ჯეინ ეარი (თავი XXVII) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XXVII)

ჯეინ, მე შენ აქ არ დაგტოვებ და არც მე გავჩერდები. შევცდი, რომ თორნფილდში მოვაყვანინე შენი თავი. მე ხომ კარგად ვიცოდი, რომ ის ნაძრახ ადგილად იყო მიჩნეული. ჯერ კიდევ სანამ გაგიცნობდი, ყველა მის ბინადარს მოვთხოვე, დაემალათ ყველაფერი შენთვის, რაც ამ დაწყევლილი ადგილის შესახებ იცოდნენ. უბრალოდ, ვშიშობდი, რომ ადელთან არც ერთი აღმზრდელი არ გაჩერდებოდა, თუ გაიგებდა, ვინ ბინადრობდა ამ სახლში. არც ის შემეძლო, თვითონ სულით ავადმყოფი ქალი გადამეყვანა სადმე, მიუხედავად იმისა, რომ ძველი სახლიც მაქვს ფერნდინში, უფრო განმარტოებულ და მივარდნილ ადგილას, სადაც უცხო თვალთაგან მოშორებულად და უფრო გულდამშვიდებით შევინახავდი მას. მაგრამ სინდისი მქენჯნიდა, ჯანმრთელობისთვის სახლს ძალიან ცუდი ადგილმდებარეობა აქვს, სწორედ ტყის შუაგულშია. ამიტომაც ვთქვი უარი ამგვარ განზრახვაზე. თუმცა, შესაძლებელია, მისი ნესტიანი კედლები უფრო ადრეც გამათავისუფლებდნენ მასზე მზრუნველობისგან, მაგრამ ყველა ბოროტმოქმედებას ხომ თავისი შედეგი მოსდევს. მე კი არასოდეს მქონია მიდრეკილება ფარული მკვლელობისკენ, თუნდაც იმათ მიმართ, ვინც უზომოდ მძულს.

დამალვა იმისა, რომ აქვე, შენს მეზობლად, ეს შეშლილი ქალი ცხოვრობდა, სწორედ იმას ჰგავდა, ინდური შხამიანი ხის მახლობლად ლაბადაგადაფარებული ბავშვი დაგვეწვინა. მარტო ამ ბოროტი სულის მეზობლობაც წამლავდა ყველას. ეს ასე იყო ყოველთვის, მაგრამ თორნფილდ-ჰოლს მე გამოვკეტავ, სადარბაზო კარს დავლურსმავ, პირველი სართულის ფანჯრებს ფიცრებს ავაკრავ, მისის პულს ორას გირვანქას გადავუხდი წელიწადში, რომ აქ, ჩემს მეუღლესთან იცხოვროს, როგორც შენ უწოდებ ამ შემაძრწუნებელ ჯადოქარს. გრეისს ფულის გულისთვის ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. აქვე ეყოლება თავისი ვაჟიშვილი, რომელიც ერთ-ერთი დუქნის პატრონია. ჯერ ერთი, გრეისი სულ მარტოდმარტო აღარ იქნება და, ამასთანავე, შვილი დაეხმარება, როდესაც ჩემს მეუღლეს სიშმაგე მოუვლის და განიზრახავს მისთვის კარგად ნაცნობ საქმიანობას: ან საწოლში გამოწვას ვინმე ღამით, ან მივარდეს და ხანჯლით დაჭრას, ან ხორცი ამოაგლიჯოს კბილებით.

- სერ, - შევაწყვეტინე მე, - თქვენ მეტად ულმობელი ხართ ამ უბედური ქალისადმი. თქვენ მის შესახებ მხოლოდ სიძულვილით ლაპარაკობთ. მხოლოდ და მხოლოდ შურისმაძიებლური სიძულვილით. ეს სისასტიკეა. ის ხომ თვითონ არაა დამნაშავე იმაში, რომ ავადაა.

- ჯეინ, ჩემო საყვარელო პაწაწავ (ასე დაგიძახებ ამიერიდან, რადგან ასეთი ხარ ჩემთვის), შენ არც კი იცი, რის შესახებ ლაპარაკობ და ტყუილად გაქვს კვლავ ასეთი მცდარი აზრი ჩემზე. მე ის მხოლოდ იმიტომ არ მეჯავრება, რომ შეშლილია. შენც რომ შეშლილი იყო, ფიქრობ, შეგიძულებდი?

- დიახ, მართლაც ასე ვფიქრობ, სერ.

- მაშინ ცდები. სრულიად არ მიცნობ და არც ის იცი, როგორი სიყვარული შემიძლია. შენი სხეულის თითოეული უმცირესი ნაწილიც კი ჩემთვის ისევე ძვირფასია, როგორც საკუთარი. ავადმყოფობისა და მძიმე ტკივილების დროსაც ის ასეთივე ძვირფასი იქნებოდა ჩემთვის. შენი გონება ჩემთვის საუნჯეა და, თუნდაც მისი ჯანმრთელობა საფრთხეში ჩავადნილიყო, ის ისევ უძვირფასეს განძად დარჩებოდა. შენც რომ ისე გაშმაგებულიყავი, მე შენ ხელებს მოგხვევდი, გულში ჩაგიკრავდი და დამამშვიდებელ პერანგს კი ვერ გადაგაცმევდი. შენი ხვევნა ასეთი გაშმაგების დროსაც მომხიბლავდა. შენც რომ ასე გააფთრებული მომვარდნოდი, როგორც ის ქალი მომვარდა ამ დილით, მე არა მარტო სიყვარულით მოგხვევდი ხელს, არამედ შევეცდებოდი დამეწყნარებინე, ზიზღით უკან არ დავიწევდი, როგორც ეს ამ დილით ჩავიდინე, ხოლო სიმშვიდის წუთებში, ჩემ გარდა, მეთვალყურესა და მომვლელს ახლოს არ მოგაკარებდი. ერთი ღიმილიც რომ არ გეღირსებინა, სულ შენთან გავატარებდი დროს და დაუსრულებელი მზრუნველობითა და სიფრთხილით მოგივლიდი. არასოდეს დავიღლებოდი მაგ თვალებში ცქერით, თუნდაც მათში ჩამქრალიყო სხივი, რომელიც მე შემიცნობდა. მაგრამ რატომ გავყევი ასეთ ფიქრებს? მე ხომ იმაზე ვლაპარაკობდი, რომ თორნფილდიდან უნდა წაგიყვანო. დაუყოვნებლივ გასამგზავრებლად, როგორც იცი, ყველაფერი მზად არის. ხვალ შენ გზას გაუდგები. გთხოვ, როგორმე აიტანო და ერთი ღამეც გაათიო ამ ჭერქვეშ, ჯეინ. შემდეგ კი სამუდამოდ დაემშვიდობები იმ თავზარდამცემ შიშსა და საშინელებებს, რაც აქ გადაიტანე. მე მაქვს ადგილი, საითაც უნდა გავემგზავროთ, ის საიმედო თავშესაფარი იქნება საძულველი მოგონებების, ავყია სტუმრების, მაცდურებისა და ავენებისგან თავდასაცავად.

- ადელიც თან წაიყვანეთ, სერ, - შევაწყვეტინე მე. - ის სიმარტოვეს აღარ გაგრძნობინებთ.

- რის თქმას აპირებ ამით, ჯეინ? ხომ გითხარი, რომ ადელს სასწავლებელში ვგზავნი. რად მინდა ბავშვი თან და ისიც არა საკუთარი, ვიღაც ფრანგი მოცეკვავე ქალის უკანონო შვილი? ასე დაჟინებით რატომ მელაპარაკები მის შესახებ? კიდევ გეკითხები, რატომ გინდა, რომ ადელი მაინცდამაინც ჩემთან ერთად იყოს?

- თქვენ განმარტოებულ ცხოვრებაზე ლაპარაკობდით, სერ, მარტოხელობა და განცალკევება ძნელი იქნება თქვენთვის, ძალიან ძნელი, სერ.

- მარტოობა, მარტოობა, - გაიმეორა მან, - ვხედავ, უნდა მოგელაპარაკო. ვერ გამიგია, რას ნიშნავს ეს სფინქსისებური გამომეტყველება შენს სახეზე. შენ იქნები ჩემთან იმ მარტოხელობის დროს, გაიგე?

თავი გავიქნიე. განსაკუთრებული გამბედაობა იყო საჭირო თუნდაც ასე, მუნჯურად, გამებედა და გამომეთქვა მისი საწინააღმდეგო აზრი, რადგან ვხედავდი, როგორ ღელავდა. ოთახში სწრაფად მიმოდიოდა, მერე უცებ შეჩერდა, თითქოს ერთ წერტილს მიეჯაჭვაო, შემომხედა და ხანგრძლივად და მკაცრად დამაკვირდა. მე თვალი ავარიდე, ცეცხლს ჩავცქეროდი და ვცდილობდი, რაც შეიძლება მშვიდი და გულგრილი გამომეტყველება მიმეღო და შემენარჩუნებინა.

- აი, ახლა კი ვამჩნევ, როგორი შარიანი ყოფილა ჯეინი, - თქვა მან უფრო მშვიდად, ვიდრე მოსალოდნელი იყო მისი გამომეტყველების მიხედვით. - აბრეშუმის ძაფის გორგალი ამდენი ხნის განმავლობაში სწორად ეხვეოდა, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ სადმე კვანძი აღმოჩნდებოდა და თავსატეხი ამბავიც მოჰყვებოდა. აი, ისიც. ამიერიდან მხოლოდ მღელვარებისა და უსიამოვნების გამომწვევი მიზეზების ახსნა და დაუსრულებელი წამება. ღმერთს გეფიცები, სამსონის ძალის სულ მცირე ნაწილს ვნატრობ, რომ ეს დახლართული და აძენძილი ძაფი დავწყვიტო.

მან კვლავ დაიწყო ბოლთის ცემა ოთახში, მაგრამ ისევ შეჩერდა და ახლა უკვე სწორედ ჩემ წინ.

- ჯეინ, გინდა გაიგო ჩემი მოსაზრება? (ის დაიხარა და ტუჩები ჩემს ყურს მოუახლოვა) თუ შენ არ მოისურვებ, მაშინ მე აღარაფერს დავერიდები.

ხმა ჩახლეჩილი ჰქონდა, გამომეტყველება კი ისეთი ადამიანისა, რომელიც მზად არის, გაგლიჯოს ეს გაუსაძლისი ბორკილი და განუსჯელად გადაეშვას თავდაუჭერლობის მორევში. მივხვდი, ერთი წამიც და, თუ კიდევ დაეუფლებოდა ასეთი თავშეუკავებლობა, მასთან ვეღარაფერს გავხდებოდი. მხოლოდ, აი, ახლა, ამ წარმავალ წამებშიღა თუ შევძლებდი, დამემორჩილებინა მისი ნებისყოფა და შემეჩერებინა ის. მხოლოდ ერთი გამოხედვა მის მიმართ ზიზღით, გაქცევის სურვილი ან შიში, და სამუდამოდ დასრულდებოდა როგორც ჩემი, ისე მისი ბედისწერა. მაგრამ მე სრულებითაც არ შემშინებია, რაღაც შინაგანი ძალა ვიგრძენი, ზემოქმედების განსაკუთრებული უნარი, რომელიც იმ დროს დამეხმარა. ეს გადამწყვეტი წუთი მეტისმეტად სახიფათო აღმოჩნდა, მაგრამ მას არ აკლდა თავისებური მომხიბვლელობის ძალა, ისეთი, როგორსაც ინდიელი განიცდის ხოლმე, როდესაც პატარა ბაიდარით სწრაფად მიექანება მდინარის ჭორომებზე. მის მომუჭულ ხელს ხელი მოვკიდე, დაკრუნჩხული თითები გავუხსენი და მშვიდად ვუთხარი:

- დაბრძანდით. მე იმდენ ხანს გესაუბრებით, რამდენიც თქვენ გინდათ, და ყველაფერს მოვისმენ, რისი თქმაც გნებავთ, ჭკვიანური იქნება ის თუ არაგონივრული.

ის დაჯდა, მაგრამ საუბარი მაშინვე არ დაუწყია. დიდ წამებად დამიჯდა, მაგრამ რამდენიმე ხნის განმავლობაში საკუთარ თავს ვებრძოდი და ცრემლს ვიკავებდი, ვიცოდი, არ ესიამოვნებოდა მას, მტირალი ვენახე, ახლა კი ჩავთვალე, უკეთესი იქნებოდა, თავისუფლად დამდენოდა ცრემლი და იმდენ ხანს მეტირა, სანამ გულს არ მოვიოხებდი. თუ მას ცრემლის დანახვა ააღელვებდა, უმჯობესიც იყო. ასე რომ, თავი აღარ შემიკავებია და გულამოსკვნილი ვტიროდი. მალე გავიგონე, როგორ გულწრფელად მემუდარებოდა, დავწყნარებულიყავი. მე კი ვუპასუხე, რომ არ შემეძლო, სანამ მას ასე აგზნებულს ვხედავდი.

- მე გაჯავრებული არა ვარ, ჯეინ. მე მხოლოდ ძალიან მიყვარხარ. შენ კი ისე გაიქვავე ეგ პატარა ფერმკრთალი სახე და ზედ ისეთი მტკიცე, ყინულივით ცივი გადაწყვეტილება აღიბეჭდე, რომ მე მისი ატანა ვერ შევძელი. გაჩუმდი ახლა და ცრემლი მოიწმინდე.

მისმა თბილმა ხმამ მამცნო, რომ დამემორჩილა. მეც, ჩემი მხრივ, დავმშვიდდი. მან სცადა, თავი ჩემს მხარზე დაეყრდნო, მაგრამ მე ამის ნება არ მივეცი. შემდეგ გულშიც ჩამიკრავს... არა!

- ჯეინ! ჯეინ! - მითხრა მან ისეთი მწარე ნაღვლით, რომ მთელ სხეულში უცნაურმა თრთოლამ დამიარა, - როგორც ჩანს, შენ არ გყვარებივარ. შენ, ალბათ, მხოლოდ ჩემს მდგომარეობას აფასებდი და ის უპირატესობანი გხიბლავდა, რაც ჩემს მეუღლეს უნდა ჰქონოდა. ახლა კი, რადგან ფიქრობ, რომ უფლება ჩამომართვეს, შენი ჯვარდაწერილი მეუღლე გავხდე, ჩემი შეხებაც კი ისე გაფრთხობს, თითქოს მაიმუნი ან გომბეშო ვიყო.

ამ სიტყვებმა გული გამიგმირა, მაგრამ რა უნდა მექნა ან რა პასუხი უნდა გამეცა? ალბათ, უმჯობესი იყო, არც საქმით და არც სიტყვით არ გამოვხმაურებოდი. მაგრამ სინდისის ქენჯნა ისე მაწამებდა და მისი შეურაცხყოფილი გრძნობა ისე მიკლავდა გულს, თავი ვეღარ შევიკავე, ბალზამი არ მეპკურებინა იმ ჭრილობისთვის, რომელიც მე თვითონ მივაყენე.

- მე თქვენ მიყვარხართ, - ვუთხარი, - და უფრო მეტადაც, ვიდრე ოდესმე, მაგრამ არ შემიძლია გამოვამჟღავნო ის თქვენ წინაშე ან მეტი გატაცების ნება დავრთო მას საკუთარ გულში. ახლა საბოლოოდ გესაუბრებით ჩემი განცდების შესახებ.

- საბოლოოდ, ჯეინ? რას ნიშნავს ეს სიტყვები? ნუთუ ფიქრობ, შეგიძლია იცხოვრო ჩემ გვერდით, მხედავდე ყოველდღე და, თუ ისევ გიყვარვარ, ასე ცივად და შორეული ნაცნობივით მექცეოდე?

- არა, სერ, ცხადია, ამას ვერ შევძლებ. ამიტომაც მხოლოდ ერთადერთ გზას ვხედავ, მაგრამ თქვენი გაჯავრების მეშინია.

- ოჰ, მითხარი! თუ გავჯავრდები, შეგიძლია, ცრემლი მოიშველიო.

- მისტერ როჩესტერ, მე თქვენ უნდა დაგტოვოთ.

- მაინც რამდენ ხანს? სულ რამდენიმე წუთით, ალბათ, არა? სანამ ჩამოშლილ თმას შეისწორებ და პირზე წყალს შეისხამ, რადგან ცრემლისგან სახე გეწვის.

- თორნფილდი და ადელი უნდა დავტოვო და თქვენც სამუდამოდ გაგშორდეთ, სერ. სრულიად ახალი ცხოვრება უნდა დავიწყო უცნობ ადამიანებთან და უცხო ადგილას.

- რა თქმა უნდა, მეც ხომ გითხარი წეღან, ასეც მოიქცევი, მაგრამ მე ხომ ვერ გადავიტან, შენ რომ დამშორდე? შენ ხომ მხოლოდ იმას ფიქრობ, რომ ჩემი მეუღლე უნდა გახდე. რაც შეეხება ჩვენს ახალ ცხოვრებას, ასეც იქნება - შენ გახდები ჩემი მეუღლე. მე ცოლიანი არა ვარ. მიიღებ როჩესტერის გვარს, როგორც სინამდვილეში, ისე ფორმალურად და, სანამ ცოცხლები ვიქნებით, მე შენი ერთგული დავრჩები. წაგიყვან საფრანგეთის სამხრეთში, სადაც ხმელთაშუა ზღვის ნაპირას თეთრად შეღებილი ვილა მაქვს. შენ იქ ბედნიერი, მყუდრო და წმინდა ცხოვრება გექნება. ნუ შიშობ, არასოდეს ფიქრადაც არ გავივლებ, რაიმე ცდუნებით ჩემს სატრფოდ გაქციო. თავს რატომ აქნევ, ჯეინ? შენ მეტი გონიერება მოგეთხოვება, თორემ გარწმუნებ, ძალიან გამიძნელდება თავი კვლავ ხელში ავიყვანო.

მას ხმა აუკანკალდა და შევნიშნე, ხელიც უთრთოდა. განიერი ნესტოები დაებერა, თვალები ცეცხლივით ანთებოდა და მაინც გავბედე დალაპარაკება.

- სერ, თქვენი მეუღლე ცოცხალია. ეს ხომ სინამდვილეა და ამ დილით თქვენვე აღიარეთ. თუ ამიერიდან თქვენ გვერდით ვიქნები ისე, როგორც თქვენ გსურთ, რაღა თქმა უნდა, მხოლოდ თქვენს სატრფოდ ჩავითვლები. სხვაგვარად ამისი თქმა მხოლოდ თავის მოტყუება და სიცრუე იქნებოდა.

- ჯეინ, გავიწყდება, რომ მშვიდი ხასიათის კაცი არ ვარ, არ შემიძლია დიდხანს ვითმინო რამე, ამასთანავე, არც გულცივი ვარ და არც უგრძნობელი. შემიბრალე, შეიბრალე შენი თავიც. აი, შეეხე ჩემს მაჯას. იგრძნობ, როგორ მიცემს გული. მიფრთხილდი!

მაჯა გაიშიშვლა და ხელი გამომიწოდა. სახესა და ტუჩებზე მკვდრის ფერი დასდებოდა, თითქოს სისხლისგან დაეცალათ. მძიმე ნაღველმა შემიპყრო. მისი კიდევ უფრო მეტად აღელვება ასეთი წინააღმდეგობით, რაც მას, ვიცოდი, ეზიზღებოდა, ბოროტება იყო. მაგრამ დათმობაც დაუშვებლად მიმაჩნდა და მეც ისე მოვიქეცი, როგორც იქცევიან ხოლმე ადამიანები, როდესაც რაიმე უკიდურესობის წინაშე აღმოჩნდებიან. დახმარებისთვის ადამიანთა მოდგმაზე მაღლა მდგომს - ზეციურ მამას მივმართე და, უნებურად, ეს სიტყვები აღმოხდა ჩემს ბაგეს: - ღმერთო, მიშველე!

- ნამდვილად სულელი ვარ, - წამოიძახა მისტერ როჩესტერმა უცებ. - ვარწმუნებ, რომ ჯვარდაწერილი არა ვარ და იმას კი აღარ ვუხსნი, თუ რატომ? დამავიწყდა, რომ მან არაფერი იცის არც იმ ქალის და არც იმ პირობების შესახებ, რომელმაც მაიძულა ამ ჯოჯოხეთურ ქორწინებაზე დავთანხმებულიყავი. ჰმ, მე დარწმუნებული ვარ, ჯეინი დამეთანხმება და თანამიგრძნობს ყველაფერში, როცა გაიგებს ყოველივე იმას, რაც მე ვიცი. მომეცი შენი ხელი, ჯეინ, რომ არა მარტო გხედავდე, არამედ შეხებითაც ვგრძნობდე შენს სიახლოვეს, და სულ რამდენიმე სიტყვით გიამბობ გულწრფელად მთელ ამ ამბავს. შეგიძლია, მომისმინო?

- დიახ, სერ, რამდენი ხანიც გნებავთ.

- მე მხოლოდ წუთებს გთხოვ. ჯეინ, გაგიგონია ოდესმე ან იცი თუ არა, რომ მე არა ვარ ამ ოჯახის უფროსი ვაჟიშვილი, რომ მე ჩემზე უფროსი ძმა მყავდა?

- დიახ, მახსოვს, ერთხელ მისის ფეიერფექსმა მიამბო ეს ამბავი.

- და ისიც გსმენია, რომ მამაჩემი ძუნწი და მეტისმეტად ფულის მოყვარული ადამიანი იყო?

- დიახ, გამიგონია, რომ ის ასეთი ყოფილა.

- ამიტომაც, ჯეინ, მას გადაწყვეტილი ჰქონდა, მთელი თავისი საკუთრება ხელუხლებლად შეენარჩუნებინა. ის ვერ შერიგებოდა იმ აზრს, რომ თავისი სამფლობელო დაეყო და ჩემთვის კუთვნილი წილი მოეცა. ყველაფერი, რაც მას გააჩნდა, მემკვიდრეობით ჩემი ძმის, როულენდის ხელში უნდა გადასულიყო. თუმცა, ვერც იმას იტანდა, რომ მის მეორე ვაჟს ასეთი სიღარიბე ელოდა ცხოვრებაში. ალბათ, ამიტომაც მე მდიდარი ქალი უნდა შემერთო. თავის დროზე მან საცოლეც მომიძებნა. ვესტინდოეთის მკვიდრი პლანტატორი და ვაჭარი მისტერ მეზონი მისი დიდი ხნის ნაცნობი იყო. მამაჩემმა კარგად იცოდა, რომ ეს კაცი, სინამდვილეში, აურაცხელ სიმდიდრეს ფლობდა. მაინც გაიკითხ-გამოიკთხა. აღმოჩნდა, რომ მისტერ მეზონს ჰყავდა ორი შვილი, ქალ-ვაჟი. მისგან შეიტყო ისიც, რომ ქალიშვილისთვის მზითვად ოცდაათი ათასი პაუნდის მიცემა ჰქონდა განზრახული. ეს ამბავი საკმარისი აღმოჩნდა და, როდესაც კოლეჯში სწავლა დავასრულე, იამაიკაზე გამგზავნეს, რომ ცოლად შემერთო ქალი, რომელიც უკვე დანიშნული ჰყავდათ ჩემთვის. მამას ამ ქალის ფულად შემოსავალზე ჩემთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ ის კი მითხრა, რომ სპენიშტაუნი მისი სილამაზით ამაყობდა. ეს არც იყო ტყუილი. ის მართლაც მშვენიერი იყო, ბლანშ ინგრემის მსგავსი: მაღალი, შავგვრემანი და წარმოსადეგი. მის ოჯახს და თვით მას ჩემი ხელში ჩაგდება იმიტომ უნდოდათ, რომ კარგი წარმოშობის ვიყავი. ისინი ჩემს საცოლეს მხოლოდ წვეულების დროს მაჩვენებდნენ ხოლმე, შესანიშნავად და ძვირფასად ჩაცმულს. მარტო იშვიათად ვხვდებოდი და ასევე იშვიათად მიხდებოდა მასთან პირისპირ საუბარი. ის ყველასგან გამორჩეულად მექცეოდა და იმისთვის, რომ ჩემთვის ესიამოვნებინა და დავეტყვევებინე, მთელ თავის მომხიბვლელობასა და გამოცდილებას გულუხვად მაფრქვევდა. მისი წრის ყველა მამაკაცი მისით იყო აღტაცებული და შურის თვალით მიმზერდა. მე დაბრმავებული და აგზნებული ვიყავი და, ჩემი უცოდინარობის, მოუმწიფებლობისა და გამოუცდელობის გამო, ვფიქრობდი, რომ მიყვარდა. იმაზე უგუნურება და გონდაკარგულობა ხომ არაფერია, ვიდრე ურთიერთისადმი მეტოქეობა და პირველობისათვის ბრძოლა საზოგადოებაში, ამასთან, ახალგაზრდული, დაუძლეველი ვნებიანობა, სიბრმავე და წინდაუხედაობა, რომლებიც აჩქარებენ ადამიანს ასეთი განუსჯელი საქციელის ჩასადენად. მისი ნათესავები მაგულიანებდნენ, მეტოქეები კი მაღიზიანებდნენ. თვითონ მის მეზონიც მაცდურობდა ჩემ წინაშე და ქორწინების დღემ ისე მოაღწია, ვერც კი გავიგე. ოჰ, საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობა აღარა მაქვს, როდესაც ეს ამბავი მაგონდება, და საშინლად მეზიზღება ჩემი თავი. მე ის არასოდეს მყვარებია, არც პატივს ვცემდი და არც კარგად ვიცნობდი. იმაშიც კი არ ვიყავი დარწმუნებული, ჰქონდა თუ არა რაიმე ღირსეული, ბუნებით თანდაყოლილი თვისება. ჯერ არც კი შემენიშნა მოკრძალება, ლმობიერება, გულწრფელობა და ადამიანური სიფაქიზე მის სულსა და საქციელში, როდესაც შევირთე. ოჰ, რა დიდი დამცირება ავიტანე, როგორ თხუნელასავით მქონდა თვალები დაბრმავებული და რა სულელი ვიყავი! განა, უფრო ნაკლებ ცოდვას არ ჩავიდენდი, თუ... მაგრამ მე უნდა მახსოვდეს, ვის ველაპარაკები.

ჩემი საცოლის დედა არასოდეს მენახა და მეგონა, რომ მკვდარი იყო. თაფლობის თვე გათავდა და მეც ჩემს შეცდომას მივხვდი. ის თურმე შეშლილი იყო და ფსიქიკურად დაავადებულთა თავშესაფარში ჰყავდათ გამოკეტილი. ოჯახში უმცროსი ვაჟიშვილიც ჰყავდათ, ნამდვილი ენაბლუ იდიოტი. უფროსი კი, რომელიც უკვე ნახე, არ შეიძლება მძულდეს, თუმცა მთელი მათი ნათესაობა მეზიზღება, რადგან მის სუსტ გონებაში არის რაღაც წესიერების ნიშნები. აი, თუნდაც ის, რომ ეგ საცოდავი დაუსრულებლად ზრუნავს თავის გაუბედურებულ დაზე, და თუნდაც ის ძაღლური ერთგულება, რომელიც ერთხელ გამიწია. თუმცა, შესაძლებელია, ერთ მშვენიერ დღეს მაგასაც ეწიოს მათი ბედი. ჩემმა მამამ და ძმამ, როულენდმა, იცოდნენ ეს ამბავი, მაგრამ ისინი მხოლოდ ოცდაათი ათას პაუნდზე ფიქრობდნენ და ჩემს წინააღმდეგ პირი ჰქონდათ შეკრული.

ეს ყოველივე საშინელი აღმოჩენა იყო ჩემთვის, მაგრამ, გარდა ამ ფარული თვალთმაქცობისა, არაფერი შემეძლო მესაყვედურებინა ჩემი მეუღლისთვის, მაშინაც კი, როდესაც მივხვდი, რომ მისი ბუნება სრულიად უცხო და გამოუცნობი იყო ჩემთვის. მისი გემოვნება მხოლოდ უსიამოვნო გრძნობას მგვრიდა. იმდენად გონებაშეზღუდული იყო და განვითარების ისეთ დაბალ საფეხურზე იდგა, რომ უნარიც კი არ გააჩნდა, რაიმე დიადი და წმინდა იდეალებისკენ ჰქონოდა სწრაფვა. მალე იმასაც მივხვდი, შეუძლებელი იყო თუნდაც ერთი საღამო, ან ერთი საათიც კი დღეში მასთან სიამოვნებით გამეტარებინა. ასე განსაჯე, ჩვენ შორის მეგობრული საუბარიც კი არ ხერხდებოდა. რა თემასაც არ უნდა შევხებოდი, მისგან ყოველთვის უზრდელ, ბანალურ და გონებასუსტ, ვნებააშლილი ქალის პასუხს ვიღებდი. იმაშიც დავრწმუნდი, რომ მე არასოდეს მექნებოდა მყუდრო, დაწყობილი ოჯახური ცხოვრება. არც ერთ მსახურს არ შეეძლო შეჰგუებოდა მის დაუსრულებელ სიანჩხლეს, მოულოდნელ, უაზრო გაგულისებას, მუდმივ შეურაცხყოფას, შეუსაბამო და უზომოდ მომთხოვნ, ურთიერთსაწინააღმდეგო ბრძანებებს. ასეთი ამბების მაყურებელიც კი, ზომიერებას ვიჩენდი; საყვედურებს თავს ვარიდებდი; მსურდა, საუბრის გარეშე მომეხდინა გავლენა მასზე; ვცდილობდი, ფარულად მომენანიებინა ყოველივე, გულის სიღრმეში კი მის მიმართ მხოლოდ ზიზღს ვგრძნობდი. ჯეინ, არ დაგტანჯავ საშინელი წვრილმანების მოყოლით. რამდენიმე სიტყვითაც მიმიხვდები, თუ რისი თქმა მინდა. ოთხი წელი გავატარე ამ ქალთან და მთელი ამ ხნის განმავლობაში მან საშინლად მაწამა და დამქანცა. მისი აუტანელი ხასიათი დღითი დღე მწიფდებოდა, საშინელი სისწრაფით ვითარდებოდა და უზნეო თვისებებიც ასევე სწრაფად ემატებოდა. მხოლოდ სიმკაცრითღა თუ შეიძლებოდა მათი დაოკება. მე კი სიმკაცრე ვერ გამოვიჩინე. ოჰ, რა ქონდრისკაცური გონება ჰქონდა და რა დაუცხრომელი ვნებიანობა! რა შემაძრწუნებელ უბედურებას წამკიდა ყოველივე ამან! ბერთა მეზონმა, უსახელო და შეშლილი დედის ნამდვილმა ორეულმა და პირდაპირმა შთამომავალმა, თავს დამატეხა ყველა ის საზიზღარი, დამამცირებელი ამბავი და მერე კი ამით გამოწვეული აუწერელი სულიერი ტანჯვა, რომელიც თან სდევს ყველა მამაკაცს, ვინც კი ოდესმე თავშეუკავებელსა და ზნეობრივად უწმინდურ ქალს შეუღლებია.

იმ ხანებში ჩემი ძმა გარდაიცვალა. სწორედ მეოთხე წლის ბოლოს კი მამაც მომიკვდა. საკმაოდ გავმდიდრდი, თუმცა სათაკილო სიღარიბეში მქონდა თავი ჩარგული. მე ხომ სამუდამოდ ვიყავი დაკავშირებული ამ გადარეულ, უწმინდურ და ბილწ არსებასთან. ის, როგორც საზოგადოების თვალში, ისე კანონით, ჩემს მეუღლედ იწოდებოდა და ვეღარც კანონიერი განქორწინებით ავარიდებდი თავს, მიუხედავად იმისა, რომ ექიმებმა შეშლილად ცნეს. მისმა გადაჭარბებულმა თავშეუკავებლობამ ნაადრევად განავითარა მასში არანორმალურობის ნიშნები. ჯეინ, შენ, ალბათ, არ გსიამოვნებს ასეთი ამბების მოსმენა. ისეთი გამომეტყველება გაქვს, ასე მგონია, ავად უნდა იყო. გინდა, დანარჩენს ხვალისთვის გადავდებ?

- არა, სერ, ახლა დაამთავრეთ. მე თქვენ მებრალებით, ძალიან მებრალებით.

- სიბრალული, ჯეინ, ზოგიერთი ადამიანისგან მომწამვლელი და შეურაცხმყოფელი მოწყალებაა. სრულიად სამართლიანი იქნება, თუ ასეთ სიბრალულს უკანვე მივახლით თავში იმ ადამიანებს, ვინც მათ გვთავაზობს. ასეთი სიბრალული გულქვა და ეგოისტ ადამიანთა თანდაყოლილი თვისებაა. მასში შერწყმულია ეგოისტური ჩივილი სხვისი ურვა-წუხილის გაგონებისას, და უგუნური სიძულვილი იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც განსაცდელში არიან. მაგრამ შენი სიბრალული ასეთი არ არის. ამ წუთებში სრულიად სხვა გრძნობა იხატება შენს სახეზე, რომლის გამო, სადაც არის, ცრემლის ნიაღვარი დაედინება შენს თვალებს. გულიც ასე იმიტომ გიღელავს და შენი ხელიც ასე იმიტომ თრთის ჩემს ხელში. შენი სიყვარული, ჩემო ღვთაებავ, სიყვარულის წამებული დედაა, მისი წუხილი ნამდვილი მწვავე გულისტკივილია ღვთიური იდეალებით გატაცებული ადამიანისა. მე ვიღებ მას, ჯეინ. დაე, ეს ქალიშვილი თავისუფლად მოვიდეს ჩემთან, ჩემი გაშლილი მკლავები მას უცდის მისაღებად.

- ახლა კი, სერ, განაგრძეთ, მერე როგორ მოიქეცით, როდესაც შეიტყვეთ, რომ ის შეშლილი იყო?

- ჯეინ, მე სასოწარკვეთილების საზღვარს მივუახლოვდი. მხოლოდ საკუთარი თავისადმი შერჩენილი ოდნავი პატივისცემის გრძნობა მაკავებდა უფსკრულის პირას. უეჭველია, ქვეყნის თვალში სამარცხვინოდ პატივაყრილი ვიყავი, მაგრამ გადავწყვიტე, საკუთარი სინდისის წინაშე ვყოფილიყავი მართალი და ბოლომდე შორს ვმდგარიყავი მისი სამარცხვინო დანაშაულებრივი საქციელისგან, როგორმე დამეღწია თავი ამ გონებასუსტი არსების ბიწიერებისთვის. საზოგადოება კი მის სახელს ჩემს სახელს უკავშირებდა. მე მას ყოველდღე ვხედავდი და მესმოდა მისი ხმა. მისი ამონასუნთქი ჰაერი (თფუ!) შერეული იყო იმ ჰაერში, რომელსაც მე ვსუნთქავდი. არ მავიწყდებოდა, რომ ოდესღაც მისი ქმარი ვიყავი. ეს მოგონება ენით გამოუთქმელ სიბილწედ მიმაჩნდა და მიმაჩნია. გარდა ამისა, ვიცოდი, რომ სანამ ის ცოცხალი იქნებოდა, ვერ შევირთავდი სხვას, უკეთესს, ცოლად. ხუთი წლით ჩემზე უფროსი (მისმა ოჯახმა და მამაჩემმა მომატყუეს მისი წლოვანებაც) იმდენ ხანს იცოცხლებდა, რამდენსაც მე, რადგან აგებულებით იმდენად ძლიერი იყო, რამდენადაც გონებრივად სუსტი. ასე რომ, ოცდაექვსი წლის ასაკში სრულიად უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდი.

ერთ ღამეს ყურთასმენის წამღებმა კივილმა გამომაღვიძა (მას შემდეგ, რაც ექიმებმა დაადასტურეს, რომ ის შეშლილი იყო, ცალკე გვყავდა გამოკეტილი). სულის შემხუთველი სიცხე იყო იმ ღამეს, როგორიც ვესტინდოეთში იცის ხოლმე. იქ, სადაც ასეთი ჰავაა, ამგვარ ღამეებს ძალიან ხშირად თან სდევს გრიგალი. საწოლში ძილი შეუძლებელი გახდა, წამოვდექი და სარკმელი გამოვაღე. ისე მომეჩვენა, ჰაერი ფოსფორნარევი ნისლით გაჟღენთილიყო. სუფთა ჰაერს ვეღარსად მივაგენი. ოთახში კოღოები შემოფრინდნენ და გულის შემაწუხებლად ბზუოდნენ. ზღვა, რომლის ხმაური ჩემამდე კარგად აღწევდა, ისე ბობოქრობდა, როგორც მიწისძვრის დროს იცის ხოლმე. მის ზემოთ შავი ღრუბლები მიქროდნენ. მოწითალო ფერის სავსე მთვარე ტალღებში ისე ჩაინთქა, როგორც გავარვარებული ზარბაზნის ყუმბარა და უკანასკნელად სისხლიანი მზერა სტყორცნა ქვეყანას, რომელიც ბობოქარი ქარიშხლის მოლოდინში თრთოდა. ბუნების ასეთი პეიზაჟი და ატმოსფერული ცვლილებები ფიზიკურად მანადგურებდა; ამასთანავე, ყურში გამუდმებით ჩამესმოდა შეშლილის კივილი და წყევლა-კრულვა; დროდადრო ის ჩემს სახელს ახსენებდა ისეთი გაბოროტებული სიძულვილითა და ისეთი ენით, რომ არც ერთ გაქნილ მეძავ ქალს არასოდეს ექნებოდა მასზე ბინძური ლექსიკონი. ჩვენ ერთმანეთისგან ორი ოთახი გვყოფდა, მაგრამ მე ყველა სიტყვა გავიგონე, რადგან ვესტინდოეთში ისეთი თხელი კედლებია, ხმა თავისუფლად გადის და ისინი ოდნავადაც ვერ ახშობდნენ მის მგლურ ყმუილს.

ეს ცხოვრება ჯოჯოხეთია! - ვთქვი ბოლოს ჩემთვის. - ეს უძირო ქვესკნელიდან მომდინარე ხმებია! მე უფლება მაქვს, განვშორდე მას, თუ შევძელი. ამ მომაკვდავი სხეულის ტანჯვა-წამება თან გაჰყვება ხორცს, რომელიც ასე მძიმედ ბორკავს ჩემს სულს. საიქიოს სამუდამოდ ცეცხლის ალში წვა, რაც ფანატიკოსებს სწამთ, მე უკვე აღარ მაშინებს. მომავალი აწმყოზე ცუდი არ იქნება. მე უნდა განვშორდე აქაურობას და ჩემს ზეციურ მამასთან გავემგზავრო (სამუდამო სამკვიდროში).

სანამ ამას ვამბობდი, მუხლებზე დავეშვი და ყუთი გავხსენი, რომელშიც ორი გატენილი დამბაჩა იდო. გადავწყვიტე, თავი მომეკლა. მაგრამ ეს ფიქრი წამიერი გამოდგა, რადგან შეშლილი არ ვიყავი. ხოლო ის მწვავე და გაუსაძლისი სასოწარკვეთილება, რომელმაც ასეთი რამ მაფიქრებინა და თვითმკვლელობა გადამაწყვეტინა, ერთ წამში გაქრა. ევროპიდან დაძრულმა სუფთა ნიავმა ოკეანეს გადმოუქროლა და ღია სარკმელში შემოიჭრა. ქარიშხალი გაძლიერდა, წვიმა კოკისპირულად ასხამდა; ქუხდა; ელავდა; ჰაერი გაიწმინდა. საკუთარ ბაღში სველი ფორთოხლის ხეებში დავეხეტებოდი; ქარიშხლისა და წვიმისგან წალეკილ ბროწეულებსა და ანანასის ხეებს შორის მიმოვდიოდი და, ვიდრე ტროპიკული ზონის მოციმციმე ცისკარი ჩემ გარშემო ცეცხლისფერ სხივებად აენთებოდა, ასე განვიზრახე: აბა, მომისმინე, ჯეინ! ვფიქრობ ეს ნამდვილად ბრძნული გადაწყვეტილება იყო, რომელმაც დამაწყნარა იმ წუთებში და მიჩვენა გზა, რომელსაც მომავალში უნდა გავყოლოდი.

ევროპიდან შემოჭრილი მოსალბუნე ნიავი ჯერ კიდევ ახლად განბანილ ფოთლებს ეჩურჩულებოდა და ატლანტის ოკეანე კი გრგვინვით დიდებულ თავისუფლებას უმღეროდა, როდესაც დიდი ხნის განმავლობაში მთლად მკვდარი, სისხლგამშრალი და გაცივებული ჩემი გული ამ ხმამ გამოაცოცხლა და საარსებო სისხლით შეავსო. ჩემი დიდი ხნის ნატვრა და სურვილი, რომ ხელმეორედ დავბადებულიყავი და ამქვეყნიური ცოდვებისგან მთლიანად გავწმენდილიყავი, ახლა ჩემ წინ იმედის სახით გამოჩნდა და მეც ჩემი არსების მთლიანად გარდაქმნა და ხელმეორე აღდგომა შესაძლებლად ვცანი. ბაღის ბოლოში ვიდექი და ყვავილების თაღებქვეშ გავყურებდი ზღვას, რომელიც ცაზე უფრო ლურჯი ჩანდა. მის იქით ძველი სამყარო - ევროპა მეგულებოდა და ჩემი ნათელი იმედებიც იქ იშლებოდა.

- წადი! - ჩამძახოდა ის, - და კვლავ ევროპაში იცხოვრე. იქ არავინ იცის, რა შერცხვენილ სახელს ატარებ და რა ბინძური ტვირთი გკიდია. შეგიძლია, შეშლილი ინგლისში წაიყვანო. ჩაკეტე თორნფილდში, კარგი მომვლელი მიუჩინე და ფრთხილად შეინახე. მერე კი, რომელ ქვეყანაშიც გინდა, იქით გაემგზავრე და იმას დაუმეგობრდი, ვინც უფრო მოგეწონება. ეს ქალი, რომელმაც ასე ბოროტად გამოიყენა შენი ამდენი ხნის ტანჯვა-წამება, ასე შეარცხვინა შენი სახელი, ასე დიდად შეურაცხყო შენი პატიოსნება და ამდენი ზიანი მოუტანა შენს სიყმაწვილეს, შენი მეუღლე არ არის. არც შენა ხარ მისი ქმარი. ყურადღება მიაქციე, რომ მასზე იზრუნონ, როგორც ამას მისი ჯანმრთელობა მოითხოვს. მაშინ ვალი მოხდილი გექნება ყველას მიმართ, როგორც ამას ღმერთი და ადამიანთა საზოგადოება მოითხოვს. დაე, მისი სახელი და ახლობლობა შენთან დაიმარხოს და დავიწყებას მიეცეს. შენ ვალდებული არა ხარ, ამ ამბის შესახებ რომელიმე სულდგმულს რამე გაუზიარო. მოათავსე ის უშიშარ ადგილას, კარგ პირობებში, საიდუმლოდ შეინახე მისი ავადმყოფობა და განშორდი მას...

მეც სწორედ ამ რჩევას გავყევი. ჩემს ძმასა და მამას ნაცნობებისთვის არ გაუგებინებიათ ჩემი ქორწინების ამბავი, რადგან პირველივე წერილში ვატყობინებდი, რა განუზომელ ზიზღსაც განვიცდიდი ამ ქორწინების მიმართ. რადგან ვიცოდი ჩემი მეუღლის ხასიათი და მისი გონებრივი სისუსტე, წინასწარვე ვხედავდი, რა საშინელი მომავალი მელოდა, იქვე ვუმატებდი და დაჟინებით ვთხოვდი მათ, ყოველივე საიდუმლოდ შეენახათ. ბოლოს კი ჩემი მეუღლის უსირცხვილო საქციელმა ისეთი სახე მიიღო, რომ მამას, რომელმაც ის თვითონ ამომირჩია, ასეთი რძლის ყოლა ახლა სათაკილოდ მიაჩნდა და აწითლებდა. ამ ქორწინებას ის არამცთუ ახსენებდა სადმე, არამედ ჩემზე მეტად ცდილობდა, დაემალა.

შემდეგ მე ის ინგლისში ჩამოვიყვანე, საშინელი მოგზაურობა იყო. წარმოიდგინე, ასეთი ურჩხულით გემით მგზავრობა. გამიხარდა, როდესაც ბოლოს თორნფილდს მოვაღწიეთ და მესამე სართულის ერთ-ერთ ოთახში მშვიდობიანად მოვათავსე. ეს სწორედ შენობის შიგნით ის ღრმად მიმალული სამუშაო ოთახი იყო, რომელიც მან ამ ათი წლის განმავლობაში გარეული ცხოველის ბუნაგად და ბოროტი სულების საკნად აქცია. პირველად ძალიან გამიძნელდა მისთვის მომვლელი ქალის შოვნა. საჭირო იყო ძალიან ერთგული ადამიანი, რადგან შეშლილის გააფთრებას შეიძლება ჩემი საიდუმლო გაეცა. იყო დღეები და კვირებიც, როდესაც ის დამშვიდებული იყო და მაშინ შეურაცხმყოფელი სიტყვებით მავსებდა. ბოლოს გრიმსბი რიტრიტიდან გრეის პული დავიქირავე. მხოლოდ მან და ექიმმა კარტერმა (რომელმაც მეზონს ჭრილობები შეუხვია იმ ღამეს, როდესაც ის დამ დაჭრა და დაკბინა), აი, ამ ორმა ადამიანმა იცოდა ჩემი საიდუმლო. შესაძლებელია, მისის ფეიერფექსი რამეს ეჭვობდეს, მაგრამ დანამდვილებით და სწორად მან ამ საქმის შესახებ არაფერი იცის. გრეისი მართლაც კარგი მომვლელი აღმოჩნდა, თუმცა, ნაწილობრივ, საკუთარ თავს უნდა დააბრალოს, რაც შეემთხვა და რაშიც ვერავინ დაეხმარება. რა თქმა უნდა, ეს, ნაწილობრივ, მისი მომაბეზრებელი პროფესიის ბრალიცაა. მიუხედავად მისი გამუდმებული სიფხიზლისა, ავადმყოფმა ის არაერთხელ შეაცდინა და გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო. შეშლილი ადამიანი მეტისმეტად ეშმაკი და ბოროტია. მას შეუძლია, ყოველთვის ისარგებლოს თავისი მომვლელის დროებითი გაუფრთხილებლობით. აი, ერთხელ დანა ააცალა, რომლითაც საკუთარი ძმა დაჭრა. ორჯერ კი თავისი საკნის გასაღები იგდო ხელთ და იქიდან ღამით გამოიპარა. პირველად ისეთი ბოროტმოქმედება მოუვიდა თავში, რომ უნდოდა საწოლში გამოვეწვი. მეორედ კი შენ გესტუმრა ფარულად. ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ დაგიცვა და მან თავისი სიშმაგე გადმოანთხია მხოლოდ შენს ჯვრისწერის მორთულობაზე, რომელმაც, ალბათ, ბუნდოვნად, თავისი საკუთარი ჯვრისწერის დღეები გაახსენა. გაფიქრებაც კი მზარავს, რა უბედურება შეიძლებოდა დატრიალებულიყო, თუ ის, ვინც ამ დილით ყელში ასე გააფთრებით მეცა, თავისი დაწითლებული და ჩაშავებული სახით, ჩემი პაწაწინა მტრედის ბუდეში ჩაიხედავდა! ეს ფიქრი ძარღვებში სისხლს მიყინავს...

- მერე, სერ, - ვკითხე მე, როდესაც ის შეჩერდა, - როგორ მოიქეცით მას შემდეგ, რაც ის აქ დააბინავეთ? საით გაემგზავრეთ?

- როგორ მოვიქეცი, ჯეინ? გავუჩინარდი. მუდმივ მოგზაურად გადავიქეცი. სად წავედი? მარტის დაუდეგარი ქარივით დავეხეტებოდი აქეთ-იქით. ევროპას მივაღწიე და ყველა მის ქვეყანას გზააბნეულივით შემოვუარე. მხოლოდ ერთი ფიქრით ვიყავი შეპყრობილი: მომეძებნა კარგი და ჭკვიანი ქალი, რომლის შეყვარება შემეძლებოდა. მინდოდა, სრულიად საპირისპირო ყოფილიყო იმ ავი და ცოფიანი ქალისა, რომელიც თორნფილდში დავტოვე.

- მაგრამ თქვენ ხომ მას ვერ შეირთავდით, სერ?

- მე გადავწყვიტე და არა მარტო დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი, არამედ ვალდებულადაც ვთვლიდი თავს. პირველად სრულებითაც არ განმიზრახავს, ვინმე მომეტყუებინა ისე, როგორც შენთან ვიცრუე და დაგიმალე ყოველივე. ვფიქრობდი, მთელი ჩემი თავგადასავალი გულახდილად მეამბა და წინადადებაც პირდაპირ მიმეცა. ეს იმდენად სწორ და გონივრულ მოსაზრებად მიმაჩნდა, რომ ვვარაუდობდი, ისეთ თავისუფალ პიროვნებად ჩამთვლიდნენ, რომელსაც შეეძლო შეეყვარებინა და ყვარებოდათ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ შემხვდებოდა ისეთი ადამიანი, რომელიც გამიგებდა, მითანაგრძნობდა და მიმიღებდა, მიუხედავად თავს დატეხილი მძიმე უბედურებისა და წყევლა-კრულვისა.

- კეთილი, სერ, მერე?

- როდესაც ცნობისმოყვარეობა გძლევს, ჯეინ, არ შემიძლია ღიმილი შევიკავო, თვალებს მოუთმენელი ჩიტივით ახელ და განუწყვეტლივ მოძრაობ, თითქოს პასუხი იგვიანებდეს, დაცდა არ შეგეძლოს და გსურდეს, ის მოსაუბრის გულისფიცარზე ამოიკითხო. მაგრამ ახლა, სანამ ჩემს ამბავს განვაგრძობდე, მითხარი, რას გულისხმობ, როდესაც მეკითხები: - შემდეგ, სერ? - ამ მოკლე ფრაზას ძალიან ხშირად წამოიძახებ ხოლმე. მე ის დიდად მეხმარება და საუბარს განვაგრძობ, მაგრამ ვერ გამიგია, რატომ მოქმედებს ის ჩემზე ასე?

- მაინტერესებს, რა მოხდა შემდეგ, თქვენ როგორ მოიქეცით ან ამა თუ იმ შემთხვევას რა დასასრული მოჰყვებოდა ხოლმე.

- აი, სწორედ მაგას ვამბობ, ახლა რისი გაგება გინდა.

- იპოვეთ თუ არა ის, ვინც მოგწონდათ, მიეცით თუ არა წინადადება, ცოლად გამოგყოლოდათ, ან მან რა გიპასუხათ?

- მხოლოდ ის შემიძლია გითხრა, ვნახე თუ არა, ვინც მომეწონა, ან შევთავაზე თუ არა ჩემი ხელი, მაგრამ ის, რაც მიპასუხა, ჯერ კიდევ საიდუმლოებით არის მოცული ბედისწერის წიგნში. ათი წელი დავეხეტებოდი ერთი დედაქალაქიდან მეორეში - ხან პეტერბურგში, უფრო ხშირად პარიზში, ხანდახან რომში, ნეაპოლსა და ფლორენციაში. ფულით უზრუნველყოფილი ვიყავი, შთამომავლობით უძველეს გვარს ვეკუთვნოდი და ამიტომ შემეძლო, თვითონ ამომერჩია საზოგადოება, რომელთანაც დაახლოება მინდოდა. საზოგადოების არც ერთი წრე არ იყო ჩემთვის მიუწვდომელი, ამიტომ ჩემს საოცნებო არსებას დავეძებდი ინგლისელ ლედებს, ფრანგ გრაფინიებს, იტალიელ სინიორინებსა და გერმანელ ბარონესებს შორის. მისი პოვნა ვერ შევძელი. ხანდახან მხოლოდ წამიერად ვფიქრობდი, რომ, აი, უკვე თვალი მოვკარი, ხმა გავიგონე და ჩემი ოცნების ხორცშესხმული ხატება დავინახე-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ ოცნება იყო და მაშინვე ამეხილებოდა ხოლმე თვალი. ნუ წარმოიდგენ, რომ სულით ან გარეგნობით უნაკლო არსებას დავეძებდი, მხოლოდ ჩემს შესაფერისს ვნატრობდი, კრეოლი ქალის საპირისპირო არსებას, მაგრამ, თურმე, ამაოდ ვეძებდი. ისეთი არავინ შემხვედრია, თავისუფალიც რომ ვყოფილიყავი, ცოლობა მეთხოვა, მას შემდეგ მაინც, რაც მაგონდებოდა, პირველად რა საშინელ, საზიზღარ და ყოვლად შეუფერებელ ქორწინებაზე დავთანხმდი. იმედის გაცრუებამ უგუნურებამდე მიმიყვანა. ვცადე გართობა, მაგრამ გარყვნილებამდე არასოდეს დავცემულვარ. ის მე ყოველთვის მძულდა და მძულს, რადგან ასეთი ავხორცობა ჩემი ვესტინდოელი მესალინას სტიქია იყო. ძვალ-რბილში გამჯდარი ზიზღი მისდამი და მისი ასეთი საქციელისადმი მბორკავდა, რაიმე სიამოვნება თავისუფლად მეგემა; ასეთი გრძნობა საზღვარს გადასცდებოდა თუ არა, მეჩვენებოდა, რომ მასთან და მის მანკიერ საქციელთან მაახლოებდა, და მაშინვე თავს ვარიდებდი.

მაინც მარტო ცხოვრება არ შემეძლო და ვცდილობდი, სატრფოები შემეძინა. პირველი, რომელიც მაშინ მე ამოვირჩიე, სელინ ვარენსი იყო. ეს ჩემი ცხოვრების მეორე საფეხურია, რომლის გახსენებაზე ჩემი თავი მძულს და მეზიზღება. შენ უკვე იცი, რა პიროვნებაც იყო ეს ქალი და როგორ დამთავრდა მასთან ჩემი სამიჯნურო კავშირი. მას ორი შემცვლელი ჰყავდა: იტალიელი გიაცინტა და გერმანელი კლარა. ორივე განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა, მაგრამ რა ფასი ჰქონდა მათ სილამაზეს რამდენიმე კვირის მერე. გიაცინტა უპრინციპო და ანჩხლი იყო. სამი თვის განმავლობაში მასთან სიახლოვემ დამქანცა. კლარა პატიოსანი და მშვიდი იყო, მაგრამ გონებაშეზღუდული და გაუგებარი. რა საერთო უნდა ჰქონოდა მას ჩემს გემოვნებასთან? გამიხარდა, როდესაც საკმაო თანხა გამოვუყავი, რაღაც შესაფერისი სამუშაო იშოვა და ასე, მშვიდობიანად, მოვიშორე. მაგრამ, ჯეინ, შენი გამომეტყველება მარწმუნებს, რომ კარგი წარმოდგენა აღარა გაქვს ჩემზე. შენ ახლა უგრძნობელ, უპრინციპო და თავქარიან მამაკაცად მთვლი, არა?

- მართლაც, მე თქვენ ისე აღარ მომწონხართ, როგორც წინათ, სერ. ნუთუ არასოდეს გიფიქრიათ, რომ ასეთი ცხოვრება, ასე თუ ისე, საძაგლობაა? ჯერ ერთი სატრფო, ახლა - მეორე. თქვენ ამ ამბებზე ისე ლაპარაკობთ, თითქოს სრულიად ბუნებრივი იყოს.

- ეს ყველაფერი მე გადამხდა, მაგრამ მე ის არ მომწონს. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დამამცირებელი ყოფა და არც არასოდეს მენდომება, მას დავუბრუნდე. სიყვარულის ფულით შოვნა ისეთივე სულმდაბლობაა, როგორც მონის ყიდვა. ორივენი, როგორც ბუნებით, ისე მდგომარეობით მეტისმეტად დამდაბლებულნი არიან და ასეთ დაბალ საფეხურზე მდგომ ადამიანებთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში მოურიდებლად ყოფნა დიდად დამამცირებელია. ახლა იმ წუთების მოგონებაც კი მეზიზღება, რომლებიც გიაცინტას, სელინასა თუ კლარასთან გამიტარებია.

- ამ სიტყვების სიმართლე ვიგრძენი და მათგან გარკვეული დასკვნა გამოვიტანე: თუ მე იმდენად დავკარგავ გონს, რომ დამავიწყდება საკუთარი თავი და ყოველივე ის, რითაც ოდესმე შთაგონებული ვიყავი, ან რაიმე საბაბით თავის გასამართლებელ მიზეზებს დავუწყებ ძებნას და ცდუნებას წინ ვერ აღვუდგები, ერთ მშვენიერ დღეს მეც იმ საცოდავი ქალების მემკვიდრედ გადავიქცევი და მისტერ როჩესტერი ისეთივე შეურაცხმყოფელი გრძნობით მომიხსენიებს, როგორც ახლა მათ იგონებდა. ჩემი აზრი ხმამაღლა არ გამომითქვამს, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, რომ ყველაფერი ნათლად მეგრძნო. მე ის გულში ჩავიმარხე, რომ სამუდამოდ იქ ჩამრჩენოდა და დამხმარებოდა, თუ გამოცდის წინ აღმოვჩნდებოდი.

- ჯეინ, ახლა რატომ აღარ მეუბნები: შემდეგ, სერ? რატომ გაჩუმდი? რატომ გაქვს ასეთი მკაცრი გამომეტყველება? ვხედავ, ჩემს საქციელს გმობ, მაგრამ დამაცადე, ბოლომდე მივიდე. გასულ იანვარს, როდესაც ყველა ჩემი სატრფო თავიდან მოვიშორე, დარდიანი და სვეგამწარებული, საშინელი სულიერი მდგომარეობით, რაც უმიზნო ხეტიალსა და მარტოხელა ცხოვრებას მოჰყვა თან, უიმედობით გულგანგმირული, თითქმის ყველაზე და, განსაკუთრებით, ქალთა სქესზე გაგულისებული (რადგან გონიერი, პატიოსანი და მოსიყვარულე ქალის არსებობას უკვე განუხორციელებელ ოცნებად მივიჩნევდი), საქმეების გამო ინგლისს დავბრუნდი.

მახსოვს, სუსხიანი საღამო იყო, ცხენით ვუახლოვდებოდი თორნფილდის სასახლეს, ამ საძულველ ადგილს, სადაც არც სულიერი სიმშვიდე და არც სიამოვნება არ მელოდა. შევამჩნიე, ჰეილეინში გადასაბიჯზე, მშვიდად და სრულიად მარტოდმარტო ერთი პატარა არსება იჯდა. მე მას ისევე უყურადღებოდ ჩავუარე, როგორც მოპირდაპირე მხარეს მდგომ გასხლულ ტირიფის ხეს. წინათგრძნობამ ვერ მიმახვედრა, ამიერიდან რა ადგილს დაიჭერდა ის ჩემს გულში; არც შინაგანი ხმა მატყობინებდა, რომ ჩემი მომავალი ცხოვრების მსაჯული და უბედურებისა თუ სიკეთის მაუწყებელი სული მიცდიდა იქ ასეთი მწყაზარი სახით. წარმოიდგინე, ვერც მაშინ ვიცანი, როდესაც ჩემს ცხენს, მესრურს, სრულიად მოულოდნელად უბედურება შეემთხვა. ის მოგვიახლოვდა და სერიოზულად შემომთავაზა დახმარება. გამხდარი გოგონა იყო, ჯერ კიდევ მთლად ბავშვი; მის დანახვაზე ასე მეგონა, ჩემს ფეხებთან ჭვინტა დახტოდა და მთავაზობდა პაწაწინა ფრთებზე შევესვი და გადავერჩინე. უკმეხად შევხვდი, მაგრამ წასვლა არ უფიქრია. იდგა ჩემ ახლოს, უცნაურად გაჯიუტებული მიყურებდა და თითქმის მბრძანებლურად მელაპარაკებოდა. აი, სწორედ მისი ხელიდან უნდა მიმეღო დახმარება და მივიღე კიდეც.

როდესაც მის სათუთ მხარს დავეყრდენი, ახალმა სასიცოცხლო ძალამ და გრძნობამ ნეტარებით დამიარა სხეულში. ძალიან მესიამოვნა, როდესაც მისგანვე შევიტყვე, რომ ეს წყლის ფერია თურმე ჩემს სახლში ცხოვრობდა და იქ უნდა დაბრუნებულიყო. მაშინ ის მე ხელიდან რომ დამსხლტომოდა და ამ სიბნელეში ღობის უკან სადმე გამქრალიყო, ენით აუწერელი სინანული შემიპყრობდა. გავიგონე, იმ საღამოს როგორ დაბრუნდი შინ, ჯეინ. ალბათ, არც კი იცოდი, რომ შენზე ვფიქრობდი და გითვალთვალებდი. მეორე დღესაც, ნახევარი საათის განმავლობაში ფარულად გაკვირდებოდი, ადელს ეთამაშებოდი დერეფანში. მახსოვს, თოვდა იმ დღეს, თქვენ გარეთ გასვლა არ შეგეძლოთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში