ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიXI) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიXI)

საჟურნალე მაგიდაზე ქაღალდების გორა ეყენა და ტელეფონი იდო. ოთახს თვალი მოვავლე. მშვენიერი გემოვნება ჰქონია შეფს - ავეჯი კედლების ფერს საუცხოოდ ეხამებოდა. ზედმეტ ნივთს ვერსად იპოვიდით, თვალს არაფერი არ ღლიდა. პირიქით, ამშვიდებდა. ეს პასტელის ფერებს სჩვევია. ერთადერთი, რამაც ღიმილი მომგვარა, უზარმაზარ კუთხის დივანზე მიმობნეული პატარა ფერადი ბალიშები და პლუშის დათუნიები იყო.

- დათუნიები გყვარებია... - გავხედე.

- ძალიან. ბავშვობაში მსუქანი ვყოფილვარ და ყველა დათუნიას მეძახდა თურმე. ლოყაზე მჩქმეტდნენ ზედმეტი სიყვარულით. ეს ჩამრჩა მეხსიერებაში. ახლა მსუქანი არ ვარ და არც დათუნიას ვგავარ, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრი დათუნია მყავს.

- ექვსი.

- ჰო, ექვსი, - გაიცინა და დააყოლა, - აქ დავსხდეთ, მგონი, კაბინეტს აქაურობა სჯობს.

- ჩემთვის სულერთია, როგორც იტყვი, - მხრების აჩეჩით დავეთანხმე.

- საქმის არსს ახლავე მოგახსენებთ, ძვირფასო თანაშემწევ, კითხვები კი სადილის პერიოდში დამისვით, კარგი? - გამეხუმრა.

- კარგი. - თავი ღიმილით დავუქნიე და დივანზე მოვკალათდი. მირზაც გვერდით მომიჯდა.

ხელი საქაღალდისკენ წავიღე და ჩემი თითები შემთხვევით მისას შეეხო. ელექტროდენივით დამიარა მისმა შეხებამ - სწრაფად გამოვწიე ხელი უკან და ლამის მოვიკრუნჩხე. მირზას ეს არ გამოჰპარვია.

- შენ კანკალებ, ანიკა, - ხაზგასმით შენიშნა.

- ცოტა შემცივდა, - თავის დაძვრენა ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა - საკუთარმა ხმამ გამცა. მიუხედავად იმისა, რომ თავგამოდებით ვცდილობდი, საქმიანი იერი მიმეღო, დამშვიდებას მაინც ვერ ვახერხებდი. სულ მეგონა, რომ ახლა, აქ, ამ სახლში, რაღაც უჩვეულო მოხდებოდა. მოხდებოდა ის, რასაც ქვეცნობიერად ყოველდღე ველოდი.

- მგონი, შევცდი.

- რაში? - არ შემიხედავს, ისე ვკითხე, შემეშინდა, თვალებმაც არ გამცეს-მეთქი.

- ეტყობა, აქ მუშაობის იდეა არც ისე გამართლებულია. მეგონა, თბილ ბინაში ვცხოვრობდი და აი, შედეგი!.. თურმე უფრო თბილი უნდა დამეხვედრებინა. ხომ ხედავ, შეგცივდა ჩემთან.

მისი ორაზროვანი ნათქვამი პირდაპირ გულში მომხვდა და კვლავ შემაკანკალა.

- განგებ ცდილობ ჩემს შეცბუნებას, არა?

გულიანად გაიცინა.

- რა მაგარი სიტყვაა შეცბუნება, დიდი ხანია, არავისგან მომისმენია. საუბარში, მგონი, არც ვიყენებთ ამ სიტყვას, მხოლოდ წიგნებში წერენ. ასე არ არის?

- არ ვიცი, - ცივად მივუგე და ამოვიოხრე.

- რა მძაფრად აღიქვამ ყველაფერს, - ალერსიანად მითხრა, - მსგავსი არაფერი მიფიქრია. თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ არ მიზიდავ, მაგრამ ვცდილობ, სიტუაცია გავაკონტროლო.

რა უნდა მეპასუხა? ვერაფერსაც ვერ ვეტყოდი. რა, მადლობა უნდა გადამეხადა იმისთვის, რომ არ მეცა და ტანსაცმელი არ შემომახია? სიბრაზისგან საფეთქლებამდე გავწითლდი.

ავდგები და წავალ, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამ დეგენერატს თავისი საქმეებით და ჩასასწორებელი დეტალებით.

- გასაკონტროლებელი არაფერია, მე შინ მივდივარ! - მაინც ვერ ვძლიე თავს, ავფეთქდი და წამოვხტი, მაგრამ უეცრად ფეხი მის ფეხს დავადგი. ისე შევკრთი, მდუღარეგადასხმულივით განზე გავხტი.

რა საძაგელი კაცია! ორი კვირით მიდის, ორი მტანჯველი კვირით და ასეთ დღეში მაგდებს! ღმერთო, რა გაძლებს ორი კვირა მის უნახავად.

- არ წახვიდე, დარჩი, - მუდარა გაისმა მის ხმაში.

- რისთვის მომიყვანე? მეგონა, მართლა საქმე გქონდა. ამ სიცივეში ცოტათი მაინც არ შეგეცოდე, სახლიდან რომ გამომიყვანე?

- სამაგიეროდ, გაგათბობ, - ორაზროვნება ისევ გაისმა მის ხმაში.

ისე გავბრაზდი, მრისხანებას ვერ ვიოკებდი.

- უკვე გავთბი, ასე რომ, არ ღირს შეწუხებად!

- კარგი, კარგი, მაპატიე, სულაც არ მინდოდა, ასე გამოსულიყო. მოიცადე, მანქანით გაგიყვან.

- არა! - თითქოს ქმარი ყოფილიყო ჩემი, ისე მბრძანებლურად ვუყვირე და იმწამსვე ვინანე, რომ ნერვების მოთოკვა ვერ შევძელი.

- როგორც გინდა, ოღონდ ნუ მეჩხუბები. ვიფიქრე, ამდენი ხნით მივდივარ, დიდხანს ვერ ვნახავ... ამიტომ გამგზავრებამდე ერთად ვისადილებთ-მეთქი. შენ კი ისე ახტი და დახტი, ყველაფრის სურვილი დამეკარგა.

კოპებშეკრული მივჩერებოდი, ვერა და ვერ მოვერიე თავს. სიტყვებსაც ვერ ვპოულობდი, რომ რამე მეთქვა, თუნდაც უკმეხად.

მირზამ თავი გააქნია და ღრმად ამოიხვნეშა. მერე შუბლი საჩვენებელი თითით მოიფხანა და გვერდულად გამომხედა:

- გამომშვიდობების წინ არ შევრიგდეთ და ერთმანეთი არ გადავკოცნოთ? ასეთ ხასიათზე ნუ გამიშვებ იმ გადაკარგულში, - შემრიგებლური ღიმილი შემომაფრქვია.

კიდევ რა უნდა? გამონახა გზა, რომ ისევ მაკოცოს. ჩალიჩობს კაცი! ამაზე უკეთესი რა უნდა მოეფიქრებინა? გამოსამშვიდობებელი კოცნა! ჰმ...

მოულოდნელად მირზამ ხელი მომხვია, ტუჩები ყურთან მომიტანა და წამჩურჩულა:

- ძალიან მომენატრები, ანიკა...

მინდოდა, მეთქვა, რომ მეც ძალიან, ძალიან მომენატრებოდა, მაგრამ ჩემმა სიტყვებმა მხოლოდ გულში გაიჟღერა. მირზამ ჩემი სიჩუმით ისარგებლა და ტუჩებზე დამაცხრა. რომ მნდომებოდა რამის თქმა, არ დამაცლიდა, მისი კოცნა ჩაახშობდა ჩემს სათქმელს...

ჯერ ნაზად მკოცნიდა, ნება-ნება, მერე თითქოს რიტმს მოუმატაო - უფრო ვნებიანად, თან აჟიტირებული მძლავრად მიკრავდა მკერდში. მამაკაცის ცხელი სუნთქვა სახეს მიწვავდა. წამით არ აჩერებდა ხელებს, მთელ სხეულზე მეალერსებოდა. შემდეგ მარჯვედ, ნაცადი მოძრაობებით დამიწყო კაბის გახდა.

- რა ლამაზი ხარ, გოგო, რა ლამაზი და სასურველი, - სუნთქვაშეგუბებული იმეორებდა.

არ ვიცი, მე რას ვაკეთებდი იმ მომენტში. მგონი, რეტდასხმულივით ვეგდე დივანზე, რადგან წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ შემრჩენოდა. მინდოდა კი წინააღმდეგობის გაწევა? რა თქმა უნდა, არა. მიუხედავად იმისა, რომ მისი თავგადასავლები ზეპირად ვიცოდი, ვიცოდი, როგორც ექცეოდა ქალებს, მაინც ვნებდებოდი. ვნებდებოდი, რადგან მის გარეშე აღარ შემეძლო... მომთენთავმა, თბილმა ჟრუანტელმა დამიარა. უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი თავს. მირზას პერანგის ღილები ჩავუხსენი და მის დაკუნთულ მკერდს დაბინდული მზერა შევავლე...

- კიდევ მაკოცე, - წავიჩურჩულე და მთელი სხეულით შევისრუტე კაცის სხეულის სურნელი და სითბო. უფრო და უფრო მომეძალა სურვილი - ეს მირზამაც იგრძნო. ახალი არსება დაიბადა ჩემში - ვნებიანი ქალი, რომელიც თავდავიწყებით ილტვოდა მამაკაცისკენ და მისი სიახლოვე ნეტარებით ავსებდა.

ამ დროს, სრულიად მოულოდნელად, თითქოს სადღაც შორიდან, ტელეფონის ზარის ხმა ჩამესმა.

- ეს ჩვენ არ გვეხება, - ჩამჩურჩულა მირზამ და "საქმე" გააგრძელა.

მთელი სხეულით ავეკარი მის მკერდს, ისე ძლიერად ჩავეხუტე, თითქოს მის კანში შეძრომას ვლამობდი. მამაკაცის გაცხელებულ და გახელებულ ტუჩებს ჩემი დავუხვედრე...

ტელეფონი არ ჩერდებოდა. ჩემდა უნებურად წავიღე ხელი ყურმილისკენ. რაღა საჟურნალე მაგიდაზე შემოასკუპეს ეს ტელეფონი?

სიტყვა არ დამიძრავს, ისე მივიდე ყურთან ყურმილი. გაისმა მამაკაცის ჩახრინწული ხმა:

- მირზა, გეყო შენს მდივანთან კოტრიალი, დამელაპარაკე!

თითქოს ცივი წყალი გადამასხეს... გონება ელვის უსწრაფესად დამეწმინდა და ამიმუშავდა. იმწუთასვე მოვწყდი მირზას და გველნაკბენივით წამოვხტი.

ხომ ვიცოდი, რომ არც პირველი ვიყავი და არც უკანასკნელი, რატომ მოვიქეცი ასე? მირზაშვილი ხომ შეჩვეულია ქალების შებმას და ეს მისმა ყველა მეგობარმა იცის. როგორც ჩანს, ისიც იციან, რომ ახლა, ამწუთას მე ვარ მასთან და... ალბათ ყველაფერი წინასწარ დაგეგმა და ძმაკაცებთანაც მოასწრო თავის მოწონება, ამაღამ მორიგ მდივანს ჩავიწვენ ლოგინშიო...

ანგარიშმიუცემლად ვმოძრაობდი. აცახცახებულმა წამოვკრიფე ჩემი ტანსაცმელი და დაბნეული შევუდექი ჩაცმას.

- რა მოხდა? - მკითხა გაოგნებულმა მირზამ, მაგრამ პასუხი არ გამიცია, სანამ იგი გონს მოვიდოდა, მე ოთახში აღარ ვიყავი...

ჰოლში გავვარდი და პალტოს მივწვდი. ამ დროს მხარზე მისი ხელი ვიგრძენი.

- ანიკა, მომისმინე...

- ხელი არ მახლო! - ვიყვირე და კარი გავაღე, მაგრამ მოულოდნელობისგან ადგილზე გავშეშდი - ჩემ წინ ნინი იდგა, მისი "ახალი" ქალი.

- ნინი? - აღმოხდა გაოცებულ მირზას.

გონება დამიბნელდა, წინ ასვეტილ სტუმარს ხელი ვკარი და კიბეზე დავეშვი. ბედად, სადარბაზოსთან ტაქსი იდგა, კარი გამოვაღე და უკანა სავარძელზე დავეხეთქე. ვიღაცამ ფანჯრის მინაზე დამიკაკუნა - ეს მირზა იყო, პერანგისამარა, გაღეღილი, ყინვაში იდგა და მინის ჩაწევას მთხოვდა.

- წავიდეთ! - ვუყვირე ტაქსის მძღოლს და სავარძელზე მივესვენე. გული გამალებით მიცემდა. როგორც ჩანს, ჩემი ადგილი ნინიმ დაიკავა. ნეტავ ვინ არის, რას წარმოადგენს და რა გვარია? რითი მჯობია? ალბათ იმით, რომ ჩემსავით მდივანი არ არის!

რა სულელი ვარ, როგორ დავიჯერე, რომ ჩემთან ერჩივნა? რისი იმედი მქონდა? თავქარიანი ვარ, ქარაფშუტა და მიამიტი! ახია ჩემზე! არასდროს ვუფიქრდები, რას ვაკეთებ! სასაცილო არ იქნება, რომ მივუტრიალდე და ვუთხრა, როგორ გამიბედე-მეთქი? როგორც მოვიქეცი, ისე გამიბედა!..

არ მახსოვს, შინ როგორ მივედი. ჩემი მობილური მთელი გზა რეკავდა, მაგრამ არც მიცდია ჩანთიდან მისი ამოღება. როცა უკვე მოსაბეზრებელი გახდა "ბითლზის" მელოდიის მოსმენა, ხელი ჩავყავი ჩანთის ჯიბეში და ტელეფონი გამოვრთე.

ის იყო, ბინაში ფეხი შევდგი, რომ ახლა სახლის ტელეფონმა ატეხა რეკვა. სხვა გზა არ იყო, უნდა მეპასუხა.

- გისმენთ! - ჩავყვირე ყურმილში.

ხმას არავინ იღებდა. მივხვდი, რომ ის იყო. როგორც ყოველთვის, ვერც ახლა შევიკავე თავი და მთელი ხმით ვიყვირე:

- სადილით შეგიძლია მაგ ქალბატონს გაუმასპინძლდე, მერე კი შენს ძმაკაცებთან მოიწონო თავი!

კვლავ არავინ გამცა ხმა. უფრო მეტიც, წამიც არ გასულა და ყურმილში წყვეტილი ზუმერი გაისმა...

დილით ადრიანად კი ავდექი, მაგრამ სამსახურში წასვლა ჭირის დღესავით დამეზარა. მერჩივნა, შინ დავრჩენილიყავი. როგორ უნდა შემეხედა თვალებში მირზასთვის, ვერ წარმომედგინა, ან მას რა უნდა ეთქვა ჩემთვის.

მაინც ჩავიცვი, უგემურად ვისაუზმე, სულ ორიოდე ლუკმა ჩავიდე პირში, რომ გული არ წამსვლოდა და ის იყო, შინიდან გასვლას ვაპირებდი, რომ ქალაქის ტელეფონი აწკრიალდა.

- გისმენთ, - როგორც მჩვეოდა, გავინაზე.

- ანიკა! - გავიგონე მირზაშვილის ხმა და ყურმილი კინაღამ გამივარდა ხელიდან. - ასე ადრე იმიტომ დაგირეკე, რომ სხვანაირად ვერ მოგიხელთე. მობილური გამორთული გაქვს. მინდოდა, დაგლაპარაკებოდი, სანამ სამსახურში გამასწრებდი, - მამცნო შეფმა.

მირზას მშვიდი ხმა ჰქონდა, არც აღელვება ეტყობოდა. მე კიდევ ძლივს გადავიტანე ეს ღამე. წამითაც ვერ მოვხუჭე თვალი, კოშმარივით მედგა თვალწინ წუხანდელი სცენა.

როგორც ჩანს, თვითონ კარგა გემრიელად გამოუძინია. დამპალი!

რა უსამართლობაა! თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი.

- მე სამსახურში აღარ მოვალ! - წამომცდა ჩემდა უნებურად, - და კარგად დაიმახსოვრე ეს!

- აღარ მოხვალ? - თითქოს არ დაიჯერა.

ღმერთო, რა ჩერჩეტი ვარ, ზედმეტი აღელვებისგან რა წამოვროშე. თუმცა, მგონი, არც თვითონაა ნაკლებ დღეში. ნეტავ ოდნავ მაინც თუ განერვიულდა?

- არა! - რადგან გადაწყვეტილება მივიღე, უკან დახევა არ გამოდიოდა, - სამსახურიდან მივდივარ, - ამწუთას სიამაყე და მრისხანება ერთად მალაპარაკებდა, - და ფეხს აღარ მოვადგამ შენთან არასდროს. - განაცხადა ჩემმა სიამაყემ. მე კი, მისმა პატრონმა, ვიცოდი, რომ ახალი სამსახურის შოვნა შეიძლებოდა ვეღარც მომეხერხებინა.

მირზამ სიტყვის გაგრძელება აღარ დამაცალა:

- მაპატიეთ, ქალბატონო ანიკა, თქვენ კი არ მიდიხართ, მე გათავისუფლებთ!

ამის გაგონებაზე ფერი მეცვალა. იმწამს ვერ გავიაზრე, რა მითხრა, მაგრამ როგორც კი ჩემს გონებას განგაშის სიგნალი მიეწოდა, ენა ჩამივარდა.

ასე მომიხდება! რა მეგონა? რომ ხვეწნას დამიწყებდა, შენი ჭირიმე, არ დამღუპო და არ წახვიდეო? რატომ ვარ ასეთი ფეთქებადი? რატომ ვერ ვახერხებ საკუთარი ემოციების გაკონტროლებას?

- მათავისუფლებთ თუ მაგდებთ? - დაკონკრეტება მოვითხოვე.

- როგორც გაგიხარდეთ, ისე ჩათვალეთ!

- ესე იგი, მაგდებთ! - აღმომხდა აღშფოთებით, ვერც კი შევამჩნიე, რომ ისევ თავაზიან ფორმაზე გადავედით ორივენი, - კი მაგრამ, რა მოტივით?

ერთი გაბედოს და გუშინდელი საღამო მიხსენოს!

- გახსოვთ, გასაუბრებაზე რომ იცრუეთ?

- ვიცრუე? რა ვიცრუე?

- რატომ წამოხვედით ძველი სამსახურიდან.

- ღმერთო, რა უსინდისო ადამიანი ხარ! - ამოვიკვნესე.

- ზედიზედ რომ აგვიანებდით სამსახურში, ესეც გემახსოვრებათ და ვერც ამას უარყოფთ, - განაგრძობდა მირზა ჩემს განადგურებას ისე, თითქოს არც გაუგონია ჩემი სალანძღავი სიტყვები.

- ერთადერთხელ დავაგვიანე.

- აღარაფერს ვამბობ თქვენს გაუთავებელ აქეთ-იქით სიარულზე სამუშაო საათების დროს. იმედია, თქვენც ბლომად გახსოვთ ასეთი მომენტები.

- მე გაცდენილ საათებს ყოველთვის ვანაზღაურებდი, - ცრემლი ყელში მომებჯინა, გაწბილებული სიტყვებს ვეღარ ვუყრიდი თავს, - ლამის შუაღამემდე ვმუშაობდი და საქმე არასდროს გამიფუჭებია. ეს არაფერს ნიშნავს?

მირზა მართლა არ მისმენდა, თავისთვის აგრძელებდა:

- აბა, რას იტყვი, ანიკა, ხომ არ გადაიფიქრე სამსახურის მიტოვება? - ისეთი დამცინავი მომეჩვენა მისი ტონი, რომ ჩემი მოთმინების ფიალაში უკანასკნელი წვეთი ჩავარდა და... ამომასხა.

- ჯანდაბამდე გზა ჰქონია შენს ოფისს და შენც! - შეშლილივით გავყვიროდი, - შიმშილით რომ ამომძვრეს სული, სამჯერ მეტი ხელფასი რომ გადამიხადო, შენკენ არასდროს გამოვიხედავ!

ჩვენ შორის პირველმა რომელმა დაახეთქა ყურმილი, ძნელი სათქმელია...

მომდევნო ხუთ წუთს იმაზე ვბობოქრობდი, რომ ჩემს ექსშეფს ვერ ვუთხარი ის, რაც მისნაირ ნაძირალას ეკუთვნოდა.

თანდათან გონს მოვეგე. ცოტა ხანში გავაცნობიერე, რომ ულუკმაპუროდ დავრჩი - აღარც საქმე მქონდა და აღარც ხელფასი. ეს მინდოდა ახლა? რით ვერ გავაჩერე ჩემი დამპალი ენა? რა დროს სიამაყე და თავმოყვარეობა იყო, როცა ოჯახი მყავდა სარჩენი? ბებიას რა ეშველება?

მიუხედავად ამისა, კმაყოფილი ვიყავი, რომ სათქმელი, ბოლოს და ბოლოს, მაინც ვთქვი. განა თვითონ არ დამირეკა? და რისთვის დამირეკა, თუ იცით? სამსახურიდან გათავისუფლებო.

არა უშავს, როგორმე მოევლება ამ საქმეს, ახლა დაბნევის დრო არ არის. დღესვე დავიწყებ ახალ სამსახურზე ზრუნვას. მართალია, ჯახირი მომიწევს, მაგრამ რაღაცას მაინც ვიპოვი. გადავრეკავ, გადმოვრეკავ...

მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა და ყველაფერი დავივიწყე. არავისთან მივდიოდი, არც აქეთ მაკითხავდა ვინმე. ერთადერთი, ბათო თუ შემომივლიდა ხანდახან, ეგ იყო და ეგ. იმ დღის მერე კი, როცა მირზა ჩემთან დარჩა და ბათომ იგი ბებიაჩემის ხალათში იხილა, ფეხი ამოიკვეთა.

ერთადერთი გზაღა დამრჩენია - უნდა დავივიწყო, რაც აქამდე იყო და, საერთოდ, ამიერიდან ცხოვრების მხოლოდ საუკეთესო მხარე უნდა დავინახო.

გამწარებული სარკეს მივუახლოვდი და ჩავიხედე. იქიდან გასაცოდავებული და გაავებული სახე შემომცქეროდა, რომელშიც ჩემი თავი ვერ შევიცანი. ნუთუ ასე შემცვალა მირზასთან ჩხუბმა? რა საწყალი ხარ, ანიკა, რა უცებ ყრი ფარ-ხმალს. ასე არ შეიძლება!

თავი ამაყად ავწიე და ჩემს ორეულს დაჟინებით მივაცქერდი. მერე ჯერ მარჯვნივ გადავწიე თავი, შემდეგ - მარცხნივ და პროფილში შევათვალიერე ჩემი "ომგადატანილი" სახე. ბოლოს გავიღიმე, თვალი ჩავუკარი ჩემსავე გაღიმებულ ტუჩებს და მტკიცე ხმით წარმოვთქვი:

- ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვრე, ანიკა! სიცოცხლე ერთხელ გეძლევა ადამიანს და ის შენია! არავის არ უნდა უსმინო. მათ არაფერი იციან შენ შესახებ, შენს ემოციებსა და დარდებზე... შენს წყენაზე, სიყვარულზე, განშორებაზე... არ იციან, რა გაქვს სულში, გულში... რით და როგორ გაგათბონ... ვინ გჭირდება, ვინ ძვირფასია, ვინ - საყვარელი... ვინ არის შენთვის სიგიჟემდე საჭირო... არ იციან შენი სიზმრები, ვერ ხედავენ შენს ტკივილს და ვერასდროს აღმოჩნდებიან შენს ადგილას, ვერ შეასრულებენ შენს როლს ამ ცხოვრებაში!.. შენ, მხოლოდ შენ ერთს შეგიძლია გადაწყვიტო, აიღო, დაინახო, თქვა, დარეკო, იყვირო, იტანჯო და ელოდო... გძულდეს და გენატრებოდეს, ხელი მძლავრად ჩასჭიდო და მასთან ერთად იარო, თვალებში შეხედო და მოეფერო, იცინო, იტირო და იოცნებო! არ შეგეშინდეს და გიყვარდეს... მხოლოდ მაშინ მიხვდები, რას ნიშნავს, იცხოვრო!

ესეც ასე. მონოლოგი შესანიშნავი გამომივიდა. ახლა ბებიას დავურეკოთ, გულზე მომეფონება მისი ტკბილი ხმა.

ასეც მოვიქეცი.

- ბებო, როგორ ხარ? - შევეცადე, რაც შეიძლება ხალისიანი ვყოფილიყავი, - შაბათს ხომ წამოხვალ ჩემთან? ძალიან მინდა შაბათ-კვირა ერთად გავატაროთ.

- ანიკა, ჩემო საყვარელო, შენ ხარ? რა კარგი გოგო ხარ, რომ დამირეკე. მე კარგად ვარ, ბებო, მშვენივრად ვერთობი ვენერასთან ერთად. მაგრამ შაბათს არ ჩამოხვიდე, შვილო, მნიშვნელოვანი საქმე მაქვს და შინ არ ვიქნები.

ბებიასაც კი აქვს საქმე, - უნებურად გამეცინა.

- რა საქმე გაქვს, ბებო? სასეირნოდ ხომ არ გეპატიჟება რომელიმე კავალერი? - გავეხუმრე.

- ხომ გითხარი, საქმე მაქვს-მეთქი, ესე იგი, საქმე მაქვს! - ხმა გაიმკაცრა ნინუცამ, - და ნუ იცი შენ უშნოდ ღლაბუცი, თორემ მოგცემ ყურის ძირში კავალერს! - და გაბრაზებულმა ყურმილი დამიკიდა.

ისტერიკული სიცილი ამიტყდა. საიდუმლო შეხვედრებს მართავს მგონი, ბებიაჩემი და მე ამის შესახებ არაფერი ვიცი. მაგარია!

არა, ახლავე უნდა გავიკითხო ნაცნობ-მეგობრებში, იქნებ რაიმე სამუშაო გამომიჩნდეს. რაც შეიძლება, სწრაფად უნდა ვიშოვო რამე, რომ დღეები არ გამიცდეს, თორემ დამერხევა. მე ხომ ფულის დაგროვება არ მეხერხება, ამიტომ არასდროს მაქვს ხოლმე დანაზოგი გადანახული. რადგან ბებიას მეტი სარჩენი არავინ მყავს, ამიტომ ზედმეტის ხარჯვას არ ვერიდები.

სანამ დასარეკად ყურმილს ხელახლა დავწვდებოდი, ტელეფონი ისევ აზრიალდა - ოღონდ ამჯერად გრძელი იყო ზარი რატომღაც...

გაგრძელება შემდეგ ნომერში