ბროწეულის გაზაფხული (დასასრული) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (დასასრული)

ცნობისმოყვარეობა მკლავდა, სად იყო და რას აკეთებდა, მაგრამ არც მე მიცდია თავის შეხსენება. სიამაყემ მძლია და ჩუმად ვიყავი. მესამე დღეს, როგორც იქნა, შემეხმიანა. მთხოვა, ამაღამ მივემგზავრები და ჩემს ჩამოსვლამდე მინდა, ახალი კორპუსის მშენებლობას შენ მიადევნო თვალიო. ახალი კორპუსი კი, არც მეტი, არც ნაკლები, ბათუმში შენდებოდა. შემეშინდა. ჯერ ერთი, ბებია არ იყო ადვილი დასატოვებელი, მეორეც - მარტო მოვერეოდი საქმეს? ან კი რატომ მენდობოდა? რა გარანტია ჰქონდა, რომ ყველაფერს სანიმუშოდ გავუძღვებოდი?

- ლეკო მოგეხმარება, უბრალოდ, ის აქ უნდა იყოს, თბილისში. ამიტომ სანდო ადამიანი მჭირდება. შენ საქმის კურსში ხარ, შემოსავლებიც შენს ხელშია და გასავლებიც. ერთ სიტყვით, ჩემი მარჯვენა ხელი ხარ. უნდა დამეხმარო.

- რამდენი ხნით მიდიხარ?

- ერთი თვით, სხვანაირად არ გამოდის.

- მაგრამ ბებიაჩემი...

- ეგ საქმე მოგვარებულია. მომვლელი დავიქირავე, ხვალ დილით ჩავა და მთელი თვე მასთან დარჩება, წამითაც არ მოაცილებს თვალს. გუშინ ჩავიყვანე და გავაცანი ნინუცას. ძალიან მოეწონა, კარგი გოგოაო. ფული გადახდილია. თან მანქანა ჰყავს, ხშირად გაასეირნებს ხოლმე.

- და ეს ყველაფერი ჩემს უკითხავად მოაგვარე?

- ნუ მსაყვედურობ. ეს საქმე ჩემს ინტერესებში შედიოდა, ამიტომაც გამოვიდე თავი. რომ ჩამოვალ, მაშინ დამტუქსე, ოღონდ ახლა არა, გთხოვ. ახლა დამეხმარე.

ვერაფერი ვუთხარი. მისი გულისთვის ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი.

- სასტუმრო დაჯავშნილია, ლეკოს ნახავ და ის გეტყვის, როგორ მოიქცე და როდის წახვიდე. ოღონდ ფრთხილად, მასთან რომანი არ გააბა, თორემ გულს მატკენ... - აქ ცოტა შეყოვნდა, - სულ ეს არის. რომ ჩამოვალ, ყველაფერი შეიცვლება. გპირდები. - ეს მითხრა და გამითიშა.

და აი, ერთი კვირაა ბათუმში ვარ. სასიამოვნო ამინდია. სასტუმრო მყუდროა და კეთილმოწყობილი. მანქანა მემსახურება, ნებისმიერ დროს შემიძლია მშენებლობაზე გავიდე. არც ისე რთულად ყოფილა საქმე, როგორც მეგონა. ეგრევე ავუღე ალღო ყველაფერს. მშენებლები თვალებში შემომციცინებენ, ნებისმიერ წვრილმანს მითანხმებენ. ლეკოც ყოველდღე მირეკავს და მეც საქმის კურსში ვაყენებ. მას მოსწონს ჩემი მუშაობის სტილი, თან მეფლირტავება. აშკარად მოვწონვარ, მაგრამ ფლირტაობაზე შორს წასვლას ვერ ბედავს. ნეტავ რატომ? გამარჯვების იმედი არა აქვს და იმიტომ? თუ მირზამ ისიც გააფრთხილა? მეეჭვება, ასე არ დაიმცირებდა თავს თანამშრომლის წინაშე.

ბებიას დღეში ორჯერ მაინც ვურეკავ. კარგადაა, მზიკო უვლის და კმაყოფილია. მეც მშვიდად ვარ, რომ სახლიდან არ გარბის და მისი მოძებნა არ მიხდება.

მირზას ერთხელაც არ დაურეკავს ჩემთვის. მხოლოდ ლეკოსთან აქვს სატელეფონო კავშირი. საინტერესოა, მე რატომ არ მეკონტაქტება?

რამდენჯერმე მთელი ძალით შევისუნთქე საღამოს ჰაერი და ნერვების დაწყნარებას შევეცადე. არა უშავს, მის ჩამოსვლამდე თავს არ შევირცხვენ, ყველაფერს გავუკეთებ, როგორც მთხოვა და მერე საბოლოოდ გავქრები მისი ცხოვრებიდან.

ამასობაში მაისი ჩამთავრდა და ცხელმა ზაფხულმაც მცხუნვარე მზით შემოაბიჯა. სულ ოცი წუთის მოსული ვიყავი მშენებლობიდან, ერთიანად გაოფლილი მოსვლისთანავე სააბაზანოში შევვარდი წყლის გადასავლებად. ამწუთას თმას ვიშრობდი. ფენის ზუზუნში არც გამიგია, კარი როგორ გაიღო. სართულის დამლაგებელმა ერთი შემომღიმა და განზე გადგა. გამიკვირდა მისი დანახვა. კარი შიგნიდან მქონდა ჩაკეტილი და გაღება მხოლოდ მას შეეძლო თავისი გასაღებით.

უეცრად მის ზურგს უკან ნაცნობი სილუეტი დავლანდე. გული ლამის ამომივარდა ბუდიდან. ოთახში ყურებადე გაღიმებული მირზა შემოიჭრა, დამლაგებელს მადლობა გადაუხადა და კარი ცხვირწინ მიუხურა.

- ასე თუ ისე, ჩამოვედი, - იქედნურად ჩაიღიმა, - გაგიხარდა ჩემი დანახვა?

- ჰო, - გულწრფელად მივუგე, ჩავთვალე, რომ ზომიერი დოზით გულწრფელობა სულაც არ იყო ზიანის მომტანი, - უბრალოდ, არ გელოდი.

- მოდი ჩემთან.

მისი დანახვით გაოცებული ადგილს მიველურსმე, ხელში ფენით, რომელიც წამების წინ გამოვრთე.

- ჩემთან მოდი-მეთქი, გითხარი! - ისევ მბრძანებლური ტონი, როგორც ყოველთვის.

დაძაბულმა ორიოდე ნაბიჯი გადავდგი. ასეთი უემოციო ჯერ არ ვყოფილვარ.

- მოკლედ, შენნაირი ქალი მეორე არ შემხვედრია, - მისაყვედურა, - ხან ყინულის დედოფალივით ხარ, ხან კიდევ დინამიტით სავსე კასრი.

- ასე გგონია? - ძლივს ვთქვი მისი სიახლოვით გაბრუებულმა.

- კი არა მგონია, ვიცი, - მითხრა და ხელის ზურგი ნელა ჩამომისვა სახეზე.

მეგონა, მაკოცებდა, ის კი მოულოდნელად გამერიდა და ფანჯარასთან მისულმა ფარდა ხელის ერთი გაქნევით გადასწია. იმედგაცრუების მწარე ჩხვლეტა ვიგრძენი, რომ არ მაკოცა.

- როგორ მიდის საქმეები? ლეკო ძალიან კი გაქებს და ნეტავ რატომ? მხოლოდ საქმის გამო, თუ...

პასუხი არ გავეცი. მისკენ დავიძარი თავაწეული, ახლოს, ძალიან ახლოს მივედი, თითის წვერებზე ავიწიე და პირდაპირ ტუჩებში ვაკოცე.

ამას არ ელოდა. ურწმუნო კაცის მზერით დამხედა. მე გავუღიმე... ორაზროვნად, მაცდურად.

- ანიკა, რას მიკეთებ? - წაიჩურჩულა და მკლავებში მომიმწყვდია.

სიამოვნებამოგვრილმა თვალები დავხუჭე. საოცარი წუთები იყო. მის საპასუხო კოცნაში სასტიკი, მხეცური მგრძნობელობა შეინიშნებოდა, რომელმაც ამათრთოლა, ხელები კი ძალაუნებურად მოვხვიე მხრებზე.

ვიგრძენი, როგორ გამიყოლა საწოლისკენ. თავდაპირველად არ გავუძალიანდი, მაგრამ რბილ საწოლზე რომ დავეცი, მაშინვე დამიბრუნდა გონი. `მირზა, არ გინდა...~ - ძლივს მოვასწარი თქმა, მაგრამ ტუჩებით მსწრაფლ დამიმუწა პირი...

რეალობას მაშინ დავუბრუნდი, როცა შიშველ მდგომარეობაში ვიხილე ჩემი თავი. არ მახსოვს, როდის გამხადა ხალათი, რომლის შიგნით არაფერი მეცვა, რადგან სააბაზანოდან ახალი გამოსული ვიყავი. მოზღვავებული სირცხვილისგან გავწითლდი, სწრაფად წამოვხტი, ხალათი მოვიცვი და საწოლზე ჩამოვჯექი.

- მაპატიე... - შეცვლილი ხმით წარმოვთქვი და თავი დავხარე, არ მინდოდა ჩემი გაწითლება შეემჩნია. სველმა თმამ სახე დამიმალა, - ჩემი თავისთვის ამის უფლება არ უნდა მიმეცა... არ ვიცი, რა მეტაკა.

- შენ კი არა, მე არ უნდა მექნა ეს, - მის ხმაში ისევ და ისევ ჩვეული ირონია გამოსჭვიოდა, - სანამ შენამდე მოვაღწევდი, ჩემს თავს ვპირდებოდი, რომ დღეს თითს არ დაგაკარებდი. მინდოდა, უკეთ გაგეცანი და ჩვენი ურთიერთობა ისევ დალაგებულიყო.

- ისევ? - თავი ავწიე და თვალებში ჩავხედე, - იყო კი ოდესმე დალაგებული?

- შეიძლება არც იყო, მაგრამ შენი შეცდენით არა მგონია, გაკეთილშობილდეს. ასე არ არის? შენ ხომ მე საერთოდ არ მენდობი.

- არა, ასე არ არის...

- როგორ არა, ასეა. შენ შენი თავი წითელქუდა გგონია, მე კი ბოროტ მგლად მიმიჩნევ. ადრე თუ გვიან მოგიწევს ჩემი ახლოს მოშვება. ამას ვერ ასცდები.

- რატომ? - წარბები ავზიდე.

- იმიტომ.

- რატომ იმიტომ? - არ მოვეშვი.

- იმიტომ და მორჩა! - ისიც წამოჯდა საწოლზე და ხალათის კიდეები ერთმანეთთან უფრო ახლოს მისწია, რომ ჩემი შიშველი მკერდი დაეფარა, მერე ქამარი შემიხსნა და თავიდან გამინასკვა. მისი თითების მოძრაობა მშვიდი იყო, თავდაჯერებული, სახეზე კი გულგრილი გამომეტყველება აღბეჭდვოდა. ზუსტად ისეთი, მორიგ ქალს რომ დაეუფლები და ჟინს მოიკლავ. უარესად გავწითლდი, ახლა უკვე აღშფოთებისგან. კაცი კი არა, ქვაა, უგრძნობი, ცივი...

- კიდევ ერთი გამარჯვების ქულა ჩაიწერე შენს სიაში, არა? - ვეღარ მოვითმინე და უხეშად მივახალე. მზად ვიყავი, ყველანაირი საზიზღრობა მეთქვა მისთვის, რაც ენაზე მომადგებოდა. ეს რა დამემართა, ასე უცებ როგორ დავნებდი? გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი. და ისე ჩაიარა ამ ყველაფერმა, თითქოს ჩემთვის პირველი კი არა, მეცხრე მამაკაცი ყოფილიყო. იმასაც ვერ მივხვდი, სიამოვნება ვიგრძენი თუ ტკივილი.

- ჩავთვალოთ, რომ მე ეს არ გამიგონია, - არც შემოუხედავს, ისე ჩაილაპარაკა და წამოდგა, ისევ ისე, გულგრილი სახით. - ათი წუთი გაქვს, რომ თავი მოიწესრიგო და დაბლა ჩამოხვიდე. ყველაფერი წამოიღე, რაც ამ ერთ თვეში გააკეთე, უნდა გადავხედო. მაინტერესებს, რა გააკეთე ჩემს არყოფნაში, - ეს ისე ცივად თქვა, თითქოს რიგით თანამშრომელს ესაუბრებაო, თან კარი გააღო და სანამ გავიდოდა, მომაძახა, - არ ველოდი, ქალწული თუ იქნებოდი.

შეურაცხყოფისგან სუნთქვა შემეკრა. საოცრად მომინდა, სახეში ძლიერად გამერტყა, მაგრამ გამასწრო. რომ დარჩენილიყო, გასილაქება არ ასცდებოდა.

მოულოდნელად კარი ისევ შემოაღო, თავი შემოყო და ოდნავ შერბილებული ხმით მითხრა:

- არ მალოდინო, ანიკა.

- მაგას როგორ გავბედავ, - აფორაჯებულმა თვალები დავაკვესე და მივაყოლე, - რა, ნინი გალოდინებდა ხოლმე სექსის შემდეგ?

ამის თქმა და... ორი ნახტომით ჩემთან გაჩნდა, მკლავზე ძლიერად წამიჭირა ხელი და შემაჯანჯღარა:

- შენი თავი რამედ თუ გიღირს, ეს სახელი მეორედ არ ახსენო ჩემთან, გესმის?

შეშინებული მოვიკუნტე.

- ჰო თუ არა? - ისევ შემაჯანჯღარა.

- ჰო, - ყურებს არ ვუჯერებდი, ისეთი ხმა ამოვუშვი. შეშინებული ტუჩებს ვერ ვგრძნობდი.

კარი რომ გაჯახუნდა, მხრები მხოლოდ მაშინ შევატოკე და საწოლზე მივეგდე. ნუთუ ასე უყვარს? როგორი რეაქცია ჰქონდა, ნინი რომ ვუხსენე. ალბათ ვერ აიტანა სხვა ქალისგან მისი სახელის მოსმენა...

ძლივს დავწყნარდი. ზუსტად ათი წუთის შემდეგ ვესტიბიულში ჩავედი. ის ფანჯარასთან მდგარ მაგიდას უჯდა და მელოდა. კოპებშეკრულს ჩემს დანახვაზე გამომეტყველება არ შესცვლია.

- მომეცი! - ხელი გამოიწოდა და საქაღალდე ლამის გამომგლიჯა. მერე მკვეთრი მოძრაობით წამოდგა და თავით მანიშნა, მომყევიო. გარეთ გავედით, სადაც მისი `ჯიპი~ იდგა...

კარგა ხანს მივდიოდით. მანქანა სანაპირო ზოლს მიუყვებოდა. უკვე შეღამებულიყო, მაგრამ პლაჟზე უამრავი დამსვენებელი ირეოდა. ივნისში ბათუმში არასდროს მინახავს ამდენი ხალხი.

როგორც იქნა, უკაცრიელი ადგილი შეარჩია და გააჩერა. ვერაფერზე ვფიქრობდი, თავში საშინელი ქაოსი ირეოდა. ირგვლივ მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. საღამოს ნიავს ზღვის მარილიანი სურნელი და ტალღების ტლაშუნის ხმა მოჰქონდა.

- კარგად ხარ? - შერბილებული ტონით მკითხა.

- ჰო.

- მატყუარა... - თავი გააქნია და დაამატა, - ასე არ უნდა მეყვირა, მაპატიე, მაგრამ ჩემი თხოვნა ძალაში რჩება. მისი სახელის მოსმენა არ მსურს.

- გავიგე.

- ვერაფერიც ვერ გაიგე, მაგრამ არა უშავს. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ. ახლა სხვა მაქვს სალაპარაკო.

- ვიცი, საქმეები უნდა განვიხილოთ.

- არა. ამ საქაღალდეს ამაღამ გადავხედავ. ახლა სხვა რამე მაქვს სათქმელი. - მირზა ძალიან მშვიდად ლაპარაკობდა, - მიუხედავად იმისა, რომ ქალებთან ურთიერთობაში გამუდმებით მამხილებ და კაცმა არ იცის, რას მაბრალებ, არის რამდენიმე სიმართლის მარცვალი შენს ბრალდებებში. თუმცა უცოლო კაცის ცხოვრება ბოლო ხანებში ყელში ამომივიდა. ახლა საიმედო ქალი მჭირდება, ოჯახის დიასახლისი, რომელსაც დავენდობი.

- მორიგი მეგობარი ქალი?

- სწორედაც. სხვებთან გართობა დიდ დროს მართმევს და ნერვებსაც. მინდა ჩემი ცხოვრება სტაბილური გავხადო. ამიტომ გთავაზობ, ცოლად გამომყვე.

ეს ისეთი მოულოდნელი იყო ჩემთვის, მეგონა, რისი მოსმენაც მინდოდა, ის გავიგონე-მეთქი. რატომ გაუჩნდა ასეთი აზრი, ჩემს გონებამდე არ დადიოდა. ალბათ მეთამაშება. რახან ასეა, ვითამაშოთ, რა გაეწყობა.

- საკუთარ ყურებს არ ვუჯერებ, - დამცინავად გავიღიმე და თვალი თვალში გავუყარე.

- რატომ? ნუთუ ასე ცუდია ჩემზე გათხოვება? - ნახევრად ჩურჩულით მკითხა.

- მაგრამ ჩვენ ხომ არ გვიყვარს ერთმანეთი? - უიმედოდ შევნიშნე.

- საქმე სიყვარულს კი არა, ქორწინებას ეხება, - იგი ჩემკენ გადმოიხარა და სახე სახესთან ახლოს მომიტანა, - ვხედავ, რომ საქმეს შესანიშნავად უძღვები. ეს კარგია, კარიერას აიწყობ. მოვა დრო და საკუთარი ფირმა გექნება, სულ ჩემზე ხომ არ იქნები დამოკიდებული. გექნება საკუთარი მანქანა, საბანკო ანგარიში და ასე შემდეგ... მაგრამ ამასთან, მინდა, რომ ერთად ვიყოთ, სექსი გვქონდეს და შენ ჩემი სტუმრები მიიღო ხოლმე, როგორც დიასახლისმა. აბა, რას იტყვი?

- მირზა, ასობით ქალი ალბათ მხოლოდ ამაზე ოცნებობს. არ მესმის, მე რატომ...

- ანიკა, ჩვენ ბაზარში არ ვართ. მე ცოლს ვირჩევ და არა ძროხას! მე შენ ყველაფერს მოგცემ, არც საწოლში დაგაკლებ არაფერს, კმაყოფილი დარჩები. თუ ჩვენი თანაცხოვრების სექსუალურ მხარეს მოვაგვარებთ, დარწმუნებული ვარ, სხვა დანარჩენშიც მშვენივრად შევეწყობით ერთმანეთს, მით უფრო, რომ, შენც კარგად იცი, როგორ გინდა ჩემთან.

მიუხედავად იმისა, რომ სიბრაზისგან კბილს კბილზე ვაჭერდი, სიმშვიდეს ვინარჩუნებდი.

- მაგრამ ოჯახის შესაქმნელად ეს საკმარისი არ არის.

- არის. დაქორწინებულთა უმრავლესობა კარგი სექსით ინარჩუნებს ოჯახს. თუ შენ ჩემი ღალატი გაშფოთებს, პირობას გაძლევ, რომ სხვა ქალისკენ აღარ გავიხედავ და არც შენ მოგანდომებ სხვა მამაკაცს.

ღმერთო ჩემო, მისი ცოლი თუ გავხდები, ისედაც არ გავიხედავ სხვა კაცისკენ. ამან რა იცის, ჩემს გულში რამხელა ხანძარი გიზგიზებს. მაგრამ ცოტა სულელური წინადადება ხომ არ არის? როგორ გავყვე ისეთ კაცს, რომელსაც არ ვუყვარვარ? განა მხოლოდ ჩემი სიყვარული იქნება საკმარისი? გავრისკოთ და ვნახოთ. სხვა თუ არაფერი, ასე ტანჯვას ისე ტანჯვა მირჩევნია.

- კარგი, მე თანახმა ვარ.

- რა თქვი? - როგორც ჩანს, ასეთ პასუხს არ ელოდა, მის კითხვაში განცვიფრება იკითხებოდა.

- თანახმა ვარ, შენი ცოლი გავხდე, როცა ამას მოისურვებ.

- რატომ? ანიკა, მიპასუხე, რატომ მთანხმდები ცოლობაზე?

`იმიტომ, რომ ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა კარგი ოჯახის შესაქმნელად~, - გავიფიქრე, ხმამაღლა კი ესღა ვუთხარი, - არ ვიცი.

- მაგრამ ეს ხომ რაღაც მსუბუქი კავშირი არ არის, ეს სერიოზული ურთიერთობაა, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა გაგრძელდეს. ეს ნამდვილი ქორწინება იქნება ყველა ასპექტში. გესმის მაინც, რაზე მთანხმდები?

- რა თქმა უნდა, - მოულოდნელად ზედმეტად აზარტული გამიხდა ტონი.

- არა მგონია, გესმოდეს. შენ ხომ ჩემამდე კაცთან არ წოლილხარ. ხომ შეიძლება, მალევე მოგბეზრდე?

- მე ბავშვი არ ვარ, მირზა, ვიცი, რასაც ვამბობ!

- ჰო, მართალი ხარ, ბავშვი აღარ ხარ. ესე იგი, მზად ხარ, ჩემთან ერთად სარეცელი გაიყო და ჩემი ცოლი გახდე?

მისი ცოლი! მიუხედავად შიშისა, გული სიხარულისგან აბაგუნდა. მე მისი ცოლი გავხდები! გავხდები და ვაიძულებ, შემიყვაროს! მე ეს გამომივა!

- ჰო, თანახმა ვარ.

ამ დროს მხარზე მისი ტუჩების შეხება ვიგრძენი. ჟრუანტელმა თავით ფეხებამდე დამიარა.

- სანამ ჯვარს არ დავიწერთ, ხელს არ გახლებ, - ჩურჩულით მითხრა და სანამ მის ნათქვამს გავიაზრებდი, მანქანა დაძრა... კიდევ ერთხელ გამაოცა თავისი საქციელით.

ქორწილი მარიამობის დღესასწაულზე დავგეგმეთ. დარჩენილმა კვირებმა სწრაფად გაირბინა. თან ვმუშაობდი, თან ვემზადებოდი. კაბის შეკერვა მინდოდა, მაგრამ მირზამ არ დამანება, მზა იყიდეო. ლამის ყველა სალონი მოვიარე თბილისში, რომ სასურველი მოდელი შემერჩია. როგორც იქნა, სწორედ ისეთს მივაგენი, როგორზეც ვოცნებობდი. მირზა თან მყვებოდა, მისთვის სიტყვა `არა~ არ არსებობდა. ოღონდ მომესურვებინა რამე და უკან არაფერზე იხევდა. თავიდან მიხაროდა, რომ ასე იოლად გვარდებოდა ყველაფერი, მაგრამ ქორწილის დღეს საშინლად მოვიწყინე. რამდენად სწორად ვიქცეოდი? შიშმა ისევ დამრია ხელი. ვაითუ, ვერ შემიყვაროს, მერე რა ვქნა? მთელი ცხოვრება ტანჯვაში უნდა გავატარო? ამაზე ფიქრი არა და არ მშორდებოდა გონებიდან.

ჯვრისწერის ცერემონიამაც და ქორწილმაც ისე ჩაიარა, ორჯერ არ გამიღიმია. მირზას ეს არ გამოჰპარვია და თვითონაც მოიწყინა. გვიან ღამით, როცა შინ დავბრუნდით და მარტონი დავრჩით, ცოტათი მომეშვა. როგორც კი შემეხო, გააზრების უნარი დავკარგე. მთელმა სამყარომ ჩემ ირგვლივ ამ ერთ მამაკაცში მოიყარა თავი. მის გარდა ამქვეყნად არაფერი არსებობდა.

იგი ეფერებოდა ჩემს შიშველ სხეულს და ერთსა და იმავეს ცხრაასჯერ იმეორებდა: `რა სილამაზეა, როგორი სრულყოფილება~...

- რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, - სულაც არ ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ როგორც კი ბაგეებს ეს სიტყვები მოსწყდა, შვება ვიგრძენი. ახლა უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ეცოდინებოდა თუ არა მას, რას ვგრძნობდი მის მიმართ. ახლა აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა, ის ჩემ გვერდით იყო, ის ჩემი იყო და მე მთელი ცხოვრება მქონდა წინ, რომ მისთვის თავი შემეყვარებინა.

- რა მითხარი? - მის მკლავებში მოქცეული ვცდილობდი, არ მესუნთქა. მან იდაყვებზე წამოიწია და მთვარის შუქზე თვალებში ჩამხედა.

- რაც გაგიცანი, სულ ჩემ გვერდით იყავი როგორც ჩუმი, ტკბილი ტკივილი, რომელიც არა და არ ნელდება. და აი, მე შენი ვარ.

- იცი, რომ მეც მიყვარხარ? როგორც კი დაგინახე, მაშინვე გადავწყვიტე, რომ ჩემი უნდა გამხდარიყავი. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რომ შემიყვარდი, ამას მოგვიანებით მივხვდი, მაგრამ სხვა ქალებივით მხოლოდ გასართობად რომ არ მიზიდავდი, ამას ვხვდებოდი.

- მე კი მეგონა, შენთვის მორიგი გატაცება ვიყავი.

- არა, არა და არა. ის ქალები ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. მთელი ეს წლები დავეძებდი, დავეძებდი, თვითონაც არ ვიცი, ვის. და როცა შენი დაკარგვის საფრთხე შევიგრძენი, მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ვიპოვე. ყველაფერი ის, რაც მე მჭირდება, შენში ერთადაა თავმოყრილი.

- რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ, - გავიმეორე.

მან ნახევრად სიბნელეში ჩემი თვალები ისევ მოძებნა და ჩამაშტერდა. მზერა სიყვარულით ჰქონდა გადავსებული.

- ძალიან დიდხანს კი მალოდინე და მახვეწნინე, ამისთვის ახლა დაგსჯი, - ღიმილით მითხრა.

- მე მთლიანად შენი ვარ და ეს მუდამ ასე იქნება, მირზა.

- თან მთელი ცხოვრება წინ გვაქვს, ხომ ასეა? მოიცა, ახლა რომელი საათია? ოოო, სამი დაწყებულა, შუაღამის სამი საათი. აი, შენი გაზაფხულიც დაიწყო, ანიკა! ბროწეულის გაზაფხული! - ყურთან მიჩურჩულა და მძლავრად მიმიკრა შიშველ მკერდზე.

სიამოვნებისგან აძიგძიგებულმა მკლავები მოვხვიე და მისი მოფერებით გახურებული საბოლოოდ მივხვდი, რომ ის მე მეკუთვნოდა - მთლიანად და ბოლომდე...

ჩემმა გაზაფხულმა წუთების ათვლა დაიწყო...

დასასრული