ბროწეულის გაზაფხული (ნაწილი IX) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (ნაწილი IX)

მეორე დილით, თვალი გავახილე თუ არა, ეგრევე მირზა დამიდგა თვალწინ. გამახსენდა წინა საღამო და საბოლოოდ მივხვდი, რომ მის მიმართ ჩემი სიყვარული სულაც არ იყო წარმოსახვის ნაყოფი - ეს კაცი თავდავიწყებით მიყვარდა.

ადგომა მეზარებოდა. ოთახში ციოდა და თბილი ლოგინიდან გამოძრომა მესიკვდილებოდა, მაგრამ სამსახურში უნდა წავსულიყავი, დაგვიანება კი ნამდვილად არ წაადგებოდა ჩემს მდგომარეობას - შეფი იფიქრებდა, რომ მისმა კოცნამ გამათამამა.

ჩემი ოთახი სიჩუმით იყო სავსე, მე - მარტოობით. არ მქონდა იმის იმედი, რომ მირზასთან სერიოზული ურთიერთობა გამომივიდოდა. გამოუსწორებელ მექალთანეს მდივან-თანაშემწე "სწორ" გზაზე ვერ დააყენებდა. ამის გაფიქრებაზე სევდა შემომაწვა. მაშინვე წამოვხტი და სააბაზანოს მივაშურე...

შხაპის ქვეშ ვიდექი და ვინ იცის, მერამდენედ ვაღიარებდი, რომ იგი პირველი შეხვედრისთანავე შემიყვარდა. თუმცა იმას კი ვერ ვხდებოდი, რატომ. ვიცოდი, ამ გამოცანის ამოსახსნელ გასაღებს, სულ რომ თავი მემტვრია ფიქრით, ვერ მივაგნებდი. სიყვარული და ეჭვიანობა ორად მგლეჯდა. მისი ქალების რიცხვი არა და არ ილეოდა და რაღა მაინცდამაინც მე შემომხედავდა "მოწყალე" თვალით? თუნდაც მისი საყვარელი გავმხდარიყავი, ერთ დღეს მეც ისევე მომისროდა, როგორც სხვები მოუსროლია. მინახავს, როგორ აკეთებდა ამას.

გულდამძიმებულმა ჩავიცვი და ფანჯარაში გავიხედე. წვიმა ყირაზე გადადიოდა. ისეთი წკაპაწკუპი გაჰქონდა ფანჯრის რაფაზე, თითქოს კენჭებს უშენენ მინებსო.

როგორ გინდა ამ თავსხმაში გარეთ გახვიდე? ტაქსის გამოძახება მომიწევს...

ასეც მოვიქეცი და სამსახურში ტაქსით მივბრძანდი.

ის იყო, ჩანთა და პალტო დავაბინავე, რომ შეფის კაბინეტის კარი გაიღო და ზღურბლზე ვიღაც აშოლტილ ქალთან ერთად გამოჩნდა.

- მოკლედ, ექვზე გელოდები და არ დააგვიანო, კარგი? - კეკლუცობდა ქალი.

- როდის დამიგვიანია, რო? ექვსზე შენთან დავერჭობი. - იყო პასუხი.

ფერი წამივიდა. კიდევ კარგი, ვიჯექი, თორემ ალბათ იქვე ჩავიკეცებოდი, იატაკზე. საშინლად იმოქმედა ჩემზე ამ დიალოგმა.

ამ დროს უფროსმა, როგორც იყო, მეც შემამჩნია.

- მოხვედი, ანიკა? - აჰა, უკვე არავის აღარ ერიდება, ისე გამიშინაურდა. სხვების თანდასწრებითაც შენობით მელაპარაკება.

- რა თქმა უნდა. - აგრესიულად მივუგე.

- წავედი, საღამომდე. - ქალმა ფეხის წვერებზე აიწია და ლოყაზე აკოცა.

- აბა ჰე, ნინი, დამელოდე. - მირზამ კარამდე მიაცილა ქალი და შემობრუნდა.

არა, ამას თავს როგორ გავაწამებინებ! ვინმეს უნდა დავაპატიჟებინო თავი პაემანზე. კაცების მეტი რა ყრია? სიყვარულისგან განკურნების საუკეთესო წამალი სხვა სიყვარულია. ოღონდ ბათო არა. მაგას ნაღდად ვერ შევიყვარებ. აი, ლეკოს არა უშავს, ჩვენს ფინანსისტს. კი მიჟუჟუნებს თვალებს ყოველ დანახვაზე და...

ბოღმა მახრჩობდა. მირზამ არც კი შემომხედა, ისე მიაშურა თავის კაბინეტს. ამან საბოლოოდ გამაცეცხლა. სიმწრისგან რომ არ ავტირებულიყავი, ვესტიბიულში გავვარდი. უეცრად წინ, თითქოს დაბარებულივით, ლეკო ამესვეტა. რატომღაც მომეჩვენა, რომ ჩასაფრებული იყო და ჩემს გამოსვლას ელოდებოდა.

- ანი, როგორ ხარ? გამარჯობა! - ხალისიანად მომესალმა, - მაგრად გამოიყურები, დაცემა ქალი ხარ, რა.

- მადლობა, ლეკო, - გავწითლდი და დამორცხვებულმა თვალები დავხარე.

- იცი? რაღაც მინდა გთხოვო და არ ვიცი, ღირს თუ არა... ცუდად არ გამიგო.

- ასეთი რა არის? - ცოტა არ იყოს, შევშფოთდი.

- შესაშინებელი არაფერი. დიდი ხანია, ამის თქმა მინდოდა და... მომენტი არ ჩამივარდა ხელში. ხომ შეიძლება, ერთმანეთს შევხვდეთ სადმე და ვისადილოთ? იქნებ უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი. ოღონდ წმინდა მეგობრული თვალსაზრისით, არაფერი ცუდი არ იფიქრო.

გამეღიმა. აი, ზუსტად ამას ველოდი და ვნატრობდი. მაგარია! სხვა დროს აუცილებლად ვეტყოდი, დაკავებული ვარ და ვერ წამოვალ-მეთქი, მაგრამ ჩემი წეღანდელი გადაწყვეტილება არ დამვიწყებია, ამიტომ უყოყმანოდ დავეთანხმე.

- კარგი, ვისადილოთ... - უღიმღამოდ დავუქნიე თავი, - ოღონდ შაბათამდე ვერა.

- ჰო, აბა რა, სხვა დღეებში ხომ მეც ვმუშაობ. - თვალები გაუბრწყინდა ლეკოს, ალბათ ასე უცებ არ მოელოდა, თუ დავთანხმდებოდი.

მაგრამ საღამოს, კორპუსის კიბეზე ამავალი, უკვე ვნანობდი ჩემს საქციელს. კახპასავით ვიქცევი, ასე როგორ შეიძლება? მირზამ რომ გაიგოს, რას იფიქრებს? აი, დარდი! რაც უნდა, ის იფიქროს! თვითონ ხომ დაეთრევა ქალებში? ჰოდა, დარწმუნდეს, რომ მასზე ნაკლები არაფრით ვარ, მეც მყავს თაყვანისმცემლები და მაქვს უფლება, პაემანზე ვიარო.

დილით ისე ვიყავი აფორიაქებული, რომ ავდექი თუ არა, გიჟივით შევუდექი სახლის დალაგებას. ისეთი გაშმაგებული ვალაგებდი, თითქოს საცაა, სტუმრების არმია უნდა დამდგომოდა თავზე. ვიცოდი, ლეკო აუცილებლად დარეკავდა და ვნერვიულობდი, რადგან უარის თქმა უკვე აღარ გამოდიოდა.

მართლაც, შუადღისას დარეკა, მომიკითხა და შემახსენა, ჩემი წინადადება ძალაშია და შენი პასუხი როგორი იქნებაო. მე უკვე მომზადებული მქონდა პასუხი. ვთხოვე, დღეს ვერ ვახერხებ და იქნებ ხვალ შევხვდეთ, სამ საათზე-მეთქი. შეგნებულად ავირჩიე დღისით შეხვედრა, რადგან საღამოს ინტიმურ ატმოსფეროს გავქცეოდი. ცოტა კი გაუკვირდა, მაგრამ კარგიო, მითხრა, სამ საათზე რესტორანთან დაგელოდებიო. ამწუთას სულაც არ მერესტორნებოდა, მაგრამ სხვა გზა მქონდა?

მთელი დღე უგუნებოდ დავაღამე. ვნანობდი, ზედმეტი თავსატეხი რომ გამოვჩხრიკე. რა ჯანდაბად მინდოდა ეს სრულიად ზედმეტი პაემანი?

როგორც იქნა, დაღამდა. თეთრეული გამოვცვალე, ვიბანავე და ლოგინში ჩავწექი, მაგრამ თვალი ვერ მოვხუჭე. მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღე ვსაქმიანობდი, არა და არ დამეძინა. ვიფიქრე, წიგნს წავიკითხავ და იქნებ მიმეძინოს-მეთქი. იძულების წესით ჩავრგე თავი რომანში. არაფერი გამომივიდა. ვერც კითხვას დავუდე გული არც რული გამეკარა. ფიქრები წარამარა მირზასკენ გამირბოდა.

უეცრად საოცრება მოხდა და კარზე ზარი დაირეკა. კედლის საათს შევხედე - თორმეტი ხდებოდა. ამ დროს ვინ უნდა იყოს? ბებოს ხომ არაფერი დაემართა? გული გადამიქანდა.

ხალათი მოვისხი და კარის გასაღებად გავემართე.

რაოდენ დიდი იყო ჩემი გაოცება, როცა სადარბაზოში მირზაშვილი დავინახე. კედელს მიყრდნობოდა ხელით და თავი ჩაექინდრა. ადგილზე გავშეშდი. კიდევ კარგი, პირველი თვითონ ალაპარაკდა, თორემ არ ვიცი, რა დამემართებოდა.

- თავი ლამისაა, გამისკდეს, - ამიხსნა მოსვლის მიზეზი, - ვიფიქრე, სახლამდე ვერ მივაღწევ-მეთქი.

ხომ არ იჩხუბა თავის ნინისთან და ახლა ნავსაყუდელს ჩემთან ხომ არ ეძებს? - გამკრა გულში, მაგრამ რომ დავაკვირდი, მართლაც გასაცოდავებული გამომეტყველება ჰქონდა.

- მთლად მწვანე ხარ, - ჩავილაპარაკე, თან ვცდილობდი, აფორიაქება დამემალა, - შემოდი, რაღას უცდი?

- ცოტა ხნით რომ დავრჩე, ხომ არ შეგაწუხებ? - მკითხა და ამათვალიერა. ახლაღა შეამჩნია, რომ თურმე საწოლიდან წამომაგდო. - უდროო დროს მოვედი, ძილი დაგიფრთხე.

- არ მეძინა, თუმცა კი ვიწექი... წნევა გაიზომე?

- არა.

- წამალიც არ დაგილევია?

- წამლებს ჯიბით არ დავატარებ, - უღონოდ გაიღიმა.

- ჯერ წნევა ვნახოთ, - სტაჟიანი ექიმივით ვთქვი და კამოდიდან აპარატი გამოვიღე.

წნევა ნორმალური ჰქონდა. ესე იგი, ჩვეულებრივი თავის ტკივილია, რომელსაც გამაყუჩებელი უშველის. რა თქმა უნდა, ტკივილგამაყუჩებელიც მქონდა და დავალევინე.

- ხშირად გაწუხებს თავის ტკივილი?

- ისე რა...

- ბევრი ხომ არ დალიე?

- არა, მხოლოდ ერთი ჭიქა, მაგრამ რაღაც საზიზღრობა.

- შეიძლება სასმლით ხარ მოწამლული. მე შენ გეტყვი და, იშვიათია დღეს. სიცხეც ხომ არ გაქვს?

- არა მგონია, ტემპერატურა რომ ამიწევს, მაშინვე ვგრძნობ ხოლმე... შინ წასვლა ვცადე, მაგრამ მივხვდი, სახლამდე ვეღარ მივაღწევდი, ისე დამეხვა თავბრუ. ყველაზე ახლოს შენ მეგულებოდი, ამიტომ აქეთ გადმოვუხვიე. - მობოდიშებასავით გაისმა მისი ნათქვამი.

- ზედმეტი ლაპარაკი გავნებს, - ბრძანების კილოთი ვუთხარი. მიხაროდა, რომ ახლა მე შემეძლო მისთვის მებრძანებინა, ის კი უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა ჩემს ბრძანებას, - აჯობებს, წამოწვე. აი, იმ ოთახში, ბებიას ოთახია ეგ... აბა, წამოდექი... იქით, იქით... - ხელი წავაშველე, რადგან წაბარბაცდა.

როგორც იქნა, საწოლამდე მივიყვანე და წამოვაწვინე. მერე ფეხსაცმელი და წინდები გავხადე. ბოლოს პიჯაკსაც მივწვდი. მისი თავი მკერდზე მივიყრდენი, რა დროსაც ხალათი გადამეღეღა. ისე მოხდა, რომ ძალაუნებურად მირზამ ჩემს მოშიშვლებულ მკერდში ჩარგო თავი.

- იმედი მაქვს, არ დამცინი... - ძლივძლივობით ჩაილაპარაკა.

გამეღიმა. შეფი საკუთარ თავს არ ღალატობდა. ახლაც, როცა ეს ჭკვიანი თავი უსკდებოდა, ისეთივე ენამწარე იყო, როგორიც ყოველთვის.

სიყვარული და სიბრალული ერთდროულად მომეძალა და თავზე ვაკოცე. როგორც იქნა, პიჯაკიც გავხადე, მაგრამ პერანგზე ძალა არ მეყო. უფრო სწორად, თვითონ ვერ დამყვა, მართლა ძალიან სუსტად იყო.

- საკმარისია, ასე დაწექი! - ვუბრძანე და ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ შარვლის ქამარი შევუხსენი, რათა ოდნავი შვება მაინც ეგრძნო. მერე თბილი საბანი დავახურე და ზედ პლედიც დავამატე.

- რა იყო, ციმბირში ვარ? - გაიოცა, როცა ამდენი დავაფარე.

- ცივა აქ, გათბობა არ მაქვს, ელექტროღუმელს ღამით ჩართულს არ ვტოვებ, მეშინია.

- გასაგებია, მაგრამ არა მგონია, ისე შემცივდეს, საბანმა ვერ გამათბოს.

- იყოს. თუ დაგცხა, პლედს გადაიძრობ. ახლა შუქს ჩავაქრობ და შეეცადე, წაუძინო.

- მაკოცებ? - მოულოდნელი შეკითხვა გაისმა.

- უნდა გაკოცო? - ჩემი პასუხიც მოულოდნელი აღმოჩნდა.

- გამიხარდებოდა... - თითქოს მთხოვდა, ისეთი ინტონაციით წარმოთქვა.

- ისეთი ხმა გაქვს, თითქოს კვდებოდე, - გამეცინა, - კარგი, გაკოცებ, მაგრამ პირობას მაძლევ, რომ სხვას არაფერს მომთხოვ? - ეშმაკურად მოვწკურე თვალები.

- ვგავარ ახლა მე რამის მომთხოვნს? - თვითონაც გაეცინა.

- თუ ასეა, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. - ვუთხარი და ლოყაზე ნაზად ვაკოცე.

- მადლობა. - ჩურჩულით ამოთქვა და თავი ბალიშზე დაასვენა. - არაერთხელ შეუსრულებიათ ჩემი თხოვნა და სიამოვნებაც მოუნიჭებიათ, მაგრამ ასეთი - არასოდეს. - შეეცადა, ხუმრობაში გაეტარებინა ჩემი საქციელი.

- სიამოვნების რა მოგახსენო, ეს ერთი უბრალო კოცნაა და მეტი არაფერი, - თავს ძალა დავატანე, რომ ხმა არ ამკანკალებოდა, - რამეს ხომ არ დალევ? ცხელ ჩაის ან ყავას?

- არა, დიდი მადლობა, ახლა არაფერი მინდა.

- მაშინ ღამე მშვიდობისა, - თვალის ჩაკვრით დავემშვიდობე და ავდექი.

- ღამე მშვიდობისა, ანიკა. - ჩაიდუდუნა და თვალები მილულა...

კარგა ხანს თვალი არ მომიხუჭავს. რამდენჯერმე წამოვხტი და დავხედე საყვარელ "პაციენტს". ბოლოს, როგორც იქნა, მეც მომერია ძილი...

გაღვიძებისთანავე პირველი, რაც თვალში მომხვდა, ბებიაჩემის ხალათში გახვეული ჩემი "პაციენტი" იყო, რომელიც ოთახში ბოლთას სცემდა.

გული გადამიქანდა, გამოჯანმრთელებულმა კოცნის გაგრძელება არ მომთხოვოს-მეთქი. არც გამიკვირდებოდა. ის ხომ მირზა იყო, მირზაშვილი - ცივი, უგულო, ქალებთან დაუნდობელი მირზა, რომელიც ყველაფერს იღებს, რასაც მოისურვებს, შემდეგ კი ისე მიდის, რომ უკან არ იხედება. მისი მომნუსხველობა ყოველთვის აუცდენლად ხვდებოდა მიზანს, მაგრამ მე ხომ ზეპირად მქონდა შესწავლილი მისი "ილეთები", ამიტომ ასე ადვილად არ გავებმებოდი მის დაგებულ ხაფანგში.

უფრო შეცბუნების, ვიდრე თავაზიანობის გამო ვკითხე:

- თავს როგორ გრძნობ?

- უკეთესი არ შეიძლება! - მითხრა და თავისი მომაჯადოებელი ღიმილი მესროლა, - ორი ამბავი მაქვს შენთვის - კარგი და ცუდი. რომლით დავიწყო? - ჩემს საწოლთან შეჩერდა და ზურგზე ხელებდაწყობილი დამაშტერდა.

გულმა ბაგაბუგი ამიტეხა. ის იდგა, ლამის შიშველი, მე ვიწექი, ასევე ლამის შიშველი... ერთი "მრუდე" მზერა იყო საკმარისი და...

- კარგით დაიწყე და ცუდით დაამთავრე, - მიკნავებული ხმით მივუგე.

- ვიცოდი, გაგამხიარულებდი და ეს ხალათი იმიტომ ჩავიცვი. სასაცილოდ გამოვიყურები, არა? ძლივს ჩავატიე მხრები. ეს კარგი ამბავი... ახლა ცუდი: მგონი, საქმე გაგიფუჭე.

- რატომ? - საწოლზე წამოვიწიე და ლეიბს იდაყვებით დავეყრდენი. ვერაფრით მივხვდი, რა უნდა ეთქვა.

- რატომ და ის იყო მოსული... ბათო თუ დათო, - დამნაშავის ღიმილი გადაიფინა ტუჩებზე, - მე კიდევ კარი გავუღე.

ელდა მეცა. ბათოს ჩვევად ჰქონდა - დილაობით შემოირბენდა ხოლმე და ყავას მომადუღებინებდა, სანამ სამსახურში წავიდოდა, მაგრამ ბოლო დროს აღარ გამოჩენილა და რას ვიფიქრებდი, მაინცდამაინც ამ დილით თუ დამადგებოდა?

- და შენც ამ ფორმაში გაუღე კარი, არა?

- რა უნდა მექნა, კინაღამ ჩამოიღო და... - ყასიდად იმართლებდა მირზა თავს, თან ეშმაკური ღიმილი არ შორდებოდა. აშკარად ეტყობოდა, ეს სიტუაცია ძალიან ახალისებდა.

- წარმომიდგენია, რას იფიქრებდა. - ნირწამხდარმა ჩავილაპარაკე დ კიდევ ერთხელ შევავლე მამაკაცს თვალი - მას შარვალ-პერანგი გაეხადა და ხალათი შიშველ სხეულზე შემოეცვა. ალბათ წუხელვე გაიხადა, რომ არ დაჭმუჭნოდა.

მირზამ დიდხანს დაჟინებით მიყურა, მერე კი ირონიით და თითქმის დამარცვლით მკითხა:

- ალბათ ბათოს ფიქრების დასტურად და შენი რეაბილიტაციისთვის ახლა ცოლად მომიწევს შენი შერთვა.

ამის გაგონებაზე გავშრი. ვიგრძენი, ნელ-ნელა როგორ ვცოფდებოდი. ცოლად უნდა შეგირთოო... ცოლად... თავხედი! გავყვები კი? ერთი მკითხოს, ვიქნები თანახმა? დროა, მიბრძანდეს, საიდანაც მოსულა!

- როგორც ჩანს, მართლა გამოკეთებულხარ. ახლა კი აჯობებს, წახვიდე!

- რა გეწყინა? მე მხოლოდ ვიხუმრე?

- ვიცი... მაგრამ მაინც უნდა წახვიდე.

- ისე, რომ საუზმეზეც არ მეპატიჟები?

- საუზმე ჯერ უნდა მომზადდეს! - შინაგანად ვბობოქრობდი, ამიტომ ხმა გავიმკაცრე, თუმცა თავის შეკავებას მაქსიმალურად ვცდილობდი.

ხმის ამოუღებლად გატრიალდა "თავისი" ოთახისკენ. ამასობაში დრო ვიხელთე, წამოვხტი და სწრაფად ჩავიცვი.

რამდენიმე წუთის შემდეგ თვითონაც ჩაცმულ-დახურული გამოვიდა და შედგა. კარგა ხანს თვალს არ მაშორებდა, მერე უსიტყვოდ დაიძრა კარისკენ.

ერთ ადგილას გაქვავებული მზერით ვაცილებდი. მისგან დაუჯერებელი სასიცოცხლო ძალა მოდიოდა, ის ამპარტავნება, რომელიც ძლიერად მოქმედებდა ჩემზე, მის ყოველ ნაბიჯში იგრძნობოდა, მხრების, ხელების თითოეულ მოძრაობაში. უსიამოვნო შეგრძნებამ ამიტაცა, სხეული ერთიანად დამეჭიმა და უეცრად ღრმად ამოვისუნთქე - თურმე რამდენიმე წამის განმავლობაში სუნთქვა მქონია შეკავებული.

ალბათ ძნელი იქნება მირზას დარწმუნება, რომ მის მიმართ მცირე ინტერესიც კი არ მაქვს და რომ მასთან სხვა ურთიერთობის გაბმას არ ვაპირებ. არადა, მართლა მომიწევს ამის გაკეთება. აშკარად შეურაცხყოფილი დარჩა ჩემი საქციელით და ამას არასდროს მაპატიებს. ამის გაფიქრებაზე მოულოდნელად შემაცახცახა - მივხვდი, რომ ეს გადაწყვეტილება ჩემი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი იქნებოდა.

კართან მისული მოულოდნელად შემობრუნდა და დაუფარავი ირონიით მომახალა:

- ქალბატონო ანიკა, უნდა გითხრა, რომ ერთობ მიმზიდველი და ზედ დასვენებას რომ მოგანდომებს, ისეთი ძუძუები გაქვს.

მისმა პირდაპირობამ საბოლოოდ დამაკარგვინა მოთმინება. ამის ატანა შეუძლებელი იყო. ეტყობა, მართლა ამ მიზნით მომადგა კარს შუაღამით... იდიოტი, დეგენერატი... მაგის შეფობა უკვე ფეხზე მკიდია!

დოინჯი შემოვიყარე და ამაყად ყელმოღერებულმა წარმოვთქვი:

- ბატონო მირზა, დამდეთ პატივი და მიბრძანდით ჩემი ბინიდან!

მან კარი გააღო და გავიდა. ახლა უკვე ექოდ მესმოდა მისი ნაბიჯების ხმა.

გაბრაზებულმა კარი ფეხით მივაჯახუნე და საკეტი გადავატრიალე.

ბებიას ოთახში გავედი - შეფს საწოლი კოხტად დაელაგებინა და ისე დაეტოვებინა. უცნაურია, მაგრამ მაშინვე გამიქრა სიბრაზე. გამეღიმა. ახლა ისევ მიყვარდა...

ორშაბათს, სამსახურში რომ მივედი, მირზაშვილი შესანიშნავ გუნებაზე დამხვდა.

- როგორ ბრძანდება დღეს ჩემი მომხიბვლელი თანაშემწე? - მხიარულად მკითხა, როცა ფოსტა და დილის გაზეთები შევუტანე.

- გმადლობ, კარგად. - მედიდურად მივუგე, - თავად როგორ გიკითხოთ?

- შენ ისე მომიარე, ცუდად როგორ ვიქნები, - თავაზიანობად დაიღვარა, - ამ სიკეთეს არ დაგივიწყებ.

მივხვდი, რომელ "სიკეთესაც" გულისხმობდა და შეფარული აგრესიაც ვიგრძენი. ამის გარეშეც ვიცოდი, რომ ჩემს საქციელს არ დაივიწყებდა. ამიტომ სამაგიეროს გადახდას უნდა დავლოდებოდი.

ამის მეტი არაფერი უთქვამს. დღემ ისე ჩაიარა, თავის ტკივილის ამბები არ გაუხსენებია. აშკარად მომაჯადოვა თავისი კორექტულობით. სამაგიეროდ მე მთელი დღე დამძიმებული დავდიოდი, თითქოს გამებერა გული, ისეთი შეგრძნება მქონდა.

ის იყო, სამუშაო საათები მთავრდებოდა, რომ გამომიძახა. კაბინეტის კარი შევაღე თუ არა, მის მომნუსხველ მზერას შევეფეთე. კინაღამ ჩავიკეცე, მუხლებში ისეთი სისუსტე ვიგრძენი.

- აი, ეს მასალები... - წამოვიწყე და მისკენ გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ შევატყვე, ამწუთას მასალები არ აინტერესებდა.

- როგორც ჩანს, დიდად არ დამიზარალებიხარ, არა? - შეპარვით მკითხა.

ნირი არ შემიცვლია.

- მე ასე ვერ ვიტყოდი... - წარბები ავქაჩე.

- რატომ, შემოგწყრა შენი ბათო თუ დათო? რა ჰქვია?

მისმა სარკასტულმა ტონმა გამაღიზიანა.

- გასაწყრომი რა ჰქონდა? - არ შევეპუე.

- აჰა... ალბათ შეხვდით ერთმანეთს და ყველაფერი გაარკვიეთ ჩემი წამოსვლის შემდეგ, ხომ?

- სიმართლე თუ გინდა, ვცდილობ, ის დღე საერთოდ დავივიწყო...

მირზა უკან დახევას არ აპირებდა:

- და ვის დავიწყებას უფრო ცდილობ, ჩემსას თუ ბათო-დათოსას?

- საბედნიეროდ, არც შენ და არც ის არაფერ შუაში ხართ. გუშინ ლეკოსთან მქონდა პაემანი. - წამოვაყრანტალე უცებ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში