ბროწეულის გაზაფხული (ნაწილი XIII) - გზაპრესი

ბროწეულის გაზაფხული (ნაწილი XIII)

კარგა ხანს დაჟინებით მაცქერდებოდა, შემდეგ კი, თითქოს თავისთვის ლაპარაკობსო, ხმადაბლა დაიწყო:

- პატარა მატყუარა ანიკა. გოგონა, რომელსაც ჩემი არც ერთი სიტყვის არ სჯერა და ამის გამო ნებისმიერ სიცრუეზეა წამსვლელი, ოღონდ კი თავი დაიძვრინოს.

გაოცებისგან, ვიგრძენი, ნელ-ნელა როგორ მეღრიცებოდა ყბა. ის კი აგრძელებდა მონოლოგს:

- იმ წუთიდან, როცა მე და შენ ერთმანეთს პირველად შევხვდით, სულ მოლოდინის რეჟიმში ხარ. ელოდები, როდის დაგაკარგვინებ თავს და დაგეუფლები. ამ ყველაფერს ახლა ლექსიკონიდან ამოკრეფილი ლიტერატურული სიტყვებით გიხსნი, რომ არ შეგაშინოს ისეთმა გამოთქმებმა, როგორიცაა: `გიხმარ~, `გაგჟიმავ~, `გესექსავები~... იმიტომ, რომ ვიცი, შენი კომპლექსების გამო წამოხტები და გაიქცევი. გაგიგია გამოთქმა - მიეცი მამაკაცს თავისუფლება და ის თავისით მოიტეხს კისერსო? - აი, ამ დღეში ვარ მას შემდეგ, რაც შენ გაგიცანი. ყოველთვის, როცა ოდნავ მაინც შეგეხები, თავში ისეთი აზრები მიტრიალებს, ისეთი, რომ... მინდა, ერთხელაც შოკში ჩაგაგდო.

წარბები ირონიულად ავზიდე.

- თუ იმ საღამოს დასრულება გაქვს მხედველობაში და ჩემთან `გესექსავება~, როგორც წეღან ახსენე, იმედი უნდა გაგიცრუო. ამას არ დავუშვებ. - ამაყად წარმოვთქვი და თვალი თვალში გავუყარე.

ვაიმე და ვაიმე! როგორ მიყვარს ეს კაცი! აქამდე თითქოს ჟონავდა მისი სიყვარული ჩემს გულში, ახლა კი გაარღვია ოთხივე საკანი და თქრიალით გადმოსკდა გულის კედლებიდან. ვგრძნობდი, ამ სიყვარულით როგორ სწრაფად ივსებოდა ჩემი სხეული, ყველა კიდური, ყველა ნაკვთი, ყველა უჯრედი. ეს სიყვარულის წყალდიდობა იყო, რომელმაც ჩამითრია და სულს ისე მიხუთავდა, აუცილებლად დამახრჩობდა.

რა იდიოტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. არა, ამას ვერ გავუძლებ. აღარ შემიძლია, უნდა გავიქცე. აქ დარჩენა კარგს არაფერს მიქადის. ალბათ იმიტომაც მოაწყო ეს ყველაფერი, რომ მასთან მარტო დავრჩენილიყავი. საკუთარ სახლში საწადლის მიღწევა უფრო გაუადვილდება.

- ის საღამო ისე დასრულდა, როგორც უნდა დასრულებულიყო, - ცოტა არ იყოს, უკმეხად მომიგო, - სხვანაირად რომ მნდომებოდა, როგორმე მოვახერხებდი.

- რა სასაცილო ხარ, - დავცინე.

- არა, სასაცილო არ ვარ, უბრალოდ, პატიოსანი ვარ. შენ ხომ გიყვარს პატიოსნება?

- მე კი მიყვარს, მაგრამ თავად წარმოდგენაც არა გაქვს, რას ნიშნავს ეს! - უარესად გავღიზიანდი.

- ისევ გამოუშვი ბრჭყალები, არა? - მან ჩემი ხელი აიღო, რომელიც მუხლებზე მეწყო, თითებით ჩემი თითები ჩაიჭირა და ტუჩებთან მიიტანა.

ცხელი ტუჩები ჰქონდა, თითქოს ალი მომედო, ისე გამიხურდა ხელი, როცა შემეხო.

თან ნაზად ეამბორებოდა ჩემს თითებს, თან თვალს არ მაცილებდა.

რატომ არ ვუწევ წინააღმდეგობას? ხომ ვთქვი, უნდა გავიქცე-მეთქი, რას ვუზივარ? მინდოდა წამოდგომა და რაღაც ძალა უკან მეწეოდა, ვერა და ვერ დავიძარი ადგილიდან.

ჟრუანტელმა ძალიან ცუდ დროს დამიარა სხეულში, რაც მის მზერას არ გამოჰპარვია. მან კმაყოფილებით ჩაიღიმა და ჩემი ხელი ძველ ადგილას, მუხლზე დააბრუნა. - აი, ხომ ხედავ, როგორი პატიოსანი ბიჭი ვარ.

ეს უკვე მეტისმეტი იყო, ვეღარ მოვითმინე და ავფეთქდი.

- შენ, უბრალოდ...

- აუტანელი ვარ... ვიცი, ვიცი.

გავჩუმდი. მიძნელდებოდა ლაპარაკი, როცა ის ასე ახლოს იყო ჩემთან, ხმაც კი კანკალს იწყებდა.

- აქ რისთვის მომიყვანე?

- სალაპარაკო მაქვს.

- თუ ისევ სამსახურში დაბრუნებას მთავაზობ, ტყუილად გაირჯები, დაბრუნებას არ ვაპირებ. შენი შესაცოდი არაფერი მჭირს.

- და ვინ გითხრა, რომ მეცოდები? შენ ხომ არასდროს წუწუნებ. ასეთი ნაზი ხარ და თან კაჟივით მაგარი. - დააყოლა და თავისი მომაჯადოებელი ღიმილით კიდევ ერთხელ მომაჯადოვა.

- დამცინი?

- ოხხ, მოკლედ, რა. ყოველი სიტყვა და ყოველი ინტონაცია უნდა ავწონ-დავწონო, რომ შენ რამეში ეჭვი არ შეგეპაროს. რამ დაგაკომპლექსა ასე? დამშვიდდი და მომისმინე, თორემ თუ გავბრაზდი...

გამეცინა. პატარა ბავშვივით მაშინებდა.

- რაც გინდა, ის ქენი, - მხრები უდარდელად ავიჩეჩე, მიუხედავად იმისა, რომ ერთიანად მქონდა სხეული დაჭიმული.

- აჯობებს, ასე არ ილაპარაკო, - რაც მინდა, ის რომ გავაკეთო, მაშინ უნდა გაკოცო, თანაც მაგრად, ძალიან მაგრად. როგორც უნდა კოცნიდე ქალს, რომელმაც უამრავი თავსატეხი გაგიჩინა.

ისეთი გამგმირავი მზერა ვესროლე, სიცილი აუტყდა:

- როგორი ბრაზიანი ხდები ხანდახან... ვინ გასწავლა ასე გამოხედვა?

- თვითნასწავლი ვარ.

- თუ სხვითნასწავლი? შენს ხასიათში არ ჯდება ასეთი გამოხედვა.

- შენ მე არ მიცნობ.

- გიცნობ, გიცნობ. ძალიან თბილი ხარ, მაგრამ ენა ყოველთვის წინ გისწრებს გონებაზე და მერე გაფრენილ სიტყვებს უკან ვეღარ აბრუნებ. ეს არის შენი ნაკლი.

- ბევრი სხვა ნაკლიც მაქვს და უარესად ეკლიანი, - ჯიბრიანად მივუგე.

ხმამაღლა გაიცინა და ხელისგული მუხლზე დაიტყაპუნა.

- როგორც ჩანს, თქვენთან ადამიანი არ მოიწყენს, ქალბატონო ანიკა. შენში ბევრად უფრო საინტერესო რამეების შემჩნევა შეიძლება, ვიდრე ეგ ლამაზი სახეა, - ირონია გაურია ტონში და მეც არ დავახანე, მის ირონიას ირონია დავუხვედრე:

- მე კი არ ვიჩქარებ დასკვნების გამოტანას და დავფიქრდები, შემიძლია თუ არა იგივე შენზე ვთქვა.

ისევ გაიცინა. ამჯერად უფრო ხალისიანად, მაგრამ მალევე დასერიოზულდა და საქმიანი ტონით გააგრძელა:

- მოდი, აჯობებს, საქმეზე ვისაუბროთ. ხვალ მჭირდები და ჩემთან ერთად უნდა წამოხვიდე. მაცალე, არ შემაწყვეტინო. ეს იქნება უკანასკნელი, რასაც გთხოვ. მორჩა. ჩათვალე, რომ ეს შენი ბოლო დავალებაა. რაც უნდა იყოს, ჯერ შენი გათავისუფლების ბრძანება არ არის დაწერილი, არც შემცვლელი მიპოვია, ამიტომ ვალდებული ხარ, ერთი დღე მაინც მემსახურო, როგორც წესი და რიგია. გასაგებია?

ვერაფერი ვუთხარი. იძულებული ვხდებოდი, დავთანხებულიყავი. ბოლოს და ბოლოს, ერთი დღე არაფერს წყვეტდა.

- ხვალ დილით გამოგივლი და საქმიან ფორმაში დამხვდი, როგორც გჩვევია - კოხტად და ლამაზად ჩაცმული. მნიშვნელოვანი გარიგება გვაქვს დასადები.

- მაგრამ გერმანია?

- გერმანია მოიცდის, რაღაცები შეიცვალა. ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.

თავი დავუქნიე და წამოვდექი.

- რაო, უკვე წასვლას აპირებ?

- აბა, რა უნდა ვქნა?

- ბებიას არ დაელოდები?

თვალები ეშმაკურად მოვწკურე და ისე მივაჩერდი.

- ძაღლი ვინც მოკლა, იმანვე გადაათრიოს, - დამცინავად შევღიმე.

ჩაიცინა.

- ძალიან უხეში ნათქვამი კია, ისე, მაგრამ სრულიად მართებული.

- რას ვიზამთ, მე ხომ ენა გონებაზე წინ მისწრებს, - მოვუჭერი.

- კარგი, კარგი, გეყოფა ამდენი ირონია. დარჩი, ვისადილოთ და მერე მე გაგიყვან.

- არა, დიდი მადლობა, უნდა წავიდე.

წინააღმდეგობა არ გაუწევია. თვითონაც წამოდგა და კარისკენ გამიძღვა.

კართან მისულმა ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა და კედელს მიეყრდნო. თავი უხერხულად ვიგრძენი, როგორ დავმშვიდობებოდი?

ჩავახველე და თავი ავწიე, ოღონდ თვალებში არ შემიხედავს, პირდაპირ მის ტუჩებს `მივუშვირე~ მზერა:

- ნახვამდის.

- ხვალ დილამდე გემშვიდობები, თანაშემწევ, - მხედრული სალამი ამიწია და კარი გამოაღო.

ქუჩაში გამოსულმა შვებით ამოვისუნთქე. თითქოს შევმსუბუქდი, რომ კიდევ ერთხელ გადავურჩი ცდუნებას...

საღამოს ბებიას დავურეკე და მოვიკითხე. მირზას მამას მიუბრძანებია შინ, ერთობ კმაყოფილი ჩანდა. კარგა ხანს მელაქლაქა ლაპარაკის იშტაზე მოსული.

როგორც იქნა, დაღამდა და სასწრაფოდ ლოგინს მივაშურე. მინდოდა, დროზე დამეძინა, მაგრამ იმ ღამეს თვალი არ მომიხუჭავს. ჯერაც ვგრძნობდი თითებზე მირზას ტუჩების შეხებას და ელეთმელეთი მემართებოდა.

გვიან, ძალიან გვიან ჩამეძინა და დილით ადგომა დამიგვიანდა. ფაციფუცით შევვარდი საბაზანოში, თავი მოვიწესრიგე და ტანსაცმლის შერჩევას შევუდექი. არადა, ყოველთვის წინაღამით ვილაგებდი სამოსს სკამზე, რაც მეორე დღეს უნდა ჩამეცვა. წუხელ კი ისე ვიყავი აღგზნებული, მაგის თავი არ მქონდა, ეგრევე ლოგინში შევწექი და მირზაზე ფიქრით დავიტვირთე.

რა ჩავიცვა, რა ჩავიცვა? მინდოდა, საქმიანადაც მცმოდა და ლამაზადაც. არ ვიცოდი, სად მივდიოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ იქ ხალხი დამხვდებოდა - მდიდრები, ფულიანები და ბიზნესში ჩაფლულები. რადგან მირზას მივყავდი, ესე იგი, ფურორი უნდა მომეხდინა. ჩემი თანხლება მხოლოდ იმისთვის სჭირდებოდა, რომ კოზირი სჭეროდა ხელში - ლამაზი ქალის დანახვისას კაცები გმირობის ხასიათზე დგებიან - ის ვიღაცა უკან არ დაიხევდა, ხელგაშლილობას გამოიჩენდა და კონტრაქტზე უარს არ იტყოდა. აი, სულ ეს იყო. მე ლამაზი ქალის როლი უნდა შემესრულებინა, რაც სულაც არ იყო ძნელი. ვიცოდი, ასეთ დროს თავი როგორ უნდა დამეჭირა, როდის უნდა `გამესროლა~ მომაკვდინებელი ღიმილი, რომ პოტენციური პარტნიორი `საქმიანად~ დამეტყვევებინა.

ბოლოს არჩევანი თეთრ პერანგსა და შავ, მოკლე ქვედაბოლოზე შევაჩერე. მაინც შანელისეული სტილი აჯობებს, საქმიანი და სექსუალური. თუ ამ `დუეტს~ მაღალქუსლიან შუზს შევუხამებ, სრულ ჰარმონიას შევქმნი. გარედან კი ტყავის მოკლე, დათბილულ ქურთუკს მოვიცვამ, გრძელ შავ შარფს და მორჩა, ეგაა.

მირზამ ზუსტად ცხრა საათზე მომაკითხა. ქუსლების კაკუნით ჩავუყევი სადარბაზოს კიბეს. გარეთ გავედი თუ არა, თვალებით მის მანქანას დავუწყე ძებნა. მირზამ დამისიგნალა, კორპუსის გვერდით გაჩერებულიყო. მარდად გადმოხტა სალონიდან და კარი გამიღო. არასდროს დამავიწყდება მისი მზერა, გაოცებული, აღტაცებული და კმაყოფილი ერთდროულად. როგორც ჩანს, მოვეწონე. ალბათ სწორედ ისე მეცვა, როგორც მას სურდა.

- თვალს ვერ გაშორებ, ძალიან ლამაზი ხარ, - მითხრა, როგორც კი დავიძარით.

- იქ ვინმეს უნდა გაეპრანჭო?

- სხვანაირად კონტრაქტის გაფორმება შეიძლება გაჭიანურდეს.

გულიანად გადაიხარხარა.

- ესე იგი, ჩემი თილისმა ხარ?

- არა. შენი სავიზიტო ბარათი, - ტოლი არ დავუდე შედარებებში.

სიცილი უეცრად შეწყვიტა და უცნაური მზერით მომხედა. პასუხი არ გაუცია, მაგრამ თითქოს საფიქრალი გაუჩინა ჩემმა ნათქვამმა.

რაღაცნაირი, გულისგამაწვრილებელი სიჩუმე ჩამოვარდა, მიუხედავად იმისა, რომ მანქანის ძრავის ხმა ისმოდა. შევეცადე, დამერღვია ეს სიჩუმე და ისე, უბრალოდ, ვიკითხე:

- საით მივდივართ?

- საითაც საჭიროა, - მომეჩვენა, თითქოს პირქუშად მიპასუხა.

დავიზაფრე. მგონი, ეწყინა, ჩემი თავი მის სავიზიტო ბარათად რომ `გავასაღე~. რაღაც უნდა ვიღონო, რომ გავამხიარულო.

- გადასარევია! - შევძახე, - ჩემი საყვარელი მიმართულებაა ეგ!

თავი ვერ შეიკავა და მოგუდულად გაიცინა. ესეც ასე, პირველი ჯებირი გადალახულია.

მიუხედავად ამისა, საუბარი ვერა და ვერ აეწყო. არც ის იღებდა ხმას და არც მე. ამასობაში თბილისს გავცდით... მერე მცხეთას... ნეტავ სად მივდივართ? საგურამოსკენ გადაუხვია. აი, თურმე სად! მაგრამ არა, საგურამოც გავიარეთ. ცოტა არ იყოს, შევფიქრიანდი. ნუთუ სახლში აკითხავს იმ ვიღაცას? ასეთი დიდი კაცია? და სად ცხოვრობს, მოუსავლეთში? საგურამოს იქით არასდროს ვყოფილვარ, წარმოდგენაც არ მქონდა, იქით `რა ქვეყანა~ არსებობდა.

ცოტა ხანში მიხვეულ-მოხვეული გზები დაიწყო, ოღროჩოღრო, რომელიც უფრო და უფრო მაღლა ადიოდა, მთებში იყო გაჭრილი.

- ანიკა, ამქვეყნად ვინმეს ენდობი? - მკითხა მოულოდნელად.

იმდენად არ ველოდი მსგავს შეკითხვას, რომ დავიბენი.

- არ ვიცი, - მხრები ავიწურე.

- რას ნიშნავს, არ იცი? ენდობი თუ არ ენდობი? აი, არსებობს შენს ცხოვრებაში ადამიანი, რომლის მხრებსაც შეგიძლია დაეყრდნო, ვინმეს იმედი გაქვს? - `გამიშიფრა~.

ისე ამოვიოხრე, კვნესად გაისმა. იქნებ სურს, ვუთხრა, შენ გენდობი-მეთქი? ეს ყველაზე დიდი სიცრუე იქნებოდა და არც დამიჯერებდა. მაგრამ ვინ უნდა დამესახელებინა? ასეთი არავინ მყავდა. მართლა არავინ მეგულებოდა ჩემს სანაცნობოსა თუ სანათესავოში, ვისი იმედიც შეიძლებოდა მქონოდა.

- ამქვეყნად მხოლოდ ორი მხარი ვიცი, რომელსაც შემიძლია მტკიცედ დავეყრდნო და ყოველდღე უფრო და უფრო ვრწმუნდები, რომ ეს ორივე მხარი ჩემი საკუთარია.

- ვიცოდი, რომ რაღაც ამდაგვარს იტყოდი. მაგრამ ახლა, როცა სამუშაო არ გაქვს, რა უნდა აკეთო? მგონი, ასეთ შემთხვევაში შენი ლამაზი დაქანებული მხრები ვერაფერს გიშველის.

ისევ ირონია, ისევ ცინიზმი. მოკლედ, ერთი წინადადების თქმა არ შეუძლია დაცინვის გარეშე.

- არა უშავს, - ნიშნის მოგებით ვუპასუხე, - მე კიდევ ბევრჯერ დავეცემი, კიდევ, კიდევ... მაგრამ აი, როცა მე წამოვდგები, სხვები დაეცემიან.

- არა მხოლოდ სხვები, არამედ ყველანი, - ჩემდა გასაოცრად, დამეთანხმა. ამჯერად აღარ დამცინა, - მეგობრებიც არ გყავს?

- ყველაზე ახლო მეგობრები უცხოეთში გაიხიზნენ, იქ მუშაობენ. აქ ისეთი არავინ მყავს, ვისი იმედიც შეიძლება მქონდეს.

- შენ რატომ არ გაჰყევი მათ კვალს?

- აბა, როგორ? მერედა, ბებია?

- ჰოო, ეგ არ გამახსენდა... ცუდია, ასე მარტოსულად რომ გრძნობ თავს.

- ეგ არაფერი, უფრო მაძლიერებს მარტოობა. ჩემი გონება სხვანაირად აზროვნებს, სხვებს არ ვგავარ. თანაც, ცხოვრება ისეა მოწყობილი, ხანდახან შეიძლება მეგობარმა გაქციოს ზურგი და მტერი დაგეხმაროს.

- გეთანხმები. საკუთარ თავზე გამომიცდია... აი, შეყვარებული უნდა გყავდეს, კაცი, რომელსაც თვალდახუჭული მიენდობი. საინტერესოა, აქამდე როგორ არავინ არ შეგიყვარდა?

- რა ხეირი მერე, რომ შემიყვარდა? - ისევ გამისწრო წინ ენამ და კინაღამ გული გამისკდა, მაგრამ ვეღარაფერს შევცვლიდი. ისე გავწითლდი, შემრცხვა. მირზას გავხედე. მან სვლა შეანელა და ქვემოდან გამომხედა. გამომხედა ღრმა, მაგრამ აგრესიული მზერით.

`თავის თავზე მიიღო~, - გავიფიქრე და ლოყებაღაჟღაჟებულმა ძლივს გავუღიმე.

უეცრად მასაც მოედო ალმური. როგორც ჩანს, ჩემი ღაწვების სიწითლის ნაწილი მას ვუწილადე, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ჩემი შეცდომაჩადენილი ადამიანის მდგომარეობას გამოხატავდა, მისი კი შეურაცხყოფილისას.

- და ვინ იყო ან არის ის ბედნიერი? - როგორც იქნა, გაბედა და მკითხა, ოღონდ გაჭიანურებული პაუზის შემდეგ.

რა ვქნა, ისევ მოვატყუო? მერედა, კარგია ვითომ ეს? რა უჭირს? ცოტა იეჭვიანოს იქნებ. გულში გავუღიმე ჩემს ნააზრევს და ვთქვი:

- იყო და აღარ არის.

- უკაცრავად, არანაირი სურვილი არ მაქვს, შენი წარსული გადავჩხრიკო, უბრალოდ, ისე, ზედაპირულად მაინტერესებს, მოკლედ და კონკრეტულად - ამიტომ, რატომ-მეთქი, მხოლოდ ამას გეკითხები.

- იმიტომ, რომ ბევრი რამის პატიება შეიძლება, მაგრამ არა ყველაფრის. წარმოიდგინე, რომ ქალსა და კაცს ერთმანეთისგან თვრამეტი ნაბიჯი აშორებთ, - გავილექსე, - შენ შენი ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგა და გაჩერდე. თუ ის იმ ადგილას არ შეგხვდა, სადაც შენი მეცხრე ნაბიჯია, მეათე არ უნდა გადადგა, რადგან მერე მეთერთმეტის, მეთორმეტის და უფრო მეტის გადადგმა მოგიწევს... და ასე, მთელი ცხოვრება. ყველამ თავისი ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას.

უცებ ხმადაბლა გაიცინა, მერე უფრო ხმამაღლა, მე კიდევ უფრო ხმამაღლა და ბოლოს ახარხარდა. ვერ მივხვდი, სასაცილო რა ვთქვი.

მან კი გააგრძელა სიცილი, სანამ გული არ იჯერა, ბოლოს მგელივით დაიყმუვლა და თავი არ მოუბრუნებია, ისე მითხრა:

- როგორი იმათემატიკოსე, ა?

ნირი წამიხდა. მის ირონიას საზღვარი არ უჩანდა. ჩემს ყოველ აზრს ირონიას უხვედრებდა. ეს კი მაღიზიანებდა, რადგან მეგონა, ჩემი დაცინვით თავის უპირატესობას უსვამდა ხაზს. ნუთუ სულელი ქალის შთაბეჭდილებას ვტოვებ? ხასიათი გამიფუჭდა.

- იცი რა? ძალიან მინდა, ბედნიერი იყო, - თქვა უცებ და იქვე დასძინა, - შენ?

- რა მე? მე თუ მინდა, რომ ბედნიერი ვიყო? თუ შენ იყო?

- მე მგონი, შენზე ვსაუბრობთ და არა ჩემზე.

- ესე იგი, დღეს პროგრამაში ვარ? - ვუკბინე.

- ჯერ ჩემს შეკითხვას უპასუხე.

- ეს ყველას უნდა. - გულწრფელად მივუგე, მაგრამ გაოცებულმა, არ ვიცოდი, რატომ დამისვა ასეთი შეკითხვა.

- და, შენი აზრით, რა არის ბედნიერება?

დავფიქრდი. კითხვა, რა თქმა უნდა, ბანალური იყო, მაგრამ პასუხი არ მსურდა ბანალური, ამიტომ მცირე პაუზა გავაკეთე, რომ რამე `ისეთი~ დამეხეთქებინა. სიტყვები თითქოს თავისით ამოლაგდნენ ხორხიდან:

- ბედნიერება ალბათ ის მომენტია, როცა ბედისწერა ოცნებას ხვდება.

მოულოდნელად მანქანა მკვეთრად დაამუხრუჭა, თავი საჭეს დააყრდნო და არასდროს რომ არ შემოუხედავს, ისეთი სევდიანი მზერა მომაპყრო. მისი თვალების მომაჯადოებელი მომნუსხველობა სადღაც გამქრალიყო.

- მითხარი მაშინ, ვინ არის შენი ოცნება.

თითქოს წითელი საღებავი შემასხეს, ისე ავფორაჯდი. როგორ უნდა, ჩემი პირით მათქმევინოს, რომ მიყვარს. მაგას ვერ ეღირსები, მირზაშვილო!

- ის წარსულში დარჩა, - ყრუდ ვთქვი, რომ სიყალბე არ შეემჩნია ჩემს ნათქვამში.

- და დღემდე წარსულის ნაღვლიანი მოგონებით ცხოვრობ? - კვლავ დაძრა მანქანა, სევდაც ჩამოშორდა მის თვალებს და ტონიც გაულგრილი გაუხდა.

- არა, წარსულს არასდროს ვუბრუნდები. ის ჩემს ძვირფას დროს ანადგურებს. ისტორია არ მეორდება, ადამიანები არ იცვლებიან. დიდი ხანია, აღარავის ველოდები, არც არასდროს ველოდებოდი, არ მიყვარს ერთ ადგილზე ტკეპნა და ლოდინი. მე ჩემს გზას ვაგრძელებ, მართალია, ტაატით მივდივარ და ნაბიჯს ჯერ ვერ ვუჩქარებ, მაგრამ ასე ჯობია, ნაკლებად ვიღლები. მივდივარ მხოლოდ წინ, უკან არ ვიხედები. თუ ვინმეს ვჭირდები, ისედაც დამეწევა... ამბის დასასრული, - ღიმილით დავაყოლე ბოლოს.

- ასეთი გულახდილი საუბარი აქამდე არასდროს გვქონია, ანიკა, - მირზას ხმა დაუთბა, - ხომ ვამბობდი, შენში უფრო ბევრი რამეა საინტერესო, ვიდრე ეგ ლამაზი სახე-მეთქი. თურმე არ ვცდებოდი. საინტერესო გოგო ხარ შენ.

შექება მესიამოვნა. ჯერ სად ხარ, კიდევ ბევრჯერ გაგაოცებ-მეთქი, გავიფიქრე.

- აი, ამასობაში მოვედით კიდევაც! - თქვა და მანქანა უზარმაზარ ქონგურებიან ალაყაფს მიაყენა, რომლის მიღმა ულამაზესი ორსართულიანი სახლი მოჩანდა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში