ჯეინ ეარი (თავი XXXIV) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თავი XXXIV)

მისტერ ბრიგსს ანდერძის შესახებ მიწერ-მოწერის დროს ვკითხე, იცოდა თუ არა სად ცხოვრობდა მისტერ როჩესტერი ამჟამად და როგორ გრძნობდა თავს; როგორც სენტ-ჯონი ვარაუდობდა, მან მართლაც არაფერი იცოდა მის შესახებ. შემდეგ მივწერე მისის ფეიერფექსს და ვთხოვე, მოეწერა რაიმე ამის შესახებ. დარწმუნებული ვიყავი, რომ პასუხს მალე მივიღებდი. ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ორი კვირა გავიდა და პასუხი არ იყო. მაგრამ როცა ორი თვე გავიდა და ყოველდღიურ ფოსტას არაფერი მოჰქონდა ჩემთვის, უკიდურესმა მოუსვენრობამ შემიპყრო.

ისევ მივწერე. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ ჩემი პირველი წერილი დაიკარგა. ახალმა იმედებმა ახალი გზები გამონახეს. რამდენიმე კვირის განმავლობაში ისევ მინათებდნენ სიცოცხლეს; შემდეგ ისევ ადრინდელივით ჩაქრნენ და ჩაიფერფლნენ. არც ერთი სტრიქონი, არც ერთი სიტყვა არ მიმიღია პასუხად. როცა ნახევარმა წელმა განვლო ამაო მოლოდინში, იმედი გადამიწყდა და ჩემს სულში სიბნელემ დაისადგურა.

გაზაფხულის მშვენიერი ამინდი იდგა, მაგრამ მე ვერ ვტკბებოდი. ზაფხული ახლოვდებოდა. დიანა ცდილობდა ჩემს გამხიარულებას. ცუდი ფერი გაქვს და ზღვაზე უნდა წაგიყვანოო, მეუბნებოდა. სენტ-ჯონი ჩვენი წასვლის წინააღმდეგი იყო. მისი თქმით, მე გართობა კი არა, საქმე მჭირდებოდა; რომ ჩემი იმჟამინდელი ცხოვრება მეტად უმიზნო იყო და მიზანი მჭირდებოდა. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ იყო, რომ მან ურდუში მეცადინეობას მოუმატა და კიდევ უფრო მკაცრი და მომთხოვნი გახდა. მეც, როგორც სულელი, სრულიად არ ვუწევდი მას წინააღმდეგობას ან, უკეთ თუ ვიტყვი, ვერ ვუწევდი.

ერთ დღეს სამეცადინოდ ჩვეულებრივზე უფრო ცუდ გუნებაზე მივედი. მოშხამული გუნების მიზეზი იყო მწარე იმედგაცრუება. დილით ჰანამ მითხრა, რომ წერილი მოვიდა ჩემს სახელზე. როცა ამოსატანად ჩავედი, თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ დიდი ხნის ნანატრი ამბები მივიღე. მაგრამ დავინახე, რომ ეს იყო მისტერ ბრიგსის უმნიშვნელო ბარათი საქმის შესახებ. ამ მწარე იმედგაცრუებამ ცრემლები მომგვარა. და ახლა, როდესაც ვიჯექი და ვსწავლობდი ინდოელი მწერლის ძნელად გასარჩევ ასოებსა და მაღალფარდოვან სტილს, თვალები ისევ ცრემლით მევსებოდა.

სენტ-ჯონმა წასაკითხავად დამიძახა. როცა წაკითხვა ვცადე, ხმამ მიმტყუნა; ქვითინმა ჩაახშო სიტყვები. სასტუმრო ოთახში მხოლოდ ჩვენ, ორნი, ვიყავით. დიანა მუსიკაში მეცადინეობდა მისაღებ ოთახში, მერი ბაღში მუშაობდა. მაისის მშვენიერი დღე იყო, მოწმენდილი, მზიანი, ნიავი უბერავდა. სენტ-ჯონს გაოცება არ გამოუხატავს ჩემი გრძნობების გამომჟღავნებისას, არც მიზეზი უკითხავს. მხოლოდ მითხრა:

- ჯობია, ცოტა ხანს დავიცადოთ, ჯეინ, სანამ დამშვიდდებით.

სანამ მე მოზღვავებულ გრძნობებს ნაჩქარევად ვიმორჩილებდი, ის იჯდა მშვიდი და მოთმინებით სავსე, მაგიდას ეყრდნობოდა და იმ ექიმს ჰგავდა, ავადმყოფის მოსალოდნელ და გასაგებ კრიზისს მეცნიერის თვალით რომ აკვირდება. შევიკავე ქვითინი, თვალები შევიმშრალე და წავიბუტბუტე, ამ დილით თავს ცუდად ვგრძნობ-მეთქი. შემდეგ ჩემს საქმეს შევუდექი და დავამთავრე კიდეც. სენტ-ჯონმა შეინახა წიგნები, დაკეტა საწერი მაგიდის უჯრა და მითხრა:

- ახლა, ჯეინ, თქვენ სასეირნოდ წახვალთ, ოღონდ ჩემთან ერთად.

- დიანასა და მერის დავუძახებ.

- არა. მე მხოლოდ ერთი თანამგზავრი მინდა ამ დილით. და ეს თქვენ უნდა იყოთ. ჩაიცვით. გადით სამზარეულოს კარიდან, გეზი მარშეგლენის სათავისკენ აიღეთ. მეც ერთ წუთში დაგეწევით.

ჩემს მოქმედებაში საშუალო გზის არჩევა არ ვიცი. რამდენჯერაც ურთიერთობა მქონია თავდაჯერებულ, მტკიცე ხასიათის მქონე ადამიანებთან, რომელთა ბუნება ჩემსას ეწინააღმდეგებოდა, არ ვიცოდი შუა ხაზის არჩევა: ან აბსოლუტურად ვნებდებოდი, ან გადამწყვეტ ბრძოლას ვიწყებდი. ყოველთვის ერთგულად მივყვებოდი ერთ ხაზს აჯანყების მომენტამდე, რომელიც ზოგჯერ ვულკანური სიძლიერით ვლინდებოდა, და გადავდიოდი მეორეზე. რადგანაც არც ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა მაძლევდა საფუძველს და არც განწყობილება მიკარნახებდა ამბოხს, გულმოდგინედ დავემორჩილე სენტ-ჯონის მითითებას. ათი წუთის შემდეგ ვიწრო ხეობის ბილიკზე მის გვერდით მივაბიჯებდი.

ნიავი დასავლეთიდან ქროდა. გორაკებიდან უბერავდა და თან მანანისა და ლერწმის სურნელი მოჰქონდა. ცა კრიალა და ლურჯი იყო. მდინარე, რომელიც ხეობას ჩამოუდიოდა, გაზაფხულის წვიმების შედეგად ადიდებულიყო და მოედინებოდა სავსე და ანკარა, მასში მზის ოქროსფერი სხივები და ცის კაბადონი ირეკლებოდა. სეირნობისას ბილიკიდან გადავუხვიეთ, ახალ რბილ ბუსნოზე მივდიოდით. მიწა ხავსით იყო მოფენილი და ზურმუხტისფერი დაჰკრავდა; აქა-იქ პაწაწინა თეთრი ყვავილები მოჩანდა; ჭარბობდა ვარსკვლავის ფორმის ყვითელი მცენარე. ამასობაში გორაკები შემოგვერტყა გარს, ხეობის სათავე მათ შუაგულში მიიკლაკნებოდა.

- აქ დავისვენოთ, - მითხრა სენტ-ჯონმა, როცა კლდეთა ლაშქარს მივუახლოვდით; ეს კლდეები ხეობიდან გასასვლელს დარაჯობდნენ. მათ უკან ნაკადული ჩანჩქერად გადმოდიოდა. იქ, ცოტა უფრო მოშორებით, მთას დაებერტყა ბალახი და ყვავილი, სამოსად მხოლოდ მანანა ჰქონდა, კლდე - მოსართავად. იქ ბუნება სიველურეს აღწევდა და ხასხასა ფერები მუქი ფერებით იცვლებოდა, ბუნება დარაჯობდა მარტოობის დაკარგულ იმედს. ეს იყო დუმილის უკანასკნელი თავშესაფარი.

დავჯექი. სენტ-ჯონი ჩემთან ახლოს იდგა. მან ჯერ ხეობიდან გასასვლელს გახედა, მერე თვით ხეობას; მერე მისი მზერა მდინარეს გაჰყვა და მის ზედაპირზე არეკლილ უღრუბლო ცას. ქუდი მოიხადა, რომ ნიავს თმა აექოჩრა და შუბლზე ეკოცნა. თითქოს ამ ადგილის სულს ერთვოდა. თვალებით რაღაცას ეთხოვებოდა.

- მე კიდევ ვნახავ ამას სიზმარში, - თქვა მან ხმამაღლა, - როცა მეძინება განგის ნაპირზე, და კიდევ ერთხელ, უფრო დიდი ხნის მერე, როდესაც სხვა ძილი დამეუფლება უფრო ბნელი მდინარის ნაპირთან.

უცნაური სიყვარული, უცნაური სიტყვებით გამოხატული, მკაცრი პატრიოტის ტრფიალი სამშობლოსადმი! ის დაჯდა. ნახევარი საათის განმავლობაში ვდუმდით. არც მე ამომიღია ხმა, არც მას უთქვამს არაფერი. შემდეგ მან ხელახლა წამოიწყო.

- ჯეინ, ექვსი კვირის შემდეგ მივდივარ, მივდივარ "ისტ ინდიამენით~, რომელიც ივნისის ოცში ინგლისის ნაპირებს ტოვებს.

- ღმერთი იქნება თქვენი მფარველი, რადგან თქვენ მისი საქმისთვის იღვწით, - მივუგე მე.

- ჰო, - თქვა მან, - ის არის ჩემი დიდება და სიხარული. უძლეველი ბატონის მსახური ვარ. არ ვემორჩილები უსუსურ კანონებს და ჩემისთანა სუსტი ჭიების ცოდვილ მფარველობას. ჩემი კანონმდებელი, ჩემი მეგზური ყოვლისშემძლე ღმერთია. მიკვირს, რომ ხალხი ჩემ გარშემო არ იწვის იმის სურვილით, რომ გაერთიანდეს ამავე დროშით, მისდიოს ამავე საქმეს.

- ყველას არ შესწევს თქვენი ძალა. სისულელე იქნება, სუსტებს რომ გაუჩნდეთ სურვილი, ძლიერებს გაჰყვნენ.

- მე არ ვლაპარაკობ სუსტებზე და არც ვფიქრობ მათზე. მე მივმართავ მხოლოდ მათ, ვინც ღირსია ითავოს ეს საქმე და ძალუძს მისი შესრულება.

- ასეთები ცოტაა და ძნელია მათი პოვნა.

- მართალს ამბობთ. მაგრამ როცა იპოვი, უნდა დასძრა ისინი ადგილიდან, მოუწოდო მოქმედებისკენ, უჩვენო, რა ნიჭი იმალება მათში და რისთვის ებოძათ იგი. ღვთის სიტყვები უჩურჩულო ყურში, ღვთის სახელით შესთავაზო ადგილი მის რჩეულთა რიგებში.

- თუ ისინი მართლა არიან მოწოდებულნი ასეთი საქმისთვის, გული არ უკარნახებს მათ ამას?

ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს რაღაც საზარელი ჯადო გარს მეხვეოდა, მოქმედებდა ჩემზე. ვცახცახებდი იმის შიშით, რომ რაღაც საბედისწერო სიტყვას გავიგონებდი, რომელიც უეცრად შემბოჭავდა და მომაჯადოებდა საბოლოოდ.

- თქვენ რაღას გეუბნებათ გული? - მკითხა სენტ-ჯონმა.

- ჩემი გული დუმს, ჩემი გული დუმს, - მივუგე შეძრწუნებულმა და აცახცახებულმა.

- მაშინ მე უნდა ვილაპარაკო მის მაგივრად, - განაგრძო ღრმა, შეუბრალებელმა ხმამ. - ჯეინ, წამომყევით ინდოეთში; წამოდით, როგორც ჩემი დამხმარე, თანამოღვაწე.

ხეობა და ცა დატრიალდა ჩემ თვალწინ, მთები შეირყა. თითქოს ძახილი გავიგონე ზეციდან, თითქოს მაცნე გამომეცხადა, როგორც ოდესღაც მაკედონიაში მოხდა, და მაუწყა: "წამოდი და დაგვეხმარე!~ მაგრამ მე მოციქული არ ვიყავი, მე ვერ დავინახე მაცნე, მე არ შემეძლო მისი ძახილის მიღება!

- ოჰ, სენტ-ჯონ! - შევძახე, - შემიბრალეთ!

ვემუდარებოდი ადამიანს, რომელმაც თავისი მოვალეობის შესრულების დროს არც შებრალება იცოდა და არც სინანული. მან განაგრძო:

- ღმერთმა და ბუნებამ მისიონერის ცოლობისთვის გაგაჩინათ. მან გონებით დაგაჯილდოვათ და არა გარეგნობით. თქვენ შრომისთვის ხართ დაბადებული და არა სიყვარულისთვის. თქვენ უნდა იყოთ მისიონერის ცოლი და იქნებით კიდეც. ჩემი იქნებით. მე თქვენ მჭირდებით. ჩემი სიამოვნებისთვის კი არა, ჩემი ბატონის სამსახურისთვის.

- მე არ გამოვდგები ამისთვის. არ მიზიდავს ეს საქმე, - მივუგე მე.

წინააღმდეგობას მოელოდა და ამიტომ არ გაბრაზებულა. და მართლაც, როცა ის მიეყრდნო კლდეს, გულხელი დაიკრიბა და სახე დაეძაბა, მე მივხვდი, რომ ის ელოდა ხანგრძლივსა და დამქანცველ წინააღმდეგობას. აღიჭურვა მოთმინებით და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამარჯვება მას უნდა დარჩენოდა.

- მორჩილება, ჯეინ, - თქვა მან, - ქრისტიანული ღირსებების საფუძველია. შენ მართალი ხარ, როცა ამბობ, რომ არ გამოდგები ამ საქმისთვის. ვინმე კი გამოდგება? ან იმათგან, ვინც ჭეშმარიტად გამოსადეგი იყო, ვის მიაჩნდა თავი ამ მოწოდების ღირსად? მე, მაგალითად, მხოლოდ მტვერი ვარ და ფერფლი. წმინდა პავლეს მსგავსად ვაღიარებ, რომ ცოდვილთა შორის უცოდვილესი ვარ. მაგრამ ჩემს თავს არ ვაძლევ უფლებას, რომ ჩემი პირადი სიმდაბლის შეგრძნებამ დამაშინოს. მე ვიცნობ ჩემს წინამძღოლს (ღმერთს); ვიცი, რომ იმდენადვე სამართლიანია, რამდენადაც ყოვლისშემძლე; და რადგან მან თავისი დიადი საქმის შესასრულებლად სუსტი იარაღი აირჩია, უსასრულო შესაძლებლობებით ბოლომდე შეავსებს იმას, რაც დააკლდა მის მსახურს. იფიქრე ჩემსავით. გწამდეს ჩემსავით. გევედრები, დაეყრდნო საუკუნეთა კლდეს - ქრისტიანულ სარწმუნოებას; ნუ იქნებით ეჭვებით შეპყრობილი და ის დაგეხმარებათ ადამიანური სისუსტის ტვირთის ტარებაში.

- მე არ მესმის მისიონერთა ცხოვრების აზრი; არასოდეს მისწავლია მისიონერთა შრომა.

- აქ, მიუხედავად ჩემი უმწეობისა, მე შემიძლია დაგეხმაროთ. შემიძლია განგისაზღვროთ საქმე საათების მიხედვით, ვიდგე თქვენ გვერდით ყოველთვის, დაგეხმაროთ ყოველ წუთს. ამის გაკეთება შემიძლია დასაწყისში. მე ვიცნობ თქვენს შესაძლებლობებს. მალე თქვენ ისეთივე ძლიერი და გაწაფული იქნებით, როგორც მე, და ჩემი დახმარება არ დაგჭირდებათ.

- მაგრამ ჩემი შესაძლებლობანი? სად არის ისინი, რომ გამომადგნენ ამ საქმეში? ვერ ვგრძნობ მათ ჩემში თქვენი ლაპარაკის დროს. ვერ ვგრძნობ ვერც მგზნებარებას, ვერც მაჯისცემის მომატებას, ვერც რაიმე ნუგეშსა და მხნეობას. ოჰ, ნეტა, შემეძლოს გაჩვენოთ, რამდენად ჰგავს ჩემი სული ახლა ბნელ საკანს, რომლის სიღრმეში ერთი შემაძრწუნებელი შიშია დატყვევებული - შიში იმისა, რომ დამარწმუნებთ წამოვიწყო ისეთი რამ, რის შესრულებაც არ შემიძლია.

- მისმინეთ! პასუხი მზად მაქვს თქვენთვის. შეხვედრის დღიდან გადევნებთ თვალყურს. ათი თვის განმავლობაში ჩემი შესწავლის საგანი თქვენ იყავით. ნაირ-ნაირი ცდებით გამოგცადეთ. რა დავინახე და რა დასკვნა გამოვიტანე? დავინახე, რომ სოფლის სკოლაში კარგად, ბეჯითად, პატიოსნად ასრულებდით საქმეს, რომელიც თქვენს ჩვევებსა და მიდრეკილებებს ეწინააღმდეგება; ასრულებდით მას ჭკვიანურად და ტაქტით. თქვენ გაიმარჯვეთ, როდესაც გჭირდებოდათ. იმავე სიმშვიდით შეხვდით უეცარ გამდიდრებას, რომლითაც ასწავლიდით. მე თქვენში დავინახე ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა დემასის სიხარბე, რომელსაც სიმდიდრე არ იზიდავს. როცა თქვენი ქონება ოთხ ნაწილად გაყავით, ერთი თქვენთვის დაიტოვეთ და სამი გაეცით განყენებული სამართლიანობის გულისთვის, მე დავინახე სული, რომელსაც განუზომლად სიამოვნებს მსხვერპლის გაღება. თქვენ დათმეთ საგანი, რომელიც გაინტერესებდათ, და ჩემი სურვილით შეუდექით ჩემთვის სასურველ საქმეს. დაუღალავი სიბეჯითით აღწევდით წარმატებებს ამ საქმეში, შეუნელებელი ენერგიითა და შეურყეველი ნებისყოფით შეხვდით სიძნელეებს. ამის მიხედვით, მე ვხედავ თქვენში ისეთი თვისებების მქონე თანამგზავრს, როგორსაც ვეძებდი. ჯეინ, თქვენ ხართ დამჯერი, დამთმობი, ბეჯითი, ერთგული, მტკიცე, გულადი, ფაქიზი და ძალიან გამბედავი. ნუ გეეჭვებათ - მე გენდობით. თქვენი დახმარება ინდოეთის სკოლების მართვასა და ინდოელ ქალებთან ურთიერთობაში ფასდაუდებელი იქნება ჩემთვის.

ჩემი რკინის აბჯარი დაინჯღრა; შეგონება შემოდიოდა ჩემში ნელი, მტკიცე ნაბიჯით. თუმცა თვალებს ვხუჭავდი, ეს სიტყვები მაინც იოლად მიიკვლევდნენ აქამდე თითქოს გადაკეტილ გზას. ჩემი მოვალეობა, აქამდე ასე ბუნდოვნად და უიმედოდ დაფანტული რომ მეჩვენებოდა, მისი სიტყვებით ჩამოყალიბდა, გარკვეული ფორმა მიიღო მის ხელში. პასუხს ელოდა სენტ-ჯონი. თხუთმეტი წუთი ვითხოვე მოსაფიქრებლად, სანამ გავბედავდი პასუხის მიცემას.

- დიდი სიამოვნებით, - მომიგო მან, წამოდგა, აუყვა ხეობას მცირე მანძილზე და ბუჩქად ამოსულ მანანებზე დაწვა. ასე იწვა იქ წყნარად.

`შემიძლია გავაკეთო ის, რაც მას უნდა; იძულებული ვარ, დავინახო და ვაღიარო ეს, - ვფიქრობდი მე, - თუ დამცალდა. მაგრამ ვგრძნობ, რომ ინდოეთის მზის ქვეშ დიდი ხნის სიცოცხლე არ მიწერია. მერე რა? მას ეს არ ადარდებს: როცა ჩემი სიკვდილის ჟამი დადგება, იგი ჩემს თავს გადასცემს ღმერთს, რომელმაც გამაჩინა, სრული სიმშვიდითა და სიწმინდით. საქმე ნათელია ჩემთვის. ინგლისის დატოვება ნიშნავს საყვარელი, მაგრამ დაცარიელებული ქვეყნიდან წასვლას, რადგან მისტერ როჩესტერი იქ არ არის. გინდაც იყოს, რა აზრი აქვს, ან რა აზრი შეიძლება ჰქონდეს ოდესმე. ახლა ჩემი მიზანია, უიმისოდ გავძლო. განა სისულელე და სისუსტე არ არის, რომ დღე-დღეზე გადამაქვს, თითქოს ველი, სასწაულებრივი ცვლილება მოხდება და მე ისევ მასთან ვიქნები, რა თქმა უნდა, ახალი ინტერესი უნდა ვეძებო ცხოვრებაში დაკარგულის ნაცვლად (როგორც სენტ-ჯონმა თქვა ერთხელ). განა ის საქმე, რომელსაც ის გულით მთავაზობს, ყველაზე უფრო დიადი არაა მათ შორის, რომელსაც ადამიანი აირჩევს ან ღმერთი განუსაზღვრავს? განა მისი კეთილშობილური საზრუნავითა და დიდებული შედეგებით ყველაზე უკეთ არ შეივსება გათელილი სიყვარულითა და გაცრუებული იმედებით გამოწვეული სიცარიელე? მე მგონი, საჭიროა დავთანხმდე და მაინც ჟრუანტელი მივლის. ოჰ, თუ სენტ-ჯონს გავყვები, ნახევარს ჩემი სულისას ვუღალატებ; ინდოეთში წასვლით ნაადრევი სიკვდილისკენ გავეშურები. როგორ შეივსება დრო ინგლისიდან ინდოეთში წასვლამდე და ინდოეთიდან საფლავამდე? ეს მე ძალიან კარგად ვიცი. ამასაც სრულიად ნათლად ვხედავ. მთელ ძალ-ღონეს ტკივილამდე დავძაბავ, რომ სენტ-ჯონის მოთხოვნები დავაკმაყოფილო. ის ძალიან კმაყოფილი იქნება ჩემით, მისი კმაყოფილება მის მოლოდინს გადააჭარბებს. თუ მართლაც წავედი მასთან ერთად, თუ მართლაც გავიღე მსხვერპლი, რომელსაც მთხოვს, ამას გავაკეთებ მთელი სულითა და გულით. ყველაფერს შევწირავ: გულს, სიცოცხლეს. არასოდეს ვეყვარები, მაგრამ კმაყოფილი იქნება ჩემით. მე ისეთ ენერგიას გამოვამჟღავნებ, როგორიც არასოდეს უნახავს; ისეთ შესაძლებლობებს ვუჩვენებ, რომლებიც ვერც კი წარმოუდგენია. დიახ, მე შემიძლია ვიმუშაო მასავით გულმოდგინედ და არასოდეს დავიკვნესო.

მაშასადამე, მის მოთხოვნაზე დათანხმება შეიძლება, მხოლოდ ერთი პატარა რამ უშლის ხელს, ერთი საშინელი რამ. ის ცოლობას მთხოვს, მაგრამ ჩემდამი იმდენი გრძნობა აქვს, რამდენიც, აგერ, იმ ხეობაში უზარმაზარი პირქუში კლდის მიმართ, ზედ რომ მდინარე ქაფდება. მაფასებს ისე, როგორც ჯარისკაცი შეაფასებს კარგ იარაღს, მეტი არაფერი. მისი ცოლობა საჭირო რომ არ იყოს, საქმე არ შემაწუხებდა. მაგრამ შემიძლია კი ხელი შევუწყო მას, გულგრილად განახორციელოს თავისი გეგმები და გავხდე მისი ცოლი? შემიძლია მივიღო საქორწინო ბეჭედი მისგან, ავიტანო ცოლქმრული მოვალეობის შესრულება (რასაც, ეჭვგარეშეა, გულდასმით შეასრულებს), როცა მეცოდინება, რომ სული სრულიად არ მონაწილეობს? შემიძლია ავიტანო ის აზრი, რომ ყოველი მოფერება მისი მხრიდან რაღაც იდეალის გამო მსხვერპლის გაღებაა? არა. ასეთი წამება საზარელი იქნება. ვერასოდეს ავიტან მას. შემიძლია წავყვე, როგორც და, როგორც ცოლი - არასოდეს. ასეც ვეტყვი~.

ბორცვისკენ გავიხედე. ის იწვა, გართხმული, როგორც ქანდაკება. სახე ჩემკენ მოებრუნებინა. გამჭრიახი თვალები დაკვირვებით ელავდნენ. ფეხზე წამოხტა და მომიახლოვდა.

- მე მზად ვარ წამოვიდე ინდოეთში, თუ თავისუფალი ვიქნები.

- თქვენს პასუხს განმარტება სჭირდება, - მითხრა მან. - ნათელი არ არის.

- აქამდე ჩემი არამკვიდრი ძმა იყავით. მე - თქვენი არამკვიდრი და. ვიყოთ ასე. უმჯობესია, არ დავქორწინდეთ.

მან თავი გააქნია.

- ასეთი დაძმობა ამ საქმეში არ გამოდგება. თქვენ რომ ჩემი მკვიდრი და იყოთ, სხვა ამბავია - წაგიყვანდით და ცოლზე არ ვიფიქრებდი. მაგრამ ასეთ მდგომარეობაში ჩვენი კავშირი ან უნდა იყოს განმტკიცებული ღვთის მიერ ქორწინებით, ან მისი არსებობა შეუძლებელია. ყოველ სხვა გეგმას წინააღმდეგობები ეღობება წინ. განა, ვერ ხედავთ, ჯეინ? დაფიქრდით ცოტა ხანს. თქვენი ძლიერი გონება მიგახვედრებთ.

დავფიქრდი, მაგრამ მაინც ჩემი გონება, ძლიერი თუ სუსტი, მხოლოდ იმ ერთ ფაქტზე მიმითითებდა, რომ ჩვენ არ გვიყვარდა ერთმანეთი ისე, როგორც ცოლსა და ქმარს შეჰფერის. ამიტომ ვასკვნიდი, რომ არ უნდა დავქორწინებულიყავით. ასეც ვთქვი: "სენტ-ჯონ, მე ძმად მიმაჩნიხართ. თქვენ კი დად მიგაჩნივართ. ჯობია, ეს ასევე დავტოვოთ".

- არ შეიძლება, არ შეიძლება, - მიპასუხა მან მოკლედ, მძაფრი გადაწყვეტილებით, - არ ვარგა ასე. თქვენ თქვით, რომ წამომყვებით ინდოეთში. დაიმახსოვრეთ, რომ თქვით ეს.

- ერთი პირობით.

- კარგი. კარგი. ძირითადი ამბის, ჩემთან ერთად ინგლისის დატოვებისა და მომავალში თანამშრომლობის წინააღმდეგი არ ხართ. თქვენ უკვე თითქმის შეახეთ ხელი გუთანს. თქვენ ურყევი ხართ და ამიტომ უკან აღარ წაიღებთ თქვენს სიტყვას. მხოლოდ ერთ რამეზე უნდა ფიქრობდეთ ახლა - ნაკისრი საქმე როგორ შეასრულოთ უკეთ. გაიმარტივეთ ინტერესები, გრძნობები, აზრები, სურვილები, მიზნები: შეაერთეთ ყველა მოსაზრება ერთ მიზანში, რომ ნაყოფიერად და ძლიერად შეასრულოთ თქვენი მისია უფლის წინაშე. ამისთვის თქვენ დამხმარე უნდა გყავდეთ და არა ძმა. დაძმური კავშირი მერყევია. თქვენ უნდა გყავდეთ მეუღლე. მეც არ მჭირდება და. და შეიძლება წამართვან ყოველ წუთს. მე მინდა ცოლი, ერთადერთი თანაშემწე, რომლის ნაყოფიერად გამოყენება შემიძლია ცხოვრებაში და რომლის შენარჩუნება შემიძლია სიკვდილამდე.

როცა ის ლაპარაკობდა, ჟრუანტელი მივლიდა. ვგრძნობდი, როგორი გავლენა ჰქონდა მთელ ჩემს არსებაზე, როგორ იმორჩილებდა თითოეულ ჩემს ძარღვს.

- მაშ, სხვაგან ეძიეთ ცოლი, სენტ-ჯონ! ეძებეთ ისეთი, რომელიც თქვენი შესაფერისი იქნება.

- თქვენ გინდათ თქვათ, ისეთი, რომელიც ჩემი მიზნისა და საქმის შესაფერისი იქნება. კიდევ გეუბნებით, მე ცხოვრების თანამგზავრად არ მჭირდება უმნიშვნელო პიროვნება, ჩვეულებრივი ადამიანი, ადამიანური ეგოისტური გრძნობებით. მე მინდა ის მისიონერი იყოს.

- მე კი მისიონერს ჩემს ენერგიას ვაჩუქებ, რადგან მას მხოლოდ ეს სჭირდება. მე ვერ მივაკუთვნებ მას ჩემს თავს. ეს მხოლოდ კიდევ უფრო წაახდენდა საქმეს. მისთვის ამას ფასი არ აქვს და ჩემთვის დავიტოვებ.

- არ შეიძლება. არ უნდა მოიქცეთ ასე. როგორ გგონიათ, ღმერთი დაკმაყოფილდება ნაწილობრივი მსხვერპლით? მიიღებს ის დასახიჩრებულ მსხვერპლს? მე ღვთის საქმეს ვიცავ, მინდა, ჩაგრიცხოთ მის მებრძოლებში, მისი დროშის ქვეშ საბრძოლველად. მისი სახელით ვერ მივიღებ გაყოფილ ერთგულებას. ის სრული უნდა იყოს.

- ოჰ, მე სიამოვნებით შევწირავ ღმერთს სულსა და გულს, - წარმოვთქვი მე, - მაგრამ თქვენ არ გჭირდებათ ის.

არ დავიფიცებ, მკითხველო, რომ არ იყო შეკავებული სარკაზმი არც ჩემს ტონში, როცა ეს წინადადება წარმოვთქვი, და არც იმ გრძნობაში, რომელიც მას თან ახლდა. აქამდე სენტ-ჯონისა მალულად მეშინოდა, რადგან არ მესმოდა მისი. შიშსა და ეჭვში ვიყავი. ამიტომ არ შემეძლო მეთქვა, ამ ადამიანში რა ნაწილი იყო წმინდანისა და რა ნაწილი - მოკვდავის. მაგრამ ამ საუბრის დროს ბევრი რამ გახდა ჩემთვის ნათელი, დავინახე მისი სუსტი ადგილები, ჩავწვდი მათ. ამას მივხვდი, როდესაც ვიჯექი მანანით დაფარულ მდინარის ნაპირზე და ჩემ წინ ეს ლამაზი არსება იჯდა; მივხვდი, რომ ისიც ჩემსავით ცოდვილია. მის გულქვაობასა და დესპოტიზმს ფარდა აეხადა. გავმხნევდი, როდესაც ვიგრძენი, რომ განსაკუთრებული კი არა, ჩემნაირი იყო - ადამიანი, რომელთანაც კამათიც შემეძლო და, თუ საჭიროდ ვცნობდი, წინააღმდეგობის გაწევაც.

როდესაც ბოლო წინადადება წარმოვთქვი, დადუმდა. გავბედე შემეხედა მისთვის. მისი მზერა, ჩემკენ მომართული, ერთდროულად ცივ გაოცებასა და მწვავე შეკითხვას გამოხატავდა. "დამცინავი ტონი აქვს? მე დამცინის?" - თითქოს ამბობდა ის. - "რას ნიშნავს ეს?"

- ნუ დავივიწყებთ, რომ ეს სერიოზული საქმეა, - თქვა მან ცოტა ხნის შემდეგ, - ეს ისეთი საქმეა, რომ შევცოდავთ, თუ მასზე ზერელედ ვიფიქრებთ. მჯერა, ჯეინ, გულწრფელი ხართ, როდესაც ამბობთ, რომ სულსა და გულს არ დაიშურებდით ღვთის საქმისთვის. მე მეტი არაფერი მინდა. ერთხელ და სამუდამოდ ამოიგდეთ გულიდან ადამიანი და მიანდეთ გული ჩვენს შემქმნელს და სულიერი სამეფოს წინსვლა დედამიწაზე თქვენი ძირითადი სიამოვნება და მიზანი იქნება. თქვენ მზად იქნებით გააკეთოთ ის, რაც ხელს შეუწყობს მის საქმეს. დაინახავთ, როგორი ფიზიკური და გონებრივი ძალა მოგვეცემა ქორწინების მეშვეობით. ეს ერთადერთი კავშირია, რომელიც სიმყარეს ანიჭებს ადამიანთა გეგმებსა და ბედს. როცა დაძლევთ ყველა უმნიშვნელო კაპრიზს, გრძნობებით გამოწვეულ სიძნელეებსა და უხერხულობას, პირადი მიდრეკილების ხარისხზე, ზომაზე, სიძლიერესა და სინაზეზე ფიქრს - თვითონ იჩქარებთ, რომ ქორწინება დაჩქარდეს.

- ჰო? - მოკლედ მოვჭერი მე და შევხედე მის სახეს, რომლის ნაკვთების ჰარმონიულობა სილამაზეს ქმნიდა, მაგრამ რომლებიც უცნაურად სასტიკნი იყვნენ მშვიდი სიმკაცრის გამო. შევხედე მის შუბლს, მბრძანებლურს, მაგრამ არა გულახდილს; მის თვალებს, მოელვარეს და ღრმას, გამჭრიახს, რომლებიც არასოდეს იყურებოდნენ თბილი მზერით; მის მაღალ, წარმოსადეგ ტანს და წარმოვიდგინე თავი მის ცოლად. ოჰ, არაფერი კარგი არ გამოვიდოდა აქედან. შესაძლებელი იყო, ვყოფილიყავი მხოლოდ მისი თანაშემწე და ამხანაგი. ასე ოკეანეებს გადავცურავდი მასთან ერთად: ვიშრომებდი აღმოსავლეთის ცის ქვეშ, აზიის უდაბნოებში; თაყვანს ვცემდი და შევეჯიბრებოდი მის გამბედაობას, საქმისადმი ერთგულებასა და ენერგიას; წყნარად შევეგუებოდი მის უფროსობას; აუღელვებლად გამეცინებოდა მის პატივმოყვარეობაზე; განვასხვავებდი ქრისტიანს ადამიანისგან, უაღრესად დავაფასებდი პირველს და თავისუფლად ვაპატიებდი მეორეს. ეჭვი არ არის, დავიტანჯებოდი. როცა მხოლოდ ამ მხრივ ვიქნებოდი დაკავშირებული მასთან, ჩემი სხეული საკმაოდ მკაცრ უღელში იქნებოდა შებმული, მაგრამ ჩემი გონება და გული თავისუფალი იქნებოდა. მე მაინც შემრჩებოდა ჩემი შეულახავი სული, ჩემი ბუნებრივი, დაუმონებელი გრძნობები, რომლებიც დამამშვიდებდნენ მარტოობის წუთებში. ჩემს გონებაში დარჩებოდა მხოლოდ ჩემთვის განკუთვნილი კუნჭულები, სადაც მას ადგილი არასოდეს ექნებოდა; დამრჩებოდა სუფთა და დაცული გრძნობები, რომელთაც მისი სისასტიკე ვერასოდეს შელახავდა, ვერც მისი ჯარისკაცური ნაბიჯი გათელავდა. მაგრამ აუტანელი იქნებოდა მისი ცოლობა, ყოველთვის მის გვერდით ყოფნა; იძულებული ვიქნებოდი შემებოჭა და შემებორკა საკუთარი თავი, შემეკავებინა ჩემს სულში მოგიზგიზე ცეცხლი, ჩამეგუბებინა კივილი და ხმა არ დამეძრა.

- სენტ-ჯონ! - წამოვიძახე, როცა ასეთი დასკვნები გამოვიტანე ფიქრის შემდეგ.

- რა? - მკითხა მან ყინულივით ცივი ტონით.

- მე ვიმეორებ: თანახმა ვარ წამოვიდე, როგორც თქვენი თანაშემწე მისიონერი, მაგრამ არ შემიძლია თქვენი ცოლობა. ვერ ვიქნები თქვენი ცოლი და მეორე ნახევარი.

- თქვენ უნდა გახდეთ ჩემი მეორე ნახევარი, - მიპასუხა მან მტკიცედ. - წინააღმდეგ შემთხვევაში, არაფერი გამოვა. როგორ შემიძლია კაცმა, რომელსაც ჯერ ოცდაათ წლამდე არ მიმიღწევია, წავიყვანო ინდოეთში ცხრამეტი წლის ქალი, თუ იგი ჩემი ცოლი არ იქნება? დაუქორწინებლად როგორ შევძლებთ ერთად ყოფნას - ზოგჯერ სულ მარტოდმარტო, ზოგჯერ ველურ ტომთა შორის?

- ძალიან კარგად, - მოკლედ მოვჭერი მე. - ასეთ მდგომარეობაში მე შემიძლია წამოსვლა ისე, თითქოს თქვენი მკვიდრი და ვიყო ან თქვენსავით მამაკაცი და მღვდელი.

- ცნობილია, რომ თქვენ ჩემი და არ ხართ. მე არ შემიძლია ხალხს გავაცნო თქვენი თავი ასე. ამის თქმამ შეიძლება დამღუპველი ეჭვები გამოიწვიოს. რაც შეეხება დანარჩენს, თუმცა მამაკაცის ძლიერი გონება გაქვთ, ქალის გულიც გაქვთ და ეს არ გამოდგება.

- გამოდგება, - ვთქვი მე ოდნავი ზიზღით, - ძალიან კარგად. მე ქალის გული მაქვს, მაგრამ იქ არა, სადაც საქმე თქვენ გეხებათ. თქვენ მიმართ მხოლოდ ამხანაგის გრძნობა მაქვს - თანამებრძოლის გულწრფელობა, ერთგულება, ძმობა, თუ გნებავთ, ახალმონათლულის ღრმა პატივისცემა მაღალი წოდების მღვდლის მიმართ და მეტი არაფერი. ნუ გეშინიათ.

- მე ამის მეტი არაფერი მინდა, - თქვა მან თავისთვის, - ეს სწორედ ის არის, რაც მე მინდა. გზაზე წინააღმდეგობები მეღობება, ისინი უნდა მოისპოს. ჯეინ, არ ინანებთ, თუ ჩემი ცოლი გახდებით. დამიჯერეთ, ჩვენ უნდა დავქორწინდეთ. ვიმეორებ: სხვა გზა არ არსებობს. ეჭვი არ არის, ქორწინებას იმდენი სიყვარული მოჰყვება, რომ ეს კავშირი თქვენს გულში გაამართლოს.

- ჩემთვის მიუღებელია თქვენი აზრი სიყვარულზე, - წამომცდა მე. წამოვდექი და გავჩერდი მის წინ. ზურგით კლდეს ვეყრდნობოდი. - მე პატივს არ ვცემ ყალბ გრძნობას, რომელსაც თქვენ მთავაზობთ; დიახ, სენტ-ჯონ, პატივს არ გცემთ, ამას რომ მთავაზობთ.

მან დაშტერებით შემომხედა და ლამაზად მოხაზული ტუჩები მოკუმა. შეურაცხყოფილი იყო, გაოცებული თუ რამე სხვას გრძნობდა, ძნელი სათქმელია. შესანიშნავად ფლობდა სახის გამომეტყველებას.

- არ ველოდი ამ სიტყვებს თქვენგან, - მითხრა მან. - მე მგონი, არაფერი გამიკეთებია და მითქვამს ისეთი, რომ ზიზღი დამემსახურებინა.

ჩემზე იმოქმედა მისმა თბილმა ტონმა და შემაძრწუნა მისმა მედიდურმა, მშვიდმა გამომეტყველებამ.

- მაპატიეთ ჩემი სიტყვები, სენტ-ჯონ, მაგრამ თქვენი ბრალია, თქვენ გამომიწვიეთ. თვითონ წამოიწყეთ საუბარი თემაზე, რომელშიც ვერ ვთანხმდებით, რომელზეც არასოდეს უნდა ვილაპარაკოთ. სიყვარულის ხსენებაც კი განხეთქილების ვაშლია ჩვენ შორის. მართლაც სინამდვილე რომ იყოს ეს, რას ვიზამდით? რას ვიგრძნობდით? ძვირფასო ბიძაშვილო, თავი დაანებეთ ქორწინების გეგმას; დაივიწყეთ ის.

- არა, - თქვა მან, - ეს არის დიდი ხნის განმავლობაში გულით ნატარები გეგმა, რომელსაც შეუძლია მიმიყვანოს ჩემს დიად მიზანთან. მაგრამ ამჟამად მეტს აღარ შეგაწუხებთ. ხვალ კემბრიჯში მივდივარ. იქ ბევრი მეგობარი მყავს და მსურს გამოვემშვიდობო მათ. მე წავალ ორი კვირით, ეს დრო ჩემი წინადადების მოსაფიქრებლად გამოიყენეთ; ნუ დაგავიწყდებათ, რომ თუ უარყოფთ მას, ამით ჩემზე კი არა, ღმერთზე იტყვით უარს. ჩემი საშუალებით ის გიხსნით გზას კეთილშობილური საქმისკენ; ამ საქმის დაწყება შეგიძლიათ, თუ ჩემი ცოლი იქნებით. თუ უარს იტყვით ჩემს ცოლობაზე, ეგოისტური სიმყუდროვისა და უნაყოფო სიბნელის გზაზე დადგებით. გეშინოდეთ, რომ არ მოჰყვეთ იმათ რიგებში, ვინც სარწმუნოება უარყვეს და ურწმუნოებზე უარესნი არიან.

მან დაამთავრა ლაპარაკი. შებრუნდა, კიდევ ერთხელ შეხედა მდინარეს, ბორცვს.

გრძნობები გულში მოიმწყვდია. როცა შინისკენ მივყვებოდი გვერდით, მის გაქვავებულ სიჩუმეში კარგად ვხვდებოდი, რას განიცდიდა ჩემ მიმართ. ის გრძნობდა სასტიკი და დესპოტური ბუნების ადამიანის იმედგაცრუებას, რომელიც წინააღმდეგობას წააწყდა იქ, სადაც მორჩილებას ელოდა. მას არ მოსწონდა საღი, უდრეკი მსჯელობა, რომლის საშუალებითაც მასში აღმოვაჩინე გრძნობები და აზრები, რომელთაც ვერ თანავუგრძნობდი. მოკლედ რომ ვთქვათ, როგორც ადამიანს, მას ძალით სურდა ჩემი დამორჩილება; მხოლოდ როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, იტანდა ასეთი მოთმინებით ჩემს სიჯიუტეს და ამდენ დროს მაძლევდა მოფიქრებისა და მონანიებისთვის.

იმ ღამეს, როცა დებს აკოცა, ხელის ჩამორთმევაც კი დაავიწყდა ჩემთვის. ოთახიდან ჩუმად გავიდა. თუმცა არ მიყვარდა, ძალიან მეგობრულად ვიყავი განწყობილი მის მიმართ და მეწყინა მისი საქციელი, იმდენად მეწყინა, რომ ცრემლი მომადგა თვალებზე.

- მგონი, შენ და სენტ-ჯონს უსიამოვნება მოგივიდათ. ჯეინ, - მითხრა დიანამ, - ტორფნარზე სეირნობის დროს. წადი, ტალანში გელოდება. შეგირიგდება.

ასეთ ვითარებაში არ ვარ ზედმეტად თავმოყვარე. მირჩევნია, ბედნიერი ვიყო, ვიდრე ჩემი ღირსება დავიცვა, და ამიტომაც გავეკიდე მას. კიბის ძირში დამხვდა.

- ღამე მშვიდობისა, სენტ-ჯონ! - ვთქვი მე.

- ღამე მშვიდობისა, ჯეინ! - მომიგო მშვიდად.

- მაშ, მომეცით ხელი, - დავუმატე.

ცივად ჩამომართვა ხელი. ძალიან კმაყოფილი იყო იმით, რაც იმ დღეს მოხდა. არც გულთბილობა, არც ცრემლები არ იმოქმედებდა მასზე, არ შეიძლებოდა მასთან შერიგება: არც გამამხნევებელ ღიმილს მიიღებდით, არც დიდსულოვან სიტყვას. მაგრამ, როგორც ქრისტიანი, მაინც მშვიდი და მოთმინებით სავსე იყო. როცა ვკითხე, მაპატია თუ არა, მიპასუხა, რომ არაფერი აქვს საპატიებელი, რადგან შეურაცხყოფილი არ ყოფილა.

ამ სიტყვებით დამტოვა. მე მერჩია, სილა გაეწნა ჩემთვის.

თავი ოცდამეთხუთმეტე

სენტ-ჯონი არ წავიდა კემბრიჯში მეორე დღეს. მან გადადო თავისი გამგზავრება ერთი კვირით და მთელი ამ დროის განმავლობაში მაგრძნობინებდა, როგორ შეიძლება დასაჯოს კარგმა, მეტად მკაცრმა, სინდისიერმა, მაგრამ უდრეკმა ადამიანმა ის, ვინც მას აწყენინა. არ გამოუმჟღავნებია აშკარა მტრობა, არ უთქვამს არც ერთი სასაყვედურო სიტყვა. ამას ახერხებდა ისეთი საქციელით, რომელიც მაგრძნობინებდა თანდათან, რომ მე მისი კეთილგანწყობა დავკარგე.

ფიქრადაც არ ჰქონია არაქრისტიანული შურისძიება; კიდეც რომ შესძლებოდა, არაფერს დამიშავებდა; როგორც ბუნებით, ისე პრინციპებით ის შურისძიების მდაბალ გრძნობაზე მაღლა იდგა. მან მაპატია სიტყვები მისი და მის მიერ შემოთავაზებული სიყვარულის უპატივცემლობის შესახებ, მაგრამ არ დავიწყებია ისინი და არც არასოდეს დაივიწყებდა. ყოველთვის, როცა მიყურებდა, მის გამოხედვაში ვხედავდი, რომ ეს სიტყვები იდგა ჩვენ შორის. როდესაც ვლაპარაკობდი, მაშინაც ისინი ესმოდა და მათი გამოძახილი ჟღერდა მის პასუხებშიც. ის ჩემთან ლაპარაკს არ გაურბოდა; დილაობით ისევ მეძახდა ხოლმე თავის საწერ მაგიდასთან სამეცადინოდ და, ვშიშობ, მის არსებაში ამ დროს მანკიერი ადამიანი ხარობდა. თუმცა, ამ სიხარულს მასში მყოფი ნამდვილი ქრისტიანი არ იზიარებდა. მთელი ოსტატობით ცდილობდა ჩემთან ლაპარაკსა და ურთიერთობაში, რომელიც, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი გეგონებოდათ, არც მოქმედებითა და არც სიტყვით არ გამოევლინა ის ინტერესი და კმაყოფილება, რაც ესოდენ მკაცრ მომხიბვლელობას მატებდა მის მეტყველებას უწინ. ჩემთვის ის უკვე ხორცშესხმული არსება კი არა, მარმარილო იყო: მისი თვალი - ცივი, მოელვარე, ცისფერი ქვა, მისი ენა - მოლაპარაკე ხელსაწყო და სხვა არაფერი.

ეს წამება იყო ჩემთვის - დახვეწილი, ხანგრძლივი წამება. ჩემში ის აღშფოთებასა და მწუხარებას იწვევდა, მაწვალებდა და მანადგურებდა. ისეთი გრძნობა მქონდა, მისი ცოლი რომ ვყოფილიყავი, ეს კარგი ადამიანი, წმინდა, როგორც ღრმა, უმზეო მდინარე, მალე მომკლავდა და ისე, რომ ჩემი ძარღვებიდან სისხლის ერთ წვეთსაც არ დაღვრიდა, თან თავის კრისტალურ სინდისზე დანაშაულის უმცირეს ლაქასაც არ იტვირთებდა. განსაკუთრებით მაშინ ვგრძნობდი ამას, როცა მისი გულის მობრუნებას ვცდიდი ხოლმე. შეწყალება არ არსებობდა ჩემთვის. მას არ ტანჯავდა ჩვენი ურთიერთობის გაწყვეტა, არც შერიგება სწყუროდა. და თუმცა ხშირად ჩემი ცრემლი ასველებდა ფურცელს, რომელზეც ორივე ვიყავით დახრილი, როგორც ქვასა და ლითონზე, ეს მასზე არ მოქმედებდა. ამ დროს საკუთარი დების მიმართ ჩვეულებრივზე უფრო რბილი იყო; თითქოს ეშინოდა, რომ მხოლოდ ეს სიცივე საკმარისად არ დამარწმუნებდა, რაოდენ გაძევებული ვიყავი მისი გულიდან; ამიტომაც ქმნიდა ამ განსხვავებას ურთიერთობაში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ასე პრინციპისა და არა სიბოროტის გამო იქცეოდა.

წასვლის წინაღამეს, მზის ჩასვლისას ბაღში სეირნობის დროს შემთხვევით დავინახე. როცა შევხედე, გამახსენდა, რომ ამ ადამიანმა, რომელიც ახლა მტრულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, ერთხელ სიკვდილს გადამარჩინა. გამახსენდა, რომ ჩვენ ახლო ნათესავები ვიყავით. ამიტომ უკანასკნელად ვცადე დამებრუნებინა მისი მეგობრობა. გარეთ გავედი და მივუახლოვდი. ის დაყრდნობოდა პატარა ჭიშკარს. მე მაშინვე საქმეზე დავიწყე ლაპარაკი.

- სენტ-ჯონ, მე უბედური ვარ, რადგან თქვენ ჯერ კიდევ ბრაზობთ ჩემზე. ვიყოთ მეგობრები.

- იმედი მაქვს, ჩვენ მეგობრები ვართ, - თქვა აუღელვებლად. კვლავინდებურად ამომავალ მთვარეს გასცქეროდა.

- არა, სენტ-ჯონ, ჩვენ აღარ ვართ ისეთი მეგობრები, როგორებიც ვიყავით, თქვენ ეს იცით.

- არა? ეს არ არის მართალი. მე ცუდი არ მსურს თქვენთვის. პირიქით, ყველაფერი კარგი მინდა.

- მჯერა, სენტ-ჯონ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ცუდი არავისთვის გინდათ. მაგრამ, რადგან მე თქვენი ნათესავი ვარ, უფრო მეტი სიყვარული მინდა, ვიდრე ის ყოვლისმომცველი გრძნობა, რომელიც თქვენ უცხოების მიმართ გაქვთ.

- რა თქმა უნდა, - თქვა მან, - თქვენი სურვილი გონივრულია. მე სრულიადაც არ მიმაჩნიხართ უცხოდ.

ეს სიტყვები გულგრილი, მშვიდი ტონით იყო ნათქვამი, მაგრამ საკმაოდ შეურაცხმყოფელი და გამანადგურებელი იყო ჩემთვის. მე რომ სიამაყესა და ბრაზს ავყოლოდი, მაშინვე გავეცლებოდი, მაგრამ რაღაც მამოძრავებდა, რაც ამ გრძნობებზე ბევრად უფრო ძლიერი იყო. თაყვანს ვცემდი ჩემი ბიძაშვილის ნიჭსა და პრინციპებს, მისი მეგობრობა ძვირფასი იყო ჩემთვის, მისი დაკარგვა ძალიან მაწუხებდა. არ შემეძლო ასე ადვილად დამეთმო ეს მეგობრობა.

- ასე უნდა დავშორდეთ ერთმანეთს, სენტ-ჯონ? როცა თქვენ ინდოეთში წახვალთ, დამტოვებთ ასე, რომ ერთ ტკბილ სიტყვასაც არ მეტყვით?

ახლა ის მოტრიალდა და პირდაპირ შემომხედა.

- როცა მე ინდოეთში წავალ, ჯეინ, თქვენ აქ დაგტოვებთ? რა, თქვენ არ მოდიხართ ინდოეთში?

- თქვენ ხომ თქვით, რომ არ შეიძლება ჩემი წამოსვლა, თუ თქვენი ცოლი არ ვიქნები?

- თქვენ არ გახდებით ჩემი ცოლი? თქვენ ისევ თქვენს გადაწყვეტილებას ადგახართ?

მკითხველო, თქვენც ჩემსავით იცით, რა სიცივე შეიძლება იგრძნოთ უგულო ადამიანის შეკითხვაში? როგორ ჰგავს მოზღვავებულ ზვავს მისი რისხვა? ან გაყინული ზღვის დასკდომას მისი უკმაყოფილება?

- არა, სენტ-ჯონ, მე არ ვიქნები თქვენი ცოლი. მე ჩემი გადაწყვეტილება არ შემიცვლია.

ზვავი დაიძრა და წამოვიდა, მაგრამ ჯერ არ დამცემოდა.

- კიდევ ერთხელ გეკითხებით, რატომ მეუბნებით უარს? - მკითხა მან.

- მაშინ იმიტომ გითხარით, - მივუგე მე, - რომ არ გიყვარდით. ახლა კი იმიტომ, რომ თითქმის გძულვართ. მე რომ თქვენზე გავთხოვდე, თქვენ მომკლავთ, თქვენ ახლაც მკლავთ.

მას ტუჩები და ლოყები გაუფითრდა. მთლად გაუთეთრდა.

- მე მოგკლავთ? მე გკლავთ? არ უნდა ხმარობდეთ ამ სიტყვებს: ესოდენ შმაგს, მცდარსა და ქალისთვის შეუფერებელს. ეს სიტყვები მოწმობენ, რომ თქვენი გონება ცუდ მდგომარეობაშია; ის მკაცრი გაკიცხვის ღირსია და გამართლება არ არსებობს. მაგრამ ადამიანის მოვალეობაა, აპატიოს მოძმეს, თუნდაც სამოცდამეჩვიდმეტეჯერ.

ახლა ყველაფერი დამთავრდა. როცა ნამდვილად მსურდა აღმომეფხვრა მისი გონებიდან პირველი შეურაცხყოფის კვალი, ამ უდრეკ ზედაპირზე მეორე და გაცილებით უფრო ღრმა კვალი დავაჩნიე. მე თვითონ ამოვწვი ის.

- ახლა ნამდვილად შემიძულებთ, - ვთქვი მე. - აზრი არა აქვს თქვენთან შერიგების ცდას. ვხედავ, თქვენი სახით საუკუნო მტერი შევიძინე.

ამ სიტყვებმა კიდევ ახალი, უარესი ზიანი მოიტანეს, რადგან სიმართლეს შეეფერებოდნენ. ფერმკრთალი ტუჩები წამით დაეკრუნჩხა. ვიცოდი, რა საშინელი რისხვა გამოვიწვიე მასში. გული მომეწურა.

- თქვენ უკუღმა გესმით ჩემი სიტყვები, - ვუთხარი და ხელში ვტაცე ხელი. - არავითარი სურვილი არ მაქვს, ტკივილი ან მწუხარება მოგაყენოთ; დამიჯერეთ.

მან ძალიან მწარედ გაიღიმა. გადაჭრით გამომტაცა ხელიდან ხელი.

- მაშ, უკან მიგაქვთ პირობა და აღარ წამოხვალთ ინდოეთში, არა? - მკითხა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

- წამოვალ, როგორც თქვენი თანაშემწე, - მივუგე მე.

ამას მოჰყვა მეტად ხანგრძლივი სიჩუმე. რა ბრძოლა მიმდინარეობდა მის ბუნებასა და სათნოებას შორის, ვერ გეტყვით. დროდადრო თვალები უელავდა, უცნაური ჩრდილები უკრთოდა სახეზე. ბოლოს დაილაპარაკა.

- ადრეც დაგიმტკიცეთ, რომ უაზრობაა, როცა თქვენი ხნის გაუთხოვარი ქალი ჩემი ხნის უცოლო კაცს სთავაზობს, საზღვარგარეთ წამოგყვებიო. მე ეს ისე დაგისაბუთეთ, მეგონა, აღარ წამოიწყებდით ამაზე საუბარს. ახლა, რაკი არ იშლით, მე ვნანობ ამას - ისევ თქვენ გამო.

სიტყვა გავაწყვეტინე. ყველაფერი, რაც კი საყვედურს წააგავდა, მაშინვე მიბრუნებდა ძალ-ღონეს.

- გონებას მოუხმეთ, სენტ-ჯონ! თქვენი სიტყვები უაზრობას უახლოვდება. თავს ისე მაჩვენებთ, თითქოს ჩემი სიტყვები გაძრწუნებთ. სინამდვილეში, შეძრწუნებული არ ხართ, რადგან თქვენისთანა მაღალი გონების პატრონი არ შეიძლება იყოს ისეთი გონებაჩლუნგი ან ისეთი თავდაჯერებული, რომ ვერ გაიგოს, რისი თქმა მინდა. ვიმეორებ, მე ვიქნები თქვენი თანაშემწე, თუ გსურთ, მაგრამ თქვენი ცოლი არასოდეს გავხდები.

ისევ საშინლად გაფითრდა, მაგრამ ისევე, როგორც მანამდე, შესანიშნავად დაიოკა ვნება. ხაზგასმით, მაგრამ მშვიდად მიპასუხა:

- ქალი - თანამშეწე, რომელიც ჩემი ცოლი არ არის, არ გამომადგება. ესე იგი, როგორც ჩანს, ჩემთან ერთად ვერ წამოხვალთ. მაგრამ თუ თქვენი სურვილი გულწრფელია, როცა ქალაქში ვიქნები, მოველაპარაკები რომელიმე ცოლიან მისიონერს, რომლის ცოლი მშველელს საჭიროებს. თქვენი სახსრების წყალობით დამოუკიდებელი იქნებით და მისიონერთა საზოგადოების დახმარება არ დაგჭირდებათ. ამგვარად, არ დაგჭირდებათ სიტყვის გატეხა და ამით თავის შერცხვენა, და არც იმ ჯგუფის მიტოვება, რომელსაც თქვენ უნდა შეუერთდეთ.

როგორც მკითხველმა იცის, მე, სინამდვილეში, არც პირობა მიმიცია და არც ხელშეკრულება დამიდია ვინმესთან წასვლაზე. ამიტომაც მისი სიტყვები მეტად მწარე და დესპოტური იყო. მე მივუგე:

- ამაში სამარცხვინო არაფერია; არც სიტყვას გავტეხ, არც რამეს გავურბივარ. სრულიადაც არ ვარ ვალდებული წავიდე ინდოეთში, განსაკუთრებით, უცხოებთან ერთად. თქვენთან ერთად გავბედავდი და წამოვიდოდი, რადგან პატივს გცემთ. მჯერა თქვენი და, როგორც დას, მიყვარხართ. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რა დროსაც და ვისთან ერთადაც უნდა წავიდე, იმ პირობებში დიდხანს ვერ ვიცოცხლებ.

- აა, თქვენს თავზე ფიქრობთ, - წარმოთქვა მან და ტუჩი აიბზუა.

- დიახ, ღმერთს ჩემთვის სიცოცხლე გადასაგდებად არ მოუცია და თქვენი სურვილი რომ შევასრულო, როგორც ახლა ვფიქრობ, თვითმკვლელობა იქნება. უფრო მეტიც, სანამ საბოლოოდ გადავწყვეტ ინგლისის დატოვებას, დანამდვილებით უნდა ვიცოდე, დარჩენით მეტ სარგებლობას ხომ არ მოვიტან, ვიდრე წასვლით.

- რისი თქმა გინდათ?

გაგრძელება შემდეგ ნომერში