ჯეინ ეარი (თავი XXVI) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XXVI)

ვერც კი შევნიშნე, როგორი დღე იყო, მოწმენდილი თუ ნისლიანი, როდესაც ხეივანში ჩავედით. მე არც ცას ვუყურებდი და არც მიწას, მხოლოდ საკუთარ გულში ვიყურებოდი და ორივე, როგორც გული, ისე თვალები, მეჩვენებოდა, რომ მისტერ როჩესტერზე იყო მიჯაჭვული. მინდოდა, დამენახა ის უხილავი საგანი, რომელსაც, რაც წინ მივდიოდით, ასეთი ულმობელი და მკაცრი თვალით უჭვრეტდა. ასევე მინდოდა, გამეგო მისი ფიქრები, რომელთა ძალას ასე ეწინააღმდეგებოდა და ეურჩებოდა.

ის ეკლესიის ეზოს ჭიშკართან შეჩერდა, შეამჩნია, რომ სულს ძლივსღა ვითქვამდი.

- მკაცრი ვარ, არა, სიყვარულში? - მკითხა მან. - შეისვენე რამდენიმე წამი და დამეყრდენი, ჯეინ.

ახლაც შემიძლია გავიხსენო ის სურათი: ჩემ წინ იყო მშვიდად აღმართული ძველი, ნაცრისფერკედლებიანი საყდარი; სამრეკლოს გარშემო ჭილყვავნი დაფარფატებდნენ, მაღლა დილის მზის სხივებით წითლად პირატკეცილი ცა მახსოვს, აგრეთვე, საფლავის მწვანე ბორცვები და არც ორი უცხო ადამიანის ლანდი დამავიწყდება, რომელნიც ამ პატარა ბორცვებს შორის დააბოტებდნენ და მხოლოდ სულ რამდენიმე, ხავსით დაფარულ საფლავის ქვაზე სამახსოვროდ ამოკვეთილ წარწერებს კითხულობდნენ. მე ისინი იმიტომ შევამჩნიე, რომ, როგორც კი ჩვენ შეგვნიშნეს, ეკლესიის უკან მიიმალნენ. ეჭვიც კი აღარ მეპარებოდა, რომ ისინი ტაძარში განის კარიდან შემოვიდოდნენ და ჯვრისწერის ცერემონიალს დაესწრებოდნენ. მისტერ როჩესტერმა ისინი ვერ შენიშნა, რადგან თვალმოუშორებლად მე ჩამყურებდა სახეში, რის გამოც ძარღვებში სისხლის მოძრაობა შემიწყდა; შუბლზე ცვარივით გამოჟონა ოფლმა და სახე და ტუჩები გამიცივდა. როდესაც გონს მოვედი, მან ფრთხილად ჩამატარა ბილიკზე საყდრის კარამდე.

შევედით მდუმარებით მოცულ პატარა საყდარში; თეთრ სტიქარში გამოწყობილი მღვდელი დაბლა, საკურთხეველთან გვიცდიდა; დიაკონიც მის გვერდით იდგა; ირგვლივ სრული მყუდროება გამეფებულიყო. მხოლოდ ორი ჩრდილი მოძრაობდა ჩვენგან შორს, კუთხეში. ჩემი ვარაუდი გამართლდა; უცნობები ჩვენზე ადრე შეპარულიყვნენ იქ და ახლა როჩესტერების აკლდამის გვერდით ჩვენკენ ზურგშექცეულნი იდგნენ. ისინი მოაჯირის იქით ძველ, ჟამთა სვლისაგან დალაქავებულ მარმარილოს ძეგლს ათვალიერებდნენ, რომელზეც გამოსახული მუხლმოდრეკილი ანგელოზი, სამოქალაქო ომის დროს მარსტონ მურის ბრძოლაში დაღუპული დაიმერ დე როჩესტერისა და მისი მეუღლის, ელისაბედის, ნეშტს დარაჯობდა.

ჩვენ საკურთხეველთან სწორედ იმ ადგილზე დავდექით, რომელიც მხოლოდ ჯვრისწერისთვის იყო გამოყოფილი. უკანა მხრიდან ფრთხილი ნაბიჯის ხმა შემომესმა. თავი გვერდზე მივაბრუნე და ცხადად შევამჩნიე, ერთ-ერთი უცნობი ჯენტლმენთაგანი საკურთხეველს უახლოვდებოდა. მღვდელმსახურება დაიწყო. ახსნა-განმარტება ქორწინების როლზე უკვე წაკითხული გვქონდა, როცა მღვდელმა ერთი ნაბიჯი წინ გადმოდგა, ოდნავ გადმოიხარა მისტერ როჩესტერისკენ და განაგრძო:

- გთხოვთ და, ამასთანავე, გიბრძანებთ ორივეს (რადგან განკითხვის დღეს, მართლმსაჯულების წინაშე, გულში ჩამარხული ყველა საიდუმლო უნდა გამოაშკარავდეს), თუ რომელიმე თქვენგანს აქვს რაიმე დამაბრკოლებელი მიზეზი, რის გამოც არ შეუძლია კანონიერი ქორწინებით შეუღლდეს მეორესთან, საჭიროა, ახლავე აღიაროს, თორემ დარწმუნებული უნდა ბრძანდებოდეთ, მათ კავშირს, რომელნიც სრულიად სხვა გზით, ე.ი. ღვთის მიერ დადგენილი კანონის გარეშე, შეუღლებულან, ზეციური მამა არ ამტკიცებს, ქორწინება კანონიერად არ ითვლება.

ის შეჩერდა, როგორც ამას წესი მოითხოვდა. განა, ოდესმე დარღვეულა დუმილი ამ წინადადების შემდეგ რაიმე პასუხით? შესაძლებელია, საუკუნეში ერთხელ. მღვდელმაც წიგნიდან თვალმოუშორებლად ერთ წამს სული მოითქვა და უნდოდა განეგრძო. მან ხელიც კი გაიწოდა მისტერ როჩესტერისკენ და პირიც გააღო, რომ ეკითხა: "გსურთ ჯვარი დაიწეროთ ამ ქალზეო?~ რომ სულ ახლოს, გარკვევით გაისმა ვიღაცის ხმა:

- ჯვრისწერა არ მოხდება. გიცხადებთ, მას წინ დიდი დამაბრკოლებელი მიზეზი ეღობება.

მღვდელმა მოსაუბრეს ახედა და დადუმდა. დიაკონიც თითქმის ასევე მოიქცა. მისტერ როჩესტერი ოდნავ შეირხა, მის ფეხქვეშ თითქოს მიწისძვრისაგან დედამიწა შერყეულიყოს. მერე შეეცადა, უფრო მტკიცედ მოემაგრებინა ფეხი მიწაზე და თავმოუბრუნებლად, ისე, რომ არავისთვის შეუხედავს, თქვა: - განაგრძეთ.

ირგვლივ სამარისებური დუმილი გამეფდა, როდესაც დაბალი და ყრუ ხმით მან ეს სიტყვები წარმოთქვა. მერე კი მისტერ ვუდმა უცებ განაცხადა: - ასეთი განცხადების შემდეგ არ შემიძლია განვაგრძო, ყველაფერი უნდა გამოირკვეს. საჭიროა ვიცოდე, ყოველივე ეს სიცრუეა თუ სიმართლე.

- ჯვრისწერა ჩაშლილია, - დაუმატა ბოლოს ვიღაცის ხმამ ჩვენ უკან. - შემიძლია ჩემი მტკიცება დავასაბუთო: ამ ქორწინებას წინ ძალიან დიდი დაბრკოლება ეღობება.

მისტერ როჩესტერმა ყველაფერი გაიგონა, მაგრამ ჩანდა, ყურადღებას აღარ აქცევდა. იდგა სასტიკი და შეუდრეკელი. ოდნავადაც არ იძვროდა, მხოლოდ ხელს არ მიშვებდა. ოჰ, როგორ ღელავდა და როგორ ძლიერად მიჭერდა ხელს ხელზე! როგორ ჰგავდა ამწუთას მისი გაფითრებული, ძლიერი და მტკიცე ნებისყოფის გამომხატველი შუბლი ძნელად სატეხ მარმარილოს; როგორ ანათებდა თვალები ან რა დაძაბული მზერა ჰქონდა და რა ველური ცეცხლი უღვიოდა მათში.

ჩანდა, მისტერ ვუდი დაიბნა.

- მაინც, რა დაბრკოლებაა ასეთი? - იკითხა მან. - იქნებ მისი თავიდან აცილება შეიძლება და გავმართლდეთ?

- საეჭვოა, - წარმოთქვა იმავე ხმამ. - მე მას შეუძლებელი ვუწოდე და არც უსაბუთოდ ვლაპარაკობ.

მოსაუბრე წინ წამოდგა, მოაჯირზე გადმოიხარა და განაგრძო. თითოეულ სიტყვას მტკიცედ, გარკვევით, მშვიდად და, ამასთანავე, ხმადაბლა წარმოთქვამდა.

- საქმე, უბრალოდ, პირველ ქორწინებას ეხება. მისტერ როჩესტერს მეუღლე ჰყავს, რომელიც ჯერ ისევ ცოცხალია.

მეხის დაცემაც ვერ ამითრთოლებდა ისე ნერვებს, როგორც ამ ხმადაბლა წარმოთქმულმა სიტყვებმა იმოქმედა ჩემზე. მათმა მომწამვლელმა ძალამ სისხლი ისე ამიჩქროლა, რასაც ვერც ყინვა და ვერც ცეცხლი ვერ მაგრძნობინებდა. ძალ-ღონე მოვიკრიბე: ვგრძნობდი, გული არ წამივიდოდა; მისტერ როჩესტერს შევხედე და ვაიძულე, მასაც შემოეხედა ჩემთვის. მას მთელ სახეზე მიწისფერი დასდებოდა; ჯიუტად მომზირალ თვალებში ცეცხლი უკრთოდა. ის არაფერს უარყოფდა და ყოველივეს ამქვეყნად გამომწვევად შეჰყურებდა; არც იღიმებოდა, არც მელაპარაკებოდა და, თითქოს, ვეღარც იმას გრძნობდა, რომ მის გვერდით სულიერი არსება იდგა. ის მხოლოდ წელზე ხელს მხვევდა და, რაც შეეძლო, თავისკენ მიზიდავდა.

- ვინ ხართ თქვენ? - ჰკითხა მან აბეზარს.

- ჩემი გვარი ბრიგსია. სასამართლოს რწმუნებული ვარ ლონდონიდან.

- თქვენ გსურთ დამიდასტუროთ, რომ მე ცოლი მყავს?

- მინდა, გაგახსენოთ თქვენი მეუღლის არსებობა, სერ, რომელსაც კანონი ცნობს, თუ თქვენ არა.

- მოწყალება მოიღეთ, აღმიწერეთ და მითხარით მისი გვარი, სახელი, წარმოშობის ადგილი ან სად ცხოვრობს ის?

- სიამოვნებით. - მისტერ ბრიგსმა მშვიდად ამოიღო ჯიბიდან ქაღალდი და, მისი საქმიანობისთვის დამახასიათებელი, ცხვირში მოდუდღუნე ხმით, წაიკითხა: ვამტკიცებ და შემიძლია დავასაბუთო, რომ ამა და ამ წლის (თხუთმეტი წლის წინ) ოც ოქტომბერს ედვარდ ფეიერფექს როჩესტერმა, თორნფილდის ამა და ამ საგრაფოში მცხოვრებმა და ფერნდინის მამულისა და სასახლის პატრონმა, რომელიც შაირის საგრაფოშია, ინგლისში, ჯვარი დაიწერა ჩემს დაზე, ბერთა ანტუანეტა მეზონზე, ვაჭარ ჯონს მეზონისა და მისი მეუღლის, კრეოლი ქალის, ანტოინეტას ქალიშვილზე. ქორწინება მოხდა ქალაქ სპენიშტაუნის ეკლესიაში, იამაიკაზე. ქორწინების ჩანაწერი შეიძლება მონახოთ საეკლესიო დავთრებში, ხოლო ახალი პირი ხელთა მაქვს. ხელის მოწერა: რიჩარდ მეზონი.

- ეგ თუ ნამდვილი საბუთია, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მე ჯვარდაწერილი ვიყავი, და არა იმას, რომ იქ ჩემს მეუღლედ მოხსენიებული ქალი ჯერ კიდევ ცოცხალი იყოს.

- სამი თვის წინ ის ცოცხალი იყო, - განაცხადა მოსამართლემ.

- საიდან იცით?

- ამ ფაქტის დასადასტურებლად, მე მყავს მოწმე, რომლის ჩვენების უარყოფა თქვენ ძალიან გაგიძნელდებათ.

- წარმოადგინეთ ის აქ, თუ არა და, ჯანდაბამდე გზა გქონიათ!

- მე მას ახლავე წარმოგიდგენთ, რადგან ის სწორედ აქ გახლავთ. მისტერ მეზონ, კეთილინებეთ და წინ წამოდექით.

ამ გვარის გაგონებაზე მისტერ როჩესტერმა კბილები გააღრჭიალა და, თითქოს სხეულში ძლიერმა კრუნჩხვამ გაუარაო, ისე აცახცახდა. ისე ახლოს ვიდექი, რომ სიბრაზისა და სასოწარკვეთილებისგან გამოწვეულ თრთოლას მთელ მის სხეულში ცხადად ვგრძნობდი. მეორე უცნობი ადამიანი, რომელიც აქამდე სადღაც, უკანა მხარეს იდგა, წინ წამოდგა. სასამართლოს რწმუნებულის მხრის ზემოთ ფერმკრთალი სახე გამოჩნდა. დიახ, ეს, მართლაც, მისტერ მეზონი იყო. მისტერ როჩესტერი მიტრიალდა და მას ცეცხლის მფრქვეველი თვალები შეანათა. მისტერ როჩესტერს თვალები, როგორც წინათ ხშირად მოგახსენებდით, შავი ჰქონდა, მაგრამ ახლა არა მარტო დასწითლებოდა, არამედ თითქოს სიღრმეში სისხლისფრად ანთებოდა. სახე ისე წითლად უვარვარებდა, გეგონებოდათ, გულის სიღრმიდან მომდინარე ცეცხლი მომწვანო ლოყებსა და გაფითრებულ შუბლზეც წაჰკიდებიაო. ის შეინძრა, ძლიერი მკლავი მაღლა ასწია; მზად იყო, გაეკრა მეზონისთვის, დაენარცხებინა ეკლესიის ფილაქანზე და ასეთი შეუბრალებელი გარტყმით სული ამოერთმია კიდეც მისთვის, მაგრამ მეზონმა უკან დაიხია და საცოდავად წამოიკნავლა: - ღვთის გულისათვის, მისტერ როჩესტერ!

მისტერ როჩესტერს ზიზღმა აღშფოთება გაუნელა. მისი გულისწყრომა გაქრა, თითქოს სასოწარკვეთილებამ შთანთქა ყოველივე, და მხოლოდ იკითხა:

- რა გაქვს სათქმელი?

მეზონმა გაფითრებული ტუჩები აამოძრავა და რაღაც ჩაილუღლუღა.

- ჯანდაბამდე გზა გქონია, თუ გარკვევით ერთი სიტყვის წარმოთქმაც არ შეგიძლია. კვლავ გიმეორებ: რა გაქვს სათქმელი.

- სერ, სერ! - შეაწყვეტინა მღვდელმა. - ნუ გავიწყდებათ, რომ ღვთის სახლში იმყოფებით. - შემდეგ მან ისევ მეზონს მიმართა და წყნარად ჰკითხა: - თქვენ იცით, სერ, ამ ჯენტლმენის მეუღლე ცოცხალია ჯერ კიდევ თუ არა?

- მხნეობა მოიკრიბეთ, - სთხოვა ვექილმაც. - ილაპარაკეთ!

- ის ახლაც თორნფილდის სასახლეში ცხოვრობს, - თქვა მეზონმა უფრო გარკვევით. - მე ის იქ გასულ აპრილს ვნახე. მე მისი ძმა ვარ.

- თორნფილდ-ჰოლში? - წამოიძახა მღვდელმა, - შეუძლებელია! დიდი ხანია მეზობელი მიდამოების მკვიდრი ვარ და არასოდეს გამიგონია, რომ მაგ სახლში მისის როჩესტერი ცხოვრობდეს.

დავინახე, გესლიანმა ღიმილმა ბაგე როგორ მოუგრიხა მისტერ როჩესტერს და ჩაიბუტბუტა:

- არა, ღვთის შეწევნით, მე ვიზრუნე, რომ არავის სცოდნოდა მისი არსებობა ამ გვარით და არც ვინმეს სცნობოდა ის.

ასე ათი წუთის განმავლობაში ის რაღაცას ფიქრობდა და თავის თავს ესაუბრებოდა. ეტყობა, გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა:

- კმარა! ყველაფერი გამოაშკარავდება ახლავე, როგორც ლულიდან გასროლილი ტყვია თავს ვერ დაიჭერს. ვუდ, დახურეთ თქვენი წიგნი, სტიქარი გაიხადეთ! ჯონ გრინ, - მიმართა დიაკონს, - დატოვეთ ეკლესია, ჯვრისწერა დღეს აღარ გაიმართება. - ისიც დაემორჩილა. თვით მისტერ როჩესტერმა კი ბოლოს გაბედულად და გამომწვევად განაგრძო: - ორცოლიანობა საშინელი სიტყვაა... მე კი, თურმე, მაინც ამას ვაპირებდი, მაგრამ ბედმა გზიდან გადამაგდო, განგებამ თვით შემიშალა ხელი, შესაძლებელია, უკანასკნელად. ამ წუთში კი მე სატანაზე ცოტა უკეთესი ვარ და, როგორც ჩემი სულიერი მოძღვარი იტყოდა, უეჭველია, ღვთის უმკაცრეს სასჯელს ვიმსახურებ - ჩაუქრობელ ცეცხლსა და სამუდამო ტანჯვა-წამებას. ჯენტლმენებო, ჩემი გეგმა ჩაშლილია. რასაც ვექილი და კლიენტი მოგახსენებენ, მართალია. მე ჯვარდაწერილი ვიყავი და ის ქალიც, რომელიც მაშინ შევირთე, ცოცხალია. ვუდ, თქვენ ამბობთ, რომ არასოდეს არაფერი გსმენიათ მისის როჩესტერზე, ამ სახლის დიასახლისზე, მაგრამ ის კი ვიცი, თქვენს ყურს ძალიან ხშირად სმენია ჭორი იდუმალებით მოცულ, ცხრაკლიტულში გამოკეტილ შეშლილ არსებაზე, რომელსაც ამ სახლში ინახავენ. ზოგიერთი, ალბათ, ჩაგჩურჩულებდათ, რომ ის ჩემი უკანონოდ შობილი ნახევარდა იყო, ზოგი კი, ალბათ, გაძევებულ სატრფოს ეძახდა. მე კი გიცხადებთ ახლა, რომ ის ჩემი მეუღლეა, რომელიც თხუთმეტი წლის წინათ შევირთე. მისი გვარი და სახელი ბერთა მეზონია, აი, ამ მამაცი პიროვნების და, რომელიც ახლა თავისი აცახცახებული სხეულითა და გაფითრებული სახით გიჩვენებთ, რამდენის ატანა უნდა შეეძლოს გულად მამაკაცს. გული გაიმაგრე, დიკ, ნუ გეშინია, მე შენ ისევე ვერ გაგარტყამ, როგორც ქალს! ბერთა მეზონი შეშლილია. შთამომავლობით ის ასეთ ოჯახში დაიბადა. სამ თაობაში მხოლოდ სულელები და მანიით შეპყრობილნი დაბადებულან. ბერთას დედა, კრეოლი ქალი, როგორც მის ქალიშვილზე დაქორწინების შემდეგ შევიტყვე, ლოთიც იყო და შეშლილიც. მანამდე ამ ოჯახურ საიდუმლოზე კრინტსაც არ ძრავდნენ. ბერთა კი, როგორც მორჩილი შვილი, ორივე მხრივ, მშობლის განსახიერება გახლდათ. აი, როგორი მომხიბვლელი მეუღლე მყავდა: წმინდაზე წმინდა, ჭკვიანი და თავდაჭერილი. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა ბედნიერი ვიყავი ამქვეყნად და რა დიდებული სანახაობის მოწმე გავხდი! თქვენ რომ ყველაფერი იცოდეთ, ჩემი მაშინდელი ცხოვრება ზეციური განცხრომა გეგონებოდათ. ახლა კი ყოველგვარი ახსნა-განმარტება ზედმეტად მიმაჩნია! ბრიგს, ვუდ, მეზონ, მე ყველას ჩემს სახლში გეპატიჟებით, თქვენი თვალით ნახეთ მისის პულის ავადმყოფი, ეგრეთ წოდებული ჩემი მეუღლე! თქვენ იქ ნახავთ, მოტყუებით როგორ ქალზე დამაწერინეს ჯვარი. განსაჯეთ, მქონდა თუ არა ნება, დამერღვია ეს საქორწინო ხელშეკრულება და მეძებნა ურთიერთობა, ბოლოს და ბოლოს, ნამდვილ ადამიანთან. ამ გოგონამ, - განაგრძო მან და მე შემომხედა, - თქვენზე მეტი არ იცის, ვუდ, ამ საზიზღარი საიდუმლოების შესახებ. მას ყველაფერი სამართლიანად და კანონიერად მიაჩნდა. არასოდეს ფიქრადაც არ მოსვლია, რომ ამ კავშირით ეს გაქნილი არამზადა მახეს უგებდა და უკვე ჯვარდაწერილი იყო ამ უშნო, სულელ და პირუტყვად ქცეულ ქალზე! ყველა წამოდით, მომყევით, ჩქარა!

ხელს ჯერ ისევ მაგრად მიჭერდა ხელზე და ასე გამოვიდა საყდრიდან. სამი ჯენტლმენი უკან გამოგვყვა. დარბაზის წინ ეტლი გველოდა.

- უკან წაიყვანე, საჯინიბოში, ჯონ, - უთხრა მისტერ როჩესტერმა მას ცივად, - დღეისთვის საჭირო აღარ არის.

შესვლისთანავე მისის ფეიერფექსი, ადელი, სოფი და ლი ჩვენს შესახვედრად და მოსალოცად გამოცვივდნენ.

- თვალით არავინ დამენახოს! - დაუყვირა მათ პატრონმა, - მომშორდით, არ მინდა მოლოცვა. ვის სჭირდება ახლა ის? ყოველ შემთხვევაში, მე აღარ გამომადგება, მან უკვე თხუთმეტი წლით დაიგვიანა.

მან გზა განაგრძო და კიბის საფეხურებს შეუდგა; ხელს ჯერ კიდევ არ მიშვებდა; ჯენტლმენებს კი თავის ქნევით ანიშნებდა, უკან გაჰყოლოდნენ. ისინიც მოგვყვებოდნენ. ავიარეთ პირველი სართულის კიბე, გავიარეთ დერეფანი და მესამე სართულისკენ გავეშურეთ. აქ მან თავისი გასაღებით, რომელიც თითქმის ყველა კლიტეს ხსნიდა, შავი კარი გააღო და გობელენებით მორთულ ოთახში შეგვიყვანა. ოთახში უზარმაზარი საწოლი და მოჩუქურთმებული კარადა იდგა.

- ალბათ, გეცნობათ ეს ადგილი, მეზონ? - ჰკითხა მას ჩვენმა წინამძღოლმა. - მან, მგონი, აქ დაგკბინა და დაგჭრა დანით?

მისტერ როჩესტერმა კედელზე ჩამოშვებული ფარდები გადასწია და მეორე კარი გამოჩნდა; ისიც გააღო და დავინახეთ უფანჯრო ოთახი. ბუხარში ცეცხლი ენთო, რომელსაც მაღალი და მაგარი რკინის საფარი კარი იცავდა. ჭერიდან ჯაჭვი ეშვებოდა, რომელზეც მაღლა, ჰაერში გამოკიდებულივით ლამპა მოჩანდა. გრეის პული ცეცხლთან იყო დახრილი და, ჩანდა, კარდალაში რაღაცას ხარშავდა. ოთახის ბნელ სიღრმეში, თითქმის მის მეორე ბოლოში, რაღაც უჩვეულო გამოსახულება მიმოდიოდა წინ და უკან. ერთი შეხედვით, არავის შეეძლო ეთქვა, რა იყო ის, ცხოველი თუ ადამიანი. როგორც ჩანდა, ოთხ ფეხზე დაფოფხავდა და ისე ღმუოდა და ფრუტუნებდა, როგორც რომელიმე გარეული ცხოველი, თუმცა სხეულს ტანსაცმელი უფარავდა. ხშირი, შავი, შეჭაღარავებული თმა გარეული ცხოველის ფაფარივით გაშლილი და ერთმანეთში არეულ-დარეული, სახესა და თავს მთლიანად უმალავდა.

- დილა მშვიდობისა, მისის პულ! - უთხრა მისტერ როჩესტერმა. - როგორ ხართ? როგორ არის დღეს თქვენი ავადმყოფი?

- როგორც არის, ვუძლებ, სერ, გმადლობთ, - უპასუხა გრეისმა და საკიდარზე კავით ფრთხილად ასწია მაღლა მოთუხთუხე საჭმლის ქვაბი.

- შფოთავს, მაგრამ ჯერჯერობით არ გაშმაგებულა.

საზარელმა ყვირილმა უცებ გააბათილა მისი პასუხი. ტანსაცმელში გამოწყობილი აფთარი უკანა ფეხებზე წამოდგა და წელში გასწორდა.

- ოჰ, სერ, ის თქვენ გხედავთ უკვე, - წამოიძახა გრეისმა. - უმჯობესია, გაეცალოთ აქაურობას.

- მხოლოდ რამდენიმე წუთი, გრეის, მხოლოდ რამდენიმე წუთი დამაცადეთ.

- ფრთხილად, სერ! ღვთის გულისათვის, ფრთხილად!

შეშლილი აღმუვლდა. სახეზე ჩამოშლილი, გრძელი, აბურძგნილი თმა მოიშორა და მნახველებს ველურივით დაუწყო ყურება. მაშინვე ვიცანი ეს ნაკვერჩხალივით აელვარებული სახე და შეშუპებული ნაკვთები. მისის პული წინ წამოვიდა.

- ჩამომეცალეთ გზიდან, - მიმართა მას მისტერ როჩესტერმა და გვერდით გასწია. - ახლა დანა არა აქვს, ალბათ, და თავს როგორმე დავიცავ.

- ვერავინ გაიგებს, რა აქვს მაგას, სერ, ძალიან დიდი ეშმაკია. მოკვდავთა ჩვეულებრივი წინდახედულება მაგის ცბიერებას ვერ ჩასწვდება.

- უმჯობესია, აქაურობას გავცილდეთ, - დაიჩურჩულა მეზონმა.

- ჯანდაბამდე გზა გქონია! - მიაძახა სიძემ.

- ფრთხილად! - წამოიყვირა გრეისმა.

სამივე მამაკაცმა ერთდროულად უკან დაიხია, მისტერ როჩესტერმა ელვის სისწრაფით ზურგს უკან მომიქცია. შეშლილი გადმოხტა, ყელში სწვდა და ლოყაში კბილები ჩაასო. დაიწყო ბრძოლა. ქალი მოყვანილობით დიდი იყო, სიმაღლით თითქმის თავისი მეუღლის ტოლი და, ამასთანავე, სრული; ბრძოლის დროს ვაჟკაცურ ძალას ავლენდა. მიუხედავად მისტერ როჩესტერის ათლეტური სისხარტისა, ქალმა რამდენჯერმე ისე წაუჭირა ყელში ხელი, კინაღამ დაახრჩო. მისტერ როჩესტერს, რასაკვირველია, შეეძლო ერთი სილის გაწვნით დაენარცხებინა დაბლა, მაგრამ ხომ არ გაარტყამდა; მხოლოდ თავს იცავდა მისგან. ბოლოს შეშლილს ორივე მკლავი დაუჭირა, გრეის პულმა თოკი მიაწოდა და ხელები უკან მაგრად შეუკრეს. დანარჩენი თოკით კი მან ის სკამზე მიაბა. ყველაფერი ეს შეშლილის ყურთასმენის წამღებ, გააფთრებულ ყვირილში მოხდა, ამასთანავე, ის სიშმაგისგან იკრუნჩხებოდა და ხელიდან დასხლტომას ცდილობდა. ბოლოს, მისტერ როჩესტერი მაყურებლებს მიუბრუნდა, შეხედა მათ და ბაგეზე მწარე და უბედური ადამიანის ღიმილმა გადაურბინა.

- აი, ეს გახლავთ ჩემი მეუღლე, - წარმოთქვა მან. - რაც მახსოვს, მხოლოდ ასეთი მოხვევა იცის, როგორც ცოლმა; მხოლოდ ასეთი ალერსი, რაც ნუგეშს მცემს მოცლილობის დროს. ეს კი ის არის, ვისზედაც ვოცნებობდი, რომ ჩემი ყოფილიყო (ხელი მხარზე დამადო). ეს ახალგაზრდა გოგონა დამწუხრებული, მაგრამ მშვიდი დგას ჯოჯოხეთის პირისპირ და უშფოთველად შესცქერის ამ ჯადოქრის ხტუნვასა და ხრიკებს. მე ისე მსურდა მისი სიახლოვე, როგორც ჯოჯოხეთურად ცხარე კერძის შემდეგ რაიმე გემრიელი საჭმელი მოუნდება ადამიანს. ვუდ, ბრიგს, შეხედეთ მათ შორის ამ დიდ სხვაობას! შეადარეთ ეს ნათელი, მოციმციმე თვალები ამ ჩასისხლიანებულ თვალებს; ეს სახე - ამ ნიღაბივით სახეს; ეს სხეული - მის ხორცის ბელტებად ქცეულ სხეულს... და მაშინ განსაჯეთ ჩემი საქციელი, სახარების მქადაგებელო მღვდელო და თქვენც, კანონის დამცველო მოხელევ! გახსოვდეთ, რა სამსჯავროს წინაშეც მე წარვდგები თქვენი წყალობით, იგივე სამსჯავრო გაგასამართლებთ თქვენც! ახლა კი გამეცალეთ აქედან, ჩემი საუნჯე უნდა ჩავკეტო.

ყველანი გარეთ გამოვედით. მისტერ როჩესტერი კიდევ დარჩა შიგნით რამდენიმე წუთს, ალბათ, უნდოდა გრეის პულისთვის რაიმე განკარგულება მიეცა. კიბეზე ჩასვლისას სასამართლოს რწმუნებული მომიბრუნდა და ასე მომმართა:

- თქვენ, ქალბატონო, სრულიად თავისუფალი ხართ ყოველგვარი დანაშაულისგან. თქვენს ბიძას ეს ამბავი უთუოდ ძალიან გაახარებს, თუ, რასაკვირველია, ცოცხალი დახვდება მისტერ მეზონს, როდესაც ის მადეირაზე დაბრუნდება.

- ჩემი ბიძა? რა იცით მის შესახებ? თქვენ იცნობთ მას?

- მისტერ მეზონი იცნობს. თქვენი ბიძა, მისტერ ეარი, რამდენიმე წლის განმავლობაში ქ. ფანჩელში მათი სავაჭრო ფირმის კორესპონდენტი ყოფილა. და როდესაც თქვენს ბიძას თქვენგან წერილი მიუღია, რომელიც თქვენსა და მისტერ როჩესტერის მოსალოდნელ ქორწინებას ატყობინებდა, მისტერ მეზონი ამ დროს მადეირაზე ისვენებდა თურმე ჯანმრთელობის აღსადგენად. იქიდან იამაიკაზე დაბრუნებისას, სრულიად შემთხვევით, გზად მისტერ ეარს შეხვედრია. თქვენს ბიძას საუბარში ეს ამბავიც უხსენებია, რადგან იცოდა, რომ ჩემი კლიენტი იცნობდა ვიღაც ჯენტლმენს ინგლისში, გვარად როჩესტერს. განცვიფრებულსა და, როგორც წარმოგიდგენიათ, მეტად განაწყენებულ მისტერ მეზონს საქმის ვითარება მთლიანად გამოუმჟღავნებია. ძალიან ვწუხვარ, რომ გეუბნებით, მაგრამ ბიძათქვენი ამჟამად სიკვდილის პირასაა. თუ მხედველობაში მივიღებთ მისი სნეულების ხასიათს, მოსალოდნელ გაუარესებას და იმასაც, თუ მისი ავადმყოფობა რა სტადიაშია ახლა, დაუჯერებელია, რომ ის კვლავ წამოდგეს. როგორც ხედავთ, მას მაშინვე ინგლისს გამომგზავრება თვითონ არ შესძლებია, რათა იმ მახიდან გამოეხსენით, რომელშიც კინაღამ გაგაბეს. სწორედ ამის გამო მას უთხოვია მისტერ მეზონისთვის, იქ დრო აღარ დაეკარგა, რაც შეიძლება ჩქარა წამოსულიყო აქეთ და ყოველი ღონე ეხმარა ამ მაცდურობით მოწყობილი ქორწინების ჩასაშლელად. მან ის ჩემთან გამოგზავნა, რომ დავხმარებოდი. მეც ყოველი ღონე ვიხმარე ამ საქმის მოსაგვარებლად და ჩემი თავის მადლობელიცა ვარ, რომ არ დავაგვიანე. ეჭვი არ არის, თქვენც ასევე იქნებით გახარებული. დარწმუნებული რომ ვიყო, თქვენი ბიძა მისტერ მეზონის მადეირაში ჩასვლამდე არ გარდაიცვლება, გირჩევდით, გაჰყოლოდით მას, მაგრამ, ამ გამოუვალი მდგომარეობის გამო, უმჯობესია ინგლისში დარჩეთ, სანამ რამე ამბავს შეიტყობდეთ მისტერ ეარისგან ან რაიმე ცნობას მიიღებდეთ მასზე.

- კიდევ არის რაიმე საქმე ან ჩვენი დარჩენა აქ საჭიროა? - მიუბრუნდა ის მისტერ მეზონს.

- არა, არა, წავიდეთ, - მღელვარებით უპასუხა მან. აღარც კი დაუცდიათ, რომ მისტერ როჩესტერს გამოთხოვებოდნენ, ისე გაემართნენ სადარბაზო კარისკენ. მღვდელი ცოტა ხანს კიდევ დარჩა რამდენიმე სიტყვის სათქმელად. არ ვიცი, საყვედური უნდოდა ეთქვა თუ გაეკიცხა თავისი სამრევლოს ასეთი ქედმაღალი წარმომადგენელი. როდესაც ეს მოვალეობაც მოიხსნა, ისიც წავიდა.

ჩემს ოთახში დავბრუნდი. ნახევრად ღია კართან ვიდექი და მესმოდა, როგორ გაეცალა ისიც იქაურობას. სახლი დაცარიელდა. ჩავიკეტე. კარში სასწრაფოდ ურდული გავუყარე, რომ არავინ შემოსულიყო ან არავინ დამდევნებოდა. ჯერ კიდევ იმდენად მშვიდად ვიყავი, რომ არც ვტიროდი და არც ვწუხდი. ჩემდა უნებურად საქორწინო კაბა გავიხადე და ჩემი შალის კაბა ჩავიცვი, რომელზეც წინა დღეს გავიფიქრე, რომ უკანასკნელად მეცვა. მერე დავჯექი; სისუსტე და დაღლილობა ვიგრძენი; ხელები მაგიდაზე დავაწყვე, ზედ თავი დავაყრდნე და ახლა უკვე შემეძლო მეფიქრა. აქამდე მხოლოდ მესმოდა, ვხედავდი, ვმოძრაობდი, აქეთ-იქით დავყვებოდი, საითაც წამიყვანდნენ ან წამათრევდნენ; თვალყურს ვადევნებდი, ერთი შემთხვევა როგორ მოსდევდა მეორეს, ან ერთი საიდუმლო როგორ ააშკარავებდა მეორეს; მაგრამ ახლა მხოლოდ ვფიქრობდი.

დილა საკმაოდ მშვიდი იყო, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მცირე ხანს შეშლილთან შეხვედრის წუთებს. ეკლესიაში მთელმა ამ ამბავმა უხმაუროდ ჩაიარა. არც დიდი გრძნობათა ღელვა გამოუმჟღავნებია ვინმეს, არც ხმამაღალი ჩხუბი და ყვირილი ყოფილა, არც კამათი, აყალმაყალი, ქვითინი და ცრემლი. მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ითქვა სრულიად მშვიდად ჯვრისწერის საწინააღმდეგოდ და მისი შეუძლებლობის შესახებ. მისტერ როჩესტერმაც რამდენიმე შეკითხვა დასვა მოკლედ და უკმეხად, რასაც მოჰყვა პასუხი, ახსნა-განმარტება და მოწმეთა ჩვენებით დასაბუთება. ჩემმა პატრონმა გულწრფელად აღიარა სინამდვილე და შემდეგ ცოცხალი დამამტკიცებელი საბუთები გვიჩვენა თავისი სიტყვების დასადასტურებლად. ბოლოს, უცხო ადამიანები წავიდნენ და ყველაფერი დამთავრდა.

ჩვეულებრივ, ახლა ჩემს ოთახში ვიყავი სრულიად ისეთივე, როგორიც წინათ, თვალში საცემი არავითარი ცვლილება არ მომხდარა, არც სახელი გაუტეხია ჩემთვის ვინმეს, არც რაიმე ზიანი მოუყენებია, არც არაფერი დაუშავებია და, მაინც, სად იყო გუშინდელი ჯეინ ეარი? სად იყო მისი ცხოვრება და იმედები?

ჯეინ ეარი, იმედიანი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ასე გატაცებით ელოდა მომავალს, თითქმის მეუღლე, ახლა გულგაცივებულ და მარტოხელა არსებად ქცეულიყო. მისი ცხოვრება გაუფერულდა, იმედები კი დაემსხვრა. საშობაო ყინვა დაუდგა შუა ზაფხულში. დეკემბრის თეთრმა ქარიშხალმა წამოუქროლა ივნისში; ყინვამ მწიფე ვაშლები დააზრო; ნამქერმა იმსხვერპლა გაშლილი ვარდები; მინდვრებსა და ყანებს თეთრი სუდარა გადაეფარა; ორღობეები და გზის პირები, რომლებიც ჯერ კიდევ წინაღამეს ყვავილებით იყო მორთული, დღეს თოვლს დაუფარავს და ბილიკიც კი აღარსად ჩანს ამ გაუკვალავ ადგილებში. ტყეები კი, რომლებიც ამ თორმეტი საათის წინათ ფოთლებს აშრიალებდნენ და ისეთ სურნელს აფრქვევდნენ, როგორსაც ატეხილი ჭალები ტროპიკულ ქვეყნებში, ახლა დიდ მანძილზე გადაჭიმული, გაძარცული, გაველურებული და დათოვლილი ისე გამოიყურება, როგორც ფიჭვის ტყეები ზამთრობით, ნორვეგიაში. ყველა ჩემი იმედი ჩაკვდა. ის მტარვალმა ბედისწერამ ისევე განგმირა, როგორც განრისხებულმა ჰეროდემ ყველა პირველშობილი ბეთლემში. გადავხედე ჩემს სათაყვანო სურვილებს. ნაირფრად გაშლილნი, ჯერ კიდევ გუშინ ისინი ბრწყინვალე ფერებში მეხატებოდნენ. ახლა კი, გაყინულნი და უმოძრაოდ ქცეულნი, ჩემ თვალწინ ეყარნენ სისხლისგან დაცლილი გვამებივით, რომელთაც სასიცოცხლო ნიშანწყალი აღარასოდეს დაუბრუნდებათ. ჩავუკვირდი ჩემს სიყვარულს, გრძნობას, რომელიც ჩემს პატრონს ეკუთვნოდა და რომელიც მან გააღვივა; ის ისე თრთოდა და ცახცახებდა ჩემს გულში, როგორც ტანჯული ყრმა უპატრონო აკვანში. დაუძლურებული, მძიმე ნაღველს შეებოჭა; მისტერ როჩესტერის მკლავთა ხვევნას აღარ ესწრაფოდა და აღარც მისი მკერდის სითბოს გაზიარება შეეძლო. ოჰ, აღარასოდეს დაუბრუნდებოდა ეს გრძნობა მას, რადგან რწმენა დაიმსხვრა და ნდობა გაცამტვერდა! მისტერ როჩესტერი ის აღარ იყო ჩემთვის, რაც წინათ, რადგან ის არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მეგონა. მე არ ვაწერდი მას რაიმე მანკიერებას, არც იმის თქმა შემეძლო, რომ მან მიღალატა, მაგრამ გაქრა თვისება, რომელიც უმწიკვლო სიმართლეს ღაღადებდა მუდამ. ამიტომ უნდა გავცლოდი მას, ამაში ღრმად ვიყავი დარწმუნებული ახლა, მაგრამ როდის, როგორ ან საით, ეს ჯერ კიდევ ვერ გამერკვია. ეჭვი არ მეპარებოდა, თვითონაც აჩქარდებოდა, განვეშორებინე თორნფილდისთვის. ჩანდა, ნამდვილი გრძნობით მას არც შეეძლო ვყვარებოდი. ეს, ალბათ, მგზნებარე წამიერი გატაცება იყო, რომელიც მოულოდნელად, რაღაც დაბრკოლებათა გამო შეწყდა და ახლა, ალბათ, აღარც ვუნდოდი. მასთან შეხვედრაც კი შიშით მზარავდა ახლა. ალბათ, თვალით დასანახავადაც კი ვძულდი. ოჰ, თურმე, როგორ ბრმად შევცქეროდი ყოველივეს და რა უმწეო ვიყავი.

თვალები დახუჭული მქონდა, სიბნელე ჩამოწვა და მოშავო კვამლის ბოლქვებად დაცურავდა ჩემ გარშემო. შავი ფიქრები გულს შემომაწვა და ნიაღვარივით აირია. თავდავიწყებამდე მისულს, დაუძლურებულსა და სულ მთლად ღონემიხდილს ისე მეჩვენებოდა, თითქოს დამშრალი, დიდი მდინარის ფსკერზე ვიწექი; მესმოდა, შორეული მთებიდან როგორ მოისწრაფოდა თავაწყვეტილი ნიაღვარი; ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა ის და ადგომის სურვილიც კი არ გამაჩნდა. გაქცევის ძალა არ შემწევდა. ვიწექი გულწასული და სიკვდილს ვნატრობდი. მხოლოდ ერთი ფიქრიღა თრთოდა ჩემს სხეულში, მასღა შერჩენოდა ოდნავი სასიცოცხლო ძალა. ეს იყო ღვთის ხსოვნა, ის წარმოუთქმელ ლოცვებში გაცოცხლდა. ლოცვის სიტყვები ჩემს დაბნელებულ გონებაში აქეთ-იქით დაქროდა. მინდოდა, ჩურჩულით მაინც წარმომეთქვა, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა.

- ნუ წახვალ ჩემგან შორს, თორემ ტანჯვა მიახლოვდება და არავინ არის, რომ მომეშველოს.

ის სულ ახლოს იყო და, რადგან მე ვერ შევევედრე ზეცას, რომ აეშორებინა ის ჩემთვის, ვერც ხელები დავიკრიბე გულზე, ვერც მუხლი მოვიყარე მის წინაშე და ვერც ბაგე გავხსენი. ის თავს დამატყდა. ადიდებულმა, ძლიერმა ნიაღვარმა გადამიარა. მთელი ჩემი განწირული ცხოვრების მწარე შეგნება, ჩემი დაკარგული სიყვარული, სამუდამოდ ჩამქრალი იმედები და დასამარებული რწმენა, თავისი საშინელი ძალით, პირქუშობითა და ვარამით, თავს დამატყდა. ამ უმძიმესი წუთების აღწერაც კი შეუძლებელია. სინამდვილეში, ამ ღვართქაფმა სულში ჩაიარა; გაუვალ ლაფში ჩავეფალი; ვგრძნობდი, რომ ვეღარც ავდგებოდი; უფრო და უფრო ვიძირებოდი, დაბოლოს, წარღვნამ წამლეკა კიდეც.

თავი ოცდამეშვიდე

ვინ იცის როდის, როდესაც საღამო მოახლოვდა, თავი ავწიე და გარშემო მიმოვიხედე. დავინახე, მზე დასავლეთით გადაწვერილიყო და მისი სხივები კედელს ოქროს ვარაყად შემოვლებოდა. ჩემს თავს შევეკითხე:

- რა უნდა ვქნა ახლა?

გონებამ კი ასეთი პასუხი გასცა: დაუყოვნებლივ დატოვე თორნფილდი! - ეს სიტყვები ისეთი ბრძანებით მიკარნახა და იმდენად შემაძრწუნებლად, მეტი აღარაფრის გაგონება აღარ მინდოდა. - არ შემიძლია ამ სიტყვების ატანა ახლა, - ვუპასუხე მე, - ედვარდ როჩესტერის მეუღლე რომ აღარა ვარ, ეს ჩემთვის არც ისეთი მძიმე ნაღველია, - ვუმტკიცებდი მას.

დაე, უმშვენიერესი სიზმრიდან გამღვიძებოდა და დავრწმუნებულიყავი, რომ ყოველივე მხოლოდ არარაობა და ცდუნება იყო. რასაკვირველია, ეს საშინელება იქნებოდა, მაგრამ შემეძლო ყველაფერი გადამეტანა და თავი ხელში ამეყვანა. ის კი, რომ უკვე გადაწყვეტილი იყო, დაუყოვნებლივ და სამუდამოდ დამეტოვებინა მისტერ როჩესტერი, ყოვლად აუტანლად მიმაჩნდა. მე არ ძალმიძდა ეს.

მაგრამ შინაგანი ხმა მიმტკიცებდა, რომ შემეძლო ეს, და მიწინასწარმეტყველებდა კიდეც, რომ ასეც მოვიქცეოდი. საკუთარ გადაწყვეტილებას შევებრძოლე. მინდოდა, უძლური აღმოვჩენილიყავი და ამერიდებინა საშინელი განსაცდელი, რომელიც ჩემ წინ აღმართულიყო. ბედი მომავალში კიდევ უფრო აუტანელ ტანჯვა-წამებას მიქადდა, მაგრამ გულქვა გონება ამ ფიქრს მაშინვე ყელში სწვდა, მოახრჩო და თანაც გამქირდავად ჩასძახა: - მას მხოლოდ ახლა ჩაუცდა ფეხი გაუვალ ჭაობში და ვფიცავ, ჩემი რკინისებური მკლავით მოვახერხებ და ტანჯვა-წამების უძირო უფსკრულში გადავჩეხავო.

- დაე, სხვებმა გამომგლიჯონ მისი ხელიდან მაშინ! - წამოვიყვირე მე. - დაე, სხვა მომეხმაროს!

- არა, ამ სულიერ წამებას შენ თვითონ გადაიტან, არავინ დაგეხმარება, შენ თვითონ ამოითხრი მარჯვენა თვალს და შენ თვითონვე მოიჭრი მარჯვენა ხელსაც. შენს გულს სამსხვერპლოზე მიიტან, შენვე იქნები მოძღვარი და დამსჯელი მისი.

უცებ ადგილიდან წამოვიჭერი, რომ ამ საშინელ სიმარტოვეს გავცლოდი, რომელშიც ეს უგულო მოსამართლე თან მდევდა, ვეღარც იქ გამეფებულ მდუმარებას ვუძლებდი, სადაც მისი საზარელი ხმა გაისმა და ახლა იქაურობას ავსებდა. როგორც კი წელში გავსწორდი, თავბრუ დამესხა. მივხვდი, რომ მთელი დღის მღელვარებისა და უჭმელობისგან მთლად დაუძლურებული ვიყავი. არც საჭმელი და არც სასმელი იმ დღეს ჩემს პირს არ გაჰკარებია. დილითაც ხომ საუზმე არ მინდოდა და ხელი ვერაფერს ვახლე. ახლა მძიმე სევდა მარწუხივით მიჭერდა გულზე და ვფიქრობდი: აი, რა დიდხანს ვიყავი ჩაკეტილი ოთახში და ჩემი ამბის გაგებაც კი არავის მოსურვებია, აღარც დაბლა მეძახდნენ. პატარა ადელსაც კი არ მოუკაკუნებია კარზე, არც მისის ფეიერფექსს მოვუძებნივარ. მეგობრებს ყოველთვის ავიწყდებათ ისინი, ვისაც ბედი გაწირავს, - ჩავიჩურჩულე ჩემთვის; ურდული გამოვწიე, კარი გამოვაღე და გარეთ გამოვედი. რაღაცას გადავაწყდი; თავბრუ ისევ მესხმოდა; თვალთ მიბნელდებოდა, მთელი სხეული მოდუნებული მქონდა; ძალა ვეღარ მოვიკრიბე და წავიქეცი, მაგრამ მიწაზე კი არა, ვიღაცის გამოწვდილმა ხელმა დამიჭირა. ავიხედე მაღლა და შევამჩნიე, რომ მისტერ როჩესტერის მკლავებზე ვესვენე, რომელიც ჩემი ოთახის ზღურბლთან, სკამზე იჯდა.

- როგორც იქნა, გამოხვედი, - მითხრა მან. - ძალიან დიდი ხანია გიცდი მოყურადებული. მაგრამ არც ქვითინისა და არც ოდნავი მოძრაობის ხმაც კი არ გამიგონია. ხუთ წუთს კიდევ თუ ავიტანდი ამ სამარისებურ სიჩუმეს და მერე კი ყაჩაღივით უნდა შემომემტვრია კარი. ასე რომ მარიდებ თავს, გამოიკეტე ოთახში და მარტოდმარტო ეძლევი მწუხარებას! უმჯობესი იყო, მოსულიყავი და ჩემ წინ გამოგეთქვა საყვედური და გულისწყრომა. ვიცი, რომ ფიცხი ხარ, ველოდი, სცენას გამიმართავდი. მეგონა, ცხარე და შეუწყვეტელი ცრემლთა დენის მოწმე შევიქნებოდი და ვემზადებოდი, მინდოდა, ის ცრემლი ჩემს მკერდზე დაღვრილიყო, ისინი კი ამ უსულო იატაკსა და მაგ ცხვირსახოცზე დაიღვარა. მაგრამ მოიცა, მე მგონი, ვცდები, შენ სულაც არ გიტირია. ვხედავ შენს გაფითრებულ სახეს და სხივჩამქრალ თვალებს, მაგრამ მათ ცრემლის კვალი არ ემჩნევათ. ნუთუ შენმა გულმა დაანთხია სისხლის ცრემლები? კეთილი, ჯეინ, ნუთუ, ერთ სიტყვასაც არ მეუბნები საყვედურით, არაფერს მწარესა და გესლიანს? არაფრით გსურს დამიფლითო გრძნობა, შხამიანი ისარი მიჩხვლიტო და გამახელო? შენ ზიხარ იქ, სადაც მე დაგსვი და მიყურებ დაღლილი და უსიცოცხლო გამომეტყველებით. ჯეინ, არასოდეს გამივლია ფიქრად, ასეთი ჭრილობა მომეყენებინა შენთვის. თუ რომელიმე ადამიანს ჰყოლია ერთადერთი პაწაწინა კრავი, რომელიც ისეთივე უძვირფასესი ყოფილა მისთვის, როგორც საკუთარი ქალიშვილი, რომელსაც ის საკუთარი ჯამიდან აჭმევდა, ასმევდა და საკუთარ მკერდზე აძინებდა, ხოლო მერე კი, რაღაც შეცდომის გამო, სასაკლაოზე თვითონვე დაღვარა მისი სისხლი, ალბათ, ისიც ვერ შეძლებდა თავისი გამოუსწორებელი შეცდომა ისე მძიმედ მოენანიებინა, როგორც მე ვინანიებ ახლა. შეგიძლია, ოდესმე მაპატიო, ჯეინ?

მკითხველო, მე იმწუთასვე, იქვე ვაპატიე მას ყოველივე. მის თვალებში ისეთი სინდისის ქენჯნა ვიხილე, მის ხმაში ისეთი მწუხარება ისმოდა, ყოველ მის მოქმედებაში იმდენი ვაჟკაცური ძალა, მის გამოხედვასა და მთელ მის გარეგნობაში კი იმდენად უცვლელი სიყვარული, რომ ყველაფერი მაშინვე ვაპატიე. მაგრამ ეს უსიტყვოდ, მდუმარედ მოხდა მხოლოდ ჩემი გულის სიღრმეში.

- შენ ახლა იცი, რომ მე არამზადა ვარ, ჯეინ, არა? - მკითხა მან სწრაფად, დაინტერესებულმა და ჩაფიქრებულმა, ვფიქრობ, ჩემი დაუსრულებელი დუმილითა და მორჩილებით შეშფოთებულმა, რომელიც სისუსტით უფრო აიხსნებოდა, ვიდრე სურვილით, ხმა არ ამომეღო.

- დიახ, სერ.

- მაშინ გულახდილად და მოურიდებლად მითხარი ყველაფერი, ნუ შემიბრალებ.

- არ შემიძლია, დაღლილი ვარ და ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. თუ შეიძლება, წყალი მომაწოდეთ.

მან თრთოლით ამოიკვნესა, ხელში ამიყვანა და ქვედა სართულისკენ გაეშურა. ჩემს ბინდგადაკრულ თვალებში ყველაფერი ისე იყო ბურუსით მოცული, რომ პირველად ვერც ვიცანი, რომელ ოთახში შემიყვანა. უცებ ცეცხლის მაცოცხლებელი სითბო ვიგრძენი, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული იყო, ჩემს ოთახში მთლად გავყინულიყავი. მან ჭიქით ტუჩებთან ღვინო მომიტანა. სულ რამდენიმე წვეთი გავსინჯე და უკეთესობა ვიგრძენი. მერე, რაც საჭმელი შემომთავაზა, უარი არ მითქვამს და მალე სულ გამოვკეთდი. ახლა შევამჩნიე, რომ ბიბლიოთეკაში, მის სავარძელში ვიჯექი. ისიც ჩემთან ახლოს იყო. - ოჰ, რა კარგი იქნებოდა, რომ სწორედ ახლა, ამ წუთებში, უწამებლად და უმტკივნეულოდ განვშორებოდი ამ ქვეყანას, - გავიფიქრე ჩემთვის, მაშინ აღარ მომიხდებოდა ასეთი ძალით დამეწყვიტა ჩემი გულის სიმები მისტერ როჩესტერთან განშორებისას. მაინც, როგორც ჩანს, მე უნდა განვშორდე მას, მაგრამ მე არ მინდა მისი დატოვება და არც მისი განშორება შემიძლია.

- ახლა როგორ ხარ, ჯეინ?

- ბევრად უკეთესად, სერ, მალე სულ კარგად ვიქნები.

- ღვინო კიდევ მოსვი, ჯეინ.

დავემორჩილე. შემდეგ მან ჭიქა მაგიდაზე დადგა, ჩემ წინ გაჩერდა და ყურადღებით დამაკვირდა. უცებ შეტრიალდა, რაღაც გაურკვევლად წამოიძახა, რომელიც, მე მგონი, ფარული ვნებათაღელვით უფრო იყო სავსე. ოთახში სწრაფად ჩაიარა და უკანვე მობრუნდა. ისე გადმოიხარა ჩემკენ, თითქოს კოცნა უნდოდა, მაგრამ გამახსენდა, რომ მისი ალერსი ჩემთვის უკვე აკრძალული იყო და მისი სახე ხელით ავირიდე.

- როგორ! რატომ მექცევი ასე? - წამოიძახა მან სწრაფად. - ოჰ, მივხვდი. შენ არ აკოცებ ბერთა მეზონის ქმარს. შენ ფიქრობ, რომ ჩემი ხვევნა და ალერსიც სხვისთვის არის განკუთვნილი.

- ყოველ შემთხვევაში, ისინი მე არ მეკუთვნის, სერ, და არც რაიმე უფლება მაქვს მათზე.

- რატომ, ჯეინ? ახლა შეგიბრალებ და თავიდან აგაცილებ გასაჭირს, რომ ბევრი არ ილაპარაკო, შენ მაგივრად მე ვუპასუხებ: იმიტომ, რომ მე უკვე მყავს ცოლი. ასე მიპასუხებდი, არა? ხომ სწორად მივხვდი?

- დიახ.

- თუ ასე ფიქრობ, ძალიან უცნაური წარმოდგენა გქონია ჩემზე. მაშინ შენ მე მთვლი ცბიერ ოინბაზად, გარყვნილ ადამიანად, საზიზღარ და ყოვლად დამცირებულ კაცად, რომელიც ყოველ ღონეს ხმარობს, უანგარო სიყვარულში დაგარწმუნოს, რათა ადვილად გაგაბას ცდუნებით დაგებულ მახეში, წაგგლიჯოს ქალური უმანკოება, სინდისი და გაგძარცვოს მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისა და განცხრომისთვის. რას იტყვი ამაზე? როგორც ვხედავ, აღარაფერი შეგიძლია მიპასუხო. პირველ ყოვლისა, ჯერ კიდევ ძალიან სუსტადა ხარ და ძლივს სუნთქავ, მეორე მხრივ კი, ჯერ არა ხარ მიჩვეული, რომ ბრალი დამდო და გამკიცხო, გარდა ამისა, უკვე სატირლადაც ემზადები: ვიცი, თუ ბევრს ილაპარაკებ, ღაპაღუპით წაგსკდება ცრემლი. მაგრამ გატყობ, მაინც არ გსურს საყვედურით ამავსო, შეურაცხყოფა მომაყენო და სცენა მომიწყო. შენ ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ მოიქცე; საუბარს უმიზნოდ თვლი; მე შენ გიცნობ და ფხიზლადაც ვარ.

- სერ, მე არ მსურს თქვენს საწინააღმდეგოდ მოვიქცე, - ვუთხარი მე და ჩემმა მთრთოლარე ხმამ მაგრძნობინა, რომ წინადადება უნდა შემემოკლებინა.

- შენს გონებაში არა, მაგრამ ჩემსაში კი შენი გეგმები მე მოსპობას მიქადის. როგორც ვიცი, იმის თქმა გინდა, რომ მე ცოლიანი კაცი ვარ და, ყველანაირად შეეცდები, რომ მომერიდო, როგორც ცოლიან მამაკაცს, გზიდან ჩამომეცლები. აი, სწორედ ამიტომ თქვი უარი, რომ გეკოცნა ჩემთვის. შენ გინდა სრულიად უცხო ადამიანად იქცე; იცხოვრო ამ ჭერქვეშ, როგორც მხოლოდ ადელის აღმზრდელმა და, თუ ოდესმე საალერსო სიტყვა დამცდა, ან შენ თვითონ მოგიზიდა წინანდელმა სითბომ ჩემკენ, მაშინვე იმას იტყვი: ამ კაცმა კინაღამ თავის საყვარლად მაქცია და კლდედ და ყინულად უნდა აღვიმართო მის წინაშეო, და შენ მართლა კლდედ და ყინულად გადაიქცევი.

ხმა გავიმაგრე, რომ მეც მეპასუხა:

- ჩემ გარშემო ყველაფერი შეიცვალა, სერ, და მეც უნდა გამოვიცვალო. ამაში ეჭვის შეტანაც არ შეიძლება. თავიდან რომ ავიშორო გრძნობათა ასეთი მერყეობა და, ამასთანავე, ეს დაუსრულებელი ჭიდილი მოგონებებსა და საკუთარი გულის ძახილს შორის, მხოლოდ ერთი გზა არსებობს: ადელს სხვა აღმზრდელი უნდა ჰყავდეს, სერ.

- ოჰ, ადელი სკოლაში უნდა გავგზავნოთ, ყველაფერი უკვე მოვაწესრიგე. მე თვითონ სრულიადაც არ მინდა გაწამო იმ საშინელი მოგონებებით, რომელიც თორნფილდთან გაკავშირებდა. ეს დაწყევლილი ადგილია, აჩენის თავშესაფარი, საზიზღარი აკლდამა, სადაც ხორცშესხმული სიკვდილის შავბნელი აჩრდილი გაშლილი ცის ნათელს შეღაღადებს. ეს ქვის ჯოჯოხეთია, რომელსაც ერთი ბოროტი სული დაჰპატრონებია, რომელიც ადამიანის წარმოდგენით შექმნილ აურაცხელ ბოროტ სულზე ბევრად უარესია.

გაგრძელება შემდეგ ნომერში