ჯეინ ეარი (თავი XXXIII) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XXXIII)

- დედაჩემის გვარი ეარი იყო. მას ორი ძმა ჰყავდა. ერთი მღვდელი იყო. სწორედ მან შეირთო გეიტსჰედელი მის ჯეინ რიდი; მეორე კი - ჯონ ეარი, ესკვაირი, ვაჭარი, რომელიც მადეირაზე, ფანჩელში ცხოვრობდა. მისტერ ბრიგსმა, მისტერ ეარის რწმუნებულმა, შარშან, აგვისტოში, წერილით გვაცნობა ბიძაჩვენის სიკვდილი. მან აგრეთვე მოგვწერა, რომ მთელი თავისი ქონება თავის ობოლ ძმისშვილს, მღვდლის ქალიშვილს დაუტოვა. მან ჩვენ გვერდი აგვიქცია, რადგან ოდესღაც უსიამოვნება მოსვლია მამაჩვენთან და ეს არ აპატია მას. რამდენიმე კვირის შემდეგ ისევ მივიღეთ წერილი მისტერ ბრიგსისგან, რომლითაც იტყობინებოდა, რომ მემკვიდრე დაიკარგა, და მეკითხებოდა, ხომ არ ვიცოდი რამე მის შესახებ. ქაღალდის ნაგლეჯზე შემთხვევით დაწერილმა სიტყვებმა მაპოვნინეს იგი. დანარჩენი თქვენც იცით. - მან ისევ დააპირა წასვლა, მაგრამ გზა გადავუღობე.

- ნება მომეცით, ვილაპარაკო, - ვუთხარი მე. - სული მომათქმევინეთ და ფიქრის საშუალება მომეცით. - გავჩერდი. სენტ-ჯონი იდგა ჩემ წინ, ქუდით ხელში, საკმაოდ მშვიდი. მე განვაგრძე.

- დედათქვენი მამაჩემის და იყო?

- დიახ.

- ეს იგი, ჩემი მამიდა, არა?

მან თავი დამიქნია.

- ბიძაჩემი ჯონი თქვენი ბიძაც იყო? თქვენ, დიანა და მერი მისი დისშვილები ხართ, როგორც მე - ძმისშვილი.

- აუცილებლად.

- მაშ, თქვენ, სამნი, ჩემი მამიდაშვილები ხართ; ჩვენი სისხლის ნახევარი ერთი წყაროდან მოედინება?

- დიახ, ბიძაშვილ-მამიდაშვილები ვართ.

მე შევათვალიერე ის. ასე მეგონა, ძმა ვიპოვე-მეთქი - ძმა, რომლითაც შემეძლო მეამაყა, რომელიც შემეძლო მყვარებოდა - და ორი და, რომლებსაც ისეთი თვისებები ჰქონდათ, რომ უცხონიც რომ მეგონენ, ნამდვილ სიყვარულსა და აღფრთოვანებას იწვევდნენ ჩემში. ეს ორი ქალიშვილი, რომლებსაც ასეთი მწარე ინტერესითა და სასოწარკვეთილებით ვუცქერდი სველ მიწაზე დაჩოქილი დაბალი, გისოსიანი ფანჯრიდან მურ-ჰაუსის სამზარეულოში, ჩემი ახლო ნათესავები იყვნენ; და ეს ახალგაზრდა, წარმოსადეგი კაცი, რომელმაც თითქმის მომაკვდავი მიპოვა თავისი სახლის ზღურბლზე, ჩემი სისხლი და ხორცი იყო. რა დიდებული აღმოჩენაა მარტოხელა უბედურისთვის! აი, ეს იყო სიმდიდრე! სიმდიდრე გულისთვის! წმინდა, ნამდვილი სიყვარულის საბადო. ეს იყო ღვთის წყალობა - ნათელი, ბრწყინვალე და აღმაფრთოვანებელი; და არა მძიმე ოქროს საჩუქარი, თავისებურად მდიდრული და სასიხარულო, მაგრამ გამომაფხიზლებელი ტვირთი. უეცარი სიხარულით შემოვკარი ტაში, გულმა აჩქარებით დაიწყო ცემა და საამო ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.

- ოჰ, როგორ მიხარია! როგორ მიხარია! - შევძახე.

სენტ-ჯონმა გაიღიმა. - ხომ გითხარით, რომ წვრილმანების ძებნაში მთავარი დაგავიწყდათ... - მითხრა მან, - თქვენ მშვიდად მიიღეთ ნაანდერძევი სიმდიდრე და ახლა ამ უმნიშვნელო ამბავმა აგაღელვათ?

- რას ამბობთ? ეს შეიძლება უმნიშვნელო იყოს თქვენთვის. თქვენ გყავთ დები და არ გაინტერესებთ ბიძაშვილი. მე კი არავინ მყავდა. ახლა კი შემეძინა სამი მოზრდილი ნათესავი, ან ორი, თუ თქვენ არ გსურთ მათ რიცხვში ყოფნა. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ მიხარია.

სწრაფად გავიარე ოთახში: შევჩერდი. ფიქრები შემომაწვა სწრაფად, უფრო სწრაფად, ვიდრე მათ აღქმასა და დალაგებას მოვახერხებდი; ფიქრები იმის შესახებ, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ან რა მოხდებოდა მალე. ცარიელ კედელს შევხედე: ამომავალი ვარსკვლავებით სავსე ცად მომეჩვენა. თითოეული ვარსკვლავი სიამოვნებით ან მიზნებით სავსე მენთებოდა წინ. ახლა შემეძლო სარგებლობა მომეტანა მათთვის, ვინც სიცოცხლე შემინარჩუნა და ვინც აქამდე მხოლოდ მიყვარდა. ისინი უღელში იყვნენ შებმულნი; მე შემეძლო მათი გათავისუფლება; ისინი შორს იყვნენ ერთმანეთისგან; მე შემეძლო მათი კვლავ შეერთება. ჩემი დამოუკიდებლობა და სიმდიდრე შეიძლებოდა მათიც ყოფილიყო. ოთხნი არ ვიყავით? თანაბრად განაწილებული ოცი ათასი გირვანქა, ხუთი ათასს შეადგენდა თითოეულისთვის. ეს ბევრიც იყო. სამართალი აღსრულდება და ყველა გაბედნიერდება. ახლა სიმდიდრე აღარ მაწვა ტვირთად. ახლა ეს აღარ იყო მხოლოდ მემკვიდრეობით მიღებული ფული; ეს იყო საწინდარი სიცოცხლის, იმედის, ბედნიერების.

ვერ გეტყვით, როგორი სახე მქონდა, როცა ამ აზრებმა შემომიტიეს. მაგრამ მალე ვიგრძენი, რომ მისტერ რივერსმა სკამი დამიდგა უკან და ფრთხილად ცდილობდა, დავესვი. მირჩია დავმშვიდებულიყავი. უთუოდ იფიქრა, რომ უმწეობას ვგრძნობდი და სიხარულისგან შევიშალე. ხელი ავუქნიე და ისევ დავიწყე ოთახში სიარული.

- ხვალ დიანასა და მერის მისწერთ, - ვთქვი მე, - რომ დაუყოვნებლივ შინ დაბრუნდნენ. დიანამ თქვა, რომ თავს მდიდრებად იგულებდნენ, ათასი გირვანქა რომ ჰქონდეთ, ასე რომ, ხუთი ათასი მათ სავსებით ეყოფათ.

- მითხარით, საიდან შემიძლია მოგიტანოთ წყალი, - მითხრა სენტ-ჯონმა, - უნდა სცადოთ და დაშოშმინდეთ.

- სისულელეა! როგორ გავლენას მოახდენს მემკვიდრეობის მიღება თქვენზე? დაგტოვებთ ინგლისში, შეგართვევინებთ მის ოლივერს და დაგასახლებთ, როგორც ჩვეულებრივ მოკვდავს.

- თქვენ გონება გერევათ; ძალიან მოულოდნელად გითხარით ეს ამბავი. მისი მშვიდად მიღება თქვენს ძალ-ღონეს აღემატება.

- მისტერ რივერს! მოთმინებას მაკარგვინებთ. მე გონზე ვარ. თქვენ ვერ გამიგეთ სწორად ან თავს იკატუნებთ, თითქოს ვერ გამიგეთ.

- უფრო სრულად რომ განმარტოთ თქვენი აზრი, უკეთესად გავიგებდი.

- განვმარტო! რა უნდა განვმარტო? შეუძლებელია, არ გესმოდეთ, რომ ეს თანხა, ოცი ათასი გირვანქა, თანაბრად გაყოფილი ძმისშვილ-მამიდაშვილებს შორის, თითოეულის წილად ხუთი ათასს შეადგენს. მე მინდა, რომ მისწეროთ თქვენს დებს იმ ქონების შესახებ, რომელიც მათ ერგოთ.

- გინდათ თქვათ, რომ თქვენ გერგოთ.

- მე გითხარით ჩემი აზრი ამ საქმეზე. მე არ შემიძლია სხვა აზრი მქონდეს, მე არ ვარ უგულო ეგოისტი, ბრმად უსამართლო ან ბოროტი და უმადური. გარდა ამისა, გადაწყვეტილი მაქვს, სახლი მქონდეს და ნათესავები მყავდეს. მე მომწონს მურ-ჰაუსი და ვიცხოვრებ მურჰაუსში; მიყვარს დიანა და მერი და სამუდამოდ დავუკავშირებ მათ ჩემს სიცოცხლეს. გამიხარდება და გამომადგება ხუთი ათასი გირვანქის მიღება; გამაწამებს და სულს შემიხუთავს ოცი ათასი, რომელიც, სადაც სამართალია, არც მეკუთვნის, თუნდაც კანონი ასე ითვალისწინებდეს; და მე გაძლევთ თქვენ იმას, რაც ზედმეტია ჩემთვის. მოდი, ნუ ვიკამათებთ ამაზე. შევთანხმდეთ ერთმანეთში და ახლავე გადავწყვიტოთ ეს საკითხი.

- თქვენ პირველი გრძნობები გამოქმედებთ. ასეთი საკითხი ბევრ ფიქრს მოითხოვს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მივიჩნიოთ თქვენი სიტყვა სარწმუნოდ.

- ოჰ! თუ თქვენ მხოლოდ ჩემს გულწრფელობაში გეპარებათ ეჭვი, აღარ ვდარდობ. ხედავთ სამართლიანობას ასეთ გადაწყვეტილებაში?

- დიახ, ვხედავ გარკვეულ სამართლიანობას; მაგრამ ის ეწინააღმდეგება წესს. გარდა ამისა, მთელი ქონება თქვენ გეკუთვნით კანონით. ბიძაჩემმა ის საკუთარი შრომით მოიპოვა და გიანდერძათ თქვენ. ბოლოს და ბოლოს, სამართლიანობა ნებას გაძლევთ, დაიტოვოთ ეს ქონება თქვენთვის. შეგიძლიათ, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, ის თქვენს საკუთრებად იგულოთ.

- ჩემთვის, - ვთქვი მე, - ეს არის როგორც გრძნობის, ისე სინდისის საქმე. მე უნდა დავიკმაყოფილო გრძნობები. ძალიან იშვიათად მქონია ამის შესაძლებლობა. მთელი წელიწადიც რომ მეკამათოთ, წინააღმდეგობა გამიწიოთ და გამაბრაზოთ, მაინც არ ვიტყვი უარს ამ სიამოვნებაზე. ეს სიამოვნებაა ჩემთვის - ნაწილობრივ მაინც გადავიხადო დიდი ვალი და მოვიპოვო მეგობრები, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდში მეყოლებიან...

- ახლა გგონიათ ასე, - მომიგო სენტ-ჯონმა, - რადგან არ იცით, რა არის ქონება და, აქედან გამომდინარე, ტკბობა სიმდიდრით. თქვენ ვერ წარმოიდგენთ საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას, რომელსაც ოცი ათასი გირვანქა გამოიწვევს თქვენში. ვერც იმას წარმოიდგენთ, თუ რა ადგილს დაიკავებთ ამ თანხის გამო საზოგადოებაში; ვერც იმ პერსპექტივებს, რომლებსაც ის გაგიხსნით. თქვენ ვერ...

- თქვენ კი, - გავაწყვეტინე მე, - სრულიად ვერ წარმოიდგენთ დაძმური სიყვარულის წყურვილს. მე არასოდეს მქონია სახლი, არც და-ძმა მყოლია. მე უნდა მყავდეს ისინი და მეყოლება კიდეც. ხომ მიმიღებთ დად?

- ჯეინ, მე ვიქნები თქვენი ძმა, ჩემი დებიც იქნებიან თქვენი დები, ოღონდ ამისთვის მსხვერპლი არ არის საჭირო.

- ძმა? დიახ, ათასი ლიეს მანძილზე! დები? დიახ, უცხო ხალხთან მონურ ჯაფაში! მე კი - მდიდარი, ყელამდე ჩაფლული ოქროში, რომელიც არ შემიძენია და რომლის ღირსი არა ვარ! თქვენ - უსახსროდ! სახელგანთქმული თანასწორობა და ძმობა! მჭიდრო კავშირი! თბილი დამოკიდებულება!

- მაგრამ ხომ შეგიძლიათ თქვენი მისწრაფებები ოჯახური კავშირისა და ბედნიერებისადმი სხვა გზითაც განახორციელოთ, შეგიძლიათ გათხოვდეთ.

- სისულელეა, ისევ! გავთხოვდე! არ მინდა გათხოვება და არც არასოდეს გავთხოვდები.

- ეს მეტისმეტია. ასეთი სახიფათო განცხადებები მოწმობს, რომ ძალიან აღელვებული ხართ.

- ეს მეტისმეტი არ არის. ვიცი, რასაც ვგრძნობ და რამდენად მძულს გათხოვებაზე ფიქრიც კი. არავინ წამიყვანს სიყვარულით; მე კი არ მინდა, ფულადი სპეკულაციის საგანი გავხდე. არც უცხო ადამიანი მინდა, რომელიც ვერ თანამიგრძნობს და განსხვავებული იქნება ჩემგან. მე მინდა ჩემი სისხლი და ხორცი, ისეთი ადამიანები, რომლებთანაც საერთო მაქვს. გაიმეორეთ, რომ ჩემი ძმა იქნებით. როცა ეს სიტყვები წარმოთქვით, კმაყოფილი და ბედნიერი ვიყავი. გაიმეორეთ, თუ შეგიძლიათ, გაიმეორეთ გულწრფელად.

- მე მგონი, შემიძლია. ვიცი, რომ ყოველთვის მიყვარდა საკუთარი დები; ვიცი, რა არის ჩემი მათდამი სიყვარულის საფუძველი: მე პატივს ვცემ მათ, როგორც პიროვნებებს და აღფრთოვანებული ვარ მათი ნიჭით. თქვენც ჭკვიანი ხართ. თქვენი გემოვნება და ჩვევები დიანასა და მერის გემოვნებასა და ჩვევებს ჰგავს. თქვენი საზოგადოება ყოველთვის სასიამოვნოა ჩემთვის; თქვენს საუბარში უკვე ვიპოვე კეთილმოქმედი ნუგეში. ვგრძნობ, რომ თავისუფლად და სავსებით ბუნებრივად შემიძლია დაგითმოთ ადგილი ჩემს გულში, როგორც მესამე და ყველაზე პატარა დას.

- გმადლობთ. ამ საღამოს ესეც საკმარისია ჩემთვის. ახლა უმჯობესია წახვიდეთ, რადგან, თუ კიდევ დარჩით, შეიძლება ისევ გამაბრაზოთ მორიგი უნდობლობით.

- სკოლა, მის ეარ? უნდა დაიხუროს, არა?

- არა. მე დავრჩები აქ, სანამ შემცვლელს ვიშოვი.

მან კმაყოფილებით გაიღიმა. ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და წავიდა.

არ არის საჭირო შემდგომი ბრძოლების დაწვრილებით აღწერა, არც იმ საბუთების მოყვანა, რომლებითაც ვსარგებლობდი, რომ მემკვიდრეობის საქმე ისე მომეგვარებინა, როგორც მსურდა. ძალიან გამიჭირდა, მაგრამ, რადგან გადაწყვეტილი მქონდა, რადგან ჩემმა მამიდაშვილებმა საბოლოოდ დაინახეს, რომ ნამდვილად და მტკიცედ მსურდა ზუსტად გამეყო ქონება, და რადგან გულის სიღრმეში იცოდნენ, რომ თვითონაც ასე მოიქცეოდნენ, დამთანხმდნენ, ეს საქმე არბიტრის გადაწყვეტილებისთვის მიენდოთ. მსაჯულებად მისტერ ოლივერი და ერთი გამოცდილი ვექილი აირჩიეს. ორივემ გაიზიარა ჩემი აზრი და მე დოკუმენტურად გავაფორმე ჩემი სურვილი. შეადგინეს ქონების ახალ მფლობელთა სია. მასში შედიოდნენ: სენტ-ჯონი, დიანა, მერი და მე. თითოეულმა თავისი წილი მიიღო.

თავი ოცდამეთოთხმეტე

ყველაფერი შობამდე მოგვარდა: ახლოვდებოდა საყოველთაო დღესასწაული. მე დავითხოვე მორტონის სკოლის მოწაფეები; ვეცადე, რომ ბავშვები დაუსაჩუქრებლად არ გამეშვა. კარგი შემოსავალი ხელს უწყობს ხელგაშლილობას და გულიც კარგი სურვილებით ივსება; შესანიშნავია, როცა გასცემ რამეს, თუ თვითონაც ბევრი მიიღე. ეს არის საუკეთესო გამოსავალი მოზღვავებული გრძნობებისა. დიდი ხნის განმავლობაში სიამოვნებას მგვრიდა იმის შეგრძნება, რომ ჩემი სოფლელი მოსწავლეებიდან ბევრს ვუყვარდი. განშორებისას ეს გრძნობა უფრო ცხადი გახდა: მათ თავისი სიყვარული აშკარად და ძლიერად გამოამჟღავნეს. დიდი კმაყოფილება ვიგრძენი, როდესაც მივხვდი, რომ ნამდვილად მქონდა გარკვეული ადგილი მათ უმანკო გულებში. შევპირდი, რომ მომავალში ყოველ კვირას ვინახულებდი და სკოლაში ერთსაათიან გაკვეთილებს ჩავუტარებდი.

მოგვიახლოვდა მისტერ რივერსი. მე უკვე ვნახე, როგორ დამწკრივდნენ ჩემ წინ კლასები, რომლებიც ახლა სამოცამდე გოგონას ითვლიდა, და კარი დავკეტე. ახლა გასაღებით ხელში ვიდექი და ექვსიოდე საუკეთესო მოსწავლეს ვემშვიდობებოდი; მათთვის საგანგებო გამოსამშვიდობებელი სიტყვები მქონდა. ასეთი თავდაჭერილი, კდემამოსილი, პატიოსანი და განათლებული გოგონები მხოლოდ ინგლისელ გლეხთა შვილებში თუ მოიძებნებოდა. ეს კი ბევრს ნიშნავს, რადგანაც ინგლისის გლეხობა ყველაზე განათლებული, ზრდილი და პატიოსანია მთელ ევროპაში. მე მინახავს პაყსანნეს და ბäუერინნენ და საუკეთესონი მათგან, მაგრამ ისინი, ჩემი აზრით, ბევრად უფრო უვიცები, უხეშები და მოსულელოები იყვნენ მორტონის გოგონებთან შედარებით.

- როგორ ფიქრობთ. ანაზღაურდა თუ არა თქვენი მთელი წლის შრომა? - მკითხა მისტერ რივერსმა, როცა ისინი წავიდნენ. - სიამოვნებას არ განიჭებთ იმის შეგრძნება, რომ რაღაც ნამდვილად სასარგებლო გააკეთეთ თქვენი დროისა და თაობისთვის?

- უეჭველად.

- თქვენ კი მხოლოდ რამდენიმე თვე იმუშავეთ! კარგი არ იქნება მთელი სიცოცხლე ერის სულიერ აღორძინებას შესწიროთ?

- დიახ, - ვთქვი მე, - მაგრამ არ შემიძლია მთელი სიცოცხლე ასე ვიცხოვრო: მე მინდა საკუთარი გრძნობებით ვისიამოვნო, ისევე როგორც მინდა განვავითარო ისინი სხვებში. მე მინდა სიამოვნება. ნურც ჩემს სულს და ნურც სხეულს ნუღარ გაახსენებთ სკოლას; მე მოვრჩი ამ საქმეს და მსურს დავისვენო.

მას სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა.

- რა იყო? რა უეცარი აღტყინებით ხართ შეპყრობილი? რას აპირებთ?

- მოქმედებას, რამდენადაც შემიძლია. უპირველესად, მინდა გთხოვოთ, გაათავისუფლოთ ჰანა და სხვა მოახლე იშოვოთ.

- თქვენ გჭირდებათ?

- დიახ, რომ მურ-ჰაუსში წამომყვეს; დიანა და მერი ერთ კვირაში შინ იქნებიან და მინდა, რომ ყველაფერი წესრიგში დავახვედრო.

- გასაგებია. მეგონა, თქვენ თვითონ აპირებდით სამოგზაუროდ წასვლას. ეს უკეთესია. ჰანა წამოვა თქვენთან ერთად.

- მაშინ უთხარით ხვალისთვის მოემზადოს; აი, საკლასო ოთახის გასაღები; ჩემი კოტეჯის გასაღებს დილით მოგცემთ.

მან გამომართვა გასაღები.

- დიდი სიხარულით მაძლევთ, - მითხრა მან. - არ მესმის თქვენი სიხარული, რადგანაც ვერ მივმხვდარვარ, რა საქმიანობას შეუდგებით იმის ნაცვლად, რომელსაც თავს ანებებთ, რა მიზანი გაქვთ, რა მისწრაფება ცხოვრებაში?

- ჩემი პირველი მიზანი იქნება მურ-ჰაუსის საფუძვლიანად დალაგება (გრძნობთ მთელ ძალას ამ სიტყვებისა?) საწოლი ოთახიდან სარდაფამდე; მეორე მიზანი - ვაპრიალო ის ცვილით, ზეთითა და ურიცხვი ჩვრით, სანამ ისევ დაიწყებდეს კრიალს, მესამე - მათემატიკური სიზუსტით დავდგა ყოველი სკამი, მაგიდა, საწოლი, ყველა ხალიჩა დავფინო. ამის შემდეგ უნდა გავანადგურო ნახშირისა და ტორფის მარაგი და დავანთო ცეცხლი ყველა ოთახში. დაბოლოს, თქვენი დების ჩამოსვლამდე ორი დღით ადრე მე და ჰანა დავიწყებთ კვერცხების თქვეფას, მოცხარის რჩევას, საშობაო ნამცხვრების შეზავებას. ღვეზელებისთვის ხორცის კეპვას და განვადიდებთ სხვა სამზარეულო რიტუალებს; ამას ვერავითარი სიტყვით ვერ გავაგებინებ ამ საკითხში ისეთ გაუთვითცნობიერებელ ადამიანს, როგორიც თქვენ ხართ. ჩემი მიზანია, მოკლედ რომ ვთქვათ, დიანასა და მერის ჩამოსვლისთვის, მომავალ ხუთშაბათს, ყველაფერი სრულ წესრიგში მქონდეს, და ჩემი მისწრაფებაა, შევუქმნა შეხვედრის ბეაუ იდéალ, როცა ჩამოვლენ.

სენტ-ჯონმა გაიღიმა, მაგრამ მაინც არ ჩანდა კმაყოფილი.

- ეს ყველაფერი კარგია ახლა, - თქვა მან, - მაგრამ ნამდვილად დარწმუნებული ვარ, როცა პირველი აღფრთოვანება გაივლის, ცოტა უფრო სხვა რამ მოგინდებათ, ვიდრე შინაურებთან ალერსია.

- ეს არის საუკეთესო რამ, რაც კი კაცობრიობას მოეპოვება, - შევაწყვეტინე მე.

- არა, ჯეინ, არა. ეს ქვეყანა არ არის სიამოვნებისთვის შექმნილი, ნურც ეცდებით ასეთად აქციოთ. არც დასვენებისთვის შექმნილა; ნუ გაზარმაცდებით, ჯეინ.

- პირიქით, მე მუშაობას ვაპირებ.

- ჯეინ, ახლა გაპატიებთ. გაძლევთ ნებას, ორი თვის განმავლობაში დატკბეთ თქვენი ახალი მდგომარეობით და ისიამოვნოთ ახლად შეძენილი ნათესაური კავშირით, მაგრამ შემდეგში, იმედი მაქვს, თქვენი მზერა გასცდება მურ-ჰაუსსა და მორტონს, დაძმურ საზოგადოებას, ეგოისტურ სიმშვიდესა და ცივილიზაციის სიუხვით მონიჭებულ სულიერ სიმყუდროვეს. იმედი მაქვს, თქვენი ენერგია ერთხელ კიდევ გვაგრძნობინებს თავის ძალას.

გაოცებულმა შევხედე.

- სენტ-ჯონ, - მივუგე, - ჩემი აზრით, უმოწყალო ხართ. მინდა დედოფალივით დამშვიდებული და კმაყოფილი ვიყო. თქვენ კი მირჩევთ კვლავ ავფორიაქდე და მოუსვენრად ვიცხოვრო. რატომ?

- იმიტომ, რომ მინდა სასარგებლოდ ვაქციო ის ნიჭი, რომლითაც ღმერთმა დაგაჯილდოვათ და რომლის მკაცრ ანგარიშს მოგთხოვთ ოდესმე. ჯეინ, გაფრთხილებთ, რომ დაკვირვებით და მოუთმენლად გადევნებთ თვალყურს. ეცადეთ, დაზოგოთ ენერგია, რომლითაც ჩვეულებრივ შინაურ სიამოვნებაში ებმებით. ნათესაობას ნუ ებღაუჭებით ასე მწარედ; გადაინახეთ სიმტკიცე და ლტოლვა საჭირო საქმისთვის. ამაოდ ნუ დახარჯავთ მათ ასეთი უბრალო, წარმავალი მიზნებისთვის. გესმით, ჯეინ?

- დიახ, მაგრამ ეგ ამაო ლაპარაკია ჩემთვის. ვგრძნობ, რომ მაქვს საფუძველი ბედნიერებისთვის. მინდა და ვიქნები ბედნიერი. ნახვამდის.

ბედნიერიც ვიყავი მურჰაუსში. ბევრს ვმუშაობდი. ჰანაც ჩემსავით შრომობდა. მოხიბლული იყო, როცა ხედავდა, როგორ მხიარულად ვფუსფუსებდი არეულ-დარეულ სახლში; როგორ ვწმენდდი, ვბერტყავდი, ვასუფთავებდი, კერძებს ვამზადებდი. და მართლაც, ორიოდე დღის საშინელი არეულობის შემდეგ, საამო სანახავი იყო, როგორ გარდაიქმნებოდა ჩვენივე ხელით შექმნილი ქაოსი წესრიგად. სანამ დალაგებას დავიწყებდით, მე გავემგზავრე ქალაქ N-ში ახალი ავეჯის შესაძენად. ჩემმა ბიძაშვილებმა თავისუფალი მოქმედების უფლება მომცეს და საჭირო თანხაც გადავდეთ ამ მიზნით. საცხოვრებელ ოთახსა და საძინებლებში თითქმის არაფერი შემიცვლია, რადგან ვიცოდი, რომ მერისა და დიანას ძველი, მშობლიური მაგიდების, სკამებისა და საწოლების დანახვა უფრო გაუხარდებოდათ, ვიდრე ულამაზესი, ახალი ნივთებისა. მაინც იყო საჭირო რაღაც სიახლის შემოტანა; მინდოდა სილამაზე ეგრძნოთ ყველგან. მუქი ფერის ახალი, ლამაზი ხალიჩები და ფარდები, გულდასმით შერჩეული ფაიფურისა და ბრინჯაოს ძველებური ნივთები, ახალი გადასაფარებლები და სარკეები, ყუთები ტუალეტის მაგიდებზე ამ მიზანს ემსახურებოდა. მათში იგრძნობოდა სიახლე, მაგრამ თვალს არ ჭრიდა. დიდი სასტუმრო ოთახი და საძინებელი სულ ახალი ავეჯით მოვაწყვე. ავეჯი ძველებური იყო, წითელი ხისა, და მუქი წითელი ნაჭერი ჰქონდა გადაკრული. ტალანში ფარდაგი დავაგე და კიბეზე ხალიჩები. როცა ყველაფერი დასრულდა, გავიფიქრე, რომ მურ-ჰაუსი ისევე სრულყოფილია თავისი სილამაზით, სიმყუდროვითა და მხიარულებით, როგორც წელიწადის ეს დროა სრულყოფილი თავისი სიცარიელით, უდაბურებითა და სასოწარკვეთით.

როგორც იქნა, დადგა ხუთშაბათი. მათ დაღამებისას ველოდი და, სანამ შებინდდებოდა, ცეცხლი დავანთეთ ორივე სართულზე. სამზარეულო სრულ წესრიგში იყო. მე და ჰანა ჩაცმულები ვიყავით და ყველაფერი მზად გვქონდა.

პირველი სენტ-ჯონი მოვიდა. ვთხოვე, სახლს არ გაკარებოდა, სანამ ყველაფერს მოვაწყობდით; და მართლაც, მის დასაფრთხობად საკმარისი აღმოჩნდა იმ ყოველდღიური უსიამოვნო არეულობის წარმოდგენაც კი, რომელიც იმ დროს მათი სახლის კედლებში სუფევდა. როდესაც მოვიდა, სამზარეულოში ვიყავი. ნამცხვრებს ვაცხობდი ჩაისთვის. მკითხა, ბოლოს და ბოლოს, იჯერეთ თუ არა გული სახლში მუშაობითო. პასუხის ნაცვლად შევთავაზე, დაეთვალიერებინა ჩემი შრომის შედეგი. ძლივს დავითანხმე, გამომყოლოდა და ენახა სახლი. თითოეულ ოთახს ღია კარიდან მოავლო თვალი და მითხრა, ალბათ, დიდი ჯაფა დაგადგათ და ძლიერ გადაიღალეთ, ასე ცოტა ხანში ასე რომ შეგიცვლიათო ყველაფერი, მაგრამ არც ერთი სიტყვით არ გამოუხატავს სიამოვნება იმის გამო, რომ მისი სახლი ესოდენ გალამაზდა.

თითქოს ცივი წყალი გადამასხა ამ სიჩუმემ. ნეტა, ამ ცვლილებებმა მისთვის ძვირფასი ძველი ასოციაციები ხომ არ დაარღვია-მეთქი, გავიფიქრე. საკმაოდ ნირწამხდარმა ვკითხე, ასე ხომ არ მოხდა-მეთქი?

- სულაც არაო, - მითხრა. - პირიქით, ვშიშობ, იმაზე მეტი ყურადღება დაუთმეთ ამ ამბავს, ვიდრე საჭირო იყოო. მკითხა, რამდენი წუთი დავუთმე, მაგალითად, ამ ოთახის მოწყობის შესწავლას, ან, სხვათა შორის, ხომ ვერ ვეტყოდი, სად იყო ესა და ეს წიგნი?

ვუჩვენე ის წიგნი თაროზე. გადმოიღო, წავიდა თავისი ჩვეული ადგილისკენ, ფანჯარასთან და კითხვას შეუდგა.

არ მომეწონა, მკითხველო, ეს ამბავი. სენტ-ჯონი კარგი ადამიანი იყო, მაგრამ ვიგრძენი, რომ მართალი იყო, როცა მითხრა, გულქვა და ცივი ვარო. ცხოვრების ჰუმანურობა და სიტკბოება არ იზიდავდა. მშვიდი ცხოვრება არ ხიბლავდა. უფრო სწორად, იგი მიისწრაფოდა მხოლოდ იმისკენ, რაც ნამდვილად კეთილი და დიადი იყო. დასვენება არ უყვარდა და არც ის მოსწონდა, როცა სხვები მის გარშემო უსაქმოდ იყვნენ. როცა ვუყურებდი მის მაღალ შუბლს - თეთრ ქვასავით მშვიდს, და ფერმკრთალი, კითხვისგან დაძაბული სახის ლამაზ ნაკვთებს, უეცრად მივხვდი: ის არ იქნებოდა კარგი ქმარი, ძალიან ძნელი იქნებოდა მისი ცოლობა. მივხვდი, თუ როგორი სიყვარულით უნდა ჰყვარებოდა მას მის ოლივერი; ვეთანხმებოდი, რომ ეს იყო მხოლოდ მონური სიყვარული. მესმოდა, როგორ სძულდა თავი იმ ვნებათაღელვის გამო, რომელსაც ეს სიყვარული იწვევდა მასში; როგორ სურდა მისი ჩახშობა და განადგურება; როგორი ეჭვით უყურებდა ამ გრძნობას, რადგან არ სჯეროდა, რომ მუდმივ ბედნიერებას მოუტანდა რომელიმე მათგანს; დავინახე, რომ ის იმ მასალის იყო, რომლისგანაც ბუნება ძერწავს თავის გმირებს - ქრისტიანებსა და წარმართებს; თავის კანონმდებლებს, სახელმწიფო მოღვაწეებს, დამპყრობლებს; დიდი ინტერესების მტკიცე დასაყრდენს; მაგრამ ოჯახის კერასთან ხშირად ცივსა და მძიმე სვეტს, კუშტსა და შეუფერებელს.

- ეს სასტუმრო ოთახი არ არის მისი სფერო, - ვფიქრობდი. - ჰიმალაის მთაგრეხილი, სამხრეთი აფრიკის ველები ან თვით გვინეის სანაპიროს ციებცხელებიანი ჭაობებიც კი უფრო შეეფერება მას. რა თქმა უნდა, აარიდებს თავს ოჯახურ სიმყუდროვეს. ოჯახი არ არის მისი სტიქია; აქ მისი შეგრძნებები იყინება, ვერ ვითარდება და ვერც შესაფერის გამოყენებას პოვებს. ის იმოქმედებს და ილაპარაკებს, როგორც წინამძღოლი და სხვებზე მაღლა მდგომი, მხოლოდ იქ, სადაც იქნება ხიფათი და ბრძოლა, სადაც გამბედაობა გამართლებულია, სადაც საჭიროა ენერგია და სიმტკიცე. ამ ოჯახურ კერაზე ყოველ მხიარულ ბავშვს ექნება უპირატესობა მის წინაშე. ახლა მესმის, სწორია, რომ მისიონერის საქმე აირჩია.

- მოდიან, მოდიან! - წამოიძახა ჰანამ და სასტუმრო ოთახის კარი გააფრიალა. იმავე წუთს მხიარულად დაყეფა ბებერმა კარლომ. გარეთ გავვარდი. უკვე ბნელოდა, მაგრამ გარკვევით ისმოდა ბორბლების ხმაური. ჰანამ სასწრაფოდ აანთო ფარანი. ეტლი ჭიშკართან გაჩერდა. მეეტლემ კარი გააღო; ჯერ ერთი და გადმოვიდა ეტლიდან, მერე მეორე - ორივე კარგად ნაცნობი. ერთი წუთის შემდეგ ჩემი სახე მათი ქუდების ქვეშ დაიმალა; ჯერ მერის რბილ ლოყას შევეხე, მერე დიანას გაშლილ კულულებს. იცინოდნენ, მკოცნიდნენ ჯერ მე, მერე ჰანას; ეფერებოდნენ კარლოს, რომელიც კინაღამ გაგიჟდა სიხარულისგან; კითხულობდნენ, ყველაფერი რიგზე იყო თუ არა და, როცა დადებითი პასუხი მიიღეს, სწრაფად შევიდნენ სახლში.

უიტკროსის გრძელ და მოუკირწყლავ გზაზე ჯაყჯაყით მავალ ეტლს დიანა და მერი მოექანცა, თანაც ღამის სუსხიან ჰაერს ემოქმედა და გათოშილიყვნენ. მაგრამ მოგუზგუზე ცეცხლის დანახვაზე სახეები გაებადრათ. სანამ მეეტლესა და ჰანას ბარგი შემოჰქონდათ, სენტ-ჯონი მოიკითხეს, იმავე წუთში ისიც გამოვიდა სასტუმრო ოთახიდან. ორივემ ერთდროულად შემოხვია მას მკლავები კისერზე. მან მშვიდად აკოცა ორივეს, დაბალი ხმით მიესალმა რამდენიმე სიტყვით, ცოტა ხანს იდგა და უსმენდა (სანამ მას ელაპარაკებოდნენ). შემდეგ განაცხადა, იმედი მაქვს, მალე შემოხვალთ სასტუმრო ოთახშიო და თავშესაფარივით მიაშურა იმ ოთახს.

სანთლებს მოვუკიდე ზევით ასასვლელად, მაგრამ დიანამ მანამდე ბრძანება გასცა, მეეტლე დაენაყრებინათ; ამის შემდეგ ორივე გამომყვა. ესიამოვნათ სიახლე თავიანთ ოთახებში და მოეწონათ მათი მორთულობა; ახალი ფარდები და საფენები; ლამაზი ფერის ფაიფურის ლარნაკები; სიტყვები არ დაიშურეს აღფრთოვანების გამოსახატავად. ძალიან გამიხარდა, როცა დავინახე, რომ ჩემი საქმიანობა მათ სურვილებს ზუსტად დაემთხვა; გამიხარდა ისიც, რომ ამან კიდევ უფრო მეტი სილამაზე შესძინა მათ მხიარულ დაბრუნებას შინ.

ის საღამო ძალიან სასიამოვნო იყო. ჩემი ბიძაშვილები იმდენად აღსავსენი იყვნენ სიხარულით, რომ მათმა ენამჭევრობამ და შენიშვნებმა სრულიად დაფარეს სენტ-ჯონის გულჩათხრობილობა. მას გულწრფელად უხაროდა დების ჩამოსვლა, მაგრამ არ შეეძლო გაეზიარებინა მათი მოზღვავებული სიხარული. ეს განსაკუთრებული ამბავი - დიანასა და მერის ჩამოსვლა - სიამოვნებდა მას, მაგრამ თანმხლები მოვლენები, სასიხარულო ჟრიამული და სიტყვაუხვი შეხვედრა ღლიდა. ვგრძნობდი, რომ ოცნებობდა, მალე დამდგარიყო უფრო მშვიდი ხვალინდელი დღე. ჩაის შემდეგ დაახლოებით ერთმა საათმა გაიარა. მხიარულებამ ზენიტს მიაღწია, რომ ამ დროს კარზე დააკაკუნეს. ჰანა შემოვიდა და თქვა, ამ უდროო დროს ერთი საბრალო ბიჭი მოვიდაო, რათა მისტერ რივერსი მომაკვდავი დედის სანახავად გაჰყოლოდა.

- სად ცხოვრობს, ჰანა?

- უიტკროს ბრაუსთან, თითქმის ოთხი მილის დაშორებით, და მთელი გზა სულ ტორფნარია.

- უთხარით ბიჭს, რომ წამოვალ.

- ჩემი აზრით, სერ, უმჯობესია, არ წახვიდეთ. ყველაზე სახიფათო გზაა ბნელში სასიარულოდ, მთელ იმ ჭაობში ბილიკიც კი არ არის. თანაც, ამისთანა სუსხიანი ღამეა, ცივი ქარი უბერავს. უმჯობესია შეუთვალოთ, სერ, რომ ხვალ დილით მიხვალთ.

მაგრამ სენტ-ჯონი უკვე ტალანში იყო და მოსასხამს იცვამდა. უსიტყვოდ, უყოყმანოდ წავიდა. ცხრა საათი იყო. მხოლოდ შუაღამეს დაბრუნდა, მშიერი და დაღლილი, მაგრამ უფრო ბედნიერი ჩანდა, ვიდრე წასვლამდე. მან მოიხადა თავისი ვალი, დაძაბა ნებისყოფა, იგრძნო საკუთარი ძალა და კმაყოფილი იყო საკუთარი თავით.

ვშიშობ, რომ მთელი მომდევნო კვირა ძნელი ასატანი იყო მისთვის. ეს იყო საშობაო კვირა; ჩვენ არ გვქონდა არავითარი აუცილებელი საქმე და მხიარულად ვატარებდით დროს. ტორფნარის ჰაერი, სახლის თავისუფლება, კეთილი ცხოვრების განთიადი ისე მოქმედებდა დიანასა და მერიზე, როგორც უკვდავების წყარო. მხიარულობდნენ დილიდან დაღამებამდე, დაუსრულებლად შეეძლოთ ლაპარაკი; მათი საუბარი - გონებამახვილური, შინაარსიანი, თავისებური - იმდენად მხიბლავდა, რომ სხვა რამის კეთებას მერჩია მათთვის მესმინა და მონაწილეობა მიმეღო მათ საუბარში. სენტ-ჯონი არ კიცხავდა ჩვენს მხიარულებას, მაგრამ გაურბოდა მას. შინ იშვიათად იყო: დიდი მრევლი ჰყავდა, შორიშორს დასახლებული; მოუცლელი იყო, რადგან ყოველდღე დადიოდა ღარიბთა და ავადმყოფთა სანახავად.

ერთ დილას, საუზმის დროს, დიანა ერთხანს დაფიქრდა და შემდეგ ჰკითხა ძმას, გეგმები ხომ არ შეგიცვლიაო.

პასუხად მიიღო: უცვლელია და არც შეიცვლებაო. გვამცნო, რომ მისი გამგზავრება ინგლისიდან უკვე საბოლოოდ გადაწყვეტილი იყო მომავალი წლისთვის.

- როზამონდ ოლივერი? - ჰკითხა მერიმ. სიტყვები, როგორც ჩანს, უნებლიეთ წამოსცდა, რადგანაც თქმა ვერ მოასწრო, რომ მაშინვე სახეზე ისეთი გამომეტყველება აღებეჭდა, თითქოს მათი უკან დაბრუნება უნდაო. სენტ-ჯონმა წიგნი (ასეთი უწესო ჩვევა ჰქონდა - კითხვა უყვარდა ჭამის დროს) დახურა და თავი ასწია.

- როზამონდ ოლივერი, - თქვა მან, - მისტერ გრებნიზე თხოვდება. მისტერ გრებნის კარგი ნაცნობობა აქვს მაღალ საზოგადოებაში და მეტად პატივცემულ პიროვნებად ითვლება ქალაქ ს-ში. ის არის სერ ფრედერიკ გრებნის შვილიშვილი და მემკვიდრე. როზამონდის მამამ მიამბო ამის შესახებ გუშინ.

დებმა ერთმანეთს გადახედეს. შემდეგ მე შემომხედეს; შემდეგ სამივემ მას შევხედეთ. ცივი და უძრავი იყო, შეშასავით.

- როგორც ჩანს, საქმე უეცრად გადაწყდა, - თქვა დიანამ, - არა მგონია, დიდი ხანია იცნობდნენ ერთმანეთს.

- მხოლოდ ორი თვეა. ოქტომბერში შეხვდნენ ერთმანეთს საგრაფოს მეჯლისზე ქალაქ ს-ში. მაგრამ, როდესაც კავშირს წინ არაფერი ეღობება, როგორც ამ შემთხვევაში, და შეერთება ყოველმხრივ სასურველია, ისინი დაქორწინდებიან როგორც კი საცხოვრებელი ადგილი, რომელსაც სერ ფრედერიკი აძლევს, მზად იქნება მათ მისაღებად.

ამის შემდეგ პირველივე შემთხვევისას, როცა სენტ-ჯონთან მარტო დავრჩი, ცდუნება ვიგრძენი მეკითხა, ხომ არ დაამწუხრა ამ ამბავმა. მაგრამ შევატყვე, რომ თანაგრძნობა არ სჭირდება და სირცხვილი ვიგრძენი იმ სიბრალულის გამო, რომელიც ადრე გამოვიჩინე. გარდა ამისა, გადავეჩვიე მასთან ლაპარაკს. ისევ ძალიან ცივად ეჭირა თავი, მისი გულჩათხრობილობა ჩემს გულახდილობას ყინავდა. მან არ შეასრულა თავისი პირობა, რომ მომქცეოდა ისე, როგორც თავის დებს, გამუდმებით ვგრძნობდი, რომ დებისგან მასხვავებდა და ცივად მექცეოდა. ეს კი სრულიადაც არ უწყობდა ხელს ჩვენ შორის გულთბილ დამოკიდებულებას. მოკლედ რომ ვთქვა, მას შემდეგ, რაც ჩვენი ნათესაობა დამტკიცდა და მასთან ერთ ჭერქვეშ დავიწყე ცხოვრება, გაცილებით უფრო დიდ მანძილს ვგრძნობდი ჩვენ შორის, ვიდრე მაშინ, როცა ის მიცნობდა, როგორც სკოლის მასწავლებელს. როცა ვიხსენებდი, რამდენ რამეს მანდობდა, სრულიად არ მესმოდა მისი ამჟამინდელი სიცივე.

ასეთი იყო საქმის ვითარება და ამიტომ ძალიან გამიკვირდა, როცა მან უეცრად ასწია თავი საწერი მაგიდიდან და მითხრა:

- როგორც ხედავთ, ჯეინ, ვიბრძოლე და გავიმარჯვე.

ასეთმა მომართვამ შემაკრთო და ამიტომ პასუხი მაშინვე ვერ გავეცი. ერთი წუთის ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე:

- დარწმუნებული ხართ, რომ არა ხართ იმ დამპყრობთა რიცხვში, რომელთაც გამარჯვება ძალიან ძვირად დაუჯდათ? ხომ არ დაგღუპავთ კიდევ ერთი ასეთი გამარჯვება?

- მგონი, არა. და რომც მოხდეს ასე, ეს არაფერს ნიშნავს, აღარასოდეს დამჭირდება ასეთი ბრძოლის გადატანა. ეს ბრძოლა გადამწყვეტია. ჩემი გზა ნათელია ახლა. ღმერთს მადლობას ვწირავ ამისთვის.

ამ სიტყვებით ის თავის გაზეთებს დაუბრუნდა და დადუმდა.

როცა ჩვენმა საერთო ბედნიერებამ (დიანას, მერისა და ჩემმა) უფრო მშვიდი ხასიათი მიიღო და ჩვენ ისევ შევუდექით ჩვეულ შრომასა და სწავლას, სენტ-ჯონი უფრო ხშირად იყო შინ; ზოგჯერ საათობით იჯდა ოთახში ჩვენთან ერთად. სანამ მერი ხატავდა, დიანა უჯდა ენციკლოპედიას (რამაც ჩემი განცვიფრება და გაოცება გამოიწვია), მე კი გერმანულ ენას ვსწავლობდი, ის მუშაობდა რაღაც საიდუმლო სიბრძნეზე; ეს იყო რომელიღაც აღმოსავლური ენა, რომლის შესწავლა, როგორც ის ფიქრობდა, საჭირო იყო მისი გეგმების შესასრულებლად.

ასეთ საქმიანობაში გართული, როცა ის თავის კუთხეში იჯდა ფანჯარასთან, საკმაოდ მშვიდი და საქმიანი ჩანდა. მაგრამ ხანდახან მისი ცისფერი თვალები უცხო ენის გრამატიკის სახელმძღვანელოს ტოვებდნენ და უჩვეულო სიძლიერითა და დაკვირვებით მოგვაშტერდებოდნენ ჩვენ, იმავე ოთახში მყოფთ და სწავლაში გართულთ. თუ მის მზერას დავიჭერდით, სასწრაფოდ აგვარიდებდა ხოლმე თვალს. მაგრამ დროდადრო მისი მზერა კვლავ უბრუნდებოდა ჩვენს მაგიდას. ძალიან მაინტერესებდა ამ მზერის მნიშვნელობა. მაოცებდა, რატომ არ ავიწყდებოდა, გამოეხატა კმაყოფილება ჩემთვის ისეთ უმნიშვნელო მოვლენაზე, როგორიც იყო ჩემი ყოველკვირეული სიარული მორტონის სკოლაში; და კიდევ უფრო მაოცებდა ერთი რამ: თუ ცუდი ამინდი იყო, ან ძლიერი ქარი, ან წვიმდა და მისი დები მთხოვდნენ, არ წავსულიყავი, ის აუცილებლად გააქარწყლებდა მათ მზრუნველობას და მაქეზებდა, რომ, უამინდობის მიუხედავად, ჩემი ვალი შემესრულებინა.

- ჯეინი არც ისეთი სუსტი არსებაა, როგორიც თქვენ გგონიათ, - ამბობდა ხოლმე სენტ-ჯონი. - ის მთიდან მოვარდნილ ქარსაც გაუძლებს, კოკისპირულ წვიმასაც და თოვლსაც, ისევე როგორც ყოველი ჩვენგანი. მისი აგებულება ჯანმრთელიც არის და მოქნილიც. და უფრო კარგადაც გაუძლებს ჰავის ცვალებადობას, ვიდრე ბევრი უფრო ძლიერი აგებულების ადამიანი.

როდესაც ვბრუნდებოდი, ზოგჯერ საკმაოდ დაღლილი და ცუდი ამინდისგან გაწვალებული, ვერ ვბედავდი ჩივილს, რადგან ვიცოდი, ეს მას გააბრაზებდა; მხოლოდ ყველგან და ყველაფერში სიმტკიცის დანახვა სიამოვნებდა, ხოლო საპირისპირო რამ საოცრად აღიზიანებდა.

მაგრამ ერთხელ, ნაშუადღევს, მე შინ დარჩენის ნებართვა მივიღე, რადგანაც გაციებული ვიყავი. მორტონში ჩემს მაგივრად მისი დები წავიდნენ. ვიჯექი და შილერს ვკითხულობდი; ის არჩევდა თავის ძნელად გასარჩევ აღმოსავლურ ნაწერებს. როცა თარგმანი სავარჯიშოთი შევცვალე, შემთხვევით მისკენ გავიხედე და დავინახე, რომ მისი მუდამ ფხიზელი ცისფერი თვალები მაკვირდებოდნენ. რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს, ვერ გეტყვით. მზერა ბასრი იყო, მაგრამ ისეთი ცივი, რომ ერთი წუთით ცრუმორწმუნის შიში ვიგრძენი - თითქოს ჩემთან ერთად ოთახში რაღაც ზებუნებრივი ძალა იმყოფებოდა.

- ჯეინ, რას აკეთებთ?

- გერმანულს ვსწავლობ.

- მე მინდა, რომ გერმანულს თავი დაანებოთ და ურდუ ისწავლოთ.

- სერიოზულად ამბობთ?

- იმდენად სერიოზულად, რამდენადაც საჭიროა და გეტყვით, რატომ.

მან მითხრა, რომ თვითონ სწავლობს ურდუს ამჟამად, მაგრამ რაც უფრო წინ წავა, შესაძლოა, ძველად ნასწავლი დაავიწყდეს; ამიტომ მისთვის ძალიან კარგი იქნება მოწაფის ყოლა, ვისთან ერთადაც ხელახლა გაიმეორებს განვლილს და, ამგვარად, კარგადაც დაიმახსოვრებს. შემდეგ თქვა, რომ ერთხანს მერყეობდა, თავისი დები აერჩია ამ მიზნით თუ მე; მაგრამ შემდეგ არჩევანი ჩემზე შეაჩერა, რადგან დაინახა, რომ ჩვენ შორის ყველაზე დიდხანს მე შემეძლო მუშაობა. გავუწევ ამ სამსახურს? შესაძლოა, ამ მსხვერპლის გაღება დიდხანს არ დამჭირდეს, რადგან მის წასვლამდე მხოლოდ სამი თვეა დარჩენილი.

სენტ-ჯონი არ იყო ისეთი კაცი, რომელსაც უარს ადვილად ეტყოდი: იგრძნობოდა, რომ ყველა შთაბეჭდილება, მტკივნეული თუ სასიამოვნო, ღრმა და სამუდამო კვალს ტოვებდა მის გონებაში. დავთანხმდი. როცა დიანა და მერი დაბრუნდნენ, დიანამ დაინახა, რომ მისმა მოწაფემ მის ძმასთან გადაინაცვლა. გაიცინა. დიანამაც და მერიმაც დაადასტურეს, რომ სენტ-ჯონი ვერასოდეს დაითანხმებდა მათ ამგვარი ნაბიჯის გადადგმაზე. მან მშვიდად მიუგო:

- ვიცი.

ის იყო მეტად მომთმენი, მეტად მომთხოვნი, მაგრამ ამასთანავე, მეტად მკაცრი მასწავლებელი. ძალიან ბევრს ითხოვდა ჩემგან, ამჟღავნებდა თავის კმაყოფილებას. თანდათანობით მან მოიპოვა გარკვეული გავლენა ჩემზე და აზროვნების თავისუფლება წამართვა. მისი ქება და ყურადღება უფრო მბოჭავდა, ვიდრე მისი გულგრილობა. უკვე აღარ შემეძლო თავისუფლად ლაპარაკი და სიცილი, როცა ის ახლოს იყო, რადგანაც აბეზარი და ჯიუტი ინსტინქტი მაგონებდა, რომ მხიარულება (განსაკუთრებით ჩემი) უსიამოვნო იყო მისთვის. იმდენად გამიჯდა ძვალსა და რბილში, რომ მისთვის მხოლოდ სერიოზული განწყობილება და საქმიანობაა მისაღები, რომ მისი თანდასწრებით სხვანაირ გუნებაზე ყოფნა ამაო ცდა იყო. რაღაც გამყინავი გავლენის ქვეშ მოვექეცი. მეუბნებოდა: წადი, - მივდიოდი; მეუბნებოდა: მოდი, - მოვდიოდი; ეს გააკეთე, - ვაკეთებდი; მაგრამ არ მომწონდა ჩემი დამონება; ბევრჯერ მინატრია, ნეტა, ძველებურად არ მომაქციოს ყურადღება-მეთქი.

ერთ საღამოს, როდესაც დაწოლის წინ მისი დები და მე გარშემო ვედექით და მშვიდობიან ღამეს ვუსურვებდით, მან, ჩვეულებისამებრ, აკოცა დებს. შემდეგ, ისევ ჩვეულების თანახმად, გამომიწოდა ხელი. დიანამ, რომელიც იმ საღამოს ცელქობის გუნებაზე იყო (მისთვის უცხო იყო ძმის ზეგავლენით გამოწვეული განცდები, რადგან მასავით ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა), წამოიძახა:

- სენტ-ჯონ! შენ ხომ ეძახი ჯეინს შენს მესამე დას! მაგრამ სრულიადაც არ ექცევი მას, როგორც დას. მასაც უნდა აკოცო.

ხელი მკრა მისკენ. გავიფიქრე, დიანა ძალიან გამომწვევად მოიქცა-მეთქი, და უსიამოვნო უხერხულობა ვიგრძენი. სანამ ამას ვფიქრობდი, სენტ-ჯონმა თავი დახარა. მისი ბერძნულნაკვთებიანი სახე მოუახლოვდა ჩემსას, თვალი თვალში გამიყარა და მაკოცა. არ არსებობს მარმარილოს ან ყინულის კოცნა, თორემ ვიტყოდი, ასე მაკოცა-მეთქი ჩემმა ღვთისმსახურმა ბიძაშვილმა. მაგრამ, შესაძლოა, არსებობდეს საცდელი კოცნა და ეს იყო სწორედ ასეთი კოცნა. კოცნის შემდეგ შემომხედა, რომ შედეგი დაენახა. შედეგი შესამჩნევი არ იყო. დარწმუნებული ვარ, არ გავწითლებულვარ, შესაძლოა, ოდნავ გავფითრდი, რადგან ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ეს კოცნა ჩემი ბორკილების გასამაგრებელი იყო. ამის შემდეგ მას არასოდეს ავიწყდებოდა ეს ცერემონიალი. სერიოზულობა და მორჩილება, რომლითაც ვიტანდი მას ამ პროცესში, გარკვეულ მომხიბვლელობას მმატებდა მის თვალში.

რაც შემეხება მე, დღითი დღე უფრო მეტად მსურდა მესიამოვნებინა მისთვის. მაგრამ, ამასთანავე, ვგრძნობდი, რომ ასეთი საქციელით სულ უფრო და უფრო ვკარგავდი ჩემი თავის ნაწილს, ვიცვლიდი გემოვნებას და ვაიძულებდი ჩემს თავს, გამეკეთებინა ისეთი რამ, რაც უცხო იყო ჩემი ბუნებისთვის. ამაოდ ცდილობდა ის, აღემაღლებინა სული ჩემი. საათობით ვეწამებოდი იმისთვის, რომ მიმეღწია ჩემ წინ აღმართულ სიმაღლემდე, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, ისევე როგორც შეუძლებელი იყო ჩემი სახის ნაკვთებიდან გამოეკვეთათ სწორი და კლასიკურნაკვთებიანი სახე; ან ის, რომ ჩემი ცვალებადი მწვანე თვალებისთვის მისი თვალების ზღვისფერი და დიადი ელვარება მიეცათ.

მაგრამ განა მარტო მისი ძალა მიმონებდა იმჟამად? ბოლო ხანებში საკმაოდ ადვილი იყო ჩემი დასევდიანება. უბედურების წინათგრძნობა ღრღნიდა ჩემს გულს და აშთობდა ჩემს ბედნიერებას. მე ეჭვის ავი სული მაწუხებდა.

გგონია, მკითხველო, რომ ცხოვრების ადგილისა და მდგომარეობის გამოცვლის შემდეგ მისტერ როჩესტერი დავივიწყე? ერთი წუთითაც არა. მე ისევ ვფიქრობდი მასზე. ეს ხომ ნისლი არ იყო, მზის სხივებს რომ გაეფანტა; ან ქვიშაზე დახატული სურათი, ქარიშხალს რომ წაელეკა; ეს იყო სახელი ფირფიტაზე ამოკვეთილი, რომელიც იმდენ ხანს გაძლებდა, რამდენსაც თვითონ ეს მარმარილოს ფირფიტა. ყველგან თან მდევდა სურვილი, გამეგო, რა დაემართა მას. როცა მორტონში ვიყავი, ყოველ საღამოს ვბრუნდებოდი ჩემს კოტეჯში, რომ ამაზე მეფიქრა და ახლაც მურჰაუსში ყოველ ღამე ამაზე ფიქრით მივაშურებდი ხოლმე საწოლს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში