ჯეინ ეარი (თა­ვი ოც­და­მეთ­ხუთმე­ტე) - გზაპრესი

ჯეინ ეარი (თა­ვი ოც­და­მეთ­ხუთმე­ტე)

- სრულიად უსარგებლო იქნება ამის ახსნა თქვენთვის. მაგრამ არის ერთი რამ, რაც დიდი ხანია მტკივნეულ ეჭვს იწვევს ჩემში. მე ვერსად წავალ, სანამ რამე საშუალებით არ გავარკვევ ამ ამბავს.

- მე ვიცი, რაც გაქვთ გულში და საითკენ მიილტვით. ის ინტერესი, რომელსაც გულით ატარებთ, უკანონოა და ღვთისგან შეუწყნარებელი. დიდი ხნის წინ უნდა მოგესპოთ იგი. უნდა წითლდებოდეთ ახლა, როცა მასზე ლაპარაკობთ. ისევ მისტერ როჩესტერზე ფიქრობთ?

ეს სიმართლე იყო და დუმილით ვაღიარე.

- მისტერ როჩესტერის ძებნას აპირებთ?

- უნდა გავიგო, როგორ არის.

- მეტი არაფერი დამრჩენია, - თქვა მან, - გარდა იმისა, რომ ლოცვებში მოგიხსენოთ და მთელი გულით შევთხოვო ღმერთს, არ იქცეთ საზოგადოებისგან გარიყულ ადამიანად. მე მეგონა, რომ თქვენში ღვთის რჩეული შევიცანი. მაგრამ ღმერთი სხვანაირად ხედავს. აღსრულდეს ნება მისი.

მან გააღო ჭიშკარი, გავიდა გარეთ და ვიწრო ხეობას აუყვა. მალე თვალს მიეფარა.

როცა სასტუმრო ოთახში დავბრუნდი, დავინახე, რომ დიანა ძალზე ჩაფიქრებული იდგა. დიანა ბევრად უფრო მაღალი იყო ჩემზე. მხარზე ხელი დამადო, დაიხარა და სახეში ჩამხედა.

- ჯეინ, - მითხრა მან, - ამ ბოლო ხანებში მუდამ აღელვებული და ფერმკრთალი ხარ. დარწმუნებული ვარ, რაღაც მოხდა. მითხარი, რა გეგმებს აწყობთ შენ და სენტ-ჯონი. მე გიყურებდით ფანჯრიდან ნახევარი საათის განმავლობაში. უნდა მაპატიო ეს ჯაშუშობა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში, ღმერთმა იცის, რაზე არ ვფიქრობდი. სენტ-ჯონი ისეთი უცნაური ვინმეა, რომ...

ის შეჩერდა. მე ხმა არ ამომიღია. მალე მან განაგრძო:

- დარწმუნებული ვარ, ჩემს ძმას რაღაც აზრები და გეგმები აქვს შენთან დაკავშირებით. დიდი ხანია, რაც გამოგარჩია სხვებში და დაინტერესდა შენით ისე, როგორც არასოდეს არც ერთი პიროვნებით არ დაინტერესებულა. რატომ? ნეტა, უყვარდე; ჯეინ, უყვარხარ?

მისი გრილი ხელი დავიდე გახურებულ შუბლზე და ვუპასუხე:

- არა, დი, ოდნავადაც არა.

- მაშ, რატომ გაყოლებს თვალს მუდამ, რატომ ცდილობს განმარტოებას შენთან და რატომ ჰყავხარ გამუდმებით თავისთან? მერიმ და მე დავასკვენით, რომ მას შენი ცოლად შერთვა უნდა.

- მართალია. მან მთხოვა ცოლობა.

დიანამ ტაში შემოკრა.

- სულ ამაზე ვოცნებობდით და ვფიქრობდით. ხომ გახდები მისი ცოლი, ჯეინ? და მაშინ ის ინგლისში დარჩება.

- პირიქით, დიანა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მან ცოლობა შემომთავაზა, არის ის, რომ შესაფერისი დამხმარე სჭირდება თავისი საქმისთვის ინდოეთში.

- რა? მას უნდა, რომ შენ ინდოეთში წახვიდე?

- ჰო.

- სიგიჟეა! - წამოიძახა მან. - სამ თვესაც ვერ გაძლებ იქ, დარწმუნებული ვარ. შენ არ წახვალ იქ, ხომ არ დათანხმდი, ჯეინ?

- მე უარი ვუთხარი ცოლობაზე...

- და, რა თქმა უნდა, მისი უკმაყოფილება გამოიწვიე?

- საშინელი, ვშიშობ, არასოდეს მაპატიებს. თუმცა, შევთავაზე, რომ წავყვები, როგორც და.

- ამის გაკეთება ნამდვილი სისულელეა, ჯეინ. წარმოიდგინე ის საქმე, რომელიც იკისრე: გამუდმებით უნდა იღლებოდე იმ ქვეყანაში, სადაც დაღლა ძლიერებსაც კი კლავს. შენ კი სუსტი ხარ. ხომ იცნობ სენტ-ჯონს? ის შეუძლებელს მოგთხოვს. მასთან სიცხეშიც კი არ გექნება დასვენების უფლება. და, სამწუხაროდ, შევამჩნიე, შენ აიძულებ შენს თავს გააკეთო ის, რასაც ის ამოიჩემებს. მიკვირს, როგორ მოახერხე უარი მის ცოლობაზე. მაშ, არ გიყვარს, ჯეინ?

- როგორც ქმარი, არა.

- მაგრამ ხომ ლამაზია.

- მე კი ძალიან შეუხედავი ვარ, დი. ჩვენ შეუფერებლები ვართ.

- შეუხედავი, შენ? სრულიადაც არა. შენ მეტისმეტად ლამაზი და კარგი ხარ და ცოდვა ხარ იმისთვის, რომ ცოცხლად შეიწვა კალკუტაში, - და ისევ სერიოზულად მემუდარა, რომ მის ძმასთან ერთად წასვლაზე არც მეფიქრა.

- მართალი ხარ, - მივუგე მე, - რადგან ახლა, როდესაც გავუმეორე, რომ თანაშემწედ წავყვები, ის განცვიფრდა, არ მოეწონა. მიაჩნია, რომ თავდაჭერილობა მაკლია, რომ შეუფერებლად მოვიქეცი, როცა მას დაუქორწინებლად წასვლა შევთავაზე; თითქოს თავიდანვე იმედი არ მქონოდა, რომ ძმა ვპოვე მასში, თითქოს ყოველთვის ასეთად არ მიმაჩნდა.

- რატომ გგონია, რომ არ უყვარხარ, ჯეინ?

- უნდა მოუსმინო როგორ ლაპარაკობს ამ საკითხზე. მან ბევრჯერ განმიმარტა, რომ ცხოვრების თანამგზავრი თავისთვის კი არა, საქმისთვის უნდა. მან მითხრა, რომ მე სიყვარულისთვის კი არა, შრომისთვის ვარ შექმნილი. ეს უდავოდ მართალია, მაგრამ, გამოდის, თუ სიყვარულისთვის არ ვარ შექმნილი, არც ქორწინებისთვის გამოვდგები. განა, უცნაური არ იქნება, დი, რომ მთელი სიცოცხლე მიჯაჭვული იყო ადამიანზე, რომელსაც მხოლოდ სასარგებლო იარაღად მიაჩნიხარ?

- მიუღებელია, არაბუნებრივია. ამაზე ფიქრიც კი გამორიცხულია.

- მერე, - განვაგრძე მე, - თუმცა ახლა მიყვარს მხოლოდ დაძმური სიყვარულით, თუ მაიძულა გავხდე მისი ცოლი, დასაშვებია, რომ შემიყვარდეს გარდაუვალი, უცნაური, გამაწამებელი სიყვარულით, იმიტომ, რომ ასეთი ნიჭიერია და მის გამოხედვაში, საქციელში, საუბარში ზოგჯერ საოცარი სიდიადე იგრძნობა. ასეთ შემთხვევაში, ჩემი ხვედრი არაჩვეულებრივად მძიმე იქნება. მას არ ენდომება, რომ მიყვარდეს; თუ გრძნობას გამოვამჟღავნებ, ის მაგრძნობინებს, რომ ეს ზედმეტია და მას არ სჭირდება, თანაც არ შემფერის. მე ვიცი, რომ ასე მოიქცევა.

- და მაინც, სენტ-ჯონი კარგი ადამიანია, - წარმოთქვა დიანამ.

- ის კარგი და დიდი ადამიანია, მაგრამ უმოწყალოდ ავიწყდება პატარა ადამიანების მოთხოვნილებები და გრძნობები, როდესაც დიადი მიზნების განხორციელებისთვის იბრძვის. ამიტომ უმჯობესია, უმნიშვნელო ადამიანები არ გადაუდგნენ გზაზე, რომ წინსვლის დროს არ გასრისოს ისინი. აგერ, მოდის! მე დაგტოვებ, დიანა, - ვუთხარი და ზევით გავეშურე, როცა დავინახე, რომ ის ბაღში შემოდიოდა.

მაგრამ იძულებული ვიყავი შევხვედროდი ვახშმის დროს. სუფრაზე ის ისევე თავდაჭერილი იყო, როგორც ყოველთვის. მეგონა, არც კი დამელაპარაკებოდა და დარწმუნებული ვიყავი, ხელი აიღო ფიქრზე ჩვენი შეერთების შესახებ. როგორც შემდეგ დავინახე, ვცდებოდი ორივე საკითხში. ლაპარაკის დროს იგი მომმართავდა ჩვეულებრივად, უფრო სწორად, როგორც ბოლო დროს მომმართავდა ხოლმე - ძალიან თავაზიანად. უდავოდ, მან წმინდა სულს მოუხმო დასახმარებლად, იმ ბრაზის დასაოკებლად, რომელიც მე მასში გამოვიწვიე, და სწამდა, რომ კიდევ ერთხელ მაპატია.

საღამოს ლოცვების წინ წასაკითხად ბიბლიის 21-ე თავი აირჩია. ყოველთვის სასიამოვნო იყო მოსმენა, როდესაც სენტ-ჯონი ბიბლიას კითხულობდა. არასოდეს ჟღერდა მისი ლამაზი ხმა ისე სავსედ და ტკბილად; არასოდეს იყო მისი ქცევა ისე შთამაგონებელი თავისი კეთილშობილური სისადავით, როგორც იმ დროს, როცა ქადაგებდა ღვთიურ ჭეშმარიტებას; იმ საღამოს მისი ხმა უფრო საზეიმოდ ჟღერდა, მისი ქცევა უფრო მეტად გვგვრიდა ჟრჟოლას, როცა იჯდა შინაურების წრეში (მაისის მთვარე შემოდიოდა უფარდო ფანჯრიდან და ისე ანათებდა ოთახს, რომ მაგიდაზე მდგომი სანთელი თითქმის აღარ იყო საჭირო). დახრილი იყო ძველ ბიბლიაზე; გვიამბობდა, როგორ ჩამოვა ღმერთი დედამიწაზე და იცხოვრებს ადამიანთა შორის, როგორ მოსწმენდს მათ ცრემლს; გვპირდება, რომ აღარ იქნება სიკვდილი, არც ნაღველი, არც ტირილი, აღარც ტკივილი, რადგან ყველაფერი, რაც იყო, წავიდა.

მომდევნო სიტყვებმა უცნაურად ამაღელვეს, განსაკუთრებით, როცა ვიგრძენი, რომ ხმა ოდნავ, თითქმის შეუმჩნევლად შეეცვალა და ამ დროს მზერა ჩემკენ მომართა.

- "ის, ვინც მოითმენს, ყველაფერს მიიღებს: და მე ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე. მაგრამ, - კითხულობდა ნელა, მკაფიოდ, - საზარელნი, ურწმუნონი და სხვანი მიიღებენ საკადრისს იმ ტბაში, რომელშიც ცეცხლი და გოგირდი იწვის და რომელიც მეორე სიკვდილს უდრის".

ახლა მე ვიცოდი, როგორ ხვედრს მიქადდა სენტ-ჯონი. მშვიდი, დაუოკებელი ზეიმი, შერეული რაღაც ძლიერ სურვილთან, ახლდა ამ თავის უკანასკნელ დიდებულ სტრიქონებს; მკითხველს სჯეროდა, რომ მისი სახელი უკვე იყო მოხსენიებული ქრისტეს წყალობის მქონეთა შორის და მოუთმენლად ელოდა იმ დროს, როდესაც შევიდოდა იმ ქალაქში, სადაც ამქვეყნიურ მეფეებს მიაქვთ თავიანთი პატივი და დიდება; სადაც არც მზე და არც მთვარეა საჭირო, რადგან ღვთის სიდიადე ანათებს მას და ქრისტეა მისი სინათლე.

ლოცვაში, რომელიც ამ თავს მოჰყვება, თავი მოუყარა მთელ თავის ენერგიას. მისმა სასტიკმა მგზნებარებამ გაიღვიძა. ის გულწრფელად კითხულობდა და ერკინებოდა ღმერთს და გადაწყვეტილი ჰქონდა გამარჯვება. ის ძალას მატებდა უძლურთ; მეგზური იყო გზადაბნეულთათვის; ის მხურვალედ და გულწრფელად ემუდარებოდა, არწმუნებდა და ითხოვდა, რომ დაღუპვისკენ მიმავალი ადამიანი გადაერჩინათ დაწვისგან. პირველად, როცა ამ ლოცვას ვუსმენდი, მაოცებდა მისი გულწრფელობა, შემდეგ გული ამიჩუყა მან და ბოლოს სევდით ამავსო, იმდენად გულწრფელად სწამდა თავისი მიზნის სიდიადე და სიკეთე; სხვებმაც, ვისაც ესმოდა მისი ვედრება, იგრძნეს ეს.

როცა ლოცვა დამთავრდა, გამოვემშვიდობეთ. ძალიან ადრე უნდა წასულიყო დილით. დიანამ და მერიმ აკოცეს მას და გავიდნენ ოთახიდან. მე მგონი, მათი წასვლა მისი ნაკარნახევი იყო. მე ხელი გავუწოდე და კეთილი მგზავრობა ვუსურვე.

- გმადლობთ, ჯეინ. როგორც ვთქვი, კემბრიჯიდან ორი კვირის შემდეგ დავბრუნდები. მხოლოდ ეს დრო დაგრჩათ მოფიქრებისთვის. მე რომ ადამიანის სიამაყეს ვუგდებდე ყურს, აღარაფერს გეტყოდით ქორწინებაზე. მე ჩემი მოვალეობა მაქვს და მტკიცედ ვემსახურები ჩემს მიზანს - ყველაფერი გავაკეთო ღვთის სადიდებლად. ჩემი მეუფე დიდხანს იტანჯებოდა, მეც დავიტანჯო. მე ვერ გაგწირავთ დასაღუპავად: მოინანიეთ და გადაწყვიტეთ, სანამ დრო გაქვთ. გახსოვდეთ, ჩვენ დაბადებული ვართ შრომისთვის, სანამ დღეა, ვიცით, რომ "ღამე მაშინ დადგება, როცა არავინ იმუშავებს~. გაიხსენეთ დივესის ბედი, რომელმაც ცხოვრებაში მიიღო ბედნიერება. ღმერთმა მოგცეთ ძალა, აირჩიოთ უკეთესი გზა!

ამ სიტყვების წარმოთქმისას თავზე დამადო ხელი. ის გულწრფელად, თავმდაბლურად ლაპარაკობდა; მისი მზერა, რა თქმა უნდა, არ იყო ისეთი, როგორითაც შეყვარებული კაცი უყურებს საყვარელ ქალს; ეს იყო მზერა პასტორისა, რომელიც უყურებს თავის გზააბნეულ სამწყსოს, ან, უკეთ რომ ვთქვა - მფარველი ანგელოზის, რომელიც თვალყურს ადევნებს მისი მფარველობის ქვეშ მყოფის სულს. ყველა ნიჭიერ მამაკაცს, მიუხედავად იმისა, მგრძნობიარეა, ფანატიკოსია, მებრძოლია თუ დესპოტი - თუ ის გულწრფელია, ცხოვრებაში სიდიადის მომენტები აქვს. ეს ხდება, როცა ისინი ამარცხებენ ვინმეს და ბატონობენ მასზე. სენტ-ჯონის მიმართ თაყვანისცემა ვიგრძენი, თანაც ისეთი ძლიერი, რომ მივაღწიე მდგომარეობამდე, რომელსაც მანამდე ასე გავურბოდი. სურვილი მქონდა შემეწყვიტა ბრძოლა მასთან, მისი სურვილის ნაკადს გავყოლოდი, მისი არსებობის მორევს შევერთებოდი და იქ ჩემი საკუთარი გულის ხმა დამეკარგა. მე თითქმის ისევე ძლიერად ვიყავი შეპყრობილი მისით ახლა, როგორც მანამდე, თუმცა სულ სხვა გრძნობით, მეორე ადამიანით. ორივეჯერ სულელი ვიყავი. მაშინ რომ დავმორჩილებოდი მას, ეს იქნებოდა პრინციპის დარღვევა. ახლა დანებება კი გონიერებიდან გადახვევა გამოვიდოდა. ასე ვფიქრობ ახლა, როდესაც ვიგონებ ამ კრიტიკულ მდგომარეობას და ვუყურებ მას დროის მშვიდი ფარდის იქიდან; იმწუთში ვერ ვგრძნობდი საკუთარ სისულელეს.

უძრავად ვიდექი ჩემი მოძღვრის ხელის შეხებისას. უარი დავიწყებული მქონდა, შიში - დათრგუნვილი, ბრძოლის უნარი - დაკარგული. შეუძლებელი - ჩემი ქორწინება სენტ-ჯონთან - შესაძლებლად მიმაჩნდა, ყველაფერი ძირფესვიანად იცვლებოდა ხელის ერთი უეცარი მოსმით. სარწმუნოება მომიწოდებდა; ანგელოზები მიხმობდნენ; უფალი მიბრძანებდა; ცხოვრება ერთდებოდა; სიკვდილის კარი იხსნებოდა და მარადიულობა მოჩანდა. მეგონა, იმ ქვეყანაზე სიმშვიდისა და ნეტარებისთვის ყოველივე ქვეყნიურის დათმობა შეიძლებოდა ერთ წამში. ბუნდოვნად განათებული ოთახი სავსე იყო სხვადასხვა ხილვით.

- შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ახლა? - მკითხა მისიონერმა. კითხვა ნაზი ხმით იყო დასმული. ასევე ნაზად მიმიზიდა თავისკენ. ოჰ, ეს სინაზე! ის ძალაზე ძლიერია. მე შემეძლო გამეწია წინააღმდეგობა სენტ-ჯონის რისხვისთვის. ლერწამივით დრეკადი გავხდი მისი კეთილი მოპყრობის შედეგად და მაინც სულ მახსოვდა, თუ დავნებდებოდი, არანაკლებ მანანებდა ოდესმე ჩემს პირვანდელ წინააღმდეგობას. მისი ბუნება არ შეცვლილა ერთი საათის გულწრფელი ლოცვის შედეგად. ის მხოლოდ ამაღლებული იყო.

- მე გადავწყვეტდი, დარწმუნებული რომ ვიყო, - მივუგე მე, - დარწმუნებული რომ ვიყო, ჩვენი ქორწინება მართლა ღვთის სასურველი საქმეა. აქვე შემოგფიცავთ ცოლობას, რაც უნდა მომხდარიყო მერე.

- ჩემი ლოცვები ისმინა ღმერთმა, - წამოიძახა სენტ-ჯონმა. უფრო მაგრად დამაჭირა ხელი თავზე, თითქოს თავისად მთვლიდა. მკლავი მომხვია ისე, თითქოს ვუყვარდი (მე ვამბობ "თითქოს", რადგან ვიგრძენი სხვაობა, რადგან ვიცოდი, როგორი გრძნობაა, როცა ვიღაცას უყვარხარ. მაგრამ სენტ-ჯონივით მეც აღარ ვფიქრობდი სიყვარულზე. ვფიქრობდი მხოლოდ მოვალეობაზე). მე შევებრძოლე ჩემს თავს, რადგან ჯერჯერობით სურათი ნათელი არ იყო ჩემთვის, მას ჯერ კიდევ ღრუბლები ფარავდა. გულწრფელად, ღრმად, მგზნებარედ მწყუროდა იმის გაკეთება, რაც სწორი იყო. ზეცას შევევედრე: "მიჩვენე გზა!" უჩვეულოდ აღელვებული ვიყავი; და იყო თუ არა ის, რაც მოჰყვა ამას, გამოწვეული ჩემი მღელვარებით, მკითხველმა განსაჯოს.

სახლში სიწყნარე იყო, რადგან ჩემსა და სენტ-ჯონის გარდა, ყველას ეძინა. ერთადერთი სანთელი ილეოდა. ოთახი სავსე იყო მთვარის შუქით. გული სწრაფად და მძლავრად მიცემდა. მესმოდა მისი ფეთქვა. უცებ ის გაჩერდა, რადგან რაღაც გამოუთქმელმა გრძნობამ გაიარა მასში და ჩემს თავსა და კიდურებს გადაეცა. ეს გრძნობა არ ჰგავდა ელექტრობის დავლას სხეულში, მაგრამ ისევე მწვავე, უცნაური, შემაკრთობელი იყო. ამ გრძნობამ გამომაფხიზლა. რაღაცას ველოდი, თვალი და ყურიც ელოდა, ვთრთოდი.

- რა გაიგონეთ? რას ხედავთ? - ჩამეკითხა სენტ-ჯონი. არაფერს ვხედავდი, მაგრამ ხმამაღლა მესმოდა ძახილი: "ჯეინ! ჯეინ! ჯეინ!" და სხვა არაფერი.

- ოჰ, ღმერთო, რა არის ეს? - აღმომხდა.

მე შემეძლო მეკითხა: - საიდან ისმის? - რადგან ხმა ოთახიდან არ მოდიოდა, არც სახლიდან, არც ბაღიდან, ის არც ჰაერიდან ისმოდა, არც დედამიწიდან, არც ზემოდან. არ ვიცი, საიდან მომესმა, ვერც ვერასოდეს გავიგებ. ეს იყო ადამიანის ხმა - ნაცნობი, საყვარელი; ხმა, რომელიც კარგად მახსოვდა - ედვარდ ფეიერფექს როჩესტერის ხმა; მასში ტკივილი იგრძნობოდა, უბედურება, სიგიჟე, შეძრწუნება, გასაჭირი.

- მოვდივარ, - წამოვიძახე, - მომიცადე! ოჰ, მოვალ!

კარს ვეცი და ტალანში გავიხედე. იქ ბნელოდა. გავვარდი ბაღში. იქ არავინ იყო.

- სად ხარ? - შევძახე.

მარშ გლენის იქით მთები გამომეხმაურნენ სუსტად: სად ხარ? - ყური მივუგდე. ქარი კვნესოდა ნაძვებში. ტორფნარი დუმდა და ირგვლივ შუაღამის სიჩუმე გამეფებულიყო.

- ძირს ცრუმორწმუნეობა, - წარმოვთქვი მე, როდესაც ის აჩრდილი შავად წამოიმართა ჭიშკართან მდგარ შავ ურთხლებთან. - ეს არც თქვენი ტყუილია, არც ჯადოქრობა. ეს ბუნების საქმეა. ის აღელვებული იყო. არა, სასწაული არ მოუმოქმედებია, გააკეთა მხოლოდ ის, რაც შეეძლო.

გამოვექეცი სენტ-ჯონს, რომელიც გამომყვა და მაჩერებდა კიდეც. ახლა ჩემი ჯერი იყო ბატონობის. ახლა ძლიერი ვიყავი. ვუთხარი, გაჩუმდით-მეთქი, მინდოდა, მარტო დავეტოვებინე. მარტო უნდა ვყოფილიყავი. მაშინვე დამემორჩილა. იქ, სადაც ბრძანების ძალა შეგწევს, მორჩილებას ყოველთვის იპოვი. ჩემს ოთახში ავედი, ჩავიკეტე. მუხლებზე დავეცი და ვილოცე, ჩემებურად; ჩემი ლოცვა სენტ-ჯონისას არ ჰგავდა, მაგრამ შვება მომიტანა. თითქოს ძალიან ახლოს ვიყავი ყოვლისშემძლე წმინდა სულთან. ჩემი სული მადლობის ნიშნად მის ფეხებთან დაემხო. მადლობის შეწირვის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება და დავწექი. არ მეშინოდა, სული გამინათლდა და მოუთმენლად ველოდი გათენებას.

თავი ოცდამეთექვსმეტე

ინათა. ალიონზე ავდექი. ერთ-ორ საათში ჩემს ოთახში ყველაფერი მოვაწესრიგე. ჩემი ნივთები კომოდსა და კარადაში ჩავალაგე, რათა ასე დამეტოვებინა ყველაფერი ჩემი ხანმოკლე მოგზაურობის დროს. საქმიანობაში გართულს, შემომესმა, რომ სენტ-ჯონი ოთახიდან გამოვიდა. ჩემს კართან შეჩერდა; ვშიშობდი, დააკაკუნებს-მეთქი, მაგრამ არა. მან მხოლოდ ქაღალდის პატარა ფურცელი შემოაგდო კარის ქვეშ. ავიღე. წავიკითხე.

"თქვენ ისე უეცრად დამტოვეთ წუხელ. ოდნავ მეტხანს რომ დარჩენილიყავით, აუცილებლად ხელს მოჰკიდებდით ქრისტეს ჯვარს და ანგელოზთა გვირგვინს. ორი კვირის შემდეგ, ამავე დღეს ველი თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ დროის განმავლობაში გაფრთხილდით და ილოცეთ. არ გძლიოთ ცდუნებამ: მწამს, თქვენი სული მზადაა დიადი საქმისთვის, მაგრამ ხორცი, როგორც ვხედავ, სუსტია. ვილოცებ თქვენთვის ყოველ წუთს. თქვენი სენტ-ჯონი".

"ჩემი სული, - გონებაში ვპასუხობდი, - მზადაა შეასრულოს ის, რაც ჭეშმარიტია, ხოლო ჩემი ხორცი, მწამს, საკმაოდ ძლიერია აღასრულოს ნება ღვთისა, თუკი ეს ნება ჩემთვის ნათელია. ყოველ შემთხვევაში, საკმაოდ ძლიერი იქნება, რომ ეძიოს, იკითხოს, იპოვოს გამოსავალი; სიბნელით მოცულ ეჭვს თავი დააღწიოს და ნახოს ჭეშმარიტების ნათელი დღე~.

პირველი ივნისი იდგა, მაგრამ დილა მაინც ბურუსიანი და ცივი იყო. ფანჯრის მინაზე წვიმას შხაპუნი გაჰქონდა. შემომესმა, როგორ გაიღო სადარბაზო კარი და სენტ-ჯონი გავიდა. ფანჯრიდან დავინახე, როგორ გაიარა მან ბაღი და უიტკროსისკენ მიმავალ, ბურუსში გახვეულ, ტორფიან გზას დაადგა. იქ საფოსტო ეტლს უნდა დახვედროდა.

"რამდენიმე საათში მეც იმავე გზას დავადგები, ბიძაშვილო ჩემო, - ვფიქრობდი ჩემთვის, - მეც უნდა შევხვდე საფოსტო ეტლს უიტკროსთან; მე უნდა მოვიკითხო და ვნახო ერთი ადამიანი, ვიდრე სამუდამოდ მივატოვებ ინგლისს".

საუზმემდე ორი საათი იყო დარჩენილი. ამ დროის განმავლობაში ოთახში უხმაუროდ ბოლთას ვცემდი და ვფიქრობდი იმ საიდუმლო ხმაზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა ჩემი გეგმები. კვლავ გაცოცხლდა წინათ განცდილი გრძნობები; გამახსენდა, ყველაფერი როგორ უცნაურად მოხდა; ისე უცნაურად, რომ ძნელია აღწერაც. გამახსენდა ის ხმა და კვლავ ამაოდ ვეკითხებოდი თავს, საიდან მომესმა; როგორც ჩანს, ის ჩემგანვე მოდიოდა. ნეტავ, უბრალოდ ნერვიულობით გამოწვეული ხომ არ იყო, ან ხომ არ მომეჩვენა. არ მჯეროდა და ვერც გავრკვეულიყავი; ის უფრო ზეშთაგონებას ჰგავდა. გრძნობათა ეს გასაოცარი შეშფოთება იმ მიწისძვრას წააგავდა, რომელმაც დალეწა პავლესა და საილასის საპატიმრო; სულს გაუღო საკნის კარი და ბორკილები ჩამოხსნა; გამოაღვიძა ძილისგან; და აღდგა სული თრთოლვით, სმენადქცეული, განცვიფრებული; შემდეგ, ისედაც გაოცებულს, კიდევ სამჯერ შემომესმა მისი კივილი; გული ამიძგერდა და სულში ჩამწვდა; მაგრამ არ შემაშინა, არც თავზარი დამცა, არამედ სიხარულით ამავსო, რომ ამ ცოდვილი სხეულისგან გათავისუფლებულს მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება.

"რამდენიმე დღეში, - გადავწყვიტე ფიქრის შემდეგ, - უთუოდ გავიგებ რამეს მასზე, ვინც წუხელ თავისთან მიხმობდა. წერილებით ხომ ვერაფერს გავხდი, წავალ, პირადად მივაკითხავ~.

საუზმეზე დიანასა და მერის ვუთხარი, რომ მივდივარ და სულ მცირე, ოთხი დღე მაინც დამჭირდებოდა ჩემი საქმისთვის.

- მარტო მიდიხარ, ჯეინ? - იკითხეს მათ.

- დიახ. უნდა ვნახო ან რაიმე გავიგო ერთ მეგობარზე. ამ ბოლო დროს მასზე ფიქრი არ მასვენებს.

ეჭვი არ მეპარება, რომ თავში გაუელვათ აზრმა, აკი, ჩვენ გარდა, არავინ გყავსო. ბევრჯერ თვითონ მითქვამს ეს მათთვის. ალბათ, მეტყოდნენ კიდეც, მაგრამ ბუნებით იმდენად თავდაჭერილნი იყვნენ, არაფერი მითხრეს. დიანამ მხოლოდ ის მკითხა, დარწმუნებული ხარ, რომ აიტან ამ მგზავრობასო? ისიც დასძინა, ძალიან ფერმკრთალი ხარო. დავამშვიდე, ვუთხარი, მხოლოდ სულიერად ვარ შეშფოთებული და ესეც მალე გაივლის-მეთქი.

დანარჩენის მოგვარება ადვილი იყო; არავინ მაწუხებდა არც შეკითხვებით და არც ეჭვებით. ავუხსენი, რომ არ შემეძლო მათთვის ჩემი გეგმები გამეცნო და ისინიც დამეთანხმნენ ჩვეული კეთილშობილებითა და სიბრძნით. შესაძლებლობა მომცეს მემოქმედა, როგორც საჭიროდ ჩავთვლიდი. მეც ხომ ასევე მოვიქცეოდი.

მურ-ჰაუსიდან დღის სამ საათზე გავემგზავრე და მეხუთე საათი იყო დაწყებული, რომ უიტკროსის სანიშნე ბოძთან ვიდექი. ველოდი ეტლს, რომელსაც შორს, თორნფილდში უნდა წავეყვანე. მიტოვებული გზები და უკაცრიელი გორაკები დუმდნენ და სიჩუმეში ჯერ კიდევ შორიდან შემომესმა, როგორ მიახლოვდებოდა ეტლი. ეს სწორედ ის საფოსტო ეტლი იყო, რომელმაც ერთი წლის წინ, ზაფხულის ერთ საღამოს ამავე ადგილას მომიყვანა - უიმედო, უთვისტომო, უმიზნო. ეტლი გაჩერდა. ჩავჯექი. ახლა უკვე აღარ მომიწევდა მგზავრობის საფასურად მთელი ჩემი ქონების მიცემა. კვლავ თორნფილდისკენ მივდიოდი; თითქოს საფოსტო მტრედი ვიყავი და შინ ვბრუნდებოდი.

ოცდათექვსმეტი საათი ვიყავი გზაში. უიტკროსი სამშაბათს, დღისით, დავტოვე და ხუთშაბათს, ადრე დილით, ეტლი გზაზე ერთ-ერთ სასტუმროსთან შეჩერდა, რათა ცხენებისთვის წყალი დაელევინებინათ. ვიცანი სასტუმრო, ირგვლივ მწვანედ აფეთქებული ცოცხალი ღობე, გადაჭიმული მინდვრები, საძოვრები; თითქოს დიდი ხნის ნაცნობი შემომეგებაო (ოჰ, როგორი სასიამოვნო იყო ეს სირბილე და სიხასხასე მორტონის ნორთმიდლენდის პირქუშ ტორფნართან შედარებით). დიახ, ვიცანი ჩემ წინ გადაჭიმული ადგილი. დავრწმუნდი, ჩემს მიზანთან ახლოს ვიყავი.

- შორს არის აქედან თორნფილდი? - ვკითხე იქვე მეჯინიბეს.

- მხოლოდ ორი მილია, ქალბატონო, აი, იმ მინდვრის გადაღმა.

"ჩემი მოგზაურობა დამთავრდა~, - გავიფიქრე, ეტლიდან ჩამოვედი. ბარგი ადგილობრივ მეჯინიბეს მივაბარე და ბარგის შესანახი ფული გადავიხადე. მეეტლეც გავისტუმრე და გზას გავუდექი. ამომავალი მზის სხივები სასტუმროს აბრაზე ციმციმებდნენ. წავიკითხე ოქროსფერი ასოებით დაწერილი სიტყვები: "როჩესტერთა გერბი". გული ამოხტომას ლამობდა. ჩემი პატრონის მიწაზე მედგა ფეხი. მაგრამ ისევ ჩამწყდა რაღაც. ერთმა აზრმა გამიელვა:

"შენი პატრონი, ალბათ, ლამანშის იქითაა; ამას შენც ხვდები. ვთქვათ, თუნდაც თორნფილდშია, საითკენაც ასე მიეშურები. იცი, ვინაა მის გვერდით? მისი მთვარეული ცოლი. მაშასადამე, რა საქმე გაქვს მასთან? არც უნდა ესწრაფოდე მასთან საუბარს და მასთან ყოფნას. მთელი შენი შრომა ამაოა, უმჯობესია უკან დაბრუნდე~. გონი მირჩევდა: "წადი სასტუმროში და ხალხისგან გაიგე ყველაფერი. იქ ყველა შენს კითხვას უპასუხებენ. მაშინვე გაგიფანტავენ ეჭვებს. მიდი, აი, იმ კაცთან და ჰკითხე, მისტერ როჩესტერი შინ თუ არის".

ეს გონივრული აზრი იყო. მაგრამ ვერ შევძელი ასე მოვქცეულიყავი, მეშინოდა არ გამეგო ისეთი რამ, რაც სასოწარკვეთილებაში ჩამაგდებდა. მერჩია ეჭვების ქსელში ვყოფილიყავი და რაღაცის იმედი მქონოდა. იქნებ ერთხელ კიდევ მენახა მისი მანათობელი ვარსკვლავის შუქით გაბრწყინებული ჰოლი. ჩემ წინ სწორედ ის ღობეზე გადასასვლელი და მინდვრები იყო, რომლებიც იმ დილით გადავიარე, თორნფილდიდან რომ გავრბოდი ჭკუადაკარგული. მაშინ ვერაფერს ვხედავდი, არაფერი მესმოდა. მხოლოდ გაჯავრება ბობოქრობდა ჩემში და უგზო-უკვლოდ მიმაქანებდა... ვიდრე გონს მოვიდოდი, თავი ამ მინდვრებზე ამოვყავი. როგორ მივიჩქაროდი! ზოგჯერ კიდეც მივრბოდი! მოუთმენლად ველოდი, თვალი მომეკრა ნაცნობი ტყეებისთვის! ოჰ, რა გრძნობამ შემიპყრო, როდესაც ვუცქერდი განცალკევებულ ხეებს, მათ შორის მდებარე გორაკსა და მდელოს!

როგორც იქნა, გამოჩნდა ტყე. ერთად შეგროვილი ჭილყვავები აბნელებდნენ აქაურობას. მათი ხმამაღალი ჩხავილი არღვევდა დილის მყუდროებას. უცნაურმა სიხარულმა ამიტაცა. კიდევ ერთი მინდორი გადავიარე. ვიწრო ბილიკს დავადექი. და აი, ეს გარსშემომდგარი კედლები, სახლის დამხმარე სათავსოები; თვით შენობაც; მაგრამ ჭილყვავების სადგომი ჯერ კიდევ არ ჩანდა. "წინა მხრიდან დავინახავ-მეთქი, - გადავწყვიტე. სადაც სასახლის ამაყი ქონგურები უეცრად გამაოცებს თავისი სიდიადით და სადაც მოვნახავ ჩემი პატრონის ფანჯარას; შესაძლებელია, ფანჯარასთან დგას - ის ხომ ადრე დგება; ან, იქნებ, ხეხილის ბაღში სეირნობს ახლა, ან სახლის წინ მოკირწყლულ გზაზე. ნუთუ მართლა ვნახავ! - მხოლოდ ერთი წუთით! რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში გონიერება ისე არ უნდა დავკარგო, რომ მასთან მივირბინო. თუმცა, ვერ გეტყვით. არ ვიცი. განა, ასეც რომ გამეკეთებინა, რა მოხდებოდა? ღმერთი იყოს შემწე - რა მოხდებოდა? განა, ვინმეს რამე დაუშავდება, რომ მისმა შემოხედვამ კვლავ მაგრძნობინოს სიცოცხლე. მაგრამ მე ვბოდავ, ის ახლა, ალბათ, გასცქერის პირენეებიდან ამომავალ მზეს ან, იქნებ, სამხრეთის წყნარ ზღვას~.

ხილნარის დაბალ ღობეს შემოვუარე და კუთხეში შევუხვიე. სწორედ იქ იყო ალაყაფის კარი და მდელოც იქ იწყებოდა. კარი ქვის ორ ბოძზე იყო დამაგრებული, რომელთაც თავზე ქვისგანვე ნაკეთი ბურთები ედგა გვირგვინად. ბოძის იქიდან თავისუფლად შემეძლო დამენახა შენობის ფასადი. ფრთხილად გადავყავი თავი; სული მიმდიოდა, გამეგო - რომელიმე საძინებლის დარაბები უკვე გააღეს თუ არა. ჩემი თავშესაფრიდან შესანიშნავად ვხედავდი ყველაფერს: ქონგურებს, ფანჯრებს, შენობის მთელ ფასადს.

ყვავები, რომლებიც თავზე დამფარფატებდნენ, ალბათ, თვალყურს მადევნებდნენ, ვიდრე სახლს ვათვალიერებდი. ნეტა, რას ფიქრობდნენ: ისინი, ალბათ, ფიქრობდნენ, რომ ჩემი თავდაპირველი მეტისმეტი სიფრთხილე და სიმორცხვე თანდათანობით სითამამემ და გაბედულებამ შეცვალა. შევიჭყიტე; შემდეგ თავშესაფარს მოვწყდი, მდელოს გადავუარე, შენობის წინ გავჩნდი და დიდხანს, დაკვირვებით ვათვალიერებდი. "რა თვალთმაქცური სიმორცხვე გამოვიჩინე, - შეიძლება იკითხონ, - და ახლა კი რა სულელურად გაუფრთხილებლად ვიქცევი?"

მაგალითს მოგიყვანთ მკითხველო.

შეყვარებული საყვარელ არსებას ხავსით მოფენილ ნაპირთან დაძინებულს პოულობს. სურს თვალი მოჰკრას მის მშვენიერ სახეს ისე, რომ არ გააღვიძოს. ჩუმად მიიპარება ბალახზე და ფრთხილობს, სიჩუმე ოდნავი ხმაურითაც არ დაარღვიოს. ჩერდება; ეჩვენება, რომ ქალი შეინძრა; უკან იხევს; არაფრის გულისთვის არ უნდა, რომ გამოჩნდეს. ირგვლივ სიჩუმეა. კვლავ გადადგა წინ ნაბიჯი. ქალისკენ იხრება. მსუბუქი საბურველი მის სახეს ფარავს. ხდის საბურველს, უფრო იხრება. ახლა მის თვალწინაა განცხრომით გაწოლილი მშვენიერი ზმანება; ნორჩი, ყვავილივით აფეთქებული და საყვარელი. თვალმოუცილებლივ უმზერს! ადგილზე შეშდება! როგორ კრთის! სასწრაფოდ და მგზნებარედ იკრავს გულში სხეულს, ერთი წუთის წინ თითის დაკარებასაც რომ ვერ უბედავდა, ხმამაღლა უხმობს, ძირს უშვებს სანუკვარ ტვირთს და გაშმაგებით დასცქერის. ეხვევა, უხმობს, გაშტერებით უმზერს; გრძნობს, მისი ხმა ან შეხება ვეღარ გააღვიძებს მას. მას ეგონა, მის შეყვარებულს ტკბილად ეძინა: თურმე, ის ქვად უქცევია სიკვდილს.

შიშით აღსავსე სიხარულით შევხედე დიდებულ შენობას: ხელთ მხოლოდ ჩაშავებული ნანგრევები შემრჩა.

აბა, რაღა საჭირო იყო ჭიშკრის ბოძის იქით დამალვა! ფარული თვალთვალი დარაბებისთვის, რომელთა მიღმაც, მეგონა, სიცოცხლე იღვიძებდა! რაღად ვუსმენდი კარის გაღებას, ფეხის ხმას ხრეშით მოფენილ ბილიკებზე! მდელო, ბაღი გადაეთელათ და გაენადგურებინათ. მთავარ შესასვლელთან ხახადაღებულ სიცარიელეს შევეფეთე. შენობა, როგორც ეს ერთხელ სიზმარში ვნახე, ჰგავდა დაცარიელებულ ნაჭუჭს, რომლის მაღალ, ცეცხლისგან დანგრეულ კედლებში მხოლოდ უჩარჩოოდ დარჩენილი ფანჯრებიღა მოჩანდა. არც სახურავი, არც ქონგურები, არც საბუხრეები - ყველაფერი დანგრეულიყო.

სიკვდილი ზეიმობდა შიგნით. მდუმარებას ეპოვა იქ თავშესაფარი. რაღა საკვირველია, რატომ რჩებოდა აქ გამოგზავნილი წერილები უპასუხოდ! ეს იყო ღაღადი უდაბნოსა შინა. ჩაშავებული ქვები მეტყველებდნენ, რა ბედი ეწია აქაურობას. ის დაიღუპა ხანძრისგან. მაგრამ რამ გამოიწვია ხანძარი? რა იმალებოდა ამ უბედურებაში? ნეტა, კიდევ რა იმსხვერპლა ცეცხლმა, გარდა მარმარილოსი და ხის ჩუქურთმებისა? ხომ არ დაიღუპა ვინმე ქონებასთან ერთად? და თუ ასეა, ვინ? შემაძრწუნებელი კითხვაა. ვერავინ მიპასუხებდა. არავინ ჩანდა ირგვლივ, არც რაიმე ნიშანი, არც საბუთი.

გარს ვუვლიდი დაცარიელებულ შენობას, ჩამონგრეულ კედლებს და დავრწმუნდი, რომ ეს უბედურება უკვე დიდი ხანია, რაც თავს დასტყდომოდა მის მცხოვრებთ. ზამთრის თოვლი ზვინებად დასწოლოდა დაცარიელებულ თაღებს; ზამთრის წვიმა ფანჯრებზე შხაპუნობდა; მხოლოდ ბალახი და ხავსი მოჩანდა ჩამონგრეულ კედლებსა და ჩამოცვენილ ხის კოჭებს შორის. მაგრამ, ღმერთო! სად იყო ამ ნანგრევების ბედკრული პატრონი? რომელ ქვეყანაში? რომელ მხარეს შეაფარა თავი? ჩემდა უნებურად შევხედე რუხი ეკლესიის გოდოლს ჭიშკრის ახლოს და ჩემს თავს ვკითხე: "ნუთუ დეიმერ დე როჩესტერის მარმარილოთი ნაგები პატარა სავანე გაიზიარა და მას შეაფარა თავი?"

ამ კითხვაზე პასუხი უნდა მიმეღო. პასუხს კი მხოლოდ სასტუმროში მივიღებდი და მაშინვე იქით გავეშურე. სასტუმროს პატრონმა თვითონ შემომიტანა საუზმე ოთახში. ვთხოვე, კარი დახურეთ და დაბრძანდით-მეთქი. დაჯდა და ახლა უკვე აღარ ვიცოდი, როგორ დამეწყო; პასუხის მეშინოდა, მაგრამ გულის მომკვლელმა სანახაობამ, რომელიც ის იყო ვნახე, მომამზადა საშინელების მოსასმენად. სასტუმროს პატრონი საშუალო ხნის სანდომიანი შეხედულების კაცი იყო.

- თქვენ, ალბათ, იცნობთ თორნფილდ-ჰოლს? - როგორც იქნა, მოვახერხე საუბრის დაწყება.

- დიახ, ქალბატონო; წინათ იქ ვცხოვრობდი.

- მართლა? - "მაგრამ ჩემ დროს არა, - გავიფიქრე, - არ გიცნობთ".

- მე განსვენებული მისტერ როჩესტერის მსახურთუხუცესი გახლდით, - დასძინა მან.

"განსვენებულის!" - თითქოს მთელი სიძლიერით დამეცა მეხი, რომლის არიდებასაც ასე ვცდილობდი.

- განსვენებულის? - ძლივს ამოვთქვი: - განა მოკვდა?

- მე ახლანდელი პატრონის, მისტერ ედვარდის მამას ვგულისხმობ, - განმარტა მან. სული მოვითქვი. სისხლი კვლავ ამოძრავდა ძარღვებში. ამ სიტყვებით დავრწმუნდი, რომ მისტერ ედვარდი, ჩემი მისტერ როჩესტერი (ღმერთმა დალოცოს ის, სადაც არის!) ცოცხალია და არის "ახლანდელი პატრონი". გულის საამებელი სიტყვები! რაც არ უნდა მოჰყოლოდა ამ სიტყვებს, ავიტანდი; შედარებით მშვიდად ავიტანდი. რადგან ცოცხალია, - ვფიქრობდი, - იმასაც ავიტან, რომ მითხრან, ქვეყნის მეორე კიდეზე იმყოფებაო.

- მისტერ როჩესტერი თორნფილდ-ჰოლში ცხოვრობს ახლა? - შევეკითხე. ვიცოდი, რასაც მიპასუხებდა, მაგრამ ვნატრობდი გამეგო, სად იყო ის ნამდვილად. თუმცა პირდაპირ არ ვეკითხებოდი.

- არა, ქალბატონო, ოჰ, არა! იქ არავინ ცხოვრობს. თქვენ უცხო ჩანხართ ამ მხარეში, თორემ უსათუოდ გაიგებდით, რა მოხდა აქ გასულ შემოდგომას. თორნფილდ-ჰოლიდან მხოლოდ ნანგრევებიღა დარჩა; მთლიანად დაიწვა მოსავლის აღების დროს. ენით აუწერელი უბედურება დატრიალდა! აურაცხელი ძვირფასეულობა დაიღუპა. ავეჯიდან თითქმის ვერაფერი გადაარჩინეს. ხანძარმა შუაღამისას იფეთქა და, ვიდრე მილკოტიდან დამხმარეები მოვიდოდნენ, შენობა მთლიანად ცეცხლში გაეხვია. საშინელი სანახავი იყო! ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი.

- შუაღამისას! - ძლივს გასაგონად წარმოვთქვი. დიახ, ეს თორნფილდში საბედისწერო დრო გახლდათ. - გაიგეთ, რამ გამოიწვია ხანძარი? - თითქმის ბრძანებით ვკითხე.

- მიხვდნენ, ქალბატონო; რასაკვირველია, მხოლოდ მიხვდნენ. მე კი ვიტყოდი, ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. თქვენ, რასაკვირველია, არ იცით, - განაგრძო მან, თან სკამი ოდნავ მოსწია მაგიდისკენ და დაუმატა: - რომ იმ სახლში ცხოვრობდა ერთი, ერთი... ლედი... მთვარეული.

- რაღაც მსმენია მასზე.

- მას არსად უშვებდნენ და მკაცრად ადევნებდნენ თვალს, ქალბატონო. რამდენიმე წლის განმავლობაში ხალხმა არც კი იცოდა, რომ ცოცხალი იყო. თვალი არავის მოუკრავს მისთვის. მათ მხოლოდ გაგონილი ჰქონდათ, რომ ჰოლში ასეთი ვინმე ცხოვრობდა; მაგრამ ვინ იყო ან რას წარმოადგენდა, არავინ იცოდა. ამბობდნენ, რომ მისტერ ედვარდმა ის საზღვარგარეთიდან ჩამოიყვანა. ზოგიერთი ამტკიცებდა, მისი მეუღლე იყოო; მაგრამ უცნაური რამ კი მოხდა ამ ერთი წლის წინ. ძალიან უცნაური.

გულში შიშმა გამკრა, რომ საკუთარ ამბავს მოვისმენდი. შევეცადე, კვლავ მთავარ ამბავს დაბრუნებოდა.

- ჰო, მერე, ის ლედი?

- ის ლედი, ქალბატონო, - მიპასუხა მან, - მართლაც მისტერ როჩესტერის მეუღლე აღმოჩნდა. ეს ამბავი გამოირკვა ძალიან უცნაურად. ჰოლში ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა ლედი, აღმზრდელი, რომელიც მისტერ როჩესტერს შეუყვარდა...

- მაგრამ ხანძარი, - კვლავ მთავარ აზრს დავუბრუნდი.

- სწორედ მაგაზე მოგახსენებთ, ქალბატონო. მისტერ როჩესტერს შეუყვარდა ეს ქალი. მოსამსახურენი ამბობდნენ, რომ არასოდეს არავინ უნახავთ ასე შეყვარებული. სულ თან დასდევდა. ისინი მას ყოველთვის თვალს ადევნებდნენ; მოგეხსენებათ, ქალბატონო, მოსამსახურეებს როგორ უყვართ ეს. მისტერ როჩესტერისთვის ეს ქალი ყველაზე ძვირფასი იყო. მხოლოდ ის ხედავდა მასში რაღაც დიდ სილამაზეს. ქალი, როგორც ამბობენ, ბავშვივით პატარა ტანის ყოფილა. მე არ მინახავს, მაგრამ მოსამსახურე ქალი ლი მიყვებოდა მასზე. ლისაც ძალიან მოსწონდა ის. მისტერ როჩესტერი თითქმის ორმოცის იყო, ის აღმზრდელი კი ოცის ძლივს იქნებოდა. იცით, როდესაც ამ ხნის ჯენტლმენებს ასეთი გოგონები შეუყვარდებათ, ისინი თითქოსდა მოჯადოებულნი არიან. ჰო, იმას ვამბობდი: მისტერ ედვარდს მისი შერთვა უნდოდა.

- ამ ამბავს სხვა დროს მომიყვებით, - ვუთხარი. - ახლა კი, გარკვეული მიზეზების გამო, მინდა ყველაფერი გავიგო იმ ხანძარზე. ეჭვობდნენ, რომ ამ ხანძარში იმ მთვარეულის, მისის როჩესტერის ხელი ერია?

- თქვენ სწორად მიხვდით, ქალბატონო. სრულიად ნათელია, რომ სწორედ მან გადაწვა შენობა. მას მომვლელი ქალი ჰყავდა, სახელად მისის პული; თავისი საქმის მცოდნე და ძალიან სანდო ადამიანი, მაგრამ ერთი ნაკლი ჰქონდა - ყველა მომვლელისა და ხანში შესული ქალისთვის დამახასიათებელი - თან ყოველთვის ბოთლით ჯინი დაჰქონდა და დროდადრო ზედმეტსაც გადაკრავდა ხოლმე. არც გაემტყუნებოდა; ძალიან გამწარებული სიცოცხლე ჰქონდა. მაგრამ სმა მაინც სახიფათო იყო, რადგანაც, როდესაც მისის პულს მთვრალს ღრმად ეძინა, ეს გიჟი ლედი, რომელიც ჯადოქარივით ცბიერი იყო, მოიპარავდა ხოლმე მისი ჯიბიდან გასაღებს, ოთახიდან ჩუმად გამოვიდოდა, ყოველ საშინელებას სჩადიოდა. ამბობენ, ერთხელ თავისი ქმარი კინაღამ მძინარე გამოწვა საწოლშიო. მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. და აი, იმ ღამით მან ცეცხლი მოუკიდა ჯერ გვერდზე ოთახში ფარდებს; შემდეგ ერთი სართული ჩაიარა და გაეშურა იმ ოთახისკენ, რომელიც იმ აღმზრდელს ეკუთვნოდა (თითქოსდა იცოდა, რაში იყო საქმე და ემტერებოდა მას). ცეცხლი იქაც წაუკიდა საწოლს. საბედნიეროდ, იქ არავის ეძინა. აღმზრდელი ორი თვის წინ გაქცეულიყო; მისტერ როჩესტერი ყველგან ეძებდა მას, თითქოსდა ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი არსება დაკარგა; მაგრამ ვერაფერი შეიტყო. ამ ამბავმა გააშმაგა. უიმედობამ მთლად გადარია. ბუნებით ავი არ ყოფილა, მაგრამ მისი დაკარგვის შემდეგ ახლოს ვერავინ ეკარებოდა, არავის იღებდა. მისის ფეიერფექსი, თავისი მნე, შორს, ნათესავებთან გაგზავნა. თუმცა, ძალიან კარგად მოექცა - სიცოცხლის ბოლომდე თანხა დაუნიშნა. ალალიც იყო ეს მისთვის. ძალიან კარგი ქალი იყო. მის ადელი, თავისი აღზრდილი, სკოლაში მიაბარა. გაწყვიტა ნაცნობობა აქაურ აზნაურობასთან და განდეგილივით ჰოლში ჩაიკეტა.

- როგორ! არ წასულა ინგლისიდან?

- ინგლისიდან? ღმერთი იყოს თქვენი მფარველი! ფეხი არ გადაუდგამს კარის ზღურბლზე. მხოლოდ ღამღამობით, აჩრდილივით დაეხეტებოდა ბაღსა და ხეხილნარში. გონებადაკარგულს ჰგავდა და, ჩემი აზრით, ასეც იყო. ვერასოდეს ნახავთ ისეთ ენერგიულ, მამაც და ჭკვიან ჯენტლმენს, როგორიც მისტერ როჩესტერი გახლდათ, ვიდრე იმ პატარა აღმზრდელმა მთლად არ მოუსპო ყველა სურვილი. სხვებივით არ იყო გადაყოლილი ღვინოს, ბანქოს ან დოღს. არც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ, თუ ვინმეს ჰქონდა ნებისყოფა და სიმამაცე, სწორედ მას. ბავშვობიდანვე ვიცნობდი და ხშირად მინატრია, ნეტა, ის მის ეარი ზღვას შთაენთქა, ვიდრე თორნფილდში მოვიდოდა-მეთქი.

- ასე რომ, მისტერ როჩესტერი შინ იყო, როდესაც ხანძარმა იფეთქა?

- დიახ, შინ იყო. ის ავიდა ზედა სართულზე, როდესაც ხანძარი გაძლიერდა, გააღვიძა მოსამსახურეები და დაბლა ჩასვლა უშველა. შემდეგ კი უკან აბრუნდა, რომ თავისი გიჟი ცოლი გამოეყვანა სენაკიდან. ამ დროს დაუძახეს, ქალი სახურავზეაო. მართლაც, ქონგურებთან იდგა, ხელებს იქნევდა და ისე გაჰკიოდა, ერთ მილზე ისმოდა. საკუთარი თვალით ვხედავდი მას და მესმოდა ყველაფერი. ეს იყო მაღალი ქალი, გრძელი თმით. გაშლილი თმა ცეცხლის ფონზე ფრიალებდა. ყველამ შევნიშნეთ, როგორ აძვრა მისტერ როჩესტერი პატარა მინის კარით სახურავზე, შემოგვესმა, რომ დაუძახა "ბერთა"; დავინახეთ, როგორ მიუახლოვდა და აქ, ქალბატონო, მან დაიკივლა, გადახტა და ერთ წამში ქვაფენილს დაენარცხა.

- მკვდარი?

- მკვდარი! რასაკვირველია, მკვდარი, როგორც ის ქვები, რომელთაც მისი ტვინი და სისხლი გადაესხა.

- ღმერთო ჩემო!

- დიახ, ქალბატონო. ეს საშინელება იყო.

მას შეაჟრჟოლა.

- და შემდეგ? - ვკითხე.

- შემდეგ კი, ქალბატონო, სახლი მთლად ნაცრად იქცა. მხოლოდ კედლების ნანგრევებია დარჩენილი.

- მეტი ხომ არავინ დაღუპულა?

- არა, მაგრამ, იქნებ, უკეთესი ყოფილიყო.

- რა გინდათ ამით თქვათ?

- საბრალო მისტერ ედვარდი! - წარმოთქვა მან. - რას წარმოვიდგენდი, რომ ამას მოვესწრებოდი; ზოგნი ამბობენ, სამართლიანად დაისაჯაო, რადგან ასე საიდუმლოდ ინახავდა პირველ ქორწინებას და აპირებდა მეორე ცოლის მოყვანასო, მაგრამ მე კი ძალიან მებრალება.

- თქვენ ხომ თქვით, ცოცხალი გადარჩაო? - წამოვიძახე მე.

- დიახ, დიახ, ცოცხალი გადარჩა, მაგრამ, ბევრის აზრით, უმჯობესი იქნებოდა, მომკვდარიყო.

- რატომ? როგორ? - კვლავ გამეყინა სისხლი ძარღვებში. - მითხარით, სად არის? - თითქმის ვუბრძანე: - ინგლისშია?

- დიახ, ინგლისშია. ვერ დატოვებს ინგლისს. ჩემი აზრით, ის ერთ ადგილზეა მიჯაჭვული.

რა წამება იყო ეს ჩემთვის. ის კი, როგორც ჩანს, ახანგრძლივებდა ჩემს წამებას.

- სულ მთლად ბრმაა, - თქვა მან ბოლოს. - დიახ, ჩვენი მისტერ ედვარდი ბრმაა.

შიშით ველოდი უარეს ამბებს. მეშინოდა, რომ მეტყოდა, გაგიჟდაო. როგორც იქნა, მოვიკრიბე მხნეობა, ვკითხე, რამ გამოიწვია ეს უბედურება-მეთქი.

- ეს გამოიწვია მისმა მამაცობამ და გულკეთილობამ, ქალბატონო. არ უნდოდა დაეტოვებინა სახლი, ვიდრე ყველას სამშვიდობოს არ გაიყვანდა. როდესაც მისის როჩესტერი ქონგურებიდან გადმოვარდა და მისტერ როჩესტერი დიდი კიბით ჩამოდიოდა, უეცრად საშინელი ხმაური გაისმა და ყველაფერი ჩაინგრა. ნანგრევებიდან გამოათრიეს ცოცხალი, მაგრამ დასახიჩრებული. კოჭი ჩამოვარდა და კიდევ იმან დაიცვა; ერთი თვალი მთლად ამოუვარდა და ერთი ხელიც ისე დაუზიანდა, რომ მისტერ კარტერი იძულებული გახდა, მაშინვე მოეკვეთა. მეორე თვალზე ანთება დაეწყო და მხედველობა დაკარგა. ახლა მთლად უმწეოა: ბრმა და ხეიბარი.

გაგრძელება შემდეგ ნომერში