ჯეინ ეარი (თავი XXVIII) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XXVIII)

მწვანე ბალახის მრავალნაირ ჩრდილებს, შემოსული მარცვლეულის ყანებს, ხშირი, ჩაბნელებული ტყით დაფარულ ადგილებსა და ოქროსფრად გაცისკროვნებულ მდელოებს შორის მზის სხივებზე მოკამკამე ნაკადული კლაკნით მოწანწკარებდა. ბორბლების რახრახმა გამომარკვია, რომელიც ჩემ წინ, გზაზე ისმოდა. ავიხედე და მძიმედ დატვირთული ფურგონი დავინახე, რომელიც გორაკზე გაჭირვებით ადიოდა. ქვემოთ კი, არცთუ ისე მოშორებით, ორი ძროხა და მწყემსი შევნიშნე...

ისევ ადამიანური ცხოვრებისა და ადამიანთა შრომის მოწმე გავხდი; მე ისევ მათ შორის აღმოვჩნდი. სიცოცხლისთვის ბრძოლა უნდა გამეგრძელებინა, დამეცვა ის და, ყველას მსგავსად, შრომას შევდგომოდი.

დაახლოებით ნაშუადღევის ორ საათზე სოფელში შევედი. ერთადერთი ქუჩის ბოლოს პატარა საფუნთუშე შევნიშნე, რომლის ფანჯარაში სხვადასხვანაირი ფუნთუშა გამოეწყოთ. როგორ მინდოდა ერთი ასეთი ფუნთუშა! დანაყრება ცოტაოდენ ძალას მომცემდა და, ასე თუ ისე, ენერგიას აღმიდგენდა. უჭმელი კი, ვატყობდი, გზის გაგრძელებას ვეღარ შევძლებდი. ჩემს მსგავს არსებათა შორის აღმოვჩნდი თუ არა, კვლავ მომინდა, ძალა და მხნეობა დამბრუნებოდა. ვგრძნობდი, რა დამცირება იქნებოდა სოფლის შარაგზაზე შიმშილით გულის წასვლა. - ნუთუ არაფერი გამაჩნია, რომ ერთ ფუნთუშაში გასაცვლელად შევთავაზო? - გავიფიქრე ჩემთვის. ყელზე აბრეშუმის პატარა ყელსახვევი მეხვია და ხელთათმანიც მქონდა, მაგრამ ის კი ვერ წარმომედგინა, როგორ იქცეოდნენ ადამიანები უკიდურესი გაჭირვების დროს. არც ის ვიცოდი, აიღებდნენ თუ არა ჩემ მიერ გასაცვლელად შეთავაზებულ რომელიმე ნივთს. შესაძლებელია, არც აეღოთ, მაგრამ მე უნდა მეცადა.

დუქანში შევედი. იქ ერთი ქალი დამხვდა. კარგად ჩაცმული ადამიანის დანახვაზე მან, ალბათ, წარმოიდგინა, რომ ვიღაც ლედი ესტუმრა. ის მაშინვე ზრდილობიანად წინ შემომეგება და მკითხა, რით შემიძლია გემსახუროთო. შემრცხვა. ენაც კი ვერ მოვატრიალე იმის სათქმელად, რაც წინასწარ განვიზრახე, ვეღარ გავბედე უკვე კარგად ნახმარი ხელთათმანი და დაჭმუჭნილი შარფი შემეთავაზებინა. გარდა ამისა, იმასაც ვფიქრობდი, რომ ეს ყველაფერი უაზრო იქნებოდა. მხოლოდ ნებართვა ვთხოვე, რამდენიმე წუთს დავმჯდარიყავი და დაღლილობა მოვიმიზეზე. ქალი ცივად დამთანხმდა თხოვნაზე, რადგან მყიდველმა იმედი არ გაუმართლა, და სკამზე მიმითითა. ჩამოვჯექი. ყოველივე იმდენად მტკივნეულად განვიცადე, ცრემლები მახრჩობდა, მაგრამ, ვიცოდი, რა უადგილო იქნებოდა ახლა ტირილი და თავი შევიკავე. მერე გამოკითხვა დავუწყე, ჰყავდათ თუ არა სოფელში მკერავი ქალი ან ვინმე, ვინც უბრალო საკერავს კერავდა.

- დიახ, არის ორი თუ სამი, მაგრამ სამუშაო ძალიან ცოტა აქვთ.

ფიქრს განვაგრძობდი; უკიდურესობამდე მივედი, მეტის მოთმენა აღარ შემეძლო; შიმშილის პირისპირ აღმოვჩნდი; არ გამაჩნდა არც რაიმე სახსარი, არც მეგობარი და არც ერთი გროში, რამე უნდა მეღონა. მაგრამ რა? სადმე რამე სამუშაო უნდა მეშოვა, მაგრამ სად?

- მეზობლობაში, აქ, ახლომახლო ვინმეს მსახური ხომ არ სჭირდება? - შევეკითხე მე.

- არა, არაფერი გამიგონია, - მიპასუხა.

- უმთავრესად, რა ხელობას მისდევენ აქაურები? რით ცხოვრობს მოსახლეობის უმეტესობა?

- ზოგი ფერმაში მუშაობს, ძალიან ბევრი - მისტერ ოლივერის ნემსის ქარხანაში და ზოგი კი - სამსხმელო ქარხანაში.

- მისტერ ოლივერი ქალებსაც იღებს სამუშაოდ?

- არა, იქ მხოლოდ მამაკაცები მუშაობენ.

- აბა, ქალები სად მუშაობენ?

- არ ვიცი, - მიპასუხა ქალმა, - ზოგი რას აკეთებს და ზოგი - რას. ღარიბმა ხალხმა თავი ისე უნდა გაიტანოს, როგორც შეუძლია.

ეტყობოდა, ჩემი შეკითხვებით დაიღალა და, მართლაც, რა უფლება მქონდა, ასე მომებეზრებინა მისთვის თავი? ორი თუ სამი მეზობელი შემოვიდა. ცხადია, ჩემი სკამი დასჭირდებოდათ და მეც დავემშვიდობე.

ქუჩას აღმა ავუყევი; მივდიოდი და მარცხნივ თუ მარჯვნივ ყველა სახლს ვათვალიერებდი, მაგრამ ვერავითარი მიზეზი და საბაბი ვერ მომენახა, რომელიმე მათგანში შევსულიყავი. ერთ საათს ან ცოტა უფრო მეტს ასე დავეხეტებოდი სოფლის გარშემო. ხანდახან ცოტა მოშორებით წავიდოდი, ხან კი ისევ უკან ვბრუნდებოდი. აუტანელი შიმშილისგან გაწამებული და ძალ-ღონე გამოცლილი, მოსახვევში შევბრუნდი და ღობის ძირას დავჯექი. რამდენიმე წუთიც არ გასულა, ძლივს ისევ ფეხზე წამოვდექი და გზა განვაგრძე. რაიმე საშუალება უნდა გამომენახა ან, ბოლოს და ბოლოს, იქნებ, ისეთი მაინც შემხვედროდა ვინმე, რომ რამე რჩევა მოეცა. მოსახვევში, სულ ზემოთ, პატარა, ლამაზი სახლი იდგა. წინ ბაღი ჰქონდა, მეტად სუფთა, საუცხოოდ მოვლილი და ათასფერი, მშვენიერი ყვავილებით სავსე. მის წინ შევჩერდი. რა უფლება მქონდა, მივახლოებოდი თეთრ კარს ან მის ბრჭყვიალა რგოლებს შევხებოდი? ან კი, რა მიზეზით უნდა დამხმარებოდნენ იმ სახლის ბინადარნი? მაინც მივუახლოვდი და დავაკაკუნე. კარი მშვენიერი სახის, სუფთად ჩაცმულმა ახალგაზრდა ქალმა გამიღო. მე კი იმედდაკარგული და ძალაგამოცლილი ადამიანის დაბალი, შესაბრალისი და მთრთოლარე ხმით შევეკითხე, მსახური ხომ არ გჭირდებათ-მეთქი.

- არა, - მიპასუხა მან, - ჩვენ მსახურებს არ ვქირაობთ.

- იქნებ ის მაინც მითხრათ, სად შეიძლება ვიშოვო რაიმე სამუშაო? განვაგრძობდი შეკითხვებს. - მე აქ უცხო ვარ, ამ მიდამოებში ნაცნობები არ მყავს. მინდა, რამე სამუშაო ვიშოვო. არ დავეძებ, როგორი იქნება.

მაგრამ ის ხომ ვალდებული არ იყო, ჩემზე ეზრუნა და სამუშაო ეძებნა. ამავე დროს, ჩემს გარეგნობას, მდგომარეობასა და მონათხრობს, შესაძლოა, მის თვალში ეჭვიც გამოეწვია. უარის ნიშნად თავი გააქნია, ეტყობოდა წუხდა, რომ რამე რჩევის მოცემა არ შეეძლო. ძალიან წყნარად და ზრდილობიანად მომიხურა თეთრი კარი და მეც მის გარეთ დავრჩი. დარწმუნებული ვარ, კარი რომ ცოტა ხანს კიდევ ყოფილიყო ღია, ალბათ, ერთ ნაჭერ პურს ვთხოვდი. თავმოყვარეობის ნატამალიც კი აღარ გამაჩნდა.

ძალა არ შემწევდა იქ, იმ არასტუმართმოყვარე სოფელში დავბრუნებულიყავი, სადაც დახმარების არავითარი იმედი არ მქონდა. უმჯობესად მიმაჩნდა, თავი შემეფარებინა ტყისთვის, რომელიც არცთუ ისე მოშორებით ჩანდა. მუქი ჩრდილებით ის თავისკენ მიხმობდა და თავშესაფარს მთავაზობდა. მე კი აუტანელი შიმშილით ისე ვიყავი ნატანჯი, დასუსტებული და ძალაგამოცლილი, ინსტინქტი მაიძულებდა, მხოლოდ საცხოვრებელი სახლების გარშემო მეხეტიალა - იქნებ საჭმელი მეშოვა. ვიცოდი, განმარტოება განმარტოებად არ ჩაითვლებოდა და არც დასვენება დასვენებად, სანამ შიმშილი გაუმაძღარი ფასკუნჯის ნისკარტითა და ბრჭყალებით ასე ძალუმად ჩამფრენოდა და გულ-ღვიძლს მიკორტნიდა.

საცხოვრებელ ბინებთან სულ ახლოს მივდიოდი... განვშორდებოდი, კვლავ უკან ვბრუნდებოდი და მერე ისევ მათგან შორს დავეხეტებოდი. კარგად ვიცოდი, არავის წინაშე არავითარი მოთხოვნის წაყენება არ შემეძლო. არც იმის უფლება მქონდა, მეფიქრა, რომ განწირული ადამიანის ბედით ვინმე ოდნავ მაინც დაინტერესდებოდა. სანამ უპატრონო და დამშეული ძაღლივით დავეხეტებოდი, შუადღე გადავიდა. მინდორი გადავიარე და ჩემ წინ ეკლესიის სამრეკლო დავინახე. მთელი სისწრაფით მისკენ გავეშურე. ეკლესიის ეზოს ახლოს, ბაღჩის შუაგულში, პატარა, მაგრამ კარგად ნაშენი სახლი იდგა. ეჭვიც კი არ შემპარვია, რომ ის მღვდლის სახლი უნდა ყოფილიყო. ისიც მახსოვდა, როცა უცხო ადამიანები ისეთ ადგილას ჩადიან, სადაც ნაცნობ-მეგობრები არ ჰყავთ და სამუშაოს დაეძებენ, ზოგჯერ ცნობისა და დახმარებისთვის მღვდელს მიმართავენ ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, მღვდლის მოვალეობა ხომ ის არის, იმას დაეხმაროს რჩევა-დარიგებით, ვისაც უჭირს. ვფიქრობდი, მეც მქონდა უფლება, ასეთი რჩევა-დარიგება იქ მეძებნა. როგორც იქნა, მხნეობა და უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბე და ჩქარი ნაბიჯით წინ გავწიე. სახლს მივაღწიე თუ არა, სამზარეულოს კარზე დავაკაკუნე. კარი მოხუცმა ქალმა გამიღო და მას ვკითხე: - ეს მღვდლის ბინაა?

- დიახ.

- მღვდელი შინ ბრძანდება?

- არა.

- მალე მოვა?

- არა, სოფლიდან წასულია.

- შორს არის წასული?

- არც ისე შორს, დაახლოებით სამი მილის დაშორებით. მამის უეცარი გარდაცვალების გამო გამოიძახეს. ახლა მარშენდშია და, ვფიქრობ, ორი კვირა მაინც დარჩება.

- ამ სახლის დიასახლისიც არ არის აქ?

- არა, ჩემ გარდა, არავინ არის. მე კი ამ სახლის მნე ვარ.

მკითხველო, ვერ შევძელი მოწყალება მეთხოვა მისთვის. ვიღუპებოდი, მაგრამ ჯერ კიდევ არ შემეძლო მემათხოვრა და უკან გამოვბრუნდი.

ერთხელ კიდევ მოვიხსენი ყელიდან შარფი და ერთხელ კიდევ ვიფიქრე, გადამეცვალა ნამცხვარზე, რომელიც პატარა საფუნთუშეში ვნახე. ოჰ, ქერქი მაინც მომცა ან ერთი ყლუპი სუპი, რომ როგორმე დამიწყნაროს შიმშილით გამოწვეული ტკივილები! ჩემდა უნებურად, პირი ისევ სოფლისკენ ვიბრუნე. კვლავ ვიპოვე პატარა საფუნთუშე და შევედი. მიუხედავად იმისა, რომ იქ, გამყიდველის გარდა, სხვებიც იყვნენ, მაინც მივმართე თხოვნით:

- არ შეგიძლიათ, ერთი ფუნთუშა ჩემს შარფში გამიცვალოთ?

ცხადად შევატყვე, მან უკვე ეჭვის თვალით შემომხედა.

- არა, მე ასე არ ვყიდი ჩემს საქონელს - მიპასუხა მან.

მთლად სასოწარკვეთილმა ნახევარი ფუნთუშაც კი ვთხოვე.

მან კი ამაზეც ცივი უარი მითხრა.

- აბა, როგორ გავიგო, სად აიღეთ ეს შარფი? - მითხრა მან.

- იქნებ ხელთათმანში მაინც გამიცვალოთ ერთი ფუნთუშა?

- არა, რაში გამომადგება ეს ხელთათმანი? - მიპასუხა მან.

მკითხველო, სრულებითაც არ არის სასიამოვნო ამ წვრილმანებზე დიდხანს შეჩერება. ზოგი ირწმუნება, გარდასულ ტანჯვათა მოგონება სასიამოვნოაო, მაგრამ ჩემთვის დღესაც მეტად სამძიმოა ჩემი ცხოვრებიდან იმ პერიოდის გახსენება. სულიერ გამოფიტვას თან ერთოდა სხეულის ფიზიკური წამებაც. ამან სასოწარკვეთილებამდე მიმიყვანა. იმდენად მწარედ მაგონდება ყოველივე, რომ აღარ მინდა ამაზე კვლავ შევჩერდე. არ ვადანაშაულებ არავის, ვინც ხელი მკრა და უარით გამომისტუმრა. ვიცოდი, მხოლოდ ასეთი რამ იყო მოსალოდნელი. რა გაეწყობა? ხშირად ჩვეულებრივი მათხოვარიც კი ეჭვს იწვევს და რა გასაკვირია, კარგად ჩაცმულმა მათხოვარმა რომ გამოიწვიოს. ვთქვათ, მხოლოდ სამუშაოს ვეძებდი. ვინ იყო ვალდებული, ეშოვა ის ჩემთვის? რასაკვირველია, არა ის ადამიანები, რომელთაც პირველად მნახეს მაშინ და არაფერი იცოდნენ ჩემ შესახებ. რაც შეეხება იმ ქალს, რომელმაც ჩემი ყელსახვევი ერთ ლუკმაში არ გამიცვალა, თავის მხრივ, მართალი იყო, თუ, რასაკვირველია, ჩემი წინადადება არახელსაყრელად ან რაიმე ავი საქმის მომასწავებლად მიაჩნდა. ნება მომეცით, ჩემი აზრი შევამოკლო. საერთოდ, ამ თემაზე საუბარი მიმძიმს.

სანამ მთლად დაბნელდებოდა, ფერმის ახლოს ჩავიარე. ფერმერი ვახშმად იჯდა და ყველსა და პურს შეექცეოდა. შევჩერდი და ვუთხარი, თუ შეიძლება, ძალიან მშიერი ვარ და პურის პატარა ნაჭერი მომეცით-მეთქი.

მან განცვიფრებით შემომხედა, არც კი მიპასუხა, ერთი კარგა მოზრდილი სქელი ნაჭერი მომიჭრა მრგვალი პურიდან და მომაწოდა. მგონი, მათხოვრად არც კი ჩამთვალა. ალბათ, ვინმე ექსცენტრული ლედი ვეგონე, რომელსაც მისი შავი, მრგვალი პურის ჭამის სურვილმა წასძლია. როგორც კი მის სახლს მოვშორდი, დავჯექი და იმ პურის ნაჭერს მადიანად შევექეცი.

იმედი არ მქონდა, რომ ვინმეს ჭერქვეშ ღამის გასათევს ვიშოვიდი. ამიტომ გადავწყვიტე, თავი ისევ ტყისთვის შემეფარებინა, რომელიც გადაკვრით უკვე ვახსენე. ღამე საშინელი გამოდგა. ვერ მოვისვენე, მიწა სველი იყო და ჰაერი ცივი. გარდა ამისა, ადამიანებმაც ბევრჯერ დამირღვიეს სიმშვიდე. რამდენიმეჯერ გამოვიცვალე ადგილი. იმედი მთლად დავკარგე, ვატყობდი, უხიფათოდ და მშვიდად ვერ გავატარებდი იმ ღამეს. გათენებისას წვიმა წამოვიდა და მთელი დღე ჟინჟღლავდა. მკითხველო, დაწვრილებით ნუ მომთხოვთ მთელ ამ თავგადასავალს. სამუშაოს დავეძებდი. ისევ თავიდან მიშორებდნენ და წინანდელივით ვშიმშილობდი. ჩემს ყელში იმ დღეს მხოლოდ ერთხელ გადავიდა საჭმელი. ერთი სახლის კართან პატარა გოგონა დავინახე, ბავშვს ღორებისთვის გაცივებული ფაფა უნდა ჩაესხა როფში.

- არ შეგიძლია, ეგ ფაფა მე მომცე? - ვკითხე მე.

ბავშვი განცვიფრებული დამაშტერდა.

- დედა! - დაიძახა მან, - აქ ერთი ქალია და ამ ფაფას მთხოვს.

- კარგი, მიეცი, - მოისმა ხმა შიგნიდან, - მიეცი, თუ მათხოვარია, ღორი მაინც არ შეჭამს.

გოგონამ გაცივებული, შედედებული და გამაგრებული მასა ხელზე დამიდო და მეც, დამშეულმა, ხარბად გადავსანსლე.

მწუხრი ჩამოწვა; თანდათან ჩამობნელდა; ისევ ჟინჟღლავდა; საცალფეხო, ცხენის სავალ ბილიკზე შევჩერდი და იქ თითქმის ერთ საათზე მეტხანს ვზოზინობდი.

ძალა მთლიანად გამომეცალა და მონოლოგივით წარმოვთქვი:

- ვგრძნობ, უფრო შორს წასვლა აღარ შემიძლია, ნუთუ ამ ღამესაც ასე, გარეთ გაძევებულივით წამებაში გავატარებ? ნუთუ ამაღამაც ცივ და გაჟივებულ მიწაზე უნდა დავდო თავი? ვშიშობდი, ეს არ ამცდებოდა. ვინ გამიღებდა კარს, ვინ შემიფარებდა? რა საშინელება იქნება, ასეთი მშიერი, დასუსტებული, სიცივისგან გათოშილი და მარტოობის გრძნობით შეშფოთებული, ისევ აქ დავრჩე? ყოველივე ამას სრულ უმოქმედობამდე მივყავარ. ჩანს, დილამდე ვერ გავატან და მაინც, რატომ არ შემიძლია სიკვდილის მოახლოებას შევურიგდე? რატომ ვიბრძვი ასეთი უშინაარსო ყოფის შესანარჩუნებლად? იმიტომ, რომ მჯერა და ვიცი, მისტერ როჩესტერი ცოცხალია. გარდა ამისა, შიმშილით ან სიცივით სიკვდილი ადამიანისთვის ისეთი ბედისწერაა, რომელსაც ბუნება ასე უმოქმედოდ არ ემორჩილება. ოჰ, განგების ძალავ, დამეხმარე ცოტა კიდევ! მიშველე და გზა გამიკვალე!

დაბინდული თვალით ვაკვირდებოდი სიბნელესა და ნისლში გახვეულ ლანდშაფტს. შევამჩნიე, სოფელს იმდენად დიდი მანძილით დავშორებოდი, რომ აღარც კი ჩანდა. სასოფლო გზებსა და ბილიკებზე ხეტიალში კვლავ უდაბურ ადგილას მოვხვდი. ახლა მხოლოდ რამდენიმე ადგილას ჩანდა მინდორი, სრულიად გაველურებული და მოუსავლიანი, როგორც ტრამალი, რომლისგანაც მას ძლივს გამოარჩევდით. აი, ეს მინდვრები გადაჭიმულიყო ახლა ჩემსა და ნისლში გახვეულ გორაკებს შორის.

- უმჯობესია, აქ მოვკვდე, ვიდრე ქუჩაში ან ხალხით სავსე გზაზე, - ვფიქრობდი ჩემთვის. - თუკი ყვავ-ყორანი ბუდობს ამ მიდამოებში, ჯობია, მათ განაშორონ ჩემი ხორცი ძვლებს, ვიდრე უპატრონოთა თავშესაფარში სამადლოდ გაკეთებულ კუბოში ჩამალურსმონ და ღარიბ-ღატაკთა სამარეში მტვრად იქცეს ჩემი სხეული.

შემდეგ ერთ-ერთი გორაკისკენ ვიბრუნე პირი. მივაღწიე იქამდე, ახლა მხოლოდ ისღა დამრჩენოდა, ჩაღრმავებული ადგილი მომეძებნა, სადაც თავისუფლად დაწოლა შემეძლებოდა. ყოველ შემთხვევაში, თუ საფრთხეს ვერ ავიცილებდი, თვალში მაინც აღარავის მოვხვდებოდი. მაგრამ მთელი ეს ფართო ადგილი ხელისგულივით ჩანდა. მწვანე მოჩანდა მხოლოდ იქ, სადაც ჭაობის პირებს ლერწამი და ხავსი მოსდებოდა. შავი კი იქ, სადაც გამხმარ მიწაზე მხოლოდ მანანა ხარობდა. ბნელდებოდა, მაგრამ ასეთი სხვაობის გარჩევა ჯერ კიდევ შემეძლო. ეს ხომ სინათლისა და ჩრდილის ლაქების უბრალო ცვალებადობა იყო, რადგან ფერიც დღის სინათლესთან ერთად ქრება.

ჯერ კიდევ თვალებს ვაცეცებდი და პირქუშ, ამოზნექილ მაღლობებსა და შამბნარით დაფარულ, დაუმუშავებელ მიწის ნაპირებს ვაკვირდებოდი, რომლებიც უსიერ ტევრში იკარგებოდა, რომ წინ, სადღაც შორს, ერთ ჩაბნელებულ წერტილში, ჭაობებსა და გორაკის თხემებს შორის, სინათლე გამოკრთა. "ეს ვარსკვლავმორბედია~, გავიფიქრე და ველოდი, მალე გაქრებოდა. ის კი კვლავ აგრძელებდა ნათებას და სულ ერთნაირად ციმციმებდა: არც მიახლოვდებოდა და არც მშორდებოდა. "ალბათ, კოცონია და ახლა დაანთეს?~ ვეკითხებოდი საკუთარ თავს და თვალყურს ვადევნებდი, შუქი უფრო თუ გაძლიერდებოდა. მაგრამ არა, ის არც იკლებდა და არც იმატებდა. "შესაძლებელია, ეს რომელიმე სახლიდან გამომკრთალი სინათლის შუქი იყოს", გადავწყვიტე ბოლოს; "მაგრამ, თუ ასეა, მე ხომ ვერ მივაღწევ იქამდე. ის ძალიან შორს არის. თუნდაც ერთი იარდის დაშორებით იყოს, მაინც რას მარგებს, კარზე დავაკაკუნებ თუ არა, მას უმალვე ცხვირწინ მომიხურავენ.~

სადაც ვიდექი, იქვე ჩავიკეცე. სახით მიწას ვეკვროდი და ასე რამდენიმე ხანს გაუნძრევლად ვიწექი. გორაკებიდან ქარმა დაქროლა, თავზე გადამიარა და სადღაც შორს კვნესით გაიჭრა. წვიმა კოკისპირულად ასხამდა და ძვალ-რბილში მატანდა. ოჰ, რა კარგი იქნებოდა, გავთოშილიყავი და, აი, აქვე გავშეშებულიყავი. რა უმოქმედოდ დავნებდებოდი ახლა სიკვდილს. დაე, უმოწყალოდ მასხამდეს წვიმა, მე ხომ ვეღარაფერს გავიგებ! მაგრამ ჯერ ისევ ცოცხალი სხეული ამ ცივმა ნიაღვარმა ააკანკალა და მალევე წამოვდექი.

სინათლე კი იმ ადგილიდან კვლავ გამოკრთოდა. წვიმის გამო მკრთალად, მაგრამ ციმციმს განუწყვეტლივ განაგრძობდა. კვლავ ვცადე სიარული, ძლივს მივითრევდი ძალაგამოცლილ სხეულს. სინათლის შუქს კი ფართო, ჭაობის გზით გორაკისკენ მივყავდი. ეს გზა, ალბათ, ზამთრობით მთლად გაუვალი იქნებოდა. ახლაც კი, ამ შუა ზაფხულში იმდენად სველი იყო, ფეხქვეშ ჭყაპუნი გაჰქონდა და თავს ვერ ვიმაგრებდი. ორჯერ წავიქეცი, მაგრამ უკანასკნელ ძალ-ღონეს ვიკრებდი და ისევ წამოვდგებოდი ხოლმე. ეს შუქი ჩემს შორეულ იმედად გადაიქცა და გადავწყვიტე, იქამდე მიმეღწია.

ჭაობი გადავიარე და მანანებით დაბურულ ადგილში თეთრი ზოლი გამოჩნდა. მივუახლოვდი. შევამჩნიე, ის ან გზა, ან ბილიკი უნდა ყოფილიყო და სწორედ სინათლის მიმართულებით მიდიოდა. სინათლე კი ხეების მწკრივებს შორის ბორცვისმაგვარი მაღლობიდან გამოკრთოდა. ვამჩნევდი, ნაძვის ხეები უნდა ყოფილიყო, რადგან ჯერ კიდევ შეიძლებოდა ბინდში მათი მოყვანილობისა და წიწვოვანი ტოტების გარკვევით გარჩევა. როგორც კი მივუახლოვდი, გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი ჩაქრა და რაღაც ზღუდესავით აღიმართა ჩემსა და მას შორის. ხელის ფათურით მოვსინჯე და ჩემ წინ რაღაც შავ მასას შევეხე. მივხვდი, გაუთლელი ქვით ნაშენი დაბალი კედელი იყო. მის თავზე მესერიც შევამჩნიე, შიგნით კი - ეკლიანი ღობე. ხელის ცეცებას ისევ განვაგრძობდი, კვლავ შევნიშნე, რაღაც მოთეთრო საგანი ბრწყინავდა ჩემ წინ. დავაკვირდი და ეს ჭიშკარი აღმოჩნდა - პატარა ჭიშკარი. როგორც კი შევეხე, რკინის ანჯამა გაიღო და ეზოში ორივე მხარეს შავი ბუჩქნარი გამოჩნდა. არ ვიცი, ეკლიანი ჭყორი იყო თუ დაბალი ურთხელი.

ჭიშკარში შევედი; ბუჩქნარი გავიარე და ჩემ წინ აღიმართა სახლის სილუეტი: ბნელი, დაბალი და საკმაოდ მოგრძო. გზის მაჩვენებელი სინათლე აღარსად ჩანდა, ყველაფერი უკუნეთს მოეცვა. ნუთუ მის ბინადართ უკვე ეძინათ? ვშიშობდი, რომ ასე იქნებოდა. კარის ძებნაში გვერდით შევტრიალდი. მაშინ მიწიდან, დაახლოებით ერთი ფუტის სიმაღლეზე, ის სასიამოვნო შუქი კვლავ გამოკრთა ერთ-ერთი სარკმლის რომბისმაგვარი მინიდან. ახლა ის კიდევ უფრო მკრთალად მოჩანდა სუროს თუ კედელზე ასული რომელიღაც მცენარის გამო, რადგან მისი ფოთლები მთლიანად ფარავდა კედლის იმ ნაწილს, რომელთანაც იდგა. სარკმლის თითოეული მინა იმდენად ვიწრო იყო და თან მცენარის ფოთლებით ისე დაფარული, რომ ფარდები და დარაბები სრულიად აღარ ესაჭიროებოდა. დავიხარე, სარკმელზე ასული მცენარის ფოთლიანი ყლორტები განზე გადავწიე და ახლა უკვე შემეძლო შიგნით ყველაფერი დამენახა. ფილაქნით მოპირკეთებულ, სუფთად გარეცხილ იატაკს პრიალი გაჰქონდა. კაკლის ხის ჭურჭლის კარადაში მწკრივებად ელაგა მოკალული ჭურჭელი, რომელიც ტორფის ცეცხლის მოციმციმე შუქზე წითლად ბზინავდა. დავინახე კედლის საათი, თეთრი ნაძვის მაგიდა, რამდენიმე სკამი, სანთელი, რომლის სხივები იმ ღამეს ჩემს შუქურვარსკვლავად ციმციმებდა. მის სინათლეზე იჯდა და წინდას ქსოვდა სუფთად ჩაცმული, არცთუ ისე სანდომიანი შეხედულების მოხუცი ქალი, რომლის გარშემო ყველაფერი კრიალებდა.

თვალის ერთი გადავლებით სხვა საგნებიც შევნიშნე, მაგრამ მათში განსაცვიფრებელი არაფერი ყოფილა. მთელი ჩემი ყურადღება ბუხრის წინ მსხდომებმა მიიქციეს. ამ მყუდრო, თბილ და ცეცხლის მოვარდისფრო შუქით განათებულ ოთახში იჯდა ორი ახალგაზრდა, მომხიბვლელი და ყოველმხრივ უნაკლო ლედი: ერთი - დაბალ საქანაო სკამზე და მეორე კი - მასზე უფრო დაბალ ტაბურეტზე. ორივე მძიმე ძაძებით იყო შემოსილი: კრეპისა და ბამბაზიის ძაძები ეცვათ. ამ ტანსაცმლის მუქი ფერი განსაკუთრებულ სილამაზეს მატებდა მათ მშვენიერ კისრებსა და სახეებს. დიდ, უკვე დაბერებულ პოინტერს ნებივრად დაედო უზარმაზარი თავი ერთი მათგანის კალთაზე. მეორის კალთაში კი ბალიშივით მოკეცილი კატა იწვა.

ასეთ კეთილშობილ და მომხიბვლელ ბინადართა ხილვა ამ უბრალო და ღარიბულ სამზარეულოში საკვირველი სანახავი იყო. ვინ იყვნენ ისინი? მაგიდასთან მჯდომი მოხუცი ქალის შვილები, რა თქმა უნდა, არ იქნებოდნენ. მოხუცს სოფლელი, გლეხი ქალის შეხედულება ჰქონდა, მათ ნატიფ და მომხიბვლელ სახეებს კი კეთილშობილთა იერი დასთამაშებდა. მე ისინი წინათ არასოდეს მენახა, თუმცა ახლა, როდესაც დაკვირვებით ვუმზერდი, მათი სახის თითოეული ნაკვთი მეტად ნაცნობი მეჩვენებოდა. არ შეიძლება, რომელიმე მათგანისთვის ლამაზი მეწოდებინა, იმდენად ფერმკრთალი და ნაღვლიანი სახეები ჰქონდათ. ორივენი, თავდახრილები, წიგნებს ჩაჰყურებდნენ და იმდენად ჩაფიქრებულები იყვნენ, რომ მათ გამომეტყველებას სიმკაცრის ელფერიც კი დასდებოდა. მათ შორის, პატარა მაგიდაზე, სასანთლე იდგა და შიგ მეორე სანთელი ენთო. იქვე ორი დიდი ტომი იდო, ამ წიგნებს ისინი ხშირად იღებდნენ და ადარებდნენ მათთან შედარებით მომცრო წიგნებს, რომლებიც ხელში ეჭირათ, იმ ადამიანთა მსგავსად, რომლებიც ლექსიკონებით ხელმძღვანელობენ და მათი დახმარებით რაიმეს თარგმნიან. ყველაფერი ისე ჩუმად და მშვიდად ხდებოდა, თითქოს ყოველი ხილული საგანი ჩრდილში ყოფილიყო და ცეცხლის შუქით განათებული ბინა კი - სურათი. იქაურობა ისეთ დუმილს მოეცვა, რომ ბუხრიდან ჩამოცვენილი ფერფლის, ერთ-ერთ ბნელ კუთხეში საათის წიკწიკისა და ხანში შესული ქალის საქსოვი ჩხირების ტკაცუნის ხმაც კი შეიძლებოდა გამეგონა. ამიტომაც, როდესაც ბოლოს ვიღაცის ხმამ დაარღვია ეს საოცარი მდუმარება, ყოველი სიტყვა გარკვევით გავიგონე:

- მისმინე, დიანა, - წარმოთქვა წიგნის კითხვით გატაცებულმა ერთ-ერთმა ახალგაზრდა ქალმა: - ფრანცი და დანიელი ღამეს ერთად ათენებენ. ფრანცი უყვება შემაძრწუნებელ სიზმარს, რომლის გამოც შეშინებულმა გამოიღვიძა. მისმინე! - და მან დაბალ ხმაზე რომელიღაც ნაწყვეტი წაიკითხა ჩემთვის სრულიად უცნობ ენაზე. ვერც ერთი სიტყვა ვერ გავიგე. ის არც ფრანგული იყო და არც ლათინური. ვერც იმას ვიტყვი, ბერძნული იყო თუ გერმანული.

- ეს კი ძალიან ძლიერი ადგილია, - თქვა მან, როდესაც კითხვა დაამთავრა, - აღტაცებული ვარ.

მეორე გოგონამ თავი ასწია, დის წაკითხული ნაწყვეტი მოისმინა და ცეცხლისთვის თვალი არ მოუშორებია, ისე გაიმეორა ის სტრიქონები. მოგვიანებით მე ეს ენაც ვისწავლე და ამ წიგნსაც ვცნობდი, ამიტომაც აქ მომყავს ეს ციტატა, თუმცა, როდესაც ის პირველად მოვისმინე, სიტყვები ყოველგვარ აზრს მოკლებულ, ლითონის ყურისმომჭრელ ჟღარუნად ჩამესმა:

- Dა ტრატ ჰერვორ Eინერ, ანზუსეჰენ წიე დიე შტერნენ-Nაცჰტ.

- მშვენიერია! მშვენიერია! - წამოიძახა მან და შავი, ღრმა თვალები აუციმციმდა. - ხედავ, როგორ დიდებულად არის ასახული ეს პირქუში და ყოვლისშემძლე მთავარანგელოზი! მხოლოდ ეს სტრიქონი ღირს მაღალფარდოვანი სტილის ასოებით ლიტერატურულ ფურცელზე მეტი. Iცჰ წაგე დიე Gედანკენ ინ დერ შცჰალე მეინეს ძორნეს უნდ დიე ჭერკე მიტ დემ Gეწიცჰტე მეინეს Gრიმმს. ძალიან მომწონს.

ორივე გაჩუმდა.

- არის სადმე ქვეყანა, სადაც ასე ლაპარაკობენ? - იკითხა მოხუცმა ქალმა და საქსოვიდან თავი აიღო.

- დიახ, ჰანა. არის და ის ქვეყანა გაცილებით დიდია, ვიდრე ინგლისი. იქ სწორედ ამ ენაზე ლაპარაკობენ.

- ოჰ, პირდაპირ არ ვიცი, როგორ აგებინებენ ისინი ერთმანეთს ნათქვამს. რომელიმე თქვენგანი რომ წავიდეს მათ ქვეყანაში, გაიგებს, რასაც ეტყვიან, არა?

- შესაძლებელია, ჩვენც რაიმე გვეთქვა და გაგვეგო, რასაც გვეტყოდნენ, მაგრამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვერ გავიგებდით, რადგანაც ისეთი მცოდნენი არა ვართ, როგორც თქვენ გგონიათ, ჰანა. გერმანულად ვერ ვლაპარაკობთ და არც კითხვა შეგვიძლია ლექსიკონის დაუხმარებლად.

- მაშ, რაღა სიკეთე მოაქვს მას თქვენთვის?

- ვფიქრობ, რამდენიმე ხანში ეს ენა ვისწავლოთ ან, უკიდურეს შემთხვევაში, როგორც ახლა უწოდებენ, მისი შესავალი კურსის სწავლება მაინც შევძლოთ. მაშინ მეტ ხელფასს მივიღებთ, ვიდრე ახლა ვიღებთ.

- შესაძლებელია, მაგრამ ახლა თავი დაანებეთ მეცადინეობას, თქვენ ამ საღამოს საკმაოდ ბევრი იმუშავეთ.

- ვფიქრობ, მართლაც ძალიან ბევრი, უკვე დავიღალე, შენც დაიღალე, მერი?

- საშინლად დავიქანცე. მართლაც ძალიან ძნელი და წელში გამწყვეტი სამუშაოა უმასწავლებლოდ, მხოლოდ ლექსიკონით ენის შესწავლა.

- სწორედ ასეა: განსაკუთრებით, ისე ძნელად გასაგები და შესასწავლი ენისა, როგორიც ეს საუცხოო გერმანული ენაა. ნეტა, როდის მოვა ჯონი?

- იმედი მაქვს, ახლა აღარ დაიგვიანებს. ზუსტად ათია (დახედა თავის პატარა ოქროს საათს, რომელიც სარტყლიდან ამოიღო), ძალიან წვიმს. ჰანა, იმდენ სიკეთეს ვერ გამოიჩენთ, შეხვიდეთ და ნახოთ ცეცხლი სასტუმრო ოთახში?

ქალი წამოდგა. კარი გააღო და შიგნით ბუნდოვნად გამოჩნდა დერეფანი. ისიც გავიგონე, როგორ შეასწორა ცეცხლი და ისევ სწრაფად დაბრუნდა უკან.

- ოჰ, ბავშვებო, - თქვა მან. - ახლა ნამდვილად ძალიან მიმძიმს და მტანჯავს იმ ოთახში შესვლა. ის ისეა დაცარიელებული... და განმარტოებით კუთხეში მიდგმული ცარიელი სავარძლის დანახვა კი...

თვალებზე ცრემლი წინსაფრით მოიწმინდა. ახალგაზრდა ქალების ისედაც დაღვრემილი სახეები უფრო მეტად დაანაღვლიანა.

- მაგრამ ის უკეთეს ქვეყანაშია, - განაგრძო ჰანამ. - უკან ნუღარ მოიხედავს. ნეტა, ყველას ეღირსოს ასეთი მშვიდი სიკვდილი, როგორიც მას ჰქონდა.

- როგორც თქვენ ამბობთ, მას ჩვენ არ ვუხსენებივართ? - შეეკითხა ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალი.

- ვერ მოასწრო, ბავშვო. ერთ წუთში გათავდა მამათქვენი. წინა დღეს თავი ცოტა ცუდად იგრძნო, მაგრამ საყურადღებო არაფერი ყოფილა. სენტ-ჯონმა ჰკითხა, უნდოდა თუ არა რომელიმე თქვენგანის ჩამოსაყვანად ვინმე გამოეგზავნა. მან კი მხოლოდ გაიცინა. მეორე დღესაც რაღაც სიმძიმე იგრძნო თავში. ეს სწორედ ორი კვირის წინათ მოხდა. დაწვა დასაძინებლად და ვეღარ გაიღვიძა. თქვენი ძმა სანახავად შევიდა და ის უკვე გაცივებული დახვდა. ოჰ, ბავშვებო, ის სულ სხვა თაობის ადამიანი იყო. თქვენ და მისტერ ჯონი სრულიად სხვა ჯიშისანი ხართ მათთან შედარებით, ვინც უკვე წავიდნენ იმ ქვეყნად. თუმცა, თქვენი დედაც ძალიან ბევრ რამეში გგავდათ. ისიც თქვენსავით განათლებული იყო და სახით კი მთლად თქვენი სურათი, მერი. დიანა უფრო მამათქვენს ჰგავს.

მე ისე ვამსგავსებდი მათ ერთმანეთს, ვერ გეტყვით, რაში პოულობდა მოხუცი მსახური განსხვავებას (საბოლოოდ დავასკვენი, რომ ის მსახური უნდა ყოფილიყო). ორივეს მშვენიერი სახის კანი და ნაკვთები ჰქონდა. გამხდარნი, მაგრამ ტანადები იყვნენ. გამომეტყველებაზე ეტყობოდათ, რომ უკეთილშობილესი ზებუნებრივი თვისებები ჰქონდათ და ამასთანავე, გონიერნიც იყვნენ. ერთ-ერთს თმა უფრო მუქი ჰქონდა და თმის ვარცხნილობითაც განსხვავდებოდა მეორისაგან. მერის ღია წაბლისფერი თმა შუაზე ჰქონდა გაყოფილი და სადად დაწნული. დიანას კი ყორნის ფრთისფერი თმა კულულებად ეფინებოდა მხრებზე.

საათმა ათი დარეკა.

- დარწმუნებული ვარ, ვახშამი გინდათ, - განაცხადა ჰანამ. - ალბათ, მისტერ სენტ-ჯონიც მოშიებული იქნება, როდესაც დაბრუნდება.

ის ვახშმის სამზადისს შეუდგა. ახალგაზრდა ქალები წამოდგნენ, ჩანდა, სასტუმრო ოთახში გასვლას აპირებდნენ. აქამდე მათი ცქერით ისე ვიყავი გართული, მათმა გარეგნობამ და საუბარმა იმდენად დამაინტერესა, რომ საკუთარი გაჭირვება თითქმის გადამავიწყდა კიდეც. ახლა კი კვლავ განმიახლდა ყველაფერი. მთელი ძალით ვიგრძენი, რა უნუგეშო და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვიყავი; რა შეუძლებლად და უაზროდ მიმაჩნდა, შემეწუხებინა ამ სახლის ბინადარნი. გამეგებინებინა მათთვის, რამდენად უბედური ვიყავი და რა გაჭირვება მაწამებდა; მეთხოვა, თავშესაფარი მიეცათ უსახლკარო მოხეტიალისთვის. კარზე ხელს ვაცეცებდი და გაუბედავად დავაკაკუნე. ვიგრძენი, ჩემი უკანასკნელი იმედი მხოლოდ ქიმერა იყო. კარი ჰანამ გამიღო.

- რა გინდა? - მკითხა მან განცვიფრებით და დამათვალიერა სანთლის შუქზე, რომელიც ხელში ეჭირა.

- შეიძლება თქვენი სახლის პატრონ ახალგაზრდა ქალებს დაველაპარაკო? - შევეკითხე.

- უკეთესია, მე მითხრა, რაც მათ უნდა უთხრა. საიდან მოხვედი?

- მე აქ უცხო ვარ.

- მერე აქ ასეთ დროს რა საქმე გაქვს?

- ღამის გასათევი მინდა, ეზოში ან სადმე სხვაგან რაიმე შენობა თუ გაქვთ და ერთი ნაჭერი პური.

ყველაზე ძალიან უნდობლობის მეშინოდა და ახლა სწორედ ის ამოვიკითხე ჰანას სახეზე.

- პურის ნატეხს მოგცემთ, - მითხრა მან ცოტა ხნის შემდეგ, - მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მაწანწალას ღამის გასათევი მივცეთ. ეს ვის გაუგონია?

- ნება მომეცი, შენს პატრონებს ველაპარაკო.

- არა, ამის ნებას არ მოგცემ. მათ რა უნდა გაგიკეთონ? ასეთ დროს რას დაეხეტები, ნუთუ არ იცი, ეს რამდენად სამარცხვინოა?

- თქვენც რომ გამაგდოთ, სად უნდა წავიდე? რა უნდა ვქნა?

- ოჰ, მე რა ვიცი, სად უნდა წახვიდე და რა უნდა ქნა. რაც მთავარია, ნეტა ცუდს არაფერს ჩაიდენდე. აი, აიღე ეს ფული და წადი.

- ეგ ფული საჭმლის საყიდლად არ მეყოფა და არც ძალა შემწევს, გზა განვაგრძო. ნუ მომიხურავთ კარს, ოჰ, ღვთის გულისათვის.

- უნდა დავხურო, წვიმა შემოდის.

- უთხარით თქვენს ახალგაზრდა ქალბატონებს, შემიშვით მათთან.

- იცოდე, არ შეგიშვებ. შენ კარგ სულს არ ჰგავხარ, თორემ ასეთ ხმაურს არ ატეხდი, წადი აქედან!

- მოვკვდები, თქვენ რომ აქედან გამაგდოთ.

- არა მგონია. ძალიან ვშიშობ, რაღაც ცუდი განზრახვა უნდა გქონდეს გულში და ალბათ, იმიტომ დაეხეტები პატიოსანი ადამიანების სახლების ახლომახლო. თუ ვინმე თანამზრახველებიც გყავს სადმე, სახლის მძარცველი ქურდბაცაცები ან სხვა მათი მსგავსნი, შეგიძლია უთხრა, ჩვენ მარტონი არა ვართ. მამაკაციც გვყავს სახლში, ძაღლებიც და იარაღიც გვაქვს.

აქ კი პატიოსანმა და გაუტეხელმა მსახურმა კარი მოხურა და შიგნიდან ურდულით ჩაკეტა.

ეს უკვე მეტისმეტი იყო. ენით აუწერელ ტკივილს განვიცდიდი, სასოწარკვეთილება მომეძალა, გულს მიპობდა და ის ახლა საგულიდან ამოვარდნას ლამობდა. მართლაც, იმდენად დასუსტებული ვიყავი, ერთი ნაბიჯის გადადგმა და განძრევაც კი აღარ შემეძლო. სველ კიბეზე კარის ზღურბლთანვე წავიქეცი. ვკვნესოდი და ხელებს ვიმტვრევდი აუწერელი დარდითა და ნაღველით სავსე.

ოჰ, ეს სიკვდილის აჩრდილი! ოჰ, ეს უკანასკნელი წუთი, რა საშინელებით მიახლოვდებოდა! ოჰ, ეს სიმარტოვე და ჩემივე მსგავს არსებათაგან განდევნა!

მარტოოდენ თავშესაფრის იმედი როდი დავკარგე, მხნეობამაც მიმტყუნა, მაგრამ ეს მხოლოდ წამიერად მოხდა. ბოლოს ისევ შევეცადე გონს მოვსულიყავი.

- სიკვდილი დამრჩენია, - ჩავილაპარაკე ჩემთვის, - მაგრამ მე ხომ მწამს ღმერთი, ვეცდები მის სურვილს უდრტვინველად დაველოდო.

ეს სიტყვები არა მარტო გავიფიქრე, არამედ ხმამაღლა წარმოვთქვი. მთელი ჩემი უბედურება უკან გულში ჩავიბრუნე. ახლა ჩემს თავს ძალას ვატანდი, რომ აღუშფოთებლად და უხმოდ ვყოფილიყავი.

- ყველა ადამიანი უნდა მოკვდეს, - ჩაილაპარაკა ვიღაცამ ჩემთან სულ ახლოს, - მაგრამ ყველას არა აქვს მისჯილი ნელ-ნელა წამებით ამოხდეს სული და უდროო ბედისწერით დაიღუპოს, როგორც ეს თქვენ გხვდათ წილად, თუ აქ ასეთ უმწეო მდგომარეობასა და გასაჭირში დაიღუპებით.

- ვინ ან რა ლაპარაკობს? - ვიკითხე შეშინებულმა მოულოდნელი ხმის გაგონებაზე, რადგან იმედის ნასახიც კი აღარ გამაჩნდა, რომ ვინმე დამხმარებოდა. რაღაც გამოსახულება იდგა ჩემთან ახლოს, მაგრამ რა გამოსახულება? უკუნეთივით შავი ღამე და ჩემი დასუსტებული მხედველობა საშუალებას არ მაძლევდა, რამე გამერჩია. ახალმოსული დიდხანს ძლიერად არახუნებდა კარზე.

- ეს თქვენა ხართ, მისტერ სენტ-ჯონ? - იკითხა ჰანამ.

- დიახ, დიახ, ჩქარა გააღე კარი.

- ოჰ, როგორ დასველებული და შეციებული იქნებით ამ საშინელ ამინდში. შემოდით, თქვენმა დებმა აღარ იციან, რა ქნან თქვენზე ფიქრით. დარწმუნებული ვარ, ბოროტი ადამიანები ბევრნი დაეხეტებიან ირგვლივ. აქ ვიღაც მათხოვარი ქალი უკვე იყო. ხედავთ? თურმე არც კი წასულა. აქვე წევს. ადექი ახლავე! ნუთუ არ გრცხვენია! წადი აქედან, გეუბნები!

- ჰანა, ჰანა! რაღაც მაქვს მაგ ქალთან სათქმელი. თქვენ შეასრულეთ თქვენი მოვალეობა და ის სახლში არ შეუშვით. ახლა ნება მომეცით, მე შევასრულო ჩემი მოვალეობა და შემოვუშვა. ახლოს ვიდექი და ორივეს მოგისმინეთ. ვფიქრობ, ეს რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა უნდა იყოს. ბოლოს და ბოლოს, მე უნდა გავერკვე ამ საქმეში. აბა, ახალგაზრდა ქალო, ადექით და შემიძეხით შინ.

დიდი გაჭირვებით წამოვდექი და დავემორჩილე. იმწუთშივე ბუხართან სულ ახლოს სუფთა და ნათელ სამზარეულოში აღმოვჩნდი. ვკანკალებდი და ძალა მელეოდა. ვიცოდი, ქარიშხლისგან ასე განაწამები, უცნაურ და საშინელ შთაბეჭდილებას მოვახდენდი მათზე. ორივე ახალგაზრდა ქალი, მათი ძმა სენტ-ჯონი და მოხუცი მსახური, ყველა დაკვირვებით მომჩერებოდა.

- სენტ-ჯონ, ვინ არის ეს? - გავიგონე ერთ-ერთის შეკითხვა.

- ვერ გეტყვით: მე ის კართან ვნახე, - იყო პასუხი.

- რა ფერმკრთალია, - თქვა ჰანამ.

- ისე გაფითრებულა, სიკვდილის ფერი ადევს, - გამოეპასუხნენ მას, - სადაცაა წაიქცევა, დავსვათ.

მართლაც, თავბრუ დამეხვა. ვიქცეოდი, მაგრამ სკამი მომაშველეს. გონება ჯერ კიდევ არ დამკარგოდა, თუმცა ლაპარაკი არ შემეძლო.

- იქნებ წყალმა მოასულიეროს. ჰანა, მოიტანე ცოტა წყალი. მაგრამ საცოდავი მთლად ძალაგამოცლილია, რა გამხდარია და სისხლნაკლული!

- ნამდვილი აჩრდილია.

- ნეტა, ავადაა თუ მხოლოდ შიმშილით მოუვიდა?

- საფიქრებელია, შიმშილით. ჰანა, ეს რძეა? მომაწოდე და ერთი ნაჭერი პურიც მოიტანე. დიანამ (ის გრძელი კულულებით ვიცანი. როდესაც ჩემ წინ დაიხარა, თავისი თმით ისე ჩამოეფარა ცეცხლს, რომ ვეღარ ვხედავდი) მოტეხა პური, რძეში ჩაასველა და ტუჩებთან მომიტანა. მისი სახე სულ ახლოს იყო ჩემთან და შევნიშნე, რომ ზედ სიბრალული ეხატებოდა, თანაც ისე აჩქარებით სუნთქავდა. ვიგრძენი, თანამიგრძნობდა კიდეც. ასეთივე იყო მისი სულ უბრალოდ წარმოთქმული სიტყვებიც, თითქოს ტკივილების დამაყუჩებელი სითბოთი ნათქვამი: - სცადეთ, აბა, იქნებ შეჭამოთ.

- დიახ, უნდა სცადოთ, - გაიმეორა მერიმ. მომხადა სველი ქუდი და თავი ამიწია. რაც შემომთავაზეს, უარი არ მითქვამს, გემო გავსინჯე, თუმცა პირველად უსიცოცხლოდ, მაგრამ შემდეგ კი მოუთმენლად.

- ამდენი ერთად საჭირო არ არის, შეაჩერეთ, - თქვა ძმამ, - ამჯერად უკვე საკმარისია, - და მან რძიანი ფინჯანი და პურის თეფში იქით გასწია.

- ცოტა კიდევ მივცეთ, სენტ-ჯონ, შეხედეთ, რა დამშეული თვალით გვიყურებს.

- მეტი არ შეიძლება უცებ, ჩემო კარგო. აბა, სცადე, რამე ათქმევინო. სახელი ჰკითხე.

ვგრძნობდი, ლაპარაკი შემეძლო და ვუპასუხე: - ჩემი გვარი და სახელი ჯეინ ელიოტია.

ვშიშობდი ჩემი ვინაობა არ გამჟღავნებულიყო და გადავწყვიტე, რამე გამოგონილი სახელი და გვარი მეთქვა.

- სად ცხოვრობ? სადა გყავს მეგობრები?

ვდუმდი.

- შეიძლება შენს ახლობლებთან გავგზავნოთ კაცი მოსაყვანად?

თავი გავაქნიე.

- რა შეგიძლია გვითხრა შენზე?

რადგან ამ სახლის ზღურბლს გადავაბიჯე და მის პატრონებს პირისპირ შევხვდი, თავს დევნილ მაწანწალად და ქვეყნიერებისგან უარყოფილად აღარ ვგრძნობდი. გავიფიქრე, მათ მათხოვრად აღარ ვჩვენებოდი და კვლავ აღმედგინა ჩემი ჩვეულებრივი ქცევები და თვისებები. როდესაც გონს მოვედი და მისტერ სენტ-ჯონმა მთხოვა, ჩემზე რამე მეამბნა, იმდენად სუსტად ვიყავი, რომ იმწუთას ამას ვერ შევძლებდი და მცირეოდენი დაყოვნების შემდეგ ვუპასუხე:

- სერ, ამ საღამოს დაწვრილებით ვერაფერს გიამბობთ.

- მაშ, - მითხრა მან, - კიდევ რით შემიძლია გემსახუროთ?

- გმადლობთ, არაფერია საჭირო, - ვუპასუხე მე. მხოლოდ ასეთი მოკლე პასუხებისთვისღა მყოფნიდა ძალა.

დიანა საუბარში ჩაერია.

- გინდათ თქვათ, - მკითხა მან, - რომ ჩვენ უკვე დაგეხმარეთ და ახლა, ამ წვიმასა და ბნელში, შამბნარით დაფარულ გაუვალ გზაზე, შეიძლება მარტოდმარტო გაგიშვათ?

დიანას გადავხედე და გავიფიქრე, რომ შესანიშნავი გამომეტყველება ჰქონდა. მის სახეზე როგორც ნებისყოფას, ისე სიკეთეს ამოიკითხავდით. უეცრად ძალა მოვიკრიბე, მის გულშემატკივარ მზერას ღიმილი შევაგებე და ვუთხარი: - მე თქვენ გენდობით. უპატრონო, მოხეტიალე და მაწანწალა ძაღლიც რომ ვიყო, ვიცი, ასეთ ღამეში გარეთ აღარ გამაგდებთ. არაფრის შიში აღარა მაქვს, ისე მომექეცით, როგორც გენებოთ და როგორც ფიქრობთ. ბოდიშს ვიხდი, რომ დიდხანს ვერ გესაუბრებით და ბევრი ლაპარაკის ძალაც არ შემწევს. სუნთქვა მიმძიმს და ყელის ძარღვები მეჭიმება, როდესაც ვლაპარაკობ.

სამივემ გადმომხედა და დადუმდა.

- ჰანა, - უთხრა ბოლოს მისტერ სენტ-ჯონმა, - ის აქ იჯდეს და ცოტა ხანს ნურაფერს ჰკითხავთ. ათი წუთის შემდეგ დარჩენილი რძე და პური მიეცით. მერი, დიანა, წავიდეთ სასტუმრო ოთახში და იქ მოვილაპარაკოთ!

გავიდნენ. ერთი ახალგაზრდა ქალთაგანი მალევე უკან შემობრუნდა. არ ვიცი, რომელი იყო, რადგან მხიარულად მოგიზგიზე ცეცხლთან გარინდული ვიჯექი. მან რაღაც უბრძანა ჰანას. მალე მსახურის დახმარებით იმდენი მოვახერხე, კიბეზე ავედი. ამოწუწული, სველი ტანსაცმელი გამაძვრეს და თბილსა და მშრალ საწოლში ჩამაწვინეს. ღმერთს მადლობა! მათდამი მადლიერების გრძნობამ სიხარულით ამანთო და მალეც ჩამეძინა.

თავი ოცდამეცხრე

რა მოხდა შემდეგი სამი დღე-ღამის განმავლობაში, ბუნდოვნად მახსოვს. მახსენდება მხოლოდ რამდენიმე შეგრძნება. არც ფიქრი და არც მოძრაობა არ შემეძლო. მაგონდება, პატარა ოთახში ვიწრო საწოლში ვიწექი. ასე მეგონა, ამ საწოლს შევეზარდე-მეთქი. გაქვავებულივით ვიყავი. ლოგინიდან მოშორება თითქმის ჩემს სიკვდილს ნიშნავდა. დროის შეგრძნება დავკარგე: ვერ ვამჩნევდი, როგორ იცვლებოდა დილა შუადღით, შუადღე - საღამოთი. მხოლოდ იმას ვგრძნობდი, ვინმე თუ შემოვიდოდა ოთახში ან გავიდოდა. იმასაც გეტყოდით, ვინ იყვნენ ისინი, თუ მოსაუბრე იქვე ჩემთან ახლოს იყო. მესმოდა, რასაც მეუბნებოდნენ, მაგრამ პასუხის გაცემის თავი არ მქონდა. ძალა არ შემწევდა, ბაგე გამეხსნა ან თუნდაც გავნძრეულიყავი. ჰანა, მოსამსახურე ქალი, ჩემი ყველაზე ხშირი სტუმარი იყო. მისი შემოსვლა მაწუხებდა. ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ჩემი თავიდან მოშორება სურდა; ვგრძნობდი, ჩემი არ ესმოდა და არც ჩემს მდგომარეობას უწევდა ანგარიშს; არ მოვწონდი, რადგან ცუდს ფიქრობდა ჩემზე. დიანა და მერი ერთხელ ან ორჯერ შემოვიდოდნენ ოთახში, საწოლთან მოვიდოდნენ და ჩურჩულით გააბამდნენ ასეთ საუბარს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში