ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიXIV) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (ნაწილიXIV)

- რა სილამაზეა! - აღტაცებისგან ოხვრა აღმომხდა, - ასეთ სახლში რა მოგაწყენს ადამიანს!

- არცაა მოწყენილი, - ორაზროვანი ღიმილით გადმომხედა მირზამ.

მუხის კარი, შავი ლაქით რომ იყო შეღებილი და ოქროსფერი სახელური ჰქონდა, ისეთი ჭრიალით გაიღო, ჩემი სოფლის ბეღელი გამახსენდა.

- ხედავ, როგორ ჭრიალებს? ეს გახსენებს იმას, რომ სოფელში ხარ.

- ანუ სპეციალურადაა ასე მოწყობილი?

- რა თქმა უნდა.

- ჭკვიანური მოფიქრებაა, - ვთქვი და გაოცებულმა შევხედე მირზას, რომელმაც დაუკაკუნებლად შეაბიჯა სხვის სახლში.

- რა სიჩუმეა... - ჩავიჩურჩულე, - არავინაა აქ? - წამით გული შემიტოკდა, აქაც ხომ არ შემომიტყუა-მეთქი.

მან ხელი ჩამკიდა და უზარმაზარ ჰოლში შემიძღვა. ის იყო, კიდევ რაღაც უნდა მეთქვა, რომ ჩემ წინ მეორე მუხის კარი გაიღო, ისიც ჭრიალით და ხანდაზმული, თმაშევერცხლილი ქალი გამოჩნდა, მხრებში ზომაზე მეტად მოხრილი.

- მოხვედით, მირზა? მგონი, ამ ბოლო დროს ყურთ დამაკლდა, მანქანის ხმა კი არ გამიგია, შვილო.

შვილოო? მეგონა, მომესმა. ნუთუ დედამისია? ასეთი მოხუცი? მირზას ხელი გავაშვებინე და შევეცადე, თვალებში შემეხედა, მაგრამ აშკარად თვალს მარიდებდა.

- მობრძანდით, საყვარელო, ამისგან ნურაფერი გიკვირთ, სიურპრიზების დიდოსტატია, - თითქოს მიმიხვდა ქალი და თვალით მირზაზე მანიშნა.

ამ დროს გაისმა საშინელი მჭახე ხმა და სახლში უზარმაზარი გერმანული ნაგაზი ყეფით შემოიჭრა, ჯერ მირზას მიახტა, თათები მკერდზე შეაწყო, ახტა, დახტა და ბოლოს ჩემკენ დაიძრა. ყრუდ შევკივლე.

- ჯესი! დაჯე! - უბრძანა ჩემმა შეფმა და ძაღლიც უმალ უკანა თათებზე ჩაჯდა.

- ნუ გეშინია, არ იკბინება. უბრალოდ, სიხარულს ასე გამოხატავს.

ამასობაში ფერი წამივიდა. ძაღლები ძალიან მიყვარს, მაგრამ იმდენად მოულოდნელი იყო მისი გამოჩენა, რომ შემეშინდა.

- სად ვართ? - მიკნავლებული ხმით ამოვთქვი.

- ჩემს სახლში, - დამნაშავის ღიმილით მომიგო მირზამ, - ეს კი დეიდა მართაა, ამ ოჯახის სული და გული. ცამეტი წელია, ერთად მოვდივართ.

- სასიამოვნოა, - ენის ბორძიკით ჩავილაპარაკე გაოგნებულმა.

- ახლავე გაგიშლით მაგიდას, შვილო, თქვენ მოისვენეთ იქამდე, ნამგზავრები ხართ. იქით გადით, სასტუმრო ოთახში, აქ ცივა.

- ესე იგი, საკუთარ სახლში მალულად მომიყვანე და არაფერი მითხარი? აბა, საქმიანი შეხვედრაო? მომატყუე, არა?

- მოგატყუე. ვაღიარებ. - თავი დამიქნია.

- სულ ეს არის, რაც გინდოდა გეთქვა? - წარბები შევყარე.

- დამნაშავე ვარ... ვინანიებ... საკმარისია?

ამოვიოხრე და თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე. არა იმიტომ, რომ აქ ყოფნა არ მსიამოვნებდა, არამედ იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ მომატყუა.

ვიყურებოდი ირგვლივ და გაოცება უფრო და უფრო მემატებოდა. მთელი ოთახი ხალიჩებით იყო მოფენილ-შეფენილი. იატაკზე, კედლებზე... კედლის ხალიჩებზე კი ხმლები, დამბაჩები, დათვის და ვეფხვის ტყავები ეკიდა, მგლისაც კი... ჯიხვის რქები და რა ვიცი, ათასნაირ სამუზეუმო სუვენირს იხილავდით.

- რატომ არ მითხარი, აქ თუ მოგყავდი? - გაბრაზებულმა ვკითხე, როცა ლაბადა ჩამომართვა და საკიდრისკენ გაემართა.

- რომ მეთქვა, გამომყვებოდი?

- შეიძლება გამოგყოლოდი კიდევაც.

- რაღაც ეჭვი მეპარება. ჩემს ბინაში ცხრა წუთი დარჩი ზუსტად, არც მეტი, არც ნაკლები. ამსიშორეს კიდევ... პატარა მატყუარა ხარ-მეთქი, რომ გეუბნები, არ გჯერა ჩემი, - გაიცინა.

- შენ კიდევ დიდი მატყუარა ხარ! - მივახალე, მაგრამ რბილი ტონით, გაუღიზიანებლად.

- ჰოდა, ბარიბარში ვართ. - ხმამაღლა გაიცინა და ტაში ორჯერ შემოჰკრა.

მისი ტაშის ხმაზე კარი გაიღო და ახლა ორი ძაღლი ერთად შემოვარდა ოთახში.

კვლავ დავიძაბე და სავარძელში ფრთხილად ჩავეშვი, ძაღლები არ მეცნენ-მეთქი. ჯესი დიდი ხნის ნაცნობივით მოვიდა და ცივი დრუნჩი ხელზე მომადო.

- ახლა რა ვქნა? - შეშინებულმა ვკითხე მირზას, მაგრამ მისთვის არ შემიხედავს, ჯესის არ ვაცილებდი მზერას.

- არაფერი, ხელი გადაუსვი და მოეფერე.

ჯესი მუგუზალივით შავი იყო, შავი და ძალიან ლამაზი. მეორე კი ჩვეულებრივი ყავისფერი შეფერილობის. ხელი გადავუსვი ზურგზე. რეაქცია არ გაინტერესებთ? ძაღლი მაშინვე ჩემს ფეხებთან გაწვა და გაიტრუნა.

- ჩემი გაწვრთნილია, - ეშმაკური ღიმილით შენიშნა მირზამ, მერე კვლავ ტაში შემოჰკრა, ამჯერად სამჯერ და ორივე ძაღლი კარისკენ გაიქცა.

- ეს რაა, ნიშანი მიეცი?

- ჰო. ორი ტაშის შემოკვრა ჩემთან მოსვლას ნიშნავს, სამი - გარეთ გასვლას.

- კარგად დაგიგეშავს... შენი ქალებივით, - ვუკბინე.

- ჰო, ქალებისა და ძაღლების დაგეშვა გამომდის, - ნიშნის მოგებით მომიგო.

- აქ მარტო ცხოვრობ? - აღარ განვავრცე მისი ნათქვამი, თორემ ისევ დავხოცავდით ერთმანეთს.

- ჰო, თუ არ ჩავთვლით ჰარამხანას მეორე სართულზე.

- რა-ას? - ჩავეკითხე და მხოლოდ მერე მივხვდი, რომ ხუმრობდა. ეს ჩემი კბენის საპასუხო დარტყმა იყო.

ბოლოს ოდნავ ჩაიღიმა და თქვა:

- მაპატიე. დაახლოებით ეგეთ შეკითხვას ველოდი. ჰო, მარტო ვცხოვრობთ მე და ჩემი ძაღლები. დეიდა მართაც თითქმის მთელი დღე აქაა, ჩვენ გვერდით აქვს სახლი. მისი მეუღლეც ხშირად გვსტუმრობს, ეზოს და საქონელს ის უვლის.

- საქონელიც გყავს?

- რატომ არ უნდა მყავდეს? აბა, სოფელში სახლი რისთვის მინდა?

- და რა... რძე, მაწონი, ყველი და რამე?

- ყველაფერი.

- მერე? ყიდი?

აი, სიცილი ახლა უნდა გენახათ, კინაღამ ჩაბჟირდა. იმდენ ხანს იცინოდა, სანამ მეც არ გამაღიმა. კიდევ კარგი, მართა შემოვიდა დატვირთული ლანგრით, თორემ მირზა ალბათ აღარ გაჩერდებოდა.

ერთმანეთზე დაწყობილი თეფშები სავსე იყო ხაჭაპურებით, შემწვარი ქათმის ხორცით, ყველით, მწნილით...

- მართა დეიდა, რა ამბავია, უნდა გაგვასუქო? - ალერსიანად დატუქსა მამაკაცმა.

- შენ ხომ ყოველდღე არ მოგყავს აქ ახალგაზრდა მანდილოსნები, შვილო. ძლივს ქალის ნახვას ვეღირსე ამ სახლში და... - მართამ თეფშები და კერძები მაგიდაზე დაალაგა და გავიდა.

- შვილივით გიყურებს, არა? - მირზას გადავხედე.

- ჰო, ცხრამეტი წლის ბიჭი ჰყავთ დაღუპული, სხვა აღარავინ გააჩნიათ ქვეყანაზე.

- ხელფასს უხდი?

მირზამ შუბლი შეიჭმუხნა.

- არა, რას ამბობ! დედაჩემის დეიდაა, ხელფასს როგორ ვაკადრებ, მაგრამ ისე სულ ვეხმარები, ფულითაც და სხვა რამეებითაც. ისეთი ახლობელია ჩემი, რომ ნუ გაგიკვირდება, ასე რომ იქცევა. ჩემი პირადი ცხოვრებაც ისევე აინტერესებს, როგორც თავისი შვილის დააინტერესებდა.

- ანუ?

- ჰგონია, რომ შენ ჩემი შეყვარებული ხარ.

- ააა! იმიტომაც დაიზღვია თავი, თითქოს ამ სახლში ქალი პირველად ნახა? ნამუსი მოგწმინდა?

მირზამ კოპები შეიკრა. გამომცდელად შემომხედა თვალებში და ყრუდ ჩაილაპარაკა:

- ეს ჩემი სახლია, სადაც ცხოვრობდა მამაჩემი, დედაჩემი, ახლა მე... ეს სუფთა კერაა, ჰარამხანა მართლა კი არ მაქვს. - ისე ხაზგასმით თქვა, რომ შემრცხვა.

- `იმნაირი~ შეხვედრებისთვის სხვა ადგილები არსებობს, ანიკა, შენ მაგაზე ნუ წუხხარ, - კვლავ მოიშველია თავისი ირონია.

წარბი არ შემიხრია, ვითომ მე არ მეხებოდა მისი იდუმალი მარშრუტების, სამალავებისა და გადაადგილებების ამბავი, თუმცა კი მივხვდი, რომ გადავამლაშე. ეს ეჭვიანობას უფრო ჰგავდა ჩემი მხრიდან.

სადილის შემდეგ დესერტსაც შევექეცით. შოკოლადის ტორტი და ყავაც გემრიელად მივირთვი.

- ნამცხვარი არ გასუქებს? - მკითხა მირზამ.

- არა, რაც უნდა ვჭამო, გრამს არ მოვიმატებ, - ღიმილით მივუგე.

- მაგარია. მე კიდევ ვეპარები ხოლმე ტკბილს, რადგან მასუქებს. სამი წლის წინ ისეთი ღიპი მქონდა, ძლივს დავიგდე, სულ ვვარჯიშობდი.

- შენ და ღიპი? ვერ წარმომიდგენია, - გავოცდი.

- შენ წარმოიდგინე, ჰო. ასეთებიც ხდება ჩემს ცხოვრებაში.

- ქალებს ღიპიანიც მოსწონხარ? - ისევ გამისწრო ენამ წინ და ტუჩზე ვიკბინე.

- ქალებს ჩემი ფული უფრო მოსწონთ, ვიდრე მე ან ჩემი ღიპი, - ერთ წინადადებაში ყველაფერი გამიშიფრა.

- მაგრამ ხომ შეიძლება, გულწრფელადაც შეუყვარდე? ასეთ რამეს რატომ გამორიცხავ?

- შეყვარებული ქალის გამოცნობას დიდი ფილოსოფია არ უნდა, ეგეთები არ მეშლება, - თავდაჯერებული და ოდნავ ცინიკური ტონით მომიგო.

პასუხი არ გამიცია, მაშინვე ავარიდე მზერა, ჩემი შეყვარებული თვალები არ დააფიქსიროს-მეთქი, თუმცა ამას ახლა აზრი არ ჰქონდა. თუ შეყვარებული ქალების გამოცნობის მართლაც ასეთი `დიდოსტატი~ იყო, დიდი ხნის წინ ვეყოლებოდი გაშიფრული.

ნაშუადღევს სახლის შემოგარენში გავისეირნეთ. საკმაოდ ციოდა, მაგრამ ისე მსიამოვნებდა მის გვერდით გავლა, სიცივე აღარ მადარდებდა. როცა უკან მოვბრუნდით, ეზოს გვერდით უეცრად ბროწეულის ხეების რიგს გადავაწყდი.

- ვაი! ეს შენი ბროწეულებია?

- კი, ჩემია. რომ გადმოვედით იმ წელს დავრგე და აი, რამხელები გაიზარდნენ. შემოდგომაზე დახუნძლულია ხოლმე აქაურობა.

- რა სასწაულია, ხედავ? აი, ერთს კვირტი აქვს უკვე. ასე ადრიანად აყვავდა?

- რას გაიგებ, ალბათ შეყვარებულია. ბროწეულებსაც უდგებათ თავიანთი გაზაფხული, როცა ვინმე შეუყვარდებათ.

- ბროწეულებსა-ც? - ც-ს მახვილი დავასვი.

- ბროწეულებსა-ც. - მოკლედ მომიგო და აღარ განავრცო, ც-ში კიდევ ვინ ან რა იგულისხმა.

- მიყვარს ბროწეული.

- ვიცი, რომ გიყვარს, ბებიაშენმა მითხრა, მაგრამ ასე ძალიან რატომ გიყვარს?

- იმიტომ, რომ ყველაზე საოცარი მცენარეა. ჯერ ხომ უცნაურზე უცნაური ყვავილი აქვს. თითქოს გვირგვინში ზის. გვირგვინი მყარია, ყვავილი კი სიფრიფანაზე სიფრიფანა. მერე როგორი ფორმა აქვს, როგორი ფერი... სურნელი? რაღაცნაირად მძიმე, მაგრამ არომატული. ძლიერ ქალს მაგონებს ბროწეულის ყვავილი.

- ანუ შენს თავს, არა? შენს თავს ბროწეულის ყვავილს ადარებ, ხომ?

გავწითლდი. მართალს ამბობდა. ჩემს თავს ყოველთვის ამ მცენარის ყვავილს ვადარებდი. მისი შეკითხვა პასუხგაუცემელი დავტოვე.

- შენი გაზაფხული როდის დგება, ანიკა?

ამის გაგონებაზე ოდნავ შევკრთი. ვერ მივხვდი, რატომ მეკითხებოდა.

- არ ვიცი... ალბათ თავის დროზე, როცა გაზაფხული იწყება.

- გაგიკვირდება, ცოტა ადრე რომ დაგიდგეს?

- როგორც ამ ბროწეულის გამიკვირდა?

- თუნდაც.

- არ ვიცი... შეიძლება გამიკვირდეს, შეიძლება არა.

- ხომ არ შეგცივდა? შეგაკანკალა... - უცებ მჭიდროდ მიმიკრა მხარზე და თმაზე ხელი გადამისვა. - ნებას რომ მომცემდე, გაგათბობდი.

- ეჭვიც არ მეპარება, - შევეცადე, უდარდელად მეთქვა, მაგრამ როდესაც წინ გადამიდგა და თითით ჩემი ტუჩების კონტური მოხაზა, სახეზე ისეთი გამომეტყველება აღებეჭდა, რომ სუნთქვა შემეკრა.

- შენი ტუჩები პირდაპირ იხვეწებიან, მაკოცეთო. იცოდი ეს?

მისი დაბალი, მომაჯადოებელი ხმისგან გულმა უფრო გამალებით დამიწყო ძგერა, სისხლმა კი ისეთი შხუილით დაირბინა სხეული, მეგონა, გარედანაც კი შემეტყობოდა. პირი გავაღე, რომ მეპასუხა, მირზა კი ისე დამეძგერა ტუჩებში, თითქოს მათი მოკვნეტა სურსო.

- ოოო, ძალიან გემრიელია... თაფლივით. შენ რა, ფუტკარი ხარ?

ახლა უკვე აღარ მციოდა.

- მირზა... - ძლივს ამოვთქვი და ჩემხელა ნერწყვი გადავაგორე.

- არა, არა! არაფერი თქვა! არც ერთი სიტყვა! ლაპარაკი ჩვენ სიკეთემდე არ მიგვიყვანს, ზუსტად ვიცი. მე ვიმოქმედებ, შენ კი მომყევი, - ამ სიტყვებით კვლავ ტუჩებზე დამეწაფა.

ღმერთო, როგორი სიხარბით მკოცნიდა! ღმერთო! როგორ მიყვარდა ეს კაცი!

რაღაც საოცრებებს სჩადიოდა ჩემი ყურის ძირში, ჩემს ყელზე... ეს არ იყო კოცნა, ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე კოცნა! ჩემი სხეული ბრმად პასუხობდა, მისი მოფერება საშინელ ხანძარს ანთებდა ჩემს გულში.

ღმერთო, რა სიბრმავეა! რა იდიოტური სიბრმავეა, ღმერთო! რა საგანგაშო! ასეთი კაცის შეყვარება უფსკრულში გადაჩეხვის ტოლფასია.

არაფრის დიდებით არ უნდა გაიგოს, რომ მიყვარს. ამ დამცირების გადატანა ისევე გამიჭირდება, როგორც ზამთრის გადატანა მიჭირს ხოლმე. ზამთარს ვერ ვგუობ, სულ მცივა. მე ზაფხულის გოგო ვარ, რაც უნდა ცხელოდეს, მაინც კარგად ვგრძნობ თავს. წესით, აპრილის ბოლოა და ახლა აღარ უნდა მციოდეს, მაგრამ ვერა, ჯერ ვერ გათბა ჩემი სხეული. მცივანა ვარ და რა ჩემი ბრალია?

რა შეცდომა დავუშვი. ეს საშინელი კაცი რამ შემაყვარა? გარდა იმისა, რომ უსაზღვრო ცინიკოსია და ნარცისივით თავის თავზე შეყვარებული, ქალების მთელი ბანაკი დასდევს უკან. ჩვენ შორის რომც გაიბას სერიოზული ურთიერთობა, ამას რა გააჩერებს? მე ვარ მისი დამკავებელი? გამორიცხულია. ყოველ ფეხის ნაბიჯზე გამამწარებს, წარამარა მიღალატებს და სად ვდიო მერე მის ქალებს? თანაც, ყოველი მათგანი სასიყვარულო საქმეებში გამობრძმედილია, იციან, თავი როგორ მოაწონონ და როგორ დააბან. თუმცა ამას დაბმულის არაფერი ეტყობა, აქამდე ერთმაც კი ვერ გააბა ოჯახურ მახეში.

კოცნა გაჭიანურდა და ვიგრძენი, როგორ დამებერა კერტები. ჩემმა მკერდმა პირველმა იგრძნო, რომ პროცესი საშიშ ფაზაში შევიდა.

- მირზა, გთხოვ... - მკვეთრად გავერიდე, მაგრამ როგორც კი მისი სხულის სითბო მომცილდა, თითქოს მიტოვებულად ვიგრძენი თავი.

- ვიცი, ვიცი, ჩვენ აღარაფერი გვაკავშირებს ერთმანეთთან, - ჩურჩულით მითხრა, - მაგრამ ისეთი ტკბილი ხარ, რომ... ჩემი პატარა ფუტკარი ხარ შენ.

სწორედ ამ ბოლო სიტყვებმა გამაღიზიანა. ალბათ ყველა ქალს ასე ეფერება, ამ ფრაზით, ამ მეტსახელით. აი, როგორ ნუსხავს საპირისპირო სქესს. რა უნდა, მისი საყვარელი გავხდე? არასოდეს! აჯობებს, დროზე გავქრე მისი ცხოვრებიდან, სანამ სისულელე ჩამიდენია. ვგრძნობ, დიდხანს ვერ გავუძლებ ამ მდგომარეობას.

უკანა გზაზე რამდენჯერმე დავიჭირე მისი ყურადღებით სავსე მზერა. ლაპარაკით ძალიან ცოტას ლაპარაკობდა, ისე, ზოგად თემებზე, მეც ჩვეულებრივად ვპასუხობდი, თითქოს ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. როცა ჩემს კორპუსს მივუახლოვდით, უკვე მოსაღამოებული იყო. ამოვარდნილ ქარს ღრუბლები გადაერეკა და ცა მოეკრიალებინა, თუმცა მაინც ციოდა. ის იყო, მანქანიდან გადმოსვლა დავაპირე, რომ მკლავი დამიჭირა.

- მე რამდენიმე დღეში მივემგზავრები და ალბათ კარგა ხნით ვერ გნახავ.

- ჩემი ნახვა რა აუცილებელია?

თითქოს არც გაუგონია ჩემი შეკითხვა, ისე გააგრძელა:

- ვიცი, რომ დაბადების დღე გაქვს ცხრა მაისს, მე კი აქ არ ვიქნები, ამიტომ ეს პატარა საჩუქარი მიიღე ჩემგან, - მომეჩვენა, რომ დარცხვენით მელაპარაკებოდა.

მან უკანა სავარძლიდან პატარა, ოთხკუთხა შეხვეული აიღო და მომაწოდა.

გაკვირვებული მზერა ვესროლე, გამორთმევას ვაჭიანურებდი.

- გამომართვი, არ გიკბენს, - ღიმილით შემაგულიანა.

ფრთხილად ჩამოვართვი კოლოფი.

- და გახსენი. - თავისი მბრძანებლური ტონი მოიშველია.

გავხსენი და შეშინებულმა მსუბუქად შევკივლე.

- არა, არა! ამას ვერ ავიღებ! - მუყაოს წითელ ყუთში ულამაზესი ბროში იყო, ბრილიანტისთვლიანი, რომელსაც ბროწეულის ფორმა ჰქონდა. როგორც ჩანდა, ძალიან ძვირფასი.

- რატომაა, რომ ჩემს ნაცნობ ქალებს შორის შენ ერთადერთი ხარ, რომელიც ყოველ ჯერზე ხმაურს ტეხს, როცა მინდა პატარა სიურპრიზი გავუკეთო? - ცივად მკითხა და თავისი შეუცვლელი საფირმო მზერით ლამის გამხვრიტა.

- შენ ამას პატარა სიურპრიზს ეძახი? ამის საყიდლად ჩემი ერთი წლის ხელფასიც არ მეყოფოდა!

ამით უნდა, რომ მომისყიდოს? პატარა ბავშვი ვარ, კანფეტით რომ მიიტყუებენ? ამის იმედი არ ჰქონდეს!

- ჩათვალე, რომ ეს ერთი მცირე რეკვიზიტია იმ სპექტაკლში, რომელსაც მე და შენ ვთამაშობთ.

- მე არაფერს არ ვთამაშობ და თუ შენ თამაშობ, მარტო მოგიწევს გაგრძელება! - აღშფოთებას ვერ ვმალავდი.

- რა გემართება? ეს მხოლოდ საჩუქარია შენი დაბადების დღის აღსანიშნავად. გასაგებია? - ლამის ხელიდან გამომგლიჯა ბროში, ყუთში ჩააბრუნა და ხელში ძალით მომაჩეჩა.

კიდევ ერთ შეცდომას ვუშვებდი ამ საჩუქრის მიღებით, მაგრამ ამის თქმაც ვერ გავბედე. არ მინდოდა მისი დაკარგვა. არ ვიცი, რისი იმედი მქონდა, მაგრამ მაინც ველოდებოდი სასწაულს.

- როცა სასწაული არ ხდება, შენ თვითონ უნდა მოახდინო იგი, - თითქოს ჩემს ფიქრს გამოეხმაურაო, უცებ მომიხია, - როგორც შენ გიყვარს თქმა, თუ ზღაპარი არ ახდება, ჯადოქარი უნდა შეცვალო. ყველაფერი შენზეა დამოკიდებული.

მისი ქარაგმა გასაგებიც იყო და გაუგებარიც. მაინც ვყოყმანობდი, ვერ გადამეწყვიტა, როგორ მოვქცეულიყავი.

- როცა ამას ვყიდულობდი, რას წარმოვიდგენდი, ძალით თუ მექნებოდა შენთვის საჩუქებელი, - მწარედ ჩაიცინა. - აბა, მიიბნიე პერანგზე.

მივიბნიე. კმაყოფილს შუბლი გაეხსნა, შეუმჩნევლად ჩაიღიმა, ჩემკენ გადმოიხარა და ნაზად მაკოცა.

- მაგარია! შენ ხარ ქალი, რომელსაც უნდა კოცნიდე. შენთვის ეს ოდესმე ვინმეს უთქვამს?

ალანძულმა უარის ნიშნად თავი გავაქნიე.

- ძალიანაც კარგი... და ნუ მიყურებ ისე, თითქოს შენი ყველა კოშმარული სიზმარი ჩემს სახეშია მოქცეული. მე კარგი ბიჭი ვარ, - თქვა მან, თვალი ჩამიკრა და ძრავა აამუშავა.

გაბრუებული გადავედი მანქანიდან... ის კი წამში გაქრა... კოშმარულ მოჩვენებასავით...

დასასრული შემდეგ ნომერში