ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიX) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიX)

- მომეცი აქ ეგ საბუთები! - მიყვირა მოულოდნელად და ისე გაიფხორა, ინდაურს დაემსგავსა.

რაღაცნაირად მომეფონა გულზე, ასე რომ გავაბრაზე. ისეთი კმაყოფილება ვიგრძენი, როგორიც არასდროს. მრავლისმეტყველი მზერით გავუწოდე მასალები და შეფარვით გავიღიმე.

შეფს ის დღე ჩაშხამდა, არც თავის ნინისთან სატელეფონო საუბარს გაუხალისებია და არც ახალი ხელშეკრულების დადებას, რომელიც დიდ წარმატებას უქადდა ჩვენს ფირმას.

ძალიანაც კარგი, ვზეიმობდი გულში, ასე მოუხდება!

მაგრამ ასეთი განწყობა მხოლოდ სახლამდე მიმყვა - ერთი საათის შემდეგ ისევ მასთან ყოფნას ვნატრობდი.

საღამოს ბებიაჩემმა დამირეკა - შაბათ-კვირას ნუ ჩამომაკითხავ, ვენერას დაბადების დღე აქვს და იქ ვიქნები, უნდა მივეხმაროო. მისი ხალისი გადმომედო. რაც უფრო ემატებოდა ასაკი, მით უფრო ემსგავსებოდა პატარა ბავშვს, დამოუკიდებლობას რომ იჩემებს.

მეორე დღეს ფრთაშესხმულივით მივდიოდი სამსახურში, თვითონაც არ ვიცოდი, რა მიხაროდა. გუშინდელი ბანალური შურისძიება? ნუთუ ასე უხარიათ, როცა ვინმეს სამაგიეროს გადაუხდიან? როცა რაღაც გიხარია, ესე იგი, ბედნიერი ხარ. არის კი შურისძიება ბედნიერების ნაწილი? ალბათ არა. შენ კი მოიოხე გული, სხვას სამაგიერო რომ გადაუხადე და ეს გიხარია, მაგრამ მას? მას ხომ ატკინე გული? რომელ ბედნიერებაზეა საუბარი? საბოლოოდ დავასკვენი, რომ ეგოისტი ვარ და... გამიტყდა.

ჩემდა გასაოცრად, მირზა ძველებურად თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამხვდა. როგორ გამიკვირდა. მეგონა, უკმეხად მიმიღებდა, მაგრამ არა. ამან ცოტა შემაფიქრიანა. ღმერთს ვევედრებოდი, დიდხანს გაგრძელებულიყო ასე. იდილია შუადღისას დამერღვა, როცა ბებიას მეზობელმა, ვენერამ დამირეკა - ნინუცა მორიგ "მოგზაურობაში" წასულა. ფერწასულმა ყურმილი დავკიდე და სწორედ ამ დროს კაბინეტიდან მირზა გამოვიდა. გაფითრებული რომ დამინახა, მაშინვე მკითხა:

- რა მოხდა, ანიკა?

- ბებია...

- ისევ დაიკარგა, - დაასრულა ჩემ მაგივრად, - ჩემი მანქანით წადი... სასწრაფოდ.

- არა, უხერხულია... - ნირწამხდარმა უარი ვუთხარი, - თან ბევრი საქმე მაქვს.

- არა უშავს, მოასწრებ. ვიცი, რომ მალე იპოვი. მობრუნდები და საქმეს მერე გააგრძელებ.

- არა, მარტო ვერ წავალ მანქანით, დიდი ხანია, საჭესთან მარტო არ ვმჯდარვარ.

- ნელა იარე და არაფერი მოგივა, - გამამხნევა შეფმა და გასაღებების ასხმა ხელში მომაჩეჩა.

ღმერთო, რამდენი ვეძებე! ყველა ადგილი შემოვატყავე, სადაც შეიძლებოდა ყოფილიყო და ვერ მივაგენი. ბოლოს, როცა გავსავათდი, შინ შევიარე, ცოტა სულს მოვითქვამ-მეთქი და იქ არ აღმოვაჩინე? დივანზე წამოწოლილიყო და ტელევიზორში ინდურ სერიალს უყურებდა.

ჩემს დანახვაზე სახე გაებადრა.

- ანიკა, შვილო, ასე ადრე მოხვედი სამსახურიდან? არ მუშაობ დღეს?

- შენ რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ, ბებო?

- მე-ე? ვიფიქრე, შაბათ-კვირას ვერ ვნახავ და დღეს ვესტუმრები-მეთქი.

- და მე რომ სამსახურში ვიქნებოდი, არ გაგხსენებია?

- როგორ არა, მაგრამ საღამოს ხომ მოხვიდოდი? - ისე გულუბრყვილოდ მიპასუხა, საყვედური ვეღარ ვუთხარი.

- და მერე როგორ გაბრუნდებოდი უკან გვიან?

- ტაქსით, შვილო, რა იყო, ჯერ არ მივლია ტაქსით, თუ რა? შენზე ადრე ვცხოვრობდი თბილისში, რა გგონია? უყურე ერთი ამას შენ! - განაწყენდა ნინუცა.

ვენერა დეიდას დავურეკე, აქაა და არ ინერვიულოთ-მეთქი, მერე ბებო ვასადილე და ისევ სამსახურში გავქანდი.

მისაღებში შესულმა პირდაპირ მისი კაბინეტის კარზე დავაკაკუნე. მობრძანდითო, გამომძახა. კარი შევაღე და შევედი.

- როგორაა საქმე?

- ვიპოვე, ჩემთან იყო, ბინაში.

- კიდევ კარგი, - თავი გადააქნია, - რაღაც უნდა მოვუხერხოთ ქალბატონ ნინუცას, ასე არ შეიძლება, - დამრიგებლური ტონით მითხრა, - ერთხელაც შეიძლება ვეღარ ვიპოვოთ და...

ამის გაგონებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა. ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი რამ მოხდეს, თორემ გულიც გამისკდება.

- დიდი მადლობა დახმარებისთვის, ბენზინი ჩავასხი, ასე რომ...

- რა თქვი? - მოულოდნელად კუშტი გამომეტყველება მიიღო.

- ბენზინი... ცოტა... - ენა დამება.

- ანიკა, ასე რატომ იქცევი?

- როგორ ასსსე? - კვლავ დამება ენა.

- რა ბენზინი, რის ბენზინი! ვინ გთხოვა, ჩაასხიო? ამით შეურაცხყოფას რომ მაყენებ, მაგას თუ ხვდები? იმის არ იყოს, ლეკოსთან ვიყავი პაემანზეო... - გამიხსენა "ძველი ცოდვები", - მე კაცი ვარ, გესმის? ეს თავმოყვარეობის ამბავია... ასეთი რამეების შეხსენება არ უნდა მიწევდეს. თუ მაინცდამაინც უნდა დაგიმტკიცო, რომ კაცი ვარ? - მრავალმნიშვნელოვნად შემეკითხა.

მოულოდნელად, მეც არ ვიცი, რა დამემართა. თავი ამაყად ავწიე და მზერა ჯიქურ გავუსწორე.

- აჯობებს, ხშირად მაგრძნობინო, რომ მე ქალი ვარ!

უეცრად გაფითრდა. ქვედა ყბა აუკანკალდა. ალბათ ამაზე შეურაცხმყოფელი ის სიტყვებიც არ ყოფილა, თავისი ყოფილები რომ ამკობდნენ ხშირ-ხშირად. ხმა არ ამოუღია, ერთხანს გაქვავებულივით მიყურა, თვალიც კი არ დაუხამხამებია. მივხვდი, რომ საშინელება წამომცდა და სიტუაციის განმუხტვას შევეცადე:

- მაპატიე... მე კარგი გოგო ვარ, უბრალოდ, ხანდახან ჩემს ხასიათს სჩვევია ნერვიულობა.

- გასაგებია, - შეცვლილი ხმით მომიგო, - იცი? მე შემიძლია პატიება, მაგრამ გირჩევ, ამით არ ისარგებლო ხოლმე.

- გავითვალისწინებ, უფროსო, - ხმადაბლა ამოვთქვი და თვალები დავხარე, მის მზერას ვეღარ გავუძელი.

- არ გიფიქრია იმაზე, რომ ასეთი რამე შეიძლება სხვისი თანდასწრებითაც წამოგცდეს?

გავწითლდი. ამაზე ნამდვილად არ მიფიქრია. ღმერთო, რა დეგენერატი ვარ. ჩემნაირი ხასიათის ადამიანი ვერასდროს გახდება ბედნიერი. ეს, ალბათ, ჩემმა უბედურმა ცხოვრებამ განაპირობა. რამ გამხადა ასეთი პრეტენზიული? რას მოვითხოვ ამ კაცისგან? განა ოდესმე რამეს შემპირდა? ვისაც შეჰპირდა, იმას აქცია ზურგი და მე ვინ ვარ?

- რაზე ჩაფიქრდი, ანიკა? - ჩამესმა მოულოდნელად.

- არაფერი, ისე... - სახე ჩამომიგრძელდა.

- ალბათ ფიქრობ, რომ ძალიან უბედური ხარ, არა?

- დაახლოებით, - დავეთანხმე.

- იცი, რას გეტყვი? თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, ფიქრებში წარსულის ქექვას თავი დაანებე. რაც იყო, იმას ვერ დააბრუნებ. და ნუ ხარ არეული.

- არეული რატომ ვარ? - შუბლი შევიკარი.

- რატომ და თვითონაც არ იცი, რას მიედ-მოედები. იქ ბათო-დათოო, აქ ლეკოო... ნიადაგის მოსინჯვაზე ხარ? რას ეძებ? ვის ეძებ? რას ვერ პოულობ? ან ვის? ქალს ერთი მამაკაცი უნდა ჰყავდეს, სხვა დანარჩენი კი... ნუ, სხვებიც უნდა იყვნენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ისეთები, რომლებიც იმ ერთი მამაკაცის ადგილას ინატრებდნენ ყოფნას.

გამეცინა.

- რა გაცინებს?

- ჰოდა, იმ ერთ მამაკაცს ვეძებ. ამიტომაც მივედ-მოვედები.

- მართლა? და ვერ პოულობ? თვალები სად გაქვს?

ყურები ვცქვიტე. დავიჯერო, საკუთარ თავს გულისხმობს?

პასუხი ვერ გავეცი. ხომ არ ვეტყოდი, შენ რომ გაეჭვიანო, იმიტომ ვიქცევი ასე-მეთქი. სამაგიეროდ, როგორც ყოველთვის, სხვა რამე მომადგა ენაზე და მივახალე:

- სხვათა შორის, კაცსაც ერთი ქალი უნდა ჰყავდეს, სხვა დანარჩენი კი...

- მე არ მჭირდება ასეთი ქალი, - გამაწყვეტინა, მცირეოდენი პაუზის შემდეგ კი თითქოს შემკრთალმა თუ შეცბუნებულმა დაამატა, - ჯერჯერობით.

- ვითომ რატომ? - უკან არ დავიხიე.

- იმიტომ, რომ ქალები ეგოისტები ხართ, მხოლოდ იმაზე ფიქრობთ, თქვენ იყოთ კარგად და მორჩა. საკმარისია, ყურადღება გამოიჩინო და ეგრევე პრეტენზიები უჩნდებათ. იმაზე მეტს ითხოვენ, ვიდრე ეკუთვნით. ბოლოს საქმე იქამდე მიდის, რომ ქალი ვერაფერს უხერხებს საკუთარ ეგოიზმს და ისტერიკებს მოუწყობს კაცს, რასაც თავმოყვარეობით და სიამაყით გაამართლებს. ეს კი ჭკუაზე მშლის. ვერ ვიტან ისტერიკებს.

პასუხი არ გამიცია. ცივად გავუღიმე და კარისკენ დავიძარი.

- ანიკა! - მისმა მბრძანებლურმა ტონმა ადგილზე მიმალურსმა.

შემოვტრიალდი.

- რატომ არ შემეპასუხე? გამოდის, მართალი ვარ?

- არა, მართალი არ ხარ. უბრალოდ, შენ ჩემი უფროსი ხარ, ამიტომ არ შეგეპასუხე, - ცივად მივუგე.

- მაინტერესებს, რას მიპასუხებდი. ჩათვალე, რომ ამწუთას არ ვარ შენი უფროსი.

ჩავიცინე. მივხვდი, რომ მცდიდა. აინტერესებდა, როგორ გამოვთქვამდი პროტესტს, რა ხრიკებით დავიცავდი ქალებს მისი აგრესიისგან, მე კი სრულიად მშვიდად წარმოვთქვი:

- თუ ზღაპარი არ დგება შენს ცხოვრებაში, ჯადოქარი უნდა შეცვალო! - და კვლავ კარისკენ გავემართე.

- ასე ვერ წახვალ! - დაიყვირა უცებ.

ამჯერად მშვიდად შემოვბრუნდი და ასევე მშვიდად ვკითხე:

- რა გინდა ჩემგან, მირზა?

- ყველაფერი!

- ეს ძალიან ბევრია, შეფ!

- შენ? შენ რა გინდა ჩემგან?

- მე-ე? - თვალები გამიფართოვდა. გამოდის, ხვდება, რომ მიყვარს.

- ჰო, შენ. მიპასუხე, ისე ამ კაბინეტიდან ვერ გახვალ.

ამოვიოხრე, მსუბუქად, მშვიდად. მხრები ავიჩეჩე და ძალიან ხმადაბლა მივუგე:

- არ ვიცი... რაღაც.

- ეს ძალიან ცოტაა.

- არა უშავს, მე ვიმყოფინებ. - გავუღიმე და მის პასუხს აღარ დაველოდე, კარს მივუახლოვდი.

ამჯერად აღარ შევუჩერებივარ. ისე გამოვედი კაბინეტიდან, სიტყვა აღარ დაუდევნებია...

საღამომდე თავაუღებლად ვიმუშავე. არც მირზა გამოსულა კაბინეტიდან. ალბათ ისიც მუშაობდა. რამდენჯერმე დაურეკეს, დაელაპარაკა. ზარები მხოლოდ საქმიანი იყო, ქალებს არ შეუწუხებიათ. გამუდმებით მასზე ვფიქრობდი, მის სიტყვებზე. მეთამაშებოდა, როგორც კატა თაგვს, მე კი ვერ ვიგებდი, რა უნდოდა ბოლოს და ბოლოს ჩემგან.

საღამოს, გვიან, დაახლოებით რვა საათი იქნებოდა, როცა გამოვიდა.

- შენ კიდევ აქ ხარ? - გაოცებული მომაჩერდა.

- დიახ. ერთი ეგზემპლარი დამრჩა ამოსაბეჭდი და მოვრჩები, - საბუთების დასტაზე მივუთითე.

- მაინც მოასწარი, არა?

- დიახ. თქვენ ხომ ხვალ გჭირდებათ, - ჩემდა უნებურად, თქვენობით მივმართე.

- ჰო, მართალია, ხვალ მჭირდება. ორშაბათს გერმანიაში მივფრინავ.

ამ ცნობამ თავზარი დამცა. მის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა.

- დიდი ხნით?

- ხუთი-ექვსი დღით.

- აჰა, მოვრჩი, ყველაფერი წესრიგშია, - სახეალანძულმა მივუგე და საქაღალდეებში ჩადებული მასალები მივაწოდე, - ბედნიერ მგზავრობას გისურვებ.

ორაზროვანი ღიმილი მესროლა, საქაღალდე ჩამომართვა და გავიდა. არც კი შემომთავაზა, სახლამდე მიგიყვანო. არადა, უკვე შეღამებული იყო.

მეწყინა, მეტკინა... რაღაც ჩამწყდა გულში. ნირი წამიხდა. სპეციალურად მოვიტოვე ერთი ეგზემპლარი ბოლოსთვის ამოსაბეჭდად, კაბინეტიდან მის გამოსვლას ველოდებოდი იმ იმედით, რომ ასე გვიან შინ მარტო არ გამიშვებდა და წამიყვანდა. თურმე ტყუილად ვიმედოვნებდი. ნაძირალასავით მოიქცა... იაფფასიანი ქალივით მომექცა...

ეს კაცი ვერასდროს გაიგებს, როგორ მიმძიმს მასთან განშორება. ვერც იმას გაიგებს ვერასდროს, როგორ მიყვარს... შეიძლება ასეც ჯობია. ჩემი მოწყენილი აწმყოს გამამხიარულებელი ეგ ვერასდროს გახდება. ალბათ ის არ არის, ვისაც ვეძებ. ან მე არ ვარ მისთვის ის, ვისაც ის ეძებს... ცრემლმორეულმა თვალები დავხუჭე, რომ არ მეტირა... პალტო ჩავიცვი და ქუჩაში გავედი.

ცას ავხედე. მთვარე ვეებერთელა მეჩვენა... სავსე მთვარე... ისეთი დიდი იყო, სიბნელეში ვერ ეტეოდა.

მორჩა, ყველაფერი დამთავრებულია.... ხანდახან უარი უნდა თქვა ადამიანებზე, იმიტომ კი არა, რომ შენთვის სულერთია, მხოლოდ იმიტომ, რომ შენ ხდები მათთვის სულერთი...

შაბათმა უღიმღამოდ ჩაიარა. კვირადღის პირველი ნახევარი თითქოს ბურანში გავატარე. სახლის დალაგებას აზრი არ ჰქონდა, ისედაც ყველაფერს კრიალი გაუდიოდა. დიდხანს ვიბორიალე უთავბოლოდ. ერთი მეგობარი არ მყავდა ისეთი, ვინმესთან გავსულიყავი და გული მომეოხებინა. ვისთანაც ახლოს ვიყავი, ყველა საზღვარგარეთ იყო გაკრეფილი სამუშაოდ და ფულის საშოვნელად. იმდენად ვუფრთხილდებოდი თითოეულ თეთრს, რომ ინტერნეტიც არ მყავდა შემოყვანილი, რათა "ფეისბუკი" მაინც გამეხსნა და ნაცნობებს შევხმიანებოდი. არ მიზიდავდა ასეთი რაღაცები. ფული არ მემეტებოდა ამისთვის. ბებია რომ არა, ალბათ მეც გავიქცეოდი აქედან, რომელიმე ქვეყანას შევაფარებდი თავს და ვინმე ბებიასნაირს ან უარესს მოვუვლიდი, მაგრამ ნინუცას ვერ ვტოვებდი. ჩემ გარდა არავინ იყო მისი პატრონი. ვენერა კი მოუვლიდა, როგორ არ მოუვლიდა, მაგრამ ისე ხშირად იპარებოდა სახლიდან, ნამდვილად ვერ დავავალდებულებდი მეზობელს, ადექი და მე რომ არ ვიქნები, შენ მოძებნე ბებიაჩემი-მეთქი. ეს იყო ერთადერთი, რაც საქართველოში მაკავებდა... აქამდე. ახლა კი ამ პრობლემას მირზაც დაემატა. ახლა ბებია რომც არ ყოფილიყო, ნამდვილად არ წავიდოდი, რადგან სულ მირზას სიახლოვეს მინდოდა ვყოფილიყავი.

შინ მაინც არ დავრჩი. საყიდლები მოვიმიზეზე და სახლიდან გავედი. ვერ გეტყვით, რამდენი ვიარე. ყველაზე ცოტა, ცამეტი მაღაზია მაინც შემოვიარე. რა თქმა უნდა, არაფერიც არ მიყიდია, ისე, უბრალოდ, "გავერთე". არა, როგორ არა, ყველი ვიყიდე და კვერცხი, რომ ცოტა რაღაც მაინც მქონოდა წასახემსებელი.

ექვსი საათი იქნებოდა, შინ რომ დავბრუნდი. თითქოს ჩემს დაბრუნებას ელოდაო, შევდგი თუ არა ბინაში ფეხი, ტელეფონმაც დაიწკრიალა.

- გისმენთ, - წარმოვთქვი უხალისოდ და მოულოდნელობისგან შევხტი, როცა მირზაშვილის ხმა გავიგონე.

- იმედია, ხელი არ შეგიშალე, - მოისმა ყურმილში.

ნეტავ რას გულისხმობს ხელის შეშლაში? ჰგონია, მეც ისევე დავშლიგინებ კაცებში, როგორც თვითონ ქალებში?

- არა, არ შემიშალე. - აუღელვებლად მივუგე.

- ისევ მარტო ხარ?

- მე ყოველთვის მარტო ვარ, - ხაზგასმით წარმოვთქვი.

- რატომ, ეს შენი ცხოვრების სტილია?

- ეს სულის მდგომარეობაა და არა ცხოვრების სტილი, - ჯიბრიანად მივუგე. - რატომ დამირეკე?

- რატომ და... - პაუზა გააკეთა, - ვიფიქრე, თუ გოგო გირეკავს, ესე იგი, მოენატრე და თუ არ გირეკავს, ესე იგი, ელოდება, შენ როდის მოგენატრება-მეთქი და აი...

- რა სისულელეა, - ისე გავწითლდი, ალმური წამეკიდა. კიდევ კარგი, ამწუთას ვერ მხედავდა.

ყურმილში გულიანი ხარხარი გაისმა.

- გეხუმრე, რა იყო? საქმე მაქვს და იმიტომ გირეკავ.

- გისმენ, - უნიათოდ წარმოვთქვი, განხიბლულს ტონი მაშინვე საქმიანი გამიხდა.

- თუ არ დამზარდები, გამოდი ჩემთან, სახლში, ამ საბუთებში კიდევ არის რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, ცოტა რაღაც უნდა შევცვალო და შენ გარეშე ვერ ვიზამ.

დეტალებიო? პარასკევს ყველაფერი არ ჩავუწიკწიკე? რაღაცას მიქარავს!

- ტელეფონით ვერ მიკარნახებ? - ისევ ჩემებურად გამისწრო ენამ წინ და წამოვაყრანტალე.

რა სულელი ვარ, კიო, რომ მითხრას, ხომ ვიქნები მოსაკლავი? მისი ნახვის შანსის ხელიდან გაშვება იქნება? რა თავმოუბმელი იდიოტი ვარ, რა მეშველება! - უსიტყვოდ ვასკდებოდი გულს.

- მე ვარ შენი უფროსი თუ შენ ხარ ჩემი უფროსი? - ისევ გაიცინა, - რომ გიბარებ, ესე იგი, მჭირდები. ტელეფონით რომ ყოფილიყო შესაძლებელი, პირდაპირ გეტყოდი, მოიმარჯვე კალამი და ფურცელი და ჩაიწერე-მეთქი. დროზე გამოდი, დღეს უნდა მოვაწესრიგო ეს ხელშეკრულება, დრო არ ითმენს. ზედმეტ სამუშაო საათებს აგინაზღაურებ, თუ ეს გაწუხებს და სადილითაც გაგიმასპინძლდები. - შეფარული ირონია ვიგრძენი.

ისევ ჩამწყდა გულში რაღაც. ვერ ვხვდებოდი, დამცინოდა ეს კაცი თუ, უბრალოდ, ბუნებით იყო ასეთი და მისი სიტყვები საწყენად არასდროს უნდა მიგეღო.

- როგორ, სადილებიც გეხერხება? - იქედნურად ვიკითხე და ამჯერად მე გავიცინე.

არა, არა, ენა ნამდვილად წასაჭრელი მაქვს, თანაც - ძირში. ჩემი გამოსწორება არ იქნება. წასაჭრელი კი არა, ამოსაგლეჯი... და იმით შეშინებულმა, არ ეყვირა, სასწრაფოდ მივაყარე, - მისამართი მიკარნახე-მეთქი.

ფაცხაფუცხით ჩავიცვი... როგორ მიხდება ეს წითელი კაბა, მაკიაჟიც და თვალების დახატვაც.

საკუთარ თავს სარკეში თვალი შევავლე. მომეწონა არეკლილი გამოსახულება: თმა მიბზინავდა, თვალებიდან თითქოს ნაპერწკლებს ვყრიდი. ნეტავ ეს სიყვარულის ბრალია, თუ ზოგადად ასეთი თვალები მაქვს? აღარ მახსოვდა, როგორი თვალები მქონდა მირზას გაცნობამდე, იმდენად უფერული იყო ჩემი ცხოვრება.

ახლა უნდა ვიჩქარო... თავქუდმოგლეჯილი გავვარდი ქუჩაში, ტაქსი გავაჩერე და ნახევარ საათში უკვე მირზაშვილის ბინის კართან ვიდექი სუნთქვაშეკრული.

კარი გაიღო და ზღურბლზე მასპინძელი აღიმართა. ღმერთო, როგორ მიყვარს ეს კაცი! - ამის გაფიქრებით შევაბიჯე ჰოლში.

- სადილი მზადაა, - "მაცნობა" მირზამ, - რა ვქნა, მხოლოდ დღეს გამახსენდა, რომ პარასკევს რაღაც-რაღაცების მოგვარება დაგვავიწყდა.

- მე არაფერი დამვიწყებია. რაც მითხარი, ყველაფერი გავაკეთე.

- ჰო, მაგაშიც მართალი ხარ, ჩემი ბრალია. იმედია, მაპატიებ.

თავაზიანად ჩამომართვა პალტო და თვალი ჩემი წითელი კაბისკენ გაექცა.

- ეს კაბა არასდროს გცმია სამსახურში.

- დავიჯერო, ასეთი რამეებიც გაინტერესებს? ყველა თანამშრომლის ჩაცმულობას აკვირდები? - გამეღიმა.

- ასეთ რამეებს ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას. - არ დამიკონკრეტა.

დამპალი! ის კი არ მითხრა, მხოლოდ შენ გაქცევ ყურადღებასო, ზოგადად ვაქცევო. რა აუტანელია!

- ვაიმე, ბლოკნოტი არ წამომიღია, რომ შენიშვნები ჩამეწერა.

- არა უშავს, არც მიფიქრია, რომ წამოიღებდი, - რბილად მითხრა, ისევ იმ მომნუსხველი ღიმილით გამიღიმა, თავგზას რომ მიბნევდა ყოველთვის, და ზოგჯერ მაცოფებდა კიდეც, მერე ხელი მკლავში წამავლო და ტახტისკენ წამიყვანა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში