ჯეინ ეარი (თავი XIX) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XIX)

- კიდევ კარგი, რომ შევიფარეთ.

- დიახ, მთელი ღამე გარეთ რომ დარჩენილიყო, მეორე დილით უთუოდ მკვდარს ვნახავდით კართან. ნეტა, რა გადახდა?

- ჩემი აზრით, რაღაც დიდი გაჭირვება გადაუტანია. საბრალო, ღონებამიხდილი და ფერდაკარგული მოხეტიალე.

- მისი საუბრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, განათლებული ადამიანი ჩანს. დახვეწილად ლაპარაკობს, ტანისამოსიც, მართალია, ტალახიანი და შეწუწულია, მაგრამ ახალია და ძვირფასი.

- ძალიან თავისებური სახე აქვს, გამხდარი და დაქანცული, მაგრამ წარმომიდგენია, რა სასიამოვნო იქნებოდა, როდესაც არაფერი აწუხებდა და სიცოცხლე ჩქეფდა მასში.

მათ საუბარში ერთი სიტყვითაც კი არ იგრძნობოდა სინანული, რომ სტუმართმოყვარე ხელი გამომიწოდეს. ჩემდამი რამე ეჭვი ან სიძულვილი არ შემიმჩნევია. ეს მამშვიდებდა.

მისტერ სენტ-ჯონი მხოლოდ ერთხელ შემოვიდა, დამხედა და განაცხადა, რომ ჩემი ლეთარგიული მდგომარეობა ხანგრძლივი და მეტად დიდი გადაქანცვის შედეგი იყო. მისი აზრით, არც ექიმის მოყვანა იყო აუცილებელი. დარწმუნებული იყო, ჩემთვის ბუნება ყველაზე კარგი მკურნალი იქნებოდა. ისიც დასძინა: "მისი თითოეული ნერვი მეტისმეტად დაძაბულია და მთელი ორგანიზმი რამდენიმე ხანს სრულიად მშვიდ მდგომარეობაში უნდა იყოს". არავითარი ავადმყოფობა. მისი აზრით, როგორც კი გამოჯანმრთელებისკენ ერთხელ პირს ვიზამდი, ძალიან მალე კარგად გავხდებოდი. ეს მოსაზრებანი რამდენიმე სიტყვით, მშვიდად და დაბალი ხმით წარმოთქვა. ცოტა ხნის შემდეგ სიტყვაძვირი ადამიანის კილოთი დაუმატა, საკმაოდ უჩვეულო სახეა, არავითარი ზნედაცემულობა და გარყვნილობა არ იგრძნობაო.

- ნამდვილად, - გამოეხმაურა დიანა, - მართალი გითხრა, სენტ-ჯონ, ამ პატარა, საცოდავი არსებისადმი რაღაც თბილი გრძნობაც გამიჩნდა. ნეტა, შეგვეძლოს, მუდამ ჩვენი მფარველობის ქვეშ გვყავდეს.

- ეს საეჭვოა, - გაისმა პასუხად. - მალე გავიგებთ, რომ ამ ახალგაზრდა ლედის შელაპარაკება მოუვიდა თავის მეგობრებთან და, ალბათ, დაუფიქრებლად მიატოვა ისინი. იქნებ დავუბრუნოთ კიდეც თავის მეგობრებს, თუ არ გაჯიუტდა. მის სახეზე ისეთი ნებისყოფის გამომხატველ ხაზებს ვამჩნევ, ეჭვი მეპარება, დავიყოლიოთ.

ის იდგა და რამდენიმე წუთს მაკვირდებოდა. შემდეგ კვლავ დაუმატა:

- გონიერი სახე აქვს, მაგრამ ულამაზო.

- ახლა ხომ ძალიან ავად არის, სენტ-ჯონ.

- ავად იქნება თუ კარგად, მის სახეს არ ექნება ჰარმონიულობა და სინარნარე, რაც სილამაზეს ქმნის.

მესამე დღეს ცოტა მოვიხედე. მეოთხე დღეს შევძელი ლაპარაკი, მოძრაობა, საწოლში წამოჯდომა და გადაბრუნება. ჰანამ ფაფა და გაფიცხებული პური შემომიტანა, ვგონებ, დაახლოებით სადილობისას. სიამოვნებით შევექცეოდი. საჭმელი გემრიელი მეჩვენა. მას უკვე აღარ ჰქონდა სიცხისგან გამოწვეული ცუდი გემო, რომელიც ადრე ყოველ ლუკმას მიმწარებდა. ჰანა წავიდა. ვიგრძენი, ღონე და ენერგია მომმატებოდა. მომბეზრდა ლოგინში ასე დიდხანს წოლა. მსურდა გავნძრეულიყავი, საქმე გამეკეთებინა; მინდოდა წამოდგომა, მაგრამ რას ჩავიცვამდი? მხოლოდ ჩემს ნოტიოსა და მთლად ტალახში ამოსვრილ კაბას. იმ კაბაში მეძინა მიწაზე და ჭაობშიც იმით ჩავვარდი. მრცხვენოდა, ჩემს კეთილისმყოფლებს ასეთ სამოსში ვჩვენებოდი, მაგრამ ამ დამცირებისგან მიხსნეს.

ჩემს საწოლთან, სკამზე, ჩემი მშრალი და გაწმენდილი ტანსაცმელი დაეწყოთ. შავი აბრეშუმის კაბა კედელზე ეკიდა. არც ემჩნეოდა, ჭაობში იმით რომ ჩავვარდი. ერთი ადგილიც არ ჰქონდა ოდნავ დაჭმუჭნილი, ისე კარგად გაეუთოებინათ. სველი ფეხსაცმელი და მაღალყელიანი წინდები გაესუფთავებინათ და ჩაცმის მეტი არაფერი უნდოდა. პირის დასაბანი თასიც დაედგათ ოთახში; თმის ჯაგრისი და სავარცხელიც არ დავიწყებოდათ. როგორც იქნა, ჩავიცვი, მალე ვიღლებოდი და ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ვისვენებდი. ტანსაცმელი ზედ მეკიდა, იმდენად გავმხდარიყავი. ამ ნაკლის დასაფარავად შარფი მოვიხურე. კვლავ ჩვეულებრივად სუფთად და სათანადოდ ჩაცმული, - ისე, რომ აქ მქონდა ჭუჭყის არც ერთი ლაქა და უწესრიგობის ნიშანწყალი არ მეტყობოდა, - ქვის კიბით დაბლა ჩავედი. მოაჯირს ვეყრდნობოდი, გავიარე ვიწრო, დაბალჭერიანი ტალანი და სამზარეულოს მივადექი.

ახალგამომცხვარი პურისა და ცეცხლის სასიამოვნო სუნი ვიგრძენი, ჰანა აცხობდა. ყველასთვის ცნობილია, რაოდენ ძნელია ცრურწმენის აღმოფხვრა იმ ადამიანთა გულებიდან, რომელთაც განათლების ნათელი არ მოჰფენიათ. ისინი სარეველა ბალახებს ჰგვანან, შეუპოვრად რომ იზრდებიან ქვებს შორის. თავდაპირველად ჰანა ცივად და უხეშად შემხვდა. შემდეგ ცოტათი მოლბა, ხოლო, როდესაც წესიერად და სუფთად ჩაცმული დამინახა, გამიღიმა კიდეც.

- როგორ, უკვე ადექით? - მკითხა. - მაშ, უკეთ ხართ. თუ გნებავთ, ჩემს სკამზე დაჯექით, ბუხართან.

მან მიმითითა საქანელა სკამზე. დავჯექი. ის ფუსფუსებდა და თან დროდადრო ცალი თვალით მათვალიერებდა. ღუმელიდან პური გამოიღო, მომიბრუნდა და პირდაპირ მომახალა:

- სანამ აქ მოხვიდოდით, მოწყალებას თხოულობდით?

ერთ წუთს აღშფოთებამ შემიპყრო, მაგრამ მივხვდი, გაბრაზება არ შეიძლებოდა. მართლაც მათხოვარივით მივადექი კარზე. თავი შევიკავე და მშვიდად ვუპასუხე. ჩემს ხმაში გარკვეული სიმტკიცე მაინც ჩანდა.

- თქვენ ცდებით, მათხოვარი რომ გგონივართ. მე ისევე არ ვარ მათხოვარი, როგორც თქვენ და თქვენი ქალბატონები.

ცოტა ხნის შემდეგ ჰანამ დაუმატა:

- არაფერი მესმის. ვგონებ, არც სახლი უნდა გქონდეთ და არც ბრჭყვიალა ლითონი.

- თუ ადამიანს სახლი და ლითონი არა აქვს (ვგონებ, ლითონში ფულს გულისხმობდა), ეს არ ნიშნავს, რომ მათხოვარია, თუმცა თქვენ ასე გესმით.

- ნასწავლი ხართ? - მკითხა შემდეგ.

- დიახ. ძალიან.

- მაგრამ სკოლაში, ალბათ, არასოდეს გისწავლიათ?

- რვა წელი ვსწავლობდი სასწავლებელში.

ამის გაგონებაზე თვალები ჭყიტა.

- მაშ, რატომ არ შეგიძლიათ თავის რჩენა?

- თავს ვირჩენდი, და, იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება - რის გაკეთებას აპირებთ ამით? - ვკითხე, როდესაც ჰანამ ხილით სავსე კალათი გადმოიღო.

- ნამცხვრის.

- მომეცით და გაგირჩევთ.

- არა. არ მინდა საქმე გაგაკეთებინოთ.

- რაღაც ხომ უნდა ვაკეთო. მომეცით.

დამთანხმდა. სუფთა პირსახოციც კი მომიტანა კაბაზე გადასაფარებლად, რომ არ გამჭუჭყიანებოდა.

- ხელებზე გემჩნევათ, მოსამსახურეთა შრომა უცხოა თქვენთვის. მკერავი ხართ?

- არა, ჰანა. ნუ ცდილობთ, გაიგოთ, ვინ ვიყავი. თავს ნუ შეიწუხებთ ამაზე ფიქრით. მითხარით, რა ჰქვია ამ ადგილს, სადაც ჩვენ ვართ?

- ზოგი მას მარშენდს უწოდებს და ზოგი კიდევ მურჰაუსს.

- იმ ჯენტლმენს, აქ რომ ცხოვრობს, სენტ-ჯონი ჰქვია?

- არა, ის აქ არ ცხოვრობს. ცოტა ხნით არის ჩამოსული. ის მორტონში ცხოვრობს, თავის სამრევლოში.

- ეს სოფელი რამდენიმე მილითაა დაშორებული, არა?

- დიახ.

- ვინ არის სენტ-ჯონი?

- მღვდელია.

გამახსენდა მღვდლის სახლის მოხუცი მნის პასუხი, როდესაც ვთხოვე, მენახა სულიერი მამა.

- მაშ, ეს მამამისის სამფლობელოა?

- დიახ. აქ მოხუცი მისტერ რივერსი ცხოვრობდა. მისი მამა, მამის მამა და მის წინ კი დიდი პაპა.

- მაშ, იმ ჯენტლმენის გვარი და სახელი მისტერ სენტ-ჯონ რივერსია?

- დიახ. სენტ-ჯონი მისი ნათლობის სახელია.

- მისი დები კი დიანა და მერი რივერსები არიან?

- დიახ.

- მამა მკვდარი ჰყავთ?

- სამი კვირაა, რაც დამბლისგან გარდაიცვალა.

- დედა არ ჰყავთ?

- ამ სახლის დიასახლისი უკვე მრავალი წელია, რაც მოკვდა.

- დიდი ხანია ამ ოჯახში ცხოვრობთ?

- უკვე ოცდაათი წელია. სამივე ჩემი გაზრდილია.

- ეს ამტკიცებს, რომ პატიოსანი და ერთგული მსახური ყოფილხართ, თუმცა უზრდელობა გამოიჩინეთ - მათხოვარი მიწოდეთ...

კვლავ განცვიფრებით მომაშტერდა.

- მე მგონია, - თქვა მან, - მცდარი აზრის ვიყავი თქვენზე. მაგრამ იმდენი უპატრონო ადამიანი დაეხეტება ამქვეყნად, რომ უნდა მაპატიოთ.

- და ჩემი განდევნაც კი გინდოდათ იმ ღამეს, - განვაგრძობდი საკმაოდ მკაცრად, - როდესაც ადამიანი ძაღლსაც არ გაიმეტებდა გარეთ გასაგდებად.

- მართალია, ძალიან ცუდად მომივიდა. მაგრამ რას იზამთ? ჩემი თავი არ მადარდებდა, ბავშვებზე ვფიქრობდი. საწყლები! ამქვეყნად ჩემ გარდა არავინ ჰყავთ მიმხედავი. ძალაუნებურად მკაცრი უნდა ვიყო.

რამდენიმე ხანს უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

- ცუდად ნუ გამიგებთ, - კვლავ მომმართა მან.

- მაგრამ მაინც ცუდი აზრის ვარ თქვენზე, - ვუპასუხე, - და გეტყვით, რატომ: იმიტომ კი არა, რომ არ გინდოდათ შეგევრდომებინეთ და მატყუარად ჩამთვალეთ, არამედ იმიტომ, რომ მისაყვედურეთ, "ლითონი" და სახლი არ გაგაჩნიაო. ამქვეყნად ძალიან ბევრი კარგი ადამიანია ჩემსავით გაჭირვებული და თქვენ თუ ქრისტიანი ხართ, სიღარიბე დანაშაულად არ უნდა მიიჩნიოთ.

- აღარც მივიჩნევ, - მითხრა მან. - ამასვე მეუბნება ხოლმე სენტ-ჯონი. ახლა ვხედავ, ის მართალია და მე ვცდებოდი. თქვენზე სულ სხვა აზრისა ვარ ახლა. მართლაცდა, პატარა, კეთილი არსება ხართ.

- მაშ, კარგი. გაპატიებთ. მოდით, ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს.

მან თავისი ფქვილიანი, დაკოჟრებული ხელი ჩამომართვა. უხეში სახე თბილმა, კეთილმა ღიმილმა გაუნათა. იმ წუთიდან დავმეგობრდით.

ჰანას, როგორც ჩანს, ლაპარაკი უყვარდა. ვიდრე მე ხილს ვარჩევდი და ის ნამცხვრის ცომს ზელდა, დაწვრილებით მიამბო თავის განსვენებულ ბატონსა და ქალბატონზე, "ბავშვებზე", როგორც ის სენტ-ჯონს, დიანასა და მერის უწოდებდა.

მოხუცებული მისტერ რივერსი, როგორც მან მიამბო, ძალიან უბრალო ადამიანი ყოფილა, მაგრამ ნამდვილი ჯენტლმენი, თანაც უძველესი ოჯახიშვილი. მარშენდი ორასი წელია რაც აუშენებიათ და დღიდან არსებობისა რევერსებს ეკუთვნოდა. მართალია, - მიამბობდა ჰანა, - გარეგნულად ის პატარა, წყნარი სახლია და არაფრით ჰგავს მისტერ ოლივერის სასახლეს მორტონ ვეილში, მაგრამ ისიც კარგად მახსოვს, - განაგრძობდა ის, - ბილ ოლივერის მამა როგორ მუშაობდა დღიურ მუშად ნემსების ქარხანაში, მაშინ როდესაც რივერსები, ჯერ კიდევ მეფე ჰენრიხ VIII-ს დროს, აზნაურთა გვარს ეკუთვნოდნენ. ამაში ყველა დარწმუნდება, თუ სარეგისტრაციო დავთარს დაათვალიერებს, რომელიც მორტონის ეკლესიაში ინახება. მოხუცი რივერსი თავის წინაპრებს ჰგავდა. მასაც, წინაპრებივით, გატაცებით უყვარდა ნადირობა, მამულის მოვლა და სხვა ამგვარი საქმიანობა. ქალბატონი სრულიად განსხვავდებოდა მისგან. ის კითხვის დიდი მოყვარული იყო და სულ სწავლობდა, ბავშვებიც მას დაემსგავსნენ, ამ მხარეში მათ არავინ ჰგავს, - მიამბობდა ჰანა. - როგორც კი ლაპარაკი შეძლეს, მეცადინეობა შეიყვარეს და სულ რაღაცას სწავლობდნენ, ყოველთვის ყველგან გამოირჩეოდნენ. მისტერ სენტ-ჯონი წამოიზარდა თუ არა, კოლეჯში მიაბარეს და მღვდლად აკურთხეს; ხოლო გოგონებმა, დაამთავრეს თუ არა სასწავლებელი, აღმზრდელებად დაიწყეს მუშაობა. როგორც მათ უთქვამთ ჰანასთვის, მოხუცებულ მისტერ რივერსს რამდენიმე წლის წინ უამრავი ფული დაუკარგავს ერთი ადამიანის გამო, რომელსაც ენდობოდა. იმ ადამიანს თავი გაკოტრებულად გამოუცხადებია. მოხუცებულ რივერსს უკვე აღარ შეეძლო გოგონებისთვის მათი წილი ქონება დაეტოვებინა და ამიტომ მათ თავად უნდა ეზრუნათ თავიანთ თავზე. დები აქ თითქმის არ ცხოვრობენ, - თქვა ერთგულმა მსახურმა, - და ახლაც მამის გარდაცვალების გამო ჩამოვიდნენ რამდენიმე კვირით. ისე კი, მათ ძალიან უყვართ მარშენდი, მორტონი, ირგვლივ მდებარე მანანით მოფენილი ადგილები და გორაკები. ყოფილან ლონდონსა და ბევრ სხვა დიდ ქალაქში, მაგრამ ამბობენ, რომ მათ მშობლიურ სახლს ვერაფერი შეედრება. შეხმატკბილებულნი არიან: არასოდეს გამოდიან მოთმინებიდან და არც არასოდეს კინკლაობენ. ასეთი წყნარი ოჯახი არსად მეგულება, - დაამთავრა ჰანამ თხრობა.

ამ დროისთვის მეც მოვრჩი ხილის გარჩევას და ვკითხე, სად არიან დები ან მათი ძმა-მეთქი.

- სასეირნოდ წავიდნენ მორტონისკენ, მაგრამ, ალბათ, საუზმისათვის ნახევარ საათში უკან დაბრუნდებიან.

მართლაც, ისინი ჰანას მიერ დათქმული დროისთვის დაბრუნდნენ, სამზარეულოს კარით შემოვიდნენ. მისტერ სენტ-ჯონმა თავი ოდნავ დამიკრა და ჩამიარა. ქალიშვილები შეჩერდნენ. მერიმ რამდენიმე სიტყვით წყნარად და გულთბილად გამოხატა სიამოვნება, რომ უკვე ასე კარგად ვარ და დაბლა ჩამოსვლა შევძელი. დიანამ ხელი ჩამომართვა და თავი გააქნია.

- უნდა დაგეცადათ, ვიდრე ნებას დაგრთავდით, რომ ჩამოსულიყავით, - მითხრა მან. - ჯერ კიდევ ფერწასული და გამხდარი ხართ! საბრალო გოგონა! საწყალი ბავშვი!

დიანას ხმა მტრედის ღუღუნივით მესმოდა. მისი მზერა უზომო სიამოვნებას მგვრიდა. სახე მომხიბვლელი მეჩვენებოდა. მერის ჭკვიანი გამომეტყველება ჰქონდა, სახის ნაკვთებიც ლამაზი, მაგრამ გულჩათხრობილი იყო. საკმაოდ ნაზად, მაგრამ თავდაჭერილად იქცეოდა. დიანას გამოხედვასა და ლაპარაკში რაღაც ძალა იგრძნობოდა. ეტყობოდა, დიდი ნებისყოფის პატრონი უნდა ყოფილიყო. ნამდვილად მსიამოვნებდა, რომ ეს გოგონა თავისი სიძლიერით მიმორჩილებდა. ასეთი იყო ჩემი ბუნება: ძლიერი ნებისყოფის წინაშე ქედს ვიხრიდი, ოღონდ თუ ეს ჩემს სინდისსა და თავმოყვარეობას არ შეურაცხყოფდა.

- აქ რას აკეთებთ? - განაგრძობდა ის. - თქვენი ადგილი აქ არ არის. მე და მერი ზოგჯერ ჩამოვდივართ აქ, რადგანაც ჩვენს სახლში თავისუფლებით ვსარგებლობთ და თავს ამის ნებას ვაძლევთ, მაგრამ თქვენ სტუმარი ხართ და სასტუმრო ოთახში უნდა შეხვიდეთ.

- აქ თავს კარგად ვგრძნობ.

- სრულებითაც არა. ჰანა აქ საქმიანობს და ფქვილი გეყრებათ.

- გარდა ამისა, აქ ძალიან დაგცხებათ, - ჩაურთო მერიმ.

- რასაკვირველია, - დაუმატა მისმა დამ. - წამოდით, უნდა დამემორჩილოთ, - ხელი არ გაუშვია, ისე ამაყენა და ოთახში შემიყვანა.

- აქ დაჯექით, - მითხრა და დივანზე დამსვა, - ვიდრე კაბებს გამოვიცვლით და ჩაის მოვამზადებთ. ამ უპირატესობითაც ვსარგებლობთ ამ ჩვენს პატარა, ჭალებით გარშემორტყმულ სახლში - თვითონ ვამზადებთ საჭმელს, როდესაც გვინდა ან როდესაც ჰანას არ სცალია: აცხობს, ლუდს ხდის, რეცხავს ან აუთოებს.

მან კარი გაიხურა და სენტ-ჯონთან მარტო დამტოვა. სენტ-ჯონი ჩემ პირდაპირ იჯდა. ხელში წიგნი თუ გაზეთი ეჭირა. მე ჯერ სასტუმრო ოთახი შევათვალიერე და შემდეგ მისი პატრონი.

პატარა ოთახი იყო, უბრალო ავეჯით მოწყობილი, მაგრამ საკმაოდ მყუდრო, რადგან აქ სისუფთავე და წესრიგი სუფევდა. ძველებური სავარძლები ბრწყინავდნენ; ხოლო კაკლის ხის მაგიდა სარკესავით პრიალებდა. შეღებილ კედლებს გარდასულ დროთა რამდენიმე უცნაური მამაკაცისა და ქალის სურათი ამშვენებდა. მინისკარებიან კარადაში წიგნები და ძველებური ფაიფურის ჭურჭელი ელაგა. ოთახში ზედმეტი არაფერი იდგა. არავითარი ახალი ავეჯი, გარდა ორი დაწნული სამუშაო კალათისა და ვარდის ხისგან გაკეთებული საწერი მაგიდისა გოგონებისთვის, რომელიც მოშორებით იდგა. ყველაფერი, თვით ხალიჩებიცა და ფარდებიც დიდი ხნის ჩანდა, მაგრამ კარგად იყო მოვლილი.

მისტერ სენტ-ჯონი კედელზე ჩამოკიდებულ ფერგადასულ სურათს მიაგავდა. ხმას არ იღებდა და წიგნს თვალს არ აცილებდა. მთელი გულისყურით კითხულობდა. ბაგე მოეკუმა. ადამიანის ნაცვლად ქანდაკება რომ ყოფილიყო ჩემ წინ, ალბათ, ამაზე ადვილად ვერ დავათვალიერებდი. ახალგაზრდა იყო, დაახლოებით ოცდარვა თუ ოცდაათი წლის: მაღალი, ტანადი, თვალს იტაცებდა მისი სახე: ბერძნული სახე, დახვეწილი ნაკვთები, სწორი, კლასიკური ცხვირი; ათინური ბაგე და ნიკაპი. ძალიან იშვიათად, რომ ინგლისელს ესოდენ ანტიკური გარეგნობა ჰქონდეს. ცხადია, გაოცდებოდა, რომ ჩემი სახის ნაკვთებს შორის არავითარი ჰარმონიულობა არ იყო, მაშინ როდესაც თვითონ სრულიად უნაკლო იყო. დიდი, ცისფერი თვალები ჰქონდა და წაბლისფერი წამწამები. მაღალ, სპილოსძვლისფერ შუბლს ოდნავ უფარავდა ქერა კულულები.

მართლაც ნაზი სახე აღვწერე, მკითხველო, არა? მაგრამ ამ სახის პატრონი სრულებით არ ტოვებდა ნაზი, დამთმობი, შთაგონებული ან თუნდაც მშვიდი ბუნების ადამიანის შთაბეჭდილებას. უძრავად იჯდა, მაგრამ ცხვირის, პირისა და წარბების მოხაზულობაში ვხედავდი რაღაცას, რაც, ჩემი აზრით, მის დაუდგრომელ, მკაცრ თუ თავშეკავებულ ხასიათზე მეტყველებდა. ერთი სიტყვაც არ უთქვამს ჩემთვის, ერთხელაც არ შემოუხედავს, ვიდრე მისი დები დაბრუნდებოდნენ. დიანა ჩაის მზადებით იყო გართული. ის ხან შემოვიდოდა და ხან გავიდოდა ოთახიდან. მალე ღუმელში გამომცხვარი ნამცხვრის ნაჭერი შემომიტანა.

- შეჭამეთ ეს ახლა, ალბათ, მოგშივდებოდათ. ჰანა ამბობს, რომ საუზმის შემდეგ ფაფის მეტი არაფერი მოუცია თქვენთვის.

უარი არ მითქვამს, რადგან მადა გამღვიძებოდა და მშიოდა. მისტერ რივერსმა ახლა კი დახურა წიგნი, მაგიდას მოუახლოვდა, დაჯდა და თავისი ცისფერი, კალმით ნახატი, ლამაზი თვალები მომაპყრო. მათში მოურიდებელი პირდაპირობა გამოსჭვიოდა. მზერა მტკიცე, სულში ჩამწვდომი ჰქონდა. მივხვდი, ის ამდენ ხანს თვალს მარიდებდა არა იმიტომ, რომ ვერ ბედავდა შემოხედვას, არამედ ასე სურდა.

- ძალიან მოგშიებიათ, - მითხრა მან.

- დიახ, სერ.

ჩემი ჩვეულებაა, მოკლე კითხვას ასევე მოკლედ ვუპასუხო, პირდაპირობას პირდაპირობით შევხვდე.

- ძალიან კარგია თქვენთვის, რომ მაღალი სიცხის გამო ამ სამი დღის განმავლობაში არ ჭამდით. საშიში იქნებოდა, თავიდანვე კარგი მადა გქონოდათ. ამჟამად კი შეგიძლიათ მიირთვათ, თუმცა ჯერ კიდევ ზომიერად.

- იმედი მაქვს, დიდხანს არ მომიხდება თქვენს ხარჯზე ცხოვრება, სერ, - ვუპასუხე თავშეკავებულად, თუმცა მეტად უზრდელად.

- არა, - მითხრა მან ცივად, - როგორც კი მეტყვით თქვენი მეგობრების მისამართს, მივწერ მათ და შეგეძლებათ შინ დაბრუნება.

- გულახდილად უნდა გითხრათ, ეს ჩემს ძალას აღემატება: არც სახლი გამაჩნია და არც მეგობარი.

სამივემ შემომხედა, თუმცა არა უნდობლად. მათ მზერაში არ იგრძნობოდა ეჭვი, ის უფრო ცნობისმოყვარეობას ამჟღავნებდა. მაგრამ, მკითხველო, მე მხედველობაში მხოლოდ ქალები მყავს. სენტ-ჯონის თვალებში ვერაფერს წაიკითხავდით, თუმცა ისინი ნათელი და მოკრიალებული იყო. ჩანდა, მათი პატრონი სხვისი ფიქრების წასაკითხად უფრო იყენებდა მათ, ვიდრე საკუთარის გასამჟღავნებლად. სხვის სულში ჩაწვდომა და საკუთარი გრძნობების დამალვა კარგად ეთანხმებოდა ერთმანეთს ადამიანის ასაღელვებლად და არა დასამშვიდებლად.

- გინდათ თქვათ, - მკითხა მან, - რომ მთელ ქვეყანაზე არავისთან არაფერი გაკავშირებთ?

- დიახ. არავისთან არაფერი მაკავშირებს. არც არავითარი უფლება მაქვს აქ, ინგლისში, მოვთხოვო ვინმეს, თავის ჭერქვეშ მომიაროს.

- ეს თქვენს ასაკში მეტად უცნაური ამბავია!

ამის თქმაზე შევნიშნე, მისი მზერა ჩემს ხელებს მისწვდა. ხელები ამ დროს წინ, მაგიდაზე მეწყო. გამიკვირდა, რა უნდა-მეთქი, მაგრამ მისმა სიტყვებმა მაშინვე მიმახვედრა.

- გათხოვილი არ ყოფილხართ? შინაბერა ხართ?

- ის ხომ ჯერ ჩვიდმეტ-თვრამეტი წლისაზე მეტის არ იქნება, სენტ-ჯონ, - გაიცინა დიანამ.

- ცხრამეტის ვხდები, მაგრამ გათხოვილი არა ვარ. დიახ, არა.

ვიგრძენი, სახეზე ალმური მომედო. გათხოვების ხსენებამ მწარე და ამაღელვებელი მოგონებები ამიშალა.

სამივემ შემატყო შეშფოთება და აღელვება. დიანამ და მერიმ ჩემს ავარდისფერებულ სახეს თვალი მოარიდეს. ამ მხრივ შვება ვიგრძენი, მაგრამ მათი გულქვა და მკაცრი ძმა თვალს არ მაცილებდა, ვიდრე ამ აღელვებამ სიწითლესთან ერთად არ ამატირა კიდეც.

- ბოლოს სად ცხოვრობდით? - მკითხა შემდეგ.

- მეტისმეტად ბევრს ეკითხები, სენტ-ჯონ, - ჩაილაპარაკა მერიმ დაბალი ხმით. მაგრამ სენტ-ჯონი მაგიდას დაეყრდნო და პასუხს ითხოვდა. მზერა კვლავ მტკიცე და გულში ჩამწვდომი ჰქონდა.

- სახლი, სადაც ვცხოვრობდი და სახელი იმ ადამიანისა, ვისთანაც ერთად ვცხოვრობდი, ჩემი საიდუმლოა, - მივუგე მოკლედ.

- და ეს საიდუმლო, ჩემი აზრით, სრული უფლება გაქვთ არც სენტ-ჯონს უთხრათ და არც ვინმე სხვას, თუ არ გსურთ, - შენიშნა დიანამ.

- მაგრამ, თუ არაფერი მეცოდინება თქვენ შესახებ, ვერ დაგეხმარებით, - წარმოთქვა სენტ-ჯონმა, - დახმარება კი გჭირდებათ. განა ასე არაა?

- დიახ, მჭირდება და ვეძებ მას, სერ, ვიდრე რომელიმე კაცთმოყვარე ადამიანი არ მომცემს ისეთ სამუშაოს, რომლის შესრულებას შევძლებ და აღებული გასამრჯელოთი ვიცხოვრებ. ყოველ შემთხვევაში ეს გასამრჯელო ცხოვრების საჭირო მინიმუმისათვის საკმარისი იქნება.

- არ ვიცი, კაცთმოყვარე ვარ თუ არა, მაგრამ ძალიან მინდა დაგეხმაროთ, როგორც კი შემეძლება. ამიტომ, უპირველესად მითხარით, რას აკეთებდით და რა შეგიძლიათ?

როგორც იქნა, ჩაი მოვსვი. სასმელმა მხნეობა დამიბრუნა. იმ ღვინოსავით მომამაგრა, გოლიათს რომ მატებს ხოლმე ძალას. აღელვებული ნერვები დამიმშვიდდა და შემაძლებინა ამ ახალგაზრდა მოსამართლის სულში ჩამწვდომ სიტყვებს მტკიცედ დავხვედროდი.

- მისტერ რივერს, - მივუბრუნდი მას და ისევე პირდაპირ და მოურიდებლად ვუმზერდი, როგორც თვითონ მიყურებდა: - თქვენ და თქვენმა დებმა დიდი სამსახური გამიწიეთ. უდიდესი სამსახური, რომელიც ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანს აღმოუჩინოს. თქვენი კეთილშობილური სტუმართმოყვარეობით სიკვდილისგან მიხსენით. თქვენ მიერ აღმოჩენილი დახმარება მავალდებულებს მადლიერი და შეძლებისდაგვარად გულახდილი ვიყო. ამიტომაც მინდა იმ მოხეტიალის ამბავი გიამბოთ, რომელიც შეიფარეთ. გიამბობთ ისე, რომ არ დავირღვიო სულის სიმშვიდე, არ დავიქანცო არც გონებრივად, არც ფიზიკურად და არც სხვები დავქანცო.

- მე ობოლი ვარ. მღვდლის ქალიშვილი, მშობლები არ მახსოვს. ადრე გარდაიცვალნენ. ვიზრდებოდი სხვის კარზე. სწავლა-განათლება საქველმოქმედო სასწავლებელში მივიღე. დაგისახელებთ სასწავლებლის სახელს, სადაც რვა წელი დავყავი: ექვსი, როგორც მოსწავლემ, და ორიც - როგორც მასწავლებელმა. ეს გახლავთ ობოლ ბავშვთა ლოვუდის თავშესაფარი - შაირის საგრაფოში. ალბათ, გსმენიათ მასზე, მისტერ რივერს? ამ სასწავლებლის მნეა დიდად პატივცემული რობერტ ბროკლეჰერსტი.

- მისტერ ბროკლეჰერსტზე გამიგია და სასწავლებელიც მინახვს.

- დაახლოებით ერთი წლის წინ ლოვუდი დავტოვე და გადავწყვიტე, აღმზრდელად დამეწყო კერძო ოჯახში მუშაობა. კარგი ადგილი ვიშოვე და ბედნიერიც ვიყავი. აი, ამ ოჯახის დატოვება მომიხდა ოთხი დღის წინ, ვიდრე აქ მოვიდოდი. წამოსვლის მიზეზს ვერ გეტყვით და არც უნდა გითხრათ. ამის თქმა უსარგებლოა და სახიფათოც. ალბათ, დაუჯერებლადაც მოგეჩვენებათ. ამ საქმეში ბრალი არა მაქვს. ისევე უდანაშაულო ვარ, როგორც თითოეული თქვენგანი. ერთი ცხადია - უბედური ვარ და რამდენიმე ხანს კიდევ ასე ვიქნები, რადგან საშინელმა, უცნაურმა უბედურებამ გამომაგდო იმ სახლიდან, სადაც ოდესღაც სამოთხე ვიპოვე. მხოლოდ ორი რამ მამოძრავდებდა: რაც შეიძლება სწრაფად და ფარულად დამეტოვებინა იქაურობა. ამიტომ იძულებული ვიყავი, ყველაფერი, რაც გამაჩნდა, დამეტოვებინა და თან მხოლოდ პატარა ბოხჩა წამომეღო. ისიც, გონებაარეულს, სიჩქარით იმ ეტლში დამრჩა, უიტკროსში რომ მომიყვანა. ასე რომ, ამ არემარეში სრულიად უფულოდ აღმოვჩნდი. ორი ღამე ღია ცის ქვეშ მეძინა. ორი დღე ისე დავეხეტებოდი, რომ არც ერთი სახლის ზღურბლზე ფეხი არ გადამიდგამს. ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ორჯერ ვჭამე საჭმელი; და სწორედ იმ დროს, როდესაც შიმშილმა, სისუსტემ და სასოწარკვეთილებამ სიკვდილის პირას მიმიყვანა, თქვენ, მისტერ რივერს, არ დაუშვით, რომ გაჭირვებით სული ამომსვლოდა და თქვენს ჭერქვეშ შემიფარეთ. კარგად ვიცი, რაც თქვენმა დებმა გააკეთეს ჩემთვის. მაშინაც კი, როცა გულწასული ვიყავი, გონება წუთითაც არ დამიკარგავს. უზომოდ მადლიერი ვარ თქვენი დების უშუალო, ჭეშმარიტი, კეთილი თანაგრძნობისა და თქვენი ღვთიური ქველმოქმედებისა.

- მეტს ნუღარ ალაპარაკებ, სენტ-ჯონ, - უთხრა დიანამ, როდესაც შევჩერდი. - რასაკვირველია, ჯერ კიდევ არ შეიძლება მისთვის აღელვება. ახლა მოდით და დივანზე დაჯექით, მის ელიოტ.

ჩემდა უნებურად შევცბუნდი ამ გამოგონილი სახელის გაგონებაზე. უკვე დამვიწყებოდა ჩემი ახალი გვარი. მისტერ რივერსს, რომელსაც, როგორც ჩანს, არაფერი გამოეპარებოდა, არც ეს დარჩენია შეუმჩნეველი.

- თქვენ თქვით, რომ ჯეინ ელიოტი ხართ, - შენიშნა მან.

- დიახ, ასეა. ეს სახელია, რომელიც უნდა მერქვას ამჟამად. ეს არ არის ჩემი ნამდვილი გვარი. ამიტომაც მეხამუშება მისი გაგონება.

- თქვენს ნამდვილ სახელსა და გვარს, რასაკვირველია, არ გვეტყვით?

- არა. ყველაზე მეტად ამის გამჟღავნების მეშინია. ამიტომ მისკენ მიმავალ ყოველ საშუალებას ვსპობ.

- თქვენ სრულიად მართალი ხართ, დარწმუნებული ვარ, - თქვა დიანამ. - ახლა კი, გთხოვთ, ძმაო, ცოტა ხანს დაანებეთ თავი, რომ დამშვიდდეს.

მაგრამ რამდენიმე ხნის ფიქრის შემდეგ მან კვლავ აღუშფოთებლად და კვლავ ისეთივე სულში ჩამწვდომი მზერით განაგრძო:

- თქვენ, ალბათ, არ მოინდომებთ დიდხანს ისარგებლოთ ჩვენი სტუმართმოყვარეობით. როგორც ვხედავ, მოისურვებთ, რაც შეიძლება მალე გაითავისუფლოთ თავი ჩემი დების ზრუნვისა და ყველაზე მეტად ჩემი ქველმოქმედებისგან (კარგად მესმის ეს სხვაობა და არც შეურაცხყოფილი ვარ. ასეც უნდა იყოს). გინდათ თავისუფალი იყოთ ჩვენგან?

- დიახ, ასეა, აკი გითხარით კიდეც, მიჩვენეთ, როგორ ვიშრომო ან როგორ ვიშოვო სამუშაო. სულ ეს არის ჩემი თხოვნა ახლა. როცა ვიშოვი, ნება მომეცით, თუნდაც ის უღარიბესი ქოხი იყოს, მაინც წავიდე. მანამდე კი ნება დამრთეთ, აქ დავრჩე. შიშის ზარს მცემს, რომ კვლავ უსახლკაროდ და უგროშოდ ხეტიალი მომიწევს.

- რასაკვირველია, უნდა დარჩეთ, - მითხრა დიანამ და თავისი თეთრი ხელი თავზე გადამისვა.

- უნდა დარჩეთ, - გაიმეორა მერიმ იმ ფარული გულწრფელობით, რომელიც მას სჩვეოდა.

- თქვენ ხედავთ, ჩემს დებს დიდ სიამოვნებას ანიჭებს თქვენზე ზრუნვა, - წარმოთქვა სენტ-ჯონმა, ასევე სასიამოვნო იქნებოდა მათთვის ზამთრის ყინვიანი ქარისაგან ბუდიდან დამფრთხალი, გათოშილი ბეღურების მოვლა-პატრონობა. თავი რომ ირჩინოთ, ძალ-ღონეს არ დავზოგავ ამისთვის. მაგრამ იცოდეთ: ჩემი შესაძლებლობანი ძალიან შეზღუდულია. მე ხომ მხოლოდ ერთი ღარიბი სოფლის მრევლის მღვდელი ვარ. ჩემი დახმარება ყველაზე უბრალო იქნება და, თუ თქვენ გძულთ ასეთი უბრალო, სადა ცხოვრება, ეძიეთ უფრო კარგი სამუშაო, ვიდრე მე შემიძლია შემოგთავაზოთ.

- მან უკვე თქვა, რომ ყოველგვარ პატიოსან საქმეს მოჰკიდებს ხელს, თუკი ეს მის ძალას არ აღემატება, - ჩემ მაგივრად უპასუხა დიანამ.

- და შენ იცი, სენტ-ჯონ, მას მეტი არავინ ჰყავს დამხმარე. ის იძულებულია ისეთ მკაცრ ადამიანს დაეყრდნოს, როგორიც შენ ხარ.

- მკერავადაც ვიმუშავებ, არ დავიწუნებ არც უბრალო სამუშაოს; მოსამსახურედ წავალ, მომვლელადაც, თუ უკეთეს სამუშაოზე ვერ გამოვდგები, - ვუპასუხე.

- კარგი, - თქვა სენტ-ჯონმა ცივად, - თუ ასეთი განზრახვა გაქვთ, გპირდებით დახმარებას, როგორც შევძლებ.

ამის შემდეგ ისევ წიგნს დაუბრუნდა, რომელსაც ჩაის შემოტანამდე კითხულობდა. სანამ ჩემი დღევანდელი სისუსტე ნებას მაძლევდა, ვიჯექი და ვლაპარაკობდი. დავიღალე, ავდექი და ოთახიდან გავედი.

თავი ოცდამეათე

რაც უფრო ვეცნობოდი მურ-ჰაუსის მცხოვრებთ, მით უფრო მეტად მომწონდნენ ისინი. რამდენიმე დღეში იმდენად მოვიკეთე, მთელ დღეს შემეძლო ფეხზე ყოფნა. სეირნობაც შევძელი. ახლა უკვე ვმონაწილეობდი დიანასა და მერის ყოველდღიურ საქმიანობაში. ვსაუბრობდი მათთან, რამდენ ხანსაც სურდათ. მზად ვიყავი, დავხმარებოდი ყველაფერში, თუ ისინი ამის ნებას მომცემდნენ. ეს ურთიერთობა ჩემთვის აქამდე უცნობი, მაცოცხლებელი სიამოვნების წყაროდ მექცა. ამ სიამოვნებას გემოვნებათა, გრძნობათა და აზრთა ერთიანობა ქმნიდა.

მომწონდა ის წიგნები, რომლებიც მათ მოსწონდათ; რაც მათ სიამოვნებდათ, მეც გულს სიამით მივსებდა; რასაც ისინი მხარს უჭერდნენ, მეც პატივისცემით ვეპყრობოდი. დიანასა და მერის უყვარდათ თავიანთი განმარტოებით მდგარი სახლი და მეც მიზიდავდა ეს რუხი, პატარა, ძველებური სწორსახურავიანი შენობა გისოსებიანი ფანჯრებით, უკვე სიძველისგან ბზარშეპარული კედლები, ბებერი ნაძვის ხეების ხეივანი, სადაც ხეები მთიდან მოვარდნილ ხშირ ქარებს დაეჯაბნათ და გვერდზე გადაეხარათ; მომწონდა ურთხლითა და დეკათი დაბურული ბაღი, სადაც მხოლოდ ამტანი ყვავილები იზრდებოდნენ. აი, აქ ვიპოვე მაცოცხლებელი და მუდმივი ნეტარების წყარო. ისინი შეჩვეოდნენ საცხოვრებლის ირგვლივ მანანით დაფარულ ადგილებს, დაცემულ ველს. ამ სახლის ალაყაფის კართან იწყებოდა კენჭებით დაფარული საცხენოსნო გზა და ველზე გადიოდა. გზა ჯერ გვიმრებს შორის მიიკლაკნებოდა და შემდეგ ტრამალებში ჩასმულ პატარა, უკაცრიელ საძოვარ მინდვრებზე გადიოდა. ამ მინდვრებში ცხვრის რუხი ფარა გაფანტულიყო ხაოიანდრუნჩიანი ბატკნებით. აი, ამ ადგილს შეჩვეოდნენ-მეთქი ისინი და დიდად ახარებდათ ყოველივე ამის დანახვა. ეს გრძნობა კარგად მესმოდა. ვხედავდი, რამდენად ძლიერი და ნამდვილი იყო იგი, რაოდენ მიმზიდველი. ვგრძნობდი მის სიწმინდეს, სიმყუდროვეს. მსიამოვნებდა, როდესაც გავცქეროდი პატარა ბორცვებსა და კლაკნილ ბილიკს. თვალს მტაცებდა ხავსი, მანანები, ყვავილებით დაწინწკლული კორდები, რომლებიც მთებსა და ველებს ჭიატა ფერებით ხატავდა. ამ ყველაფერს მეც მათსავით აღვიქვამდი როგორც ნამდვილსა და ნეტარი სიამოვნების წყაროს. ძლიერი ქარი თუ მსუბუქი ნიავი; ცუდი ამინდი თუ უშფოთველი დღეები; მზის ამოსვლა თუ ჩასვლა; მთვარით გაკაშკაშებული თუ შავბნელი ღრუბლებით ჩამუქებული ღამე ისეთივე მიმზიდველი იყო ჩემთვის, როგორც მათთვის; ისევე მიხარებდა სულსა და გულს, როგორც მათ.

სახლშიც ასევე შეხმატკბილებულად ვცხოვრობდით. დები ჩემზე უკეთ ნასწავლი და ნაკითხნი იყვნენ. ბეჯითად დავადექი ცოდნისკენ მიმავალ გზას, რომელიც მათ უკვე გაევლოთ. ხარბად დავეწაფე მათ მიერ მოცემულ წიგნებს. საღამოობით ერთად ვმსჯელობდით წაკითხულზე და კმაყოფილი ვიყავი. აზრი აზრს ხვდებოდა, ფიქრი ფიქრს. ერთი სიტყვით, სრული სიმშვიდე და ურთიერთგაგება დამყარდა ჩვენ შორის.

სამთაგან თუ რომელიმეს უპირატესობა და წამყვანი როლი ჰქონდა, ეს დიანა იყო. გარეგნულად ის მჯობდა. ლამაზი იყო, ამავე დროს ენერგიულიც. მის მხიარულებაში იმდენი სასიცოცხლო ენერგია ჩქეფდა, იმდენი ხალისი იგრძნობოდა, რომ მიკვირდა და ახსნა ვერ მომეძებნა. მოსაღამოვდებოდა თუ არა, ცოტა ხნით კიდევ ვაგრძელებდი საუბარს. მაგრამ ჩემი მხიარულება მალე უკვალოდ ქრებოდა. მეტყველების უნარი სადღაც გაუჩინარდებოდა. აი, მაშინ სიამოვნებით ჩამოვჯდებოდი ხოლმე დიანას ფერხთით, დაბალ სკამზე, თავს მუხლზე დავადებდი და ხან მას და ხან მერის ვუსმენდი. ისინი ღრმად და ჭკვიანურად მსჯელობდნენ. დიანამ შემომთავაზა, გერმანულ ენას გასწავლიო. როგორ მიყვარდა, მისგან რამეს რომ ვსწავლობდი. ვგრძნობდი, მასაც დიდად სიამოვნებდა ეს საქმიანობა და უხდებოდა კიდეც მასწავლებლობა. მეც ასევე მსიამოვნებდა და მიხდებოდა მოსწავლის როლი. ჩვენი ხასიათი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდა. შედეგი ამისა კი ურთიერთისადმი სიყვარული და პატივისცემა იყო. დებმა შეიტყვეს, რომ ხატვა შემეძლო; მაშინვე გადმომცეს თავიანთი სახატავი ფანქრები და საღებავების ყუთები. ხატვაში უპირატესობა ჩემ მხარეს იყო. ჩემმა უნარმა განაცვიფრა და მოხიბლა ისინი. მერი საათობით იჯდა ხოლმე, როცა ვხატავდი და თვალყურს მადევნებდა. დავიწყეთ ხატვის გაკვეთილები. მერი გამგონე, ბეჯითი, გონიერი მოწაფე აღმოჩნდა. ასე ვსაქმიანობდით და ურთიერთით გართულებს, დრო არ გვახსოვდა. დღეები საათებად იქცა, კვირები - დღეებად.

ეს მეგობრობა მეტად ბუნებრივად წარმოიშვა და სწრაფად განმტკიცდა დებსა და ჩემ შორის. მაგრამ ამას ვერ ვიტყოდი სენტ-ჯონის შესახებ. ამის მიზეზი შეიძლება ის იყო, რომ შედარებით იშვიათად იყო შინ. თითქმის მთელ დროს ავადმყოფთა და ღარიბთა მონახულებას უთმობდა თავის სამრევლოში, სადაც სახლები ერთმანეთისგან შორიშორს იყო.

როგორც ჩანდა, ვერავითარი ამინდი ვერ შეაფერხებდა მის ამ საქველმოქმედო საქმეს. მისთვის სულერთი იყო, წვიმდა თუ დარი იყო. დაამთავრებდა თუ არა დილის წირვას, ქუდს აიღებდა, მამამისის უკვე დაბერებულ პოინტერს, კარლოს, წაიმძღვარებდა და გაუდგებოდა გზას, რათა აღესრულებინა თავისი საყვარელი საქმე თუ მოვალეობა. ვერ გეტყვით, როგორ უყურებდა ის ამ საქმეს. ზოგჯერ, როცა ძალიან ცუდი ამინდი იყო, დები უკმაყოფილებას არ მალავდნენ და სთხოვდნენ, წასვლა გადაედო. მაშინ სენტ-ჯონი თავისებური, უფრო საზეიმო, ვიდრე მხიარული ღიმილით უპასუხებდა:

- თუ ქარის უბრალო ქროლასა და წვიმის შხეფების გამო უარი ვთქვი ამ ადვილ საქმეზე, რა უნდა მელოდეს ასეთ ზარმაც კაცს მომავალში, როდესაც ჩემი მიზნის განხორციელებას შევუდგები.

ასეთ პასუხზე დიანა და მერი მხოლოდ ამოიოხრებდნენ და რამდენიმე წუთს ნაღვლიან ფიქრებში გაეხვეოდნენ.

ჩვენს დამეგობრებას სხვა ამბავიც ეღობებოდა წინ. სენტ-ჯონი, მართალია, ხშირად არ იყო ხოლმე შინ, მაგრამ, გარდა ამისა, მეტად გულჩათხრობილი, ძნელად გასაგები ადამიანი ჩანდა. მუყაითი თავის მოვალეობის შესრულებაში და უმწიკვლო პირად ცხოვრებასა და ჩვევებში, ეს ადამიანი, ჩანს, არ ტკბებოდა იმ სულიერი სიმშვიდით, შინაგანი სიმყუდროვით, რომელიც უნდა მიეზღოს ყოველ ჭეშმარიტ ქრისტიანსა და კაცთმოყვარე ადამიანს. ხშირად, საღამოობით, იჯდა თავის მაგიდასთან წიგნით ხელში, უეცრად კითხვასა თუ წერას შეწყვეტდა, ნიკაპს ხელისგულზე დააყრდნობდა და არ ვიცი, რა ფიქრებს გაჰყვებოდა ხოლმე. მაგრამ ეს ფიქრები ამაღელვებელი და მშფოთვარე უნდა ყოფილიყო, რადგანაც მის თვალებში ხშირად გაიელვებდა რაღაც და დროდადრო გუგებიც უფართოვდებოდა.

კიდევ მეტიც: ჩემი აზრით, ბუნება მისთვის არ იყო იმ სიამოვნების წყარო, რაც მისი დებისთვის. მახსოვს, მხოლოდ ერთხელ თქვა ჩემი თანდასწრებით, რომ ძლიერ იზიდავს ამ მთების მკაცრი სილამაზე; ბავშვობიდანვე უყვარს თავისი სახლის ჟამთა სვლისგან ჩამუქებული სახურავი და კედლები. მაგრამ მის სიტყვებსა და კილოში უფრო სევდა იგრძნობოდა, ვიდრე სიამოვნება. როგორც ჩანს, არასოდეს დაეხეტებოდა ამ მანანით დაბურულ ადგილებში, არ იზიდავდა იქ გამეფებული, დამამშვიდებელი სიმყუდროვე, არასოდეს მიაშურებდა ხოლმე ამ ადგილებს, რათა იქ გამეფებული საამო სიწყნარით დამტკბარიყო.

სენტ-ჯონი ისეთი უკარება იყო, რომ საკმაო დრო დამჭირდა, ვიდრე შემთხვევა მომეცემოდა და მის სულიერ სამყაროს გავიგებდი. ეს პირველად მორტონში მოხდა, როდესაც მისი ქადაგება მოვისმინე, სოფლის სამრევლო ეკლესიაში. ნეტავ, შემეძლოს გადმოგცეთ! მაგრამ ვერა. ეს აღემატება ჩემს ძალას. არ შემიძლია გადმოგცეთ, თუ რა ვიგრძენი, მას რომ ვუსმენდი.

დაიწყო მშვიდად და გადმოცემისა და ხმის ტონის მიხედვით ბოლომდე მშვიდი იყო. მაგრამ მკაფიო კილოში მაინც იგრძნობოდა გულმოდგინედ დაფარული დიდი გატაცება და მეტყველების დაძაბულობა. სიძლიერე შეემატა მის ხმას, რომელსაც თვითონ მალავდა, აჩუმებდა და გონებას უმორჩილებდა. ეს სიძლიერე გულს ათრთოლებდა, გონებას აოცებდა, მაგრამ სიმშვიდეს არ ჰფენდა მას. ქადაგებას აკლდა სინაზე, ადამიანს რომ სიმშვიდეს შთააგონებს. ზუსტად გადმოსცემდა და ხშირად იმეორებდა კალვინისტური მოძღვრების პრინციპებს - წინასწარმეტყველებას, ბედითობასა და გმობას. ყოველი მისი სიტყვა ბედისწერისგან გამოტანილი მსჯავრივით ხვდებოდა მსმენელს გულში. დაამთავრა თუ არა, იმის მაგივრად, რომ უკეთ მეგრძნო თავი, დავმშვიდებულიყავი და ნათელი მოჰფენოდა სულს, გაურკვეველი სევდა ვიგრძენი. ასე მეგონა (არ ვიცი, სხვები თუ იმასვე გრძნობდნენ), ქადაგება, რომელსაც ასე გულდასმით ვუსმენდი, იმედგაცრუებით მოწამლული, ამოდიოდა გაურკვეველი სიღრმიდან, სადაც დაუკმაყოფილებელი სურვილები, მშფოთვარე ფიქრები და სულის შემაწუხებელი სწრაფვები ბუდობდნენ. დარწმუნებული ვიყავი, მთელი თავისი უმწიკვლო ცხოვრების, პატიოსნებისა და საქმისადმი თავდადებული შრომის მიუხედავად, მან ვერ იპოვა ღვთისგან ბოძებული ის სულიერი სიმშვიდე, რომელიც ყველაფერს აღემატება. ვერ უპოვია-მეთქი, ვფიქრობდი, ისევე როგორც მე ვერ ვიპოვე; მე, რომელიც ფარულად ვატარებდი მტანჯველ სევდას, დარდს დამსხვრეულ კერასა და დაკარგულ სამოთხეზე. ამ მტკივნეულ საკითხზე ლაპარაკს გავურბოდი, მაგრამ ის დღემუდამ ჩემთან იყო და შეუბრალებლად მაწამებდა.

ამასობაში თვეც გავიდა. დიანასა და მერის მალე უნდა დაეტოვებინათ მურ ჰაუსი და სრულიად სხვა ცხოვრებასა და საქმიანობას დაბრუნებოდნენ. ისინი სამხრეთი ინგლისის ქალაქში დიდ, მდიდრულ სახლებში აღმზრდელებად მუშაობდნენ. ამ ოჯახის მდიდარი და ამპარტავანი წევრები მათ მხოლოდ მორჩილ ქვეშევრდომებად თვლიდნენ. არ იცოდნენ და არც აინტერესებდათ მათი შინაგანი ღირსებები. მათ ცოდნას ისევე აფასებდნენ, როგორც მზარეულის ოსტატურ ხელს ან პირისფარეშის გემოვნებას.

აქამდე სენტ-ჯონს ერთი სიტყვითაც არ უხსენებია სამუშაო, რომლის შოვნასაც შემპირდა. ახლა აუცილებელი ხდებოდა რამე გზას დავდგომოდი. ერთ დილით, როდესაც სასტუმრო ოთახში სრულიად მარტონი დავრჩით, გავბედე და ფანჯრის ნიშს მივუახლოვდი. ეს კუთხე საწერი მაგიდის, სკამისა და წიგნის კარადის წყალობით კაბინეტს ჰგავდა. ლაპარაკის დაწყებას ვაპირებდი, მაგრამ კარგადაც არ ვიცოდი, როგორ დამეწყო. როგორი ძნელია იმ ყინულის გარღვევა, გულჩათხრობილ ადამიანებს გარს რომ აკრავს ხოლმე. აქ თვით სენტ-ჯონმა მიხსნა გაჭირვებიდან და პირველმა დაიწყო ლაპარაკი.

ახლოს მივედი თუ არა, ამომხედა.

- რაღაც გინდათ მკითხოთ, - მითხრა მან.

- დიახ. მინდოდა გამეგო, ხომ არაფერი გსმენიათ იმ სამუშაოზე, რომელიც შეიძლება მე შევასრულო?

- თქვენთვის სამუშაო ვიშოვე ან, უკეთ რომ ვთქვათ, მოვიფიქრე რაღაც ჯერ კიდევ ამ სამი კვირის წინ. მაგრამ თქვენ აქ საჭირო იყავით და ბედნიერიც, ჩემი დები ძალიან შეგეჩვივნენ და მათთვის თქვენთან ყოფნა დიდად სასიამოვნო იყო, ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალე, არ დამერღვია თქვენი მყუდროება, ვიდრე მარშენდიდან მათი წასვლის დრო არ მოახლოვდებოდა. მათ წასვლას კი თქვენიც აუცილებლად მოჰყვებოდა.

- ისინი სამ დღეში უკვე მიემგზავრებიან, არა? - ვკითხე.

- დიახ. მათი წასვლის შემდეგ მე მორტონში დავბრუნდები. ჰანას თან წავიყვან. ეს ძველი შენობა კი დაიკეტება.

ცოტა ხანს შევიცადე, ვიცოდი, კიდევ იტყოდა რაღაცას დაწყებულ საკითხზე, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვა ფიქრებმა გაიტაცა. თვალებში ეტყობოდა, სულ დავავიწყდით მეც და ჩემი საქმეც. იძულებული ვიყავი, შემეხსენებინა ის, რაც ჩემთვის აუცილებელი, ყველაზე სასწრაფო და გადაუდებელი იყო.

- რა სამუშაო გაქვთ მხედველობაში, მისტერ რივერს? ამდენ ხანს რომ არ მივედი, იმედი მაქვს, ეს არ შეაფერხებს სამუშაოს მიღებას?

- ოჰ, არა. ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. მე უნდა მოგცეთ და თქვენ უნდა მიიღოთ.

გაგრძელება შემდეგ ნომერში