ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიVIII) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიVIII)

- ის ვალდებულია, კლიენტებთან თავაზიანი იყოს, ეს მისი მოვალეობაა.

- მაგრამ განა ისე ხშირად უწევს შენნაირი ახალგაზრდა და ლამაზი მანდილოსნების მომსახურება. თვალი აქვს მიჩვეული, აქ ხომ ძირითადად მუდმივი კლიენტები დადიან.

- როგორც შენ, არა? - ისე გადავედით შენობითზე, არც კი გაგვიფრთხილებია ერთმანეთი. არც იყო საჭირო, უკვე საკმარისზე მეტად გავშინაურდით.

- ალბათ, - დამეთანხმა, მაგრამ იმავე წამს დაამატა, - რა გჭირს? როგორი უღონო თავდაცვაა შენი მხრიდან? ნუთუ შენთვის ასეთ საშიშროებას წარმოვადგენ? მართლა გეშინია ჩემი?

- რა თქმა უნდა, არა! - ზედმეტად სწრაფად და ტემპერამენტიანად მივუგე, თუმცა მართლა მეშინოდა მისი.

ხმადაბლა, მაგრამ გულიანად გაიცინა, წინ გადმოიხარა და იდაყვზე ტუჩებით მსუბუქად შემეხო.

გამაჟრჟოლა. შევეცადე, ჩემი რეაქცია არ შეენიშნა და თვალი ავარიდე.

- დამშვიდდი, გოგონი, - მშვიდად მითხრა, - მინდოდა, სასიამოვნო საღამო მომეწყო შენთვის, მეტი არაფერი. მსურდა, გემრიელად გეგრძნო თავი.

მტრულად გავხედე. ჩემს მზერაზე სიცილი აუტყდა.

- როგორი საგანგაშო მზერა იყო, - მხიარულად შესძახა და ცალი წარბი მაღლა აუხტა, - შენს ცოცხლად შეჭმას არ ვაპირებ, დამიჯერე, ეს ჩემი სტილი არ არის. - მის ხავერდივით დაბალ ხმაში სიცივე გაისმა, თვალები კი მოულოდნელად უფრო გაუმუქდა.

- არც მიფიქრია, - მხნედ მივუგე, - ეჭვიც არ მეპარება, რომ ამწუთას მაძღარი ხარ ათასნაირი დესერტით, - სარკასტულად მივუგე და მაშინვე ვინანე, მაგრამ გაქცეულ სიტყვებს უკან ვეღარ დავაბრუნებდი.

მომეჩვენა, თითქოს ცოტათი დაიბნა, მაგრამ მალევე მიხვდა, რასაც ვგულისხმობდი და გამჭოლი მზერა მომაპყრო.

- როგორი შესაშური მეხსიერება გაქვს, პატარავ, - წაიდუდუნა მცირეოდენი პაუზის შემდეგ, - ვხედავ, მომავალში მეტი სიფრთხილის გამოჩენა მომიწევს შენთან. აღმოჩნდა, რომ ყველაფერი, რასაც ვიტყვი, შეიძლება ჩემს წინააღმდეგ იქნეს გამოყენებული.

თვალები დავხარე, მაგრამ ამან არ მიშველა, მის ეკალივით მჩხვლეტავ მზერას მაინც ვგრძნობდი.

- კოქტეილი კიდევ ხომ არ გინდა? - ნახევრად თავაზიანი ტონით მკითხა.

- არა, აჯობებს, არ დავლიო. არ მინდა დავთვრე.

- ძალიან ჭკვიანურია! - შეფარული დაცინვა გაკრთა მის თვალებში, - მაშინ წავიხემსოთ, თორემ შიმშილით სული გამძვრა.

ცოტა სოკო გადავიღე, თან თვალი დარბაზს მოვავლე. არ გამკვირვებია, როცა რამდენიმე ქალის მზერა დავიჭირე. ისინი ჩემს თანამესუფრეს მალულად გამოხედავდნენ ხოლმე. წესით, ასეც უნდა ყოფილიყო. მისნაირი მამაკაცი ყველგან მიიქცევდა ქალების ყურადღებას. თავისი მომნუსხველობით ყოველთვის შეეძლო მიეღო ის, რაც სურდა. ყველგან და ყველასთან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. მამაკაცურ მომხიბვლელობასთან ერთად მაგნიტური მიმზიდველობითაც იყო დაჯილდოებული, რაც აშკარად გამოარჩევდა სხვა მამაკაცებისგან, როგორც მგელს ძაღლების ხროვაში.

- შენს ბათოს აქ არასდროს მოუყვანიხარ? - მოულოდნელი შეკითხვა დამისვა, რამაც გამაოცა.

- ბათო რამ გაგახსენა? რატომღაც, ბოლო დროს ხშირად ახსენებ მის სახელს.

- კარგი სახელი ჰქვია და... - გაიხუმრა.

პასუხი არ გავეცი. შემეშინდა, ზედმეტი არ მომივიდეს და არ გავანაწყენო-მეთქი. ჭამას უხმოდ შევუდექით და ცოტა ხანში დავმშვიდდი.

ოფიციანტი ისევ მოვიდა. მირზამ კიდევ შეუკვეთა კერძები და დესერტიც მიაყოლა. ვუყურებდი მას და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი - როგორ მეშინოდა მისი. ეს არ იყო შიში ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. უბრალოდ, ვიგრძენი, რომ მისი სურვილის წინააღმდეგ ვერასდროს წავიდოდი. თუ მოისურვებდა, ნებისმიერ დროს შეძლებდა ჩემს დაუფლებას. ამ მხრივ იგი ჩემს აქამდე ნაცნობ ყველა მამაკაცზე საშიში იყო. მიუხედავად ამისა, გაურკვეველი ძალით რაღაც იდუმალება მიზიდავდა მასში.

- იცი, რა მაინტერესებს? - თვალები მივანათე, - რატომ მოისურვე ჩემთან შეხვედრა და განმარტოება? - ფრთხილი მზერა მივაპყარი.

- წმინდა ცნობისმოყვარეობის თვალსაზრისით.

- ცნობისმოყვარეობის?

- რატომაც არა? გეგონა, სიყვარულს აგიხსნიდი?

- აზრადაც არ გამივლია. - მივახალე, - ასეთი რამის აღიარება, ვფიქრობ, ყველაზე ნაკლებადაა შენგან მოსალოდნელი.

- როგორც ვხვდები, ჩემზე დიდი წარმოდგენა არ გაქვს, ა?

- განა ამის საფუძველი არსებობს?

დაჟინებით ჩამაცქერდა თვალებში და ჩუმად წარმოთქვა:

- იცი? ფუტკარს მაგონებ. თან ტკბილი, სასარგებლო პროდუქტის მოცემა შეგიძლია, თან სასტიკად მწარედ იკბინები.

ამ დროს პირთან მიტანილი ლუკმაჩამოცმული ორაგულის მწვადი ხელში გაუშეშდა. მის მზერას თვალი ჩემდა უნებურად გავაყოლე და შევნიშნე ქალი, რომელიც გაოცებული მისჩერებოდა. შემდეგ ქალმა ხელი დაუქნია. მირზა დაიძაბა.

- შენი ძველი მეგობართაგანია? - შემპარავად ვკითხე.

- ჰო. - მშრალად მომიგო და ჩანგალი თეფშზე დადო. - არ გინდა, ვიცეკვოთ?

ყველაზე მეტად მასთან ცეკვას გავურბოდი, მაგრამ, ამავდროულად, სიგიჟემდე მინდოდა ერთად გვეცეკვა. ვერ ვხვდებოდი, ასეთი გაორება რატომ მჭირდა.

- ვიცეკვოთ, - მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი.

- წამო. - იგი ჩემკენ გადმოიხარა, ხელი გამომიწოდა, ჩემი თითები თავისაში ჩაიხვია და წამომაყენა.

როცა დარბაზის შუაგულისკენ წამიყვანა, მუხლები ამიკანკალდა. ახლა კვლავ მის მკლავებში აღმოვჩნდებოდი და ამ წუთებს რა გადაიტანდა.

აუჩქარებელი მოძრაობით მომხვია წელზე ხელი და ისე შეწყობილად გავსრიალდით რბილ იატაკზე, თითქოს მრავალი წელი ერთად გვეცეკვოს. ნელი ვალსის მელოდიამ და მისმა სიახლოვემ ისე დამახვია თავბრუ, შემეშინდა, გული არ წამივიდეს-მეთქი.

- ჰო, ცდა ამად ღირდა. - ზედ ყურთან მიჩურჩულა, მაგრამ არ შემოუხედავს, თითქოს სხვას ელაპარაკებაო, სადღაც იცქირებოდა, სივრცეში. - და ნეტავ ამდენ ხანს რას ვუცდიდი, ხომ არ იცი?

პირი გავაღე, რათა ირონიული პასუხი გამეცა, მაგრამ შევხედე თუ არა თვალებში, დავმუნჯდი. მის მზერას უკვე ვეღარ ვუძლებდი. მოულოდნელად თავი ოდნავ დახარა და ტუჩებზე შემეხო, ოღონდ სულ რამდენიმე წამით. მე კი ამ რამდენიმე წამმაც ჩემი დამმართა. ერთიანად ავიშალე და დავიშალე. ფეხებს ვეღარ ვამოძრავებდი და რამდენიმე ილეთი შემეშალა კიდევაც. რას ვაკეთებ! ამ კაცისთვის ქალი მხოლოდ გართობის საშუალებაა, მისთვის მორიგი გასართობი თოჯინა ვარ, რომლითაც ერთი საღამო გაილამაზა. რისი იმედი უნდა მქონდეს? მიუხედავად ამისა, მსიამოვნებდა მის მკლავებში ნებივრობა, ვდნებოდი, მისი გულისცემა რომ მესმოდა, მის სუნთქვას რომ ვგრძნობდი ჩემს ყურთან...

- მირზა, რავა ხარ, ბიჭო? - გაისმა ამ დროს ქალის მკვეთრი ხმა.

ეს ის ქალი იყო, წეღან ხელი რომ დაუქნია. მის გვერდით ვიღაც მამაკაცი იდგა.

- მზიკო, შენ ხარ? გოლა, გამარჯობა! - მირზამ ცეკვა შეწყვიტა და წყვილს ხელი მძლავრად ჩამოართვა, თან გადაკოცნა. - როდის ჩამოხვედით?

- წინა კვირას. შენ რა, არ იცოდი? - ქალი აგდებულად ელაპარაკებოდა.

- რატომ უნდა მცოდნოდა? - მხრები აიჩეჩა მირზამ, გვერდით დამიყენა და მხარზე ხელი გადამხვია. - გაიცანით, ანიკა, ჩემი მეგობარი და თანამშრომელი.

ორივეს გავუღიმე. არც მათ დაიშურეს ღიმილი.

- ამას გვიმალავდი? - ისეთი ცინიზმი გაისმა მზიკოს ხმაში, დავიძაბე.

- შენ კი უნდა დაგიმალოს კაცმა ასეთი ვინმე, თორემ ხომ მოსდე მთელ ქვეყანას, - გაიცინა მზიკოს კავალერმა და მირზას თვალი ჩაუკრა.

- ოჰ, როგორი ენამახვილი ხარ! - დაუბრიალა ქალმა თვალები გოლას. - უმიზეზოდ მე არასდროს არაფერს ვიძახი. ამ გოგონამ კი უნდა იცოდეს, რომ რუხ მგელთან აქვს საქმე. ფრთხილად იყავით, საყვარელო ანიკა, როგორც ჩანს, მოშივდა ამ ვაჟბატონს და სანადიროდ გამოვიდა.

- მზიკო, გეყოფა! - უხეშად წაავლო ხელზე ხელი გოლამ ქალს და მირზას მიუბრუნდა, - არ მიაქციო ყურადღება, დღეს ვერ არის თავის მოტორზე.

- არა უშავს, მისგან არ მწყინს, - ცალყბად გაიღიმა ჩემმა შეფმა და მზიკოს ლოყაზე უჩქმიტა, - ვიცი, რატომაც ბრაზობს და მესმის მისი.

იმდენად არ მომეწონა მათი საუბარი, რომ მირზას ხელისგან თავი გავითავისუფლე და მაგიდასთან დავბრუნდი. ისინი კარგა ხანს ლაპარაკობდნენ რაღაცაზე, ხან გაიცინებდნენ, ხან სერიოზულ სახეს მიიღებდნენ. მერე მირზა ორივეს დაემშვიდობა და დაბრუნდა.

- მაპატიე, მარტო რომ დაგტოვე. არ ვიცოდი, საქორწინო მოგზაურობიდან თუ იყვნენ დაბრუნებულნი.

- საქორწინო მოგზაურობიდან? - გავიოცე, - რა საქორწინო მოგზაურობიდან?

- ნუ, არის ასეთი ტრადიცია, თან ცოტა უცნაური, რომელსაც ჩვენ, ჰომო საპიენსის განსაკუთრებული `სახეობის~ წარმომადგენლები, მტკიცედ ვიცავთ გარკვეული ცერემონიალის შემდეგ. - გაიხუმრა.

- გადასარევად ვიცი, რასაც ნიშნავს საქორწინო მოგზაურობა, - უხეშად მივუგე, - უბრალოდ, ერთი რამ არ მესმის: ამ კაცს რატომ მისთხოვდა, როცა შენ უყვარხარ?

გაოცებულმა დამხედა.

- საიდან მოიტანე, რომ მე ვუყვარვარ?

- ასეთი ტონით მხოლოდ განაწყენებული ქალები საუბრობენ, სიყვარულში გულგატეხილნი.

მირზამ ამოიხვნეშა და დაჯდა. ერთხანს უხმოდ მიყურა, მერე კი ხმადაბლა დაიწყო:

- გინდ დაიჯერე, გინდ არა, მაგრამ მე ღირსების ჩემეული კოდექსი მაქვს, რომელსაც მკაცრად ვიცავ. მას მე კი არ ვუყვარვარ, თავის დაქალს იცავს, რომელთანაც შორეულ წარსულში რაღაც დონეზე ურთიერთობა მქონდა და შემდეგ გავწყვიტე. უმიზეზოდ არ მომხდარა ეს, მაგრამ ქალებს ხომ გიჭირთ სიმართლის აღიარება, გსურთ, რომ ყოველთვის თქვენ იყოთ ყველაფერში მართალი.

ჩამეცინა.

- ვხედავ, არ გჯერა ჩემი.

- მე ეს არ მითქვამს.

- შენ რაში გჭირდება რამის თქმა? - შეფიქრიანებული თვალებით შემომხედა. - იცი, რა მაინტერესებს? ჩემდამი ხარ ასე უარყოფითად განწყობილი, თუ ყველა მამაკაცი ამ დღეში გყავს? მიკვირს, ბათო როგორ გიძლებს.

- ბათოს თავი დაანებე, თუ შეიძლება! - ხმას ავუწიე.

- დიდი სიამოვნებით.

- მე საწყენად არ მითქვამს...

- ფრთხილად, ანიკა! ადამიანურ მოთმინებასაც აქვს საზღვარი. შენ წარმოდგენაც არ გაქვს ჩემი ცხოვრების წესზე, ამიტომ მორალს ნუ მიკითხავ.

- რაც ვიცი, ისიც საკმარისია იმისთვის, რომ თამამად ვთქვა, ამაზრზენი ადამიანი ხარ-მეთქი. - უკვე ვეღარ ვთოკავდი თავს, მისი თავდაჯერებულობა მაცოფებდა.

- განებივრებული ბავშვივით იქცევი, - თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.

- მაგას რატომ მეუბნები? იმიტომ, რომ სხვა შენი ქალებივით ყელზე არ გეკიდები?

იდუმალი გამომეტყველებით მომაჩერდა.

- ჯერ ერთი, შენ არ მიეკუთვნები ჩემი ქალების რიცხვს. ზრდილობის გულისთვის მაინც უნდა დაგეცადა, სანამ ასეთ რამეს შემოგთავაზებდი.

მისმა სიტყვებმა საშინლად გამაწითლა და მინდოდა, პროტესტი გამომეთქვა, მაგრამ არ მაცალა:

- ძალიან ცუდი წარმოდგენა შეგექმნა ჩემზე და ეს არ მომწონს.

- აუტანლად საზიზღარი პიროვნება ხარ. მიჭირს ამის თქმა, რადგან ჩემი უფროსი ბრძანდები, მაგრამ ვერ ვითმენ.

- სიძულვილი, შიში... ახლა ზიზღიც დაემატა... როგორც ჩანს, საკმაოდ ძლიერ გრძნობებს ვნერგავ შენში. მე კი მინდოდა, თბილი საღამო გამოგვსვლოდა... - სინანულით სავსე ხმით ამოიხვნეშა. - აი, დესერტიც მოგვიტანეს... მოდი, აღარ ვიჩხუბოთ, როგორმე მშვიდობიანად დავასრულოთ ეს საღამო, კარგი?

- თუ შეიძლება, წავიდეთ, აღარ მინდა დესერტი! - გაღიზიანებული წამოვდექი და ჩანთა მხარზე მოვიგდე.

ერთი კი ამომხედა გაოცებით, მაგრამ არაფერი უთქვამს. ოფიციანტს სთხოვა, ანგარიში მომიტანეო და როცა ფული გადაიხადა, უსიტყვოდ გაეშურა გასასვლელისკენ. მეც უკან მივყევი.

უკანა გზაზე არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს. ვერა და ვერ შევძელი დამშვიდება. რაღაც მაფორიაქებდა. მანქანის სალონი ზედმეტად ინტიმური იყო, მირზა კი ასე ახლოს იჯდა ჩემთან. მისი სხეულის ოდნავ შესაგრძნობი სურნელი, მისი მამაკაცური სურნელი თავგზას მიბნევდა. ვგიჟდებოდი ამ კაცზე, უკვე დატყვევებული ვიყავი მისით და სწორედ ეს მაშინებდა.

როცა მანქანა ჩემს სადარბაზოსთან შეაჩერა, არ დავუცადე და ეგრევე გადმოვხტი.

- დიდი მადლობა. სასიამოვნო დრო გავატარე, - თავი დავხარე და ჩამოწეული სარკმლიდან შევძახე.

- როგორი მატყუარა გოგო ხარ, რომ იცოდე. - ამ სიტყვებით თვითონაც გადმოვიდა ავტომობილიდან და წინ გადამიდგა.

სუნთქვა შემეკრა. ერთიანად დამეჭიმა სხეული. აი, ახლა მაკოცებს და მორჩა, ნაწილებად დავიშლები. მერე ჩემს თავზე ნამდვილად არ ვაგებ პასუხს.

მართლაც, გადმოიხარა ჩემკენ და... ლოყაზე მაკოცა.

სულ ეს იყო? მეტი არაფერი? საოცარმა იმედგაცრუებამ შემიპყრო. თურმე როგორ გამინაწყენებია... კოცნაც კი აღარ გაიმეტა ჩემთვის...

- ღამე მშვიდობისა, ანიკა! - ჩაიჩურჩულა.

- მშვიდობიან ღამეს გისურვებ. - მეც ჩავიჩურჩულე და რომ არ ავტირებულიყავი, სასწრაფოდ შევვარდი სადარბაზოში...

მეორე დღეს ისე ცივად მომესალმა, ნირი წამიხდა. მთელი დღე არ დაურეკავს ზარი, არ გამოვუძახებივარ, არც საქმე მოუცია. ვიჯექი ჩემს მაგიდასთან და ველოდებოდი, როდის დამიძახებდა. არ დააყენა საშველი. სადილადაც კი არ გავედი, იქნებ ზუსტად მაგ დროს დავჭირდე-მეთქი. უცნაური ის იყო, რომ თვითონაც არ გამოდიოდა კაბინეტიდან. ექვსი საათი რომ გახდა, კარი გაიღო და ჩემს ოთახში გამოსული ისევე ცივად დამემშვიდობა, როგორც დილით მომესალმა. გასვლისას უცებ შემომიბრუნდა და გულგრილი ტონით დამიბარა:

- ხვალ და ზეგ არ ვიქნები, ხუთშაბათისთვის კი მოემზადე, ობიექტზე უნდა გავიდეთ.

თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად და გავწითლდი.

ორი დღე მართლაც არ გამოჩენილა. საშინლად გაიწელა ის ორი დღე, მეგონა, ორი თვე გავიდა, რაც არ მენახა. როგორ განვიცდიდი. ვნანობდი თითოეულ სიტყვას, რომელიც რესტორანში მივახალე. ისევ არამკითხე მოამბის როლში გამოვედი. მე რომ მის ადგილზე ვყოფილიყავი, ასეთ მდივანს სამსახურიდან უყოყმანოდ დავითხოვდი. მან კი, ვინ იცის, მერამდენედ დამინდო. რატომ?

ხუთშაბათიც დადგა. მანქანაში ორივე ვდუმდით - მირზაშვილი, ეტყობა, თავისას ფიქრობდა. ნეტავ რას? იმას, თუ რომელ მორიგ ლამაზმანს შეხვედროდა საღამოს? ასეთი რამეების გაფიქრებაზე გული უსიამოვნოდ მეკუმშებოდა. აშკარად ვეჭვიანობდი.

საღამო ხანი იყო, როცა საქმე მოვითავეთ. კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ნიკა ლომოურმა მანქანამდე მიგვაცილა.

- ანიკა, ცოლს ვშორდები, იცი? ორი კვირა და მორჩა, თავისუფალი კაცი ვიქნები, - რატომღაც, ამის თქმაზე ხმას დაუდაბლა, - იქნებ...

- მგონი, დროა, გზას გავუდგეთ! - უეცრად მირზაშვილის მკაცრი ხმა გაისმა.

- ნახვამდის, ნიკა. - ამის თქმაღა მოვასწარი და წინა სავარძელზე მოვკალათდი.

- რას გეჩურჩულებოდა ლომოური? - უფრო ჩაიბუზღუნა, ვიდრე მკითხა.

- ცოლთან გაყრის პროცესზე მელაპარაკებოდა. - ცივად მივუგე. ამწუთას თითქოს სრულებით გულგრილი ვიყავი ამ კაცის მიმართ და როცა მან ერთად წახემსება შემომთავაზა, მტკიცე გადაწყვეტილება მივიღე - მერჩივნა, შიმშილით მოვმკვდარიყავი, ვიდრე მასთან ერთად მევახშმა.

- მერე ძალიან დამიგვიანდება. აჯობებს, დრო არ დავკარგო... ამაღამ უამრავი საქმე მაქვს.

- ძალიან კარგი! - თითქოს მემუქრებაო, ისე ჩაილაპარაკა და სისწრაფეს მოუმატა.

ჩემს კორპუსთან ჩვეულებრივად გადმოვიდა, ბინის გასაღები გამომართვა და სადარბაზოს მიაშურა. ისე ჩქარობდა კარის გაღებას, თითში ხიწვიც კი შეერჭო. რა ჯანდაბა დაემართა? აქამდე ზედაც არ მიყურებდა და ასე მოულოდნელად რა მოეპრიანა?

შემეცოდა, ისე განიცადა ხიწვის შერჭობა. ალბათ ძალიან ეტკინა, ასეთი ემოცია რომ გამოხატა. ჩემდა უნებურად მივწვდი მის ხელს.

- დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება არ შეგიძლია, არა? - ქარაფშუტულად ვიკითხე.

- მეხუმრები? - გაუტყდა.

რა დროს ხუმრობა იყო, საცაა, ერთმანეთს დავჭამდით.

- შემოდი, ამოგიღებ მაგ ხიწვს, თორემ სახლამდე ვერ მიაღწევ, ვატყობ, - სიცილი ვერ შევიკავე.

უხმოდ შემოაბიჯა ოთახში და სავარძელში ჩაჯდა. ჩემი კოსმეტიკის ჩანთა გავხსენი და პინცეტი მოვძებნე.

- თუ წყნარად იქნები, არ გატკენ.

- თუ არ ვიტირებ, კანფეტსაც მომცემ? - ოდნავ მოშვებული ხმით მკითხა.

ღიმილი მომერია, ხასიათი გამომიკეთდა. ცოტა კი ვეწვალე, მაგრამ მაინც ამოვიღე ხიწვი და დავანახვე.

- აი, ასეთმა პაწაწუნელა რაღაცამ როგორი ტკივილი მოგაყენა, - გავეხუმრე.

- ჰო. - ნირწამხდარმა მომიგო.

ამწუთას ისეთი უმწეო გამომეტყველება ჰქონდა, გული ამიჩუყდა. ღმერთო, როგორ მიყვარს, ნეტავ იცოდეს. უნებლიეთ მისკენ გადავიხარე და ოდნავ შევეხე. ჟრუანტელმა მთელ სხეულში ელექტრონივით დამიარა. ზედმეტად ახლოს აღმოვჩნდით ერთმანეთთან. მირზამ დრო იხელთა და მკლავებში მომიქცია. ნაზი, მაგრამ მომთხოვნი ხელები ჩემს ზურგზე ამოძრავდნენ. სიამოვნებისაგან კანი ამეხორკლა, ერთიანად დამბურძგლა. ვერ მოვითმინე და პიჯაკს შიგნით შევუცურე თითები ერთადერთი სურვილით - რაც შეიძლება ახლოს ვყოფილიყავი მასთან, მჭიდრო მივკვროდი და მთლიანად შემეგრძნო. მირზას სხეულის სითბომ, მისი თხელი პერანგიდანაც რომ ადვილად აღწევდა, სული შემიგუბა და თავბრუ დამახვია. ვერ წარმოვიდგენდი, ასე იოლად თუ დავემორჩილებოდი მის ძლიერ მკლავებს. მასაც იგივე სურვილი კლავდა. ვნებაატანილი მეალერსებოდა მკერდზე, ზედატანის ღილები ჩამიხსნა და თითები ურცხვად ჩამიცურა უბეში. მერე თავდავიწყებით მკოცნიდა ყელში. თითქოს მთლიანად გავლღვი და ის იყო, უნდა მივნებებოდი ამ წამლეკავ ტალღას, რომ უეცრად აღმომხდა:

- გამიშვი, მირზა... გამიშვი, გამიშვი...

მან ხელი მაშინვე შემიშვა და გაოცებული მომაჩერდა. განზე გავიწიე და შვებით ამოვისუნთქე, რაკი დავრწმუნდი, რომ ძალას არ მატანდა.

- დღეს ეს გეგმაში ნამდვილად არ მქონია. - ჩურჩულით მითხრა.

მომეჩვენა, რომ ნანობდა მომხდარს.

ფერწასული ვიჯექი. ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ სიგიჟემდე მიყვარდა. ისიც ვიცოდი, რომ, როცა მარტო დავრჩებოდი, როცა მირზა წავიდოდა, მისი სიყვარული და მასზე ფიქრი ტანჯვად მექცეოდა.

- ჰო, ეს მართლაც არ გვქონია დაგეგმილი, - მექანიკურად დავეთანხმე და თავი ისე გავიქნიე, თითქოს მოძალებული სურვილის მოცილება მსურდა.

მირზა წამოდგა. მისკენ არ გამიხედავს - მხოლოდ ნაბიჯების ხმა მესმოდა. კარის გაჯახუნებაც გავიგონე...

ამიერიდან მოსვენება სამუდამოდ მქონდა დაკარგული...

გაგრძელება შემდეგ ნომერში