ჯეინ ეარი (თავი XXX) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XXX)

კვლავ გაჩუმდა. თითქოს სურვილიც აღარ ჰქონდა გაეგრძელებინა ლაპარაკი. მოუთმენლობამ შემიპყრო. ავწრიალდი. ჩემს მზერაში ჩანდა სურვილი: ზუსტად გამეგო ყველაფერი. თვალს არ ვაცილებდი სენტ-ჯონს. ამან სიტყვებზე ნაკლებ არ გაჭრა. თანაც ასე უფრო ადვილი იყო. მიხვდა, რაც მინდოდა.

_ ნუ ჩქარობთ გაგებას, _ მითხრა მან. _ ნება მიბოძეთ, გულახდილად გითხრათ, თქვენთვის არავითარი შესაფერისი ან კარგი ადგილი არა მაქვს. ვიდრე ყველაფერს გეტყვით, თუ შეიძლება, გაიხსენეთ ჩემი გაფრთხილება, რომელიც, ვგონებ, გასაგები იყო: დაგეხმარებით, მაგრამ ეს დახმარება იქნება ისეთი, როგორსაც ბრმა გაუწევდა კოჭლს. ღარიბი ვარ. მამაჩემის ვალების გასტუმრების შემდეგ, სამემკვიდრეოდ დამრჩება მხოლოდ ეს პატარა ფერმა, ბებერი ნაძვების ხეივანი და წინ კი მიწის პატარა ნაკვეთი, ურთხლითა და დეკათი დაფარული ჭალა. მე არ მიცნობენ აქ: რივერსი ძველთაძველი გვარია, მაგრამ ამ გვარის მხოლოდ სამი შთამომავალია დარჩენილი. ორი სხვების სამსახურით ირჩენენ თავს, ხოლო მესამე მშობლიური ქვეყნისთვის თავს უცხოდ თვლის როგორც სიცოცხლეში, ასევე სიკვდილის მერეც. დიახ, იგი თვლის და ასეც არის, რომ მას ბედნიერება ხვდა წილად. მისი სწრაფვაა მალე დადგეს დღე, როდესაც განშორების ჯვარი მხრებზე დაესვენება და განაშორებს მის სულს ხორცისგან. ელის იმ დღეს, როდესაც განმგებელი პროტესტანტული ეკლესიისა, რომლის ერთი უბრალო წევრი ისიც არის, მას მოუხმობს: "აღსდექ და მომყევი მე".

სენტ-ჯონმა ეს სიტყვები ქადაგებისთვის ჩვეული წყნარი, გულიდან ამომავალი ხმით წარმოთქვა. სახე ფერმკრთალი ჰქონდა. თვალები უელავდა და ისევ განაგრძო:

_ ღარიბი და უცნაური ვარ და ასეთივე ღარიბულსა და უბრალო სამუშაოს თუ შემოგთავაზებთ. თქვენ შეიძლება დამამცირებლად მიიჩნიოთ. ვხედავ, ფაქიზ საქმიანობას ხართ ჩვეული, როგორც ხალხი უწოდებს, არა? თქვენი გემოვნება ამაღლებულს ესწრაფვის. გეტყობათ, განათლებულ ხალხთან გიხდებოდათ ყოფნა. მაგრამ მე არავითარი სამუშაო არ მიმაჩნია დამამცირებლად, რომელიც ადამიანების სასარგებლოდ კეთდება. მე იმ აზრს ვიცავ, რომ რაც უფრო ძნელია და დაუმუშავებელი ნიადაგი, რომლის დამუშავებაც ქრისტიან მუშაკს ხვდა წილად, და რაც უფრო მცირეა ამ შრომის ნაყოფი, მით უფრო მაღალია ასეთი შრომა. ეს პიონერის ხვედრია. სახარების მიხედვით კი, ქრისტიანობის პიონერები მოციქულები იყვნენ. მათი მოთავე იყო თვით იესო მაცხოვარი.

_ შემდეგ, _ წარმოვთქვი, როდესაც კვლავ შეჩერდა, _ განაგრძეთ.

ვიდრე ლაპარაკს განაახლებდა, შემომხედა. ისე მიყურებდა, თითქოს ყოველი ჩემი ნაკვთი იეროგლიფი იყო, თუმც არ ეჩქარებოდა მათი წაკითხვა. დაკვირვებით მიღებული დასკვნები შემდეგნაირად გამოთქვა:

_ დარწმუნებული ვარ, ჩემს შემოთავაზებაზე უარს არ იტყვით, _ განაგრძო მან, _ და რამდენიმე ხანს იმუშავებთ კიდეც. მაგრამ ვიცი, მუდმივად არ დარჩებით. ვერც მე ჩავიკეტები აქ, ვერ ვიქნები მიყრუებული, მშვიდი ინგლისური სოფლის მღვდელი. თქვენს ბუნებაშიც არ არის ისეთი რამ, რაც მშვიდ ცხოვრებას ეგუება. თუმცა, ეს თვისება თქვენში სულ სხვანაირად მჟღავნდება.

_ თუ შეიძლება, ამიხსენით, _ ვთხოვე, როდესაც სენტ-ჯონი გაჩუმდა.

_ სიამოვნებით. ახლავე გეტყვით, რა ღარიბულ სამსახურს გთავაზობთ, როგორი უმნიშვნელოა ეს სამუშაო და დამქანცველი. მამის სიკვდილის შემდეგ მე ვარ ჩემი თავის ბატონ-პატრონი და მორტონში აღარ დავრჩები. ამ ადგილს, ალბათ, ერთ წელიწადში გავეცლები, მაგრამ ვიდრე აქ ვარ, ყოველმხრივ ვეცდები ჩემი მრევლის ცხოვრება გავაუმჯობესო. ამ ორი წლის წინ, მე რომ მორტონში ჩამოვედი, აქ სკოლაც კი არ იყო. ღარიბთა ბავშვებს იმედიც არ ჰქონდათ, რომ ოდესმე სკოლაში ივლიდნენ. როგორც იქნა, მოვახერხე და ვაჟებისთვის გავხსენი სკოლა. ახლა მინდა გოგონებმაც შეძლონ სწავლა. ამ მიზნისთვის შენობაც ვიშოვე ქირით. ამ შენობასთან ახლოს პატარა, ოროთახიანი კოტეჯიც დავიქირავე მასწავლებლისთვის. ეს მასწავლებელი წელიწადში 30 გირვანქას მიიღებს. ბინა უკვე მოწყობილია, თუმცა ღარიბულად, მაგრამ ყველაფერი ექნება, რაც კი ადამიანს სჭირდება. ამას ჩვენ მის ოლივერს უნდა ვუმადლოდეთ. მის ოლივერი ჩემს სამრევლოში შემავალი ერთადერთი მდიდარი პიროვნების დედისერთა ქალიშვილია. მას ეკუთვნის ამ დაბლობში ნემსების დამამზადებელი და თუჯსასხმელი ქარხანა. გარდა ამისა, მის ოლივერს განზრახული აქვს, ასწავლოს და ჩააცვას ობოლთა თავშესაფრიდან გამოყვანილ ერთ უპატრონო ბავშვს იმ პირობით, რომ გოგონა მასწავლებელს სახლსა და სკოლაში ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება, რადგან მასწავლებელს არ ექნება დრო ყველაფერი თვითონ გააკეთოს. გსურთ, ეს მასწავლებელი იყოთ?

ნაჩქარევად შემეკითხა. როგორც ჩანს, ეგონა, რომ ამ სამსახურზე ზიზღით თუ არა, ცივად მაინც უარს ვიტყოდი. მისთვის უცნობი იყო ჩემი ფიქრები და გრძნობები, თუმცა ზოგიერთს გუმანით ხვდებოდა. ძნელი იყო წინასწარ გაეგო, თუ როგორ შევხვდებოდი ჩემს ხვედრს. სამუშაო მართლაც მეტად უბრალო იყო, მაგრამ, როდესაც შევადარე მდიდარ ოჯახში აღმზრდელის საქმიანობას, პირველი ვარჩიე, რადგან არავისზე ვიქნებოდი დამოკიდებული. უცნობებთან სამსახურის შიშმა დანასავით დამისერა გული. შემოთავაზებული სამუშაო არც სამარცხვინო იყო, არც უღირსი და არც გონების დამაჩლუნგებელი, ამიტომ გადავწყვიტე.

_ დიდად გმადლობთ, რომ მიშოვეთ სამუშაო, მისტერ რივერს. სიამოვნებით ვიღებ მას.

_ კი მაგრამ, გაიგეთ, რას გთავაზობთ? _ მკითხა მან. _ ესაა სოფლის სკოლა; თქვენი მოსწავლეები მხოლოდ ღარიბი გლეხის შვილები იქნებიან, უკეთეს შემთხვევაში, ფერმერთა შვილები. ქსოვა, ჭრა-კერვა, კითხვა, წერა, ანგარიში, აი, რა უნდა ასწავლოთ მათ. რას უზამთ თქვენს განათლებას? თქვენს ჭკუა-გონებას? გრძნობებს ან გემოვნებას?

_ შევინახავ, ვიდრე კვლავ არ დამჭირდება. არ დავივიწყებ.

_ იცით, რაზეც თანხმდებით?

_ რასაკვირველია.

ახლა უკვე გაიღიმა. ღიმილი არც სიმწარესა და არც სევდას არ გამოხატავდა, არამედ მხოლოდ სიამოვნებასა და ღრმა კმაყოფილებას.

_ როდის შეუდგებით თქვენს საქმეს?

_ მინდა, ხვალვე წავიდე ჩემს სახლში. მომავალ კვირას კი, თუ გნებავთ, მეცადინეობასაც შევუდგები.

_ კეთილი, მაშ, ასე იყოს.

წამოდგა და ოთახში გაიარა. რამდენიმე ხანს უსიტყვოდ იდგა და შემდეგ კვლავ შემომხედა. თავი გააქნია.

_ რისი არ გჯერათ, მისტერ რივერს? _ ვკითხე.

_ მორტონში დიდხანს არ დარჩებით. რასაკვირველია, არა!

_ რატომ? _ რა საფუძველი გაქვთ, ასე რომ ამბობთ?

_ თქვენს თვალებში ვკითხულობ ამას. ეს ის თვალები არაა, მშვიდ ცხოვრებაში დახმარებას გვპირდებოდეს.

_ პატივმოყვარე არ გახლავართ.

ამ სიტყვების გაგონებაზე შეკრთა. არაო, გაიმეორა.

_ რამ გაფიქრებინათ პატივმოყვარეობაზე. ვინ არის პატივმოყვარე? ვიცი, მე ვარ, მაგრამ თქვენ როგორ გაიგეთ?

_ მე მხოლოდ ჩემს თავზე მოგახსენებთ.

_ კარგი. თუ თქვენ პატივმოყვარე არა ხართ, მაშ, თქვენ ხართ... _ აქ ის შეჩერდა.

_ რა?

_ ვაპირებდი მეთქვა, მოუთმენელი, მაგრამ შემეშინდა, რომ ვერ გამიგებდით და გამინაწყენდებოდით. მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ადამიანური გრძნობები და სიყვარული ჭარბად არის თქვენში. დარწმუნებული ვარ, დიდხანს ვერ გაძლებთ მარტოობაში. ამ ერთფეროვან შრომას, რომელიც მიმზიდველი არ იქნება, ვერ შესწირავთ მთელ თქვენს დროს. მეც ვერ ვეგუები, _ დაუმატა მან ხაზგასმით, _ ამ მთებს შორის გამოკეტილ ჭალებში ჩაფლულ ცხოვრებას. ღვთით ბოძებული ჩემი ბუნება ვერ ეგუება ამას. ნიჭი და უნარი, ზეცით მონამადლი, დამიდუნდა, გამომეფიტა. ხომ გესმით ახლა, როგორ ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს მე, რომელიც უბრალო ხვედრით დაკმაყოფილებას ვქადაგებ და ვამტკიცებ, შეშის მჭრელსა და წყლის მზიდავსაც კი შეუძლიათ თავიანთი შრომით ღმერთს ემსახურონ-მეთქი. მე, მისი ეკლესიის მსახური, მოუსვენრობისგან ვბობოქრობ. ჰოდა, ჩვენი მისწრაფებანი და პრინციპები ერთმანეთს როგორმე უნდა ეთანხმებოდეს.

ოთახიდან გავიდა. ამ ერთ საათში უფრო ბევრი რამ გავიგე მასზე, ვიდრე მთელი ერთი თვის განმავლობაში. კვლავ გაოცებული დავრჩი.

რაც უფრო ახლოვდებოდა დიანასა და მერის გამგზავრების დღე, ძმასთან და საკუთარ სახლთან მათი განშორების დრო, მით უფრო სევდიანნი და მდუმარენი გახდნენ ისინი. ორივე ცდილობდა, არ შეემჩნია ეს და კვლავ ბუნებრივნი ყოფილიყვნენ. დიანამ გამიმხილა, ეს განშორება სრულიად განსხვავდება წინანდელისგან, სენტ-ჯონს, ალბათ, რამდენიმე წელს ვეღარ შევხვდებით და, შესაძლებელია, სულაც ვეღარ ვნახოთო.

_ ის თავს შესწირავს თავის დიდი ხნის ჩაფიქრებულ საქმეს, _ თქვა მან. _ შინაგანი გრძნობები და სიყვარული ჯერ კიდევ ძლიერია მასში. სენტ-ჯონი მშვიდი ჩანს, ჯეინ, მაგრამ მასში ნერვიული დაძაბულობა იმალება. შეიძლება, ერთი შეხედვით ფაქიზი ჩანს, მაგრამ არის რამდენიმე საკითხი, რომელშიც სიკვდილივით ულმობელია. ყველაზე მეტად ის მიმძიმს, რომ ვერ გადავათქმევინე სასტიკი გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ერთი წუთითაც არ ვადანაშაულებ ამაში. ეს მიზანი სწორია, კეთილშობილური და ქრისტიანული, მაგრამ გული მტკივა.

მისი მშვენიერი თვალები ცრემლით აივსო. მერიმ თავი დახარა თავის სამუშაოზე.

_ მამა აღარ გვყავს, მალე აღარც ძმა გვეყოლება და აღარც სახლ-კარი გვექნება, _ ჩაილაპარაკა მან.

ამას მაშინვე მეორე ამბავი დაემთხვა, თითქოს ბედისწერისგან დადგენილი, რომ ერთხელ კიდევ დაემტკიცებინა ჭეშმარიტება თქმულებისა _ "უბედურებას ყოველთვის უბედურება სდევს თან" _ და მათი გასაჭირისთვის კიდევ ერთი მწუხარება დაემატებინა. ფანჯარასთან სენტ-ჯონმა გაიარა. წერილს კითხულობდა. ოთახში შემოვიდა.

_ ჩვენი ძია ჯონი გარდაიცვალა, _ თქვა მან.

დები გაოცდნენ, მაგრამ არც აღელვება გამოუმჟღავნებიათ და არც წუხილი. მათთვის ეს ამბავი უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე სამწუხარო.

_ გარდაიცვალა? _ გაიმეორა დიანამ.

_ დიახ.

მან ცნობისმოყვარეობით სავსე მზერა ძმას მიაპყრო.

_ და მერე? _ მოუთმენლად იკითხა მან ხმადაბლა.

_ რა უნდა იყოს, დი? _ უპასუხა ძმამ და ერთი ნაკვთიც არ შერხევია მარმარილოსავით უძრავ სახეზე, _ რა შეიძლება იყოს? არაფერი. წაიკითხე.

წერილი კალთაში ჩაუგდო. დიანამ თვალი გადაავლო და მერის გადასცა. მერიმ უსიტყვოდ წაიკითხა და ძმას დაუბრუნა. სამივემ ერთმანეთს გადახედა და სამივემ გაიღიმა: საკმაოდ უხალისოდ, ნაღვლიანად.

_ ღმერთმა აცხონოს. ჩვენ უიმისოდაც ვიცხოვრებთ, _ თქვა დიანამ ბოლოს.

_ ყოველ შემთხვევაში, იმაზე უარესად არ ვიცხოვრებთ, ვიდრე აქამდე ვცხოვრობდით.

_ ისე კი, წარმომიდგენია, როგორ შეიძლებოდა მოწყობილიყო ჩვენი ცხოვრება, _ თქვა მისტერ რივერსმა, _ და როგორ განსხვავდება იგი დღევანდელისგან.

მან დაკეცა წერილი, მაგიდის უჯრაში ჩაკეტა და ოთახიდან გავიდა.

რამდენიმე ხანს ვდუმდით. შემდეგ დიანა მომიბრუნდა და მითხრა:

_ ჯეინ, ალბათ, გიკვირს ჩვენი და ჩვენი საიდუმლოებისა. ალბათ, გულქვა ადამიანებადაც გვთვლი, ასეთი ახლობელი ნათესავის, ბიძის სიკვდილი ასე რომ მივიღეთ. მაგრამ ჩვენ არასოდეს გვინახავს ბიძაჩვენი და არც ვიცნობდით. დედის ძმა იყო. მამაჩემი და ის ამ რამდენიმე წლის წინ წაიჩხუბნენ. სწორედ მან ურჩია მამას, ხიფათში ჩაეგდო თავისი ქონება და მონაწილეობა მიეღო იმ სავაჭრო საქმეში, რომელმაც გაკოტრებამდე მიიყვანა. შემდეგ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. ბრაზით სავსენი დასცილდნენ ერთმანეთს და აღარც შეხვედრიან. ჩემმა ბიძამ შემდეგ ხელი მოჰკიდა საქმეს, რომელმაც გაამდიდრა. ვგონებ, ოცი ათასი გირვანქის ქონება აქვს. ცოლი არ ჰყოლია და, ჩვენს მეტი, ახლო ნათესავები არ ჰყავს, ერთი ჩვენსავით დისშვილის გარდა. მამას ყოველთვის იმედი ჰქონდა, რომ ბიძაჩემი თავის შეცდომას იმით გამოისყიდდა, რომ ქონებას დაგვიტოვებდა. ეს წერილი კი გვატყობინებს, რომ მან ანდერძით მთელი თავისი ქონება მეორე ნათესავს დაუტოვა. ჩვენ დაგვიტოვა მხოლოდ ოცდაათი გინეა, რათა შევიძინოთ სამგლოვიარო ბეჭედი. რასაკვირველია, მას უფლება ჰქონდა, როგორც უნდოდა ისე მოქცეულიყო, მაგრამ წუთიერმა სევდამ შეგვიპყრო ამ ამბის გაგებაზე. მერი და მე მდიდრებად ჩავთვლიდით თავს, თითოეულისთვის ათასი გირვანქაც რომ დაეტოვებინა, ხოლო სენტ-ჯონისთვის ხომ ეს თანხა ფასდაუდებელი იქნებოდა. უამრავი კეთილი საქმის გაკეთებას შეძლებდა.

ასეთი განმარტების შემდეგ საუბრის თემა შეიცვალა და ერთი სიტყვითაც აღარ უხსენებიათ ის არც მისტერ რივერსსა და არც მის დებს. მეორე დღეს მარშენდი დავტოვე და მორტონში წავედი. ერთი დღის შემდეგ დიანა და მერიც გაეშურნენ შორეულ ქალაქ ბ-ში. ერთ კვირაში მისტერ რივერსი და ჰანაც დაბრუნდნენ მღვდლისთვის განკუთვნილ სახლში. ასე დაცარიელდა ეს ძველებური საცხოვრებელი.

თავი ოცდამეთერთმეტე

ამგვარად სახლი, რომელიც ძლივს ვიპოვე, კოტეჯია. პატარა ოთახი თეთრი კედლებითა და მოპირკეთებული იატაკით, დგას ოთხი შეღებილი სკამი. აქვეა მაგიდა, საათი, ჭურჭლის კარადა სამიოდე თეფშით, ლანგრებითა და ფაიფურის ჩაის ჭურჭლით. მაღლა საძინებელი ოთახია, ფიჭვის ხის საწოლითა და უჯრებიანი კომოდით. კომოდი პატარაა, მაგრამ მეტიც არის ჩემი ღარიბული ტანისამოსისთვის, თუმცა, ჩემი ფაქიზი და კეთილი მეგობრების წყალობით, ბევრი აუცილებელი რამ შევიძინე.

საღამოა. ცოტაოდენი გასამრჯელო მივეცი პატარა ობოლ გოგონას, რომელიც მემსახურება, და დავითხოვე. მარტო ვზივარ ბუხართან. სოფლის სკოლა ამ დილით გაიხსნა. ოცი მოწაფე მყავდა, მაგრამ აქედან მხოლოდ სამმა იცის ქსოვა და რამდენიმემ _ ცოტაოდენი კერვა. ამ რაიონისთვის დამახასიათებელ კილოზე ლაპარაკობენ. ჯერჯერობით გვიჭირს ურთიერთობა. ზოგმა მოქცევაც კი არ იცის _ უხეშია და იმდენადვე გაუზრდელი, რამდენადაც უვიცი; მაგრამ დანარჩენები გამგონენი არიან, სწავლაც უნდათ და თან ცდილობენ, მასიამოვნონ. მუდამ უნდა მახსოვდეს, რომ ეს უბადრუკი პატარა გლეხუჭები სულითა და ხორცით ისევე კარგები არიან, როგორც უკეთილშობილესი წარმოშობის შთამომავალნი; რომ სიკეთის, კეთილშობილების, სიბრძნისა და კარგი გრძნობების საწყისი მათშიც ისევეა მოცემული, როგორც საუკეთესო წარმოშობის ადამიანებში. ჩემი ვალია, მათში ეს საწყისი განვავითარო; უდავოდ, მეც გარკვეულ სიხარულს მივიღებ ჩემი საქმიანობისგან და, თუ სიმტკიცე გამოვიჩინე და ძალა ჭკუით მოვიხმარე, მაინც შევძლებ სიცოცხლეს.

დღეს იქ, იმ ზუზუნა საკლასო ოთახში, ვგრძნობდი თუ არა სიმშვიდეს, სიხარულსა და რწმენას? რომ არ ვიცრუო ჩემი თავის წინაშე, უნდა ვაღიარო, რომ _ არა. სიცარიელეს ვგრძნობდი; დიახ, ვიცოდი, რომ იდიოტი ვარ; დამცირებულად ვგრძნობდი თავს. ვეჭვობდი, რომ ასეთი ნაბიჯით უარესად ჩავეფლობოდი ყოველდღიურობაში. შემაკრთო უვიცობამ, სიღატაკემ და სიტლუემ, რასაც ვგრძნობდი ყველა ნათქვამსა და მოძრაობაში. მაგრამ, მოდი, ამ გრძნობებისთვის ნუ შევიზიზღებ და შევიძულებ საკუთარ თავს. ხომ ვიცი, რომ ეს გრძნობები მართალი არ არის. ეს კი დიდი რამეა. შევებრძოლები და დავძლევ მათ. დარწმუნებული ვარ, ზოგიერთს ხვალვე გამოვასწორებ ნაწილობრივ მაინც, რამდენიმე კვირაში კი, ალბათ, სულ მთლად მოვათვინიერებ. იქნებ, ამ რამდენიმე თვეში ჩემმა მიღწევებმა და მოსწავლეთა წინსვლამ მადლიერებით შემიცვალოს ზიზღის გრძნობა.

ამასთან, ერთი რამ უნდა ვკითხო საკუთარ თავს: რომელი ჯობია? _ დანებდე ცდუნებას; ვნებას აჰყვე; ტკივილით თავი არ შეიწუხო; არ ებრძოლო საკუთარ თავს; პირიქით, აბრეშუმის სირბილეში ჩაიძირო; მასზე ამოქარგულ ყვავილებში ჩაიძინო; გამოგეღვიძოს სამხრეთის სითბოში, დიდებულ, სასიამოვნო ვილაში; ან იყო საფრანგეთში მისტერ როჩესტერის მეუღლე, თითქმის მთელი დღე მისი სიყვარულით გაბრუებული, რადგან მართლაც ვეყვარებოდი, ერთხანს მაინც ძალიან ვეყვარებოდი. აკი, ვუყვარდი კიდეც; არც არავის ვეყვარები, ალბათ, ასე; ვეღარავინ მაგრძნობინებს სილამაზეს, სინორჩეს, მოქნილობას, რადგან სხვა ვეღარავინ დაინახავს ამას ჩემში. მას მოვწონდი და ამაყობდა ჩემით.

ჩემდამი ეს გრძნობა კი მის გარდა არავის ექნება. მაგრამ, სად დავბორიალებ, რას ვლაპარაკობ და რას ვგრძნობ? იმას ვამბობდი, რომელი ჯობია-მეთქი: იყო მხევალი სულელთა სამოთხისა მარსელში, ერთსაათიანი მოჩვენებითი ნეტარებით, დანარჩენ დროს კი დაიტანჯო მწარე ცრემლებით, სინანულითა და სირცხვილით, თუ იყო სოფლის მასწავლებელი, თავისუფალი და პატიოსანი, ინგლისის ამ მთიან, ნიავიან, მყუდრო და ჯანსაღ კუთხეში?

დიახ, ახლა ვგრძნობ, რომ მართალი ვიყავი, როდესაც სიმტკიცე გამოვიჩინე, მოვიქეცი ისე, როგორც წესია, ზიზღით უკუვაგდე აღგზნების წუთით ნაკარნახევი ცდუნება. ღმერთმა მიჩვენა სწორი არჩევანი. მფარველობისათვის ვმადლობ მის ყოვლისმხილველ ძალას.

ასე გავატარე მთელი საღამო. მერე ავდექი, კართან მივედი და ერთხანს შემოდგომის ჩამავალ მზეს ვუცქერდი. ჩემი კოტეჯის წინ, მყუდრო ველებზე მოსავლის აღების ჟამი იყო. აქედან, ესე იგი სკოლიდან, ნახევარი მილის სიშორეზე სოფელი იყო. ახლა ჩიტები უკანასკნელ საგალობლებს ჟღურტულებდნენ:

"ნიავი თბილი იყო, ცვარი _ მათრობელი~.

უცებ ბედნიერად ჩავთვალე თავი და გამიკვირდა, რისთვის ვიგლოვე ამდენი? ნუთუ იმ ბედზე, რომელმაც გამომტაცა პატრონს ისე, რომ ვეღარასოდეს ვნახავ; თუ იმ ამაო მწუხარებასა და საბედისწერო აღშფოთებაზე, რომელიც მოჰყვა ჩვენს განშორებას და, შესაძლოა, დღეს სწორი გზიდან მიათრევს და უიმედოდ სწირავს მას. ამის გაფიქრებაზე თვალი ავარიდე მშვენიერ ცას და მორტონის მყუდრო ველს. მყუდრო-მეთქი, ვამბობ, რადგან მის გადაღმა არც ერთი შენობა არ ჩანდა, გარდა ეკლესიისა და ხეებს შორის მდგარი მღვდლის სახლისა. ველის ბოლოს კი მოჩანდა სახურავი ვეილჰოლისა, სადაც მდიდარი მისტერ ოლივერი და მისი ასული ცხოვრობდნენ. შუბლით მივეყრდენი კარის ქვის ჩარჩოს, მაგრამ უეცარმა ხმაურმა ჭიშკართან, რომელიც ჩემს პატარა ბაღს გამოჰყოფდა მინდვრისგან, ზევით ამახედა. დავინახე კარლო _ მისტერ რივერსის ბებერი პოინტერი, რომელიც ცხვირით აწვებოდა კარს. სენტ-ჯონი გულხელდაკრეფილი დახრილიყო და მას დასცქეროდა. ვიგრძენი მისი პირქუში, მრისხანე, თითქმის უსიამოვნოდ მოჩერებული მზერა. ვთხოვე, მობრძანდით-მეთქი.

_ არა, ვერ დავრჩები. მხოლოდ ამის გადმოსაცემად მოვედი, ჩემმა დებმა დაგიტოვეს ეს ხვეულა. ვგონებ, შიგ საღებავებია, ფანქრები და ქაღალდი.

მივუახლოვდი და გამოვართვი ეს ჩინებული საჩუქარი. როგორ მათვალიერებს-მეთქი, გავიფიქრე, როცა მივუახლოვდი; ნამდვილად მემჩნეოდა ნამტირალევი.

_ მოსალოდნელზე ძნელად ხომ არ გეჩვენათ მუშაობის პირველი დღე? _ მკითხა მან.

_ ოჰ, არა! პირიქით. მგონია, რომ თანდათან ძალიან შევეჩვევი ჩემს მოსწავლეებს.

_ მაგრამ, ალბათ, აქაური მოწყობილობა, ეს კოტეჯი და ავეჯი არ არის ისეთი, როგორსაც მოელოდით, არა? მართლაც ღარიბულია, მაგრამ... _ აქ მე გავაწყვეტინე:

_ ჩემი კოტეჯი სუფთაა და უამინდობისგან დაცული, ავეჯი _ მოხერხებული და საკმარისი. აქ ყველაფერი მადლიერებას იწვევს ჩემში და არა სინანულს. ისეთი სულელი და ნებიერა სულაც არა ვარ, რომ ხალიჩის, ტახტისა და ვერცხლის თეფშების უქონლობამ შემაწუხოს. გარდა ამისა, ხუთი კვირის წინ სულ არაფერი გამაჩნდა, გაგდებული ვიყავი, მათხოვარი და მოხეტიალე. ახლა კი ნაცნობები მყავს, სახლიც მაქვს და საქმეც. მაოცებს ღვთის მოწყალება, ჩემი მეგობრების ერთგულება და ჩემი ბედი. ასე რომ, არ ვწუწუნებ.

_ მაგრამ, ალბათ, მარტოობა გაწუხებთ. ის სახლი, უკან, ბნელია და უკაცრიელი.

_ იცით, არც კი მაქვს დრო, რომ შევიგრძნო ეს სიმშვიდე და, მით უმეტეს, მარტოობამ შემაწუხოს.

_ ძალიან კარგი. იმედი მაქვს, ისევე გრძნობთ თავს, როგორც ამბობთ. ყოველ შემთხვევაში, ალბათ, გრძნობთ, რომ ჯერ ძალიან ადრეა ლოტის ცოლივით ყოყმანი და შიში. მე არ ვიცი, რა მიატოვეთ, ვიდრე მე შემხვდებოდით, მაგრამ გირჩევთ, მტკიცედ გაუმკლავდეთ ყველა ცდუნებას, რომელიც ეცდება უკან მიგახედოთ, და უყოყმანოდ შეინარჩუნეთ თქვენი დღევანდელი მდგომარეობა რამდენიმე თვეს მაინც.

_ ვაპირებ, სწორედ ასე მოვიქცე, _ მივუგე მე. სენტ-ჯონმა განაგრძო:

_ გამოცდილებით ვიცი, რომ მიდრეკილების მოთოკვა და ბუნების გარდაქმნა ძალიან ძნელი საქმეა, მაგრამ მაინც შესაძლებელია. ღმერთმა გარკვეული ძალა მოგვცა ჩვენივე ბედის შესაქმნელად და, როდესაც ჩვენი ენერგია იმ საზრდოს ითხოვს, რომლის მიღება არ შეუძლია, როდესაც ჩვენი სურვილი იმ გზით წარგვმართავს, რომლის გვერდის აქცევა შეუძლებელია, გული არ უნდა გავიტეხოთ. სხვა საზრუნავი უნდა მოვუნახოთ გონებას, იმ აკრძალულ საზრდოსავით ძლიერი, რომელსაც ის ვერ ეღირსა, სხვა საზრუნავი და, შესაძლოა, უფრო წმინდაც. საჭიროა, გავიკაფოთ ისეთივე სწორი და ვრცელი გზა, როგორიც ადრე გვქონდა, ვიდრე ბედი ჩაგვიკეტავდა. რა ვუყოთ, თუ ის ცოტათი უხეშიც იქნება.

_ ერთი წლის წინ საოცრად უბედურად ვგრძნობდი თავს, რადგან მეგონა, შეცდომა დავუშვი, რომ ღვთისმსახურება დავიწყე. საოცრად მქანცავდა ეს საყოველთაო მოვალეობები. მწყუროდა ნამდვილი სიცოცხლე, მწერალთა ამაღელვებელი საქმეები; მინდოდა ვყოფილიყავი მსახიობი, ავტორი, ორატორი და თითქმის ყველაფერი უფრო მინდოდა, ვიდრე მღვდლობა. დიახ, ჩემს დიაკვნურ ქადაგებაში სცემდა გული პოლიტიკოსისა, მხედრისა, დიდების, სახელმოხვეჭის მსურველისა, ძალაუფლებისთვის მებრძოლისა. ვფიქრობდი, ჩემი სიცოცხლე უბადრუკია და უნდა შეიცვალოს, თორემ მოვკვდები-მეთქი. წყვდიადი და ბრძოლა სინათლემ და იმედმა შეცვალა. ჩემი უმწეო არსებობა უეცრად უკიდეგანო სივრცედ იქცა, ზეცის ძახილზე აღდგა ძალა ჩემში, მოზღვავდა, ფრთა გაშალა, უხილავ სამყაროში აღიმართა. ღმერთმა დამავალა, კარგად მეტარებინა და დამეცვა ძალა და ხელოვნება, სიმამაცე და მჭევრმეტყველება, მხედრის, მოქალაქისა თუ ორატორის საუკეთესო თვისებები: ყოველივე ეს აუცილებელია და თავმოყრილი უნდა იყოს კარგ მისიონერში.

ასე გადავწყვიტე მისიონერი გავმხდარიყავი და იმ დროიდან ჩემი გონება სრულიად შეიცვალა; ბორკილები ჩამომეხსნა _ მათგან არაფერი დამრჩა, მტკივნეული წყლულების გარდა, რომელთაც დრო თუ განკურნავს. მამაჩემი, მართალი რომ ვთქვა, წინააღმდეგი იყო ჩემი არჩევანისა. მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ აღარავინ მყავს კანონიერი მოწინააღმდეგე. საქმეები მოგვარდა. როგორც მემკვიდრე მორტონისა, უზრუნველყოფილი ვიყავი. დამრჩა რამდენიმე ცალკეული სიძნელე, გამოწვეული გრძნობების დამსხვრევით; ამ უკანასკნელის შეხლა ადამიანურ სისუსტესთან, რომელსაც, ვიცი, დავძლევ. დავიფიცე და უთუოდ დავძლევ. ახლა ვტოვებ ევროპას და აღმოსავლეთისკენ მივემგზავრები.

ყველაფერი ეს მან თავისებური, უცნაური, დაბალი, შეკავებული და ამაღელვებელი ტონით წარმოთქვა. ლაპარაკს რომ ამთავრებდა, შევნიშნე, მე არ მიყურებდა, ჩამავალ მზეს გასცქეროდა. მეც მზეს ვუცქერდი. ორივე ზურგით ვიდექით ბილიკისკენ, რომელიც მინდვრიდან ჭიშკრამდე მოდიოდა. ამიტომ ბალახით დაფარულ ბილიკზე ფეხის ხმა არ გაგვიგონია. ამ დროს მხოლოდ ველზე მიმავალი წყლის ნანასავით დუდუნი ისმოდა. ის იყო წასვლას ვაპირებდით, რომ ვერცხლის ზარივით მხიარულმა ხმამ შემოგვძახა:

_ საღამო მშვიდობისა, მისტერ რივერს, საღამო მშვიდობისა, ჩემო კარლო, თქვენი ძაღლი უფრო ადრე ცნობს მეგობრებს, ვიდრე თქვენ, სერ. ჯერ კიდევ ველის ბოლოს ვიყავი, რომ ყურები ცქვიტა და კუდი ააქიცინა, თქვენ კი ზურგი შემოგიქცევიათ ჩემთვის.

მართლაც ასე იყო, მისტერ რივერსი შეაკრთო ამ წკრიალა ხმამ, რომელმაც მეხივით იფეთქა და ღრუბელი გააპო მის თავზე, თუმცა, მოლაპარაკით გაოცებული ისევე უძრავად დარჩა. მკლავით ჭიშკარს ეყრდნობოდა და დასავლეთს გასცქეროდა. ბოლოს და ბოლოს, დინჯად მობრუნდა; გეგონებოდათ, მის გვერდით ზმანება გაჩნდაო, მისგან სამ ნაბიჯზე თეთრად შემოსილი ნორჩი და მოქნილი არსება იდგა; სავსე, მაგრამ ლამაზად გამოკვეთილი. როდესაც კარლოსთან ალერსი მოათავა, თავი აიღერა და პირსაბურავი უკან გადაიწია, სენტ-ჯონის თვალწინ სრულყოფილი მშვენება აღიმართა. ძლიერი რამ არის სრულყოფილი სილამაზე, მაგრამ მე არ ვაპირებ მის განხილვასა და განსაზღვრას. მისი ნაკვთები ისეთი ლამაზი იყო, როგორის გამოკვეთა მხოლოდ ალბიონის თბილ კლიმატს შეუძლია _ წმინდა ფერები ვარდისა და შროშანის, რაც იქაურ ნიავსა და ნისლიან ცას სჩვევია. ეშხი არ სჭირდებოდა უნაკლოს; ამ გოგონას მწყობრი და ნაზი ნაკვთები ჰქონდა. ლამაზ ნახატზე რომ გინახავთ, ისეთი მოხაზულობის დიდრონი, მუქი და სავსე თვალები, მომხიბვლელად შემორკალული გრძელი, ჩრდილიანი წამწამები, ფანქრით ნახატი წარბები, რაც სიწმინდის შეგრძნებას ქმნიდა. თეთრი შუბლი ამ დიდებულ სილამაზეს სხივსა და სინათლეს მატებდა. სავსე ლოყები ჰქონდა, ნორჩი და გლუვი; ტუჩები _ ცინცხალი, ჯანსაღი, წითელი და ლამაზად დაბურცული; ციმციმა, მჭიდროდ მიჯრილი ნათელი კბილები; პატარა ფოსო ნიკაპზე. მდიდრულად ეცვა. მოკლედ, მასში თავს იყრიდა ყველაფერი იდეალური სილამაზის წარმოსადგენად. გაოცებული შევცქეროდი ამ ზღაპრულ ქმნილებას და მთელი გულით თაყვანს ვცემდი მას. ბუნებას დიდი სიყვარულით შეექმნა იგი, დავიწყებოდა მისთვის ჩვეული დედინაცვლური სიძუნწე და საყვარელი არსების მიმართ ბებიის სიუხვე გამოეჩინა.

ნეტა, რას ფიქრობდა სენტ-ჯონ რივერსი ამ მიწიერი ანგელოზის შესახებ? ბუნებრივია, ასეთი კითხვა დამებადა, როდესაც ის გოგონასკენ შებრუნდა და მას შეხედა. ბუნებრივია, ამის პასუხს მის გამომეტყველებაში ვეძებდი. მან თვალი აარიდა ფერიას და ჭიშკართან ამოზრდილი მორცხვი გვირილების წყებას ჩააჩერდა.

_ მშვინიერი საღამოა, მაგრამ შენთვის მარტო სასიარულოდ გვიანია, _ უთხრა მან გოგონას და ფეხით გასრისა თეთრთოვლა გვირილები.

_ მხოლოდ ნაშუადღევს დავბრუნდი ქალაქ ს-დან (მან ერთ-ერთი დიდი ქალაქი დაასახელა, დაახლოებით ოცი მილის მანძილზე აქედან). მამამ მითხრა, სკოლა გაგიხსნიათ და ახალი მასწავლებელი ჩამოვიდაო. ასე რომ, ჩაი დავლიე თუ არა, ქუდი დავიხურე და მის სანახავად გამოვეშურე ველისკენ. ეს არის, არა? _ ჩემზე მიუთითა.

_ დიახ, _ უთხრა სენტ-ჯონმა.

_ როგორ ფიქრობთ, მოგეწონებათ მორტონი? _ მომმართა მან ბავშვური, სასიამოვნო გულუბრყვილობით, უშუალოდ.

_ იმედია, მომეწონება. ამისთვის ბევრი პირობაც მაქვს.

_ მოსწავლეები აღმოჩნდნენ ისე გულისხმიერნი, როგორც მოელოდით?

_ სავსებით.

_ სახლი მოგეწონათ?

_ ძალიან.

_ ხომ კარგად მოგიწყვეთ?

_ ნამდვილად ძალიან კარგად.

_ მსახურიც ხომ კარგი აგირჩიეთ, ალისა ვუდი?

_ ნამდვილად კარგია. მორჩილი და გონიერი.

ეს, ალბათ, მის ოლივერია-მეთქი, _ გავიფიქრე, _ ოლივერის ერთადერთი მემკვიდრე, ნამდვილი, უხვი წყალობით რჩეული, როგორც ბედისგან, ისე ბუნებისგან. ნეტა, რომელ ბედნიერ ვარსკვლავზე იყო დაბადებული?

_ ხანდახან მოვალ ხოლმე და მოგეხმარებით სწავლებაში, _ დასძინა მან. _ გამახალისებს თქვენთან სტუმრობა. მე მიყვარს სიახლე. მისტერ რივერს, მეტად ვისიამოვნე იქ დარჩენით. წუხელ ან, უფრო სწორად, ამ დილით ორ საათამდე ვცეკვავდი. კატასტროფის შემდეგ სამხედრო ნაწილი დგას იქ და ოფიცრები მთელ ქვეყანაზე საუკეთესო ადამიანები არიან. ჩვენი მლესავები და მაკრატლით მოვაჭრენი მათ ვერ შეედრებიან.

უცებ მომეჩვენა, თითქოს მისტერ სენტ-ჯონს წუთით ქვედა ტუჩი დაუგრძელდა, ხოლო ზედა აეპრიხა და აშკარა უკმაყოფილება დაეტყო. საოცრად მტკიცე, ოთხკუთხედი ქვედა ყბა მოექცა, როდესაც გოგონა სიცილით ჰყვებოდა ამ ამბავს. გვირილებს თავი ანება და მზერა ისევ გოგონაზე გადაიტანა. ეს იყო სერიოზული, დაკვირვებული და მნიშვნელოვანი მზერა. გოგონამ ისევ სიცილით უპასუხა მას. სიცილი ძალიან მოუხდა მის სინორჩეს, ლოყებზე ვარდისფერ ღრმულებსა და ნათელ თვალებს.

უძრავად მდგარი სენტ-ჯონი მუნჯივით გაყუჩდა. გოგონამ კი კარლოს დაუწყო ფერება.

_ საწყალ კარლოს ვუყვარვარ, _ თქვა მან. _ არ იცის მეგობრებისგან განზე გადგომა და, ლაპარაკი რომ შეეძლოს, ასე არ გაჩუმდებოდა.

სანამ ის, ახალგაზრდა და მკაცრი პატრონის წინაშე დახრილი, ძაღლს ეფერებოდა, შევამჩნიე, როგორმა ალმურმა იფეთქა კაცის სახეზე. შევამჩნიე, როგორი ცეცხლით აინთო მისი მშვიდი თვალები. აღგზნებული და ალმოდებული, ის ახლა კაცის კვალობაზე ისეთივე ლამაზი იყო, როგორიც მის წინ დახრილი გოგონა. მისი მკერდი მაღლა აიზიდა, თითქოს დესპოტიზმით შეკუმშული მისი დიდი გული აივსო, სურვილთა ჯიბრზე აიწყვიტა და თავისუფლების მოსაპოვებლად გაიბრძოლა. მაგრამ მან მოთოკა ეს გრძნობა, როგორც, ჩემი აზრით, კარგი მხედარი თუ მოთოკავს ყალყზე შემდგარ ულაყს. არც სიტყვით, არც მოძრაობით არ უპასუხა მისკენ მომართულ სინაზეს.

_ მამა ამბობს, რომ სულ აღარ მოდიხართ ჩვენთან, _ განაგრძო მის ოლივერმა და თავი ასწია, _ რომ სულ უცხო გახდით ვეილ-ჰოლში. ახლაც მარტოა და ცუდად გრძნობს თავს. არ წამომყვებით მის სანახავად?

_ ახლა უდროოა მისტერ ოლივერის შეწუხება, _ მიუგო სენტ-ჯონმა.

_ უდროოაო! მე კი გეუბნებით, დროულია-მეთქი. ეს სწორედ ის დროა, როდესაც მამას განსაკუთრებით სჭირდება ხმის გამცემი, როდესაც სამუშაო დამთავრებულია და თავშესაქცევი არაფერი აქვს. წამოდით რა, მისტერ რივერს. რატომ ხართ ასეთი მორცხვი და გულჩათხრობილი? _ პასუხად ჩამოწოლილი უხერხული სიჩუმე ისევ თვითონ დაარღვია.

_ როგორ დამავიწყდა, _ წამოიძახა მან და, თითქოს თავის თავზე განრისხებულმა, ლამაზი, კულულებიანი თავი გააქნია, _ როგორი გულმავიწყი და დაბნეული ვარ. გემუდარებით მაპატიეთ, სულ გამომრჩა მხედველობიდან, რომ მიზეზი გაქვთ, უარი არ მითხრათ. დიანა და მერი წავიდნენ და მურ-ჰაუსის კარი გამოკეტილია. თქვენ სულ ობლად ხართ. გულწრფელად მებრალებით. წამოდით რა, ინახულეთ მამაჩემი.

_ ამაღამ არა, მის როზამონდ, ამაღამ არა.

მისტერ სენტ-ჯონი მექანიკურად ამბობდა ამას და გრძნობდა, როგორ უმძიმდა ასე უარის თქმა.

_ მაშ, რადგან ასე გაჯიუტდით, მე წავალ, ნამი ეცემა და მეტს ვეღარ დავრჩები. ღამე მშვიდობისა.

ახალგაზრდა ქალმა ხელი გამოუწოდა. სენტ-ჯონი ოდნავ შეეხო მის ხელს.

_ ღამე მშვიდობისა, _ წარმოთქვა სენტ-ჯონმა დაბალი და ექოსავით ყრუ ხმით. გოგონა წასასვლელად გაბრუნდა, მაგრამ მაშინვე უკან შემოტრიალდა.

_ კარგად ხართ? _ ჰკითხა მან. როგორც კი ეს თქვა, სენტ-ჯონს გოგონას კაბის ფერმა გადაჰკრა სახეზე.

_ ძალიან კარგად, _ განაცხადა მან, თავი დაუკრა და ჭიშკარს გასცილდა. სხვადასხვა გზით წავიდნენ. ველზე ზღაპრულად მიმავალმა გოგონამ ორჯერ მოიხედა და თვალი გააყოლა სენტ-ჯონს. ის კი მტკიცედ მიაბიჯებდა და არც მოუხედავს.

სხვათა ტანჯვისა და მსხვერპლშეწირვის ნახვამ მიყუჩებული ფიქრები ამიშალა. დიანა რივერსმა ძმას "სიკვდილივით ულმობელი" უწოდა და არც შემცდარა.

თავი ოცდამეთორმეტე

რაც შემეძლო, ერთგულად და გულმოდგინედ განვაგრძობდი მუშაობას სკოლაში. დასაწყისში ეს მართლაც ძნელი სამუშაო იყო. კარგა ხანი და დიდი ენერგია დამჭირდა, ვიდრე ჩემს მოსწავლეებსა და მათ ბუნებას მოვათვინიერებდი. მთელ რიგ საკითხებში სრულიად გაუთვითცნობიერებელნი და გაუთლელნი, ერთი შეხედვით ერთნაირად უიმედონი მეჩვენებოდნენ. მაგრამ მალე მივხვდი, რომ ვცდებოდი. მათ შორისაც, როგორც განათლებულ ხალხში, დიდი სხვაობა იყო. როცა ისინი ახლოს გავიცანი, ეს სხვაობა განსაკუთრებით ნათლად ვიგრძენი. გაოცებულნი იყვნენ ჩემით, ჩემი ენით, წესებითა და ჩვევებით. მერე თანდათან ვამჩნევდი, რომ ამ თვალებდაჭყეტილი, გაუთლელი არსებებიდან საკმაოდ გონებამახვილი გოგონები ყალიბდებოდნენ. ბევრი მათგანი თვინიერი და კეთილი ჩანდა. მათში თანდათან აღმოვაჩინე ბუნებრივი ზრდილობის, ქვეცნობიერი ღირსებისა და შესანიშნავი ნიჭის არაერთი ნიშანი, რამაც მათდამი კეთილგანწყობა და სიყვარული ჩამინერგა. ამან კი უდიდესი სიამოვნება მაგრძნობინა. გასაოცარიც კი იყო, ისე სწრაფად მიდიოდნენ წინ, და ამის გამო პატიოსანი შრომით მოპოვებული ბედნიერი სიამაყე ვიგრძენი. გარდა ამისა, შემიყვარდა ზოგიერთი მათგანი. ვატყობდი, მათაც შევუყვარდი. მოწაფეთა შორის მყავდა რამდენიმე უკვე მოზრდილი, ფერმერის გოგონა, რომელთაც წერა-კითხვა და კერვა შეეძლოთ. მათ ვასწავლიდი საკითხებს გრამატიკიდან, გეოგრაფიიდან, ისტორიიდან. ვასწავლიდი ნემსით მუშაობის საუკეთესო ნიმუშებს. მათში შესანიშნავ ბუნებას ვხედავდი: სწყუროდათ ახლის გაგება, გაუმჯობესება. მათ სახლებში ბევრი კარგი საღამო გამიტარებია. მათი მშობლები დიდ ყურადღებას მაქცევდნენ. საოცარი სიამოვნება იყო მათი უბრალო პატივისცემის მიღება და სანაცვლოდ ყურადღების მიგება, მათი განცდების გაზიარება, რასაც, როგორც ჩანს, სულ არ იყვნენ ჩვეულნი და რაც ხიბლავდა და თაყვანისცემით აღავსებდა მათ... ეს, ერთი მხრივ, მათ თვალში მამაღლებდა და, მეორე მხრივ, აღარ გრძნობდნენ მათთვის ჩვეულ, განსხვავებულ დამოკიდებულებას.

ვიგრძენი, რომ სამეზობლოში ყველას ვუყვარდი. როდესაც გამოვდიოდი შინიდან, ყოველი მხრიდან მესმოდა გულთბილი სალამი და ვხედავდი მეგობრულ ღიმილს. ხალხის, თუნდაც მშრომელი ხალხის პატივისცემა ისევე საამოა, როგორც "მშვიდად და განცხრომით მზეში ჯდომა", როგორც სულიერ გრძნობათა კვირტების გაშლა და გაფურჩქნა. ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემი გული მწუხარებისაგან კი არ იძირებოდა, არამედ მადლიერების გრძნობით ივსებოდა. იმასაც გეტყვი, ჩემო მკითხველო, რომ დღე ილეოდა მოწაფეებთან ღირსეულ მუშაობაში, საღამო მშვიდად მიდიოდა ხატვასა და კითხვაში. ასეთი მშვიდი და სასარგებლო დღის მერე ღამით საოცარ სიზმრებს ვხედავდი. სიზმრებს ათასფერს, წარმტაცს, იდეალებით სავსეს, ამაღელვებელს, ქარიშხლიანს, სადაც არარეალურ სათავგადასავლო ამბებში, რისკსა და რომანტიკულ თავგანწირვაში, განსაცდელში ისევ და ისევ ვხვდებოდი მისტერ როჩესტერს და მაშინ მისი მკლავების შეგრძნება, მისი ხმის გაგონება, თვალებით შეხვედრა, ხელისა და ლოყის შეხება, სიყვარული მისგან და მისდამი, იმედი, რომ მის გვერდით ვიქნები მთელი სიცოცხლე _ პირვანდელი ძალითა და ცეცხლით განახლდებოდა ხოლმე ჩემში. მერე ვიღვიძებდი, გამახსენდებოდა, სად ვარ, რა მდგომარეობაში, ცახცახითა და თრთოლით წამოვდგებოდი უფარდო საწოლიდან და მშვიდი და ბნელი ღამე იყო ჩემი სასოწარკვეთისა და მოზღვავებული გრძნობების მოწმე. დილით კი, ზუსტად ცხრა საათისთვის, მე ისევ შევდიოდი სკოლაში დაწყნარებული და მომზადებული ყოველდღიურ მოვალეობათა შესასრულებლად.

როზამონდ ოლივერმა დანაპირები შეასრულა და ჩვენს სანახავად მოდიოდა ხოლმე. ჩვეულებრივ, დილით, ცხენით სეირნობისას შემოივლიდა ხოლმე სკოლაში. თავისი ულაყით კარს მოადგებოდა. უკან ცხენზე შემჯდარი მსახური მოსდევდა. ძნელია წარმოიდგინოთ უკეთესი სანახაობა, ვიდრე მეწამული ფერის სამოსში გამოწყობილი ეს გოგონა იყო. შავი ხავერდის საცხენოსნო ქუდი მოხდენილად ეხურა კულულებზე, ლოყებს რომ უკოცნიდა და ფარფატით მხრებამდე ეშვებოდა. ასე შემოდიოდა ის ამ უბრალო შენობაში და ჩაივლიდა გაოცებისაგან თვალებდაჭყეტილ სოფლის ბავშვებს შორის. ის, ჩვეულებრივ, მოდიოდა ისეთ დროს, როდესაც მისტერ რივერსი გართული იყო გაკვეთილის გამოკითხვით. ვგონებ, მისი გამოხედვა მღვდელს გულში ძალიან მწვავედ ხვდებოდა. თითქოს რაღაც ინსტინქტი ამცნობდა მის მოსვლას მაშინაც კი, როდესაც ვერ ხედავდა. გოგონა კართან გამოჩნდებოდა თუ არა, მღვდელს ღაწვები აელეწებოდა, მარმარილოსგან თლილი ნაკვთები აღარ ემორჩილებოდა და სახე მთლიანად ეცვლებოდა. სახის ნაკვთების ეს უძრაობა უფრო მეტის მთქმელი იყო, ვიდრე აცახცახებული კუნთი ან ელვისებური გამოხედვა.

რასაკვირველია, გოგონა გრძნობდა თავის ძალას, არ შეეძლო და ამიტომაც არ მალავდა მას. საკმარისი იყო მისი გამოჩენა, დალაპარაკება, მხიარული, გამამხნევებელი, თითქმის კეკლუცი ღიმილი, რომ, მიუხედავად ქრისტიანული სიმშვიდისა და ურყეობისა, სენტ-ჯონს ხელები უთრთოდა და თვალები ენთებოდა, თუ ტუჩებით არა, სევდიანი და მტკიცე გამოხედვით მაინც ამბობდა: "მიყვარხარ და ვიცი, შენი რჩეული ვარ. წარმატებისგან თავბრუსხვევამ კი არ დამამუნჯა. მე რომ გული შემოგთავაზო, მჯერა, მიიღებ მას, მაგრამ ეს გული წმინდა საკურთხეველზე ასვენია. ცეცხლი ანთია მის გარშემო და მალე აღსრულდება მსხვერპლშეწირვა~.

მაშინ გოგონა ბავშვივით გაიბუტებოდა, ღრუბელი დაჩრდილავდა მის კაშკაშა ბრწყინვალებას. სასწრაფოდ ხელს ჩამოართმევდა, ჯიუტად და კეკლუცად მოსწყდებოდა ადგილს და ასე, გმირულად, მარტვილურად თვალს მიეფარებოდა. რაღა თქმა უნდა, სენტ-ჯონი მთელ ქვეყანას არ დაზოგავდა, ოღონდ გასდევნებოდა, შეეჩერებინა და დაეძახა მისთვის, მაგრამ ვერ თმობდა ზეცას სიყვარულის მსხვერპლად, ვერ ელეოდა ჭეშმარიტსა და ერთადერთ რწმენას მარადიული სამოთხისა. გარდა ამისა, უჭირდა ერთ პიროვნებაში ჩაეტია თავისი ბუნება და ერთ ვნებაში გამოეხატა სული პოეტისა, მოხეტიალისა, მეოცნებისა და სულიერი მამისა. არც შეეძლო და არც სურდა უარი ეთქვა დიად მისიაზე, ვერ გაცვლიდა მას ვეილ-ჰოლის სასახლესა და მყუდროებაზე. ერთხელ თვითონ მისგან ბევრი რამ გავიგე. მიუხედავად მისი ასეთი გულჩათხრობილი ხასიათისა, მაინც გავბედე და გულახდილ საუბარში გამოვიწვიე.

მის ოლივერი ძალიან ხშირად პატივს მდებდა და მოდიოდა ხოლმე ჩემთან კოტეჯში. კარგად გავიგე მისი ბუნება; არც არაფერი იყო მასში იდუმალი და დაფარული: მის ოლივერი კეკლუცი იყო, მაგრამ არა უგულო; მომთხოვნი, მაგრამ არა შეუბრალებელი ეგოისტი; დაბადებიდანვე ნებიერი, მაგრამ არა თავგასული; ფიცხი, მაგრამ კეთილი ბუნების; თავდაჯერებული (ან როგორ არ იქნებოდა, როცა სარკეში ჩახედვისას ასეთ სილამაზეს ხედავდა), მაგრამ არა პრანჭია. გულუხვიც იყო, გულახდილი, საკმაოდ ჭკვიანიც, მხიარული, ხალისიანი და წინდაუხედავი. ერთი სიტყვით, მეტისმეტად მომხიბვლელი, მისი სქესის ისეთი კრიტიკული თვალით შემფასებლისთვისაც კი, როგორიც მე ვიყავი. მაგრამ, როგორც პიროვნება, ის დიდ ინტერესს არ იწვევდა ჩემში და არც ღრმა შთაბეჭდილებას ახდენდა ჩემზე. ჭკუით სრულიად განსხვავდებოდა სენტ-ჯონის დებისგან. მაინც მიყვარდა. მიყვარდა ისე, როგორც ერთ დროს ადელი. თუმცა, ერთი რამ ცხადია, ბავშვი, რომელსაც შენ ასწავლი და რომელზეც ზრუნავ, უფრო მეტად ახლობელია და გიყვარს, ვიდრე მომხიბვლელი, მაგრამ უკვე მოზრდილი პიროვნება.

ახირებულ ცნობისმოყვარეობას იჩენდა ჩემ მიმართ, თუმცა კეთილი გულით. მითხრა, მისტერ რივერსს ჰგავხართო (თუმცა, ისიც არ დამიმალა, რომ ის ერთიათად ჩემზე ლამაზი იყო. თქვენ, მართალია, პატარა, კოხტა, ფაქიზი არსება ხართ, მაგრამ ის ანგელოზივით მშვენიერიაო), სენტ-ჯონივით კეთილი, ჭკვიანი, მშვიდი, თავშეკავებული და მტკიცე ხართო. ამტკიცებდა, რომ სოფლის სკოლის მასწავლებლისთვის მე ლუსუს ნატურაე ვიყავი. იმასაც ამბობდა, რომ ჩემი წარსული ცხოვრების ამბავი რომ სცოდნოდათ, შესანიშნავი რომანი დაიწერებოდა.

ერთ საღამოს ბავშვური ენერგიით, დაუფიქრებლად, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ჩემს კარადას და მაგიდის უჯრებს პატარა სამზარეულოში; იპოვა ორი ფრანგული წიგნი, შილერის ტომი, გერმანული ენის გრამატიკის სახელმძღვანელო და ლექსიკონი. სახატავი მოწყობილობა და რამდენიმე ჩანახაზი. მათ შორის შენიშნა ფანქრით შესრულებული, ჩემი ერთ-ერთი მოსწავლის, ქერუბიმივით მშვენიერი პატარა გოგონას თავი; მორტონის ველი და გარშემორტყმული ტორფნარი ბუნების სხვადასხვა პეიზაჟი. პირველად გაოცებისგან გაშეშდა, მაგრამ შემდეგ სიამოვნებისგან აენთო.

გაგრძელება შემდეგ ნომერში