ჯეინ ეარი (თავი XXVIII) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XXVIII)

ჩემს ოთახში ვიჯექი, კარი ოდნავ ღია მქონდა და შემეძლო, გამეგონა და დამენახა ყველაფერი. რამდენიმე ხანს მთელი შენი ყურადღება თითქოს ადელმა მიიპყრო, მაგრამ ვგრძნობდი, რომ შენი ფიქრები ამ დროს სადღაც შორს დაქროდა. შენ მას ძალიან მშვიდად ექცეოდი და ბევრს უთმენდი, ჩემო პატარა ჯეინ, დიდხანს ელაპარაკებოდი და ართობდი. ბოლოს, როგორც კი დაგტოვა, ღრმა ოცნებას მიეცი თავი და დერეფანში ნელი ნაბიჯით დაიწყე სიარული. დროდადრო სარკმელს ახლოს ჩაუვლიდი და ბარდნას აკვირდებოდი; ყურს უგდებდი ქარის ქვითინს: მერე ისევ იწყებდი დერეფანში მშვიდად სიარულს და კვლავ ოცნებას განაგრძობდი. შენს იმდღევანდელ ოცნებას სიმძიმილი არ ემჩნეოდა, თვალებში დროდადრო სიამოვნების ნაპერწკალთა ელვას გამჩნევდი. სახეზე მსუბუქი მღელვარება აღგბეჭდოდა, რომელიც მწარე, გულის გამგმირავ და სევდიან ფიქრებზე არ მეტყველებდა. შენი გამოხედვა უფრო ახალგაზრდულ, ტკბილ ოცნებას გამოხატავდა, როდესაც ჯერ კიდევ ნორჩი სული ზეცისკენ მფრინავ იმედებს ხალისით, კვალდაკვალ მისდევს. მისის ფეიერფექსის ხმამ (დერეფანში მსახურს დაელაპარაკა) გამომაფხიზლა. რა უცნაურად გაიღიმე მაშინ შენთვის, ჯენიტ! ეს იყო შორსმჭვრეტელური ღიმილი, რომლითაც თითქოს საკუთარ ოცნებას დასცინოდი და ამბობდი: - ჩემი ოცნება წარმტაცია, მაგრამ არ უნდა დავივიწყო, რომ ის სრულიად განუხორციელებელია. ოცნებაში მე ვხატავ ვარდისფერ ცას, მწვანით შემოსილ ყვავილებში ჩაფლულ სამოთხეს, მაგრამ ძალიან კარგად ვიცი, წინ ძნელი გზა მიდევს და ჩემ გარშემო ძლიერი ქარიშხალი ბობოქრობს, რომელთანაც შებმა არ ამცდება. ბოლოს დაბლა ჩახვედი და მისის ფეიერფექსს რაღაც სამუშაო სთხოვე, მგონი, კვირის გასავლის აღრიცხვა თუ რაღაც ამგვარი. მე კი გული მომივიდა შენზე, რადგან თვალთახედვიდან გადამეკარგე.

მოუთმენლად ველოდი დაღამებას, რადგან მხოლოდ მაშინ მომეცემოდა საშუალება, გამომეძახებინე. ვფიქრობდი, სრულიად უჩვეულო, ახალი და გამოუცნობი თვისებების მქონე ადამიანს შევხვდი და მინდოდა, ღრმად ჩავწვდომოდი მის ბუნებას, რაც შეიძლება კარგად გამეცნო ის. და, აი, ამ დროს ჩემს ოთახში მორცხვად შემოხვედი, თუმცა თავი ძალიან ამაყად გეჭირა. ძალიან თავისებურად გეცვა, სწორედ ისევე, როგორც ახლა. საუბარში გამოგიწვიე. და მალე დავრწმუნდი, რომ შენი აზრები სავსე იყო ურთიერთსაპირისპირო ცნობებით. როგორც ჩაცმულობაში, ისე ქცევაში ჩანდა, ადათ-წესებით იყავი შეზღუდული და ხშირად დიდ გაუბედაობას იჩენდი. ბუნებით მეტად ნატიფი ჩანდი, თუმცა ვატყობდი, საზოგადოებაში ყოფნას სრულიად მიუჩვეველი იყავი და ძალიან ფრთხილობდი, მოუხერხებლობით, უხეში შეცდომით ან საზოგადოების მიერ დაკანონებული წესების უნებური დარღვევით ყურადღება არ მიგეპყრო. როდესაც მოგმართავდნენ, თანამოსაუბრის სახეს აზრიან, გაბედულ და მოციმციმე თვალებს მიაპყრობდი და შენს ყოველ გამოხედვაში შორსმჭვრეტელობასა და ძალას ვამჩნევდი. თუ კითხვებს დაჟინებით და ახირებულად გაყრიდი, მოსწრებულად მპასუხობდი. ძალიან მალე შემეჩვიე და ახლა უკვე მწამდა, კარგად გრძნობდი, რომ შენსა და შენს მკაცრ, პირქუშ პატრონს შორის თანაგრძნობა დამყარდა, ჯეინ. გამჩნევდი და მაოცებდა, რა სწრაფად მშვიდდებოდი და რა წყნარი და კეთილი ხდებოდი ჩემ მიმართ. თუ რამეზე ვბუზღუნებდი და გაჯავრებული ვიყავი, შენ არც განცვიფრება გეტყობოდა, არც შიში, არც აღელვება და არც უსიამოვნო განწყობილება. არ ამჟღავნებდი, რომ ჩემი პირქუშობა შენზე მოქმედებდა. მაკვირდებოდი და დროდადრო გულუბრყვილოდ მიღიმოდი. ამ ღიმილში ისეთი თვალწარმტაცი სინატიფე და აზრი ჩანდა, აღწერაც არ შემიძლია. მომწონდა, მაკმაყოფილებდა და მაღელვებდა ყველაფერი, რაც შენში ვნახე, და უფრო მეტად მწყუროდა მისი ნახვა, თუმცა დიდი ხნის განმავლობაში თავი შორს მეჭირა და ვცდილობდი, იშვიათად შეგხვედროდი. მსურდა, გაგრძელებულიყო ის სიამოვნება, რასაც ეს შორეული რომანი და ჩვენი ამაღელვებელი ნაცნობობა ქმნიდა. გარდა ამისა, დიდხანს ვიტანჯებოდი შიშით, რომ, თუ ამ ყვავილს თავისუფლად შევახებდი ხელს, მისი გაშლილი ფურცლები დაჭკნებოდა და მისი სინორჩის მომაჯადოებელი მომხიბვლელობაც მსწრაფლ გაქრებოდა. მაშინ ვერ მივხვდი, რომ მისი ყვავილობა წარმავალი არ იყო და, რომ ის ჟამთა სვლის მიუხედავად ფერუცვლელი ბრწყინვალებით სავსე ძვირფას თვალს მიაგავდა. გარდა ამისა, მინდოდა გამეგო, მომძებნიდი თუ არა, როდესაც თავს აგარიდებდი. შენ ამას არ ცდილობდი. ისევე იყავი გამოკეტილი საკლასო ოთახში, როგორც შენი საწერი მაგიდა და მოლბერტი. თუ შემთხვევით სადმე შეგხვდებოდი, ისე სწრაფად ჩამივლიდი გვერდით და მხოლოდ იმდენ ყურადღებას იჩენდი ჩემ მიმართ, რამდენსაც ზრდილობა მოითხოვდა. შენი ჩვეულებრივი გამომეტყველება იმხანად, ჯეინ, ღრმა ფიქრებით შეპყრობილი ადამიანის გამომეტყველება იყო. ის არც მძიმე სევდით იყო სავსე, რადგან ავად არ იყავი, და არც ხალისიანი ყოფილა, რადგან ოდნავი იმედი შეგრჩენოდა და, სინამდვილეში, არავითარი სიამოვნება არ გაგაჩნდა. მაინტერესებდა, რას ფიქრობდი ჩემზე ან თუ ფიქრობდი საერთოდ; აი, სწორედ ეს მინდოდა გამეგო და ამიტომ გადავწყვიტე, კვლავ შეგხვედროდი ხოლმე. შენს გამოხედვაში, როდესაც ვინმეს ესაუბრებოდი, და საუბრის ტონში მუდამ სითბო - სიხარული იგრძნობოდა. ვამჩნევდი, გულთბილი იყავი. ალბათ, ამ მდუმარე საკლასო ოთახმა და ერთფეროვანმა ცხოვრებამ გაქცია ნაღვლიან არსებად. თავს უფლება მივეცი, თბილად მოგქცეოდი და ამით დიდ სიამოვნებას ვიღებდი. სიკეთემ სწრაფად აღგაგზნო, სახეზე სინაზე დაგეტყო, ხმაში კი - სითბო. მომწონდა, როდესაც შენი ბაგენი ჩემს სახელს მხიარული და საამური ხმით წარმოთქვამდნენ. შენთან შემთხვევითი შეხვედრებით დიდ სიამოვნებას განვიცდიდი იმხანად, ჯეინ. შენს საქციელს უცნაური გაუბედაობა ეტყობოდა, ოდნავი შიშითა და ფარული ეჭვით შემომხედავდი ხოლმე და არ იცოდი, რა გუნებაზე დავდგებოდი: მკაცრი პატრონის თუ კეთილი მეგობრის როლი უნდა გამეთამაშა. მაგრამ უკვე იმდენად მიყვარდი, ჩემი გამოგონილი როლით ასე იოლად ვერ განვიცდიდი სიამოვნებას. როდესაც ხელს გულთბილად გიწვდიდი, შენს ნორჩ ნაღვლიან სახეს ისეთი ნათელი, მოწითალო-მოვარდისფრო და ნეტარი ღიმილი ეფინებოდა, მინდოდა, გულში ჩამეკარი. ხშირად ამ სურვილისგან თავის დაღწევა ძალიანაც მიძნელდებოდა.

- ნუღარ მოიგონებთ იმ დღეებს, სერ, - შევაწყვეტინე და ფარულად მოვიწმინდე ცრემლი თვალებზე. მისი საუბარი ჩემთვის წამება იყო, რადგანაც გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და ვიცოდი ისიც, რომ ის სწრაფად უნდა შემესრულებინა. მისი გრძნობების ასე გამჟღავნება კი ამაში ხელს შემიშლიდა.

- არა, ჯეინ, - მომიბრუნდა ის, - რა საჭიროა წარსულზე ფიქრი, როდესაც აწმყო ბევრად უკეთესია და მომავალი კი ასეთი ნათელი?

გამაჟრჟოლა, როდესაც ეს თავბრუდამხვევი წინადადება მოვისმინე.

- შენ ახლა ხედავ, როგორ არის საქმე, არა, ჯეინ? - განაგრძო მან. - ახალგაზრდობისა და მოწიფულობის შემდეგ, რომელმაც ენით გამოუთქმელ უბედურებასა და სევდით სავსე მარტოობაში გაიარა, პირველად ვნახე ის, ვისი სიყვარულიც ნამდვილად შემიძლია. გნახე და მხოლოდ შენ მომწონხარ, შენ ხარ ჩემი რჩეული და ჩემი ანგელოზი. შენთან ძლიერი და ურღვევი გრძნობა მაკავშირებს, შენ მიმაჩნიხარ კეთილ, ნიჭიერ და თვალწარმტაც არსებად. მგზნებარე, თავდავიწყებამდე მისული გრძნობით სავსეა ჩემი გული. ეს გრძნობა შენკენ, როგორც სიცოცხლის წყაროსკენ, ისე მოილტვის და ჩემს გულთან უფრო და უფრო გაახლოებს. ჩემი არსებობის მიზანი შენშია. ის წმინდა, მოგიზგიზე ალით იწვის, რომ ორივე ერთ არსებად გადაგვაქციოს.

სწორედ იმიტომ, რომ ჩემი გრძნობები ასეთი იყო, გადავწყვიტე, ჯვარი დამეწერა შენზე. იმის თქმა, რომ მე მეუღლე უკვე მყავს, უბრალოდ, ჩემი დაცინვა იქნებოდა. ახლა უკვე იცი, რომ ის მხოლოდ საშინელი დემონია. შეცდომა დავუშვი, რომ ყველაფერი არ გაგიმხილე, მაგრამ მეშინოდა სიჯიუტისა, რომელსაც შენს ხასიათში ვამჩნევდი. მეშინოდა ადრიდანვე გონებაში გამჯდარი ცრურწმენისაც. მინდოდა, არაფერი გცოდნოდა, სანამ ჩემს საიდუმლოს პირდაპირ განგიცხადებდი, მაგრამ ეს ხომ სულმდაბლობა იყო. უპირველესად, შენს კეთილშობილურ გრძნობებსა და დიდსულოვნებას უნდა დავყრდნობოდი, რასაც ახლა ჩავდივარ; შენთვის უნდა გადამეშალა ჩემი მშფოთვარე ცხოვრების სურათი; ამეხსნა, როგორ ვესწრაფოდი ან როგორ მწყუროდა უფრო ღირსეული და ადამიანური ყოფა; არ დამეფარა არც ჩემი გადაწყვეტილება (ეს სიტყვა ძალიან სუსტია), არც ჩემი შეუნელებელი სწრაფვა ნამდვილი და წრფელი სიყვარულისკენ. სამაგიეროდ, შენც წრფელად და ნამდვილად შემიყვარებდი. მხოლოდ ამის შემდეგ შემეძლო მეთხოვა, ასეთი ერთგულების საწინდარი მიგეღო ჩემგან, და შენგანაც მომეთხოვა სამაგიერო. ჯეინ, აი, ახლა გთხოვ ამ საწინდარს.

სიჩუმე ჩამოვარდა.

- რად გაჩუმდი, ჯეინ?

მე ნამდვილი წამება გადავიტანე, თითქოს გავარვარებული რკინის ხელი მომიჭირა ვინმემ გულზე. საშინელი წუთები იყო: ნამდვილი ბრძოლა, წყვდიადი და ცეცხლი. ვერც ერთი ადამიანი, რომელსაც კი ოდესმე ამქვეყნად უცხოვრია, ვერ ინატრებდა უფრო ძლიერ სიყვარულს, ვიდრე მე მას ვუყვარდი, მე თვითონაც ვაღმერთებდი და, მაინც, უარი უნდა მეთქვა ასეთ სიყვარულსა და ჩემს სათაყვანებელ კერპზე. მხოლოდ ერთი საშინელი სიტყვა შეიცავდა და მაგონებდა ჩემს მოვალეობას: "განშორება!"

- ჯეინ, გაიგე, ალბათ, რასაც მოვითხოვ შენგან. მხოლოდ, აი, ასეთ დაპირებას: "მე თქვენი ვიქნები, მისტერ როჩესტერ".

- მისტერ როჩესტერ, მე თქვენი ვერ გავხდები.

უფრო დიდხანს გაგრძელდა დუმილი.

- ჯეინ, - დაიწყო მან ისეთი თბილი და ალერსიანი ხმით, რომ მისმა მწუხარებამ წელში გამტეხა და საშინელმა საფრთხემ ძარღვებში სისხლი გამიყინა. მის ასეთ მშვიდ ხმაში ახლად გაღვიძებული ლომის ბრდღვინვა იგრძნობოდა.

- ჯეინ, იმის თქმას აპირებ, რომ ამქვეყნად შენ სხვა გზით ივლი და მე - სხვით?

- დიახ.

- ჯეინ (ჩემკენ გადმოიხარა და მომეხვია), ახლაც ამბობ ამას?

- დიახ, სერ.

- ახლაც? - და მან ნაზად დამიწყო კოცნა შუბლსა და ლოყაზე.

- დიახ, ახლაც, - ვუთხარი და თავი სწრაფად გავითავისუფლე მისი ხვევნისგან.

- ოჰ, ჯეინ, ეს მეტისმეტად მძიმე ასატანია. ეს... ხომ ბოროტებაა. განა, ცუდი იქნებოდა, რომ გყვარებოდი.

- ასე გამოვა, თუ თქვენ დაგემორჩილეთ.

უცნაურმა გამომეტყველებამ სახის ყოველი ნაკვთი აუთრთოლა, წარბები მაღლა აზიდა, წამოდგა, მაგრამ თავს იჭერდა. თავის შესამაგრებლად ხელი სავარძლის ზურგს მოვკიდე. შიშისგან ვთრთოდი, ვცახცახებდი, მაგრამ მაინც გადავწყვიტე.

- ჯეინ, ერთი წამით გადახედე ჩემს საშინელ ცხოვრებას და მითხარი, რა მოხდება, როდესაც შენ წახვალ. მთელი ჩემი ბედნიერება შენთან ერთად გაქრება. რა დამრჩება? მეუღლის ნაცვლად ის შეშლილი ქალი ზედა სართულზე, ასევე ადვილად შეგეძლო, გაგეგზავნე რომელიმე საფლავის ბინადართან, აი, იქ, საყდრის ეზოში. რა უნდა ვქნა, ჯეინ? სად უნდა ვიპოვო მეგობარი ან რისი იმედი უნდა მქონდეს?

- ისე მოიქეცით, როგორც მე ვიქცევი, სერ... მიენდეთ ღმერთსა და საკუთარ თავს. ერწმუნეთ ზეციერ მამას, იმედი იქონიეთ, რომ კვლავ იქ შევხვდებით ერთმანეთს.

- არ დამითმობ?

- არა.

- მაშ, შენ მისჯი ასეთ ჯოჯოხეთურ ცხოვრებას და დაწყევლილ სიკვდილს?

მან ხმას აუწია.

- გირჩევთ, ისე იცხოვროთ, რომ არავითარი ცოდვა არ ჩაიდინოთ... და მინდა, მშვიდადაც გარდაიცვალოთ.

- ასე რომ, მტაცებ სიყვარულს, სიწმინდეს და მიბიძგებ კვლავ უკან, ავხორცი გრძნობებისა და მანკიერებისკენ?

- მისტერ როჩესტერ, მე ისევე ვერ გიბიძგებთ ასეთი საქციელისკენ, როგორც საკუთარ თავს. ჩვენ ბრძოლისა და წამებისთვის დავბადებულვართ და როგორც თქვენ, ისე მეც მშვიდად უნდა ვითმინოთ. იცოდეთ, ვიდრე მე დაგივიწყებდეთ, თქვენ დამივიწყებთ.

- შენი ასეთი საუბრიდან გამოდის, რომ მე მატყუარა ვარ. შენ შეურაცხყოფ ჩემს პატიოსნებას. მე განვაცხადე, რომ ვერავისში გაგცვლი, შენ კი ამტკიცებ, რომ სულ მოკლე ხანში გიღალატებ. ოჰ, როგორი დამახინჯებულია შენი გონება, რამდენად გაუკუღმართებულია შენი აზრები და რას მეტყველებს შენი საქციელი! ნუთუ უმჯობესად მიგაჩნია, შენი ახლობელი ადამიანი ასეთ სასოწარკვეთილებაში დატოვო, ვიდრე დაარღვიო ადამიანთა მიერ მოგონილი უბრალო კანონი, მით უფრო, რომ მისი დარღვევა არავის მოუტანს ზიანს. შენ ხომ არც ნათესავები გყავს და არც ნაცნობები, რომელთაც ჩემთან სამუდამო დარჩენით შეურაცხყოფას მიაყენებდი?

ეს სრული სიმართლე იყო. სანამ ის ლაპარაკს დაამთავრებდა, გონება და სინდისი გადამიდგნენ, ჩემ წინააღმდეგ ამხედრდნენ და იმაში მადანაშაულებდნენ, რომ მისტერ როჩესტერს წინააღმდეგობას ვუწევდი და ამით მის მიმართ დიდ ცოდვასაც ჩავდიოდი. ისინიც ისევე ხმამაღლა ალაპარაკდნენ, როგორც გული და გრძნობები. განსაკუთრებით, გული არ ცხრებოდა: - ოჰ, დაუთმე! - ჩამძახოდა ის, - იფიქრე იმ უბედურებასა და საფრთხეზე, რაც მას მოელის, როდესაც სულ მარტოდმარტო დარჩება. გაიხსენე მისი თავშეუკავებელი ბუნება და წარმოიდგინე, რა უგუნური საქციელი შეიძლება მოჰყვეს მის ასეთ სასოწარკვეთილებას. დაამშვიდე, გადაარჩინე და გიყვარდეს! უთხარი, რომ გიყვარს და მომავალში მისი იქნები. ვის აინტერესებს, არსებობ თუ არა ამქვეყნად, ან ვის შეურაცხყოფს შენი საქციელი?

პასუხი ისევ შეუპოვრად გაისმოდა: "მე თვითონ ვიზრუნებ ჩემს თავზე. რამდენადაც მარტოხელა ვარ, მთლად უმეგობრო და არავისგან მოველი შველას, იმდენად მეტად უნდა დავიცვა საკუთარი ღირსება. ვერც ღმერთის ბოძებულ და ადამიანის მიერ დადასტურებულ კანონს დავარღვევ. იმ მცნებებს არ ვუღალატებ, რომლებიც ჯერ კიდევ საღად მოაზროვნეს მწამდა და არა ისეთ სულელურ მდგომარეობაში მყოფს, როგორშიც ახლა ვარ. კანონები და წესები იმ წუთებისთვის კი არ არსებობს, როდესაც ცდუნების შიში არა გაქვს, არამედ სწორედ იმ დროისთვის არის განკუთვნილი, როდესაც სხეული და სული მათ აუტანელ სიმკაცრეს უჯანყდება. და, რაც უფრო სასტიკია მათი ძალა, მით უფრო ურღვევად შევინახავ. თუ საკუთარი კეთილდღეობისთვის დავარღვიე ისინი, რაღა ფასი ექნებათ მაშინ? მათ გარკვეული ფასი და მნიშვნელობა აქვთ; მე ეს ყოველთვის მჯეროდა და, თუ ახლა არ მჯერა, იმიტომ, რომ ჩემს გონებაზე არ ვარ, ნამდვილად არ ვარ. ძარღვებში სისხლი ბობოქრობს. ვერც კი დაითვლი, ისე სწრაფად ფეთქავს ჩემი გული და ლამის საგულედან ამომივარდეს. წინასწარ განსჯილ შეხედულებებსა და ძველად მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა დავეყრდნო ამ წუთებში და აქედან ფეხსაც ვერავინ მომაცვლევინებს.

ასეც მოვიქეცი. მისტერ როჩესტერმა ჩემს სახეზე ყველაფერი ამოიკითხა; დაინახა, რომ ჩემი გავიტანე. მისმა აღშფოთებამ უმაღლეს წერტილს მიაღწია და, რაღა თქმა უნდა, ცოტა ხნით მაინც უნდა დანებებოდა მას. პირდაპირ ჩემკენ გამოეშურა, მკლავზე ხელი მომკიდა და წელზე მომეხვია. ისე მეჩვენებოდა, თითქოს თავისი აღგზნებული მზერით ჩემს შთანთქმას აპირებდა. იმ წუთებში ჩემი თავი ფიზიკურად ისე უღონო მომეჩვენა, როგორც ქარისა და ცეცხლის ალში გახვეული ბალახის ღერო, მაგრამ ჩემს სულს ისევ გონება განაგებდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ არავითარი საფრთხე არ მოელოდა. საბედნიეროდ, სულს თავისი ჭეშმარიტების მქადაგებელი ჰყავს, ხშირად შეუგნებლად მოქმედი, მაგრამ მაინც გულწრფელი მქადაგებელი... ის თვალებშია მიმალული. მეც სწორედ მის თვალებში ჩავიხედე და, სანამ მის ვნების ცეცხლით ალეწილ სახეს შევყურებდი, უნებური ოხვრა აღმომხდა. ისე მეხვეოდა, ტკივილებს ვგრძნობდი. უკანასკნელი ღონე კი, რომელიც ძლივს შევინარჩუნე, თითქოს ამოიწურა.

- არასოდეს, - თქვა მან კბილების ღრჭიალით, - არასოდეს შემხვედრია ასეთი სუსტი ქმნილება და ასეთი გაუტეხელი. ის ხომ ლერწმის ღეროსავითაა ჩემს ხელში (და მთელი ძალით აქეთ-იქით მაქნევდა). მისი მოხრა ორი თითითაც შემიძლია, მაგრამ რა გამოვა მერე აქედან? თუნდაც მოვხარო, დავფლითო და გავსრისო... ჩაიხედეთ ამ თვალებში და დაინახავთ, რა მტკიცე, ველურივით შეუდრეკელი და თავისუფალი არსება გიყურებთ იქიდან! უჩვეულო სიმამაცით უარმყოფს და წარბგაუხსნელი ზეიმობს გამარჯვებას! როგორც უნდა მივუდგე მის გალიას, ამ გარეულ, მშვენიერ ქმნილებას ხელში ვერ ჩავიგდებ! თუ ამ საპატიმროს სუსტ კედლებს დავანგრევ და გავანადგურებ, ჩემი ძალმომრეობა მხოლოდ ტყვეს გაათავისუფლებს. ამ სახლის მპყრობელი კი გავხდები, მაგრამ მისი ბინადარი მანამდე გამექცევა და ზეცას მიაშურებს, სანამ ჩემს თავს ამ მიწით შელესილი ხუხულის მფლობელად გამოვაცხადებდე. მე კი სწორედ შენ მინდიხარ, ზეციურო სულო, მთელი შენი სურვილებითა და ენერგიით, სიძლიერითა და სიწმინდით, და არა მხოლოდ შენი სუსტი სხეული. შენ რომ გინდოდეს, მოფრინდებოდი და ჩემს გულში ჩასახლდებოდი, მაგრამ, საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ განწყობილი, ისე აარიდებ თავს ჩემს ხვევნას და ნელსურნელებასავით ისე სწრაფად გაქრები, რომ მის შესუნთქვასაც კი ვერ მოვასწრებ. ოჰ! მოდი, ჯეინ, მოდი ჩემთან!

თქვა თუ არა ეს, ხელი გამიშვა და მხოლოდ მიყურებდა. ამ გამოხედვასთან ბრძოლა უფრო გამიჭირდა, ვიდრე მის მგზნებარე ხვევნა-ალერსთან. მხოლოდ სულელს შეეძლო დათმობაზე წასულიყო ახლა. იმდენი გამბედაობა გამოვიჩინე, რომ მის სიშმაგეს წინააღმდეგობა გავუწიე. ახლა კი მისი სევდისთვის უნდა ამერიდებინა თავი. კარისკენ გავემართე.

- მიდიხარ, ჯეინ?

- მივდივარ, სერ.

- მტოვებ?

- დიახ.

- აღარ მოხვალ? აღარც ჩემი ნუგეშის მცემელი იქნები და არც ჩემი მხსნელი? ჩემი ასეთი დიდი სიყვარული, ეს აუტანელი მწუხარება და გულმხურვალე ლოცვა არაფერს ნიშნავს შენთვის?

რა გამოუთქმელი მწუხარება ისმოდა მის ხმაში! რა ძნელი იყო მტკიცედ მეპასუხა, მივდივარ-მეთქი.

- ჯეინ!

- მისტერ როჩესტერ!

- განმშორდი მაშინ, თანახმა ვარ, მაგრამ გახსოვდეს, რა მწუხარებასა და განსაცდელში მტოვებ. წადი შენს ოთახში, იფიქრე ყოველივე იმაზე, რაც გითხარი და, ჯეინ, ერთხელ მაინც გადმოხედე ჩემს ტანჯვა-ვაებას, იფიქრე ჩემზეც.

ის მიბრუნდა და დივანზე პირქვე დაემხო.

- ოჰ, ჯეინ, ჩემო იმედო, ჩემო სიყვარულო, ჩემო სიცოცხლევ, - ტანჯვით აღმოხდა მის ბაგეს. შემდეგ კი გულის სიღრმიდან ამოსული საშინელი ქვითინი გავიგონე.

უკვე კართან ვიყავი მისული, მკითხველო, უკან მოვტრიალდი. მოვბრუნდი იმავე გადაწყვეტილებით, რომლითაც გავედი ოთახიდან. მის წინ დავიჩოქე; სახე ჩემკენ მოვუტრიალე, ვკოცნიდი და თმას ვუსწორებდი ხელით.

- ღმერთი გფარავდეთ, ჩემო ძვირფასო პატრონო! - ვეუბნებოდი მე. - ღმერთმა გიხსნათ ავი საქმისა და შეცოდებისგან, ის იყოს თქვენი გზის წარმმართველი, ნუგეშისმცემელი და გულუხვი მწყალობელი ყველა იმ სიკეთისთვის, რაც წარსულში გამიწიეთ.

- პატარა ჯეინის სიყვარული იქნებოდა ჩემთვის მისი უდიდესი მოწყალება, - მიპასუხა მან. - უიმისოდ ჩემი გული დაიმსხვრევა. მაგრამ ჯეინი არ დაიშურებს თავის სიყვარულს ჩემთვის, დიახ, კეთილშობილურად და დიდსულოვნად მოიქცევა...

სახეზე სისხლი მოაწვა, ცეცხლის ნაპერწკლებმა იელვა მის თვალებში, წამოდგა; ხელები გაშალა, რომ გულში ჩავეკარი. მე კი მის ხვევნას თავი ავარიდე და ოთახიდან მაშინვე გავედი.

- მშვიდობით! - კიოდა ჩემი გული, როდესაც ოთახი დავტოვე. სასოწარკვეთილება კი უმატებდა: "მშვიდობით საუკუნოდ!"

იმ ღამეს ძილზე სრულიადაც არ მიფიქრია, მაგრამ, როგორც კი ჩავწექი, წამთვლიმა. ძილ-ბურანში ფიქრმა ბავშვობის ხანა მომაგონა. მომეჩვენა, თითქოს გეიტსჰედ-ჰოლში, წითელ ოთახში ვიწექი. ღამე ბნელი იყო და გული შიშით მითრთოდა. სინათლე, რომელმაც დიდი ხნის წინათ გრძნობა დამაკარგვინა, ახლა სიზმრად კვლავ გამოჩნდა. ის სრიალით მიცოცავდა მაღლა კედელზე, კრთოდა და ბოლოს ბნელი ჭერის შუაგულში შეჩერდა. თავი წამოვწიე, გავიხედე, სახურავი გამქრალიყო და მის მაგიერ სივრცეში, შორს, მაღლა, შავ ღრუბლებსღა ვხედავდი. ეს შუქი ისეთი იყო, როგორიც მთვარის ჩასვლისას იცის ხოლმე ბურუსიან ღამეს. ახლა მთვარის ამოსვლას საოცარი წინასწარი მღელვარებით ველოდი. ვუცდიდი ისე, თითქოს ბედისწერა მის დისკოზე უნდა წერებულიყო. აი, ისიც ამოვიდა, მაგრამ მთვარე ასე არასოდეს გამოდის ღრუბლებიდან. პირველად ხელი დავინახე. მან სიასამურისფერი ღრუბლის ნაკეცები გადასწია და ღრუბლები ტალღებივით ააბობოქრა. შემდეგ ცისფერ შორეთში მთვარე კი არა, თეთრებში გამოწყობილი ადამიანის ბრწყინვალე გამოსახულება დავინახე. მას დედამიწისკენ გადმოეხარა სხივოსანი შუბლი, თვალს არ მაშორებდა, დიდხანს ასე მაკვირდებოდა და ბოლოს ჩემს სულს მიმართა; მისი ხმა თვალმიუწვდომელი სიშორიდან მოდიოდა და, ამასთანავე, ისე ახლოს იყო, თითქოს შიგ გულში ჩამჩურჩულებდა:

- შვილო ჩემო, გაექეცი ცდუნებას!

- დედაო ღვთისავ, შეგისრულებ აღთქმულს!

ასე ვუპასუხე მას შემდეგ, რაც ძილ-ბურანიდან გამოვფხიზლდი. ჯერ კიდევ არ გათენებულიყო. ივლისში ღამეები მოკლე იცის და შუაღამის შემდეგ უკვე აისი იწყება. - დროა, შევუდგე იმ საქმეს, რომელიც გულში გადავწყვიტე და რომელიც ამაღამ უნდა შევასრულო, - ვფიქრობდი ჩემთვის. წამოვდექი; ჩაცმული ვიყავი, რადგან დაწოლისას მხოლოდ ფეხსაცმელი გავიხადე. სიბნელეშიც კარგად შემეძლო, მიმეგნო ჩემი უჯრებისთვის, სადაც თეთრეული, მედალიონი და ბეჭედი მქონდა შენახული. იმ ნივთების ძებნაში ხელი მძივს შევახე. ეს ის მარგალიტის ყელსაბამი იყო, რომელიც მისტერ როჩესტერმა ძალით მიმაღებინა ამ რამდენიმე დღის წინათ. ის უჯრაშივე დავტოვე, რადგან მე არ მეკუთვნოდა; ის ეკუთვნოდა ოცნებით წარმოდგენილ საცოლეს, რომელიც ჰაერში გაქრა. დანარჩენი ნივთები ფუთაში გამოვკარი. ჩემი საფულე, რომელშიც ოცი შილინგი იყო (სულ ეს იყო, რაც გამაჩნდა), ჯიბეში ჩავიდე, ჩალის ქუდი დავიხურე, ბაფთები შევიკარი, შალი წამოვისხი. ფუთა და ფეხსაცმელი ავიღე, რადგან ჯერ ჩაცმა არ შეიძლებოდა, და ოთახიდან ფარულად გამოვედი.

- ნახვამდის, კეთილო მისის ფეიერფექს! - დავიჩურჩულე, როდესაც მის ოთახს უხმაუროდ ჩავუარე, - მშვიდობით, ჩემო უძვირფასესო ადელ! - ვთქვი, როდესაც საბავშვო ოთახს მოვკარი თვალი, მაგრამ შიგ შესვლა და მისი კოცნა ფიქრადაც ვერ გავივლე. მახვილ სმენას უნდა ავრიდებოდი - შესაძლებელია, ის მოყურადებულიც კი იყო.

მისტერ როჩესტერის საძინებელი ოთახის გვერდით შეუჩერებლად უნდა ჩამევლო, მაგრამ მის ზღურბლთან ჩემი გულისცემა უცებ თითქმის შეწყდა. ოთახში არ ეძინათ. გავიგე, მისი ბინადარი მოუსვენრად ბოლთას სცემდა და თანაც დაუსრულებლად ოხრავდა. თუ საქმე არჩევანზე მიდგებოდა და ამოვირჩევდი, აი, აქ იყო ზეციური სამოთხე, დროებითი სამოთხე ჩემთვის... მხოლოდ უნდა შევსულიყავი და მეთქვა:

- მისტერ როჩესტერ, მთელი სიცოცხლე, სიკვდილამდე თქვენი ვიქნები, - და ჩემს ბაგესთან ნეტარების ულევ წყაროს გააჩენდნენ მაშინვე. მე ამაზე ვფიქრობდი...

ვფიქრობდი იმაზეც, რომ ჩემი კეთილი პატრონი, რომელსაც ახლა ძილი არ შეეძლო, გათენებას მოუთმენლად ელოდა. დილით ის მიხმობდა, მაგრამ მე უკვე წასული დავხვდებოდი. ძებნასაც დამიწყებდა, მაგრამ ამაოდ. როდესაც იგრძნობს, რომ მიატოვეს და მისი სიყვარული უკუაგდეს, ტანჯვა მოეძალება და, შესაძლებელია, სასოწარკვეთილებამაც შეიპყროს. კარის სახელურისკენ წავიღე ხელი, მაგრამ ისევ უკან გამოვწიე და ფრთხილად გავემართე ჩემი გზით.

დაღონებული ჩავდიოდი ქვედა სართულზე. ვიცოდი, რაც უნდა გამეკეთებინა და მექანიკურად ვასრულებდი ყველაფერს. სამზარეულოში განის კარის გასაღები მოვძებნე; ზეთის ბოთლი და ფრთაც ვიპოვე: კლიტესა და გასაღებს წავუსვი; წყალი დავლიე და ცოტაოდენი პური ავიღე. შესაძლებელია, დიდხანს მევლო და არ მინდოდა, ძალა გამომლეოდა, რადგან ბოლო ხანს ძალიან დავსუსტდი. ყველაფერი უხმაუროდ გავაკეთე. კარიც ასევე ჩუმად გამოვაღე, გამოვედი და ფრთხილად მივხურე. როდესაც ეზოში ჩავედი, განთიადის მკრთალი სხივები ოდნავ ციმციმებდა. ალაყაფის ორივე კარი ჩაკეტილი იყო, მაგრამ ერთ-ერთში პატარა კარი მხოლოდ მიხურული დარჩენოდათ. გამოვედი, ისიც მივხურე და, აი, უკვე თორნფილდის გარეთ აღმოვჩნდი.

ერთი მილის დაშორებით, მინდვრებს იქით, გზა მილკოტის საწინააღმდეგო მიმართულებით გადიოდა. ამ გზაზე არასოდეს გამევლო, მაგრამ ხშირად, როცა დავინახავდი, ჩემს თავს ვეკითხებოდი, თუ საით მიდიოდა ის. ახლა სწორედ იქით გავემართე. არავითარი ფიქრის ნება არ მქონდა: აღარც უკან შეიძლებოდა მიხედვა და აღარც წინ ყურება. ერთი წამითაც კი არ უნდა გამევლო გულში არც წარსულსა და არც მომავალზე ფიქრი. წარსული ღვთიური ნეტარებისა და, იმავე დროს, სიკვდილის კარამდე მიმყვანი სევდა-ნაღვლის ფურცლები იყო; მისი ერთი პწკარის წაკითხვაც კი ახლა მხნეობას დამიკარგავდა და უკანასკნელ ძალას გამომაცლიდა. მომავალი კი საშინელ სიცარიელედ მეჩვენებოდა. ის მაგონებდა სამყაროს წარღვნის შემდეგ.

მივდიოდი მინდვრებში, ორღობეებსა და სასოფლო გზებზე, სანამ მზე არ ამოიწვერა. ვიცი, რომ მშვენიერი ზაფხულის დღე იყო, იმასაც ვატყობდი, რომ ფეხსაცმელი, რომელიც სახლიდან გამოსვლის მერე ჩავიცვი, ნამმა დამისველა, მაგრამ არაფერს ვაკვირდებოდი - არც ამომავალ მზეს, არც მოკამკამე ცას და არც ახალგამოღვიძებულ ბუნებას. ის, ვინც თვალწარმტაცი გზით ეშაფოტისკენ მიდის, ყვავილებზე კი არ ფიქრობს, რომლებიც გზაზე უღიმიან, არამედ გალესილ ცულსა და ჯალათის კუნძზე, რომლებიც ძვალსა და ძარღვს განაშორებს ერთმანეთს, დასასრულ, - რა თქმა უნდა, ღია სამარეზე. მე კი ამ სამწუხარო გაქცევასა და უსახლკარო ხეტიალზე ვფიქრობდი. ოჰ, რა მწუხარებით მავსებდა ის, რაც მივატოვე! მაგრამ მე სხვანაირად მოქცევა არ შემეძლო. ახლა ისევ მისტერ როჩესტერი წარმოვიდგინე. ალბათ, თავის ოთახში უცდის მზის ამოსვლას და იმედი აქვს, რომ სულ მალე ჩავალ და შევატყობინებ, რომ მასთან ვრჩები და სამუდამოდ მისი ვიქნები. მე ხომ ვნატრობდი, რომ მისი ვყოფილიყავი, როგორ მწყუროდა უკან დაბრუნება! ჯერ კიდევ არ იყო გვიან, შემეძლო ის მძიმე განსაცდელი შემემსუბუქებინა, რომელიც ამ დანაკლისმა მიაყენა. რაც შეეხება ჩემს გაქცევას, დარწმუნებული ვიყავი, ის ჯერ კიდევ არავის ეცოდინებოდა. შემეძლო, უკან დავბრუნებულიყავი და ნუგეში მეცა მისთვის, გავფრთხილებოდი მის სიამაყეს, მეხსნა უბედურებისა და, შესაძლებელია, საბოლოო განადგურებისგან. ოჰ, იმის შიში, რომ ის თავდავიწყებამდე მივიდოდა, გაცილებით მძიმე იყო, ვიდრე ჩემი სიმარტოვე. ოჰ, როგორ მაწამებდა და თან მდევდა ეს ფიქრი! თითქოს ბასრი ისარი მქონოდეს გულში ჩასობილი! მან ჭრილობა გამიღრმავა, რადგან ამოღებას შევეცადე; ხოლო სასიცოცხლო ძალას მთლად ვკარგავდი, როდესაც მოგონებებს ის უფრო და უფრო ღრმად შეჰყავდათ გულის სიღრმეში. ბუჩქებსა და ხეებზე ფრინველები გალობდნენ, მათ ხომ ურთიერთშორის მეტისმეტად თავდადებული ჯუფთობა იციან. ფრინველები ხომ სიყვარულის სიმბოლოს წარმოადგენენ... მე კი რა ვიყავი? მწარე ფიქრებით გულგანგმირული, რომელიც შლეგური სიჯიუტით ცდილობდა, თავისი რწმენისა და რაღაც პრინციპების ერთგული დარჩენილიყო. ამიტომაც მეზიზღებოდა ჩემი თავი. იმის ცოდნა, რომ მართალი ვიყავი, რა ნუგეშს მცემდა? ან რად მინდოდა პირადი ღირსების პატივისცემა და მისი თაყვანისცემა? მე შეურაცხყოფა მივაყენე, გული გავუგმირე და მივატოვე ჩემი პატრონი. ჩემი თავი მძულდა, მაგრამ უკან დაბრუნება არ შემეძლო. ერთ ნაბიჯსაც კი ვერ გადავდგამდი უკან. შესაძლებელია, თვით ღმერთს მივყავდი ამ გზით. რაც შეეხება ჩემს სურვილებსა და ცნობიერებას, აღგზნებულმა მწუხარებამ მოსპო ერთი და მთლად დამიბნელა მეორე. ახლა, ამ უკაცრიელ გზაზე, თავშეუკავებლად ვქვითინებდი და სულ უფრო სწრაფად, შეშლილივით მივეშურებოდი სადღაც წინ. სისუსტემ იძალა, შიგნით, გულის სიღრმეში დამეწყო და მთელ სხეულს მოედო, შემბოჭა და ბოლოს წამაქცია კიდეც. რამდენიმე წამს ასე ვეგდე მიწაზე და თავი სველ ბალახში მქონდა წარგული. სახეზე ნამიანი ბალახი მელამუნებოდა. არ ვიცი, მეშინოდა თუ იმედი მასულდგმულებდა, რომ აქ მოვკვდებოდი, მაგრამ მაინც შევძელი და მალე წამოვდექი. პირველად ოთხით ძლივს მივცოცავდი, ბოლოს ფეხზე წამოდგომაც მოვახერხე და ახლა ერთადერთი სურვილი და გადაწყვეტილება მამოძრავებდა - როგორმე გზამდე მიმეღწია.

როდესაც ბოლოს გზაზე გავედი, იძულებული გავხდი, იქვე, ღობის ახლოს, სადმე დამესვენა. ჯერ ისევ ვიჯექი, რომ ბორბლების ხმა შემომესმა, ეტლი დავინახე, წამოვდექი და ხელი ავწიე. ეტლი გაჩერდა. ვკითხე, სად მიდიოდა, და მეეტლემაც რომელიღაც შორეული ადგილი დამისახელა. იქ, დარწმუნებული ვიყავი, მისტერ როჩესტერს არავითარი ნაცნობობა არ ექნებოდა. როდესაც ვკითხე, იქამდე მგზავრობა რა ღირდა, მეეტლემ ოცდაათი შილინგი დამიფასა. მე მხოლოდ ოცი მაქვს-მეთქი, ვუთხარი და ის მაინც დამთანხმდა. მითხრა, რომ ოცითაც მოახერხებდა ჩემს წაყვანას. შიგნით მომცა ადგილი, რადგან ეტლი ცარიელი იყო. შევედი თუ არა, მეეტლემ კარი დახურა და გზას გავუდექით.

ჩემო ძვირფასო მკითხველო, დაე, თქვენ არასოდეს გეგრძნოთ ის, რაც მე მაშინ განვიცადე! დაე, თქვენს თვალთ არასოდეს დასდენოდეთ მწუხარებისგან ისეთი ცხარე და მდუღარე ცრემლი, როგორიც ჩემს თვალთაგან ღაპაღუპით მაშინ ცვიოდა! დაე, თქვენ არასოდეს მიგემართოთ ღვთისთვის უიმედო და სულთმობრძავი ადამიანის ისეთი სიტყვებით, როგორსაც მაშინ ჩემი ბაგენი წარმოთქვამდნენ! გისურვებთ, არასოდეს განგეცადოთ შიში, რომ თქვენ იქნებით მიზეზი და უბედურებას წაჰკიდებთ მას, ვინც ყველაზე ძალიან გიყვართ.

თავი ოცდამერვე

ორი დღე გავიდა. ზაფხულის მშვენიერი საღამო იყო. მეეტლემ იმ ადგილას გადმომსვა ეტლიდან, რომელსაც უიტკროსს ეძახდნენ. იმ თანხით, რაც მე მას მივეცი, არ შეეძლო უფრო შორს წავეყვანე. მე კი ამქვეყნად ერთი შილინგიც აღარ გამაჩნდა, მთლად მარტო დავრჩი. ეტლი ერთი მილით მაინც იქნებოდა დაშორებული, და მხოლოდ მაშინ მომაგონდა, რომ ეტლის საბარგულიდან ჩემი ფუთა არ ამომიღია, მე ის იქ ფრთხილად შევინახე. იქ დამრჩა... იქვე იდება და მე კი აღარაფერი გამაჩნია.

უიტკროსი ქალაქი არ არის. სოფლადაც კი არ ჩაითვლება: ეს არის გზაჯვარედინზე აღმართული ქვის სვეტი, სადაც ოთხი გზა ხვდება ერთმანეთს. ვფიქრობ, თეთრად ალბათ, იმიტომ შეუღებავთ, რომ უფრო ადვილად გამოჩნდეს შორიდან და სიბნელეში. მის წვერზე გზის მაჩვენებელი ოთხი ისარია დამაგრებული. წარწერის მიხედვით, უახლოესი ქალაქი ამ ადგილიდან ათი მილით არის დაშორებული, ხოლო ყველაზე შორეული - ოც მილზე მეტით. ამ ქალაქების საკმაოდ ცნობილი სახელწოდებებიდან შევიტყვე, რომელ საგრაფოშიც მოვხვდი. ეს იყო ჩრდილოეთის ერთ-ერთი ცენტრალური საგრაფო, შამბნარით გადაშავებული და ბორცვებით დასერილი ადგილი. როგორც უკან, ისე ჩემგან მარცხნივ თუ მარჯვნივ თვალუწვდენელი უდაბური ველებია. იმ ჩაღრმავებული დაბლობიდან, რომელიც ჩემს ფეხქვეშ დაფენილა, შორს ტალღისებურად ერთმანეთზე გადაჯაჭვული მთები მოჩანს. მოსახლეობა აქ ძალიან ცოტა უნდა იყოს, მგზავრებსაც კი ვერ ვამჩნევდი გზებზე. თეთრი, ფართო და უკაცრიელი გზები ოთხივე მიმართულებით მიემართება. ისინი უდაბური ადგილებითაა დასერილი, სადაც ხშირი და ველური მანანა იზრდება და მათ შერეულ საზღვრებამდე აღწევს. შესაძლებელია, შემთხვევით ვინმე მგზავრმა ჩამოიაროს. მე კი არ მინდა, ვინმემ თვალი მომკრას. უცნობებს გაუკვირდებათ და იფიქრებენ, რას ვაკეთებ სანიშნო სვეტთან უსაქმოდ მდგარი, დაბნეული გამომეტყველებით; შესაძლებელია, რამე მკითხონ, მე კი ისეთ პასუხს ვერ გავცემ, რომ ჩემმა არაბუნებრივმა ხმამ ეჭვი არ გამოიწვიოს. ახლა ადამიანთა საზოგადოებასთან უკვე აღარაფერი მაკავშირებს. ვერავითარი მომაჯადოებელი ცდუნება და იმედი ვერ მიხმობს იქ, სადაც ჩემი მსგავსი არსებანი ცხოვრობენ. ჩემი დანახვა არავისში გამოიწვევს კეთილ ზრახვებსა და თანაგრძნობას ჩემდამი. მე არა მყავს ნათესავი, გარდა ყველასთვის საერთო მშობლისა, და ეს კი ბუნებაა. მის მკერდს მივეკარი და ვთხოვე, სიმშვიდე მომანიჭოს.

პირდაპირ მანანებით დაფარულ, გაუვალ ადგილში შევიჭერი. ერთი ჩაღრმავებული ადგილისკენ გავემართე და დავინახე, რომ მცენარეულობით დაფარული მხარე სიღრმეში ბილიკით იყო დასერილი. გაჭირვებით გავაღწიე მუხლამდე ხშირ და გაუვალ ბალახში და იქით ვუხვევდი, საითაც ბილიკი მიიკლაკნებოდა. ერთ მივარდნილ კუთხეში ხავსით გადაშავებული გრანიტის კლდე შევნიშნე, მის ქვეშ დავჯექი. გარს მერტყა მაღალი, მანანებით დაფარული ფერდობები. თავზე კლდე მედგა მცველად, მის მაღლა კი ლაჟვარდი ცა იშლებოდა.

კარგა ხანი გავიდა, სანამ დავწყნარდებოდი. აუტანელმა შიშმა შემიპყრო. ვშიშობდი, სადმე ახლოს ნახირს ჩამორჩენილ, გაგარეულებულ შინაურ პირუტყვს, ვინმე მოგზაურ მთამსვლელს ან ქურდულად მონადირეს არ მოეგნო. თუ ამ განმარტოებულ, უკაცრიელ ადგილას ქარის ხმა შემომესმებოდა, შიშით აქეთ-იქით ვიყურებოდი, ვფიქრობდი, ხარი შემოვარდებოდა. ხოლო, თუ ღალღა უსტვენდა, მაშინ ის უკვე ადამიანი მეგონა. ბოლოს დავინახე, რომ ჩემი შიში მთლად უსაფუძვლო იყო. მოსაღამოვდა თუ არა, ბინდი ჩამოწვა. ირგვლივ ყველაფერი დაწყნარდა და მეც მეტი იმედი მომეცა. აქამდე არაფერზე ფიქრი არ შემეძლო - მხოლოდ დაძაბული ვუსმენდი, ყველაფერს ვათვალიერებდი და შიშით ვთრთოდი. ახლა კი ფიქრის უნარი დამიბრუნდა.

რა უნდა ვქნა? საით უნდა წავიდე? ოჰ, როგორ მაწამებდა ეს კითხვები, როდესაც უკვე აღარაფერი მქონდა გასაკეთებელი და არსაით ვიყავი წასასვლელი. ჩემს დაქანცულ და მთრთოლარე სხეულს ჯერ კიდევ დიდი გზა უნდა გაევლო, სანამ შეძლებდა და მოსახლეობამდე მიაღწევდა. მე ხვეწნა-მუდარით უნდა მიმემართა გულგრილ გულმოწყალეთათვის, სანამ თავშესაფარს ვიშოვიდი და საძულველ თანაგრძნობას გამოვიწვევდი ვინმეში. შესაძლებელია, უარითაც გამოვესტუმრებინე, ვიდრე ჩემს ამბავს მოისმენდა ან ჩემს რომელიმე თხოვნას დააკმაყოფილებდა.

მანანას ხელი შევახე. ის მშრალი იყო და ზაფხულის ცხელ დღეში მიღებული სითბო ჯერ კიდევ შემოენახა. ცას ავხედე. მოწმენდილი იყო. სწორედ კლდის თავზე, მაღლა, ერთი ვარსკვლავი ალერსიანად ციმციმებდა. ცვარმა საამურად და შეუმჩნევლად დანამა იქაურობა. ნიავის ჩურჩულიც შეწყდა. ბუნება მწყალობელი და კეთილი მეჩვენა. მივხვდი, ყველასგან განდევნილი, როგორიც ვიყავი მაშინ, მხოლოდ მას ვუყვარდი. მე კი, რომელიც ადამიანებისგან მხოლოდ უნდობლობას, ხელის კვრასა და შეურაცხყოფას მოველოდი, მის მკერდს სიყვარულით მივეკარი. ამაღამ, ყოველ შემთხვევაში, მისი სტუმარი ვიყავი და მის შვილად მიმაჩნდა თავი. ის კი, როგორც საკუთარი დედა, შემიფარებდა ყოველგვარი ფულისა და გადასახადის გარეშე. კიდევ მქონდა ერთი ლუკმაპური და ფუნთუშის პატარა ნაჭერი, რომელიც ჩემი უკანასკნელი გროშებით ქალაქში ვიყიდე, სადაც შუადღისას გამოვიარეთ. აქა-იქ მანანებს შორის, ბუჩქებში, მწიფე მოცვი დავინახე, რომელიც აქატის მძივებივით ბრწყინავდა, ერთი მუჭა მოვკრიფე და პურს შევატანე. განდეგილისთვის საკმარისმა ამ მცირეოდენმა საჭმელმა ძლიერი შიმშილი ვერ მომიკლა, მაგრამ ოდნავ მაინც დამანაყრა. საღამოს ლოცვა წარმოვთქვი და საწოლი ადგილი ამოვირჩიე. კლდის მახლობლად მანანა ძალიან ხშირი იყო. დავწექი თუ არა, ფეხები შიგ ჩამეფლო, რადგან ორივე მხრიდან მაღალი კედელივით აღმართულიყო; მხოლოდ ვიწრო ადგილიღა რჩებოდა, რომ ღამით ჰაერს ემოძრავა. შალი ორად მოვკეცე და საბანივით გადავიფარე. ხავსით დაფარული დაბალი კოლბოხი ჩემი ბალიში იყო. ასე მოვეწყვე და, ყოველ შემთხვევაში, პირველ ღამეს სიცივე არ მიგრძნია.

ეს დასვენება ნამდვილი ნეტარება იქნებოდა, სევდით სავსე გულს რომ არ მოეწამლა. ღია ჭრილობის გამო ის ისე მტკიოდა, თითქოს სისხლი შიგნით წვეთ-წვეთად დამდიოდა და სიმები დამწყვეტოდა. ის თრთოდა მისტერ როჩესტერისა და მისი ბედისწერის გამო, დასტიროდა მას მწვავე სიბრალულით და განუწყვეტლივ ნატრობდა მის ნახვას; როგორც ფრთამოტეხილი, უღონო ფრინველი, თავის დამტვრეულ ფრთებს კვლავ ამოძრავებდა და ამაოდ ცდილობდა, ის მოეძებნა.

ამ ფიქრებით გულგანგმირულმა, მუხლებზე წამოვიწიე და დავიჩოქე. უკვე დიდი ხნის დაღამებული იყო. ციური მნათობნი ამოსულიყვნენ. წყნარი და მშვიდი ღამე ჩანდა, იმდენად მშვიდი, რომ შიშს არ შეეძლო დაესადგურებინა ჩემს გულში. ჩვენ ვიცით, რომ ღმერთი ყველგანაა, მაგრამ მის არსებობას მაშინ უფრო ვგრძნობთ, როდესაც ის თავის ნამოღვაწარს ასეთი დიდებით გადმოფენს ხოლმე ჩვენ წინაშე. და, აი, სწორედ მოწმენდილ ცაზე, სადაც ციური მნათობნი უხმოდ მოძრაობენ, კარგად ვგრძნობ, რომ ის ყველგან არის თავისი განუზომელი ძლიერებითა და ყოვლისშემძლეობით. მეც იმიტომ დავიჩოქე, რომ მისტერ როჩესტერისთვის მელოცა. როდესაც ცრემლით დაბნელებული თვალებით მაღლა ავიხედე, ირმის ნახტომი დავინახე. გამახსენდა, რას წარმოადგენდა ის, რამდენნაირი დაუთვლელი მზის სისტემა ბრუნავდა იქ, სივრცეში, და სინათლის ოდნავ შესამჩნევ კვალს ტოვებდა მხოლოდ. ვიგრძენი ღმერთის ძალა და ძლიერება. დარწმუნებული ვიყავი, შეეძლო თავისივე შექმნილი არსება თვითონვე ეხსნა. რწმენაც განმიმტკიცდა, რომ არც დედამიწა და არც ერთი მისი ბინადარი არასოდეს დაიღუპებოდა. მადლობა შევწირე ქვეყნიერების შემქმნელს, რადგან სიცოცხლის მომნიჭებელი სულთა მხსნელიც არის. მისტერ როჩესტერი გადარჩება. ის ღმერთს ეკუთვნოდა და შემოქმედი დაიცავდა მას. კვლავ ფრიალო კლდეს მივეკარი მკერდზე და ძილში მწუხარებაც მალე გადამავიწყდა.

მეორე დღეს ყველა ადამიანური სურვილი მთელი სიგრძე-სიგანით წარმომიდგა. პაწაწინა ჩიტებს თავიანთი ბუდეები მიეტოვებინათ. სანამ ცვარი შეაშრებოდათ, ფუტკრებიც თაფლის შესაგროვებლად აყვავებულ ტკბილ მანანებს თავზე დახვეოდნენ. დილის გრძელი ჩრდილები თანდათან მოკლდებოდნენ. მზის სხივებით ივსებოდა ცა და მიწა; მეც წამოვდექი და ირგვლივ მიმოვიხედე.

რა წყნარი, ცხელი და მშვენიერი დღე იყო! მოოქროსფრო უდაბნოს დამსგავსებოდა ეს უდაბური, გაშლილი ტრამალი! ყველგან მზის სხივები ჩაღვრილიყო და ბრწყინავდა. ოჰ, ნეტავ, შესაძლებელი ყოფილიყო ამ ბრწყინვალებაში მეცხოვრა და მისითვე მესაზრდოვა! დავინახე, ხვლიკმა გაირბინა კლდეზე, ისიც შევამჩნიე, ფუტკარი როგორ საქმიანად დაფუსფუსებდა მოცვის მარცვლებს შორის. დიდი სიამოვნებით ვიქცეოდი იმწუთას ფუტკრად ან ხვლიკად, რომ ნოყიერი საზრდოს შოვნა შემძლებოდა და აქ, ამ მიდამოებში, სამუდამო თავშესაფარი მეპოვა. მაგრამ მე ხომ ადამიანი ვიყავი და ადამიანური სურვილები მქონდა. არ შეიძლებოდა დიდხანს გაჩერება იქ, სადაც მათ ვერაფრით დავიკმაყოფილებდი. წამოვდექი და საწოლს გადავხედე, რომელიც ის-ის იყო, მივატოვე. უიმედობით შეპყრობილმა, გავიფიქრე, ღმერთი დიდ სიკეთეს გამიწევდა, თუ ძილში, ღამით, სულს ამომართმევდა-მეთქი. ახლა კი ამ დაქანცულ სხეულს, სიკვდილის ბრჭყალებისგან რომ გათავისუფლდა, ისღა დარჩენოდა, მტარვალ ბედისწერას უფრო კარგად შებმოდა, მშვიდად, თანდათანობით გახრწნილიყო და შენივთებოდა ამ უდაბნოს მიწას. მაგრამ სიცოცხლე მთელი თავისი მოთხოვნილებებით, ტკივილებითა და მოვალეობით არ მტოვებდა. ეს მძიმე ტვირთი უნდა მეტარებინა, მისი სურვილები დამეკმაყოფილებინა; გადამეტანა ტანჯვა-წამება და ჩემი ადამიანური მოვალეობა შემესრულებინა: ამიტომაც გზას გავუდექი.

უიტკროსს მივაღწიე და გეზი დასავლეთისკენ ავიღე. მზე კარგა მაღლა ამოწვერილიყო და მცხუნვარე სხივებით ავსებდა არემარეს. სხვა, აბა, რა შემეძლო მიმართულების არჩევის დროს გამომეყენებინა. დიდხანს მივდიოდი და ბოლოს გავიფიქრე, რომ ყველაფერი უკვე გავაკეთე და სინდისის წინაშე სრულიად მართალი ვიქნები, თუ ჩემს ასეთ დაქანცულობას ოდნავ ყურადღებას მაინც მივაქცევ-მეთქი. დაღლილობა ჩემს არსებას მთლიანად დაუფლებოდა და საჭირო იყო, ოდნავ მაინც შემემსუბუქებინა ის იძულებითი მოძრაობა, რომლითაც წინ მივისწრაფოდი. იქვე მახლობლად ქვაზე ჩამოვჯექი. საშინელმა უხალისობამ შემიპყრო და გულსა და მთელ სხეულზე ლოდივით დამაწვა. აი, სწორედ ამ დროს ზარების რეკვა შემომესმა: ეს ეკლესიის ზარი იყო.

ზარის ხმას გავყევი და იქ, რომანტიკულად აღმართულ ბორცვებს შორის, რომელთა გარეგნულ სილამაზეს ვეღარც კი ვამჩნევდი და ერთი საათის წინ მასზე უკვე დაკვირვებაც შევწყვიტე, სოფელი და ეკლესიის სამრეკლო დავინახე. ხელმარჯვნივ მთელი მინდორი მხოლოდ საძოვრებად იყო ქცეული. იქვე ახლოს ვამჩნევდი ყანებს და მოშორებით კი ტყეს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში