ჯეინ ეარი (თავი XXXII) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XXXII)

- შენ დახატე ეს სურათები? იცი ფრანგული და გერმანული? რა საყვარელი ხარ, რა საოცარი! ჩემი სკოლის მასწავლებელზე უკეთ ხატავ. ხომ არ დახატავდი ჩემს სურათს, მამასთვის რომ მეჩვენებინა?

- სიამოვნებით, - ვუპასუხე, სხეულში იმ ტკბილმა ჟრუანტელმა დამიარა, მხატვარი რომ გრძნობს ხოლმე, თუ შესაძლებლობა აქვს ასეთი მშვენიერი და გასაოცარი სილამაზის პიროვნება ჰყავდეს მოდელად. ქალს მუქი ლურჯი აბრეშუმის კაბა ეცვა. მკლავები და კისერი შიშველი ჰქონდა; ერთადერთი სამკაული, რომელიც მხრებზე დაჰფენოდა, მისი წაბლისფერი, საოცრად ლამაზი, ბუნებრივი კულულები იყო. მუყაოს თხელი ფურცელი ავიღე და ფრთხილად მოვხაზე მისი სახე. სიამოვნებით ვფიქრობდი, როდის შევუდგებოდი საღებავებით ხატვას. ახლა უკვე ბნელდებოდა და ვუთხარი, მეორე დღეს მოსულიყო.

მას იმდენი ელაპარაკა ჩემზე მამასთან, რომ მეორე დღეს თვითონ მისტერ ოლივერი მოჰყვა თან. ეს იყო მაღალი, მსხვილნაკვთებიანი, საშუალო ხნის ჭაღარა კაცი. მისი ლამაზი ასული მშვენიერ ყვავილს ჰგავდა ჟამთა სვლისგან დათოვლილი კოშკის გვერდით. მისტერ ოლივერი სიტყვაძუნწი ჩანდა და, შესაძლებელია, ამაყიც. მე კი ძალიან კარგად მექცეოდა. ძალიან მოეწონა როზამონდის პორტრეტის ჩანახაზი, მითხრა, რომ აუცილებლად უნდა დამემთავრებინა და მთხოვა, ხვალ უსათუოდ მობრძანდით ჩვენთან ვეილ-ჰოლში, საღამო ერთად გავატაროთო.

ვესტუმრე. ეს იყო დიდი, მშვენიერი ბინა, სადაც ყველაფერი პატრონის მოჭარბებულ სიმდიდრეზე ლაპარაკობდა. მთელი საღამო როზამონდი მხიარულებითა და სიამოვნებით იყო სავსე. მამამისი თავაზიანად მესაუბრებოდა ჩაის შემდეგ. შემიქო მორტონის სკოლაში ჩემი საქმიანობა და დასძინა, რაც ვნახე და გავიგე, მაფიქრებინებს, რომ როგორც კი უფრო შესაფერის ადგილს იპოვით, მაშინვე დატოვებთ აქაურობას, რადგან ეს საქმიანობა თქვენთვის მეტისმეტად უბრალოაო.

- მართალია, მამიკო, - წამოიძახა როზამონდმა, - იმდენად ჭკვიანია, რომ თავისუფლად შეუძლია მაღალი საზოგადოების ოჯახში იმუშაოს აღმზრდელად.

მე კი ვფიქრობდი, რომ უმჯობესი იყო ჩემთვის აქ დარჩენა, ვიდრე მაღალი წრის ადამიანთა ოჯახში აღმზრდელად მუშაობა. მისტერ ოლივერმა მისტერ რივერსი და, საერთოდ, რივერსების ოჯახი პატივისცემით მოიხსენია. თქვა, ეს უძველესი გვარია ამ მხარეში, მათი წინაპრები მდიდრები იყვნენო; ერთ დროს მთელი მორტონი მათ ეკუთვნოდათ და ახლა, მისტერ ოლივერის აზრით, ამ გვარის წარმომადგენელს შეეძლო, თუ მოინდომებდა, ბედი ყველაზე კარგ ოჯახიშვილთან დაეკავშირებინა. მეტად სწყინდა, რომ ასეთ მშვენიერ და ნიჭიერ ახალგაზრდა კაცს მისიონერად წასვლა ჰქონდა გადაწყვეტილი. ამით ის ზურგს აქცევდა დიდებულ ცხოვრებას. მივხვდი, რომ მისტერ ოლივერი წინააღმდეგი არ იყო, როზამონდს თავისი ბედი სენტ-ჯონისთვის დაეკავშირებინა. როგორც ჩანდა, მისტერ ოლივერი ფიქრობდა, რომ ახალგაზრდა მღვდლის კარგი გვარიშვილობა, ძველისძველი წარმოშობა და შეუბღალავი შინაგანი ბუნება მის უფულობას შეავსებდა.

ეს მოხდა დღესასწაულის დღეს, ხუთ ნოემბერს. პატარა გოგონას, რომელიც ოთახის დალაგებაში მეხმარებოდა, ერთი პენი მივეცი გასამრჯელოდ და დიდად კმაყოფილი გავათავისუფლე. ერთი ლაქაც კი არ ჩანდა არსად, გარშემო ყველაფერი ბრწყინავდა: გახეხილი იატაკი, გაპრიალებული ბუხარი და კარგად გაწმენდილი სკამები. მეც ფაქიზად გამოვეწყვე და შემეძლო, როგორც მინდოდა, ისე გამეტარებინა დღე.

გერმანულიდან რამდენიმე ფურცლის გადათარგმნას ერთი საათი მოვუნდი; შემდეგ ჩემი პალიტრა და სახატავი ფანქრები ავიღე, ჩემს საყვარელ და ამიტომაც უფრო იოლ საქმიანობას შევუდექი. უნდა დამემთავრებინა როზამონდ ოლივერის მინიატიურა. უკვე დავამთავრე; მხოლოდ ფონი უნდა გამომეკვეთა და ჩაცმულობაზე - ჩრდილები. ფუნჯის კიდევ რამდენიმე წასმა სჭირდებოდა მწიფედ დაბურცულ ტუჩებს, რამდენიმე ხვეულა - ფაქიზ კულულებს, ოდნავ მუქი ფერი - ლაჟვარდი თვალების ქვეშ დაფენილ წამწამთა ჩრდილს...

მთლიანად გამიტაცა ამ შესანიშნავ დეტალებზე მუშაობამ, რომ ამ დროს სწრაფი კაკუნი მომესმა. კარი გაიღო და სენტ-ჯონ რივერსი შემოვიდა.

- მოვედი, გავიგო, როგორ ატარებთ დღესასწაულს, - თქვა მან. - იმედი მაქვს, ფიქრებში არ ხართ წასული. ვხედავ, რომ არა, ძალიან კარგი. ხატვისას მარტოობას არ იგრძნობთ. იცით, ჯერ კიდევ არ მჯერა თქვენი, თუმცა შესანიშნავად გიჭირავთ თავი. წიგნი მოგიტანეთ, რომ საღამოობით მშვიდად იკითხოთ, - მაგიდაზე ახლად გამოცემული პოემა დადო, ერთ-ერთი იმ შესანიშნავ ნაწარმოებთაგანი, რომლებითაც მაშინდელი საზოგადოება იყო განებივრებული: ეს იყო თანამედროვე ლიტერატურის ოქროს ხანა. რა გაეწყობა! ჩვენი თაობის მკითხველს ამ მხრივ ბედი ასე არ სწყალობს, მაგრამ გულს ნუ გავიტეხთ! არ ვიწუწუნოთ, არც დავადანაშაულოთ ვინმე. ვიცი, პოეზია არ ჩამქრალა, არც გენია დაკარგულა; ვინ მისცა მამონს ძალა, შეზღუდოს და ჩაკლას პოეზია ან გენია; ოდესმე ორივე კვლავ აღმოცენდება, ხორცს შეისხამს, მოიპოვებს თავისუფლებას და გაძლიერდება. ძლიერი ანგელოზები მფარველობენ მათ ზეცაში! როდესაც ბოროტი სულები ზეიმობენ, ისინი მხოლოდ იღიმებიან; მხოლოდ უძლურნი დასტირიან თავიანთ დაღუპვას. პოეზია გაქრა? გენია აღმოიფხვრა? არა, არასოდეს! ძალა დაკარგა? არა. ნებას ნუ მისცემთ შურს, ასეთი რამ შთაგაგონოთ. ისინი არა მარტო ცოცხლობენ, არამედ ყველგან არიან და გვიშველიან; მათი მაცოცხლებელი გავლენის გარეშე თქვენ ჯოჯოხეთში იქნებოდით, თქვენივე საკუთარი უბადრუკობის ჯოჯოხეთში.

ვიდრე მარმიონს ვფურცლავდი დიდი გატაცებით, სენტ-ჯონი დაიხარა, რომ ჩემი ნახატი დაეთვალიერებინა. შეკრთა და მისი მაღალი სხეული კვლავ აიმართა. შევხედე. სიტყვა არ უთქვამს. თვალი მომარიდა. კარგად ვიცოდი, რას ფიქრობდა, და გარკვევით ვკითხულობდი, რა ჰქონდა გულში. ამ წუთს მასზე უფრო მშვიდად და აუღელვებლად მე ვიყავი, დროებით მე მეკუთვნოდა უპირატესობა. განვიზრახე, შეძლებისდაგვარად დავხმარებოდი.

მთელი თავისი სიმტკიცისა და ნებისყოფის მიუხედავად, - ვფიქრობდი, - რა ძნელი საქმე განუზრახავს, ყოველ გრძნობასა და მწვავე ტკივილს გულში იხვევს, არ ამხელს. არავის ანდობს, არავის უზიარებს. დარწმუნებული ვარ, გულზე მოეშვება, რამეს რომ იტყოდეს მშვენიერ როზამონდზე, რომელიც, მისი აზრით, არ შეიძლება ცოლად შეირთოს. ძალიან მომინდა ამელაპარაკებინა.

პირველმა მე დავარღვიე სიჩუმე.

- დაბრძანდით, მისტერ რივერს. - ჩვეულებისამებრ მიპასუხა, არ შემიძლია დარჩენაო.

`ძალიან კარგი, - გონებაში ვუპასუხე. - იდექით, თუ ასე გსურთ. მაგრამ უდავოა, ჯერ ვერ წახვალთ: მარტოობა თქვენთვისაც აუტანელია. შევეცდები მოვიპოვო თქვენი ნდობა, ვიპოვო ამ მარმარილოსავით მაგარ მკერდში გულისკენ მიმავალი ბილიკი და ვაპკურო მას თანაგრძნობის მაცოცხლებელი ბალზამის წვეთი~.

- ჰგავს ეს ნახატი? - ვკითხე პირდაპირ.

- ჰგავს? ვის? არც კი დავკვირვებივარ.

- როგორ არა, მისტერ რივერს.

ჩემმა ასეთმა უეცარმა და უცნაურმა პირდაპირობამ შეაკრთო: გაოცებულმა შემომხედა. "ოჰ, ეს ჯერ არაფერია~, გუნებაში გავივლე, "სრულებითაც არ ვაპირებ ამ ჯიუტობამ შემაშინოს, ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია~. - შემდეგ განვაგრძე.

- კარგად და დაკვირვებით დაათვალიერეთ უკვე. მაგრამ არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, თუ კვლავ შეამოწმებთ.

ავდექი და ნახატი ხელში მივაჩეჩე.

- კარგადაა შესრულებული, - თქვან მან. - მეტად ნაზი, ლამაზი ფერებია, ძალიან ლამაზი და ზუსტად შესრულებული ნახატია.

- დიახ, დიახ, ეს ვიცი. მაგრამ მსგავსებაზე რას იტყვით? ვის ჰგავს?

ცოტა ხნის ყოყმანის შემდეგ თავს სძლია და მიპასუხა: - ჩემი აზრით, მის ოლივერს.

- რასაკვირველია, ახლა კი, სერ, მინდა ამ შესანიშნავი მიხვედრილობისთვის დაგაჯილდოოთ. სიამოვნებით გპირდებით, რომ ზუსტად და გულმოდგინედ დაგიხატავთ ასეთსავე სურათს. ოღონდ უნდა მითხრათ, რომ უარს არ იტყვით მის წაღებაზე. არ მინდა დრო ტყუილად დავხარჯო და შემოგთავაზოთ საჩუქარი, რომელსაც უღირსად ჩათვლით.

კვლავ სურათს უმზერდა. რაც უფრო დიდხანს უყურებდა, მით უფრო უჭერდა ხელს. თითქოს მით უფრო სურდა მისი მიღება. "ჰგავს", - ჩურჩულებდა. - "თვალები კარგად არის დახატული, ფერიც, გამომეტყველებაც სწორედ ასეთი აქვს. თვალები იღიმებიან კიდეც~.

- გინდათ, გქონდეთ ასეთი სურათი, თუ ამით ტკივილს იგრძნობთ? მითხარით, მადაგასკარში, კეთილი იმედის კუნძულსა და ინდოეთში ეს სურათი თან რომ გქონდეთ, დაგიმშვიდებთ სულს? თუ მოგონებებს გაგიღვიძებთ, ძალას გამოგაცლით და სევდას მოგგვრით?

ახლა მან მალულად შემომხედა: უნდობლად და შეშფოთებით. მერე კვლავ სურათს მოავლო თვალი.

- თან რომ მინდა წავიღო, ეს ცხადია, მაგრამ არის თუ არა ეს მიზანშეწონილი ან გონივრული, მეორე ამბავია.

როდესაც დავრწმუნდი, რომ როზამონდს ნამდვილად მოსწონდა სენტ-ჯონი და მისტერ ოლივერიც არ იყო წინააღმდეგი მათი ქორწინებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრი ცხოვრებაზე ბევრად უფრო უნუგეშო იყო, ვიდრე სენტ-ჯონისა, მაინც გულით მინდოდა ხელი შემეწყო ამ საქმისთვის. ვფიქრობდი, რომ თუ სენტ-ჯონი გახდებოდა მისტერ ოლივერის დიდი სიმდიდრის პატრონი, ეს შესაძლებლობას მისცემდა ისეთივე მადლიანი საქმეები ეკეთებინა, როგორიც იყო მისიონერად წასვლა ტროპიკულ ქვეყნებში, სადაც მზე დააჭკნობდა მის გენიას და გამოუფიტავდა ძალას. ამაში დარწმუნებულმა ვუპასუხე:

- რამდენადაც ვხედავ, უფრო გონივრული და მიზანშეწონილი იქნება ახლავე დაეუფლოთ ორიგინალს.

სენტ-ჯონი უკვე იჯდა: სურათი წინ, მაგიდაზე ედო, შუბლი ხელებზე დაეყრდნო და თვალს ვერ აცილებდა. შევამჩნიე, ჩემს გაბედულ ნათქვამზე არც გაბრაზდა და არც გაუკვირდა. ისიც შევნიშნე, რომ ასე გულახდილი საუბარი საკითხზე, რომლის შესახებ წინათ ლაპარაკს ვერ ბედავდა, ახლა სიამოვნებდა და შვებას ჰგვრიდა. გულჩათხრობილ ხალხს უფრო ხშირად სჭირდება გულახდილი საუბარი თავიანთ დარდსა და გრძნობებზე, ვიდრე გულღია ადამიანებს. ეს კაცი მტკიცე ჩანს, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ისიც ხომ ადამიანია. ამგვარი ადამიანების სულის "წყნარ ზღვაში~ ასე გაბედულად და კეთილი განზრახვებით შეჭრა ხშირად კეთილი საქმეა და აუცილებელიც.

- დარწმუნებული ვარ, მას მოსწონხართ, - ვუთხარი. მისი სკამის უკან ვიდექი. - მამამისიც პატივს გცემთ. უფრო მეტიც, როზამონდი მეტად თბილი ქალიშვილია, თუმცა წინდაუხედავი, მაგრამ თქვენი სერიოზულობა ორივეს გეყოფათ. უნდა შეირთოთ.

- მოვწონვარ? - იკითხა მან.

- რასაკვირველია; ყველაზე მეტად მოსწონხართ, სულ თქვენზე ლაპარაკობს. არაფერია მისთვის ამაზე მეტად სასიამოვნო და ხშირად გახსენებთ.

- მსიამოვნებს, ამას რომ ამბობთ, - მითხრა მან, - და ძალიან მინდა კიდევ ილაპარაკოთ თხუთმეტი წუთის განმავლობაში. - მან საათი ამოიღო და მაგიდაზე დადო, დრო რომ დაენიშნა.

- რისთვის გავაგრძელო, - ვკითხე, - როდესაც თქვენ, როგორც ჩანს, უკვე ემზადებით ძლიერი საპასუხო დარტყმისთვის ან ახალ ბორკილებს ჭედავთ თქვენი გულის შესაბორკად.

- ნუ ფიქრობთ ასეთ საშინელ ამბებზე. წარმოიდგინეთ, რომ მორჩილი და დამთმობი ვარ. ახლა ხომ მართლაც ასეა: მიწიერი სიყვარული ახლად ამოხეთქილი შადრევანივით ჩქეფს ჩემში. საამო ტალღები ტბორავს ველს, რომელსაც ასე ბეჯითად და მუყაითად ვქმნიდი, რომელზეც დაუღალავად ვთესავდი კეთილ სურვილებს და უარს ვამბობდი საკუთარ თავზე. ახლა ეს ველი ნექტარივით ტკბილი ნიაღვრითაა დაფარული, ხოლო ნორჩი ყლორტები იღუპება; ტკბილმა საწამლავმა მოწამლა ისინი: ველ-ჰოლში ვარ ნებივრად ჩამჯდარი სასტუმრო ოთახში დივანზე, ჩემი საცოლე როზამონდ ოლივერის ფერხთით; ის ჩვეული ტკბილი ხმით მელაპარაკება; დამყურებს მშვენიერი თვალებით, თქვენ რომ ასე ოსტატურად დახატეთ; მიღიმის მარჯნისფერი ტუჩებით. ის ჩემია და მე მას ვეკუთვნი. აი, ეს ცხოვრება და წარმავალი სამყარო სრულიად საკმარისია ჩემთვის. ჩუმად! ნუ ამოიღებთ ხმას! გული ნეტარებს, გრძნობები მოჯადოებულია. დაე, ჩემ მიერ დანიშნული წუთები ტკბილ ოცნებაში ამოიწუროს.

მადლი მოვიღე მასზე. საათი წიკწიკებდა. სენტ-ჯონი სწრაფად და ღრმად სუნთქავდა. ვდუმდი. ამ სიჩუმეში გაიარა თხუთმეტმა წუთმა. შემდეგ საათი ამოიღო, სურათი კვლავ დადო, წამოდგა და ბუხართან მივიდა.

- ამგვარად, - თქვა მან, - ეს დრო ოცნებასა და ზმანებას შევწირე. შუბლი ცდუნებას მივაყრდნე მკერდზე და თავი ყვავილთა უღელში გავყავი ჩემივე ნებით. სიტკბოების თასი დავცალე. მაგრამ ყურთბალიში ცეცხლში გაეხვია; ყვავილების წნულში გველს მოვკარი თვალი; ღვინო მემწარა; დაპირებანი უიმედო მეჩვენა და შემოთავაზებული სურვილები - ცრუ. ამას კარგად ვხედავ და ვიცი კიდეც.

გაოცებულმა შევხედე.

- უცნაურია, - განაგრძო მან, - მიუხედავად იმისა, რომ როზამონდა ოლივერი ასე გაგიჟებით მიყვარს, მიყვარს მთელი სულითა და გულით, პირველი სიყვარულით, და თვით ქალიშვილიც საოცრად ლამაზი, ღვედივით მოქნილი და მომხიბვლელია, გონება მაინც მშვიდია, დინჯი; ვგრძნობ, რომ ის ცოლად არ გამომადგება. ვერ იქნება ჩემი ცხოვრების თანამგზავრი. ეს ქორწინებიდან ერთი წლის შემდეგ გამომჟღავნდება. თორმეტი თვის ნეტარება შეიცვლება სამუდამო სინანულით. აი, მე ეს კარგად ვიცი.

- მართლაცდა უცნაურია, - წამომცდა უნებურად.

- და მაინც, - განაგრძო ისევ, - ძალიან ვიხიბლები მისი მშვენიერებით, მაგრამ, ამავე დროს, კარგად ვიცი ნაკლიც: ის ვერ თანაუგრძნობს ვერც ერთ საქმეს, რასაც მე ვესწრაფვი; მხარს ვერ დამიჭერს ვერაფერში. შეიძლება როზამონდი იყოს წამებული, მშრომელი, ქალი - მოციქული? იყოს მისიონერის მეუღლე? არა.

- მაგრამ თქვენ აღარ წახვალთ მისიონერად. შეგიძლიათ თქვენს განზრახვაზე ხელი აიღოთ.

- ხელი ავიღო! როგორ! ჩემს მისწრაფებაზე? ამ დიად საქმეზე? იმ საქმეზე, რომელსაც აქ ვემსახურები, რათა დავიმკვიდრო ზეციური სასუფეველი? აღარ მქონდეს იმედი, რომ ვიქნები მათ შორის, რომლებმაც ყველა პატივმოყვარული ოცნება დაუმორჩილეს ერთ დიად სურვილს - გაუუმჯობესონ თანამოძმეებს ცხოვრება? შეიტანონ ცოდნა უვიცობის სამყაროში? შეცვალონ ომი მშვიდობით? მონობა - თავისუფლებით, ცრურწმენა - რელიგიით, ჯოჯოხეთის შიში - ციური იმედით? ამაზე უნდა ავიღო ხელი? სულზე უტკბესია ეს საქმე ჩემთვის. აი, რას უნდა ველოდე მოუთმენლად, რითი უნდა ვსულდგმულობდე.

- და მის ოლივერი? - მივუბრუნდი სენტ-ჯონს. - ნუთუ თქვენთვის არაფერს ნიშნავს მისი იმედგაცრუება და დარდი?

- მის ოლივერს უამრავი თაყვანისმცემელი და პირმოთნე ახვევია. ერთი თვეც არ გაივლის და ჩემი სახე მისი გულიდან წაიშლება. დამივიწყებს. გათხოვდება მასზე, ვინც ჩემზე მეტად გააბედნიერებს.

- როგორ გულგრილად ლაპარაკობთ, თქვენც ხომ სწორედ ეს ბრძოლა გაწამებთ. დარდისგან დნებით.

- არა. თუ გავხდი, ეს იმიტომ, რომ მაწუხებს მომავალი, რომელიც ჯერ კიდევ მოუგვარებელია, ჩემი გამგზავრება ფერხდება. მხოლოდ ამ დილით შევიტყვე, რომ ჩემი შემცვლელი, რომლის ჩამოსვლასაც ამდენი ხანია ველი, კიდევ სამ თვეს ვერ ჩამოვა. ვინ იცის, იქნებ ეს სამი თვე ექვსად იქცეს.

- როგორც კი მის ოლივერი შემოდის საკლასო ოთახში, თქვენ კანკალებთ და წითლდებით.

კვლავ გაოცება აღებეჭდა სახეზე. არ ეგონა, რომ ქალი ასეთ ლაპარაკს გაბედავდა მამაკაცთან. მე კი თავისუფლად ვგრძნობდი თავს ძლიერი, გულჩათხრობილი და დახვეწილი გემოვნების ადამიანთან. საუბრისას, ქალი იქნებოდა ეს თუ მამაკაცი, ვერ მოვისვენებდი, ვიდრე ამ პირობით ჩაკეტილობას არ გადავლახავდი და არ გადავაბიჯებდი ნდობის ზღურბლს, არ მოვიპოვებდი ადგილს მათი გულის სიღრმეში.

- თავისებური ადამიანი ხართ, - მითხრა სენტ-ჯონმა, - მაგრამ არა მორცხვი. თქვენი სული გაბედულია და მზერა სულში ჩამწვდომი. მერწმუნეთ, ჩემი გრძნობები სწორად არ გესმით. თქვენ ისინი უფრო ღრმა და ძლიერი გგონიათ. მაწერთ ისეთ გრძნობებს, რომლებიც სინამდვილეში არ გამაჩნია. როდესაც ვწითლდები და ვცახცახებ მის ოლივერის წინაშე, ჩემი თავი არ მებრალება. ვგმობ სისუსტეს. ვიცი, რომ ეს გრძნობა დამამცირებელია, რადგან ეს არის ვნებათაღელვა და არა თრთოლა სულისა. სული კლდესავით უტეხია, უძირო, ბობოქარ ზღვაში მტკიცედ აღმართული. მიცნობდეთ ისეთს, როგორიც სინამდვილეში ვარ: ცივს, გულქვა ადამიანს.

ურწმუნოდ გავიღიმე.

- გამომძალეთ გულახდილობა, - განაგრძო მან. - და ახლა ეს გულახდილობა თქვენს განკარგულებაშია. თეთრი მოსასხამი რომ მოვიშორო, რომლითაც საქრისტიანო ფარავს მიწიერ ნაკლს, თქვენ წინაშე წარდგება ბუნებით ცივი, გულქვა, პატივმოყვარე ადამიანი. ყველა სხვა გრძნობიდან მხოლოდ ბუნებრივი სიყვარული მიმორჩილებს. ჩემი მეგზური მიზანია და არა გრძნობა; ჩემი პატივმოყვარეობა უსაზღვროა, ჩემი სურვილი - ავმაღლდე, სხვებზე მეტი გავაკეთო - დაუოკებელია. ვაფასებ ამტანობას, სიმტკიცეს, შრომისმოყვარეობას, ნიჭს. მათი დახმარებით ადამიანები დიად საქმეებს აკეთებენ და დიდების მწვერვალებს აღწევენ. თქვენს შრომას დიდი ინტერესით ვადევნებდი თვალყურს, რადგან, ჩემი აზრით, მუყაითი, წესიერი და ენერგიული ქალის განსახიერება ხართ, და არა იმიტომ, რომ დიდად თანავუგრძნობდი იმ ტანჯვას, რომელიც გადაიტანეთ და ჯერ კიდევ განიცდით.

- თავს წარმართ ფილოსოფოსად მაცნობთ, - ვუთხარი.

- არა. აი, რა განსხვავებაა ჩემსა და ათეისტ ფილოსოფოსებს შორის: მე რწმენა მაქვს და სახარების მწამს. თქვენ განსაზღვრაში შეცდით. მე წარმართი კი არა, ქრისტიანი ფილოსოფოსი ვარ, იესოს მიმდევარი. მე, მისმა მოწაფემ, მისი წმინდა, მოწყალე, სიკეთის მომტანი მოძღვრება შევითვისე. მას ვქადაგებ. დავიფიცე, რომ განვფინო იგი. ბავშვობიდანვე მისი ერთგული ვარ და ჩემი ბუნებრივი შესაძლებლობანიც ასე განვითარდა: დასაწყისიდანვე შევიყვარე ყოვლისმომცველი დარგი ფილანთროპია.

სენტ-ჯონმა ქუდი აიღო, რომელიც იქვე, ჩემს პალიტრასთან მაგიდაზე იდო. ერთხელ კიდევ დახედა ნახატს.

- როგორი ლამაზია, - ჩაილაპარაკა მან. - ამართლებს თავის სახელს, როზამონდ.

- არ დავხატო თქვენთვის?

- ჩუი ბონო? - არა.

ნახატს სიფრიფანა ფურცელი გადააფარა, რომელზეც ხატვის დროს ხელს ვდებდი, რომ მუყაოს ფურცელი არ დამესვარა. რა დაინახა ამ სუფთა ფურცელზე, ვერ გეტყვით, მაგრამ რაღაცამ მიიპყრო მისი ყურადღება. მაშინვე დასწვდა ფურცელს; კიდევ დახედა; შემდეგ მე შემომხედა. ენით გამოუთქმელი, უცნაური და სრულიად გაურკვეველი მზერა მესროლა. თითქმის ზომავდა თითოეულ ჩემს ნაკვთს, სახეს, ჩაცმულობას. ელვისუმალ ამათვალ-ჩამათვალიერა. ბაგეები გაეხსნა, თითქოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ ენაზე მომდგარი წინადადება ჩაახშო.

- რა მოხდა? - ვკითხე.

- ისეთი არაფერი, - მიპასუხა. დავინახე, ფურცელი კვლავ დადო, სასწრაფოდ მოახია პატარა ნაწილი და ხელთათმანში ჩაიდო. მაშინვე თავი დამიკრა, ღამე მშვიდობისაო, მითხრა და გაუჩინარდა.

- ხედავ? - წამოვიძახე და უნებურად წამომცდა. - დაუჯერებელია. მეც დავათვალიერე ფურცელი, მაგრამ ვერაფერი დავინახე, გარდა რამდენიმე მუქი საღებავის ლაქისა, სადაც ფერებს ერთმანეთს ვუხამებდი. ორიოდე წუთს ჩავფიქრდი ამ გამოცანაზე. ვერ მივხვდი. გადავწყვიტე, არ ღირს-მეთქი, თავი ვანებე და მალე გადამავიწყდა კიდეც.

თავი ოცდამეცამეტე

თოვას აპირებდა, როცა სენტ-ჯონი წავიდა; მთელი ღამე ქარბუქი მძვინვარებდა, მეორე დღეს სუსხიან ქარს ისევ ხშირი თოვა მოჰყვა. შეღამებისას ველი დაფარული იყო და თითქმის გაუვალი. დარაბა დავხურე. ქარს რომ თოვლი არ შემოეტანა, კარებთან ტილო დავაფინე. ცეცხლს შევუკეთე. თითქმის ერთი საათი ვიჯექი კერასთან და ქარიშხლის ყრუ გუგუნს ვუსმენდი. შემდეგ ავანთე სანთელი, გადმოვიღე "მარმიონი" და კითხვა დავიწყე:

დღე დაათენდა ნორმის ციხეს, ციცაბო-კლდიანს,

ტვიდის მშვენიერ მდინარის კიდეს უძირო-წყლიანს,

და შევიოტის მყუდრო მწვერვალთა,

და გოდოლები მძიმედ ნაგები, კოშკი მთავარი,

კედლები მცველად შემანაგები, თლილი, ჯავარი,

ყვითელი ჭაღის ცეცხლში ელავდა.

ლექსის მუსიკამ მალე დამავიწყა ქარბუქი.

უცებ ხმაური გავიგონე. მეგონა, ქარმა შეანჯღრია კარი. არა, სენტ-ჯონი რივერსი იყო. რაზა აეწია, სუსხიანი ქარბუქიდან და ბობოქარი სიბნელიდან შემოსულიყო და ჩემ წინ იდგა. ლაბადა, რომელიც მის მაღალ ტანს ფარავდა, მყინვარივით თეთრი იყო. ისე ნაკლებად მოველოდი ვინმე სტუმარს იმ ღამეს თოვლით გადაკეტილი ველიდან, რომ მისმა დანახვამ შემაძრწუნა.

- ცუდი ამბავია? - შევეკითხე. - მოხდა რაიმე?

- არა, რა ადვილია თქვენი შეშფოთება! - მიპასუხა მან. შემდეგ ლაბადა გაიხადა, კარზე ჩამოკიდა და ტილო, რომელიც შემოსვლისას გასწია, ისევ ძველ ადგილზე დადო, ფეხები დააბაკუნა და თოვლი ჩამოიბერტყა ფეხსაცმლიდან.

- მე წავბილწე თქვენი იატაკის სიწმინდე, - მითხრა მან, - მაგრამ უნდა მაპატიოთ. - შემდეგ ცეცხლს მიუახლოვდა: - მერწმუნეთ, ძალიან გამიჭირდა აქ მოსვლა, - შენიშნა მან. იდგა და ხელებს ითბობდა ალზე. - წელამდე ჩავეფალი ზვავში; საბედნიეროდ, თოვლი ჯერ კიდევ სრულიად ფაფუკია.

- რამ მოგიყვანათ? - ვერ შევიკავე თავი.

- საკმაოდ არასტუმართმოყვრული კითხვაა, მაგრამ, რადგან მეკითხებით, გიპასუხებთ: მინდა მოგელაპარაკოთ. მომბეზრდა მუნჯი წიგნები და ცარიელი ოთახები. გარდა ამისა, გუშინდელის შემდეგ მღელვარებას განვიცდი, როგორც ადამიანი, რომელსაც ნახევარი ზღაპარი უამბეს და მოუთმენლად ელის მისი დასასრულის მოსმენას.

ის დაჯდა. მე გამახსენდა მისი გუშინდელი უცნაური საქციელი და შიში შემეპარა, რომ ის სრულ გონებაზე არ იყო. მაგრამ თუ შეშლილი იყო, ეს იყო მეტად გულგრილი და თავშეკავებული სიგიჟე. არასოდეს მენახა, რომ მისი ლამაზი სახე უფრო მეტად ჰგვანებოდა ჩამოქანდაკებულ მარმარილოს, ვიდრე ახლა, როდესაც შუბლიდან თოვლით დასველებული თმა გადაიწია და ცეცხლის შუქი თავისუფლად ეცემოდა მის ნათელ შუბლსა და ფერმკრთალ ლოყას. სამწუხაროდ, ამ სახეზე გარკვევით დავინახე ფიქრისა და სევდის ანაბეჭდი. ვიცოდი, ველოდი, რომ ისეთ რამეს იტყოდა, რასაც, ბოლოს და ბოლოს, გავიგებდი; მაგრამ ახლა ხელი ნიკაპზე მიედო და თითი ტუჩზე. ის ფიქრობდა. თვალში მომხვდა, რომ მისი ხელიც ისეთივე გამხდარი იყო, როგორიც სახე და მის მიმართ უნებური სიბრალული ვიგრძენი. გული ამიჩუყდა და ვთქვი:

- ნეტა, დიანა და მერი მაინც ჩამოსულიყვნენ, რომ ერთად გეცხოვრათ. ძალიან ცუდია, რომ სულ მარტო ხართ. გარდა ამისა, სრულიად არ უფრთხილდებით ჯანმრთელობას.

- რატომ არა, - წარმოთქვა მან. - მე თავს ვუვლი, როცა საჭიროა. ახლა კარგად ვარ. რა მიჭირს ვითომ?

მისი სიტყვების უდარდელმა გულგრილობამ მაგრძნობინა, რომ ჩემი თანაგრძნობა სრულიად ზედმეტი იყო, ყოველ შემთხვევაში, მისი აზრით. გავჩუმდი.

იგი ისევ ამოძრავებდა თითს ზედა ტუჩის გასწვრივ. მისი მეოცნებე თვალები ისევ ბუხარში მოგიზგიზე ალს ჩასჩერებოდა. გავიფიქრე, რომ საჭირო იყო მეთქვა რამე და ვკითხე, კარიდან ორპირ ქარს ხომ არ გრძნობთ-მეთქი.

- არა, არა, - მოკლედ და საკმაოდ უკმეხად მიმიგო მან.

- აბა, - გავიფიქრე, - თუ ლაპარაკი არ გინდათ, შეგიძლიათ ჩუმად იყოთ. თავს აღარ მოგაბეზრებთ მეტად და ჩემს წიგნს დავუბრუნდები.

სანთელს ღვენთი მოვაცილე და ხელახლა დავიწყე "მარმიონის" კითხვა. მალე მოუსვენრობამ შეიპყრო; ჩემი ყურადღება მისმა მოძრაობებმა მიიპყრო. ჯიბიდან ტარსიკონის საფულე ამოიღო, საფულიდან კი - წერილი. ჩუმად წაიკითხა, დაკეცა, თავის ადგილას დააბრუნა და ისევ ფიქრებს მიეცა. ამაოდ ვცდილობდი, რამე მეკითხა. ამ შეუცნობელი ადამიანის ყოფნა ჩემს ოთახში საშინლად მეუხერხულებოდა. მოუთმენლობა მაწუხებდა და არც მუნჯად ყოფნა მინდოდა. მან შეიძლება წინააღმდეგობა გამიწიოს, მაგრამ მე მაინც ვილაპარაკებ.

- წერილი ხომ არ მიგიღიათ დიანასგან ან მერისგან ამ ბოლო ხანებში?

- არ მიმიღია იმ წერილის შემდეგ, რომელიც ერთი კვირის წინ გაჩვენეთ.

- თქვენი გეგმები ხომ არ შეცვლილა? ხომ არ მოგიწევთ ინგლისიდან წასვლა უფრო ადრე, ვიდრე ელოდით?

- ვშიშობ, რომ არა. ეს ბედნიერება იქნებოდა. ვინ მომცა ამის ბედი.

რადგან ისევ ჩიხში აღმოვჩნდი, საუბრის თემა შევცვალე. გადავწყვიტე, სკოლისა და ჩემი მოსწავლეების შესახებ მელაპარაკა.

- მერი გერეტის დედა უკეთ არის და მერიც დღეს დილით მოვიდა სკოლაში. მომავალ კვირას ოთხი ახალი გოგონა მეყოლება ფაუნდრი კლოუზიდან. დღესაც მოვიდოდნენ, რომ არ ეთოვა.

- მართლა?

- მისტერ ოლივერი იხდის ორი მათგანის სწავლის ქირას.

- ჰო?

- საშობაოდ ზეიმს აწყობს მთელი სკოლისთვის.

- ვიცი.

- თქვენი აზრი იყო?

- არა,

- მაშ, ვისი?

- მგონი, მისი ქალიშვილის.

- სავსებით მოსალოდნელია. ის ხომ ძალიან გულკეთილია.

- დიახ.

ისევ სიჩუმე ჩამოვარდა. საათმა რვაჯერ დარეკა. რეკვამ სენტ-ჯონი გამოაფხიზლა. გაასწორა მანამდე გადაჯვარედინებული ფეხები, გაიმართა და მომიბრუნდა.

- ცოტა ხნით წიგნს თავი ანებეთ და ცეცხლისკენ გადმოჯექით, - მითხრა მან.

უსაზღვროდ გაოცებული, დავემორჩილე.

- ნახევარი საათის წინ, - განაგრძო მან, - გითხარით, მოუთმენლად ველი ზღაპრის დასასრულს-მეთქი. ვიფიქრე და მიმაჩნია, რომ ეს საქმე უფრო ადვილად მოგვარდება, თუ ჩემს თავზე ავიღებ თხრობას და თქვენ მომისმენთ. სანამ დავიწყებდე, სამართლიანი იქნება, თუ გაგაფრთხილებთ, რომ ამბავი ცოტა გაცვეთილი მოგეჩვენებათ. მაგრამ მოძველებული დეტალები ხშირად იძენენ სიახლეს, როდესაც სხვისი პირიდან ისმენთ. სხვა მხრივ, გაცვეთილია თუ უცხო, ეს ამბავი მოკლე იქნება.

- ოცი წლის წინ, სამრევლო მღვდლის ერთ ღარიბ თანაშემწეს - მისი სახელი ამჟამად ნუ დაგაინტერესებთ - შეუყვარდა მდიდარი კაცის ქალიშვილი. ქალსაც შეუყვარდა იგი და ცოლად გაჰყვა, თუმცა მეგობრები არ ურჩევდნენ და ქორწინების შემდეგ ზურგი აქციეს მას. ორი წელიც არ გასულიყო, რომ ეს დაუფიქრებელი წყვილი ცოცხალი აღარ იყო და ერთი საფლავის ქვის ქვეშ განისვენებდა (მე ვნახე მათი საფლავი ერთ დიდ სასაფლაოზე, რომელზედაც ძველი შეჭვარტლული ტაძარი იდგა. ეს იყო შაირის ერთ-ერთ დიდ საფაბრიკო ქალაქში). მათ დარჩათ ქალიშვილი, რომელიც დაბადებიდანვე ქველმოქმედებამ თავის წიაღში მიიღო. ქველმოქმედებამ, რომელიც ისეთივე ცივი იყო, როგორიც ის ზვავი, რომელშიც ამ საღამოს ჩავეფალი. ქველმოქმედებამ ეს უმეგობრო არსება დედამისის მდიდარი ნათესავების სახლში მიიყვანა. იგი აღზარდა ძალუამ (ახლა სახელებსაც ვახსენებ), რომელსაც ქ-ნი რიდი ერქვა. ის გეიტსჰედში ცხოვრობდა. თქვენ შეკრთით, რამე ხმაური ხომ არ მოგესმათ? ალბათ, ვირთხა ფხაკუნობს მეზობელი საკლასო ოთახის საკუჭნაოში. აქ ბეღელი იყო, სანამ შევაკეთებინებდი და შევცვლიდი. ბეღელი კი, ჩვეულებრივ, სავსეა ვირთხებით. მაშ, გავაგრძელოთ. ობოლმა ათი წელი დაყო ქ-ნ რიდთან. ვერ ვიტყვი, ბედნიერი იყო თუ უბედური იქ. ეს ჩემთვის არ უთქვამთ. მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქ-მა რიდმა გადაიყვანა ბავშვი ერთ ადგილას, რომელსაც თქვენ იცნობთ. ეს იყო სწორედ ლოვუდის სასწავლებელი, სადაც თქვენ თვითონ ასე დიდხანს ცხოვრობდით. როგორც ჩანს, ის ღირსეულად სწავლობდა და მოწაფეობის შემდეგ, ისევე როგორც თქვენ, მასწავლებელი გახდა. უნდა გითხრათ, მაოცებს მოვლენათა მსგავსება თქვენსა და მის ცხოვრებაში. სკოლიდან წამოვიდა, რომ გამხდარიყო ბავშვის აღმზრდელი ერთ ოჯახში. აქაც თქვენი ბედი ერთნაირი იყო. მან ითავა აღზრდა-განათლება პატარა ბავშვისა, რომელსაც მისტერ როჩესტერი უწევდა მეურვეობას.

- მისტერ რივერს! - გავაწყვეტინე მე.

- ვხვდები, რასაც გრძნობთ, - თქვა მან, - მაგრამ შეიკავეთ თქვენი გრძნობები ცოტა ხნით. მე თითქმის დავამთავრე. მომისმინეთ ბოლომდე. მე არაფერი ვიცი მისტერ როჩესტერის პიროვნების შესახებ, გარდა იმისა, რომ მან შესთავაზა საპატიო ქორწინება ამ ახალგაზრდა ქალს, რომელმაც მხოლოდ საკურთხეველთან შეიტყო, რომ მისტერ როჩესტერს ჰყავდა ცოლი, ცოცხალი, მაგრამ ჭკუაზე შეშლილი. როგორ იქცეოდა მისტერ როჩესტერი ამის შემდეგ ან რას სთავაზობდა ქალს, შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ. მაგრამ, როდესაც გამოირკვა ერთი ამბავი, რის გამოც საჭირო იყო აღმზრდელის პოვნა, აღმოჩნდა, რომ ის წასულიყო. არავინ იცოდა - სად, როდის ან როგორ. მან თორნფილდ-ჰოლი ღამით დატოვა. ამაოდ ეძებდნენ მის კვალს. მთელ იმ მხარეში მოიკითხეს; ვერაფერი გაიგეს მის შესახებ, მაგრამ მისი პოვნა აუცილებელი გახდა. ყველა გაზეთში გამოქვეყნდა განცხადებები. მე თვითონ მივიღე წერილი ვინმე მისტერ ბრიგისგან. ამ რწმუნებულმა შემატყობინა ის ფაქტები, რომლებიც ახლა გიამბეთ. განა უცნაური ამბავი არ არის?

- მითხარით, - ვკითხე მე, - რადგანაც, თუკი ამდენი რამ იცით, ამის თქმაც არ გაგიჭირდებათ, რა იცით მისტერ როჩესტერის შესახებ? როგორ არის? სად არის? რას აკეთებს? კარგად არის?

- მე არაფერი ვიცი მისტერ როჩესტერის შესახებ; წერილში არაფერია ნათქვამი მის შესახებ, გარდა იმ უსინდისო და უკანონო ცდისა, რომლის შესახებ მოგახსენეთ. უფრო საინტერესო უნდა იყოს აღმზრდელის სახელი და მიზეზი, რატომ არის საჭირო მისი გამოჩენა.

- მაშ, არავინ ყოფილა თორნფილდ-ჰოლში? არავის უნახავს მისტერ როჩესტერი?

- მე მგონი, არა.

- მაგრამ ხომ მისწერეს მას?

- რასაკვირველია.

- რა თქვა მან? ვის აქვს მისი წერილები?

- მისტერ ბრიგსი მამცნობს, რომ მის თხოვნაზე პასუხი მისტერ როჩესტერისგან კი არ მოვიდა, არამედ ქალისგან, რომელიც ხელს აწერს: "ელის ფეიერფექსი~.

სიცივემ და ძრწოლამ ამიტანა. როგორც ჩანს, გამართლდა ის, რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა. ალბათ, ინგლისი დატოვა და, სასოწარკვეთილებით თავგანწირულმა, კონტინენტზე რომელიმე ჩვეულ ადგილს მიაშურა. რომელ გამაბრუებელ საშუალებას ეძებდა იქ თავისი აუტანელი ტანჯვის გასაქარვებლად? ვერ ვბედავდი ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. ოჰ, ჩემო საბრალო ბატონო, ერთ დროს თითქმის ჩემო მეუღლევ, ჩემო ძვირფასო ედვარდ!

- როგორც ჩანს, ცუდი ადამიანი იყო, - შენიშნა მისტერ რივერსმა.

- თქვენ არ იცნობთ მას. როგორ ბედავთ აზრის გამოთქმას მასზე, - წარმოვთქვი აღელვებით.

- ძალიან კარგი, - მშვიდად მომიგო მან. - მე სულ სხვა ამბები მაინტერესებს. უნდა დავამთავრო თხრობა. რადგან თქვენ არ გსურთ აღმზრდელის ვინაობის გაგება, მე უნდა გითხრათ ის ჩემი ნებით. მოიცათ, აქ მიწერია. ფაქტი ყოველთვის უფრო დამაჯერებელია, თუ ის ჩაწერილია, კოხტად ჩაწიკწიკებულია შავით თეთრზე.

მან ისევ ამოიღო საფულე, მშვიდად გახსნა და მოძებნა. ერთ-ერთი განყოფილებიდან დაძველებული ქაღალდის ფურცელი ამოიღო, რომელიც ნაჩქარევად იყო მოხეული. ამ სხვადასხვა საღებავით დასვრილ ფურცელში სურათის ყდის მოტაცებული კიდე შევიცანი. ის წამოდგა, ქაღალდი თვალებთან მომიტანა და მე წავიკითხე ჩემი საკუთარი ხელით ჩინური ტუშით დაწერილი სიტყვები: "ჯეინ ეარი". როგორც ჩანს, ფიქრებში გართულს დამიწერია.

- ბრიგსი მწერდა ვინმე ჯეინ ეარის შესახებ, - თქვა სენტ-ჯონმა, - განცხადებაშიც მას კითხულობდნენ. მე ვიცნობდი ვინმე ჯეინ ელიოტს. გამოვტყდები, მეც მქონდა ჩემი ეჭვები, მაგრამ ისინი მხოლოდ გუშინ იქცა სინამდვილედ. აღიარებით ამ სახელს თქვენად თუ უარყოფთ?

- დიახ, დიახ. მაგრამ სად არის მისტერ ბრიგსი? მან შეიძლება მეტი იცოდეს მისტერ როჩესტერის შესახებ, ვიდრე თქვენ.

- ბრიგსი ლონდონშია; ეჭვი მეპარება, რომ მან რამე იცოდეს მისტერ როჩესტერის შესახებ; მას მისტერ როჩესტერი არ აინტერესებს. თქვენ კი წვრილმანის დევნაში არსებითი ამბავი გავიწყდებათ: არ მეკითხებით, რატომ გეძებდათ მისტერ ბრიგსი? რა უნდოდა თქვენგან?

- ჰო, რა უნდოდა?

- მხოლოდ ის, რომ შეეტყობინებინა თქვენთვის ბიძათქვენის, მადეირელი ჯონ ეარის სიკვდილი, რომ მან დაგიტოვათ მთელი თავისი ქონება და რომ ახლა მდიდარი ხართ. მხოლოდ ეს და მეტი არაფერი.

- მე! მდიდარი?

- დიახ. მისი ქონების მემკვიდრე.

სიჩუმე ჩამოვარდა.

- რა თქმა უნდა, უნდა დაამტკიცოთ თქვენი ვინაობა, - განაგრძო სენტ-ჯონმა. - არავითარი სიძნელე არ იქნება. შემდეგ შეგიძლიათ დაეპატრონოთ ქონებას. იგი დაბანდებულია ინგლისის სახელმწიფო პროცენტიან ქაღალდებში; ანდერძი და საჭირო საბუთები ბრიგს აქვს.

სიახლე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში! მოგეხსენება, მკითხველო, კარგია ერთ წუთში სიღარიბიდან სიმდიდრეში გადასვლა - ძალიან კარგი; მაგრამ ადვილი არ არის მისი შეგრძნება ერთბაშად და ამიტომ არც სიამოვნება მოდის მაშინვე. თანაც ხომ არსებობს ცხოვრებაში სხვა, გაცილებით უფრო ამაღელვებელი და აღმაფრთოვანებელი ამბები: სიმდიდრე მყარია, გარე სამყაროსგან დამოუკიდებელი; იდეალური არაფერია მასში: ყველაფერი დაკავშირებული მასთან, მყარია და ფხიზელი; მისი გამოვლინებაც ასეთივეა. არ ხტი და ცმუკავ სიხარულით, როდესაც გაიგებ, რომ ქონება მიიღე. მაშინვე იწყებ ფიქრს იმ პასუხისმგებლობასა და საქმეზე, რომელიც მასთან არის დაკავშირებული; ძლიერ კმაყოფილებასთან ერთად სერიოზული საზრუნავიც ჩნდება და თავშეკავებით, შუბლშეკრულები ვუფიქრდებით ჩვენს ბედნიერებას.

გარდა ამის, სიტყვას "მემკვიდრეობა" ყოველთვის ახლავს თან სიტყვები: "სიკვდილი, დასაფლავება~. როგორც შევიტყვე, ბიძაჩემი - ჩემი ერთადერთი ნათესავი - გარდაცვლილა; იმ დღიდან, რაც გავიგე მისი არსებობის შესახებ, ვოცნებობდი, მენახა. ახლა კი ვეღარასოდეს ვნახავ. მერე, ეს ფული მივიღე მხოლოდ მე და არა ჩემმა გახარებულმა ოჯახმა. მარტო მე. უეჭველია, ეს დიდი წყალობა იყო და დამოუკიდებლობის გრძნობაც შესანიშნავი რამ გახლდათ. დიახ, ვგრძნობდი ამას. ეს ფიქრი ავსებდა ჩემს გულს.

- შუბლზე ნათელი მოგეფინათ, როგორც იქნა, - მითხრა მისტერ რივერსმა. - მეგონა, მედუზამ შემოგხედათ და ქვად უნდა ქცეულიყავით. იქნებ ახლა მაინც მკითხოთ, რა ქონება გერგოთ?

- ჰო, რამდენი?

- ოჰ, ძალიან ცოტა. ბევრი არაფერია. ოცი ათასი გირვანქა, მგონი. მაგრამ რა მოხდა?

- ოცი ათასი გირვანქა?

კიდევ ახალი საოცრება! მე ვვარაუდობდი, რომ ოთხი-ხუთი ათასზე მეტი არ იქნებოდა. ამ ახალმა ამბავმა სუნთქვა შემიკრა ერთი წუთით. სენტ-ჯონმა, რომლის სიცილი არასოდეს გამეგონა, ახლა გაიცინა.

- იცით, - თქვა მან, - მკვლელობა რომ ჩაგედინათ და მე მეთქვა თქვენთვის, რომ თქვენი ბოროტმოქმედება გამოაშკარავებულია, ალბათ, მაშინაც არ გექნებოდათ ასეთი გაოგნებული გამომეტყველება.

- თანხა ძალიან დიდია. იქნებ რამე შეცდომაა?

- არავითარი შეცდომა.

- იქნებ სწორად არ წაიკითხეთ ციფრები, იქნებ ორი ათასია.

- დაწერილია ასოებით და არა ციფრებით - ოცი ათასი.

ისე ვიგრძენი თავი, როგორც საშუალო მადის მქონე ადამიანი გრძნობს ხოლმე, როდესაც მარტო მიუჯდება ასი ადამიანისთვის გაშლილ სუფრას. მისტერ რივერსი წამოდგა და ლაბადა ჩაიცვა.

- ასეთი საშინელი ღამე რომ არ იყოს, - მითხრა მან, - ჰანას გამოგიგზავნიდით; ძალიან სასოწარკვეთილი სახე გაქვთ. ცოდვაა თქვენი მარტო დატოვება. მაგრამ საბრალო ჰანა ვერ ივლის ამ თოვლში ჩემსავით. მას ძალიან მოკლე ფეხები აქვს. ასე რომ, უნდა დაგტოვოთ მარტო თქვენს ნაღველთან. ღამე მშვიდობისა.

ახლა ის კართან იდგა და რაზას სწევდა. უცებ ერთი აზრი დამებადა.

- მოიცადეთ! - შევძახე.

- რა იყო?

- მიკვირს, რატომ მოგწერათ მისტერ ბრიგსმა ჩემ შესახებ თქვენ. საიდან იცოდა, რომ თქვენ, ან როგორ წარმოიდგინა, რომ თქვენ, რომელიც ასეთ გადაკარგულ ადგილას ცხოვრობთ, დაეხმარებოდით მას ჩემს აღმოჩენაში?

- ოჰ! მე მღვდელი ვარ, - თქვა მან, - სამღვდელოებას ხშირად მიმართავენ უცნაური ამბების გასარკვევად, - ისევ დაიჩხაკუნა რაზამ.

- არა. ეს არ არის საკმარისი ჩემთვის! - წამოვიძახე და, მართლაც, მის ნაჩქარევ და გაურკვეველ პასუხში იყო რაღაც, რამაც ჩემი ცნობისმოყვარეობა კიდევ უფრო გააღვივა.

- ძალიან უცნაური საქმეა, - ვთქვი მე, - ყველაფერი უნდა ვიცოდე მის შესახებ.

- სხვა დროს გეტყვით.

- არა, ამ საღამოს! ამ საღამოს! - და როცა ზურგი აქცია კარს, მე ჩავდექი მასა და კარს შორის. ის საკმაოდ დაბნეული ჩანდა.

- ვერსადაც ვერ წახვალთ, სანამ ყველაფერს არ მეტყვით! - წამოვიძახე მე.

- მირჩევნია, სხვა დროს გითხრათ.

- მეტყვით! უნდა მითხრათ!

- მირჩევნია, რომ დიანამ ან მერიმ გითხრათ.

რასაკვირველია, ამ წინააღმდეგობამ ჩემი სურვილი უმაღლეს მწვერვალამდე მიიყვანა. ის უნდა დაკმაყოფილებულიყო. ასეც ვუთხარი.

- მე ხომ გითხარით, მტკიცე ვარ-მეთქი, - თქვა მან, - ძნელია ჩემი დარწმუნება.

- მეც მტკიცე ვარ, შეუძლებელია ჩემი თავიდან მოშორება.

- გარდა ამისა, - განაგრძო მან, - ცივი ვარ. არავითარი აღგზნება არ მოქმედებს ჩემზე.

- მე კი ცეცხლი ვარ და ცეცხლი ალღობს ყინულს. ალმა დაადნო თოვლი თქვენს ლაბადაზე. ალმა ჩამოადინა ის ჩემს იატაკს და ტალახიან ქუჩად აქცია. თუ გსურთ, მისტერ რივერს, რომ გაპატიოთ უდიდესი დანაშაული, სამზარეულოს დასვრა, მითხარით, რაც იცით.

- მაშ, კარგი, - მითხრა მან. - ვნებდები, თუ თქვენს ძლიერ სურვილს არა, თქვენს სიუჯიუტეს მაინც, ისევე როგორც ქვა ცვდება გამუდმებული წვეთებისგან. გარდა ამისა, ხომ უნდა გაიგოთ ოდესმე, ადრე თუ გვიან, რა მნიშვნელობა აქვს. თქვენ ჯეინ ეარი გქვიათ?

- რასაკვირველია, ეს საკითხი ხომ უკვე გავარკვიეთ.

- თქვენ, შესაძლოა, არ იცით, რომ მე თქვენი მოგვარე ვარ? რომ ნათლობისას სენტ-ჯონ ეარ რივერსი დამარქვეს?

- რა თქმა უნდა, არა! ახლა ვიხსენებ, რომ მინახავს ასო "ე" თქვენს ინიციალებს შორის იმ წიგნებში, რომლებიც სხვადასხვა დროს გითხოვებიათ ჩემთვის, მაგრამ არასოდეს მიკითხავს, რას ნიშნავდა ეს. მერე რა? მართლაც, - შევჩერდი: თავს ნება ვერ მივეცი, დამეშვა, გამომეხატა სიტყვებით აზრი, რომელიც დამებადა, რომელსაც ხორცი შეესხა და ერთ წუთში გამოიკვეთა, როგორც ძლიერი, მყარი შესაძლებლობა. მოვლენები ჩამოყალიბდნენ, მოერგნენ ერთმანეთს და დაეწყვნენ მწკრივებად. ეჭვი, რომლის რგოლები აქამდე უფორმო გროვას წარმოადგენდნენ, გასწორდა. ყოველი რგოლი სრულყოფილი იყო, ერთმანეთთან მჭიდროდ შეკავშირებული. ვიდრე სენტ-ჯონი კიდევ რამის თქმას მოასწრებდა, ქვეცნობიერად ვიცოდი, როგორი იყო მდგომარეობა. მაგრამ რადგანაც მკითხველს არ მოეთხოვება ასეთივე შინაგანი აღქმა, მე უნდა გავიმეორო მისი სიტყვები:

გაგრძელება შემდეგ ნომერში