენდა _ მკერდს, აღნაგობას, ფეხებს...

_ აქამდეც ყოველთვის ლამაზი იყავი, მაგრამ დღეს... უბრალოდ, საოცრად ლამაზი ხარ. _ ამ სიტყვებით ლამის ჩამიძვრა თვალებში, მე კი გავწითლდი.

_ ეს, ალბათ, ტანსაცმლის ბრალია... _ `ვიმართლე~ თავი. რა სულელური ფრაზა ვთქვი. შტერი, შტერი, შტერი!

უცებ გაიცინა.

_ ალბათ დაგაბნიე, არა? მაპატიე, შეგნებულად არ გამიკეთებია. შენ, ალბათ, გახსოვს, მე ერთი საშინელი ნაკლი მაქვს _ ყოველთვის იმას ვლაპარაკობ, რასაც ვფიქრობ.

_ ეგ ერთადერთია, რაც არასდროს მავიწყდება, _ მეც გავიცინე.

მივდიოდით და თვალს არ მაშორებდა. გზას იშვიათად გახედავდა, მე კი ხშირ-ხშირად გამომხედავდა. შემდეგ ნელი მოძრაობით გადააქნია თავი:

_ ასეც ვფიქრობდი... ნამდვილი შავი ოქროს საბადო გაქვს თავზე, _ თქვა და მხარზე დაყრილი ჩემი შავი თმა თითზე დაიხვია, _ ასეთი შეფერილობის თმა არასდროს მინახავს. იღებავ?

_ არა, ბუნებრივად ასეთი ფერია.

_ მელნისფერი დაჰკრავს თითქოს, არა?

_ ჰო. ბებიასგან მაქვს.

უეცრად მანქანა დაამუხრუჭა, მაგრამ ძრავა არ გამოურთავს. ნახევრად ჩემკენ შემობრუნდა, თმის ნაწილი მაღლა ასწია და ხელი გაუშვა, თან სიამოვნებით უყურებდა, როგორ დაეფინა იგი მხარზე. ამ დროს ისეთი ჯადოსნური გამომეტყველება ჰქონდა, შემახურა. როგორი ფატალურია მისი მომნუსხველობა. ესეც ალბათ თანდაყოლილი ნიჭია, მაგრამ მე ასე ადვილად ვერ დამიმორჩილებს. ვინ-ვინ და, მე ყველაზე კარგად ვიცი, რასაც წარმოადგენს სინამდვილეში. წამიერად თვალწინ ანას სახე ამომიტივტივდა, კაბინეტში რომ ეჩხუბა და მერე მეც მიმალანძღა. ოოო, როგორი საშიში პროვნებაა, დატენილი პისტოლეტივით, მასთან თამაში ძალიან სარისკოა.

_ რა აზრები აიძულებს ამ ლამაზ ტუჩებს, არ გაიღიმოს? _ მკითხა მხიარული ხმით და კვლავ გააგრძელა გზა. მისი კმაყოფილი ღიმილის მიზეზის მიხვედრა არ გამჭირვებია _ ამწუთას მისი ცხოვრების მორიგი ქალი მე ვიყავი, თუმცა მხოლოდ ერთი საღამო. არა, მირზა, ეს ნომერი ჩემთან არ გაგივა!

_ ჩემთვის ვფიქრობდი, ნეტავ მას შემდეგ თუ შეხვდა ანას-მეთქი... _ მომენტით ვისარგებლე და `ჩავურტყი~, თან ანერვიულებულმა მუხლებზე დაწყობილი ხელები მოვმუშტე, გული კი ლამის ამომივარდა ბუდიდან.

_ ანას? _ ჩემკენ მობრუნებულმა მისმა პროფილმა გაოცება გამოხატა, _ და ვინ არის ეს ანა?

_ ის ქალი, კაბინეტში რომ ჩხუბობდით და მე რომ შემთხვევით მოგისმინეთ.

_ ა, ასე ერქვა? _ შუბლი შეჭმუხნა, თითქოს იხსენებსო, _ არ ვიცი, სად არის... და რა მნიშვნელობა აქვს ამას? მას შემდეგ იმდენმა დრომ გაიარა...

`და იმდენმა ქალმა~... _ დავამატე ფიქრებში.

_ როგორც ვხვდები, _ ჩაიცინა, _ საქმე ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, არა?

არ ვუპასუხე, მხოლოდ მხრები ავიჩეჩე.

_ თუ ამაზეა საუბარი, გულწრფელად ვაღიარებ, რომ ბოლო წლების განმავლობაში განდეგილივით არ მიცხოვრია. ჰო, მყავდა ქალები... და შენ? შენ ხვდები ვინმეს სერიოზულად? მაგალითად, ბათოს თუ დათოს?

_ არა. ახლა სერიოზული არაფერი ხდება ჩემს ცხოვრებაში, _ უფრო ჩავიბურტყუნე, ვიდრე ვთქვი, თან არც ჩავუფიქრდი ჩემს ნათქვამს.

_ აჰააა. ანუ ვიღაც მაინც იყო, არა? _ უცერემონიოდ გააგრძელა ჩემი დაკითხვა.

უეცრად მივხვდი, რომ ჩემი პასუხი მისთვის, რატომღაც, მნიშვნელოვანი იყო და საგანგებოდ შევარჩიე სიტყვები:

_ ცოტა ხნით ვხვდებოდი ერთ თანამშრომელს, მაგრამ დიდი ხანია, ყველაფერი დამთავრდა. თუმცა, იმ ურთიერთობას სერიოზულს ვერ დავარქმევდი.

_ გასაგებია. _ მშრალად მომიგო, _ იმედია, შენი რომელიმე განხიბლული თაყვანისმცემლისგან ფიზიონომიის `გალამაზება~ არ მემუქრება...

ირიბად გავხედე.

_ ვერ წარმომიდგენია, ვინმეს თქვენი ფიზიონომიის გალამაზების უფლება მისცეთ.

_ თქვენი კი არა, შენი. _ შემისწორა.

_ შენი. _ გავიმეორე.

_ და ეს როგორ გავიგო? შენი ნათქვამი ჩემს სასარგებლოდ ღაღადებს თუ შენს გემოვნებაში მოხულიგნო ტიპები ჭარბობს?

_ მე არ მაქვს განსაზღვრული გემოვნება. _ ვთქვი და გულში ბოროტად დავამატე: `შენგან განსხვავებით~.

_ დარწმუნებული ხარ?... და ის... ბათო თუ დათო... იმანაც დაკარგა შენ მიმართ ინტერესი?

_ მთლად არა, _ მივუგე და სახე გამიბრწყინდა, მომეჩვენა, რომ ეჭვიანობდა. კიდევ კარგი, ჩამობნელდა, თორემ აშკარად შემატყობდა, როგორ იწეოდა ჩემი ტუჩები გასაღიმებლად, _ საქმე ისაა, რომ ბოლო დროს ძალიან მაბეზრებს თავს, მაგრამ ამას მალე მოეღება ბოლო.

_ საწყალი... გატეხილი გული ჰქვია ამ მდგომარეობას, არა? გახსოვს, რომ გითხარი, პასუხს აგებ ძალიან ბევრ გატეხილ გულზე-მეთქი... აი, სწორედ ამას ვგულისხმობდი.

_ მე ის არასდროს მომწონდა! _ ბრაზმა წამომიარა და ავიფოფრე.

_ მაშ ასე, ყველა მაჩვენებლით და ნიშნით ჩანს, რომ ახლა ჩიტივით თავისუფალი ხარ. შეყვარებული არ გყავს და არც არავინ გიყვარს. ჰოდა, სანამ სიყვარულის ქარი დაუბერავდეს, მინდა, შექმნილი სიტუაცია მაქსიმალური შესაძლებლობებით გამოვიყენო.

_ მე არავის ვეპრანჭები, მთავარი ეს არის.

_ აქ ნამყოფი ხარ? _ უეცრად შეცვალა საუბრის თემა და გაბდღვრიალებულ რესტორანს მიაყენა მანქანა. _ პირველი შეხვედრისას ადამიანების აქ მოყვანა მიყვარს.

`ქალებისო, უნდა გეთქვა, ვაჟბატონო!~ _ კბილი კბილს დავაჭირე, რომ ხმამაღლა არ წამომცდენოდა.

როგორ მომჭრა ყური ამ ერთმა შეცვლილმა სიტყვამ. არადა, ხომ აშკარა იყო, რომ ქალები უნდა ეთქვა. როგორი შეურაცხმყოფელია, როცა ხვდები, რომ შენ მხოლოდ ერთი რგოლი ხარ უსასრულოდ გრძელ ჯაჭვში.

როცა ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა, თავი ამაყად ავწიე. ამას ვუჩვენებ სეირს. ამ საღამოს მაქსიმალურად ვისიამოვნებ და მორჩა, ეგრევე წერტილს დავსვამ.

_ რას არ მივცემდი ახლა იმის გასაგებად, ამწუთას რაზე ფიქრობ.

შევცბი. არ მეგონა, თუ მიყურებდა.

_ მიხარია, რომ ამ შეხვედრაზე დამთანხმდი. _ მითხრა, ხელი გამომიწოდა და მანქანიდან გადმოსვლაში მომეხმარა, მერე ნიკაპზე ამომდო საჩვენებელი თითი, თავი ამიწია და თვალებში მომნუსხველად ჩამხედა, _ ამ საღამოს დიდხანს ველოდი.

_ ნუთუ? _ სარკასტულად მივუგე, მიუხედავად იმისა, რომ მისი შეხება მწვავდა. მოულოდნელად ვინანე, რომ წამოვყევი. ვგრძნობდი _ ცეცხლს ვეთამაშებოდი. ცეცხლი კი ულმობლად წვავს ადამიანს. რას უნდა ველოდო მისგან? მე ხომ უბრალო მდივანი ვარ, ის კი _ მდიდარი მამაკაცი, რომლის ფეხქვეშ ქალები სიამოვნებით ეგებიან. სულაც არ მინდა, ერთი რიგითი ქალი ვიყო მის ცხოვრებაში, რომელსაც გადაუვლის, გათელავს და მიაგდებს. სამადლოდ შეიძლება კარგი ხელფასი დამინიშნოს, ან მობეზრების შემდეგ სხვა, მისნაირ `შეფს გადაულოცოს~ ჩემი თავი.

_ რა ნუთუ? _ ჩამეკითხა.

_ რაღაც არ მჯერა.

_ ვეცდები, დაგარწმუნო ჩემს გულწრფელობაში, _ თქვა, ხელკავი გამომდო და მარმარილოს კიბეს შევუყევით.

_ ხედავ, როგორ გიყურებენ? მე კი ამაყი ვარ შენნაირი ქალის გვერდით. საწყალი კაცები...

_ და საწყალი ქალები, _ ვალში არ დავრჩი.

ამ დროს კართან შვეიცარი შემოგვეგება და ჩვენს მაგიდასთან მიგვაცილა. გამიკვირდა, როცა მაგიდა ცარიელი დაგვხვდა.

_ სხვები სად არიან? _ ვიკითხე გაოცებულმა.

_ ვინ სხვები?

_ თითზე ჩამოსათვლელნი... ხომ მითხარი, რამდენიმე ვიქნებითო.

_ თითზე ჩამოსათვლელში ჩემი და შენი თავი ვიგულისხმე. როცა სასიამოვნოდ ვაპირებ დროს ტარებას, მოწმეები არ მჭირდება, _ მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა.

ამასობაში ოფიციანტი მოგვიახლოვდა და მენიუ გამოგვიწოდა.

_ თაკო, შენებური კოქტეილი მოგვიტანე ჯერ, ნაპერწკლებს რომ აყრევინებს კაცს თვალებიდან, დანარჩენი კაკიმ იცის, ის მოგვემსახურება.

_ ორი? _ ორი თითი აჩვენა გოგონამ.

_ ორი, რა თქმა უნდა.

თაკო წავიდა თუ არა, მირზას დამცინავი მზერით გავხედე.

_ მოხიბვლის ერთ-ერთი შენეული წესია? _ შევეცადე, ეშმაკური ღიმილი გამომეხატა ამ შეკითხვისას.

ხარხარი აუტყდა. სიცილის დროს თვალების ირგვლივ წვრილ-წვრილი ნაოჭები დააჩნდა, რამაც უფრო მომნუსხველი გახადა.

_ დამიჯერე, ანიკა. ქალი თუ მომინდება, მის `დასათრევად~ არც კოქტეილი დამჭირდება და არც სხვა საცდუნებელი რამერუმეები.

თითქოს ორთქლის აბანოში შემაგდესო, ისე შემახურა. ვიგრძენი, როგორ დამეწინწკლა შუბლი ოფლის წვეთებით.

ამ დროს ლურჯბანტიანი მამაკაცი მოგვიახლოვდა და ორი წითელი ფერის კოქტეილიანი ბოკალი ჩამოდგა მაგიდაზე, თან მხურვალედ მიესალმა მირზას.

_ კაკი, როგორაა საქმეები? _ ჩემმა შეფმა მხარზე დაჰკრა ხელი.

_ კარგად, კარგად.

_ გმადლობთ. რისგანაა ეს კოქტეილი დამზადებული? _ შევეკითხე ოფიციანტს.

_ ოოო, ეს სამხედრო საიდუმლოებაა, ქალბატონო. და თუ საიდუმლო გავეცი, მეთაური დამასამარებს, _ ღიმილით მიპასუხა და `მეთაურს~ ორაზროვნად გახედა.

მირზამ ჩაიფხუკუნა და მარტო რომ დავრჩით, კმაყოფილმა მითხრა:

_ დაინახე, როგორ გიყურებდა? შენ ნამდვილი ფურორი მოახდინე აქ.

მის ხმაში ირონიული ნოტები დავიჭირე და ავილეწე...

გაგრძელება შემდეგ ნომერში