ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიXII) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიXII)

- გამარჯობა, ანიკა! - მომესმა მირზას ხმა.

როგორ ცივად მომესალმა... თუმცა, რა გასაკვირია, მე ხომ უკვე დამითხოვა სამსახურიდან. მაინც ჩემი დამემართა, მისი ხმის გაგონებაზე ხელ-ფეხი გამიცივდა.

- არ გეჩვენება, რომ ორივე ავჩქარდით? - დაიწყო ჩემმა ექსშეფმა, - მგონი, სიტყვას სიტყვა მოჰყვა, გინებას გინება... გავცხარდით.

- მე შენთვის არ შემიგინებია.

- არც მე. - გაიცინა.

- აბა, საიდან მოიტანე?

- ეგეც სიტყვას მოჰყვა, - ისევ გაიცინა.

გული ამოვარდნაზე მქონდა. რას ამბობს? რაში სჭირდება ასე ლაპარაკი? ნეტავ საით უმიზნებს? მესმოდა მისი ხმა და გულზე სალბუნივით მედებოდა. მთელი არსებით ვებრძოდი უცებ მოვარდნილ სიყვარულის ტალღას, მაგრამ ვგრძნობდი, მზად ვიყავი, ყველაფერზე დავთანხმებულიყავი. მისი ერთი შემოძახილი და ეგრევე მასთან გავჩნდებოდი.

- შენ შეიძლება აჩქარდი, მაგრამ მე არა! - მაინც ჯიუტად წამოვაყრანტალე და თმაზე ვიტაცე ხელი, რომ ძლიერად მომექაჩა და ჩემი თავი მევე დამესაჯა.

- კარგი, საკმარისია, რაც ვებრძოლეთ ერთმანეთს. ჩათვალე, რომ ეს დუელი მე წავაგე. შენ ახლა სამსახური ჰაერივით გჭირდება, ამიტომ მოდი, დავივიწყოთ რაც იყო და დაუბრუნდი შენს საქმეს. - ისე ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა, თითქოს ეშინოდა, ყურმილი არ დამეკიდა და სანამ ამას გავაკეთებდი, სათქმელი მოესწრო.

- ჩემს დარწმუნებას ცდილობ, არა? - ისევ ვიკბინებოდი, რადგან მივხვდი, სამსახურში დაბრუნებას ჩემი სიბრალულის გამო მთავაზობდა და არა სიყვარულის. ბრაზი უფრო და უფრო მერეოდა. როგორ მიბედავს ამის თქმას?

- რა შტერი გოგო ხარ! - საყვედური გაურია ხმაში.

- დიახაც! ეს ჩემი ცხოვრებაა და როცა მომინდება, მაშინ ვიქნები შტერი! ჩემი უმუშევრობა კი შენ არ გეხება! შენი საქმე არ არის, რა მჭირდება და რა არა, - ღვარძლიანად ჩავძახე ყურმილს და ისე გავაგდე ხელიდან, თითქოს შხამიანი გველი მჭეროდა...

ამბობენ, შენი ბედის მჭედელი შენ თვითონ ხარო. მაშინ ვინმემ წამართვას ეს სამჭედლო, რადგან აშკარად რაღაც საშინელებას ვჭედავ. სკოლის მოსწავლე გოგონები არ იქცევიან ისე, როგორც მე ვიქცევი. ან იქნებ სწორადაც ვიქცევი? იქნებ ასე ჯობია ჩემი ხვალინდელი დღისთვის? მასთან ურთიერთობის გაგრძელებით ვერაფერს მოვიგებ, დიდი-დიდი, ცოტა ხნით პატივი დამდოს და მისი საყვარლის ამპლუა მომარგოს და მერე? რატომ ვალაპარაკო ნაცნობები, თავის უფროსს დაუწვაო? არ მხიბლავს ასეთი იარლიყი, არც არასდროს მხიბლავდა. ვისაც ხიბლავს, იმან შეირგოს.

აქამდე სულ ვამხნევებდი ჩემს თავს, შენს ქუჩაზეც მოვა გაზაფხული-მეთქი, ახლა კი დავფიქრდი - იქნებ მე სულ სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ?

საწოლზე მივეგდე და ავქვითინდი...

შაბათიც მოახლოვდა. დილით ერთ ფირმას ჰქონდა ვაკანსია გამოცხადებული და იქ ვიყავი, ტესტირება გავიარე და დავბრუნდი. უკეთეს ხასიათზე დავდექი. წინა დღეები არ ვიცი, როგორ გადავიტანე. ადგილს ვერ ვპოულობდი. ყველაფერი ვცადე, რომ მირზაზე არ მეფიქრა, მაგრამ თავს ვერაფერი მოვუხერხე. რასაც ხელს მოვკიდებდი, თითქოს მის სახელს ყვიროდა.

ბებიასთან ხომ არ წავიდე? გულს ცოტა ხნით მაინც გადავაყოლებ, მაგრამ რომ გამაფრთხილა, არ ჩამოხვიდეო? გეგმები მაქვსო? იქნებ შეეცვალოს "გეგმები" და გამიმართლოს? აი, ტორტს ვიყიდი. მართალია, ახლა უკვე მენანება ფულის დახარჯვა, მაგრამ არა უშავს, ათ ლარს როგორმე აიტანს ჩემი ჯიბე. ბოლოს და ბოლოს, რომც გამიჭირდეს, ათი ლარი ვერაფერს მიშველის.

ცოტათი დავმშვიდდი. ისედაც, ორი დღეა, უკეთ ვარ, ძველებურად აღარ ვშფოთავ. ალბათ იმის დამსახურებაა, რომ იმ ვაჟბატონს მერე აღარ დაურეკავს. მგონი, კარგი ვქენი, ასე რომ ველაპარაკე. ამაში ახლა სრულიად დარწმუნებული ვარ. რაც დაიმსახურა, ის მიიღო. ნეტავ თუ გაფრინდა იმ თავის გერმანიაში, თუ სად ჯანდაბაშიც მიდიოდა? ისევ მომეწურა გული და ამეშალა სევდა... ვერა, ვერ ვივიწყებდი...

წავედი ბებიასთან... თბილი ამინდი იყო, თებერვალი დღეებს ითვლიდა. საცაა, გაზაფხული შემოვა, ალბათ დიდი ზარ-ზეიმით, წვიმით და ჭექა-ქუხილით, მაგრამ მერე რა? გაზაფხულია და სჩვევია ასე. სხვანაირად როგორ უნდა გაიგო მისი მოსვლა? მარტი უბედურის ერთია, პირველივე დღიდან იწყებს ჭირვეულობას ტოქსიკოზიანი ორსულივით. სამაგიეროდ, ყველაფერი გამწვანდება, წილკანიც უფრო გალამაზდება, ნუშის ყვავილებით გადაიპენტება იქაურობა. უფრო მოგვიანებით ბროწეულის ყვავილები აენთება. თან როგორ მიყვარს ბროწეულის ყვავილები, სახლების ღობეებსა თუ გალავნებზე რომ გადმოეწყობა აელვარებული ტოტებით...

სამარშრუტო ტაქსიდან ცოტა ადრე ჩამოვედი, რადგან ვიღაცები ჩამოვიდნენ და ორი ნაბიჯის გულისთვის აღარ ღირდა მანქანით გზის გაგრძელება. ფეხით დავუყევი ასფალტს. აი, ბებიაჩემის სახლიც გამოჩნდა. იმ იმედით შევაღე ჭიშკარი, რომ ბებია კარგ ხასიათზე დამიხვდებოდა, ტორტზე დამეწვეოდა და საღამოს თბილისშიც გამომყვებოდა. მარტო ყოფნა ბოლო დღეებში აუტანელი გახდა, ამიტომ მინდოდა, რამდენიმე დღე მაინც ჩემთან დარჩენილიყო და ხმის გამცემი მყოლოდა. თუნდაც ნერვები მოეშალა, ოღონდ ერთად ვყოფილიყავით. წილკანში ვერ გავჩერდებოდი, რადგან სამსახურის საქმე სასწრაფოდ უნდა მომეგვარებინა.

ამ ფიქრებში ვიყავი, სახლის კარს რომ მივადექი, მაგრამ ჩამივარდა კოვზი ნაცარში - დაკეტილი დამხვდა. გამოდის, ნინუცას მართლა ჰქონია სხვა "გეგმები"...

ვენერასთან გადავალ, იქნებ იმან იცოდეს, საით აიღო გეზი ამ ქალმა. ის ხომ ბებოს მეთვალყურე და დამხმარეა. კიდევ კარგი, ვენერა არსებობს, თორემ არ ვიცი, რა მეშველებოდა. ასეთი გულისხმიერი მეზობელი მეორე არ მეგულება.

მეზობლის ჭიშკარს მივადექი და ნატოს დავუძახე, შვილიშვილს. ბავშვი მაშინვე გამოვარდა გარეთ და სირბილით გამოიქცა, კარი გამიღო.

- ვენერა ბებო სახლშია, ნატო?

- კი, - მოკლედ მიპასუხა ყურებამდე გაღიმებულმა.

- ტორტი მოვიტანე. ხომ გიყვარს? - მუყაოს ყუთი მაღლა ავწიე და დავანახვე.

- კი, - ისევ ისე, ლაკონიური და ბავშვური პასუხი გამცა.

ამასობაში ვენერაც მოადგა ჭიშკარს.

- შენ გენაცვალე, ჩემო დახატულო, მოგვაკითხე ბებრებს, არა? - ხელები გაშალა ქალმა და ისე ხმაურიანად გადამკოცნა, თითქოს წლების უნახავი ვყავდი, თან გულში მიკრავდა თავისი დიდი ძუძუებით.

- როგორ ხართ, ვენერა დეიდა? ისეთი დავალებული ვარ თქვენგან, რომ ერთხელ ვერ გეცით პატივი, როგორც მე მინდა ისე, - მოვუბოდიშე.

- რას ამბობ, შვილო, რა პატივი, განა რას ვაკეთებ ამისთანას. ეჰ, ნეტავ ყველამ მივაღწიოთ ნინუცას ასაკამდე. არავინ იცის, ჩვენ როგორი სიბერე გვექნება. მთლად პატარა არც მე ვარ, მაგრამ რა ვქნა, კაცო, არ ვგრძნობ თავს დაბერებულად და რა გავაკეთო? - ატეხა სიცილი ვენერამ.

- აი, ეს ტორტი... ნატოს მოვუტანე, გაუხარდება-მეთქი. რამოდენა გოგო გაზრდილა, კარგა ხანია, არ მინახავს.

- აბა, ეგა თქვი, ისე უცებ გავარდა სიმაღლეში, კლასელები ვეღარ ეწევიან... ეს რად გინდოდა, ანიკა, გენაცვალე, ტორტის გარეშე ვერ მიგიღებდი, თუ რა? შემოდი, შვილო, შემოდი, სანამ ბებიაშენი მოვა, დარჩი ჩემთან, თუმცა გასაღები კი დამიტოვა ყოველი შემთხვევისთვის.

- სად წავიდა, ხომ არ იცით?

- როგორ არ ვიცი, გენაცვალე! ისეთი გაშანშალებული მანქანით მოაკითხა იმ მირზაშვილის მძღოლმა, ნინუცა ცოტა ახალგაზრდა რომ იყოს, ვიფიქრებდი, პაემანი დაუნიშნა-მეთქი, - ჩაბჟირდა ვენერა, თან ხელკავი გამომდო და სახლისკენ მიმავალ ბილიკს დავუყევით, მაგრამ მირზას გვარის ხსენებამ ადგილზე გამაქვავა.

რაო, რა გვარი ახსენა? ხომ არ მომეჩვენა?

- ვინ მოაკითხა, ვენერა დეიდა?

- მირზა მირზაშვილის მძღოლმა, დედიკო. სადილად დაპატიჟა. ასე დამიბარა, სტუმრად მივდივარ მირზაშვილებთანო. გეცოდინება ალბათ შენ, ვინცაა.

გაოცებისგან პირი დავაღე, ლამის გული შემიღონდა.

ღმერთო, სადილად მირზა მირზაშვილთანო... თვალწინ ყველაფერი ატრიალდა, თითქოს ჰაერში გამოვეკიდე, ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი. აი, ეგღა აკლდა ჩემს სრულ ბედნიერებას! საიდან, როგორ?

- ცუდად ხომ არ ხარ, შვილო? - სახელოზე დამქაჩა ვენერამ.

- არა, არაფერია... - საცოდავად გავუღიმე მეზობლის ქალს.

- წამო, კარგი ჩაი უნდა დაგალევინო, გურიიდან ჩამომიტანა ჩემმა ბიჭმა ამას წინათ.

- დიდი მადლობა, ვენერა დეიდა, მაგრამ ვერ შემოვალ, თბილისში უნდა გავბრუნდე. მინდოდა, ბებია თან წამეყვანა, იმიტომ უფრო ჩამოვედი, გასაჩერებლად არ მცალია.

ჩემი უარი შორს დაიჭირა ვენერამ, მაგრამ მაინც არ დავრჩი. ტორტი ხელში შევაჩეჩე მოქაქანე ქალს და გაჩერებისკენ წავლასლასდი.

სადილად მიიწვიესო... გონება დავძაბე, ვცდილობდი, გამეხსენებინა - ერთხელ მაინც თუ მითქვამს ბებიაჩემისთვის, სად ცხოვრობს მირზა? არა, არ მითქვამს, თუმცა ამას ახლა რა მნიშვნელობა აქვს? თუ მძღოლმა მოაკითხა, ესე იგი, ის მიიყვანდა იქამდეც. მძღოლიო... არასდროს მინახავს მძღოლთან ერთად, სულ მარტო დაატარებს თავის მანქანას და ახლა საიდან გამოაცხო მძღოლი?

არ მახსოვს, როგორ ჩამოვაღწიე თბილისამდე. ერთი სული მქონდა, მის სახლამდე როდის მივაღწევდი, ამიტომ ტაქსი გავაჩერე. უკვე აღარ მედარდებოდა, ფული ასე უაზროდ რომ მელეოდა უმუშევრად დარჩენილს.

გეზი პირდაპირ მირზას სახლისკენ ავიღე. როგორც ვიცი, ახლა გერმანიაში უნდა იყოს. ნეტავ ვინ უმასპინძლა ნინუცას მის მაგივრად? რას ვიცინებ, ის ნინო რომ დამხვდეს ახლა ბებიასთან ერთად სუფრაზე გამოჭიმული...

ნეტავ წათრეული იქნებოდეს... არ შემიძლია მისი ირონიული ღიმილის დანახვა. არა, გამორიცხულია, არ გაფრენილიყო. ბებიას გამო საქმეს არ გადადებდა. ბილეთს ხომ არ გააუქმებდა? იქნებ წინა დღეებში დაპატიჟა და ბებოს აერია? მაგის სკლეროზის გადამკიდე, გასაკვირი არაფერია. ვაითუ სადმე აქვე დაბორიალობს გზააბნეული... ამის გაფიქრებაზე გამაჟრჟოლა და შიშნარევი მზერა მოვავლე იქაურობას, როგორც კი ტაქსიდან გადმოვედი. ახლომახლო კაციშვილი არ ჭაჭანებდა. ძნელი დასაჯერებელია, მირზასთან სახლში ვინმე დამხვდეს...

სადარბაზოში შევედი და სულმოუთქმელად შევვარდი ლიფტში. მეექვსე სართულის ღილაკს თითი მივაჭირე და გამოვედი თუ არა კაბინიდან, აკანკალებული თითი ახლა ზარის ღილაკს დავაჭირე. სულ რამდენიმე წამი და კარიც გაიღო...

ზღურბლზე მირზაშვილი აისვეტა! ამას აქ რა უნდა? ახლა გერმანიაში არ უნდა იყოს?

- ბებიაჩემი აქაა? გამარჯობა, - გამშრალი ტუჩებით ძლივს ამოვღერღე და უზარმაზარი ნერწყვი გადავაგორე აღელვებულმა.

ჩემი შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.

ერთხანს უხმოდ შევცქეროდით ერთმანეთს. ბოლოს მზერა ავარიდე, ვეღარ ვუძლებდი მის გამოხედვას.

- შემოდი, რას დგახარ? გაგიმარჯოს, - შემიპატიჟა და მომესალმა.

დამნაშავესავით შევაბიჯე თითქოს ციდან ჩამოვარდნილი ყოფილი შეფის ბინაში. ჰოლი გავიარე და სასტუმრო ოთახში ამოვყავი თავი. ფხიზლად უნდა ვიყო, რამე მახეს არ მიგებდეს... მაინც რამდენი დივანი დგას ამ ოთახში... არა, დივანზე ფიქრი არ გამომადგება...

- ბებიაჩემი ისევ... - მირზას მოვხედე და წამოვიწყე, მაგრამ ფრაზის დამთავრება არ დამცალდა, რადგან შევნიშნე - კარი საიმედოდ ჩარაზა. ზუსტად სამჯერ გადაატრიალა გასაღები და მომიბრუნდა.

- დაჯექი, ანიკა.

უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

- ბებია...

- ბებიაშენი საუცხოოდ გრძნობს თავს, - დამამშვიდა.

- შენ რა იცი? მართლა აქ იყო? - ლაპარაკი მიჭირდა, ძალა ერთიანად გამომეცალა, - ასე მგონია, სიზმარში ვარ.

შეფი ღიმმორეული შემომცქეროდა, თითქოს დაჟინებითაც. ამჯერად ირონია არა იგრძნობოდა მის ღიმილში.

წამები საუკუნედ მომეჩვენა. ანერვიულებული ჩანთის სახელურს ვაწვალებდი თითებით.

- ბებიაშენი მამაჩემთან ერთად ისადილებს და მერე მოტოციკლის ერთი ახალი მოდელის დასათვალიერებლად წავლენ. ქალბატონი ნინუცა ძალიან გახარებულია. სიმართლე გითხრა, გაოცებული ვარ. ამ ხნის ქალს ასე რომ უყვარდეს მოტოციკლი, დაუჯერებელია.

მირზას მამა!.. ესღა მაკლდა! ეტყობა, ბებია მაშინ მოვიდა აქ, როცა მამამისიც იყო. ნეტავ სად სადილობენ?

- მაპატიე... ძალიან ვწუხვარ... ხომ იცი, როგორი გულმავიწყია, რაღაცებს ურევს ხოლმე... ზოგჯერ თავის მობეზრებაც იცის, - ვლუღლუღებდი და იმასღა ვნატრობდი, როგორმე დროზე გამეღწია აქედან.

- ერთ-ორ საათში დაბრუნდებიან, - დამაიმედა მამაკაცმა, - ტყუილად ნერვიულობ, დაანებე მაგ ჩანთას თავი, თორემ ხელში შემოგეხევა.

- უკვე ვეღარ ვაზროვნებ. თვითონაც არ ვიცი, რას ვაკეთებ, ძალიან ვინერვიულე, - ვითომ ბებიაჩემის საქციელმა გამანერვიულა, - წავალ მაშინ მე და ორ საათში გამოვივლი... ან... თუ უხერხული არ იქნება, დავრეკავ.

- არა, მაგის უფლებას ვერ მოგცემ, ანიკა. აქედან შენ არსად არ წახვალ. ამ სახლს იქით სივრცე ძალიან დიდი და პრიმიტიულია, დაიბნევი.

მართლა დავიბენი, ვერ მივხვდი, რისი მინიშნება უნდოდა. გაოცებულმა გავხედე და ერთ ადგილზე გავშეშდი.

- ვერ გავიგე... - ენა დამება, ლამის ავცახცახდი, - შენ... შენ... რა, გარეთ ლოდინსაც მიკრძალავ? - გამომწვევად ვკითხე.

- ჰო, გიკრძალავ... ეს ყველაფერი მხოლოდ გავითამაშე... მინდოდა, რომ მე და შენ...

რაო? გავითამაშეო? ლამისაა, გული შემიღონდეს, ეს კრეტინი კი თურმე სპექტაკლებს აწყობს! არა, დამცინის, მასხრად მიგდებს, მნახა უპატრონო, რაღა!

- განმარტოებით გვესაუბრა, - დაამთავრა დაწყებული ფრაზა.

- გვესაუბრა? - კითხვით ფორმაში გადავიყვანე მისი ნათქვამი და შევეცადე, გონებაში რამე მაინც გამეაზრებინა.

- ჰო. მე და შენ და შენ და მე მოსალაპარაკებელი გვაქვს, უნდა გადავწყვიტოთ...

- შენ ხომ ახლა გერმანიაში უნდა იყო? განა ერთ კვირაში თუ ორში, აღარც მახსოვს, არ უნდა ჩამოსულიყავი?

- ერთ კვირაში თუ ორში, აღარც მე მახსოვს, უნდა ჩამოვსულიყავი, მაგრამ არ წავსულვარ. მინდოდა, წასვლამდე მენახე... უნდა მენახე.

ისე ვიყავი შოკირებული, დარწმუნებით ვერ გეტყოდით, ყბა თავის ადგილას მქონდა თუ არა, აშკარად ვგრძნობდი, როგორ მომეღრიცა.

- ჩემი ნახვა გინდოდა? - უაზროდ შევძახე და გონება ერთბაშად გამინათდა. ინტუიციით მივხვდი, რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული ექსშეფს. საინტერესოა, ამჯერად რა სიურპრიზს მომართმევს. თუმცა საეჭვოა, რამე გამოუვიდეს, უკვე კარგად ვიცნობ მის უდიდებულესობას!

- ტყუილად გადაგიდია ფრენა... ამაოდ დაგიკარგავს ძვირფასი დრო! არ მაინტერესებს, რისი თქმა გინდოდა, რატომ გადაწყვიტე ჩემთან დალაპარაკება და, საერთოდ... უნამუსობაა მოხუცი ქალის იმ სიშორიდან სპექტაკლში სათამაშოდ ჩამოყვანა და შენს ბუნდოვან საქმეებში გამოყენება.

- მომისმინე, ანიკა! გაჩუმდი, ერთი წუთით მეც მათქმევინე რაღაც, ხომ ხედავ, სიტყვა ვერ ჩავაგდე! - მოულოდნელად ხმას აუმაღლა, - შენი ხასიათის გადამკიდე ვერასოდეს ვილაპარაკებთ ნორმალურად. ბებიაშენს დააგვიანდება, ამიტომ აჯობებს, ჩამოვსხდეთ და ვისაუბროთ. თუ გინდა, მე ვილაპარაკებ, შენ მხოლოდ მომისმინე, სხვა არაფერი გევალება. ბევრი მაქვს შენთვის ასახსნელი.

ღმერთო, რა უნდა ამიხსნას? რაღაა ასახსნელი - იმ დღეს ბეწვზე გადავრჩი... ორივე თითქმის შიშვლები ვიყავით. ტელეფონს რომ არ დაერეკა, ისე გამჟიმავდა, თვალის დახამხამებას ვერ მოვასწრებდი. ვაიმე, რა საშინელი სიტყვაა ეს გაჟიმვა, ნეტავ ვინ მოიგონა?

ისევ დათმობა ვამჯობინე. უფრო რომ დამეძაბა სიტუაცია, შეიძლებოდა ძალაც კი ეხმარა. მე შენ გეტყვი, მოვერეოდი თუ რა? ახლა კი მართლა დამაწყებინა ცახცახი, კბილს კბილზე ვაცემინებდი, ისე შემეშინდა. რა ჯანდაბამ მომიყვანა აქ?

ირგვლივ მიმოვიხედე და ყველაზე ახლოს რომელი დივანიც იდგა, იმაზე ჩამოვჯექი.

ამ პატარა გამარჯვებით ფრთაშესხმულმა მირზამ სკამს წაავლო ხელი და გვერდით მომიჯდა.

- ბებიაშენი მე თვითონ ჩამოვიყვანე.

- შე-ენ? აბა, მძღოლიო?

- მეზობელს ასე ვუთხარით, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ აეტეხა.

- დილით გირეკავდი, მაგრამ პასუხი არ მაღირსე. ვიფიქრე, ქალბატონ ნინუცასთან გავივლი, ცოტა ხნით მოვიტაცებ და ამ ამბავს ანიკა რომ გაიგებს, ჩემთან გამოიქცევა-მეთქი.

- შინ არ ვიყავი, საქმეები მქონდა...

- ვიცი.

კი მაგრამ, რა იცის? რა ყველაფერი იცის ამ კაცმა!

- რა იცი?

- ის, რომ სამსახურის საძებნელად იყავი გავარდნილი.

გავწითლდი.

- ვინ გითხრა?

- არავინ, ჩემით მივხვდი. ჩემგან რომ წახვედი, ახალი ხომ უნდა გეპოვა რამე. ამიტომაც ვიფიქრე, ალბათ დარბის აღმა-დაღმა-მეთქი.

ოხ, როგორ შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი.

- არსადაც არ დავრბოდი. დაქალმა მითხრა, ჩვენთანაა ვაკანსია და გამოდიო.

- ეგ სად?

- არის ერთი ფირმა, - აღარ დავაკონკრეტე.

- ისევ მატყუებ... რატომ მატყუებ? ყოველთვის ასეთი მატყუარა იყავი?

თვალები დავხუჭე, რომ არ შემეხედა.

- ა, ანიკა! მიპასუხე, რომ გეკითხები.

- მატყუარა არ ვარ.

- კი ხარ, პატარა მატყუარა ხარ. მაშინ მითხარი, რომელ ფირმაში იყავი.

ისე ამოვიოხრე, კვნესა უფრო გამომივიდა.

- აი, ხომ ხედავ, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. კარგი, ნუ ნერვიულობ, არ ვიკბინები... და არც არაფერს ვაპირებ, მხეცი არ ვარ.

- ეგ არ მიფიქრია.

- გიფიქრია. შუბლზე გაწერია, რომ გეშინია, აქვე არ მიმაგდოს და არ მიხმაროსო. მაგის გამკეთებელი არ ვარ. ძალად დათრეული არც ქალი მინდა და არც არაფერი. ეგრე ჯერ არ დავცემულვარ. დამშვიდდი და მომისმინე. წილკანში რომ ჩავედი, მეგონა, შენც იქ დამხვდებოდი, სულაც არ მიფიქრია, რომ სამსახურის საძებნელად იქნებოდი გავარდნილი. ეს ისე ვთქვი, სხვათა შორის, და მოვარტყი. ბებიაშენი მელოდა, რადგან ერთი კვირით ადრე გავაფრთხილე, შაბათს გამოგივლი და ჩემთან სტუმრად წაგიყვან-მეთქი. შენგან განსხვავებით, სულაც არ შეშინებია, პირიქით, გაუხარდა.

რა უსინდისო კაცია! ბოდიში ხომ არ მოვუხადო, ამდენი რომ მატარა წინ და უკან?

- გინდა მოგიბოდიშო? - ყოველი შემთხვევისთვის, იქედნურად შევაგებე კითხვა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში